მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 334 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბაზრის მოედანზე მოაბიჯებს პოლიციის ზედამხედველი ოჩუმელოვი, ახალი შინელი აცვია და ხელში პატარა ბოხჩა უჭირავს. მას უკან მოჰყვება წითური გოროდოვოი ხელში ცხავით, რომელიც პირთამდეა სავსე კონფისკაციაქმნილი ხურტკმელით. ირგვლივ სიჩუმეა... მოედანზე სულიერი არ ჭაჭანებს... სავაჭრო დახლებისა და დუქნების ღია კარებები ამ ნათელ ქვეყანას უხალისოდ, მშივრებივით პირდაბჩენილნი, გამოჰყურებენ. მათ სიახლოვეს ღარიბებიც კი არ ჩანან.

− მაშ, კბენა გადაგიწყვეტია, წყეულო? - ესმის საიდანღაც ოჩუმელოვს. - ხალხნო, დაიჭით, არ დააკბენინოთ! როგორ შეიძლება! არ გაუშვათ! აჰ... აჰ..! ისმის ძაღლის წკმუტუნი. ოჩუმელოვი გვერდზე იყურება და ხედავს: ვაჭარ პიჩუგინის შეშის საწყობიდან გამორბის ძაღლი, თვალების ცეცებით და სამ ფეხზე ხტუნვით.

ძაღლს მოსდევს კაცი, რომელსაც ჩითის გახამებული პერანგი და გადაღეღილი ჟილეტი აცვია, მორბის მთელი ტანით წინგადახრილი, მიწაზე ეცემა და ძაღლს უკანა თათებით იჭერს. განმეორებით ისმის ძაღლის წკმუტუნი და ვიღაცის ყვირილი: „არ გაუშვათ!“ ამ ხმაურზე დახლებიდან ჩნდებიან ნამძინარევი სიფათები და მალე, შეშის საწყობთან, თითქოს მიწიდან ამოიზარდაო, ბრბო იყრის თავს.

− არავითარი უწესრიგობა, თქვენო კეთილშობილებავ!... - ამბობს გოროდოვოი.

ოჩუმელოვი ნახევარ ბრუნს აკეთებს მარცხნივ და ხალხისკენ მიემართება. ხედავს, საწყობის კართან დგას ზემოაღწერილი კაცი გაღეღილი ჟილეტით, მარჯვენა ხელი ზემოთ აღუმართავს და ხალხს გასისხლიანებულ თითს აჩვენებს.

მის ნაბახუსევ სახეს თითქოს აწერია: „ტყავს გაგაძრობ, შე არამზადა“, თითიც კი ისე ჩანს, თითქოს გამარჯვების დროშა ყოფილიყოს. ამ კაცში ოჩუმელოვმა ოქროს ნაკეთობათა ოსტატი ხრიუკინი შეიცნო.

ბრბოს შუაგულში წინაფეხებგაფარჩხული და აცახცახებული ძაღლი ზის - მთელი ამ აურზაურის მთავარი დამნაშავე - თეთრი ლეკვი, წაწვეტებული სახითა და ყვითელი ლაქებით ზურგზე. აცრემლებულ თვალებში შიში და სასოწარკვეთა ჩასდგომია.

− ეს რა ხდება აქ? - კითხულობს ოჩუმელოვი და ბრბოს ცენტრისკენ მიიწევს. - რა მოხდა? ასე რატომ გიჭირავს თითი?.. ვინ ყვიროდა?

- ჩემთვის მოვდიოდი, თქვენო კეთილშობილებავ, არაფერი დამიშავებია... - იწყებს ხრიუკინი და მუჭში ახველებს, - შეშის ამბავი უნდა გამერკვია მიტრი მიტრიჩთან და უცებ ეს ნაძირალა, სულ არაფრის გამო, თითზე მეცა... ბოდიში მომითხოვია, მე მშრომელი ადამიანი ვარ, ფაქიზი სამუშაოა... წვრილ-წვრილ საგნებთან მაქვს საქმე. ადგნენ და გადამიხადონ. ეი, ასე არ არის... მე ხელებით ვმუშაობ, ამ თითის გამო კი შეიძლება მთელი კვირა ხელი ვერ გავანძრიო. თქვენო კეთილშობილებავ, არც კანონში წერია სადმე, რომ ძაღლის კბენა უნდა მოითმინო... ყველამ რომ გიკბინოს, სად წახვალ? რაღად გინდა სიცოცხლე..

− აჰა, კარგი... - ამბობს ოჩუმელოვი მკაცრად, ახველებს და თან წარბებს ათამაშებს. - კარგი, ბატონო... ვისი ძაღლია? მე ამას ასე არ დავტოვებ. გაჩვენებთ, როგორ უნდა ძაღლების უმეთვალყურეოდ დატოვება! დროა, მივხედოთ ისეთ პატრონებს, რომლებსაც არ ნებავთ, დადგენილ წესებს დაემორჩილონ. რომ დააჯარიმებენ იმ ნაძირალას, მაშინ მიხვდება, რას ნიშნავს მაწანწალა ძაღლი და სხვა მისნაირი უპატრონოები. - დედას ვუტირებ!

− ელდირინ! - მიმართავს ზედამხედველი გოროდოვოის, - გაარკვიე, ვისია ეს ძაღლი და შეადგინე ოქმი! ძაღლი კი უნდა მოვსპოთ! დაუყოვნებლივ! ნამდვილად ცოფიანი იქნება... ვისია ძაღლი, გეკითხებით მე თქვენ?

− მგონი, გენერალ ჟიგალოვისაა. - გაისმა ხმა ბრბოდან.

− გენერალ ჟიგალოვის? ჰმ! - გამხადე პალტო, ელდირინ, თუ შეიძლება. უჰ, როგორ ჩამოცხა, ასე იცის გაწვიმების წინ... - ერთი რამ არ მესმის, მხოლოდ, როგორ შეეძლო ამ პატარა ძაღლს შენთვის ეკბინა, - მიუბრუნდა ხრიუკინს, - დავიჯერო, თითებამდე მოგწვდა? ნახე რა პატარაა, შენ კი ამოდენა ხარ! - ალბათ, თითში ლურსმანი შეგერჭო და მაშინ მოგივიდა აზრად, რომ გაგეცურებინეთ. შენ ხომ... ვიცით, ვიცნობთ შენისთანებს, არამზადავ!..

− ის, თქვენო კეთილშობილებავ, გახვეულ პაპიროსს ჩრიდა სიფათში და ხალხს აცინებდა... ძაღლმა თავი არ გაასულელებინა და თითი გაუგლიჯა... ახირებული კაცია, თქვენო კეთილშობილებავ!

− იტყუები, დაბრეცილო! არ გინახია და რატომ იტყუები? მისი კეთილშობილება ჭკვიანი კაცია და თვითონ მიხვდება, ვინ ტყუის და ვინ მართალია თავისი სინდისის წინაშეც და ღვთის წინაშეც. თუ ვიტყუებოდე, დაე ღმერთმა გამასამართლოს! იმის კანონებში წერია... ყველა ადამიანი თანასწორიაო... მე თვითონ ძმა მყავს ჟანდარმერიაში... თუ მაგაზეა...

− ბევრს ლაპარაკობ!

− არა, ეს გენერლის ძაღლი არ არის... - მრავალმნიშვნელოვნად აცხადებს გოროდოვოი, - გენერალს ასეთები არ ჰყავს. იმისი ძაღლების უმრავლესობამ ჩაწიხვლა იცის...

− ნამდვილად იცი?

− ნამდვილად, თქვენო კეთილშობილებავ...

− მე თვითონაც ვიცი. გენერალს სულ ძვირფასი, ჯიშიანი ძაღლები ჰყავს, ეს კი, ეშმაკმა უწყის, რა ჯიშისაა! არც ბეწვი აქვს, არც შესახედაობა... საზიზღრობაა პირდაპირ... ასეთ ძაღლს შეინახავს გენერალი? ეს არ უნდა გეფიქრათ? ასეთი ძაღლი მოსკოვში ან პეტერბურგში რომ მოხვდეს, იცით, რას უზამენ? კანონს ზედაც არ შეხედავდნენ, მაშინვე მოსპობდნენ! ხრიუკინ, შენ დაზარალებული ხარ და ასე არ დატოვო ეს საქმე... ჭკუა უნდა ასწავლო! დროა...

− რავიცი, შეიძლება გენერლისაც იყოს... - ხმამაღლა ფიქრობს გოროდოვოი, - სახეზე ხომ არ აწერია... ამასწინათ მის ეზოში ვნახე ასეთი ძაღლი...

− ცნობა მოვიდა, რომ გენერლისაა, - ისმის ხმა ბრბოდან.

− ჰმ!.. კაცურად, პალტო ჩამაცვი, ელდირინ, თითქოს დამიბერა... მაციებს... შენ ახლა ძაღლი გენერალთან წაიყვანე და იქ გაარკვიე. უთხარი, რომ მე ვიპოვე და გამოგატანე... და უთხარი, გარეთ არ გამოუშვან... იქნებ, მართლაც ძვირფასი ძაღლია და ყველა მოცლილმა რომ სიგარა ატაკოს ცხვირში, ცოდოა, გაფუჭდება. ძაღლი ხომ ფაქიზი ქმნილებაა... შენ კი, ბრიყვო, ხელი ჩამოუშვი! გაგიშვერია ეგ უბადრუკი თითი და ქვეყანა ზედ გიყურებს! შენ ყოფილხარ დამნაშავე!..

− აი, გენერლის მზარეული მოდის და იმას ვკითხოთ... ეი, შენ, პროხორ, მოდი აქ, გეთაყვა! ამ ძაღლს შეხედე, აბა... თქვენია?

− საიდან მოიტანეთ! ასეთი ძაღლი არასდროს გვყოლია!

− საკითხავიც აღარაფერია, - ამბობს ოჩუმელოვი, - მაწანწალა ძაღლი ყოფილა, მორჩა და გათავდა... რადგან ვამბობ, მაწანწალაა-მეთქი, ესე იგი, მაწანწალაა...მოვსპოთ, ეგ არის და ეგ!

− ეს ძაღლი ჩვენი არ არის, - აგრძელებს პროხორი, - გენერლის ძმისაა, ამ დღეებში გვესტუმრა. გენერალი არ ნადირობს, მწევარი საიდან გვეყოლება? მისი ძმა არის მონადირ...

− როგორ, გენერლის ძმა აქ არის? ვლადიმერ ივანიჩი? - ეკითხება ოჩუმელოვი და სახეს მოწიწების ღიმილი უცისკროვნებს. - ღმერთმანი! არც კი ვიცოდი! სტუმრად ჩამოვიდნენ?

− დიაღ, სტუმრად...

− ოჰ, ღმერთო ჩემო... უყურე შენ, ძმა მონატრებია... მე კი არ ვიცოდი! ეს მათი ძაღლია, არა? ძალიან მიხარია... წაუყვანე... არაუშავს ძაღლია... რა სწრაფი კი ყოფილა... თვალისდახამხამებაში ეცა თითზე და!.. ჰა-ჰა-ჰა!.. აბა, რა გაკანკალებს?...რას იღრინები... გაბრაზებულია ეს არამზადა, ეს ტაკიმასხარა...

პროხორი ძაღლს ეძახის და მასთან ერთად სცილდება შეშის საწყობს... ბრბო ხრიუკინს დასცინის. შენთვისაც მოვიცლი! - ემუქრება ოჩუმელოვი ოსტატს და, შინელში გახვეული, ბაზრის მოედანზე გზას აგრძელებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ