მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 961 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

− იცი, რაღაც შიშმა შემიპყრო, - მითხრა ცოლმა.

ზამთრის მთვარიანი ღამე იყო: გზად სამხრეთიდან პეტერბურგისაკენ მიმავლები ღამეს ვათევდით ხუტორში, ტამბოვის გუბერნიაში. გვეძინა მთელ სახლში ერთადერთ თბილ, საბავშვო ოთახში.

თვალი გავახილე და ცისფერი შუქით განათებულ ბინდში გავარჩიე ჩულით დაფარული იატაკი და თეთრი საწოლი. კვადრატულ სარკმელთან, რომელშიც თოვლით გადათეთრებული, განათებული ეზო მოჩანდა, ჭირხლით შევერცხლილი ჩალის სახურავის ღერები გამოშვერილიყო.

ისეთი სიჩუმე იყო, რგორც მინდორში იცის ზამთრის ღამეს.

− შენ გძინავს, - უკმაყოფილოდ თქვა ცოლმა. - მე კი წეღან გზად ჩამთვლიმა და ეხლა ვეღარ ვახერხებ.

ის ნახევრად იყო წამოწოლილი მოპირდაპირე კედელთან მდგარ დიდ, ძველებურ საწოლზე. როცა მასთან მივედი, მხირული ჩურჩულით განაგრძო:

− ხომ არ ბრაზობ, რომ გაგაღვიძე? მართლა შიშმა შემიპყრო თითქოს და თან როგორღაც კარგად ვგრძნობ თავს. ვიგრძენი, რომ ჩვენ სრულიად მარტონი ვართ აქ და რაღაც ბავშვური შიში დამეუფლა...

მან თავი ასწია და მიაყურადა.

− გესმის, რა სიჩუმეა? - ოდნავ გასაგონად მკითხა.

გონებაში თვალი გადავავლე ჩვენს ირგვლივ თოვლით დაფარულ მინდვრებს, - ყველგან რუსული ღამის მკვდარი სიჩუმე იყო, რომლის მიღმაც იდუმალად ახლოვდებოდა ახალი წელი... რამდენი ხანია, სოფელში არ გამითევია ღამე და რახანია ცოლთან წყნარად არ მისაუბრია!

რამდენჯერმე ვაკოცე თვალებში და თმებზე ისეთი ნაზი სიყვარულით, რომელიც მხოლოდ იშვიათ წუთებში გვეუფლება და მან მოულოდნელად შეყვარებული გოგოს მხურვალე კოცნით მიპასუხა. შემდეგ დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი თავის თბილ ლოყასთან.

− რა კარგია! – წარმოთქვა ამოოხვრით. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაამატა: - ჰო, შენ ერთადერთი ახლობელი ადამიანი ხარ ჩემთვის! შენ გრძნობ, რომ მიყვარხარ?

მე ხელი დავადე.

− როგორ მოხდა? - მკითხა და თვალები ფართოდ გაახილა. - უსიყვარულოდ გამოგყევი, ერთად არც თუ კარგად ვცხოვრობთ, შენ ამბობ, რომ ჩემს გამო გიმძიმს არსებობა... და მაინც, სულ უფრო ხშირად ვგრძნობთ, რომ ერთმანეთს ვჭირდებით. საიდან მოდის ეს და რატომ გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთს? ახალ წელს გილოცავ, კოსტია! - შეეცადა გაეღიმა და რამდენიმე თბილი ცრემლი დამეცა ხელზე.

თავი ბალიშზე დადო, ატირდა და, ალბათ, ეს სიამოვნებდა კიდეც, რადგან სახეს ხანდახან ასწევდა მაღლა, ცრემლიანი თვალებით იღიმებოდა და სათუთად კოცნიდა ჩემს ხელს. მე თმებზე ვეფერებოდი, რათა მიმეხვედრებინა, რომ ვაფასებდი მის ცრემლებს და მესმოდა.

გავიხსენე გასული ახალი წელი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, პეტერბურგში შევხვდით ჩემს თანამშრომლებთან ერთად. მინდოდა გამეხსენებინა უფრო ადრინდელიც - მაგრამ ვერ შევძელი, და კვლავ გავიფიქრე ის, რაც ხშირად მომსვლია აზრად:

წლები ერთმანეთს ერწყმიან უწესრიგო და ერთგვაროვან, უფერულ სამუშაო დღეების მწკრივად, გონებრივი და სულიერი შესაძლებლობები სუსტდება, და სულ უფრო განუხორციელებელი გეჩვენება იმედი იმაზე, რომ გქონდეს საკუთარი კუთხე, დასახლდე სადმე სოფელში ან სამხრეთში, ცოლ-შვილთან ერთად იფუსფუსო ვენახში, ზაფხულობით ზღვაზე ითევზაო...

გამახსენდა, თუ როგორი მოჩვენებითი თავაზიანობით ზრუნავდა ამ ერთი წლის წინ ჩემი ცოლი ყოველ მათგანზე, ვინც ჩემს მეგობრად ითვლებოდა და ახლა წელს ჩვენთან ხვდებოდა. როგორ უღიმოდა ზოგიერთ ახალგაზრდა სტუმარს და სთავაზობდა გამოუცნობ-მელანქოლიურ სადღეგრძელოებს, როგორი უცხო და აუტანელი იყო იგი ჩემთვის პეტერბურგის ვიწრო ბინაში...

− კარგი, ოლია, კმარა! - ვთქვი მე.

− მომეცი ცხვირსახოცი, - ჩუმად მიპასუხა მან და ბავშვურად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიოხრა - უკვე აღარ ვტირი.

მთვარის შუქი ვერცხლისფერ ზოლად ეცემოდა საწოლზე და რაღაც უცნაური, მკვეთრი სიფერმკრთალით ანათებდა. ყოველივე დანარჩენი წყვდიადში იყო და სინათლეზე ნელა იფანტებოდა ჩემი პაპიროსის კვამლი. იატაკზე დაგდებული ჩულიდან, თბილი, განათებული საწოლიდან - ყოველივედან ყრუ სოფლური ცხოვრება, მშობლიური სახლის სიმყუდროვე იღვრებოდა...

− გიხარია, აქ რომ შემოვედით? - ვკითხე მე.

− საოცრად, კოსტია, საოცრად მიხარია! - გულწრფელად მიპასუხა ცოლმა. - მე ვფიქრობდი ამაზე, როცა შენ ჩაგეძინა. ჩემი აზრით, - განაგრძო მან ღიმილით, - ჯვრისწერა ორჯერ არის საჭირო. სერიოზულად, რა ბედნიერებაა - შეგნებულად დადგე გვირგვინის ქვეშ ადამიანთან, რომელთანაც იცხოვრე, განიცადე! და აუცილებელია ცხოვრობდე სახლში, შენს კუთხეში, სადმე შორს ყველასგან... “დაიბადო, იცხოვრო და მოკვდე მშობლიურ სახლში” - როგორც მოპასანი ამბობს!

ის ჩაფიქრდა და კვლავ ბალიშზე დადო თავი.

− ეს სენტ-ბევმა თქვა, - შევუწორე მე.

− სულ ერთია, კოსტია. მე, შეიძლება, მართლაც სულელი ვარ, როგორც შენ ხშირად ამბობ, მაგრამ მაინც მარტო მე მიყვარხარ... გინდა, გავისეირნოთ?

− გავისეირნოთ? სად?

− ეზოში. მე ნაბდის ჩექმებს და შენს ქურქს ჩავიცმევ... განა შენ დაიძინებ ეხლა?

ნახევარ საათში ჩავიცვით და ღიმილით შევჩერდით კართან.

− ხომ არ მიბრაზდები? - მკითხა და ხელი დამადო.

ის ალერსიანად მიყურებდა თვალებში და მისი სახე იმწუთში არაჩვეულებრივად საყვარელი იყო, ძალზე ქალური ჩანდა ნაცრისფერ შალში, სოფლურად რომ შემოიხვია თავზე და რბილ ნაბდის ჩექმებში, თავის სიმაღლეზე დაბალს რომ აჩენდა.

ოთახიდან გამოვედით დერეფანში, სადაც სიბნელე და სიცივე იდგა, როგორც სარდაფში, და სიბნელეში შემოსასვლელამდე მივაღწიეთ. შემდეგ დარბაზში და სასტუმრო ოთახში შევიხედეთ...

დარბაზის კარების ჭრიალი მთელ სახლში გაისმა, ხოლო დიდი, ცარიელი ოთახის ბინდიდადნ ორი უშველებელი თვალივით გვიცქეროდა ბაღში გამავალი ორი დიდი ფანჯარა. მესამე დახურული იყო ნახევრად დამტვრეული დარაბებით.

− ჰეი! - დაიყვირა ჩემმა ცოლმა ზღურბლზე.

− არ გინდა, - ვუთხარი მე, - სჯობს შეხედო, რა კარგია იქ.

ის გაჩუმდა და ჩვენ გაუბედავად შევედით ოთახში. ფანჯრიდან მოჩანდა ძალზე მეჩხერი და დაბალი ბაღი, უფრო სწორედ, ბუჩქნარი, რომელიც ვრცელ, თოვლიან მინდორზე იშლებოდა. მისი ნახევარი ჩრდილში იყო.

სახლიდან მოშორებით, მეორე, განათებული ნაწილი მკაფიოდ ელვარებდა წყნარი ზამთრის ღამის ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. მოულოდნელად საიდანღაც შემომძვრალი კატა მსუბუქად გადმოხტა ფანჯრის რაფიდან და მოყვითალო-ოქროსფერი თვალების ელვარებით ფეხებთან გაგვიძვრა.

მე შევკრთი და ცოლმა შეშფოთებული ხმით წამჩურჩულა:

− მარტო რომ იყო, შეგეშინდებოდა? 

ერთმანეთს მჭიდროდ მიკრულები დარბაზის გავლით სასტუმრო ოთახში გავედით, საიდანაც აივანზე ორმაგად შემინული კარები გადიოდა. აქ ჯერ კიდევ იდგა უშველებელი ტახტი, რომელზეც მე მეძინა, როცა სტუდენტობისას სოფელში მივდიოდი.

მომეჩვენა, თითქოს გუშინ იყო ზაფხულის ის დღეები, როცა მთელი ოჯახი აივანზე ვსადილობდით... ახლა სასტუმრო ოთახში ნესტისა და ობის სუნი იდგა, მძიმე, გახევებული შპალერი ნაფლეთებად ეკიდა კედლებზე... ძალზე მტკივნეული იყო და აღარ მინდოდა მეფიქრა წარსულზე, განსაკუთრებით ეხლა, ამ მშვენიერ ზამთრის ღამეს.

სასტუმრო ოთახიდან მოჩანდა მთელი ბაღი და ვარსკვლავიანი ცის ქვეშ გაშლილი გადათეთრებული სივრცე - წმინდა, ფაქიზი თოვლის ყოველი ნამქერი, ყოველი ნაძვი თეთრ ფონზე.

იქ თხილამურების გარეშე ჩაეფლობი, - ვთქვი მე პასუხად ცოლის თხოვნაზე, გავსულიყავით ბაღის გავლით კალოზე. - ადრე, ხანდახან მთელი ღამე ვმჯდარვარ კალოზე, ნამჯის ზვინებზე... ახლა კურდღლები, ალბათ, აივნამდე მოდიან.

კუთხეში მივაგდე შპალერის დიდი ნაგლეჯი, კარებთან რომ ჩამოვგლიჯე, შემოსასვლელში დავბრუნდით და ძელური წინკარის გავლით სუსხიან ჰაერზე გავედით. მე პარმაღის საფეხურზე ჩამოვჯექი და პაპიროსს მოვუკიდე, ჩემი ცოლი კი, ნაბდის ჩექმებით ხრაშახრუშით რომ დადიოდა თოვლში, ნამქერის გროვასთან მივიდა და სახე მიაპყრო მილეულ მთვარეს, დაბლა რომ ეკიდა შავი ქოხის თავზე, სადაც ყარაულს და ჩვენს მეეტლეს ეძინათ.

− მთვარე, მთვარე, შენ ოქროს ნამგალი, მე ოქროს ხაზინა! - იძახდა და დიდ, გადათეთრებულ ეზოში პატარა გოგონასავით ტრიალებდა.

მისი ხმა ჰერში ზარივით გაიბნა და ამ მკვდარი მიდამოს სიჩუმეში უცნაურად ისმოდა. ნელ-ნელა მიუახლოვდა მეეტლის ჩარდახიან ეტლს, ქოხის წინ ჩრდილში შავად რომ მოჩანდა და გავიგონე, შესასვლელთან როგორ ბუტბუტებდა:

ტატიანა დიდ ეზოში

გამოვიდა გრძელი კაბით. 

მთვარეს უშვერს სარკეს ღამით,

დაბიდნულა ირგვლივ არე,

სარკეში ჩანს მხოლოდ მთვარე... 

აღარასოდეს ვიმარჩიელებ საბედოს გამოსაცნობად! - თქვა მან, როცა სუსხიანი ჰაერისაგან აწითლებული და აქოშინებული პარმაღთან დაბრუნდა და საფეხურებზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - ხომ არ ჩაგეძინა, კოსტია? შეიძლება შენს გვერდით ჩამოვჯდე, ჩემო ოქრო, ჩემო საყვარელო? 

პარმაღის ქვეშიდან გამოძვრა და კუდის ალერსიანი ქიცინით ნელა მოგვიახლოვდა დიდი წითური ძაღლი. ჩემმა ცოლმა ხელები შემოხვია განიერ ყელზე, ძაღლი კი ჭკვიანი, კითხვით სავსე თვალებით იცქირებოდა და, ალბათ, თვითონაც ვერ ამჩნევდა, ისევ ალერით აქნევდა კუდს.

მეც ხელი გადავუსვი მის ხშირ, ცივ და მბზინავ ბეწვს, ვუცქეროდი მთვარის ფერმკრთალ, ადამიანის მსგავს სახეს, გრძელ შავ ქოხს, თოვლით მოელვარე მინდორს და გულში თავს ვიმხნევებდი: 

“ნუთუ, მართლაც ყველაფერი დაკარგულია? ვინ იცის, რას მომიტანს ახალი წელი?”

− რა ხდება ახლა პეტერბურგში? - თქვა ცოლმა, თავი ასწია და მსუბუქად უბიძგა ზაღლს, - რაზე ფიქრობ, კოსტია? - მკითხა და ახლოს მოიტანა ყონვისაგან თითქოს გაახალგაზრდავებული სახე. - მე იმაზე ვფიქრობ, რომ მამაკაცები არასოდეს არ ხვდებიან ახალ წელს და მთელ რუსეთში ახლა ყველას უკვე დიდი ხანია სძინავს...

ლაპარაკი არ მინდოდა. უკვე საკმაოდ ციოდა, ყინვა ტანსაცმელში ატანდა. ჩვენგან მარჯვნივ მოჩანდა ვერცხლისფრად მოელვარე ჭიშკარი, მინდორი და ნაზი, შეჭირხლული ტოტებით მორთული შიშველი ტირიფი, რომელიც შორს მინდორში იდგა და ზღაპრულ ბროლის ხეს მოჰგავდა. დღისით იქ მკვდარი ძროხის ჩონჩხი შევამჩნიე, ახლა ძაღლი უცებ გაინაბა და ყურები დაცქვიტა: შორს, ტირიფის ქვეშ რაღაც პატარამ და ბნელმა გაირბინა, - შეიძლება, მელიამ, - და სიჩუმეში გვიან მიწყდა თოვლის ზედაპირის ოდნავ შესამჩნევი, იდუმალი ხრაშუნი.

ჩემი ცოლი ყურს უგდებდა, შემდეგ მკითხა:

− აქ რომ დვრჩეთ?

მე ჩავფიქრდი და ვუპასუხე:

− შენ არ მოგწყინდება?

და როგორც კი ეს ვთქვი, ორივემ ვიგრძენით, რომ აქ ერთ წელსაც კი ვერ გავძლებდით. მოშორდე ადამიანებს, არასოდეს არ ნახო არაფერი, გარდა ამ თოვლიანი მინდვრისა! დავუშვათ, მეურნეობას მივყო ხელი... მაგრამ, რა მეურნეობა უნდა მოეწყოს კარ-მიდამოს ამ საცოდავი ნარჩენებით, ამ ასეულ დესეტინა მიწაზე? ახლა ყველგან ასეთი კარ-მიდამოებია - ირგვლივ ასი ვერსტის მანძილზე არც ერთი სახლი არ არის, სადაც სიცოცხლე იგრძნობა! სოფლებში კი – შიმშილობაა...

იმ ღამეს ღრმად გვეძინა, დილით კი, ავდექით თუ არა, სამგზავროდ გავემზადეთ. როცა კედლის მიღმა მარხილის თავკავები აჭრიალდნენ და ფანჯარასთან, ნამქრის გროვის ფონზე, შეკაზმულმა ცხენებმა გაიარეს, ჩემმა ცოლმა, ნახევრად მძინარემ, ნაღვლიანად გაიღიმა. იგრძნობოდა, რომ ენანებოდა თბილი სოფლური ოთახის დატოვება...

“აი, ახალი წელიც! - ვფიქრობდი გზაში, როცა მოჭრიალე შეჭირხლული ეტლიდან მინდორს ვუცქეროდი. - როგორ ვიცხოვრებთ ამ ახალ სამასსამოცდახუთ დღეს?”

მაგრამ ზანზალაკების წვრილი წკრიალი აზრებს მირევდა, მომავალზე ფიქრი უსიამოვნო იყო. ეტლიდან უკვე ძლივს ვარჩევდი კარ-მიდამოს მიბინდულ, ნაცრისფერ პეიზაჟს, თანდათან რომ პატარავდებოდა სწორ, თოვლიან სტეპზე და ყინვიანი, ბურუსიანი დღის ბინდში იკარგებოდა.

მეეტლე ფეხზე იდგა, ხმამაღლა უყვიროდა დათრთვილულ ცხენებს და ეტყობოდა, სრულიად გულგრილი იყო ახალი წლის, ცარიელი მინდვრის, თავისი და ჩვენი კარ-მიდამოს მიმართაც. მძიმე არმიაკისა და ნახევარქურქის ქვეშ ძლივს მოძებნა ჯიბე, ამოაძვრინა ჩიბუხი და მალე ზამთრის ჰაერი აივსო ჰაეროვანი წეკოს სურნელით.

ის ისეთი მშობლიური, სასიამოვნო იყო, რომ შემძრა და გამიღვიძა სასიამოვნო მოგონებები ხუტორზე, დროებით შერიგებაზე ჩემს ცოლთან, რომელსაც დიდი წამწამები დაეხუჭა და კუთხეში თვლემდა. მაგრამ მივხვდი, რომ მსურდა მალე მიმევიწყებინა ყოველივე წვრილმან ფაციფუცში და მიჩვეულ ყოფაში, და ხელოვნური მხიარულებით შევძახე:

გარეკე, სტეპან, გარეკე! ვაგვიანებთ!

შორს კი უკვე გამოჩნდნენ ტელეგრაფის ბოძების მიბინდული სილუეტები, ჩამწკრივებულები რომ გამორბოდნენ ჩვენსკენ, ხოლო ზანზალაკების წკარუნი ხმას უწყობდა ჩემს ფიქრებს უთავბოლო და უაზრო ცხოვრებაზე, რომელიც წინ მომელოდა.


მთარგმნელი: ვასილ გულეური

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ