მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1937 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ძილის დრო ახლოვდებოდა. დილით უკვე მიწა უნდა გამოჩენილიყო. ექიმმა მაკფეილმა ჩიბუხს მოუკიდა, გემბანის მოაჯირს დაეყრდნო და ცაში  სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედს დაუწყო ძებნა.

მაკფეილს ორი წელი ფრონტზე გაეტარებინა, იქ დაჭრილიყო კიდეც, ჭრილობა აქამდეც ძნელად იკრავდა პირს. ახლა მას ამის გაფიქრებაც კი სიამეს ჰგვრიდა, რომ აპიაში, ამ მყუდრო ადგილას, ერთ წელს მაინც დავისვენებო.

თვით მოგზაურობაც საგრძნობლად მოუხდა. მეორე დღეს მგზავრების ნაწილი პაგო-პაგოში ჩადიოდა, ამიტომ იმ  საღამოს ვითომ გამოსათხოვარი ცეკვები მოაწყვეს.

ექიმ მაკფეილს ჯერ ისევ ჩაქუჩივით უკაკუნებდა ყურებში მექანიკური პიანინოს მჭახე ხმა. გვიან  საღამოს, როგორც იქნა, გემზე  სიწყნარე ჩამოვარდა. იქვე ახლოს, გრძელ  შეზლონგზე, მან თვალი მოჰკრა თავის ცოლს, რომელიც დევიდსონებს ესაუბრებოდა.

ექიმი მაკფეილი მათკენ გაემართა, ლამპიონის ქვეშ დაჯდა და ქუდი მოიხადა. მას ძალზე წითური თმა ჰქონდა, კეფა გამელოტებოდა, სახის კანი კი  საერთოდ წითური ადამიანებისათვის დამახასიათებელი ჭორფლით დაწინწკვლოდა.

იგი ორმოც წელს მიღწეული ხმელ-ხმელი, მოგრძოსახიანი, აკურატული და ოდნავ პედანტი მამაკაცი იყო. ლაპარაკობდა  შოტლანდიური აქცენტით, ყოველთვის დინჯად და  ხმადაბლა.

მაკფეილებსა და მისიონერ ცოლ-ქმარ დევიდსონებს  შორის ის თავისებური მეგობრობა დამყარდა, რომელიც მგზავრობაში ყოველდღიური სიახლოვით წარმოიმნება ხოლმე. მათი ურთიერთობის მთავარი მიზეზი კი იმ მგზავრთა ძაგება გახლდათ, რომელნიც თამბაქოს მოსაწევ ოთახში პოკერის თუ ბრიჯის თამაშსა და გაუტავებელ სმაში ათენებდნენ და აღამებდნენ.

მისის მაკფეილს ოდნავ ეამაყებოდა კიდეც, რომ დევიდსონები თავს არ არიდებდნენ. ექიმი მაკფეილიც, საერთოდ მორიდებული და ჭკუადამჯდარი ადამიანი, ერთგვარად ნასიამოვნები იყო ამით. მაგრამ რაკი საერთოდ კამათი უყვარდა, იმ  საღამოს კაიუტაში დაბრუნებისას ცოლს წაებუზღუნა. - მისის დევიდსონმა მითხრა, არ ვიცი როგორ ავიტანდით ამ მოგზაურობას, თქვენ რომ არ ყოფილიყავითო, - დაიწყო მისის მაკფეილმა და ჩვეული, მარჯვე მოძრაობით ჩამოივარცხნა თმა.

- აქ სხვას თავს ვერ გაუყადრებსო ადამიანი. - მე მგონი , მისიონერი არც ისე დიდი ვინმეა, როგორც ეგენი იბღინძებიან. - რა შუაშია გაბღენძვა. შესანიშნავად მესმის მათი. დევიდსონებს არ შეჰფერით თამბაქოს მოსაწევი სალონის ცოცხით მოხვეტილ საზოგადოებაში გარევა. - მათი რელიგიის ფუძემდებელი ასეთი წუნია არ ყოფილა, - ჩაიცინა ექიმმა.

- მე რამდენჯერ გთხოვე, ალეკ, რელიგიაზე ნუ  ხუმრობ-მეთქი, - შენიშნა ცოლმა. - მადლობა ღმერთს, ხასიათით არ გგავარ. ადამიანებში კარგ მხარეს  შენ ვერასოდეს ამჩნევ.

მაკფეილმა ღია ცისფერი თვალებით ცერად გახედა ცოლს, მაგრამ პასუხი არ გაუცია. ცოლ-ქმრული ცხოვრების მრავალმა წელმა დიდი ხანია დაარწმუნა, რომ ოჯახური  სიმშვიდის  შესანარჩუნებლად ბოლო სიტყვა ყოვლთვის ცოლს უნდა დარჩენოდა.

მან უფრო ადრე გაიხადა, ზედა  საწოლზე ავიდა და ძილის წინ  საკითხავად მოეწყო. დილით ექიმი გემბანზე რომ გამოვიდა, კუნძული უკვე  სულ ახლოს მოჩანდა. იგი  ხარბად მიაჩერდა ნაპირს. სანაპიროს ვიწრო ვერცხლისფერ ზოლს მიღმა მწვერვალებამდე მწვანით შემოსილი ციცაბო მთები აღმართულიყო. ზურმუხტისფერი ქოქოსის პალმების  ხშირი ტყე თითქმის ზღვის პირამდე ჩამოდიოდა.

პალმებს  შორის  სამოელთა მოწნული ქოხები მოჩანდა. თეთრად ქათქათებდნენ აქა-იქ გაბნეული პატარა ეკლესიები.

გემბანზე მისის დევიდსონი გამოვიდა და ექიმის გვერდით გაჩერდა. შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ყელზე ოქროს ძეწკვით პატარა ჯვარი ეკიდა. ეს გახლდათ გულდასმით თმადავარცხნილი, გახუნებული წაბლისფერთმიანი და გადმოკარკლულ ცისფერ თვალებზე პენსნეაფარებული ტანმორჩილი ქალი. ცხვარივით ჩამოგრძელებული  სახე უბრალო იერს არ  სძენდა. პირიქით, მის გამომეტყველებაში ფხიანობა და ენერგიულობა იგრძნობოდა. ცქვიტი მოძრაობით რომელიღაცა ფრინველს წააგავდა.

ყველაზე უცნაური კი მაინც  ხმა ჰქონდა - წვრილი, ყურთასმენის წამღები და ყოველგვარ ინტონაციას მოკლებული, პნევმატური ბურღის ზუზუნის ულმობელი ერთფეროვნებით რომ ესობოდა ყურის აპკს და ნერვებს აღიზიანებდა.

- თქვენ ალბათ უკვე  შინა გრძნობთ თავს, - უთხრა ექიმმა მაკფეილმა მისთვის ჩვეული უფერული, თითქოს წამებულის ღიმილით.

- ჩვენი მარჯნის კუნძულები აქაურობას არა ჰგავს. იქ უფრო ვაკეა, ეს კუნძულები კი ვულკანური წარმოშობისაა. ათ დღეს კიდევ მოგვიწევს მოგზაურობა სანამ  სახლში მივალთ.

- ეგ მანძილი აქ იგივეა, რაც ჩვენს  სამშობლოში  შემდეგი კვარტალი, - უნიათოდ იხუმრა ექიმმა.

- გააზვიადეთ, რაღა თქმა უნდა, მაგრამ  სამხრეთ ზღვებში მანძილი ნამდვილად  სხვანაირად ჩანს. ამ მხრივ  სავსებით მართალი ბრძანდებით.

ექიმმა მაკფეილმა ძლივს გასაგონად ამოიოხრა.

- მადლობა ღმერთს, ამ კუნძულებზე არ არის ჩვენი მისია, - განაგრძო მისის დევიდსონმა. - ამბობენ აქ მუშაობა  შეუძლებელიაო, ბევრი გემი  შემოდის ეს კი რყვნის მკვიდრ მოსახლეობას.

გარდა ამისა, აქ  სამხედრო  ხომალდებიც დგანან, რაც თავის მხრივ, ცუდ გავლენას ახდენს  ხალხზე. ჩვენს მხარეში ასეთი გასაჭირი არ გვადგას. იქაც ცხოვრობს ორი-სამი მედუქნე, მაგრამ ერთთავად თვალს ვადევნებთ, რომ წესიერად მოიქცნენ. არა და ისეთ დღეს დავაყრით, რომ  სულ კისრისტეხით უნდა გარბოდნენ... ცხრა მთას იქით!

მან პენსნე გაისწორა და ულმობელი მზერა მიაპყრო მწვანე კუნძულს.

- აქაური მისიონერების მოღვაწეობა  სულ ფუჭია. მადლობა უფალს, ასეთი რამ თავიდან აგვაცილა. დევიდსონის  სამისიონერო მრევლი  სამოას ჩრდილოეთით მდებარე პატარა კუნძულებზე იყო გაფანტული.

კუნძულები  საკმაოდ დიდი მანძილით იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებული და მისიონერებს  ხშირად უხდებოდათ  შორეული მგზავრობა კანოეთი. ამ დროს, მეუღლე რჩებოდა მისიის მმართველად. ექიმ მაკფეილს იმის წარმოდგენაზეც კი გააჟრჟოლა, თუ რა დაუშრეტელი ენერგიით  შეასრულებდა ალბათ მისის დევიდსონი თავის მოვალეობას. ადგილობრივ მკვიდრთა ზნედაცემულობაზე დათაფლული გულისწყრომით, ხმისდაუწევლად ლაპარაკობდა. თავაზიანობა-კეთილსინდისიერებაზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა.

მან თითქმის გაცნობისთანავე უთხრა ექიმს: - წარმოიდგინეთ, კუნძულზე რომ ჩავედით, იმდენად  სამარცხვინო და  შემაძრწუნებელი  საქორწინო ადათები ჰქონდათ, რომ ვერ აგიწერთ. მე მისის მაკფეილს მოვუყვები და ის გადმოგცემთ. შემდეგ მთელი ორი  საათი  ხედავდა, მისი ცოლი და მისის დევიდსონი ახლოს მიჩოჩებულ  შეზლონგებში რა გაცხოველებით ბაასობდნენ რაღაცაზე.

მუხლის გასაშლელად რომ ჩაუვლიდა მათ, მაკფეილის ყურს  შორეული მთის მდინარის  ხმაურივით ჩაესმოდა მისის დევიდსონის აღტკინებული ჩურჩული. გაოცებისგან ოდნავ პირდაღებულ და თვალებგაფართოებულ მისის მაკფეილს ეტყობოდა რაღაც  შემაძრწუნებელი ამბავი უდიდეს  სიამოვნებას ჰგვრიდა. საღამოს, როდესაც კაიუტაში დაბრუნდნენ, მისის მაკფეილმა  სხაპასხუპით ჩაუკაკლა ყველაფერი, რაც მოესმინა. - აბა, რას გეუბნებოდით გუშინ ? - გამარჯვებულის იერით  შესძახა მისის დევიდსონმა მეორე დილით. - გსმენიათ ოდესმე ამაზე წარმოუდგენელი ამბავი ? ახლა ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, რომ ეს მე თვითონ ვერ გიამბეთ, თუმცა ექიმი ბრძანდებით. მას  სურდა დარწმუნებულიყო, რომ  სასურველ ეფექტს მიაღწია. - აღარც ის გაგაოცებთ, თავდაპირველად რაზე გაგვიტყდა ყველაფერზე გული. ალბთ არც დაიჯერებთ, რომ  სოფლებში ერთ წესიერ გოგოსაც ვერ იპოვნიდით. მისის დევიდსონმა  სიტყვა " წესიერი " მკცრი ტექნიკური მნიშვნელობით იხმარა. - მე და მისტერ დევიდსონმა ავწონ-დავწონეთ ყველაფერი და გადავწყვიტეთ, უპირველეს ყოვლისა ცეკვები აგვეკრძალა. ესენი  ხომ ცეკვისათვის პირდაპირ გიჟდებიან.

- ჩემს ყმაწვილკაცობაში არც მე ვამბობდი მაგაზე უარს, - ჩაურთო ექიმმა მაკფეილმა. - მეც  სწორედ ეგ გავიფიქრე გუშინ  საღამოს, როდესაც მისის მაკფეილი ვალსზე მიიწვიეთ. არა მგონია რამე დაშავდეს, რომ კაცმა ცოლთან იცეკვოს, მაგრამ მაინც მესიამოვნა, როდესაც მისის მაკფეილმა უარი გითხრათ.

ჩემი აზრით, შექმნილ ვიტარებაში ჯობია განცალკევებით ვიყოთ. - როგორ ვითარებაში ? მისისდევიდსონმა  სწრაფად  შეავლო თვალი ექიმს პენსნედან, მაგრამ არაფერი უპასუხა. - ასეა თუ ისე, თეთრკანიანებს ეს  სხვანაირად გვესმის, - განაგრძო მან, - თუმცა ისიც უნდა დავძინო, რომ  სრულიად ვეთანხმები მისტერ დევიდსონს, რომელსაც იმ მამაკაცის ვერა გაუგია რა, ვისაც წყნარად დგომა და  სხვის მკლავებში მოქცეული თავისი ცოლის ცქერა  შეუძლია. პირადად მე, რაც გავთხოვდი, მას  შემდეგ აღარ მიცეკვია, მაგრამ აქაური ცეკვები  სულ  სხვა რამ გსხლავთ, ეს მხოლოდ ვულგარობა არ არის, მას ზნედაცემულობამდე მიჰყავს ადამიანი. ღვთის წყალობით, როგორც იქნა, ამას ბოლო მოვუღეთ. აგერ უკვე მერვე წელია, რაც ჩვენს მხარეში კაციშვილს არ უცეკვია. მოსაუბრეებს ჩქარა მისის მაკფეილიც  შეუერთდა. გემი მისადგომის  შეასვლელს მიუახლოვდა, ცერად  შემოუხვია და მძიმედ  შევიდა ნავსაყუდელში. ეს იყო ვეებერთელა, თითქმის ჩაკეტილი უბე, რომელშიც თავისუფლად დაეტეოდა მთელი ფლოტი. იქვე ყურეს  შემოსასვლელში, ბაღში ჩაფლული გუბერნატორის  სახლი მოჩანდა. ფლაგშტოკზე უსიცოცხლოდ ეკიდა ამერიკული დროშა.

გემმა გვერდით ჩაუარა ორ-სამ კოპწია ბუნგალოს, ტენისის კორტს და  საწყობებით ჩახერგილ ნავსადგურს მიადგა. მისის დევიდსონმა დაანახა მაკფეილებს ორას-სამასი იარდით დაშორებული ორანძიანი ნავი, რომლითაც მათ აპიაში მოუწევდატ გამგზავრება. სანაპიროზე გულკეთილ ადგილობრივ მკვიდრთა მხიარული ბრბო დაფუსფუსებდა. მთელი კუნძულიდან ყველას აქ მოეყარა თავი. ზოგი უბრალოდ ცნობისმოყვარეობისათვის მოსულიყო, ზოგიც  სიდნეისაკენ მიმავალ მგზავრებისათვის რაიმეს მისაყიდად. მათ თან მოეტანათ ანანასები, ბანანის უზარმაზარი კონები, ტაპა, ნიჟარებისა და ზვიგენის კბილების მძივები, კავას ფიალები და  სამხედრო კანოეს მოდელები. კოხტად გამოწყობილი, ახლად წვერგაპარსული და მხიარული ამერიკელი მეზღვაურები მათ  შორის დაყიალობდნენ. აქვე იყო ნავსადგურის ოფიციალურ წარმომადგენელთა მცირე ჯგუფიც. სანამ ბარგს გადატვირთავდნენ, მაკფეილები და მისის დევიდსონი ბრბოს ათვალიერებდნენ. ექიმი მაკფეილი ბავშვებსა და ახალგაზრდებს კანის  სნეულებით დაავადებულ  სხეულზე აკვირდებოდა. მთელ ტანზე მოდებული უფორმო მუწუკები უკვე მოძველებულ წყლულებს წააგავდა. მაკფეილს პროფესიული ინტერესით 

გაუბრწყინდა თვალები, როდესაც პირველად დაინახა  სპილოს დაავადებით  შეპყრობილი ადამიანები. ისინი ძლივს მიათრევდნენ ვეებერთელა, უფორმო  ხელებსა და ფეხებს. ქალსა თუ კაცს, ყველას ლავა-ლავა ეცვა. ( თეძოებზე  შემოკრული ქსოვილი ). - ძალიან უხამსი ტანისამოსია, - თქვა მისის დევიდსონმა, - მისტერ დევიდსონის აზრით, ეს კანონით უნდა აიკრძალოს, რა მორალი უნდა მოსთხოვო  ხალხს, რომელსაც წითელი ჭინჭის მეტი არაფერი აკრავს თეძოებზე ? - აქაური ჰაერისათვის  სწორედ ზედგამოჭრილი  სამოსია, - ჩაურთო ექიმმა და  შუბლზე ოფლი მოიწმინდა. სისხამი დილა იყო, მაგრამ  ხმელეთზე უკვე პაპანაქება იდგა. ყოველი მხრიდან მთებით  შემოსაზღვრული პაგო-პაგო  სიცხის ბუღში იხრჩობოდა. - ჩვენს კუნძულებზე, - განაგრძობდა მისის დევიდსონი გამკივანავი  ხმით, - პრაქტიკულად მოვსპეთ ლავა-ლავა. რამდენიმე მოხუციღა თუ ატარებს.

ახლა ქალებს გრძელი, ფართო კაბები აცვიათ, კაცებს კი  შარვლ-ხალათი. ჩვენი მუშაობის დასაწყისში მისტერ დევიდსონი ერთ-ერთ ანგარიშში წერდა: " ამ კუნძულთა მკვიდრნი მხოლოდ მაშინ განიმსჭვალებიან ჭეშმარიტი ქრისთიანული  სულით, როდესაც ათ წელს გადაცილებულ ბიჭებს აიძულებენ  შარვლის ჩაცმას." მისის დევიდსონმა ფრინველივით ცქვიტად მიატრიალა თავი და ახედა ყურეს  შემოსასვლელიდან აშლილ მძიმე, ტყვიისფერ ღრუბლებს. წამოწინწკლა. - ჯობს  სადმე  შევაფაროთ თავი, - თქვა მან. ხალხს მიჰყვნენ და ღარული თუნუქით გადახურულ, დიდ ფარდულს  შეეფარნენ. კოკისპირულად დაუშვა. ერთ  ხანს იქ იდგნენ. შემდეგ მისტერ დევიდსონიც მათ  შეუერთდა. მართალია იგი თავაზიანად ეპყრობოდა მაკფეილებს, მაგრამ ცოლის გულითადობას არ იზიარებდა და უმეტეს დროს კითხვაში ატარებდა. ეს იყო ჩუმი, უკარება ადამიანი, რომელიც  სხვის მიმართ ყურადღებას მხოლოდ ქრისტიანული მოვალეობის გამო იჩენდა. მისიონერი გულჩათხრობილი კაცი ჩანდა. მისი გარეგნობა  საოცარ  შთაბეჭდილებას ახდენდა: მაღალი, გამხდარი, გრძელი, თითქოს მოდუნებული  ხელ-ფეხი, ჩაცვენილი ყბები და ამოშვერილი ყვრიმალები. ასეთი გამხდარი ადამიანისათვის უჩვეულოდ  სქელი, მგრძნობიარე ტუჩები უცნაურად გამოერჩეოდა  სახეზე. იგი გრძელ თმას ატარებდა. ღრმად ჩასმული დიდი, შავი თვალებიდან რაღაც ტრაგიზმი გამოსჭვიოდა. მსხვილი, მოგრძო თითებიანი ლამაზი  ხელები რაღაც ძალუმ იერს  სძენდა, მაგრამ ყველაზე  საოცრად მასში იგრძნობოდა დაუოკებელი, მიჩქმალული ცეცხლი, რომელიც ღრმა  შთაბეჭდილებასა და გამოუცნობ წუხილს იწვევდა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელთანაც თითქმის  შეუძლებელია მეგობრობა.

მან უსიამოვნო ამბავი მოიტანა: კუნძულზე წითელა მძვინვარებდა. ამ  სახადით კანაკები ძალიან მძიმედ ავადდებოდნენ და  ხშირად იხოცებოდნენ კიდეც. ახლა ეს დაავადება იმ ორანძიანი გემის მეზღვაურებს  შორისაც გაჩენილიყო, რომლითაც მათ გზა უნდა განეგრძოთ. დაავადებული მეზღვაურები ჰოსპიტალის  საკარანტინო განყოფილებაში გადაეყვანათ, მაგრამ აპიიდან ტელეგრაფით იტყობინებოდნენ, ნავს არ მივიღებთ, თუ არ გამოირკვა, რომ ავადმყოფობა  სხვა მეზღვაურებსაც არ გადაედოო. - ეს იმას ნიშნავს, რომ აქ  სულ ცოტა, ათ დღეს მაინც ვიყურყუტებთ. - აუცილებლად უნდა ჩავიდე აპიაში, იქ გამოძახებული ვარ. - თქვა ექიმმა მაკფეილმა. - ვერაფერს იზამთ, თუ ნავზე არავინ დაავადდა, მაშინ მას თეთრკანიანი მგზავრების წაყვანის ნებას დართავენ. ადგილობრივ მცხოვრებთ ყოველგვარი ნაოსნობა  სამი თვით აეკრძალებათ.

-  სასტუმრო თუ არის აქ ? - იკითხა მისის მაკფეილმა.

- არა, - ჩაიქირქილა დევიდსონმა.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ ? - გუბერნატორს ველაპარაკე. ზღვისპირა  შარაგზაზე ვიღაც მედუქნე ცხოვრობს, რომელიც ოთახებს აქირავებსო. წვიმა გადაიღებს თუ არა, წავიდეთ და ვნახოთ. კომფორტს ნუ ელით. იმაზედაც მადლობა თქვით, თავშესაფარი და  საწოლები თუ ვიშოვეთ.

წვიმა კი გადაღებას არ აპირებდა. ბოლოს  საწვიმრები მოისხეს, ქოლგები გაშალეს და გზას გაუდგნენ. დაბაში  სულ რამოდენიმე დაწესებულება, ორიოდე დუქანი და ქოქოსის პალმებში  შეყუჟული ადგილობრივ მკვიდრთა ქოხები იდგა. იმ მედუქნის  სახლს ნავსადგურიდან  ხუთი წუთის  სავალზე მიაგნეს. დიდვერანდიანი, ორსართულიანი, სტანდარტული  შენობა ღარული თუნუქის  სახურავით იყო გადახურული.

სახლის მფლობელი მეტისი გამოდგა, გვარად ჰორნი, ცოლად იქაური ქალი ჰყავდა, რომელსაც ერთთავად  შავტუხა ბავშვები ეხვია გარშემო. ჰორნი ქვედა  სართულზე გახსნილ დუქანში კონსერვითა და ჩითით ვაჩრობდა. ახლადმოსულებს ბინები აჩვენა, ოთახებში თითქმის არ იყო ავეჯი. მაკფეილებისათვის მისაქირავებელ ოთახში მხოლოდ კოღოს  საწინააღმდეგო დახეული ბადით დაფარული, ძველი, მოფამფალებული  საწოლი, ფეხებდაგრეხილი  სკამი და პირსაბანი იდგა. ცოლ-ქმარი უმწეოდ იხედებოდა აქეთ-იქით. წვიმა კოკისპირულად ასხამდა.

- მე მხოლოდ  საჭირო ნივთებს ამოვიღებ, ყველაფერს არ ამოვქექავ. - თქვა მისის მაკფეილმა.

ჩემოდანი გახსნა. ოთახში მკვირცხლი ნაბიჯით მისის დევიდსონი  შემოვიდა. იგი ენერგიით აღსავსე ჩანდა. ეტყობოდა, ამ უბადრუკ მოწყობილობას მასზე არვითარი გავლენა არ მოეხდინა. - მე თქვენ გირჩევთ, ახლავე აიღოთ ნემსი და კოღოების ბადე დაკემსოთ, - თქვა მან, - თორემ ამაღამ თვალს ვერ მოხუჭავთ.

- ბევრია აქ კოღო ? - იკითხა ექიმმა მაკფეილმა.

- ახლაა  სწორედ მომრავლებული. აპიის გუბერნატორი  საღამოზე რომ მიგიწვევთ, იქ ნახავთ, რომ ქალებს გადასაფარებლებს ურიგებენ... ქვედა კიდურების დასაფარად.

- ნეტავი ერთი წუთით მაინც გადაეღო წვიმას ! - თქვა მისის მაკფეილმა, - მზიან ამინდში უფრო  ხალისით დავალაგებდი აქაურობას.

- მაგის იმედი ნუ გაქვთ, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. წყნარ ოკეანეში პაგო-პაგო ყველაზე წვიმიანი ადგილია. ეს ყურე და მთები  სინესტეს იზიდავს. ამას გარდა, ახლა წვიმების  სეზონია. მან ჯერ მაკფეილს  შეხედა, შემდეგ მის ცოლს, რომელნიც ლტოლვილებივით იდგნენ ოთახის  სხვადასხვა კუთხეში, და ტუჩები მოკუმა. მისის დევიდსონი გრძნობდა, რომ ესენიც მისი  საზრუნავნი გახდებოდნენ. ასეთი უმწეო ადამიანები აღიზიანებდა და ერთი  სული ჰქონდა, სანამ  საქმეს მოკიდებდა  ხელს.

- ჩვენც ასე მოვიქეცით: მომეცით ნემსი და ძაფი. ვიდრე თქვენ ჩემოდანს გახსნით, მე ბადეს დაგიკერებთ. სადილი პირველ  საათზე იქნება. თქვენ კი, ალბათ აჯობებდა ნავსადგურში წაბრძანებულიყავით და დანარჩენი ბარგისათვის მიგეხედათ. მოგეხსენებათ აქაურთა ამბავი, -  სწორედ იქ დაალაგებენ, სადაც ყველაზე მეტად უშხაპუნებს წვიმა. ექიმმა ისევ ჩაიცვა  საწვიმარი და კიბეზე დაეშვა. კარში ჩამდგარი მისტერ ჰორნი ელაპარაკებოდა გემის ბოცმანს და მეორე კლასის მგზავრ ქალს, რომელიც ექიმ მაკფეილს რამოდენიმეჯერ ჰყავდა  შემჩნეული მგზავრობის დროს. დაბალმა, სახედაღარულმა და  საოცრად წვირიანმა ბოცმანმა ექიმს თავი დაუკრა.

- ცუდადაა  საქმე ამ წითელას გამო, არა, ექიმო ? - გამოესაუბრა ბოცმანი, - გეტყობათ, თქვენ უკვე მოწყობილხართ. ექიმმა  შენიშნა, რომ ბოცმანი ძალიან ფამილარული ტონით ელაპარაკებოდა, მაგრამ  ხათრიანი კაცი იყო და ადვილად ვინმეს განაწყენება არ  შეეძლო.

- დიახ, მეორე  სართულზე ოთახი დავიქირავეთ. - მისს ტომპსონი თქვენთან ერთად მოემგზავრება აპიაში, იმიტომ მოვიყვანე აქ.

ბოცმანმა ცერით ანიშნა გვერდით მდგომზე. იგი ასე ოცდაშვიდი წლის მოსული, ტანადი, ოდნავ ტლანქი, მაგრამ თავისებურად მოხდენილი ქალი იყო. თეთრი კაბა ეცვა, თავზე თეთრივე, დიდი  შლაპა ეხურა, თეთრი, მაღალყელიანი ბამბის წინდები მაგრად  შემოტმასნოდა წვივებზე, რომლის  სქელი კუნთები თითქოს გადმოკიდებულიყო თეთრსავე ლაიკის ჩექმების ყელზე. ქალმა  სანდომიანად გაუღიმა ექიმ მაკფეილს. - ამ ყმაწვილს დღეში დოლარნახევარის აძრობა  სურს, რაღაც ერთ ციცქნა ოთახში, - თქვა მან ჩახლეჩილი  ხმით. - მოიხედე, ჯო, ხომ გეუბნები, ეს ჩემი კარგი ნაცნობია-მეთქი, - მიუბრუნდა ბოცმანი ჰორნს, - დღეში დოლარზე მეტს ვერ გადაიხდის. წესით არც  შენ უნდა ითხოვდე მეტს. სქელი მედუქნე თავაზიანად იღიმებოდა. - რაკი ასეა, მისტერ  სვონ, ვნახოთ, მოველაპარაკები მისის ჰორნს და თუ გადავწყვეტთ, რომ დაკლება  შეიძლება, დავაკლებთ.

- ჩემთან ეგ არ გაგივა, - თქვა მისს ტომპსონმა, - ახლავე მოვრიგდეთ. მოკლედ, ამ  ხუხულაში დღეში ერთ დოლარს გაძლევ და მორჩა, მეტს გახვრეტილ გროშსაც ნუ ელი. ექიმ მაკფეილს გაეღიმა. მას მოსწონდა ქალის უტიფარი ვაჭრობა. თვითონ იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ყოველთვის იმდენს იხდიან, რამდენსაც  სთხოვენ. მას ერჩია ზედმეტი გადაეხადა, ოღონდ არ ევაჭრა. ჰორნმა ამოიხვნეშა. - ასე იყოს, მისტერ  სვონის  ხათრით… - აი, ეს უკვე  სხვა  საქმეა, - თქვა მისის ტომპსონმა. - აბა, შემოდით, დავასველოთ. აიღეთ ჩემი ჩემოდანი მისტერ  სვონ, მანდ კარგი ვისკი მაქვს. თქვენც  შემოდით, ექიმო. - მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ არ  შემიძლია, ნავსადგურში მივდივარ, ბარგს უნდა მივხედო. - უპასუხა მაკფეილმა და თავსხმაში გავიდა. ყურეს კოკისპირული წვიმის ირიბი ზოლები  სერავდა. გაღმა ნაპირი თითქმის არ ჩანდა. ექიმი რამოდენიმე ადგილობრივ მკვიდრს  შეხვდა. მათ ლავა-ლავა ეცვათ და ვეებერთელა ქოლგები ეჭირათ. წელგამართული, დინჯი ნაბიჯით და ტანის ლამაზი რხევით მიუყვებოდნენ გზას. გვერდზე ჩავლისას ექიმს უღიმოდნენ და გაუგებარ ენაზე ესალმებოდნენ. მაკფეილი მხოლოდ  სადილობისას დაბრუნდა. მაგიდა მედუქნის ოთახში გაეშალათ. ეს ოთახი  სასტუმროს მაგივრობასაც ასრულებდა, ოღონდ აქ მხოლოდ დღესასწაულების დროს  სადილობდნენ  ხოლმე, ამიტომ იყო რომ ყველაფერს მოძველებული და მელანქოლიური იერი გადაჰკრავდა. კედლების გასწვრივ ნაყშიანი 

სუროს  სკამები ჩაემწკრივებინათ, ხოლო ჭერზე ბუზებისაგან დასაცავად პაპიროსის ჩაყვითლებულ ქაღალდში გახვეული მოოქროვილი ჭაღი ეკიდა. დევიდსონი არსად ჩანდა. - გუბერნატორთან წავიდა, - თქვა მისის დევიდსონმა, - და ალბათ  სადილადაც მიიპატიჟეს. პატარა მსახურმა გოგონამ ბიფშტექსებით  სავსე ლანგარი  შემოიტანა. მალე ოთახში  სახლის პატრონიც  შემოვიდა იმის გასაგებად, სტუმრები კმაყოფილები არიან თუ არაო. - მე მგონი ახალი მეზობელი გაგვიჩნდა, მისტერ ჰორნ ? - ჰკიტხა ექიმმა მაკფეილმა. - ოთახი იქირავა მხოლოდ, - უპასუხა ვაჭარმა, - ისე რომ ჩვენთან არ ისადილებს. მან პირმოთნე ღიმილით  შეხედა ქალებს. - ქვედა  სართულში მოვათავსე, თქვენთვის  ხელი რომ არ  შეეშალა. თქვენ ის არ  შეგაწუხებთ. - ჩვენი გემით ჩამოვიდა ? - იკითხა მისის მაკფეილმა. - დიახ, მემ. მეორე კლასით, აპიაში მიემგზავრება, იქ მოლარის ადგილი უშოვია. - ჰოო !.. მედუქნე გავიდა. - მარტოხელა კაცი ჭამაშიც ბრალიაო, -  შენიშნა მისტერ მაკფეილმა, - მოსწყინდება მარტოობა. - რაკი მეორე კლასით მგზავრობს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მას  სავსებით აკმაყოფილებს. - უთხრა მისის დევიდსონმა, - მგონი, სადღაც მინახავს, მაგრამ ვერ გამიხსენებია -  სად. - მე წეღან ვნახე, ბოცმანს მოიეყვანა, გვარად ტომპსონია. - ის  ხომ არ არის, წუხელ მაგ ბოცმანთან რომ ცეკვავდა ? - იკითხა მისის დევიდსონმა. - ნამდვილად ის უნდა იყოს, - მიუგო მისის მაკფეილმა, - მაშინვე ვიფიქრე ვინ არის-მეთქი. მეტად მოურიდებელი მეჩვენა. - ვერაფერი  შვილია. - დაეთანხმა მისის დევიდსონი. საუბარი  სხვა თემაზე გადავიდა. სადილის  შემდეგ დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ, რადგან დილით ადრე იყვნენ ამდგარნი. როდესაც გაეღვიძათ, ცას ისევ 

ნაცრისფერი ღრუბლებით ჰქონდა პირი  შეკრული, მაგრამ წვიმას გადაეღო. ამერიკელების მიერ ყორის გასწვრივ გაყვანილ გზატკეცილზე გასეირნება გადაწყვიტეს. უკან დაბრუნებისას დევიდსონი  შინ დახვდათ, ერთი ფეხით მიესწრო მათთვის. - ალბათ აქ ორიოდე კვირა დავრჩებით, - უკმაყოფილოდ თქვა მან, - მე კი ვთხოვე, მაგრამ გუბერნატორმა უარი მტკიცა. ვერაფერს მოგიხერხებთო. - მისტერ დევიდსონს ერთი  სული აქვს  სამუშაოს დაუბრუნდეს. -  შენიშნა მისმა ცოლმა და  შეწუხებული  სახით გადახედა ქმარს. - მთელი წელია იქ არ ვყოფილვარ, - კვერი დაუკრა ქმარმა და ვერანდაზე ბოლთის ცემა განაგრძო, - მისია ადგილობრივ მისიონერთა ამარაა მიტოვებული. ვაითუ, ყველაფერი აურ-დაურიონ. წესიერი  ხალხია, ვერ ვუსაყვედურებ: ღვთის მოშიშარნი, რწმენით გამსჭვალულნი, მათი თავდადება ბევრს, ე. წ. ქრისტიანს  შეარცხვენდა ჩვენს  სამშობლოში, ოღონდ მეტედ უქნარები არიან. ერთხელ  შეუძლიათ გამოიჩინონ  სიმტკიცე, ორჯერ, მაგრამ მუდმივად ვერ  შეინარჩუნებენ. მისიის მიტოვება- ადგილობრივი მკვიდრი მისიონერების ამარა, მაინც არ  შეიძლება. რა  სანდოც არ უნდა იყოს იგი, ადრე თუ გვიან, ამას ბოროტად გამოიყენებს. მისტერ დევიდსონი  შეჩერდა. მისი მაღალი, ხმელ-ხმელი ტანი, ფერმკრთალი  სახე და ვეებერთელა, ანთებული თვალები, მეტად  შთამაგონებლად გამოიყურებოდნენ. მის დამაჯერიბელ მიმოხვრაში და მჟღერ, დაბალ  ხმაში უღრმესი გულწრფელობა იგრძნობოდა. - ვიცი, რომ დიდი  სამუშაო მომელის და დაუყოვნებლივ  შევუდგები კიდეც  საქმეს. დამპალი  ხე უნდა მოიჭრას და დაიწვას, მოსაკვეთი უნდა მოიკვეთოს ! საღამოს, როცა ვახშმის  შემდეგ, ჩაის  შეექცეოდნენ და ქალები  საქსოვით, ექიმი კი ჩიბუხით  ხელში ზიზილ-პიპილა  სასტუმრო ოთახში  შეიკრიბნენ, მისტერ დევიდსონმა მათ კუნძულებზე თავისი მოღვაწეობის ამბავი მოუთხრო. - პირველად რომ ჩავედით, იქაურებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ცოდვებზე, - ყვებოდა მისიონერი. - წამდაუწუმ არღვევდნენ მცნებებს და აზრადაც არ მოსდიოდათ, ამით როგორ  სცოდავდნენ. ჩემთვის ყველაფერზე ძნელი ის იყო, შთამეგონებინა მათთვის ცოდვის რაობა. მაკფეილებმა იცოდნენ, რომ დევიდსონს მთელი  ხუთი წელი  სოლომონის კუნძულებზე გაეტარებინა, სანამ თავის მომავალ ცოლს გაიცნობდა. მისის დევიდსონი ჩინეთში მისიონერობდა, ერთმანეთს კი ბოსტონში  შეხვედროდნენ, სადაც მისიონერთა ყრილობაზე ჩასულიყვნენ მივლინებით. ქორწინების  შემდეგ ცოლ-ქმარი იმ კუნძულებზე გაემწესებინათ და აქამდე იქ იღწვოდნენ.

მისტერ დევიდსონთან საუბრის დროს, ექიმსა და მის ცოლს ყოველთვის ანცვიფრებდათ ამ ადამიანის  სიმტკიცე და ვაჟკაცობა. დევიდსონი ექიმი მისიონერი იყო და მისი დახმარება  შეიძლება ვინმეს ყოველ წუთს დასჭირვებოდა კუნძულებზე. წვიმების  სეზონის დროს ველბოტითაც  სახიფათო იყო აბობოქრებულ ოკეანეში გასვლა, მას კი  ხშირად კანოეს უგზავნიდნენ  ხოლმე და მაშინ  საფრთხეც მატულობდა. არასოდეს  შეყოყმანდებოდა, თუ ავადმყოფთან, ან რაიმე უბედური  შემთხვევის გამო ეძახდნენ. მრავალი ღამე გაუთენებია ნავიდან წყლის ამოხაპვაში, რათა არ დაღუპულიყო, მისის დევიდსონს ბევრჯერ დაუკარგავს ქმრის დაბრუნების იმედი.

- ზოგჯერ ვემუდარები კიდეც, - თქვა მისის დევიდსონმა, - არ წახვიდე ან თუნდაც  შეიცადე, სანამ ზღვა ცოტათი მაინც დაწყნარდებოდეს-მეთქი, მაგრამ ყურს არ მიგდებს. ისეთი ჯიუტია, რომ თუ ერთი რამ გადაწყვიტა, ვეღარაფერი  შეაჩერებს. - როგორ გნებავთ  შთავუნერგო აქაურებს ღვთაების იმედი, თუ მე თვითონ  შევშინდები და დავეჭვდები ? - წამოიძახა დევიდსონმა. - მე არ მეშინია, არა! გაჭირვების ჟამს რომ მიხმობენ, მათ იციან, რომ მე მივალ, თუკი ეს  საერთოდ  შესაძლებელია. ნუთუ გგონიათ, რომ ღმერთი მიმატოვებს მაშინ, როდესაც მის ნება- სურვილს ვასრულებ ? ქარი მისი  სურვილისამებრ ქრის და მშფოთვარე ტალღებიც მისი ნებით დგებიან ყალყზე! ექიმი მაკფეილი ცოტა არ იყოს მშიშარა კაცი გახლდათ. ფრონტზე ვერაფრით მიეჩვია  სანგრების თავზე ზარბაზნების ჭურვების ზუზუნს. მოწინავე  ხაზზე დაჭრილებს ოპერაცის რომ უკეთებდა, მთელ ნებისყოფას ძაბავდა, რომ აკანკალებული  ხელები დაემორჩილებინა. დაჭიმულობისაგან წურწურით ჩამოსდიოდა  შუბლიდან ოფლი და  სათვალეს უბურავდა. მან რიდით  შეხედა მისიონერს. - მე კი ვერ დავიკვეხნიდი, არასოდეს  შემშინებია-მეთქი.

- აი, მასევე რომ გეღიარებინათ, ღმერთი მწამსო, არ აქნებოდა ურიგო, - თქვა დევიდსონმა. იმ  საღამოს მისიონერების ფიქრი რატომღაც წამდაუწუმ უბრუნდებოდა მათ მიერ კუნძულზე გატარებულ პირველ დღეებს. - მე და მისის დევიდსონი  ხშირად  შევცქეროდით ერთმანეთს და ღაწვებზე ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლი. მთელი დღე და ღამე გვიმუშავია  შეუსვენებლად, მაგრამ, რა, შეაყარე კედელს ცერცვი - ჩვენი ჯაფა თითქოს არავითარ ნაყოფს არ იძლეოდა. მისის დევიდსონი რომ არ მყოლოდა გვერდით, არ ვიცი, რას ვიზამდი, იმედი რომ გადამიწყდებოდა და  სასოწარკვეთილებამდე მივიდოდი, ეს მამხნევებდა და ვაჟკაცობას მინარჩუნებდა.

მისის დევიდსონმა  საქსოვზე დახარა თვალები, გამხდარი ლოყები ოდნავ  შეეფაკლა, ხელები აუკანკალდა, მოზღვავებული გრძნობისაგან  ხმის ამოღება ვერ მოახერხა. - მშველელი არავინ ჩანდა. მარტონი ვიყავით წყვდიადში. ათასობით მილი გვაშორებდა ჩვენს  ხალხს. როდესაც  სულ მოვტყდებოდი და უიმედობა  შემიპყრობდა, მეუღლე ჩემი გადადებდა  ხოლმე თავის  სამუშაოს, აიღებდა ბიბლიას და მიკითხავდა: და მშვიდობა მოეფინებოდა ჩემს  სულს ისევე, როგორც ძილი ამშვიდებს ბავშვს. ბოლოს წმინდა წიგნს დახურავდა და მეტყოდა:" ჩვენ ვიხსნით მათ, მიუხედავად მათი  სურვილისა." მაშინ ვგრძნობდი, რომ ღმერთი ისევ ჩვენთან იყო და მივუგებდი:" დიახ, ღვთის  შეწევნით, მე ვიხსნი მათ, მე უნდა ვიხსნა ისინი." მისიონერი მიუახლოვდა მაგიდას და ისე გაჩერდა მის წინ, თითქოს  სადავითნესთან დგასო. -  საქმე ისაა, რომ უხამსობა იმდენად ბუნებრივად მიაჩნდათ, შეუძლებელი იყო აგვეხსნა, რა ბოროტებასაც  სჩადიოდნენ. ჩვენ უნდა გვესწავლებინა, რომ მათი ბუნებრივი  საქციელი - ცოდვაა. დღედაღამ ვუჩიჩინებდით, რომ მხოლოდ მრუშობა, ქურდობა და  სიცრუე კი არა, საკუთარი  სხეულის გაშიშვლება და ცეკვაც კი ცოდვაა. ცოდვაა ისიც, რომ ეკლესიაში არ დაიარებიან. მე  შთავაგონე მათ, რომ ქალიშვილთათვის ცოდვაა  შიშველი მკერდის გამოჩენა, ხოლო კაცისათვის-უშარვლოდ  სიარული. - ეგ როგორღა მოახერხეთ? - გაუკვირდა ექიმ მაკფეილს. - ჯარიმები დავაწესე. თავისთავად ცხადია, დასჯა ერთადერთი  საშუალებაა, რითაც  შეიძლება აიძულო ადამიანი  შეიგნოს ამა თუ იმ  საქციელით ჩადენილი ცოდვა. მე ვაჯარიმებდი მათ, თუ ეკლესიაში არ ივლიდნენ, თუ ცეკვავდნენ ან უხამსი ტანსაცმელი ეცვათ. მე დავადგინე ნიხრი და ყოველ ჩადენილ ცოდვაზე ჯარიმას ფულით ან  შრომით ვახდევინებდი და ბოლოს ვაიძულე, შეეგნოთ ყველაფერი. - გადახდაზე არასოდეს უთქვამთ უარი? - როგორ გაბედავდნენ? - იკითხა მისიონერმა.

- დიდი გულადი ვინმე უნდა იყოს, რომ ეგ გაუბედოს მისტერ დევიდსონს, - წარმოსთქვა მისმა ცოლმა და ტუჩები მოკუმა. ექიმმა მაკფეილმა ფარული ძრწოლით  შეხედა დევიდსონს, მისმა ნაამბობმა გული და გონება აუმღვრია, მაგრამ  საძრახისი  სიტყვების  ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა. - არ დაივიწყოთ, რომ  სასჯელის უკანასკნელ ზომად  საეკლესიო თემიდან გაძევება  შემოვიღე.

- მერე მაგას რა მნიშვნელობა ჰქონდა?

დევიდსონმა გაიღიმა და  ხელები მოიფშვნიტა: - რა და კოპრას ვერ გაჰყიდდნენ, არც  საერთო დანაჭერ თევზში ექნებოდათ წილი. საბოლოოდ კი ეს  შიმშილით  სიკვდილს ნიშნავდა. დიახ, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. - მოუყევი ექიმს ფრედ ოლსონის ამბავი, -  შეახსენა მისის დევიდსონმა. მისიონერმა ანთებული თვალები მიაპყრო ექიმ მაკფეილს.

- ფრედ ოლსონი ერთი დანიელი მედუქნე იყო, ჩვენს კუნძულებზე კარგა დიდხანს ცხოვრობდა. მედუქნის კვალობაზე  საკმაოდ  შეძლებული გახლდათ. ჩვენი ჩასვლა მაინცდამაინც არ ეპიტნავა. მანამდე რაც უნდოდა იმას აკეთებდა. იქაურებს კოპრაში იმდენს უხდიდა, რამდენიც ენება, თანაც  საქონლით ან ვისკით. ცოლად ადგილობრივი მკვიდრი ჰყავდა, მას აშკარად ღალატობდა. ლოთობდა კიდეც. გამოსწორების  საშუალება მივეცი, მაგრამ ეს აინუნშიაც არ ჩააგდო. აბუჩად ამიგდო. ბოლო  სიტყვები დევიდსონმა მეტედ დაბალი, ბოხი  ხმით წარმოსთქვა და ორიოდე წუთით დადუმდა. ჩამოვარდნილი  სიჩუმე რაღაც მუქარით გაივსო. - ორ წელიწადში გაკოტრდა. დაკარგა ყველაფერი, რაც ოცდახუთი წელი ეგროვებინა. მე მოვტეხე იგი, ბოლოს იძულებული გახდა მათხოვარივით მოსულიყო ჩემთან და  სიდნეიში გასამგზავრებელი ფული ეთხოვა. - ნატავი ერთი გენახათ, მისტერ დევიდსონთან რომ მოვიდა. - თქვა მისიონერის ცოლმა. - ადრე ჯანსაღი, მხნე, კარგად ჩასუქებული და ღონიერი ვაჟკაცი იყო. ახლა კი ჩხირივით ჩამომხმარიყო და  სულ ცახცახებდა. ერთბაშად მობერებულიყო. დევიდსონმა  სარკმლის მიღმა წყვდიადს გაუშტერა თვალი, კოკისპირულად წვიმდა ისევ. ქვევიდან რაღაც  ხმები მოისმა. დევიდსონი  შემოტრიალდა და კითხვის თვალით  შეხედა ცოლს. გრამაფონი მაღალი და ჩახლეჩილი  ხმით გაჰკიოდა რაღაც დარდიმანდულ მოტივს. - ეს რა არის ? - იკითხა მისიონერმა. მისის დევიდსონმა პენსნე  შეისწორა ცხვირზე. - ვიღაც მეორე კლასის მგზავრმა ქალმა ოთახი დაიქირავა. ალბათ იქიდან ისმის. გაჩუმდნენ და ყური მიუგდეს. ჩქარა ფეხის ფლატუნის  ხმა მოესმათ. - ქვევით ცეკვავდნენ. შემდეგ მუსიკა  შეწყდა. ახლა მათ ყურამდე მხიარულმა  შეძახილებმა და ბოთლიდან  საცობის ამოვარდნის  ხმამ მოაღწია.

- გემზე გაცნობილებს თუ მოუწყო გამოსათხოვარი  საღამო, - თქვა ექიმმა მაკფეილმა, - გემი მგონი თორმეტზე გადის, არა? დევიდსონმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ  საათს დახედა.

- მზად  ხარ? - ჰკითხა ცოლს.

- დიახ, - უპასუხა მისის დევიდსონმა, ადგა და  საქსოვი გადაახვია.

- ჯერ ადრე არ არის ძილი ? -  შენიშნა ექიმმა.

- ჩვენ ახლა წავიკითხავთ, - აუხსნა მისის დევიდონმა, -  სადაც არ უნდა ვიყოთ, ძილის წინ ყოველთვის ვკითხულობთ  ხოლმე ბიბლიიდან ერთ თავს. ეს  შესანიშნავად ავითარებს გონებას. ღამე მშვიდობისა უსურვეს ერთმანეთს და დევიდსონები წავიდნენ.

ექიმი და მისის მაკფეილი მარტო დარჩნენ. რამოდენიმე  ხანს  სდუმდნენ. - წავალ და ბანქოს მოვიტან, - თქვა ბოლოს ექიმმა. მისის მაკფეილმა ეჭვის თვალით გადახედა. დევიდსონებთან  საუბარმა უსიამოვნო გრძნობა დაუტოვა, მაგრამ ვერ გაებედნა ქმრისთვის ეთქვა, არ ღირს ბანქოს ჩავუჯდეთ, მისიონერებს ყოველ წუთს  შეუძლიათ დაბრუნდნენო. ექიმმა ბანქო მოიტანა. მისის მაკფეილი დამნაშავესავით უყურებდა, როგორ  შლიდა მისი ქმარი პასიანსს. ქვევიდან ისევ ისმოდა მხიარულების  ხმა. მეორე დღეს ოდნავ გამოიდარა. პაგო-პაგოში ორი კვირით უქმად ყოფნისათვის განწირული მაკფეილები დაბინავებას  შეუდგნენ. ნავსადგურში ჩავიდნენ რათა ჩემოდნებიდან წიგნები ამოეღოთ. ექიმმა ფლოტის ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ინახულა და  საავადმყოფოში  შემოვლაზე გაჰყვა. მერე გუბერნატორს  სადარბაზო ბარათები დაუტოვეს. გზაზე მისს ტომპსონი  შემოხვდათ. ექიმმა ქუდი მოუხადა. მისს ტომპსონიც მხიარულად და  ხმამაღლა მიესალმა: " დილა მშვიდობისა ექიმო!." მას ახალი თეთრი კაბა ეცვა. მაღალქუსლიანი თეთრი ლაკის ჩექმების ყელთან ამობურცული, სქელი წვივები რაღაც ვერ ეხამებოდა ეგზოტიკურ გარემოს. - მართალი გითხრა, არა მგონია, ტანისამოსი ძლიერ უხდებოდეს, -  შენიშნა მისის მაკფეილმა, - ეს ქალი ძალიან ვულგარულად მეჩვენება. შინ რომ დაბრუნდნენ, მისს ტომპსონი უკვე მედუქნის  შავტუხა ბიჭუნას ეთამაშებოდა ვერანდაზე. - გაეცი  ხმა, - წასჩურჩულა ექიმმა ცოლს, -  სულ მარტოა და უხერხულია ყურადღებას რომ არ ვაქცევთ. მისის მაკფეილი მოკრძალებული, ქმრის  სურვილს დამყოლი ქალი იყო.

- თუ არ ვცდები, მეზობლები უნდა ვიყოთ, - დაიწყო მან  საკმაოდ უხერხულად. - პირდაპირ  საშინელებაა ასეთ ორმოში გაჩხირვა, არა ? - უპასუხა მისს ტომპსონმა. - თან მარწმუნებენ, ბედმა გაგიღიმა, ეს ოთახი რომ იშოვეო. აქაურების ქოხში ვერ ვიცხოვრებდი. ჩვენი მგზავრებიდან ზოგიერთებს მეტი რა ჩარა ჰქონდათ ? ვერ გამიგია, რატომ არა აქვთ  სასტუმრო. კიდევ რაღაც უთხრეს ერთმანეთს. ენად გაკრეფილი მისს ტომპსონი ჭორაობის გუნებაზე დადგა, მაგრამ მისის მაკფეილმა ჩქარა ამოწურა ზოგადი ფრაზების არც თუ ისე მდიდარი მარაგი და დასძინა: - ვგონებ, დროა, შინ წავიდეთ…  საღამოს მისიონერები და მაკფეილები ვახშამზე  შეიკრიბნენ. - იმ ქალს, ქვევით რომ ცხოვრობს, ორი მეზღვაური უზის. ნეტავი როდის მოასწრო მათი გაცნობა, -  შემოსვლისას თქვა დევიდსონმა. ასეთი ფუჭი, უაზრო დღის  შემდეგ ყველანი მოღლილად გრძნობდნენ თავს. - ორი კვირა თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გაგვაძლებინებს, - თქვა ექიმმა მაკფეილმა. - აუცილებელია დღე რაიმე  საქმით  შეავსოთ, - უპასუხა მისიონერმა, - მკაცრი რეჟიმი უნდა  შემოვიღოთ. მე გამოგიყოფთ გარკვეულ  საათებს კითხვისათვის, გარკვეულ  საათებს  სეირნობისათვის, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, წვიმების  სეზონში ამას ყურადღება არ ექცევა, და გარკვეულ  საათებს გართობისათვის. ექიმმა მაკფეილმა  შიშით  შეხედა თანამოსაუბრეს. დევიდსონის გეგმები გულზე  შემოაწვა. ისინი ისევ ბიფშტექსებს  შეექცეოდნენ. ეტყობოდა მზარეულმა  სხვა კერძის გაკეთება არ იცოდა. ქვევით ისევ გაისმა გრამაფონის  ხმა. დევიდსონი თითქოს  შეკრთა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაისმა მამაკაცების  სიმღერაც. მისს ტომპსონის  სტუმრები ნაცნობ მელოდიას აჰყვნენ, ჩქარა მათ ტომპსონის მაღალი, ხრინწნარევი  ხმაც  შეუერთდა. გახშირდა მხიარული  შეძახილები და  სიცილი. ზევით ოთხივე ცდილობდა  საუბრის გაგრძელებას, მაგრამ უნებურად უგდებდნენ ყურს ჭიქების წკრიალს და  სკამების გაჩოჩების  ხმას. ეტყობოდა  სტუმრები მომრავლდნენ. მისს ტომპსონს წვეულება ჰქონდა. - ნეტავი როგორ ეტევიან? - მოულოდნელად იკითხა მისის მაკფეილმა, რითაც  საუბარი გააწყვეტინა მისისონერსა და თავის ქმარს, რომლებიც მედიცინის რაღაც  საკითხზე მსჯელობდნენ. ამ  სიტყვებით გასცა, რაზეც ფიქრობდა. დევიდსონმა  შუბლი  შეიჭმუხნა. მართალია ის ახლა მეცნიერებაზე  საუბრობდა, მაგრამ ამ კითხვამ მასაც გაუელვა თავში. უცებ გააწყვეტინა  სიტყვა ექიმს, რომელიც  საკმაოდ 

უხალისოდ ჰყვებოდა ფლანდრიის ფრონტზე თავს გადახდენილ ამბებს და  ხმამაღალი წამოძახილით ფეხზე წამოხტა. - რა მოხდა ალფრედ ? - ჰკითხა მისის დევიდსონმა. - რასაკვირველია! როგორ ვერ მივხვდი მაშინვე ? ეს ქალი იუელეიდან არის. -  შეუძლებელია! - გემზე ჰონოლულუში ამოვიდა. ყველაფერი  სარკესავით ნათელია, ახლა კი აქ აგრძელებს თავის  ხელობას, აქ!… უკანასკნელი  სიტყვები ცხარე გულისწყრომით წამოიძახა. - რა არის იუელეი ? - იკითხა მისის მაკფეილმა. წარბშეკრულმა დევიდსონმა შეხედა მას და ზიზღისაგან აკანკალებული  ხმით მიუგო: - ჰონოლულუს ჩირქოვანი წყლული. წითელი ფარნების კვარტალი. ჩვენი ცივილიზაციის  სამარცხვინო ლაქა. იუელეი ქალაქის განაპირას მდებარეობდა. ნავსადგურის ბნელი, პატარა ქუჩები მოფამფალებული  ხიდით გადიოდა ოღროჩოღრო, ღრანტეებიან გზაზე, გზის ორივე მხარეს მოჩანდა მანქანების  სადგომები, თამბაქოს პატარა  სავაჭროები და  სადალაქოები, სინათლეზე ბრჭყვიალებდნენ ოქროსფრად მოვარაყებული კაფეები, ჟღრიალებდნენ პიანოლები. ყველგან იგრძნობოდა აღტყინებული მხიარულება და დაჭიმული მოლოდინი. გზა  შუაზე ყოფდა იუელეის. ვიწრო ქუჩები კვარტალის  შუაგულისაკენ მიემართებოდა, სადაც ფართო და  სწორი  სასეირნო ქუჩების გასწვრივ ფაქიზად  შეღებილი მწვანე, პატარა  სახლები ჩამწკრივებულიყო. კვარტალი აგარაკივით იყო მოწყობილი. ეს რესპექტაბელური  სიმეტრია, სისუფთავე და კოპწიაობა  საზიზღარ დაცინვას ჰგავდა, რადგან  სიყვარულის ძიება არასოდეს ყოფილა ასე მოწესრიგებული. მიუხედავად აქა-იქ მბჟუტავი ფარნებისა, გზები  სიბნელით იქნებოდა მოცული, მწვანე  სახლების ღია  სარკმლებიდან რომ არ გადმოღვრილიყო  შუქი. გზებზე მამაკაცები მიმოდიოდნენ, ათვალიერებდნენ  სარკმელთან წიგნით ან  საქსოვით  ხელში მომსხდარ ქალებს. ქალები ვითომ იოტის ოდენ ყურადღებასაც არ აქცევდნენ გამვლელებს. იქ იყვნენ თითქმის ყველა ეროვნების ქალები და კაცები. მათ  შორის ამერიკელი მეზღვაურები, რომლებიც ნავსადგურზე ღუზაჩაშვებულ გემებიდან მოსულიყვნენ. მთვრალი და პირქუში  სამხედრო მეზღვაურები განბოტებიდან, თეთრი და  შავკანიანი ჯარისკაცები კუნძულზე განლაგებულ ჯარის ნაწილებიდან, წყვილად ან  სამ _ სამად მოსეირნე იაპონელები, კანაკები, გრძელ  ხალათებში გამოწყობილი ჩინელები და უცნაურქუდიანი ფილიპინელები-ყველანი  სიტყვაძვირნი და  სევდიანნი ჩანდნენ. მოლოდინი ყოველთვის  სევდიანია.

- ამაზე აღმაშფოთებელი  სისაძაგლე მთელ წყნარ ოკეანეზე არ ნახულა, - თითქმის ყვიროდა დევიდსონი, - მრავალი წლის მანზილზე მისიონერები პროტესტს აცხადებდნენ ამის გამო. ბოლოს  საქმეს ადგილობრივმა პრესამ მოჰკიდა  ხელი. პოლიციას თითის განძრევიც რ  სურდა, ამას რითი ამართლებდნენ ? ბიწიერება გარდაუვალია და აქედან მისი  საუკეთესო ამოსავალი მისი ლოკალიზება და კონტროლიაო. უბრალოდ ქრთამს იღებდნენ, დიახ, ქრთამს აძლევდნენ ბარის მეპატრონეები, გარყვნილების ბუდეების მესაკუთრენი, თვითონ ქალებიც კი აძლევდნენ ფულს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ვაიძულეთ ზომები მიეღოთ. - ეგ ამბავი ჰონოლულუში, გაზეთებში წავიკითხე, - თქვა ექიმმა მაკფეილმა. - იუელეი, ეს ცოდვების  სამარცხვინო ბუდე, სწორედ ჩვენი ჩასვლის დღეს მოიშალა. მისი ბინადარნი  ხელისუფლებას გადაეცნენ. საოცარია, რატომ მაშინვე ვერ მივხვდი, ვინც ბრძანდებოდა ეს ქალბატონი! - ახლა თქვენს ნათქვამზე მეც გამახსენდა, - თქვა მისის მაკფეილმა, - გემის გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე ამოვიდა გემბანზე, ისიც კი გავიფიქრე რა დროზე მოუსწრო მეთქი. - როგორ გაბედა აქ მოსვლა! - გულისწყრომით წამოიძახა დევიდსონმა, - მე ამას არ მოვითმენ! ის მტკიცე ნაბიჯით გაემართა კარისკენ. - სად მიდიხართ ? - ჰკითხა მაკფეილმა. - როგორ თუ  სად ? ამას ბოლო უნდა მოვუღო. მე რ დავუშვებ, რომ ეს  სახლი გადააქციონ… გადააქციონ… ის ეძებდა  სიტყვას, რომელიც მანდილოსნების ყურთასმენას არ  შეურაწყოფდა. თვალები უელავდა, უფერული  სახე მღელვარებისაგან უფრო გაფითრებოდა. -  ხმაზე ეტყობა, იქ ოთხი კაცი მაინც ზის. - თქვა ექიმმა. -  ხიფათს არ გადაეყარით. მისიონერმა აგდებულად  შეხედა და უსიტყვოდ გავიდა. - თქვენ მისტერ დევიდსონს არ იცნობთ, თუ ფიქრობთ, რომ  ხიფათის  შიში მოვალეობის აღსრულებაში ხელს  შეუშლის! - თქვა მისის დევიდსონმა. მას ყვრიმალები წამოწითლებოდა და ნერვიულად ხელებგადაჭდობილი უგდებდა ყურს, რა  ხდებოდა ქვემოთ… ყველანი გაიტრუნენ. მათ  შემოესმათ როგორ ჩაირბინა დევიდსონმა  ხის კიბე და კარი  შეაღო. სიმღერა  შეწყდა. მხოლოდ გრამაფონი განაგრძობდა უგვანო მოტივის ჭყვიტინს. ახლა მათ ყურამდე დევიდსონის  ხმამ და რაღაც მძიმე  საგნის ბრაგვანის  ხმამ მოაღწია. მუსიკა  სეწყდა, ეტყობოდა, მისიონერმა გრამაფონი ჩამოაგდო. შემდეგ ისევ დევიდსონის  ხმა მოესმათ. სიტყვებს ვერ 

არჩევდნენ. გაისმა მისს ტომპსონის წივილ-კივილიც. მას აურზაური მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი ერთად ღრიალებდა რაღაცას. მისის დევიდსონმა ოხვრას გული ამოაყოლა და უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი ხელს. ექიმი მაკფეილი დაბნეული  შესცქეროდა  ხან მას, ხან თავის ცოლს. დევიდსონთან ჩასვლა არ უნდოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ქალები  სწორედ ამას ელოდნენ მისგან. ქვევიდან რაღაც ჯახირისა და დავიდარაბის  ხმა მოისმა - დევიდსონს თუ აგდებდნენ ოთახიდან. კარი გაჯახუნდა. სიჩუმე ჩამოვარდა და დევიდსონის ფეხის  ხმა გაიმა. იგი კიბეს ამოუყვა და თავის ოთახს მიაშურა. - მე მასთან წავალ, - თქვა მისის დევიდსონმა, ადგა და ოთახიდან გავიდა. - თუ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, - დაადევნა მისის მაკფეილმა და როდესაც მისიონერის ცოლმა კარი გაიხურა დასძინა: - იმედია არაფერი დაუშავეს. - რას ეჩრება  სხვის  საქმეში? - წაიბუზღუნა ექიმმა მაკფეილმა. რამოდენიმე წუთი უსიტყვოდ ისხდნენ. უცებ  შეკრთნენ. ქვევით ისევ აჟღრიალდა გრამაფონი. ჩახლეჩილმა  ხმებმა დამცინავად და გამომწვევად წამოიწყეს უხამსი  სიმღერა. მეორე დღეს მისის დევიდსონი დაღლილი და ფერდაკარგული ჩანდა. თავის ტკივილს უჩიოდა, თითქოს მობერებულიყო. მისის მაკფეილს  შესჩივლა, ჩემს ქმარს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, საშინლად აფორიაქებული იყო და  ხუთ  საათზე  სახლიდან გავიდაო. წინა დღის აურზაურის დროს მისთვის ლუდი გადაესხათ, ტანსაცმელი ერთიანად დაელაქავებინათ და  საზიზღარი  სუნი ასდიოდა. ტომპსონის  ხსენებაზე მისის დევიდსონს თვალებში ავი ცეცხლი აუკიაფდა. - მწარედ ინანებს მისტერ დევიდსონის  შეურაწყოფას, - თქვა მან, - მისტერ დევიდსონს კეთილი გული აქვს. კაცი არ მოიძებნება, გაჭირვების ჟამს მასთან მოსულიყოს და დამშვიდებული არ გაესტუმრებინოს, მაგრამ ცოდვისადმი ულმობელია, მისი ალალ-მართალი რისხვა  საშინელებაა. - რას უპირებს ? - ჰკითხა მისის მაკფეილმა. - არ ვიცი, მაგრამ მტერსაც არ ვუსურვებდი იმ ქალბატონის ადგილზე ყოფნას. მისის მაკფეილი მოიბუზა. ჩია მისის დევიდსონის მოზეიმე რწმენა კარგს არაფერს მოასწავებდა. დილით  სასეირნოდ აპირებდნენ წასვლას. კიბეზე ერთად ჩავიდნენ. ქვედა ოთახის ღიად დაგდებულ კარში დაფლეთილ და გაზინთლულ  ხალათში გამოხვეული მისს ტომპსონი  შენიშნეს. იგი რაღაცას  ხრაკავდა ტაფზე. - დილა მშვიდობისა! - გამოსძახა მან, - ისე როგორ ბრძანდება მისტერ დევიდსონი, ამ დილით  ხომ უკეთ არის ?

მათ უსიტყვოდ, ცხვირაწეულებმა ჩაუარეს გვერდით, თითქოს არც  შეუმჩნევიათ, მაგრამ როდესაც მისს ტომპსონი დამცინავად ახარხარდა, მისის დევიდსონმა ვეღარ მოითმინა და  შეტრიალდა. - არ გაბედოთ ჩემთან ლაპარაკი, - წამოიკივლა მან, - ჩემი  შეურაწყოფისათვის აქედან  სულ კისრისტეხით გაგაგდებენ! - ერთი მიბრძანეთ, ვინ დაპატიჟა მისტერ დევიდსონი ? - არ უპასუხოთ, -  სწრაფად უჩურჩულა მისის მაკფეილმა, ქალებმა  საუბარი მხოლოდ მაშინღა განაახლეს, როდესაც მათი  ხმა უკვე აღარ მიაღწევდა ტომპსონის ყურამდე. - უნამუსო, სინდისგარეცხილი! - აღმოხდა მისის დევიდსონს. მას ბრაზისაგან  სუნთქვა ეკვროდა. სეირნობიდან დაბრუნებისას ისევ წააწყდნენ  სანაპიროსაკენ მიმავალ მისს ტომპსონს. თავისი ჩვეულებრივი ტანისამოსი ეცვა. უგემოვნო, ჭრელყვავილებიანი, ვეებერთელა თეთრი  შლაპა თითქოს  შეურაცხმყოფელად გამოიყურებოდა. გვერდზე ჩავლისას მხიარულად რაღაც დაუძახა. შორიახლოს მდგარ ორ ამერიკელ მეზღვაურს გაეღიმა, როდესაც პასუხის ნაცვლად ქალების ყინულივით ცივი მზერა  შენიშნეს. მისის მაკფეილმა და მისის დევიდსონმა ის-ის იყო  სახლს მიაღწიეს, რომ ისევ გაწვიმდა. - იმედი მაქვს, ის ჩინებული მორთულობა დაუსველდება. - ღვარძლიანად თქვა მისის დევიდსონმა. სადილს ამთავრებდნენ, დევიდსონი რომ დაბრუნდა, მთლად გალუმპულიყო, მაგრამ ტანისამოსის გამოცვლა არ ისურვა. ჩუმად, პირქუშად დაჯდა. საჭმელს პირი არ დააკარა. თვალგაშტერებული უცქეროდა ირიბ წვიმას. მისის დევიდსონმა ტომპსონთან  შეხვედრის ამბავი უამბო, მაგრამ მან არაფერი უპასუხა, თუმცა მოღუშულ  სახეზე ეტყობოდა, რომ ცოლს გულდასმით უსმენდა. - როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოვთხოვოთ მისტერ ჰორნს იმ ქალის გასახლება ? - იკითხა მისის დევიდსონმა, - ჩვენ ვერ დავუშვებთ ასეთ დაცინვასა და აბუჩად აგდებას. - კი მაგრამ, სად წავიდეს ? - ჰკითხა ექიმმა. - რომელიმე ადგილობრივ მკვიდრთან გაჩერდეს. - ასეთ ამინდში მათი ქოხები  საცხოვრებლად არ ვარგა. - ერთი და ორი წელი არ მიცხოვრია მათ ქოხებში, - თქვა მისიონერმა.

მსახურმა გოგონამ ყოველდღიური ჩაროზი -  შემწვარი ბანანები  შემოიტანა. - ჰკითხეთ მისს ტომპსონს, როდის  შეიძლება მასთან ჩასვლა. - მიმართა მისტერ დევიდსონმა. გოგონამ გაუბედავად დაუქნია თავი და გავიდა. - რა გინდა მასთან, ალფრედ ? - ჰკითხა ცოლმა. - ეს ჩემი მოვალეობაა. მე არავითარ ზომებს არ მივმართავ, ვიდრე გამოსწორების  საშუალებას არ მივცემ. -  ხომ  ხედავ, რა ქალია. ისევ  შეურაცხგყოფს. - დაე  შეურაცხმყოს, დაე მომაფურთხოს, მისი  სული უკვდავია და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ვიხსნა იგი! მისის დევიდსონს ჯერ ისევ ყურებში ედგა მეძავის დამცინავი  ხარხარი. - ის ძალზე დაცემულია. - ძალზე დაცემული ღვთის  შეწყალებისთვის ? - მისიონერს უცებ გაუბრწყინდა თვალები, ხმა დაურბილდა, გაუნაზდა. - არასოდეს! დაე ცოდვილი ჯოჯოხეთზე უღრმეს ცოდვაში ჩაეფლოს, ჩვენი ღვთაების, იესოს  სიყვარული იქაც მისწვდება. მსახური გოგო დაბრუნდა და დანაბარები მოუტანა. - მისს ტომპსონმა მიბრძანა, თაყვანი გადმოგცეთ და თუ მისი მაღალღირსება დევიდსონი  სამუშაო  საათებში არ ეწვევა, მოხარული იქნება გიხილოთ, როცა კი ინებებთ. ამ  სიტყვებს  სამარისებური  სიჩუმიტ  შეხვდნენ. ექიმმა ძლივს  შეიკავა ღიმილი. მან იცოდა, რომ მის ცოლს არ მოეწონებოდა, თუ ასეთ თავხედობას  ხუმრობად ჩათვლიდა. სადილზე  სდუმდნენ. შემდეგ ქალები ადგნენ და  ხელსაქმეს მოკიდეს  ხელი. მისის მაკფეილი მორიგ ყელსახვევზე ირჯებოდა - ომის დაწყებიდან ურიცხვი ყელსახვევი ჰქონდა მოქსოვილი. ექიმმა ჩიბუხს მოუკიდა. მარტო დევიდსონი არ დაძრულა ადგილიდან. უაზროდ დასჩერებოდა მაგიდას. რამოდენიმე  ხნის  შემდეგ ადგა და უსიტყვოდ დატოვა ოთახი. კიბიდან მისი ფეხის  ხმა მოისმა. შემდეგ გამომწვევი " მობრძანდით ", რომლითაც მისს ტომპსონი გამოეხმაურა კარზე დაკაკუნებას. დევიდსონმა მთელი  საათი დაჰყო მასთან. ექიმი მაკფეილი ფანჯარაში იცქირებოდა. წვიმა უკვე ნერვებს უშლიდა. ეს არ ჰგავდა ინგლისურ ჟუჟუნა წვიმას, წყნარად რომ ესხურება დედამიწას. რაღაცნაირი ულმობელი და  შემაძრწუნებელი წვიმა იყო. ადამიანს დროდადრო ეჩვენებოდა, რომ კიდევ ცოტაც და კივილს დაიწყებდა,

შემდეგ  საშინელ  სისუსტეს გრძნობდა, სხეული ეთენთებოდა და უიმედო  სევდა იპყრობდა. მაკფეილმა თავი მოაბრუნა, როცა მისიონერი  სასტუმროში  შემოვიდა, ქალებმა  ხელსაქმე მიატოვეს. - მე, რაც  შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. მოვუწოდე მოენანიებინა ცოდვები. ის ბოროტი ქალია. დევიდსონი დადუმდა. ექიმმა მაკფეილმა  შენიშნა, რომ მას თვალები ჩაუმუქდა, ფერმკრთალ  სახეზე მკაცრი და მტკიცე იერი დაედო. - ახლა  ხელთ ვიღებ არგანსა ღვთისას, რომლითაც მაცხოვარმა იესომ განდევნა მევახშენი და ყალბი ფულის მჭრელნი, ზენაარის ტაძრიდან. მან ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში, შავი წარბები  შეჭმუხნა, ტუჩები მაგრად მოკუმა. - ქვეყნის დასალიერზე რომ დამემალოს, იქაც მივწვდები. მისიონერი უცებ  შემოტრიალდ და ოთახიდან გავიდა. მათ მოესმათ, რომ იგი ისევ ქვემოთ ჩავიდა. - რას აპირებს ? - იკითხა მისის მაკფეილმა. - არ ვიცი, - მისის დევიდსონმა პენსნე მოიხსნა და გაწმინდა. - როდესაც ღვთის  სადიდებლად იღწვის, მე არაფერს ვეკითხები. მან ამოიოხრა. - რა დაგემართათ ? - ახლა თან გადაჰყვება, თავს არ დაზოგავს. მისიონერის მოღვაწეობის პირველი  შედეგები ექიმმა მაკფეილმა მეტისი მედუქნისაგან  შეიტყო. ჰორნმა დაუძახა, როდესაც ექიმმა  სავაჭროს ჩაუარა და ზღურბლზე გამოეგება  სალაპარაკოდ. მსუქან  სახეზე  შეშფოთება ეხატა. - მისი მაღალღირსება დევიდსონი მე დამეტაკა, მისს ტომპსონს ოთახი რად მიაქირავეო, - დაიწყო მან, - მე რა ვიცოდი, ვინ იყო. ხალხი ჩემს ოთახებს რომ ქირაობს, მე მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს, აქვთ თუ არა ფულის გადახდის თავი. მან კი მთელი კვირისა ავანსად მომცა. ექიმმა მაკფეილმა ის აღარ თქვა, რაც აზრად ჰქონდა. - ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენი  სახლია და ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ თავშესაფარი მოგვეცით.

ჰორნმა ეჭვის თვალით  შეხედა. მას ჯერ კიდევ ვერ გაერკვია, ექიმი მისიონერის მხარეს იყო თუ არა. - მისიონერებს ყოველთვის ერთი პირი აქვთ  შეკრული, - ყოყმანით დაიწყო მან, - და თუ ჩემნაირ კაცს გადაეკიდნენ, ჯობია მან გუდა-ნაბადი აიკრას. - იმ ქალზე რა გითხრა, გააგდეო ? - არა, სანამ წესიერად მოიქცევა, ხელს არ ვახლებო. თან ისიც დააყოლა, არც  შენ მინდა უსამართლოდ მოგექცეო. დავპირდი, მასთან  სტუმრები აღარ ივლიან-მეთქი, სწორედ ახლახანს ვუთხარი ეს მისს ტომპსონს. - მერე, რაო ? - გამომლანძღა. მედუქნე უხერხულობისაგან  შეიშმუშნა. ეტყობოდა მისს ტომპსონთან  საუბრით მაინცდამაინც ნასიამოვნები არ ჩანდა. - ალბათ თვითონვე გადავა  სადმე. მე მგონი აქ აღარ დარჩება, რაკი  სტუმრების მიღება აუკრძალეთ, - თქვა ექიმმა. -  სად უნდა გადავიდეს ? ვისთან ? რაკი მისიონერმა კბილი დაასო, მაგას  სახლში აღარავინ  შეუშვებს. ექიმმა მაკფეილმა წვიმას გახედა. - ეს გადაღებას აღარ აპირებს…  საღამოს, როცა  სასტუმრო ოთახში  შეიკრიბნენ, დევიდსონმა კოლეჯში გატარებული წლები მოიგონა. იგი  ხელმოკლე  სტუდენტი ყოფილიყო და კოლეჯი არდადეგებზე ნაშოვლი ფულით დაემთავრებინა. ქვევით ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მის ტომპსონი ბაიყუშივით მარტოდ-მარტო იჯდა თავის პატარა ოთახში. უცებ გრამაფონის  ხმა გაისმა. იგი თან ჯიბრით, თან  სიმარტოვისათვის თავის დასაღწევად უკრავდა, მაგრამ ამფსონი არ ჰყავდა და მუსიკა  სევდიანად გაისმოდა. თითქოს  საშველად უხმობდა ვინმეს. დევიდსონს წარბიც არ  შეუტოკებია. სახის ფერიც არ  შესცვლია, ისე განაგრძო თვისი ამბის მოყოლა. გრამაფონი ერთ ამბავში იყო, მისს ტომპსონი ერთიმეორეზე ცვლიდა ფირფიტებს. სიბნელე და  სიჩუმე ნერვებს უშლიდა. დახუთული ღამე იდგა. მაკფეილები დასაძინებლად წავიდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ მოახერხეს დაძინება. თვალღია იწვნენ და ბადეებთან გაავებული კოღოების ზუზუნს უგდებდნენ ყურს. - ეს რაღა არის ? - ჩურჩულით დაარღვია  სიჩუმე მისის მაკფეილმა. ფიცრის ტიხარს იქით დევიდსონის  ხმა გაისმა, იგი მონოტონურად, საზეიმოდ ჟღერდა. მისიონერი  ხმამაღლა ღაღადებდა. იგი ლოცულობდა მისს ტომპსონის  სულისათვის.

გავიდა ორი-სამი დღე. ახლა  შარაზაზე  შეხვედრისას მისს ტომპსონი აღარ ესალმებოდა მისის დევიდსონსა და მისის მაკფეილს ირონიული ღიმილითა და ზედმეტი თავაზიანობით. ცხვირაწეული და ამრეზილი ისე ჩაუვლიდა  ხოლმე გვერდით, თითქოს არც კი ამჩნევსო. მედუქნემ  შეატყობინა მაკფეილს - ქალმა  სხვა ოთახის  შოვნა  სცადა, მაგრამ ყველამ უარით გამოისტუმრაო. ახლა ტომპსონი ყოველ  საღამოს უკრავდა გრამაფონს, მაგრამ მოჩვენებითი მხიარულებით ვეღარავის უბამდა თვალს. ცოცხალ  სიმღერას თუმცა ყურისწამღებად გაჰკიოდა, მაგრამ იგი  სასოწარკვეთილ, სევდიან მელოდიად ჟღერდა. კვირა დღეს მან ისევ მომართა გრამაფონი. დევიდსონმა ჰორნი მიუგზავნა და  სთხოვა  შეეწყვიტა მუსიკა, რადგან კვირა დღე - ღვთისააო. გრამაფონი გაჩუმდა. სახლში დუმილი გამეფდა. სიჩუმეს მხოლოდ თუნუქის  სახურავზე წვიმის თანაბარი  შხაპუნი არღვევდა. - მე მგონი ის ქალი ძალიან ნერვიულობს, - უთხრა მედუქნემ მაკფეილს მეორე დღეს. - არ იცის რას უპირებს მისტერ დევიდსონი და ეშინია. დილით მაკფეილმა თვალი მოჰკრა მისს ტომპსონს და  შეამჩნია, რომ ის ძველი დარდიმანდული იერი აღარ ჰქონდა. ახლა იგი დევნით გატანჯულ ნადირს ჰგავდა. ჰორნმა ალმაცერად გადახედა ექიმს და ფრთხილად ჰკითხა: - თქვენ ალბათ არ იცით არა, რას უზამს მისტერ დევიდსონი ? - არ ვიცი. ჰორნის  შეკითხვამ ექიმი  საგონებელში ჩააგდო. ისიც ამჩნევდა, რომ მისიონერი  საიდუმლოდ რაღაცას  საქმიანობდა. გრძნობდა, რომ დევიდსონი ჯიუტად და ფრთხილად ქსელავდა უხილავ ბადეს ქალის ირგვლივ, რათა როცა ყველაფერი მზად იქნებოდა, მოულოდნელად მოექაჩა მარყუჟი. - მან მიბრძანა ვუთხრა ქალს, - თქვა მედუქნემ, - რომ თუ მისიონერი დასჭირდება რა დროც უნდა იყოს, ვინმეს პირით აცნობოს და ის აუცილებლად მივა. - მერე, ქალმა რა უპასუხა ? - არაფერი. მეც აღარ დავუცადე. გადავეცი რაც მიბრძანეს და წამოვედი. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. - მარტოდმარტო რომაა გამოკეტილი ეს უშლის ნერვებს, - თქვა ექიმმა, - თან ეს წვიმაც… გააგიჟებს ადამიანს, - ბრაზით განაგრძო მან, - ბოლოს და ბოლოს, გამოიდარებს ტუ არა, ამ წყეულ კუნძულზე ? - ამ დროს გადაუღებლად წვიმს  ხოლმე. წელიწადსი აქ  სამასი დიუმი ნალექია. ეს  სულ ყურეს ბრალია, კაცი იფიქრებს, მთელი ოკეანის ღრუბლებს აქეთ ეწევაო. - ეშმაკსაც წაუღია ეს ყურე თავისიფორმიანად. - თქვა ექიმმა.

კოღოს ნაკბენი მოიფხანა. გაღიზიანება და ბრაზი ახრჩობდა. როდესაც წვიმა გადაიღებდა და ღრუბლებიდან მზე გამოაჭყიტებდა, კუნძული ნესტიანი, მძიმე, სულისშემხუთავი ოხშივარით  სავსე ორანჟერეას ემსგავსებოდა და ისეთი უცნაური გრძნობა გეუფლებოდათ, თითქოს გარშემო ყველაფერი გამალებით იზრდებაო. ასეთ დროს ადგილობრივ მკვიდრთაგან, რომელთაც  სვირინგებისა და  შეღებილი თმის გამო ბავშვებივით უდარდელად და ბედნიერად თვლიან, მუდამ რაღაც ავისმომასწავლებელი იგრძნობოდა. ზურგს უკან  შიშველი ფეხების ტყაპუნის გაგონებაზე უნებურად ტრიალდებოდით მათკენ. ქვეცნობიერად გრძნობდით, რომ ყოველ წუთს  შეეძლოთ მოგვარდოდნენ და ბეჭებს  შუა ჩაეცათ გრძელი დანა. ვინ იცის რა ბნელი ზრახვები იმალებოდა მათ ფართოდ ჩასმულ თვალებში. ისინი რაღაცით წააგავდნენ ეგვიპტურ ფრესკებს და ისეთივე უძველესი  შიში გამოსჭვიოდა მათგან. მისიონერი  სადღაც დაიარებოდა, რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მაკფეილებმა არ იცოდნენ, რას  საქმიანობდა. ჰორნმა ექიმს უთზრა, გუბერნატორთან დადის ყოველდღეო. ერთხელ დევიდსონმა თვითონ ჩამოაგდო ამაზე  სიტყვა. - ერტი  შეხედვით გუბერნატორი მტკიცე ადამიანის  შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ  საქმე  სამეზე რომ მიდგება, მაშინ კი ყოყმანობს. - მოკლედ, უსიტყვოდ არ ასრულებს თქვენს თხოვნას ? -  ხუმრობის კილოთი  შენიშნა ექიმმა. მისიონერს არ გაუღიმია. - მე მხოლოდ ერთს ვთხოვ, მოიქცეს ისე, როგორც წესია. საუბედუროდ, არიან კიდევ ადამიანები, რომელთაც ამის  შეხსენება  სჭირდებათ. - წესიერების  შეახებაც  შესაძლებელია  სხვადასხვა აზრი არსებობდეს. - თუ ავადმყოფს ტერფის განგრენა დაეწყო, შეგიძლიათ გულზე  ხელდაკრეფილმა უცადოთ ვიღაცის ყოყმანს, საჭიროა თუ არა ამპუტაცია ? - განგრენა  სავსებით რეალური  საქმეა. - ცოდვა ? რამდენიმე დღის  შემდეგ  საიდუმლოს ფარდა აეხადა. ის-ის იყო, ოთხივემ ისადილა. ქალები და ექიმი ჩვეულებისამებრ თვალის მოსატყუებლად აპირებდნენ წასვლას. დევიდსონი აბუჩად იგდებდა ამ გამანებირებელ ჩვევას. უცებ კარი გაიღო და ოთახში მისს ტომპსონი  შემოვარდა. ყველას ავი თვალი მოავლო, შემდეგ დევიდსონისაკენ გადადგა ნაბიჯი. - რა მოუჩმახე გუბერნატორს ჩემზე, შე გველაძუა ?

მას სიბრაზისაგან ენა ებმოდა. წამით  სიჩუმე ჩამოვარდა. მისიონერმა  სკამი  შესთავაზა.

- დაბრძანდით, გეთაყვა, მისს ტომპსონ. მე თავიდანვე მქონდა იმედი, რომ კიდევ მოგვიწევდა  საუბარი.

-  შე უბედურო ნაბიჭვარო!.. - დაიწყო ქალმა ყვირილი და მისიონერი  საზიზღარი, ბილწი ლანძღვა-გინების მორევში ამოთხვარა. დევიდსონი თვალს არ აცილებდა.

- მე არ მომეკარება ეგ ჭუჭყი, რომლითაც ჩემი გასვრა გსურთ მისს ტომპსონ, - თქვა მან, - მაგრამ გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ ქალებიც არიან. ტომპსონის ბრაზს ცრემლი  შეერია. სახე ისე წამოენთო და  შეუშუპდა, თითქოს რაღაც ახრჩობსო. - რა დაგემართათ ? - ჰკითხა ექიმმა მაკფეილმა.

- ჩემთან ვიღაც ტიპი მოვიდა და მითხრა, რომ პირველსავე გემით უნდა ავიბარგო აქედან. მისიონერის თვალებმა წამით დაიკვესეს, მაგრამ  სახის გამომეტყველება არ  შესცვლია. - აბა, სხვანაირად როგორ  შეიძლება. ასეთ ვითარებაში გუბერნატორი, რასაკვირველია, არ დაგრთავდათ აქ დარჩენის ნებას. - აქ  შენი  ხელი ურევია! - წამოიკივლა მან, - ტყუილად კუდს ნუ აქიცინებ. ეს  შენი ოინებია! - არც ვაპირებ თქვენს მოტყუებას. მე ნამდვილად ვთხოვე გუბერნატორს, მიერო ის ზომები, რაც მის მოვალეობას  შეეფერება. - რა გინდა, რას გადაამეკიდე ? შენთვის  ხომ არაფერი დამიშავებია ? - მერწმუნეთ, რომ დაგეშავებინათ კიდეც, უკანასკნელი ადამიანი ვიყო, თუ თქვენდამი იოტის ოდენა ბოროტება გამევლოს გულში. - იქნებ გგონია, ამ უბადრუკ ადგილას მინდა დარჩენა ? მე ნამდვილ ქალაქებში ცხოვრებას ვარ ჩვეული! - თუ ასეა, არ მესმის, რაღას უჩივით. გააფტრებულმა მისს ტომპსონმა რაღაც წამოიკივლა და ოტახიდან გავარდა. ცოტა  ხანს  სიჩუმე ჩამოვარდა. - ძალიან  სასიამოვნოა, რომ გუბერნატორმა მაინც გადაწყვიტა ზომების მიღება, - დუმილი დაარღვია დევიდსონმა. -  სუსტი ნებისყოფის კაცია და ამიტომ 

აჭიანურებდა: სულ ერთია, ეს ქალი აქ ორ კვირაზე მეტს არ დარაჩება, აპიაში გაემგზავრება, რომელიც ბრიტანეთის მფლობელობაშია და მერე თავშიც ქვა უხლიაო. მისიონერი წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - ეს  საშინელებაა! აი, ასეთი ძალაუფლებით აღჭურვილი  ხალხი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ისინი ასე მსჯელობენ: ცოდვა თუ მათ თვალწინ არ  ხდება, ცოდვა არ არის. ამ ქალის არსებობაც კი  სამარცხვინოა! რა  შეიცვლება, თუ მას მეორე კუნძულზე გადაგზავნიან ? ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი პირში მივახალე. დევიდსონმა წარბები  შეიჭმუხნა და ქვედა ყბა ჯიუტად წინ წამოსწია. სახეზე მძვინვარება და  სიმტკიცე ეხატა. - მაინც რა უთხარით ? - კიტხა ექიმმა. - ჩვენს მისიას უფლებები აქვს ვაშინგტონში. მე მოვახსენე გუბერნატორს, რომ თუ მის გულგრილობაზე ერთ-ორ  სიტყვას ვიტყვი იქ, სადაც  საჭიროა, ეს დიდ  სარგებლობას არ მოუტანს, თავზე  ხელს არავინ გადაუსვამს. - როდის უნდა წავიდეს ე ქალი აქედან ? - მცირე პაუზის  შემდეგ იკითხა ექიმმა. -  სიდნეიდან  სან-ფრანცისკოში მიმავალი გემი ამ ნავსადგურს  სამშაბათს მოადგება. აი, იმ გემით გაემგზავრება. სამშაბათამდე  ხუთი დღე რჩებოდა. მაკფეილი უსაქმობისაგან ყოველდღე დადიოდა ჰოსპიტალში და როცა მეორე დღეს ჩვეულებისამებრ  შინ დაბრუნდა, კიბეზე მეტისმა  შეაჩერა. - უკაცრავად, ექიმო. მისს ტომპსონი ავად არის, იქნებ გენახათ ? - ახლავე ვნახავ. ჰორნმა ოთახამდე მიაცილა. მისს ტომპსონი  სკამზე იჯდა და გულგრილი გამომეტყველებით იცქირებოდა. მას ისევ თეთრი კაბა ეცვა, თავზე ყვავილებიანი  შლაპა ეხურა. მაკფეილმა  შენიშნა, რომ პუდრის ქვეშ მის კანს მოყვითალო მიწისფერი დაჰკრავდა. თვალები  შეშუპებოდა. -  შეუძლოდ  ხართ ? - ჰკითხა ექიმმა. - არა, ექიმო, მე არ ვარ ავად. ეს უბრალოდ იმიტომ მოვიმიზეზე, რომ თქვენი ნახვა მინდოდა. სან-ფრანცისკოში მიმავალი გემით უნდა მომიცილოს თავიდან. მან  შიშჩამდგარი თვალებით  შეხედა ექიმს. ხელის თითებს ნერვულად კუმშავდა და  შლიდა. მედუქნე კარებში იდგა და ყურს უგდებდა. - ვიცი. - თქვა ექიმმა.

ქალმა ნერწყვი ჩაყლაპა. - ახლა იქ გამგზავრება  ხელს არ მაძლევს. გუშინ გუბერნატორთან ვიყავი, მაგრამ რ  შემიშვეს. მდივანი ვნახე, მითხრა, მოდი უხმაუროდ და უდავიდარაბოდ მოსცილდიო აქაურობას… მე მაინც გადავწყვიტე გუბერნატორის ნახვა და დილით  სახლთან დავუდარაჯდი. გამოვიდა თუ არა, გამოველაპარაკე, მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ ეპრიანა ჩემი დანახვა, მაგრამ არ მოვეშვი. ბოლოს მითხრა, ნებას დაგრთავთ, სიდნეისი მიმავალ გემს დაუცადო, თუ მისი მაღალღირსება დევიდსონი წინააღმდეგი არ იქნებაო. იგი გაჩუმდა და  შეშფოთებით  შეხედა ექიმ მაკფეილს. - რიტ  შემიძლია დაგეხმაროთ? - ჰკითხა ექიმმა. - იქნებ გეთქვა რამე… დარჩრენის ნება დამრთოს და ღმერთს გეფიცებით, წესიერად მოვიქცევი. თუ უნდა  სახლიდან ფეხს არ გავდგამ. სულ ორი კვირა არ არის? - ვეტყვი. - არაფერი გამოვა, - თქვა ჰორნმა. -  შენი აქედან გასტუმრება  სამშაბათს აქვს გადაწყვეტილი და უნდა  შეურიგდე ამ აზრს, მეტი გზა არ არის... - უთხარით, რომ  სიდნეიში  სამუშაოს ვიშოვი… ნამდვილ, წესიერ  სამუშაოს, მე  ხომ ბევრს არ ვთხოვ… -  შეევედრა ქალი ექიმს. - მე რაც კი  შემიძლია, ყველაფრით დაგეხმარებით. - გთხოვთ, მაშინვე ჩამობრძანდეთ და მითხრათ, როგორ იქნება  საქმე. ხომ უნდა ვიცოდე, რა მელის, თორემ ნამდვილად გავგიჟდები. ეს დავალება ექიმს მაინცდამაინც არ მოეწონა და მისთვის ჩვეული მიკიბულ-მოკიბული გზით  შეუდგა მის  შესრულებას. ჯერ ცოლს გაანდო მისს ტომპსონთან  საუბრის ამბავი და  სთხოვა, მოლაპარაკებოდა მისის დევიდსონს. მაკფეილის აზრით, მისიონერი  საკმაოდ დესპოტურად ექცეოდა მისს ტომპსონს და არაფერი მოხდებოდა, პაგო-პაგოსი ორი კვირით დარჩენის უფლება რომ მიეცა. ექიმის  შუამდგომლობამ მოულოდნელი  შედეგი გამოიღო. მისიონერი მას თვითონ ეახლა. - მისის დევიდსონმა გადმომცა, რომ გისაუბრიათ მისს ტომპსონთან. ასეთმა პირდაპირობამ ექიმი მაკფეილი გააღიზიანა. ასე ემართება  ხოლმე ყოველ მორცხვ, მორიდებულ კაცს, რომელსაც აიძულებენ, პირდაპირ თქვას ყველაფერი. მან იგრძნო, რომ ბრაზდებოდა და გაწითლდა. - რა განსხვავებაა, სიდნეიში წავა თუ  სან-ფრანცისკოში. ის ქალი პირობას დებს, წესიერად მოვიქცევიო, რატომ უნდა ამოართვათ  სული?

მისიონერმა მას მკაცრად  შეხედა. - რატომ არ უნდა  სან-ფრანცისკოში წასვლა? - მე არ მიკითხავს, - მკვახედ უპასუხა ექიმმა, - ისე კი ყველაფერს ჯობს, ადამიანმა  სხვის  საქმეში არ ჩაყოს ცხვირი. პასუხი არც თუ ისე თავდაჭერილი გამოვიდა. - გუბერნატორმა ბრძანება გასცა, რომ პირველივე გემით გაამგზავრონ. მან თავისი მოვალეობა  შეასრულა და მე აღარ ჩავერევი. ამ ქალის აქ ყოფნა კუნძულს  ხიფათს უქადის. - ჩემი აზრით, თქვენ ულმობელი და ბოროტი ადამიანი  ხართ. ქალებმა  შეშფოთებით  შეხედეს ექიმს, მაგრამ მათი  შიში ტყუილი გამოდგა. ამას უსიამოვნება არ მოჰყვა. მისიონერს კეთილი ღიმილით გაებადრა  სახე. - ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ კაცად გიცვნივართ, მაკფეილ. მერწმუნეთ, იმ  საცოდავის  სიბრალულით გული მიკვდება, მაგრამ მე ჩემი მოვალეობა უნდა  შევასრულო. ექიმმა არაფერი უპასუხა. იგი წარბშეკრული იხედებოდა ფანჯარაში. წვიმას გადაეღო და ყურეს გაღმა, ხეებს  შორის ადგილობრივ მკვიდრთა ქოხები მოჩანდა. - ჯობია ცოტას გავივლი, რაკი გადაუღია. - თქვა მან. - გთხოვთ, ნუ გეწყინებათ, რომ თქვენი თხოვნა ვერ  შევასრულე, - ნაღვლიანი ღიმილით დაადევნა დევიდსონმა. - მე თქვენ დიდ პატივს გცემთ, ექიმო, და არ მინდა ჩემზე ცუდი აზრი  შეგექმნათ. - თქვენ ისეთი მაღალი  შეხედულება გაქვთ  საკუთარ თავზე, რომ ჩემი აზრი მაინცდამაინც არ გატკენთ გულს! - მოუჭრა ექიმმა. - გნებდებით! - გაიცინა დევიდსონმა. უმართებულო უხეშობისათვის  საკუთარ თავზე გაბრაზებული ექიმი მაკფეილი კიბეზე დაეშვა. ქვევით, ოთახის ოდნავ გამოღებულ კართან მისს ტომპსონი უცდიდა. - რა ქენით? - ჰკითხა მან. - ელაპარაკეთ? - ველაპარაკე, მაგრამ  სამწუხაროდ უარს ამბობს, - უპასუხა ექიმმა და დარცხვენილმა თვალი აარიდა, მაგრამ ქვითინი რომ მოესმა, ისევ  სწრაფად  შეხედა მას. მაკფეილმა  შენიშნა, რომ  სასოწარკვეთილებისაგან ქალს  სახე გაფითრებოდა და  შეკრთა. უცებ თავში ახალმა აზრმა გაუელვა.

- ჯერ ნუ დაკარგავთ იმედს. პირდაპირ  სირცხვილია, რომ ასე ცუდად გექცევიან. მე თვითონ წავალ გუბერნატორთან. - ახლავე? მან თავი დაუქნია. ქალს  სახე გაუბრწყინდა. - ო, რომ იცოდეთ, რა განსაცდელისაგან მიხსნით. თქვენ ერთი  სიტყვაც რომ უთხრათ, უეჭველად დამრთავს დარჩენის ნებას. ღმერთმანი, სანამ აქა ვარ, ცუდს არაფერს ჩავიდენ. ექიმ მაკფეილს თვითონაც ვერ გაეგო, რამ გადააწყვეტინა უცებ გუბერნატორთან წასვლა. ის  სრულიად გულგრილად ეკიდებოდა მისს ტომპსონის ბედს, მაგრამ მისიონერმა გააბრაზა და, რაკი ერთხელ მოუვიდოდა  ხოლმე გული, მერე კარგახანს ვეღარ ახერხებდა დამშვიდებას. გუბერნატორი  შინ დახვდა. იგი ყოფილი მეზღვაური იყო. წარმოსადეგი, კბიკის ჯაგრისივით  ხეშხეშა, ჭაღარა ულვაშებიანი, ქათქათა თეთრ მუნდირში გამიწყობილი გუბერნატორი, ლამაზი მამაკაცი გახლდათ. - თქვენთან ერთ ქალის თაობაზე მოვედი, რომელიც ჩემს მიერ დაქირავებულ  სახლშივე ცხოვრობს, - დაიწყო ექიმმა, - გვარად ტომპსონია. - მის  შესახებ  საკმაოდ ბევრი რამ მსმენია, ექიმო მაკფეილ, - ღიმილით უთხრა გუბერნატორმა, - უკვე გავეცი განკარგულება, რომ მომავალ  სამშაბათს დატოვოს კუნძული. მეტი არაფრის გაკეთება არ  შემიძლია. - მე მინდა გთხოვოთ, დართოთ ნება, გემს დაუცადოს. თავდებად დავუდგები, რომ წესიერად მოიქცევა. გუბერნატორი ისევ იღიმებოდა, მაგრამ მისი მოჭუტული თვალები  სერიოზულად გამოიყურებოდნენ. - მოხარული ვიქნებოდი, ექიმო, თქვენთვის რაიმე  სამსახური გამეწია, მგრამ ბრძანება გაცემულია და მისი  შეცვლა აღარ  შემიძლია. ექიმმა წვრილად უამბო  საქმის ვითარება. გუბერნატორის  სახეს ღიმილი ჩამოსცილდა. იგი პირქუშად უსმენდა ექიმს და განზე იყურებოდა. მაკფეილმა იგრძნო, რომ მისი  სიტყვები არავითარ  შთაბეჭდილებას არ ახდენდა. - ძალიან არ მსიამოვნებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ ქალს, მაგრამ მისს ტომპსონი  სამშაბათს უნდა გაემგზავროს და აქ  სალაპარაკო აღარაფერია. - კი მაგრამ, რა განსხვავებაა? - უკაცრავად, ექიმო, მაგრამ მე ვალდებული ვარ ჩემი გადაწყვეტილება ავუხსნა მხოლოდ ჩემს უფროსებს.

მაკფეილმა გულდასმით  შეათვალიერა იგი, გაახსენდა დევიდსონის გაკვრით ნახსენები მუქარა და გუბერნატორის ქცევაში რაღაც გაუბედაობა იგრძნო. - ეშმაკსაც წაუღია დევიდსონი! რას ეჩრება  სხვის  საქმეში! - ცხარედ წამოიძახა მან. - ჩვენს  შორის რომ ვთქვათ, ექიმო, არც მე მაქვს მისტერ დევიდსონზე კარგი წარმოდგენა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ  სრული უფლება ჰქონდა ჩემთვის მიეთითებინა იმ  საშიშროებაზე, რასაც მისს ტომპსონის მსგავსი ქალის ყოფნა იწვევს კუნძულზე. აქ ადგილობრივი მოსახლეობის გარდა  სამხედრო ნაწილებიცაა განლაგებული. იგი ადგა და ექიმი მაკფეილიც იძულებული გახდა, წამომდგარიყო. - გთხოვთ მაპატიოთ, საქმეს უნდა მივხედო. მოკითხვა გადაეცით, გეთაყვა, მისის მაკფეილს. ექიმი მისგან  სავსებით იმედგადაწყვეტილი წამოვიდა. მან იცოდა, რომ მისს ტომპსონი პასუხს ელოდა. თვითონვე რომ არ ეთქვა თავისი მარცხის ამბავი, სახლში უკანა კარიდან  შევიდა და კიბეზე ფრთხილად, ქურდულად აიპარა. ვახშამზე ექიმი თავს უხერხულად გრძნობდა, ცოტას ლაპარაკობდა. სამაგიეროდ მისიონერი იყო გამოცოცხლებული და მხიარული. მაკფეილს მოეჩვენა, რომ დევიდსონმა კეთილი, მოზეიმე მზერა, რამოდენიმეჯერ მასზე  შეაჩერა. უეცრად თავში გაუელვა, დევიდსონმა იცის გუბერნატირთან ჩემი უშედეგო ვიზიტის ამბავიო. მაგრამ  საიდან უნდა  სცოდნოდა? ამ კაცის ძალაში რაღაც ავის მომასწავლებელი იმალებოდა. ვახშმის  შემდეგ ექიმმა ჰორნი  შენიშნა ვერანდაზე და ისეთი  სახე მიიღო, თითქოს უბრალოდ  სამასლაათოდ გადიოდა მასთან. - მისს ტომპსონს აინტერესებს, ნახეთ თუ არა გუბერნატორი? - წასჩურჩულა მედუქნემ. - ვნახე. უარი მითხრა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ  სხვა აღარაფერი  შემიძლია. - ეგრეც ვიცოდი, ვინ გაბედავს მისიონერის წინააღმდეგობას! - რაზე  საუბრობთ? - მხიარულად იკითხა მოახლოებულმა დევიდსონმა. - იმას ვეუბნებოდი, არა მგონია ერთ კვირაზე ადრე გაემგზავროთ-მეთქი აპიაში, - დაუყოვნებლივ უპასუხა მედუქნემ. ჰორნი წავიდა. ექიმი და დევიდსონი ოთახში დაბრუნდნენ. ნასადილევს მისტერ დევიდსონი ერთ  საათს გართობას უთმობდა  ხოლმე. მალე გაუბედავი კაკუნი გაისმა. - მობრძანდით, - წვრილი  ხმით გასძახა მისის დევიდსონმა. კარი არ გაღებულა. მისის დევიდსონი ადგა და გამოაღო. ზღურბლზე  საოცრად  შეცვლილი, ძნელად  საცნობი მისს ტომპსონი იდგა. იგი უკვე აღარ იყო ის უტიფარი 

გომბიო, შარაგზაზე რომ  სიცილს აყრიდა მათ. ეს იყო  შიშით გატანჯული, მოტეხილი ქალი. ყოველთვის გულდასმით დალაგებულლი თმა ასწეწოდა. ფეხები ფლოსტებში წაეყო. გაცრეცილი, დაჭმუჭნული ქვედა კაბა ეცვა. ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. იგი იდგა ზღურბლზე და  შემოსვლას ვერ ბედავდა. - რა გნებავთ? - მკვახედ ჰკითხა მისის დევიდსონმა. -  შეიძლება მისტერ დევიდსონთან  საუბარი? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა მან. მისიონერი ადგა და მიუახლოვდა: -  შემოდით, შემოდით, მისს ტომპსონ, - მიმართა გულთბილი ტონით. - რით  შემიძლია გემსახუროთ? იგი  შემოვიდა. - მე… მე ბოდიშს ვიხდი იმისათვის, რაც მაშინ გითხარით. და… და  საერთოდ ყველაფრისათვის. მე, ალბათ, ჭკუაზე არ ვიყავი. გთხოვთ, მაპატიოთ. - ოო, ეგ არაფერია, მაგარი ზურგი მაქვს, ორიოდე  სალანძღავ  სიტყვას აიტანს. ქალი ისეთი მორჩილებითა და თავდამცირებით მიუახლოვდა, რომ  შეგეზიზღებოდათ. - თქვენ მე  სრულიად მომსპეთ, მიწასთან გამასწორეთ, მაგრამ  სან-ფრანცისკოში დაბრუნებას არ მაიძულებთ, არა? მისიონერს თავაზიანობა უცებ გაუქრა, ხმა უხესი და მკაცრი გაუხდა: - რატომ არ გინდათ იქ დაბრუნება? ქალი მოიბუზა: - მე იქ ნათესავები მყავს. არ მინდა, რომ აი, ასეთი მნახონ. ყველგან წავალ, სადაც მეტყვით, ოღონდ იქ არა... - რატომ არ გინდათ  სან-ფრანცისკოში დაბრუნება? - მე უკვე გითხარით... მისიონერი დაიხარა და ანთებული თვალები ისე მიაპყრო, თითქოს მის  სულში ჩახედვა უნდაო და უცებ წამოიძახა: - გამოსასწორებელი  სახლი! ქალმა დაიკივლა, ფეხებში ჩაუვარდა და  ხელები მოხვია:

- იქ არ გამაგზავნოთ... ღმერთს გეფიცებით, გამოვსწორდები, კარგი ქალი დავდგები, ყველანაირ  სიგლახეს თავს დავანებებ... იგი უთავბოლოდ ემუდარებოდა, ცრემლი ღაპაღუპით ცამოსდიოდა  შეღებილ ლოყებზე. მისიონერი დაიხარა, თავი აუწია და თვალებში ჩახედა: - მაშ გამოსასწორებელი  სახლი, არა? - დროზე მოვუსვი, თორემ დამიჭერდნენ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ჩურჩულებდა ქალი. - იმ ბუღებს რომ ჩავუვარდე  ხელში, სამ წელს მომაკრავენ. მისიონერმა  ხელი  შეუშვა. ქალი ისევ იატაკზე დაეცა და გულამოსკვნით აქვითინდა. ექიმი მაკფეილი წამოდგა. - ეს  საქმის ვითარებას ცვლის, - თქვა მან, - ახლა იქ დაბრუნებას ვეღარ მოსთხოვთ, მას ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. ნუ წაართმევტ ამ უკანასკნელ  შესაძლებლობას. - მე მინდა მას ბრწყინვალე  შესაძლებლობა მივცე. თუ ინანიებს, დაე მიიღოს თავისი  სასჯელიც! ბოლომდე გამოცალოს ფიალა! ქალი ვერ მიხვდა ნათქვამის ნამდვილ აზრს და თავი წამოსწია. ნამტირალევ თვალებში იმედის ნაპერწკალმა გაუელვა. - მაშ გამიშვებთ? - არა, სამშაბათს გაემგზავრებით  სან ფრანცისკოში! ქალს  სასოწარკვეთილების ოხვრა აღმოხდა. შემდეგ ჩახლეჩილი  ხმით ყრუ კივილი მორთო. მასში ადამიანური აღარაფერი იყო. იგი იატაკს ურტყამდა თავს. ექიმი მაკფეილი ასაყენებლად მივარდა. - დაწყნარდით, დაწყნარდით, ასე არ  შეიძლება. წადით და წამოწექით, ახლავე წამალს მოგიტანთ... ქალი ფეხზე წამოაყენა და როგორც იქნა ქვემოთ ჩაიყვანა. ძალზე გაბრაზებული იყო თავის ცოლსა და მისის დევიდსონზე, რომ არ ჩაერივნენ ამ ამბავში. მეტისი კიბეზე იდგა. ექიმმა მისი დახმარებით მისს ტომპსონი  საწოლზე დააწვინა. იგი კვნესოდა, კანკალებდა და ზლუქუნებდა, გრძნობა თიტქმის დაკარგვოდა. ექიმმა ნემსი გაუკეთა. გაავებული და განაწამები ექიმი მაკფეილი  სასტუმრო ოთახში ავიდა. - როგორც იქნა, ლოგინში ჩავაწვინეთ. ქალები და დევიდსონი ისევ ისე ისხდნენ, როგორც დატოვა. ეტყობოდა არც დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს და არც დაძრულიყვნენ ადგილიდან.

- მე თქვენ გელოდით, - თქვა დევიდსონმა უცნაური, მიმქრალი  ხმით. - მინდა ყველამ ჩვენთან ერთად ილოცოთ ჩვენი გზასაცდენილი დის  სულისათვის. მან თაროდან ბიბლი გადმოიღო და მაგიდას მიუჯდა. ვახშმის ჭურჭელი ჯერ არ აელაგებინათ და ადგილის მოსაცლელად ჩაიდანი გვერდით მისწია. ძლიერი, მჭღერი  ხმით წაიკითხა ის თავი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ მოუყვანეს ქრისტეს მრუშობის დროს  შეპყრობილი დიაცი. - ახლა მოიყარეთ მუხლი და ჩემთან ერთად ილოცეთ ჩვენი  საყვარელი დის, სედი ტომპსონის  სულისათვის. მან მხურვალედ დაიწყო ლოცვა. ღმერთს  შესთხოვდა მოწყალება მოეღო ცოდვილზე. მისის მაკფეილმა და მისის დევიდსონმა დაიჩოქეს და  სახეზე  ხელები აიფარეს. უნებურად გამოჭერილი ექიმი უხალისოდ მიჰყვა მათ მაგალითს, მისიონერი აღგზნებული მჭევრმეტყველებით ღაღადებდა, ლოყებზე ღაპაღუპით  სდიოდა ცრემლი. გარეთ წვიმდა, წვიმდა ადამიანივით - ჯიუტად და გაავებით. ბოლოს მისიონერი დადუმდა. წუთით  სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი მანვე დაარღვია: - ახლა " მამაო ჩვენო " წავიკითხოთ. მათ წაიკითხეს ლოცვა და მისიონერთან ერთად წამოდგნენ. მისის დევიდსონს  სახე გაფერმკეთალებოდა და დაწყნარებოდა. ეტყობოდა  სულიერ  შვებას გრძნობდა. მაგრამ ექიმი და მისის მაკფეილი მოულოდნელად  სირცხვილის გრძნობამ აიტანა. აღარ იცოდნენ  სად წაეღოთ თვალები. - ჩავალ და ვნახავ, როგორ გრძნობს თავს, - თქვა ექიმმა მაკფეილმა. კაკუნზე ჰორნმა გაუღო კარი. ტომპსონი  სარწეველა  სკამში იჯდა და ჩუმად ტიროდა. - რატომ ადექით? - წამოიძახა ექიმმა, -  ხომ გითხარით, იწექით-მეთქი. - არ  შემიძლია წოლა, მისტერ დევიდსონის ნახვა მინდა. - რა გინდა მასთან, შე უბედურო, მაინც ვერაფერს გადაათქმევინებ. - მან თქვა, როცა კი დამიძახებ, მოვალო. მაკფეილმა ანიშნა მედუქნეს. - წადით, დაუძახეთ. ისინი უსიტყვოდ ელოდნენ, სანამ ჰორნი კიბეზე ადიოდა. ჩქარა ოთახში დევიდსონი  შემოვიდა.

- მაპატიეთ, რომ დაგიძახეთ, - თქვა ქალმა და უღიმღამოდ  შეხედა. - მე ველოდი, რომ მიხმობდით, ვიცოდი, ღმერთი  შეისმენდა ჩემს ვედრებას. წამით ერთმანეთს  შეხედეს, შემდეგ ტომპსონმა თვალი მოარიდა. ის  სულ განზე იცქირებოდა, სანამ ლაპარაკობდა. - მე უწესო ქალი ვიყავი, მონანიება მინდა. - მადლობა უფალს! მადლობა უფალს! მან ყურად იღო ჩვენი ლოცვა-ვედრება! - იგი მაკფეილსა და მედუქნეს მიუბრუნდა: - მარტო დაგვტოვეთ. გადაეცით მისის დევიდსონს, რომ ჩვენი ლოცვა  შეისმინა უზენაესმა! ისინი გამოვიდნენ და კარი გამოიხურეს. -  ხედავთ?! - თქვა მედუქნემ. იმ ღამეს ექიმმა მაკფეილმა თვალი ვერ მოხუჭა. მისიონერი რომ დაბრუნდა, ექიმმა  საათს დახედა: ორი  ხდებოდა. დევიდსონი მაინც არ დაწვა. მათ ოთახებს  ხის ტიხარი ჰყოფდა და ექიმს ესმოდა დევიდსონის  ხმამაღალი ლოცვა, სანამ დაქანცულს არ ჩაეძინა. დილით ექიმი მისიონერის  სახემ გააკვირვა. იგი ჩვეულებრივზე ფერმკრთალი და მოღლილი ჩანდა, მაგრამ  სიხარულით და ბედნიერებით  სავსე თვალები არაამქვეყნიური ცეცხლით უელავდა. - ახლა  შეგიძლიათ  სედისთან ჩასვლა? - ჰკითხა მან ექიმს, - მისი  სხეული ჯერ კიდევ არ გამრთელებულა, მაგრამ  სული მისი, სული  სრულიად გარდაიქმნა! ექიმს ნერვები გაღიზიანებული ჰქონდა და რაღაც მოთენთილობას გრძნობდა. - წუხელ  საკმაოდ გვიანობამდე დაჰყავით მასთან. - უთხრა ექიმმა. - დიახ, უჩემოდ არ უნდოდა დარჩენა. -  სახე მთლად გიბრწყინავთ. -  შენიშნა ექიმმა. დევიდსონის თვალებში ექსტაზი აციმციმდა. მე უდიდესი წყალობა გარდმომევლინა. გუშინ წილად მხვდა ბედნიერება დამებრუნებინა გზააბნეული  სული იესოს  სავანეში. მისს ტომპსონი ისევ  სარწეველა  სკამში იჯდა, ლოგინი აულაგებელი ჰქონდა, ოთახი არეულ-დარეული, ჩაცმაზე თავი არ  შეეწუხებინა და ჭუჭყიან  ხალათში იყო გამოხვეული. თმა როგორც მოხვედროდა, გორგლად დაეკოფსებინა კეფაზე.

სახე შეშუპებოდა და ცრემლების კვალი აჩნდა, თუმცა  სველი პირსახოცით ჩამოეწმინდა. შესახედაობა უშნო და ბეჩავი ჰქონდა. მან ექიმს გულგრილად  შეხედა. მისს ტომპსონს მთლად მოტეხილი და ნაწამები იერი ედო. -  სადაა მისტერ დევიდსონი? - იკითხა მან. - თუ ძალიან გჭირდებათ, ახლავე მობრძანდება, - გული მოუვიდა ექიმს, - მე იმის გასაგებად მოვედი, როგორ  ხართ. - ეჰ ძალიან კარგად ვარ, ჩემზე ნუ  სწუხხართ. - ჭამეთ რამე? - ჰორნმა ყავა მოიტანა. ქალმა  შეწუხებული  სახით გახედა კარს. - თქვენ გგონიათ ჩქარა მოვა? ისე ძალიან აღარ მეშინია  ხოლმე, როცა ის ჩემთანაა. - მაშ, სამშაბათს მიდიხართ? - დიახ, უნდა წახვიდეო. თუ  შეიძლება უთხარით, მალე მოვიდეს. თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარებით. ახლა მხოლოდ მას  შეუძლია ჩემი  შველა. - ძალიან კარგი. - უთხრა ექიმმა მაკფეილმა. მომდევნო  სამი დღე მისიონერმა ლამის  სულ მისს ტომპსონის ოთახში გაატარა. ცოლსა და მაკფეილებს მხოლოდ  სადილის დროს  ხვდებოდა. ექიმმა მაკფეილმა  შეამჩნია, რომ ის თითქმის აღარაფერს აკარებდა პირს. - თავს არ ზოგავს, - წუწუნებდა მისის დევიდსონი, - თუ ასე გაგრძელდა, იქნებ ავადაც გახდეს, მაგრამ ამას არ დაგიდევს… თვითონ მისის დევიდსონიც გახდა და ფერი დაკარგა. მისის მაკფეილს  შესჩივლა, ძილი გამიკრთაო. ტომპსონისაგან რომ ბრუნდებოდა მისიონერი დილამდე ლოცულობდა. შემდეგ  სულ ცოტა  ხნით ატყუებდა თვალს. ორიოდე  საათში დგებოდა, იცვამდა და  სანაპიროზე მიდიოდა გასასეირნებლად. უცნაური  სიზმრებიც დასჩემდა. - დღეს დილით მითხრა, ნებრასკის მთები მესიზმრაო. - აცნობა მაკფეილებს მისის დევიდსონმა. -  საინტერესოა. - თქვა ექიმმა. მას გაახსენდა ამერიკაში მოგზაურობის დროოს მატარებლის ფანჯრიდან დანახული ნებრასკის მთები. ისინი თხუნელების გორაკებს წააგავდნენ.

მომრგვალებული და გლუვები, ციცაბოდ აზიდულიყვნენ ბრტყელ ტაფობზე. ექიმ მაკფეილს ისიც გაახსენდა, რომ მაშინ ის მთები ქალის ძუძუებს მიამსგავსა. მისიონერი ისე იყო აღგზნებული, რომ თვით მისთვისაც კი აუტანელი გახდა ასეთი ყოფა, მაგრამ ყოვლისმძლე  სიხარული უნარჩუნებდა ძალ-ღონეს. იგი ძირფესვიანად გლეჯდა  საცოდავი ქალის გულში ჯერ კიდევ ჩარჩენილ ცოდვათა კვალს. მასთან ერთად კითხულობდა ბილიას და ლოცულობდა. - პირდაპირ  სასწაულია, - თქვა ერთხელ მან ვახშამზე, - ეს ნამდვილად  ხელმეორედ დაბადებაა. მისი კუპრივით  შავი  სული ახლა პირველი თოვლივით  სუფთაა და  სპეტაკი. მე მორჩილებით და თრთოლვით ვარ აღსავსე. მის მიერ ჩადენილ ცოდვათა მონანიება მშვენიერია, ღირსიც არა ვარ  შევეხო მის კაბის კალთას. - მერე, გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ  სან-ფრანცისკოში გააგზავნოთ? - ჰკითხა ექიმმა, -  სამი წელი ამერიკის ციხეში! მე მგონი, თქვენ  შეგიძლიათ, საპატიმროსგანაც იხსნათ იგი! - როგორ არ გესმით, რომ ეს აუცილებელია! ხომ არ გგონიათ, რომ მე არ მიკვდება გული? მე იგი დასავით მიყვარს და მთელი იმ  ხნის განმავლობაში, რასაც იგი ციხეში გაატარებს, მეც მასთან ერთად დავიტანჯები. - ეგ  სიულელეა! - წამოიძახა ექიმმა. - თქვენ არ გესმით, რადგან ვერაფერს  ხედავთ. მან  შესცოდა და უნდა მოინანიოს. მე ვიცი, რისი გადატანაც მოუხდება: მას აშიმშილებენ, აწამებენ, დაამცირებენ. მე მინდა, რომ კაცის  ხელით მიყენებული  სასჯელი იყოს ის მსხვერპლი, რომელსაც იგი  შესწირავს უფალს. მე მინდა, რომ მან ეს  სასჯელი  სიხარულით მიიღოს. მას არსთა განმგემ არგუნა ის წყალობა, რაც მხოლოდ ძალზე მცირეთ გარდმოევლინება  ხოლმე, ღმერთი კეთილია და ყოვლისმოწყალე! დევიდსონს მღელვარებისაგან  ხმა აუკანკალდა. ბაგეთაგან მგზნებარედ მოწყვეტილ  სიტყვებს ვეღარ აბოლოვებდა. - მთელი დღე ვლოცულობ მასთან. ვბრუნდები ჩემს ოთახში და კვლავ ვლოცულობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ მაცხოვარმა იესომ მასზე უდიდესი მოწყალება მოიღო. მინდა ჩავუნერგო  სასჯელის გადატანის ისეთი მგზნებარე  სურვილი, რომ  შევთავაზო კიდეც დარჩენა, თვითონვე განაცხადოს უარი. მინდა იგრძნოს, რომ  საპყრობილეში გადატანილი ტანჯვა-ვაება არის ის მსხვერპლი, რომელიც მიაქვს მას ფერხთა წინაშე მაცხოვრისა, ვინც მისთვის  სიცოცხლე გასწირა! დღწწბი ზანტად გადიოდა. სახლის ყველა ბინადარი მხოლოდ ამ უბედური ქალის ტანჯვაზე ფიქრობდა და არაჩვეულებრივად დაძაბულად გრძნობდა თავს. იგი წააგავდა მსხვერპლს, რომელსაც წარმართული რელიგიის რომელიღაც ბნელი, სისხლიანი რიტუალისათვის ამზადებდნენ. შიშმა მთლიანად წაართვა ძალა.

წუთითაც აღარ იშორებდა დევიდსონს. მხოლოდ მის  სიახლოვეს უბრუნდებოდა გამბედაობა და მონური  შიშით  შეპყრობილი ებღაუჭებოდა მას. ერთთავად ტიროდა, კითხულობდა ბიბლიას და ლოცულობდა. ასეთ დროს  საპყრობილე ნამდვილ  ხსნად ესახებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ციხე კონკრეტული რეალობა იყო, რომელიც ამ ტანჯვა-წამებას მოუღებდა ბოლოს. გაურკვეველი  შიში უფრო და უფრო ძნელი ასატანი  ხდებოდა, რაკი ცოდვას განუდგა, ახლა თავის გარეგნობაზე აღარ ზრუნავდა და გაწეწილი, დაუბანელი, ჭრელ  ხალათში გამოწყობილი დაბორიალობდა ოთახში. ოთხი დღე არც ღამის პერანგი გაუხდია და არც წინდები ჩაუცვამს. მთელი ოთახი მონაგავებული და არეულ-დარეული ჰქონდა. წვიმა კი კვლავ ულმობელი  სიჯიუტით მოდიოდა. ზეცა თითქოს უკვე უნდა დაცლილიყო წყლისგან, მაგრამ მაინც კოკისპირულად ასხამდა. ადამიანი  სიგიჟემდე მიჰყავდა თუნუქის  სახურავზე წვიმის მონოტონურ კაკუნს. ყველაფერი ნესტიანი და გაწებილი იყო. კედლებს, და იატაკზე დაყრილ ფეხსაცმელებს ობი მოჰკიდებოდა. უძილო ღამეებში გაავებით ზუზუნებდნენ კოღოები. - ერთი დღით მაინც გადაეღო, კიდევ აიტანდა კაცი. - თქვა ექიმმა. იგი  ხსნასავით ელოდა  სამშაბათს, როდესაც  სან-ფრანცისკოში მიმავალი გემი უნდა მოსულიყო. დაძაბულობა აუტანელი გახდა. ბრაზი და  სიბრალული ექიმი მაკფეილის გულიდან ერთადერთმა  სურვილმა განდევნა - ჩქარა მოეცილებინათ თავიდან უბედური ქალი. ადამიანი იძულებულია, მიიღოს გარდაუვალი. ექიმი გრძნობდა, რომ ნამდვილად მოეშვებოდა გულს, როცა გემი ნაპირს მოსცილდებოდა. მისს ტომპსონი გემზე გუბერნატორის კანცელარიის მოხელეს უნდა აეყვანა. მან ორშაბათ  საღამოს  შეუარა ქალს და  სთხვა, ხვალ თერთმეტი  საათისთვის მზად იყავიო. მისს ტომპსონთან დევიდსონი იყო. - მე ვადევნებ თვალყურს და ყველაფერი რიგზე იქნება. გემზედაც გამოგყვებით გასაცილებლად. - თქვა მან. მისს ტომპსონი დუმდა. ექიმმა მაკფეილმა  შვებით ამოისუნთქა, როდესაც იმ  საღამოს  სანთელი ჩააქრო და მოსკიტების ბადის ქვეშ ფრთხილად  შეძვრა. - მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა, ხვალ ამ დროს უკვე წასული იქნება. - ალბათ მისის დევიდსონიც გახარებულია, სულ იმას  შემომჩივის მისტერ დევიდსონი აჩრდილს დაემსგავსაო, - უთხრა მისის მაკფეილმა, - ვეღარც მას იცნობ, ისეა  შეცვლილი. - ვინ არის  შეცვლილი? -  სედი. არ დავიჯერებდი ასეთი რამ თუ  საერთოდ  შესაძლებელი იყო. ამის  შემხედვარე ძალაუნებურად მორჩილებით იმსჭვალები.

ექიმმა მაკფეილმა არაფერი უპასუხა, ჩქარა მოეკიდა ძილი. ძალზე დაქანცული იყო და ღრმად ჩაეძინა. ვიღაცის  ხელის  შეხებამ წამოახტუნა. საწოლთან ჰორნი იდგა. მედუქნემ ტუჩზე მიიდო თითი და ანიშნა თან გაჰყოლოდა.

ჰორნი  საერთოდ გაცრეცილ ტილოს კოსტუმს ატარებდა, მაგრამ ამჯერად ფეხშიშველა იყო და ლავა-ლავა ეცვა, რის გამოც ველურს დამსგავსებოდა.

ლოგინიდან ადგომისას ექიმმა  შეამჩნია, რომ მედუქნეს მთელი  სხეული  სვირინგებით ჰქონდა დაფარული. ჰორნი ვერანდაზე გავიდა. ექიმი მაკფეილი  საწოლიდან გადმოვიდა და უკან გაჰყვა.

- ჩუმად, - წასჩურჩულა ვაჭარმა. - თქვენ  საჭირო  ხართ. წამოისხით რამე და ფეხსაცმელი ჩაიცვით. ჩქარა.

- რა მოხდა? ინსტრუმენტები წამოვიღო? - ჩქარა, ღვთის გულისათვის, ჩქარა! ექიმი მაკფეილი  საწოლ ოთახში  შეიპარა, პიჟამოზე  საწვიმარი გადაიცვა, ფეხები რეზინისძირიან ფეხსაცმელში ჩაყო და მედუქნესთან ერთად ფეხის წვერებზე დაეშვა კიბეზე.

ქუჩის კარი ღია იყო. მის წინ რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი იდგა.

- რა მოხდა? - გაიმეორა ექიმმა.

- წავიდეთ, - უთხრა ჰორნმა. იგი გავიდა და ექიმიც გაჰყვა.

იქაურები ჯგუფად მიჰყვებოდნენ. შარა გადაჭრეს და ზღვის ნაპირს გაჰყვნენ.

ცოტა მოშორებით ექიმმა  შენიშნა ადგილობრივ მცხოვრებთა ჯგუფი. ისინი წყლის პირას დაგდებულ რაღაც  საგანს  შემოხვეოდნენ. მათ ნაბიჯს მოუჩქარეს. დამხვდურებმა გზა დაუთმეს ექიმს. მედუქნემ იგი წინ გაატარა.

მაკფეილმა დაინახა ნახევრად წყალში და ნახევრად ქვიშაში დაგდებული გვამი - დევიდსონის გვამი.

ექიმი დაიხარა, იგი იმათ რიცხვს არ ეკუთვნოდა, გაჭირვების ჟამს რომ იბნევიან ხოლმე და გადააბრუნა გვამი. დევიდსონს ყურის ძირებამდე ჰქონდა ყელი გამოღადრული. მარჯვენა ხელში ჯერ კიდევ ჩაბღუჯული ჰქონდა საბედისწერო  სამართებელი.

- გაცივებულია, - თქვა ექიმმა, - დიდი  ხნის მკვდარია.

-  სამუშაოზე მიმავალ ბიჭებს  შეენიშნათ, ერთ-ერთმა  შემატყობინა.

როგორ გგონიათ, თვითონ მოიკლა თავი?

- ჰო, ვინმე წავიდეს პოლიციის დასაძახებლად. ჰორნმა იქაურ ენაზე თქვა რაღაც და ორი ახალგაზრდა გაიქცა.

- პოლიციის მოსვლამდე ასე უნდა დარჩეს, - თქვა ექიმმა.

- ჩვენთან  ხომ არ წამოიღებენ? მე არ მივცემ ნებას, რომ ჩემს  სახლში დაასვენონ. - როგორც გეტყვიან, ისე მოიქცევი. - მკვახედ მიუგო ექიმმა, - მორგში წაიღებენ. იდგნენ და ელოდნენ.

ექიმმა თავისი ლავა-ლავას ნაოჭებიდან  სიგარეტები ამოიღო და ერთი ექიმს გაუწოდა. ჩუმად ეწეოდნენ და გვამს დასცქეროდნენ.

ექიმს ვერ გაეგო რა მოხდა. - რიგორ გგონია, რატომ მოიკლა თავი, ჰა? - კითხა ჰორნმა. ექიმმა მხრები აიჩეჩა. მალე პოლიციიდანაც მოვიდნენ და  საკაცე მოიტანეს.

პოლიციელები ადგილობრივი მკვიდრნი იყვნენ, რომელთაც ვიღაც თეთრკანიანი მეთაურობდა. უკან ორი  საზღვაო ოფიცერი და ფლოტის ექიმი მოჰყვათ.

მათ  საქმიანად დაიწყეს ფუსფუსი. - ცოლს უნდა  შევატყობინოთ, - თქვა ერთმა ოფიცერმა. - რაკი თქვენ მოხვედით, შინ წავალ და რამეს ჩავიცვამ. მე მოვახერხებ, რომ  შეატყობინონ. ჩემი აზრით, არ ღირს ნახოს გვამი, სანამ არ მოაწესრიგებენ.

- მართალია. - თქვა ფლოტის ექიმმა.

მისის მაკფეილი ჩაცმას ამთავრებდა, როცა ექიმი ოთახში  შევიდა. - მისის დევიდსონი ძალიან ღელავს ქმრის გამო, - თქვა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა ექიმს.

- მისტერ დევიდსონი მთელი ღამე  შინ არ ყოფილა. მისის დევიდსონს გაუგონია, როგორ გამოსულა მისს ტომპსონისაგან ღამის ორ  საათზე, მაგრამ  სახლიდან წასულა. თუ აქამდე  სეირნობდა, ალბათ ძალიან დაიღლებოდა.

ექიმმა მაკფეილმა  შეატყობინა, რა უბედურებაც მოხდა და დაავალა, მისის დევიდსონი  შეამზადეო.

- კი მაგრამ, რატომ ჩაიდინა ეს? - იკითხა  შეძრწუნებულმა მისის მაკფეილმა.

- არ ვიცი.

- არ  შემიძლია, არ  შემიძლია! -  საჭიროა! მან  შეშინებული თვალებით  შეხედა ქმარს და ოთახიდან გავიდა.

ექიმს ესმოდა, როგორ  შევიდა იგი მისის დევიდსონის ოთახში. მაკფეილმა ცოტა  ხანს  შეიცადა, რომ აზრი მოეკრიბა და პირის პარსვას  შეუდგა. შემდეგ ჩაიცვა, საწოლზე ჩამოჯდა და ცოლს დაელოდა. ბოლოს მისის მაკფეილიც დაბრუნდა.

- მისი ნახვა უნდა, - თქვა მან. - მორგში წაიღეს. უნდა გავყვეთ მისის დევიდსონს. ამ ამბავს როგორ  შეხვდა? - თითქოს თავში ჩაარტყეს რამეო, ისეა გაოგნებული. არ ტირის, მაგრამ ფოთოლივით ცახცახებს.

- ახლავე უნდა მივიდეთ. კარზე დააკაკუნეს. მისის დევიდსონი გარეთ გამოვიდა. ძალზე ფერმკრთალი იყო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ უჩანდა. მის  სიმშვიდეში ექიმს რაღაც არაბუნებრივი მოეჩვენა.

უსიტყვოდ გაჰყვნენ  შარაგზას. როდესაც მორგს მიუახლოვდნენ, მისის დევიდსონმა  ხმა ამოიღო: - მე მინდა მარტომ ვნახო იგი.

მაკფეილები განზე გადგნენ. მუქკანიანმა კაცმა გაუღო კარი და ისევ მიხურა. მაკფეილები დასხდნენ და ლოდინი დაუწყეს. რამდენიმე თეთრკანიანი მოუახლოვდათ და ჩურჩულით დაუწყეს ლაპარაკი.

ექიმი ისევ მოყვა, რაც იცოდა ამ ტრაგედიის  შესახებ. ბოლოს კარი წყნარად გაიღო და მისის დევიდსონი გამოვიდა. - ახლა  შეიძლება დავბრუნდეთ. - თქვა მან. მისი მშვიდი  ხმა მკაცრად გაისმა.

ექიმმა მაკფეილმა მის თვალებში ვერაფერი ამოიკითხა. ფერმკრთალ  სახეზე პირქუში იერი ედო. უსიტყვოდ, აუჩქარებლად მიდიოდნენ. მიუახლოვდნენ მოსახვევს, რომლის იქით ჰორნის  სახლი იდგა.

მისის დევიდსონმა გაკვირვებისაგან რაღაც წამოიძახა და  სამივენი ელდანაკრავივით გაქვავდნენ ადგილზე. მათ ყურთასმენას წარმოუდგენელმა  ხმებმა მიაღწია. ამდენ  ხანს გაჩუმებული გრამაფონი უკრავდა - მთელი  ხმით გაჰკიოდა  საცეკვავო მელოდიას.

- ეს რა არის?! - წამოიძახა  შეძრწუნებულმა მისის მაკფეილმა. - წავიდეთ, - თქვა მისის დევიდსონმა. კიბეს აჰყვნენ და  სახლში  შევიდნენ. მისს ტომპსონი თავის ოთახის კარში იდგა და ვიღაც მეზღვაურს ელაქლაქებოდა.

მასში უეცარი ცვლილება მომხდარიყო: სადღაც გამქრალიყო ბოლო დღეების დამფრთხალი, დაშინებული ქალი. იგი ძველებურად მორთულიყო: ტანზე თეთრი კაბა ეცვა, ბამბის მაღალყელიან წინდებშემოტმასნილი ზორბა წვივის კუნთები გაპრიალებულ ლაიკის ჩექმებს ყელზე გადმოჰკიდებოდა. თმა დაევარცხნა, თავზე ჭრელყვავილებიანი, ვეებერთელა  შლაპა წამოედო. ლოყები ვარდისფრად  შეეღება, ტუჩები ალისფრად, წარბები ღამესავით ჩაეშავებინა.

მათ წინ ისევ ის უტიფარი გომბიო იდგა. ამაყად წელგამართულმა მისს ტომპსონმა მათ დანახვაზე  ხმამალა, დამცინავად გადაიხარხარა. შემდეგ კი, როდესაც მისის დევიდსონი თავისდა უნებურად  შედგა, ნერწყვი მოაგროვა და მიაფურთხა.

მისის დევიდსონმა უკან დაიხია, ღაწვებზე ორი წითელი ლაქა დააჩნდა. მერე  სახეზე  ხელები აიფარა, ადგილიდან მოსწყდა და კიბეზე აირბინა.

ექიმი მაკფეილი აღშფოთდა. მან  ხელი ჰკრა მისს ტომპსონს და მის ოთახში  შევარდა. - რას  შვრები? - დაუყვირა მან. - გააჩერე ეგ წყეული მანქანა! იგი გრამაფონს ეცა და ფირფიტა გამოიღო.

- აბა, მკურნალო, ნუ წაიგრძელე  ხელები. რა გნებავს ჩემს ოთახში? - ეცა მას მისს ტომპსონი.

- როგორ?! - დაიყვირა ექიმმა, - ეს როგორ?!

ქალმა დოინჯი  შემოიყარა. მის თვალებში აუწერელი ზიზღი მოჩანდა, ხმაში კი უსაზღვრო  სიძულვილი: - ოჰ, ეს კაცები, ბილწი ღორები. ყველანი ერთნაირები  ხართ. ღორები! ღორები!

ექიმ მაკფეილს კრინტი არ დაუძრავს. იგი მიხვდა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ