მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1336 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჩვენს ოჯახში იგი თავიდანვე შინაურ კაცად ითვლებოდა - ცხონებული მამამისი მამაჩემის ახლო მეგობარი და მეზობელი იყო.

იმ წელიწადს მამულში რომ გვესტუმრა, ივნისის თვე იდგა. პრინცი ფერდინანდიც სწორედ იმ წელიწადს, თორმეტ ივნისს მოკლეს სარაევოში.

თექვსმეტში დილას ფოსტიდან გაზეთები მოიტანეს. დედა, ის და მე ჯერ ისევ მაგიდასთან ვისხედით და ჩაის ვსვამდით, როდესაც მამაჩემი გაშლილი გაზეთით ხელში კაბინეტიდან სასადილო ოთახში გამოვიდა და გვითხრა:

– ეჰ, ჩემო კარგებო, ომი დაიწყო და ეგ არის, სარაევოში პრინცი ფერდინანდი მოკლეს.

პეტრე-პავლობას, მამაჩემის დაბადების დღეს, ჩვენს სახლში აუარებელმა სტუმარმა მოიყარა თავი და ისიც სწორედ იმ დღესა და სწორედ იმ სადილზე გამოაცხადეს ჩემს საქმროდ და დანიშნულად. ამის შემდეგ არ გაუვლია დიდ დროს, რომ ცხრამეტ ივლისს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს...

სექტემბერში, ფრონტზე გამგზავრების წინ, იგი ერთი დღით გამოსამშვიდობებლად მამულში გვესტუმრა (ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, ომი მალე დამთავრდებაო და ქორწილი გაზაფხულისათვის გადაიტანეს).

და აი, ჩვენი გამომშვიდობების საღამომაც მოაწია. ვახშმის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, სამოვარი რომ შემოიტანეს, მამამ სამოვრისაგან შეორთქლილ ფანჯრებს თვალი შეავლო და თქვა:

– ისე, წელს საოცრად ნაადრევი და ცივი შემოდგომა დაგვიდგა...

მერე კი მთელი საღამო თითქმის გაჩუმებულები ვისხედით, ხანდახან თითო-ოროლა სიტყვას თუ გადავულაპარაკებდით ერთმანეთს. თავი გადამეტებულად მშვიდად გვეჭირა, ვცდილობდით, რაც შეიძლება კარგად დაგვემალა ჩვენი ფარული განცდები.

ცივი და ნაადრევი შემოდგომაც მამამ ისე, სხვათა შორის ახსენა. მე აივნის შემინულ კართან მივედი და მინას ხელი გადავუსვი. ბაღს ზემოთ, ჩაბინდულ ცაზე ყინულივით კრიალა ვარსკვლავები ციმციმებდა.

მამა სავარძელში იჯდა, პაპიროსს ეწეოდა და მაგიდის თავზე ჩამოკიდებულ ლამპას დაბნეული მისჩერებოდა. დედას სათვალე გაეკეთებინა, ლამპის შუქზე პატარა აბრეშუმის ქისას გულმოდგინედ კერავდა.

– ეს იგი, დილით ადრე გადაწყვიტე წასვლა?

– დიახ, თუ ნებას მომცემთ, ადრე მირჩევნია, სამწუხაროდ, შინ თადარიგის დაჭერა ვერ მოვასწარი.

მამამ ამოიოხრა:

– როგორც გენებოს, სულო ჩემო, თუ ასეა, მე და დედა წავალთ, დავიძინებთ, დილაზე უსათუოდ უნდა გაგაცილოთ...

დედა წამოდგა და თავის მომავალ სიძეს პირჯვარი გადასწერა. ის დაიხარა, ჯერ დედას აკოცა ხელზე, მერე - მამას. მარტონი რომ დავრჩით, პასიანსის გაშლა დავიწყე, ის კი ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ბოლთას სცემდა და ბოლოს მკითხა:

– გინდა, ცოტა გავისეირნოთ?

უკვე ისეთ გუნებაზე ვიყავი, ხმა ძლივს ამოვიღე:

– კი, გავისეირნოთ...

კარებთან თან იცვამდა და თან რაღაცაზე ფიქრობდა, მერე საოცრად საყვარელი ღიმილით ფეტის ლექსი გაიხსენა:

“როგორი ცივი შემოდგომაა!

კაპოტი ჩაიცვი, შალი მოიხურე...”

კაპოტი რომ არა მაქვს? მერე? მერე როგორ არის-მეთქი?

აღარ მახსოვს, მგონი ასე უნდა იყოსო:

“შეხედე - შავად მჩინარ ფიჭვნარში,

თითქოს ხანძარმა ამოანათა...”

– ხანძარმა?

– ჰო, მთვარის ამოსვლაზეა... მართლაც რომ სოფლის შემოდგომის საოცარი მშვენიერება იგრძნობა ამ ლექსში... “კაპოტი ჩაიცვი, შალი მოიხურე...” ნამდვილი პაპებისა და ბებიების დროა, ჩვენი პაპებისა და ბებიების დრო... ო, ღმერთო, ღმერთო!

რა იყო, რა მოგივიდა-მეთქი, - ვკითხე.

არაფერი, ძვირფასო, მართალია, ცოტა დარდიანი ვარ, მაგრამ, შენს გვერდით თავს მაინც შესანიშნავად ვგრძნობ. იცი, ძალიან, ძალიან მიყვარხარო.

ბოლოს სასადილო ოთახი და აივანი გავიარეთ და ბაღში ჩავედით. პირველად სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი, სახელოში ხელჩავლებული მივყვებოდი, მერე მოჟიკჟიკე ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე თანდათან ხის შავი ტოტები გამოიკვეთა, ცა თანდათან განათდა. იგი უცბად შედგა და სახლისაკენ მიტრიალდა:

– შეხედე, რა სხვანაირად, რა შემოდგომურად არის ფანჯრები განათებული, ცოცხალი თუ გადავრჩი, ეს საღამო არასდროს დამავიწყდება.

გაოცებულმა შევხედე, იმან კი ჩემი იმ შვეიცარიული შალიანად გულში ჩამიკრა, ჯერ მაკოცა, მერე სახეში დაჟინებით ჩამხედა და წყნარად მითხრა:

– თვალები როგორ გიბრწყინავს, ხომ არა გცივა? ისე, ნამდვილი ზამთრის სუსხი კია... - და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ დასძინა, - ვთქვათ, მომკლეს, მალე ხომ არ დამივიწყებ?

ვაითუ მართლა მოკლან, ნუთუ მართლა მალე დავივიწყებ, ადამიანი ხომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ივიწყებს-მეთქი, - გავიფიქრე და საკუთარი ფიქრებით შეშინებულმა სასწრაფოდ ვუპასუხე:

– არა, შენს სიკვდილს ვერასოდეს გადავიტან...

ცოტა ხანს იყუჩა და მერე წყნარად წარმოთქვა:

– რა ვუყოთ, თუ მომკლეს, იქ დაგელოდები, შენ აქ იხარე, დატკბი ამ ცხოვრებით, ბოლოს კი ჩემთან წამოდი, იცოდე, მე იქ გელოდები.

ამ სიტყვებზე მწარედ ავტირდი.

მეორე დღეს დილით ძალიან ადრე წავიდა. დედამ ის საბედისწერო ქისა, რომელსაც გუშინ საღამოს ასე გულდაგულ კერავდა და რომელშიაც მისი მამაპაპისეული ავგაროზი - პატარა ოქროს ხატი იდო, გულზე ჩამოჰკიდა და ჩვენ ყველამ აჩქარებით, როგორღაც სასოწარკვეთით გადავწერეთ პირჯვარი... მერე ერთხანს კართან ვიდექით და მიმავალს გაოგნებულები გავყურებდით - აი, შენ დიდი ხნით აცილებ საყვარელ ადამიანს, ვინ იცის, რამდენი ხნით შორდები, გარეთ კი თეთრი ჭირხლით გაბრწყინებული ჩახჩახა დილაა, მაგრამ შენს გულს იგი ახლოსაც არ ეკარება...

მერე მივტრიალდით და დაცარიელებულ სახლში შევედით. დავდიოდი ოთახიდან ოთახში ზურგზე ხელებშემოწყობილი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი - მეტირა თუ ხმამაღლა მემღერა.

იგი ერთი თვის შემდეგ გალიციაში მოკლეს (ღმერთო, რა საოცარი სიტყვაა!)... მას შემდეგ გაიარა მთელმა ოცდაათმა წელიწადმა. რა აღარ გადავიტანე, რაღა არ გამოვიარე ამ ოცდაათ წელიწადში! როცა კი დავფიქრდები, როცა იმ ჯადოსნურ, გულისა და გონებისათვის მიუწვდომელ დღეებს გავიხსნებ, რა გრძელი, რა საოცრად დაუსაბამო მეჩვენება ის დღეები, დღეები, რომელთაც ახლა უკვე წარსული ეწოდება.

თვრამეტი წლის გაზაფხულზე, როდესაც აღარც დედა და აღარც მამა ცოცხლებს შორის აღარ იყვნენ, მე უკვე მოსკოვში ვცხოვრობდი, სმოლენკის ბაზარზე მოვაჭრე ვიღაც ქალის სარდაფში.

ქალი სულ დამცინოდა - “აბა, რას იტყვით, თქვენო ბრწყინვალებავ, როგორაა თქვენი საქმის ვითარება...” რა უნდა მექნა, მეც ვვაჭრობდი სხვა მრავალთა მსგავსად, მეც ვყიდდი კრაველის ქუდიან, ფარაჯაგაფრიალებულ ჯარისკაცებზე თუ რამ შემომრჩენოდა - პატარა ბეჭედი, უბრალო ჯვარი თუ ჩრჩილისაგან შეჭმული ბეწვის საყელო.

და აი, ერთხელ არბატსა და ბაზრის კუთხეში ვაჭრობისას, შევხვდი ერთ არაჩვეულებრივ, არაჩვეულებრივი სულისა და ბუნების ადამიანს, ხანში შესულ გადამდგარ სამხედროს, რომელსაც მალე ცოლადაც გავყევი.

იმავე წლის აპრილში მე და ჩემი მეუღლე მოსკოვიდან ეკატერინოდარში გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად მისი ძმისშვილი, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილიც წამოვიდა, იმასაც როგორმე მოხალისეებამდე უნდა მიეღწია. თითქმის მთელი ორი კვირა ერთად ვიარეთ. სოფლის დედაკაცივით მეც ფეხზე ქალამნები მეცვა, მეუღლეს - ძველი, კაზაკური ჩოხა, სახეზე შავი, ჭაღარაშერეული წვერი ჰქონდა მოდებული.

ორ წელიწადზე მეტი დონსა და ყუბანში გავატარეთ. ბოლოს სხვა აუარებელ ლტოლვილთან ერთად, ზამთრის ქარსა და ყიამათში, ნოვოროსიისკიდან ზღვით თურქეთისაკენ გავემგზავრეთ. შუა ზღვაში რომ ვიყავით, ჩემს მეუღლეს ტიფი შეეყარა და გარდაიცვალა.

მახლობელთაგან მთელ ქვეყანაზე მხოლოდ სამი ადამიანიღა შემომრჩა - ჩემი ქმრის ძმისშვილი, მისი მეუღლე და მათი შვიდიოდე თვის გოგონა. მაგრამ სულ მალე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისევ ყირიმში, ვრანგელთან დაბრუნდნენ და თავიანთი ძუძუთა ბავშვი მე შემომატოვეს.

მე და პაწაწინა გოგონამ კიდევ კარგა ხანს დავყავით კონსტანტინოპოლში. შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, იძულებული გავხდი მძიმე, აუტანელი ჯაფა გამეწია. მას შემდეგ სხვა მრავალთა მსგავსად სად აღარ მატარა ბედისწერამ - ბულგარეთი, ჩეხეთი, პარიზი, ბელგია, ნიცა...

გოგონა, რა ხანია, გაიზარდა, იგი პარიზში დარჩა და ნამდვილი ფრანგი ქალიშვილი დადგა - მეტისმეტად მოხდენილი და სრულიად გულგრილი ჩემს მიმართ. ცხოვრობს შუა პარიზში, მუშაობს მადლენის მახლობლად შოკოლადის მაღაზიაში და ნატიფი, სათუთად მოვლილი ხელებით კანფეტის კოლოფებს ატლასის ქაღალდში ახვევს.

მე კი ისევ ნიცაში ვცხოვრობ, ვარ ასე, ღვთისა და ბედის ანაბარად მიტოვებული... ათას ცხრაას თორმეტ წელს, როცა პირველად ჩამოვედი ნიცაში, ჩემი ცხოვრების იმ ბედნიერ დღეებში, აბა რას წარმოვიდგენდი, თურმე რა სიმწარე, რა გაჭირვება მელოდა ამ ქალაქში!

ასე გადავიტანე მისი სიკვდილი, თუმცა მაშინ ძალიან შევიცხადე - შენს სიკვდილს ვერასოდეს გადავიტან-მეთქი. და აი, ახლა, როცა ჩემი ცხოვრების გარდასულ დღეებს გავიხსენებ, როცა საკუთარ თავს შევეკითხები, მაინც რა იყო ჩემს ცხოვრებაში კარგი და მოსაგონებელი-მეთქი, შემოდგომის ის ცივი საღამო მახსენდება, თუმცა ზოგჯერ ეჭვიც მეპარება - “იყო კი ოდესმე ის საღამო?” მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო და მხოლოდ ის იყო ჩემი ცხოვრება, სხვა ყველაფერმა ამაო, ფუჭი სიზმარივით ჩაიარა.

მე ახლაც დარწმუნებული ვარ, იგი იქ მელოდება, მელოდება ისევ ისეთი ახალგაზრდა და სიყვარულით სავსე, როგორც შემოდგომის იმ ცივ საღამოს...

“... შენ აქ იხარე, დატკბი ამ ცხოვრებით, ბოლოს კი ჩემთან წამოდი, იცოდე, მე იქ დაგელოდები...” დიახ, მე აქ ვიცხოვრე, დავტკბი ამ ცხოვრებით და ახლა უკვე მალე წავალ მასთან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ