მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2788 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეორე დღეს მეფედ უნდა ეკურთხებინათ, ღამე იდგა და მარტოდშთენილი ჭაბუკი უფლისწული თავის ლამაზ ოთახში საწოლზე წამომჯდარიყო. მცირე ხნის წინ კარისკაცებმა კრძალვით უსურვეს მშვიდობის ღამე და ჩვეულებისამებრ დაეთხოვნენ, რათა ეთიკისა და თავდაჭერის ბოლო გაკვეთილები მოესმინათ სამეფო სასახლის დიდ პალატაში: ზოგიერთ მათგანს ნაშთი ბუნებრივი ძალდაუტანელობისა კიდევ ჰქონდა შერჩენილი სიარულის დროს, ეს კი კარისკაცისთვის მეტად ცუდ თვისებას წარმოადგენს, ცხადია.

ყმაწვილი პრინცი (იგი ხომ სულ რაღაც თექვსმეტი წლისა იყო) არცთუ ნაწყენი  დარჩა მსახურთა წასვლით: რომ ნახა მარტო დავრჩიო, შვებულმა ამოისუნთქა და თავი საწოლის ლბილ, ქარგით მოვარაყებულ სასთუმალზე მიდო, ერთხანს გაყუჩდა. თვალები ფართოდ გახელოდა და ველური ტყის ფავნის დარად გადაპობოდა მსხვილი ტუჩები. ამგვარად მწოლი რომელიღაც ნაზ, თოთო ცხოველს მიაგავდა ტყისას, მონადირეულ მახეში საბრალოდ მოფართქალეს.

სწორედ მონადირეებმა იპოვეს იგი. სულ შემთხვევით წააწყდნენ, ფეხშიშველა რომ დატანტალებდა და თხის ფარას მწემსავდა, ხელში კი თავისი სალამური ეჭირა.

ერთი ღატაკი, საწყალი მწყემსისა იყო ეს ფარა. მან გაზარდა პატარა ბიჭი, რომელსაც მწყემსის შვილი ეგონა საკუთარი თავი. სინამდვილეში ის მოხუცი მეფის მხოლოდშობილი ქალის სიყვარულის ნაყოფი იყო, სიყვარულისა, რომლითაც დაკავშირდნენ ვიღაც გადმოხვეწილი მდაბიორი და მეფის ასული.

ზოგიერთთა აზრით, კაცმა ფლეიტის საოცარი დაკვრით მოხიბლა ქალი, ზოგი კი მის ცდუნებას სულაც ვინმე მხატვარს მიაწერდა რიმანელს. მით უფრო, რომ იგი მოულოდნელად გადაიკარგა ქალაქიდან და შუა გზაზე მიატოვა ეკლესიის მოხატვის საქმე.

ერთი კვირის ჩვილი მზაკვრულად ააგლიჯეს მძინარე დედის კალთას და მისი აღზრდა-მეურვეობა ერთი ღატაკი გლეხის ოჯახს მიანდეს. ქალაქიდან საკმაოდ დაშორებულ ერთ ტყეში ჰქონდა სახლი ამ გლეხს, სადაც ცოლთან ერთად ცხოვრობდა ეულად.

ბავშვის დაკარგვით გამოწვეული მწუხარებისაგან, თუ ქოლერის გამო (როგორც მეფის ექიმმა დაასკვნა), ანდა (ვით იდუმალ ამბობდნენ ზოგნი), გაღვიძებისთანავე იტალიური საწამლავით გაჯერებული ტკბილი ღვინის შესმის მიზეზით, ცოტა ხანში სუსტმა ქალმა სული უფალს ჩააბარა. და სწორედ მაშინ, როცა გახვითქული ცხენი შეაჩერა სანდო მალემსრბოლმა, გადმოიღო უნაგირზე მიკრული ჩვილი და გლეხის ოჯახის კარს ბრახუნი აუტეხა, მეფის ქალის ნეშტი ხახაგახსნილ მიწაში უხმაუროდ ჩაუშვეს ერთი მიყრუებული ტაძრის მახლობლად, ქალაქისაგან მოშორებით.

როგორც ამბობდნენ, აქ ვიღაც იგავმიუწვდენელად მშვენიერი ჭაბუკის საფლავი იყო. მკლავები ჭაბუკს მსხვილი თოკით ჰქონია შებოჭილი თურმე და მის მკერდზედაც უამრავ ჭრილობას დაეღო პირი. 

ასე იძახდნენ იდუმალ. ცხადი ერთი იყო: სინდისის ყვედრებით თუ გვირგვინის სხვათაგან მითვისების შიშით შეპყრობილმა, უკვე ხანმოთეულმა და მომაკვდავმა მეფემ ბიჭი თავისთან იხმო და ტახტის მფლობელად გამოაცხადა იგი დიდებულთა თვალწინ.

უფლისწულად შერაცხვის პირველივე დღიდან ბიჭს ყველა ატყობდა რაღაც უცნაურ სიყვარულს მშვენიერებისას. ამ სიყვარულმა ფრიად შეცვალა ბიჭის ცხოვრება. კარისკაცები, განსასვენებელ პალატაში რომ მიჰყავდა ხოლმე პრინცი, მერე გაოცებულნი ჰყვებოდნენ, თუ რა აღფრთოვანებული დასცქეროდა იგი მისთვის მირთმეულ ბრწყინვალე ტანისამოსს და ზედ მოციალე მარგალიტებს, იხსენებდნენ, მწყემსის ტყაპუჭები და უხეში ცხვრის ტყავი სიხარულის შეძახილებით რომ გაიძრო, როცა პირველად მოიყვანეს სასახლეში.

თუმცა ბიჭს ხანდახან დარდიც შემოაწვებოდა ხოლმე გულზე და მისტიროდა დაკარგულ თავისუფლებას, საოცნებო დღეებს ტყეში გატარებულს, აღიზიანებდა სამეფო კარის გრძელი განრიგის დასწავლა დღეების მანძილზე, მაგრამ მომაჯადოვებელი დიდებულება სასახლისა (ჯოყეუსე ერქვა მას) სულ სხვა, ახალ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა ყმაწვილისათვის.

მოსაწყენ დარბაზის სხდომებს და სტუმართა მიღებას როგორც კი მორჩებოდა, იმ წამსვე სირბილით დაუყვებოდა პორფირით საფეხურებშემკულ კიბეს, რომლის ორივე მხარეს ოქროცურვილი ბრინჯაოს ლომები იდგნენ... დაუსრულებლად შეეძლო ეხეტიალა გრძელ ტალანებში, უკაცრიელ, იდუმალ დარბაზებში... მშვენიერება იყო ის წამალი, რომელსაც მისთა ტკივილთა გაყუჩება და განელება ძალუძდა.

მისთვის ეს იყო საოცარი მოგზაურობა სილამაზის წარმტაც სამეუფოში, მოგზაურობა სავსე სიახლეებითა და მოულოდნელობებით და ამ სეირნობის დროს მას ტანწვრილი, ოქროსთმიანი, მოხატულ მანტიებწამოსხმული პაჟებიც დაჰყვებოდნენ ხოლმე ხანდახან. მაგრამ უფრო ხშირად მარტოდმარტო დაიარებოდა ახალგაზრდა მეფე. თითქოს მეექვსე გრძნობა კარნახობდა მას, რომ მარტომ უნდა იგრძნო ყველა იდუმალება და საოცრება ხელოვნებისა, რადგან მას სიბრძნის დარად მარტოშთენილი მეტრფე ესაჭიროება.

ყმაწვილი მეფის უცნაურობაზე სასახლის გარეთაც გავარდა ხმა. ჰყვებოდნენ, რომ როცა მოქალაქეთა მოშაქრული მილოცვების გადასაცემად მსუქანი ქალაქის თავი მეფეს ეახლა, მან ფერწერული ტილოს წინაშე მუხლებზე დამხობილი იხილა ჭაბუკი. ეს ვენეციური ფრესკა ის-ის იყო გამოეგზავნათ მისთვის და ზედ წარმართული კერპები იყვნენ გამოსახულნი.

იმასაც იძახდნენ, რომ ერთ დღეს მეფე მოულოდნელად გაჰქრა სასახლიდან და კარისკაცები, რომლეთაც მისთვის თვალყურის დევნება ჰქონდათ დავალებული, საათობით ეძებდნენ მას, ვიდრე ბოლოს არ იპოვეს სასახლის ჩრდილო ფასადის ერთ პატარა ოთახში: მონუსხულ ჭაბუკს თვალი ვერ მოეწყვიტა ძველბერძნული გემისთვის, რომელზეც მითიური ადონისის სახე ამოეკვეთათ გარდასული დროის ოსტატებს.

ვიღაცა კი იმასაც შესწრებია, როგორ კოცნიდა მეფე მარმარილოსაგან ნაკვეთი ანტიკური ქანდაკების შუბლს. მდინარის ნაპირში ჩამარხულ ამ ქანდაკებას მოულოდნელად წაწყდომოდნენ მასზე ხიდის აგების დროს. ქანდაკებას წარწერილი ჰქონდა სახელი ვინმე მონა ადრიანესი, რომელიც ბითინიიდან იყო. სხვა დროს მეფეს საათობით უჭვრეტია ენდიმიონის სახიან ვერცხლის ლანგარზე არეკლილი მთვარის ათინათისათვის.

მალე ჭაბუკი ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი ნივთების შეძენის დაუოკებელმა ნდომამ შეიპყრო და მან სხვადასხვა სახელმწიფოებში დაგზავნა თავისი ვაზირნი:

ერთნი შორ და ცივ ზღვათა ნაპირებზე მობინადრე მესათხევლეებთან, რათა მათგან ქარვა ეყიდათ;

მეორენი ეგვიპტეში, უმწვანეს ზურმუხტთა ხელში ჩასაგდებად, რომლებიც ფარაონთა საძვალეში-ღა იყო შემორჩენილი და მრავალთა თქმით, ჯადოსნური თვისებები გააჩნდა;

მესამენი სპარსეთს წარგზავნა აბრეშუმის ნოხებისა და მოზაიკური ქაშანურისათვის;

სხვანი - სპეკალის, საჭრეთლით ნაკვეთი სპილოს ეშვის, ნეფრიტის სამაჯურთა, სანდალუზის ხის, ცისფერი მინანქრისა და შალის მანტიების ჩამოსატანად - ინდოეთს.

ჭაბუკს მაინც იმ მოსასხამზე ფიქრი აღელვებდა ყველაზე მეტად, რომელსაც უნდა დაემშვენებინა მისი მხრები, როცა მეფედ აკურთხებდნენ. ეს იყო ატლასის მოსასხამი, იაგუნდით დახუნძლულ გვირგვინთან და მთელ სიგრძეზე მარგალიტებით გაწყობილ სკიპტრასთან ერთად.

საწოლზე გართხმული ჭაბუკი მეფე ახლაც მათზე ფიქრობდა და მზერა ბუხარში აბრდღვიალებული ნაძვის ტოტისათვის მიეპყრო. გვირგვინ-სკიპტრის ნიმუშები მოუტანეს მცირე ხნის წინ მაშინდელმა გამოჩენილმა მხატვრებმა და მეფემ ბრძანება გასცა, საუკეთესო ოსტატებს ამ საქმისა დღედაღამ ემუშავათ, რათა მოესწროთ მათი დამზადება კურთხევის დღისათვის. მეფის გზავნილნი კარგა ხნის წასულნი იყვნენ ძვირფასი ქვების საშოვნელად ოთხივ კუთხივ.

ჭაბუკმა ოცნებით წარმოიდგინა თავისი თავი ეკლესიის საკურთხევლის წინ მდგარი, უძვირფასეს ტანისამოსში გამოწყობილი და ბალღურად გაეღიმა, ხოლო მის გიშრის თვალებში სიამის ჭინკები აცელქდნენ.

მცირე ხნის მერე წამოდგა და მოვარაყებული ბუხრის ძგიდეს დაეყრდნო, მზერა მოატარა სუსტად განათებულ ოთახში. ბრწყინვალე გობელენები ამკობდნენ კედლებს და თავად მშვენიერებას დაევანებინა მათზე. მთლად გიშერ-ფიქალისაგან დამზადებული კარადა ოთახის ერთ კუთხეში დაედგათ, ხოლო მეორეს ოსტატურად ნახელოვნები ტუმბო ავსებდა.

მის ოქროცურვილ სინისებურ სადგამზე თხელი ვენეციური შუშისგან ჩამოსხმული პაწია თასები და ონიქსის მასიური სასმისები ეწყო, წვრილი ხაზებით მშვენნი. უფლისწულის საბანზე მეწამული ყაყაჩოები იყო ნაქარგი ისე ცოცხლად, გეგონებოდა ეს ყვავილები თვით ძილის მოქანცულმა ღვთაებამ მიმოყარა აბრეშუმზეო.

სპილოს ძვლისაგან თლილი მაღალი ლერწმები კედლებს ჭერისაკენ აუყვებოდნენ და მოვერცხლილ ჭერზე ნაკვეთ სირაქლემას თეთრ ფრთებში გადადიოდნენ. სარეცლის თავში იდგა მღიმარი ზამბახის ქანდაკი, მწვანე ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული, ხელში პაწაწინა სარკით. მაგიდას ამეთვისტოს ბარძიმი შვენოდა.

მეფემ ფანჯრიდან ეკლესიის მასიურად გამოყვანილი გუმბათი დალანდა, რომელიც დაბინდული პატარა სახლების ზემოთ აღმართულიყო, ვით მთა ბურუსით ბურვილი. მეციხოვნეები ზანტად ვიდოდნენ ხიდზე, ნისლში ათქვეფილ მდინარეს რომ გადმომხობოდა. ბულბულის სტვენა მოისმოდა რომელიღაც შორ ბაღიდან. ნაზ სურნელს აფრქვევდა სარკმელთან მოყვავილე ჟასმინი. ჭაბუკმა შუბლიდან გადაიყარა წაბლისფერი კულულები, ქნარი აიღო და მის სიმებს ოდნავ შეახო თითები თვალდახუჭულმა და სასიამოვნოდ მოთენთილმა. ყველაზე მკვეთრად, მთელი არსებით ახლა შეიგრძნო იდუმალი მომხიბვლელობა თვალწარმტაც საგანთა.

სასახლის საათმა შუაღამისა რომ დარეკა, პაჟები ზარით საძინებელში მოიხმო ჭაბუკმა და მათ ტანისამოსი გახადეს მას დიდი რუდუნებით, ვარდის წვენი წაუსვეს სახესა და ხელებზე, ბალიშთან მიმოუყარეს ვარდის ფურცელნი, შემდეგ კი წავიდნენ. კვლავ მარტოდშთენილ მეფეს რული მოერია.

როგორც კი დაეძინა, ეზმანა, ვითომ იგი მოხვდა ერთ ულამაზო, ჭერდაზნექილ ოთახში, რომელიღაც ძველი სახლის სხვენზე. საქსოვი დაზგა-მანქანები რახრახებდნენ ირგვლივ. პატარა სარკმლის რიკულებიდან შემოპარული სხივები ძლივს ანათებდნენ გამხდარ, დაზგებზე წახრილ მკერავებს. ძაფის სართავებთან საბრალოდ მოკალათებულიყვნენ ფერგამკრთალი, ნაავადმყოფარი ბავშვები. მათ რაღაც დიდი საგნები ეკავათ და ძაფი რომ ნასვრეტში გაივლიდა, მას ამ საგნებით წნეხავდნენ. შიმშილით კანი სახეზე მიკვროდათ, ხელები უცახცახებდათ. დაზგას დაქანცული დიაცები მიჯდომოდნენ და რაღაცას კერავდნენ. საშინელი ნესტის სუნი იდგა ირგვლივ და სველ კედლებზე ცრემლებივით ღაპაღუპით მოდიოდა წყლის წვეთები.

ერთ მკერავს მიუახლოვდა ჭაბუკი მეფე, იქვე შორიახლო დადგა და დააკვირდა. კუშტი მზერა შეაგება მკერავმა, გამოსცრა:

– რას მზვერავ? იქნებ ჯაშუში ხარ ჩვენი ბატონის მიერ გამოგზავნილი?

– ვინაა შენი ბატონი? - ჰკითხა მეფემ.

– ჩემი ბატონი! - ისევ მძულვარებით გამოსცრა ფეიქარმა. - ისიც ჩემსავით ჩვეულებრივი ადამისშვილია. ეგაა მხოლოდ: ბრწყინვალე ტანსაცმლით დაიარება იგი, როცა მე დაკონკილი პერანგი მაცვია და ჭარბმა სმა-ჭამამ ქშენა დამართა, როცა მე სული კბილით მიჭირავს შიმშილისაგან.

– მაგრამ ქვეყნად თავისუფლებაა, - მიუგო ჭაბუკმა, - შენ არავისი მონა არა ხარ.

– ბრძოლაში, - თქვა მკერავმა, - ძალოვანი ჩაგრავს უღონოს, ხოლო როცა მშვიდობა სუფევს, მდიდარი იბრიყვებს ღარიბს. არსებობისათვის ვმუშაობთ ჩვენ, ბატონები იმდენს გვაძლევენ, რომ სული არ ამოგვხადეს შიმშილით. ყოველდღე ქანცი გვიწყდება შრომისაგან, მათ კი შინ ოქროთი სავსე ზანდუკები უწყვიათ.

მთლად დაილივნენ ჩვენი ბავშვები, და ვუმზერთ, ნელ-ნელა როგორ ბოროტდებიან ჩვენთვის საყვარელი ადამიანები. ყურძენს ჩვენ ვწურავთ, მაჭარს ისინი მიირთმევენ. თავთავი ჩვენი მოწეულია, მაგრამ პურის ნამცეციც არაა ჩვენს მაგიდაზე. უხილავი მარწუხებით ვყავართ შებოჭილი და გასაქანს არ გვაძლევენ. და ამის შემდეგ იტყვი, რომ ჩვენ მონები არა ვართ? ვართ, თუმცა გარეშენი თავისუფლად მიგვიჩნევენ.

– და ასეა ყველა? - ჰკითხა მეფემ.

– ყველა, - უპასუხა მკერავმა, - დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი. ვაზირები წურბელებივით კისერზე გვასხედან, ჩვენ კი რა ძალგვიძს უდრტვინველი თმენის გარდა. მედიდური მღვდელი ზედ არ გვიყურებს, ღვთისაგან და კაცისგან დავიწყებულნი ვართ, და სიღატაკე მეფობს ჩვენს უბადრუკ ქოხმახებში, სიღატაკე და გულარძნილობა.

ურვაში ვიძინებთ და ურვაში ვიღვიძებთ, თუმცა რატომ გიყვები ყველაფერ ამას? შენ ჩვენისთანა არ უნდა იყო. მეტად უზრუნველი სახე გაქვს საამისოდ. - კუშტად გამომზირალი მკერავი მეფისაკენ ზურგით შებრუნდა და ძაფი დაახვია. მეფემ თვალი ჰკიდა, ატლასი ეფინა საკერავზე.

ჰკითხა შეშფოთებით:

– რასა ქსოვ ამას?

– მოსასხამია ჩვენი ახალგაზრდა პრინცისათვის, ტახტზე აღსაყდრების დღეს უნდა შეიმოსოს ამით, - მიუგო მკერვამა, - რატომ მეკითხები?

ჭაბუკმა მეფემ ყრუდ ამოიგმინა და უცებ გაეღვიძა. თავის სარეცელზე იწვა იგი, და სარკმელი ქარვის მთვარეს ამოევსო, რუხ ცაზე მნათს. და მას ისევე დაეძინა და კვლავ ეზმანა:

ახდა დიდი კანჯო მიაპობდა ტალღებს, რომლის გემბანზე თვითონ გაშოტილიყო. ას მონა-ტყვეს მიჰყავდა კანჯო. იქვე ნოხზე ფეხმორთხმული იჯდა და ხელში სპილოსძვლის საწონს ათამაშებდა კანჯოს მფლობელი. მეწამული აბრეშუმის ჩალმა ედგა თავზე  შავკანიანივით სახეგარუჯულს და ყურებში გაყრილი ვერცხლის რგოლების სიმძიმისაგან ჩამოგრძელებოდა ბიბილოები. 

ჯაჭვებით ერთიმეორეზე გადაბმულ მონა-ტყვეებს, ოდენ ნაჭრის რამდენიმე ნაკუწი რომ ეფინათ შიშველ სხეულებზე, დაუნდობლად აჭერდა თაკარა მზე და სიცხე თანგავდა. შავკანიან მსახურებს დაწნული ტყავის შოლტები ეკავათ ხელში და ჟამიდან ჟამზე სცემდნენ  მათ. მონები ძლივსღა უსვამდნენ ნიჩბებს ღონეგამოცლილი ხელებით და ნიჩბები ზღვის მლაშე წყალს აქაფებდნენ.

კანჯომ მცირე სრუტეში შესცურა ბოლოს და სრუტის სიღრმე რაღაც ხელსაწყოთი გამოიკვლიეს ზანგებმა. სამკუთხა ფართო აფრასა და გემბანს ნაპირის წითელი ქვიშის მარცვლები შეაყარა მონაქროლმა გრილმა სიომ. უცებ საიდანღაც სამი არაბი გაჩნდა კანჯრებზე მსხდომი, ისინი შორიახლო დადგნენ და კანჯოს იატაგანები დაუშინეს. გემის მფლობელი მოხატულ მშვილდისარს დასწვდა, და კისერში ისარგაჩრილი ერთი არაბი წყალში ჩაიკეცა. მისი მხლებლები გაიქცნენ, მათ მიჰყვა აქლემზე გადამჯდარი ნარინჯისფერჩადრიანი ქალი, თან რომ უკუ-იმზირებოდა მოკლულისკენ.

ზანგებმა ღუზა ჩაუშვეს. აფრა დაკეცეს, ჩავიდნენ გემბანის სიღრმეში და იქიდან მძიმე ტყვიის ბურთულებგამობმული ბაწრის კიბე ამოიტანეს. ეს კიბე წყალში ისროლა კანჯოს მფლობელმა და ჩასობილ პალოებზე დაახვია მისი ბოლო. უცებ რომელიღაც ყველაზე ახალგაზრდა მონა-ტყვე წინ გამოაგდეს შავკანიანებმა, ბორკილები დაუმსხვრიეს და ცხვირსა და ყურებში ნაჭრები დაუცვეს, ხოლო ტანზე მოზრდილი ქვა დაჰკიდეს. ტყვე გაჭირვებით დაუყვა ბაწარს და წყალში გაუჩინარდა, საიდანაც მალე წყლის პატარა ბუშტები ამოვიდა. დანარჩენი მონები ცნობისმოყვარე მზერით მისჩერებოდნენ ყველაფერ ამას. კანჯოს ქიმზე ვიღაცა გონგის გამაბეზრებელი კვრით ზვიგენების დაფრთხობას ცდილობდა.

მცირე ხანი გავიდა და მონამ წყლიდან ამოყვინთა. თოკს მოეჭიდა სუნთქვაგახშირებული. მის მარჯვენა ხელში მარგალიტი ბრწყინავდა. მარგალიტი იმ წამსვე ხელიდან გამოგლიჯეს და ისევ წყალზე მიუთითეს. სხვა მონა-ტყვეებს ნიჩბებთან დასძინებოდათ.

მყვინთავი ბევრჯერ ჩავიდა და ამოვიდა ასე და ყოველთვის წარმტაცი მარგალიტები ამოჰქონდა, რომელთაც შემდეგ სასწორზე წონიდა და ტყავის მწვანე ჩანთაში აწყობდა კანჯოს პატრონი. უფლისწულს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თითქოს ტუჩები დაეწებაო, ხმა ვერ დაძრა. შავკანიანების ღლაბუცი ისმოდა შორიახლო, რაც მალე ჩხუბში გადაიზარდა, მბზინავი კრიალოსნის გამო. ორი ალბატროსი დაფრინავდა კანჯოს ზემოთ.

საბოლოოდ ამოყვინთა მონამ და ამოიტანა ორმუზის თვლებზე ულამაზესი, სავსე მთვარის მსგავსი მარგალიტი, განთიადის ვარსკვლავთა დარად მოციალე. მაგრამ უცებ მონა გაფითრდა, გემბანზე განერთხო. სისხლი მოსდიოდა ნესტოებიდან, ყურებიდან, მერე მისიტანი უცნაურად აცახცახდა და მიყუჩდა. ხელები გაასავსავეს გაოცებულმა შავკანიანებმა და

ზღვაში გადაუძახეს ცხედარი.

ჩაიღიმა კანჯოს მფლობელმა, მარგალიტს დასწვდა. უცქირა მცირე ხანს, მერე შუბლთან მიიტანა:

– მეფის სკიპტრას დაამშვენებს ეს მარგალიტი, - ჩაილაპარაკა და ანიშნა მსახურთ, აფრა აუშვითო.

ამის გაგონებაზე ჭაბუკმა ყრუდ ამოიგმინა და გაეღვიძა. ალიონს თავისი ნატიფი, თლილი თითნი შემოეყო ფანჯარაში და მქრქალი ვარსკვლავები ერთი-მეორის მიყოლებით ქრებოდნენ ცაზე.

კვლავ დაეძინა მეფეს და ისევ ეზმანა:

ვითომ უცხო ნაყოფით ხეებდახუნძლულ, ლამაზი შხამიანი ყვავილებით აღსავსე ტყეში მიდიოდა იგი. გზად გველნი ეგებოდნენ ფეხქვეშ სისინით, ხოლო ლიანებზე მოხტუნავე თუთიყუშებს ერთი წიოკი გაჰქონდათ. კუები თვლემდნენ ცხელ ტალახში და ტროპიკულ ხეთა ტოტებს შეჰკიდებოდნენ მაიმუნები და ფარშევანგები.

მეფე გზას მიიკვლევდა მათ შორის, ვიდრე ბოლოს ტყეს არ გააღწია. და დაინახა ერთად თავმოყრილი მრავალი ადამიანი, მდინარის დამშრალ კალაპოტში მომუშავე ზოგი, ზოგიც ციცაბო წარაფებს შეკიდული, ჭაბურღილებს რომ თხრიდნენ მიწის სიღრმეში.

ერთნი უზარმაზარ ლოდებს მისდგომოდნენ ძალაყინებით და ამსხვრევდნენ, მეორენი ქვიშნარში რაღაცას ეძებდნენ. მოცელილი ყაყაჩოები უსიცოცხლოდ ეყარნენ გარშემო მიწიდან ამოთხრილ კაქტუსებთან ერთად. ყველანი ფუსფუსებდნენ, ერთმანეთს უყიოდნენ, უსაქმოდ არავინ დარჩენილიყო.

სიკვდილი და სიხარბე უმზერდათ მათ ერთი მღვიმიდან.

სიკვდილმა წარმოთქვა:

– ლოდინით გავბეზრდი და ქანცი გამიწყდა, ამ ხალხის მესამედი დამითმე და გამიშვი.

მაგრამ უარის ნიშნად სიღარიბემ თავი გააქნია.

– ჩემი მონები არიან ისინი, - თქვა მან.

ეკითხება სიკვდილი სიხარბეს:

– ეს რა გაქვს მუჭში?

– სამი ხორბლის მარცვალია, - უპასუხა მან, - მერე შენ რა?

– მაჩუქე მე ერთი, - შეეხვეწა სიკვდილი, - დავთესავ ჩემს ბაღში, ერთი მინდა მხოლოდ და უმალ გაგშორდები.

– ვერაფერს მოგცემ, - იძახის სიხარბე, ტანსაცმლის ნაჭერს იფარებს ხელზე.

გაეცინა სიკვდილს და იქვე წუმპის წყლით შეავსო ჭიქა. ჭაობის ხურვება ამოვიდა ჭიქიდან, მომუშავე ხალხით სავსე ველს მოეფინა და ამოჟუჟა მესამედი.

ხურვებას მოსდევდნენ ცივი ნისლი და ნაკადულის გველნი.

როდესაც იხილა სიხარბემ, როგორ ამოჟლიტა სიკვდილმა მის მსახურთა მესამედი, შუბლზე ხელი იტკიცა და ტირილი დაიწყო. გაძვალტყავებულ მჯიღს მკერდზე იბაგუნებდა და იძახდა:

– მესამედი გაჟლიტე ჩემი ხალხისა და ახლა თვალთაგან დამეკარგე. ერთურთის სისხლს ღვრიან მომთაბარე მონღოლნი, მათი ბელადები შენა გნატრულობენ ნიადაგ. შავი მოზვერის სისხლი შეუსვამთ ავღანელ ბარბაროსებს და ომისთვის ლესავენ მახვილს. ფარ-შუბნი ჟღრიალებენ მათნი და თავზე ფოლადის მუზარადები ულაპლაპებთ. შენ კი ამ ჩემს სამფლობელოს ვერ მოსცილებიხარ, სჯობს წახვიდე და აღარ მნახო არასოდეს.

– არ წავალ, - თქვა სიკვდილმა, - სანამ არ მომცემ ხორბლის მარცვალს.

სიხარბემ კიდევ უფრო მაგრად მომუჭა მუშტი და გამოსცრა:

– არაფერსაც არ მოგცემ.

გაეცინა სიკვდილს. მერე დასწვდა ერთ შავ კენჭს, ტყისკენ მოისროლა. ტყის სიღრმიდან ალადენილი ტანსაცმლით გამოვიდა ხურვება, გვერდით ჩაუქროლა მომუშავე ადამიანებს და მრავალი მათგანი იმსხვერპლა. მის ნავალზე ბალახი ერთიან ამომწვარიყო. შეშფოთდა სიხარბე, გამძვინვარებულმა ნაცარი დაიყარა თხემზე.

– რა შეუბრალებელი ხარ, - თქვა, რა შეუბრალებელი. შიმშილს დაუსადგურებია

ინდოეთში, კოშკებიან ქალაქებს მოსდებია იგი, რადგან დამშრალია სამარყანის ტბები. შიმშილი მეფობს ეგვიპტეში, მის გალავნებით ნაგებ ქალაქებში, რომლებსაც ბოცომკალი მოედო უკვე უდაბნოდან ლტოლვილი. ხოლო არ ადიდდა ნილოსი, რისთვისაც მისანნი წყევლიან ოსირისსა და იზიდეს. ვისაც შენ ესაჭიროები, მათთან გაეშურე და მე ჩემი მონებიანად თავი დამანებე.

– ვერა, - მიუგო სიკვდილმა, - ვერ წავალ, სანამ პურის ერთ მარცვალს მაინც არ გაიმეტებ.

– არაფერსაც არ მოგცუემ, - უთხრა ისევ სიხარბემ.

გაეცინა სიკვდილს, და სტვენას მოჰყვა უცებ. ჰაერი გადასერა მფრინავმა დიაცმა, რომელსაც „ქოლერა“ ეწერა თხემზე და უკან სისხლისმსმელ ფრინველთა დამშეული გუნდი მოჰყიოდა. მის გრძელ ფრთათა ჩრდილი მინდორს დაეცა და მასზე მყოფნი უკლებლივ დაიხოცნენ.

მაშინ ხმამაღლა მოთქმა იწყო სიხარბემ და ფრენით ტყისაკენ ივლტო, ხოლო სიკვდილი თავის ფეხკავშა ბედაურზე ამხედრდა და გაქროლდა ისარივით. მცირე ხნის შემდეგ ამაზრზენი, მახინჯი ქმნილებები და ერთიან ქერცლით ტანდაფარული ურჩხულნი მოლაშლაშდნენ ატალახებულ მინდორზე. ბუკიოტებიც მოვიდნენ სუნზე.

ქვითინი დაიწყო ყმაწვილმა მეფემ, იძახდა:

– ვინ იყვნენ ეს ადამიანები, აქ რად შეყრილიყვნენ?

– ბადახშს დაეძებდნენ მეფის გვირგვინისათვის, - წარმოთქვა უცნობმა.

– მისკენ მიიხედა ელდანაკრავმა მეფემ და ბერის დაბებკილ ტანსაცმელში გამოკრული უცხო დალანდა. უცნობს მოვერცხლილი სარკე ეკავა ხელთ. მთლად გაფითრებულმა ყმაწვილმა ჰკითხა ბერს:

– რომელი მეფისა?

მიუგო ბერმა:

– აქ ჩაიხედე, მიხვდები.

მეფემ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი დაინახა, ყრუდ ამოიკვნესა და გაეღვიძა. მზის სხივნი იღვრებოდნენ გაჩახჩახებულ ოთახში და იადონთა ჭიკჭიკი მოისმოდა წალკოტიდან.

ვაზირთა უპირველესი მეფესთან შევიდა დიდგვაროვანთა ამალის თანხლებით და მათ ქედი მოიდრიკეს მის წინაშე. კარისკაცებმა მოსასხამი ოქრომკერდისა, გვირგვინი და სკიპტრა ციმციმ მიართვეს ხელმწიფეს.

მშვენიერ ნივთებს უხმოდ დასცქეროდა ჭაბუკი მეფე. ისინი გულისწამღებად ლამაზები იყვნენ, ყველაფერ აქამდე ნანახზე ულამაზესნი. მაგრამ მეფეს თავისი ზმანებები მოაგონდა და მიმართა დიდებულებს:

– წაიღეთ ესენი, მათ მე ვერ ვატარებ.

გაოგნდნენ დიდებულნი, რამდენიმე მათგანმა გაიცინა, ალბათ იფიქრა, ხუმრობა ინებაო ჩვენმა ხელმწიფემ.

მაგრამ მეფემ ისევ წარმოსთქვა კუშტად:

– ეს ყველაფერი წაიღეთ-მეთქი, წაიღეთ და სადმე შეინახეთ. ჩემი ხელმწიფედ ცხების დღეა დღეს, მაგრამ მაინც არ მოვირთვები მათით. ეს მოსასხამი ნაწამებმა თითებმა მოქარგეს, ხოლო სისხლი მოწვეთავს ამ იაგუნდებიდან და სიკვდილს ვხედავ მარგალიტთა ციალში.

და თავისი სამი ზმანების შესახებ უთხრა მათ მეფემ.

როცა მას უმენდნენ, დიდებულნი სინანულით აქნევდნენ თავებს და ერთურთს ეჩურჩულებოდნენ:

– ჭკუიდან გადამცდარა მეფე, განა სიზმარს დაეჯერება? მართალიც რომ იყოს, ჩვენ რაში გვეკითხება ბედი იმ ხალხისა, რომელნიც გვმსახურობენ? განა ხაბაზს უნდა იცნობდე, მისი გამომცხვარი პური რომ ჭამო, ყურძნის დამწურავს უნდა იცნობდე, ღვინო რომ იგემო?

ვაზირთა უპირველესმა მეფისაკენ წადგა ბიჯი და უთხრა:

– მეფეო, განაგდე მოწყენილობა, გულს რომ გიღრღნის, უმორჩილესად გთხოვ, დაიმშვენე მხრები ამ მეფური წამოსასხამით, და დაე ეს გვირგვინი ელვარებდეს შენს შუბლზე. სხვაგვარად ხალხი ვით მიხვდეს, ჭეშმარიტად შენ რომ ხარ მეუფე ჩვენი და ტახტის მემკვიდრე?

მეფემ თვალნი მიაპყრო მას.

– მართლა ასეა? - თქვა მან, - სამეფო მანტიის გარეშე ვერ მიხვდებიან, მეფე მე რომ ვარ?

– ვერა, მეფეო, - შესძახა ვაზირთა უპირველესმა.

– მე კი ვფიქრობდი, ხელმწიფეთ გარეგნობაც მეფური აქვთ-მეთქი, - ჩაილაპარაკა ჭაბუკმა, - ჰო, ალბათ მართალია, რაც შენ თქვი. მაგრამ მაინც არ ძალმიძს ამ სამოსით მორთვა და ამ გვირგვინის მიღება. ვითარ მოვედი ამ სასახლეში, იმგვარივე წავალ.

ჭაბუკმა ყველანი დაითხოვა თავისი საძინებლიდან, გარდა ერთი მსახურისა, - მისი თანაკბილა ბიჭისა. მეფემ აბანო მიიღო, ამ დროს კი მსახურს ძველი ვარაყიანი ზანდუკიდან ის სამოსი ამოჰქონდა, მეფეს რომ ეცვა, როცა თხის ფარას მწყემსავდა მთაში.

მეფე გამოეწყო მწყემსურ ტყაპუჭებში, ბატკნის ტყავი მხრებზე გადაიგდო და ხელთ უბრალო კომბალი დაიკავა.

უზარმაზარ ლურჯ თვალებს გაოცებით აფახულებდა ამის შემხედვარე მსახური ბიჭი. მერე მორიდებით შეჰღიმა მეფეს:

– მეფეო, შენს მანტიასა და სკიპტრას ვხედავ, ხოლო გვირგვინი სადაა?

შორიახლოს ტერასაზე მოყვავილე მანანის რტო მოსტეხა მეფემ, თავზე შემოიგრაგნა.

– აი, ჩემი გვირგვინი, - უთხრა და ვაზირთა პალატისაკენ გაემართა. დიდებულნი მოუთმენლად ელოდნენ მეფის შემოსვლას.

დარბაზისერთაგან ზოგმა მოწყალედ გაიღიმა, ერთმა კი შეჰბედა:

– მეფევ ბატონო, ერი თავისი ხელმწიფის ხილვას ნატრობს, შენ კი გსურს მათ გლახა იხილონ?

– გვარცხვენს ყველას ეს ბიჭი, არ არის ღირსი, ტახტის პატრონად იწოდებოდეს, - დრტვინავდნენ დარბაზის ერნი. მაგრამ ჭაბუკი მეფე უხმო, ღირსეული ნაბიჯით ჩადიოდა ელვარე პორფირის საფეხურებზე, მერე სასახლის რკინის ალაყაფი გაიარა და მოახტა ცხენს, ეკლესიის მიმართულებით წაიყვანა იგი. უკან თავისი პატარა მსახური მისდევდა თავგამეტებით.

ხალხმა დაცინვა დაუწყო ჭაბუკს.

– ერთი ამას შეხედეთ, ამხედრებულ მეფის ჯამბაზს, - ხარხარებდა ყველა.

მეფემ აღვირი მოჰქაჩა და წარმოსთქვა:

– არა, მე მეფე ვარ.

და თავისი სამი ზმანება უამბო მათ.

რომ დაამთავრა, ვიღაც კაცი გამოეყო ხალხს და მეფეს უთხრა:

– ჩვენო მბრძანებელო, ნუთუ არ იცი, რომ თუ ღატაკ კაცს პირში კიდევ უდგას სული, მდიდართა ნაყროვანების წყალობითაა ეს? სიცოცხლეს გვინარჩუნებს ფუფვნეულება თქვენი და გვკვებავს თქვენი გულარძნილობა, ავად თუ კარგად. გვიჭირს მუშაობა უწყალო პატრონთათვის, მაგრამ სულ დავიღუპებით, თუ არავინ გვეყოლა ისეთი, ჩვენი ნაშრომი რომ წაადგება.

ვინ გვაარსებოს, ყვავ-ყორნებმა? ძალგიძს გამოსწორება ყოველივე ამისა? ძალგიძს უბრძანო ვაჭარს, ამ ფასად გაყიდოს და მყიდველს, ამ ფასად იყიდოს? ვეჭვობ. სჯობია, ისევ შენს სრას დაუბრუნდე, სტავრა-ატლასი მოისხა. საერთო რა გაქვს ჩვენს ბედთან, ჩვენს წვალებასთან?

– ნუთუ ძმები არ არიან ღარიბი და მდიდარი? - ჰკითხა მას ჭაბუკმა მეფემ.

– ცხადია, არიან, - მიუგო კაცმა, - ოღონდ კაენი ჰქვია მდიდარ ძმას.

ცრემლმა დაუნისლა მზერა მეფეს, გააგრძელა გზა. ირგვლივ ხალხის ღრიანცელი ისმოდა და მეფის მსახური შემკრთალი გაიქცა.

ეკლესიის მაღალ ბჭეს რომ მიადგა მეფე, მას მცველებმა შეუბღვირეს ხელშუბთა ჟღრიალით:

– რა გინდა აქ? არვის ძალუძს შესვლა ამ ტაძარში მეფის თვინიერ.

ბრაზი წაეკიდა მეფეს, კუშტად მიუგო:

– ეს მე ვარ მეფე, - გადაჯვარედინებული ხელშუბები ასწია ხელით და შეაბიჯა ეკლესიაში.

მას თვალი მოჰკრა ტაძრის ხანდაზმულმა წინამძღვარმა, მისი მწყემსური ჩაცმულობით გაოგნებულმა სავარძლიდან წამოიწია, მერე კი მისკენ წამოვიდა.

– ჩემო შვილო, - თქვა მან. - რა ჩაგიცვამს ეს? გვირგვინად რა დაგირქვამს და სკიპტრად

რა გიპყრია? დღესასწაულობ დღეს, თუ თავს იმდაბლებ?

– განა სიხარულს წამების ხელებით ნაქსოვი უნდა ემოსოს? - კითხვითვე მიუგო ჭაბუკმა მეფემ და თავისი სამი ზმანების შესახებ უთხრა მას.

ტაძრის წინამძღვარი ყურს უგდებდა, მერე ჭმუნვით მიმართა მეფეს:

– მისმინე, შვილო, მოვხუცდი და ჟამმა თავზე დამათოვა, ამიტომაც კარგად ვუწყი, რაოდენ ბოროტებით აღსავსეა სოფელი ესე. მთები გადმოულახავთ ხშირად ყაჩაღებს, რათა პაწია ბავშვები წარეტაცათ და შავკანიანთათვის შეეძლიათ. ლომები მრავალჯერ თავს დასხმიან მექარავნეთა აქლემებს. ყანებში მოწეულ მოსავალს თხრის და ანადგურებს გარეული ტახი ბასრი ეშვებით, ხოლო მელიები ფერდობზე ნახარებ ვენახებს ხრავენ.

დაჰპატრონებიან ოკეანეს მეკობრენი, აწიოკებენ ხოლმე ჟამიდანჟამზე მესათხევლეთა, ბადეს ჰპარავენ. კეთრით შეპყრობილნი ცხოვრობენ შლამში ჩადგმულ ქოხმახებში, ჩალადაფენილ მიწურებში, და ადამის შვილი ვერ ეკარება მათ.

გლეხები დაწანწალებენ ქალაქებში, ნაგავში ეძებენ საჭმელს ძაღლებთან ერთად. შეგიძლიათ აღკვეთა ყოველივე ამისა? დააწვენ კეთროვანს შენს საწოლში, შეჭამ მაწანწალასთან ერთად, ერთ მაგიდაზე? დაუმორჩილებ ლომს შენს მეფურ ნებას ან გარეულ ტახს დაიურვებ?

შენზე დიდი გონი არა აქვს მას, რომელმაც ტანჯვა გააჩინა დედამიწაზე? არა, არ ძალმიძს შენი ამგვარად მიღება, დაბრუნდი სასახლეში, ხალხს მხიარულად აჩვენე თავი, მეფის საკადრისად ჩაიცვი და ისევ მოდი ჩემთან, მე კი ვაკურთხებ შენს ოქროვან გვირგვინს და თვალ-მარგალიტით მოჭედილ სკიპტრას.

ხოლო დაივიწყე შენი ზმანებანი. საწუთროს ყველა ლოდს შენ ვერ გადააგორებ მარტოდმარტო, შენი გულის მწუხარება ვერ გასწვდება საწუხარს.

– შენ მეუბნები ამ ყველაფერს, შენ, ღვთის ამ სამყოფელში? - ჩაილაპარაკა ჭაბუკმა მეფემ და ივლტო წინამძღვრისაგან, შემაღლებულ საკურთხეველთან მივიდა და იესოს ხატის წინაშე შეჩერდა.

იდგა ჭაბუკი მაცხოვრის ხატის წინაშე, ხატის ორივე მხარეს წმიდა ფეშხუმები ლიცლიცებდნენ: ერთი ქარვისფერ ღვინით, მეორე მირონით სავსე. ჭაბუკი მუხლებზე დაეშვა ხატებთან. ანთებულ კელაპტრებს პრიალი გაჰქონდათ იშვიათი თვლებით მშვენი სახატის ირგვლივ. სურნელოვანი ზეთი თხელ ცისფერ ხვეულებად აღიკმეოდა ტაძრის თაღისკენ. თავდახრილმა ჭაბუკმა ლოცვა დაიწყო. და სათითაოდ გაიკრიფნენ იქიდან ანაფორიანი დიაკვნები.

ანაზდად რაღაც გამყივანი ყვირილი ატყდა გარეთ და ეკლესიაში შემოიჭრნენ მახვილჩაბღუჯული დიდგვაროვანნი ფრთაგარჭობილი მუზარადებით, მოჟღრიალე რკინის ფარებით.

– აბა, სადაა ჩვენი სიზმარა ბიჭი? - დაიღრიალეს მათ, - სადაა ჩვენი ხელმწიფე, გლახასავით ჩაცმული, თავისი ქცევით მთელ სამეფოს რომ არცხვენს! სად არის, სიცოცხლე რომ მოვუსწრაფოთ, რამეთუ არ არის ღირსი მეფობისა.

ჭაბუკი მეფე თავდახრილი განაგრძობდა ლოცვას. ხოლო როდესაც დაასრულა, ზეაღიმართა, შეკრებილთაკენ იბრუნა პირი და შეხედა მათ ნაღველჩამდგარი თვალებით. და, ჰოი, საკვირველებავ! შარავანდი ნათლისა დაადგა თავს მეფეს და ტაძრის ხატულა ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა მანტია ამოუქარგეს ტანზე, მის მიერ შეკვეთილ მოსასხამზე უწარმტაცესი. აყვავილდა მის ხელში გამხმარი კვერთხი, მარგალიტებივით სპეტაკი შროშანები გაიშალნენ ზედ. აყვავილდა დამჭკნარი რტოც, მასზე ლალისებრ წითელი ვარდები გაიფურჩქნენ. მშვენიერ მარგალიტზე უსპეტაკესი შროშანნი ვერცხლის პწკლებით, ლალზე უწითლესი ვარდნი ოქროცურვილი ფოთლებით.

და იდგა ასე ჭაბუკი და შვენოდა სამოსი ხელმწიფისა. ანაზდად გაიხსნა იშვიათ თვალებით უცხოდ ნახელოვნები დიდი სახატე და თლილმა ბროლმა ზექვეყნიური იდუმალი ნათელი დაღვარა ტაძარში. და იდგა ჭაბუკი ასე ხელმწიფურად მოსილი, ხოლო ეკლესიაში ღვთის სასწაულქმედება ზეიმობდა. თითქოს წმინდანნიც შეირხნენო ტაძრის ფრესკიან კამარაზე. აღმართულიყო ჭაბუკი ყველას თვალწინ მეფურ ბრწყინვალე სამოსში და ორღანის ბუბუნა ხმებს აღევსოთ ეკლესიის თავანი. დაფს შემოჰკრეს მედაფეთა, და გალობა აჟღერდა მგალობელთა ქოროს მიერ აღვლენილი.

შემკრთალმა ხალხმა მუხლი მოიყარა. მახვილი ქარქაშში ჩააბრუნეს დიდგვაროვნებმა და ხელმწიფეს თაყვანი სცეს თავის დაკვრით, თვინიერად. ტაძრის წინამძღვარს სახე გაფითრებოდა და ხელები უცახცახებდა.

– უკურთხებიხარ ჩემზე აღმატებულს, - შეჰყვირა და დაუჩოქა მეფეს. ტაძრის საკურთხეველი დატოვა ჭაბუკმა მეფემ, წავიდა თავისი სრა-სასახლისკენ. და ვერ შესძლეს, მისი პირისახისთვის შეეხედათ, ვინაიდან ანგელოსური ნათელი დაჰფენოდა მას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ