მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2057 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ინგუში განმანათლებლის, ადილ-გირეი დოლგიევის ხსოვნას

”ეროვნული ხასიათი, ძირითადად, უმრავლესობის ზნეობრივ თვისებებზეა დამოკიდებული, და ეს თვისებები თანაბარნი არიან, როგორც ერის, ასევე, მისი თითოეული წარმომადგენლისათვის.

და თუკი ისინი არ იქნებიან მაღალგანვითარებულნი, პატიოსანნი და გაბედულნი, მაშინ სხვა ერებთან შედარებით საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენისანი იქნებიან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელს მსოფლიოში უდარესი წონა ექნებათ”.

ს. სმაილზი

 

– I ნაწილი –

 

მასწავლებელი შეგირდების ნაშრომებს ასწორებდა. სამმა ვერ მიიღო თავისი თხზულება. ვერც ბოლიმ. მასწავლებელმა ისინი გაკვეთილების შემდეგ დაიტოვა. როდესაც ორმა მათგანმა რჩევა-დარიგებები მიიღეს და წავიდნენ, მოძღვარმა ბოლოს გადაფურცლა რა რვეული, გოგონას დაჟინებით ჩახედა თვალებში და წარმოსთქვა:

– შენი ნაწარმოები, ბოლი, კარგადა დაწერილი და “კარგადაც” შევაფასე. მაგრამ აი, ეს ქაღალდი, რომელიც შენს რვეულში იყო ჩადებული, არაა გამართულად ნაწერი.

მან მას რვეულის ეს ორადგაკეცილი ფურცელი გაუწოდა. გოგონას თითქოს გულისცემა შეუჩერდა - ეს იყო თვით მასწავლებელ სურხოზე დაწერილი დასმენა, რომელიც მამის კარნახით და გოგონას ხელით იყო შესრულებული. მასში მამასახლისი ინალი ბუროს* მოხელეებს აცნობებდა იმის შესახებ, რომ სურხო მასწავლებელი ცუდად იხსენიებს ხელმწიფის ხელისუფლებას. სურხო საშიში ადამიანია, ხოლო იგი, ინალი, “მისი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ზრუნავს დიდებული ტახტის განმტკიცებისათვის”.

გოგონას ნახევრადდაღებული პირი გაუშეშდა. არც ლაპარაკის, არც მოძრაობის ძალა არ ჰქონდა. რომ შესძლებოდა, საკლასო ოთახიდან გაიქცეოდა.

− ასეთი მნიშვნელოვანი საბუთი არაგრამატიკულად გაქვს დაწერილი. ყველა შეცდომა შევასწორე. გადაათეთრე, თორემ ბუროში მაღალი თანამდებობის პირები იფიქრებენ, რომ ინალის ქალიშვილს ცუდი მასწავლებელი ჰყოლიაო.

გოგონას გაახსენდა, თუ როგორ ჩადო რვეულში ეს ქაღალდი. გადათეთრება უნდოდა, და დავიწყნია… სირცხვილი უზომო ტვირთად დააწვა და სკამზე მიაკრა.

− ნუ გეშინია, არ გიწყრები. დასმენას შენ მამის ნებით წერდი. მე ვიცი, რომ ინალი დამბეზღებელია. ყველამ უწყის, რომ ასეთს ვერ დამალავ ერში ისევე, როგორც ნაკვერჩხალს - თივის ზვინში. მე არ შემიძლია, რამე გირჩიო მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს ქაღალდი გასაიდუმლოებულია და იგი ასეთადვე დარჩება. სიტყვას გაძლევ.

ბოლოს წინ დაუდო ფარცელი და გავიდა. გოგონა კი კვალში გასცქეროდა და კარს უძრავად შეჰყურებდა.

მამამ იმ საღამოსვე მოსთხოვა ქაღალდი. ბოლიმ გადასცა. დასმენა მეორე დღეს გაიგზავნა ბუროში.

ხალხს ეძინა. ის-ის იყო, თენდებოდა. პირველმა მოუსვენარმა მამლებმაც დაიყივლეს.

გოგონა ქარივით აიჭრა აივანზე და კარებზე დააბრახუნა.

− მასწავლებელო! ჰეი, მასწავლებელო!

სარკმლის მინის ჭრილში ბაღიდან მომავალი სინათლე შენიშნა და იქითკენ გაეშურა. აჩქარებულმა კინაღამ მინა ჩამოამსხვრია.

სურხომ ფარდა გაწია და დარაბები გამოაღო.

− შენ, ბოლი? რა დაგემართა?

− დაგაპატიმრებენ! გაიქეცი!

სურხო გაშეშდა, ჩაიცხრო წამიერი აღელვება და სასწრაფოდ კარებს მიაშურა.

− ჩვენთან ჟანდარმერიის ოფიცერი და პოლიციაა მოსული. ისინი ახლა მოვლენ აქ. დაგაპატიმრებენ, ციმბირში გაგაგზავნიან. ასე უთხრა მამას ოფიცერმა. ამბობენ, რომ ხელმწიფის მტერი ხარ. ეს მართალია?

− მართალია, ბოლი.

− კი მაგრამ… განა ხელმწიფე ღვთისგან არაა?

− არა.

− პხიდი-მოლა ამბობდა, რომ მეფე ღვთისგანაა. რატომ თქვა ასე?

− იმიტომ, რომ პხიდი მეფეს ემსახურება და არა - ღმერთს.

− რის გაკეთებას აპირებ, მასწავლებელო?

− ჩვენ თავისუფალი ერი ვართ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ უფლება თავისუფლებაზე. მე ამ უდიდესი ამოცანის მაცნე ვარ.

გოგონა ისევ აწრიალდა.

− გაიქეცი, მასწავლებელო…

− ვერსად გავიქცევი. შეიძლება უცხო მიწიდან სამშობლოში გაიქცე, მაგრამ ოდაბადედან ვერსად გაიქცევი, ბოლი.

− მაგრამ… მაგრამ…- დაბნეულად ამბობდა გოგონა - მაშ… ამაოდ მოვსულვარ?

− არა. არ მოსულხარ ამაოდ: ამიერიდან მეცოდინება, რომ ჩემი შეგირდი პატიოსანი ადამიანია, რომ იგი არ გახდება გამცემი. გაიქეცი სახლში. იჩქარე. იყავი ბედნიერი. მოხარული ვარ შენით.

გოგონა კარებთან მობრუნდა:

− ის ქაღალდი… რვეულში რომ იყო… სკოლაში… შეცდომები რომ გაასწორეთ… მამას მივეცი. შემინდე, მასწავლებელო!

− უფალმა შეგინდოს! გასწი სუფთა სინდისით.

მზის ამოსვლისას სურხოს სახლს პოლიცია შემოერტყა.

− საჩხრეკად! - სახლში შემოსვლისას მოკლედ მოჭრა ჟანდარმერიის ოფიცერმა. 

მას სხვა ოფიცერი მოჰყვებოდა კვალში, კავკასიელი. მან თვალი მიმოავლო მასპინძელს, რომელმაც დაუფარავი სიძულვილით, ზიზღითა და ეჭვის თვალით უპასუხა.

ხუთმა პოლიციელმა უცერემონიო ჩხრეკა დაიწყო. მოძღვარს კუთხეში მდგარ სამფეხაზე ჩამოჯდომა მიუთითეს.

− შეგიძლით ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით - მოახსენა კავკასიელმა ჟანდარმმა - თქვენ გაქვთ საამისო უფლება. 

− სადაა თარჯიმანი? - შეეკითხა მასწავლებელი.

− მე ვარ. შესანიშნავად ვფლობ რუსულს და ჩვენს ენას. არა გჯერათ?

− მჯერა. მონა თავისი ბატონის ენაზე მეტყველებს.

ჟანდარმი იძულებული იქნა, ჩაეცხრო თავისი მრისხანება. იგი ყოვლადუსარგებლო იყო.

− და მაინც - თქვა მან, მოჭუტული თვალებით - ჩვენთვის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ თქვენ წარმოადგენთ რუსული სიტყვიერების მასწავლებელს და რომ შესანიშნავად უმკლავდებით თქვენს სამუშაოს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

−ჩემთვის იგი მსოფლიო ცივილიზაციასთან ურთიერთობის ენას წარმოადგენს. მოვლენები ასე განვითარდნენ. თქვენთვის კი იგი ბატონთა ენაა. როგორც თვითონვე ხედავთ, ჩვენი შეხედულება ერთსა და იმავე ენის შესახებ, თავიანთი დანიშნულებით, სრულიად განსხვავებულია.

აურზაური მწიფდებოდა, მაგრამ იგი ჯგუფის უფროსმა აღმოფხვრა.

− ბატონო დომბაროვო! გთხოვთ, შეწყვიტოთ საუბრები თქვენს ენაზე. არაა საჭირო. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა.

სახლში ყველაფერი არეული იყო, ახსნეს იატაკი, ნაცარშიც კი იქექებოდნენ, საგანგებოდ გადაათვალიერეს წიგნები. ხელით ნაწერი ყველა ქაღალდი ბარათებში დალუქეს. ორი ოთახის ჩხრეკა საღამომდე გაგრძელდა. სოფელი ფეხზე დადგა.

− სურხო - მასწავლებელთან პოლიციაა მისული! დააპატიმრეს!

− რისთვის?

− ამბობენ, სურხო ხელისუფლების წინააღმდეგია.

− ვაი!

სახლთან დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი. მათთვის გაუგებარი იყო: წყნარი, სუფთა, თავაზიანი სურხო და თვით მეფის წინააღმდეგი? და რისი გაკეთება შეუძლია მას? შამილის ნაიბებმა ვერა გააწყვეს. და განა ისინი ჯაბანად იბრძოდნენ? ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცის. მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც ეს ეშმაკის მსახურები აქედან გასაძევებელნ არიან, მაგრამ როგორ?

აი, სურხოც, სუფთა, წყნარი მასწავლებელი, ბავშვთათვის საყვარელი!

რას არ გაიძახოდა ხალხი.

ვიღაცას ერთი რამ ვერ გაეგო: კი მაგრამ, კაცი სოფელში მოვიდა და ბავშვებს რუსული ენის სწავლება დაუწყო. კარგადაც ასწავლის და ეს კაცი - რუსთა მმართველობის წინააღმდეგი?

სხვები ამტკიცებდნენ, რომ მას გამოცხადება ჰქონდა.

რას არ ამბობდნენ.

როდესაც სურხო გამოიყვანეს, ხალხი უკმაყოფილოდ დრტვინავდა. ჟანდარმებს შეეშინდათ. მთიელებმა მათ ალყა შემარტყეს. 

− ძალიან გთხოვთ, ნურას იტყვით - თქვა უფროსმა. ეტყობა, რომ მეტად იყო დაშინებული.

მოძღვარმა ხელი მსუბუქად აღმართა, სამსახურეობრივი ჩვეულების - და მიხედვით, როგორც კლასში ბავშვების ხმაურისას. სიჩუმე ჩამოდგა.

− ბატონო ოფიცერო! ახლა არაა ჩემი საუბრის ჟამი. თავის დროზე ვიტყვი. არ შეგეშინდეთ, დღეს…

− გთხოვთ! გემუდარებით! ჩვენ სამსახურში ვართ. გესმით, მოვალეობაა…

აი, სურხოს მოსწავლეთა შემჭიდროებული რიგები. პირქუშად, წარბშეკვრით მართავენ მზერას ყმაწვილები, გოგონები ტირიან. ბოლის მიაჩერა თავისი მზერა, თბილად გაიღიმა. გოგონამ მწარე ღიმილით უპასუხა.

ეტლში ჩაჯდომისას ხალხს მოავლო თვალი და გამოესალმა იმ სიტყვებით, რომელთაც წინაპრები წარმოსთქვამდნენ, მაგრამ დღეს უკვე თითქმის აღარ იხმარება:

− იყავით თავისუფალნი!

− დიალამც გეწეოდეს! - გასძახა ერმა.

მასწავლებელი წაიყვანეს. ჩაცხრა ბორბლებისაგან აყრილი მტვერი. ხალხი დაიშალა. ნუთუ, დაივიწყებენ მას? ყველას ივიწყებენ - დრო ყოველივეს შლის ადამიანთა მეხსიერებიდან.

განგების ტალღები ტანჯვის გზებზე დაგატარებენ, ქვეყნიერება ცვალებადია, მაგრამ შენ წინ იარე. იარე, რომც თქვან, შლეგთა გზაა ესო. ისინი იტყვიან, რამეთუ არა უწყიან. არ დააბრალო მათ, არ მოიძულო ისინი. იარე მათთვის.

სოკრატე სახეზე ღიმილით გარდაიცვალა… ბრძოლათა ქარცეცხლში აღიმართა სპარტაკის დაუცხრომელი სული… თავისი ხანძრისაკენ ვიდოდა ჟანა დ’არკი… წმინდანნი. კაცობრიობა მათ გარეშე უსუსურ მსხვერპლთა და სასტიკი მტაცებლების ჯოგად გადაიქცეოდა. ველურობასა და ტირანიას ეშინია მათი, რამეთუ ისინი ნათელს ასხივებენ, ისინი ადამის მოდგმისაგან უვიცობის წკვარამს დევნიან.

შენ კი იარე. დაე, ღმერთი ნუ დაგტოვებს ამ გზაზე!...

 

– II ნაწილი –

 

პოლიციის განყოფილებაში სურხო ერთკაციან საკანში შეიყვანეს. თავის ახალ ბინაში იგი ზეიმით შევიდა.

− მოგესალმები, შენ, დიდებულთა და კეთილშობილთა ტაძარო!

ურდულის ჭრიალის ხმა გაისმა.

თითქმის ყოველდღე დაჰყავდათ დაკითხვაზე. ზოგჯერ ნაზად, შეპარვით ესაუბრებოდნენ. ცდილობდნენ, მისი უდიდებულესობის, იმპერიის წიაღში დაებრუნებინათ “უძღები შვილი”. ზოგჯერ კი უყვიროდნენ, აშინებდნენ.

სურხომაც არ იცოდა საკუთარი თავის ხელში აყვანა, არ იცავდა თავს. წრფელი გულგახსნილობა მას ციმბირისკენ, კატორღისაკენ უმზადებდა გზას. მოხელეებს უხაროდათ.

მასთან ციხეში, ჩვეულებისამებრ, კუშტი, უსიტყვო კაზაკი მოდიოდა. იმ დღეს კი კავკასიელმა ოფიცერმა შემოუარა. გრძელ, დაბნელებულ დერეფანს მიუყვებოდნენ. წინ მიმავალი ოფიცერი გამომძიებლის კაბინეტის კარებთან უცებ შემოტრიალდა:

− რატომ მომაყენე შეურაცხყოფა მაშინ, შენს სახლში?

− არ შეურაცხმიყვიხარ.

− შენ მე “მონა” მიწოდე. განა, არაა ეს დამცირება?

− შენთვის არა. შენ მონა ხარ.

ჟანდარმს ნაპერწკლებმა გაჰკრა თვალებში, თვალის გუგები გაუწითლდა, ხელმა რევოლვერის ბუდისაკენ გაიწია.

მოძღვარმა მშვიდად გაიღიმა. ეს შეურაცხმყოფელი ღიმილი იყო.

− დომბაროვო, შენში წინაპართა სისხლმა იფეთქა, მაგრამ ხელმა ამაოდ გაიწია იარაღისკენ: ვერ გაბედავ. დიახ, მთიელისათვის სიტყვა “მონა” შეურაცხყოფაა, მაგრამ შენ უკვე აღარ ხარ მთიელი. შენ მონა ხარ. ყმა კი ისვრის მხოლოდ ბატონის ბრძანებით, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუცია შენთვის გასროლის ნება.

იარაღის ბუდეზე ხელი ცახცახებდა. ისმაილს ამ კაცის მოკვლა წყუროდა, მაგრამ არ შეეძლო, ვერ გაებედა. და წინ მდგომი ადამიანი მას პირში ეუბნებოდა ამას. ამით ისმაილის გაბოროტება კიდევ უფრო იზრდებოდა. 

როცა მრისხანებამ გაუარა, ხელისგულით შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა და ჩახლეჩილი ხმით წარმოსთქვა:

− წავედით!

იმ დღეს ისინი სიძულვილით გაშორდნენ ერთმანეთს. და სძულდათ ისე, როგორც ეს კავკასიელთა გულებს შეუძლიათ.

 

– III ნაწილი –

 

ჟანდარმერიის უფროსს, პეტრე ივანეს ძე ხამოვს, კვირა დღეობით დროის გატარება ახალგაზრდა ოფიცერთა საზოგადოებაში უყვარდა. იგი ყმაწვილების კერპი იყო. პეტრე ივანეს ძე განსაკუთრებულ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა ისმაილ დომბაროვისა და ახმახი ოფიცერის, სტეფანე გუსაკოვის მიმართ. და ამ დღეს ისინი სასიამოვნო დროის გასატარებლად განეწყვნენ.

სამივემ რესტორანს მიაშურა, შორეულ კუთხეში კაბინა მოიკავეს. რამდენიმე სირჩა კონიაკის შემდეგ ხამოვი რომანტიკულ ხასიათზე დადგა. ახალგაზრდობას თავისი ცხოვრებიდან ჭკუის სასწავლ ამბებს უყვებოდა. ყოველი მონაყოლი მის სამსახურთან და ჟანდარმერიასთან იყო დაკავშირებული. ავაზაკების დაჭერა, ბრძოლები მთებში, დევნა, თავდასხმა, თანამდებობები, ეპოლეტები, სასიყვარულო თავგადასავლები. რა არ გადახდომია და უნახავს! ათ სიცოცხლეს ეყოფოდა. 

− იცით, პეტრე ივანეს ძევ, მე მოვკლავდი ამ ადამიანს. სამსახური რომ არა.

− კი მაგრამ რატომ, ძვირფასო?

− მან მე „მონა“ მიწოდა, მაშინ, თავის სახლში. ჩვენში ეს ძალიან დამამცირებელია. ამ სიტყვისათვის სიკვდილით უსწორდებიან შეურაცხმყოფელს!

უფროსმა სავარძელში უკან გადაიწია და გადაიხარხარა.

− ფუჭია, ძვირფასო! ეს მხოლოდ მახეში გაბმული თაგუნას ნაკბენია.

შეურაცხმყოფელისათვის ასეთმა არცთუ საქებარმა შედარებამ თვით ისმაილიც გააცინა. 

მათ ოფიციანტი მიუახლოვდა და ამცნო, რომ ხამოვის საყვარელი პაპიროსი, სამწუხაროდ, არ მოიპოვებოდა რესტორანში. მოსამსახურემ მოიბოდიშა.

− ახლავე ვიშოვი, მოვიტან - წამოხტა ისმაილი - თვალის დახამხამებაში დავბრუნდები.

როგორც ყველა მთიელი, იგიც თავაზიანი იყო, მაგრამ ყველასათვის არაა გასაგები მთიელთა ხათრიანობა. 

− არა უშავს - წაიდუდუნა ხამოვმა - რაც გვექნება, ის გავაბოლოთ.

მაგრამ ისმაილი უკვე რესტორნის გასასვლელისაკენ მიქროდა. ეტლს მოახტა და ნახევარ საათში მთელი ქალაქი მოიარა. ერთ დაჩიავებულ ფარდულში მიაგნო პაპიროსებს, ხუთი შეკვრა იყიდა და რესტორანში დაბრუნდა. ძლიერ გახარებული იყო თავისი წარმატებით, და გმირობად მიაჩნდა. 

კაბინასთან მიახლოებისას უფროსის გუსაკოვთან საუბარი მოესმა. მისი სახელიც ახსენეს. იგი არც შეჩერდებოდა, შემთხვევით გაგებული ფრაზა რომ არა, რომელიც გულზე ისე მოხვდა, როგორც სახეზე გადაჭერილი წკნელი.

− ჭეშმარიტად გეუბნები, სტიოპა, მართალი თქვა მასწავლებელმა: მონა მონაა.

“როგორ თუ მართალია? რა „მონა“… როგორ? - ისმაილს კითხვები ტვინში გაეჩხირა. იგი მოულოდნელობისაგან გაშეშდა.

− მე არ მესმის თქვენი, პეტრე ივანეს ძევ. მასწავლებლის სიტყვებში არანაირი ლოგიკა არაა. ეს, უბრალოდ, უსუსურობისგან თქმულია. მხოლოდ შხამია - შეეპასუხა გუსაკოვი.

− არა, არაა შხამი - სიმართლეა. სურხოს გონიერი თავი და მამაცი გული აქვს. მით უარესი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ასეთებმა აღარ იარსებონ.

− არ მესმის თქვენი. თქვენ არ გამეცით პასუხი, თუ რატომაა დომბაროვი მონა.

− მონაა, რადგან მონაა და მორჩა!

− მაშ, მეც მონა გამოვდივარ. ჩვენ ხომ ერთ სამსახურს ვასრულებთ.

− შენ ერთი ხარ, იგი სხვაა. შენ შენი წარმომავლობით უნდა იყო ტახტის საყრდენი, ეს შენი საქმეა. ის კი ჩვენ უნდა გვებრძოდეს. 

− რატომ?

− ჩვენ მისი სამშობლო დავიპყარით, მისი სამშობლოს სხეული, ახალ კი ვიღვწით მისი სულის დასამორჩილებლად, რამეთუ მანამ, სანამ სული დაუმორჩილებელია, გამარჯვება საეჭვოა. გასაგებია? ისმაილიკოს მამა-პაპანი თავდადებით ებრძოდნენ ჩვენს შემოტევას. მათი დევიზი იყო - „ერთი მთელი წკვარამის წინააღმდეგ“.

ისინი რაინდები იყვნენ, თავისუფლების ჭეშმარიტი რაინდები, თავისუფლების ფანატები! მათი შთამომავალი კი ჩვენი მსახურია, ჩვენ გვეხმარება თავისი ქვეყნის სულის დამორჩილებაში. და ვინ არის იგი, თუ არა მონა! ყველა ისინი, ვინც ჩვენ გვემსახურება, მონაა. საზიზღარი მონა. მაგრამ ჩვენ გვჭირდებიან ისინი, გუსაკოვო. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავამხოთ მათი სამშობლო, მათი მშობელი დედა. დე, თვით დომბაროვებმა შეკრან იგი.

რომ დავიმორჩილოთ, ჩვენ ჯერ უნდა დავამციროთ იგი; რომ დავამციროთ, უნდა გავაუპატიუროთ. ეს ძნელია. უფრო იოლი იქნეა, თუკი დომბაროვები გათოკავენ და ფეხქვეშ მოგვიგდებენ მას. ისმაილიკო და მისთანანი კი ამას აკეთებენ, გუსაკოვო! ჩვენ დიად საქმეს ჩავდივართ. შენ ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს ამის თაობაზე. შენ არ უწყი ამ საქმის სიღრმე და სიდიდე. ჯეელი ხარ შენ, სტეფანე. ჯეელი ხარ!

− განცვიფრებული ვარ თქვენი სიტყვებით, პეტრე ივანეს ძევ - ხმადაბლა წარმოსთქვა გუსაკოვმა - არავისგან არ მომისმენია ასეთი რამ.

− ამას ხმამაღლა არ გაიძახიან. მაშინ ჩვენ აღარ გვეყოლებიან ისეთი ყმები, როგორიც ისმაილიკოა. მათ არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ მათ სულ სხვას ვეუბნებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ მათ თავის ერში სინათლე და ცივილიზაცია შეაქვთ. ჩვენ შთავაგონებთ, რომ თავისუფლება მოგვაქვს მათთვის. და საჭიროა, რომ დავუბნელოთ გონება, რათა კითხვა არ შემოგვიბრუნონ: თავისუფლება ვისგან? ამგვარად უნდა ფიქრობდნენ დომბაროვ - გამყიდველები და მათი ხალხი. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მე შენ გაგენდე. ამოგარჩიე. მომწონხარ. ჩვენ, უფროს თაობას, შემცვლელები გვჭირდება. მოდი, კონიაკი დამისხი…

გაისმა კონიაკის დასხმის ხმა. ფარდულში მყოფმა ისმაილმა ღრმად ამოიოხრა. ტანში ვერანაირად ვერ ჩაიწყნარა ცახცახი და ვერც გონება დაიმშვიდა, რომელსაც არ უნდოდა გაგონილის დაჯერება. არა, მას არ ეძინა. «აგერ მეც: ხელები, მკერდი, სამხრეები; იქ დარბაზია, მთვრალები, მეძავები; აქ კი, ამ კაბინაში… ბებერი ტურა ახალგაზრდას მოძღვრავს. გააგრძელე, გააგრძელე! მგონი, რაღაცას ვხვდები…»

მან მცველის სახე მიიღო, თითქოს საგუშაგოზე იდგა და კაბინაში მყოფ მნიშვნელოვან პირს იცავდა დარბაზის ხალხისაგან და ამგვარად ყურს უგდებდა საუბარს. საუბარი კი გრძელდებოდა.

− განაგრძეთ, პეტრე ივანეს ძევ, მე გისმენთ. ჩემთვის საინტერესოა - თითქოს სიზმარში ვიმყოფებოდე. თუმც, უფრო გარკვევით ისაუბრეთ, ყველაფერი მესმის. 

− სტეფანე, დიდი ხანია, რაც თვალს გადევნებ და როგორც ვამჩნევ, ჩემი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იქნები. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კატის კნუტი ხარ, მაგრამ მე შენგან პანტერას გავხდი.

− რატომ პანტერას?

− ნიანგს, მახრჩობელა გველს, ეშმაკმა წაიღოს! რა უფრო შეგესაბამება შინაგანად?

− …?

− შენ უნდა გქონდეს შემპარველი, ტკბილი ხმა, რომლითაც ადამიანებს მიიზიდავ. სამსახურში ისევე უნდა იქცეოდე, როგორც პანტერა, რბილად, უხმოდ, ელვისებურად. ობობასავით უნდა იცოდე ქსელის დახლართვა. უნდა შეგეძლოს, აუჩქარებლად, საქმიანად, კრძალვის გარეშე, სადისტურად შემოეკრა მსხვერპლს. ჰო, ჰო, არაა საჭირო სახის დაღრეცვა - სწორედ, რომ სადისტურად.

ჩვენი სამსახური სადიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჩვენი პროფესიული სენია. ყველაა მისით სნეული. მსხვერპლს სული ამოსდის. მას შიშის ზარი ტანჯავს. იგი გრძნობს თავის აღსასრულს. მსხვერპლის თვალებში სასოწარკვეთილებაა. ეს ტკბობას უნდა განიჭებდეს: ვნებიანს, ფიზიკურს, შეგრძნებადს. მხოლოდ მაშინ იქნები ღირებული თანამშრომელი, ტახტის ღირსეული საყრდენი.

ჩვენ მრავალი მოკავშირე გვყავს. ეს ადამიანთა მანკიერებებია. ჩვენ მათ უნდა ვეყრდნობოდეთ, უნდა ვისწავლოთ მათით ზემოქმედება. მაგალითისათვის: აი, შენი თანამშრომელი დომბაროვი. მასში მეტადაა განვითარებული პატივმოყვარეობა. ხშირად შეაქე ხოლმე, განადიდე, ხოლო საჭირო დროს - «ეცი!». იგი საკუთარ მამასაც მიუვარდება ძაღლური ერთგულებითა და მგლური გაავებით. ვერცერთმა მომთვინიერებელმა ვერ შესძლო მგლისგან ქოფაკის გამოყვანა. ჩვენ კი გამოგვდის.

ისმაილიკოს მანკიერება პატივმოყვარეობაა. მისი პატივმოყვარეობა - ჩვენი მოკავშირე. რას დაგიჭყეტია თვალები? ბიბლიის ხომ გწამს? გწამდეს! ადამს ორი ვაჟი ჰყავდა: აბელი და კაენი. კაენმა მოკლა აბელი. მას ეშმაკმა ასწავლა.

ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს მეთოდი. ჩვენ კი არ მოვკლავთ, არამედ ვასწავლით მკვლელობას. არა ხორცის, არამედ სულის მკვლელობას. სული კი მტკიცე აქვთ აი, ამ კავკასიელებს. აქ ბოროტებაა სათესი, სიცრუე, სისასტიკე, უთანხმოება, გარყვნილება, ყველაფერი - ყველაფერი, რაც კი ცუდია, და უნდა ჩავჩიჩინებდეთ, რომ ეს კარგია.

ამ მოდგმის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია. მას, ალბათ, ასე. შვიდი-რვა ათასი წლის წინ დაედო საფუძველი. აქ, კავკასიაში, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე ხალხი ცხოვრობს. ოდესღაც კი ერთი და ძლიერი ერი არსებობდა. ფარაონებს ეშინოდათ მათი. გააჩნდათ ერთი ენა, ერთი სარწმუნოება, ერთი ზნე-ჩვეულება. მათმა მტრებმა სასტიკი ბრძოლებით შესძლეს დაენაწევრებინათ ამ ერთი დიდი ერის სხეული. შემდგომ დაანაწევრეს მათი რელიგია, და ამის ნიადაგზე ერთმანეთს სამტროდ განაწყობდნენ. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. “გათიშე და იბატონე!”. გაიგე? ეს იმათი უძველესი მოწოდებაა, ვისაც დაპყრობა სურს. ეს უდიდესი მოწოდებაა - “გათიშე და იბატონე”.

ჩემო ძვირფასო ნაშიერო, ისწავლე უთანხმოების თესვა. მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ერთმანეთისადმი მტრულად რომ განაწყო, ერთი სისხლის ხალხი სამარადისოდ რომ წაჰკიდო ერთურთს, ამას დიდი ხელოვნება სჭირდება. საჭიროა დიდი სიფრთხილე, დახვეწილობა. უნდა დაიწყო ძნელად შესამჩნევი ხლართებით. ეს ისეთივე, როგორც ორი ბრმის შემთხვევაში.

ჯერ ერთს უნდა გაარტყა, მერე - მეორეს და ბოლოს შეჰყარო ერთმანეთს. ისინი მუშტებს დაუშენენ ერთურთს. ისინი ბრმები არიან. ის, ვინც უვიცია, ბრმაა და უვიცი ერებიც ბრმები არიან. როგორ უნდა წაჰკიდო ერთმანეთს ერები? ფრთხილად. წყნარად. თუკი ხალხი ამას მიხვდება, დავმარცხდებით ჩვენ, ჩვენი იმპერია, მმართველი ელიტა, მე და შენ.

ეს ჩვენი სამმართველოა, მესამე განყოფილება, მისი რეზიდენტები ადგილზე, მისი მაუწყებლები. ეს უზარმაზარი რვაფეხაა, ათიათასი საცეცით. ამ საცეცებმა არა მარტო მოიცვეს, არამედ გამსჭვალეს იმპერია. ჩვენ ცოცხალ სისხლსა ვსვამთ.

ჩვენ ვმეფობთ… ხე - ხე - ხე! ეტყობა, შევტოპე. როგორ უნდა მოვაწყოთ ერის მკვლელობა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ერთაშორისი მკვლელობა? მოვიყვან მაგალითებს… საუკუნოდ გაქრა მშვიდობა ოსებსა და ინგუშებს შორის. ეს ჩვენ გავაკეთეთ. ამიერიდან ისინი ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ კი მოვდივართ და ვკიცხავთ მათ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თანაცხოვრება.

ჩვენ უფროს ძმასავით ვართ, წავუტყაპუნებთ ცელქობისათვის. ხოლო ისეთი “სილის გაწვნაც” შეიძლება, რომ ჯანი გავარდეთ. შენ არ გესმის, თუ რას ვგულისხმობ… ქართველები - სომხები, სომხები - აზერბაიჯანელები დღესდღეობით ერთმანეთს ვერ იტანენ. ეს ჩვენმა ხალხმა გააკეთა ამხელა საქმე. ახლა კი გამომუშავებულია გეგმა, რათა ერთმანეთს წავკიდოთ სისხლით ნათესავი ქართველები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები: ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ადიღები…

დასაწყისისათვის პარალელი: ქართველები - დაღესტნელები. ფრთხილი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ. “ავტორს” თითქოსდა შემთხვევით, მოჰყავს ისეთი “ფაქტი”, თუ როგორ დაესხნენ თავს მთიელები საქართველოს შამილის ბძანებით.

დაიწერა, რომ “მთიელები პატივს ჰხდიდნენ მანდილოსნებს, ტყვედ ასხამდნენ მამაკაცებს, ხოლო ბავშვები ცხენთა ფლოქვებქვეშ ითელებოდნენ”. შემდეგ ბოლოსიტყვაობა, რომ “ეს მოხდა დიდი ხნის წინ, სხვა ეპოქაში, ახლა კი ყველანი მეგობრულად და ძმურად ცხოვრობენ ერთიანი იმპერიის ფარგლებში”.

ვნებათაღელვა იქნება, გუსაკოვო, და კიდევ როგორი ვნებათაღელვა! დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ რამეს ჩავაგდებთ - რამენაირ “ისტორიულ ფაქტს”, თუკი მოიძებნა, თუ არადა - არაა დიდი ბედენა: ჩვენ გაგვაჩნია გასაიდუმლოებული ინსტიტუტები, რომელნიც გამოიმუშავებენ, ქმნიან ასეთ “ფაქტებს”.

იქ ბიჭები ფანტაზიით მუშაობენ! პრესაში გატარებული სიცრუე სიმართლედ გადაიქცევა. მას ჭეშმარიტებად მიიღებენ. მაშ, რა ხდება? შეთხზე, გამოიგონე, დაბეჭდე! ვინც კი დაეჭვდება, მას ციხეში ვუკრათ თავი. როგორ გაბედა? იგი ცივილიზაციის მტერია. ის საშიში რეციდივისტია. მას ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის. სიკვდილი მას!…

ისევ გადავუხვიეთ მთავარ ხაზს, გუსაკოვო. მე ვერთობი აქ, კავკასიის ფრონტზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა - არ იყოს ორი ერი, რომელიც კი პატივს სცემს ერთმანეთს, ვინც კი თანაუგრძნობს ერთმანეთს.

ეს კავკასიელები ძალიან ძნელად ექვემდებარებიან დამუშავებას. მაგარი მასალაა, მაგრამ თუკი რაიმეს გამოქანდაკებას შესძლებ მისგან, მაშინ ეს საფუძვლიანი იქნება. ჩვენი “მოქანდაკეები” კი თავიანთი საქმის ოსტატები არიან! იქ ისეთი ჭკუის კოლოფები სხედან!

მან მოსვა და ჩაფიქრდა…

დომბაროვი ფართოდ დაღებული თვალებით იდგა, მთლად სმენად იყო გადაქცეული. და მონოტონურად დამრიგებლურმა ხმამ კვლავ განაგრძო:

− ჩემო ძვირფასო მემკვიდრევ, უნდა იცოდე, რომ ერის ცხოვრებას ისევე, როგორც ადამიანისას, ბოტანიკური გაგებით, - აქვს მრავალი ნიშანდობლიობა. იმისათვის, რომ ხალხისაგან სასურველი რამ ჩამოქნა, უნდა შეცვალო მისი ცხოვრების ყველა მხარე და ფორმა. მეთოდურად, გამუდმებით, მაგრამ ჯიუტად უნდა ზემოქმედებდე ყველაფერზე, ყოველივე უნდა შეცვალო. სისხლი, ენა, სარწმუნოება, ჩვეულებები, ფსიქოლოგია, თვით მათი მიწის იერიც კი უნდა მიეცეს ცვლილებას.

ამ ტომს ძლიერი სისხლი აქვს, საკუთარი, სუფთა სისხლი. სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ წინ. თუმცა, საიდუმლო ინსტიტუტების მიერ წარმოებს კვლევა-ძიება, წარმოებენ ცდები. ამ გამოკვლევათა შედეგები უცნობი იქნება საზოგადოებისათვის. ეს საიდუმლო ცოდნაა, ეს არის ყველა ერისა და ენის განადგურების მეცნიერება ყოველგვარი ხილული ტერორის, ომის გამოცხადების გარეშე.

ისტორიამ გვიჩვენა, რომ ჩვეულებრივი იარაღით განადგურებას ვერ მიაღწევ. იძულებულნი ვხდებით, სხვა საშუალებებს მივმართოთ. თუკი ვერ მოვახერხეთ ერების მკვლელობა, ისინი საკუთარ წიაღში უნდა შევიწოვოთ… აი, გადავსანსლოთ, მოვინელოთ. აქ კი ომი წარიმართება არა ეთნიკური ერთეულების, არამედ - სისხლის წინააღმდეგ. 

თუ ამჩნევ, რამდენადაც უფრო გამძლეა, სტაბილური სისხლი, მით უფრო სიცოცხლისუნარიანია ერი. სისხლის სისუფთავე მოქმედებს ხალხის გარეგან იერზე, მის სულიერ თვისებებზე. შენ ვერც კი ამჩნევ, რომ ისინი თითქმის ყველანი მოხდენილები არიან. მათ ბევრი საერთო გააჩნიათ იერში: კანის ოდნავ მუქი ფერი, არწივისებური ცხვირი, გამოკვეთილი ნაკვთები. თითქმის ყველა კავკასიელს მეტყველი სახე აქვს.

სისხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გამოვიმუშავეთ პროგრამა. იგი ორ ნაწილად იყოფა; პირველი - 50% სხვა სისხლის შეტანა, მეორე - სრული ასიმილაცია. ერისშვილი, რომელიც ანგარების მიზნით ცოლად სხვა ერის წარმომადგენელს ირთავს, უნამუსო მოღალატეა. ასეთ ადამიანთა ირგვლივ საჭიროა კარგი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ასეთები გმირის ხარისხში უნდა ავიყვანოთ, მორალურად და მატერიალურად უნდა ამოვუდგეთ მხარში. ისინი ჩვენი ხალხია. 

ახლა კი სისხლის ტემპერამენტის შესახებ. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ იგი ფიცხია, ფეთქებადი, ძლიერი. ეს ტემპერამენტი კავკასიელს ძლიერ შთამომავლობას აძლევს. მათი ბუნება ცეცხლის მსგავსია. ხელი უნდა შეეწყოს მის გამოთავისუფლებას. გამოვა ხანძარი, რომელშიც თვით კერის პატრონი დაიღუპება.

უძველესი ტირანების ეშმაკობა სექსია. დატბორეთ ეს ქვეყანა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით. სამუშაოდ ჩაიყვანეთ, ძალით გაირეკეთ, მთის რომანტიზმით ჩამოიტყუეთ, ფულით, როგორც გინდათ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი და მეტი რაოდენობით.

ჩვენ უკვე ყოველ წელიწადს იმპერიის სხვა და სხვა მხრიდან ჩამოგვყავს აქ სახელმწიფო მეძავები. ეს ჯარი მოწოდებულია, თავის ჩახუტებაში მოახრჩოს, გაცვითოს, გაანადგუროს კავკასია.

ის, რაც ერმოლოვმა და მისმა მიმდევრებმა თავისი ზარბაზნებითა და შუბებით ვერ შესძლეს, საწოლში შეძლებენ ჭკუამხიარული გოგონები.

სექსი აქ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიიღებს. ზნეობა, წეს-ჩვეულება, სარწმუნოება, საწყისები, ხასიათი, ფსიქოლოგია - ყველაფერი ეს განქარდება.

კავკასიელს მხოლოდ ერთი ოცნება, ერთი სურვილი, ერთი მისწრაფება, ერთი რელიგია ექნება და ეს ყოველივე თავს მსხვილბარძაყა დიაცში მოიყრის. მისთვის იგი თანამემამულესაც, ძმასაც და მამასაც გასწირავს. 

ჰოი, ამაყო კავკასიავ! სასირცხვილო ხვედრი გაქვს გამზადებული - მეძავის წიაღში ჰპოვებ შენს უღირს აღსასრულს!…

− კიდევ დამიგდე ყური. ჩვენ უნდა წავართვათ მათ მშობლიური ენა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ავუკრძალოთ მათ მასზე საუბარი. დე, ილაპარაკონ, ჯერ-ჯერობით მაინც. გაითვალისწინე, რომ გვიახლოვდება პროგრესის ხანა. განვითარება წარმოუდგენელია განათლების გარეშე.

აი, სწორედ, ეს პროგრესი მოგვეხმარება მათთვის მშობლიური ენის წართმევაში. ჩვენ მათ მივცემთ განათლებას. გავხსნით დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთა ფართო ქსელს. საკითხი ჭკვიანურად უნდა დაისვას. მე ასეთი შემოთავაზება მაქვს: დაწყებითი და საშუალო სკოლები მშობლიურ ენაზე გავუხსნათ. დაასრულებს რა მათ, კავკასიელი სწავლის გაგრძელებას მოისურვებს. თუმცა, არ შეეძლება გამოცდის ჩაბარება საიმპერიო ენის უცოდინარობის გამო.

ყველა უწყება ჩვენს ენაზე იმეტყველებს. მას არ შეეძლება იქ მუშაობა. დასკვნა: სკოლადამთავრებული კავკასიელი მომავლის პესპექტივას დაკარგავს. და მაშინ, თვითონ კავკასიელები მოითხოვენ სკოლებს ჩვენს, თავიანთი ბატონების დიადი ტახტის ენაზე. “მოსახლეობის სურვილისდა შესაბამისად” ჩვენ მათთვის სხვა სკოლებს გავხსნით, საიდანაც მშობლიური ენა გაძევებული იქნება. ცოდნის ტაძარში მას ქურუმის ადგილი არ ექნება. ჩვენ მას მეეზოვის ხარისხს მივცემთ.

ჩვენი ენა ჩვევაში, სისხლში გაჯდება, მშობლიური კი კუდამოძუებული, ქეციანი ძაღლივით განდევნილი წავა ეზოდან. გააგდე იგი, კავკასიელია, ის კეთროვანია! მისგან ყველანაირი სენი იქნება. შენ კი ძლიერი და ჯანსაღი უნდა იყო. ამასთან ერთად, გამანადგურებელი დარტყმა უნდა მივაყენოთ მათს ფსიქოლოგიას, მათ რაინდულ ბუნებას.

დღესდღეობით ათასიდან ერთი კავკასიელი იკადრებს დაბეზღებას. არადა, უმრავლესობა, ყველა, ყველა უნდა იყოს დამსმენი. ჩვენ მივაღწევთ, რომ ამათ ერთმანეთის რწმენა დაკარგონ. შვილმა მამა უნდა დააბეზღოს, მამამ - შვილი. ცოლი ქმარზე უნდა გვაწვდიდეს ცნობას. ძმა ძმას უმეთვალყურევებს.

თავიდან ისინი ირგვლივ გაიხედავენ ჭეშმარიტების თქმისას. შემდეგ, შიშისაგან საერთოდ შეწყვიტავენ ჭეშმარიტების თქმას. შემდგომ, შეგნებულად დაიწყებენ ტყუილს, ლიქნას, რათა თავიდან აიცილონ შავ სიაში მოხვედრა. მერე შეწყვიტავენ სიმართლეზე ფიქრს. სიცრუე დაისადგურებს მათ გულებში, სისხლში, სულში. გავა დრო, ისინი დაიწყებენ ცრუობას და მიიჩნევენ, რომ სიმართლეს მეტყველებენ. აი, ეს იქნება გამარჯვება!…

ჩვენ დამბეზღებელთა კარგი ქსელი გაგვაჩნია ეგრეთწოდებული ინტელიგენციის სათავეში მდგომთა, მოხელე ელიტის სახით, რომელნიც თავისი არსით მოღალატეები არიან. ამ ქსელში შევა ყველა, ვისაც კი სურს მიაღწიოს მაღალ მდგომარეობას. გინდა თანამდებობა? - ჩაუშვი. უარს განაცხადებ - ვერ წაიწევ წინ. კარიერის ყოველი ხარისხი - დასმენების სერიაა. დროთა განმავლობაში ჩვენ დამსმენთა პრივილეგირებულ ელიტას ჩამოვაყალიბებთ. იგი ჩვენი საყრდენი იქნება. ესენი იქნებიან ადამიანები, რომელნიც იამაყებენ თავიანთი რაობით.

უკვე ახლა გვყვანან იდეურად ჩვენი ერთგული მათი სისხლის წარმომადგენლები. როგორც ქურდმა იცის ქურდის კვალი, ასევე ჩვენც გვეცოდინება მათი ეთნიკური განადგურების გზები. ვინმე გიორგი მუხრანსკიმ (ბაგრატიონმა) დაწერა ძალზე საინტერესო ბროშურა ასეთი სათაურით: “ეროვნული ინდივიდუალურობის არსისა და მსხვილ ერთეულთა საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ”.

წიგნი 1872 წელს გამოვიდა. ამ ნაწარმოების ავტორი აწგარდაცვლილი ალექსანდრე II-ის დროს მესამე განყოფილებაში მუშაობდა. მუხრანსკი კავკასიური მოდგმის მეტად დახვეწილი მცოდნე იყო - და მიგვითითა მასთან ბრძოლის ხერხები. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ ნაშრომს. შენც გმართებს, გაეცნო მას. თავისი მოდგმის ამხელა გამცემის მოსყიდვა ჩვენ დიდ თანხად დაგვიჯდა, მაგრამ მათ გაამაართლეს...

ისმაილს უკვე ძალა არ ერჩოდა ფეხზე სადგომად, მაგრამ მას ყველაფრის გაგონება უნდოდა; ყველაფრის, ყველაფრის, რასაც კი ეს ეშმაკი იტყოდა. იგი გავიდა დარბაზში, დალია წყალი და დაუბრუნდა სადგომს...

−…ჰო, ჰო, შენთვის ძნელია ამის გაგება. საქმე ისაა, რომ კავკასიაში, ძირითადად, ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ. ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ადიღეელები, ქართველები, ავარები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აგვალები, ბასკები პირენეებზე - ეს ერთი სისხლის ხალხია. 

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც, ოსები; მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული.

თავისი ერთიანობით იგი ძლევამოსილი იყო. მიუდგომელი, მტკიცე და თავზარდამცემი. საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მახვილით ვერას მიაღწევდნენ და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, საზარელი იარაღი - უნამუსობა, პირდაპირ რომ ვთქვათ - ამ მოწამლულ მახვილს აწერია: “გათიშე და იბატონე!”. და აი, ყველა ტომმა თავი ერად გამოაცხადა. მათ სხვა და სხვა სარწმუნოება შთააგონეს.

გადმოცემები უძველესი ერთობის შესახებ თანდათან მივიწყებას მიეცა. განკერძოებამ ენები დააშორიშორა. მათი ერთმანეთზე წაკიდება კი ადვილი საქმე გახდა. ტირანები ქრისტიან კავასიელებს ჩასჩიჩინებდნენ: “დევნე მუსულმანებიო!”, ხოლო მაჰმადიან კავკასიელებს კი - “დევნე ქრისტიანები!”. ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა, რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე გამასხრებულია! მან საკუთარი თავი მიიჯაჭვა: ზრდილობა, კეთილშობილება, ღირსება, სინდისი, სულგრძელება; ჩვენ გავთავისუფლდით ამ ქიმერებისაგან. გაიგე, რომ თავხედობა და უღირსობა შეუდარებელი თვისებებია ბრძოლაში...

იგრძნობოდა, რომ უფროსი თანდათან თვრებოდა. მისი ხმა და ენის ბორძიკი ამჟღავნებდა ამას. სიმთვრალემ ვერ დაუნისლა გონება - იგი არასოდეს კარგავდა მასზე კონტროლს. სიმთვრალისას მისი საუბარი უხეში ხდებოდა, ხოლო ქცევა კი მის ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებდა. ფხიზელ მდგომარეობაში ცივად თავაზიანი იყო. თავისი ველური ბუნების დაურვებით ხამოვი ცდილობდა თავაზიანი იერი ქონოდა. სიმთვრალე სათნოების ნიღაბს აშორებდა მას. უფროსი შიშვლდებოდა. 

− და მაინც, მინდა შეგეკითხოთ: ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენისა ხართ იმ კავკასიელებზე, რომელნიც ჩვენთან მსახურობენ? მათშიც ხომ არიან დიდი თანამდებობის პირები?

მუშტის დაკვრისაგან მაგიდა ძირს დაენარცხა, ჭიქამ გაიწკრიალა, მაგიდაზე დაგორდა, დაეცა და გატყდა...

− სახედარო! მთელი ღამეა, გიმტკიცებ, რომ ისინი ღორები არან. უბინძურესი ღორები. არა, კიდევ უარესი. პრე - ზერ - ვა - ტი - ვე - ბი! გეუბნები: ესენი პოლიტიკური პრე - ზერ - ვა - ტი - ვე - ბი არიან! რატომ? ისვრებიან და იცვითებიან ისინი, ჩვენ კი სიამოვნებას ვიღებთ. როგორ ექცევიან მათ, როცა ინტიმური აქტი დასრულებულია? მოისვრიან!... ხა! დიდი ჩინები! ხა! ხა! ხა! დიდი ზომის რეზინებიც არსებობენ. არ იცოდი? მიმართე სამედიცონო ცნობარს...

ისმაილი გულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. მისი სხეულის ყველა უჯრედი შეურაცხყოფილი იყო, განადგურებული, ფურთხში გასვრილი. ჯერ კიდევ ცნობიერად მოთოკა კაბინაში შევარდნისა და მათი ჩაცხრილვის სურვილი. ეს ცოტა იქნებოდა, ძალიან ცოტა. რაღაც სხვაა გასაკეთებელი, უფრო დიდი, მაგრამ რა?... სურხო? ჰო, სურხო. მხოლოდ სურხო...

იგი დარბაზში აღმოჩნდა და სკამზე დაეცა. ხელები უცახცახებდა, მთელს ტანში კანკალი და კრუნჩხვები გასდიოდა. დიდხანს ვერ დაიმშვიდა ნერვები. როგორ მივიდეს მათთან? სძულდეს და მშვიდად ესაუბროს მათ? მაგრამ საჭიროა.

პაპიროსები ნაგვის ყუთში მოისროლა. “ვეცადე, მაგრამ მათ არ მივცემ”... კაბინისკენ გაემართა.

− აჰ, სად დაიკარგე, კარგო კაცო? იშოვე მაინც?

− არა - უხეშად მიუგო ისმაელმა.

უფროსმა ვერ გაუგო ტონს. იფიქრა, ალბათ, წარუმატებლობას უჩივისო.

− არაფერია, არ იდარდო. გავძლებ მათ გარეშე...

 

– IV ნაწილი –

 

კარის ჭრიალმა გააოცა სურხო. კვირაობით უფროსობა ციხეში არ იყო ხოლმე. კარი ყურთამდე გაიღო. შემოსასვლელში ისმაილი იდგა. იგი მშვენიერი იყო. მხოლოდ ნატანჯ სახეზე ოდნავ მკრთალი ფერი ედო. პატიმარს თვალი ზედ შერჩა, მაგრამ გამოფხიზლებულმა გონებაში განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ასანთს გაჰკრა და მოწია.

ოფიცერმა სენაკში გაიარა და პატიმარს გვერდში მიუჯდა.

− გამარჯობა, სურხო!

ოფიცრის ხმითა და მოქცევით გაოცებულმა ტუსაღმა განზე გაიწია, მაგრამ არა უპასუხა. 

− მართალია. ჩემნაირებთან მისალმება არ ღირს. მაგრამ მინდა, რომ დამიჯერო. არა, არა, სურხო, მოიცა. ყური დამიგდე...

იმ საღამოს გაგონილის დაწვრილებით მოყოლა დაიწყო. საათზე მეტს იტანჯებოდა ისმაილი, თავიდან განიცდიდა ყველაფერ იმას, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გადაიტანა. როდესაც იგი ყვებოდა, სახე სულიერი ბრძოლის აჩრდილებს ირეკლავდა.

მას უმძიმდა. რამდენჯერმე იძულებითაც შეისვენა, ხელს მკერდზე აიტაცებდა - მძაფრი ტკივილი ხელს უშლიდა საუბარში. სახის გამომეტყველებით მონაყოლის საპასუხო გრძნობებს გამოხატავდა.

ზოგჯერ ბავშვივით საბრალო და ნაწყენი იყო, ზოგჯერ მიამიტურად გაოცებული, ზოგჯერ კი მრისხანება კუნთებს უძაბავდა და იგიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით საუბრობდა, თითქოს ხმა მის მკერდში აგიზგიზებულ ჯოჯოხეთურ ბრდღვინვასაა გადარწყმულიო. 

ძალაგამოცლილმა კედლისკენ გადაიწია, სადაც თანამემამულის ბალიში იყო.

− ესეც ყველაფერი, რაც ბებერი ეშმაკისაგან მოვისმინე. რას ფიქრობ?

− რას ვფიქრობ? - წამოიყვირა პატიმარმა, რომელიც ორ ნახტომში მიეჭრა ისმაილს - რას ვფიქრობ?! შენ რას ფიქრობ? კმაყოფილი ხარ იმ როლით, რომელიც ტირანმა გაგიმზადა “დიადი საქმისათვის” მშობლიური მოდგმის გასანადგურებლად? ჰა?! იქნებ, თანამდებობაზე დაგაწინაურონ.

როგორ იყო, რომ ამბობდა უფროსი ამის თაობაზე?... არაა პატარა მისია! მხოლოდ შენს მშობელ ერს რომ ანადგურებდეს, შენს ერს. არა! ყველა კავკასიელ ერს... ყველასათვის განაჩენია გამოტანილი: ჩრდილოელთათვისაც და სამხრეთელთათვისაც. შენგან შესანიშნავი ლაქია გამოვიდოდა გრიბოედოვის “დირექტორიიდან”.

ანთროპოლოგიური ნიმუში... აი, კოლონიის მოსახლეობიდან, შეხედეთ, იგი გამქრალი მოდგმის წარმომადგენელია, სუფთა სისხლის კავკასიელი, ვაინახური შტოდან. არ გინდა? მაშ, მეგზური იყავი. “სიძველეთა მოტრფიალეებს” დაატარებდე იქნება ჩვენი ხეობების საგვარეულო ციხე-სიმაგრეებში, რათა ჩვენი დამღუპველების მაძღარმა, გასუქებულმა და მოწყენილმა შთამომავლებმა შესძლონ “ველური ცივილიზაციით” ტკბობა.

წმინდა ტაძრის ნანგრევებთან: ღმერთების ტახტზე, თებულოს - დღესასწაულის მთაზე შენ მათ კარვებს გაუშლი. პატივმოყვარეობით შეპყრობილნი უსირცხვილო გარყვნილებას მიეცემიან იმ სამხვერპლოებზე, რომელთანაც ჩვენი წინაპრები თვით ხმამაღალ ამოსუნთქვას ეკრძალებოდნენ.

ისინი ამ ხეობებს ისე მოაშურებენ, როგორც გველები - თავიანთ ქორწილებს. მათ შენი არ შერცხვებათ: შენ ხომ მხოლოდ მოსამსახურე ადგილობრივი მცხოვრები ხარ, რომელსაც მსახურების გარდა სხვა არაფერი უნდა გააჩნდეს. მოგთხოვენ რომელიმე ჰიმნის მღერას, რომელიც ასე უყვარდა შენს ერს. და თუკი კარგად შეასრულებ, თავიანთი ლოჟებიდან ტაშს დაგიკრავენ. საოცარი პერსპექტივაა!..

ისმაილის გულს სიტყვები ელვასავით უმოწყალოდ სცემდნენ. ისინი ტკივილებს იწვევდნენ, საშინელ ტკივილებს. მისი დასისხლიანებული სული შეწყალებას ითხოვდა, მაგრამ პატიება არ ჩანდა...

მოძღვარმა მიატოვა თანამემამულის რყევა. ჯერ კიდევ ცნობას ვერ მოსულმა, რაღაცნაირი გაუგებარი გაოცებითა და ინტერესით მოძმის ღაწვზე ჩამოდენილ ცრემლს დაუწყო თვალიერება. თვალი გააყოლა სველ კვალს და როცა იგი ბაგეების კიდესთან დაიშალა, ხელი უშვა საყელოებს და სარკმლისკენ გაიწია. საკანში მკვდარი სიჩუმე ჩამოდგა. და უცებ, როგორც სასოწარკვეთილის ამოძახილი:

− მაშ, ყოველგვარი იმედი გადაწურულია?

− ეს ტირანის განაჩენია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ და ჩვენი სისხლი ჯერაც ფეთქავს!

− რა უნდა გავაკეთოთ?

− ვიბრძოლოთ! - უპასუხა მოძღვარმა და მყის შემოტრიალდა.

− ბრძოლა... ბრძოლა! მართალია, - ბრძოლა! მე მეტი არაფერი შემიძლია. ან მე, ან ისინი... ან ჩვენ, ან ისინი, სურხო. წავიდეთ, მთებს მივაშუროთ, ტყეებს. ჩვენ მათ ვუჩვენებთ...

− არა, ისმაილ, ფირალების საუკუნე გავიდა. ამჟამად სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.

− შენ იცი, რაა გასაკეთებელი, სურხო? მე შენთან ვარ. შენი ძმა! მე შენ გიპოვე!...

პ.ს. (ავტორისაგან)

დაიწერა საკონცენტრაციო ბანაკში, მცირე ზონაში, 1964 წელს: მორდოვია, იავასი, საფოსტო ყუთი-ჟხ. 385 (II, 7, 3), მაგრამ როგორ გადავიტანო აქედან “გათავისუფლების” შემდეგ? საკუთარი ანბანი, საკუთარი იეროგლიფები გამოვიგონე:

1967 წელს დიდ ზონაში დავბრუნდი. საკუთარი ხელნაწერი უმალ გადავიტანე ჩვეულებრივ გრაფიკაზე, საბეჭდ მანქანაზე გადავაწყვე და წაკითხვის მსურველებს გადავეცი.

მაშინ სოფლის სკოლაში მასწავლებელი გახლდით. სუკიდან “ამხანაგებმა” მომაკითხეს, პირდაპირ გაკვეთილიდან წამიყვანეს ნაზრანში. ჩემთან საუბრობდა მოსკოველი “ამხანაგი”, რომელმაც იქიდან დაიწყო, რომ წინ “მონოლოგი” დამიდო და მეუბნება:

− მცირე ზონა ხომ არ მოგენატრა?

და ისე გაიცინა, როგორც მხოლოდ მათ შეუძლიათ. 

− ისა, მან, ვისაც შენ ეს გადაეცი გასაცნობად, არც წაუკითხავს, ჩვენ მოგვიტანა. კმაყოფილი ხარ?

− ასი ცალი დავებჭდე, თქვენ კი მხოლოდ ერთი მოგიტანეს. თქვენ თუ ხართ კმაყოფილი?

შემდეგ, ჩვენ ვდუმდით. საუბარი არ გამოდიოდა. 

− გახსოვარ? - მეკითხება

− არა.

− მე თქვენს სასამართლოზე ვიყავი. სამნი ვიყავით: ერთი ცენტრალური კომიტეტის აპარატიდან, მე და ჩვენი გროზნოელი თანამშრომელი. საქმე ისაა, რომ ეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში პირველი ღია გამოსვლა იყო სოციალისტური წყობის წინააღმდეგ. იქ შენ ჩვენი სისტემის მარცხს წინასწარმეტყველებდი... გახსოვს?

− მახსოვს.

− აღსრულდება?

− კი.

− საიდან იცი?

− ვიცი ცაგენის* წესი. 

− და რას ამბობს “ცაგენის წესი”?

− არ მოჭრა ტოტი, რომელზედაც ზიხარ.

− და რომელ ტოტზე ვსხედვართ?

− სახელმწიფოს კისერზე, და ამ კისერს გამუდმებით ხერხავთ. ნუ გეშინია, რევოლუცია არ იქნება. უბრალოდ, საკუთარი სიმძიმევე დაამხობს.

− და რა იქნება შემდეგ?

− არაფერი კარგი. ქაოსი. დიდხანს, დიდხანს ქაოსი, მთელი თაობის განმავლობაში, სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ გაქრებიან ისინი, ვინაც პარტიულ ბილეთს ფლობდა...

მშვიდობით გამიშვა და ჩემი “მონოლოგი” გადმომცა. არ ვიცი, თუ რატომ გააკეთა ასე. ამოუხსნელ ამოცანად დამრჩა.


– მთარგმნელი კონსტანტინე ვეკუა –

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ