მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1012 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვიცი, ბრალს მდებენ ქედმაღლობაში, კაცთმოძულეობაში და სიგიჟეშიც კი. ასეთი ბრალდებები (რომელთა გამოც თავის დროზე შურს ვიძიებ) სასაცილოა.

მართალია, სახლიდან არასდროს გავდივარ, მაგრამ ისიც მართალია, რომ აქ კარები (რომელთა რაოდენობაც უსასრულოა) დღედაღამ ღიაა როგორც ადამიანებისათვის, ასევე ცხოველებისთვისაც.

ყველას შეუძლია შემოსვლა. აქ არც ქალური ფუფუნებაა და არც სასახლეების ბრწყინვალებანი, მაგრამ სიწყნარე და სიმარტოვეა.

ამასთანავე, მომსვლელი, ნახავს სახლს, რომლის მსგავსიც დედამიწაზე მეორე არ არის. (არსებობს ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ ეგვიპტეშია რაღაც მსგავსი, მაგრამ ეს სიცრუეა.)

ჩემი ცილისმწამლებებიც აღიარებენ, რომ სახლში ავეჯი საერთოდ არაა. კიდევ ერთი სასაცილო ტყუილის მტკიცებით, მე, ასტერიონი, ტყვე ვარ.

გავიმეორო, რომ ყველა კარი ღიაა? ისიც დავამატო, რომ საკეტები არც ერთზე არ აყენია? გარდა ამისა, ერთ ნაშუადღევს ქუჩაში გავედი და თუკი დაღამებამდე დავბრუნდი, ეს იმიტომ, რომ რიგითი ადამიანების ხელისგულივით უფერულმა და უემოციო სახეებმა შემაშინა.

მზე უკვე ჩასულიყო, მაგრამ ბავშვის უმწეო ტირილმა და ბრბოს გახელებულმა მუდარამ მიმახვედრა, რომ მიცნეს.

ხალხი ლოცულობდა, გარბოდა, პირქვე ემხობოდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტაძრის სტილობატზე აცოცდა, სხვები ქვებს აგროვებდნენ.

ერთ-ერთმა, მახსოვს, ზღვის ქვეშ იპოვა სამალავი. ტყუილაუბრალოდ კი არ ყოფილა დედაჩემი დედოფალი, ჩემს თავმდაბლობას რომც სურდეს, მოსახლეობაში მაინც ვერ გავერევი.

საქმე იმაშია, რომ უნიკალური ვარ. არ მაინტერესებს, რა შეუძლია გაანდოს ერთმა ადამიანმა მეორეს; როგორც ფილოსოფოსები, მეც ვფიქრობ, რომ წერილი არაკომუნიკაბელურია.

აბეზარი და ტრივიალური წვრილმანები არ იზიდავს ჩემს სულს, რომელიც რაღაც დიდებულისთვისაა შექმნილი.

არასდროს შემძლებია ერთი ასოს მეორესგან გარჩევა. რაღაც კეთილშობილი მოუთმენლობის წყალობით კითხვა არ ვიცი. ხანდახან ამაზე ვდარდობ, რადგან დღე-ღამეები ძალზედ გრძელია.

რაღა თქმა უნდა, სახლში საკმაოდ მაქვს თავშესაქცევები. შეტევისთვის მომზადებული ვერძივით, ქვის გალერეაში მანამ დავრბივარ, სანამ დავბრუდასხმული იატაკზე არ ვეცემი.

ხანდახან წყალსატევის ჩრდილში ან დერეფნის მოსახვევში ვიმალები და წარმოვიდგენ, რომ მომდევენ.

არის სახურავებიც, რომლებიდანაც მანამ დავხტუნავ, სანამ არ გავსისხლიანდები.

ყოველთვის შემიძლია ვითვალთმაქცო, რომ მძინავს, თვალდახუჭული ვიწვე და მძიმედ ვისუნთქო. (ხანდახან მართლაც მეძინება, ხანდახან კი, როცა თვალებს ვახელ, დღეს უკვე სხვა ფერი აქვს.)

მაგრამ ყველაზე დიდი თავშესაქცევი მაინც სხვა ასტერიონთან შეხვედრაა.

წარმოვიდგენ ხოლმე, თითქოს ჩემთან სტუმრად მოდის, მე სახლს ვათვალიერებინებ და დიდი მოწიწებით ვეუბნები:

„ახლა კი წინა გზაჯვარედინს ვუბრუნდებით“, ან „ახლა სხვა ეზოში გამოვალთ“, ან „ხომ გითხარი, წყალსადინარი მოგეწონება-მეთქი“, ან „ახლა ქვიშით სავსე ცისტერნას ნახავ“, ან „მალე იხილავ, რამდენი მიმართულებით იშლება სარდაფი.“

ხანდახან შეცდომას ვუშვებ და ორივე გულიანად ვიცინით.

მხოლოდ ასეთი თავშესაქცევები არ მომიგონია, სახლზეც ხშირად ვფიქრობ. აქ ყველაფერი ბევრია და ყველა ადგილი სხვა ადგილია.

აქ არაა ერთი გუბე, ერთი ეზო, ერთი სარწყულებელი, ერთი საკვებური. არამედ საკვებურიც, სარწყულებელიც, ეზოებიც და გუბეებიც უსასრულო რაოდენობისაა.

სახლი სამყაროს ზომისაა. ან, უფრო სწორედ, თვითონვეა სამყარო. მაგრამ მაინც დამღალა ამ ეზოებმა, წყალსატევრებმა, მტვრით დაფარულმა ქვის გალერეებმა და ქუჩაში გავედი, ტაძარი და ზღვა დავინახე.

ეს რა იყო, არ ვიცოდი, თუმცა ღამით მქონდა ხილვა და მივხვდი, რომ ტაძრებიც და ზღვებიც უსასრულო რაოდენობისაა, მაგრამ სამყაროში ორი რამაა უნიკალური: მაღლა, გაუგებარი მზე, დაბლა კი - ასტერიონი.

იქნებ საერთოდ მე შევქმენი ვარსკვლავები, მზე და ეს უზარმაზარი სახლი, მაგრამ ამის შესახებ აღარ მახსოვს.

ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ სახლში ცხრა კაცი შემოდის, რათა ისინი ბოროტებისგან დავიხსნა. გალერეების სიღრმეში მათი ხმა ან ნაბიჯები მესმის და მხიარულად გავრბივარ შესაგებებლად.

ცერემონია რამდენიმე წუთს გრძელდება. ისინი ერთიმეორეს მიყოლებით ეცემიან, მე კი ხელებიც არ მისისხლიანდება. სადაც ეცემიან, იქვე რჩებიან, და მათი სხეულები ერთი გალერეის მეორესგან გარჩევას ამარტივებს.

არ ვიცი, ვინები არიან, მაგრამ მახსოვს, ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის ჟამს იწინასწარმეტყველა, ოდესმე შენი განმათავისუფლებელიც მოვაო.

მას შემდეგ თავს ისე მარტოსულად აღარ ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ სადღაც ჩემი განმათავისუფლებელი ცხოვრობს და ერთხელაც ქვის გალერეების მტვერში გამოჩნდება.

ჩემს ყურს რომ სამყაროში ყველა ხმის მოსმენა შეეძლოს, მისი ნაბიჯების ხმაც უნდა გავიგონო.

იმედი მაქვს, ისეთ ადგილას წამიყვანს, სადაც ნაკლები გალერეები და კარებია.

როგორი იქნება ჩემი განმათავისუფლებელი? - ვეკითხები საკუთარ თავს. ხარი თუ ადამიანი? იქნებ ადამიანის სახიანი ხარი იყოს? თუ მე მემგვანება?

დილის მზე ბრინჯაოს ხმალზე აირეკლა. ამჯერად მასზე სისხლის ნიშანწყალიც აღარ ჩანდა.

- დაიჯერებ, არიადნე? - თქვა თეზევსმა (თესევსმა) - მინოტავრს თავის დაცვა თითქმის არც კი უცდია.


მთარგმნელი: ბექა არაბული

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ