მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 13659 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნაწყვეტი წიგნიდან „ისტორიები და ზნე-ჩვეულებანი, ანუ აღწერა ქვეყნებისა,

რომლებიც ღვთის შეწევნით მშვიდობიანად მოიარა მოგზაურმა და ვაჭარმა ბართოლომეო დ’ანიტიმ, მოთხრობილი ხსენებული დ’ანიტის მიერ დაწვრილებით და შეულამაზებლად”.

 


როგორც ამ წიგნის დასაწყისში ვთქვი, ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობაში გავატარე და მრავალი ქვეყანა მოვვლე, ზოგი ჩემივ სურვილით და ზოგიც სამეფო კარის დავალებით.

ისე მიყვარდა მოგზაურობა, სახლში დიდი ხნით ვერ ვდგებოდი. მართალია, უცხოეთში მყოფს ზოგჯერ მძიმე სევდა შემომაწვებოდა და სამშობლო მომენატრებოდა, მაგრამ, დავბრუნდებოდი თუ არა შინ, გული მაშინვე კვლავ უცხო ქვეყნებისაკენ გამიწევდა.

საცა კი ვიყავი, შეძლებისდაგვარად ყველა ხალხის ენა შევისწავლე. თავდაპირველად უცხო ენებს უცხო ქვეყნებში ვსწავლობდი ადგილობრივი მოსახლეობისაგან, მერე კი, როდესაც შევამჩნიე, სხვათა ენებს იოლად ვითვისებდი, ვცდილობდი თავიდანვე მესწავლა, გამგზავრებამდე.

ვისაც მოგზაურობა უყვარს, ყველას ვურჩევ ასე მოიქცეს, რადგან ენის ცოდნა დიდად უადვილებს საქმეს მოგზაურს. ჯერ ერთი, თარჯიმანი უამრავ დროს გაკარგვინებს, და მეორეც, უცხო კაცს რომ მის ენაზე დაელაპარაკები, ნდობით იმსჭვალება და ხელად გადაგიხსნის გულს.

ეს ყველგან შემიმჩნევია. ეტყობა, ადამიანის ბუნებაა ასეთი... სამოცდახუთი წლისა რომ შევიქენი, გადავწყვიტე მოგზაურობაზე ხელი ამეღო. უკვე ხანში ვიყავი შესული, ჯანი ძველებურად აღარ მომდევდა და თანდათან შიში შემომეპარა, ვაითუ სადმე გზაში მომისწროს სიკვდილმა და ჩემი ცხედარი უცხოეთში დარჩეს-მეთქი.

კაცს მუდამ გაქვს გაუაზრებელი სურვილი შენს ქვეყანაში დაიმარხო, სადაც შენი მამა-პაპა მარხია. ესეც არ იყოს, უეცრად რომ მოვმკვდარიყავი, ის ცოდნა და გამოცდილებაც თან უნდა წამეღო, რაც ხანგრძლივი მოგზაურობისას მოვიპოვე, და ეს წიგნი, რომელსაც ახლა ვწერ, დაუწერელი დამრჩებოდა.

არ იფიქროთ, სახელსა და დიდებას მიველტვი, როგორც მრავალნი მიელტვიან. არა. მოგზაურობისას იმდენი ხიფათი და გაჭირვება გადავიტანე, ახალგაზრდული პატივმოყვარეობიდან აღარაფერი შემომრჩენია და სახელი და დიდებაც არად მიჩანს.

დღეს უბრალო, მკაცრი ცხოვრება ჩემთვის ერთადერთი ცხოვრებაა. წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, რომ, კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება.

ამ ორი მიზეზის გამო დავანებე თავი მოგზაურობას. ეგებ დავიღალე კიდეც, დასვენება მომენატრა და იმ ორ მიზეზს ეს მესამეც დაემატა. ასე იყო თუ ისე, მოგზაურობა მივატოვე და ნათესავებისა და ახლობლების გასაკვირველად, ჩემი დიდებული სახლი, ჩემი მეგობრების უსაყვარლესი ადგილი, სადაც ყოველი მოგზაურობის შემდეგ ვიკრიბებოდით და ხშირად ღამეებს ვათენებდით ტკბილ მასლაათში, გავყიდე.

გავყიდე ქალაქგარეთა მამულებიც. გავყიდე მთელი ჩემი უძრავი ქონება. სამაგიეროდ, ქვეყნის სამხრეთით, ზღვის პირას, პატარა მზიანი და ტყიანი ადგილი ვიყიდე და ავაშენე სახლი, რომელმაც ჩემს ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებს კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი, რომ მე უცნაური და ახირებული კაცი ვარ.

სახლი მართლა უჩვეულო გამოვიდა: თუ არ ჩავთვლით ვრცელ სამუშაო ოთახს, მის მიმდებარე პატარა საძინებელს და მსახურთა სადგომს ქვედა სართულზე, აქ იმდენი ოთახია, რამდენ ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი. თითო ოთახი თითო უცხო ქვეყანას განასახიერებს, იქაურ წესზეა მოწყობილი და იქაური ნივთებითაა მორთული.

აგერ უკვე შვიდი წელია ამ სახლში ვცხოვრობ სამი მსახურისა და ორი მზარეულის ამარა. ეზოდან თითქმის არ გავდივარ, შუადღემდე სამუშაო ოთახში ვზივარ და ვწერ, ნაშუადღევს ეზოს ბოლოს, ჭალაში ვსეირნობ ნაკადულის პირას, საღამოს ოთახიდან ოთახში დავდივარ, უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილ მრავალრიცხოვან სამახსოვრო ნივთებს ვათვალიერებ და გარდასულ ამბებს ვიგონებ.

ჩემს ცხოვრებას ზოგჯერ განდეგილის ცხოვრებას ადარებენ, მაგრამ რა განდეგილობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა კვირა ისე არ გაივლის, ორ-სამჯერ მეგობრებმა არ მომაკითხონ. მეგობრებს ხან რომელ „ქვეყანაში” მივიღებ ხოლმე, ხან რომელში. სუფრასაც შესაბამისად ვუშლი. ვსხედვართ, ვსაუბრობთ, თავს ვიქცევთ ღვინით.

ზოგჯერ, როცა მთხოვენ, მოგზაურობის ამბებსაც ვყვები. ასე ვცხოვრობ და ველოდები ღვთის განჩინებას...

ვინც მოგზაურობის წიგნსა წერს, უეჭველად უნდა გაითვალისწინოს ადამიანთა ნაირ-ნაირი მიდრეკილება და ჭრელი გემოვნება. ზოგს ქვეყნების გეოგრაფია აინტერესებს - ადგილმდებარეობა, საზღვრები, ჰავა, ნიადაგი, მდინარეთა სიგრძე და ტყეთა სიხშირე;

ზოგს პოლიტიკა უყვარს - ტახტისათვის ბრძოლა, შეთქმულება, ინტრიგები;

ზოგი მშენებლობის ხელოვნებითაა გატაცებული - როგორ სახლებს იგებენ, აგურს წვავენ თუ არა, ციხეებს რითი ამაგრებენ, ხიდები რამდენ დაწოლას უძლებს;

ზოგს ხალხის ყოფა-ცხოვრება უნდა გაიგოს - ვისგან წარმოიშვნენ, საიდან მოვიდნენ, როდის დაეფუძნენ ამ მხარეში, რა წესები და ადათები აქვთ, ღვთისმსახურების რიტუალებს როგორ ასრულებენ;

ზოგს მეცნიერული დაკვირვებანი სულ არ ედარდება, ყველაფერს გასართობი ამბები ურჩევნია - ნაირ-ნაირი ისტორიები, ფათერაკები, ანეკდოტები. ამიტომ, მოგზაურობის წიგნი ისე უნდა დაიწეროს, რა ჯურისა და ყაიდის კაცმაც არ უნდა გაშალოს, რაღაც ჰპოვოს შიგ საინტერესო - ან საგულისხმო, ან თავშესაქცევი.

მე სწორედ ამ წესის დაცვას ვცდილობ: დაწვრილებით და ზუსტად აღვწერ ყველაფერს, რაც ჩემი თვალით მინახავს ან სხვებისგან მსმენია, თან შიგადაშიგ გასართობ ისტორიებს ვყვები - ხან სასაცილოს, ხან სერიოზულს, ხან სევდიანს.

დღეს ანტონიოსა და დავითის ამბავს აღვწერ და ვინც წაიკითხავს, თუ ისევე დანაღვლიანდება და ჩაფიქრდება, როგორც წუხელ ჩემი სტუმრები დანაღვლიანდნენ და ჩაფიქრდნენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქმისთვის თავი რიგიანად გამირთმევია. დღეს დილიდანვე წვიმს და შემოდგომის ცივი ქარი უბერავს. ასეთ დროს - როცა ქარი ქრის და წვიმა ირიბად და მონოტონურად უკაკუნებს ფანჯრებსა და სახურავებზე – ყოველთვის სევდიანი ფიქრები მომეძალება ხოლმე და ისე ამიყოლიებს, თავის დაღწევას ვეღარ ვახერხებ. გუშინაც ასე იყო. მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა და საქმეს გული ვერ დავუდე. ტყუილად ვუჯექი საწერ მაგიდას, ამაოდ ვცდილობდი იმ ადგილიდან განმეგრძო წერა, საცა გაჩერებული ვიყავი. დიდხანს ვიჯექი და თვალგაშტერებული ვიცქირებოდი სარკმლიდან. ზღვაზე სქელი ნისლი იწვა და ისე გულისგამაწვრილებლად წვიმდა, გეგონებოდათ არასოდეს გადაიღებსო.

ეზოში პატარ-პატარა გუბეები იდგა. ხეებს უკანასკნელი ფოთლები სცვიოდა. ირგვლივ მძიმე მოწყენილობას დაესადგურებინა, ყველა ნივთი მოწყენილობით იყო გაჟღენთილი. რაკი შევატყე, საქმეს წინ ვერ წავწევდი, მუშაობა მივატოვე და ოთახებში ბოლთის ცემა დავიწყე. გულზე უმიზეზო სევდა მაწვა და ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. როცა თითქმის ყველა „ქვეყანა” შემოვიარე და ბოლოს იმ ოთახში შევედი, რომელსაც „კოლხეთი” ჰქვია, სხეულში გაბნეული სევდა ნელ-ნელა ერთ ადგილას დაილექა, შედედდა და უეცრად გონების თვალწინ დავითი წარმომიდგა. მაშინ ბუხრის პირას დავჯექი, ცივ ნაცარს ჩავაშტერდი და შემოსეულ ფიქრებს მივნებდი... შუადღისას მეგობრები მესტუმრნენ და სევდა გადამეყარა. მეგობარი, ღვთის წყალობით, ბევრი მყავს, თანაც ისეთები არიან, სტუმრობა თუ განიზრახეს, ვერანაირი ამინდი ვერ დააბრკოლებთ. როგორც ვთქვი, შუადღისას მეწვივნენ.

ჩემი ეზოს ჭიშკრიდან ხეივანში ლარივით სწორი გზა მიემართება და მსახურებმა შორიდანვე შენიშნეს მათი ეტლი. სტუმრებმა, თუმცა ყველა მათგანი იყო აქ ნამყოფი, კიდევ ერთხელ მოისურვეს სახლის დათვალიერება. მეც დავათვალიერებინე. ყველა ოთახი შემოვატარე, ბოლოს „კოლხეთში” შევუძეხი და ვახშამიც იქ გავუმართე. „კოლხეთი” ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ, მუდამ აღტაცებით სინჯავენ იქაურ ნივთებს და ყოველ ნახვაზე ახალ-ახალი შეკითხვები უჩნდებათ. მეც სიამოვნებით ვაკმაყოფილებ მათ ცნობისწადილს, ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს ვაძლევ, დაწვრილებით ვუხსნი ამა თუ იმ ნივთის დანიშნულებას და თან მათს ქართულ სახელებსაც ვეუბნები ხოლმე, რომლებსაც, ხმამაღლა რომ წარმოვთქვამ, ასე მგონია, ტკბილი და სევდიანი სურნელი ასდით. გუშინ განსაკუთრებით ბევრი ათვალიერეს და ბევრიც აქეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი და ამან მე ძალიან გამახარა, რადგან ეს ქარმარ-ხანჯალი დავითის ნაქონია.

საღამო რომ მოახლოვდა, ბუხარი ავანთეთ, სამფეხა ჯორკოები დავიდგით და ტაბლას შემოვუსხედით. მსახურმა ვახშამი შემოგვიტანა – ქოთნით ლობიო, ცხელი მჭადები, ჭყინტი ყველი, მწვანილი და ხელადით ღვინო. ერთხანს ვახშამს შევექცეოდით და საუბარი წამდაუწუმ ინაცვლებდა ერთი საგნიდან მეორეზე, როგორც ეს მოცალეობის დროს ხდება ხოლმე მეგობართა ვიწრო წრეში. მერე მთხოვეს, რამე გვიამბეო. მეც ავდექი და ანტონიოსა და დავითის ამბავი ვუამბე.

ბოლოში რომ გავედი, სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეს წვიმის წკაპუნის მეტი დიდხანს არაფერი არღვევდა. სტუმრებს ნაღველი შემოსწოლოდათ და ფიქრებს მისცემოდნენ. ბოლოს ისევ ღვინომ გაგვიხსნა შეკრული კრიჭა. შუაღამისას წავიდნენ. ბევრი ვეხვეწე, დარჩით-მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს, შეზარხოშებულები ჩასხდნენ ეტლში და გზას გაუდგნენ. მე ისინი ჭიშკრამდე გავაცილე, მერე მოვბრუნდი, ისევ იმ ოთახში შევედი, სადაც საღამო გავატარეთ, ბუხრის პირას დავჯექი და მინავლულ ცეცხლს ჩავაშტერდი.

ჩემი ფიქრები შორეულ კოლხეთში დაფარფატებდნენ და კიდევ უფრო აღვივებდნენ ნაღვლიან მოგონებებს. დღეს ისევ ქრის შემოდგომის ქარი და ისევ გადაუღებლად, გულისგამაწვრილებლად წვიმს. ამიტომ გადავწყვიტე, დროებით მივატოვო ეთიოპიელთა ეროვნული ჩაცმულობის აღწერა და ამის ნაცვლად ანტონიოსა და დავითის თავგადასავალი გიამბოთ.

 

– ანტონიო –

 

მაშ ასე. ეს მოხდა ორმოცი წლის წინ. მე მაშინ ოცდათორმეტი წლისა ვიყავი, ანტონიო კი – ღმერთო, შეიწყალე მისი უსპეტაკესი სული - ხუთი წლით ჩემზე უფროსი იყო. ერთ დღეს, სამეფო კარის დიდმა მოხელემ, რომელიც იმხანად უცხო ქვეყნებში მოგზაურობის საქმეებს განაგებდა, სასახლეში დამიბარა და მითხრა, სხვა ჩვიდმეტ კაცთან ერთად კოლხეთში უნდა წახვიდეო. ის მხარე, ჩვენში რომ „კოლხეთის” სახელითაა ცნობილი და, როგორც ძველი მწერლები გვარწმუნებენ, ოდესღაც ერთიანსა და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა, იმჟამად პატარ-პატარა სამთავროებად იყო დაქუცმაცებული. მთავრებს, რომლებიც პატივმოყვარეობის გამო თავიანთ თავს ზოგჯერ მეფეებსაც უწოდებდნენ, ერთმანეთში გაუთავებელი შუღლი და ქიშპობა ჰქონდათ, რის გამოც გარეშე მტერს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.

და აი, ერთ ასეთ მეფე-მთავარს დესპანი ეახლებინა ჩვენი ხელმწიფისათვის და დახმარება ეთხოვა იმ უთანასწორო ბრძოლაში, რასაც მისი ხალხი ეწეოდა მუსულმანების წინააღმდეგ თავისუფლებისა და ქრისტეს რჯულის დასაცავად. მთავარი, კერძოდ, ითხოვდა სესხს მთიელთა მომთაბარე ტომებში ჯარის დასაქირავებლად, აგრეთვე ხელოსნებს, განსაკუთრებით იარაღისა და მადნეულის დამმუშავებელ ოსტატებს, და ღვთისმსახურებს, რომელთაც თავიანთი ქადაგებითა და მაგალითით ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტეს რწმენა უნდა განემტკიცებინათ. სასახლეში იმ დასკვნამდე მისულან, რომ, სანამ სესხის მიცემას გადაწყვეტდნენ, ჯერ ეს ქვეყანა კარგად შეესწავლა

თ. ხელოსნებისა და ღვთისმსახურთა გაგზავნას სიამოვნებით დაპირებიან, თავის მხრივ, ერთი ვაჭარიც დაუმატებიათ და არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ. ამ დროისათვის მე რამდენიმე ქვეყანა უკვე შემოვლილი მქონდა, აღებ-მიცემობაში გვარიანად ვიყავი დახელოვნებული და საკვირველი არ იყო, რომ სწორედ ჩემი გაგზავნა გადაწყვიტეს. პოლიტიკა, როგორც ცნობილია, უანგარობასა და წმინდა კაცთმოყვარეობას არა ცნობს. სახელმწიფოსათვის მთავარია საკუთარი სარგებლობა, და ჩვენი მოგზაურობის ძირითადი მიზანის იმის დადგენა უნდა ყოფილიყო, თუ რა სარგებელს ნახავდა ჩვენი ქვეყანა იმით, რომ იმ მთავრისთვის დახმარება გაეწია.

მე წასვლაზე სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან იმ ქვეყანაში მოგზაურობა, რომელსაც ძველი მწერლები ასეთი აღტაცებით იხსენიებენ, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, და ვიკითხე, როდის მივემგზავრებით-მეთქი. იმ მოხელემ ზუსტი ვადა ვერ მითხრა (ან შესაძლოა დამიმალა, როგორც თანამგზავრთა ვინაობა დამიმალა დრომდე და ვადამდე), მხოლოდ ის მითხრა, ექვსი თვე შენს განკარგულებაშია, ექვსი თვის შემდეგ კი, რა დღესაც გეტყვით, იმ დღეს უნდა შეგეძლოს გემზე ასვლაო. ექვსი თვე საკმარისი დრო იყო. კაცმა რომ თქვას, რასაც ჩვეულებრივ მომზადებას ეძახიან, იმისთვის დრო სრულებით არ მჭირდებოდა. მე სულით ხორცამდე მოგზაური ვიყავი და, დილით რომ გაგეფრთხილებინეთ, შორეულ ქვეყნებში ხარ წასასვლელიო, ნაშუადღევს ყველაფერი მზად მექნებოდა. მე მომზადებაში სხვა რამეს ვგულისხმობდი და ეს ექვსი თვე იმისთვის მჭირდებოდა, რომ ცნობები შემეგროვებინა იმ ქვეყნის შესახებ, სადაც უნდა წავსულიყავი, რათა იმაზე, რისი გაგებაც აქ შეიძლებოდა, იქ დრო აღარ დამეკარგა. გამგზავრების წინ, ეჭვი არაა, სამეფო კარზე ცნობებსაც

მოგვაწვდიდნენ და რჩევა-დარიგებასაც მოგვცემდნენ, მაგრამ ეს ცნობები, მსტოვართა მიერ შეგროვებული, უმთავრესად პოლიტიკური და სამხედრო ხასიათისა იქნებოდა, მართალია, ზუსტი, სანდო და უტყუარი, მაგრამ დროებითი და მერყევი, ისეთი ვითარების შესატყვისი, რომელიც დღეს ასეთია, ხვალ კი შეიძლება სულ სხვაგვარი გახდეს. მე უფრო არსებითი ცნობები მჭირდებოდა, ხალხის ბუნება მინდოდა გამეგო, ხასიათი, ადათ-წესები, ერთი სიტყვით, ის, რაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულა და მუდმივია, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხანგრძლივი მაინც. გამოვედი თუ არა სასახლიდან, მაშინვე ჩემი გეგმის ხორცშესხმას შევუდექი. იმხანად სასახლეში ორი ქართველი კაცი მსახურობდა, ორთავეს ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა, რაც თავისთავად უკვე მათი ხალხის ღირსებაზე მეტყველებს. გადავწყვიტე ეს კაცები გამეცნო და ამ მიზნით მათთან დარბაზობა ვითხოვე, თან ამ დარბაზობის მიზანიც შევუთვალე.

ჩემდა გასაკვირველად, ორივესგან უარი მივიღე, თავაზიანი, მაგრამ მტკიცე უარი. მე მრავალი მიზეზის წყალობით, როგორიცაა გვარიშვილობა, ჩამომავლობა, პაპაჩემისა და განსაკუთრებით მამაჩემის დიდი დამსახურება სამეფო კარის წინაშე, აგრეთვე ჩემი გახმაურებული მოგზაურობები, სასახლეში მიღებული კაცი ვიყავი და ამიტომ ამ უარმა გამაკვირვა.

როდესაც ჩემი გაკვირვება ჩემს რამდენიმე მეგობარს გავუზიარე, რომლებიც ამ კაცებს შედარებით ახლო იცნობდნენ, გაეცინათ და მითხრეს, შეხვედრის მიზანი წინასწარ არ უნდა გეცნობებინაო. თურმე ეს კაცები ერთთავად იმაზე ზრუნავდნენ, მათი უცხო ტომობა ზედმეტად თვალში არავის მოხვედროდა, ცოლ-შვილიც კი ჩვენს ენაზე ლაპარაკობდნენ და თავი ისე ეჭირათ, ვითომ თავიანთი ენა აღარც კი იცოდნენ. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ვინცობისაა სამეფო კარზე რაიმე არასასურველი პოლიტიკური ვითარება შექმნილიყო, მათი წარმოშობა ვინმეს ხელზე არ დაეხვია და თანამდებობა არ დაეკარგათ. ჯამაგირში მყოფი კაცისთვის თანამდებობაზე ზრუნვა სავსებით ბუნებრივი რამ არის და არავის დაეძრახება, მაგრამ ამის გამო საკუთარ გვარტომობაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, უკადრისი საქციელია, რომელსაც არც ღმერთი მოგვიწონებს და არც კაცი. მაგრამ მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ის, რაც მოგზაურობისას გავიგე, კერძოდ, რომ ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას ერთ მუშტში უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები, როგორიცაა ღალატი და თავდადება, სიძულვილი და სიყვარული, ლაჩრობა და სიმამაცე, ბოროტება და სიკეთე.

ზემოთ, თავის ადგილას, სადაც კოლხებისა და იბერების ზნე-ჩვეულებანი აღვწერე, ამაზე დაწვრილებით მქონდა ლაპარაკი და თუ ახლა ეს ორი მაღალი თანამდებობის პირი გავიხსენე, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ გამოთქმული მოსაზრება კიდევ ერთი მაგალითით გამემაგრებინა. ეს ორი კაცი ამ მოსაზრების ერთი პოლუსია, მეორე პოლუსი კი ის პატარა, ჩია მეკუბოვე იყო, რომელიც ამის შემდეგ გავიცანი. მასთან ერთმა ნაცნობმა მიმასწავლა, როცა შეიტყო, რომ ისეთ ქართველს ვეძებდი, ვისაც თავისი ქვეყანა ეხსომებოდა და მშობლიური ენა ეცოდინებოდა. მეკუბოვეს სახელოსნო ქალაქის შუაგულში ჰქონდა გამართული, ერთ ვრცელ, ნახევრად ბნელ სარდაფში.

გადავაბიჯე თუ არა ზღურბლს, მეკუბოვე – კაფანდარა, ქაჩალი, გრძელცხვირა და გრძელულვაშა კაცი – სწრაფად შემომეგება. მობრძანდით, ბატონო, ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ამ ჩემს სამყოფელშიო, მითხრა, ორივე ხელი გაშალა და თავი მდაბლად დამიკრა, მერე, სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, სხაპასხუპით შეუდგა საქონლის ქებას. საუკეთესო მასალააო, მიმტკიცებდა და თავისი სიტყვების დასადასტურებლად კუბოებს თითს უკაკუნებდა, საიმედო, საშვილიშვილოო. მე რომ შევაწყვეტინე და ვუთხარი, კუბო არ მჭირდება-მეთქი, სახე ერთბაშად შეეცვალა, თვალებში ცეცხლი ჩაუქრა, დანაღვლიანდა და წუწუნს მოჰყვა იმის გამო, რომ აღარავინ კვდება, რომ მუშტარი სანთლით საძებნელი გახდა, რომ ღმერთმა სულ ააღო ხელი ამ ჩვენს ქალაქს, რომ აგერ უკვე რამდენი ხანია, ეპიდემიის ხსენებაც კი აღარ არის, რომ ხალხი სახიფათოდ მრავლდება და ასე თუ გაგრძელდა, მალე მიწაზე ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება... მე ისევ შევაწყვეტინე და ვუთხარი, ეგ არ მაინტერესებს, მე შენი ქვეყნის ამბები მინდა გავიგო და, თუ რამე იცი, მითხარი-მეთქი.

ამის გაგონებაზე წამსვე გაჩუმდა, თითქოს სიტყვა პირზე შეაშრაო, უცნაურად შემომხედა და წამით თვალი თვალში გამიყარა. მერე ერთი გრძნობით აღმოხდა, ჩემი ქვეყანაო, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან ცრემლები წასკდა. ტიროდა, მკერდზე მჯიღს იცემდა და დროდადრო ისე ამოიკვნესებდა „ჩემი ქვეყანაო”, ან „ჩემი საყვარელი სამშობლოო”, გეგონებოდათ გულ-ღვიძლი ამოაყოლაო. მე გამიკვირდა, თუ ასე უყვარს თავისი ქვეყანა, აქ რაღა აჩერებს-მეთქი. მერე, ახლო რომ გავიცანი, გავიგე: ახალგაზრდობაში ჩამოსულა (მაშინ ჭკუა არ მქონდაო, მითხრა), მერე აქ ჩვენებური ქალი შეურთავს ცოლად და ჩარჩენილა და ჩარჩენილა. ერთი პატარა ეპიდემია რომ დაგვერიოსო, ოცნებით გამომიტყდა ერთხელ და ამ დროს ნეტარი და სათნო სახე ჰქონდა, ყველა კუბოს გავასაღებდი, გზის ფულს ვიშოვნიდი და ცოლ-შვილს გავეპარებოდიო. თან ამიხსნა, სიბერეში შევდივარ უკვე, მშობლიურ მიწაში მინდა დავიმარხო, ცოლსა და შვილს ჩემი ქვეყნის ერთი მუჭა მიწა მირჩევნიაო. თავიდან მე ამ კაცს ვერაფერი გავუგე, მერე და მერე კი, როცა კარგად დავუახლოვდი და გულშიაც ჩავხედე, ბევრ რამეს მივხვდი.

რაც მთავარია, ვისწავლე, მისი აბურდული გრძნობიერებიდან მართალი და ჭეშმარიტი ძაფები ამომეძრო. ბოლოს და ბოლოს, ისე დავხელოვნდი, რამდენიმე სასარგებლო ცნობაც კი დავტყუე მისი სათაყვანებელი სამშობლოს შესახებ, თუმცა, უნდა ითქვას, ეს ძალიან ძნელი საქმე იყო, რადგან, როგორც კი ამ საგანზე დავიწყებდით ლაპარაკს, მაშინვე მკერდზე მჯიღების ცემას მოჰყვებოდა და ისეთი ზოგადი სიტყვებით კმაყოფილდებოდა, როგორიცაა „მიწა”, „წყარო”, „მდელო”, „მამა-პაპის ძვლები” და სხვა, რაც ყველა ქვეყნისა და ყველა სამშობლოსათვის საერთოა. ის რამდენიმე უმნიშვნელო ცნობა, რომლებიც მან მომაწოდა, ცხადია, დიდ ვერაფერ სარგებლობას მომიტანდა, მაგრამ ეს კაცი სხვა მხრივ გამომადგა: მე მისგან ენა ვისწავლე. ამ საქმეში მართლა დიდი ოსტატობა და გონებამახვილობა გამოიჩინა. რაღაც განსაკუთრებული წესები მოიგონა, ისეთი, როგორიც არც წიგნებში წამიკითხავს და არც ვინმესგან გამიგონია, და ჩინებულად მასწავლიდა. სამაგიეროდ მეც კარგი ფული გადავუხადე. არ ვიცი, ეყო თუ არა ეს ფული იმისათვის, რომ ცოლ-შვილს გაპარვოდა და ოცნებად ქცეულ სამშობლოში წასულიყო, ან, თუ ეყო, გაბედა თუ არა ამ სახიფათო და, ჩემი აზრით, უგუნური ნაბიჯის გადადგმა. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ მე ის კაცი აღარ მინახავს და არც მისი ასავალ-დასავალი გამიგია.

ექვსმა თვემ სწრაფად გაირბინა. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე კვლავ მიხმეს სასახლეში, ამჯერად თვრამეტივეს ერთად მოგვიყარეს თავი და კოლხთა დესპანებიც შეგვახვედრეს. თანამგზავრთაგან ზოგი ნაცნობი გამოდგა, ზოგიც პირველად ვნახე. ანტონიო პირველად ვნახე. გუშინდელივით მახსოვს: ჩვიდმეტნი უკვე შეკრებილი ვიყავით, როცა კარი გაიღო და ანტონიო შემოვიდა. საშუალო ტანისა იყო, ჩაფსკვნილი და ბეჭებგანიერი. მოკლე ჟღალი წვერი ჰქონდა, მაღალი შუბლი, წაბლისფერი თმა, სწორი, ფართონესტოებიანი ცხვირი და ნახევრადმოჭუტული ჭროღა თვალები, რომლებიც შიგნიდან გარეთ კი არ იმზირებოდნენ, არამედ გარედან შიგნით, რის გამოც მთელ სახეს ისეთ იერს ანიჭებდნენ, გეგონებოდათ, ფიქრებით სხვაგანაა და რაც აქ ხდება, სრულებით არ აინტერესებსო.

როგორც მოველოდი, საჭირო ცნობები და რჩევა-დარიგებანი მოგვცეს, გამგზავრების ვადა დაგვინიშნეს და გამოგვისტუმრეს. ამგვარად, გემზე რომ ავედი, ანტონიო მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და შეიძლება ითქვას, არც კი ვიცნობდი, ხოლო როდესაც მოგზაურობის მიზანს მივაღწიეთ და ღუზა ჩავუშვით იქ, სადაც აპოლონიოს როდოსელისა და სხვა ძველ მწერალთა ცნობით თავის დროზე არგონავტებმა ჩაუშვეს ღუზა, უკვე გულითადი მეგობრები ვიყავით. მოგზაურობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მართალია, ევქსინის პონტოზე ნაოსნობა მაშინაც ძლიერ საშიში იყო და ამიტომ ყველანი შეიარაღებულები და თავდასაცავად მომზადებულები ვიყავით, ღვთის წყალობით არავითარი ხიფათი არ შეგვმთხვევია. ანტონიოს გემზე განცალკევებით ეჭირა თავი. პირქუში კაცი ჩანდა, მიუკარებელი. პირველ ხანებში ამპარტავანიც კი მეჩვენებოდა. ასე მეგონა, რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ ვიცით, ამიტომ ყველას ზემოდან დაგვყურებს და თავს არ

გვიყადრებს-მეთქი. გაღიმებული არასოდეს მინახავს, ლაპარაკითაც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მეტწილად თავის ფიქრებში იყო ჩაღრმავებული და ჩვენცა და გემის დანარჩენი მგზავრებიც ნაკლებად ვაინტერესებდით.

მოგზაურობისას ჟამიდან ჟამზე თვრამეტივე ერთად ვიკრიბებოდით. ეს საჭიროც იყო და სასიამოვნოც. სასიამოვნო იმიტომ, რომ ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ვერთობოდით, რითაც მგზავრობის ერთფეროვნებას წარმატებით ვებრძოდით და, გარდა ამისა, ნაღვლიან ფიქრებს, რომლებსაც ბუნებრივად იწვევს ოჯახთან და ახლობლებთან განშორება (ეს განსაკუთრებით იმათ ეხებოდა, ვინც პირველად იყო ესოდენ ხანგრძლივ მოგზაურობაში), უფრო იოლად ვიგერიებდით. საჭირო კიდევ იმიტომ იყო, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი, შევკავშირებულიყავით,

დავახლოვებულიყავით, ყველა მოსალოდნელი გაუგებრობანი, რაც კი განსხვავებული ბუნებისა და ხასიათის გამო შეიძლება წარმოქმნილიყო, აქვე, გემზევე გაგვერკვია და ამოგვეძირკვა, რადგან უცხო ქვეყანაში ყოფნისას ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული ჩვენს ერთსულოვნებაზე, ერთმანეთის გატანაზე, ერთმანეთის ნდობასა და მხარში დგომაზე. ამგვარ შეკრებებს, ცხადია, ანტონიოც ესწრებოდა, მაგრამ ყოველთვის ჩუმად იჯდა ხოლმე თავისთვის და საუბარში მონაწილეობას არ იღებდა. ზოგჯერ თანამგზავრები მე, როგორც გამოცდილსა და მრავალ ქვეყანაში ნამყოფ კაცს, მთხოვდნენ, რამე გვიამბეო. მეც სიამოვნებით ვყვებოდი, თუკი სადმე საინტერესო რამ შემმთხვეოდა. ასეთ დროს რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ანტონიოს მზერას, მუდამ საკუთარი ფიქრებისაკენ ჩაბრუნებულს, მიმართულება შეუცვლია და ნახევრადმოჭუტული თვალების ჭროღა ნაპრალებში ცნობისმოყვარეობა გამკრთალა.

ამგვარ შემთხვევებში, ცოტა არ იყოს, სიამაყე შემომეპარებოდა, ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს ღირსეული მოწინააღმდეგე დამემარცხებინოს, და

ჩემდაუნებურად ვცდილობდი ამბისთვის მეტი ხატოვანება, მეტი ფერადოვნება, მეტი გამომსახველობა მიმენიჭებინა. ცხადია, ეს უგუნურება იყო, რადგან მე თვითონვე ვატყობდი, ამ გადამეტებული მონდომების გამოისობით როგორ ვკარგავდი თხრობის ბუნებრიობას და როგორ შემომეპარებოდა ხოლმე სიყალბე.

ჩვენი მისიის წინამძღოლი, რომელიც ამ შეკრებათა მოთავეც იყო (შესაძლებელია დავალებულიც ჰქონდა), ანტონიოს ადრევე იცნობდა. დანარჩენებმა ჩემსავით გემზე გაიცნეს. მისიის წინამძღოლს, ამ ერთადერთ ნაცნობს, ანტონიო მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა. მტრობდა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ სიყვარულით რომ არ უყვარდა, ეს აშკარა იყო. საერთოდ ალერსიანი და გულისხმიერი, მასთან ურთიერთობისას ერთბაშად ცივი, გულგრილი ხდებოდა და მკაცრად იცავდა წინამძღოლის კილოსა და მანძილს. მე ჩემი თანდაყოლილი ხასიათისა და მოგზაურობაში შეძენილი გამოცდილების წყალობით ყოველთვის იოლად ვპოულობდი ადამიანებთან საერთო ენას და მალე მართლაც ყველას დავუახლოვდი. ჩემი თანამგზავრები გულღია, კეთილი, ზნემაღალი ადამიანები იყვნენ, რომელთაც კარგად იცოდნენ თავიანთი ვალი როგორც იმ ქვეყნის წინაშე, საიდანაც მიემგზავრებოდნენ, ისე იმ ქვეყნის წინაშე, სადაც მიემგზავრებოდნენ. მათი მრჩეველი და მოკავშირე ყოველგვარ საქმეში იყო კეთილსინდისიერება, მოვალეობა და მოყვასის სიყვარული. ყველას დავუახლოვდი ანტონიოს გარდა. მე კი ყველაზე მეტად სწორედ ანტონიო მაინტერესებდა.

ძალიან მინდოდა ამ მარტოსული კაცის გულში ჩამეხედა და დამენახა, რა იმალებოდა იქ ისეთი, რომ უცხო ქვეყანაში მიმავალიც კი, სადაც ყველა ხიფათი სწორედ მარტო დარჩენილ, უამხანაგო კაცს ეძებს, გაგვირბოდა და თავს გვარიდებდა. ერთხელაც დრო შევარჩიე და წინამძღოლს ჩამოვუგდე მასზე სიტყვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ გადაიტანა საუბარი სხვა საგანზე. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რაკი ერთმანეთი არ უყვარდათ, სავსებით ბუნებრივი იყო, წინამძღოლს არ მოესურვებინა ანტონიოზე ლაპარაკი და სიტყვა ბანზე აეგდო. და თუ მაინც წამოვიწყე საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მქონდა, დროის იმ მცირე მონაკვეთში, სანამ სხვა საგანზე გადავიდოდა, რაღაც შეეტყობოდა ან ხმის კილოში, ან მოძრაობაში, ან გამომეტყველებაში ისეთი, რაც ნაწილობრივ მაინც გამიწევდა პასუხის მაგივრობას. მაგრამ წინამძღოლი ურთიერთობაში კარგად გაწაფული კაცი აღმოჩნდა და, რისი დამალვაც ეწადა, იოლად მალავდა.

მიუხედავად სისწრაფისა, ისე მსუბუქად და შეუმჩნევლად გადაიტანა საუბარი სხვა საგანზე, ხელმოსაჭიდი და კვალზე დასაყენებელი არაფერი დამიტოვა. ერთი-ორჯერ გადავწყვიტე პირდაპირ მივსულიყავი ანტონიოსთან და გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ თავის დამცირების მეშინოდა და ბოლო წამს მუდამ უკან ვიხევდი: დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ უკარება და, როგორც მაშინ მეგონა, ქედმაღალ კაცს სულ ადვილად შეეძლო მოურიდებლად შემოექცია ზურგი და უხეშად გავეწბილებინე. მაგრამ ერთ დღეს ანტონიო თვითონ გამომელაპარაკა.

წყნარი საღამო იდგა. მე საქმე მოვითავე და გემბანზე ავედი. ზღვა მშვიდი იყო, უმოძრაო, სარკესავით სწორი და კრიალა, ცა – მოწმენდილი და ღრმა. მზე ჰორიზონტზე დაშვებულიყო, წყალს უკვე შეხებოდა და ნელ-ნელა იწყებდა ჩაყურყუმალავებას. ანტონიო გემბანის კიდეზე იდგა ჩემკენ ზურგშექცევით, ხელები მკერდზე დაეკრიბა და მზის ჩასვლის თვალწარმტაც სურათს გასცქეროდა. საღამოობით სხვა დროსაც შემიმჩნევია გემბანზე. ზოგჯერ საათობით იდგა ხოლმე ასე და ზღვის უკიდეგანო სივრცეს გაჰყურებდა. მე შემეშინდა, არ ეგონოს საუბრის გაბმას ვუპირებ-მეთქი, და გადავწყვიტე გემბანის მეორე მხარეს წავსულიყავი. სწორედ ამ დროს შემეხმიანა. თავი არ მოუბრუნებია, პოზა არ შეუცვლია, არც კი შერხეულა, ისე გამომძახა ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ:

კეთილშობილო ბართოლომეო! რაკი დამიძახა, მეც მისკენ წავედი. – საღამო მშვიდობისა.

საღამო მშვიდობისა, – მიპასუხა მან. მერე სულ ახლო რომ მივედი და გვერდით ამოვუდექი, დასძინა, – არ გიყვართ მზის ჩასვლის ცქერა?

მზის ჩასვლის ცქერა მიყვარს. ოღონდ ის არ მიყვარს, ჩემი გამოჩენით ვინმეს მყუდროება დავურღვიო.

ანტონიომ ახლაღა მოატრიალა თავი. სახეში შემომხედა და ჩვენი ნაცნობობის მანძილზე პირველად გაიღიმა. დიდი კბილები ჰქონდა, ცოტა უსწორმასწორო და არცთუ მთლად თეთრი, მაგრამ ღიმილი უხდებოდა. ამ ღიმილის წყალობით ნახევრადმოჭუტულ თვალებში სითბო ჩაუდგა და სახის კუშტი გამომეტყველებაც გაუქრა. მერე თავი ისევ ჩამავალი მზისკენ მიატრიალა. დისკოს ერთი მესამედი უკვე წყალში იყო, ხოლო იმას, რაც ჯერ კიდევ წყალზემოთ ჩანდა, წინ თეთრი ღრუბლის პატარა, ვიწრო ზოლი გასდევდა და შუაში ჰყოფდა. მზე ნელ-ნელა იწევდა დაბლა, მალე ღრუბლის ზოლს ჩასცდა და ბოლოს სულ ჩაიძირა ზღვაში.

სხივები ერთხანს კიდევ ლივლივებდა ცის კაბადონზე. მერე ისიც გაქრა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. ანტონიო ახლა ჩამუქებულ ზღვას გადასცქეროდა. მეც ზღვას გადავქცეროდი და ველოდი, რომ რაკი თვითონ შემეხმიანა, თვითონვე გამომელაპარაკებოდა. მცირე დუმილის მერე მართლაც გამომელაპარაკა.

წარმოიდგენთ, რომ ამ ხნის კაცი ხომალდზე პირველადა ვარ? – ამ სიტყვებით ისევ ღიმილით შემომხედა, – თქვენ იმდენი გიმოგზაურიათ, ალბათ მობეზრებულიც გექნებათ.

არა. მოგზაურობა ისე მიყვარს, ალბათ არასოდეს მომბეზრდება.

უცნაურია... – დაფიქრებით თქვა ანტონიომ.

უცნაური? რატომ?

უცნაურია, რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა არა.

განა ეს ასე ძნელია?

არ ვიცი... მე, მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიაც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები. მე გამეცინა.

წეღან უკან არ მოგიხედავთ, მაგრამ ისე დაბეჯითებით შემეხმიანეთ, არა მგონია ეჭვი შეგპარვოდეთ, რომ მე ვიყავი. ამაზე მასაც გაეცინა.

ეს უბრალო გულთმისნობაა. როგორც კი ფეხის ხმა შემომესმა, გონების თვალწინ მაშინვე თქვენ დამიდექით.

მერედა ეს უფრო უცნაური არ არის?

არა. გულთმისნობა იოლი ხელობაა, კაცი თუ ცოტა დაკვირვებული ხარ. მე შემჩნეული მაქვს, რომ საღამოობით თქვენც ჩემსავით გიყვართ გემბანზე გამოსვლა. ეს არის და ეს.

მართლა იოლი ყოფილა!

რაც ამოხსნილია, ყველაფერი იოლია.

საუბრის ძაფი ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გაიბა. მალე ჩვენს მოგზაურობაზე დავიწყეთ ლაპარაკი და გამოირკვა, ანტონიომ არა მარტო კარგად იცოდა ყველაფერი, რაც კი ძველ და ახალ მწერლებთან მოიძევებოდა კოლხეთ-იბერიის შესახებ, არამედ ღრმადაც ეფიქრა ამ ცნობებზე, ერთმანეთთან შეეჯერებინა და არაერთი საინტერესო დასკვნაც გამოეტანა.

როდესაც გაიგო, მე ცოტ-ცოტას ვლაპარაკობდი ქართულს, ჯერ გაუკვირდა, მერე გაეხარდა და მთხოვა, მეც მასწავლეო. მე სიამოვნებით დავთანხმდი და იქვე შევუდექი საქმეს. ანტონიო ნელა, დაფიქრებით იმეორებდა უცხო სიტყვებს და ყურადღებით აკვირდებოდა მათ ჟღერას. მალე მისი გალჩათხრობილობის, ქედმაღლობისა და პირქუშობისაგან კვალიც არ დარჩენილა. ჩემს წინაშე იყო გულღია, გონებამახვილი კაცი, რომელიც სითბოს სითბოთი პასუხობდა და კეთილმოსურნეობას

კეთილმოსურნეობით. მაშ ის კუშტი განმარტოება, რომელშიაც მე ჩემი დაუკვირვებლობით ამპარტავნობასაც კი ვხედავდი, გამოწვეული ყოფილა არა ხასიათით, არამედ რაღაც სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით. მეორე დღეს ძველი მეგობრებივით შევხვდით ერთმანეთს, საღამოს კი გემბანიდან კვლავ ერთად გავცქეროდით მზის ჩასვლას... მზე რომ ზღვაში ჩაიძირა და ბინდი ჩამოწვა, ამ ბინდმა თითქოს კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენ გვერდიგვერდ ვიდექით და მე ვგრძნობდი, რომ სიჩუმე ჩვენი საუბრის გაგრძელებას წარმოადგენდა. ეს ის სიჩუმე იყო, რომელიც კი არ თიშავს ადამიანებს, არამედ აკავშირებს. გულის გადაშლისკენ უბიძგებს და მეგობრობის საიმედო გზა გაჰყავს. ამ მეტყველი სიჩუმითა და იდუმალ-საამო ბინდით ოდნავ გაბრუებულმა, მე ჩუმად ვთქვი:

ყმაწვილობაში, მას შემდეგ, რაც პირველად წამაკითხეს წმინდა სახარება, სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ გავიზრდები, ზღვა ფეხდაფეხ უნდა გადავიარო-მეთქი. – მერე? ვერ გადაიარეთ? მე გამეცინა.

ვერა. თანდათან დავრწმუნდი, რომ იესო ქრისტეს მაგალითი მე არ გამომადგებოდა, რადგან იესო ქრისტეს, ჩემგან განსხვავებით, ღვთაებრივი ბუნება ჰქონდა. ამაზე ანტონიომ უეცრად სერიოზული ინტერესით მკითხა:

ღვთაებრივი ბუნება რა არის, ბართოლომეო? მე წამით დავიბენი. მერე ვამჯობინე კითხვაზე კითხვითვე მეპასუხა:

ეჭვი გეპარებათ, რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ჰქონდა?

მე არ ვიცი, რა არის ღვთაებრივი ბუნება, – თქვა ანტონიომ და მის ხმაში მოულოდნელად თითქოს რაღაც ნაღვლიანი დაცინვა გაისმა, – რადგან ვიცი, რომ ღმერთი უბუნებოა. – მერე გულღიად გაიცინა და დაუმატა, – კიდევ ის ვიცი, რომ, თუ ჯერ არ გაუფრთხილებიხართ, რომ ჩემთან ამ საგანზე საუბარი არ შეიძლება, მალე უეჭველად გაგაფრთხილებენ. მე გაკვირვებით შევხედე. იგი ზღვას გასცქეროდა და მისი პროფილი ფართო, მაღალი შუბლითა და ჟღალი წვერით, რომელიც ბინდის გამო ახლა უფრო მუქი ჩანდა, წყლის შავ ფონზე უცნაური და არაბუნებრივი მეჩვენა, თითქოს ნამდვილ პროფილს კი არა, პროფილის ვეება ჩრდილს ვუყურებდი.

იმ ღამეს, ჩემს კაიუტაში მარტო დარჩენილი, დიდხანს ვფიქრობდი ანტონიოს სიტყვებზე და დროდადრო თვალწინ დამიდგებოდა მისი პროფილი – ვეება, არაბუნებრივი ჩრდილი ჩამუქებული ზღვის ფონზე – უცნაური, იდუმალი და სახიფათო. წინასწარმეტყველება კი სულ მალე ამიხდა. ერთ დღეს წინამძღოლმა თავის კაიუტაში მიხმო. წინამძღოლს ფორმალურად მხოლოდ ღვთის მსახურები ემორჩილებოდნენ და მისმა გამოგზავნილმა კაცმა დანაბარები თავაზიანობის ყველა ნორმის დაცვით გადმომცა: მამა სებასტიანეს თქვენი ნახვა სურს და, თუ დრო გექნებათ, ეგებ ნასადილევს ცოტა ხნით ეწვიოთო. სინამდვილეში წინამძღოლის თხოვნა განკარგულებას ნიშნავდა, რადგან სამეფო კარმა გამომგზავრების წინ მას განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, რომელიც შეხედულებისამებრ ყოველ წუთს შეეძლო გამოეყენებინა, და საამისოდ საიდუმლო სიგელიც უბოძა. ეს ყველამ ვიცოდით.

ამიტომ დანიშნულ დროს ვეახლე. წინამძღოლი, როგორც საერთოდ ჩვეოდა, თავაზიანად და გულთბილად შემხვდა. მისი კაიუტა უბრალოების ნიმუშს წარმოადგენდა. ერთი მაგარი და უხეში ხის ტახტი ედგა, უბრალო მაგიდა და ორი უბრალო სკამი. ამ ოთახში ფასეული მხოლოდ შანდალი იყო, რომელიც მაგიდაზე იდგა, და მაცხოვრის გარდამოხსნა, რომელიც მაგიდის ზემოთ, კედელზე ეკიდა. სხვა მხრივ იქაურობა უფრო განდეგილის სენაკს ჰგავდა, ვიდრე გემის კაიუტას. თავად წინამძღოლიც განდეგილს ჰგავდა. მაღალ-მაღალი კაცი იყო, ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ისეთი გამხდარი, არათუ ქონი, ხორცის ნატამალიც კი არ ეტყობოდა. თვალის უპეები და ლოყები ჩაცვივნული ჰქონდა, შუბლი და ხელები – დანაოჭებული, თვალები – გამოღამებული.

თუმცა ამ გამოღამებულ თვალებს რომ მოგაპყრობდათ, ისეთი გრძნობა გეუფლებოდათ, თითქოს შიშველი იყავით. წინამძღოლმა პირჯვარი გადამწერა, ერთ-ერთ, შედარებით უკეთეს სკამზე დამსვა, მეორეზე თვითონ დაჯდა და წყნარი, გულითადი საუბარი გამიბა. ჯერ ზოგად საგნებზე ილაპარაკა, რომლებიც არც არაფერს მავალებდა და არც რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვდა. მერე ჩემს ჩამომავლობას შეეხო. გაიხსენა ჩემი წინაპრები და ხანგრძლივად შეჩერდა მამაჩემზე, რომელსაც თურმე პირადად იცნობდა. აქ უკვე მენიშნა ანტონიოს წინასწარმეტყველება და ყურადღება მოვიკრიბე.

მამაჩემზე დიდხანს ილაპარაკა და საქებარი სიტყვებიც უხვად დახარჯა. უმამაცესი კაცი იყოო, თქვა, მრავალი სახელოვანი გამარჯვება მოიპოვაო, მის ძალგულოვნებას, გამჭრიახობას, სამხედრო ხელოვნების დიდ ცოდნას მტრებიც კი აღტაცებაში მოჰყავდაო, მთელი სიცოცხლე ტახტის ერთგულებას შესწირაო. ბოლოს ჩემზე გადმოინაცვლა:

შენ კი, შვილო ჩემო, ბართოლომეო, მამაშენის ღირსეული მემკვიდრე გამოდექი და ახალგაზრდობის მიუხედავად უკვე დიდი ამაგი დასდე სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც. მე აღტაცებული ვარ შენი გაბედული მოგზაურობებით, რომლებიც მრავალ ხიფათს გიქადდა. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ, საცა კი იყავი, კარგი სახელი დატოვე. ამ მოგზაურობებმა სახელმწიფოს მრავალი ახალი მეგობარი შესძინა და სავაჭრო არხებიც დიდად გაუფართოვა, ხოლო შენს მიერ გაკვალულ გზას შემდგომში არა ერთი და ორი მისიონერი დაადგა, რათა უცხო ქვეყნებში ქრისტეს რჯული ექადაგებინათ და ჭეშმარიტი რწმენა შეეტანათ. მე მქონდა პატივი წამოსვლის წინ მის უდიდებულესობასთან ვყოფილიყავი დარბაზობაზე და შემიძლია დაგარწმუნო, შვილო ჩემო, რომ მისმა უდიდებულესობამ ქებით მოიხსენია შენი ღვაწლი.

გმადლობთ, მამაო სებასტიანე. ჩემი მცირე ღვაწლი მისი უდიდებულესობის ყურადღების ღირსი არ არის.

მისი უდიდებულესობა შენგან კვლავაც ერთგულ სამსახურს მოელის.

მე დიდად ვაფასებ მისი უდიდებულესობის ნდობას და ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.

წინამძღოლი ჩემი პასუხით, ეტყობა, კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი ნაოჭებით დაღარული შუბლი ცოტა გაიშალა. ერთხანს ჩუმად იყო და სადღაც ჩემს მიღმა იყურებოდა. მერე თავისი ღრმად ჩამსხდარი თვალები კვლავ მომაპყრო და ისე მომაბჯინა, მეგონა, ჩემს ძარღვებში სისხლის მოძრაობას აკვირდება-მეთქი. მიყურა, მიყურა და ბოლოს ტკბილად მითხრა:

მაგ ანტონიოს ერიდე, შვილო, ნუ გაუშინაურდები.

რატომ, მამაო სებასტიანე?

იმიტომ, რომ ღვთისმგმობელია და მკრეხელი. გვამში ეშმაკეული უზის. ჯვარი აქაურობას! – ამ სიტყვებზე თვითონაც გადაიწერა პირჯვარი და მეც გადამწერა, – თავად წაწყმედილია და სხვათა ცდუნებასაც ლამობს. გაკვირვებისაგან მგონი პირიც კი დავაღე. ანტონიოს წინასწარმეტყველების შემდეგ წინამძღოლის მხრივ მამაშვილურ შეგონებასა და გაფრთხილებას კი მოველოდი, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი! ანტონიოს გვამში ეშმაკეული?! მე ანტონიოს მიმართ უკვე ისეთი სიმპათიით ვიყავი გამსჭვალული, რომ წინამძღოლის ნათქვამის დაჯერება საკუთარი უგუნურობისა და ბრმა მიამიტობის აღიარება იქნებოდა. არადა, წინამძღოლმა თავისი თავის ფასი იცოდა და სიტყვებს ქარს არ ატანდა.

მამაო სებასტიანე, ნუთუ ასეთი განათლებული და გონიერი კაცი...

განათლება, შვილო ჩემო, რწმენას არ განამტკიცებს, – შემაწყვეტინა წინამძღოლმა და ამ დროს მისი ხმის კილოში სულ ოდნავ შემოიპარა უფლებამოსილება და შესაძლოა მოუთმენლობაც, – მეტიც: თუ რწმენა მკვიდრ ნიადაგზე არაა დაფუძნებული, განათლება ადვილად იქცევა ცდუნებად. ეგ ანტონიო თავის დროზე მოძღვარი იყო და მრევლი ებარა. მაგრამ მალე მიატოვა ეკლესია და რამდენიმე წელი უდაბნოში ცხოვრობდა განდეგილად.

რას აკეთებდა ამ ხნის მანძილზე, არავინ იცის. ეტყობა, მაშინ მიჰყიდა სული ეშმაკს. შესაძლებელია, სწორედ განათლების საფასურად. უდაბნოდან რომ დაბრუნდა, წმინდა კათოლიკური ეკლესიის გმობა დაიწყო. რამდენიმე მალემრწმენიც აიყოლია. დოგმების უარყოფას მოითხოვდნენ, ეკლესიის მსახურთ ჩირქსა სცხებდნენ და კიდევ ბევრ საძრახის საქმეს ჩადიოდნენ, რის გამოც ყველანი შეიპყრეს და წმინდა ინკვიზიციის სამსჯავროს გადასცეს.

სამსჯავროზე მრავალმა ფეხის ხმას აყოლილმა გულწრფელად მოინანია შეცოდება და წმინდა ინკვიზიციამაც მათ დიდსულოვნად შეუნდო. ესა და სხვა სამი ცოდვილი, რომლებიც ეშმაკეულის მიერ იყვნენ გათანგული, ჯიუტად იდგნენ თავისაზე და ამტკიცებდნენ, კათოლიკურმა ეკლესიამ ჩვენი უფალი მაცხოვრის მოძღვრება გააუკუღმართაო. წმინდა ინკვიზიციამ ოთხივე მათგანს კოცონზე დაწვა გადაუწყვიტა. სამი ცოდვილის მიმართ განაჩენი ასრულებულ იქნა, ამან კი დიდგვაროვნებისა და გავლენიანი მეგობრების წყალობით სასჯელს თავი დააღწია.

ამ პროცესის ამბავი მე ყურმოკვრით ვიცოდი. იმ დროს მოგზაურობაში ვიყავი და, როცა დავბრუნდი, უკვე თავდებოდა მითქმა-მოთქმა. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. რაც ჩვენს თვალწინ არ ხდება, იმას ყოველთვის ნაკლებად განვიცდით.

ახლა კი წინამძღოლის ნაამბობმა ერთიანად შემძრა. მაშ, აი თურმე რა ყოფილა ანტონიოს გულჩახვეულობისა და განკერძოებულობის მიზეზი! ერთხანს ორივენი ჩუმად ვიყავით. მერე ვკითხე:

ჩვენთან ერთად რაღად გამოგზავნეს? განა რა განსხვავებაა, ეშმაკეული ერთ საქრისტიანო ქვეყანაში იქნება თუ მეორეში?

ის ქვეყანა, სადაც ჩვენ მივდივართ, მუსულმანთა ალყაშია მოქცეული. ამიტომ იქ იმდენად არეულ-დარეულია ყველაფერი, ერთი ანტონიოთი მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, – აქ წინამძღოლი გაჩუმდა და ერთი გამომცდელად შემომხედა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა. მერე დასძინა, – იქ მფარველები არ ეყოლება.

ამ ნათქვამიდან მე სამი დასკვნა გამოვიტანე. ერთი ის, რომ ეკლესიას მართლა დიდი შიში ჰქონია ანტონიოსი, რაკი, როგორც კი შემთხვევა მიეცა, ქვეყნიდან გააძევა. მეორე – ანტონიოს მეგობრები მართლა დიდად გავლენიანი ხალხი ყოფილა, თუკი ეკლესიამ მათ ანგარიში გაუწია მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშიშ კაცთან ჰქონდა საქმე. და მესამე – ანტონიოს კვლავ ხიფათი ელოდა. ვინ იცის, ეს ხიფათი დაგეგმილი და მომზადებულიც კი იყო.

ასე რომ, შვილო ჩემო, – ჩამესმა ამ დროს წინამძღოლის ხმა, – გიჯობს მაგ კაცისგან შორს დაიჭირო თავი.

მე ვიცოდი, რომ ანტონიოს ეგრე იოლად ვერ შეველეოდი. წინამძღოლმა კი თავისი ნაამბობითა და რჩევა-დარიგებით მისდაუნებურად კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი. მაგრამ არც იმის დაშვება შემეძლო, რომ მე და ანტონიოს ურთიერთობას აკრძალვის ბეჭედი დასმოდა და ქურდული ხასიათი მიეღო. ამიტომ წინამძღოლს თვალი გავუსწორე და ვუთხარი:

მამაო სებასტიანე, ჩემი რწმენა მტკიცეა. ვინც ცდუნებას ემალება, ის უძლურია. ძლიერი ის არის, ვინც ცდუნებას ამარცხებს. მე არ მეშინია.

წინამძღოლს ჩემი სენტენცია, ეტყობა, არ მოეწონა, რადგან შუბლზე კიდევ უფრო მოუმრავლდა ნაოჭები, და თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა, მის ხმაში მაინც გაისმა შორეული სუსხი:

რა თქმა უნდა, შვილო ჩემო, სრული უფლება გაქვს ისე მოიქცე, როგორც უმჯობესად მიგაჩნია. მე მხოლოდ გაგაფრთხილე, ვინაიდან ეს ჩემი მოვალეობა იყო. წინამძღოლთან საუბარს ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. მართალია, პირველ ხანებში ჩემდაუნებურად ვფრთხილობდი და, როცა ანტონიოს ველაპარაკებოდი, სიტყვებს უფრო დაკვირვებით ვწონიდი, ვიდრე საერთოდ მჩვევია, მაგრამ მალე ამანაც გამიარა. ახლა ერთადერთი კვალი წინამძღოლის დარიგებიდან ის დარჩა, რომ ეკლესიასა და რელიგიაზე ლაპარაკს ვერიდებოდი. თუმცა ამ საქმეში თავად ანტონიოც მეხმარებოდა.

იგი ჩემზე მეტი გულმოდგინებით გაურბოდა ამ საგანზე საუბარს. სამაგიეროდ დიდი გატაცებით ვასწავლიდი ქართველთა ენას და ისიც დიდი გატაცებით სწავლობდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, გამუდმებით იმეორებდა უცხო სიტყვებს და თვალსაჩინო წარმატებასაც აღწევდა. ამას გარდა სხვაც ბევრი რამ ვიპოვეთ ისეთი, რაზედაც არასოდეს გვწყინდებოდა საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. აქამდე მე ჩემი თავი განსწავლული კაცი მეგონა, მაგრამ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი ანტონიოს და რაც უფრო მეტს ვბაასობდით, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ შემცდარი ვყოფილვარ. მართალია, მე მასზე არანაკლებ ნაკითხი ვიყავი, ნახვით კი მოგზაურობისადმი ჩემი მიდრეკილების გამო მეტიც მენახა, მაგრამ ჩემი განსწავლულობა ცოდნის დაგროვება იყო, მისი კი – ცოდნის შესისხლხორცება.

მე ცოდნა მქონდა როგორც ნივთი, როგორც საუნჯე, რომელსაც მეხსიერების სკივრში ვინახავდი და, როცა მინდოდა, მაშინ გამოვფენდი, ის ცოდნას საზრდოდ ხმარობდა, მისთვის ცოდნა პური იყო, რომელიც მის არსებაში იხსნებოდა და სიცოცხლის ნიშნად იქცეოდა. მალე ისე დავახლოვდით, რომ წინამძღოლთან ამასწინანდელი საუბარი თანდათან სინდისის ქენჯნად მექცა.

წინამძღოლს მაშინ არ უთქვამს, რაც გითხარი ჩვენს შორის უნდა დარჩესო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თავისთავად იგულისხმებოდა. დღემდე ამ უსიტყვო პირობას პატიოსნად ვასრულებდი. ახლა პატიოსნება ჩემგან სწორედ პირობის დარღვევას მოითხოვდა, რადგან მე და ანტონიო უკვე მეგობრები გავხდით, მე კი მის შესახებ საიდუმლო ცნობები მქონდა. ვგრძნობდი, რომ ბოლოსდაბოლოს ეს რელიგიასთან და კათოლიკურ ეკლესიასთან მიგვიყვანდა, მაგრამ გაჩუმებაც უკვე აღარ შემეძლო და ერთხელ ვუთხარი:

წინამძღოლი ცუდი თვალით გიყურებს.

ვიცი, – უბრალოდ, თითქმის დაუდევრად მიპასუხა ანტონიომ.

გახსოვს, ამასწინათ რომ მითხარი, გაგაფრთხილებენო? – მახსოვს. გაგაფრთხილეს?

გამაფრთხილეს. წინამძღოლმა დამიბარა და მირჩია, თავი შორს დამეჭირა შენგან.

წინამძღოლის რჩევა ბრძანების ტოლია, ბართოლომეო. – ვიცი.

მერე?

ერეტიკოსიაო, მამა სებასტიანემ. მართლა ერეტიკოსი ხარ?

ანტონიომ გამომცდელად შემომხედა.

ეკლესიას მე ვგონივარ ერეტიკოსი, მე კი ეკლესია მგონია ერეტიკოსი. ძნელი დასადგენია, სიმართლე ვის მხარესაა, რადგან ეკლესიის მხარეს ძალა-უფლებაა. – აქ ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე თქვა, – კარგია, რომ გაგაფრთხილა წინამძღოლმა. მან იცოდა, რომ არ გაუგონებდი, მაგრამ ისიც იცოდა, მისი რჩევა უკვალოდ არ ჩაივლიდა. მისგან გაფრთხილებული იოლად არაფერს დამიჯერებ და სწორადაც მოიქცევი. – ისევ გაჩუმდა და შედარებით დიდხანს იყო ჩუმად. ბოლოს განაგრძო, – ტანჯვაა, ბართოლომეო, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შენს აზრს თავისუფლად არ გათქმევინებენ. რომ შეეძლოთ, თავისუფლად ფიქრსაც აგიკრძალავდნენ.

პაპი ჩვენსავით ადამიანია და ჩვენსავით შეუძლია შეცდეს. მას კი თავი შეუმცდარი ჰგონია, ამიტომ ბრმად მიგვერეკება, საითაც სურს. თვალი ღვთითა გვაქვს, ბართოლომეო, და სახედველად მოგვეცა, ისინი კი ჩვენს მაგივრად თვითონ იყურებიან და გვაიძულებენ თეთრი ვთქვათ იმაზე, რასაც შავად ვხედავთ. აზრიც ღვთითა გვაქვს და განსასჯელად მოგვეცა, ისინი კი გვაიძულებენ ჩვენი აზრი ჩავიხშოთ და მათი აზრის კვალობაზე ვსაჯოთ. იესო ქრისტე დოგმებს ებრძოდა. რა იცოდა, რომ მისი მიმდევრები ძველი დოგმების ადგილას ახალს დაამკვიდრებდნენ და ძველი ფარისევლების ადგილას ახლებს დააყენებდნენ!

რა იცოდა? მაშ შენ მართლა ფიქრობ, რომ უფალი ჩვენი მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი იყო?

არა, ბართოლომეო, მე სულ სხვა რამეს ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ბუნების კანონი ერთია და განუყოფელი და მას ყოველი ხორციელი ემორჩილება.

მაგრამ უფალი...

მე არა მგონია, ღმერთი თეატრონს მართავდეს, ბართოლომეო. ხორციელად დაბადებულ ღმერთს რომ ის დაჰყვეს, რასაც შენ ერთხელ „ღვთაებრივი ბუნება” უწოდე, ყველაფერი იოლი და მარტივი იქნებოდა. ღმერთს შეუძლია ერთი ბუნებიდან მეორეში გადავიდეს, მაგრამ არ შეუძლია ერთი ბუნების კანონი მეორეში წაიღოს, რადგან ამით სწორედ იმას დაარღვევდა, რაც თავისი ყოვლისშემძლეობის მეოხებით დაურღვეველი და აბსოლუტური შექმნა. არა, ბართოლომეო, ხორციელად

დაბადებული ღმერთი ადამიანი უნდა იყოს, უკეთესი ადამიანთა შორის, მაგრამ მაინც ადამიანი. და იმ კანონებს უნდა დაემორჩილოს, რასაც მე და შენ ვემორჩილებით. – ანტონიო კვლავ გაჩუმდა, ხელები, რომლებიც აქამდე მკერდზე ჰქონდა დაკრებილი, ჩამოუშვა და მერე რაღაც თბილი, თითქოს შემრიგებლური კილოთი განაგრძო, – ეს ჩემი კერძო აზრია, ბართოლომეო, და იგი შეიძლება ისეთივე მცდარი იყოს, როგორც პაპის ან რომელიმე კარდინალის აზრი. მაგრამ მე არ მოვითხოვ, ჩემი ნათქვამი ჭეშმარიტებად აღიარეთ-მეთქი. დამიმტკიცონ, რომ ვცდები, და მეც უყოყმანოდ უარვყოფ.

მაგრამ ის ათასი ყური და ათასი გული, რომელიც ამასობაში გაიგონებს და იტაცებს ამ შენს ნათქვამს, რაკი ერთხელ თავში ჩაეჭედება, ასე უყოყმანოდ აღარ უარყოფს. ამის შიში აქვს ეკლესიას.

ეგ მართალია, მაგრამ იმავე ათას ყურსა და ათას გულს ახლა ეკლესიის ქადაგება აქვს ატაცებული, რომლის ჭეშმარიტება ასევე დაუდგენელია. ჩემთვის დოგმაა ის, რაც უფლის ბაგეთაგან გამოსულა და რასაც წმინდა მახარებლები მოგვითხრობენ, ის კი, რაც შემდგომ ეკლესიამ მიაბა და მიაკოწიწა, სადაო და შესამოწმებელია.

ადამიანის გული და გონება იმგვარია, რომ ყოველ კაცს შეიძლება განსხვავებული აზრი და შეხედულება ჰქონდეს. ასეთ ვითარებაში დავა შეიძლება უსასრულო და ამიტომ უაზროც იყოს, და ამ უსასრულო გზაზე, ვინ იცის რწმენა, ის მთავარი, რის გამოც ვდაობთ, სულ დაგვეკარგოს. დიდი სოკრატე არა სცნობდა ათენელთა კანონებს, მაგრამ უყოყმანოდ კი ემორჩილებოდა.

სახელმწიფო კანონებს ადამიანები ქმნიან და ადამიანებსვე შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ახლით შეცვალონ. როცა საქმე დროებითსა და წარმავალს ეხება, უმცირესობა მოვალეა უმრავლესობას დაემორჩილოს და შეეგუოს იმას, რაც მისი აზრით სწორი არ არის. რელიგია სხვა რამეა. ჭეშმარიტება ერთია და მარადიული. რწმენა კი ღვთის გზაა. ადამიანს, თუნდაც იგი ათასჯერ პაპი იყოს, არც შესწორება შეუძლია მისი და არც შეცვლა. სხვის რწმენას ვერ შეეგუები და ვერ დაემორჩილები, თუ იგი შენიც არ არის. ჩემი რწმენა და ჩემი გზა სხვაა, პაპისა და ჩვენი წინამძღოლის რწმენა და გზა – სხვა. ანტონიო გაჩუმდა. მე ამით ვისარგებლე და, ჩემი ჭკუით, შევეცადე საუბარი სხვა კალაპოტში გადამეგდო, ვინაიდან ის კალაპოტი, რომელშიაც მიედინებოდა, სახიფათო მეჩვენა.

ჩვენს წინამძღოლს, როგორც გავიგე, ადრევე იცნობდი.

პროცესზე გავიცანი, - აქ ანტონიომ წეღანდელივით გამომცდელად შემომხედა და დასძინა, - ერთი მსაჯულთაგანი იყო. არ უთქვამს?

ეს რომ მკითხა, უცნაური მოლოდინით შემომაცქერდა. თან რაღაც გაუგებარი აღელვება ეტყობოდა.

არა. პროცესის ამბავი მითხრა, მაგრამ, თვითონ თუ მონაწილეობდა, არ უთქვამს. უეცრად მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ანტონიოს სახე შეეცვალა. გაფითრდა და გამომეტყველება ძველებურად კუშტი გაუხდა. ერთხანს გახევებული იდგა, მერე შებრუნდა და შორეულ სივრცეს მიაშტერდა. მე ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად რაღაც საჩოთიროსა და მტკივნეულს წამოვედე, მაგრამ ვერც ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი, რომ ეს საშიში დუმილი დამერღვია და საუბრისთვის ისევ შემეცვალა მიმართულება. ძალიან დიდხანს ვიყავით ჩუმად. ბოლოს ანტონიომ შეცვლილი, მოგუდული და, როგორც მომეჩვენა, ცოტა ნაძალადევი ხმით დაიწყო:

კარგია, რომ წინამძღოლს პროცესის ამბავი უთქვამს. დღეს თუ ხვალ მე მაინც გიამბობდი. აქამდეც არაერთხელ დავაპირე, მაგრამ დაწყება მიჭირდა. ახლა, რაკი მთავარი ცნობილია შენთვის, დანარჩენს უფრო მშვიდად გეტყვი. ყური დამიგდე, ბართოლომეო, ეს ჩემი აღსარებაა და მას პირველი შენ ისმენ... მე ძმობის მოთავედ ვითვლებოდი და მართლაც მოთავე ვიყავი, მაგრამ მოთავე ვიყავი იმის გამო, რომ პირველმა ავიმაღლე ხმა, თორემ სხვა მხრივ ჩემი სულიერი მოძმეები – მე მხედველობაში მყავს ის სამი, რომლებიც ბოლომდე რწმენის ერთგულნი დარჩნენ, და არა დანარჩენები, ვინც, ღმერთმა შეუნდოს, უარყვეს ძმობა და ყოველივე მოინანიეს, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინათ – ბევრად მჯობდნენ.

მათი რწმენა ჩემს რწმენაზე ღრმა იყო, მათი სული ჩემს სულზე ძლიერი, მათი გონება ჩემს გონებაზე ნათელი და მათი ცოდნა ჩემს ცოდნაზე ვრცელი. მე, ისევე როგორც ამ სამ მოძმეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სასამართლო კოცონზე დაწვას გადაგვიწყვეტდა, მაგრამ, როდესაც განაჩენი გამოგვიცხადეს, უეცრად ტანში გამბურძგლა, მთელ სხეულში რაღაც მწვავე, ძლიერმა სიმხურვალემ შანთივით დამიარა და ვიგრძენი, რომ ბალანი ამეშალა. ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდა და ამ ერთი წამის განმავლობაში მე ვცდილობდი სულის გადარჩენილი ძალები მომეკრიბა, რათა ფერი არ შემცვლოდა და ამ შემაძრწუნებელ სიმხურვალეს, რომელიც ალბათ შიში იყო, სახეზე არ გამოეჟონა. მივაღწიე თუ არა საწადელს, არ ვიცი, მაგრამ, ეს წამიერი სიძაბუნე სინდისზე მწარედ დამაწვა. გულზე რაღაც მწიწკნიდა და ჩემი სხეული მეზიზღებოდა, როგორც უბოროტესი მტერი. როდესაც სასამართლო დარბაზიდან გაგვიყვანეს და კვლავ საკანში შეგვლალეს, მე უპირველეს მოვალეობად მივიჩნიე, ეს ჩემი სისუსტე ჩემი მოძმეებისთვის გამემხილა და მეღიარებინა, რომ ჩემს რწმენას სისრულე აკლდა.

როგორც გამოირკვა, მათაც იგივე დამართნოდათ. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს და მაშინ მე ეჭვი არ შემპარვია, რომ სიმართლეს მეუბნებოდნენ. ის ღამე ლოცვაში გავატარეთ, ჩვენი სულები ღმერთს შევავედრეთ და, როდესაც საკნის ვიწრო სარკმელში სინათლის პირველი სხივი შემოიჭრა, ოთხივენი მზად ვიყავით მშვიდად და უდრტვინველად მიგვეღო სასჯელი. განაჩენის აღსრულება საღამოსთვის იყო დანიშნული, დილის მეათე საათზე კი შეწყალების ცნობა მივიღე. ციხის დარაჯმა საკნის რკინის კართან თითით მიმიხმო და საიდუმლოდ მითხრა, შეწყალებული ხარო, თან დაატანა, ბრძანებას შენი განთავისუფლების თაობაზე სატუსაღოს უფროსს ორი საათის შემდეგ გამოუცხადებენო. ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს არა მარტო ჩემს შეწყალებაზე ეზრუნათ, არამედ დარაჯიც კი მოექრთამათ, რათა განთავისუთლების ამბავი რაც შეიძლებოდა ადრე შეეტყობინებინათ და ამით, როგორც თვითონ ფიქრობდნენ, რამდენიმე საათის ზედმეტი ტანჯვა აერიდებინათ.

საკვირველი რამ მოხდა, ბართოლომეო: როცა დარაჯმა გამიხმო და განთავისუფლება ჩურჩულით მახარა, ზუსტად ისე გამიარა სხეულში გავარვარებულმა შანთმა და ზუსტად ისე ამეშალა ტანზე და ხელებზე ბალანი, როგორც განაჩენის გამოცხადებისას. დარაჯი რომ გამშორდა, მე ცოტა კიდევ შევიცადე, რათა ჟრჟოლას გაევლო, მერე მივბრუნდი, დარაჯის ნათქვამი ჩემს მოძმეებს ვაცნობე და თან დავძინე, შეწყალებაზე უარს ვიტყვი-მეთქი... ბართოლომეო! ამას რომ ვამბობდი, ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ ჩემი თავი მეზიზღებოდა, და ბუნდოვნადვე ვცდილობდი ეს ზიზღი ჩემი თავისთვის დამემალა. იმიტომ, რომ მე ეს შეგნებულად ჩავიდინე.

მართალია, ჩემი საქციელი მაშინ ნათლად არ მქონდა გააზრებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს! მთავარია ეს მე ვიყავი და მე განგებ გავუმხილე ჩემს თანამოძმეებს დარაჯის მოტანილი ამბავი, რადგან ვიცოდი, რომ შეწყალებაზე უარის თქმას არ დამანებებდნენ. არც მანამ, არც მაშინ და არც შემდეგ ჩემი რწმენა ჭეშმარიტი რწმენა არ ყოფილა, ბართოლომეო. მე რომ ჭეშმარიტი რწმენა მქონოდა, მაშინ კრინტსაც არ დავძრავდი, ხოლო ორი საათის შემდეგ, როცა სატუსაღოს უფროსს მიმგვრიდნენ და განთავისუფლების ამბავს გამომიცხადებდნენ, უარს ვიტყოდი შეწყალებაზე და საღამოს ისე მივიღებდი სასჯელს, ჩემი მოძმეები ვერასოდეს ვერაფერს გაიგებდნენ. ჩემს ადგილას სამივე მათგანი სწორედ ასე მოიქცეოდა.

მე კი სიკვდილის შიშისა თუ ჩემი წარმავალი სხეულის მდაბალი სიყვარულის გამო ყველაფერი იმწამსვე მათ ვუთხარი. ბართოლომეო! თავი ისე მეჭირა, ვითომ აღშფოთებული ვიყავი ჩემი მეგობრებისა და ნათესავების არამკითხე გამოსარჩლებით! რაღა თქმა უნდა, სამივემ მაშინვე იმის მტკიცება დამიწყო, რომ შეწყალებაზე უარის თქმა არამც და არამც არ შეიძლებოდა.

იმ წუთს რომ ვიგონებ, ახლაც მთელი სხეული შიშით მიკანკალებს და ოფლს მასხამს. იცი რატომ? ეჭვი მაქვს, რომ განზრახვას მიმიხვდნენ! ბართოლომეო! ვისაც ეს არ გამოუცდია, მხოლოდ მას შეიძლება სიკვდილი ყველაზე მძიმე სასჯელი ეგონოს. სამივემ ერთხმად დამიწყო დარწმუნება, რომ ჩემი მეგობრები და ნათესავები უბრალო იარაღები არიან, რომელთა მეშვეობითაც უფლის ნება უნდა აღსრულდეს. უფლისთვის სიკვდილი გაცილებით იოლია, ვიდრე უფლისთვის ბრძოლაო, მეუბნებოდნენ. ჩვენი სხეული ჩვენს სულს უკვე აღარ ეკუთვნის და ამ უარყოფილი სხეულის წამიერი ტანჯვა კოცონზე რა არის იმ ნეტარებასთან შედარებით, რაც ამ ტანჯვის შემდეგ მოგველის, როცა ღვთის საუფლოში შევალთ და მაცხოვრის სპეტაკ სახეს ვიხილავთო, შენ კი, ვინ იცის, კიდევ რამდენს ხანს უნდა დაჰყო ამ წარმავალ და ამაო წუთისოფელში და რამდენი განსაცდელი უნდა გადაიტანო, მაგრამ რას იზამ, ყველაფერი ღვთის ნებაა, რაკი უფალმა შენ აგირჩია, ისღა დაგრჩენია, მადლი შესწირო და მორჩილად იტვირთო ეს მძიმე საქმეო. ბართოლომეო!

ათასი ურყევი საბუთის მოტანა შემეძლო ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე ათასივე ისეთ ადგილას გადავმალე, სადაც გონება ვერ მიწვდებოდა, მათ ნაცვლად კი ერთი-ორი მერყევი და იმთავითვე განწირული საბუთი მოვიტანე, რათა ყასიდად მეცადა ჩემი გადაწყვეტილების გამართლება. ეს საბუთები, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ იოლად გააქარწყლეს, ხოლო ორი საათის შემდეგ, როდესაც სატუსაღოს უფროსმა დამიბარა, სიხარულის ცრემლებით იტირეს, მხურვალედ გადამეხვივნენ და ლოცვა-კურთხევით გამომისტუმრეს. სატუსაღოდან რომ გამოვედი და მეგობართა შორის აღმოვჩნდი, მაშინღა მივხვდი, როგორ დავებრმავებინე სიცოცხლის წყურვილს, რა ჯანღი გადამკროდა გონებაზე. მაგრამ რაღა დროს! რაკი ნაჩუქარი თავისუფლება სულმოკლედ მივიღე და უარის სათქმელად ძალა არ მეყო, უკვე ყველაფერი გვიანი იყო. რაღა უნდა მექნა? ახლა რომ უკან მივბრუნებულიყავი და მეთქვა, არ მინდა თქვენი ნაბოძარი თავისუფლება, დამსაჯეთ-მეთქი, მხოლოდ სიცილს დამაყრიდნენ, დასჯით კი აბა ვინღა დამსჯიდა! შემეძლო მე თვითონ დამესაჯა სიკვდილით ჩემი თავი, მაგრამ ამით ვერც შვებას მოვიპოვებდი და ვერც შერცხვენილ სახელს აღვიდგენდი, მხოლოდ ცოდვაზე ცოდვას დავიმატებდი. ბრძოლის გაგრძელებაც ამაო იყო.

მე სულიერად დამარცხებული და განადგურებული ვიყავი. დამარცხებული და გალახული მოწინააღმდეგე რომ მტვრიდან წამოდგება და უაზროდ დაიწყებს მუშტების ქნევას, იმას ვინღა გაუყადრებს თავს!.. არავითარი გზა აღარ დამრჩა გარდა იმისა, რომ ნაწყალობევ თავისუფლებას შევგუებოდი. ასე დავრწმუნდი, ბართოლომეო, რომ პატიება ყველაზე მძიმე სასჯელი ყოფილა. თავიდან ეკლესიიდან განკვეთას მიპირებდნენ, მაგრამ სულ მთლად რომ გავნადგურებულიყავი და არარაობად ვქცეულიყავი, ამაზეც უარი თქვეს. იციან, რომ კაცი, რომელიც მათი ხელიდან თავისუფლებას მიიღებს, საშიში აღარ არის.

ანტონიო გაჩუმდა. მაშინ მე ვუთხარი:

მე კი წინამძღოლთან საუბრიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ ეკლესია შენს საქმეს სულ სხვა თვალით უყურებს. მან არ იცის, თუ რა სასჯელი გაგიმზადა ამ შეწყალებით. ეკლესია იძულებული გახდა ანგარიში გაეწია ქვეყნის გავლენიანი პირებისათვის და საკუთარი სურვილის წინაღმდეგ წასულიყო. ეს აწუხებს და დღემდე ვერ მოუნელებია. მე ასე მგონია, ანტონიო, კოლხეთში შენი გამოგზავნა კარგად გაანგარიშებული ნაბიჯია. – მე არავის გამოვუგზავნივარ. ჩემით ვითხოვე წამოსვლა.

რატომ?

იქ არავინ მიცნობს. არავინ იცის ჩემი არარაობის ამბავი. იქნებ უცხო ქვეყანაში ღირსეული სიკვდილი ვპოვო.

მე მაინც გაანგარიშებული ნაბიჯი მგონია. წამოსვლა შენ ითხოვე და სწორედ ამით მიაწოდე აზრი. ყოველ შემთხვევაში, იცოდე, ხიფათი გელის. მამა სებასტიანეს იმედი აქვს, რომ, თუ იქაც დაიწყე შენი მოძღვრების ქადაგება, სასამართლო ხელფეხშეხსნილი იქნება, რადგან მეგობრები და ნათესავები შორს გეყოლება და ვეღარაფერს გიშველიან. ანტონიომ მწარედ ჩაიცინა.

არა, ბართოლომეო. სასამართლოს ვინღა მაღირსებს! ანდა კოლხეთში რა ქადაგებაზე და თეოლოგიურ კამათზე შეიძლება ლაპარაკი! ეს ხალხი საუკუნეების მანძილზე ურჯულოთა გარემოცვაში ცხოვრობს და ერთი და იმავე ხმლით იცავს სამშობლოსაც და ქრისტეს რჯულსაც, რადგან სამშობლოსაც და ქრისტეს რჯულსაც იქ ერთი და იგივე ხიფათი ემუქრება. ბრძოლა კი იგივე მეზობლობაა და ამ ხანგრძლივი მეზობლობის განმავლობაში მათ ბევრი რამ შეითვისეს თავიანთი მტრებისგან. ამიტომ ჭეშმარიტი რწმენა მოირყა და შეიბღალა. ასე რომ, იქ ჩვენი ვალი იქნება არა თეოლოგიური დავა და ნიშნების განმარტება, არამედ იმ საძირკვლის გამაგრება, რაც ყველა ქრისტიანისათვის საერთო და ჭეშმარიტია.

მე წინამძღოლთან საუბარი გამახსენდა და წამით მომეჩვენა, თითქოს ეს ორი კაცი, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგომი და შეურიგებელი მოწინააღმდეგენი, ორივე მართალი იყო. როცა ორი კაცი ერთმანეთს უპირისპირდება, ან ორივე მტყუანია, ან ერთ-ერთი მათგანი მაინც. მე კი მეჩვენებოდა, რომ ორივე მართალი იყო. დოგმები, რომლებსაც ბავშვობიდანვე მინერგავდნენ, მტკიცედ მქონდა შეთვისებული, ამიტომ ანტონიოს შეხედულებას იმის შესახებ, თითქოს ხორციელად დაბადებულ ღმერთს მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონდეს, ცხადია, ვერ გავიზიარებდი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა ანტონიოს სიმართლე დამენახა, რადგან ანტონიოს სიმართლე მის აუმღვრეველ პატიოსნებაში იყო. ჩვენშიც და უცხოეთშიც ბევრი მინახავს ისეთი კაცი, ვისაც მთელი არსებით სწამს, მაგრამ უფრო მეტი ისეთი მინახავს, ვინც თავის გულში დარწმუნებული არაა, რომ სწამს, და უბრალოდ აღიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ასეა საჭირო.

ანტონიო მხოლოდ იმას აღიარებდა, რაც სწამდა. ასეთი ბუნება ჰქონდა და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ამიტომ თავის მრწამსს დაუფარავად და უშიშრად ამჟღავნებდა, ოღონდ თავს არავის ახვევდა და, როდესაც განსჯის საგნად აქცევდა, იმას კი არ ცდილობდა, ყველა საშუალება ეხმარა, ოღონდ კი დაეცვა, როგორც უმრავლესობას სჩვევია, არამედ მის სიმართლეს ამოწმებდა. მეორე მხრივ, ვერც მამა სებასტიანეს სიმართლეს გავხდიდი სადაოს. ისევე, როგორც ანტონიოს სიმართლე, მამა სებასტიანეს სიმართლეც მისსავ პატიოსნებაზე იყო აღმოცენებული. მე ეს კაცი კარგად გავიცანი ჩვენს ხანგრძლივ მოგზაურობაში და მისი პატიოსნებაც დავინახე, მისი კეთილშობილებაც და გულისხმიერებაც. როგორც კრუხი წიწილებზე, მუდამ ისე ზრუნავდა ჩვენზე. ჩვენი გულისთვის არაერთხელ საკუთარი სიცოცხლე ჩაუგდია საფრთხეში და ამისთვის მადლობის თქმის ნებასაც კი არ გვაძლევდა. ოღონდ ანტონიოსგან განსხვავებით მამა სებასტიანეს თავისი რწმენა სამსჯავროზე არ გამოჰქონდა და საკამათოდ არ ხდიდა. იმიტომ, რომ მის რწმენას ეკლესია და თავად პაპი ედგა მცველად, ძალაუფლება უმაგრებდა ზურგს, ძალაუფლება კი ისეთი რამაა, რწმენას შეუვალ და საყოველთაო მნიშვნელობას ანიჭებს.

ძნელია გაამტყუნო მოსამართლე, რომელიც ეკლესიის სახელით გამოდის და არა თავისი პირადი სახელით. მის ადგილას რომ ანტონიო ყოფილიყო, ეგებ ისიც ასევე მოქცეულიყო, რადგან პატიოსანი კაცი იყო, პატიოსნება კი – ამ შემთხვევაში არა პირადი, კერძო, არამედ სახელმწიფოებრივი პატიოსნება – სწორედ ასეთ საქციელს მოითხოვდა.

იმ დღიდან მოყოლებული ანტონიოს აღარასოდეს თავისი თავგადასავალი არ უხსენებია. ჩემი მხრივ მეც, რაკი ვხედავდი, თუ როგორ ტანჯავდა ეს მოგონება, ვცდილობდი საბაბი არ მიმეცა და სალაპარაკოდ არ გამომეწვია. რელიგიაზე საუბარსაც გაურბოდა და მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი მოგზაურობის ამბებს ვუყვებოდი ხოლმე, დაინტერესდებოდა, ამა თუ იმ ქვეყანაში რა აღმსარებლობას მისდევენ, რაში მდგომარეობს მათი რელიგიის არსი, რა რიტუალები აქვთ ან რა დოგმებს იცავენ. წინამძღოლმა, რაკი მე და ანტონიოს მუდამ ერთად გვხედავდა, საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთხელ დავებარებინე, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ანტონიოსთან მეგობრობით ჩემს რწმენას ხიფათი არ მოელოდა, და მანაც თავი დამანება. ნაპირს რომ მივადექით, მასპინძლობა უკვე კოლხმა დესპანებმა ითავეს.

ცხენები და ხარ-ურემი დაგვაქირავებინეს, შეიარაღებული რაზმიც იახლეს, რადგან ყაჩაღთა სიმრავლისა და მუსულმანთა თარეშის გამო გზა სახიფათო იყო, და მალე მშვიდობით მივაღწიეთ სატახტო ქალაქს. ეს იყო პატარა ქალაქი, ნესტიანი და ცხელი. უმთავრესად ხის სახლები იდგა, რომელთაგან ზოგი საკმაოდ ლამაზი მეჩვენა, ზოგიც – უსახური და უგვანი. ქუჩებში ხალხი ცოტა იყო. სამაგიეროდ ჩვენს გამოჩენაზე აივნებზე წამსვე ქალები და ბავშვები გამოეფინებოდნენ და ცნობისმოყვარე მზერას გვადევნებდნენ. იმ დღეს მთავრის მოხუცმა კარისკაცმა მიგვიღო.

ჭკვიანი კაცი ჩანდა, გამჭრიახი და ცბიერი. თავაზიანად გვესაუბრებოდა, პირზე ღიმილი არ შორდებოდა, მაგრამ ისეთ შეკითხვებს გვაძლევდა, რომ, ჩემი აზრით, იმის დადგენა ეწადა, თუ ვის რა საიდუმლო დავალება შეიძლებოდა გვქონოდა. მეორე დღეს მთავარმა დარბაზობა გაგვიმართა. დარბაზობას მრავალი დიდებული ესწრებოდა, რომლებიც ძალიან ბევრს ხმაურობდნენ. მთავარი სრულიად ახალგაზრდა იყო, თვალტანადი, წარმოსადეგი, მოხდენილი, დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, დარბაისლური მიმოხრა და კეთილმოსურნე ღიმილი. იგი გაცილებით უფრო გულღია და მიმნდობი ჩანდა, ვიდრე მისი კარისკაცი.

მთავარი ხელმოკლე იყო. მას რომ სასახლე ჰქონდა, ისეთ სასახლეში ჩვენი არც ერთი ასე თუ ისე მაღალი ჩინის მოხელე არ იკადრებდა ცხოვრებას. იმპერატორსა და მის მინისტრებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ღატაკ დიდებულებს ჩვეულებრივ რცხვენიათ თავიანთი სიღატაკისა და ეს სირცხვილი რომ დამალონ, ან გადამეტებულ ამპარტავნობას იჩენენ, ან არადა წინასწარ ისეთ მუქ ფერებში დაგიხატავენ თავიანთ სიღარიბეს, რომ მერე, რასაც სინამდვილეში ნახავთ, სიმდიდრედ მოგეჩვენოთ. აქაური მთავარი ასე არ იქცეოდა. იგი უბრალოდ და ბუნებრივად იყო შეგუებული თავის მდგომარეობას. სიღარიბე მისთვის გარდაუვალი და ამიტომ ჩვეულებრივი რამ იყო, ღვთის განჩინება, რომლის შეცვლა კაცს არ ძალუძს. და სწორედ ამით – ბუნებრივი კეთილშობილებითა და გულთბილი უბრალოებით – აქარწყლებდა სიღარიბის მძიმე შთაბეჭდილებას. დარბაზობის შემდეგ, როდესაც ყველანი ნადიმზე მიგვიწვიეს, მთავარმა ჩვენი წინამძღოლი გვერდით მოისვა.

ეს განსაკუთრებული და ცოტა გაუგებარი პატივი ჩანდა და, მისი გულღია სახე და ალალმართალი, ლამის ბავშვური ღიმილი რომ არა, ვიფიქრებდი რაღაც ფარული განზრახვა აქვს-მეთქი. მაშინ გაკვირვებული დავრჩი, მერე და მერე კი, აქაურებს კარგად რომ დავაკვირდი, ამ უცნაური საქციელის მიზეზსაც მივხვდი. საქმე ისაა, რომ ეს ხალხი უცხოელებს რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით უყურებს. ერთი უცხოელის აზრს მეტ ფასს ადებენ, ვიდრე ასი თავისიანისას, თუნდაც ასივე ბრძენი და საქმეში კარგად ჩახედული იყოს. რაც ყველაზე უფრო საოცარია, ასე სწორედ ისეთ საკითხებში იქცევიან, რაც აშკარად მათ უკეთ იციან. მაგალითად, აქ განსაცვიფრებლად მღერიან და ისე არიან გაწაფული მელექსეობაში, მგონი თვით ჰომეროსსაც ტოლს არ დაუდებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა კარის მომღერლები სიმღერას იტყოდნენ, ან რომელიმე კარის პოეტი ლექსს წარმოთქვამდა, წამსვე ყველანი მოგვიტრიალდებოდნენ და ისე მოგვაჩერდებოდნენ, თითქოს ჩვენ პოეზიისა და მუსიკის კანონმდებლები ვყოფილიყავით.

ამ მხრივ არც მთავარი გამოირჩეოდა დანარჩენებისაგან. ის ზამთარი სატახტო ქალაქში გავატარეთ და ბევრი საჭირო საქმის გაკეთებაც მოვასწარით. იარაღის ოსტატებს მთავარმა დაუყოვნებლივ მისცა სამუშაო და იმათაც ზამთრის მიწურულს პირველი ზარბაზანი ჩამოასხეს. ჩვენს ოსტატებთან ერთად მთავრის ბრძანებით რამდენიმე ახალგაზრდა აზნაურიც მუშაობდა, რომლებიც ჩვენებს ეხმარებოდნენ და თან ხელობას ეუფლებოდნენ. ღვთისმსახურებმაც ფართოდ გაშალეს მოღვაწეობა. გასაკეთებელი ამ მხრივაც ბევრი იყო.

მთავარმა რამდენჯერმე მამა სებასტიანე იწვია სასახლეში და, როდესაც იქიდან მობრუნებული შეხვედრის ამბავს გვიყვებოდა ხოლმე, მუდამ პატივსიცემითა და აღტაცებით ლაპარაკობდა მთავარზე. მთავარმა რომ გაიგო, მე მოგზაური და ვაჭარი ვიყავი, თანაც ამ ორივე საქმეში გვარიანად გამოცდილი, ერთხელ მეც მიმიპატიჟა. ვრცელ, მაგრამ ძალიან სადად მორთულ დარბაზში მიმიღო და დიდხანს მესაუბრა. ჯერ თავის ხალხსა და თავის ქვეყანაზე ილაპარაკა და ამ დროს სახეზეც და ხმის კილოშიც მწარე ნაღველი ჰქონდა. მუსულმანებმა ისე შეგვავიწროვეს, ლამის სახლებში შემოგვიცვივდნენო, მითხრა, ქვეყანა გაჩანაგდა, ხალხი შიშმა დაზაფრა და იმის მაგივრად, რომ მხარში ამოუდგეს ერთმანეთს და თავი დაიცვას, კიდევ უფრო გაითიშა, სასოწარკვეთამ დააბნია და დაფანტა, ყველა მარტო თავის თავზე და თავის ოჯახზე ზრუნავს და როგორც მოუხერხდება, ისე გააქვს თავი.

შიშიანობამ სიძულვილი მოიტანა თან, გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი. ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, იმას ვეღარ ვხვდებით, რომ მოყვასმა თუ მოყვასი გაწირა, მალე მართლა ქვა ქვაზე აღარ დარჩება. შიშმა გონება დაგვიბნელა, სიძულვილმა სისხლი გაგვიცივა, მშველელი არსაიდან ჩანს, ევროპა შორსაა და ჩვენთვის არა სცალია, ყველა თავისთვის ცდილობს და თავის სარგებელს ეძებს, ჩვენ კი აღარ შეგვიძლია, საკუთარ თავში იმედს და ღონეს ვეღარ ვპოულობთ. ამოვწყდებით. მალე ჩვენი სახსენებელი აღარ იქნება. მაგრამ ვის შევჩივლოთ ჩვენი უბედურება და ვის შევავედროთ თავი, როცა ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ტრიალებს, ჩვენივ ბრალია! გაერთიანება რომ შეგვეძლოს, საქართველო არც ისე პატარა და უძლური ქვეყანაა, მაგრამ რა გაგვაერთიანებს! მტრებისაგან წაქეზებულები და გაბრიყვებულები ერთმანეთს ვჭამთ. მეფე მეფეს მტრობს, თავადი თავადს, აზნაური აზნაურს. ხალხი დამფრთხალია და აღარ იცის რომელ ერთს დაემალოს – შემოსულ მუსულმანს, საკუთარ ბატონს, შიმშილს, უღმერთობას თუ სნეულებას...

უცხოსთან ასეთი გულახდილობა მთავრისგან მოულოდნელი იყო და ცოტა დავიბენი. ნუგეშისცემა ჩემი მხრივ, ცხადია, უტაქტობა იქნებოდა, ამიტომ ღმერთის სახელი ვახსენე და იმის ყოველისშემძლეობას შევეფარე, ვისაც ერთადერთს ძალუძს ყოველ ჭრილობას მალამო დაადოს, ყოველ უსასოოს ცრემლი შეუმშრალოს და ყოველი დავრდომილი ფეხზე წამოაყენოს. უფალი ჩვენი მაცხოვარი არ გასწირავს თავის სამწყსოს-მეთქი, ვუთხარი. ამაზე მთავარს გაეღიმა, გაეღიმა მწარედ, უიმედოდ და ამავე დროს ისეთი ღიმილით, თითქოს აქეთ მიპირებდა დამშვიდებას. მერე ვაჭრობაზე ჩამომიგდო სიტყვა. ევროპასთან ვაჭრობით შეიძლება ცოტა სული მოვითქვათ და წელი წამოვიდგათო, მითხრა. ეტყობოდა ამაზე ბევრი ეფიქრა. ჩამოთვალა, რისი გატანა შეეძლოთ და სამაგიეროდ რისი შემოტანის იმედი ჰქონდათ. სავაჭრო არხების გაჭრაზე ილაპარაკა და რამდენიმე ფრიად საინტერესო და გონებამახვილური წინადადებაც გამოთქვა.

მე აღვუთქვი, რომ პირველსავე ანგარიშში, რომელსაც ჩვენს სამეფო კარს გავუგზავნიდი, ამ მნიშვნელოვან მოსაზრებებს ჩავრთავდი, რათა იქ დროულად განეხილათ და საქმე წინ წასულიყო. ბოლოს ჩემი მოგზაურობის ამბები გამომკითხა და ბევრიც მალაპარაკა. განსწავლულობას მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ცოდნის წყურვილი უსაზღვრო ჰქონდა და ყველაფერს სწრაფად და იოლად უღებდა ალღოს. სხვა ვითარებაში და სხვა პირობებში ალბათ უგამოჩენილესი მეცნიერი დადგებოდა, მაგრამ ბედმა ღონემიხდილი კუთხის გამგებლობა არგუნა და იძულებული გახდა მთელი ახალგაზრდობა გარეშე მტერთან ბრძოლაში და შინაურ მტრებთან გაუთავებელ კინკლაობაში გაეტარებინა, ხშირად გაუხდელი და იარაღაუყრელი დაწოლილიყო, დროდადრო რომელიმე თავადისთვის თვალები დაეთხარა, სამღვდელოების გარყვნილებასა და ფუქსავატობას შეჰგუებოდა, თავი ისე დაეჭირა, ვითომ ვერ ამჩნევდა, რომ მისი დიდებულები საკუთარ ყმებს მონებად ჰყიდდნენ, მლიქვნელობა ეთმინა და ხანდახან თვითონაც ემლიქვნელა, განდგომილი თავადების შემოსარიგებლად დამამცირებელი დიპლომატიის გზას დასდგომოდა, ხოლო თუ ვერც ეს გაჭრიდა, ურჯულოებისაგან ჯარი ექირავებინა და საკუთარი ხალხისთვის მიესია. მთავარმა ჩემი მოგზაურობის ამბები დაწვრილებით გამომკითხა. ყველაფერი აინტერესებდა – სახელმწიფოების გამგებლობა, ქვეყნების ისტორია, მეცნიერების დარგები და განვითარების დონე, ხელოვნება, ჰავა, ჯარის შეიარაღება, მოსავალი, ბაზარი... ტანსაცმლითაც დაინტერესდა, საცხოვრებელი სახლების ფორმითა და სიდიდითაც, ისიც კი მკითხა, პირუტყვს სად როგორ უვლიან და სად როგორ გამოაზამთრებენ ხოლმეო. ბოლოს მადლობა გადამიხადა და ტოლივით მთხოვა, კიდევ მესტუმრეო. მე მოვახსენე, თუკი თქვენი უდიდებულესობა დროს გამონახავს, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან სტუმრობა და საუბარი-მეთქი. ამაზე გაეცინა და მეტი აღარაფერი უთქვამს. თუ წიგნის დასრულება დამცალდა, ამ საკვირველ მთავარს კიდევ დავუბრუნდები და დაწვრილებით აღვწერ მის ტანჯულ ცხოვრებას, რადგან ეს ცხოვრება, გულისა და გონების შემძვრელი, ერთსა და იმავე დროს სავალალოცაა და სამაგალითოც. იგი მე მაგონებს ბნელ ჯურღმულში გამომწყვდეულ სხივს, რომელიც, რა დარწმუნდა, წყვდიადს ვერ გაარღვევდა და მზეს ვერ შეუერთდებოდა, კეთილსინდისიერად შეეცადა იმ გარემოს შეჰგუებოდა, სადაც ცხოვრება უხდებოდა, დიდხანს ფართხალებდა უვიცობისა და ინტრიგების ქსელში და ბოლოს შემაძრწუნებელი ტრაგედიით დაასრულა სიცოცხლე. ყოველივე ამას, თუ შევძელი, თავის ადგილას აღვწერ, ახლა კი, რაც ვთქვი, იმით დავკმაყოფილდები, მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ საღამოს, როდესაც მთავართან საუბარი ანტონიოს ვუამბე და გულისტკივილით დავძინე, ეს ხალხი ღმერთს გაუწირავს და აღარავითარი იმედი აღარ არის იმ ქვეყნის გადარჩენისა, რომელიც ძველი მწერლების აღტაცების საგანს წარმოადგენდა-მეთქი, ანტონიომ მითხრა:

– უცნაურია, ბართოლომეო: შენ ამ კეთილშობილი მთავრის ნახვამ გადაგიწურა იმედი, მე კი იმედი მაშინ გადამეწურებოდა, ეგ რომ არ მენახა. მართალია, მე მასთან საუბრის საშუალება არ მქონია, მაგრამ დარბაზობაზე და ნადიმზე ვაკვირდებოდი და ვიცი, რასაც შენ ახლა მის შესახებ ამბობ, სრული სიმართლეა. იგი სწორედ რომ ბნელ ჯურღმულში გამომწყვდეული სხივია, ეს კარგად თქვი, ბართოლომეო, მაგრამ ხომ გახსოვს, რას ბრძანებს მახარებელი: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.” ყველაფერი, რაც მისმა დიდებულებმა დაკარგეს, მასშია თავმოყრილი. ამიტომ სძულთ კიდეც. ალბათ შეამჩნიე, რომ თითქმის ყველას სძულს. ეს კარგია, ბართოლომეო, რადგან სანამ ბოროტებას სიძულვილი არ განელებია, მანამ სიკეთე ცოცხალია. ამ მთავრის ცხოვრება მძიმე ტანჯვაა, ამიტომ ქვეყანა არ დაიღუპება. ქვეყანა მაშინ იღუპება, როცა იქ ტანჯვის უნარი აღარავის შერჩება. ზამთარი, როგორც ვთქვი, ქალაქში გავატარეთ. მთავარმა, რაც შეეძლო, კარგად დაგვაბინავა. რა თქმა უნდა, იმ პირობებს, რომელშიაც ცხოვრება გვიხდებოდა, ჩვენს ქვეყანაში არათუ კარგს, საშუალოსაც ვერ დავარქმევდით, მაგრამ იქ უკეთესის ნატვრაც არ შეიძლებოდა. ესეც არ იყოს, ჩვენ საქმის გასაკეთებლად ჩამოვედით და ყოველგვარი გასაჭირისათვის მზად ვიყავით. საქმე კი რიგიანად მიდიოდა. მთავარი კმაყოფილი იყო ჩვენი ხელოსნების მუშაობით, რაც თვითონაც უთქვამს ჩვენი წინამძღოლისთვის და კარისკაცების პირითაც არაერთხელ შემოუთვლია. მამა სებასტიანემ დიდი და კეთილშობილური საქმე წამოიწყო: თავისი მახვილი ჭკუითა და დაკვირვებული დიპლომატიით იმას მიაღწია, რომ მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყდა დაეარსებინათ სასწავლებელი, სადაც ღვთისმეტყველების გარდა უნდა ესწავლებინათ სხვადასხვა დარგის მეცნიერება და აგრეთვე ლათინური ენა. ბერები თავდაუზოგავად იღვწოდნენ, არავითარ სამუშაოს არ თაკილობდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც კი კაცის ხელს შეეძლო, და თავიანთი მაღალი ზნეობით, ღვთის მორჩილებითა და კეთილსინდისიერი შრომით სანიმუშო მაგალითს იძლეოდნენ. აქაურებს ყველაზე მეტად ის უხაროდათ, რომ ბევრ ჩვენგანს მკურნალობა ემარჯვებოდა. ამ საქმეში განსაკუთრებით ანტონიო იყო დახელოვნებული. მან არა მარტო წამლებითა და დიეტით მკურნალობა იცოდა, არამედ დასტაქრობაც ეხერხებოდა. პირველ ხანებში ხალხი შიშითა და უნდო თვალით უყურებდა დანას, მაგრამ რა დაინახეს, ეს განკურნების ჩინებული საშუალება იყო, ნელ-ნელა შეეჩვივნენ და მალე ანტონიო საქმეს ვეღარ აუდიოდა. მკურნალობისა ცოტა რამ მეც გამეგებოდა, ამიტომ, როცა ავადმყოფთან მიჰყავდათ, მეც თან მივდევდი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. სამაგიეროდ, სავაჭრო საქმეებზე რომ წავიდოდი, ის მომყვებოდა. ერთად ვესაუბრებოდით თავადებსა და დიდებულებს, ვაჭრობის გზებს ვსინჯავდით, ნიადაგს ვამზადებდით და ამ საქმეში მისი სიბრძნე და გონივრული რჩევა არაერთხელ გამომდგომია. ღვთისმსახურები ცალკე ცხოვრობდნენ და მე და ანტონიო მათ არც თუ ისე ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ ამის მიუხედავად მამა სებასტიანესა და ანტონიოს შორის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა. ამის მიზეზი მკურნალობა იყო. საქმე ისაა, რომ ბერები ღვთის სახელით მკურნალობდნენ და, როცა ვინმეს მოარჩენდნენ, ამას ღვთის წყალობას მიაწერდნენ და არა თავიანთ ცოდნასა და ოსტატობას. ეს არც გაემტყუნებოდათ, რადგან, კაცი რომ მტანჯველ სენს თავს დააღწევდა, ისიცა და მისი ჭირისუფლებიც უფრო მეტი რწმენითა და გულისყურით ისმენდნენ ბერების ქადაგებას, გატაცებით სწავლობდნენ იმას, რაც მათთვის თავიანთ მღვდელს უნდა ესწავლებინა, და თანდათან იწმინდებოდნენ ურჯულოთაგან გადმოღებული ან ძველი აღმსარებლობიდან შემორჩენილი ჩვევებისაგან. ანტონიო სხვაგვარად იქცეოდა. თან მკურნალობდა და თან მკურნალობას ასწავლიდა. ასწავლიდა, თუ როგორ დაეცვათ თავი ხელახალი დასნეულებისაგან, რა ეღონათ, როცა ამა თუ იმ ავადმყოფობის ნიშნები გამოაჩნდებოდათ, რა წესით ეცვალათ საფენები, როგორ გამოეწოვათ ჩირქი და რა საშუალებით გამოედევნათ ორგანიზმიდან ზედმეტი სიცხე. ანტონიოც მართალი იყო. ცხადია, ყველანი ღვთის ხელში ვართ და ღვთის უნებურად თმის ერთი ღერი არ ჩამოგვივარდება თავიდან, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რისი ცოდნაც შეგვიძლია, არ ვიცოდეთ. ვერც ანტონიო იტყოდა უარს თავის მრწამსზე და ვერც ბერები. შეტაკება გარდაუვალი იყო. ამიტომ, ჩემი აზრით, ანტონიომ დიდი გონიერება და წინდახედულობა გამოიჩინა, როცა გაზაფხულზე ჩემთან ერთად მთაში წასვლა გადაწყვიტა. მე თვითონ მთაში ორი მიზეზის გამო მივდიოდი: ერთი ის, რომ ჩვევადა მაქვს, საცა კი შესაძლებელია, ყველგან ჩემი ფეხით მივიდე და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახო, მეორე და ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ქალაქში ძალიან მიქეს იქაური თაფლი, სხვადასხვა ნადირის ტყავი და, რაც მთავარია, სპილენძის მადანი, რომლითაც ეს მთა ძალიან მდიდარი ყოფილა. უფრო ადრეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ზამთარში დიდი თოვლის გამო გზა გაუვალი იყო.

ანტონიოს გადაწყვეტილება რომ შევიტყვე, დიდად მეამა. არანკლებ ეამა მამა სებასტიანესაც, რომელმაც აღარ იცოდა როგორ აერიდებინა შეტაკება. მთავარმა შეუვალობის სიგელი გვიბოძა, იქაურ თავადთან საგანგებო წერილი გაგვატანა, ხუთიოდ შეიარაღებული კაციც გაგვაყოლა ერთი ახალგაზრდა აზნაურის მეთაურობით და აპრილის დასაწყისში გზას გავუდექით.

მთა არც ისე შორს იყო. დილაუთენია გავედით ქალაქიდან და საღამოს, მზის ჩასვლის ჟამს, უკვე დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ.

უკანასკნელი აღმართი რომ ავათავეთ და ქედზე გადავდექით, ჩვენს წინაშე თვალწარმტაცი სურათი გადაიშალა: ქვემოთ, მაღალი მთებით შემოზღუდულ ვრცელ ტაფობზე, ოთხი, ერთიმეორისაგან კარგა მოშორებული, სოფელი ჩანდა. მთათა ფერდობებზე თოვლი უკვე აღებული იყო, მაგრამ მწვერვალებს ჯერ კიდევ ეხურა თეთრი, ქათქათა ქუდები, რომლებიც ჩამავალი მზის სხივებში ზღაპრულად ელვარებდნენ. მთების კალთებზე ტყეებს მუქი მწვანე ფერი ედო, სოფლებში კი უკვე ნუში და ტყემალი ყვაოდა. ტაფობის შუა წელზე ვიწრო, ჩქარი მდინარე მოედინებოდა, რომლის შორეული შხუილი ყრუდ აღწევდა ჩვენამდე. უახლოეს სოფელში, ერთ მაღალ ბორცვზე, რუხად მოჩანდა მოზრდილი ციხე.

რაზმის უფროსმა ერთი თავისი ქვეშევრდომი დააწინაურა, რათა მასპინძლისთვის სტუმრების მისვლა ეცნობებინა, დანარჩენები კი ნელა დავუყევით თავდაღმართს. თავადის სასახლე ციხის ქვემოთ იყო, ბორცვის ძირას. ჩვენ იგი სოფელში შესვლისთანავე შევნიშნეთ და, რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უფრო ვრწმუნდებოდით, რომ თუ ჯობდა მთავრის სასახლეს, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა. ძირითადი ნაგებობა - თავადისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი – ქვისა იყო, მკვიდრად ნაშენი და კრამიტით დახურული, სამ მხარეს ხის ფართო აივნები ერტყა უაღრესად ნატიფად დამუშავებული მოაჯირებით. მოშორებით ხის რამოდენიმე შენობა იდგა - მსახურთა საცხოვრებელი, ბეღლები, თავლები და სხვა ნაირ-ნაირი სადგომები თუ სათავსოები. ირგვლივ ხასხასა ბალახით დაფარული დიდი ეზო იყო. მასპინძელი ეზოში ჩამოგვეგება. ორმოციოდე წლისა იქნებოდა, მაღალი იყო, ბრგე, მაგრამ დუნე სახე ჰქონდა და მოშვებული, ფომფლო ლოყები. სქელ თმაში და გრძელ, ტუჩის კუთხეებზე გადმოკიდებულ ულვაშებში ჭაღარა შერეოდა, ხმადაბლა ლაპარაკობდა, ცოტა ენას უკიდებდა და უნდო, ეჭვიანი თვალით გვიმზერდა.

ეზოში ვახშმის სამზადისი იყო გაჩაღებული. თავადმა მოურავს უბრძანა, ბარგი და ცხენები დაებინავებინა და ხალხისთვის მიეხედა, ჩვენ კი - რაზმის უფროსი, ანტონიო და მე - ზემოთ მიგვიპატიჟა, ვრცელ, მდიდრულად მორთულ დარბაზში, და ერთიანი ხის სავარძლებში ჩაგვსვა, რომელთა საზურგეები და მკლავსაყრდენები კიდევ უფრო ნატიფად იყო დამუშავებული.

იქ თავისი ოჯახი გაგვაცნო – ცოლი, შეუდარებელი სილამაზის ქალი, და შვილები, ორი პატარა ანგელოზი, ათი წლის ქალი და ცხრა წლის ვაჟი. საერთოდ ქართველები, ქალებიცა და კაცებიც, ლამაზები და მოხდენილები არიან, ოღონდ ესაა, რომ მოზრდილთა გარეგნობას თავის მტკიცე დაღს ამჩნევს ხასიათიც, რომელიც აქ ყოველთვის როდია მათი სილამაზის დარი და ფარდი. მაგრამ თუ ადამიანი მართლა ღვთის ხატად და სახედაა შექმნილი, როგორც ამას ბიბლია გვასწავლის, ყველაზე უფრო ეს აქაურ ბავშვებზე ითქმის. ასეთი ლამაზი ბავშვები სხვაგან არსად შემხვედრია. უყურებ და ცხადად ხედავ, როგორ შემოგცქერის მათი საოცრად მეტყველი თვალებიდან ნათელი და შეურყვნელი სული. ჩვენი მასპინძელი თავადის შვილები გარდა იმისა, რომ გარეგნული სილამაზითა და სინატიფით ყვაოდნენ, უაღრესად ზრდილები იყვნენ, თავდაჭერილები და მკვირცხლი და მოქნილი გონების პატრონები. თავადის მეუღლე სათნო ადამიანი ჩანდა, თავმდაბალი და მოკრძალებული, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და თვალებში თითქოს გაუგებარი ნაღველი ედგა. თავადმა გამოგვკითხა, ვინ ვიყავით და საიდან მოვედით, ოღონდ არა ისე, როგორც მთავარმა გამომკითხა ერთხელ, – დაწვრილებით და საფუძვლიანად – არამედ ზერელედ, თითქოს უინტერესოდაც. როგორც კი მის შეკითხვაზე პასუხს

დავიწყებდით, ისეთი სახით დაგვიქნევდა თავს, თითქოს ყოველივე ეს მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო და ის ქვეყანა, საიდანაც ჩვენ ჩამოვედით, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა შემოვლილი, თუმცა მალე შევიტყე, რომ არათუ უცხოეთში, თავიანთ სატახტო ქალაქშიც კი მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი.

ვახშამი კარგი გაგვიმართეს, სასმელ-საჭმელი უხვად იყო, მაგრამ ეს ვახშამიც რაღაცით თავადის დუნე სახეს ჰგავდა: ქართველთა ჩვეულებების წინააღმდეგ, სუფრაზე უცხო თითქმის არავინ ყოფილა, ვინც იყო, ისინიც ცოტას და ხმადაბლა, თითქოს უხალისოდ ლაპარაკობდნენ. მეორე დღეს კი, ნასაუზმევს, თავადმა მოურავს სოფლიდან ერთი შავებში ჩაცმული დედაბერი ამოაყვანინა და ჩვენი თავი მას ჩააბარა.

ეს კაცები შენთან დამიბინავე და კარგად მიმიხედე, - უთხრა დედაბერს, - რაც რამ სარჩო და სანოვაგე დაგჭირდება, მოურავს უთხარი და ყველაფერს მოგცემს.

სადილ-ვახშამი გაუკეთე, სარეცხი დროზე დაურეცხე, სახლი სუფთად შეინახე და სხვაც, თუკი რამე სამსახური მოგთხოვონ, არაფერი დაიზარო. აბა შენ იცი! სამაგიეროდ, რაც შენს ქმარ-შვილს ჩემი ვალი გაჰყვა, სულ მიპატიებია.

ღმერთმა გადღეგრძელოს, ბატონო, - მიუგო მორჩილად დედაბერმა.

დედაბერი სოფლის განაპირას ცხოვრობდა. პატარა, მაგრამ მოვლილი ეზო ჰქონდა, რომელშიაც ხის მსხვილ ბოძებზე შეყენებული მოზრდილი ოდა იდგა. ოდა სამი ოთახისაგან შედგებოდა. ორი მათგანი დიასახლისმა მე და ანტონიოს დაგვითმო. ბებერი ნაგაზი, რომელიც დიასახლისმა ხეზე დააბა, ყეფით იკლებდა იქაურობას და, სანამ თავადის შინაყმები ბარგს ეზიდებოდნენ, სულ იმას ცდილობდა, როგორმე აეწყვიტა. მერე, როცა ისინი წავიდნენ, ცოტა დამშვიდდა, ხოლო საღამოს, ეზოში რომ გამოვედით, ანტონიოს გვერდულად მიაჩერდა, კარგა ხანს უყურა და ბოლოს, თითქოს რაღაც დაასკვნაო, ნელა შეარხია კუდი.

 

– დავითი –

 

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეჩვევა და დაახლოება, რასაც, ანტონიოსი არ ვიცი და, მე ყოველთვის იოლად ვახერხებდი, ამჯერად ძალიან გაგვიჭირდა. ასეთი კუშტი, შუბლგაუხსნელი, სიტყვაძვირი ხალხი არსად მენახა. თუ გააჩერებდით და გამოელაპარაკებოდით, მოთმინებით კი მოგისმენდნენ, რადგან ზრდილობა და თავაზიანობა, რაც ოდითგანვე ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, სხვაგვარი მოქცევის ნებას არ აძლევდა, მაგრამ პასუხს მოკლედ მოგიჭრიდნენ, მხოლოდ იმას იტყოდნენ, რაც აუცილებელი იყო, ერთ ზედმეტ სიტყვას არ დაამატებდნენ, თქვენს მიმართ არავითარ ინტერესს არ გამოიჩენდნენ და, როგორც კი შესაფერის საბაბს იპოვნიდნენ, წამსვე გაგეცლებოდნენ. აქ არც საჩუქრები გამოგვადგა – ყველა მოგზაურის ნაცადი და საიმედო ხერხი. საჩუქარს კი იღებდნენ, ოღონდ ამასაც თავაზიანობის გამო ჩადიოდნენ, სტუმრებს რომ საწყენად არ დარჩენოდათ, თორემ შემდგომი ურთიერთობის ხიდი ამ საშუალებით, აშკარად ჩანდა, ვერ გაიდებოდა.

საერთოდ, სიცოცხლე აქ, თითქოს რაღაც ძარღვი ჩაწყდომიაო, უცნაურად ჩუმად მიედინებოდა, დუნედ, გაუბედავად, მფრთხალი მოთმინებით... თავიდან ეს ზოგადი და ბუნდოვანი შთაბეჭდილება მეგონა, რომელიც უცხო ადგილას ზოგჯერ უმიზეზოდ გიჩნდება ხოლმე კაცს, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ამ შთაბეჭდილებას სერიოზული და დამაფიქრებელი საფუძველი ჰქონდა: აგერ უკვე ამდენი ხანია ამ ტაფობზე ვცხოვრობდით და არც ერთხელ სიმღერა არ გაგვეგონა. ვინც ქართველებს იცნობს, უეჭველად დამიდასტურებს, რომ ეს მართლაც უცნაური და საკვირველი რამ არის. ეს ხალხი ყველგან და ყოველთვის მღერის. სიმღერა მისი არსებობის ერთი უმთავრესი ძარღვთაგანია, შეიძლება ითქვას, თავის გატანის ერთი უმთავრესი საშუალებაც.

ყველა შხამი, რაც კი ამქვეყნიური ცხოვრების სიმწარემ და ამაოებამ შეიძლება ადამიანის გულში დააგროვოს, ქართველებს სიმღერით გამოაქვთ, და ყოველგვარ გრძნობას, იქნება ეს დარდი თუ სიხარული, რისხვა თუ აღტაცება, სიყვარული თუ სიძულვილი, სიმღერაში ხარჯავენ. აქ კი სიმღერა არ გამიგონია. გარდა ამისა, არასოდეს მინახავს, ბავშვები სოფელს გასცდენოდნენ და ტყეში შესულიყვნენ, ხოლო როგორც კი დაბინდდებოდა, მშობლები მათ ეზოს გარეთაც კი აღარ უშვებდნენ. რაც უფრო ვაკვირდებოდი ამ ხალხს, მით უფრო მიპყრობდა ეჭვი, რომ ყოველივე ამის უკან რაღაც გამოცანა იმალებოდა, ზოგჯერ მეჩვენებოდა, თითქოს აქაურობა ზებუნებრივ ძალას უცხო ჯადოთი შეეკრა და იდუმალი შიშით მოენუსხა, ეს იდუმალი შიში მთელ ტაფობს დასწოლოდა, ყოველივე გაეჟღინთა და, ავად გატრუნული და გადარაჯებული, ხარბი მოუთმენლობით ელოდა უმცირეს მიზეზს, რომ შესაძლებლობიდან სინამდვილედ ქცეულიყო და უბედურების ქარბორბალა დაეტრიალებინა.

როდესაც ჩემი ეჭვები ანტონიოს გავუზიარე და გამოირკვა, რომ თურმე მასაც იგივე გრძნობა გასჩენოდა, ეს იდუმალი შიში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამ შიშის მიზეზს მაინცდამაინც არ ჩავღრმავებივართ – ყოველ შემთხვევაში, მე არ ჩავღრმავებივარ – ვინაიდან ეს მიზეზი, რაც არ უნდა ყოფილიყო და როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი საქმის მოგვარებაში ხელს არ მიშლიდა.

რაც მე მჭირდებოდა, იმისთვის ცივი და უგულო თავაზიანობაც კმაროდა: სულ მალე უამრავი ტყავი მაჩვენეს, რომელთაგან ბევრი ჩემთვის უცნობი ნადირისა იყო, ტყავის გამოყვანისა და დამუშავების აქაური წესიც ამიხსნეს, სკისა და ფუტკრის – გასაოცრად მშვიდისა და თვინიერის – ზნე-ჩვეულება და მოვლა-პატრონობაც შევისწავლე, ისიც გავიგე, როგორ იღებდნენ თაფლს, და იმედი მქონდა, მაისის ბოლოს ჩემი თვალითაც ვნახავდი. ამასობაში საბოლოოდ დათბა, ამინდებიც მშვენიერი დადგა და ერთ დილით მე და ანტონიო მადნის საძებნელად გავემგზავრეთ. ამ დროისათვის დავითის სახელი უკვე რამდენჯერმე გვქონდა გაგონილი. მაშინ ამისთვის არც ერთს არ მიგვიქცევია ყურადღება და მხოლოდ მერეღა მოვიგონეთ, რომ ამ სახელს ყოველთვის ხმადაბლა, შიშითა თუ კრძალვით წარმოთქვამდნენ და წარმოთქმისთანავე პირჯვარს იწერდნენ.

ირიჟრაჟა თუ არა, ავდექით, ცხენები შევკაზმეთ, ცოტაოდენი საგზალი წავიღეთ, სოფელს გავცდით და ფერდობს შევუყევით. მეგზური ვერ ვიშოვეთ და იძულებული შევიქენით მარტონი გავდგომოდით გზას. ქედ-ქედ ვიარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ის ღამე ერთ პატარა გამოქვაბულში გავათიეთ და მეორე დღეს, დაღამების ხანს შინ დავბრუნდით. ამ პირველ წასვლაზე მადნის ვერავითარ კვალს ვერ წავაწყდით, თუმცა ამის გამო იმედი არ გადაგვიწყვეტია, რადგან კიდევ მრავალი ადგილი გვქონდა მოსავლელი და სანახავი. უკან მოკლე გზით წამოვედით. მართალია, აქ ბილიკი არ იყო და ადამიანის ნავალი არსად ჩანდა, მაგრამ ცხენებს მივენდეთ, რომლებიც კლდე-ღრეებში სიარულს ნაჩვევი იყვნენ, და ტყე-ტყე დავუყევით ფერდობს. ფერდობის შუა წელს მიტანებული არ ვიყავით, როცა ანტონიომ უეცრად ცხენი შეაყენა და ქვევით რაღაცას დაკვირვებით დაუწყო ცქერა.

რა იყო, ანტონიო? – ვკითხე და მეც მის მზერას გავაყოლე თვალი.

რაღაც ნაგებობა ჩანს, – მიპასუხა ანტონიომ და თითი ქვემოთ გაიშვირა, – თითქოს ციხე უნდა იყოს.

მე დავაკვირდი. კარგა ხანს ვერაფერი გავარჩიე, ბოლოს კი ხეებსა და ხეებს შუა დავინახე კედლის ვიწრო ზოლი, რომელიც ქონგურებით ბოლოვდებოდა. – ციხეა, – დავუდასტურე მე ვარაუდი.

საკვირველი კია, ამ ტყეში ციხეს რა უნდა! – დაეჭვებით თქვა ანტონიომ და მხრები აიჩეჩა.

გზა რომ განვაგრძეთ, შენობა ხან გამოჩნდებოდა, ხან ისევ ხეებში მიიმალებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ბილიკს წავაწყდით. ბილიკი მარცხენა მხრიდან ირიბად მოდიოდა და ქვემოთ უხვევდა. ჩვენც იმ ბილიკს დავადექით. მალე შენობა მთლიანად გამოჩნდა და დავრწმუნდით, რომ მართლა ციხე ყოფილა. მთის ფერდობზე, შუაგულ ტყეში, ერთი მოვაკებული ადგილი იყო და სწორედ ამ ვაკეზე იდგა მაღალი გალავნით შემოზღუდული მომცრო ციხე.

უეცრად ძაღლების ყეფა გაისმა. რამდენიმე ძაღლი ერთბაშად აყეფდა ძლიერი, ბოხი, ავი ხმით. ჩვენ გაკვირვებული და ცოტა არ იყოს შემკრთალები შევჩერდით. ნუთუ ამ განმარტოებულ, სოფლებიდან ესოდენ მოშორებულ ციხეში ვინმე სახლობდა? სანამ რამეს მოვიფიქრებდით, ყეფა შეწყდა. ისე უეცრად შეწყდა, მზად ვიყავით დაგვეჯერებინა, რომ ორივეს მოგვეჩვენა. რაკი ყეფა შეწყდა, გზა განვაგრძეთ. მალე გალავანში დატანებული რკინის გისოსებიანი ფართო ჭიშკარიც დავინახეთ. ჭიშკარს, თითქოს ზედაა ასხმულიო, წინა თათებით ატორღიალებოდა რამდენიმე ქოფაკი. ყურები დაეცქვიტათ, დრუნჩები გისოსებს შორის გამოეყოთ, ბასრი კბილები გადმოეყარათ და ჩუმად, მაგრამ გაალმასებით გვიცქერდნენ. ყველაზე მოულოდნელი და საკვირველი კი ის იყო, რომ ძაღლებს შუა ერთი მაღალი, ხუჭუჭთმიანი ზანგი იდგა. სიშავისაგან ერთიანად ლაპლაპებდა. ხელები აქეთ-იქით ჩაევლო გისოსებისთვის და გახევებული, უტყვი სახით, რომელზედაც ერთი ძარღვიც არ უტოკავდა, თვალმოუშორებლივ მოგვჩერებოდა.

პირველმა შეკრთომამ რომ გაგვიარა, ანტონიომ – ჩემი აზრით უფრო იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაერწმუნებინა, ყოველივე ეს სინამდვილე იყო და არა მოლანდება, გამარჯობა, ძმობილოო, ქართულად გასძახა.

ანტონიოს ხმის გაგონებაზე ძაღლებმა ერთი ყრუდ დაიღრინეს და გაჩუმდნენ. ზანგი არ შერხეულა, ისევ ისე უტყვი სახით მოგვჩერებოდა.

მაშინ ანტონიომ მისალმება თურქულად გაუმეორა. ძაღლებმა კვლავ ჩაიღრინეს. ზანგს ძარღვი არ შეტოკებია.

მე ვიფიქრე, ალბათ არც ქართული იცის და არც თურქული-მეთქი, ამიტომ კიდევ რამდენიმე ენაზე შევეხმიანე. ზანგი წარბშეუხრელად, მდუმარედ მოგვჩერებოდა. ყრუ-მუნჯი იყო? არც ერთი ენა არ იცოდა? პასუხის გაცემა არ სურდა? რაღა დაგვრჩენოდა? ცხენები შევატრიალეთ და გზა განვაგრძეთ. ვიდრე ბილიკი მარჯვნივ მიუხვევდა და ტყეში შევიდოდა, უკნიდან მოუშორებლად ვგრძნობით ზანგის მზერას და მე მეჩვენებოდა, რომ ამ მზერაში რაღაც იყო მღვრიე და ავბედითი. იმ დროს ორთავეს, მეცა და ანტონიოსაც, ერთი და იგივე აზრი გვიტრიალებდა თავში: ეს იდუმალი ციხე და ტაფობის იდუმალი შიში ერთმანეთში იყო გადახლართული. ხოლო საღამოს, როდესაც დიასახლისმა ვახშამი შემოგვიტანა და მე რაც შემეძლო მშვიდი და უდარდელი კილოთი ვკითხე, ზემოთ, ტყეში რაღაც ციხე დავინახეთ და რა ციხეა, ან შიგ ვინ ცხოვრობს-მეთქი, ეს ვარაუდი კიდევ უფრო განგვიმტკიცდა. დიასახლისმა სწრაფად შემხედა და თვალი წამსვე ისევ ამარიდა.

ეშმაკის ციხეა, – თქვა, პირჯვარი გადაიწერა და დაუმატა, – ნუ გააციებთ საჭმელს, ახლავე ღვინოსაც მოგართმევთ.

როგორც კი ღვინო შემოიტანა, მაშინვე გაბრუნება დააპირა, მაგრამ მე შევაჩერე და ვუთხარი, იმ ციხეში ვიღაც კაცი დავინახეთ-მეთქი. ეს რომ გაიგონა, სახეზე შიშმა გადაუარა.

მოგეჩვენებოდათ, ბატონო. ეშმაკი იქნებოდა. ჯვარი აქაურობას! – აქ ისევ გადაიწერა პირჯვარი და რა შეატყო, მე ისევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მუდარის კილოთი დაუმატა, – ნურაფერს მკითხავთ, ბატონო, არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი! იმ ღამეს მე და ანტონიო გვიანობამდე ვსაუბრობდით, ნაირ-ნაირ ვარაუდს გამოვთქვამდით და, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს მივხვდით, ერთი უცნაური დასკვნა კი გამოვიტანეთ: ეს ხალხი თითქოს ორმაგი შიშით იყო შეკრული – ეშინოდა და, რომ ეშინოდა, ამისიც ეშინოდა.

 

ერთ დღეს თავადს ჩამოვუგდეთ ამ საგანზე სიტყვა. თავადი ზრუნვასა და ყურადღებას არ გვაკლებდა და კვირაში ერთხელ ან ორჯერ მშვენიერი სადილით

გვიმასპინძლდებოდა, ოღონდ შიგადაშიგ იმასაც შეგვახსენებდა ხოლმე, რომ ჩვენი გამასპინძლება მის მოვალეობას არ შეადგენდა და თუ მაინც გვიმასპინძლდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ გულმოწყალებისა და ხელგაშლილობის გამო. თუმცა, ღმერთო შეგცოდე და, მგონი უფრო იმიტომ გვპატიჟებდა, რომ უცხოთა წინაშე ტრაბახით გული ეჯერა. ასე იყო თუ ისე, იმ დღეს, სუფრაზე რომ მარტონი დავრჩით, ანტონიომ ჰკითხა:

თავადო, ზემოთ რომ ციხეა, ტყეში, თქვენია ის ციხე? თავადმა ეჭვის თვალით შემოგვხედა ჯერ ანტონიოს, მერე მე. ბოლოს თქვა: – არავისი არ არის. ეშმაკებისაა.

ეშმაკების?

კი. უხსოვარი დროიდან ეშმაკების ხელშია.

მე და ბართოლომეომ კი ეზოში ადამიანი დავინახეთ. თავადს ფერი წაუვიდა. – საიდან დაინახეთ?

გვერდით ჩავუარეთ. ერთი ზანგი დავინახეთ. მგონი ყრუ-მუნჯი უნდა იყოს. თან ძაღლების ხროვა ახლდა.

თავადს ულვაშები აუცახცახდა და დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღო.

ეშმაკი იქნებოდა, – თქვა ბოლოს, – ეშმაკი გეჩვენათ, – და მოულოდნელად გაბრაზდა, – მაგ ციხესთან გავლა არ შეიძლება! უწმინდური ძალა აგყვებათ!.. ხალხმა რომ გაიგოს, იმ ციხეს ახლო გაეკარეთ, ჩაგქოლავენ და მე ვეღარაფერს გიშველით!

მერე ისევ დაწყნარდა და უცებ ჩვენს ქალაქში დაბრუნებაზე დაგვიწყო ლაპარაკი. შეეტყო, რომ – თუმცა თავისი სურვილი პირდაპირ ვერ გამოგვიცხადა – რაც მალე წავიდოდით, ის ერჩივნა.

ამგვარად, ცხადი შეიქნა, თავადი თავის ხალხზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იყო შეშინებული.

მაგრამ რა იყო ამ შიშის მიზეზი? მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ის უნდობლობის ღობე, რაც ამ ხალხმა თავიდანვე შემოგვავლო, ადრე თუ გვიან დაირღვეოდა, რადგან უნდობლობა კაცის ბუნებრივი თვისება არ არის. როდის ან როგორ გალღვებოდა ყინული, ამას, ცხადია, ვერ ვიტყოდი, მაგრამ რომ გალღვებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა, და ბოლოსდაბოლოს გალღვა კიდეც.

მალე აქაურებმა შეიტყეს, რომ ანტონიოსა და მე მკურნალობა გვეხერხებოდა. თავიდან ამ ამბავს უნდობლად შეხვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთხელ ნადირის მიერ დაბეგვილი მწყემსი, რომელიც სასიკვდილოდ გადადებული ეგონათ, ორ დღეში ფეხზე დავაყენეთ, უნდობლობა ჯერ კითილმოსურნე ეჭვით შეეცვალათ, მერე კი გაკვირვებული აღტაცებით. და თუმცა ამ აღტაცებას ერთხანს კიდევ ბორკავდა შიში, ვინაიდან ჩვენს საქციელში უფრო ჯადოქრობას ხედავდნენ, ვიდრე ცოდნასა და ხელოვნებას, მაინც თანდათან გათამამდნენ, უფრო და უფრო გაბედულად გვიწვევდნენ შინ, უფრო და უფრო იმედიანად გვანდობდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ნელ-ნელა ჩვენსა და მათ შორის ის გულითადობაც აღმოცენდა, როდესაც კაცი კაცს თავის დარდს, თავის შიშსა და ეჭვს აღარ უმალავს, და, ბოლოსდაბოლოს, უაღრესად საიდუმლოდ ყველაფერი გვიამბეს.

არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი. ჩემი მხრივ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზოგი რამ აქაურებს საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი და ამდენად სანდო უნდა იყოს, ზოგიც აშკარად ცრუმორწმუნეთა ფანტაზიის ნაყოფია, საერთოდ კი, ჩემი აზრით, ნამდვილი და გამონაგონი უღვთოდაა ერთმანეთში არეული და გადახლართული.

დიდი ხნის წინ მიტოვებულ ციხეში თურმე ბინა დაედო ყაჩაღების გუნდს, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია მთელ ამერ-იმერს თავზარს სცემდა. გუნდის მეთაური, სახელად დავითი, თავზეხალაღებული, დაუნდობელი და მოუხელთებელი კაცი, ჩვენი მასპინძელი თავადის ულამაზესი მეუღლის ძმა ყოფილა, უფრო სწორად, ნახევარი ძმა.

მამამისს, აქაურობის პატრონსა და გამგებელს, საკუთარი მოახლე შეჰყვარებოდა და მასთან საიდუმლო რომანი გაეჩაღებინა. ქალბატონს ქმრის ღალატი მაშინღა შეეტყო, როცა ურცხვი მოახლე ფეხმძიმედ შექნილიყო და მუცელი დასტყობოდა. ქალბატონი გონიერი ქალი ყოფილა და უწინარეს ყოვლისა ოჯახის სახელს გაფრთხილებია. გულისთქმას არ აჰყოლია, განგაში არ აუტეხავს, ქმრისთვის ჩუმად მიუტევებია ცოდვა, ფეხმძიმე მოახლე კი ბარად გაუგზავნია და იქ ერთი თავისი შორეული ნათესავისთვის უფეშქაშებია. ამის შემდეგ ოჯახში კვლავ სიმშვიდე ჩამოვარდნილა და ის მყუდროების დამარღვეველი მოახლე ყველას დავიწყნია, მით უმეტეს, რომ მალე თავადი გარდაცვლილა კიდეც. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ – ქალბატონის ერთადერთი ასული, ამჟამინდელი ჩვენი თავადის მშვენიერი მეუღლე, მაშინ თორმეტი წლისა ყოფილა – ერთ დღეს გაჩუქებული მოახლე ისევ გამოჩენილა, თან თურმე შვიდიოდე წლის ქერათმიანი, მზესავით ლამაზი ბიჭუნა ახლდა. მოახლე პირდაპირ ქალბატონთან მისულა, მამულიდან წილი მოუთხოვია და თან დამუქრებია, თუ ნებით არ მომცემ, რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, ხელთ რკინის ჯოხს დავიჭერ, ქვეყანას შევძრავ და ჩემს დავითს კი სამართალს გავუჩენო. ამ ამბავს ქალბატონი ძალიან შეუშფოთებია.

იმის უარყოფა, რომ მოახლეს დავითი მართლა მისი ქმრისგან ჰყავდა, შეუძლებელი იყო: და-ძმა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. მართალია, მიუხედავად ამისა, ქონებას ხიფათი არ ელოდა, რადგან სასამართლოზე რომ მიმდგარიყო საქმე, ეჭვი არაა, ყველანი ქალბატონს დაუჭერდნენ მხარს და არა ხარჭა-მოახლეს, მაგრამ მოახლემ კარგად იცოდა, რომ ქალბატონი ამ ამბავს არამც და არამც ქვეყნის სალაპარაკოდ არ გახდიდა, უმალ მთელ ქონებას შეელეოდა, ვიდრე სასამართლოს წინაშე წარდგებოდა და თავისი ოჯახის სირცხვილს გამოამზეურებდა, ამიტომ დამშვიდებული იყო და წყნარად ელოდა, როდის დაცხრებოდა ქალბატონის რისხვა, რომ მისი ადგილი საღ გონიერებას დაეჭირა. ქალბატონს კი სხვაგვარად განუსჯია. ერთხანს ცდილობდა თურმე საჩუქრებით მოექრთამა უტიფარი მოახლე და საქმე მიეფუჩეჩებინა, მერე კი, რაკი ამან არ გაჭრა, უკიდურესი ღონე უხმარია, რის შედეგად ერთ მშვენიერ დღეს მოახლე და მისი ვაჟი უკვალოდ გამქრალან. მათი ასავალ-დასავალი დიდხანს არავის გაუგია და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, ქალბატონი რომ სინდისის ქენჯნას არ დაეტანჯა და რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მღვდლისთვის აღსარება არ ეთქვა.

აქაური მღვდლები – ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ბევრი მათგანი კი ნამდვილად ასეთია – აღსარებას არაფრად აგდებენ და სხვისი საიდუმლოს გამხელა დიდ ცოდვად არ მიაჩნიათ. მართლაც, გარდაცვლილა თუ არა ქალბატონი, მყისვე მთელ კუთხეს შეუტყვია, რომ, რაკი მოძალადე მოახლე საჩუქრებით ვერ დაუყოლიებია და მიმხვდარა, მისი ოჯახის სირცხვილი შეიძლებოდა ქვეყნის სალაპარაკო გამხდარიყო, ქალბატონი ვიღაც ავაზაკებს დაკავშირებია – რა გზითა და რა საშუალებით, არავინ უწყოდა – და მოახლე და მისი ვაჟი ისე უჩუმრად მოუტაცინებია, ეჭვი არავის აუღია. ყველაფერი ეს, დავითის აქამომდელი თავგადასავალი, აქაურთა თვალწინ მოხდა და მათი მონათხრობიც პირადად მე სარწმუნოდ მიმაჩნია.

რაც ამის შემდეგ გადახდა დავითს, მართალია, იმასაც ასეთივე დაბეჯითებით ყვებოდნენ, მაგრამ რა წყაროებიდან გაიგეს, ან რამდენად შეესატყვისება სინამდვილეს, მაშინ არ ვიცოდი. მოყოლით კი ყვებოდნენ შემდეგს: ავაზაკებს დედა-შვილი სტამბოლის ბაზარზე წაუყვანიათ და ვიღაც ბერძენი ვაჭრისთვის მიუყიდიათ. მრავალი წელი დაჰყვეს თურმე იმ ბერძენთან, ბევრი გაჭირვებაც გამოიარეს – შიმშილი, სიცივე, შეურაცხყოფა, ავადმყოფობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა სულ იმის ცდაში ყოფილა, შვილის გულში სიძულვილი ეღვივებინა, რათა, დიდი რომ გაიზრდებოდა, შინ

დაბრუნებულიყო, შური ეძია და მამულის ნაწილს, რომელიც კანონით მას ეკუთვნოდა, დაპატრონებოდა. სიკვდილის წინაც ანდერძად მხოლოდ ეს დაუბარებია, თუ გინდა ჩემმა სულმა საიქიოში მოისვენოს, ჩვენი გამამწარებელი გაამწარეო. დავითს, თუმცა კი დედას ანდერძის ასრულებას აღუთქვამდა, შორეული მამული და შურისძიება დიდად არ ანაღვლებდა, სამაგიეროდ მთელი ბავშვობა მონობიდან თავის დაღწევაზე ოცნებობდა და, დედა რომ გარდაიცვალა და საკუთარი თავის მეტი საზრუნავი აღარავინ დარჩენია, შეუსრულებია კიდეც წადილი: პატრონს გაპარვია და სტამბოლს გაქცეულა. მრავალი წლის განმავლობაში თურმე ქვეყნიდან ქვეყანაში დაწანწალებდა. პირველ ხანებში ძალიან გასჭირვებია.

უსახლკარო, ულუკმაპურო, უნათესაო და არასმქონე ხან შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდა თავს, ხან კეთილი ხალხი შეიფარებდა, ხან მდიდარი ოჯახების ახალგაზრდა მოახლეთა ხარჯზე ცხოვრობდა, რაც მისი სილამაზის პატრონისათვის ძნელი არ იყო; სასოწარკვეთამდე მისული მათხოვრობასაც არ თაკილობდა. მალე, როგორც ხშირად ხდება, როცა კაცი ამგვარ ცხოვრებას ეწევა, საეჭვო ხალხში გარეულა. ჯერ წვრილმან მპარავებს დაკავშირებია და ბაზრებსა და მოედნებზე ქურდობაში ხელი კარგად გაუწაფავს. მერე ყაჩაღთა ბრბოში მოხვედრილა და მოგზაური ვაჭრების ნამდვილი რისხვა შექნილა, ერთი ხანობა თურმე დაქირავებული მკვლელის ხელობასაც მისდევდა და მრავალი ადამიანის ცოდვა დაუდვია. ბოლოს ბედმა საქართველოში ჩამოიყვანა, სადაც მასავით

თავზეხელაღებულ რამდენიმე ავაზაკთან ერთად ბავშვების მოტაცებასა და მონებად გაყიდვას მიჰყო ხელი. დიდხანს თარეშობდნენ თურმე აქ და დიდძალი ოქროც იშოვეს, მაგრამ ბოლოს მახეში გაებნენ და მთელი გუნდი მეკობრეთმძებნელებს ჩაუვარდა ხელთ. სამსჯავროს ყველასთვის სიკვდილი გადაუწყვეტია, მაგრამ, როდესაც განაჩენის აღსასრულებლად სატუსაღოდან გამოუყვანიათ, სათვალავში ერთი კაცი დაჰკლებიათ. ეს ერთი კაცი დავითი იყო. უჩინმაჩინის ქუდი რომ არ ჰქონოდაო, ამბობდნენ აქაურები, ისე იმ სატუსაღოდან ვერ გამოიპარებოდაო. როდესაც ქვეყანაში ჭეშმარიტი რწმენა მოირყევა, არ შეიძლება იქ ცრუმორწმუნეობა არ აღორძინდეს, ამიტომ მე და ანტონიოს არ გაგვკვირვებია, რომ ეს ხალხი დავითის სატუსაღოდან გაქცევას ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა. ასე იყო თუ ისე, სატუსაღოდან რომ გაპარულა, ახალი გუნდი შეუდგენია, თავად ჩადგომია სათავეში და ძველი საქმიანობა განუახლებია. ამ გუნდისთვის ქართველებს ვერაფერი მოუხერხებიათ. დავითი ყველა ხაფანგს წინასწარ გრძნობდა, ყველა მახეს იოლად უვლიდა გვერდს, ყველა მდევარს უსხლტებოდა.

არავინ იცოდა, ეს ნადირივით ფრთხილი და მოუხელთებელი კაცი როდის სად გამოჩნდებოდა, როდის რომელ სოფელს დააცხრებოდა და როდის რომელი გზით წავიდოდა. მალე ეშმაკეულის სახელი დავარდნია. ამბობდნენ, სული სატანას მიჰყიდა, ამიტომ ტყვია არ ეკარება და ხმალი არ ჭრისო. ეშმაკეულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ყველაფერი რომ ერთიმეორეს შევაჯერეთ, მე და ანტონიომ დავითის მოუხელთებლობის ორი აშკარა მიზეზი დავინახეთ: ერთი ის, რომ, ეტყობა, მართლა ეშმაკივით მარჯვე და მოხერხებული იყო, თან ცბიერი, გულადი და დაუნდობელი; მეორე მიზეზი, უაღრესად სამწუხარო და რამდენადაც სამწუხარო, იმდენადვე სამარცხვინო, ის არის, რომ მუდმივი და უშიშარი ადგილსამყოფელი გაიჩინა. ყაჩაღის მთავარი მტერი არის არა მდევარი, არამედ ერთთავად ტყე-ტყე წანწალი, კლდე-ღრეში და გამოქვაბულებში ღამის თევა, ნადირის ნახევრად ფხიზელი ძილი, დაძაბული სიფრთხილე, ხიფათის გაუთავებელი მოლოდინი.

რაოდენ მამაცი და მარჯვეც არ უნდა იყოს კაცი, არ იქნება ადრე თუ გვიან ასეთმა ცხოვრებამ არ დაღალოს, არ გამოფიტოს, ყურადღება არ მოუდუნოს და საბოლოოდ სიცოცხლე სახრჩობელაზე ან ჯალათის ნაჯახქვეშ არ დაასრულებინოს. დავითმა, ეჭვი არაა, ყოველივე ეს კარგად იცოდა და დიდხანს ეძებდა მუდმივ ბუნაგს, სადაც დროდადრო დასვენება შეეძლებოდათ, მშვიდი ძილი და ძალების მოსაკრებად ესოდენ აუცილებელი უხიფათო ცხოვრება. აი, სწორედ მაშინ გახსენებია დედის ანდერძი და ისეთი გეგმა მოუფიქრებია, რომ მის სითამამეს მხოლოდ მისივე უტყუარობა თუ შეედრებოდა.

აქაურობა ჯერ კარგად დაუზვერავს და შეუსწავლია, მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, მთელი გუნდით ამოსულა და მიტოვებულ ციხეში დაბანაკებულა. ციხეს, გარდა იმისა, რომ მოშორებით იდგა უღრან ტყეში და ყაჩაღებისათვის დასაბინავებლად ზედგამოჭრილი იყო, კიდევ ერთი დიდი ღირსება ჰქონდა, რომელიც, ჩანს, დავითმა კარგად იცოდა და კარგადაც გამოიყენა: იგი უხსოვარი დროიდან ადგილობრივ მცხოვრებთა შორის „ეშმაკის ციხის” სახელით იყო ცნობილი. ძველი თქმულების თანახმად, ციხის პატრონი თურმე ეშმაკებს მოუჯადოებიათ, ჭკუაზე გადაუცდენიათ და საკუთარ ეზოში ხის ტოტზე თავი ჩამოუხრჩობინებიათ, ციხეს კი თვითონ დაპატრონებიან. იმ დროს ციხის ირგვლივ, ფერდობზე, მრავალი მოსახლე მდგარა, მაგრამ ეშმაკებისაგან დამფრთხალები თანდათან ქვემოთ, ტაფობში ჩამოსახლებულან.

ამის შემდეგ ის ციხე მუდამ ეშმაკების ხელში ყოფილა და ხალხი არათუ გალავნის შიგნით შესვლას, ახლო გავლასაც ვერ ბედავდა. იმასაც ამტკიცებდნენ, დროდადრო, უფრო გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ციხიდან რაღაც იდუმალი ხმები ისმისო. ასეთ ადგილას რომ კაცი ბინას დაიდებდა, რა გასაკვირია, ის კაცი აქაურ მცხოვრებთ, რომელთაც ჭეშმარიტ რწმენაზე ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, ეშმაკად მიეღოთ, მით უმეტეს, რომ დავითს ამისათვის საგანგებოდ უზრუნია და აქაურთათვის თავისი ეშმაკეულობის სხვა უტყუარი საბუთიც მიუცია: ციხეში ისე უჩუმრად შემოსულა, რომ არავის არაფერი გაეგო, ხოლო მეორე დღეს მონა ზანგი – სწორედ ის, მე და ანტონიომ რომ ციხის ჭიშკართან ვიხილეთ – ძაღლების ხროვით გარშემორტყმული და ნახევრად შიშველი ტაფობში ჩაუგზავნია, რათა იქ მწყემსებს ჩვენებოდა, რომლებიც ტყის პირას ნახირს აძოვებდნენ, და ამგვარად, თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ციხეში ეშმაკები სახლობდნენ, ეს უკანასკნელი ეჭვიც მოესპო.

ზანგს თავისი როლი ჩინებულად შეუსრულებია, – თავზარდაცემულ მწყემსებს ნახირი მიუტოვებიათ და უკანმოუხედავად გაქცეულან – ხოლო დავითსა და მის თანაგუნდელებს რომ ამის შემდეგ სამი ღამის განმავლობაში თავაშვებული ღრეობა ჰქონდათ, მცხოვრებლებს ეს ღრეობა ეშმაკების დაფა-ზურნად მიუღიათ და დაზაფრულები დიდხანს სახლებიდან გამოსვლას ვერ ბედავდნენ.

მაშინ დავითს რამდენიმე კაცი გაუგზავნია, რომელთაც ჩვენი თავადი საკუთარ ეზოში უხმაუროდ შეუპყრიათ, გაუთოკავთ და მეთაურისთვის ციხეში მიუგვრიათ. აქამდე დავითისა მხოლოდ სახელი იცოდნენ, ახლა კი, ჩვენს თავადს რომ გაუგია, ეს სწორედ ის დავითი იყო, რომელიც მისმა სიდედრმა სტამბოლის ბაზარზე გააყიდვინა, ისედაც შეშინებული მთლად წამხდარა. დატყვევებული რომ მიჰყავდათ, მონად გაყიდვის შიში ჰქონდა, ხოლო დავითის ვინაობა რომ შეიტყო, მონად გაყიდვა უკვე სანატრელი გაუხდა. შიშისაგან ესოდენ წამხდარ და გონებადაბინდულ კაცთან დავითს გარიგების დადება არ გასჭირვებია. თავადი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი თავისი თავი და თავისი ოჯახი გადაერჩინა. საბოლოოდ, დავითის პირობები რომ მოუსმენია, კმაყოფილიც დარჩენილა, რადგან გაცილებით უარესის მოლოდინი ჰქონდა.

პირობები ასეთი ყოფილა: პირველი და ყველაზე მთავარი – ყაჩაღთა გუნდის აქ ყოფნა საიდუმლოდ უნდა შენახულიყო და ამ პატარა ტაფობს არ გასცდენოდა, მეორე – სანამ ყაჩაღები ამ მხარეში დარჩებოდნენ, მათი რჩენა და სურსათ-სანოვაგით მომარაგება თავადს უნდა ეკისრა. სამაგიროდ, მამულის ნახევარს, რაც კანონით ეკუთვნოდა, არ მოითხოვდა, ყაჩაღების სხვა გუნდს, მთელ საქართველოში რომ დაძრწოდნენ, ამ მხარეში არ გააჭაჭანებდა და, თუ საჭიროება მოითხოვდა, აქაურობას სხვა მტრისა და მოძალადისგანაც დაიცავდა. ხოლო თუ ამ ჩემს პირობაზე უარს იტყვიო, უთქვამს დავითს, ან დამთანხმდები, მაგრამ გულში ღალატს გაივლებ, მაშინვე არ მოგკლავო, ჯერ იმას გაყურებინებ, აქაურობას როგორ გადავბუგავ, მერე იმას გაყურებინებ, ჩემს დასა და პატარა დისწულებს როგორ დავაჭრი ყელებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგაბამ ჩემს საუკეთესო ცხენს, რათა, სანამ სული არ ამოგხდება, ისეთ ადგილებში გათრიო, რომლებიც ყველაზე უფრო ბასრი და წვეტიანი ქვებით იქნება მოფენილიო.

ადამიანის გამტყუნება ძალიან იოლია, როცა მის ტყავში არ ყოფილხარ და ყოველივეს მხოლოდ გარედან უყურებ, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი: ჩვენი თავადის ადგილას რომ სხვა, ნაკლებ მხდალი კაცი ყოფილიყო, ასეთ პირობებზე დათანხმებას არ იკადრებდა, სამარცხვინო უღელს არ დაიდგამდა და ყაჩაღის თანამზრახველი არ შეიქნებოდა. მაგრამ ჩვენი თავადი ლაჩარი იყო, შიშმა გონება აუმღვრია და სულის ის ნათელი დაუხშო, ურომლისოდაც ადამიანს არ შეუძლია მიხვდეს, რომ ქვეყნად იმიტომ არ მოვდივართ, სანამ სიკვდილი მოგვკლავს, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი სიცოცხლის შენარჩუნება იყოს.

ამგვარად თავადი პირობას დათანხმდა და სამარცხვინო პატიოსნებითაც ასრულებდა. მეტიც: იმის შიშით, რომ დავითისთვის განრისხების საბაბი არ მიეცა და ცოლ-შვილი საიმედოდ ჰყოლოდა დაზღვეული, წლიურ სარჩოს იმაზე მეტს აძლევდა, ვიდრე პირობით იყო გათვალისწინებული. იმ დიდი შიშის შემდეგ, რაც გადაიტანა, ასეთ გარიგებას ბედის წყალობად თვლიდა. თან გულში იმედი ჰქონდა, რომ ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ყაჩაღები მთავარს ჩაუვარდებოდნენ ხელთ, და თუ მთავარს არ ჩაუვარდებოდნენ, ადრე თუ გვიან აქედან აიყრებოდნენ და სადმე სხვაგან გადაიხვეწებოდნენ. ხალხს კი, ასეთი პატრონის შემხედვარეს, აბა რა უნდა ექნა!

საქართველოში ხშირად გამიგონია: როგორიც ერიო, ისეთი ბერიო, რაც არსებითად იგივე სიბრძნეა, – ოღონდ აქაურთა ჩვეულებისამებრ ხატოვნად გამოთქმული – რასაც ფილოსოფოსები ძველთაგანვე გვასწავლიან: მსგავსი მსგავსსა შობს. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ კუთხეში (და საქართველოს ბევრ სხვა კუთხეშიც) მე ისეთი რამ ვიხილე, რომ ალბათ უმჯობესი იქნება ეს ანდაზა ამგვარად შევაბრუნო: როგორიც ბერიო, ისეთი ერიო. ხალხი აქ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მიწას ჩასცქერის და პიროფლიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს. ყოველივე დანარჩენზე ბატონი ზრუნავს. ხოლო ეს „დანარჩენი” იმდენ რამეს მოიცავს, რომ ხალხის ბედი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ბატონი ჰყავს.

აქაურებს გულდედალი ბატონი ჰყავდათ, რომელმაც დავითის ეშმაკეულთან წილნაყარობით ისედაც დაზაფრული ხალხი კიდევ უფრო დააშინა, ტაფობის დატოვება და სადმე წასვლა ყველას სასტიკად აუკრძალა და, უფრო იმედიანად რომ ყოფილიყო, ერთგული ყმებიც დარაზმა და მეთვალყურეებად მიუჩინა. ხალხი, თუმცა თავს ზევით ძალა არ ჰქონდა და ნებაუნებურად ბედს შეურიგდა, ბატონისაგან განსხვავებით, მწარე ტკივილით გრძნობდა, რომ უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდა. მართალია, ამაზე ლაპარაკს ყველა ერიდებოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ დავითის გუნდი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ქალებსა და ბავშვებს იტაცებდა და ახალციხის ბაზარზე მონებად ჰყიდდა. ყველამ იცოდა და ყველა მაინც დუმდა. გულხელდაკრეფილები უმოქმედოდ, სამარცხვინო მოთმინებით შეჰყურებდნენ ყაჩაღების პარპაშს და ამ უმოქმედობით, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, მათი ავკაცობის თანამზრახველები ხდებოდნენ. ამის გამო იყო ხალხი შეძრწუნებული, თორემ გაჭირვება რა ბედენაა! შიშსა და გაჭირვებას შეჩვეული იყვნენ, მათს მამა-პაპასაც აუტანია, თვითონაც იტანდნენ და მათი შვილებიც აიტანდნენ.

აი, რატომ არავინ მღეროდა ამ მხარეში! არა შიშის გამო, არა გაჭირვების გამო, არა მწარე ხვედრის გამო, არამედ იმის გამო, რომ დანაშაულის გრძნობა ლოდივით აწვათ და სინდისი ქენჯნიდათ. მე ზემოთ ვთქვი, ეს ხალხი ყველგან და ყოველგვარ ვითარებაში მღერის-მეთქი. ასეცაა. გაჭირვებულიც მღერის, შეშინებულიც მღერის, დამარცხებულიც მღერის, მშიერ-მწყურვალიც მღერის, შიშველ-ტიტველიც მღერის, ობოლ-ოხერიც მღერის, სიკვდილმისჯილიც კი მღერის. მხოლოდ ის ვერ მღერის, ვისაც სინდისი სუფთა არა აქვს.

როდესაც დავითის თავგადასავალს გვიყვებოდნენ, ამით აქაურები თავიანთ მადლიერებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მრავალი ავადმყოფი განვკურნეთ, თორემ მათი მხრივ ეს დიდი და სახიფათო მსხვერპლი იყო, ვინაიდან თავადისაგან საიდუმლო ბრძანება ჰქონდათ, დავითის შესახებ ჩვენთან კრინტი არ დაეძრათ. თავადს, ბუნებრივია, ეშინოდა, აქედან რომ წავიდოდით, ამბავი არ წაგვეღო. რაკი თავადი სულმდაბალი გამოდგა და ვერ გაბედა იმათზე ზრუნვა, ვისზე ზრუნვაც ღვთისა და ქვეყნისგან ევალებოდა, ხალხის ერთადერთი მშველელი და ნუგეშისმცემელი მღვდელი უნდა ყოფილიყო. ბატონის შემდეგ მღვდელია მრევლის პატრონი და ქომაგი. მაგრამ აქაური მღვდელი აქაური ბატონის ფეხი იყო. კაცი ჭამაში იცნობაო. ჩვენ არაერთხელ, როცა თავადთან ვიყავით ხოლმე სადილად, გვინახავს, რომ ეს ღვთისმსახური ისე ხარბად ჭამდა და სვამდა, თითქოს ეს მისი უკანასკნელი სადილი იყო და ეშინოდა, არაფერი დაკლებოდა. ასეთი კაცის იმედი აბა ვის უნდა ჰქონოდა! მე და ანტონიომ მრავალჯერ ვცადეთ აქაურებისთვის აგვეხსნა, რომ არავითარი ეშმაკეული ძალა დავითს არ შეიძლებოდა ჰქონოდა და ყველაფერი ეს მხოლოდ მათ დასაშინებლად მოუგონია, ხოლო რაც შეეხება იმ „ეშმაკს”, რომელიც მწყემსებმა თავიანთი თვალით ნახეს, ეს ისეთივე ადამიანია, როგორც ყველა ჩვენგანი და, რომ ასეთი შავი ფერის ადამიანები ქვეყნიერების მრვალ კუთხეში ცხოვრობენ, მაგრამ ვერავინ დავაჯერეთ. რა შეგვეძლო ამგვარ ვითარებაში მე და ანტონიოს?

მე, საზოგადოდ, როცა კი უცხო ქვეყანაში ვარ, ყოველთვის იმას ვცდილობ, ადგილობრივ მკვიდრთა საქმეებში რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიო, რადგან გამოცდილებით ვიცი, უცხოელის ჩარევამ შესაძლოა ასი შემთხვევიდან ერთხელ სარგებლობა კი მოიტანოს, მაგრამ ოთხმოცდაცხრამეტჯერ უეჭველად ზიანს მოიტანს. ამის მიზეზი ის არის, რომ ყოველ ქვეყანას თავისი კანონები აქვს, თავისი ადათ-წესები, თავისი ზნე-ჩვეულებანი, თავისი სულიერი წყობა, და როცა კაცი უცხო ქვეყანაში უსამართლობას წააწყდება და აღშფოთებული სიმართლის აღდგენას მოიწადინებს, ის ამ დროს საკუთარ, თავისი ქვეყნიდან წამოღებულ სიმართლეს იცავს, რომელიც აქ, უცხოეთში, შესაძლოა სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყოს.

მაგრამ ანტონიოს ვერაფერი შევასმინე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო დრტვინავდა, ბორგავდა და ზოგჯერ, რისხვამორეული, შეპყრობილი ნადირივით აწყდებოდა აქეთ-იქით.

გულისყურით გისმენ, ბართოლომეო, – მეუბნებოდა, როცა ვცდილობდი დამეშოშმინებინა და საშუალება არ მიმეცა რაღაც ისეთი ჩაედინა, რასაც მერე აღარაფერი ეშველებოდა, – გულისყურით გისმენ და ყველაფერი, რაც კი ჩემში გონიერია, ფხიზელი და უსულგულო, უყოყმანოდ აღიარებს შენი ნათქვამის ჭეშმარიტებას. მაგრამ ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც გონებას არ მორჩილებს და საბუთებს სულ სხვა უფსკრულებში ეძებს, მეუბნება, რომ მართალი არა ხარ. ღვთაებრივი სიმართლე კანონებსა და ადათ-წესებზე არაა დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ, იმ ვითარებაში, რომელშიაც მე და შენ განგების ძალით აღმოვჩნდით, ჩარევა აუცილებელია, თუნდაც ამან ზიანი მოიტანოს, ვინაიდან ჩაურევლობა დანაშაული და ცოდვა იქნება. განა შენ სადმე, რომელიმე ქვეყანაში, გინახავს, სიმართლე ყაჩაღთან, მკვლელთან, ბავშვების გამტაცებლებთან გარიგებასა და ლაჩრულ მორჩილებას დასტურს აძლევდეს? არა, ბართოლომეო, ღმერთს ადამიანი ასეთი არ შეუქმნია.

ღმერთი შორსაა. ადამიანურ სიმართლეს კი მუდამ დრო-ჟამის ბეჭედი აზის. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სიმართლე აქვს. ერთსა და იმავე ქვეყანასაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმართლე აქვს. როცა ქვეყანა ძლიერი და ღონიერია, ერთ სიმართლეს აღიარებს, როცა დაეცემა და დაძაბუნდება, სხვა სიმართლეს ირჩევს. ყაჩაღთან გარიგება რომ დანაშაული და ცოდვაა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეს განგებაა, ბედის განჩინება, დრო-ჟამმა კი ეს ხალხი აიძულა თავის სიმართლედ მორჩილება და მოთმინება აერჩია.

დრო-ჟამმა კი არა, ბართოლომეო, ამ კურდღელივით მშიშარა თავადმა აიძულა. მაგის ადგილას რომ ისეთი კაცი იყოს, როგორიც ახალგაზრდა მთავარია, განა მაშინაც მოთმინებას ამჯობინებენ!

ეს თავადიც დრო-ჟამის ქმნილებაა. რამდენი კაცი გეგულება მთავრის ამალაში, რომ ჭეშმარიტი სიმართლის აღიარება გაბედონ?

ცოტა, ძალიან ცოტა. მაგრამ ყველაფრის მოთმენა მაინც არ შეიძლება.

რომ არ მოვითმინოთ, რა შეგვიძლია მე და შენ, ორ უცხოელს? ვთქვათ, ქალაქში წავედით და ყველაფერი მთავარს ვაუწყეთ. მერე? ვინ მოგვცემს იმის რწმუნებას, რომ ორგული დიდებულებით გარშემორტყმული მთავარი შეძლებს ისე ჩუმად და საიდუმლოდ იმოქმედოს, დავითმა ყოველივე წინასწარ არ შეიტყოს და თავისი საზარელი მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს? შენ იმედი გაქვს, რომ მთავარი უეჭველად შეძლებს ამას?

არა, მაგის იმედი არა მაქვს, – ნაღვლიანი კილოთი თქვა ანტონიომ. – მაშ, რა ვქნათ?

ერთი გზა არსებობს, ბართოლომეო. დავითი ახლა აქ არ არის და, როდის გამოჩნდება, არავინ იცის.

შესაძლოა, ხვალვე გამოჩნდეს. შესაძლოა, რამდენიმე თვეს არ გამოჩნდეს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ არ გამოჩნდება. – მერე?

ანტონიო სწრაფი, ფიცხი ნაბიჯით მიმოდიოდა ოთახში. მთელი სხეული უკიდურესად ჰქონდა დაძაბული. ერთხანს უხმოდ იარა ასე, ბოლოს მოწყვეტით შედგა ჩემს წინ და თვალი თვალში გამიყარა.

თავადი უნდა დავიყოლიოთ, ბართოლომეო.

თავადი? რაზე უნდა დავიყოლიოთ?

ბრძოლაზე. თავადი თუ დავიყოლიეთ, ხალხიც გამოვა. ჩუმად, საიდუმლოდ დავრაზმავთ ყველას, ვისაც კი იარაღის ხმარება შეუძლია, და, როდესაც დავითი გამოჩნდება, თავისსავე ციხეში დავეცემით.

მე მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს უგუნური გეგმა იყო, რომელიც სიკეთეს არავის მოუტანდა, არც ამ ხალხს და არც ჩვენ.

შენ კარგად იცი, ანტონიო, – ვუთხარი მე, – რომ აქაურ მცხოვრებთ თავადისგან ნაბრძანები აქვთ, დავითის ამბავი ჩვენ არ გაგვაგებინონ. ისინი კი ბრძანებას გადავიდნენ და საიდუმლო გაგვანდეს, რაც მათი მხრივ დიდი გაბედულება იყო და, ჩემი აზრით, იმის ნიშანია, რომ ვერც დავითმა და ვერც საკუთარმა ბატონმა ამ ხალხს ადამიანური სახე ჯერ კიდევ ვერ დააკარგვინა. მაგრამ საიდუმლოს ხომ შენახვა უნდა! თავადი რომ მართლა დავიყოლიოთ, მაშინ შენი გეგმა ეგებ გამართლებულიც იყოს, მაგრამ თუ თავადი ვერ დავიყოლიეთ, – და გარწმუნებ, ასეთ კაცს ვერც ვერასოდეს დაიყოლიებ სახიფათო საქმეზე – მაშინ მაგ შენი გეგმის ერთადერთი შედეგი ის იქნება, რომ ხალხს, რომელიც გვენდო, ჩვენი დაბეზღებით ახალ ხიფათს გავუმზადებთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით ჩვენც დიდი საშიშროება გველის, რადგან თავადი, რა შეიტყობს, დავითის ამბავი გავიგეთ, ყოველნაირად ეცდება აქედან ცოცხალი აღარ გაგვიშვას.

ანტონიო ერთხანს თვალმოუშორებლივ მიყურებდა. მერე ნელა შეტრიალდა, სარკმელს მიადგა და წყნარი და ჩუმი, ცოტა მორიდებული კილოთი მითხრა: – გეშინია, ბართოლომეო? მაცხოვრის სახელს ვფიცავ, არ მეშინოდა.

არა, ანტონიო, – მივუგე მე, – სიკვდილის არ მეშინია. მე მხოლოდ იმის მეშინია, ჩვენი წინდაუხედაობით ეს ხალხი უარეს განსაცდელში არ ჩავყაროთ.

და კიდევ იმის მეშინოდა, ანტონიოს რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩაედინა. ვხედავდი, რა მძაფრად განიცდიდა იმ უკეთურებას, რაც აქ ტრიალებდა, იმასაც ვატყობდი, რომ სინდისის ქენჯნა, რამაც აქაურებს სიმღერა დაავიწყა, თავის წარსულს აგონებდა და საკუთარი სინდისის ქენჯნას უახლებდა. უგულო არც მე ვყოფილვარ. მეც მაწუხებდა ამ ხალხის ბედი, მაგრამ მე იმ ქვეყანაზეც ვფიქრობდი, რომელმაც აქ გამომგზავნა. ბოლოს ისეთი გეგმა მოვიგონე, რომელსაც ანტონიოც უნდა დაემშვიდებინა და, საერთოდაც, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გზა იყო.

ანტონიო, – ვუთხარი ერთხელ, როდესაც ეს ჩემი გეგმა კარგად ავწონ-დავწონე, – თუ ვიჩქარებთ, ერთ კვირაში აქ ყველა საქმეს მოვითავებთ. ერთი კვირის შემდეგ ქალაქში დავბრუნდეთ და მთავარს არა და მამა სებასტიანეს კი ყველაფერი ვაცნობოთ. ვიცი, არ გიყვარს ჩვენი წინამძღოლი, არც გამტყუნებ, მაგრამ იმას ხომ ვერ უარყოფ, რომ ჭკვიანია, წინადახედული და ღვთისმოშიში! გარდა ამისა, მეტი უფლებებიცა აქვს, ვიდრე მე და შენ. ყველაფერი დაწვრილებით ვუამბოთ და დაე მან გადაწყვიტოს, რა უმჯობესი იქნება.

ჩემი თათბირი ანტონიოს ჭკუაში დაუჯდა და გადავწყვიტეთ, ასეც მოვქცეულიყავით. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გავემგზავრეთ მთაში, რათა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავით, რომ სპილენძის მადანი, რაზედაც ქალაქში ბევრს მელაპარაკნენ, სინამდვილეში იმდენად ცოტა იყო, ხარჯის გაწევად არ ღირდა. სამაგიეროდ, ტყავების ნიმუშები ბლომად შევიძინე. გარდა ამისა, თავადი, რომელიც აშკარად კმაყოფილი დარჩა, ჩვენი მალე გამგზავრების ამბავი რომ შეიტყო, შემპირდა, მაისის თაფლს, როგორც კი ამოვიღებ, მაშინვე გამოგიგზავნიო.

ამასობაში ოთხი დღე გავიდა. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ვვარაუდობდით. წვრილმანი საქმეებიღა დაგვრჩა მოსაგვარებელი, რასაც სამ დღეში თავისუფლად მოვასწრებდით. მაგრამ, როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. გამგზავრების სამზადისი უკვე დაწყებული გვქონდა, როცა, ერთ საღამოს, ხმა გავარდა, დავითის გუნდი მთავრის დიდ რაზმს წაწყდომია და ტყვედ ჩავარდნილა, თავად დავითი შეტაკების დროს მოუკლავთო.

ეს მოულოდნელი ცნობა ელვის სისწრაფით მოედო მთელ ტაფობს. ხალხი ახალ ამბავს ჩურჩულით უზიარებდა ერთმანეთს და სასოებით იწერდა პირჯვარს.

თავადმა მე და ანტონიოს კაცი გამოგვიგზავნა, ვახშმად დაგვპატიჟა და, რის გამხელასაც აქამდე ყველას სასტიკად უკრძალავდა, გახარებულმა თვითონვე გვიამბო. უფრო სწორად, ამ ისტორიის საკუთარი ვერსია გვიამბო, რომელშიაც თავად ძალგულოვანი გმირის, მოწყალე პატრონისა და სულგრძელი ნათესავის როლს განასახიერებდა. დავითის კაცებმა რომ საკუთარი ეზოდან გაიტაცეს, ამაზე კრინტი არ დაუძრავს; არც სამარცხვინო გარიგებაზე დასცდენია სიტყვა. მისი ნაამბობის მიხედვით ისე გამოდიოდა, თითქოს დავითი თვითონ ეახლა, მუხლებში ჩაუვარდა, კაცი შემომაკვდა, დასაჭერად დამდევენ და წასასვლელი არსაითა მაქვსო, უთხრა და სასოწარკვეთით შემოეხვეწა, ვიცი, კეთილი და დიდსულოვანი ბრძანდები, ნუ გამწირავ და ტყე-ღრეში სახეტიალოდ ნუ გამიმეტებ, მოიღე მოწყალება და ნება დამრთე მცირე ხნით „ეშმაკის ციხეს” შევეფაროო.

თავადმაც შეივრდომა. ან კი რა ექნა? ნათესავი იყო, საყვარელი მეუღლის სისხლი და ხორცი. აბა რა იცოდა, რომ წუნკალი თურმე ურცხვად ტყუოდა, სინამდვილეში ავაზაკი ყოფილა და ავაზაკობას მისდევდა! ეს რომ სცოდნოდა, სისხლსა და ნათესაობას სულ არ მიხედავდა, გულს გაიქვავებდა და, თუნდაც ამით დიდი ცოდვა დაედო, გველს საკუთარი ხელით გაუჩეჩქვავდა თავს. ნათესავი კი არა, ღვიძლი ძმაც რომ ყოფილიყო, ბავშვების გამტაცებელსა და ქვეყნის ამწიოკებელს როგორ დაინდობდა! როცა ნამდვილი გაიგო – გაგებით კი ამ ერთი თვის წინ გაიგო – ასეც გადაწყვიტა, დაბრუნდებოდა თუ არა, საკუთარი ხელით უნდა მოეკლა. მაგრამ განზრახვას არავის უმჟღავნებდა. სიფრთხილეს თავი არა სტკივა, ვაითუ იმ წუპაკს შეეტყო და მაშინ ხომ აქეთ პირს აღარ იზამდა! თავადმა კიდევ ბევრი იტრაბახა, როგორც ეს ლაჩრებს სჩვევიათ, განგების ძალით რომ მოულოდნელად ვითარების ბატონ-პატრონი შეიქნებიან. ბოლოს, ტრაბახით რომ გული იჯერა, გვითხრა:

მადლი უფალს, ჩემს ჩაურევლად აღსრულდა სამართალი და ნათესავის სისხლით არ შევიღებე სუფთა ხელები. მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრით მაინც რამე უნდა ვიღონოთ. ხომ იცით, ხალხი ბნელი და ავყიაა, შეიძლება ხმა დამიგდონ, ვითომ ვიცოდი, რომ ყაჩაღი იყო, მაგრამ ნათესაობით ხელს ვაფარებდი. ამიტომ ხვალ ეკლესიაში ჩვენი მღვდელი საჯაროდ შეაჩვენებს.

მკვდარს? – გაუკვირდა ანტონიოს.

რა უჭირს, – თქვა თავადმა, – იცოცხლეთ, ჯობდა, ჯერ შეგვეჩვენებინა და მერე მოგვეკლა, მაგრამ არც ასე დაშავდება რამე. ხომ უნდა გაიგოს ყველამ: როცა საქმე სიმართლის დაცვაზე მიდგება, ნათესაობა მე ჩირად არ მიღირს!

თავადის შემზარავმა ტრაბახმა მე და ანტონიოს გუნება მოგვიშხამა და ნავახშმევს გულდამძიმებულები წამოვედით შინ.

გზაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. ანტონიოსი არ ვიცი და მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელ სხეულში მატლები დამიდიოდნენ.

იმ ღამეს სოფელში სიმღერა გაისმა. ჩუმი, წყნარი, თითქოს გაუბედავი, თითქოს ნაღვლიანიც, მაგრამ მაინც სიმღერა, რომელიც, როგორც დაგუბებული წყალი იპოვის მცირე რამ ბზარს და წანწკარით გადმოეშვება, ისე წკანწკარით მოედინებოდა ღამის მდუმარებაში.

დილით ზარების რეკვა ატყდა და ოთხივე სოფელმა ეკლესიას მიაშურა. მე და ანტონიოს, როგორც საპატიო სტუმრებს, ეკლესიაში თავადმა იმთავითვე თავისი ოჯახის გვერდით მიგვიჩინა ადგილი. ახლაც მათთან ერთად შევედით. თავადსა და მის მეუღლეს შვილები წინ ეყენათ და თითო ხელი – ქმარს გოგონასათვის, ხოლო ცოლს ვაჟისთვის – მხარზე ედოთ. მე და ანტონიო ოდნავ გვერდზე და ნახევარი ნაბიჯით უკან ვიდექით.

ეკლესია გაჭედილი იყო ხალხით და ჰაერში ოფლისა და ჭუჭყის სუნი ტრიალებდა. საერთოდ, მთელ ამ კუთხეს ეს ერთი პატარა სამლოცველო ემსახურებოდა და, უნდა ითქვას, აქამდე სავსებითაც ჰყოფნიდა, რადგან ხალხი მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს ღვთისმსახურებისათვის. დღეს კი, რაკი გაიგეს, მღვდელმა დავითი უნდა შეაჩვენოსო, მთელი ტაფობი დიდიან-პატარიანად ეკლესიას მოაწყდა. შიგნით ხომ ტევა არ იყო, ეზოშიაც იმდენი ხალხი ირეოდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ხალვათად ვიყავით, ვინაიდან ხალხი ბატონის შევიწროებას ვერ ბედავდა. მღვდელს, რომელიც წუხელ ჩვენთან ერთად იჯდა თავადის სუფრაზე და კარგადაც გამოთვრა, ეტყობა, გამოსაფხიზლებლად ცოტა ამ დილითაც დაემატებინა. თვალის უპეები და ლოყები შეშუპებოდა და, ისედაც მსუქანსა და ფერხორციანს, სახე ვარდისფრად უღაჟღაჟებდა. ეს კაცი, გარდა იმისა, რომ მუცელს აღმერთებდა, უწიგნურიც იყო.

მე და ანტონიოს ხშირად გვიხდებოდა მასთან შეხვედრა – უმთავრესად თავადის სახლში – და დარწმუნებული ვარ, წმინდა წიგნი ბოლომდე წაკითხული არც ჰქონდა, ან, თუ წაკითხული ჰქონდა, ვერავითარი სარგებლობა ვერ გამოეტანა. ამ ქვეყანაში ხშირია შემთხვევა, როცა მღვდლად ამწესებენ არა იმას, ვინც ამ საქმისათვის უფრო გამოსადეგია, არამედ იმას, ვინც ეპისკოპოსს სხვაზე მეტ ქრთამს მიართმევს. ეს ჩვენი მღვდელი სწორედ ამგვარ ღვთისმსახურთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. მას თავის დროზე დიდი საფასური გადაეხადა იმისთვის, რომ მღვდლის ადგილი ეშოვა, ამიტომ ახლა მხოლოდ იმას ცდილობდა, დანახარჯი ამოეღო და შეძლებისდაგვარად მოგებაც ენახა. საკვირველია, რომ ასეთი მოძღვრის ხელში აქაურ ხალხს სულის ნათელი საბოლოოდ არ ჩაუქრა და სინდისის ხმა სამუდამოდ არ დაეხშო.

მამაო ჩვენოს მეტი ზეპირად მე მგონია სხვა არაფერი იცოდა, წირვისა და ქადაგების დროს გაუგებრად ლუღლუღებდა, ქშინავდა და გამუდმებით ბორძიკობდა. ახლაც ასე იყო, მაგრამ, დავითის ამბავზე რომ გადავიდა, მოულოდნელად ისე შეიცვალა, ყველანი სახტად დავრჩით. ხმა ომახიანი გაუხდა, კილო – მკაფიო და დაჯერებული, ისე მწყობრად ალაპარაკდა, ისე ლაღად და დალაგებულად, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი მჭევრმეტყველი ქადაგი იდგა. ხალხმაც იგრძნო ეს უეცარი ცვლილება და, თუ აქამდე ხმაურობდა, ახლა ერთიანად გაისუსა. გარეთაც, ეზოში, სიჩუმე ჩამოვარდა. ვინც მოახერხა და სხვას მოასწრო, შემოსასვლელში ჩადგა, რათა უკეთ მოესმინა.

მღვდელმა დიდხანს ილაპარაკა დავითის ავკაცობაზე, დაახლოებით, ოღონდ ცოტა შერბილებულად და ბუნდოვნად, გაიმეორა ის, რაც თავადმა გვიამბო, და ღმერთს მადლი შესწირა, რომ ამ ავაზაკს, ამ გველს, ამ სატანას სამაგიერო მიეზღო. მერე ჯვარი მაღლა აღმართა, ხმასაც კიდევ უფრო აუწია და ომახიანად განაგრძო:

კრულ იყოს საშო – დავითის მშობელი! კრულ იყოს პური – დავითის გამომზრდელი! კრულ იყოს სახლი – დავითის შემფარებელი! უფალი ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სახელით შეჩვენებულ იყოს უკუნითი უკუნისამ... მერე, როცა ეს საკვირველი დღე მიიწურა, მე შევეცადე ყოველივე თანმიმდევრულად აღმედგინა და გამეხსენებინა, რათა ის, რაც დილას მხოლოდ გულით დავინახე, ახლა გონებით დამენახა, მაგრამ ამ მცდელობიდან არაფერი გამოვიდა, აზრი ამაოდ ცდილობდა აზვირთებულ განცდებში სიმწყობრე და სინათლე შეეტანა, იმდილანდელი შთაბეჭდილება სამუდამოდ გრძნობიერ შთაბეჭდილებად დარჩა.

შთაბეჭდილება კი ისეთი იყო, თითქოს რამდენიმე უეცარი მოვლენა ერთდროულად და ერთმანეთში არეულად მოხდა. სრულ სიჩუმეში, როდესაც ირგვლივ ყველანი გატრუნულები იყვნენ და ხარბად, გაფაციცებით უსმენდნენ მღვდლის თავდავიწყებულ ღაღადს, ანაზდად ეზოდან რაღაც ხმა მოისმა. არა აზრი, არა სიტყვა, არამედ დაუნაწევრებელი ბგერა, შიშის, განცვიფრების, სასოწარკვეთის გამომხატველი ბგერა, თითქოს ეზოში თავმოყრილმა ხალხმა რაღაც თავზარდამცემი სასწაული იხილა და ამით გამოწვეული უნებური, ერთბაშად ამოხეთქილი გმინვა, ტკივილისა და სიმწრის ერთ მკვრივ, მძიმე გორგლად შეკრული, ეკლესიის ღია კარში მეხივით შემოვარდა. იმავ წამს მღვდელს სიტყვა გაუწყდა. პირი გაღებული და ცოტა მოღრეცილი დარჩა, გეგონებოდათ ამთქნარებსო. ფერი არ შეცვლია და ეს იმდენად საკვირველი არ იყო, რამდენადაც შემზარავი, რადგან ამ ნაბახუსევ, წითლად მოღაჟღაჟე სახეს რომ სიკვდილის შიში შეერია, ისეთი გამომეტყველება დაედო, თითქოს მის წინაშე უეცრად ჯოჯოხეთის კარიბჭე გაღებულიყოს. თვალები გაუფართოვდა (მარჯვენა რატომღაც უფრო მეტად, ვიდრე მარცხენა), ხელი, რომელშიაც ზეაღმართული ჯვარი ეჭირა, ისე აუცახცახდა, რომ რამდენიმე ხელი და რამდენიმე ჯვარი მოჩანდა. ხალხის გმინვა ჯერ ისევ გუგუნებდა ეკლესიაში, რომ მის უკან რაღაც სხვა ხმა მოისმა, რომელიც წამის შემდეგ, როდესაც გმინვა კედლებს შეასკდა და დაიმსხვრა, კიდევ უფრო მკაფიო შეიქნა.

ახლა, სრულ სიჩუმეში, მხოლოდ ეს უცნაური, გაუგებარი ხმა ისმოდა, რომელიც თითქოს რაღაცას მაგონებდა, მაგრამ ვერ მომეგონებია, რადგან ვგრძნობდი, რომ ის, რასაც მაგონებდა, შეუძლებელი იყო ეკლესიისთვის დამეკავშირებინა. ყოველივე ეს – გმინვის გორგალიც, მღვდლის მოულოდნელი გაქვავებაც, ის გაუგებარი ხმაც, რომელიც აქ, ეკლესიაში, ყრუ მკრეხელობად გაისმა და ჩანს, სწორედ ამიტომ ვერ გამოვიცანი, ყოველივე ეს ელვის სისწრაფით, ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა. ვიდრე თავის მიტრიალებას მოვასწრებდი, ის ხმაც მიწყდა და ირგვლივ კვლავ სამარისებური დუმილი ჩამოვარდა.

თავი რომ მივატრიალე, დუმილი კიდევ ერთხელ დაირღვა. ჰაერში რაღაცამ გაიზუზუნა. მომეჩვენა, თითქოს ხალხის თავზემოთ, გუმბათქვეშ, გველმა გაიელვა, რომელიც კლაკვნითა და სისინით მიქროდა საკურთხევლისაკენ. თავიდან მართლა გველი მეგონა, მაგრამ მყისვე, როდესაც მღვდელს თავზე ყულფი ჩამოეცვა, მივხვდი, რომ ქამანდი იყო. ქამანდის ბოლო შუაგულ ეკლესიაში მარჯვენა ხელით ეჭირა მხედარს, რომელიც სპარსულ მინიატურაზე გამოსახულ ნახატს ჰგავდა. მღვდელმა განწირულების უკანასკნელი, სასოწარკვეთილი სიმარჯვით მოასწრო ორივე ხელი, რომელთაგან ერთში ჯერ კიდევ ჯვარი ეჭირა, თავზე ჩამოცმულ ყულფსა და ყელს შორის შეეყო. რაკი ეს მოახერხა, გამწარებით ჩააფრინდა ყულფს და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აწვებოდა, რათა ყელი დაეცვა. სახე ჯერ კიდევ წითლად უღაჟღაჟებდა.

ერთბაშად ვერ მივხვდი, რომ მხედარი, რომელსაც ქამანდის ბოლო ეჭირა, დავითი იყო. არა იმის გამო, რომ მთელი ტაფობი და, მის კვალობაზე, მე და ანტონიოც, მკვდრად ვთვლიდით. ეს ვერ შემიშლიდა ხელს. ხელი სხვა რამემ შემიშალა. მე ამ კაცს სხვათა მონათხრობით ვიცნობდი, მაგრამ, როგორც ახლა მივხვდი, ჩემი წარმოდგენა მონათხრობს არ დასჯერებოდა და ამ მონათხრობის მიხედვით მისი გარეგნობაც შეექმნა. ხელიც სწორედ იმან შემიშალა, რომ თვალით ნანახი არ ეხამებოდა იმას, რაც მე ჩემდაუნებურად ფანტაზიის ძალით შემიქმნია. ლამაზი რომ უნდა ყო