აურას ფეისბუქ გვერდი გატეხილია. მიმდინარეობს დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 307 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

– 1 –

 

– დათვმა მასაკიტიმ იმდენი თაფლი მოაგროვა ფუღუროებში, რომ მთელ სოფელს გააძღობდა. კასრში გადაასხა, მთიდან ჩამოვიდა და ქალაქს მიაშურა გასაყიდად. მასაკიტი ფუღუროდან თაფლის ამოღების ნამდვილი ოსტატი იყო.

– საიდან ჰქონდა დათვს კასრი? - ჰკითხა სარამ.

– უბრალოდ, ჰქონდა, მორჩა და გათავდა. გზაზე ეგდო. იმანაც აიღო. იფიქრა, ერთხელაც იქნება, გამომადგებაო, - აუხსნა ძიუნპეიმ.

– ჰოდა, გამოადგა კიდეც.

– სწორეა, გამოადგა. წავიდა მასაკიტი ქალაქში, მოედანზე ადგილი შეარჩია, აბრა გამოკიდა “ძალიან გემრიელი ნატურალური თაფლი, ჭიქა - 200 იენი” და დაიწყო ვაჭრობა.

– დათვმა რა, წერა იცის?

– ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, - თქვა ძიუნპეიმ. - ერთ გვერდით მდგომ კაცს სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.

– ფულის დათვლა თუ იცის?

– იეს. ფულის დათვლა იცის. მასაკიტი ბავშვობიდან ადამიანებთან ცხოვრობდა. მაშინ ისწავლა ლაპარაკი და ფულის დათვლა. გონიერი დათვია.

– ესე იგი, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავდება.

– აჰა. ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. მასაკიტი განსაკუთრებული დათვია. ამიტომ ერიდებიან ჩვეულებრივები.

– რას ნიშნავს “ერიდებიან”?

– იმას ნიშნავს, რომ ამბობენ: “ერთი შეხედეთ, როგორ იბღინძება” და ცდილობენ არ იმეგობრონ მასთან. ვერ ეწყობიან. მასაკიტი განსაკუთრებით ჩხუბისთავ ტონკიტის არ უყვარს.

– საბრალო მასაკიტი.

– მართლაც და საბრალო. თუმცა… გარეგნობა კი დათვისა აქვს, მაგრამ ადამიანები ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: “შენ ფულის დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე ლაპარაკიც”. მაგრამ არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.

– საბრალო, საბრალო მასაკიტი. მეგობრები მაინც თუ ჰყავს?

– მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა იპოვოს მეგობარი?

– სარას საბავშვო ბაღში მეგობრები… ჰყავს.

– რა თქმა უნდა, - თქვა ძიუნპეიმ, - რა თქმა უნდა, სარას ჰყავს მეგობრები.

– ძიუნ-ტიანს თუ ჰყავს მეგობრები? - სარას ეზარებოდა “ბიძია ძიუნპეის” სრულად წარმოთქმა და უბრალოდ “ძიუნ-ტიანს” ეძახდა.

– სარას მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედაც ჩემი მეგობარია.

– კარგია… როცა მეგობრები გყავს.

– ჰო. - თქვა ძიუნპეიმ, - კარგია, როცა მეგობრები გყავს. მართალი ხარ.

ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას სახელდახელოდ მოგონილ ამბებს. როცა სარა რამეს ვერ გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე მწვავე და ღრმა იყო. პასუხზე ფიქრისას ძიუნპეი ამბის გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს.

საიოკომ ქალიშვილს თბილი რძე მოუტანა.

– დათვი მასაკიტის ისტორიაა, - აუხსნა სარამ დედას. - მასაკიტი ფუღუროებში თაფლის ცნობილი შემგროვებელია, მაგრამ მეგობრები არა ჰყავს.

– მასაკიტი დიდია? - ჰკითხა სარას საიოკომ. გოგონამ დაბნეულმა შეხედა ძიუნპეის:

– მასაკიტი დიდია?

– არც ისე, - უპასუხა ძიუნპეიმ. - კაცმა რომ თქვას, პატარაც კია. დაახლოებით სარასხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით ტკბება.

საიოკომ “კალმახი” წაიღიღინა.

– მუსიკას როგორ უსმენს? მასაკიტის რა კომპაქტ-დისკ პლეიერი აქვს? - ჰკითხა სარამ ძიუნპეის.

– სადღაც გზაზე მაგნიტოლა იპოვა. აიღო და შინ მიიტანა.

– რაღაც მეტისმეტად ხშირად პოულობს ტყეში დაკარგულ ნივთებს… - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა სარამ.

– იცი… იქ ისა… ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან ყველაფერ ზედმეტს: “მეტი აღარ შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება. რაში მჭირდება ეს კასრი? ანდა მაგნიტოლა?” აი ასე გროვდება საჭირო ნივთები გზაზე.

– როგორ მესმის იმათი, - თქვა საიოკომ, - როცა ყველაფერი გინდა თავიდან მოიცილო.

– აი სარას კი - არა.

– იმიტომ რომ პატარა ძუნწი ხარ, - უთხრა ქალიშვილს საიოკომ.

– სულაც არა ვარ ძუნწი, - გააპროტესტა სარამ.

– ეს იმიტომ, რომ სარა ჯერ კიდევ პატარა და სიცოცხლით სავსეა, - შეუსწორა ძიუნპეიმ საიოკოს. - ესეც ასე. ეხლა კი რაც შეიძლება სწრაფად ვსვამთ რძეს. თუ დალევ, მოყოლას გავაგრძელებ.

– კარგი, - თქვა სარამ, ორივე ხელით აიღო ჭიქა და ყლუპ-ყლუპით გამოცალა. - ნეტავ მასაკიტი რატომ არ აცხობს თაფლის კვერებს და არ ჰყიდის? ქალაქელებს თაფლის კვერები უბრალო თაფლზე უფრო მოეწონებათ.

– მშვენიერი აზრია! კვერებიდან მეტი შემოსავალი ექნება, - გაიცინა საიოკომ.

– ახალ მიმართულებებს ვირჩევთ დამატებითი შემოსავლის ძიებაში. ამ ბავშვისგან ურიგო მეწარმე არ დადგება, - თქვა ძიუნპეიმ.

სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა. ძიუნპეი და საიოკო დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და სამზარეულოში გავიდნენ. იქ ერთმანეთის პირიპირ დასხდნენ და ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა გონზე, ძიუნპეი კი ისევ უკან, თავის რაიონში - იოიოგი-უეხარაში უნდა დაბრუნებულიყო.

– მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, - თქვა საიოკომ. - მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი… აბა შენს მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება. კანთან დარეკვას ხომ აზრი არა აქვს.

ძიუნპეიმ თავი დაუქნია, ლუდი მოსვა და თეფშიდან კრეკერი აიღო:

– ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ ვიძინებ. თან ღამით გზები ცარიელია - უცბათ მივალ.

– მუშაობდი?

– ცოტ-ცოტა…

– მოთხრობას წერდი?

ძიუნპეიმ თავი დაუქნია.

– მიდის ნელ-ნელა?

– როგორც ყოველთვის. ვწერ მოთხრობას, რომელსაც დაბეჭდავენ ლიტერატურულ ალმანახში. რომელსაც არავინ არ წაიკითხავს.

– მე შენს ყველა მოთხრობას ვკითხულობ.

– გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ, - თქვა ძიუნპეიმ. - მაგრამ რადგან ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი… იცი, რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა ძველდება თვითონ მოთხრობის ფორმაც - ზუსტად ისე, როგორც საცოდავი ლოგარითმული სახაზავი. კარგი, მოვრჩეთ ამაზე. სარაზე მინდა გკითხო. მსგავსი რამ ადრეც ემართებოდა?

საიოკომ თავი დააქნია:

– მარტო “ადრეც ემართებოდა” რომ იყოს! თითქმის ყოველ დღე: შუაღამისას იღვიძებს და ისტერიკა ემართება. ერთიანად ცახცახებს. რაც არ უნდა იღონო, არ ჩერდება. მეტი აღარ შემიძლია.

– რას ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი?

საიოკომ ლუდი დალია და ცარიელ ჭიქას დააშტერდა.

– მგონია, რომ ტელევიზორში ნაჩვენები მიწისძვრის ამბების ბრალია. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს მეტიმეტია. მას მერე, რაც ბიძგები შეწყდა, ღამით ეღვიძება. სარა ამბობს, რომ ვიღაც უცნობი ძია მოდის მასთან. ძია-მიწისმნჯღრეველი. ამბობს, რომ აღვიძებს და პატარა ყუთში ჩასმას უპირებს. ყუთი კი ისეთია, რომ ადამიანი ვერაფრით ჩაეტევა. სარა რაც ძალი და ღონე აქვს წინააღმდეგობას უწევს, იმას კი მკლავში ჩაუვლია ხელი და ტენის ყუთში. ძვლებს ჭახა-ჭუხი გაუდის. სარა ყვირის და ეღვიძება.

– ძია-მიწისმნჯღრეველი?

– ჰო, აყლაყუდა და ბებერი. როგორც კი დაინახავს სარა, ყველგან სინათლეს რთავს და მთელ სახლში ეძებს: კარადებში, ფეხსაცმლის თაროზე, საწოლის ქვეშ, კომოდის უჯრებში. ვეუბნები, სიზმარი იყო-მეთქი. მაგრამ არ იჯერებს. და მხოლოდ მას შემდეგ იძინებს, როცა დარწმუნდება, რომ ის ძია არსად არ იმალება. ამასობაში ორი საათი მაინც გადის. მე კი ძილის თავი აღარა მაქვს. ქრონიკული უძილობისგან მაქანავებს. სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვა.

საიოკო ყოველთვის არ იყო ასეთი გულახდილი.

– შეეცადე, რომ ახალ ამბებს არ უყუროს, - თქვა ძიუნპეიმ. - და საერთოდაც, რაღაც დროის განმავლობაში სულ ნუ მიუშვებ ტელევიზორთან. ეხლა ყველა არხზე მხოლოდ მიწისძვრაა.

– თითქმის არც ვუყურებთ, მაგრამ ეს აღარ შველის. სულ ერთია, ძია-მიწისმნჯღრეველი თავს აღარ ანებებს. ექიმთანაც ვიყავით. რაღაც დამამშვიდებელი გამოუწერა, ძილის საშუალების მაგვარი.

ძიუნპეი ჩაფიქრდა.

– მოდი, თუ გინდა, კვირას ზოოპარკში წავიდეთ. სარას ნამდვილი დათვის ნახვა უნდა.

საიოკომ თვალები მოჭუტა და ძიუნპეის შეხედა:

– კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია ოთხივე ერთად არსად არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე კანს, კარგი?

ძიუნპეი ოცდათექვცმეტისაა. ხიოგოს პრეფექტურის ქალაქ ნიშინომიაში დაიბადა. მდინარე სიუკუგავას ნაპირზე მშვიდ კვარტალში გაიზარდა. მამამისს საათებისა და საიუველირო ნაწარმის ორი მაღაზია ჰქონდა ოსაკასა და კობეში. ჰყავს ექვსი წლით უმცროსი და. კობეში კერძო სკოლა რომ დაამთავრა, ერთბაშად ორ, კომერციულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. მაგრამ წუთიც არ უყოყმანია ისე აირჩია ფილოლოგიური, თან მშობლები მოატყუა, ეკონომიკურზე მოვეწყეო. ლიტერატურის შესასწავლად მშობლები ფულს არ მისცემდნენ. ძიუნპეის არ უნდოდა ეკონომიკის სისტემის შესასწავლად ტყუილად გაეფლანგა ოთხი წელიწადი. ლიტერატურის შესწავლა, უფრო სწორად კი, მწერლობა უნდოდა.

ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე კან ტაკაცუკისა და საიოკოს დაუმეგობრდა. ტაკაცუკი ნაგანოდან იყო, უფროს კლასებში ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა. მაღალი იყო, ფართობეჭიანი. მხოლოდ მეორე ცდაზე მოეწყო უნივერსიტეტში, ძიუნპეიზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა, შეუპოვარი იყო. იოლად ახერხებდა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას. ნებისმიერ ჯგუფში როგორღაც თავისთავად ხდებოდა ლიდერი. ერთადერთი, რასაც ვერც გულს უდებდა და არც გამოსდიოდა, წიგნების კითხვა იყო. ფილოლოგიურზე მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე ჩაფლავდა. “ჰოდა, ძალიანაც კარგი, - თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე, - ჟურნალისტი გავხდები, სტატიების წერას ვისწავლი”.

ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა, რით მიიპყრო ტაკაცუკის ყურადღება. როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, ზიუნპეი განმარტოვდებოდა თავის ოთახში, სადაც უსასრულოდ შეეძლო წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. სპორტი არ აინტერესებდა, მისი სტიქია სომშვიდე იყო. ადამიანებს შეძლებისდაგვარად ერიდებოდა, ნაცნობების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა. ამიტომაც უცნაური იყო, დანახვისთანავე რატომ გადაწყვიტა ტაკაცუკიმ მასთან დამეგობრება. ძველი ნაცნობივით მიესალმა, მხარზე მოუტყაპუნა ხელი და სადმე წავისადილოთო, დაპატიჟა. აი ასე, ერთ დღეში იქცნენ განუყრელ მეგობრებად.

დაახლოებით ასე გაიცნეს საიოკოც. ხელი მოუტყაპუნეს მხარზე და სადილად დაპატიჟეს. ასე შეიკრა ეს მჭიდრო კომპანია. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ: ერთმანეთისგან იწერდნენ კონსპექტებს, სადილობდნენ უნივერსიტეტის სასადილოში, ლექციებს შორის დროს მომავალზე ლაყბობით კლავდენ კაფეში. ჯიბის ფულის საშოვნადაც ერთ სამუშაოს მოძებნიდნენ ხოლმე. ერთად უყურებდნენ კინოს ღამის კინოთეატრებში, როკ-კონცერტებზე დადიოდნენ და ხანაც უბრალოდ, უმიზნოდ დახეტიალობდნენ ტოკიოს ქუჩებში, გატრეტამდე სვამდნენ ლუდბარებში. მოკლედ, აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც ასე ჩვეულებრივია მსოფლიოს ყველა პირველკურსელისთვის.

საიოკო ასაკუსადან იყო (ტოკიოს ისტორიული კვარტალი. ცნობილია ქალაქის მთავარი ბუდისტური ტაძრით. მთარგმნ). მამამისს კიმონოს აქსესუარების მაღაზია ჰქონდა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა მემკვიდრეობით. კლიენტები კაბუკის თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ. მის უფროს ძმას ეს საოჯახო ბიზნესი ერგო, უმცროსი კი საპროექტო ბიუროში მუშაობდა. უნივერსიტეტში მოწყობამდე ვასედა საიოკომ ინგლისური ენის აღმოსავლეთის ქალთა კოლეჯი დაამთავრა. უნივერსიტეტშიც ფილოლოგიური აირჩია - ინგლისურენოვანი ლიტერატურის კვლევის გაგრძელება სურდა. ბევრს კითხულობდა. ძიუნპეი და საიოკო ხშირად ცვლიდნენ წიგნებს და ყოველთვის ცხარედ მსჯელობდნენ წაკითხულზე.

საიოკოს ლამაზი თმა და ჭკვიანური თვალები ჰქონდა. მშვიდი და რბილი საუბარი იცოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა შეკუმშული ზამბარა მაინც იგრძნობოდა. ამას სიტყვებზე უკეთ ტუჩების მკაცრი მოხაზულობა მეტყველებდა. იცვამდა სადად, არ იღებებოდა, და საერთოდაც, მიმზიდველი გოგოების სიაში ვერ ჩაწერდი. თუმცა საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და როცა ხუმრობდა, თვალებში ცუღლუტი ღიმილი გაუკრთებოდა ხოლმე. ასეთ წუთებში ძიუნპეის ძალიან მოსწონდა მისი სახე. დარწმუნებული იყო, რომ საიოკო სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც ეძებდა. მასთან შეხვედრამდე არავინ არ ჰყვარებია. სკოლაში ბიჭებს არც ისე დიდი შანსი აქვთ დაუახლოვდნენ გოგონებს.

თუმცა საიოკოსთვის თავისი გრძნობების გამხელა ძიუნპეიმ მაინც ვერ მოახერხა. ეშინოდა: ერთხელ ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა. სამუდამოდ რომ დაეკარგა? ასეც რომ არ მომხდარიყო, სამეულის ურთიერთობაში ბალანსი საბოლოოდ დაირღვეოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, ფიქრობდა ძიუნპეი. ვნახოთ, რა გამოვა.

პირველი ნაბიჯი ტაკაცუკიმ გადადგა.

– ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, მაგრამ… - უთხრა ძიუნპეის, - საიოკო მომწონს. შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ძიუნპეი ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე აუხსნა ტაკაცუკიმ.

ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის აზრს უცებ ვერც კი ჩახვდა. გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. არჩევანიც აღარ ჰქონდა.

– არა, რა თქმა უნდა.

– ჰოდა, ძალიანაც კარგი, - გაიღიმა ტაკაცუკიმ, - რაც არ უნდა იყოს, ეს შენც გეხება. არ მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენს მეგობრობაზე ემოქმედა. მაგრამ, ძიუნპეი, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. გესმის? ახლა თუ არა, მომავალში მაინც ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, სამივენი ისევ მეგობრებად დავრჩებით. ასე არაა?

შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა, სამუშაოდ აღარ დადიოდა, საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი /დაახლოებით 9 კვ მ. მთარგმნ./ ოთახიდან. ჭამდა მაცივარში დარჩენილ პროდუქტს, ხანდახან კი ახლადგამოფხიზლებულივით დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად ფიქრობდა უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე უცნობ ქალაქში, უცხო ადამიანებთან გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე კი წერტილს დაუსვამდა თავის მარტოხელა ცხოვრებას. ჰო, ალბათ ასე აჯობებსო.

ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი პერანგი და ბამბის შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.

– რატომ არ დადიხარ ლექციებზე? ყველა შეწუხებულია, იმ თავის ბინაში ხომ არ ამოხდა სულიო. ჰოდა კანმა შენს სანახავად გამომგზავნა. როგორც ჩანს, თვითონ ცხედრებს ვერ იტანს…

– ცუდად ვიყავი, - თქვა ძიუნპეიმ.

– ცუდად გახდებოდი, აბა რა, ერთიანად ჩამომხმარხარ, - ყურადღებით შეათვალიერა და ისე თქვა საიოკომ. - მოდი, რამეს მოგიმზადებ?

ძიუნპეიმ თავი გააქნია:

– არ მშია.

საიოკომ მაცივრის კარი გამოაღო, შიგ შეიხედა და დაიჯღანა: იქ ლუდის ორი მარტოხელა ქილა იდგა, ერთი დამჭკნარი კიტრი და რაღაც დეზოდორანტი. საიოკო ძიუნპეის გვერდით ჩამოჯდა.

– იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე ხომ არა ხარ გაბრაზებული?

– არა, გაბრაზებული არა ვარ, - თქვა ძიუნპეიმ.

მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი. თუკი ვინმეზე ბრაზობდა, ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით ბუნებრივია. ტაკაცუკიმ ეს მოახერხა, თვითონ კი - ვერა.

– შეიძლება ლუდი დავისხა? - იკითხა საიოკომ.

– მიდი.

საიოკომ მაცივრიდან ქილა გამოიღო და ჭიქებში დაასხა. ერთი ძიუნპეის გაუწოდა. უხმოდ დალიეს. მერე საიოკომ დაიწყო:

– იცი, როგორღაც მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი. ხომ ისევ მეგობრებად დავრჩებით? მარტო ეხლა კი არა, მერეც. როცა დავბერდებით. კანი მომწონს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შენც მჭირდები. მაპატიე, ამას რომ გეუბნები.

ძიუნპეიმ ხეირიანად ვერც გაიგო რა უთხრეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავი მაინც დაუქნია.

– რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ იქცეს, სხვადასხვა რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც, ცხოვრება გაიოლდება, - განაგრძო საიოკომ.

ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა უნდოდა ამით. თავისთვის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და უაზროდ მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.

რა მოხდებოდა ადრე რომ გამოტყდომოდა სიყვარულში საიოკოს? ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა ზუსტად: როგორც არ უნდა მოენდომებინა, ეს არ მოხდებოდა.

ისმოდა როგორ ეცემოდა ცრემლები ტატამზე. საოცრად ხმამაღლა. წამით მოეჩვენა, რომ თვითონ ტიროდა. მაგრამ ეს საიოკოს ცრემლები იყო. თავი მუხლებში ჩაერგო, მხრები უცახცახებდა.

ძიუნპეიმ უნებურად გასწია ხელი და მხარზე დაადო. მერე ნელა მიიზიდა თავისკენ. საიოკო წინაარმდეგობას არ უწევდა. ძიუნპეიმ წელზე მოხვია ხელი, ტუჩებით ტუჩები მოძებნა. საიოკომ თვალები დახუჭა და კოცნაზე კოცნით უპასუხა. ძიუნპეი გრძნობდა ცრემლების მომლაშო გემოს, მისი სუნთქვით სუნთქავდა, მკერდით გრძნობდა საიოკოს ძუძუების სირბილეს. თავში თითქოს რაღაც გადამრთველმა გაიჩხაკუნა. ძიუნპეიმ ხმაც კი გაიგონა. თითქოს ქვეყნიერების ყველა სახსარმა ერთად დაიჭრიალა. სულ ეს იყო. საიოკო გონს მოეგო, თავი დახარა და ხელით მოიშორა ძიუნპეი.

– არა, - ჩუმად თქვა და თავი გადააქნია, - ასე არ შეიძლება.

ძიუნპეიმ მოუბოდიშა. საიოკომ არაფერი უპასუხა. ერთხანს ასე ისხდნენ. მოღებული ფანჯრიდან ნიავმა რადიოს ხმა მოიტანა. რომელიღაც პოპულარული მელოდია. ეს სიმღერა ალბათ სიკვდილამდე არ დამავიწყდება, გაიფიქრა ძიუნპეიმ. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ძალიანაც ეცადა, მაგრამ ვერც სახელი და ვეღარც მელოდია ვეღარ გაიხსენა.

– საბოდიშო არაფერი გაქვს, არაფერი დაგიშავებია, - თქვა საიოკომ.

– ეტყობა, სულ ამერია თავგზა, - ალალად გამოუტყდა ძიუნპეი.

საიოკო ხელით შეეხო:

– ხვალ ხომ მოხვალ ლექციაზე? ადრე არასოდეს მყოლია შენნაირი მეგობარი. ძალიან მჭირდები. დავიჯერო ეს არაფერს ნიშნავს?

– ვითომ ეგ საკმარისია?

– მაგას არ ვგულისხმობ, - ჩაწყვეტილი ხმით თქვა საიოკომ და თავი დახარა. - მაგას არ ვგულისხმობ.

მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის ბოლომდე სამივე ისევ ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი მოხვევა და კოცნა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც დამშვიდებულიყო. ყოველ შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია, ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა. რა ვუყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.

საიოკომ ძიუნპეის თანაკურსელი გოგონები გააცნო. დროს გასატარებლად ოთხნი ერთად დადიოდნენ. ერთერთ მათგანთან ცხოვრებაში პირველად დააჭაშნიკა კიდეც ქალი. ეს მოხდა მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ძიუნპეის ოცი წელი შეუსრულდებოდა /ოცი წლის ასაკში იაპონელი ახალგაზრდები სრულწლოვანებად ითვლებიან. მთარგმნ./. მაგრამ იმ გოგოზე გული არ მისდიოდა, ძიუნპეის გული სხვას ეკუთვნოდა. მეგობარ გოგოს თავაზიანად ექცეოდა, ნაზიც იყო მაგრამ ამ ყველაფერს როგორღაც აკლდა ცეცხლი, ის რაც არასდროს ენანებოდა თავისი მოთხრობებისთვის. გოგონამ მალე სულ სხვაგან იპოვა სითბო და მიატოვა. ასე გამეორდა რამდენჯერმე.

მშობლებმა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათმა ვაჟმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს. მამას უნდოდა რომ მემკვიდრე სამშობლოში, კანსაიში დაბრუნებულიყო და მისი საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ ძიუნპეის მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. თქვა, რომ ტოკიოში რჩებოდა, პროფესიად კი მწერლობას იხდიდა. საქმე დიდი აურზაურით დასრულდა – ისეთი რამეები ითქვა, რაც, როგორც წესი, არ უნდა თქმულიყო. ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა - მას შემდეგ თავისი ოჯახის წევრები აღაც უნახავს. ძიუნპეის მიაჩნდა, რომ მათი ურთიერთობა თავიდანვე მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იყო. უმცროსი დისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ძიუნპეი ბავშვობიდანვე ეურჩებოდა მათ.

– რა გაეწყობა, გამოდის, რომ ვიყრებით. - თავისთვის ჩაიცინა, ზუსტად ისე, როგორც ტაისიოს ერის მწერალმა.

ძიუნპეის სამუშაოზე მოწყობა არც უცდია. სახელდახელოდ გამომუშავებული ფულით იკვებებოდა, მთელ დარჩენილ დროს კი მოთხრობების წერას ანდომებდა. იმ ხანებში მორიგ ნაწარმოებს რომ მორჩებოდა, ჯერ საიოკოს აჩვენებდა. მოუსმენდა მის გულახდილ რჩევებს და ამ რჩევების მიხედვით ასწორებდა ტექსტს. რამდენჯერმე მოთმინებით გადაწერდა სანამ მისგან არ გაიგონებდა: “აი ახლა კარგია”. არც მასწავლებლები ჰყავდა, არც კოლეგები. მხოლოდ საიოკოს რჩევები უწევდა მბჯუტავი შუქურას მაგივრობას.

ოცდაოთხის რომ შესრულდა, მისმა ერთმა მოთხრობამ დამწყები ავტორების სალიტერატურო ჟურნალის პრემია მიიღო, რის შემდეგაც აკუტაგავას პრემიაზეც წარადგინეს. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ მოხვდა ამ პრემიის ნომინანტებში, რაც თავითავად სერიოზულ წარმატებას ნიშნავდა. თუმცა საბოლოოდ პირველ პრემიას ვერ შესწვდა და მუდმივ იმედისმომცემ ნომინანტად დარჩა.

“ამ ასაკის დამწყები მწერლისთვის ტექსტის დონე საკმაოდ მაღალია, რაღაც-რაღაცები შეინიშნება სცენების, ხასიათების აღწერაში, მაგრამ ალაგ-ალაგ იპარება სენტიმენტალური წიაღსვლების ტენდენცია, თავს იჩენს ამბის მოყოლის პერსპექტივა, მოთხრობა ჰკარგავს სიმსუბუქეს”, - ხშირად წერდნენ რეცენზენტები. ტაკაცუკი კითხულობდა ამ რეცენზიებს და გულიანად იცინოდა:

– მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას ნიშნავს ”ამბის მოყოლის ტენდენცია”? ნორმალური კაცი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ ცოტაღა უკლიათ მაგალითად აი აქამდე: “საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა სუკიაკიში”.

მეოთხე ათწლეულის ზღურბლთან ძიუნპეიმ მოთხრობების ორი კრებული გამოსცა. პირველი - “ცხენი წვიმაში”, მეორე - “ყურძენი”. “ცხენი” ათი ათასი ტირაჟით გაიყიდა, “ყურძენი” ორი ათასით მეტი. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორის მოკლე პროზის, თანაც წმინდა ლიტერატურული კრებულისთვის ეს მაჩვენებელი არც ისე ურიგოა. საგაზეთო და საჟურნალო კრიტიკა დადებითი იყო, თუმცა ენერგიული მხარდაჭერა მაინც არ იგრძნობოდა.

ძიუნპეის მოთხრობების ძირითადი თემა ახალგაზრდების უპასუხო სიყვარული იყო. ფინალი როგორც წესი - პირქუში, რაღაცით სანტიმენტალურიც კი. მოიგონებსო რა, ამბობდნენ ადამიანები. მაგრამ მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, ვერც ერთ მოდურ ლიტერატურულ მიმდინარეობაში ვერ ეწერებოდა. სტილი ლირიკული ჰქონდა, სიუჟეტები ძველმოდური. მისი თაობის მკითხველებს გაცილებით ინოვაციური ფორმები და ამბები სწყუროდა. ან რა გასაკვირი იყო რეპისა და კომპიუტერების ეპოქაში!

რედაქტორმა არაერთხელ შესთავაზა რომანის ჟანრში ესინჯა თავი. განაგრძე მოთხრობების წერა და გინდა არ გინდა დაიწყება გამეორებები, გაღარიბდება მწერლის ლიტერატურული სამყარო. ასეთ ვითარებაში რომანი ხშირად გჩუქნის სრულიად განსხვავებულ, სულ სხვა რაკურსით დანახულ სამყაროს. ფაქტიურად რომანს მოთხრობაზე გაცილებით ძლიერად შეუძლება მიიქციოს ყურადღება და თუ აპირებ პროფესიულად წერას, მოთხრობის ჟანრში სპეციალიზაცია გაგიჭირდება. იოლი არ იქნება. მიზეზი აშკარააა - მოთხრობების წერით ცხოვრება ძნელია.

ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ძიუნპეი ბუნებით მაინც მოთხრობების მთხზველი იყო. ჩაიკეტებოდა ოთახში, ყველაფერ ზედმეტს გვერდზე გადადებდა და სულშეგუბებული წერდა სიჩუმეში. სამ აი ასეთ დღეში მოთხრობა მზად იყო. მერე ოთხი დღე ასწორებდა რის შემდეგაც, რაღა თქმა უნდა, საიოკოსა და რედაქტორს აძლევდა წასაკითხად. რამდენჯერმე გადაწერდა თავიდან ბოლომდე, ხეშეშ ადგილებს არბილებდა, ზედმეტი რაღაცებისგან წმენდდა ტექსტს. თუმცა მოთხრობის ბედი ძირითადად მაინც პირველ კვირაში წყდებოდა. ფორმა ყველაფერი მნიშვნელოვანისთვის სწორედ ამ პერიოდში უნდა მიეცა. აი ასეთნაირი მუშაობა მოსწონდა - უკიდურესი მობილიზება დროის მცირე მონაკვეთში. რაფინირებული სახეები და სიტყვები. მაგრამ საკმარისია რომანს მოკიდოს ხელი, რომ მაშინვე სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდება. როგორ შევძლებ რამდენიმე თვის მანძილზე, ან შეიძლება მთელი წელიწადიც ყურადღების კონცენტრაციას, მის მართვას? - ფიქრობდა ძიუნპეი. ამგვარ რიტმს აყოლა ნამდვილად არ შეეძლო.

რომანის დაწერის რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე უკან დაიხია. უნდოდა თუ არ უნდოდა, მისი მოწოდება მოთხრობა იყო. მოთხრობა იყო მისი სტილი. როგორც არ უნდა გაიჭინთო, სხვის ტყავში ვერ შეძვრები. ნიჭიერი მეკარე ვერასოდეს ვერ გახდება კარგი თავდამსხმელი.

ძიუნპეი ძველებურად მარტო ცხოვრობდა. ასეთი ცხოვრება დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა. ისეთს და იმდენ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, რომ საჭმელად ჰყოფნოდა. ჰყავდა ჩუმი, სამფერიანი კატა. დროდადრო უპრეტენზიო ქალებთან გააბამდა ურთიერთობას, ხოლო როცა მობეზრდებოდა მიზეზს პოულობდა თავის დასაღწევად. ხანდახან, დაახლოებით თვეში ერთხელ, ძიუნპეის თავზარდაცემულს გაეღვიძებოდა ხოლმე შუაღამისას: მშვენივრად ხვდებოდა, რომ საითაც არ უნდა გაქცეულიყო, რაც არ უნდა ექნა, ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა. ასეთ წუთებში ან გალურჯებამდე მუშაობდა, ანდა ასევე გალურჯებამდე სვამდა. ეს იყო და ეს, დანარჩენ დროს მისი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა.

რაც შეეხება ტაკაცუკის, როგორც ოცნებობდა, პრესტიჟულ გაზეთში მოეწყო. სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მაგრამ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა გასაუბრებაზე. კომისიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საიოკო, როგორც თავიდან აპირებდა, ასპირანტურაში დარჩა. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ქორწილი ტაკაცუკის სტილში მოეწყო - ხმაურიანად და მდიდრულად. თაფლობის თვე საფრანგეთში გაატარეს. შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარი უბერავდათ მათ იალქნებს. მერე კოენძის რაიონში ოროთახიანი ბინა იყიდეს. კვირაში ერთი-ორჯერ ძიუნპეი ესტუმრებოდათ ხოლმე. ერთად ვახშმობდნენ. ახალდაქორწინებულებს ძალიან ახარებდათ მისი მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას კი არა, მასთან გატარებულ დროს შეჰხარიანო.

ტაკაცუკი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით ტკბებოდა. ჯერ ქალაქის ახალი ამბების განყოფილებაში გაანაწილეს. ძლივს ასწრებდა ერთი შემთხვევიდან - მეორემდე. იმდენი და იმდენნაირი ცხედარი ნახა, რომ გულახდილად აღიარა - ვეღარაფერს ვგრძნობ მათ დანახვაზეო. როგორი ცხედრები აღარ ნახა - მანქანით გაჭყლეტილი, მატარებლით დაჭრილ-დაქუცმაცებული, დამწვარ-დანახშირებული, სანახევროდ დაფერფლილები, დამხრჩვალი ადამიანების ამაზრზენი ფერის გასივებული სხეულები, ტვინგადმონთხეულები, ნაჯახით დანაწევრებულები. “სიცოცხლეში ადამიანები რაღაცით მაინც განსხვავდებიან, მიცვალებულებს კი ყველას ერთი სახე აქვს - გადამუშავებული ხორცი”.

არც თუ იშვიათად შინ გათენებისას ბრუნდებოდა. ასეთ დღეებში საიოკო ხშირად ურეკავდა ძიუნპეის - იცოდა რომ დილამდე არ იძინებდა.

– ახლა დაკავებული ხარ? შეგიძლია დამელაპარაკო?

– რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მოწევას ვაპირებდი, - არწმუნებდა ძიუნპეი.

მერე მოდგებოდნენ და ახლად წაკითხულ წიგნებზე, თავ-თავიანთ ცხოვრებაზე ლაყბობდნენ. ხანდახან წარსულსაც გაიხსენებდნენ, ახალგაზრდობას, იმ დროს, როდესაც თავისუფლები იყვნენ და უამრავი სისულელის უფლებას აძლევდნენ თავს. მომავალს თითქმის არ ეხებოდნენ. ამ საუბრების დროს ძიუნპეის ადრე თუ გვიან აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორ მოეხვია ოდესღაც საიოკოს. ტუჩები, ცრემლის სურნელი, რბილი ძუძუები – ეს ყველაფერი თითქოს სულ ახლახან მოხდა. შემოდგომის მზის იმ გამჭვირვალე სხივებსაც კი ხედავდა მისი ოთახის ტატამზე რომ იყო დაფენილი.

საიოკოს ის ის იყო ოცდაათი წელი შეუსრულდა, როცა დაორსულდა. მაშინ უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობდა. დეკრეტში გავიდა და გოგონა გააჩინა. სამივე ერთად ფიქრობდა ბავშვის სახელზე. ბოლოს ძიუნპეის შეთავაზებულზე შეჩერდნენ: სარა. “სარა შესანიშნავად ჟღერს”, თქვა საიოკომ. მშვიდობიანად დასრულებული მშობიარობის შემდეგ ძიუნპეი და ტაკაცუკი ღამით ერთად ისხდნენ ბინაში და სვამდნენ საიოკოს გარეშე. კარგა ხანია ასე არ მჯდარიყვნენ – მარტონი, სამზარეულოს მაგიდასთან. სულ მალე ძიუნპეის მოტანილი ვისკის ბოთლი დაცარიელდა.

– ნეტა რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - გრძნობააშლილი წუხდა ტაკაცუკი. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. - სულ ახლახან არ მოვეწყეთ უნივერსიტეტში? იქ გაგიცანით შენ, საიოკო… ახლა კი უკვე ბავშვები… მამიკო გავხდი. აჩქარებულ კინოსავით. რაღაც უცნაური გრძნობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. შენ ისე ცხოვრობ, თითქოს ისევ სტუდენტი იყო. მშურს კიდეც.

– ნატა რა არის აქ შესაშური?

მაგრამ ძიუნპეის მშვენივრად ესმოდა, რას გულისხმობდა ტაკაცუკი. საიოკო დედა გახდა. ამან ძიუნპეიც შეაცბუნა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ცხოვრების ბორბალი შეუჩერებლად ტრიალებს და წარსული აღარ დაბრუნდება. ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახვედროდა ამ ყველაფერს, როგორ გადაეხარშა.

– ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე შენ უფრო მოსწონდი, - თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო. მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.

– შეუძლებელია, - გაიცინა პასუხად ძიუნპეიმ.

– სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდი. ლამაზი, გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება, მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ კაცზე უარესად ერკვევი. ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც შევადარებდი და ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი არჩევანი მქონდა - ჩემი უნდა გამხდარიყო. ეხლაც ქვეყნად საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ, რომ მასზე არავითარი უფლება არ მქონდა?

– ვინ გეკამათება, - უპასუხა ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ თავი დაუქნია:

– მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ, რომ გამოუსწორებელი იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი ადამიანი იყო. აი, სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.

– თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გავერკვიე, არა?

– ზუსტად. თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გაერკვიე. ვერაფერში. მწერალი კი გქვია.

– კარგად იცი, რომ მოთხრობები აქ არაფერ შუაშია.

– ახლა უკვე ოთხნი ვართ, - ოდნავ ამოიოხრა ტაკაცუკიმ. - ოთხი (იაპონურად “სი”. ეს სიტყვა სიკვდილსაც ნიშნავს. მთარგმნ.) ნორმალური რიცხვია?

 

– 2 –

 

ტაკაცუკისა და საიოკოს ურთიერთობის კრახზე ძიუნპეიმ სარას დაბადებიდან სამი დღის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ როგორღაც დამნაშავესავით თვითონ საიოკო გამოუტყდა. ჯერ კიდევ ორსულად იყო, როცა ქმარმა საყვარელი გაიჩინა.

ბოლო დროს კი სახლში თითქმის აღარ მოდიოდა. საყვარელი მისი კოლეგა იყო. მაგრამ როგორ გულმოდგინედ და წვრილადაც არ უხსნიდა საიოკო, ძიუნპეი ვერაფრით მიმხვდარიყო რისთვის დასჭირდა ტაკაცუკის სხვა ქალი. თვითონვე არ თქვა სწორედ იმ ღამეს, სარა რომ დაიბადა, საიოკო მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ქალიაო? ეტყობოდა კიდეც, რომ ამას გულწრფელად ამბობდა. თანაც ტაკაცუკი ჭკუას ჰკარგავდა ქალიშვილზე. რატომ უნდა მიეტოვებინა ოჯახი?

– მე ხშირად დავდიოდი თქვენთან სავახშმოდ. ასე არ იყო? მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ბედნიერ, ლამის იდეალურ ოჯახად გთვლიდით.

– ჰო, ეგრე იყო, - ღიმილი გაუკრთა სახეზე საიოკოს. - მაგრამ ჩვენ არ ვიტყუებოდით, არც ფარსი გაგვითამაშებია. მაგრამ ამას ახლა რა აზრი აქვს. ახლა ის ქალი ჰყავს და წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ჰოდა გადავწყვიტეთ დავშორებოდით ერთმანეთს. მაგრამ ამ ყველაფერს გულთან ნუ მიიტან. ასე აჯობებს. ყველა თვალსაზრისით.

“ყველა თვალსაზრისით”, ასე თქვა საიოკომ. მაინც რამდენი ძნელად ასახსნელი სიტყვაა ქვეყნად, გაიფიქრა ძიუნპეიმ.

რამდენიმე თვის შემდეგ ტაკაცუკი და საიოკო ოფიციალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. არც საყვედურები, არც პრეტენზიები. ტაკაცუკი სახლიდან წავიდა და საყვარელთან დაიწყო ცხოვრება. სარა დედასთან დარჩა /იაპონიაში განქორწინებისას, როგორც წესი, დედას არა აქვს ბავშვების დატოვების უფლება. მთარგმნ./. კვირაში ერთხელ, ტაკაცუკი სარას სანახავად კოენძიში მოდიოდა. საერთო შეთანხმებით ამ დროს ძიუნპეიც იქ იყო ხოლმე. ვითომ ასე უფრო იოლი იყო? თვითონ ძიუნპეის მიაჩნდა, რომ როგორღაც უცბათ დაბერდა, თუმცა მხოლოდ ოცდაცამეტისა იყო.

სარა ტაკაცუკის “მამას” ეძახდა, ძიუნპეის - “ძიუნ-ტიანს”. ოთხივე ერთად ერთგვარ ფსევდო-ოჯახს ჰგავდა. როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტაკაცუკი ერთთავად შეუსვენებლად ლაქლაქებდა, საიოკოს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ძიუნპეის ეჩვენებოდა, რომ საიოკოს ახლა უფრო ბუნებრივად ეჭირა თავი. სარას ჯერჯერობით ვერ შეეგნო, რომ მშობლები დაშორდნენ. ძიუნპეი პატიოსნად ასრულებდა მისთვის გამოყოფილ როლს. ზუსტად ისე, როგორც ადრე, ხუმრობდნენ, იგონებდნენ წარსულს. ძიუნპეიმ მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით: ეს სჭირდებოდა თითოეულ მათგანს.

– ძიუნპეი, - დაიწყო ტაკაცუკიმ, როცა ერთ მშვენიერ დღეს უკან ბრუნდებოდნენ. იანვრის ღამე იდგა. ჰაერში ბღუჯა-ბღუჯად გამოდიოდა ამონასუნთქი თეთრი ორთქლი. - საცოლე გყავს?

– არა, - უპასუხა ძიუნპეიმ.

– ქალი მაინც თუ გყავს?

– ვფიქრობ, რომ არა.

– რა იქნებოდა საიოკოსთან რომ…

ძიუნპეიმ გაოცებულმა შეხედა:

– რა დაგემართა?

– რას ნიშნავს “რა დაგემართა?” - ძიუნპეიზე მეტად გაოცდა ტაკაცუკი. - რა არის აქ უცნაური და გაუგებარი. შენს გარდა ვინ შეძლება გახდეს სარას მამა?

– სულ ეს არის? ამისთვის შევირთო ცოლად საიოკო?

ტაკაცუკიმ ამოიოხრა და ვეებერთელა ხელი ძიუნპეის დაადო მხარზე.

– რა, არ გინდა მასზე დაქორწინება? ჩემი ადგილის დაკავება არ გინდა?

– მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ვფიქრობ - ნუთუ ეს ყველაფერი გარიგებით შეიძლება მოგვარდეს? მგონი ეს სხვა კატეგორიის პრობლემაა. ვფიქრობ, წესიერების.

– არანაირი გარიგება ეს არ არის, - თქვა ტაკაცუკიმ. - წესიერებაც არაფერ შუაში არ არის. შენ ხომ მოგწონს საიოკო? სარა ხომ გიყვარს? რა, არა? თუ არც ეს არის მთავარი? მესმის, შენებურად ცოტა არ იყოს უცნაურად ფიქრობ. მაგრამ მე რომ მკითხო, შენ ტრუსის გაძრობას შარვლის გაუხდელად აპირებ.

ძიუნპეი ხმას არ იღებდა. გაჩუმდა ტაკაცუკიც. თან იმდენი ხნით, რაც მას სულ არ ახასიათებდა. აი ასე, ბღუჯა-ბღუჯა ორთქლს უშვებდნენ და ისე უახლოვდებოდნენ უახლოეს სადგურს.

– ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბებული რეგვენი ხარ, - თქვა ბოლოს ძიუნპეიმ.

– შეიძლება მართალი ხარ, - დაეთანხმა ტაკაცუკი. - ისე, გულახდილად თუ ვიტყვი, ნამდვილად მართალი ხარ. არ გეკამათები. მე თვითონ გავითახსირე ცხოვრება. მაგრამ აქ, ჩემო მეგობარო, ვერაფერს იზამ. შეჩერება შეუძლებელი იყო. თვითონაც არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. არცა მკითხო. ასე მოხდა, მორჩა და გათავდა. მარტო ეხლა არა. სადღაც ადრე უკვე მოხდა მსგავსი რამ.

ძიუნპეის მოეჩვენა თუ ნამდვილად გაახსენდა, რომ მსგავსი სიტყვები ადრეც ჰქონდა გაგონილი.

– შენ არ იყავი სარას დაბადების ღამეს რომ მეუბნებოდი - საიოკო ქვეყნად საუკეთესო ქალიაო? არ გახსოვს? ქალი, რომელსაც ვერავისზე ვერ გასცვლიო.

– ეგ ეხლაც ეგრეა. მაგ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. ამიტომაც არის ქვეყნად ისეთი რამეები, რომლებსაც ვერაფერს მოუხერხებ.

– არ მესმის, რას გულისხმობ.

– შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ, - თქვა ტაკაცუკიმ და თავი გადააქნია. დიალოგს წერტილი სწორედ მან დაუსვა.

განქორწინებიდან ორი წელიწადი გავიდა. საიოკო უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. ძიუნპეიმ ერთ ნაცნობ რედაქტორს სთხოვა და საიოკოს სამუშაო გამოუძებნა - რაღაც სათარგმნები. საქმე აეწყო. ლინგვისტიკური ტალანტის გარდა საიოკო მშვენივრად ფლობდა სტილს. სამუშაოს სწრაფად და აკურატულად ასრულებდა. შედეგმა რედაქტორზე ისეთი შთაბეჭდილკება მოახდინა, რომ სულ რაღაც თვის შემდეგ ლიტერატურული თარგმანი ანდეს. ჰონორარი დიდი არ იყო, მაგრამ ტაკაცუკის ალიმენტთან ერთად დედა-შვილს ნორმალური ცხოვრებისთვის სავსებით ჰყოფნიდათ.

ისინი ისევ იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ და სარასთან ერთად სადმე სადილობდნენ. ისეც ხდებოდა, რომ ტაკაცუკის სასწრაფო საქმე გამოუჩნდებოდა და ვერ მოდიოდა. ასეთ დღეებში საიოკო, ძიუნპეი და სარა სამნი სადილობდნენ. ტაკაცუკის გარეშე ყველაფერი როგორღაც ჩუმად და საქმიანად ჩაივლიდა ხოლმე.

უცხო თვალისთვის ერთი ჩვეულებრივი, ნამდვილი ოჯახივით გამოიყურებოდნენ. ძიუნპეი თავის, ერთხელ უკვე არჩეულ გზას არ ღალატობდა. ოცდათხუთმეტი წლისამ მოთხრობების მეოთხე კრებული “მდუმარე მთვარე” გამოუშვა.

წიგნმა პრემია დაიმსახურა. პირველი მოთხრობის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მოთხრობებს შორის თავისუფალ დროს მუსიკალური რეცენზიების რამდენიმე პატარა ტომი და მებაღეობის თეორიაზე წიგნი დაბეჭდა.

ჯონ აპდაიკის კრებული თარგმნა. ყველა ამ ნამუშევარს წარმატება ხვდა. ძიუნპეის საკუთარი სტილი ჰქონდა და უბრალო, დამაჯერებელი სიტყვებით იოლად ახერხებდა ბგერის ღრმა ექოსა და სინათლის ძლივსშესამჩნევი ელფერის გადმოცემას. მკითხველის საკუთარი წრე გაიჩინა, შემოსავალი სტაბილური გახდა. თანდათანობით ძიუნპეიმ პროფესიონალი ავტორის სახელი დაიმკვიდრა.

უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი ხელი ეთხოვა საიოკოსთვის. ხანდახან მთელი ღამე ამის ფიქრში ატარებდა. გათენდებოდა და თვალს ისევ არ ეკარებოდა ძილი. ისეც ხდებოდა, რომ არაფრის გაკეთების თავი არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა. ისე, კაცმა რომ თქვას მისი ურთიერთობა საიოკოსთან თავიდანვე ვიღაცის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული.

მისი პოზიცია, როგორიც იყო, ისეთივე დარჩა - პასიური. ერთმანეთს ხომ ისინი სწორედ ტაკაცუკიმ გააცნო. ტაკაცუკიმ გამოარჩია ისინი მთელი კურსიდან, ეს მან ჩამოაყალიბა სამეული. მერე თავისთვის დაიტოვა საიოკო, ცოლად შეირთო, ბავშვი გაუჩინა, გაეყარა. ახლა კი მას, ძიუნპეის სთავაზობს საიოკოს ცოლად შერთვას.

რა თქმა უნდა, ძიუნპეის უყვარდა საიოკო. ამას კითხვაც არ უნდა. ახლა იდეალური შანსია საიოკოს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება. საეჭვოა, რომ საიოკომ უარი თქვას. ესეც ცხადია. მაგრამ ყველაფერი რაღაც ძალზე იოლად გვარდება, ეჩვენებოდა ძიუნპეის.

შეუძლებელი იყო ამაზე არ დაფიქრებულიყო. რას მიჰყავს ამ საქმის მოგვარებამდე? ის ძველებურად ყოყმანობდა. ვერა და ვერ გადაეწყვიტა. და აი… დედამიწა აზვირთდა. აცახცახდა.

როცა ეს მოხდა, ძიუნპეი ესპანეთში იყო - ბარსელონაში რომელიღაც ავიაკომპანიის მასალებს აგროვებდა ერთ-ერთი ჟურნალისთვის.

საღამოთი სასტუმროში რომ დაბრუნდა, ტელევიზორი ჩართო, ახალ ამბებში დანგრეული ქალაქის კადრები და ზედ დაწოლილი შავი ბოლი დაინახა.

თითქოს დაებომბათ. დიქტორი ესპანურად ლაპარაკობდა და ძიუნპეი მაშინვე ვერ მიხვდა რომელი ქალაქი იყო. როგორც ჩანს - კობე. თვალში რამდენიმე ნაჩნობი პეიზაჟი მოხვდა. ქალაქ ასიას ახლოს ჩქაროსნული ავტოსტრადა ჩაწოლილიყო.

– ბატონო ძიუნპეი, თქვენ მგონი კობედან ხართ არა? - ჰკითხა მასთან მომუშავე ფოტოგრაფმა.

– ჰო.

მაგრამ შინ დარეკვა არ უცდია - მეტისმეტად ხანგრძლივი და ღრმა იყო გახეთქილება მასა და მის მშობლებს შორის, რომ ურთიერთობის აღდგენის რაღაც შანსი მაინც დარჩენილიყო. თვითმფრინავში ჩაჯდა და ტოკიოში თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

ტელევიზორს თითქმის არ რთავდა, გაზეთებს არ კითხულობდა. მიწისძვრაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ჩუმდებოდა.

მისთვის ეს ყველაფერი სულში კარგა ხნის წინათ დამარხული წარსულის გამოძახილი იყო. მეტი არაფერი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში ერთხელაც არ დაბრუნებულა. თუმცა ეკრანზე დანახული ნანგრევების პეიზაჟები მაინც აშიშვლებდნენ გულში შერჩენილ შეუხორცებელ ჭრილობებს.

გიგანტურმა, სიკვდილისმთესველმა უბედურებამ შეუმჩნევლად, მაგრამ კარდინალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრების სტილი. ძიუნპეი აქამდე ჯერ არ განცდილი გაუცხოების გრძნობამ შეიპყრო. მე არა მაქვს ფესვები, ფიქრობდა ძიუნპეი, ამიტომაც არსაით და არაფერი არ მეწევა.

იმ დილით, როცა ზოოპარკში წასვლაზე იყვნენ შეთანხმებული, დარეკა ტაკაცუკიმ. სასწრაფოდ უნდა გაფრენილიყო ოკინავაზე - ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ამ პრეფექტურის გუბერნატორთან. გუბერნატორი როგორც იქნა დათანხმდა დაეთმო ჟურნალისტისთვის ერთი საათი.

– მაპატიე, მაგრამ ზოოპარკში უჩემოდ წადით, - დათვს არ ეწყინება თუ მე არ ვიქნები.

ძიუნპეი ზოოპარკში საიოკოსა და სარასთან ერთად წავიდა. სარა კისერზე შეისკუპა და დათვები აჩვენა.

– ეს არის მასაკიტი? - იკითხა სარამ და თითით ვეებერთელა, კუპრივით შავ ჰიმალაიურ დათვზე უჩვენა.

– არა, ეს მასაკიტი არ არის. მასაკიტი უფრო პატარაა და გონიერი სიფათი აქვს. ეს ჩხუბისთავი ტონკიტია.

– ეი, ტონკიტი! - რამდენჯერმე შეუძახა სარამ დათვს. დათვი ყურადღებას არ აქცევდა. სარამ ძიუნპეის შეხედა და სთხოვა: - ძიუნ-ტიან, კიდევ მომიყევი რამე ტონკიტიზე.

– გულახდილად რომ გითხრა, ტონკიტის შესახებ საინტერესო ამბები ცოტაა. ჩვეულებრივი დათვია. მასაკიტისგან განსხვავებით, ფულის დათვლა და ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია.

– მაგრამ რაღაც კარგი ალბათ მაინც აქვს…

– აქვს, როგორ არა აქვს, - თქვა ძიუნპეიმ. - შენ მართალი ხარ. ნებისმიერ ჩვეულებრივ დათვს რაღაც კარგი, თუნდაც სულ ცოტა, მაინც აქვს. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. აი ეს ტონტიკი…

– თუ ტონკიტი? - მაშინვე შეუსწორა სარამ.

– მაპატიე… აი ეს ტონკიტი ოსტატურად იჭერდა თევზებს. მდინარეში კლდეს ამოფარებული იდგა და ისე იჭერდა. ეს კი მხოლოდ მოხერხებულ დათვებს შეუძლიათ.

ტონკიტი მაინცდამაინც ჭკვიანი დათვი არ არის, მაგრამ თევზს სხვებზე მეტს იჭერს. იმდენს, რომ ვერც კი გამოლევ. მაგრამ ადამიანებივით ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ ქალაქში წასვლა და გაყიდვაც არ შეეძლო.

– მაგრამ ეს ხომ ძალიან ადვილია, - გაუკვირდა სარას, - ხომ შეეძლო მასაკიტისთვის თაფლზე გადაეცვალა. მასაკიტისაც ხომ იმდენი თაფლი აქვს, რომ ვერ გამოლევ.

– ეგრეა. ზუსტად ეგრეა. ტონკიტიმაც ზუსტად ის გაიფიქრა, რაც სარამ. თაფლისა და თევზის გაცვლა დაიწყეს და უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ჰოდა, გაირკვა, რომ მასაკიტი სულაც არ ყოფილა უმეგობრო და უკარება, ტონკიტი კი - ჩხუბისთავი. აი ასე დამეგობრდნენ. შეხვდებოდნენ, დასხდებოდნენ და აქეთურ-იქეთურზე ლაპარაკობდნ.

ერთმანეთს უყვებოდნენ თუ რამე საინტერესო იცოდნენ, არც ანეკდოტები ავიწყდებოდათ. ტონკიტი თევზს იჭერდა, მასაკიტი თაფლს აგროვებდა. მაგრამ ერთ დღეს - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით – მდინარეში თევზი გაქრა.

– მოწმენდილ ცაზე?

– მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით. ესე იგი მოულოდნელად, - აუხსნა საიოკომ.

– გამოდის, თევზი საერთოდ გაქრა, - შეწუხდა სარა. - მაგრამ რატომ?

– თევზებმა ყრილობა მოიწვიეს და გადაწყვიტეს, რომ იმ მდინარეში აღარ შესულიყვნენ. არც იყო გასაკვირი - იქ ხომ სახელგანთქმული მეთევზე ტონკიტი ცხოვრობდა. ამის შემდეგ ტონკიტის არც ერთი თევზი აღარ დაუჭერია. ხანდახან თუ გაებმებოდა გამხდარი ბაყაყი. გამხდარ ბაყაყზე უარესი კი ქვეყნად არაფერია. რა უნდა ექნა?

– საწყალი ტონკიტი, - თქვა სარამ.

– მერე? - დაინტერესდა საიოკო, - ზოოპარკში გაამწესეს?

– ოო, ეგ გრძელი ამბავია, - თქვა ძიუნპეიმ და ჩაახველა.

– მაგრამ დაახლობით ეგრე იყო, არა?

– და რა, მასაკიტი არ დაეხმარა? - იკითხა სარამ.

– რა თქმა უნდა, სცადა დახმარება. ისინი ხომ განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეგობარი ხომ ამისთვის არის საჭირო. და აი მასაკიტიმ გადაწყვიტა თაფლი გაეყო მისთვის. ტონკიტიმ კი უთხრა: “ასე არ შეიძლება. არ ღირს ჩემი განებივრება”. მასაკიტიმ კი თქვა: “ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი. რა, მართალს არ ვამბობ?”

– ეგრეა, ეგრე, - კმაყოფილმა დაუკრა კვერი სარამ.

– მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, - ჩაერია საიოკო.

– ჰო, დიდხანს არ გაგრძელებულა, - თქვა ძიუნპეიმ. - ტონკიტიმ თქვა: ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. როცა ერთი იძლევა, მეორე კი მხოლოდ იღებს, ეს ნამდვილი მეგობრობა აღარ არის. მე ამ ტყეს გავეცლები მეგობარო, ახალ ადგილზე ვცდი ბედს. ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ დავმეგობრდებით.” აი ასე მიუტყაპუნეს ერთმანეთს თათები და დაშორდნენ. მაგრამ გასცდა თუ არა ტონკიტი ტყეს, სულელი მაშინვე მონადირის დაგებულ მახეში გაება. ასე დაკარგა თავისუფლება, ასე აღმოჩნდა ზოოპარკში.

– საწყალი ტონკიტი.

– ნეთუ სხვა გამოსავალი არ იყო, ისეთი, რომ ყველას ბედნიერად ეცხოვრა? - ცოტა ხნის მერე იკითხა საიოკომ.

– ჯერ არ მომიფიქრებია.

იმ კვირასაღამოს სამივე საიოკოისთან, ასაგაიაში ვახშმობდა. საიოკო “კალმახს” ღიღინებდა, სპაგეტის ხარშავდა და ტომატის სოუსს ალღობდა. ძიუნპეი ლობიოსა და ხახვის სალათს ამზადებდა. ღვინო გახსნეს და ჭიქები შეივსეს. სარა ფორთოხლის წვენს სვამდა. სუფრა რომ აალაგეს, ძიუნპეი ისევ სურათებიან წიგნს უკითხავდა სარას. კითხვას რომ მორჩა, სარას ძილის დროც მოვიდა. მაგრამ სარას დაძინება არ უნდოდა.

– დედა, შეიხსენი ლიფი! - უთხრა დედას. საიოკო გაწითლდა:

– არა. გესმის რას ამბობ სტუმართან?

– უცნაურია. რანაირი სტუმარია ძიუნ-ტიანი?

– რა ხდება? - იკითხა ძიუნპეიმ.

– ისეთი არაფერი. ერთი სულელური ფოკუსია.

– დედა იხსნის ლიფს პირდაპირ, ტანსაცმლის გაუხდელად. მაგიდაზე დებს და ისევ იკეთებს. ცალი ხელით, მეორე მაგიდაზე უდევს. დროზე. დედას მაგრად გამოსდის.

– აბა, რას ამბობ, სარა, - ჩაიბუზღუნა საიოკომ და თავი გადააქნია. - ესეთ თამაშებს მე და შენ მარტო ვთამაშობთ. ოჯახის საიდუმლო გინდა გასცე?

– მაცდურად ჟღერს, - თქვა ძიუნპეიმ.

– დედა, ძალიან გთხოვ, აჩვენე ძიუნ-ტიანს. ერთხელ მაინც. თუ აჩვენებ, მაშინვე წავალ დასაძინებლად.

– რა უნდა გიყოს კაცმა? - თქვა საიოკომ. მაჯიდან ელექტრონული საათი შეიხსნა და სარას მისცა.

– და მაშინვე წახვალ დასაძინებლად. როგორც კი ვიტყვი “დავიწყეთ”, იქიდან დაინიშნე. - საიოკოს შავი სქელი უსაყელი ჯემპრი ეცვა. ორივე ხელი მაგიდაზე დადო და: - ერთი… ორი… სამი… დავიწყეთ!

ჯერ ხელი ჯემპრის სახელოში შემალა - კუსავით, თითქოს ზურგის მოფხანვას აპირებსო. მარჯვენა რომ ისევ გამოჩნდა ახლა იგივე მარცხენათი გაიმეორა. ოდნავ შეაბრუნა თავი და მარცხენა სახელოდან გამოაძვრინა. მუჭში თეთრი ლიფი ეჭირა. პატარა, სამაგრების გარეშე. საიოკომ ისევ შემალა სახელოში მარცხენა, ისევ გამოჩნდა. მერე მარჯვენამ ჩაყვინთა. ზურგზე გაირბინა და ისევ გამოძვრა სახელოდან. მორჩა. ორივე ხელი მაგიდაზე იდო.

– ოცდახუთი წამი, - თქვა სარამ. - დედა, ახალი რეკორდია! აქამდე ყველაზე ჩქარა ოცდათექვსმეტი იყო.

ძიუნპეიმ ტაში დასცხო:

– მშვენიერია! ნამდვილი ჯადოქრობაა!

სარამ ხელები დაატყაპუნა მაგიდაზე. საიოკო ადგა:

– მორჩა, შოუ დამთავრებულია. აბა, ლოგინში!

სანამ დაიძინებდა, სარამ ძიუნპეის ლოყაზე აკოცა.

როგორც კი დარწმუნდა, რომ სარას ეძინა, საიოკო სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და დივანზე დაჯდა.

– უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე.

– რას გულისხმობ?

– ლიფი აღარ ჩამიცვამს. მოვაჩვენე, ვითომ ჩავიცვი. სახელოდან იატაკზე დავაგდე.

– რა საშინელი დედაა, - გაიცინა ძიუნპეიმ.

– დიდი ამბავი, უბრალოდ ახალი რეკორდის დამყარება მინდოდა, - თვალები მოჭუტა საიოკომ. კარგა ხანია ასე ბუნებრივად არ გაუღიმია. თითქოს ნიავმა შეარხია ფარდები, ისე იცვალა დროის ღერძმა ადგილი. ძიუნპეიმ მხარზე შეახო ხელი საიოკოს. საიოკო მიეკრო ხელს. დივანიდან არ ამდგარან, ერთმანეთს მოეხვივნენ. ერთი კი გაუელვა ფიქრმა ძიუნპეის - ცხრამეტის რომ იყო, მას მერე სულ არაფერი არ შეცვლილიყო, საიოკოს ტუჩებს ისევ ის ნაზი სურნელი ჰქონდა.

– ჩვენ თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით, - ჩუმად თქვა საიოკომ, როცა ლოგინში გადაინაცვლეს. ოღონდ შენ ეს არ გესმოდა. არაფერი არ გესმოდა მაშინ. სანამ მდინარიდან სულ არ გაქრა თევზი.

ტანისამოსი გაიხადეს და ჩუმად ჩაეკვრნენ ერთმანეთს. უხერხული მოფერება - თითქოს გოგო და ბიჭი ცხოვრებაში პირველად იწვნენ ერთად. საკმაო დრო დასჭირდათ რომ დარწმუნებულიყვნენ და ძიუნპეიმ ნელა, ძალიან ნელა და ფრთხილად მოსინჯა. წინააღმდეგობა არ უგრძვნია, პირიქით, თითქოს იტყუებდნენ, მოუხმობდნენ. მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. თითქოს ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას ნახევრად სიბნელეში უკაცურ და უსასრულო ხიდზე. საიოკო მის ყოველ მოძრაობას პასუხობდა. რამდენჯერმე ძიუნპეის გათავება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ეშინოდა, გაათავებს და სიზმარიც აორთქლდება, გარშემო კი ყველაფერი გაქრება.

მაგრამ ამ დროს სადღაც ზურგს უკან რაღაცამ გაიჭრიალა. საძინებლის კარი გაიღო და დაჭმუჭნულ ლოგინს დერეფნიდან სინათლე დაეცა. ძიუნპეი წამოიწია, შებრუნდა და კარის ღიობში სარა დაინახა. საიოკომ ჩუმად შეჰკივლა, ძიუნპეი ფრთხილი ხელისკვრით მოიშორა, ზეწარი მკერდზე აიფარა და თმა გაისწორა.

მაგრამ სარა არ ტიროდა, ისტერიკისა არაფერი ეტყობოდა. იდგა, კარის სახელურზე ეკიდა ხელი მაგრად და მათ შესცქეროდა. და ვერაფერს ხედავდა. თვალები სიცარიელეს მიშტერებოდა.

– სარა, - ჩუმად დაუძახა საიოკომ.

– ძიამ მითხრა, რომ აქ მოვსულიყავი, - მონოტონურად, თითქოს ეს ეს არის ძილს გამოსტაცესო, ჩამარცვლა სარამ.

– ძიამ? - იკითხა საიოკომ.

– ძია-მიწისმნჯღრეველმა, - თქვა სარამ. - მოვიდა ძია-მიწისმნჯღრეველი, გააღვიძა სარა და დედასთან გამოგზავნა იმის სათქმელად, რომ კოლოფს სახურავი მოვხადე და გელოდებითო. ასე უთხარი, მიხვდებაო.

იმ ღამეს სარას საიოკოს ლოგინში ეძინა. ძიუნპეიმ ერთი პლედი აიღო და სასტუმრო ოთახში დივანზე მოეწყო. ვერაფრით ვერ მოახერხა დაძინება. დივანის წინ ტელევიზორი იდგა. ერთხანს ბრმად მისჩერებოდა მკვდარ ეკრანს. იქ, სიღრმეში ისინი არიან. ყუთს სახურავი ახადეს და იცდიან. ზურგზე ჟრჟოლამ ჩაურბინა. ძიუნპეი იცდიდა, მაგრამ შეგრძნებამ არ გაუარა.

მაშინ დაძინების მცდელობას თავი დაანება, სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიდუღა. იჯდა და ნელა წრუპავდა მწარე სითხეს. ფეხი რაღაცას წამოსდო. საიოკოს ლიფი. ისევ იატაკზე ეგდო. ძიუნპეიმ ლიფი აიღო და სკამის საზურგეზე ჩამოკიდა. ტუალეტის უბრალო, თეთრი უსიცოცხლო ნივთი. სულ პატარა ზომის. სკამზე დაკიდებული დილის ბინდ-ბუნდში შორეული წარსულიდან შემოღეტებულ ანონომურ მოწმეს ჰგავდა.

ძიუნპეიმ ის დრო გაიხსენა, როცა ის ის იყო მოეწყო უნივერსიტეტში. ტაკაცუკისთან პირველი შეხვედრა. მისი ხმაც გაიგონა: “მოდი სადმე წავიდეთ, ვისადილოთ”. საოცრად თბილი ხმა. ძველი მეგობრის სახეზე ღიმილი კიაფობს, როცა ნაცნობ სახეს ხედავს: “ეი, მოეშვი ცოტა, მსოფლიო სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება”. სად წავედით მაშინ? აი ეს კი ძიუნპეიმ ვერა და ვერ გაიხსენა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს…

– რატომ დამპატიჟე სადილად? - ჰკითხა მაშინ ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ გაიღიმა, როგორღაც თავდაჯერებულმა მიიკაკუნა თითი საფეთქელზე და თქვა:

– საოცარი ტალანტი მაქვს ყველგან და ყოველთვის სწორად ვიპოვო მეგობრები.

ტაკაცუკი არ ცდებოდა, გაიფიქრა ძიუნპეიმ, თან ყავის ფინჯანს ათვალიერებდა. მართლა ჰქონდა ამის ნიჭი. თუმცა ეს საკმარისი არ არის. კარგი მეგობრების პოვნა და მთელი გრძელი ცხოვრების მანძილზე მათი სიყვარული ერთი და იგივე არ არის. ძიუნპეიმ თვალები დახუჭა და უკვე ჩავლილ წლებზე დაფიქრდა. არ უნდოდა ისე გამოსულიყო, რომ ამოდენა დრომ სრულიად უაზროდ ჩაიარა.

საიოკო გაიღვიძებს და მაშინვე ვთხოვ ცოლად გამომყვეს. გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს. ძიუნპეი აღარ ყოყმანობდა. ერთ წუთსაც აღარ დავკარგავ. ფრთხილად, უხმაუროდ შეაღო საძინებლის კარი და პლედში გახვეულ სარასა და საიოკოს შეხედა. სარა დედასთან ზურგშექცევით იწვა, საიოკოს მხარზე ჰქონდა ხელი მოხვეული. ძიუნპეი ბალიშზე გაშლილ საიოკოს თმას შეეხო, სარას ვარდისფერ ლოყაზე მოუთათუნა თითი. არც ერთი არ ინძრეოდა. ძიუნპეი საწოლის გვერდით, ხალიჩაზე დაჯდა, კედელს მიეყრდნო და საგუშაგოდ მოეწყო.

საათის ისრებს შესცქეროდა კედელზე თან სარასთვის ამბის გაგრძელებაზე ფიქრობდა. მასაკიტიზე და ტონკიტიზე. ჯერ ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვოს. ტონკიტი აი ასე, ვითომც არაფერიო, არ უნდა ჩაამწყვდევინოს ზოოპარკში. ვიღაცამ უნდა უშველოს. ძიუნპეი თავიდან გამოჰყვა ფიქრით მთელ მონათხრობს და უცებ რაღაც იდეაც გაჩნდა. კვირტი ყვავილად იქცა, მერე ნაყოფად და კონკრეტული ფორმაც გამოიკვეთა.

ტონკიტიმ მოიფიქრა მასაკიტის თაფლისგან ღვეზელების გამოცხობა. ცოტა წაივარჯიშა და მიხვდა, რომ მასში მცხობელის ტალანტი თვლემდა. მასაკიტის კი თაფლის ღვეზელები ქალაქში მიჰქონდა და ჰყიდდა. ადამიანებს მოეწონათ თაფლის ღვეზელები და თვალის დახამხამებაში აცარიელებდნენ დახლს. ახლა აღარ იყო აუცილებელი ცალ-ცალკე ცხოვრება. არც არაფერი აკლდათ თავიანთ ტყეში და მეგობრებადაც დარჩნენ.

სარას აუცილებლად მოეწონება ამ ისტორიის ახალი ბოლო. საიოკოსაც.

მოდი რაღაც ისეთს დავწერ, რაც არ ემგვანება არც ერთ აქამდე დაწერილს, გაიფიქრა ძიუნპეიმ. ამბავს იმაზე, რომ ვიღაცას ღამით სძინავს და სიზმარში მოუთმენლად ელის როდის გაილევა ღამე, რათა რაც შეიძლება ჩქარა ჩაიკრას გულში საყვარელი ადამიანები ამომავალი მზის პირველივე სხივებზე. მაგრამ მანამდე აქ უნდა ვიჯდე და ამ ორი ქალის ძილს ვუდარაჯო. ვინც არ უნდა იყოს, ამ ვიღაცას უფლებას არ მივცემ რაღაც ყუთში ჩაამწყვდიოს ქალები. ზეცაც რომ ჩამოიქცეს, მიწამაც რომ დააღოს ღრიალით პირი…

………………………………………………………………………

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ