მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1660 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

– I –

 

არის დღეები, როცა ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, სხვანაირად იღვიძებს. გარეგნულად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გამვლელები, ხეები და მთელი ირგვლივეთი სხვად გეჩვენება, სწორედ ისე, ხანდახან სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის მაგიერ უცხო კაცს რომ შეეფეთები.

ასეთი დღეები გამორჩევით მიყვარს; თუ მოვახერხე, სამსახურიდან ადრე ვიპარები და ხალხს შევერევი ხოლმე; მოურიდებლად ვაკვირდები ნებისმიერ გამვლელს, ისევე როგორც თავად მომაშტერდებოდა, რადგან იმ წუთებში სითამამე მეძალება და სულ სხვა კაცი ვხდები.

ვიცი, ცხოვრება უკეთესს აღარაფერს გამოიმეტებს ჩემთვის იმის გარდა, თუ საკუთარი სურვილით არ გამოვიხმე ამგვარი წუთები;

რამდენჯერმე შევძელი კიდეც მათი გახანგრძლივება, ვთქვათ ასე: მივუჯდები მაგიდას რომელიმე მოდურ შუშებიან კაფეში და ვაყურადებ ქუჩის ყრუ გუგუნს, ვისრუტავ ფერთა და ხმათა უწყვეტ ნაკადს და ჩემივე სულის ყოვლისმომწესრიგებელი სიმშვიდის მოლოდინით ვიტრუნები.

რამდენიმე წლის წინ გადატანილმა საშინელმა გულგატეხილობამ და სინდისის ქენჯნამ ისეთ სასოწარკვეთამდე მიმიყვანა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი - ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება სიმშვიდეა; ბრძოლისა და ქარიშხლებისთვის არ ვარ შექმნილი, ხანდახან დილაობით აფორიაქებული თუ გამოვალ სახლიდან და ჩემი ნაბიჯები გამოწვევად გაისმის, თორემ ამ ცხოვრებისგან მაყურებლის როლის გარდა არაფერს ვითხოვ.

თუმცა ეს მოკრძალებული, მოზომილი სიამოვნებაც ჩემსავე უბადრუკობაში მარწმუნებს და ყოფას მიმწარებს.

გუშინ არ აღმომიჩენია, რომ ცხოვრებაში ეშმაკობაა საჭირო, სხვების კი არა, საკუთარი თავის მიმართ. საშინლად მშურს იმ ადამიანების, განსაკუთრებით ქალების, ვინც სიგლახეს, თუნდ მცირე უსამართლობას ისე ჩაიდენს, თითქოს უმნიშვნელო კაპრიზს იკმაყოფილებდეს და თავს ისე დაიჭერს, საკუთარ სინდისთან სუფთა აღმოჩნდეს.

არანაირი ავი ზნე არ მჭირს თუ არ ჩავთვლით უნდობლობისა და სიმშვიდის მოთხოვნილების გამო ბრძოლაში უკან დახევის ჩვევას.

არც საკუთარი თავის ეშმაკურად გამოყენება მეხერხება და არც თვითფლობა, როცა იმ მცირეოდენით ვტკბები, რაც განგებამ მომისართა.

ზოგჯერ შუა ქუჩაში ვხევდები, მიმოვიხედავ და საკუთარ თავს ვეკითხები, მაქვს კი უფლება ამქვეყნად ყოფნისა? ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა სამსახურიდან გამოპარვას მოვუხშირებ ხოლმე.

არა, საქმეს ხელს არ ვაკლებ, საკმაოდ კარგი სამსახური მაქვს, თავსაც კარგად ვინახავ და უპატრონო დისშვილსაც კოლეჯის ხარჯს მე ვუხდი, რომლის სახლში გაჩერება არ უნდა მოხუცს, დედაჩემად რომ დამიწესა განგებამ.

დიახ, ხშირად შევყოვნებულვარ ქუჩაში და საკუთარი თავისთვის მიკითხავს, სასაცილო არა ვარ, ასე აღტკინებული რომ დავაბიჯებ?! ასე კი იმიტომ ვფიქრობ, რომ მგონია, არ ვიმსახურებ ასეთ სიხარულს.

მსგავსი რამ დამემართა გუშინ დილით: საკმარისი აღმოჩნდა კაფეში შემთხვევით შევსწრებოდი ჩვეულებრივ ვოდევილს ჩვეულებრივი პერსონაჟებით, რომ მიუსაფრობა და უნუგეშობა მეგრძნო. და რაც უფრო ვცდილობ ჩემში დანაშაულის გრძნობა მივაყუჩო, მით უფრო შიშვლდება იგი თავისი უძრავი და საშინლად მტანჯველი არსით.

ჰო, ეს იყო თეთრლაბადიანი ჭაბუკის გაარშიყება ახალგაზრდა მოლარესთან. ვითომ გაბრაზებული თეთრლაბადიანი მოლარეს უყვიროდა, ასი ლირის ხურდა დამაკელიო:

− ქალიშვილო, კლიენტებს ასე არ ექცევიან, - თვალს უკრავდა დამორცხვებულ მეგობარს. მოლარე იცინოდა, თეთრლაბადიანი უმტკიცებდა, რომ იმ ასი ლირით რომელიმე სადღეღამისო სასტუმროს ნომერში მისი დაპატიჟება შეეძლო ან სულაც ბანკში დააბანდებდა იმ ფულს.

− აბა, კარგად, ლამაზო, ამაღამ ჩემზე იფიქრე! - მიაძახა ბოლოს.

− ესღა მაკლდა! - გადაიკისკისა ვითომ აღშფოთებულმა მოლარემ.

იმ კაფეში საუზმობისას ხშირად დავკვირვებივარ იმ მოლარეს, ხანდახან ნეტარებით გარინდებული ისე გავღიმებივარ, ზედაც არ შემიხედავს. თუმცა ჩემი სიმშვიდე საკმაოდ ხანმოკლეა, საყრდენი არა აქვს და ამიტომაც გამუდმებით მიპყრობს თანმდევი სინდისის ქენჯნა.

უცნაურია, მაგრამ დილაობით კაფეში საუზმობისას, როგორც გუშინ დამემართა, სულ უფრო მიახლდება გრძნობა, რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი დანაშაული სხვა არაფერია, თუ არ სიბრიყვე.

სხვებს, ალბათ, შეუძლიათ საკუთარი თავისადმი ღრმა რწმენით კარგად გაითვალონ და გააზრებულად ჩაიდინონ დანაშაული, თანაც დაუოკებელი ინტერესი გამოავლინონ მსხვერპლისა და თამაშისადმი, და, ვფიქრობ, ამაში გახარჯულ ცხოვრებას არცთუ უმნიშვნელო კმაყოფილება მოაქვს.

პირადად მე კი არასოდეს არაფერი მიკეთებია სულიერი ტანჯვის გარდა. და ჩემსავე სულელურ თავდაუჯერებლობას და საკუთარ თავთან ჭიდილს ხშირად ადამიანებთან უხერხულ და სასტიკ ვითარებამდეც კი მივუყვანივარ.

გამოსავლის ძებნას არც ვაპირებ, მაგრამ საკმარისია წამით სინდისის ქენჯნამ შემიპყროს, მაშინვე კარლოტაზე ვიწყებ ფიქრს.

წელიწადზე მეტია რაც გარდაიცვალა და ზედმიწევნით ვიცნობ ყველა იმ ბილიკს, რომელზეც მასზე ფიქრი წამომეწევა;

თუ მოვისურვე, შემიძლია კიდეც გამოვიხმო ის საწყისი სულიერი მდგომარეობა, როცა იგი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მაგრამ ამას ყოველთვის არ ვაკეთებ, რადგან ჯერ არ გამნელებია მწარე სინანულის გრძნობა, რომელსაც სულ უფრო ღრმად შევყავარ სულის ბნელ კუთხეებში და ისეთი მოუთმენლობით ჩავკირკიტებ, თითქოს წარსული არ იყოს.

ისე უთავბოლოდ ნამდვილი ვიყავი კარლოტას მიმართ, რომ მასთან გატარებული ყოველი განვლილი დღე ხსოვნაში მიცოცხლდება არა როგორც გარდასული, არამედ დღევანდელი, არსებული, ცოცხალი.

კარლოტა არ იყო იდუმალი და გამოუცნობი, პირიქით, იგი იმ ზედმეტად პრიმიტიულ და, ვიტყოდი, საცოდავ ქალებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც როგორც კი საკუთარი თავისადმი ერთგულებას ღალატობენ და მამაკაცის მოსახიბვლელად კეკლუცობას იწყებენ, აუტანლად გამაღიზიანებლები ხდებიან, თუმცა კი ვიდრე უბრალოები არიან, ვერავინ ამჩნევს მათ.

ვერაფრით ამეხსნა, სად ჰყოფნიდა მოთმინება, ლუკმაპურის საშოვნელად მოლარეობას რომ იტანდა. ის ალბათ საუკეთესო და იქნებოდა.

დღესაც ბოლომდე ვერ ამიხსნია ჩემი მაშინდელი გრძნობა და საქციელი. აბა რა დავარქვა ჩემს მოქმედებას იმ საღამოს, როცა კარლოტამ თავის ოროთახიან ბინაში დამპატიჟა და ხავერდის ძველ კაბაში რომ დავინახე, საბანაო კოსტუმი ჩაგეცვა, უკეთესი იქნებოდა-მეთქი, ვუთხარი.

ეს იყო ჩემი პირველი სტუმრობა, მანამდე არც კი მეკოცნა მისთვის. საქციელწამხდარმა მორცხვად გამიღიმა, მეორე ოთახში გავიდა და ჩემდა გასაკვირად, საბანაო კოსტუმში გამომეცხადა.

იმ საღამოს მოვეხვიე და ტახტზე გადავაწვინე; მერე გამოვუცხადე, ამგვარი ვნებათაღელვის შემდეგ მარტო ყოფნა მიყვარს-მეთქი და წამოვედი. სამი დღე აღარ გამოვჩენილვარ, მერე რომ შევხვდი, თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.

ასე გაგრძელდა ეს სიყვარული - კარლოტას მღელვარე აღსარებებითა და ჩემი ძუნწი ფრაზებით. ერთ დღეს, ჩემდა მოულოდნელად, შენობით დავუწყე მიმართვა, კარლოტამ იუცხოვა, მერე ვკითხე, ქმარს ხომ არ შეურიგდი-მეთქი, ცრემლმორეულმა შემომწუწუნა - ასე თქვენსავით იგი არასოდეს მექცეოდაო.

გაუძალიანებლად დავადებინე ჩემს მკერდზე თავი, ვეფერებოდი და ჩავჩურჩულებდი, მიყვარხარ-მეთქი, თან საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ დიახაც შემეძლო მყვარებოდა ეს ვითომ ქვრივი.

კარლოტა მომენდო, გამომიტყდა, რომ პირველი შეხვედრისთანავე შევუყვარდი, რადგან არაორდინალურ მამაკაცად მოვეჩვენე, მე კი ამ ხანმოკლე პერიოდში უკვე მოვასწარი მისი გვარიანად გაწამება, საბრალოს, უკვირდა, ყველა მამაკაცი ასე რატომ ექცეოდა.

− დღეს სითბო, ხვალ სიცივე, აი რა ამყარებს სიყვარულს - გავუღიმე ფილოსოფიურად. 

კარლოტა ფერმკრთალი იყო, დიდი თვალები დაღლილობისგან ამოღამებოდა, სხეულიც ფერმკრთალი ჰქონდა. იმ ღამეს მის ჩაბნელებულ ოთახში რომ ვისხედით, მორიდებით მკითხა, ალბათ ჩემი სხეული არ მოგეწონათ და იმიტომ დამტოვეთ პირველ ღამესო.

არც ამჯერად დავინდე, შუაღამისას წამოვდექი და თავი გავიმართლე, გასეირნება მომინდა-მეთქი; მეც სიამოვნებით გამოვისეირნებ შენთან ერთადო, სხვასთან სეირნობას ვერ ვიტან - მოვუჭერი და სახტად დავტოვე.

 

– II –

 

კარლოტა რომ გავიცანი, ახალი გადატანილი მქონდა ქარიშხლიანი სიყვარული, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა. და ახლა ტკბილ-მწარე სიხარულს განვიცდიდი “იმის” ქუჩაზე ჩავლისას.

მე ხომ იქ არაერთი დამამცირებელი ღამე დამთენებია იმ ქალის ჭირვეულობის გამო. ახლა მჯერა, რომ არანაირ ვნებას არ გააჩნია ისეთი ძალა, შეცვალოს იმ ადამიანის შინაგანი ბუნება, ვინც ამ ვნებას გადაიტანს.

ვნებისაგან შეიძლება მოკვდე, მაგრამ ამით საბოლოოდ არაფერი იცვლება; დაცხრება ვნებათაღელვა და ისევ რჩები პატიოსანი ან არამზადა, ოჯახის მამა თუ კეთილზნიანი ჭაბუკი, იმის მიხედვით, რაც მანამდე იყავი და ცხოვრებაც ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება.

ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ხომ კრიტიკულ მომენტში ვლინდება, რაც ჩვენვე გვაძრწუნებს, ნორმალურობა კი ზიზღს აღგვიძრავს.

ალბათ სიკვდილს ვირჩევდით სასტიკი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ სხვას ვერავის დავადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა.

მე უნდა ვუმადლოდე იმ ქალს, რომელმაც მიმიყვანა ამ უმიზნო დღიურ, მარტოსულ ყოფამდე, სამყაროსთან, ახლობლებთან კავშირის გაწყვეტამდე, მოყვასისადმი გულგრილობამდე - ძლივს რომ ვიტან დედაჩემს და ლამის მძულს ჩემი დისშვილი;

იმ ქალის დამსახურებაა ესყველაფერი, ან კი სხვასთან უკეთ დავამთავრებდი სასიყვარულო ისტორიას, ან სხვა უკეთ შეძლებდა ჩემს დამცირებას, ვიდრე ამას ჩემი შინაგანი ბუნება მოითხოვდა?!

ყოველ შემთხვევაში, მაშინ, იმის ფიქრმა, რომ მე დამჩაგრეს, რომ ჩემი ყოფილი სატრფო ვერაგი აღმოჩნდა, ერთგვარი კმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. ჯოჯოხეთური განცდების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ეს ბუნებრივი გამაყუჩებელი საშუალება - დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ უსამართლოდ დაისაჯე, რადგან ეს გიბრუნებს ძალას, საკუთარი თავისადმი პატივისცემას და, ესეც არ იყოს, შენსავე თავმოყვარეობას ეამება.

და ახლა სხვისგან მიყენებული უსამართლობისათვის იმავე საწყაულით ვუხდი სამაგიეროს ჩემი ჭრილობების მიმყენებელს კი არა, როგორც საერთოდ ხდება, - სხვა ქალს.

ღამით კარლოტას ბუდიდან დაკმაყოფილებული და ოდნავ დაბნეული გამოვდიოდი; მსიამოვნებდა მარტო ხეტიალი, ყოველგვარ საზრუნავს ჩამოშორებული ვტკბებოდი თავისუფლებით და გრძელ ხეივანში თითქოს ფეხდაფეხ მივდევდი ყმაწვილობისდროინდელ ფიქრებსა და განცდებს.

ღამის უბრალოება, სიბნელე და ლამპიონები ნაზად მხვევდა თავის საბურველში და ნებას მრთავდა მივცემოდი ყველაზე აბსურდულ და ლხინისმომგვრელ ოცნებას, ღამეული შუქ-ჩრდილები რომ მიფერადებდა და მიბევრებდა;

ის ყრუ გაღიზიანებაც კი რაც კარლოტასაგან მისი წრეგადასული მოკრძალების გამო მომყვებოდა, ერთვებოდა ამ თავისუფალ თამაშში, რომელიც უხერხულობისა და სიბრალულისაგან მათავისუფლებდა, მასთან ყოფნისას რომ განვიცდიდი.

მაგრამ მე ყმაწვილკაცი აღარ ვიყავი და კარლოტასთან განშორება რომ არ გამჭირვებოდა, ანატომიური სიზუსტით ვიხილავდი მის სხეულს, მოძრაობას, მის მოფერებას.

ვერ მივმხვდარიყავი, ასეთ ახალგაზრდას, ქმართან გაშორებულს და უშვილოს რატომ სჯეროდა, რომ მე ვიყავი ის მამაკაცი, ვისთანაც ბედნიერებას ეწეოდა. საცოდავი, მეტად უბადრუკი საყვარელი იყო და ალბათ ამიტომაც მიატოვა ქმარმა.

ერთ საღამოს კინოთეატრიდან გამოსულები ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩას რომ მივუყვებოდით, კარლოტამ მითხრა:

− რა ბედნიერი ვარ, რა კარგი ყოფილა შენთან ერთად კინოში სიარული. 

− შენს ქმართან ერთად თუ დადიოდი კინოში?

− ეჭვიანობ? - გაიღიმა კარლოტამ.

− არა, ისე,  - ავიჩეჩე მხრები.

− მეტი აღარ შემიძლია, - ამოიოხრა კარლოტამ და მომეკრო, - რატომ არ გვაძლევს კანონი განქორწინების უფლებას, როცა შვილები არა გვყავს, ან იგივე კანონო რატომ მაიძულებს ქმარი ვუწოდო იმას, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი მახსოვს?!

იმ ღამეს კარლოტასთან ხანგრძლივი და მგზნებარე სიახლოვით ვინებივრე.

− კიდევ ეჭვი გეპარება ჩემში? - ვკითხე.

− ო, ძვირფასო, რატომ ყოველთვის ასეთი კარგი არა ხარ, როგორც დღეს, ხომ წარმოგიდგენია, რა გველის, განქორწინება რომ შემეძლოს?

არ ვუპასუხე. მაგრამ ერთხელ, როცა ისევ განქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, ვეღარ მივითმინე და ავფეთქდი:

− კარგი ერთი, ვინ ცხოვრობს შენზე უკეთესად, ფაქტიურად თავისუფალი ქალი ხარ და დარწმუნებული ვარ, კარგადაც გარჩენს, სიმართლე თუ გინდა, შენ უღალატე მას.

რაც ერთმანეთს დავშორდით, მისგან არაფერი მომითხოვია, თავს თვითონ ვირჩენ, შემომხედა დაღვრემილმა, - და თუ ახლა მისგან რამეს მივიღებდი, ამით შენ გიღალატებდი.

კოცნით შევაწყვეტინე სიტყვა, მერე სადგურის კაფეში წავიყვანე და ძალით ორი სირჩა ლიქიორი დავალევინე. შეორთქლილი მინების შუქში მაგიდას შეყვარებულებივით ვუსხედით. მე კარგა ბლომად გადავკარი და ხმამაღლა ვუთხარი:

− კარლოტა, მოდი ამაღამ ბიჭი გავაკეთოთ?

ეტყობა ვიღაცამ შემოგვხედა, რადგან მთლად აპილპილებულმა კარლოტამ კისკისით პირზე ხელი მომაფარა. მერე ისიც ალაპარაკდა რაღაც სისულელეებზე, ჩვენს ამბავს რომელიღაც ფილმის სიუჟეტს უდარებდა. და მე ვსვამდი, რადგან ვიცოდი, ეს იყო ერთადერთი საშუალება, რაც კარლოტას სიყვარულს შემაძლებინებდა. გარეთ გამოსულები სიცივემ გამოგვაფხიზლა და სახლისკენ გავეშურეთ.

მთელი ღამე დავრჩი მასთან. დილით რომ გავიღვიძე, გვერდით ნამძინარევი, გაწეწილი კარლოტა დამელანდა, ჩემს ჩახუტებას ლამობდა. ხელი არ მიკრავს, წამოვდექი; ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი; კარლოტას ნაძალადევად შეკავებული სიხარულიც მაღიზიანებდა, სამზარეულოში სიმღერით რომ გავიდა ყავის მოსახარშად.

მერე ერთად უნდა გამოვსულიყავით სახლიდან, მაგრამ მეკარე ქალი გაახსენდა და წინ გამიშვა, მანამდე კი წინაკარში მომეხვია და მაგრად ჩამკოცნა.

იმ გაღვიძებიდან ყველაზე ცხადად დამამახსოვრდა გამზირის ხეთა ტოტები, რომლებიც ნისლში ორთქლავდნენ და ფანჯრების ფარდებს მიღმა წვეთებს ცრიდნენ.

დილის ცივი ჰაერი სისხლს მიდუღებდა, ახლა მხოლოდ განმარტოება მჭირდებოდა, რათა სიგარეტის ბოლში გახვეულს ფანტაზიით სხვანაირი გაღვიძება და სხვა ქალი წარმომედგინა.

ხანდახან კარლოტა სინაზეს გამომტყუებდა ხოლმე, მერე, როგორც კი მარტო დავრჩებოდი, თავს ვამუნათებდი ამის გამო; საკუთარი სულის შრეებში ვიქექებოდი, რათა გამეფანტა მისი უმნიშვნელო მოგონებაც კი, ფიცი დამედო, სასტიკი ვყოფილიყავი და მტკიცედაც ვიცავდი ამ ფიცს.

კარლოტასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ უსაქმურობის, უბრალოდ მოთხოვნილების გამო ვიყავით ერთად და არა იმ მიზეზისა, რასაც თავგანწირვით ებღაუჭებოდა.

საწოლში კარლოტასთან წუთიერი თავდავიწყების შემდეგ მისი ნეტარი და მადლიერი გამოხედვა ნერვებს მიშლიდა, რადგან ვისგანაც ველოდი მსგავს შემოხედვას, ერთხელაც არ მღირსებია.

− თუ ისეთს მიმიღებ, როგორიც ვარ, ხომ კარგი, - ვუთხარი ერთხელ კარლოტას, - მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას ნუ ეცდები.

− მაშ, არ გიყვარვარ ? - ენა დაება.

− ის მცირეოდენი სიყვარულის გრძნობა, რაც გამაჩნდა, ახალგაზრდობაში გავხარჯე და გადავიწვი.

თუმცა კი იშვიათად, სირცხვილისა თუ აღგზნებულობის გამო ვეთანხმებოდი, რომ ცოტათი მიყვარდა, რაც თავადვე მაცოფებდა.

ასეთ დროს კარლოტა ცდილობდა გაეღიმა:

− კარგი მეგობრები ხომ მაინცა ვართ?

− მისმინე, - ვეუბნებოდი მკაცრად, - გულს მირევს ეს დათაფლულობა, დაიმახსოვრე, რომ მე და შენ მხოლოდ მამაკაცი და ქალი ვართ, რომლებიც მოწყენილობის გამო წვებიან ერთად ლოგინში!

− ჰო, ეს მართალია, მაგრამ მე მიყვარხარ, მიყვარხარ, - მეხუტებოდა თავდავიწყებით.

− ჰოდა მეტს ნურაფერს მთხოვ.

საკმარისი იყო მსგავსი საუბრისას თუნდაც ერთხელ ზედმეტად თავაზიანი მომჩვენებოდა თავი, რომ მერე კვირაობით გავურბოდი კარლოტას. თუ თავისი კაფედან დამირეკავდა სამსახურში, ვპასუხობდი, რომ ბევრი საქმე მქონდა და არ მეცალა..

თავიდან კარლოტა უკმაყოფილების გამოხატვას ეცადა, მაშინ ჩემი ცივი ღიმილის თანხლებით ერთი მტანჯველი საღამო გავატარებინე: შორი-შორ ვისხედით ჩაბნელებულ ოთახში, აბაჟური თეთრ შუქს სცემდა მის მუხლებს და ვუმზერდი მის მწუხარე სახეს.

უტანელი სიჩუმე პირველმა მე დავარღვიე:

− მადლობა მითხარი, ქალბატონო, შესაძლოა ეს საღამო უფრო მეტჯერ გაგახსენდეს, ვიდრე სხვა რომელიმე.

კარლოტა არ შერხეულა.

− რატომ არ მომკლავ, ქალბატონო? თუ შენ ნებიერი ქალი გინდა გაითამაშო, დროს ტყუილად კარგავ, მე ჩემი ჭირვეულობაც მყოფნის.

კარლოტა ასლუკუნდა.

− დღეს საბანაო კოსტუმიც ვერ გიშველის, - ჩავუირონიე.

კარლოტა ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, ინსტინქტურად ხელები გავუწოდე, თეთრ შუქზე გაიელვა მისმა თავმა და ტირილით ჩემს მუხლებზე დაეშვა; მოფერება ვცადე, მაგრამ წამოვდექი. 

− ალბათ მეც უნდა ვტიროდე, კარლოტა, მაგრამ ვაი, რომ აზრი არა აქვს. რასაც ახლა შენ განიცდი, მე დიდი ხნის წინ გადავიტანე, თავის მოკვლა მინდოდა, ვაჟკაცობა არ მეყო. ბედის დაცინვაც ეგ არის, ვინც იმდენად სუსტია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს, იმ ზომამდეა სუსტი, თავს ვერ მოიკლავს. Aასე რომ, ჭკვიანად მოიქეცი, კარლოტა.

− ასე სასტიკად რატომ მექცევი, - ამოიგმინა.

− სულაც არ გექცევი სასტიკად, მშვენივრად იცი, რომ მარტო ყოფნა მიყვარს. და თუ ამის საშუალებას მომცემ, დაგიბრუნდები თუ არადა, ვეღარასოდეს მიხილავ. ჰოდა ასე.. გინდა რომ მიყვარდე ?

კარლოტამ ტკივილისაგან დასერილი სახე ასწია.

− მაშინ შენ აღარ უნდა გიყვარდე - ჩავუმარცვლე - სხვა გამოსავალი არა გაქვს, ხომ იცი, ძაღლი გადაგდებულ ძვალს მაშინვე არ დასწვდება.

მსგავსმა სცენებმა ისე შეძრა კარლოტა, ჩემთან განშორება აღარც უფიქრია. გარდა ამისა, განა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ორივენი ერთი ჩამოსხმისანი ვიყავით?!

კარლოტა კი იმდენად პრიმიტული ქალი იყო, ამას ვერც ჩასწვდებოდა, თუმცა კი რაღაცას გრძნობდა. საბრალო, ცდილობდა ვითომ ხუმრობით ჩამხუტებოდა და ამოიხვნეშებდა: “ასე ყოფილა ეს ცხოვრება,” ან “ვაი შენ ჩემო თავო”...

იმ ღამეს რომ ეთქვა, კარგი, დავშორდეთო, ალბათ, პატარა ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ კარლოტას ეს არ შეეძლო.

ზედიზედ ორ საღამოს რომ არ გამოვჩნდებოდი, მერე დარდისაგან თვალებამოღამებული მხვდებოდა.

თუ იშვიათად მისადმი სიბრალული ან თანაგრძნობა შემომეპარებოდა და კაფეში გავუვლიდი სადმე დასაპატიჟებლად, სიხარულისაგან აწითლებული და შეცბუნებული წამოხტებოდა.

მე კონკრეტულად კარლოტას კი არ ვუბრაზდებოდი, არამედ ნებისმიერი შეზღუდვისა და მორჩილების წინააღმდეგი ვიყავი, რამაც, ღრმად მწამდა, ჩვენი ურთიერთობა დამატეხა თავს.

რაკი მე კარლოტა არ მიყვარდა, მის მიერ ყოველი უმნიშვნელო ნების გამოვლენა თავდასხმად მეჩვენებოდა.

ისეთი დღეებიც მახსოვს, თავი მეზიზღებოდა, შენობით რომ მივმართავდი. რა უფლება აქვს ამ უცხო ქალს, ხელკავს რომ მიკეთებს?! - ვფიქრობდი.

სამაგიეროდ, ისეთი დღეებიც გამოერეოდა, თავი ამქვეყნად ახლადმოვლენილი მეჩვენებოდა.

ეს მაშინ ხდებოდა, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემეძლო მზიან ქუჩებს მარტოდმარტო, კარლოტას გარეშე გავყოლოდი; მისი სხეულით დაკმაყოფილებული და ძველტკივილმიყუჩებული, ხარბად ვიმზირებოდი ირგვლივ, როგორც ყმაწვილობის ჟამს ვივსებოდი ირგვლივეთის ხმებითა და სურნელით.

და კარლოტა რომ ჩემდამი სიყვარულის გამო იტანჯებოდა, ეს ძველ ტკივილებს მიამებდა, ჟამთასრბოლის ფერფლს აყრიდა და აბიაბრუებდა მას.

კარლოტას როგორც კი მოვშორდებოდი, თავს ხელშეუხებლად და უფრო გამოცდილად ვგრძნობდი. მჯეროდა, რომ იგი ჩემი სულის განსაწმენდელს წარმოადგენდა.

 

– III –

 

გამოხდებოდა საღამოები, გაუთავებლად რაღაცას ვუყვებოდი; ამ თამაშით ყმაწვილივით ვერთობოდი და ჩემი საწუხარი მავიწყდებოდა.

− კარლოტა, - ვეტყოდი ხოლმე, - რას განიცდიან შეყვარებულები? იმდენი ხანია არავინ მყვარებია, აღარც კი მახსოვს, რა ხილია... თუ სიყვარულში გაგიმართლა, ნეტარება შენ, თუ არადა, იმედს მოუხმობ. ამბობენ, შეყვარებულები დღევანდელი დღით ცხოვრობენ, მართლა ასეა, კარლოტა?

სახეზე ღიმილმოფენილი, თავს მიქნევდა.

− ვინ იცის, რაზე ოცნებობს შეყვარებული. ალბათ უფრო ბედნიერია არა ის, ვინც უყვართ, არამედ ის, ვისაც უყვარს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის - აქ მე გავიღიმე - ვინმე სხვასთან არ იზიარებს სარეცელს და არ დაგვცინის.

კარლოტამ წარბები აზიდა.

− კარგი რამ არის სიყვარული - დავასკვენი ბოლოს - და ვერავინ დაუძვრება მის უღელს.

კარლოტა ჩემი მაყურებელი იყო. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობდი, ეს კი საუბრის საუკეთესო სახეობაა.

− სიყვარულს ხშირად ღალატი უსაფრდება, სიყვარულით რომ დატკბე, უნდა უღალატო. სწორედ ეს არ ესმით ჭაბუკებს. აი, თქვენ, ქალები, ამას თავიდანვე უღებთ ალღოს. ღალატობდი შენს ქმარს, კარლოტა?

ის წითლდებოდა და დაბნეულად იღიმებოდა.

− ჩვენ, მამაკაცები, ჭაბუკობის ასაკში ბევრად უფრო გულუბრყვილონი ვართ. შეგვიყვარდება ვიღაც მსახიობი ან მეგობარი გოგონა და მთელს ჩვენ ნათელ ოცნებებს მას მივუძღვნით. ეს არის, მათთვის გამჟღავნება გვეძნელება. მაშინ როცა, ნებისმიერმა ყმაწვილქალმა იცის, რომ სიყვარული ეშმაკური თამაშია.

ჭაბუკებს საროსკიპოში გატარებული საათის შემდეგ სჯერათ, რომ გარეთ მყოფი ქალები განსხვავებულნი არიან. შენ რას აკეთებდი თექვსმეტი წლის ასაკში, კარლოტა?

მაგრამ ის სხვა რამეზე ფიქრობდა. ვიდრე ხმას ამოიღებდა, თვალებით მპასუხობდა, რომ მას ვეკუთვნოდი. მე კი მძაგდა ეს გაუთავებელი მზრუნველობა, თვალებში რომ უციაგებდა.

− რას აკეთებდი თექვსმეტი წლისა? - ვუმეორებდი იატაკს ჩაშტერებული.

− არაფერს! - მპასუხობდა პირქუშად და ვიცოდი, რასაც ფიქრობდა.

მერე პატიებას მთხოვდა, თავბედს იწყევლიდა, რომ ჩემზე არავითარი უფლება არ ჰქონდა. ესეც საკმარისი იყო ჩემს წამოსანთებად.

− შენ, ქალბატონო, მართლა ვერა ხარ? ეგრე შენს ქმარს მიელაქუცე, ეგებ დაგიბრუნდეს.

შინ კმაყოფილი ვბრუნდებოდი. მეორე დღეს ხმის კანკალით მირეკავდა, მე ცივად ვპასუხობდი. საღამოს ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს.

კარლოტა ერთობოდა, როცა ჩემს კოლეჯელ დისშვილზე ვუამბობდი, მაგრამ უნდობლად აქნევდა თავს, როცა ვამბობდი, - მირჩევნია დედაჩემი გამოვკეტო პანსიონში და დისშვილთან ერთად ვიცხოვრო-მეთქი.

მე და ჩემი დისშვილი კარლოტას ორ განსაკუთრებულ არსებად წარმოვედგინეთ, რომლებიც ბიძად და დისწულად აჩვენებენ თავს, სინამდვილეში კი ერთმანეთზე გაბოროტებული მამა და შვილი არიან. და იჭვნეულად ჩამეკითხებოდა :

− შემთხვევით შენი საკუთარი შვილი ხომ არ არის?

− რა თქმა უნდა, იგი მაშინ დაიბადა, როცა თექვსმეტი წლისა ვიყავი და ჩემთვის რომ ეწყენინებინა, ქერა გაჩნდა. რანაირად იბადებიან ეს ადამიანები თეთრყირმიზებად? ჩემთვის ქერა ხალხი ისეთივე ცხოველებია, როგორც, ვთქვათ, მაიმუნები ან ლომები, მათ შემყურეს, თავი მზეზე გგონია.

− ბავშვობაში ქერა ვიყავი - თქვა კარლოტამ.

− მე კი მელოტი, - დავძინე.

ბოლო დროს კარლოტას წარსულისადმი აბეზარ ცნობიმოყვარეობას ვიჩენდი, მაგრამ თვალს ისე ვავლებდი, როგორც საგაზეთო ქრონიკას გადახედავენ ხოლმე, ამიტომაც მალევე მავიწყდებოდა მისი ნაამბობი.

ჩემი მოულოდნელი გამოხტომებით ვაბნევდი, დაუნდობელ შეკითხვებს ვაძლევდი და თავადვე ვპასუხობდი; ფაქტიურად მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენდი.

კარლოტა მიმიხვდა.

− შენზე მიამბე რამე - მეუმბნებოდა საღამოობით და მკლავში ჩამაფრინდებოდა. უკვე იცოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო საშუალება საკუთარ თავზე საამბობლად ჩემი გამოწვევა იყო.

− შენთვის არასოდეს მიამბნია, - ვუთხარი ერთ სღამოს, - რომ ერთმა კაცმა ჩემი გულისთვის თავი მოიკლა?

კარლოტას სახეზე ღიმილი შეაცივდა.

− გასაღიმებელი აქ არაფერია, - გავაგრძელე, - ჩვენ ერთად ვისროლეთ, მაგრამ ის მოკვდა. ყმაწვილობაში ასეთებიც ხდება. “უცნაურია, - გავიფიქრე - არასოდეს არავისთვის მიამბნია ამის შესახებ, რაღა ახლა ამას გადავუხსენი გული”.

− ჩემი მეგობარი, მშვენიერი ქერა ჭაბუკი... აი ის კი ნამდვილი ლომი იყო. თქვენ, ქალებს სად შეგიძლიათ ასეთი მეგობრობა; ყმაწვილობის ასაკში თქვენ ძალიან ეჭვიანობთ ერთმანეთზე.

ჩვენ ერთად დავდიოდით სკოლაში, მერე ყოველ საღამოს ვხვდებოდით. როგორც ამ ასაკშია მიღებული, ქალებზე ათას საზიზღრობას ვყვებოდით, მაგრამ ორივეს ერთი ქალი შეგვიყვარდა.

ის, მგონი, ახლაც ცოცხალია. ეს იყო ჩვენი პირველი სიყვარული; მთელ საღამოებს სიკვდილსა და სიყვარულზე მსჯელობაში ვატარებდით; არცერთ შეყვარებულ წყვილს ისე არ ესმის ერთმანეთისა, როგორც ჩვენ გვესმოდა.

ჟანი…...ჰო, ჟანს ვეძახდით. ზოგჯერ ისეთი ნაღვლიანი იყო ხოლმე, საკუთარი თავისა მრცხვენოდა. მხოლოდ მას შეეძლო სევდის განსაკუთრებული ატმოსფერო შეექმნა, როცა საღამოს ნისლში ვსეირნობდით.

− შენც შეყვარებული იყავი?

მე ის მტანჯავდა, რომ ისეთი მელანქოლიური არ ვიყავი, როგორც ჟანი. ბოლოს დავასკვენი, რომ ორივეს შეგვეძლო თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულება და ამის შესახებ ჟანს ვუთხარი.

იგი ადვილად იტაცებდა ნებისმიერ იდეას, ამ აზრს კი ნელა შეეგუა. ერთ დღეს ქალაქგარეთ წავედით, ერთი პისტოლეტი გვქონდა ორივეს და უნდა შეგვემოწმებინა.

პირველად ჟანმა ისროლა. ყოველთვის თავზეხელაღებული იყო და მგონია, ის კეკლუცა რომ გადაეყვარებინა, მეც მას მივბაძავდი.

ზამთარი იდგა და ჩვენ მოშიშვლებულ ბილიკზე ვიდექით. პისტოლეტი გავსინჯეთ და ის იყო, გავიფიქე - რა ძლიერი ხმაა-მეთქი, ჟანმა ლულა პირთან მიიტანა და წამოიძახა: “ისეთებიც არიან, რომ არ ყოყმანობენ!” სროლა გაისმა; ჟანი მიწაზე უსულოდ დაეცა.

კარლოტა გაოგნებული შემომცქეროდა.

− მე არ ვიცოდი, რა მექნა და გავიქეცი.

მერე იმ საღამოს კარლოტამ მკითხა:

− მართლა გიყვარდა ის ქალი?

− ის ქალი? ხომ გითხარი, ჟანი მიყვარდა-მეთქი.

− და შენც გინდოდა თავის მოკვლა?

− რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ შევძელი, ლაჩრულად მოვიქეცი. ზოგჯერ სინდისი მქეჯნის ხოლმე.

მერე კარლოტა ხშირად იხსენებდა ჩემს იმღამინდელ ნაამბობს და ჟანზე, როგორც ახლობელზე, ისე ლაპარაკობდა; მთხოვდა ხოლმე აღმეწერა როგორი იყო იგი გარეგნობით, ან მე როგორ გამოვიყურებოდი იმ წლებში. ერთხელ ისიც მკითხა, ის პისტოლეტი თუ მქონდა შენახული.

− მას მერე აღარასდროს გიფიქრია თავის მოკვლაზე? გთხოვ, ნუ იზამ ამას, - მიყურებდა გამომცდელად.

− შეყვარებულები ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე - გავიღიმე.

 კარლოტას არ გაუღიმია.

− შენ რა თვითმკვლელობაზე ფიქრობ ?

− ჟანზე ვფიქრობ ხანდახან.

 

– IV –

 

კარლოტას მიმართ სიბრალული განსაკუთრებით მაშინ მეუფლებოდა, როცა ნაშუადღევს სამსახურიდან დაბრუნებული მის კაფესთან ჩავლისას ვიმალებოდი, რომ არ დავენახე და იძულებული არ გავმხდარიყავი ჩემი შესვლით დღესასწაული მომეწყო მისთვის.

შესვენებაზე შინ არ ვბრუნდებოდი, მიყვარდა რომელიმე კაფეში მშვიდად ჯდომა და თვალდახუჭული სიგარეტის გაბოლება.

ამ დროს კარლოტა თავის სალაროსთან იჯდა, დასწავლილი მოძრაობით ხევდა ქვითრებს, იქნევდა თავს, იღიმებოდა და იჭმუხნებოდა, როცა კლიენტები ეარშიყებოდნენ.

იგი სამსახურს შვიდ საათზე იწყებდა და ოთხ საათზე ამთავრებდა. ცისფერი კაბა ეცვა მუდამ; გასამრჯელოდ თვეში ოთხას ოთხმოც ლირს იღებდა; კმაყოფილი იყო, რომ მალე ამთავრებდა ცვლას და სალაროსთანვე ერთი ფინჯანი რძით სადილობდა.

− სამუშაო თავისთავად ძნელი არ არის, - მეუბნებოდა, - კარის გაუთავებელი ჯახუნი რომ არ მიწყალებდეს ტვინს.

მას შემდეგ, როცა სადმე კაფეში შევდივარ, ყოველთვის ხელს ვაშველებ კარს. კარლოტა ხშირად ცდილობდა ვეეჭვიანებინე და მიყვებოდა კაფეს კლიენტებთან გადახდენილი სცენების შესახებ, მაგრამ ვერ მიყოლიებდა, მერე სიტყვას გადამიკრავდა, რა საძაგლობებს სთვაზობდნენ ბერიკაცები.

− შენც დათანხმდი რა, - ვეუბნებოდი - ოღონდ მე ნუ დამანახებ. კენტ დღეებში მიიღე და გადამდებ დაავადებებს უფრთხილდი.

კარლოტას საცოდავად ებრიცებოდა სახე.

ბოლო დროს ვგრძნობდი, რაღაც ფიქრი ღრღნიდა.

− ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ, კარლოტა? - ვკითხე ერთ საღამოს.

კარლოტა ნაცემი ძაღლივით შემომცქეროდა, რაც საშინლად მაღიზიანებდა. ეს ანთებული, მოალერსე თვალები, ხელის ხანგრძლივი მოჭერა, ყველაფერი მაცოფებდა. მეშინოდა ჩემი ცხოვრების ამ ქალთან დაკავშირება, მძაგდა თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კარლოტა ამაზე ოცნებობდა.

ისევ პირქუში და ფლიდი გავხდი. მაგრამ ჩემი მრისხანე აფეთქებები ძველებურად კარლოტას მორჩილებას აღარ იწვევდა; გაუნძრევლად იჯდა და დაჟინებით მიმზერდა და მაშინვე მისხლტებოდა თუ დასამშვიდებლად მივეფერებოდი.

ნელ-ნელა კარლოტამ განაზება დამიწყო:

− თავი მტკივა... ოჰ, ეს საშინელი ჯახუნი. მოდი, ამ საღამოს მშვიდად ვისხდეთ, მიამბე რამე.

მის დასაუფლებლად დიდხანს ლოლიავი რომ მჭირდებოდა, ესეც ზიზიღს მგვრიდა. მაგრამ როცა მივხვდი, კარლოტა მთელი სერიოზულობით განაწყენებულად თვლიდა თავს და სულის სიღრმეში იტანჯებოდა, გულისწყრომა არ გამომიმჟღავნებია, უბრალოდ, ვუღალატე.

ისევ მომეახლა ის უაზრო საათები, საროსკიპოდან დაბრუნებული პირველსავე შემხვედრ კაფეში რომ ჩამოვჯდებოდი შესასვენებლად, არც მხიარული, არც სევდიანი, უფრო გამოცარიელებული, დაყუჩებული. და მჯეროდა, რომ სამართლიანად ვიქცეოდი - ან უნდა მიმეღო სიყვარული მთელი თავისი სირთულეებით, ან მეძავიღა დამრჩენოდა. 

მეგონა, კარლოტა ეჭვიან ქალს თამაშობდა და ეს სიცილადაც არ მყოფნიდა. ის კი მართლა იტანჯებოდა, მაგრამ იმდენად მიამიტი იყო, სარგებელს არ ეძებდა; დაუშნოვდა კიდეც, როგორც იმათ ემართებათ, ვინც მართლა იტანჯება.

ცოტათი კი მეცოდებოდა,, თუმცა ვგრძნობდი, მისი მიტოვების დრო დგებოდა. კარლოტა ხვდებოდა ამას. ერთ საღამოს საწოლში ვიწექით და მე ინსტინქტურად ლაპარაკს გავურბოდი. მოულოდნელად კედელს მიმატმასნა:

− რა მოგდის? - გავღიზიანდი.

− უცებ რომ გავქრე - სახეში ჩამაშტერდა - ოდნავ მაინც თუ აღელდები?

− არ ვიცი, - წავიბუტბუტე.

− რომ გიღალატო?

− განა ეს ცხოვრება სულ ღალატი, არ არის?!

− ქმარს რომ დავუბრუნდე?

იგი მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა. მხრები ავიჩეჩე.

− უბედური ქალი ვარ, ვერ შევძლებ შენს ღალატს. ამასწინათ ჩემი ქმარი ვნახე.

− რა?!..

− კაფეში მოვიდა.

− კი მაგრამ ამერიკაში არ გაიქცა?!

− არ ვიცი, მე კაფეში ვნახე.

ალბათ არ უნდოდა, მაგრამ წამოსცდა, რომ ქმარს ქურქიანი ქალი ახლდა.

− მაშ, არ გისაუბრიათ? 

კარლოტა შეყოყმანდა. 

− მეორე დღეს ისევ მოვიდა... მარტო... და სახლამდე მომაცილა.

ჩემდა გასაოცრად შევფუცხუნდი და ხმას დავუწიე.

− აქ შემოვიდა?

კარლოტა მხურვალედ ჩამეხვია:

− არაფერი მომხდარა, მე ხომ შენ მიყვარხარ.

− სახლში შემოგყვა-მეთქი?

− ჰო, მაგრამ თავის საქმეებზე მელაპარაკა. მასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უზომოდ მიყვარხარ და რომც შემეხვეწოს, არ დავუბრუნდები.

− ესე იგი, შეგეხვეწა?

− არა, მხოლოდ ის მითხრა, თუ ხელმეორედ დაქორწინებას გადაწყვეტდა, ჩემს გარდა არავის შეირთავდა.

− მერე ხომ აღარ გინახავს?

− კაფეში მოვიდა ისევ იმ ქალბატონთან ერთად.

კარლოტასთან გატარებული ის ღამე უკანასკნელი იყო. არც დავმშვიდობებივარ მის სხეულს და არც გამოვტირებივარ. უბრალოდ შევწყვიტე მასთან სახლში სიარული, დროდადრო ჩემთან დარეკვისა და საღამოს კაფეში ლოდინის უფლება დავუტოვე.

ყოველ შეხვედრაზე კარლოტა თვალებით მჭამდა. განშორებაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ხმა უკანკალებდა.

− მას მერე აღარ მინახავს ჩემი ქმარი - წაიჩურჩულა ერთი ასეთი შეხვედრის დროს.

− ძალიანაც ცუდი, - ვუპასუხე, - უნდა ეცადო, რომ დაუბრუნდე.

მაღიზიანებდა ის, რომ, ჩემი აზრით, კარლოტა ვითომ ქმარს მისტიროდა და ამით მე დამიბრუნებდა. 

ერთ საღამოს ტელეფონით ვუთხარი, რომ სახლში გავუვლიდი. შეშფოთებულმა კარი უნდობლად გამიღო და შიშით შემეთვალიერა; ხავერდის კაბა ეცვა; მახსოვს, გაციებული იყო და ხელში ნერვიულად აწვალებდა ცხვირსახოცს, რომლითაც დროდადრო შეწითლებულ ცხვირს იწმენდდა.

ეტყობოდა, ყველაფერს მიმხვდარიყო; თვინიერად და აუღელვებლად მპასუხობდა. მშვიდად მათქმევინა, რაც სათქმელი მქონდა, თან მალულად მიმზერდა ცხვირსახოცმოფარებული.

მერე ადგა, მომიახლოვდა, მუცლით სახეზე მომეკრო, სხვა რა დამრჩენოდა, უნდა მოვხვეოდი.

− მოდი, ლოგინში ჩავწვეთ, - მითხრა ტკბილად.

ასეც მოვიქეცით, მაგრამ შემაწუხა მისმა გრიპიანმა, დასიებულმა სახემ. შუაღამისას ლოგინიდან წამოვხტი; კარლოტამ შუქი აანთო და შემომხედა; მერე ჩააქრო და მითხრა, - თუ გინდა, წადი.

თავი უხერხულად ვიგრძენი და ბორძიკით გამოვედი.

რამდენიმე დღე შიშით ველოდი ტელეფონის ზარს, არ შევუწუხებივარ. მშვიდად ვიმუშავე კვირების მანძილზე და ერთ საღამოს კარლოტას სურვილმა შემიპყრო; დამცირების შიშმა გადამაფიქრებინა, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, მის კარზე თუ დავაკაკუნებდი, ბედნიერებას მივიტანდი. ეს თვითდაჯერებულობა სულ მქონდა კარლოტას მიმართ.

მეორე დღეს მის კაფეს ჩავუარე, სალაროსთან სხვა ქალი იჯდა. ალბათ მეორე ცვლაში გადავიდა - გავიფიქრე. არც საღამოს დამხვდა; ავად იქნება, ან იქნებ ქმარს დაუბრუნდა?- ეს აზრი აღარ მომეწონა.

მუხლები მომეკვეთა, როცა მეკარე ქალმა ავადმომზირალი თვალით შემომხედა და ჩამისისინა - ერთი თვის წინ მკვდარი ეპოვათ სახლში, გაზით გაეგუდა თავი.

 

მთარგმნელი: ნუნუ გელაძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ