მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1889 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

– I –

 

იმ ზაფხულს პირველად დავიხურე სტუდენტური კარტუზი და იმ განსაკუთრებული ბედნიერებით ვიყავი სავსე, რომელიც ახალგაზრდა კაცის გულს მხოლოდ მაშინ ეუფლება, დამოუკიდებელი ცხოვრების სიამოვნებას პირველად რომ იგემებს.

გავიზარდე მკაცრი მემამულის ოჯახში, სოფლად. ეს-ესაა სიჭაბუკეში შესული, დღედაღამ სიყვარულზე მეოცნებე, სულით ხორცამდე ჯერ ისევ სუფთა და უმანკო, გიმნაზიელი ამხანაგების ერთ მოურიდებელ სიტყვაზედაც კი ბავშვივით ვწითლდებოდი, რაზედაც - ეე, მეშჩერსკი, ის დროა, ბერად დგებოდეო, უშნოდ იღრიჯებოდნენ ჩემი ამხანაგები.

იმ ზაფხულს კი ალბათ აღარ გავწითლდებოდი: არდადეგებზე შინ დაბრუნებულმა გადავწყვიტე, დროა ჩემი უბიწოება შევბღალო, სიყვარულზე მეც ყოველგვარი რომანტიკის გარეშე ვიფიქრო-მეთქი. და აი ამ გადაწყვეტილებითა და ჩემი სტუდენტური კარტუზის ჩვენების სურვილით შეპყრობილმა, სასიყვარულო თავგადასავლების საძიებლად ნაცნობ-ნათესავები და მეზობელ მემამულეთა ოჯახები მოვინახულე.

ასე მოვხვდი დედაჩემის ბიძაშვილის, დიდი ხნის წინათ დაქვრივებული გადამდგარი ულანის ერთადერთი ქალიშვილის, ანუ ჩემი ბიძაშვილის - სონიას მამის, ჩერკასოვის მამულში.

ეზოში რომ შევედი, უკვე გვიანი ღამე იყო, ამიტომაც, სონიას გარდა, არავინ გამომგებებია. ტარანტასიდან სწრაფად გადმოვხტი და პირდაპირ სახლს მივაშურე - ფლანელის საღამურ ხალათში გამოწყობილი სონია შესასვლელში დამიხვდა, მაღლა აწეულ მარცხენა ხელში სანთელი ეჭირა და მინათებდა. შევედი თუ არა, ლოყა საკოცნელად მომიშვირა, თავი გადააქნია და თავისებურად წაიკვიმატა:

– აჰ, ეს თქვენ ბრძანდებით ის ყმაწვილი კაცი, ყველგან და ყოველთვის რომ აგვიანებს?

– მაგრამ, ამჯერად დაიგვიანა არა ყმაწვილმა კაცმა, არამედ მატარებელმა, ისე რომ, თავად არაფერ შუაში გახლავართ.

– სსუუ, უკვე სძინავთ, მთელი საღამო ლამის სული დაგველია შენს მოლოდინში. ბოლოს ყველამ ხელი ჩაიქნია, მამაჩემი სულ ბუზღუნ-ბუზღუნით დაწვა, სულ ჩიტირეკია გიძახა, ეფრემს კი, რომელმაც ალბათ იფიქრა, ბარემ დავრჩები, დილის მატარებელსაც დავხვდებიო - ტუტუცი და გამოჩურჩუტებული ბებერი... ნატალიც გულდაწყვეტილი წავიდა დასაძინებლად, მოსამსახურეც სადღაც გაქრა, ისე რომ, მხოლოდ მე აღმოვჩნდი ყველაზე მომთმენი და ერთგული... აბა ახლა გაიხადე და სავახშმოდ წამოდი.

– გმადლობთ, ძვირფასო მეგობარო, - ვუპასუხე და თან მისი ლურჯი თვალებისა და მაღლა აწეული, მხრებამდე შიშველი მკლავის ცქერით ვტკბებოდი, - შენს ერთგულებაში დარწმუნება ჩემთვის ახლა განსაკუთრებით სასიამოვნოა; ნამდვილი მზეთუნახავი გამხდარხარ, რა მკლავები გაქვს, რა კისერი, ეგ შენი ფუმფულა ხალათიც, რომლის ქვეშ, დარწმუნებული ვარ, ახლა არც არაფერი გაცვია, დიდად მიმზიდველი და მაცდური რამ არის!

სონიამ გაიცინა:

– ჰო, თითქმის არაფერი... კაცმა რომ თქვას, შენც დიდებული ბიჭი დამდგარხარ - მკვირცხლი გამოხედვა, შავი, საძაგელი ულვაში... მოკლედ, მაგრადაც დავაჟკაცებულხარ, ოღონდ, რა მოხდა, ასეთი რა დაგემართა, ვერ გავიგე... ამ ორ წელიწადში, რაც არ მინახავხარ, მორიდებული, სირცხვილისაგან მუდამ ლოყებაწითლებული ბიჭუნას მაგივრად, ერთიც ვნახოთ, მომხიბვლელი, თავზე ხელაღებული მუსუსი გამომეცხადე, ეს კი - ნატალი რომ არა, ვისზედაც დარწმუნებული ვარ, ხვალ დილიდან სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე თავდავიწყებით იქნები შეყვარებული, მრავალი სასიყვარულო თავგადასავლის თავმდები გახდებოდა, როგორც ამას, ალბათ, ბებიაჩვენები იტყოდნენ.

– კი, მაგრამ, ეგ ნატალი ვიღაა? - ვკითხე სონიას, როცა იგი ჭერში ჩამოკიდებული ლამპით გაჩახჩახებულ სასადილოში შემიძღვა, რომლის ღია ფანჯრებიდანაც გაზაფხულის თბილი, წყნარი და ბნელი ღამე იმზირებოდა.

– ვინა და, ნატაშა სტანკევიჩი, ჩემი გიმნაზიელი მეგობარი და სტუმარი... აი, ვინ არის ნამდვილი მზეთუნახავი! აბა, წარმოიდგინე, არაჩვეულებრივად ლამაზი თავი, ოქროსფერი თმა, უფრო სწორად, ნამდვილი “ოქროს დალალები”, შავი, ძალიან შავი თვალები, არა, თვალები კი არა, სპარსელებისა არ იყოს, ორი შავი მზე... რა თქმა უნდა, გრძელი, უშველებელი წამწამები და, ცხადია, ისიც არაჩვეულებრივად შავი... სახის კანი ოქროსფრად უბზინავს, ასევე მხრებიცა და სხვა დანარჩენიც.

– სხვა დანარჩენი? მაინც რა სხვა დანარჩენი? - ვკითხე ჩვენი საუბრის კილოთი ფრთებშესხმულმა.

– რა და, მე და ნატალი ხვალ დილას საბანაოდ მივდივართ, გირჩევ, იქვე სადმე ბუჩქებში დაიმალო - აი, მაშინ ნახავ, რა სხვა დანარჩენიც... სხეულით და აღნაგობითაც ხომ ნამდვილი წყლის ფერია გეგონება.

სასადილო ოთახში, მაგიდაზე, ცივი კატლეტები, ყველი და ერთი ბოთლი წითელი ყირიმული ღვინო იდგა.

– ეს არის და ეს, გთხოვ, ნუ განმირისხდები! - სონია მაგიდასთან დაჯდა და ღვინო დაასხა, - შენ წარმოიდგინე, არაყიც კი არა მაქვს... რას იზამ, ღვინით უნდა დავილოცოთ, ღმერთმა ქნას, რომ...

– მაინც რა უნდა ქნას ღმერთმა?

– რა უნდა ქნას და, ისეთი საქმრო მაშოვნინოს, ჩვენს ოჯახში ზესიძედ რომ შემოვა, თან, რაც შეიძლება, მალე... საცაა ოცდაერთი წლისა გავხდები, გათხოვება და სხვაგან წასვლა კი არ შემიძლია, აბა მამაჩემი ვის უნდა დავუტოვო?

– მაშინ, ღმერთმა ქნას, რომ...

ბოკლები მივუჭახუნეთ ერთმანეთს და ღვინო ბოლომდე ნება-ნება გამოვცალეთ. სონია იჯდა, ისევ იმ თავისი უცნაური, დამცინავი ღიმილით შემომყურებდა და თან თვალით მზომავდა: ჩანგალი როგორ მეჭირა, როგორ ვჭამდი, როგორ ვიჯექი, და ბოლოს, როგორღაც თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ისე, ცუდი ბიჭი არ უნდა იყო, თან სულ ქართველს ჰგავხარ, საკმაოდ ლამაზიც ბრძანდები. ადრე საშინლად გამხდარი და გაწრიპული იყავი, სახეც უნდილი და უმწიფარი გქონდა. მოკლედ, ძალიან შეიცვალე, თბილი, სასიამოვნო ყმაწვილი დადექი, ოღონდ, ეგ არის, თვალები აქეთ-იქით გაგირბის.

– მაშ რა იქნება, შენმა მშვენიერებამ ისე ამაღელვა, თვალს ვეღარ გისწორებ. კაცმა რომ თქვას, ადრე არც შენ იყავი მთლად ასეთი...

ვუთხარი და მხიარულად ავათვალიერ-ჩავათვალიერე. მაგიდის მეორე მხარეს იგი ოდნავ ჩემკენ გადმოხრილი იჯდა, ფეხები სკამზე ჰქონდა აკეცილი, სავსე მუხლები ერთმანეთზე ეწყო. ლამპის შუქზე მზემოკიდებული ხელები ოქროსფრად უბზინავდა, ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, ძილის წინ ერთ მსხვილ ნაწნავად შეკონილ, ხშირსა და ბუმბულივით რბილ, წაბლისფერ თმაში წითელი სხივი უკრთოდა. ხალათის გაღეღილი საყელოდან მრგვალი, მზემოკიდებული კისერი და ახლად ათქვირებული მკერდის სანახები მოუჩანდა, მარცხენა ლოყაზე პატარა, შავთმიანი ხალი წერტილივით აჩნდა.

– მამაშენი როგორაა, რას შვრება?

სონია სკამზე შესწორდა, ჯიბიდან ვერცხლის პატარა პორტსიგარი და ვერცხლისავე ასანთის კოლოფი ამოიღო და პაპიროსს როგორღაც მეტისმეტად გაწაფულად მოუკიდა, თან ჩემთვის დამცინავი მზერა არ მოუცილებია.

– მამას რა უჭირს, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ყოჩაღად არის, ისევ ისეთი უტეხია და პირდაპირი, დადის და დააკაკუნებს იმ თავის ყავარჯენს, ის კი არა, ჩუმჩუმად ულვაშებსა და ბაკებსაც იღებავს... აიწოწოლიკებს თავის ჭაღარა ქოჩორს და უპრაწავს და უპრაწავს თვალებს ამ ჩვენს ქრისტიას... ეგ არის, თავის ცახცახს უმატა, თითქოს სულ რაღაცაზე გედავება, რაღაცაზე არ გეთანხმება, - თქვა სონიამ და გაიცინა, - პაპიროსი ხომ არ გინდა?

მართალია, მაშინ ჯერ კიდევ არ ვეწეოდი, მაგრამ, მაინც გამოვართვი და დიდის ამბით გავაბოლე. სონიამ დაცარიელებული ბოკლები ისევ აავსო და ღია ფანჯრიდან სიბნელეს გახედა:

– ჰო, ჯერჯერობით, მართლაც, მადლობა ღმერთს... ეს ზაფხულიც მშვენიერი დაგვიდგა, ნახე, რა შესანიშნავი ღამეა! ოღონდ, ბულბულები აღარ გალობენ. იცი, ძალიან გამიხარდა შენი ჩამოსვლა. ექვსი საათიც არ იყო, ეფრემი სადგურში რომ გავაგზავნე - ვაითუ ამ გამოჩურჩუტებულ ბერიკაცს მატარებელზე დააგვიანდეს-მეთქი;

ჯერ ხომ ისე მოუთმენლად გელოდი, მერე კი, რომ არა და აღარ გამოჩნდი და ყველანი აქეთ-იქით მიიფანტ-მოიფანტნენ, მართალი გითხრა, გამიხარდა კიდევაც, დავსხდებით ჩვენთვის არხეინად, ხელს არავინ შეგვიშლის-მეთქი.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ძალიან იქნებოდი შეცვლილი - შენნაირ ბიჭებს ხომ მუდამ ასე ემართებათ! რომ იცოდე, რა სიამოვნებაა, ზიხარ მარტოდმარტო მთელ ამხელა სახლში და მატარებლით ვიღაცის ჩამოსვლას ელოდები.

უცდი, უცდი, და აი, როგორც იქნა, ბოლოს ეჟვნების ჟღარუნს გაიგონებ, მერე გაივლის ცოტა ხანიც და, ხედავ უკვე სახლის კარს მოგდგომია...

მაგიდის მეორე მხარეს ჩემს პირდაპირ მჯდომარე სონიას გადავწვდი და მისი ხელი ხელში მოვიმწყვდიე, უკვე საოცარ წადილსა და ლტოლვას ვგრძნობდი. ის კი იჯდა თავისთვის არხეინად, სახეში მხიარულად შემომყურებდა და პაპიროსის ბოლს პირიდან რგოლ-რგოლად უშვებდა. ბოლოს ხელი გავუშვი და ვითომ ისე, ხუმრობით ვუთხარი:

– აი, ნატალიო ამბობ, მაგრამ, სულ ერთია, შენ მაინც არავინ შეგედრება... ისე, სიტყვამ მოიტანა და, მაინც ვინ არის, სადაურია?

– ჩვენებურია, ვორონეჟიდან, საუკეთესო ოჯახიდან არის... ერთ დროს დიდი ქონებისა და სიმდიდრის პატრონები ყოფილან, ახლა კი, რომ იტყვიან, საქმე სამათხოვროდ აქვთ გამხდარი... შინ სულ ფრანგულად და ინგლისურად ლაპარაკობენ, საჭმელი კი არაფერი აბადიათ.

ძალიან მგრძნობიარე გოგოა, წერწეტა და ტანწვრილი, ჯერ ხეირიანად არც კი დაქალებულა, ისევ მოზარდივით სუსტია და სიფრიფანა. არაჩვეულებრივად გონიერი კია, მაგრამ ისეთი გულჩახვეულია, უცებ, იქნებ, ვერც კი მიხვდე, უჭკუოა თუ ჭკვიანი... ის შენი ძვირფასი ბიძაშვილი რომ არის - ალექსეი მეშჩერსკი, აი იმ მეშჩერსკების მეზობლად ცხოვრობენ.

მართალია, არც ისე ახლოს, მაგრამ... ნატალი ამბობს, ამ ბოლო დროს რაღაც ნამეტანი მოუხშირა ჩვენთან სიარულს, სულ თავის მარტოობაზე წუწუნებსო. ნატალის სულ არ მოსწონს, თან, თურმე, ძალიან მდიდარია. ასე ამბობს: იტყვიან, ფულის სიყვარულით გაჰყვა, მშობლების გამო საკუთარი თავი გაყიდაო.

– კი ბატონო, ასე იყოს, - ვუთხარი სონიას, - მაგრამ, სჯობს, საქმეს დავუბრუნდეთ. სულ ნატალი და ნატალიო, რომ გაიძახი, ჩვენს მომავალ რომანზე რატომ აღარაფერს ამბობ?

– ნატალი ჩვენს მომავალ რომანს ხელს ვერ შეუშლის, მისი სიყვარულით ჭკუას დაკარგავ, კოცნას კი მე დამიწყებ. მისი სიმკაცრით შეძრწუნებული ცრემლს ჩემს მკერდზე რომ დაღვრი, მე მოგეფერები და დაგამშვიდებ.

– ვითომ არ იცი, რომ დიდი ხანია უკვე მიყვარხარ!

– ის, რასაც შენ სიყვარულს ეძახდი, ჩვეულებრივი კუზენის სიყვარული იყო, ესეც რომ არა, მაშინ ჯერ ისევ სასაცილო, მოსაწყენი ბიჭი იყავ... ეჰ, რაც არის არის, მიპატიებია შენი ის სიჩურჩუტე, ნატალის მიუხედავად, მზად ვარ, ხვალიდან ისევ თავიდან დავიწყო ჩვენი ახალი რომანი. ახლა კი ძილის დროა, დილაზე ადრე უნდა ავდგე, საქმეს უნდა მივხედო.

სონია წამოდგა, ხალათი გადაიკალთავა, თითქმის ჩამწვარი სანთელი ხელში აიღო და ჩემი ოთახისაკენ წამიძღვა. და აი, ჩერკასოვების ოჯახში ჩემი სასიყვარულო ოცნებების ასეთი ბედნიერი შემოტრიალებით გაოგნებული დიდხანს, დიდხანს და ხარბად ვკოცნიდი კარის წირთხლთან მიმწყვდეულ სონიას, იმას კი თანდათან თვალები ებინდებოდა, ხელი, რომელშიც ანთებული სანთელი ეჭირა, თანდათან ძირს ეშვებოდა. წასვლისას სახეალეწილმა თითი დამიქნია და წყნარად მითხრა:

– ოღონდ, კარგად დაიხსომე, ხვალ ყველანი თავს რომ მოიყრიან, არ გაბედო და მაგ შენი “ვნებიანი თვალებით” არ შემჭამო! ღმერთმა ნუ ქნას, მამამ რაიმე შეგვამჩნიოს, იმას ხომ ჩემი ეშინია და ეშინია, მე კიდევ ათჯერ უფრო მეტად მეშინია იმისი.

არც ნატალიმ მინდა შეიტყოს რაიმე. შენთან რომ ასე ვიქცევი, არ გეგონოს სხვებთანაც ასეთი ვიყო. წარმოიდგინე, ძალიან მორცხვი და მორიდებული ვარ... იცოდე, ყველაფერს თუ არ შემისრულებ, ხმას არ გაგცემ.

გავიხადე თუ არა, ლოგინზე დარეტიანებული დავეცი და ბედნიერებისა და დაღლილობისაგან არაქათგამოლეულს მაშინვე ტკბილად ჩამეძინა. აბა, რა ვიცოდი, მეორე დღეს რა უბედურება მელოდა, ან სონიას ხუმრობით ნათქვამი ეს სიტყვები - სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე თავდავიწყებით იქნები შეყვარებულიო, - რა საოცარი სიცხადით ამისრულდებოდა.

შემდეგში, ვინ იცის, რამდენჯერ გამახსენდა, როგორც რაღაც ავის მაცნე-მაუწყებელი - ოთახში როგორ შევედი, სანთლის ასანთებად ასანთს როგორ მოვუკიდე და უშველებელი ღამურა სახეში როგორ შემომაფრთხიალდა.

ისე ახლოს იყო, ასანთის შუქზედაც კი გარკვევით დავინახე მისი ამაზრზენი, შავი, ხავერდოვანი სიგლუვე და დიდყურა, ცხვირპაჭუა, სიკვდილივით საზარელი, მტაცებლური ცხვირ-პირი.

მერე, საზიზღარი ფართხალითა და ფრთების კრუნჩხვა-კრუნჩხვით ღია ფანჯრის სიბნელეში ჩაყურყუმალავდა და გაუჩინარდა. მაშინ ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არაფრად ჩამიგდია.

 

– II –

 

ნატალი პირველად მეორე დილას ვნახე, ყველაფერი სულ რაღაც ერთ წუთში მოხდა - წინა ოთახიდან უცბად სასადილო ოთახში შემოფრთხიალდა, ჯერ ისევ თმადაუვარცხნელს ტანზე სიფრიფანა, ნარინჯისფერი ჩახსნილი პერანგი ეცვა.

მე და ულანი, ეს წუთია, ყავის სმას მოვრჩით. ულანმა ჩემზე ოდნავ ადრე მოათავა და ოთახიდან გავიდა, ისე რომ, სასადილოში იმ წუთას ჩემს მეტი არავინ იყო.

ის არის, მეც მაგიდიდან წამოვდექი და შემთხვევით მივტრიალდი, რომ ნატალიმ ერთი მიიხედ-მოიხედა, იმ თავისი ნარინჯისფერი პერანგით, ოქროსფერი თმითა და შავად მოელვარე თვალებით წუთით გაიბრწყინა და გაუჩინარდა.

იმ დღეს ისე დილაადრიანად გავიღვიძე, ირგვლივ ჯერ ჩამიჩუმიც არ ისმოდა... ჩერკასოვების ამ უზარმაზარ სახლში იმდენი ოთახი და იმდენი შესასვლელ-გასასვლელი იყო, ზოგჯერ ვიბნეოდი კიდევაც. მაშინაც თვალი რომელიღაც შორეულ ოთახში გავახილე. ფანჯრები ხეებით დაბურულ ბაღს გადაჰყურებდა.

შესანიშნავად გამოძინებული ლოგინიდან ხალისიანად წამოვხტი, ხელ-პირი დავიბანე, ტანზე ყველაფერი გამოვიცვალე, ჩემი საყვარელი წითელი აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი, წინა საღამოს ვორონეჟში გაკრეჭილი, წყლით დაჟივჟივებული თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე, შავი, ლაზათიანი ქოჩორი ლამაზად დავიყენე, დერეფანში გამოვედი, გვერდით გავუხვიე და, ნაცვლად ულანის სამუშაო ოთახისა, ზუსტად მისი საძინებელი ოთახის წინ აღმოვჩნდი.

ვიცოდი, ზაფხულობით ხუთ საათზე გვიან არასოდეს დგებოდა, ამიტომაც კარზე გაბედულად მივუკაკუნე, მაგრამ, პასუხი რომ არავინ გამცა, კარი შევაღე და შევიხედე.

ვერ წარმოიდგენთ, გულში რა სიამოვნება ვიგრძენი, როცა დავრწმუნდი, ამ მამაპაპეულ ფართო ოთახში, რომლის სამმაგი იტალიური ფანჯრის წინ ასწლოვანი ვერცხლისფერი ჩინარი შრიალებდა, არაფერი იყო შეცვლილი - მარცხნივ, მთელი კედლის ჩასწვრივ წიგნის კარადები იყო ჩარიგებული.

მუხის იმ კარადებს შორის სპილენძის მრგვალქანქარიანი წითელი ხის გაჩერებული საათი ეკიდა, მეორე კედლის ძირას გიშრისთავიანი ყალიონები ელაგა. ყალიონებს ზემოთ, კედელზე, ბარომეტრი იყო ჩამოკიდებული.

მესამე კედელთან ათაპაპისდროინდელი კაკლის ხის სახურავახდილი ბიურო იდგა - სპილენძის დურბინდი, გაზები, ლურსმნები, ჩაქუჩები - ყველაფერი ეგრევე ზედ იყო მიბნეულ-მობნეული.

კარის ჩაყოლებით, ხის ასფუთიანი დივნის ზემოთ, ოვალურ ჩარჩოებში ჩასმული ძველი, ფერგადასული სურათების მთელი გალერეა იყო.

ფანჯრის წინ უზარმაზარი საწერი მაგიდა და ასევე უზარმაზარი სავარძელი იდგა, ოდნავ მარჯვნივ, მუხის უშველებელი საწოლის თავზე, სურათი იყო ჩამოკიდებული, რომელიც თითქმის მთელ კედელს ფარავდა - შავი ლაქით დაფარული ფონი, კვამლისფერი ღრუბლები, ცაში ლანდებივით აზიდული, მომწვანო-მოცისფრო პოეტური ხეები, წინა პლანზე აქაფებული კვერცხის ცილასავით ქათქათა, თითქმის ნატურალური სიდიდის შიშველი, ტანმაღალი მზეთუნახავი დგას და ამაყი სახით ოდნავ მაყურებლისკენაა შემობრუნებული.

შეხედავ თუ არა, თვალში უმალვე მისი სავსე ზურგი, მკვრივი გავა და ღონიერი კანჭები შემოგანათებს. გრძელი, გაშლილი თითები ძუძუს თავზე მაცდურად აუფარებია, მეორე ხელი მსუქანი, ნაკეცებიანი მუცლის ქვემოთ უდევს. ამ თვალიერებაში რომ ვიყავი, წინა ოთახიდან ყავარჯნის კაკუნით ჩემკენ მომავალი ულანის ომახიანი ხმა მომესმა:

– არა, ძმაო, ამ დროს საძინებელ ოთახში ვერ მიპოვი, ეს მხოლოდ თქვენ გჩვევიათ სამ მუხამდე თბილ ლოგინში კოტრიალი.

ხეშეშ, ფართო ხელის ზურგზე ვაკოცე და ვკითხე:

– როგორ თუ სამ მუხამდე?

– გლეხებმა იციან, მზე საცაა, აგერ, სამ მუხას წამოადგება, შენ კი თავი ბალიშიდან არ აგიღიაო... აბა ახლა კი წავიდეთ, ყავა დავლიოთ.

– "შესანიშნავი მოხუცი, შესანიშნავი სახლი...” - ვფიქრობდი მასთან ერთად სასადილოში რომ შევდიოდი, რომლის ღია ფანჯრებიც დილის შუქით გაბრწყინებული ბაღის სიმწვანეს გადასდგომოდა.

ვახშამი სიბერისაგან გალეულმა, მხრებში მოხრილმა გადიამ გაგვიწყო. ულანი ვერცხლის საჭიქეში ჩადგმული სქელი ჭიქიდან მაგარ, რძიან ჩაის წრუპავდა და ჭიქაში ჩატოვებული ძველებური ოქროს კოვზის ნატიფი, გრეხილი ღერო საჩვენებელი თითით ეკავა. მე კი კარაქწასმული შავი პურის ნაჭერს-ნაჭერზე ვნთქავდი და ვერცხლის ყავადანიდან ცხელ ყავას ვიმატებდი.

ისე იყო ულანი თავის თავსა და თავის საქმეში გართული, ჩემკენ არც კი გამოუხედავს, ჩაის სვამდა და თან მეზობელ მემამულეებს აბიაბრუებდა. აქაოდა, გისმენ-მეთქი, მის ბაკებს, ულვაშებსა და ცხვირის წვერზე ჯაგარივით ამოსულ მსხვილ ბეწვებს თვალს არ ვაცილებდი, სინამდვილეში კი ნატალისა და სონიას გამოჩენას ისე მოუთმენლად ველოდი, ადგილზე ვეღარ ვისვენებდი.

თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ნეტავი ეს ნატალი რას წარმოადგენს, ან წუხანდელი ამბის შემდეგ მე და სონია ერთმანეთს როგორ შევხვდებით-მეთქი. სონიას მიმართ გული საოცარი მადლიერებით მქონდა სავსე. მისი და ნატალის საძინებელსა და ყველა იმაზე, რაც, საერთოდ, ქალების საძინებელში ხდება დილაობით, თავში უზნეო აზრები მიტრიალებდა...

“ვინ იცის, სონიამ იქნებ უთხრა კიდევაც ჩვენი ახლახანს დაწყებული სიყვარულის შესახებ?” - გავიფიქრე გუნებაში და ნატალის მიმართაც რაღაც სიყვარულის მაგვარი ვიგრძენი, თუმცა ამ წუთას არც იმისი მზეთუნახაობა მხიბლავდა, არც იმისი ჭკუა და გონება.

ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარი ის იყო, ნატალი ჩემი და სონიას საიდუმლოს თანამონაწილედ რომ დავიგულე. ისე, ვითომ, რატომ არ შეიძლება, ორი ქალი ერთდროულად მიყვარდეს, აი, შემოვლენ და შემოანათებენ გაზაფხულის ამ დილასავით ცინცხალნი, დილის ეშხით გასხივოსნებულები, შეხედავენ ჩემს ქართულ სილამაზეს, ჩემს წითელ ხალათს, შემომცინებენ, გამომელაპარაკებიან, მიუსხდებიან მერე მაგიდას და ამ ცხელი ყავადანიდან ყავას კეკლუცად დაისხამენ.

მოკლედ, რომელი ერთი ვთქვა - ახლად შეღერებული გოგონების ახალგაზრდული მადა ახლგამოღვიძებულზე, ყმაწვილური სიკისკასე, გამოძინებულ თვალთა ბრწყინვალება, ლოგინიდან ახლად წამომდგარი ქალიშვილების სალუქი, ოდნავ შეპუდრული ღაწვები თუ ეს უმიზეზო სიცილი ყოველი სიტყვის შემდეგ - მართალია, არცთუ ისე ბუნებრივი, მაგრამ, ამის გამო კიდევ უფრო მომხიბვლელი და მომაჯადოებელი...

ისაუზმებენ და გაუყვებიან მერე ამ ბაღს მდინარისკენ. მივლენ სააბაზანოში, გაიძრობენ ტანისამოსს და გამოაელვებენ ცის ლაჟვარდოვნებითა და ანკარა წყლის ანაშუქით განათებულ შიშველ სხეულს... გიყვარდეს, ისეთი ფანტაზია მქონდა, ყველაფერს ისე ცხოვლად წარმოვიდგენდი!..

ახლაც ცხადლივ ვხედავდი, ნატალი და სონია როგორ მივიდოდნენ, საბანაოს პატარა კიბის მოაჯირს როგორ დაეყრდნობოდნენ, ფრთხილად, მოუხერხებლად როგორ ჩააბიჯებდნენ წყალში ჩაზვინული კიბის ხავსმოდებულ, ლორწოვანა სოკოთი საძაგლად მოსლიპინებულ საფეხურებზე, როგორ გადააგდებდა თავის ხშირთმიან თავს სონია, ათქვირებულ მკერდს წინ როგორ წამოწევდა, მდინარის უჩინარ ტალღებში როგორ შევიდოდა, მისი მოცისფრო-ცარცისფერი სხეული წყალში როგორ ალივლივდებოდა და ბაყაყივით როგორ გაცურავდა...

– აბა ახლა კი სადილობამდე... ხომ გახსოვს, სადილი თორმეტ საათზეა, - თქვა ულანმა თავის ქიცინით და წამოდგა წაბლისფერ-ულვაშ-ბაკენბარდებიანი, ნიკაპგაპარსული, მაღალი, ბრგე, ჯერ ისევ ჭარმაგი, ჩესუჩის შილიფ კოსტიუმსა და ბრტყელცხვირიან ფეხსაცმელში გამოწყობილი... თავისი დიდი ტორით ყავარჯენი მოიმარჯვა, ბეჭებზე ხელი მომითათუნა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

ის იყო, მეც წამოვდექი, აივანზე უნდა გავსულიყავი, რომ სასადილოში ნატალი ჩიტივით შემოფრთხიალდა, წუთით გაიელვა და გაქრა. თვალი მოვკარი თუ არა, საოცარმა აღფრთოვანებამ მომიცვა, მართლაც, ნამდვილი მზეთუნახავია-მეთქი, გავიფიქრე და გაოგნებული აივანზე გავედი.

დიდხანს ვიდექი ასე გაშტერებული, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვსულიყავი. მართალია, მათ გამოჩენას სასადილოში ასეთი გულისფანცქალით ველოდი, მაგრამ, სასადილოდან მათი ხმა გავიგონე თუ არა, ბაღში გავიქეცი - საოცარმა შიშმა შემიპყრო, ოღონდ, ვერ გავრკვეულიყავი, ორივეს გამო ვიყავი ამ დღეში, რომელთაგან ერთ-ერთთან კარგა ხანია დიდად მომაჯადოებელი საიდუმლო მაკავშირებდა, თუ უფრო ნატალის, მისი იმწამიერი გაელვების გამო, რითაც ამ ნახევარი საათის წინ ასე თვალი მომჭრა და გამაოგნა.

დიდხანს ვიარე მდინარისპირა დაბლობზე გაჭიმულ ბაღში წინ და უკან... ბოლოს, როგორც იქნა, მთელი ჩემი გამბედაობა მოვიკრიბე და, ვითომც არაფერია-მეთქი, სასადილოში არხეინად შევედი. ჩემდა ბედად, სონიამ თავისი მხიარული გამბედაობა შემომაგება, ნატალიმ კი შავი წამწამებით მოჩრდილული, ოქროსფერი თმის ფონზე კიდევ უფრო შავად მოელვარე, განსაცვიფრებელი თვალები შემომანათა და ღიმილით მითხრა:

– ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს!

მერე დიდხანს ვიდექით აივნის ქვის მოაჯირს დაყრდნობილები და შიშველ თავებზე ზაფხულის მხურვალე მზე გვაცხუნებდა. ნატალი იქვე, ჩემს გვერდით იდგა, სონიას მისთვის წელზე ხელი მოეხვია, ვითომ დაბნეული სადღაც სივრცეს მისჩერებოდა და ეშმაკური ღიმილით თავისთვის ღიღინებდა: “შუა მეჯლისში, თან სულ შემთხვევით...” მერე წელში გაიმართა და - აბა, ახლა კი ჰაიდა, საბანაოდ წავიდეთ, ჯერ ჩვენ ვიბანავებთ, მერე შენ იბანავეო...

ნატალი ზეწრების მოსატანად გაიქცა, სონიამ დრო იხელთა და ყურში ჩამჩურჩულა:

– კეთილი ინებე და, დღეიდან ყველას თავი ისე მოაჩვენე, ვითომ ნატალიზე ხარ შეყვარებული... მაგრამ, თუ ერთ მშვენიერ დღესაც აღმოჩნდა, რომ ძალის დატანება და მოჩვენება აღარ გჭირდება, მაშინ კი, იცოდე, მერიდე...

კინაღამ ეგრევე პირში მივახალე, ძალის დატანება და მოჩვენება უკვე საჭირო აღარ არის-მეთქი, რომ სონიამ თავით კარზე მანიშნა და ჩუმად დასძინა:

– შენთან ნასადილევს მოვალ...

ისინი რომ დაბრუნდნენ, მერე მე წავედი საბანაოდ - ჯერ არყის ხეივნის გრძელ დერეფანს დავუყევი, მერე სანაპიროზე ჩარიგებულ სხვადასხვა ჯიშის ბებერ ხეებს შორის ვიარე, ირგვლივ მდინარიდან მონაბერი თბილი სიო ქროდა, ხის კენწეროებიდან ჭილყვავების ყრანტალი ისმოდა.

მივდიოდი და სონიასა და ნატალის გამო გულს ორი სრულიად განსხვავებული განცდა მიფორიაქებდა. თან იმაზედაც ვფიქრობდი, აჰა, მივალ და მეც იმ წყალში ვიბანავებ, რომელშიც ეს-ეს არის, ნატალი და სონია ბანაობდნენ-მეთქი.

და აი, იმ დიდებული სადილის შემდეგ, რომელიც ზაფხულის თაკარა მზით, ლაჟვარდოვანი ცითა და ზურმუხტოვანი სიმწვანით იყო გაჯერებული, იმ ბედნიერი სილაღით, სიმშვიდითა და უზრუნველობით სავსე, ბაღში გამავალი ღია ფანჯრებიდან ოთახში რომ იღვრებოდა, “ოკროშკით”, შემწვარი წიწილებით, არაჟნიანი ჟოლოთი დაგვირგვინებული გულუხვი, გრძელი, გემრიელი სადილის შემდეგ, რომლის დროსაც ნატალის სიახლოვისაგან გაბრუებულსა და იმ ნეტარი წუთების მოლოდინში, საცაა ნასადილევს მთელი სახლი მიყუჩდება, სონია (იგი ამ სადილზე ხავერდივით წითელი ვარდით თმაში ჩაბნეული გამოგვეცხადა) ჩუმად, ფეხაკრეფით შემოიპარება ჩემს ოთახში-მეთქი, ზოგჯერ სუნთქვაც კი მეკვროდა.

მაგიდიდან სწრაფად წამოვდექი, ჩემი ოთახისაკენ გავწიე, დარაბები მივხურე და სონიას მოლოდინში თურქულ ტახტზე გავიშოტე. გარედან ყვავილებისა და ნაირ-ნაირი ბალახების მოტკბო სურნელი შემოდიოდა, ბაღში ჩიტების მოწყენილი, ნაშუადღევის უხალისო გალობა ისმოდა.

ვიწექი იმ ჩემს განიერ თურქულ ტახტზე, ეზოში ჩამოწოლილ ხვატიან სიჩუმეს ვუსმენდი და სასოწარკვეთილი ვფიქრობდი - ასეთი გაორებული როგორ უნდა ვიყო, თან ჩუმ-ჩუმად სონიასაც უნდა შევხვდე, თან ნატალიც აქვე უნდა იყოს, ის ნატალი, ვისი სახელის უბრალო გაფიქრებაზედაც კი ჩემს გულს ისეთი სითბო და სიყვარული ეუფლება, ისეთი მხურვალე სინაზე მიპყრობს, მინდა სულ ისე აღტაცებულმა ვუცქირო, როგორც წეღან ვუცქერდი და ვეთაყვანებოდი მის ნატიფ, მზით გახურებულ მოაჯირზე გადახრილ ტანსა და ახლად შეღერებული გოგონას წვეტიან იდაყვებს-მეთქი.

ნატალის მხრებზე ხელგადახვეული სონიაც იქვე იდგა და იმ თავის ფურჩლიანი ბატისტის “პენუარში” ეს-ეს არის ახლად გათხოვილ ქალსა ჰგავდა. ნატალი კი, რომელსაც ტანთ ხამი ტილოს ქვედა კაბა და მალორუსული ნაქარგი პერანგი ემოსა, რომლის ქვეშაც ასე ილანდებოდა მისი ნორჩი, დიდებული სხეულის სრულყოფილება, ჯერ ისევ ზრდადაუსრულებელი გოგონა გეგონებოდა...

ჩემი უდიდესი ბედნიერება სწორედ ეს იყო, რომ ფიქრშიაც ვერ წარმოვიდგენდი, შეიძლება ოდესმე ნატალისაც იმ გრძნობით ვაკოცო, რა გრძნობითაც გუშინ სონიას ვკოცნიდი-მეთქი. წითელი და ლურჯი ძაფით ამოქარგული პერანგის ფართო, ფარფარა სახელოდან ნატიფი, პაწაწა მწითური ბუსუსით დაფარული, ოქროსფრად მზემოკიდებული ნაზი, გამხდარი მკლავი მოუჩანდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: “ნეტავი რა მოხდება, ვთქვათ, გავბედო და ტუჩებით შევეხო?”

ნატალიმ, ეტყობა, იგრძნო ჩემი მზერა, მსხვილნაწნავშემოხვეული პატარა, ოქროსფერთმიანი თავი ჩემკენ მოაბრუნა და თვალთა ელვარე სიშავე შემომაფრქვია. მე ოდნავ გავიწიე და მზეზე გამჭვირვალე ქვედაკაბის კალთებქვეშ მისი მაღალი კანჭებისა და ნაცრისფერ წინდებში გამოკვართული თხელი, ჯიშიანი წვივების დანახვაზე თვალები ძირს დავხარე.

თმაში წითელვარდჩაბნეულმა სონიამ კარი სწრაფად შემოაღო, სწრაფადვე მიხურა და ჩუმად წამოიძახა: “აჰ, უკვე გძინავს?” - არა, რა დროს ძილია, რა დამაძინებს-მეთქი, ამ სიტყვებით სასწრაფოდ წამოვხტი და მისი ორივე ხელი ხელებში მოვიმწყვდიე.

მერე ჩუმადვე მიბრძანა, კარი გასაღებით ჩაკეტეო და მეც მაშინვე კარს ვეცი. დივანზე ჩამომჯდარი სონია უკვე თვალებმილულული ჩურჩულებდა: “კარგი ახლა, მოდი, მალე მოდი”. მართლაც, გონებაარეულებს მალე უკვე აღარაფერი გვახსოვდა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში არც მე და არც იმას ხმა არ ამოგვიღია, გაშმაგებული ვკოცნიდი მის მშვენიერ, შიშველ, მხურვალე სხეულს (კოცნის უფლებას სონია უკვე მაძლევდა, მაგრამ, ცხადია, მხოლოდ კოცნისას) და ისიც თანდათან ვნებით ივსებოდა, სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა. წასვლის წინ სონია თან ჩამოშლილ თმას ისწორებდა და თან ჩუმად მეჩურჩულებოდა:

– რაც შეეხება ნატალის, იცოდე, არაფერი შეგეშალოს, არც ისეთი მშვიდი და კარგი ხასიათისა ვარ, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს!

ვარდი იატაკზე ეგდო, დიდი მოწიწებით ავიღე და მაგიდის უჯრაში შევინახე. საღამოს რომ მივედი, სადღა იყო ვარდის ხავერდოვნება და სიწითლე!

 

– III –

 

გარეგნულად ჩემი ცხოვრება თითქმის არაფრით შეცვლილა, თუმცა კი შინაგანად ძალიან ვიყავი აფორიაქებული, დღითი დღე სულ უფრო მეტად და მეტად ვეჩვეოდი სონიას, მის გვერდით გატარებულ შმაგსა და ვნებიან ღამეებს - ახლა იგი მხოლოდ გვიან ღამით მოდიოდა, ყველანი თავ-თავიანთ ოთახებში რომ გაიკრიფებოდნენ და მთელი სახლი ღრმა ძილს მიეცემოდა.

თან ნატალისაც თვალს ვერ ვაცილებდი, სულ უფრო მეტი აღფრთოვანებითა და ტკივილით ვაკვირდებოდი მის თითოეულ სიტყვასა და თითოეულ მოძრაობას.

ისე კი, სხვა ყველაფერი ზაფხულის ჩვეულებრივი წესითა და ყაიდით მიედინებოდა - დილას შევხვდებოდით ერთმანეთს, სადილის წინ ვიბანავებდით, მას უკან ვისადილებდით, მერე ყველანი დასასვენებლად ჩვენ-ჩვენს ოთახებში გავიკრიფებოდით, შუადღის დასვენების შემდეგ ბაღში ჩავიდოდით, ნატალი და სონია დასხდებოდნენ არყის ხეივანში და ქარგავდნენ, მეც დამისვამდნენ იქვე გვერდით და გონჩაროვის “ხრამს” ხმამაღლა მაკითხებდნენ...

ანდა, სახლის გვერდით, მუხებით მოჩრდილულ მწვანე მდელოზე, შემოუსხდებოდნენ ცეცხლზე შემოდგმული კენკრით სავსე ტაშტს და მურაბას ხარშავდნენ. ხუთ საათზე მზე რომ წამოადგებოდათ, სახლის მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებდნენ.

ყველაფერ ამას მალე სამხარიც მოჰყვებოდა, ნასამხრევს კი, სახლის წინ გაჭიმულ უშველებელ ეზოში კროკეტს გავაჩაღებდით - ხან მე და ნატალი ვიყავით ერთად, ხან ნატალი და სონია.

შებინდდებოდა თუ არა, ვახშამი გაიშლებოდა სასადილო ოთახში და ახლა სავახშმოდ შემოვუსხდებოდით მაგიდას... ვახშმის შემდეგ ულანი პირდაპირ დასაძინებლად მიდიოდა, ჩვენ კი ისევ დიდხანს, დიდხანს ვისხედით ჩაბნელებულ აივანზე, მე და სონია სიგარეტს ვეწეოდით და რაღაზე არ ვლაპარაკობდით, ნატალი კი იჯდა თავისთვის წყნარად და ხმას არ იღებდა...

ახლა უკვე ძილის დროაო, - იტყოდა ბოლოს სონია, ამ სიტყვებზე გამოვემშვიდობებოდი ორივეს, შევიკეტებოდი ჩემს ოთახში და ხელებგაყინული იმ წუთებს ველოდი, მთელი სახლი უკუნეთ სიბნელეში როდის ჩაინთქმებოდა და ირგვლივ ისეთი მდუმარება დაივანებდა, ჩემს თავთან ჩამწვარი სანთლის ძირას დადებული ჯიბის საათის ძაფივით გაბმულ წიკწიკსაც კი გარკვევით გაიგონებდი.

თან სულ გაოცებული და შეძრწუნებული ვიყავი - ნეტავი ღმერთმა ასე რად დამსაჯა, ორი ქალი ერთად რატომ შემაყვარა, ორი ასეთი განსხვავებული, ასეთი ვნებიანი სიყვარული რატომ მომისაჯა - ერთის მხრივ, ნატალისადმი ასეთი არნახული თაყვანისცემა, მეორე მხრივ კი - სონიას სხეულით ასეთი უსაშველო აღტაცება-მეთქი.

ვგრძნობდი, ვერც მე და ვერც სონია თავს ვეღარ მოვერეოდით, ამ ჩვენს სანახევრო სიახლოვეს დიდხანს ვეღარ გავუძლებდით. მთავარი კი ის იყო, ვიცოდი, მას მერე კიდევ უფრო გადარეული დავუწყებდი ლოდინს ჩვენს ღამეულ შეხვედრებს და რომ იმ განცდას ვერც მეორე დღეს მოვიცილებდი... და ეს ყველაფერი ნატალის გვერდით, ნატალის სიახლოვეს!

სონია უკვე აშკარად ეჭვიანობდა, ზოგჯერ თავს ვეღარ შეიკავებდა და იფეთქებდა, თან ამასაც ამბობდა - ნატალის თანდასწრებით მე და შენ თავი ჩვეულებრივად ვეღარ გვიჭირავს, ის კი არა, მგონი, მამაცა და ნატალიც რაღაცას ხვდებიან, გადიას ხომ ეჭვიც აღარ ეპარება ჩვენს რომანში, ვინ იცის, ამის შესახებ იქნებ მამაჩემსაც ეჭორავება.

რაც შეიძლება, ხშირად იყავი ბაღში ნატალისთან - იჯექი და უკითხე ის “ხრამია” თუ ჯანდაბა. საღამოობით ხანდახან, იქნებ, სასეირნოდაც წაიყვანო... შენ გგონია, ვერ გატყობ, რა იდიოტურადაც მიაშტერებ ხოლმე თვალებს! ზოგჯერ ისე მეზიზღება, მზად ვარ, ყველას თვალწინ თმაშიც კი ვწვდეო!

მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება მაინც ის იყო, რომ ნატალი, მგონი, ხვდებოდა რაღაცას, თან, არ ვიცი, ბრაზობდა, არ ვიცი, იტანჯებოდა, ისედაც სიტყვაძვირი და უთქმელი, თანდათან სულ დამუნჯდა. ქარგავდა თუ კროკეტს თამაშობდა, თამაშზე მთელი ყურადღება ისე გადაჰქონდა, ყველაფერს ისე დაჟინებით ჩაჰკირკიტებდა, იტყოდი, ამის მეტი სხვა არაფერი ახსოვს, არც არაფერი ენაღვლებაო.

მალე მე და ნატალი თითქოს შევეჩვიეთ და დავუახლოვდით ერთმანეთს, მაგრამ, აი, ერთხელაც არის, მარტონი დავრჩით ოთახში - ნატალი დივანზე იჯდა და ნოტებს ფურცლავდა.

– ასე მითხრეს, მე და შენ, თურმე, შეიძლება მალე დავნათესავდეთ კიდევაც, - ვუთხარი ვითომ ხუმრობით.

ნატალიმ უკმეხად შემომხედა:

– რა?

– რა და, ალექსეი ნიკოლაიჩ მეშჩერსკი ხომ...

ნატალიმ სიტყვის დამთავრება არ მაცალა:

– აჰ, აი, თურმე, რა! მაშ ის ფეხმოჩორთილი გოლიათი, წითელტუჩა, შავი, პრიალა თმით შებანჯგლული მეშჩერსკი... არა, მაინც ვინ მოგცათ უფლება, ასე რომ მელაპარაკებით!

ცოტა არ იყოს, შევშინდი:

– ნატალი, რა იყო, ვითომ ასეთი რა მოხდა, ასე რატომ მიჯავრდებით? ნუთუ ხუმრობაც აღარ შეიძლება!.. ნატალი, მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი!.. - ვთქვი და ხელზე ხელი მოვკიდე.

ხელი არ გამოურთმევია, ისე მითხრა:

– ნუთუ აქამდე ვერაფერი გამიგეთ, სულ ვერ გამიცანით...

დივანზე ირიბად აკეცილ ფეხებზე მისი თეთრი, გულისწასვლამდე მომხიბვლელი ტენისის ფეხსაცმლისათვის რომ არ მეცქირა, წამოვდექი და აივანზე გავედი. ბაღის მხრიდან ცას ღრუბელი მოსდებოდა, ჰაერი თანდათან მქრქალდებოდა, იბინდებოდა, ბაღიდან სულ უფრო ახლოსა და ახლოს მოიწევდა ზაფხულის თბილი, საამო ჩქამი.

ერთბაშად ისეთმა ნეტარმა, ისეთმა ჭაბუკურმა სითამამემ, ისეთმა უმიზეზო ბედნიერებამ შემიპყრო, თავი ვეღარ შევიკავე და ჩემდა უნებურად ვიყვირე:

– ნატალი, ნატალი, ერთი წუთით, ნატალი!

ნატალი კარის ზღურბლთან მოდგა:

– რა იყო, რა მოხდა?

– ჩაისუნთქეთ, ნახეთ რა სასიამოვნო ჰაერია, რა ნიავი უბერავს!

მან კი ერთხანს იყუჩა და როდის-როდის მიპასუხა:

– კი...

– ნატალი, ასე რატომ მიჯავრდებით, რას გიშავებთ?

ჩემს სიტყვებზე ნატალიმ მხრები ამაყად აიჩეჩა:

– რას, ან რატომ უნდა მიშავებდეთ?

საღამოს სამივენი ჩაბნელებულ აივანზე, დაწნულ სავარძლებში ვისხედით და ვდუმდით. შავად ჩამოწოლილ ღრუბლებს შორის აქა-იქ თითო-ოროლა ვარსკვლავი ციმციმებდა, მდინარის მხრიდან მდოვრე, უწადინო ნიავი უბერავდა, წყლიდან ბაყაყების მოსაწყენი, რულმორეული ყიყინი ისმოდა.

– ალბათ, საცაა იწვიმებს, მეძინება, - თქვა სონიამ და დაამთქნარა, - გადია ამბობს, ახალი მთვარეა, მთელი კვირა ცა ჩამოიქცევაო, - მერე წუთით იყუჩა და დასძინა: - ნატალი, პირველ სიყვარულზე რა აზრის ხართ?

– რა აზრისა ვარ? პირველი სიყვარული, მგონი, გოგონასთვის სულ სხვაა, ბიჭისათვის სულ სხვა, - სიბნელიდან გამოეპასუხა ნატალი.

სონია ჩაფიქრდა:

– გოგოც არის და გოგოც, ყველა ერთნაირი ხომ არაა, - თქვა და სავარძლიდან წამოდგა, - სჯობს, წავიდე, დავიძინო.

– მე კი აქ დავრჩები, ცოტას წავუძინებ, ხედავ, რა შესანიშნავი ღამეა, - თქვა ნატალიმ.

სონიას ფეხის ხმა რომ მიწყდა, ჩუმად ჩავილაპარაკე:

– ნატალი, ამ საღამოს მე და თქვენ, მგონი, უსიამოვნო საუბარი გვქონდა.

ამაზე ნატალიმ ეგრევე მაჯახა:

– კი, ასე იყო...

მეორე დილას თითქოს მშვიდად, ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს. იმ ღამეს წყნარი, ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა, მაგრამ დილით ისევ გამოიდარა, ნასადილევს კი მიწა უკვე გაშრა და ჩამოცხა კიდევაც.

ჩაის წინ, ხუთი საათისათვის, ვიდრე სონია ულანის კაბინეტში იჯდა და რაღაცას ანგარიშობდა, ჩვენ არყის ხეივანში ვისხედით, ნატალი თავწახრილი იჯდა და რაღაცას კერავდა. მე ისევ “ხრამის” კითხვას განვაგრძობდი, დროდადრო ტკბილი სევდით გავხედავდი ნატალის მარცხენა ხელს, კისრისა და ბეჭის გასაყართან ამოსულ პაწაწა მოწითალო ბუსუსებს და სულ უფრო მეტი ხალისით ვაჭიკჭიკებდი გონჩაროვს, თუმცა იმ ჩემი წაკითხულიდან მე თვითონ ერთი სიტყვაც არ მესმოდა.

– ნატალი, ახლა კი თქვენ წაიკითხეთ...

ნატალი წელში გაიმართა და სიფრიფანა ზედა კაბის ქვეშ მკერდის პაწაწა კერტები დააჩნდა, მერე საკერავი გვერდზე გადადო, ისევ წაიხარა, თავისი საოცარი, მომხიბლავი თავი ძირს დახარა, წიგნი მუხლებზე დაიდო და კითხვას როგორღაც ხმააკანკალებული შეუდგა.

ვუყურებდი მის ხელებს, წიგნის ქვეშ მოქცეულ მის თხელ მუხლისთავებს, ვუსმენდი მის ხმას და შმაგი სიყვარულით შეპყრობილს ლამის გული მეპარებოდა.

ბაღში გვიანი მწუხრი იდგა, ხან ერთსა და ხან მეორე კუთხეში აფრენილი მოლაღურების ძახილი ისმოდა. ჩვენს პირდაპირ, არყის ხეებს შორის ამოზრდილ ნაძვის ზროს მოწითალო-მონაცრისფრო კოდალა მისჯდომოდა და აკაკუნებდა.

– ნატალი, რა გასაოცარი ფერის თმა გაქვთ, თან ნაწნავი თითქოს ცოტა უფრო მუქია, შემოსული სიმინდის ფერი.

ნატალის თავი არ აუწევია, იჯდა და კითხვას განაგრძობდა.

– ნატალი, ხედავთ, კოდალა!

ნატალიმ ფიჭვს ახედა:

– ვხედავ, დღესაც დავინახე და გუშინაც, ხელს ნუ მიშლით...

ცოტა ხანს გავყუჩდი, მაგრამ, დიდხანს ვეღარ გავუძელი:

– შეხედეთ, სულ გამხმარ ჭიას არ ჰგავს?

– სად, რა?

მე ჩვენს შუა სკამზე შემხმარ ჩიტის სკინტლზე მივუთითე:

– არა, ხომ ასეა?

მერე მისი ხელი ხელში ავიღე - ხელზე ხელს ვუჭერდი და ყელს მომდგარი ბედნიერებისაგან ჩუმად ვლუღლუღებდი:

– ნატალი, ნატალი!

ნატალიმ წყნარად შემომხედა და თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა:

– კი, მაგრამ თქვენ ხომ სონია გიყვართ?!

მე დანაშაულზე წასწრებული ცრუპენტელა თაღლითივით გავწითლდი, მაგრამ ნატალის სიტყვები ისე ვიტკიცე, ისეთი სიფიცხით განვაცხადე სონიას სიყვარულზე უარი, ნატალიმ გაოცებისაგან პირიც კი დააღო: - ტყუილს ვამბობ?

– ტყუილია, აბა, რა, მართალი ხომ არ არის! სონია, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ საკუთარი დასავით, ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვმეგობრობთ!

 

– IV –

 

მეორე დღეს ნატალი არც დილას გამოჩენილა, არც სადილად.

– სონია, ნატალი სად არის? - იკითხა ულანმა.

ქალიშვილმა ეშმაკურად ჩაიღიმა:

– ზის თავის ოთახში პერანგის ამარა და სახე ისეთი ნამტირალევი აქვს, ეტყობა მთელი ღამე იღრიალა. ასე ამბობს, თავი მტკივაო, ნეტავი, შეყვარებული ხომ არ არის?

– რატომაც არა! - ჩაიროხროხა ულანმა და მე გადმომხედა.

ნატალი მხოლოდ საღამოს ჩაიზე გამოჩნდა - მკვირცხლად, ხალისიანად გამოვიდა აივანზე, თბილად, როგორღაც დამნაშავესავით გამიღიმა.

მისმა ღიმილმა, მისმა ხალისმა და სიმკვირცხლემ, მისმა ახალმა მორთულობამ, ცოტა არ იყოს, გამაოცა - თმა მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, შუბლზე ჩამოშლილი ლოკონი თმის სახვევი მაშით ოდნავ დატალღული. ტანზე მწვანე, წელში გადაუჭრელი, ლამაზად მომდგარი, უბრალო, მაგრამ მეტად მოხერხებული კაბა ეცვა, ფეხთ შავი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ემოსა - შევხედე და აღტაცებისაგან ჩუმად ამოვიოხრე.

აი, ვზივარ აივანზე, “ისტორიჩესკი ვესტნიკსა” და ულანის მიერ ნაჩუქარ რაღაც წიგნებს ვათვალიერებ, რომ ნატალიმაც მკვირცხლად, ოდნავ დამორცხვებული ღიმილით შემოაბიჯა:

– საღამო მშვიდობისა... ჩაიზე მობრძანდით, დღეს საღამოს სამოვართან მე ვიტრიალებ, სონია ცოტა შეუძლოდაა.

– როგორ, ხან თქვენ ხართ შეუძლოდ, ხან სონია?

– მე, უბრალოდ, თავი მტკიოდა. მართალი გითხრათ, თქმისაც კი მერიდება - მხოლოდ ახლა ჩავიცვი, თმაც კი ახლა დავივარცხნე.

– რა საოცრად ეხამება მწვანე ფერი თქვენს თმასა და თვალებს!.. ხომ დამიჯერეთ, გუშინ რაც გითხარით? - ვკითხე სრულიად მოულოდნელად და გავწითლდი.

ჩემს სიტყვებზე ნატალისაც სახეზე ვარდისფერმა გადაჰკრა:

– არა, უცბად ვერ დაგიჯერეთ, მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი... კაცმა რომ თქვას, ვითომ, მე რა მესაქმება თქვენი და სონიას სიყვარულთან... წავიდეთ, ვივახშმოთ.

ვახშამზე სონიაც გამოვიდა, წუთით დრო იხელთა და ამისი თქმა მაინც მოახერხა:

– ამ დილას ავად გავხდი. ამ დროს მთელი ხუთი დღე ვწევარ, აი, დღეს, როგორც იქნა, გამოვედი, ხვალ, ალბათ, ვეღარ შევძლებ. აბა, შენ იცი, რა ჭკვიანადაც მოიქცევი, იცოდე, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვეჭვიანობ.

– ნუთუ ჩემთან ცოტა ხნით მაინც არ შემოივლი?

– სულელო...

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ეს ბედნიერებაც იყო და უბედურებაც - მთელი ხუთი დღე შემეძლო თავისუფლად ვყოფილიყავი ნატალისთან, ხელს არავინ შემიშლიდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, მთელი ეს ხუთი ღამე უსონიაოდ უნდა გამეტარებინა.

და აი, იმ დღიდან მთელი კვირა ნატალი წარმართავდა საოჯახო საქმეებს - დადიოდა ეზოსა და სამზარეულოში თეთრწინსაფარაფარებული და ეტყობოდა, დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა სონიას მოადგილეობა თუ მზრუნველი დიასახლისის როლი.

ასეთი საქმიანი მე იგი არასოდეს მენახა, თითქოს ისვენებს იმ დაძაბული, საიდუმლო მეთვალყურეობისაგან, რომელსაც ჩემსა და სონიას მიმართ იჩენდა - რას ვამბობდით, როგორ გადავხედავდით, როგორ გადავულაპარაკებდით ერთმანეთს.

მართალია, ყოველი სადილობა დიდ ღელვად და ნერვიულობად უჯდებოდა, მაგრამ - მოხუცი მზარეულიც, ქრისტიაცა და “ხოხლუშკა” მოსამსახურეც ყველაფერს დროზე და რიგიანად ამზადებენ, სუფრასაც დროზე შლიან, ულანს არავინ არაფრით აღიზიანებსო, ბოლოს მუდამ კმაყოფილი რჩებოდა.

სადილის საზრუნავს მოითავებდა თუ არა, მაშინვე სონიასთან გარბოდა, ჩაიკეტებოდნენ ოთახში და მე ახლოსაც არ მაჭაჭანებდნენ. ნავახშმევსაც მთელ საღამოს სონიას ოთახში იჯდა, როგორც ჩანს, ჩემთან განმარტოებას გაურბოდა.

მე კი საშინელ საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, საშინლად ვიტანჯებოდი, ჯერ ერთი, მარტოობისაგან გული მელეოდა და აღარ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი, მეორეც, ვერა და ვერ გამეგო, ნატალი ასე რატომ იქცეოდა - თან თითქოს საოცრად ალერსიანი და თბილი გახდა, თან სულ გამირბოდა, ახლოს არ მეკარებოდა.

სულ იმის გარჩევაში ვიყავი, ნეტავი, საკუთარი თავისა და საკუთარი გრძნობებისა ეშინია თუ სონიას გამოა ასე-მეთქი... ვცდილობდი, როგორმე ჩემი თავი დამერწმუნებინა, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შიში აქვს, აბა, სხვა რა უნდა იყოს, ესეც რომ არა, საუკუნოდ ხომ არ ვარ სონიასთან დაკავშირებული, ან მე და ან ნატალი აქ საუკუნოდ ხომ არ დავრჩებით, ერთი-ორი კვირაც და წავალთ, მერე კი, ნატალის სახლში დავიგულებ თუ არა, მოვიმიზეზებ რაღაცას და სტანკევიჩებს ვესტუმრები.

ცხადია, ასე უსინდისოდ სონიასაგან გაქცევაც არ არის დიდი ვაჟკაცობა, მაგრამ ადვილი ხომ არ არის, თან სონიასთან უნდა ვითვალთმაქცო, თან სულ იმის ოცნებაში უნდა ვიყო, ნატალის ხელსა და გულს როგორ დავეუფლო-მეთქი...

“ნუთუ მხოლოდ ვნების გამო ვკოცნიდი სონიას ასე გაგიჟებით, ნუთუ იოტისოდენადაც არ მიყვარდა?” - ვფიქრობდი და თავს ვიმშვიდებდი: “რას იზამ, სხვა რა გამოსავალია, ადრე იქნება თუ გვიან, სულერთია, ამას ვერსად გავექცევით”.

ვიყავი ასე დაუსრულებელ ფიქრსა და სულიერ მღელვარებაში, სულ რაღაც ახლის მოლოდინში... ნატალისთან შეხვედრისას კი ვცდილობდი, რაც შეიძლება საყვარელი, რაც შეიძლება თავდაჭერილი ვყოფილიყავი და, სანამ საჭიროება მოითხოვდა, პირუჩუმრად მეთმინა.

თითქოს ჩემს ჯინაზე, სამი დღე გადაუღებლად წვიმდა, გეგონება, სახურავზე ათასობით პატარა თათი დატყაპუნობსო, ცვიოდა და ცვიოდა ტყაპატყუპით წვიმის მსხვილი, დიდრონი წვეთები. მთელ სახლში ბინდი იწვა, ჭერსა და ლამპაზე ბუზები თვლემდნენ. ისე მომეწყინა, აღარ ვიცოდი, საით წავსულიყავი, რა მექნა, ზოგჯერ საათობით ვიჯექი ულანის კაბინეტში და მის მიერ მოყოლილ ნაირ-ნაირ ამბებს უსიტყვოდ ვუსმენდი...

ამასობაში სონიაც გამოკეთდა, ჯერ ხალათიანმა დაიწყო აივანზე გამოსვლა, მიწვებოდა სავარძელში მიმქრალი და მისუსტებული, იმ თავისი ღიმილით და ისე ჭირვეულად, ისე ნაზად, ისეთი დათაფლული მელაპარაკებოდა, ლამის გული გამხეთქოდა. ნატალის ხომ აინუნშიაც არ აგდებდა:

– გვერდით დამიჯექი, ვიტიკ, გული მტკივა, რაიმე სასაცილო მომიყევი... გადიამ, ეტყობა, მართალი თქვა, მთვარე, ჩანს, მართლა პირს იბანდა... ძლივს არ მოათავა ის თავისი პირის ბანა! ხედავ, როგორ გამოიდარა, ირგვლივ ყვავილების რა სასიამოვნო სურნელი დატრიალდა...

მე კი ისე გაღიზიანებული ვარ, ლამის გულს ვასკდები:

– მგონი, ისევ გაავდრდება.

სონიამ ხელზე ხელი დამკრა:

– არა გრცხვენია, ავადმყოფს რატომ ეწინააღმდეგები!

და აი, სონია უკვე სადილზედაც გამოდის და საღამოს ჩაიზედაც, თუმცა ჯერ ისევ უფერულად გამოიყურება, თან ეტყობა, მაინცდამაინც ჯანზეც ვერ არის, ჯერ ვერც აივანზე გამოსვლას ბედავს საღამოობით. ერთხელაც არის, ქრისტიამ მაგიდა აალაგა, სამოვარი სამზარეულოში გაიტანა, სონია თავის ოთახში გავიდა და აივანზე მე და ნატალი დავრჩით.

– სონია ბრაზობს, სულ ასე გვერდიდან რომ არ ვშორდები და თქვენ ასე მარტოდმარტო დადიხართ... უიმისოდ, ვიცი, ძალიან მოწყენილი ხართ, მაგრამ...

– მოწყენილი მხოლოდ უთქვენოდ ვარ... - სიტყვა არ დავასრულებინე და თან დაბეჯითებით გავუმეორე: - მოწყენილი მაშინა ვარ, როდესაც თქვენ ვერ გხედავთ.

ჩემს სიტყვებზე ნატალის სახე შეეშალა, მაგრამ მალე ისევ თავს სძლია და ნაძალადევად გაიღიმა:

– აკი შევთანხმდით, აღარ ვიჩხუბოთო? იცით, რას გეტყვით, ეტყობა, ძალიან ჩაჯექით სახლში, წადით, ვახშმამდე ცოტა გაიარ-გამოიარეთ, მერე მეც ჩამოვალ და ბაღში თქვენთან ერთად დავჯდები. მადლობა ღმერთს, ის თქვენი წინასწარმეტყველება, გაავდრდებაო, არ გამართლდა, ეტყობა, შესანიშნავი ღამე იქნება...

– სონია მეცოდება, თქვენ? ნუთუ თქვენ არ გეცოდებათ?

– ძალიან, - ამბობდა ნატალი და თან ჩაის ჭურჭელს სინზე ალაგებდა, - მალე სონიაც გამოკეთდება და თქვენც ასე მოწყენილი აღარ იქნებით...

მაგრამ ამ წუთას - მერე მეც ჩამოვალ, ბაღში თქვენთან ერთად დავჯდებიო, - თავში მხოლოდ ნატალის ეს სიტყვები მიტრიალებდა და გული ტკბილად მეკუმშებოდა. მერე უცებ ეჭვმა გამკრა: - “იქნებ მასიამოვნა, უბრალოდ, ტკბილი სიტყვა მითხრა?”

ამის გაფიქრებაზე მაშინვე ჩემს ოთახში გავიქეცი - დიდხანს ვიწექი გარინდებული და ჭერს მივჩერებოდი. ბოლოს ავდექი, საკიდიდან ჩემი სტუდენტური “კარტუზი” ჩამოვიღე, ვიღაცის ხელჯოხი ავიღე, ეზოდან დაუფიქრებლად გამოვედი და ულანების მამულსა და “ხოხლაცკების” სოფელს შუა სტეპის შიშველი ბექობისაკენ მიმავალ შარას დავადექი.

შარაგზა მწუხრით მოცულ ტრიალ მინდვრებს მიუყვება. ირგვლივ ვრცელი, გაშლილი მინდვრები და უსასრულო თვალსაწიერია გაჭიმული... მარცხნივ, მდინარისპირა დაბლობს ზემოთ, ჰორიზონტისაკენ აცერებული ვრცელი, შიშველი მინდვრები მოჩანს, შორს, სადღაც, ახლად ჩასული მზის შუქით წითლად განათებული დასალიერი ვარვარებს.

ხელმარჯვნივ სწორ, ერთგვაროვან რიგებად ჩამწკრივებულ, ტყუპისცალებივით ერთნაირ თეთრ ქოხებს დაფიონის წითელი ანაშუქი დასდგომია. და ეს, ვარდისფერ შუქში გახვეული სოფელი, კაცთაგან მიტოვებული, ყრუ და უკაცრიელი გეგონება...

ვდგავარ და სევდიანად გავყურებ მიმწუხრში გარინდებულ თეთრ სახლებსა და წითლად გავარვარებულ დაფიონს... უკან რომ გამოვბრუნდი, თბილი, ალერსიანი ნიავი ქროდა, დროდადრო ცხელი, ხორშაკი ქარი წამოუბერავდა და პირდაპირ სახეში მირტყამდა. ცაზე უკვე ახალი მთვარე ანათებდა.

იმ საღამოს ჰაერი როგორღაც ჩამოიხუთა, საშინელი სიცხე დაიჭირა და გადავწყვიტეთ, ამჯერადაც ბაღში გვევახშმა.

– ბიძია, რას ფიქრობთ, როგორი ამინდი იქნება? მგონი, ხვალ იწვიმებს, - ვკითხე ულანს, ვახშამზე რომ ვისხედით.

– რატომ, ჩემო მეგობარო?

– ეს-ეს არის, მინდორში ვიყავი, დიდხანს, დიდხანს ვიარე მოწყენილმა. დავდიოდი ჩემთვის და ვფიქრობდი, აი უკვე ჩემი წასვლის დროც დადგა-მეთქი, ალბათ, მალე მიგატოვებთ.

– ვითომ რატომაო?

ნატალიმ თვალები შემომაფეთა:

– წასვლას აპირებთ?

თვალთმაქცურად გავიღიმე:

– ხომ არ შეიძლება...

ულანმა თავი კიდევ უფრო ენერგიულად გააქნია:

– რა სისულელეა!... დედაშენიცა და მამაშენიც მშვენივრად გაძლებენ უშენოდ, ორ კვირას აქედან ფეხს ვერ მოიცვლი, მარტო მე კი არა, აი, ნატალიც არ გაგიშვებს.

– ვიტალი პეტროვიჩთან რა მესაქმება, მე რა შუაში ვარ, - სასტიკად იუარა ნატალიმ.

მე საცოდავად დავიღრიჯე:

– ბიძია, აუკრძალეთ ნატალის, უთხარით, ასე ნუ მეძახის!

ულანმა მაგიდას ხელი დაჰკრა:

– ნატალი, იცოდე, გიკრძალავ! რაც შეეხება შენს წასვლას, კმარა, გეყოფა ლაილაი. ამინდი კი, მგონი, მართალი ხარ, ადვილი შესაძლებელია, ისევ წახდეს.

– მინდორში ჰაერი ისე გამჭვირვალე იყო, მთვარეც ისე იყო მოკრიალებული, თან სამხრეთის ისეთი თბილი ქარი უბერავდა... აი, ხედავთ, როგორი ღრუბლები წამოიშალა-მეთქი!

ულანმა ბაღს გახედა - ბაღი ხან მთვარის შუქში გაეხვეოდა, ხან ღრუბელი წამოადგებოდა და ბინდი ჩამოწვებოდა.

– არა, ძმაო ნამდვილი მომავალი ბრიუსი ხარ...

და აი, რა ხანია აივანზე ვდგავარ და ნატალის ველოდები, გული ვერა და ვერ დამიმშვიდებია - სისულელეა... ჩემდამი, ვთქვათ, რაიმე გრძნობა კიდევაც რომ ჰქონდეს, ალბათ მეტისმეტად არამყარი და არასერიოზული იქნება-მეთქი, - ვფიქრობ საშინლად მოწყენილი.

ახალი, პირმოკრიალებული მთვარე სულ უფრო ზევითა და ზევით მიიწევს, ცას მოჯარულ, მთასავით წამომართულ თეთრ-კვამლისფერ ღრუბლებს გაეთამაშება და ღრუბელსა და ღრუბელს შორის თვალს რომ გამოაჭყეტს, თავის ფერმკრთალ, ადამიანის პროფილის მსგავს სხივმოსილ სახეს რომ გამოაჩენს, ირგვლივ ყველაფერს ნათელი ეფინება, ყველაფერი ფოსფორული შუქით იმოსება.

ათი საათი იქნებოდა, უცბად რაღაც ვიგრძენი და უკან მივიხედე - ნატალი კარის ზღურბლთან იდგა, ხელები ზურგზე დაეწყო და ჩუმად შემომყურებდა. დავინახე თუ არა, მაშინვე ფეხზე წამოვდექი.

– კიდევ არა გძინავთ? - მკითხა სასხვათაშორისოდ.

– კი, მაგრამ, ხომ მითხარით...

– მაპატიეთ, დღეს ძალიან დაღლილი ვარ, აქვე, ხეივანში ცოტა გავიაროთ, მერე კი წავალ, დავიძინებ...

ნატალი წუთით აივნის კიბის საფეხურზე შედგა და ბაღში ხის კენწეროებს გახედა. ბაღის გადაღმა ცა უკვე შავი ღრუბლებით იყო დაფარული, ელავდა. მერე იგი არყის ხეების გრძელ ხეივანში შევიდა და ხეივნის ჭრელ, მეჩხერ ჩრდილს შეერია. კარგა ხანს უკან მივყვებოდი. როდესაც გავუსწორდი, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოვლაპარაკებოდი, ჩუმად ვუთხარი:

– ნახეთ, რა ზღაპრულად ელავენ შორიდან ეს ალვები... არაფერია მთვარით განათებულ ტყის გულზე უფრო მშვენიერი. გახედავ ტყის სიღრმეს და სახეში თეთრად შემოგანათებს არყის აშოლტილი ზრო და ფოთლის აბრეშუმისებრი ელვარება.

ნატალი შეჩერდა და ღამის სიბნელეში კიდევ უფრო შავად ჩამუქებული თვალებით სახეში დაჟინებით ჩამაცქერდა:

– მართლა მიდიხართ?

– დიახ, უკვე დროა...

– კი მაგრამ, ასე უცბად რატომ გადაწყვიტეთ? არ დაგიმალავთ და, რომ თქვით, მივდივარო, გავვოცდი.

– ნატალი, შინ რომ დაბრუნდებით, შეიძლება ჩამოვიდე და თქვენს მშობლებს გავეცნო?

იგი ერთხანს გაჩუმებული იდგა.

მისი მარჯვენა ხელი ხელში ავიღე და სუნთქვაშეკრული დავეკონე:

– ნატალი...

– დიახ, დიახ, მიყვარხართ, - თქვა სახეგამშრალმა თითქმის ჩურჩულით, მაშინვე მიტრიალდა და სახლისაკენ წავიდა, მეც უკან მთვარეულივით ავედევნე.

– წადით, ხვალვე გაემგზავრეთ, - თქვა ისე, რომ უკან არ მოუხედავს, - რამდენიმე დღეში მეც უკვე შინ ვიქნები...

 

– V –

 

ოთახში გაოგნებული შევედი, სანთელიც არ ამინთია, დივანზე გაშტერებული ჩამოვჯექი და გავშეშდი - ჩემს ცხოვრებაში მეხივით გავარდნილი ამ საოცარი ამბით ისე ვიყავი დაბნეული, აღარაფერი მესმოდა.

ცაზე შავად ჩამოწოლილმა ღრუბელმა მალე ირგვლივ ყველაფერი ჩააბნელა. ღია ფანჯრებიდან ფოთლების შრიალი ისმოდა - მთელი ბაღი თრთოდა, ირწეოდა, მომწვანო-მოცისფრო ელვა წამიწამს ცას გაკვეთდა, მთელ ოთახს კაშკაშა სინათლეში გაახვევდა და ისევ ჩამობნელდებოდა.

მერე ელვამ თანდათან იმატა, უცებ ოთახი რაღაც არაბუნებრივი მომწვანო-მოცისფრო სინათლით აივსო, გრილმა სიომ დაჰბერა და ბაღიდან ისეთი საშინელი ზრიალი წამოვიდა, მთელი ბაღი ისეთმა არნახულმა ძრწოლამ აიტანა, თითქოს ეს არის, მთელი ცა და დედამიწა იწვისო!

სასწრაფოდ წამოვხტი და ფანჯრები დიდის გაჭირვებით ჩავკეტე - ქარი ფანჯრის ჩარჩოებს ხელიდან მტაცებდა, ლამის მაქცევდა...

არ ვიცი, იმ წუთას სასადილოსა და სასტუმროს ღიად დარჩენილი ფანჯრები რატომ გამახსენდა, ჩაბნელებული დერეფანი ფეხაკრეფით გავირბინე და სასადილო ოთახში შევვარდი, მაგრამ სასტუმროშიაც და სასადილოშიაც ფანჯრები დაკეტილი დამიხვდა - ესეც იმ რაღაც უცნაურ, არაამქვეყნიურ მომწვანო-მოცისფრო შუქზე დავინახე - შუქმა მთელი ოთახი გადააკაშკაშა, სინათლე უსაშველოდ გაზრდილ-გაფართოებულ ფანჯრებს შეასკდა, მალე ყოველივე ისევ უკუნეთმა შთანთქა და დაბრმავებულ თვალებში რაღაც თუნუქისებური სიწითლის კვალი ჩამიტოვა.

მე მაშინვე უკან გავტრიალდი და ჩემს ოთახში ისე გაგიჟებული შევვარდი, თითქოს იქ რაღაც სასწაული მელოდა. ოთახში რომ შევედი, სიბნელიდან გაბრაზებული ჩურჩული მომესმა:

– სადა ხარ? სანთელი აანთე, ჩქარა, მეშინია!

ასანთს რომ გავკარი, დივანზე ღამის პერანგის ამარა, ფეხსაცმელში შიშველფეხებწაყოფილი სონია დავინახე.

– არა, არა, არ გინდა, არ აანთო... მეშინია, მოდი, მომეხვიე, ჩქარა, ჩქარა მოდი, - სხაპასხუპით მიაყარა სონიამ.

მორჩილად ჩამოვჯექი მის გვერდით და გაყინულ ბეჭებზე ხელი მოვხვიე.

– მაკოცე, კარგი ახლა, მაკოცე, გულში ჩამიკარი, მე ხომ აქ მთელი კვირაა არ ვყოფილვარ!

ჩამჩურჩულა სონიამ და დივანზე დაწყობილ ბალიშებზე ძალით გადამაწვინა.

სწორედ ამ დროს ღია კარის ზღურბლზე იმ თავისი ნარინჯისფერი პერანგითა და სანთლით ხელში ნატალი გამოჩნდა, ცხადია, მაშინვე მშვენივრად დაგვინახა, მაგრამ ანგარიშმიუცემლად იკითხა:

– სონია, სადა ხარ, მეშინია...

თქვა და იმავე წუთს გაუჩინარდა. ამ სიტყვებზე სონიაც წამოხტა და უკან გაედევნა.

 

– VI –

 

ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ნატალი მეშჩერსკის გაჰყვა ცოლად. ჯვარი ბლაგოდატნოს თითქმის ცარიელ ეკლესიაში დაიწერეს - არც ნატალისა და არც მეშჩერსკების მხრიდან ჯვრისწერას არავინ დასწრებია.

ქორწილზე არავინ დაუპატიჟებიათ, არც თვითონ სწვევიან ქორწილის შემდეგ ნათესავებსა და ახლობლებს - მაშინვე ყირიმში გაემგზავრნენ.

მომავალი წლის იანვარში, ტატიანობა დღეს, ვორონეჟის კეთილშობილთა საკრებულოში სტუდენტების მეჯლისი იყო დანიშნული. იმ დროისათვის უკვე მოსკოვის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შობის დღეებს შინ, სოფელში ვატარებდი.

სამეჯლისოდ ვორონეჟში რომ მივდიოდი, მთელი გზა საშინელი ქარბუქი ქროდა, თოვლის კორიანტელში გახვეული მატარებელი თეთრად იყო შებორბლილი. ვიდრე მეეტლე სადგურიდან მარხილით სათავადაზნაურო სასტუმროში მიმიყვანდა, ისე თოვდა, ისეთი ბურუსი იდგა, ქუჩის პირად ჩამწკრივებული ფარნების შუქიც კი არ ჩანდა.

მიუხედავად ამისა, სოფლის იმ მოწყენილობისა და იმ მარტოობის შემდეგ ეს ქარბუქიც და თოვლში ძლივს აბჟუტებული ეს სინათლეებიც ხალისიან გუნებაზე მაყენებდა, გულს ძველი, საგუბერნიო სასტუმროს თბილი, ჩაღუღუნებული ნომრის სასიამოვნო მოლოდინით მივსებდა - მივიდოდი, სამოვარს შემოვატანინებდი, ტანისამოსს გამოვიცვლიდი, სამეჯლისოდ გამოვეწყობოდი და ისე, როგორც სტუდენტებს სჩვევიათ, მთელ ღამეს ლოთობაში გავათენებდი.

ჩერკასოვების სახლში გატარებული იმ საშინელი ღამისა და ნატალის გათხოვების შემდეგ, როგორც იქნა, გონს მოვეგე, ასე თუ ისე, როგორღაც მივეჩვიე იმ სულით ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ სხვათა დასანახავად არის ჩვეულებრივი.

კეთილშობილთა საკრებულოს შენობაში რომ შევედი, მეჯლისი ის-ის იყო იწყებოდა. სადარბაზოში კიბეცა და კიბის პატარა მოედანიც უკვე ხალხით იყო გაჭედილი, თან სულ მოდიოდნენ და მოდიოდნენ.

მთავარი დარბაზიდან ხან ვალსის საზეიმო-სევდანარევი მუსიკა ისმოდა, ხან პოლკის ხმამაღალი გრიალი. ჯერ ისევ ყინვისაგან სახეალეწილმა და ახალთახალ მუნდირში გამოწყობილმა, რის გამოც კიდევ უფრო გადაჭარბებული თავაზითა და განსაკუთრებული მოხდენილობით მივიკვლევდი გზას ხალხით სავსე, წითელი ფიანდაზით მოგებულ საფეხურებზე.

როგორც იქნა, კიბის ბაქნამდე მივაღწიე, დარბაზის წინ მჭიდროდ შეჯგუფებულ, ხალხის კარგა მოზრდილ, შეფიცხებულ ტალღას შევერიე და რატომღაც წინ ისე მონდომებით, ისე დაბეჯითებით გავწიე, ეტყობა, იფიქრეს, უთუოდრიგის მიმცემია, დარბაზში რაღაც აუცილებელი საქმისათვის მიიჩქარისო.

ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის შესასვლელამდე მივაღწიე და კართან გავჩერდი. მუსიკას იქვე, ჩემს ზემოთ გაჰქონდა გრიალი, ვიდექი და გაბჟღვრიალებული ჭაღების ზიმზიმსა და ჭაღებქვეშ ვალსის ხმაზე მოსრიალე ათობით ქალ-ვაჟს ჩუმად შევყურებდი, რომ ერთბაშად ელდანაკრავივით უკან დავიხიე - მოტრიალე ბრბოში უცებ ერთ ყველასაგან გამორჩეულ, შესანიშნავად მოცეკვავე წყვილს მოვკარი თვალი, რომლებიც სხვა დანარჩენებთან ერთად არაჩვეულებრივად მოქნილი, მსუბუქი ცეკვა-ტრიალით პირდაპირ ჩემკენ მოსრიალებდნენ.

დავინახე თუ არა, მხრებში ოდნავ მოხრილი, ზორბა ტანის მიუხედავად, არაჩვეულებრივად მსუბუქად, მოხდენილად მოცეკვავე (რითაც ზოგიერთი ტანსრული ადამიანი მაყურებლის განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს), შავ ფრაკში გამოწყობილი, შავთმიანი, ზონზროხა მამაკაცი და მის გვერდით საგანგებოდ თმადავარცხნილი, ოქროსფერ ბრჭყვიალა ფეხსაცმელსა და გრძელ, სამეჯლისო თეთრ კაბაში მორთული ტანწერწეტა ახალგაზრდა ქალი, ისე შევტორტმანდი, კინაღამ დავეცი.

ქალს იდაყვამდე თეთრ ხელთათმანში გამოკვართული, საოცრად ნატიფი, გედის კისერივით გაღუნული მკლავი კაცის მხარზე ჩამოედო და თვალებდახრილი, ოდნავ თავგადაღერილი ცეკვავდა.

წუთით თავისი გრძელი, შავი წამწამები სახეზე შემომაფეთა და მისი თვალების საოცარმა სიშავემ სულ ახლოს ისე ჩამიელვა, რომ კაცი ამ დროს მსუქანი მამაკაცისათვის ჩვეული გულმოდგინებით ლაქის ფეხსაცმლის წვერზე მსუბუქად გასრიალდა და ისე ერთბაშად შეატრიალა, მოულოდნელობისაგან შემკრთალი ქალის ოდნავ გაღებულ ბაგეს მსუბუქი ოხვრაც კი აღმოხდა.

კაბის კალთამ წუთით ვერცხლისფრად გაიელვა და თავბრუდამხვევი ტრიალ-ტრიალით კაცმა ქალი კვლავ შუა დარბაზისაკენ წაასრიალა.

მე ისევ კიბის ბაქანზე მოდგანდგარე ხალხის ტალღაში გავძვერი, ხალხს გავერიდე და ცოტა ხანს იქვე გვერდით გავჩერდი... ჩემს გასწვრივ, ჯერ ისევ ცარიელი, გრილი დარბაზის ღია კარიდან შამპანურების ბოთლებით სავსე ბუფეტი მოჩანდა, ბუფეტთან ორი მოლორუსულ ტანისამოსში გამოწყობილი მოსწავლე გოგონა საქმის მოლოდინში მოწყენილი იდგა.

ერთი ქერათმიანი, საკმაოდ მოხდენილი, მეორე კი გაცილებით მაღალი, თხელი, შავთვალწარბა, შავგვრემანი კაზაკი გოგონა იყო, რომ იტყვიან, ნამდვილი მზეთუნახავი.

დარბაზში შევედი, გოგონებს თავი დავუკარი და ქაღალდის ასმანეთიანი გავუწოდე. გოგონებმა დახლქვეშ დადგმული ყინულით სავსე ვედროდან უშველებელი ბოთლი სიცილ-სიცილით ძლივს ამოათრიეს და, ალბათ, შეეშინდათ, ეს ამოდენა ბოთლი როგორ უნდა გავხსნათო, ერთმანეთს გაუბედავად გადახედეს.

სასწრაფოდ დახლში შევედი, ბოთლს საცობი ხმაურით დავაძრე, თითო ბოკალი ღვინო ქალიშვილებს მხიარულად შევთავაზე - Gaudeamus igitur! (სტუდენტური ჰიმნი ლათინურ ენაზე) - და დანარჩენი ჭიქა-ჭიქობით მთელი ბოთლი ბოლო წვეთამდე გამოვცალე. გოგონები ჯერ გაოცებულები მომჩერებოდნენ, მერე კი თავი ვეღარ შეიკავეს და შეწუხებულებმა მითხრეს:

– იცით, ისეთი ცუდი ფერი გადევთ!

ღვინის სმას მოვრჩი თუ არა, მეჯლისი მაშინვე მივატოვე. სასტუმროში რომ მივედი, ნომერში ერთი ბოთლი კავკასიური კონიაკი შემოვატანინე და იმის იმედით, იქნებ როგორმე გამისკდეს ეს გული-მეთქი, მთელი ბოთლი კონიაკი ჩაის ფინჯნითა ვსვი...

და აი, მას შემდეგ კიდევ ერთმა წელიწადმა განვლო. იდგა მაისის ბოლო რიცხვები, მოსკოვიდან მაშინაც ის-ის არის ახალი ჩამოსული ვიყავი, რომ შიკრიკმა სადგურიდან ნატალის დეპეშა მოგვიტანა: “ალექსეი ნიკოლაევიჩი დღეს დილას მოულოდნელად გარდაიცვალა სისხლის ჩაქცევით”...

– ღმერთმა აცხონოს, - თქვა მამამ დეპეშის წაკითხვის შემდეგ და პირჯვარი გადაიწერა, - უფალო, შემინდე, მართალია, მაინცდამაინც გულზე არასდროს მეხატა, მაგრამ, ძალიან მეცოდება, აბა, წარმოიდგინე, ჯერ ორმოცისაც არ იყო... ნატალიზეც სულ გული მეტანჯება - ასეთი ახალგაზრდა ქალი და უკვე ქვრივი! აბა, რა უნდა ქნას, ან ამ ობლად დარჩენილ ბავშვს რა უნდა უყოს... მართალია, ნატალისათვის თვალიც არ მომიკრავს - წარმოგიდგენია, ერთხელაც არ ამოიყვანა და არ გვაჩვენა, მაგრამ, ამბობენ, არაჩვეულებრივად მომხიბვლელი ქალიაო... რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ას ორმოცდაათი ვერსის გავლა არ შემიძლია, არც დედაშენს, სხვა რა გზაა, უნდა ადგე და ისევ შენ წახვიდე.

უარის თქმა თითქმის შეუძლებელი იყო, ანდა რა მიზეზით უნდა მეთქვა? თან ეს ამბავი თავს ისე მოულოდნელად დამაცხრა, ისე ვიყავი ამ ამბით გაოგნებული... რაც მთავარია, ნატალის ვნახავ-მეთქი, - მთელი ჩემი გონება ახლა მხოლოდ ამ ერთი აზრით იყო შეპყრობილი.

მაშინვე საპასუხო დეპეშა გავაგზავნეთ, მეორე დღეს კი, მზე უკვე დასალიერს იყო მიმდგარი, რომ ბლაგოდატნოდან გამოგზავნილმა ცხენებმა ნახევარ საათში სადგურიდან მეშჩერსკების მამულში მიმიყვანეს.

სერზე რომ ავედით, სალეკი მდელოების გასწვრივ მეშჩერსკების სახლს გავხედე - ჯერ ისევ ჩამავალი მზით განათებულ დასავლეთ კედელზე დარბაზის ყველა დარაბა ჩაკეტილი იყო. აი, იმ კედელს იქით მისი ცხედარი ასვენია, ნატალიც ახლა იქ არის, იმ ცხედარს გვერდით უზის-მეთქი, - ამის გაფიქრებაზე ტანში გამცრა.

ახლად წამოსული ლორთქო ბალახით მწვანედ აბიბინებულ ეზოში, საკარატე ფარდულის გვერდით, ორი “სამცხენა” იდგა და ეჟვნების ჟღარუნი ისმოდა, მაგრამ კოფოზე მჯდარი მეეტლეების გარდა, ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო - მოსულებიცა და შინაურებიც, ჩანს, უკვე პანაშვიდზე იყვნენ შესული.

იდგა მაისის იდუმალებით მოცული სოფლის მშვიდი, უშფოთველი საღამო, ირგვლივ ყველაფერი განახლებული სიცოცხლით ფეთქავდა, ყველაფერი ხალასი და თავანკარა იყო - მინდვრებიდან და მდინარიდან მონაბერი გაზაფხულის ეს ცინცხალი ჰაერიც, ეზოში ამოხეთქილი ლორთქო ბალახიც, სახლის სამხრეთ კედლამდე მომდგარი, თეთრად გადაყვავებული ბაღიც... დაბალ წინგარდში, დერეფნის ფართოდ გაღებული კარის წინ, კედელზე, კუბოს დიდი, ყვითელფარჩაგადაკრული სახურავი იყო მიყუდებული.

საღამოს გრილსა და გამჭვირვალე ჰაერში რძისფრად აყვავებული მსხლების მოტკბო, მძაფრი სურნელი ტრიალებდა - იდგნენ ყვავილით დახუნძლული, თეთრად გადაპენტილი ხეები მათი რძისფერი სითეთრით გამკრთალებულ, მოკრიალებულ ცის ფონზე და თავს ერთადერთი ცდომილი, ერთადერთი შუქურვარსკვლავი - ვარდისფრად მოციმციმე მუშთარი დასდგომოდათ.

ამ საგაზაფხულოდ განახლებული ბუნების სიტურფემ და სილამაზემ, ამ ფიქრმა ნატალის სილამაზესა და ახალგაზრდობაზე, იმან, რომ ნატალის ოდესღაც ასე ძლიერ ვუყვარდი, გული ისეთი მწუხარე ბედნიერებითა და სიყვარულის წადილით ამივსო, სახლის წინ ეტლიდან რომ გადმოვხტი, ასე მეგონა, კარებწინ კი არა, უძირო უფსკრულის პირას ვიდექი.

ვერ წარმომედგინა, ამ სახლში როგორ უნდა შევსულიყავი, სამი წლის განშორების შემდეგ როგორ უნდა შემეხედა, როგორ შევხვედროდი უკვე შვილიანსა და უქმროდ დარჩენილ, უდროოდ დაქვრივებულ ნატალის... და აი, მაინც შევედი სიკვდილის საუფლოდ ქცეულ, სანთლის ალით გადაჭრელებულ, ბნელსა და ზარიან დარბაზში.

კედლისაკენ ოდნავ თავაწეულ კუბოს ოქროქანდული ხატების წინ მოციმციმე, დიდი, წითელი კანდელი ანათებდა, ფერხთით სამი უშველებელი კელაპტრის ვერცხლისფრად მოლაპლაპე შუქი ადგა, სანთლების ალზე დარბაზის წინა კუთხე კიდევ უფრო ჩაბნელებული და ჩაუკუნეთებული იყო.

მიცვალებულის სასახლეს საკმევლის კმევითა და ჩუმი ლოცვა-გალობით საეკლესიო მსახურნი უვლიდნენ... დარბაზში ისე შევედი, თავი არ ამიწევია, გულში საოცარი, უსიამოვნო შიში მქონდა - ყვითელფარჩაგადაკრული კუბოსა და მიცვალებულისაკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც ნატალის შეხედვას ვერიდებოდი.

შევედი თუ არა, ვიღაცამ კერეონი მომაჩეჩა, ვიდექი, ანთებული სანთელი მეჭირა და ვგრძნობდი, მისი მოცახცახე ალი ჩემს ფერმკრთალ, შეწუხებულ სახეზე როგორ ლიცლიცებდა, ღაწვებზე თბილად როგორ მელამუნებოდა.

ვიდექი და მორჩილად ვუსმენდი საცეცხლურის ჩხაკუნსა და მღვდელ-დიაკონთა სულთათანას. თავჩახრილი შუბლქვევიდან ავყურებდი ჭერისაკენ მედიდურად აწვერილი სანთლების რუხ კვამლს, რომ უცბად კვამლის მსუყე, მოტკბო სურნელით გაბრუებულმა თავი ავწიე და პირდაპირ ნატალის შევეფეთე - იგი ყველაზე წინ იდგა, თავით ფეხებამდე შავ ძაძაში იყო გახვეული, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, სანთლის მკრთალი შუქი ოქროსფერ თმასა და ჩამოქნილ ღაწვებს შელეკვოდა - შევხედე და თვალი ვეღარ მოვაცილე.

გალობა რომ მიწყნარდა, დარბაზში ჩამწვარი სანთლის სუნი რომ დატრიალდა, ხალხი ნელა რომ დაიძრა ნატალისაკენ, რათა მიესამძიმრებინა და ხელზე ეკოცნა, უკან მივდექი და შევიცადე. და აი, ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა და, როდესაც მის მონაზვნურ, გრძლად დაშვებულ შავ კაბას შევხედე, რომელიც კიდევ უფრო უნაკლოდ აჩნდა მის მშვენიერ ტანადობას, შევხედე მის ჩამოქნილ, ჯერ ისევ სალუქ სახესა და ჩემს დანახვაზე ძირს დახრილ, შავი წამწამებით მოჯარულ შავ თვალებს, აღტაცებისაგან თავზარდაცემულმა თავი, მდაბლად დავუკარი, ხელზე ვაკოცე და, ისე როგორც ნათესავსა და ზრდილ კაცს შეეფერება, ხმადაბლა, გულითადად მივუსამძიმრე...

ნება მომეცით, ახლავე წავიდე, ღამე ბაღის იმ ძველ როტონდაში გავათენო, სადაც ჯერ ისევ სტუდენტობის დროს ვათევდი-მეთქი (როტონდა მეშჩერსკების საზაფხულო საძინებელი იყო), - ვუთხარი ბოლოს ნატალის.

ნატალიმ ისევ თვალებდახრილმა მიპასუხა: - ახლავე ვუბრძანებ, როტონდამდე მიგაცილონ და ვახშამი მოგართვან.

მეორე დღეს მიცვალებულს წესი აუგეს თუ არა, მაშინვე შინისაკენ გავემგზავრე.

წამოსვლისას ერთურთს სულ რაღაც ორიოდე სიტყვით გამოვემშვიდობეთ, ისე რომ, სახეში არც ახლა შეგვიხედავს ერთმანეთისათვის.

 

– VII –

 

კურსის დამთავრებიდან არ გაუვლია დიდ დროს, რომ თითქმის ერთდროულად დავკარგე დედაცა და მამაც, რის შემდეგაც საბოლოოდ დავსახლდი სოფელში, ხელი მეურნეობას მივყავი, დავუახლოვდი ჩვენს ოჯახში გაზრდილ, დედაჩემის ხელზე მოსამსახურე, შესახედავად ჯერ ისევ მოზარდივით თხელსა და ტანმორჩილ, ნახშირივით შავთვალება, საოცრად უსიტყვო, თითქმის ყველაფრის მიმართ გულგრილ, გამოუცნობი იდუმალებით სავსე გლეხის ერთ ობოლ გოგოს - გაშას.

ისეთი შავთვალა და შავგვრემანი იყო, ისეთი შავი, სრიალა კანი ჰქონდა, "აგარი" ნამდვილად ასეთი იქნებოდაო, ხშირად იტყოდა ხოლმე მისი შემხედვარე მამაჩემი.

მეც სწორედ გაშა მემსახურებოდა, გაშა და ჩვენი ყოფილი შინაყმა - თოვლივით თმაგათეთრებული ივან ლუკიჩი - მხნე, მხარბეჭიანი, ჯერ ისევ ჭარმაგი მოხუცი.

ჩემთვის იგი ისეთი მშვენიერი, ისეთი საყვარელი გოგო იყო, ავიყვანდი ხელში და ვკოცნიდი ხოლმე - ეს არის და ეს, ცხოვრებაში ამის მეტი სხვა აღარავინ დამრჩენია-მეთქი, - ვფიქრობდი... მგონი, ისიც მშვენივრად ხვდებოდა ჩემს ფიქრებს.

შვილი რომ გააჩინა, პატარა, შავთვალება, შავტუხა ბიჭუნა და ჩემს ყოფილ საბავშვო ოთახში დაბინავდა, გადავწყვიტე, ცოლად შემერთო, ჯვარი დამეწერა, მაგრამ გაშამ სასტიკად იუარა:

– არა, არა, აბა სადაური ქალბატონი მე ვარ! სირცხვილით სახეში ვეღარავის შევხედავ... ან თქვენ ვითომ რაღაში გჭირდებათ ეს! სჯობს, მოსკოვში წახვიდეთ, სულ ასე ჩემს გვერდით თუ იქნებით, ხელად მოგბეზრდებით, კიდევ უფრო მალე გადამიყვარებთ... წადით, გაიარ-გამოიარეთ, დრო გაატარეთ, თვალს წყალი დაალევინეთ, ოღონდ, როგორც კი გავიგებ, ვიღაც შეგიყვარდათ და ცოლად შერთვა გადაწყვიტეთ, იცოდეთ, ერთ დღესაც არ ვიცოცხლებ, მოვკიდებ ხელს და ამ ბავშვთან ერთად თავს დავიხრჩობ.

ეს სიტყვები ისე დაბეჯითებით წარმოთქვა, შეუძლებელი იყო, არ გერწმუნა - გაშას შევხედე და თავი ჩავღუნე: მე ხომ ჯერ ოცდაექვსი წლისა ვიყავი, ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა კაცი! მართალია, ვიღაცის შეყვარება და ცოლად შერთვა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ, გაშას სიტყვებმა ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ დაესვა წერტილი.

იმ წელიწადს, გამოზაფხულდა თუ არა, საზღვარგარეთ წავედი და მთელი ოთხი თვე იქ დავრჩი. უკვე ივლისის ბოლო იყო, მოსკოვის გავლით შინ რომ ვბრუნდებოდი. გადაწყვეტილი მქონდა, ამ შემოდგომას მოსკოვში გავატარებ, ზამთრისათვის კი ავიკრავ გუდა-ნაბადს და ისევ სადმე საზღვარგარეთ წავალ-მეთქი.

ტულაში რომ მივდიოდი, მთელი გზა გულს რაღაც ჩუმი სევდა მიღრღნიდა, სულ იმას ვფიქრობდი, აი, უკვე სახლში ვარ, მაგრამ, აბა, რა მინდა, რა დამრჩენია-მეთქი. უცბად ნატალი გამახსენდა და გული შემეკუმშა - დიახ, დიახ, “კუბოს კარამდეო”, ვითომ ხუმრობით რომ მიწინასწარმეტყველა სონიამ, ის სიყვარული ისევ ისე ცოცხლობს ჩემს გულში, ოღონდ, როგორც ჩანს, მეც ისევე მივეჩვიე ამ გრძნობას, როგორც ადამიანი დროთა განმავლობაში, ვთქვათ, მოჭრილ ხელს ან ფეხს ეჩვევა...

დიდხანს ვიჯექი ტულის სადგურში ასე ჩაფიქრებული და მეორე მატარებლის ჩამოდგომას ვუცდიდი, რომ უეცრად ავდექი და დეპეშა გავგზავნე: “მოვდივარ მოსკოვიდან, საღამოს ცხრა საათისათვის თქვენს სადგურზე ვიქნები, ნება მომეცით, შემოგიაროთ და გინახულოთ”.

ბლაგოდატნოში რომ მივედი, ნატალი კართანაზე შემომეგება, უკან მოსამსახურე ედგა, ხელში ლამპა ეჭირა და გვინათებდა.

– რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ, - ნაზად შემომღიმა ქალმა და ორივე ხელი გამომიწოდა.

– იქნებ, მეტისმეტად უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, იცით, ცოტა გაზრდილხართ... - ხელებს ვუკოცნიდი და ვგრძნობდი, ახლაც კი რა მტკივნეულად განვიცდიდი მათ შეხებას. მოსამსახურეს ლამპა ისევ მაღლა ეჭირა და გვინათებდა, ნაწვიმარ, ლბილსა და მყუდრო ჰაერში ლამპის ირგვლივ აუარებელი ვარდისფერი ფარვანა ირეოდა.

ნატალის ავხედ-დავხედე, ახლა თამამად, გაბედულად შემომყურებდნენ მისი შავი, მრუმე თვალები - ჩემ წინ ტანწერწეტა, ქალობის სრულ ეშხში შესული ყმაწვილი ქალი იდგა, სადად, ლამაზად მორთული მშვენიერი სამკაულებითა და იმ თავის მწვანე ჩესუჩის კაბაში მოხდენილად გამოწყობილი.

– ასეა, ჯერ კიდევ ვიზრდები, - მიპასუხა სევდიანი ღიმილით.

იმ დიდი, უშველებელი დარბაზის კუთხეში, ოქროს ძველებური ხატების წინ ისევ ის წითელი კანდელი ეკიდა. დარბაზის იმ კუთხეს მაშინვე თვალი ავარიდე და სასადილოსაკენ მიმავალ ნატალის გავყევი. სასადილო ოთახში, ქათქათა სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე, უნატიფესი ჩაის ჭურჭელი ბზინავდა. იქვე, იმ გახამხამებულ სუფრაზევე სპირტქურა იდგა და ზედ ჩაიდანი შიშინებდა.

შევედით თუ არა, მოსამსახურემ ცივად მოხარშული ხბოს ხორცი, მჟავე კიტრი, არყით სავსე გრაფინი და ერთი ბოთლი ლაფიტი შემოიტანა. ნატალიმ ჩაიდანი აიღო:

– თქვენ ივახშმეთ, მე კი მხოლოდ ჩაის დავლევ... იწერებოდით, მოსკოვიდან მოვდივარო, ამ შუა ზაფხულში მოსკოვს რა გინდოდათ?

– პარიზში ვიყავი, გზად გამოვიარე...

– აა... დიდი ხნით იყავით? ეჰ, მეც რომ შემეძლოს... მაგრამ, აბა, სად წავალ, ჩემი გოგონა ხომ ჯერ სულ პატარაა. რვა წლისაც არ არის... თქვენზე ამბობენ, სამაგალითო მეურნე დადგაო.

ერთი სირჩა არაყი დავლიე და ნატალის მოწევის ნებართვა ვთხოვე.

– აჰ, კი, ბატონო!

პაპიროსს მოვუკიდე და მასპინძელს მივუბრუნდი:

– ნატალი, ნუ იქნებით ასე მეტისმეტად თავაზიანი, ნურც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას მომაქცევთ... მინდოდა ერთხელ კიდევ მენახეთ, თვალი ერთხელ კიდევ შემევლო და ჩუმადვე გავპარულიყავი. ნურც უხერხულობას იგრძნობთ ჩემს გამო - რას იზამ, რაც იყო, იყო, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა... შეუძლებელია ვერ ამჩნევდეთ, როგორი მოხიბლული, რა დაბრმავებული ვარ თქვენით, მაგრამ, ისიც არ მინდა, ამ ჩემმა აღტაცებამ თუნდაც იოტისოდენად მაინც შეგაწუხოთ, იმდენად მშვიდია ახლა იგი და უანგარო.

– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს საოცარი წინააღმდეგობა ჩემთვის მუდამ გაუგებარი იყო, ვერა და ვერ შევეჩვიე, - თქვა და სახე ვარდისფრად შეეფაკლა.

– მართალი ხართ, - ვუპასუხე საშინლად ფერწასულმა, თუმცა კი საკმაოდ ომახიანად, ვინაიდან ჩემს თავს თვითონვე ვარწმუნებდი, დიახ, დიახ, რაც ვთქვი, ნამდვილად ისეა, ყველაფერი სრულიჭეშმარიტებაა, მაგრამ, განა არის კი ამქვეყნად რაიმე მარადიული? განა ყველაფერს თავისი დრო არა აქვს? რაც შეეხება ჩემს იმ საშინელ დანაშაულს, ეჭვიც არ მეპარება, თქვენთვის იმას დიდი ხანია არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს, დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია უკვე დავიწყებას მიეცით.

გარდა ამისა, მთელი ის ამბავი ახლა თქვენთვის გაცილებით გასაგები და მისატევებელი უნდა იყოს, თუმცა იგი ჯერ კიდევ მაშინვე იმსახურებდა თქვენს დიდსულოვან შენდობასა და პატიებას, თუნდაც იმ ჩემი ახალგაზრდობისა და იმ საოცარ გარემოებათა გამო, რომელშიც, მიზეზით სხვათა და სხვათა, ჩემგან დამოუკიდებლად აღმოვჩნდი. სხვა რომ არა იყოს რა, ამისათვის უკვე საკმაოდაც დავისაჯე, დიახ, დიახ, ამისი საწინდარი ჩემი ეს ვერშემდგარი ცხოვრება გახლავთ.

– ვერშემდგარი?

– რა თქმა უნდა, განა ასე არ არის? ნუთუ დღემდე ვერ გამიცანით და ვერაფერი გამიგეთ? თქვენც ხომ ზუსტად ამ სიტყვებით მისაყვედურეთ ოდესღაც?

ნატალიმ ერთხანს იყუჩა.

– იცით, მეჯლისზე გნახეთ, ვორონეჟში... ღმერთო, რა ახალგაზრდა, რა საოცრად უბედური ვიყავი!.. მაგრამ, განა არსებობს კი ქვეყნად უბედური სიყვარული? - ნატალიმ თავი ასწია და შეკითხვით სავსე, შავწამწამმოჯარული, ფართოდ გახელილი თვალები შემომანათა, - განა თვით ყველაზე მწუხარე მუსიკაც კი უდიდეს ბედნიერებას, უდიდეს ნეტარებას არ განაცდევინებს ადამიანს?.. ეჰ, რაც არის, არის, სჯობს, ისევ თქვენს შესახებ მომიყვეთ, ნუთუ სამუდამოდ დასახლდით სოფელში?

თავს ძალა დავატანე და ხმა ძლივს ამოვიღე:

– ესე იგი, მაშინ ჯერ კიდევ გიყვარდით?

– კი, მიყვარდით...

რა უნდა მეთქვა, გაჩუმებული ვიჯექი და ვგრძნობდი, მთელ სახეზე ხანძარი როგორ მეკიდა.

– ამბობენ, ძალიან შეყვარებულია, ბავშვიცა ჰყავსო, მართალია?

– სიყვარულზე რა მოგახსენოთ, სინაზე და სიბრალული კი ნამდვილად მაქვს, ეს არის და ეს...

– ყველაფერი, ყველაფერი მომიყევით...

მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი, ის კი არა, გაშას სიტყვებიც კი ვუთხარი - წადით, დრო გაატარეთ, თვალს წყალი დაალევინეთო... და ბოლოს ამით დავამთავრე:

– ახლა რას იტყვით, ხომ არის ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დაღუპული?

– რას ბრძანებთ?!. - თქვა ნატალიმ და ჩაფიქრდა, - რა თქმა უნდა, ცხოვრება ჯერ წინა გაქვთ, თუმცა, ცხადია, ცოლის შერთვა და ქორწინება თქვენთვის გამორიცხულია. ჩანს, ისეთი ქალია, თუ გაუჭირდა, თავს კი არა, ბავშვსაც არ დაინდობს.

– არა, მთავარი ცოლის შერთვა როდია, ღმერთო ჩემო, მე და ცოლის შერთვა?!

ნატალიმ დაფიქრებულმა შემომხედა:

– ჰო, რა თქმა უნდა... ისე კი, რა უცნაურია, აბა, რას წარმოვიდგენდი, ის თქვენი წინასწარმეტყველება - ნათესავები გავხდებითო, - ასე ამისრულდებოდა, თქვენ ხომ მე ახლა ბიძაშვილად მერგებით.

თქვა და ხელზე ხელი დამადო:

– საჭმლისათვის კი ხელი არ დაგიკარებიათ, გეტყობათ, გზამ დაგქანცათ. მეტისმეტად დაღლილი და ფერმკრთალი სახე გაქვთ, წადით, დაიძინეთ, ლოგინი უკვე დაგებულია.

ხელზე მორჩილად ვაკოცე, ნატალიმ მოსამსახურეს უხმო და, მიუხედავად იმისა, რომ ბაღის თავზე გადმომდგარი მთვარის შუქით ყველაფერი განათებული იყო, ლამპის ნათებ-ნათებით ხის სვეტებიანი ძველებური როტონდისაკენ გამიძღვა. ვიდრე პავილიონში მივიდოდით, ჯერ გრძელი, მთავარი ხეივანი გავიარეთ, მერე გავუხვიეთ და გაშლილ მინდორში შედარებით მომცრო ხეივანს დავუყევით.

ნატალი რომ წავიდა, საწოლის გვერდით, ღია ფანჯრის წინ სავარძელში ჩავჯექი და პაპიროსს მოვუკიდე. ვიჯექი და ვფიქრობდი: - რა სისულელე ჩავიდინე, წავსულიყავი ჩემი გზით, რა მინდოდა, რას მოვდიოდი! მეგონა, ყველაფერმა გაიარა, გული საგულესა მაქვს, დავცხრი, დავმშვიდდი, ძალა და ვაჟკაცობა მეყოფა-მეთქი...

გარეთ კი მშვიდი, წყნარი ღამე იდგა. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, ეტყობა, წამოეწვიმა კიდევაც - ჰაერი კიდევ უფრო ჩათბა, ჩაყუჩდა. ღამის ამ საოცარ მდუმარებაში სოფლის ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში მამლების ფრთხილი, გაბმული ყივილი ისმოდა.

როტონდის გასწვრივ, ბაღის გადაღმა სავსე მთვარე გარინდულიყო და შორს გაბნეულ ხეებსა თუ იქვე, როტონდის წინ ტოტებგაშლილ ვაშლებს სინათლის შუქ-ჩრდილში ახვევდა. იქ, სადაც მთვარის სხივი თავისუფლად ატანდა, სინათლე მიწას თეთრი მინანქარივით დაჰფენოდა, სიბნელესა და შუქ-ჩრდილთა ლილოჭრელში უსაზღვრო იდუმალებას დაევანებინა...

და აი, ფანჯარას აბრეშუმის პრიალა, გრძელსა და მუქი ფერის სამოსში გამოწყობილი ნატალი მოადგა, ისიც გაზაფხულის ამ ღამესავით ჩუმად და იდუმალად...

მალე მთვარე ბაღს თავზე წამოადგა და როტონდაში ჩამოიხედა. ნატალი საწოლზე იწვა, მე მის წინ მუხლებზე ვიდექი და ხელში მისი ხელი მეჭირა:

– იმ პირქუშსა და მეხთატეხა ღამეს, მე უკვე მხოლოდ შენ მიყვარდი... მხოლოდ შენ ერთადერთი მიყვარდი... არავითარი სხვა ვნება, არავითარი სხვა გრძნობა - ჩემი გული მხოლოდ შენდამი უსაზღვრო აღფრთოვანებით, შენი დიდი, უწმინდესი სიყვარულით იყო სავსე.

– მერე და მერე ყველაფერს მივხვდი, მიუხედავად ამისა, როცა კი ის საშინელი ღამე გამახსენდებოდა და იმასაც წარმოვიდგენდი, სულ ერთი საათის წინ ხეივანში რას მეუბნებოდით და როგორ იქცეოდით...

– მთელს დუნიაზე შენი ტოლი და ბადალი არავინ მეგულება, წეღან იმ შენს მწვანე ჩესუჩის კაბასა და კაბის კალთით დამალულ მუხლებს რომ შევყურებდი, ვგრძნობდი, სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, ოღონდ ერთხელ მაინც ვმთხვეოდი მათ.

– ნუთუ მთელი ამ წლების განმავლობაში არასოდეს დაგვიწყებივართ?

– კი, როგორ არა, ოღონდ ისევე, როგორც ვთქვათ, გავიწყდება, რომ სუნთქავ, ცოცხლობ, დადიხარ... ის, რაც წეღან მითხარი, მართალია - უბედური სიყვარული არ არსებობს... ოო, ის შენი ნარინჯისფერი ჩახსნილი პერანგი და შენ, მთელი შენი გარეგნობითა და მთელი შენი არსებით, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, თითქმის ჯერ ისევ მოზარდი...

მახსოვს, იმ დილას, ჩემი სიყვარულის იმ პირველ დილას წუთით როგორ ჩამიელვე და როგორ გაქრი... ახლაც თვალწინ მიდგას, მალორუსული ზედა კაბის სახელოდან წამოწეული შენი ხელი, წიგნის ფურცლებზე დახრილი შენი თავი და ჩემი გაოგნებული ბუტბუტი: “ნატალი, ნატალი!”..

– დიახ... დიახ...

– მერე მეჯლისზე გნახე, მაღალი, ტანკენარი, უკვე დაქალებული, იმ შენი ქალური სილამაზით თავზარდაცემული იმ ღამეს ჩემი ვერშემდგარი ცხოვრებისა და შენდამი გაუნელებელი სიყვარულისაგან სასოწარკვეთილი სიკვდილს ვნატრობდი...

მერე ძაძით შემოსილს შეგხვდი - რა უზადო, რა უნაკლო იყავი შავ სამოსში, ხელში ანთებული სანთელი გეჭირა და ასე მეგონა, შენს სახეზე მოათინათე იმ სანთელს სიწმინდე და სისპეტაკე ემატებოდა.

– აი, ჩვენ ისევ ერთადა ვართ, ალბათ, უკვე სამუდამოდ, მიუხედავად ამისა, ნახვითაც კი, ალბათ, იშვიათად ვნახავთ ერთმანეთს - განა შემიძლია მე, შენს იდუმალ სატრფოსა და მეუღლეს, შენი სააშკარაო ხასა და საყვარელი გავხდე?

...იგი დეკემბერში გარდაიცვალა, ჟენევის ტბის პირას, ნაადრევი მშობიარობის გამო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ