პროლოგი
ამ წიგნის გამოქვეყნებას აღარც ვაპირებდი, რადგან გულუბრყვილოდ მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საბჭოთა წარსული მხოლოდ მწარე მოგონება იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით.
ჩვენ კი დავშორდით მხოლოდ დროს და არა იმ ქვეყნის ცნობიერებას, რომელსაც ბოროტების იმპერიას უწოდებდნენ, სადაც სიკეთე ისეთი იშვიათობა იყო, რომ კოსმოსის პირველამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსები ვერ შეკერეს.
ჯინსების შეკერვაზე კეთილი საქმე, აბა, რა უნდა ყოფილიყო, თუმცა საბჭოთა კავშირში ჯინსები მართლა ვერ შეკერეს და ამიტომაც ყველაზე ბოროტი გამოსავალი მოძებნეს - ჯინსები უბრალოდ აკრძალეს.
აკრძალული ჯინსები კი უფრო ტკბილი აღმოჩნდა, ვიდრე აკრძალული ხილი და თავისუფლებასავით ნანატრი ჯინსების მოპოვება საბჭოთა ადამიანებმა კონტრაბანდული გზებით სცადეს.
უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა გზით შემოღწეულ ჯინსებს შორის ზოგჯერ ნამდვილი ჯინსების აღმოჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინდელ საქართველოში ნამდვილი ჯინსები (და საერთოდ ყველაფერი ნამდვილი) ძირითადად ამერიკული ეგონათ, რადგან მთავარი საბჭოთა პროპაგანდა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ებრძოდა.
მოსკოვის იდეოლოგია (განსაკუთრებული მონდომებით) ამერიკულ ფასეულობებს უპირისპირდებოდა (მათ შორის ჯინსებსაც) და საბჭოთა ადამიანებსაც შეცდომით ეგონათ, რომ სადაც იყო ჯინსები, ბედნიერებაც იქ იყო.
თუმცა, სადაც არ იყო ჯინსები, მართლა არ არსებობდა საკუთრებაც ზოგადად, როგორც საფუძველთაგანი დამოუკიდებლობისა და თავისუფალი შეგეძლო მხოლოდ საფლავში ყოფილიყავი. უფრო სწორად კი შენი თავისუფლება საბჭოთა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ არ აწუხებდა, როცა შენ უკვე საფლავში იწექი და ამიტომაც, სხვა საკუთრებისაგან განსხვავებით, საფლავს არ შეგეცილებოდნენ.
თანაც საბჭოთა ათეისტებმაც იცოდნენ, რომ ისინიც იმავე მიწას უნდა მიბარებოდნენ და საფლავებთან დაკავშირებით, მართლაც ლოიალურები იყვნენ და მეტიც - საბჭოთა ქართველებსაც ისევე უყვარდათ მკვდრები, როგორც საერთოდ დანარჩენ ქართველებს.
შეიძლება სხვა მიზეზიც არსებობდა, მაგრამ ფაქტია, რომ საფლავის მიწა ერთადერთი საკუთრება იყო, რაც ხალხისთვის არ ენანებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და საბჭოთა ქართველის დეგრადირებაც აქედან დაიწყო.
ქართველის გემოვნებაც სწორედ საბჭოთა პერიოდში გადაგვარდა, რადგან ერთადერთი, რაც მის საკუთრებას წარმოადგენდა, საფლავი იყო და ისეთი საფლავების შექმნა დაიწყო, როგორიც მას არასოდეს ჰქონია.
მანამდე ქართული საფლავი ყოველთვის იყო უბრალო და გენიალური, საბჭოთა საქართველოში კი არა მხოლოდ საფლავისადმი, არამედ სიკვდილისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა და საბჭოთა ქართულ საფლავებზე გაჩნდა მარმარილოს სკამები და მაგიდები, მოტოციკლები და მანქანებიც კი.
მართალია, იმ მანქანებს სხვის სახელზე აფორმებდნენ მათი პატრონების სიცოცხლეში, მაგრამ საბჭოთა ქართველმა დანამდვილებით იცოდა, რომ საფლავის მიწა მისი იყო და ამ მიწას, სხვა საკუთრებისაგან განსხვავებით, არავინ ჩამოართმევდა. ამიტომაც უვლიდა, ალამაზებდა (თავისი ჭკუით) და აშენებდა ერთადერთ საკუთრებას, რომელიც გააჩნდა.
საბჭოთა ხელისუფლებაც, სახლში და ეზოში კედელს რომ არ აგაშენებინებდა, საფლავზე რომ სასახლე დაგედგა, ხმას არ გაგცემდა, რადგან საფლავის მიწაზე თავისუფალი იყავი და საფლავი იყო ერთადერთი ადგილი საბჭოთა საქართველოში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა.
რადგან ხელისუფლებაში ქართველები იყვნენ, მათაც (მაშინაც) მკვდრები უფრო უყვარდათ, ვიდრე ცოცხლები და მკვდრებს უფრო სცემდნენ პატივს, ვიდრე ცოცხლებს, მაგრამ გარანტირებული საფლავისათვის ერთი საბჭოთა პირობა მაინც არსებობდა - შენ თვითონ უნდა მომკვდარიყავი.
თუ ისინი მოგკლავდნენ (ამ მიზნით დახვრეტებს მიმართავდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირში), მაშინ საფლავის იმედი არ უნდა გქონოდა, რადგან, მათი ლოგიკით, საფლავი არ გეკუთვნოდა, გეკუთვნოდა მხოლოდ ქართული მიწა და აუცილებლად დაგმარხავდნენ, მაგრამ შენი საფლავი არ იარსებებდა.
შეუერთდებოდი ქართულ მიწას, სადმე, ქალაქიდან მოშორებით, სადაც გათხრილ ორმოში ისე ჩაგაგდებდნენ, რომ ვერავინ დაგინახავდა (შემთხვევითაც კი) და არავის ეცოდინებოდა, რომ ამ ტრიალ მინდორზე, ამ ბალახის ქვეშ, ათასობით დახვრეტილი განისვენებს.
მათთვისაც, ვინც თხრიდა შენს ორმოს (და არა საფლავს), შეუძლებელი იყო მეორე დღესაც კი, იმ ადგილის მიგნება და ამოცნობა, სადაც წინა ღამით ჩაგაგდეს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანის ამოცნობა ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია, როგორც ის ტრიალი მინდორი, სადაც იმ ღამის ერთ-ერთმა მესაფლავემ თხუთმეტი წლის შემდეგ იმ საიდუმლო სამარხს ზუსტად მიაგნო.
თუმცა ის არ იყო მკვლელი და იყო მესაფლავე, რადგან მკვლელი რომ ყოფილიყო, კი არ დაიმახსოვრებდა დამარხვის ადგილს, არამედ დაივიწყებდა. მას კი ახსოვდა ზუსტად ის ბალახი უშველებელ ტრიალ მინდორზე, რომლის ქვეშაც უნდა ყოფილიყო გეგა კობახიძე.
ტრუმენ კაპოტეს ბალახის ვერცერთი ჩანგი ვერასოდეს მიგაგნებინებს თხუთმეტი წლის წინ ამოთხრილ ორმოს და ვერც შექსპირისა და გალაკტიონის რომელიმე მესაფლავე დაიტირებს რომელიმე მკვდარს ასეთი თავგანწირვით. თუმცა ის არ ტიროდა, უბრალოდ საფლავს თხრიდა ნოემბრის იმ ცივ ღამეს და მთვარის შუქზე იმახსოვრებდა საიდუმლოს, რომელიც თხუთმეტი წლის შემდეგ ჩურჩულით გაუმჟღავნა გეგა კობახიძის დედას.
გეგას დედამ, ნათელა მაჭავარიანმა, ვისაც ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ვინ იცის, რამდენჯერ უთხრეს ჩურჩულით, რომ დანამდვილებით იცოდნენ მისი შვილის ადგილსამყოფელი, ზუსტად გამოიცნო, რომ ამ კაცმა მართლა რაღაც იცოდა.
ამ კაცს, შეუძლებელი იყო, რამე არ სცოდნოდა, რადგან მას სახე არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა, სწორედ იმის გამო, რაც ნანახი ჰქონდა. მას არ უჩანდა სახე, რადგან ეს სახე ტკივილებისა და გაოგნებისაგან მიღებულ იარებს დაეფარა და ნათელა მაჭავარიანი მიხვდა, რომ ეს კაცი კარგა ხნის მკვდარი იყო და ამიტომაც სხვა მკვდრების ამბავი მართლა ეცოდინებოდა.
თუმცა წლების მანძილზე გეგა კობახიძის დედა მაინც მიჰყვებოდა ყველას შვილის მოსაძებნად და ზოგჯერ იმათაც კი, ვინც მართლა მოგზავნილი ეგონა. მიჰყვებოდა ისეთებსაც, რომლებიც გასამრჯელოს ითხოვდნენ ინფორმაციის სანაცვლოდ და მერე მოსკოვის ან ლენინგრადის სადგურიდან უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ.
იქიდან კი გზა ციმბირისა და ჩრდილოეთის ბანაკებისაკენ მხოლოდ იწყებოდა. სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაინც ძნელია და მით უმეტეს, შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს და მით უმეტეს მაშინ, როცა ამ სიკვდილს გიმალავენ და ოფიციალური პასუხის მიღება კი ისევე გეკრძალება, როგორც ოფიციალური ოცნება.
მაგრამ ოფიციალური იმედი არ არსებობს, იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამ იმედით იცოცხლო. ამ იმედით შეგიძლია ეძებო შენი სიკვდილმისჯილი შვილი, რომელიც თურმე (იქნებ) არ დახვრიტეს და სადღაც ციმბირში, ძალიან შორეულ ბანაკში სამუდამო პატიმარია, მაგრამ მაინც ცოცხალი.
და იმ წლების მანძილზე ყოველთვის ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ გეგა (ან რომელიმე მათგანი), ცოცხალი ნახეს რუსეთის რომელიღაც განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმრო ბანაკში და მშობლებიც მიდიოდნენ. და მიდიოდნენ არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ საშინელ, უკიდეგანო და უმისამართო საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო დახვრეტილი შვილების პოვნა, არამედ იმიტომ, რომ არ მომკვდარიყო იმედი.
და როცა იმედიც მოკვდა, მესაფლავე მოვიდა. ბოლოს მშობლებიც მიხვდნენ, რომ ურჩევნიათ იცოდნენ სიმართლე, თუნდაც ყველაზე საშინელი და ურჩევნიათ იცოდნენ, სად არიან მათი შვილები - თუნდაც დახოცილები. და როცა მესაფლავე მოვიდა, ნათელა მაჭავარიანი მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცმა რაღაც იცოდა, იცოდა უფრო მეტი, ვიდრე ყველამ ერთად, ვინც მოდიოდა მათთან ჩურჩულით და ქალბატონმა ნათელამ ზუსტად გამოიცნო, რომ სწორედ ეს კაცი იყო მათი იმედის მესაფლავე.
წავიდნენ ცოტანი და ჩუმად, რადგან მაშინდელ ცეკას მდივანს უკვე პრეზიდენტი ერქვა (ედუარდის ნაცვლად გიორგი), თორემ სინამდვილეში ზუსტად ის იყო, ვინც ყველაზე კარგად და ზუსტად იცოდა ვინ როგორ და როდის მოკლეს, მაგრამ მაინც დუმდა.
წავიდნენ ჩუმად. ციოდა, მაგრამ ქალებს არც სიცივის შეშინებიათ და არც სველი მიწის, რომელსაც კაცებთან ერთად ამოთხრიდნენ, კაცებს ქალების დახმარებაზე უარი რომ არ ეთქვათ. წვიმდა. ზოგჯერ გადაიღებდა ხოლმე, მაგრამ მიწა ისე იყო ატალახებული, რომ კაცების გახშირებული სუნთქვის ხმა ბოლომდე ისმოდა იმ ტრიალ, უკიდეგანო მინდორზე.
ქალებს არ ეშინოდათ, მაგრამ ნათელა მაჭავარიანი მაინც გაოგნებული იყო მესაფლავის სიზუსტით და ცდილობდა მისი სახის დამახსოვრებას, მაგრამ ეს მართლა შეუძლებელი იყო, რადგან მესაფლავეს სახე მართლა არ ჰქონდა. მინდორი კი იყო მართლა უსასრულო, უზარმაზარი სასაფლაო სადაც მარხავდნენ ღამღამობით ქალაქიდან გამოტანილ გვამებს, იმ ადამიანებს, ვისაც ათეული წლების მანძილზე ხვრეტდა საბჭოთა ხელისუფლება ვინაობის მითითებისა და სასახლის გარეშე.
ქართველებმა კუბოს სასახლე დაარქვეს, რომ სიკვდილი მათთვის უფრო მსუბუქი ყოფილიყო, მაგრამ ვისაც საბჭოთა ხელისუფლება ხვრეტდა, სასახლის გარეშე მარხავდა. ამიტომაც გაუკვირდა თვითონ იმ მესაფლავესაც კუბოს ხმა, როცა მას ცივი ბარი მოხვდა (როგორც იქნა) და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენა მესაფლავემ, რომ ეს იყო გამონაკლისი დახვრეტილი, რომელიც კუბოთი ჩაუშვეს ორმოში და ახლა უფრო თამამად გაიმეორა ფრაზა, რომლის გამოც ისინი ყველანი ახლა აქ იყვნენ. მესაფლავემ ზუსტად იცოდა გეგა კობახიძის დაკრძალვის ადგილი.
კუბო კი იყო რკინის და არა ხის, (როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე) და ამ ხმაზე გეგას მამა, მიშა კობახიძე, ძალიან ცუდად გახდა. ისე ცუდად, რომ ქალებმა წყლის მიწოდება გადაწყვიტეს მისთვის, მაგრამ წყალი არ აღმოაჩნდათ, ახლომახლო კი სოფელი არ იყო. მეტიც - უცებ ვერცერთმა მათგანმა ვერ გაიხსენა რომელი მხრიდან მოვიდნენ და სად მიდიოდა გზა, რომელიც ამ მინდორს მიუყვებოდა.
როცა თბილისიდან მოდიოდნენ, ცალ-ცალკე და შეთანხმების გარეშე, ყველანი სწორედ გზის დამახსოვრებას ცდილობდნენ, მაგრამ როგორც კი კუბოს ხმა გაისმა, გზა გაქრა და ისინი აღმოჩნდნენ უცნობ ქალაქში, ქალაქში რომელიც თურმე აქვე, თბილისიდან არცთუ ისე მოშორებით, 1921 წლიდან არსებობდა.
ეს იყო მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც ზემოდან მინდვრის ყვავილებით იყო დაფარული და ქვევით კი თბილისისა და საქართველოს უახლეს ისტორიას მალავდა. ეს მინდორი ფარავდა XX საუკუნის საქართველოს მიწისქვეშა ისტორიას და ამ მიწისქვეშეთში, ყველაზე ხშირად, პირდაპირ იატაკქვეშეთიდან ხვდებოდნენ.
აქ განისვენებდნენ ისინი, ვისაც საბჭოთა ხელისუფლება წყალსაც არ მიაწვდიდა სიცოცხლეში და მკვდრებს კი წყალი უკვე აღარ სჭირდებოდათ. ამიტომაც ვერავინ მიხვდა (ახლაც არ ახსოვთ), საიდან მოიტანა წყალი მესაფლავემ, როცა მიშა კობახიძე ცუდად გახდა (ახლოს კი სოფელი არ იყო) და კუბოს ახდამდე კი, სულ რამდენიმე წამი რჩებოდა.
ამ წამს მშობლები მაინც არ დაასწრეს, თუმცა ალბათ ვინ იცის, რამდენჯერ ჰქონდათ ნანახი სწორედ ეს უკანასკნელი წამი გეგა კობახიძის მშობლებს. კუბო დანარჩენებმა გახსნეს. ნათია მეგრელიშვილმა მაშინვე ამოიცნო მიცვალებული, მაგრამ ეს არ იყო გეგა კობახიძე.
თუმცა, სანამ კუბოს მიაგნებდნენ, 1999 წლის იმ წვიმიან დღეს, როცა რამდენიმე ადამიანი, ძალიან დაძაბული და ნერვული სახეებით თხრიდა მიწას იმ გაშლილ ველზე, ირგვლივ კი ჯერ არანაირი ნიშანი არ ჩანდა იმისა, რომ აქ ვინმე შეიძლება დაკრძალული ყოფილიყო, ნათელა მაჭავარიანის დუმილის საპასუხოდ იმ უცნაურსახიანმა კაცმა ხმამაღლა თქვა:
– ნამდვილად ეს ადგილია, ზუსტად მახსოვს.
– უკვე თხუთმეტი წელი გავიდა, - თქვა რომელიღაცამ.
– გეგას საფლავი აქ არის, ზუსტად მახსოვს.
კაცებმა მიწის თხრა უსიტყვოდ გააგრძელეს და სიჩუმეში მათი გახშირებული სუნთქვის ხმაც მანამ ისმოდა, სანამ ერთ-ერთი მათგანის ნიჩაბი კუბოს ფიცარს არ მოხვდა. ამ ხმაზე ყველანი გაშეშდნენ, მაგრამ მხოლოდ წამით და მერე კი ერთად გააგრძელეს კუბოს ამოთხრა და კუბო ზევით, მიწის ზედაპირზე ამოიტანეს.
როცა კაცებმა კუბოს თავი ახადეს, ქალი შეტრიალდა სწრაფად და კაცების რეაქციას დაელოდა.
კაცებმა კი გაოგნებულებმა დახედეს ცხედარს, რომლის ამოცნობაც, ამდენი ხნის შემდეგ, უკვე ძნელი იყო, თუმცა ნათია მეგრელიშვილმა ჩუმად, მაგრამ დარწმუნებით თქვა:
– ეს არ არის გეგა.
ეკა ჩიხლაძე კი მართლა ვერ წარმოიდგენდა თუ ოდესმე ისევ ნახავდა სოსო წერეთელს, რომელსაც თხუთმეტი წლის შემდეგაც ის ჯინსები ეცვა, უკანასკნელი ნახვისას რომ დაამახსოვრდა ეკას, რამდენიმე დღით ადრე თვითმფრინავის გატაცებამდე...
თინა
მანამდე კი, თხუთმეტი წლით ადრე, 1983 წლის 18 ნოემბერს, წარუმატებლად გატაცებული და თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავის ღია კარში „ლიმონკით“ ხელში იდგა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც წვიმის წვეთები უსველებდნენ სახეს საშინელი აღსასრულის მოლოდინში.
თინაც სწორედ იმიტომ იდგა ლიმონკით ხელში თვითმფრინავის ზღურბლზე, რომ ყველაფერი მალე დასრულებულიყო და ხელისუფლებას მალე გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც მაინც აპირებდა. განაჩენის მოლოდინში ადამიანების წამება თვითმფრინავში ისე უსაშველოდ გაიწელა, რომ დასასრულის მოახლოებაზე ყველანი ოცნებობდნენ: ისინიც, ვინც გარედან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს და ისინიც, ვინც თვითმფრინავში ისხდნენ.
გარედან დაცხრილულ თვითმფრინავში მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დაღუპულებიც იყვნენ და ზოგიერთი მათგანის ცხედარი ჯერ კიდევ სალონის გასასვლელში ეგდო. იყვნენ დაჭრილებიც და თვითმფრინავის სიჩუმეს მათი კვნესა არღვევდა, ერთი მათგანი კი ჩურჩულით ემუდარებოდა თინას, ხელყუმბარა არ აეფეთქებინა.
თინა კარგა ხანს არაფერს პასუხობდა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა საპასუხო ფრაზა, თუმცა უფრო თავისთვის, თითქოს უცნაური დანანებით:
– დაწყნარდით, ქალბატონო, არ არის ნამდვილი.
მაგრამ იმ ქალბატონს დანარჩენებივით მაინც შეშლილი სახე ჰქონდა თინას პასუხის შემდეგაც და თინა კი იმ დანარჩენ სახეებს შორის თვალებით ეძებდა მისთვის ყველაზე ძვირფას სახეს. მერე მოძებნა კიდეც, მაგრამ გეგას თვალებს მხოლოდ წამით შეხედა. მათი თვალები მხოლოდ წამით შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან სწორედ ამ დროს თვითმფრინავის თავზე განლაგებულმა სპეცნაზმა შტურმი დაიწყო და თვითმფრინავის სალონი ზემოდან ჩამოშვებულმა თეთრმა ბოლმა აავსო...
ის ბავშვობიდანვე იყო ძალიან ლამაზი და პატარაობიდანვე მოსწონდათ ბიჭებს და ბიჭები ეპრანჭებოდნენ ყველგან, სადაც დადიოდა: სკოლაში, ხატვაზე თუ ინგლისურზე. მაგრამ როცა გაიზარდა, ის უბრალოდ ბრაზდებოდა ხოლმე იმის გამო, რომ მის სილამაზეს ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ და თინას ეჩვენებოდა, რომ ბიჭებს მხოლოდ მისი სილამაზე აინტერესებდათ.
თინა ფიქრობდა, რომ თვითონ უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მისი სილამაზე, მაგრამ ბიჭები ამას ვერ ხედავდნენ და შეიძლება ამიტომაც, გეგას გაცნობამდე თინას არავინ ჰყვარებია.
თინა უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, როცა მისი ნახატი შემთხვევით ნახა გეგამ სადღაც და ავტორის ტელეფონის ნომერი გაიგო. იმ ნახატის ავტორს ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ყველაფერს დაიჯერებდა, რასაც გეგა ეტყოდა. გეგამ კი
უთხრა, რომ მისი ნახატი ძალიან მოეწონა და მისი გაცნობა სურდა, მაგრამ ასევე სურდა ახლავე ეთქვა თინასთვის, რომ იგი ხეიბარი იყო. გეგა კიდევ დიდხანს ვერ ხვდებოდა ამის შემდეგ, რატომ ეხუმრა მაშინ თინას ასე ბოროტად, თუმცა თინას
პასუხმა მაშინ გეგა უბრალოდ გააოგნა:
– ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, თქვენ ხეიბარი ხართ თუ არა. ჩემთვის მთავარი ადამიანია. გოგო, რომელსაც ძალიან ბავშვური ხმა ჰქონდა, ანგელოზს უფრო ჰგავდა, ვიდრე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტს და გეგამ მაშინვე ტელეფონის ყურმილი დაკიდა. ალბათ უფრო დაბნეულობისა და მოულოდნელობის გამო, რადგან ასეთ პასუხს მართლა არ მოელოდა. მართლა არ ეგონა, რომ თანამედროვე თბილისელი გოგო ასეთიც შეიძლება ყოფილიყო და ინანა, ძალიან ინანა თავისი უშნო ხუმრობის გამო და თავს კი იმით იმართლებდა, რომ თავისი ნამდვილი ვინაობა თინას შეგნებულად არ გაუმხილა.
გეგა ძალიან ახალგაზრდა, ოცდაორი წლის მსახიობი იყო, მაგრამ უკვე ჰქონდა წარმატებული როლები რამდენიმე მხატვრულ ფილმში და მისი სახელი და გვარი ამიტომაც ყველამ იცოდა საქართველოში, ვისაც კინო უყვარდა. გეგა, როგორც უნიჭიერესი მსახიობი და ლამაზი ბიჭი, ძალიან პოპულარული იყო მაშინდელ თბილისში და განსაკუთრებით კი ყმაწვილ გოგონებს შორის.
გეგასაც სწორედ ეს არ უნდოდა, არ უნდოდა თავისი პოპულარობა გამოეყენებინა და ამიტომაც მოიგონა, რომ ხეიბარი იყო და სავარძლის გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. გეგამ კიდევ ცოტა ხანს იფიქრა და დაასკვნა, რომ ახლა უკან დახევა უარესი იყო და თინას ტელეფონის ნომერი ხელახლა აკრიფა.
– გისმენთ, - თქვა თინამ იმ ძალიან ბავშვური ხმით, რომელიც გეგას უკვე მოენატრა, თუმცა ისევ დაიბნა ამ ხმის გაგონებისას და უხერხულობისგან ჩაახველა. გეგას ყველაზე ნიჭიერ მსახიობად თვლიდნენ ახალგაზრდებს შორის და ახლა აშკარად უჭირდა ამ როლის შესრულება. უცებ შერცხვა კიდეც, რომ მისი პროფესიონალიზმი თვითონ მისთვისაც საკამათო ხდებოდა.
– ისევ მე ვარ, - როგორც იქნა თქვა ტელეფონში ძალიან გაუბედავად და კიდევ ერთხელ ჩაახველა.
– სად წახვედით? - გულწრფელად გაიკვირვა თინამ.
– არსად, უბრალოდ გაითიშა.
– რას მეუბნებოდით?
– როდის?
– სანამ გაითიშებოდა.
– გითხარით, რომ ხეიბარი ვარ და სავარძლის გარეშე სიარული არ შემიძლია.
– არა უშავს, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შემიძლია თქვენთან სახლში მოვიდე და ჩემი ნახატებიც მოვიტანო.
– არა, რას ბრძანებთ, არ მინდა შეგაწუხოთ და თანაც...
– თანაც რა?
– თანაც, ისედაც სულ სახლში ვარ და მირჩევნია სადმე შევხვდეთ.
– მესმის, მაგრამ თქვენი შეწუხება არ მინდოდა, პირიქით კი გამომივიდა.
– სადაც მეტყვით, იქ შევხვდეთ.
– თქვენ სადაც გირჩევნიათ, იქ მოვალ.
– მირჩევნია აკადემიაში მოგაკითხოთ ლექციების შემდეგ.
– როგორ მიცნობთ?
– თქვენ ხომ ადვილად მიცნობთ, არა მგონია აკადემიის წინ ჩემს გარდა კიდევ სხვა ჩემნაირს ჰქონდეს პაემანი.
– ხომ გითხარით უკვე, რომ თქვენი მდგომარეობა კარგად მესმის...
– მაგრამ მგონი მაინც არ იქნება სასიამოვნო, თუ ლექციების მერე თქვენსავით ლამაზ გოგოს ვიღაც ხეიბარი დახვდება ბორბლებიანი სავარძლით...
– ჩემსავით ლამაზ გოგოს? თქვენ რა იცით როგორი ვარ?
– არ ვიცი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოთ, ალბათ მაინც გაუკვირდებათ თქვენს დაქალებს თქვენი ხეიბარი თაყვანისმცემლის დანახვა აკადემიის წინ.
– ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმეა.
– ხვალ?
– რა ხვალ?
– შეიძლება ხვალ მოვიდე?
– ხვალ სამზე გვიმთავრდება ლექციები.
– სამისთვის მოვალ, ძეგლთან ვიდგები, უფრო სწორად, ვიჯდები.
– ლექციები დამთავრდება თუ არა, გარეთ გამოვალ.
– მაშინ ხვალამდე.
– ალბათ უკვე დაგღალეთ.
– არა, რას ამბობთ...
გეგა მართლა არ იყო დაღლილი, მაგრამ საუბრის გაგრძელება აღარ უნდოდა, უფრო სწორად, აღარ შეეძლო. თინას დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა. მერე გაეღიმა რაღაც უცნაური სიამოვნებისა თუ სიხარულის გამო და აღმოაჩინა, რომ თურმე ამ ქალაქში სულ სხვანაირი გოგოებიც ცხოვრობდნენ, შეიძლება ძალიან ცოტანი, შეიძლება მხოლოდ თინა, მაგრამ მაინც...
გეგა იმასაც მიხვდა, რომ თინას მოტყუება აღარ შეიძლებოდა, რადგან ეს მართლაც ცუდი ხუმრობა იყო; თინა კი სწორედ იმ ადამიანს ჰგავდა, ვისი წყენინებაც გეგას ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
ამიტომაც მთელი ღამე ფიქრობდა, უსმენდა საყვარელ დისკებს და გადაწყვეტილიც ჰქონდა, რომ მეორე დღეს აუცილებლად მივიდოდა სამხატვრო აკადემიაში, თინას შეხვდებოდა, აუხსნიდა ყველაფერს და ბოდიშს მოუხდიდა.
ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ დილამდე მაინც ვერ დაიძინა, დილამდე ფიქრობდა იმ უცნაურ, ბავშვურ ხმაზე, რომელიც თინას ჰქონდა - გოგოს, რომელიც სხვებს არ ჰგავდა.
შუადღისას დათოს გაუარა. დათო მიქაბერიძე გეგას ძმაკაცი იყო და მას ნამდვილი „ვრანგლერის“ ქურთუკი ჰქონდა, რომელიც გეგას ძალიან მოსწონდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს დათოსთვის, რადგან დათო ძალიან კეთილი იყო და იმწამსვე გაიხდიდა იმ ჯინსის ქურთუკს და გეგას აჩუქებდა.
დათო კეთილი იყო არა იმიტომ, რომ მამამისი სამინისტროში მუშაობდა (ინტურისტების ხაზით) და ჯინსებს მაინც არ მოაკლებდა საყვარელ შვილს. არა, ამიტომ არა. უბრალოდ, დათო ძალიან კეთილი იყო და მორჩა.
მაგრამ იმ დილით გეგამ გადაწყვიტა, რომ დათოსთვის ერთი დღით ეთხოვა ის ვრანგლერის ქურთუკი, უფრო სწორად, ნახევარი დღით - თინას შეხვდებოდა, მოუხდიდა ბოდიშს და საღამოს იმ ჯინსის ქურთუკს პატრონს დაუბრუნებდა.
ქუჩიდან დაუძახა ხმამაღლა და ფანჯრიდან ვაჟამ გადმოიხედა - დათოს უმცროსმა ძმამ. ვაჟას პრასტაკას ეძახდნენ, ისიც უფროსი ძმასავით კარგი ბიჭი იყო. გეგა ხელის აწევით მიესალმა ვაჟას:
– როგორ ხარ?
– არა მიშავს.
– სკოლა არა გაქვს?
– დაიწვა.
– როდის?
– დღეს, დილით. ახლაც კი იწვის.
– ვა!.. შენი ძმა სადაა?
– არ ვიცი, რომ გავიღვიძე, სახლში არ დამხვდა.
– ალბათ სახანძროების ხმამ გაგაღვიძა...
ორივემ ხმამაღლა, გულიანად გაიცინა. მერე გეგამ ისევ აუწია ხელი პრასტაკას დამშვიდობების ნიშნად და შეტრიალდა კიდეც, მაგრამ ვაჟა არ მოეშვა:
– რამე ხომ არ გინდოდა?
– არაფერი, მერე გამოვუვლი.
– მითხარი.
– არაფერი ისეთი, ვრანგლერის კურტკა მინდოდა ერთი დღით.
– დამელოდე.
პრასტაკა ფანჯრიდან გაქრა და რამდენიმე წამში უკვე ქუჩაში იდგა, გეგას წინ, ჯინსის ქურთუკით ხელში.
– წაიღე, დათოს სულ ეს აცვია და მაინცადამაინც დღეს დატოვა. რა ბედი გქონია.
– არ მინდა, იყოს, მერე გამოვართმევ.
– წაიღე. სინამდვილეში ჩემია, მამაჩემმა მე ჩამომიტანა და დიდი მომივიდა. დათოსაც დროებით აცვია. მერე მაინც მე დამრჩება. ნამდვილი „ვრანგლერია“. არც გაცვდება და არაფერი...
გეგას გაეღიმა და პრასტაკას ხელი გაუწოდა.
– დღესვე დაგიბრუნებ.
– როცა გინდა, მაშინ დამიბრუნე, ჯერ მაინც დიდი მაქვს. თუ გინდა სანამ გავიზრდები, მანამდე შენ გქონდეს.
გეგას ახლა ხმამაღლა გაეცინა.
– მერე დათო?
– დათო ბერად მიდის მონასტერში, ჯინსები რაღად უნდა...
ახლა ვაჟასაც გაეცინა ხმამაღლა გეგასთან ერთად. გეგას გაახსენდა, რომ დათოს ვიღაც მეგობარი ბერი მართლა ჰყავდა რომელიღაც მონასტერში და ამ ბოლო დროს მასთან, მართლაც ხშირად დადიოდა.
ერთი-ორჯერ გეგასაც დაჰპირდა წაგიყვანო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჰპირდებოდა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო ახლა გეგას აღარ ჰქონდა, ვაჟას მადლობა უთხრა და თბილისურად გადაეხვია.
თბილისი კი დედაქალაქი იყო უკვე ათას ხუთასი წლის მანძილზე და როგორც ყველა დედაქალაქში, აქაც იმდენი კარგი ხდებოდა, რამდენიც ცუდი. ამაზე ცუდი კი გეგასთვის რა უნდა ყოფილიყო: ზემელზე, სანამ აკადემიის აღმართს აუყვებოდა, სამნი დახვდნენ დანებით და ნათხოვარი ჯინსის ქურთუკის გახდა მოსთხოვეს პაემანზე მიმავალს.
მაშინდელ ზემელზე ჯერ კიდევ დადიოდნენ თბილისელები და ამიტომაც ცოტა უცნაური იყო, რომ როცა ვიღაც ტიპმა გეგას უთხრა, ძმაო, ერთი წუთით საქმე მაქვსო და სადარბაზოსკენ შეიპატიჟა, იქვე არავინ აღმოჩნდა ნაცნობიც კი გამვლელებს შორის.
თუმცა ამაზე უცნაური თვითონ გეგასთვის ის იყო, რომ როცა იმ სადარბაზოში კიდევ ორი ასეთივე ბედნიერი ტიპი აღმოაჩინა, ოდნავაც არ შეშინებია. მეტიც - გაეღიმა კიდეც და ძალიან მშვიდად უთხრა სამივეს ერთად:
– ტყუილად ნუ შეწუხდებით, ძმებო, მაინც ვერ გამხდით!.. გეგა მსახიობი იყო, მართალია სულ 22 წლის, მაგრამ მაინც უკვე კარგი მსახიობი, მაგრამ იმ სადარბაზოში ეს ფრაზა თქვა ძალიან მშვიდად, როგორც საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულმა ადამიანმა და ამ სიმშვიდემ ყველაზე მეტად თვითონ გეგა გააკვირვა.
გააკვირვა, რადგან გეგას არასოდეს ჰქონდა გმირობის პრეტენზია და მშვენივრად იცოდა, რომ ჯინსებს მაშინდელ თბილისში არცთუ იშვიათად ხდიდნენ და როგორც სხვებს, მასაც ნაფიქრი ჰქონდა იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში. და ყოველთვის ფიქრობდა, რომ შარვლის ან კურტკის გამო ნამდვილად არავის მოაკვლევინებდა თავს, რადგან არასოდეს იყო უაზრო გმირობის მომხრე იქ, სადაც ამის აუცილებლობა, უბრალოდ, არ არსებობდა.
ამიტომაც სხვაგან და სხვა დროს ალბათ უსიტყვოდ და ღიმილით დათმობდა, რასაც სთხოვდნენ, მაგრამ იმ დღეს სხვაგვარად მოიქცა და ალბათ იმიტომ, რომ ეს არ იყო მისი ჯინსის ქურთუკი.
შეიძლება იმის გამოც, რომ მიდიოდა პაემანზე, პირველად იმ გოგოსთან შესახვედრად, რომელსაც არ იცნობდა, მაგრამ იმ გოგოს ძალიან ლამაზი ხმა ჰქონდა...
იმ სამიდან დანა ჰქონდა მხოლოდ ორს და სანამ გაიქცეოდნენ, ორივემ მოასწრო გეგასთვის დანის დარტყმა.
მაშინდელ თბილისში ძირითადად ფეხში ან უკანალში ჭრიდნენ ხოლმე ერთმანეთს ჩხუბის დროსაც კი, მაგრამ გეგას ფეხის გარდა, მუცელშიც დაარტყეს დანა და ალბათ იმიტომ, რომ გაუცნობიერებლად ის ქურთუკიც დაჭრეს, რომელიც გეგას, უბრალოდ, ვერ წაართვეს.
როცა გეგა ქუჩაში გამოვიდა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა კიდევ შეძლო, მაგრამ უკვე ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და მალე გრძნობაც დაკარგა. იქვე, პირდაპირ ქუჩის ტროტუარზე ჩაიკეცა.
თვალები რომ გაახილა, საავადმყოფოს პალატაში იწვა. სასთუმალთან დედამისი ტიროდა, მაგრამ ჩუმად, ძალიან ჩუმად და ფრთხილად ეფერებოდა გეგას ხელს.
– თინა სად არის? - იკითხა გეგამ და დედამისს გადახედა.
– თინა ვინ არის? - თქვა დედამ და გაკვირვებული და სველი თვალები შეიმშრალა.
– არ ვიცი, მეც არ ვიცნობ, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ გეგამ და დედას გაუღიმა. გეგა მართალი იყო, მართლა არ იცნობდა თინას, რომელიც ლექციების შემდეგ, დიდხანს იდგა სამხატვრო აკადემიის წინ, სადაც ერთი ხეიბარი ბიჭი უნდა მოსულიყო ბორბლებიანი სავარძლით, მაგრამ თინასთან შესახვედრად არავინ მისულა.
ანკი როგორ მივიდოდა გეგა პაემანზე, როცა სწორედ მაშინ უკეთებდნენ ოპერაციას საავადმყოფოში და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო თინასთან დარეკვა.
– ბოდიში, რომ ვერ მოვედი და ვერც დავრეკე, იმიტომ რომ ახლაც საავადმყოფოში ვარ.
– რა კარგია.
– რა არის კარგი?
– ბოდიში, ცუდად გამომივიდა, სხვა რამის თქმა მინდოდა, კარგი ის არის, რომ საპატიო მიზეზი გქონიათ და ამიტომ არ მოხვედით იმ დღეს.
– როგორც კი აქედან გამწერენ, მაშინვე შეგხვდებით.
– იცით რა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მე მოვალ თქვენს სანახავად საავადმყოფოში და ხილს მოგიტანთ, ან მითხარით რა გიყვართ და რა გაგიხარდებათ...
– არა, აქ ნუ მოხვალთ, მე მალე გამომწერენ და თვითონ გნახავთ, კარგად იყავით.
– მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ...
გეგა კიდევ რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში, სადაც მეგობრები და ნაცნობები, როგორც გმირს, ისე აკითხავდნენ სანახავად და მთელმა თბილისმა იცოდა, რომ გეგას ჯინსები ვერ გახადეს, მაგრამ თვითონ გეგა ჯიუტად ხუმრობდა - არ მაცალეს, თორემ ვატანდიო...
ამ ჯიუტი ხუმრობით იმის თქმა უნდოდა, რომ ის გმირი არ იყო და მერე (ერთი წლის შემდეგ) თბილისის ორთაჭალის ციხეში, სიკვდილმისჯილების საკანში, ხშირად ახსენდებოდა ხოლმე საავადმყოფოს დღეები, როცა მისგან გმირის შექმნა სურდათ, მას კი უნდოდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო.
საავადმყოფოში დიდხანს არ დაუტოვებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სიარული არ შეეძლო და ექიმების აზრით, ამას მხოლოდ დრო სჭირდებოდა.
ოპერაციის შემდეგ, ძმებმა ივერიელებმა, რომლებიც გეგას მეგობრები იყვნენ და სამედიცინოზე სწავლობდნენ, სადღაცი ნსტიტუტში ბორბლებიანი სავარძელი იშოვეს და გეგას მოურბენინეს.
საღამოობით, როცა ძლივს მარტო რჩებოდა ხოლმე ქებისაგან დაღლილი, ამ სავარძლით მიგორავდა დერეფნის ბოლომდე, სადაც შავი ტელეფონი ეკიდა ვარდისფერ კედელზე და თინას ურეკავდა.
თინას შეხვდა მეორე დღესვე, როგორც კი საავადმყოფოდან გამოწერეს; აკადემიაში მივიდა იმ ხეიბრის ეტლით, რომლის გარეშე გადაადგილება ჯერჯერობით მართლა არ შეეძლო, მაგრამ თინამ ტყუილი არ აპატია და ერთი კვირის მანძილზე ხმას არ სცემდა გეგას, რომელიც ყოველდღე ურეკავდა მას, მაგრამ თინა არ პასუხობდა.
გეგა უხსნიდა ყველაფერს, რისი ახსნაც შეეძლო, თინა კი არ პასუხობდა, მაგრამ ყურმილს მხოლოდ იმიტომ არ კიდებდა, რომ კარგად აღზრდილი ადამიანი იყო და გეგას უსმენდა, თუმცა არ პასუხობდა.
გეგა თინას უხსნიდა იმას, რისი ახსნაც თავისი თავისთვისაც არ შეეძლო და მართლა რა გამართლება უნდა ჰქონოდა იმ ხუმრობას, რომელსაც ახსნა არ ჰქონდა გარდა ბედის ირონიისა და ალბათ მართლაც ბედის ირონია იყო, რომ გეგას თინასთან პირველ პაემანზე მისვლა მართლა ხეიბრის ეტლით მოუწია.
თუმცა მალე ის ბორბლებიანი ეტლი ძმებს დაუბრუნა, ივერიელებმა კი იმ საავადმყოფოში დააბრუნეს, საიდანაც წამოიღეს.
„ვრანგლერის“ ქურთუკი (დედამისის მიერ კარგად გარეცხილი და საგულდაგულოდ გაკერილი), დათომ უკან აღარ დაიბრუნა და გეგას ახალ ჯინსებსაც დაჰპირდა, რა თქმა უნდა.
გეგას კი არაფერი უნდოდა თინას გარდა, არაფერზე ფიქრობდა თინას გარდა. არაფერი, მხოლოდ თინა - ყველაზე ლამაზი გოგო დედამიწაზე...
სოსოს მამა
ის იყო ცნობილი პროფესორი, თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერი, მაგრამ ეს იყო საბჭოთა დრო, რომელსაც თავისი კანონები ჰქონდა.
გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში პროფესორებსა და მეცნიერებს უკვე აღარ ხვრეტდნენ, მაგრამ სიცოცხლის სანაცვლოდ მათ აიძულებდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან ეთანამშრომლათ.
უმრავლესობა თანამშრომლობდა კიდეც მთავრობასთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მათგანი ვერ მოახერხებდა უცხოეთში გამგზავრებას და თუნდაც ერთ, რომელიმე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. ეს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, ერთი შეხედვით, სულაც არ იყო რაიმე განსაკუთრებული და ზოგჯერ მათ საზღვარგარეთული მივლინებების სანაცვლოდ, არც არაფერს სთხოვდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.
სინამდვილეში კი მათ ართმევდნენ მთავარს – სიტყვისა და საკუთარი აზრის უფლებას, მათ არ შეეძლოთ ხმამაღლა და საჯაროდ გამოეთქვათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და ყველა საჭირო (სინამდვილეში ნებისმიერ) შემთხვევაში, ხელისუფლების მომხრეები უნდა ყოფილიყვნენ.
ასე ხდებოდა კიდეც და საბჭოთა მეცნიერების უმრავლესობა მორჩილად ქმნიდა ერთ დიდ საბჭოთა ტყუილს საბჭოთა მთავრობასთან ერთად.
რასაკვირველია იყვნენ გამონაკლისებიც, ვისაც მთავრობის მიერ ბოძებული პრივილეგიები, ბინები და მანქანები არ სურდა (ან მთავრობას არ სურდა მათი წახალისება), მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ და თავიანთი „ხრუშოვკების“ სამზარეულოებში ისხდნენ, იქვე მუშაობდნენ, იქვე სვამდნენ და მხოლოდ იქვე, სამზარეულოში გამოთქვამდნენ უარყოფით აზრებს საბჭოთა რეჟიმის მიმართ.
მართალია რამდენიმე ადამიანი (მათ შორის მეცნიერიც), ციხეშიც იჯდა (და არა სამზარეულოში), მაგრამ ისინი უკვე დისიდენტები იყვნენ...
სოსოს მამაც ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი მეცნიერი იყო საბჭოთა საქართველოში - აკადემიკოსი, რომელსაც მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი (საქართველოს ფაქტიური მმართველი) განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა. სოსოს კი სწორედ ეს არ მოსწონდა - ეს სიახლოვე და თბილი ურთიერთობა, რომელიც მამამისს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან ჰქონდა, რადგან იმდროინდელი თბილისელი, ანტისაბჭოურად და ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდებისთვის, ედუარდ შევარდნაძე სრულიად მიუღებელი პიროვნება იყო - ერთი ჩვეულებრივი კარიერისტი ბოლშევიკი.
თუმცა საბჭოურ იერარქიაში დაწინაურებას დიდი ჭკუა და განათლება არ სჭირდებოდა, მაგრამ სჭირდებოდა რაღაც სხვა, სწორედ ის, რაც (მაგალითად) შევარდნაძეს ჰქონდა, კაცს, რომელიც გურიის ერთი მშვენიერი სოფლიდან საბჭოთა კარიერის მწვერვალებისკენ მონდომებით მიიწევდა. ამ პროვინციული დაჟინების შედეგად, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში შევარდნაძე საბჭოთა საქართველოს პირველი პირიც გახდა (თბილისელ კონკურენტებთან ბრძოლის შემდეგ) და სულ მალე, სულ ადვილად შეძლო ქართული საბჭოთა ინტელიგენციის მოხიბვლა.
თუმცა ეს უკანასკნელი თვითონ საბჭოთა ინტელიგენციის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე პირველი მდივნის, რადგან ათეული წლების მანძილზე (მორალთან ერთად), საბჭოთა ინტელიგენციას აზროვნების უნარიც უქვეითდებოდა. როცა შევარდნაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იატაქვეშა მეწარმეების დაჭერები დაიწყო, ქართველ ინტელიგენტებს გულწრფელად უხაროდათ, რადგან ეგონათ, რომ ოთარ ლაზიშვილის დაპატიმრება იყო კიდეც ნამდვილი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
მათ არ იცოდნენ, რომ კერძო მეწარმე, ისიც გაწვალებული, იატაკქვეშეთში მოღვაწე, იყო მთავარი საფუძველი, რასაც ყველგან, ნორმალურ ქვეყნებში, სახელმწიფოს ეკონომიკა ყველაზე მეტად ეყრდნობა.
გარდა იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში იატაკქვეშა მეწარმეები ძალიან გაბედული ადამიანები იყვნენ, სწორედ მათ შეეძლოთ შეექმნათ ნორმალური სახელმწიფოს ხერხემალი - საზოგადოების საშუალო ფენა. უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე პატარების და მამებისაგან განსხვავებით შვილებმა იგრძნეს, რომ შევარდნაძე ძალიან საშიში კაცი იყო: დაპატიმრებულებს შორის იყო ერთი მისი მეგობარიც, რომელიც მალე დახვრიტეს კიდეც.
საქართველოში მეგობარი ყოველთვის ამხანაგზე მეტს ნიშნავდა (არა მხოლოდ რუსთაველის გამო) და მაშინდელი ქართველი ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ საქართველოს ცეკას ახალ მდივანს უფრო დიდი კარიერისტული მიზანი ჰქონდა.
ეს იყო მოსკოვი და მოსკოვში კი ყოველთვის მხოლოდ ის ქართველები მოსწონდათ, რომლებიც თავისიანების მიმართ განსაკუთრებით დაუნდობლები იყვნენ.
ამიტომაც მათ სძულდათ შევარდნაძე, განსაკუთრებით კი სოსოს, რომელსაც შევარდნაძის გამო საკუთარ მამასთანაც ჰქონდა უსიამოვნებები, რადგან სოსო ვერ იჯერებდა, რომ ისეთ კეთილ მეცნიერს, როგორიც მამამისი იყო, ასეთ ბოროტ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სჭირდებოდა (სხვათა შორის, სოსოს, უამრავი საბჭოთა ადამიანისაგან განსხვავებით, სულაც არ ეგონა, რომ პრობლემა კონკრეტულ მმართველში იყო და არა მმართველობის საბჭოურ სისტემაში).
სოსო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო და სურდა აკადემიის დამთავრების შემდეგ მაინც ისეთი დამოუკიდებელი გამხდარიყო ფინანსურად, რომ ცალკე ეცხოვრა და არა მშობლებთან ერთად, რადგან ეს უკვე აღარ ჰგავდა ნორმალურ ოჯახს.
სოსო აღარ ელაპარაკებოდა მამას და თითქმის აღარ ელაპარაკებოდა დედას, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ოჯახში მშვიდი და საუკეთესო ურთიერთობების შენარჩუნებას, მაგრამ ეს აღარ იყო ადვილი, რადგან სოსოს მამამისი უკვე ებრალებოდა კიდეც.
ის აღარ ელაპარაკებოდა მამას და მხოლოდ პასუხობდა ხოლმე მის შეკითხვებს და როცა ამერიკაში, სამეცნიერო სემინარზე გამგზავრების წინ მამამ ჰკითხა, რა ჩამოგიტანოო, საპასუხოდ სოსოს მხოლოდ გაეღიმა.
– არაფერი, – თქვა ძალიან მშვიდად, მაგრამ მამა, რომელიც გაგიჟებით უყვარდა ბავშვობიდან, ახლა მართლა ძალიან საბრალო იყო და ამიტომაც დაამატა კიდევ ორი, აუცილებელი სიტყვა:
– დიდი მადლობა...
მამამ აღარაფერი უთხრა ერთადერთ შვილს, მაგრამ უკვე იცოდა, რა უნდა ჩამოეტანა სოსოსთვის, რადგან მასაც ჰყავდა სტუდენტები და იცოდა, რომ ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ოცნება მაშინ ნამდვილი, ამერიკული ჯინსები იყო.
და სოსოს მამამ გადაწყვიტა, რომ პირველად ყოფილიყო გულადი და გაბედული შვილის გამო და ამერიკაში, როგორც კი მოთვალთვალე კაგებეს თანამგზავრი-თანამშრომელი, ოდნავ მაინც მოადუნებდა ყურადღებას, ნამდვილი ჯინსები ეყიდა სოსოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა.
ყველაზე მეტად მას გაურკვევლობის ეშინოდა, რადგან დანამდვილებით არც იცოდა რა ელოდა ამერიკული ჯინსების შემოტანისათვის საბჭოთა საქართველოში: შეიძლება არანაირი გართულება არ მოჰყოლოდა ამ ლირიულ გადახვევას, მაგრამ შეიძლება ძალიან მკაცრადაც დაესაჯათ საბჭოთა აკადემიკოსი - საყვედური გამოეცხადებინათ მისთვის (პირად საქმეში შეტანით) ან ინსტიტუტის დირექტორობიდან გაეთავისუფლებინათ და პარტიიდან გაერიცხათ.
ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაატელევიზორებდნენ კიდეც და პრესაშიც შეიძლება გაჩენილიყო ანონიმური წერილები იმის შესახებ, რომ საბჭოთა აკადემიკოსმა ვერ გაუძლო დასავლურ ცდუნებას, წამოეგო კაპიტალისტების პროვოკაციას და შვილს ამერიკული ჯინსები უყიდა.
წერილის ბოლოს იქნებოდა დასკვნაც ან ამ დასკვნას გადაცემის ბოლოს წაიკითხავდა ტელედიქტორი მოგონილი ნიშნისმოგებით - აი, ასე დააფასა ქართველმა მეცნიერმა საბჭოთა ხელისუფლების ამაგი, ასე გაცვალა სახელმწიფოს ინტერესები იაფფასიან კაპიტალისტურ შარვალზე.
როცა ქართველი მეცნიერი (საბჭოთა დელეგაციის დანარჩენი წევრებისაგან მალულად) ჯინსებს ყიდულობდა ამერიკაში, ყურებში სწორედ იმ ტელედიქტორის ხმა ჩაესმოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რომ პირველად თავის სიცოცხლეში, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფალი არჩევანი გააკეთა.
თუმცა მის მიერ შეძენილი ჯინსები არც ისე იაფი იყო, როგორც მას ეგონა. საბჭოთა ხელისუფლება უცხოეთში მიმავალ მეცნიერებსა თუ კულტურის მოღვაწეებს მხოლოდ მცირე, შეზღუდულ თანხას უხურდავებდა, მათი უცხოური ჰონორარები კი ხელისუფლებას რჩებოდა.
თუმცა მთავარი მაინც ყიდვა არ იყო, რადგან ქართველ მეცნიერს უკან დაბრუნებისას ელოდა საბჭოთა საზღვარი, რომელიც შვილის გამო ჯინსებთან ერთად უნდა გადაელახა. აეროპორტში, უკანა გზაზე, სასაზღვრო კონტროლის გავლისას უკვე რამდენიმე ტელედიქტორის ხმა ჩაესმოდა ერთდროულად და ერთი წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ თვითონვე ამოეღო ბარგიდან ჯინსის შარვალი და ხელისუფლებას ჩაბარებოდა, მაგრამ მაინც მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და ოფლიანი ხელისგულები გაიმშრალა (პირველად გაუოფლიანდა ხელები თავის სიცოცხლეში).
თუმცა რუსი მესაზღვრის შეკითხვაზე - რამე აკრძალული ხომ არ შემოჰქონდა, ქართველ მეცნიერს საპასუხოდ ტირილი მოუნდა, მაგრამ წვეთი, რომელიც მის გადაშლილ პასპორტს უხმაუროდ დაეცა, არ იყო ცრემლი. ეს იყო ოფლის წვეთი და სოსოს მამამ მესაზღვრეს გაუღიმა:
– ცხელა, – თქვა ქართველმა მეცნიერმა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ახლა შუბლი შეიმშრალა. მესაზღვრეს პასპორტზე დაცემული ოფლის წვეთი არ დაუნახავს და შეკითხვა გაიმეორა.
– არაფერი, – თქვა ჯერ გაუბედავად მეცნიერმა და მერე კი უფრო დამაჯერებლად - რასაკვირველია, არაფერი აკრძალული. მესაზღვრე ისეთი გამომცდელი სახით დააკვირდა სახელოვან ქართველ მეცნიერს, რომ მას თავისი სტუდენტები და გამოცდები გაახსენდა.
– ვნახოთ? - ჰკითხა მესაზღვრემ და მეცნიერის ჩემოდანს დახედა. სოსოს მამას პასუხის გაცემა უკვე აღარ შეეძლო და თავი დაუქნია მესაზღვრეს და ერთადერთი, რაზეც ახლა ფიქრობდა, საგულე აბი იყო, რომელიც ჯიბეში ედო, მაგრამ წამალი ისე უნდა ამოედო ენის ქვეშ, რომ მესაზღვრეს არ შეემჩნია. ეს კი არც ისეთი ადვილი იყო და ტკივილიც, რომელიც გულიდან დაიწყო და მერე მთელ სხეულს მოედო, აღარ გაჩერდა.
როცა სოსოს მამამ თვალი გაახილა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, თეთრხალათიან ქალს მისი მაჯა ეჭირა ხელში და სინანულით აქნევდა თავს:
– ძალიან გრძელი გზა გამოგივლიათ და გადაიღლებოდით, აბა რა იქნებოდა, თანაც არ გეწყინოთ, მაგრამ პატარა ბიჭიც აღარ ხართ და აწი შორს მგზავრობასაც უნდა მოერიდოთ ხოლმე.
სოსოს მამას ბარგი არც აეროპორტში გაუხსნია და არც გზაში და მხოლოდ შინ მისვლის შემდეგ ამოალაგა ჩემოდანი, რომელშიც ამერიკაში ნაყიდი ჯინსები ხელუხლებლად იდო.
ამიტომაც მან არ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა - შეამოწმეს თუ არა მისი ბარგი აეროპორტში.
შეიძლება ჯინსებიც ნახეს, მაგრამ არც გაიკვირვეს და არც აღშფოთდნენ, რისიც ქართველ მეცნიერს ასე ეშინოდა, რადგან მან მართლა არ იცოდა დანამდვილებით რა ხდებოდა ახლა საბჭოთა კავშირში, თუმცა ზუსტად იცოდა, რაც ხდებოდა ბაბილონში რამდენიმე ათასი წლის წინ და იგი ახლაც იქ ცხოვრობდა - გილგამეშის მესოპოტამიაში, უძველეს შუმერებთან ერთად.
არც ცოლისთვის და არც შვილისთვის არაფერი უთქვამს აეროპორტთან დაკავშირებით და უხმოდ, მაგრამ ამაყად გადასცა სოსოს ამერიკიდან ჩამოტანილი ნამდვილი ჯინსები. სოსოს გაეღიმა და მადლობის გარდა არაფერი უთქვამს მამისთვის, მაგრამ ძალიან ადვილად მიხვდა, რამდენი ნერვიულობა მოუწევდა მამა-მეცნიერს საბჭოთა საზღვრის გადმოლახვისას.
სოსო უკვე აღარ იყო პატარა, მაგრამ რადგანაც დედამისი მაინც ქართველი დედა იყო, მაინც სთხოვა შვილს ჯინსები მოეზომა, ჩაეცვა და დედას ჩვენებოდა, რაზეც სოსოს მხოლოდ გაეღიმა, დედას აკოცა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
ხატავდა მთელი ღამე და უსმენდა ლედ ზეპელინს. მხოლოდ ზოგჯერ გახედავდა ხოლმე სკამზე გადაკიდებულ ახალ ჯინსებს და კედელზე გაკრულ მიკ ჯეგერის პლაკატს.
რამდენჯერმე დაიღალა და სიგარეტი მოწია. ასეთ დროს განსაკუთრებით სიამოვნებდა მოწევა და ჯინსები კი მაინც არ ჩაიცვა, არც მოიზომა. უკვე თენდებოდა, როცა დაწვა. მალე ჩაეძინა კიდეც.
დილით არც უსაუზმია. ჯინსები ამოიიღლიავა და ირაკლი კოსტავასთან წავიდა. ირაკლი კოსტავა სოსოს ძმაკაცი იყო - ცნობილი ქართველი დისიდენტის მერაბ კოსტავას შვილი.
მერაბ კოსტავა, სრულიად გაუტეხელი კაცი, უკვე მეოთხე წელიწადი იყო, რაც სასჯელს იხდიდა ციმბირის რომელიღაც შორეულ ბანაკში ანტისაბჭოური მოღვაწეობისთვის. სოსომ ზუსტად იცოდა, რომ ირაკლი კოსტავას მამამისი ვერც ნამდვილ ამერიკულ ჯინსებს ჩამოუტანდაბ(როგორც არ უნდა მოენდომებინა) და ვერც დაბრუნდებოდა საქართველოში კიდევ კარგა ხანს.
ამიტომაც სოსოს დიდხანს არც უფიქრია, დილით მხოლოდ პირი დაიბანა და ირაკლისთან წავიდა.
ირაკლი ლექსებს წერდა, ღამენათევი იყო და ახალგაღვიძებულზე კარგა ხანს იფშვნეტდა თვალებს, სანამ დაიჯერებდა, რომ ეს ნამდვილი ჯინსები უკვე მისი იყო. როცა დაიჯერა და მიხვდა, რასაც ჩუქნიდნენ, გაეღიმა, სოსოს გადაეხვია და ჩუმად, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად უთხრა:
– ვერ გამოგართმევ.
სოსომ იცოდა, რომ ასეც იქნებოდა (ირაკლის თავმოყვარეობის გამო) და ამიტომ პასუხიც მზად ჰქონდა:
– თუ არ გამომართმევ, დავხევ.
– ნამდვილი ჯინსებია? - ჰკითხა ირაკლიმ და გაეცინა.
– ნამდვილი ამერიკულია, - სოსოს ხმაში ცოტა წყენა დაეტყო.
– ესე იგი ვერ დახევ, ნამდვილი ჯინსი არ იხევა.
– მაშინ დავწვავ!
– ნამდვილი ჯინსი არც იწვება და წყალსაც არ ატარებს, - თქვა ირაკლიმ სიცილით და სოსოსაც გაეცინა.
ირაკლი კოსტავას ძმაკაცის ნაჩუქარი ნამდვილი ჯინსები, რომელსაც მაშინდელი თბილისის ქუჩებში უფროსები თვალს აყოლებდნენ, ხოლო უფრო პატარები ახლოსაც მოდიოდნენ დასაკვირვებლად, თითქმის ერთი წელიწადი ეცვა. თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, გარეცხილი დაუბრუნა პატრონს და სოსოს გაკვირვებული სახის დანახვისას, ყველაფერი ერთი ფრაზით ახსნა:
– მაგრად დავიღალე და თანაც ძალიან მომბეზრდა. თქვა და ძმაკაცს ბოდიში მოუხადა.
სოსოს ეგონა, რომ ირაკლი ნაჩუქარ ჯინსებს გულისხმობდა, მაგრამ მეორე დღეს, მისი თვითმკვლელობის ამბავი რომ გაიგო, ყველაფერს მიხვდა. სოსომ ჯერ იფიქრა, რომ ირაკლიმ მათ ყველას აჯობა, მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზდა, რომ ვერაფერი იგრძნო თუნდაც ერთი დღით ადრე და ბავშვივით იტირა.
ირაკლი კოსტავას დაკრძალვის შემდეგ სოსომ ირაკლის ნაქონ ჯინსებს მარჯვენა მუხლის ზემოთ ცხრათვალა მზე დაახატა და ჩაიცვა. სიკვდილამდე არც გაუხდია.
იმ ჯინსებით დაკრძალეს კიდეც ყველასაგან მალულად და იმ ჯინსებით ამოიცნო კიდეც მისი ცხედარი ნათია მეგრელიშვილმა თხუთმეტი წლის შემდეგ...
გეგა
გეგას მამაც ცნობილი და წარმატებული ქართველი იყო - კინორეჟისორი, რომელმაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ კინოსთვის, საოცარი ფილმები გადაიღო და ერთ-ერთმა პირველმა ქართველებს შორის (ჯერ კიდევ სამოციან წლებში), პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე გაიმარჯვა.
თუმცა ის მაშინაც (ძალიან ახალგაზრდაც) უკვე ნამდვილი ხელოვანი იყო და მისთვის შემოქმედებითი პროცესი იყო მთავარი ვნება და არა პრიზებითა და ჯილდოებით ტკბობა.
ამიტომაც (განსხვავებით უფროსი თაობის ბევრი ქართველი რეჟისორისაგან), გეგას მამამ უარი თქვა საბჭოური ინტელიგენციის წევრობასა და რეჟიმის მხარდაჭერაზე და მხოლოდ კინოთი ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ ასეთი პრეცედენტის დაშვება საბჭოთა ხელისუფლებას სულაც არ აწყობდა.
კომუნისტებს რასაკვირველია არ სურდათ დაუმორჩილებელი რეჟისორის არსებობა საბჭოთა საქართველოში და ეს პრობლემა მარტივად გადაწყვიტეს - გეგას მამას ფილმების გადაღება აუკრძალეს. ოფიციალურად ამ აკრძალვის შესახებ ცეკას რაიმე დადგენილება (რასაკვირველია) არ მიუღია, მაგრამ გეგას მამას არაოფიციალურად აუხსნეს, რომ ფილმების გადაღების საშუალებას აღარ მისცემდნენ.
საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება მშვენივრად იცნობდა ქართული ინტელიგენციის კონფორმისტულ ხასიათს და ამ შემთხვევაშიც მისი სისუსტის იმედი ჰქონდა, მაგრამ გეგას მამა ძალიან მაგარი კაცი გამოდგა - მან დურგლობა ისწავლა და იატაკის დაგება დაიწყო, როგორც რიგითმა მუშამ.
მაშინდელი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი (უკვე დადებილებული და დეგრადირებული), რომელიც შრომას სათაკილოდ და სამარცხვინოდ მიიჩნევდა, აღშფოთებული შეხვდა ქართველი კინორეჟისორის პრინციპულობას. მათ დაუყონებლივ შეიძულეს განსხვავებული ადამიანი, რომელსაც არ სურდა, საკუთარი ფილმების სანაცვლოდ, სხვებივით დიდ ტყუილში მიეღო მონაწილეობა და მთავრობისა და კომუნისტური პარტიის მლიქვნელობით მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
გეგას მამა დარწმუნებული იყო, რომ სათაკილო და სამარცხვინო სწორედ ის იყო, რასაც ქართველი საბჭოთა ინტელიგენტები აკეთებდნენ და არა შრომა, დურგლობა და იატაკის დაგება. მაშინ მთელი თბილისი და საქართველო ამ (მათთვის) უცნაური პროტესტის გამო, გაუთავებლად ლაპარაკობდა (უფრო სწორად - კამათობდა, მათ შორის ისინიც, ვისაც მისი ფილმები ნანახი არ ჰქონდა), მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მართლა აგებდა თუ არა იატაკს გეგას მამა, არავინ იცოდა.
შეიძლება ეს მართლა ლეგენდა იყო ან უბრალოდ იმ ხალხის მიერ მოგონილი კეთილი ამბავი, ვისაც ძალიან უნდოდა, რომ თუნდაც ერთი ნამდვილი პროტესტანტი ჰყოლოდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას იმ ადამიანებს შორის, ვისაც მაშინ ინტელიგენტებს უწოდებდნენ.
გეგას მამა კი ძალიან მაგარი კაცი გამოდგა და არაფერი დათმო, თუმცა ისიც არავინ იცოდა დანამდვილებით, მართლა გამოიყვანა თუ არა პროტესტის ნიშნად საბჭოთა სკოლიდან თავისი შვილები და მათ შორის გეგაც, მაგრამ მაშინდელ თბილისში ზემოთქმულის შესახებაც უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე რუსეთ-ავღანეთის ომზე.
რაც დანამდვილებით ყველამ იცოდა (ხედავდა მაინც) და რაზეც ნამდვილად არავინ კამათობდა, გეგას ნიჭი იყო. ამ ნიჭისა და უკვე წარმატებული როლების გამო, იგი თენგიზ აბულაძემ მიიწვია თავის ახალ ფილმში მთავარ როლზე, მაგრამ გეგას ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც მისი მთავარი კინო გახდა. ეს იყო თინა - ცხრამეტი წლის ულამაზესი მხატვარი, რომელიც გეგას თავდავიწყებით შეუყვარდა.
მათი გაცნობა იყო უცნაური და მათი ურთიერთობა ჩხუბით დაიწყო, მაგრამ როცა თინა შეურიგდა გეგას და თინამაც იგრძნო და მიხვდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ადამიანი მის ცხოვრებაში, პირველი ნამდვილი პაემანის დღეც დადგა. თინას უნდოდა, რომ ამ ქალაქში და ამ სამყაროში არავინ ყოფილიყო მათ გარდა, სურდა რომ ყოფილიყვნენ მხოლოდ ორნი და ისინი ერთმანეთს გამთენიისას, რუსთაველზე შეხვდნენ.
ქუჩა იყო სრულიად ცარიელი და გაკვირვებული გეგა ცოტა ბრაზდებოდა კიდეც თინას ამ უცნაური ახირების გამო, რადგან მას მართლა ძალიან ეძინებოდა (არც არასოდეს ამდგარა ასე ადრე), თინა კი პირიქით, ძალიან კმაყოფილი ჩანდა. იჯდა გეგას გვერდით გრძელ, ზურგიან სკამზე და ღიმილით უყურებდა ერთადერთ მეეზოვეს, რომელიც დიდი ცოცხით ხელში ზანტად მიუყვებოდა რუსთაველის ქუჩას.
ის გვიდა ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ შემოდგომის ფოთლების ხმა მაინც არღვევდა ამ სიჩუმეს. თუმცა ვერ არღვევდა დილის სიმშვიდეს, რომელიც გეგამაც იგრძნო და თინას შეხედა. თინამ კი თავდახრილმა, თითქოს მთელი ქალაქის გაღვიძების ეშინიაო, გეგას ჩურჩულით უთხრა:
– ამ ქალაქში ახლა მხოლოდ ორნი ვართ: მე და შენ და მეტი არავინ.
– სამნი ვართ, – თქვა გეგამ ღიმილით და მეეზოვეს გახედა, თინამ კი მის ხუმრობას ყურადღება არ მიაქცია და ისევ ჩურჩულით თქვა:
– ამ ქალაქში და მთელ სამყაროშიც მხოლოდ ორნი...
გეგას გაახსენდა ფრანგული ფილმი „ორნი ქალაქში“, რომელიც მაშინდელი თბილისის ყველა კინოთეატრში გადიოდა, მაგრამ გეგას აღარ უხუმრია, აღარც გაღიმებია და მიხვდა, რომ თუ კიდევ იხუმრებდა, ამ გოგოს ძალიან ადვილად, სამუდამოდ დაკარგავდა. ამიტომაც სერიოზულად დაფიქრდა (მაგრამ არა ჩუმად) და თინას გასაგონად იკითხა:
– მხოლოდ ორნი?
– მხოლოდ ორნი: მე და შენ. გინდა?
– მინდა.
– შეგიძლია?
– შემიძლია.
– შეგიძლია რომ ხვალ დილით უფრო ადრე გამომიარო?
– უფრო ადრე? ამაზე ადრე ჯერ ისევ ბნელა...
– სანამ გათენდება, მანამდე შევხვდეთ და მთაწმინდაზე ავიდეთ.
– ფეხით?
– ჰო... და მზის ამოსვლა ვნახოთ. გინდა?
– მინდა, - თქვა გაუბედავად გეგამ, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მზის ამოსვლის სანახავად მთაწმინდაზე ფეხით ასვლა ნამდვილად არ უნდოდა. ქუჩაზე კი დილის პირველმა მანქანამ გაიარა და გაკვირვებულმა მძღოლმა ზურგიან სკამზე დილაუთენია ჩამომჯდარ წყვილს თვალი გააყოლა.
– წავედით, - თქვა თინამ და წამოდგა.
გეგას შუადღისას დათომ გამოუარა და გააღვიძა. დედამისს დათოს მოსვლა ძალიან გაუხარდა, რადგან გეგას მთელი დღე ეძინა და საღამოსთვის თეატრში უნდა წასულიყო (ქართველ დედას კი შვილის გაღვიძება მაშინაც განსაკუთრებით უჭირდა).
– დილით გამთენიისას წავიდა, მერე მოვიდა, ჩაი დალია და იმის მერე ძინავს, - უთხრა ქალბატონმა ნათელამ დათოს და გაიღიმა. გეგას დედამ რასაკვირველია უკვე ზუსტად იცოდა, რომ მისი შვილი შეყვარებული იყო და გეგას ოთახის კარი დათოს ხმაურით გაუღო.
დათომ ტაში დაუკრა ხმამაღლა და დემონსტრაციულად და როცა ქალბატონი ნათელა ოთახიდან გავიდა, ღიმილით ჰკითხა ახალგაღვიძებულ ძმაკაცს:
– შეყვარებული ხარ, ბიჭო?
– ვინ გითხრა? - თვალები მოიფშვნიტა გეგამ და ზმორებით წამოჯდა.
– "ამერიკის ხმამ“ უკვე გადმოსცა, - თქვა მხიარულად დათომ და ხელი კედელზე გაკრული ამერიკის დროშისკენ გაიშვირა.
– ხვალ დილითაც ადრე უნდა ავდგე.
– დედაშენმა მითხრა, დღეს გამთენიისას ადგაო...
– ხვალ უფრო ადრე მომიწევს ადგომა. გათენებამდე მთაწმინდაზე უნდა ავიდეთ.
– კეკეს საფლავს უნდა დახედოთ?
– მზის ამოსვლა უნდა ვნახოთ.
– არც კი დავკვირვებივარ თბილისში მზე საიდან ამოდის
– საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?
– ალბათ...
– გახსოვს ბოლოს ცაში როდის აიხედე?
– არა...
– ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა, ცა არ ჩანს... დათო გაკვირვებული მიუახლოვდა ფანჯარას, ზემოთ აიხედა, ცას დააკვირდა და გეგას ღიმილით ჰკითხა:
– ეგ იმან გითხრა?
– მე თვითონ მივხვდი, - გეგამაც გაიღიმა და ისიც ფანჯარასთან მივიდა.
– აქედან ცა მართლა არ ჩანს.
– იმიტომ, რომ წინა კორპუსი ჩვენსაზე მაღალია.
– ვინც ნიუ-იორკში ცხოვრობს, იმან რაღა უნდა ქნას?
– ნიუ-იორკში ვიცხოვრო და ცას საერთოდ არ ავხედავ.
– სანამ ნიუ-იორკამდე ჩააღწევ, იქნებ ერთხელ მაინც ჩამოხვიდე მონასტერში, შაბათს სოსოც მოგვყვება. ცას მაინც ნახავ, თუ ეგრე გენატრება. ძალიან მაგარი ადგილია.
– ხვალ ხომ გითხარი, სადაც მივდივარ. შემდეგ კვირას წამოგყვებით... რამდენიმე წამის განმავლობაში ორივენი დუმდნენ და მერე სიჩუმე ისევ დათომ დაარღვია და საუბრის თემაც შეცვალა:
– მილიცია რომელ მხარესაა?
– მილიცია იქით არის, ეზოსკენ. ეს ოთახიც რომ იქით იყოს, ღამე ვერც დავიძინებდი.
– რატომ?
– ხალხს ღამე ცემენ ხოლმე და ისეთი ხმები ისმის, რომ ვისაც საძინებლები ეზოს მხარეს ჰქონდა, ბინები გაყიდეს და გადავიდნენ.
– როგორ თუ ცემენ?
– აწამებენ.
– ვის?
– დამნაშავეებს. აბა უდანაშაულო ადამიანებს ჩვენთან არ იჭერენ და... დათომ ისეთი სერიოზული და შეშფოთებული სახე მიიღო, რომ გეგამ ფრაზა აღარ დაამთავრა და მეგობარს გაუღიმა:
– გეხუმრე, არ ინერვიულო.
– ვიცი, რომ მეხუმრე.
– მაგრამ მილიციაში მოხვედრას მაინც არ გირჩევ, – თქვა გეგამ და დედამისს გასძახა:
– ჩვენ წავედით.
ქალბატონი ნათელა ოთახიდან გამოვიდა, დათოს დაემშვიდობა და გეგას პიჯაკის საყელო გაუსწორა. გეგამ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა ხოლმე, სახლიდან გასვლისას დედას აკოცა. ქალბატონმა ნათელამ კი კარი ჩაკეტა და ჩვეულებისამებრ ფანჯრიდან გახედა
სადარბაზოდან გასულ შვილს. გეგამ იცოდა, რომ ამ დროს დედა ფანჯრიდან უყურებდა, როგორც ყოველთვის, და ახლაც მხიარულად ასწია მარცხენა ფეხი დამშვიდობების ნიშნად, ისე რომ უკან, ფანჯრისკენ არც მოუხედავს...
ჯერ ისევ ბნელოდა, როცა გეგამ თინას ოთახის ფანჯარას ახედა მესამე სართულზე, სადაც სინათლე ენთო და ერთი წამით იმ ფანჯარაში თინას სილუეტი გამოჩნდა. მერე სინათლე ჩაქრა, გეგამ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. სადარბაზოს კიბეზე აჩქარებული ფეხის ხმა გაისმა.
სადარბაზოდან გამოსვლისას თინამ გეგას გაუღიმა და მადლობა უთხრა.
– მადლობა რისთვის? – გულწრფელად გაუკვირდა გეგას.
– გაღვიძებისთვის. ასე ადრე ადგომა არც ისე ადვილია, - თქვა თინამ და ქუჩის ტროტუარსაც ღიმილით გაუყვა.
– გააჩნია რა შემთხვევაში, უფრო სწორად, გააჩნია ვის გამო, - თქვა გეგამ, თუმცა თვითონაც მშვენივრად იცოდა, რომ ასე ადრე ადგომა მართლა ძალიან ძნელი იყო მისთვის და მართლა ძალიან გაუჭირდა. თინამ საპასუხოდ არაფერი თქვა და ისე გაუღიმა გეგას, თითქოს ღამის სიჩუმეს უფრთხილდებაო.
როცა თბილისის ძველ, ქვებით მოკირწყლულ ქუჩას აუყვნენ, ამ ღამის სიჩუმეს მხოლოდ მათი ფეხის ხმა არღვევდა. აღმართი იყო გრძელი და გეგა დარწმუნებული იყო, რომ დაიღლებოდა, მაგრამ დაღლა არ უგრძვნია და ესიამოვნა კიდეც სიცივე, გათენებამ რომ მოიტანა, როცა ზემოდან გადმოჰყურებდნენ ქალაქს, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა.
მზე კი ნელა, ტაატით ამოცურდა თბილისის ცაზე და გეგას მადლობის თქმა მოუნდა თინასთვის, რომ ამ დროს აქ მოიყვანა, მაგრამ თინას ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ამ სიმშვიდის გამო, რომ გეგა მიხვდა - ახლა სიტყვებზე ფასეული დუმილი იყო და ეს დუმილი გეგამ მხოლოდ უკანა გზაზე, მთაწმინდიდან ჩამოსვლისას დაარღვია:
– მზის ჩასვლასაც აქედან უნდა ვუყუროთ?
– მზის ჩასვლა აქედან არ ჩანს.
– აბა რა უნდა ვქნათ?
– ზღვაზე უნდა წავიდეთ.
– ახლა ზღვაზე?
– ახლა ყველაზე კარგია ზღვა, შემოდგომის ზღვა.
– არავინ იქნება?
– მხოლოდ მე და შენ და ზღვა, გინდა?
– მინდა, - თქვა გეგამ და თინას თითებს გაუბედავად შეეხო მარჯვენა ხელით. უკვე დილა იყო და ქუჩაშიც ადამიანები უკვე მოძრაობდნენ. სკოლისაკენ მიმავალმა რამდენიმე ფორმიანმა გოგონამაც თვალი ულამაზეს წყვილს გააყოლა. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ თინა და გეგა იყვნენ ყველაზე ლამაზები სამყაროში სწორედ იმიტომ, რომ ამ დილით მათი თითები პირველად შეეხნენ ერთმანეთს...
ბერი
– ბოლომდე მინდოდა თქვენი პატივისცემა, მაგრამ ამის ზემოთ უკვე ვეღარ წავალ, მანქანაც ცოდოა, - უთხრა ბიჭებს მძღოლმა და ძრავა გამორთო. ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ და ზურგჩანთებიც გადმოიტანეს.
– აქედან შორსაა? – იკითხა სოსომ და მთის წვერს გახედა.
– ფეხით ერთ საათში ავალთ. თუ ჩქარა ვივლით, უფრო მალეც, – თქვა დათომ.
– მაშინ გავუშვათ ეს კაცი, ახალი თოვლია და მართლა ტყუილად უნდა გააწვალოს მანქანა, - თქვა პაატამ.
– ჯაჭვები რომ მქონდეს, აგიყვანდით, მაგრამ ჯაჭვების გარეშე ვერ ავა, ნაღდი ვიცი, სავეცკი მანქანაა...
მძღოლს აშკარად კმაყოფილი სახე ჰქონდა, ბიჭები რომ ასე ადვილად დაითანხმა და ფულიც სიხარულით გამოართვა დათოს, რომელიც დათოვლილ აღმართს, ნაჩქარევად აუყვა.
დანარჩენებიც დათოს მიყვნენ, მაგრამ უფრო ნელა და სოსო კი რამდენჯერმე გაჩერდა გზაში და ყურადღებით დააკვირდა მართლა ძალიან ლამაზ, გადათეთრებულ ხეობას.
– დაჯექი და ხატე, რამდენიც გინდა, – უთხრა ღიმილით კახაბერმა სოსოს და კიდევ ერთხელ გაიკვირვა ნაადრევი თოვლი.
– მართლა ძალიან ადრე ჩამოთოვა აქ, – დაეთანხმა სოსოც და მეტი აღარ ულაპარაკიათ, რადგან იცოდნენ, რომ თოვლიან აღმართზე მიმავალ ადამიანს ყველაზე მეტად ლაპარაკი ღლის.
მალე მონასტერიც გამოჩნდა, რომელიც ისეთი ლამაზი იყო თეთრი მთების ფონზე, რომ ყველანი შეჩერდნენ. სოსოს გაეღიმა კიდეც და უფრო თავისთვის თქვა საყვარელი ფრაზა:
– მაინც ყველაზე მაგარი მხატვარია...
– ვინ? - ჰკითხა პაატამ, მაგრამ სოსოს არ უპასუხია და მხოლოდ ხელი გაიშვირა მონასტრისკენ, რომლის შესასვლელთან ანაფორაში შემოსილი ბერი იდგა პატარა გოგოსთან ერთად და სტუმრებს აკვირდებოდა. მერე ბერი და გოგონა ქვემოთ დაეშვნენ და ბიჭებს გზაზე შეეგებნენ.
დათოს და ძმებს მასპინძელი, მისალმების ნიშნად, ბერულად გადაეხვია და სოსოს კი მაგრად ჩამოართვა ხელი.
– ეს სოსოა, ჩვენი ძმაკაცი, მხატვარი, რომ გეუბნებოდი ამოსვლა უნდა-მეთქი, - უთხრა დათომ ბერს და ყველამ თავისი ზურგჩანთა ჩამოდგა.
– ღმერთმა სულ სიკეთის გზებზე გატაროთ, - თქვა ბერმა ყველაზე მეტად სოსოს გასაგონად და სოსოს ზურგჩანთის მხარზე მოკიდებას შეეცადა. რაღა დარჩაო, და სოსომ არ დაანება - მაინც თვითონვე აიტანა თავისი ზურგჩანთა მონასტრამდე, რომლის თეთრი ეზოც მართლაც საოცარი სანახავი იყო.
მონასტერში მხოლოდ რამდენიმე პატარა სენაკი იყო დარჩენილი და უფრო მოზრდილი სატრაპეზო, სადაც ბიჭებმა პროდუქტი დააბინავეს და ტრაპეზის სამზადისსაც შეუდგნენ.
ტრაპეზის წინ ბერმა „მამაო ჩვენო“ თქვა და პირჯვარი გადაიწერა. ბიჭებმაც ბერს მიბაძეს, მაგრამ ყველაზე მონდომებული პატარა ეკა იყო, რომელიც მამასთან ერთად ამბობდა „მამაო ჩვენოს“, მერე კი კმაყოფილმა ახედა მამას და მისი შექებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ტრაპეზის დროსაც დიდი დიასახლისივით იქცეოდა პატარა ეკა და ისე უმასპინძლდებოდა სტუმრებს, რომ ბიჭებს რამდენჯერმე გაეღიმათ კიდეც. მამა ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო თავისი პატარა ქალბატონით და ტრაპეზის დროს რამდენჯერმე კიდეც შეაქო ეკა.
პატარა ქალბატონმა კი დიდი სიყვარულით აკოცა ძვირფას მამას, რომელიც ამ ბიჭებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ.
ტრაპეზისას სიჩუმე დათომ დაარღვია და ის თქვა, რასაც ალბათ სხვებიც ფიქრობდნენ:
– რა ადრე ჩამოუთოვია აქ, თბილისში ჯერ ისევ თბილი შემოდგომაა.
– ასეთი ქვეყანა გვაქვს, – თქვა მამა თევდორემ, – პატარაა, მაგრამ საოცარი. აქ უკვე თოვლია, ზღვაზე კი ალბათ ჯერ ისევ ბანაობენ.
ღმერთმა ყველაფერი მისცა ამ პატარა ქვეყანას, ადამიანებმა კი ამ ქვეყანაში მადლიერების გრძნობა დაკარგეს და თვითონ ღმერთიც დაივიწყეს.
– რატომ? – გააწყვეტინა უცებ სოსომ, - ადამიანებს ამ ქვეყანაში მაინც ახსოვთ ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეკლესიაში სიარულსაც კი უკრძალავენ. თუ ამ ქვეყანას ცუდი მთავრობა ჰყავს, ეს ადამიანების ბრალი სულაც არ არის.
– მთავრობაც ადამიანებისაგან შედგება, - ახლა ბერმა გააწყვეტინა სოსოს, - და მთავრობაც იმ ხალხის ნაწილია, ვისაც ახლა თქვენ აქებთ - მე არავის ვაქებ, უბრალოდ იმ ადამიანებს ვიცავ, ვისაც არჩევანის უფლება არა აქვს და შესაბამისად, არც პასუხისმგებელია იმ ცუდი ადამიანების გამო, ვინც მთავრობაში ხვდება.
ხალხს არჩევანის უფლება წართმეული აქვს და ამიტომაც ამ ადამიანებს პასუხი არც მოეთხოვებათ იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, - თქვა სოსომ, მაგრამ ნაკლებად მშვიდად და ბიჭებს გადახედა.
ბიჭებს უფრო მშვიდი სახეები ჰქონდათ, რადგან იცოდნენ, რომ სოსოს კამათი ყოველთვის უყვარდა, მაგრამ არა ჩხუბი და თანაც არასოდეს აყენებდა შეურაცხყოფას მოწინააღმდეგეს და ყოველთვის ცდილობდა მისი პოზიცია არგუმენტირებული ყოფილიყო.
– თქვენ გგონიათ, თუ ამ ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება და არა კრემლიდან დანიშნული მთავრობა, როგორც ახლა ჰყავს, ის ნაკლებად ათეისტური იქნება და ნაკლებად ცუდი? - მამა თევდორემ ძალიან მშვიდად ჰკითხა სოსოს და ცარიელი ღვინის ჭიქაც თავისი ხელით შეუვსო. ბერის სიმშვიდე გადამდები აღმოჩნდა სოსოსთვის, რომელიც უცებ დაწყნარდა, გაეღიმა კიდეც და ღიმილითვე თქვა:
– ან ცუდი იქნება ან კარგი, მაგრამ რადგან ხალხი თვითონ აირჩევს თავის მთავრობას, პასუხსაც ხალხი აგებს და არა რომელიმე მკვდარი ან ცოცხალი ბელადი. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და იმ არჩეულმა მთავრობამ მორწმუნეებს კი არ დაუწყოს დევნა, როგორც ახლა ხდება, არამედ ათეისტებს.
– ვერც წარმომიდგენია ასეთი საქართველო, - თქვა უცებ დათომ.
– სულ არ არის, სხვათა შორის, ძნელი წარმოსადგენი! და ის ხალხი, ახლა რომ პარადებზე დადის, ეკლესიაშიც მასიურად ივლის და პირჯვარსაც ყველგან გადაიწერს, სადაც ხალხს და ეკლესიას დაინახავს...
– მერე რა არის ამაში ცუდი? – ახლა პაატამ ჰკითხა სოსოს აშკარად გაკვირვებულმა.
– ერთმანეთის დასანახად და მოსატყუებლად, პარადებზე სიარულიც ცუდია და ეკლესიაშიც.
– მგონი, მაინც ეკლესიაში ჯობია, – თქვა პაატას ძმამ და მამა თევდორეს გადახედა.
ბერმა ყველას ერთად უპასუხა, მაგრამ განსაკუთრებით სოსოს გასაგონად ახსნა თუ რატომ ჯობდა მაინც ეკლესიაში სიარული ათეისტურ ცხოვრებას:
– თუ ადამიანი თუნდაც სხვების დასანახად მივა ეკლესიაში, მაინც უკეთესია, რადგან იქ უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ სიყვარულზე, ღმერთსა და ჭეშმარიტებაზე იფიქროს.
– კოლექტიური ფიქრი ყოველთვის სიძულვილით მთავრდება და არა სიყვარულით,
– ისევ გააწყვეტინა სოსომ ბერს, მაგრამ მამა თევდორე არ გაბრაზებულა და ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი:
– კოლექტიურ აზროვნებას ყოველთვის რეჟიმები მოაქვს შედეგად და არა თავისუფლება და ეს მართალია, მაგრამ შენი თავისუფლების გზა შეგიძლია ეკლესიაში დაიწყო.
– და მერე მარტომ გავაგრძელო, როგორც თქვენ? - სოსომ ისევ გააწყვეტინა ბერს და მამა თევდორემ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა სტუმარს:
– მე აქ მირჩევნია ჩემი თავისუფლების ძებნა, ქალაქისგან შორს, სადაც ნაკლები ხმაურია და ბევრი დრო ღმერთზე ფიქრისთვის.
– და აქ როდემდე აპირებ დარჩენას? - დათომ ყველას დაასწრო და მამა თევდორეს ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდათ მის მეგობრებსაც.
– გაისად ოცდაცამეტის გავხდები და მინდა აქ ვიყო, თუ მანამდე არ ამიკრძალეს.
– ვინ?
– იყვნენ უკვე, სამი დღის წინ ამოვიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი აუკრძალავთ, წიგნები ნახეს და წავიდნენ.
– როდის აგიკრძალავენ?
– როცა ჩათვლიან, რომ ჩემი აქ ყოფნა მათთვის საშიშია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ურწმუნო ადამიანი კი ძალიან მშიშარაა.
ბერს გაეღიმა და ბიჭებსაც ღიმილით დაანახა, როგორ ეძინა პატარა ეკას მამის გვერდით, პირდაპირ მაგიდაზე.
– დაიღალა, – თქვა პაატამ და პატარა ეკა ხელში აიყვანა.
– მგონი თქვენც დაგღალეთ, - თქვა მამა თევდორემ და ფეხზე წამოდგა. დანარჩენებიც წამოიშალნენ და მადლობა თქვეს.
– ეკა ხვალ თქვენ უნდა წაიყვანოთ, სკოლა ეწყება, მე კვირის ბოლოს ჩამოვალ და თბილისში გნახავთ, – უთხრა უკვე მონასტრის ეზოში გამოსულ დათოს მამა თევდორემ.
– ერთი კვირის პროდუქტი მგონი კი ამოვიტანეთ, - თქვა დათომ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.
– ვიმყოფინებ. მთავარია, თაფლი ამოიტანეთ.
– თაფლი გიყვართ? - ჰკითხა სოსომ ბერს.
– ირემი მოდის აქ და იმას ვაჭმევ ხოლმე.
– როგორ? - გულწრფელად გაკვირვებულმა ჰკითხა დათომ და მამა თევდორემ ღიმილით უპასუხა:
– ხელით.
– მე მეგონა, რომ ირმებს მარილი და მჟავე უყვარდათ და არა ტკბილი, - თქვა სოსომ.
– მეც ეგრე მეგონა. შეიძლება ასეც არის და მხოლოდ ამ ირემს უყვარს თაფლი, მუჭში ჩავისხამ ხოლმე და ლოკავს.
– რა ნათელი ღამეა, - თქვა ეზოში გამოსულმა პაატამ და ცას ახედა.
– ალბათ ასეთი, ამდენი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თუ ნახა კანტმა და იმიტომაც გაიკვირვა.
– რაღაც მინდა გკითხოთ, - უთხრა უცებ სოსომ ბერს.
– კი ბატონო, - თქვა მამა თევდორემ, - მაგრამ თქვენობით ნუ მომმართავ.
– კარგი, - თქვა სოსომ, - აქ ყოფნა თუ აგიკრძალეს, სად წახვალ?
– სხვა მონასტერში წავალ.
– სხვა მონასტერშიც თუ არ შეგიშვეს?
– მაშინ სხვა ქვეყანაში წავალ და იქ მოვძებნი ჩემს წილ სიმშვიდეს, - თქვა ღიმილით მამა თევდორემ და სოსომაც ღიმილით ჰკითხა კიდევ ერთხელ:
– სხვა ქვეყანაში რომ არ გაგიშვან?
– გავიპარები, - თქვა ბერმა უკვე სიცილით და მერე დანარჩენებსაც გადახედა, - ახლა, თქვენის ნებართვით, გავიპარები დასაძინებლად, დილით ადრე უნდა ავდგე. თანაც, ეკა მარტოა და რომ გაეღვიძოს, არ შეეშინდეს.
– ეკას მგონი არასდროს არაფრის შეეშინდება, - თქვა სიცილით დათომ და სხვებთან ერთად მამა თევდორეს დაემშვიდობა.
როცა ბიჭები მარტო დარჩნენ მონასტრის ეზოში, კარგახანს დუმდნენ და ჩუმად, უხმაუროდ ეწეოდნენ. მერე დუმილი კახაბერმა დაარღვია და სოსოს ჰკითხა:
– რას იტყვი?
– რა ვთქვა?
– დაგვთანხმდება?
– არ ვიცი, არა მგონია და ჯერჯერობით ნურაფერს ვეტყვით, - თქვა სოსომ და საუბრის თემაც სასწრაფოდ შეცვალა:
– კანტი როგორ ამბობდა, რა მაკვირვებსო?
– ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალი ჩემში, - თქვა რომელიღაცამ და ბიჭებმა ისევ ცას ახედეს, რომელიც მართლა მოჭედილი იყო დიდი, კაშკაშა ვარსკვლავებით; მთვარე კი იყო უჩვეულოდ თეთრი.
– გზაზე რამეს გააჩერებთ, თუ არა და სამზე თბილისის ავტობუსი ჩამოივლის, - უთხრა ყველას ერთად მამა თევდორემ დილით და ბიჭებს სათითაოდ გადაეხვია. მერე თავის პატარა ეკას ბევრი აკოცა და უკვე დაღმართზე დაშვებულებს, ყველას შორიდან კიდევ ერთხელ პირჯვარიც გადასწერა.
პატარა ეკამ გზიდანაც კიდევ რამდენჯერმე დაუქნია ხელი მონასტრის კართან დარჩენილ ძვირფას მამას და კოცნაც კიდევ რამდენჯერმე გაუგზავნა ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა...
თოვლიანი მონასტრის სიჩუმე იმ საღამოსვე შეცვალა საშინელმა ხმაურმა, რომელიც სოსოს თავისი მეგობრის სახლში დახვდა, სადაც მასპინძლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ განსხვავებულებით და ამიტომაც ხალხი უკვე მთვრალი იყო. თუმცა, ყველაზე მეტად მთვრალი თამადა მაინც ითხოვდა ყანწების შევსებას და მოსმენას, მაგრამ მას აღარავინ უსმენდა სოსოს გარდა.
გოგოები ცეკვავდნენ ყიჟინით. სოსოს სინამდვილეში დალევა უნდოდა და არა თამადის მოსმენა, როგორც ეს თამადას სურდა, რომელიც უკვე მერამდენედ უხდიდა მადლობას სოსოს ამ ერთგულებისათვის.
სოსო კი, გარდა იმისა, რომ მთვრალი იყო, დაღლილიც იყო და როცა საბოლოოდ მობეზრდა სადღეგრძელოების მოსმენა, თამადას მეგობრულად სთხოვა:
– დალიე, რა...
თამადამ ყანწი მოიყუდა, მაგრამ მალევე ჩამოდგა და ამოიოხრა:
– აღარ შემიძლია, ამის დედა ვატირე, – თქვა ძალიან გულწრფელად, დაჯდა, თავი თეფშზე დადო და ტკბილად დაიძინა.
სოსოს გაეღიმა და თამადას ჩახუტებული ყანწი გამოართვა, ჯერ შიგ ჩაიხედა, მერე ღრმად ამოისუნთქა და მოიყუდა. გეგა ღიმილით მიუახლოვდა სოსოს და ხელი გადახვია, უთქმელად გამოართვა ყანწი და შიგ ჩარჩენილი ღვინო ცარიელ ჭიქაში ჩაასხა.
– რა გინდა? - ჰკითხა სოსომ და გეგას ხელით ანიშნა, სიგარეტი მომეციო.
– საქმე მაქვს, აივანზე მოვწიოთ.
სოსოს ეზარებოდა აივანზე გასვლა, მაგრამ მაინც გაჰყვა გეგას და გემრიელად გააბოლა. ოთახიდან ხმაური შემოდიოდა ცეკვისა და ყიჟინის და გეგამ კარი გამოიხურა.
– ნახე? - ჰკითხა სოსოს და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
– ვინ?
– ის მამა თევდორე.
– ბერი?
– ჰო.
– ჰო, ვნახე.
– მერე?
– რა მერე?
– ილაპარაკეთ?
– კი, ვილაპარაკეთ.
– რაზე ილაპარაკეთ?
– კანტზე.
– კანტზე სალაპარაკოდ იყავი წასული?
– ხვალ მოგიყვები, რა...
– შენი პახმელიის ამბავი რომ ვიცი, ხვალ მკვდარი იქნები.
– ხვალ შვიდი ნოემბერია, ამ დღეს ყველა პატიოსანი ადამიანი ჩემსავით მკვდარი უნდა იყოს.
– რატომ?
– ეგ დღე რომ გამოტოვოს.
– ამიტომ დალიე ამდენი?
– არც მახსოვდა. დალევასაც არ ვაპირებდი, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი, დავინახე წითელ დროშებს როგორ კიდებდნენ.
– სად?
– ყველგან.
– სახლში წავიდეთ, მე და თინა მიგაცილებთ.
– კიდევ უნდა დავლიო.
– აღარ გინდა. კიდევ რომ დალიო, შეიძლება მთელი ნოემბერი გამოტოვო...
სოსოს გაეღიმა და გეგა მიხვდა, რომ ძმაკაცი სახლში წასვლაზე დაითანხმა. სადარბაზოს კიბეს სამივენი ერთად, ღიღინით ჩამოუყვნენ. სოსოს მაინც აერია ფეხი. თინა და გეგა აქეთ-იქიდან, მხრებში ამოუდგნენ სოსოს. სოსომ ღიმილით იკითხა:
– ეგეთი მთვრალი ვარ?
მაგრამ ხელი მაინც ორივეს გადახვია და იგრძნო, რომ ძალიან ბედნიერი იყო შეყვარებული ძმაკაცის გამო. მერე ტაქსი გააჩერეს. სოსო სახლამდე ღიღინებდა. მანქანიდან გადმოსვლისას, მძღოლს გადაეხვია და სერიოზული სახით ჰკითხა:
– ნიუიორკელ ტაქსის მძღოლებს რამე ხომ არ გადავცე თქვენი სახელით?
მძღოლს გაეღიმა და ღიმილითვე უპასუხა:
– მოკითხვა...
– მე თვითონ ავალ, - უთხრა სადარბაზოს წინ სოსომ თინას და გეგას და მადლობაც გადაუხადა.
– ჩვენ ზღვაზე წასვლას ვაპირებთ ერთი კვირით, - უთხრა გეგამ სოსოს.
– ახლა? არ გაიყინოთ, – გაუკვირდა სოსოს.
– რა გაგვყინავს ერთად, - თქვა გეგამ და თინას ხელი მოჰხვია.
– ძალიან ლამაზები ხართ ამ მთავრობისთვის, ფრთხილად იყავით, - თქვა სოსომ.
– რა?
– ძალიან ლამაზები ხართ საბჭოთა ხელისუფლებისათვის, - გაიმეორა სოსომ და სადარბაზოს კიბეს აუყვა.
თინას და გეგას ტაქსი აღარ გაუჩერებიათ, ფეხით გაუყვნენ ქუჩას. ქუჩის ორივე მხარეს, მაღალ ბოძებზე, მართლა წითელი, საბჭოთა დროშები ფრიალებდა. უკვე გვიანი იყო და ცარიელ ქუჩას უსიტყვოდ მიუყვებოდნენ შეყვარებულები, როცა მოულოდნელად გეგა გაჩერდა, წითელ დროშას ახედა ღიმილით და თინაც მაშინვე მიხვდა, რასაც აპირებდა. თინასაც გაეღიმა.
გეგა სწრაფად აძვრა ერთ-ერთ ბოძზე დროშის ჩამოსაგლეჯად. წითელ დროშას ხელი მოჰკიდა, ჯერ მსუბუქად მოქაჩა და როცა მეორედაც დააპირა, სრულიად მოულოდნელად ბოძის ქვეშ სამთვლიან მოტოციკლზე ამხედრებული მილიციელები გაჩერდნენ. თინა და გეგა ვერც კი მიხვდნენ, საიდან გაჩნდა ასე უცებ და უხმაუროდ ცარიელ ქუჩაზე მილიციის პატრული და შიშისა თუ დაბნეულობისაგან ორივენი დამუნჯდნენ.
– ჩამოდი, ბიჭო, ძირს! - ასძახა იმან, რომელიც საჭესთან იჯდა - ულვაშიანმა და მოტოციკლის ძრავა გამორთო. მეორე უფრო მსუქანი იყო და თან ისეთი მსუქანი, რომ თინამ გაიფიქრა კიდეც, ეს მსუქანი კაცი ამ სკამში როგორ ეტევაო, მაგრამ მიხვდა, რომ ახლა ამაზე ფიქრის დრო სულაც არ იყო.
ულვაშიანმა მეტი დამაჯერებლობისთვის, თითითაც ანიშნა გეგას, ჩამოძვერიო. მსუქანმა მჟავე კიტრით სავსე ქილა ამოდგა საიდანღაც და ერთი ცალი კიტრი საშინელი ხმაურით ჩაკბიჩა.
გეგა ჩამოვიდა, დადუმებულ თინას ნაძალადევად გაუღიმა და ულვაშიანს დააკვირდა. ულვაშიანი მილიციელი კი, თავის მხრივ, უფრო ყურადღებით დააკვირდა გეგას და ომახიანად ჰკითხა:
– რას აკეთებდი ზევით?
– დროშას ვკოცნიდი, უფროსო, - თქვა გეგამ და უცებ მოეჩვენა, რომ ამ ხალხთან ლაზღანდარობაც შეიძლებოდა.
– დაგვცინი? - იკითხა მკაცრად ულვაშიანმა და კოლეგას გადახედა. მსუქანი კოლეგა ისევ მჟავე კიტრს ახრამუნებდა, მაგრამ თან გეგას თვალს არ აშორებდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო და უცებ წამოიყვირა კიდეც:
– შენა, ბიჯო, არტისტი არა ხარ? კინოში მყავხარ ნანახი, ცოლის მოყვანა რო გინდა, მაგრამ ძმები რო არ გაცლიან, ხო ეგა ხარ?!
– კი, - თავი დაუქნია გეგამ მსუქან მილიციელს, - მე ვარ, მსახიობი.
– მეც ენგრე ვიყავი, ჩემი უმფროსი ძმა რო ცოლის მოყვანას არ მაცლიდა, ჯერ მე უნდა მოვიყვანოო. მაგისთვინ რო დამეჯერებინა, ეხლაც უცოლო ვიქნებოდი, – მსუქანმა ისევ ჩაკბიჩა მჟავე კიტრი და ულვაშიანს გადახედა:
– გაუშვათ კაცო, კაი ბიჭია ეგა...
ულვაშიანმა, სანამ მოტოციკლს თავიდან დაქოქავდა, ჯერ თინას გადახედა, მერე ზევით წითელ დროშას ახედა, მერე კი გეგას გასაგონად ხმამაღლა თქვა:
– მაგ დროშას ნუ ეხუმრები, შვილო, მაგათ ეგეთები არ უყვართ და არ დაგინდობენ...
– მადლობთ, – თქვა თინამ, მაგრამ მილიციელებს მისი მადლობა აღარ გაუგიათ, რადგან მათი სამთვლიანი მოტოციკლი უკვე შორს იყო და თანაც ცარიელ ქუჩაზე მხოლოდ საბჭოთა ძრავის გრუხუნი ისმოდა...
გია
– ცოტა ხნით გამომართვი, - უთხრა მანანამ ქმარს ძალიან დაღლილი ხმით და გიამ გამოართვა, რომელიც უკვე ერთი საათი იყო, შეუჩერებლად ტიროდა. მანანამ საძინებლის კარი გამოიხურა და სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა.
სიგარეტის მოკიდება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ბავშვმა ტირილს მოუმატა და მანანაც ოთახში შებრუნდა.
გიორგი კი ერქვა, მაგრამ ყველანი გიას ეძახდნენ და ახლა ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, რომ ცოლს სხვა დროს, ალბათ გაეღიმებოდა კიდეც, მაგრამ მკლავები ისე სტკიოდა დაღლილობისაგან, ღიმილის ძალაც არ ჰქონდა.
– მომეცი, - უთხრა გიას და ბავშვი ისევ გამოართვა.
– მე რა ვქნა? – ჰკითხა ცოლს გიორგიმ გაუბედავად, მაგრამ მანანამ ზუსტად ის უპასუხა, რასაც ელოდა:
– არაფერი.
ეს უფრო დაღლილი ქალის ხმა იყო, ვიდრე გაბრაზებული ცოლის, მაგრამ გია მაინც სამზარეულოში გავიდა, სარკმელი გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. მოწია სწრაფად და ნერვიულად, რადგან როგორც ყველა ახალგაზრდა მამას, მასაც ყველაზე მეტად ბავშვის ტირილის ხმა აგიჟებდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ხასიათის იყო და ბევრი რამის მოთმენაც შეეძლო.
სიგარეტი ბოლომდე მოწია და მერე მაცივარი გამოაღო. მაცივარი ცარიელი იყო და კარი ისე ცივად მიხურა, რომ თვითონაც ეგონა, შეიგინებოდა, მაგრამ უცებ დამშვიდდა, სახეზეც ღიმილისმაგვარი გაუჩნდა უცებ და საძინებლის კარს ფრთხილად მიუახლოვდა.
ბავშვის ტირილის ხმა აღარ ისმოდა ოთახიდან, რომლის კარზეც აკრული ნაჭრის ფარდა გიამ ძალიან ფრთხილად გადაწია - დედას და შვილს, ორივეს ეძინათ.
გიამ ისევ სიგარეტს მოუკიდა, მაგრამ უკვე გახარებულმა და ფანჯრის სარკმელიც ისევ გამოაღო. ახლა ნელა გააბოლა და გემრიელად მოწია, დარჩენილი სიგარეტიც გარეთ არ გადაუგდია, როგორც ამას აკეთებდა ხოლმე და ონკანის წყლით დაასველა. მერე ნაგვის ყუთს თავსახური ახადა ძალიან ფრთხილად და შიგ ჩააგდო. მერე ისევ ცარიელი მაცივარი გამოაღო და ისევ მიხურა.
– გაგიკვირდა, რომ ცარიელია? - ჰკითხა ცოლმა და გია სწრაფად შემოტრიალდა.
– მეგონა რომ გეძინა, - უთხრა ცოლს და სკამზე ჩამოჯდა.
– მეძინა, მაგრამ ბავშვს საჭმელი უნდა გავუკეთო.
– შეიძლება ისევ ყური ტკივა.
– შეიძლება.
– ის წამალი აღარ გაქვს?
– აღარ მაქვს და მეზობლებსაც ვეღარ გამოვართმევ.
– ხვალ ვიყიდი.
– რითი იყიდი?
– ვიყიდი.
– ისევ ისესხებ?
– ვიყიდი.
– არც იშოვება.
– ჩაშკასგან ვიყიდი.
– ჩაშკასთან ძალიან ძვირი იქნება.
– ვიყიდი.
– ჩაი დავლიოთ. სამსახურზე რა ქენი?
– ხვალ მეტყვიან პასუხს.
– მიგიღებენ?
– ალბათ.
– არსად გიღებენ და მაგათი იმედი რატომ გაქვს?
– არ იციან, რომ ნასამართლევი ვარ.
– რომც იცოდნენ, ოფიციალურად ხომ გაგამართლეს, რეაბილიტაციის ფურცელიც ხომ საქმეში დევს.
– მაგ ფურცელს არავინ კითხულობს ხოლმე.
– და შენც, რა თქმა უნდა, აღარ ეუბნები ხოლმე, რომ საბუთები ბოლომდე წაიკითხონ.
– რა თქმა უნდა.
– შენი სიამაყე და თავმოყვარეობა ამის უფლებას არ გაძლევს.
– ხვეწნა არ შემიძლია.
– მაშინ ამათი იმედი რატომ გაქვს?
– ზედმეტი რაც იყო, საბუთებიდან ამოვიღე და ისე ჩავაბარე კადრების განყოფილებას. ცოლმაც და ქმარმაც ორივემ გაიცინეს, მაგრამ მაშინვე გაახსენდათ ძლივს ჩაძინებული შვილი და ერთდროულად აიფარეს პირზე ხელები.
– კარტოფილს შეგიწვავ უცებ, – უთხრა მანანამ გიას, – ცოტა კიდევ არის დარჩენილი და არ მეზარება.
– არ მშია, – თქვა გიამ, სიგარეტს მოუკიდა გაზზე და ჩაკეტილი სარკმელი ისევ გამოაღო. დილით სახლიდან ადრე გავიდა. იღლიაში ამოჩრილ შეკვრას დახედა კიდევ ერთხელ და ლენინის მოედნისკენ მიმავალ ტროლეიბუსს გაჰყვა. მოედნიდან ლესელიძის ქუჩას ფეხით ჩაუყვა და სინაგოგისკენ შეუხვია.
რამდენიმე ებრაელი სინაგოგის წინ იდგა და გიამ სწორედ მათ ჰკითხა, ჩაშკა ხომ არ გინახავთო, მაგრამ უცხო კაცის გამოჩენამ ებრაელები ცოტა დააფრთხო. გიას ჩაშკასთან რა საქმე უნდა ჰქონოდა მანამდე და ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ დანარჩენი თბილისელებივით იცოდა, რომ ჩაშკა უცხოურ და დეფიციტურ წამლებს ყიდდა.
სახეზე არც იცოდა რომელი იყო, მაგრამ გია ინტუიციით მიხვდა, რომ ის ჩაშკა ახლა აქ, ამ ებრაელებს შორის იდგა და პირდაპირ, დაუფარავად თქვა აქ მოსვლის მიზეზი:
– წამალი მინდა ბავშვისთვის...
ჩაშკაც გენეტიკური ინტუიციითა და გამოცდილებით მიხვდა, რომ ეს კაცი მისი კლიენტი იყო და არა კაგებე ან ობეხე.
– წამო, - უთხრა გიას და იქვე მდგარი სახლის პირველ სართულზე შეუძღვა. ჩაშკამ რაღაც ბლოკნოტი გადაშალა და კლიენტს სკამზე დაჯდომა შესთავაზა. გიორგი ოთახის დათვალიერებას შეეცადა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ ჩაშკას, აბა, ამდენი დრო საიდან ექნებოდა:
– რა წამალი გინდა? - ჰკითხა გიას და იმ გადაშლილ ბლოკნოტს ჩახედა.
– ყურის ტკივილის წამალია გერმანული, ბავშვისთვის მინდა, სამი ღამეა არ უძინია, ბულგარული მოგვცა მეზობელმა და გაგვითავდა.
– ეგ ბულგარული არც შველის, შენ ან გერმანული გინდა ან ავსტრიული, - გააწყვეტინა ჩაშკამ და ძალიან პროფესიონალურად გაშალა ხელები.
– გაქვთ? – ჰკითხა გიამ და პასუხის მოლოდინში ისე აღელდა, მოწევაც კი დააპირა.
– საერთოდ ეგ წამალი ძალიან იშვიათობაა და თანაც ძალიან ძვირია, - დაიწყო ჩაშკამ, მაგრამ ახლა გიამ გააწყვეტინა:
– ამაზე ძვირი ხომ არ იქნება?! - თქვა და გიამ და ამოიღლიავებული შეკვრა მაგიდაზე დადო, აჩქარებით გახსნა და ჩაშკას აჩვენა - ეს იყო ახალთახალი, ნამდვილი ამერიკული ჯინსები, რომელმაც ჩაშკაც კი გააკვირვა. ჯერ თვითონ ათვალიერა კარგა ხანს და მერე ეზოში მდგარ მოშეს დაუძახა.
მოშე შემოსვლისთანავე უსიტყვოდ მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ჯინსები საგულდაგულოდ გასინჯა, მერე გიორგის გადახედა და კმაყოფილი სახით ჩაშკას გასაგონად თქვა:
– ბავშვებს გეფიცები, ნაღდი „ლევისია“! სინაგოგასთან ვდგავართ და ღმერთი ტყუილს არ მაპატიებს, - მერე ისევ გიასკენ გაიხედა და საქმიანი იერით უთხრა:
– ამის კლიენტი სამსეა, თუ დატოვებ. მაგრამ ფასი უნდა მითხრა, დაგენაცვლე.
– ბავშვის წამალი მჭირდება და ამიტომ ვყიდი ამ ჯინსებს, ფასების კი საერთოდ არაფერი გამეგება, პირველად ვყიდი რაღაცას, - თქვა გიამ და ჩაშკამ და მოშემ ერთმანეთს გადახედეს.
მერე ჩაშკა შეტრიალდა, კარადიდან წამალი გამოიღო და გიას გაუწოდა:
– ამის ფულს იქიდან ავიღებ, დანარჩენს ხვალ მოაკითხე და მოშეს გამოართვი. გიას აღარაფერი უთქვამს, წამალი ჯიბეში ჩაიდო და ებრაელებს დაემშვიდობა.
სამსახურში მიღებაზე რომ ამჯერადაც უარს ეტყოდნენ, რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ მაინც შეიარა კვლევით ინსტიტუტში, სადაც ოფიციალური პასუხი იმ დღეს უნდა ეთქვათ და კადრების განყოფილებაში ბოდიში მოუხადეს:
– თქვენი საკითხი განიხილეს, მაგრამ ვაკანსიები აღარ არის და გაისამდე ალბათ აღარც იქნება. მომავალ წელსაც შემოიტანეთ საბუთები და იქნებ გაგიმართლოთ.
– მომავალ წელს უკვე ძალიან შორს ვიქნები, - უთხრა გიამ პომადით ტუჩებდაწითლებულ ქალს და საბუთები თავაზიანად გამოართვა. ფურცლები იღლიაში ამოიდო და ქუჩაში გავიდა თუ არა, სიგარეტს მოუკიდა. მერე ქუჩა გადაკვეთა და ხიდზე გადასვლისას ერთი წუთით შეჩერდა, საბუთები მშვიდად გადაყარა მტკვარში და გზა განაგრძო.
მერე საათი ჰკითხა ვიღაც გამვლელს და ტროლეიბუსში ავიდა. ძმები უნდა ენახა და იცოდა, რომ ამ დროს სახლში იქნებოდნენ, რადგან უკვე სადილის დრო იყო, ძმები კი ყოველთვის შინ სადილობდნენ ხოლმე ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.
კარი პაატამ გაუღო და გიას დიდ სასადილო ოთახში შეუძღვა, სადაც მასპინძლები მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ. გიას ყველანი ფეხზე ადგომით მიესალმნენ. რატომღაც არ შიოდა, მაგრამ ძმების მამას უარი მაინც ვერ უთხრა და სუფრასთან აღმოჩნდა.
მამა სადილის დროსაც გაზეთს კითხულობდა, რომელსაც დიდი, განსხვავებული ასოებით ეწერა სახელი „პრავდა“, მაგრამ ამ გაზეთს არანაირ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა სინამდვილეში.
უფროსმა შვილმაც ღიმილით უთხრა მამას:
– ამ გაზეთებში რომ სიმართლე ეწეროს, ხუთი კაპიკი ხომ არ ეღირებოდა?!
– საბჭოთა გაზეთებში მხოლოდ უცხოეთის ამბებს ვკითხულობ, - სათვალე მოიხსნა ბატონმა ვაჟამ და ღიმილითვე უპასუხა შვილს. შვილი კი მაინც არ მოეშვა მამას:
– საბჭოთა ამბები არ გაინტერესებს?
– საბჭოთა კავშირის ამბებს ამერიკის ხმაზე ვუსმენ ხოლმე, - თქვა ისევ ღიმილით ბატონმა ვაჟამ და ყველას გაეცინა, - ასე უფრო ადვილია სიმართლის დადგენა..
ცოტა ხანს სიჩუმე არავის დაურღვევია, სანამ ისევ ოჯახის უფროსმა არ იკითხა შვილების გასაგონად:
– სტუმარს არაფერი დავალევინოთ? მერე არ თქვას მშრალ სადილზე გადამატარესო.
– დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან მეჩქარება, - თქვა გიამ და ძმებს გადახედა.
– თუ გეჩქარება, ჩქარ-ჩქარა დავლიოთ, ჩვენი ნება არაა?! - გაუხარდა ბატონ ვაჟას.
– მართლა წასასვლელი ვარ, - თქვა გიამ, წამოიწია და ისევ ძმებს გადახედა, - ბიჭებს ცოტა ხნით გამოვუარე.
– აი, ეგა ხართ დღევანდელი ახალგაზრდები, - თქვა ისევ ღიმილით ბატონმა ვაჟამ,
– კიდევ
კარგი, ამერიკაში არ ვცხოვრობთ და აქ კი არ იყიდება, თორემ ღვინის ნაცვლად ალბათ კოკა-კოლას დალევდით ხილმე.
ბატონმა ვაჟამ ღიმილით ჩაიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა. გიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასპინძლებს და ძმებთან ერთად მათ ოთახში განმარტოვდა.
– მე უკვე მზად ვარ, ჩემი საბუთებიც დღეს მდინარეს გავატანე, - თქვა გიამ მშვიდად, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად და ბიჭების რეაქციას დაელოდა.
– ალბათ მტკვარს გულისხმობ, – გაეხუმრა კახაბერი, პაატამ კი ძალიან სერიოზული სახით ჰკითხა გიორგის:
– პასპორტი ხომ დაიტოვე?
– დავიტოვე. თქვენ რა ჰქენით?
– რა უნდა გვექნა?
– ის ბერი ხომ უნდა გენახათ.
– ვნახეთ.
– მერე?
– ჯერ არაფერი გვითქვამს. რამდენიმე დღეში ჩამოვა და აქ ვეტყვით.
– დაგვთანხმდება?
– ჯერ არ ვიცით.
– უნდა დავითანხმოთ. ბერი ძალიან გვჭირდება. იარაღი მაგან უნდა შეიტანოს თვითმფრინავში.
– ვიცით. ჩვენ ყველას გაგვჩხრეკენ.
– ამ ზაფხულს მოსკოვში რომ მივდიოდით, ვიღაც მღვდელი მიფრინავდა ჩვენი რეისით და სპეციალურად დავაკვირდით, საერთოდ არ გაუჩხრეკიათ და ზედმეტად პატივისცემითაც კი ექცეოდნენ ხალხის დასანახად...
– ვიცი. ახლა ასე აწყობთ და ამიტომაც ის ბერი ძალიან გვჭირდება. მე უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე და ყველა ვარიანტში მივდივარ. უკვე ნაღდად ვიცი, რომ აქ სამსახური არასდროს მექნება.
– მე რომ სამსახური მექნება, რა ხეირი?! მეჩვიდმეტე წელია ვსწავლობ და თვეში ას ოცი მანეთს მომცემენ და იმასაც დამიქვითავენ ხოლმე.
– წავედი, - გააწყვეტინა გიამ პაატას და ფეხზე წამოდგა. მერე ორივეს დაემშვიდობა და სიგარეტი ამოიღო:
– ბარემ გარეთ მოვწევ.
– კვირის ბოლოს იმ ბერის პასუხი გვეცოდინება და გაგაგებინებთ.
– გელოდებით.
გია ძმებს კიდევ ერთხელ ხელის აწევით დაემშვიდობა და წავიდა. სახლის კარი ცოლმა გაუღო. გიამ ჯერ მანანას აკოცა ლოყაზე და მერე ჯიბიდან ბავშვის წამალი ამოიღო, ცოლს გაუწოდა კმაყოფილი სახით და სკამზე ჩამოჯდა:
– როგორ არის?
– ძინავს.
– ხვალ ფულიც მექნება.
– ალბათ სამსახურში ისეთი სიხარულით მიგიღეს, რომ პირველ ხელფასს ხვალვე გაძლევენ.
გიას გაეღიმა.
– უარი მითხრეს.
– საბუთები უკან გამოიტანე?
გიამ თავი დაუქნია მანანას თანხმობის ნიშნად.
– მომეცი, შევინახავ. იქნებ ოდესმე გამოგადგეს.
– სად შეინახავ?
– შენი „ლევისების“ ქვეშ ამოვდებ.
გია ცოლს დააკვირდა გამომცდელად და იმის ამოცნობას შეეცადა, უკვე იცოდა თუ არა მანანამ, რა ბედი ეწია მის ჯინსებს, მაგრამ ცოლს ვერაფერი შეატყო და თამამად უპასუხა:
– აღარ მაქვს საბუთები.
– სად არი?
– ალბათ უკვე ბაქოში.
ახლა მანანას გაეღიმა:
– მტკვარს თუ გაატანე, ჯერ რუსთავამდეც ვერ ჩააღწევდნენ შენი საბუთები და თუ გადაიფიქრებ, იქ უნდა დახვდე.
– აღარ გადავიფიქრებ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.
– ჩვენ რას გვიპირებ?
– თქვენს გამო მივდივარ და აქ ხომ არ დაგტოვებთ? ჯერ მე გავაღწიო აქედან და მერე, რა თქმა უნდა, თქვენც წაგიყვანთ...
– როგორ?
– ჯერ არ ვიცი.
– მაგრამ წასვლა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტე?
– გადავწყვიტე.
– ალბათ იმ ახალი „ლევისებით“ წახვალ.
მანანას არ გაღიმებია, მაგრამ გიორგი მაინც ძალიან გაბრაზდა ამ ხუმრობის გამო, როგორც კაცებმა იციან ხოლმე და ადგა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, მერე ისევ ჩააქრო და სახლის კარი გაიჯახუნა - გაბრაზებულს უბრალოდ გადაავიწყდა, რომ ბავშვს ეძინა.
მერე, 1983 წლის 18 ნოემბერს წარუმატებლად გატაცებულ თვითმფრინავში, როცა გიამ რამდენიმე ტყვია მიიღო და მათ შორის ერთი სასიკვდილოც, ალბათ სულ ბოლო წამს ის ღამე მაინც გაახსენდა, პატარა გიორგის ვარსკვლავი რომ დაანახა, როცა მოგენატრები, ეს ვარსკვლავი მოძებნე და ხელი დამიქნიეო...
ზღვა
ზღვა იყო ძალიან წყნარი და ისეთი მშვიდი, რომ გაუნძრევლად იდგა. შავი ზღვა იდგა, როგორც იცის ხოლმე შემოდგომაზე, ზამთრის ყველაზე ბობოქარი და მღელვარე დღეების წინ და მზის ჩასვლისას მზე იყო ძალიან დიდი, წითელი და ლამაზი.
თინა და გეგა იმ სახლის აივნიდან უყურებდნენ ხოლმე მზის ჩასვლას, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა მთელი სანაპირო ზოლი, რომელსაც ავტომატიანი რუსი მესაზღვრეები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ, რადგან ორი სოფლის იქით უკვე თურქეთი იწყებოდა.
საზღვართან მიახლოება, რამდენიმე კილომეტრითაც კი, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო და თინამ და გეგამ იმ სახლში იქირავეს ოთახი, რომელიც ზემოთ, მთის წვერზე იდგა და მშვენიერი აივანიც ჰქონდა.
მასპინძლები ლაზები იყვნენ და როგორც ყველა ლაზს, მათაც ხშირად ჰქონდათ შავი ზღვის უგემრიელესი თევზი და თინას და გეგასაც ხშირად ეპატიჟებოდნენ ვახშმად თუ სადილად.
სტუმრებიც ძალიან დაუახლოვდნენ მასპინძლებს, მაგრამ გეგა მაინც ჩუმად მეცადინეობდა ინგლისურს, რადგან არ უნდოდა, რომ საზღვართან ასე ახლოს მცხოვრებ ოჯახს საეჭვოდ მოსჩვენებოდა მისი მონდომება და სიბეჯითე.
ამიტომაც ცოტა კომიკურიც კი იყო ღამღამობით ახალი სიტყვების ჩურჩულით შესწავლა თინასთან ერთად, რომელიც კოცნით აჯილდოებდა ხოლმე გეგას, როცა შეკითხვებს სწორად პასუხობდა.
წამოსვლის წინა დღეს თინამ და გეგამ ისევ გაისეირნეს სანაპიროზე და გადაწყვიტეს, რომ მზის ჩასვლაც ნაპირიდან ენახათ და მხოლოდ ამის შემდეგ, მოგვიანებით ასულიყვნენ სახლში.
უკვე შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ეს არ იყო გაუსაძლისი, აუტანელი სიცივე. თინას ათბობდა გეგას სიახლოვეც, რომელსაც იგი გრძნობდა ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა გეგა მის გვერდით იჯდა, უსმენდა ზღვის ხმაურს და ელოდებოდა მზის ჩასვლას.
ზღვა იყო წყნარი, მზე კი იყო დიდი და წითელი.
გეგამ თინას ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა. თინამ თავი დაადო მხარზე და კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ამ სამყაროში გეგაზე ახლობელი არავინ ჰყავდა.
– ზღვის გადაცურვა თუ შეუძლია ადამიანს?
– თუ მოინდომებს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია.
– თეორიულად არ გეკითხები, რეალურად თუ შეუძლია ადამიანს ამ ზღვის გადაცურვა?
– სიგანეში?
– ჰო, თურქეთამდე.
– შეუძლია. ჩვენთან იყო კინოსტუდიაში ერთი რეჟისორი თუ ოპერატორი, გვარად ალექსანდრია და იმან გადაცურა.
– შავი ზღვა გადაცურა?
– ჰო, აქედან თურქეთამდე.
– როგორ?
– ნელ-ნელა.
– მართლა გეკითხები.
– მართლა გადაცურა.
– როგორ?
– ივარჯიშა და გადაცურა.
– ბოლომდე?
– თურქეთს რომ მიუახლოვდა, გემზე აიყვანეს.
– ესე იგი, ბოლომდე მაინც ვერ გადაცურა.
– რაღად უნდოდა, რეკორდს კი არ ამყარებდა, აქედან გაქცევა უნდოდა.
– ახლა სად არის?
– ამერიკაშია...
მერე ისინი ჩუმად ისხდნენ თეთრი ქვებით სავსე ზღვის ნაპირზე და ამიტომაც გაუკვირდათ, რომ ვერც კი გაიგეს თუ როგორ წამოადგნენ თავზე რუსი ავტომატიანი მესაზღვრეები.
მათ ჯერ საბუთები მოსთხოვეს თინას და გეგას, მერე კი აუხსნეს, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ თავიანთი ამორალური საქციელით.
თინამ წამოდგომისთანავე გაკვირვებულმა მიმოიხედა იმაში დასარწმუნებლად, რომ ცარიელი ნაპირი ნამდვილად არ იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, მაგრამ ამაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ შეყვარებულის მხარზე თავის ჩამოდება, თურმე ამორალური საქციელი ყოფილა.
თინა გაკვირვებული იყო, გეგა კი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და თინას შეეშინდა, რომ გეგა შეეპასუხებოდა შეიარაღებულ ადამიანებს და თვალებით სთხოვა, არაფერი ეთქვა მესაზღვრეებისთვის.
გეგამ სიმწრისაგან ტუჩზე იკბინა, მაგრამ თინას მაინც უსიტყვოდ და მორჩილად გაჰყვა სახლისკენ და კარგა ხანს ხმა არც ამოუღია.
გეგა იწვა ჩუმად და თინა ძალიან ფრთხილად, ბავშვივით ეფერებოდა თავზე, სანამ სიჩუმე ისევ გეგამ არ დაარღვია:
– ამიტომაც აღარ მინდა აქ ცხოვრება...
– ჯარი და პოლიცია ყველგან უხეშია და მოძალადე.
– მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული.
– თავისუფალ ქვეყანაში ალბათ ასეა.
– ჰოდა, მეც თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, შენ არ გინდა?
– მე შენთან ერთად მინდა.
– თავისუფლება არ გინდა?
– შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
– რომ წავიდე, წამომყვები?
– მე ვერ გადავცურავ ზღვას.
– ვერც მე, ასე კარგად ცურვა არ ვიცი.
– აბა, რას აპირებ?
– გადავაფრინდები.
– ფრენა უკეთესად იცი?
– შენ ხომ ანგელოზი ხარ, მთავარია, შენი ფრთები ორივეს გვეყოს.
– სერიოზულად გეკითხები, რას აპირებ?
– მეც სერიოზულად გეუბნები, რომ ანგელოზი ხარ.
– მართლა გეკითხები.
– მეც მართლა გავფრინდები, ოღონდ შენთან ერთად... თინა ადგა, ფანჯარა გააღო და ზღვას გახედა. შავი ზღვა მართლა შავი იყო.
დათო ძმებთან ერთად, ყურადღებით უსმენდა მამა თევდორეს, რომელიც ძალიან მშვიდად საუბრობდა ძალიან მარტივ, მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვან თემებზე დათოს ოთახში, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უდარდელი ახალგაზრდა ადამიანის ოთახს ჰგავდა.
– თქვენ რომ წამოხვედით, მეორე დღეს ისევ ამომაკითხეს მონასტერში.
– რა უნდოდათ? - ჰკითხა პაატამ და პასუხის მოლოდინში სიგარეტი ამოიღო.
– ალბათ იმის გაგება უნდოდათ, თქვენ რა საქმე გქონდათ ჩემთან.
– და რა უპასუხე?
– ის ვუთხარი, რაზეც ვლაპარაკობდით მაშინ.
– რაზე ვლაპარაკობდით?
– ღმერთზე, სიკეთეზე და სიყვარულზე.
– მერე ამის ეშინიათ?
– ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინიათ, მაგრამ ხმამაღლა ამას არ ამბობენ და ხალხის დასანახად ეკლესიას არ ებრძვიან. პირიქით - სტრატეგია შეცვალეს და ხალხის დასანახად მღვდლებს და ბერებს მოკრძალებით ექცევიან, კაგებე კი ჩუმად ყველა მათგანს უთვალთვალებს.
– და რას აპირებ?
– იგივეს, რასაც ვაპირებდი და ვაკეთებდი. წინააღმდეგობა მხოლოდ აძლიერებს ჩემს რწმენას და პირველი ქრისტიანების გზაც ხომ ასე იწყებოდა. განსაცდელი რწმენისათვის საზრდოა...
– შენ ბერი ხარ და შენი არჩევანი უკვე გააკეთე.
– ადამიანმა არჩევანი ყველგან და ყოველთვის უნდა გააკეთოს და მნიშვნელობა არა აქვს, საერო პირია ის თუ სასულიერო. არჩევანი მაინც უნდა გააკეთოს სიკეთესა და ბოროტებას, სინათლესა და სიბნელეს, მონობასა და თავისუფლებას შორის...
– ჩვენც გავაკეთეთ არჩევანი, – თქვა კახაბერმა, ჯერ დანარჩენებს გადახედა, მერე ბერს და ეს ფრაზა ისევ გაიმეორა.
– რა არჩევანი? – ყველას ერთად ჰკითხა მამა თევდორემ.
ბიჭებმა ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადახედეს, თითქოს ყოყმანობენო. პაატამ ამ პაუზის შემდეგ მამა თევდორეს შეხედა პირდაპირ თვალებში და ძალიან მშვიდად თქვა:
– ჩვენ მივდივართ.
– როგორ?
– თვითმფრინავით.
– როგორ?
– თურქეთში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დავსხდებით, იქიდან უკვე თვითონ იზრუნებენ ჩვენზე.
– როგორ?
– როგორც ლიტველები, შარშან ხომ გახსოვს, გმირებივით რომ მიიღეს ამერიკელებმა.
– ლიტველებს უბრალოდ გაუმართლათ.
– ჩვენც გაგვიმართლებს, ცოტას შევაშინებთ მფრინავებს და გზიდან გადაუხვევენ.
– როგორ შეაშინებთ?
– იარაღით.
– იარაღს როგორ შეიტანთ თვითმფრინავში, ყველას საგულდაგულოდ ჩხრეკენ.
– მღვდლების და ბერების გარდა, - თქვა დათომ და მამა თევდორეს რეაქციას დაელოდა ბიჭებთან ერთად. ბერიც მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან და ამიტომაც იკითხა:
– მსხვერპლი რომ იყოს?
– არ იქნება.
– რომ იყოს?
– არ იქნება.
– გამორიცხულია?
– გამორიცხული არაფერია.
– ესე იგი, შეიძლება იყოს.
– მხოლოდ თეორიულად.
– თეორიულადაც არ ღირს.
– რა არ ღირს?
– არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად - არანაირი თავისუფლება და არანაირი მიზანი. ყოველი ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც...
– მაგრამ ჩვენ არავის მოკვლას არ ვაპირებთ, - გააწყვეტინა პაატამ და გაბრაზებული სახით დათოს გადახედა, - იარაღი მხოლოდ მფრინავების შესაშინებლად გვჭირდება და მეტი არაფერი.
– მსხვერპლი ყოველთვის შიშს მოჰყვება ხოლმე. მფრინავებს იმის უფლებას არ მისცემენ, რომ თვითმფრინავი თურქეთში დასვან.
– ლიტველებმა თუ აიძულეს მფრინავები? – ისევ გააწყვეტინა პაატამ.
– სწორედ ამიტომ თქვენ ვეღარ აიძულებთ. რუსები იმ შეცდომას აღარ გაიმეორებენ...
ძმები წამოდგნენ, უსიტყვოდ წამოავლეს ხელი ქურთუკებს და დამშვიდობების გარეშე წავიდნენ. დათო და ბერი მარტონი დარჩნენ ოთახში და კარგა ხნის პაუზის შემდეგ მამა თევდორემ ღიმილით თქვა:
– ალბათ მაინც იფიქრეს, რომ შემეშინდა...
გიორგი ქუჩაში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას შეხვდა სოსოს და სათქმელიც პირდაპირ უთხრა:
– ის მღვდელი არ მოდის.
– ვიცი.
– ერთადერთი ვარიანტი რჩება.
– რა ვარიანტი, გია?
– იარაღი იმ გოგომ უნდა შეიტანოს თვითმფრინავში, გეგას შეყვარებულმა.
– როგორ?
– მუცლით, როგორც ფეხმძიმემ.
– ჯერ ცოლი არც არის.
– ცოლად რომ მოიყვანს, ქორწილის მერე პირდაპირ წავალთ.
– დაგვთანხმდება?
– არ ვიცი, მაგრამ შენ უნდა უთხრა გეგას და თანაც ისე უნდა უთხრა, რომ დაგვთანხმდეს.
– გეგა კი, მაგრამ თინა?
– თინა ჰქვია?
– ჰო, თინა ჰქვია.
– თინას გეგა დაითანხმებს. სხვა გზა აღარ გვაქვს. არც ბევრი დრო, – თქვა ბოლოს გიორგიმ და წავიდა.
სოსო ცოტა ხანს კიდევ იდგა ტროტუარზე, მერე ქუჩა გადაჭრა და ისიც წავიდა.
– თოვლი უკვე გაქრა? – ჰკითხა გაკვირვებულმა დათომ მამა თევდორეს მონასტრის ეზოში და სიჩუმე დაარღვია.
– შემოდგომის მზეა, მაგრამ მაინც მზეა და ერთ კვირაში ისევ ჩამოთოვს.
– რა სიწყნარეა აქ.
– აქ სიმშვიდეა და სიმშვიდე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს, ვიდრე სიწყნარე.
– ამ სიმშვიდისთვის დამიბარე?
– არა. გეგა რატომ არ წამოიყვანე?
– რაღაც გადაღება აქვს და იქით კვირაში აუცილებლად ამოვალო.
– მინდოდა გეგაც ყოფილიყო დღეს და ორივესთვის მეთქვა.
– რა?
– ვიცი, რომ უკვე გადაწყვიტეთ წასვლა.
– ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია.
– შენ იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, თუ გეგამ გადაწყვიტა, შენც გაყვები.
– ჯერ არაფერი გადაუწყვეტიათ, ხომ გითხარი.
– მე კი ის გითხარი, რასაც ვგრძნობ და გეგაც იმიტომ არ მოდის აქ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.
– არა-მეთქი.
– შენ შეგიძლია არაფერი მითხრა. ამიტომ კი არ მინდოდა შენი ნახვა, პირიქით - მინდოდა მეთქვა ის, რაც სხვებს უკვე ვუთხარი, მაგრამ ისინი სხვები არიან და მათ არა აქვთ ის, რაც ღმერთმა სხვებზე მეტად შენ მოგცა.
– მაინც რა?
– კეთილგონიერება. სხვა ენაზე ასეთი ზუსტი სიტყვა შეიძლება არც არსებობდეს, როცა ადამიანის გონი და სული ერთად წარმართავენ მის ქმედებას.
– ხომ იცი, რომ ამ შემთხვევაში მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს.
– ამიტომაც გეუბნები, რომ შენ თუ უარს ეტყვი და მათ არ გაყვები, სხვაც დაფიქრდება იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე მაინც უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი დიადი მიზანი.
– მსხვერპლი არ იქნება. შენ ხომ გჯერა ჩემი, რომ არასოდეს არავის მოვკლავ. მირჩევნია მე ვიყო მსხვერპლი, ვიდრე სხვა. მართლა მირჩევნია.
– თქვენ არ მოკლავთ, მაგრამ ისინი მოკლავენ და მოკლავენ თავისივე მგზავრებს, უდანაშაულო ადამიანებს და...
– და ჩვენ დაგვაბრალებენ?
– რა თქმა უნდა, თქვენ დაგაბრალებენ, მაგრამ ამაზე უარესი ის იქნება, რომ იმათი მოკლული ხალხის გამო მართლა თქვენ იქნებით პასუხისმგებლები...
– ჩვენ რატომ?
– იმიტომ, რომ იმ ხალხს თქვენს გამო მოკლავენ.
– მსხვერპლი არ იქნება.
– იქნება! თქვენ ცუდად იცნობთ იმ ხალხს, ვისაც სილა უნდა გააწნათ და გეგას ალბათ ჰგონია, რომ იქაც სპექტაკლი ან ფილმი ელოდება, სადაც რომელიმე როლი უნდა შეასრულოს ან ითამაშოს.
– რამდენიმე ადამიანი თუ აქედან გაიქცევა, ამხელა იმპერიას ამით რა უნდა დააკლდეს?..
– რამდენიმე კი არა, ასობით და ათასობითაც კი მათთვის არაფერს ნიშნავს, ადამიანი საერთოდ არაფერს ნიშნავს მათთვის...
– მით უმეტეს.
– მაგრამ მათ სხვისი სპექტაკლები ეზიზღებათ, მხოლოდ თავისანთი დადგმული სპექტაკლები უყვართ. შეურაცხყოფას კი არ გაპატიებენ.
– არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებთ.
– თქვენ არ იცით, როგორ ბოროტდებიან ამპარტავნები, როცა ისინი ხელისუფლებაში ხვდებიან.
– მაგ ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა თვითმფრინავის გამტაცებელ ლიტველებს და გაუშვა.
– ამიტომაც მაგ შეცდომას საბჭოთა ხელისუფლება აღარ გაიმეორებს, თქვენ აღარ გაგიშვებენ!..
– ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია.
– ვიცი, რომ უკვე გადაწყვიტეთ და შენ თუ უარს იტყვი, რომელიმე მათგანიც გაბედავს უარის თქმას, მერე კიდევ ერთი, მერე კიდევ სხვა და ყველანი გადარჩებიან. ყველაფერი ჩაიშლება და ყველანი გადარჩებიან.
– ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი...
– მერე გვიან იქნება. ამიტომაც მინდა გეგას ნახვა. მას ალბათ ჰგონია, რომ უკანდახევა ახლა სირცხვილია და მინდა იცოდეს რომ ღმერთზე ფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმათზე, ვისაც მისი გამოყენება სურს...
– გეგას თუ თვითონ არ სურს, მას ვერავინ გამოიყენებს და ვერც აიძულებს ის გააკეთოს, რაც თვითონ არ უნდა.
– ამიტომაც მინდა გეგას ნახვა, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის. ამიტომაც დაველოდები გეგას და ვეტყვი, ყველაფერს ვეტყვი. გადაეცი, რომ ველოდები...
– გადავცემ.
– ყოველდღე ველოდები.
– გადავცემ.
როცა დათო დაღმართს ჩამოუყვა და უკვე საკმაო მანძილით დაშორდა მონასტერს, კიდევ ერთხელ მიიხედა უკან, სადაც მისი მეგობარი ბერი გაუნძრევლად იდგა მონასტრის შესასვლელთან და ხელის აწევით კიდევ ერთხელ დაემშვიდობა მას. მერე შემობრუნდა, გზა გააგრძელა და წავიდა...
ქორწილი
ქორწილი თან ჰგავდა ტრადიციულ ქართულ ქორწილს და თანაც არ ჰგავდა. თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანს მაინც ეტყობოდა რაღაც უჩვეულოსა და განსაკუთრებულის მოლოდინი და ნერვიულობაც ამ მოლოდინის
გამო.
თუმცა დანარჩენები, ვისთვისაც ეს მხოლოდ ბედნიერი წყვილის ქორწინება იყო, რასაკვირველია, მხიარულობდნენ და ზოგიერთი მათგანი თავდავიწყებითაც ილხენდა. პატარძალი, რომელსაც უკვე ეტყობოდა მომატებული მუცელი ფეხმძიმობის გამო, დაღლილს უფრო ჰგავდა.
გეგას დედა, ალბათ მხოლოდ დედებისათვის დამახასიათებელი ინტუიციით, რაღაცას გრძნობდა. მან არ იცოდა ზუსტად, რა ხდებოდა, მაგრამ ამ მხიარულებას, ცეკვასა და სიმღერას რომ რაღაც სევდისმაგვარი ახლდა თან, გეგას დედამ აშკარად იგრძნო.
ქალბატონ ნათელას განსაკუთრებით უცნაურად მოეჩვენა ერთი მისთვის უცნობი სტუმარი, რომელიც რესტორანში შემოსვლაზე გეგამ ვერ დაითანხმა. ისინი იდგნენ კარებში და საკმაოდ დიდხანს, საკმაოდ ემოციურად საუბრობდნენ.
ქალბატონ ნათელას, რა თქმა უნდა, არ ესმოდა მათი ხმა, მაგრამ გრძნობდა, რომ მისი შვილი იმ ვიღაცას თითქოს ეკამათებოდა, თითქოს რაღაცას უხსნიდა, მაგრამ უცნობი სტუმარი არ ეთანხმებოდა სიძეს და ბოლოს ისევე წავიდა, როგორც მოვიდა - რესტორანში შემოუსვლელად.
თუმცა წასვლის წინ გეგას დედას მოეჩვენა, რომ იმ უცნობმა, რომელიც ასაკით აშკარად უფროსი იყო გეგაზე (და იყო გიორგი), თითი დაუქნია გეგას, რომელიც ამ დროს თავდახრილი იდგა და მერე სუფრაზე დაბრუნებულს, აღარც გაღიმებია.
ქალბატონმა ნათელამ არც მაშინ იცოდა დანამდვილებით და არც მერე, ეს ყველაფერი მოეჩვენა თუ მართლა ისე მოხდა, როგორც მას ახსოვდა.
ერთადერთი, რაც მას ზუსტად ახსოვდა, სტუმრებზე ზრუნვა იყო. სტუმრები საკმაოდ ბევრნი იყვნენ და ის ცდილობდა, როგორც მასპინძელი, არავინ გამორჩენოდა, არავინ დაეტოვებინა უყურადღებოდ და ამიტომაც შვილისათვის, უბრალოდ, არ ეცალა. მაგრამ თვალებით მაინც ეძებდა, მთელი ქორწილის მანძილზე მაინც ცდილობდა გეგას მოძებნას, განსაკუთრებით კი მტრედების შემოყვანის შემდეგ.
მაშინდელ საქართველოში ასეთი ტრადიცია ნამდვილად იყო და ქორწილში ორი მტრედი შემოჰყავდათ ხოლმე სიმბოლურად და ახლადშეუღლებულებს ჩუქნიდნენ, მაგრამ მერე, იმის მერე რაც მოხდა, ვერავინ გაიხსენა საიდან გაჩნდა ამ ქორწილში ორი მტრედი.
შეიძლება ვინმემ იხუმრა და ამ მიზნითაც მოიყვანა გეგასა და თინას ქორწილში და როცა დარბაზში ის მტრედები გაუშვეს, ამას მართლა სიცილი და მხიარულება მოჰყვა. მაგრამ მოულოდნელად ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, და იმ ორი აფრენილი მტრედიდან ერთ-ერთი მოცელილივით დაეცა იატაკზე და სამარისებურ სიჩუმეში, ვიღაცამ შიშით, მაგრამ ხმამაღლა თქვა:
– ერთი მტრედი მოკვდა.
მექორწილეებმა, შეშინებულებმა და გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ზოგიერთმა მათგანმა თინასა და გეგასკენაც გააპარა თვალი ამ საშინელ სიჩუმეში. სიჩუმე ისევ გეგამ დაარღვია, რომელმაც მუსიკოსებს სიმღერა შეუკვეთა და ქორწილიც გაგრძელდა.
ქორწილი გაგრძელდა, მაგრამ ყველანი გრძნობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული თუ არა, რაღაც ძალიან უჩვეულო და უცნაური მაინც მოხდა.
ერთადერთი, ვინც ამდენ ადამიანს შორის გრძნობდა, რომ მთავარი მოსახდენი, რაღაც სხვა, ჯერ კიდევ წინ იყო, გეგას დედა იყო და ქალბატონი ნათელა ამიტომაც ეძებდა, სულ ეძებდა, თვალებით მაინც ეძებდა გეგას, რომელიც ბოლოს, ღვინისა თუ დაღლილობისაგან სევდიანად იჯდა ირაკლი ჩარკვიანის გვერდით.
გეგას ირაკლისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ირაკლის ეღიმებოდა, თუმცა ქალბატონ ნათელას მოეჩვენა, რომ ეს ღიმილიც მალავდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და ისიც მოეჩვენა, თითქოს გეგა ირაკლის უბრალოდ ემშვიდობებოდა.
ყოველ შემთხვევაში, გეგა არ ჰგავდა მხოლოდ სიმთვრალისაგან გულაჩუყებულ ქართველს, რომელიც ასეთ დროს თავის ძმაკაცს სიყვარულს უმტკიცებს ხოლმე, მაგრამ ქალბატონმა ნათელამ სინამდვილეში არ იცოდა, რა ხდებოდა შვილის ქორწილში და თავისი ეჭვები დედის გადამეტებულ ცნობისმოყვარეობას დააბრალა.
ამიტომაც, როცა გეგა დათო ევგენიძეს ემშვიდებებოდა, ქალბატონმა ნათელამ სიგარეტის იმ კოლოფს ყურადღება აღარ მიაქცია, რომელიც გეგამ დათოს აჩუქა და მხოლოდ მერე გაიხსენა მათი დიალოგი.
ეს იყო თურქეთში დამზადებული ამერიკული „ქემელის“ კოლოფი, რომელიც მაშინ საკმაო იშვიათობა გახლდათ თბილისში და ევგენიძე არც ართმევდა საჩუქარს:
– ეს აიღე, ჩემგან სამახსოვროდ დაგრჩება, - უთხრა გეგამ და სიგარეტის კოლოფი ჯიბეში ჩაუდო დათოს.
– არ მინდა, მაქვს, - თქვა ევგენიძემ და ჯიბიდან გეგას „ქემელი“ ამოიღო.
– სამახსოვროდ გჩუქნი, - გაუმეორა გეგამ ისეთი სახით, რომ დათოს გაეღიმა და კოლოფს დახედა. კოლოფს გარკვევით ეწერა „თურქიშ“.
– ამერიკული მეგონა, - უთხრა გეგას და ერთი ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა.
– ამერიკულია, ოღონდ თურქეთშია დამზადებული, სამსუნის თამბაქოთი...
– ვიცი სამსუნი, მანდ ამერიკელებს სამხედრო ბაზა აქვთ, ახლოს არის ბათუმთან, ოღონდ საზღვრის მეორე მხარეს...
– ჩემგან სახსოვრად გქონდეს, - შეაწყვეტინა გეგამ და თითქოს შეცბუნდა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და უკანასკნელად გადაეხვია დათო ევგენიძეს...
როცა სტუმრები დაიშალნენ, უკვე ძალიან გვიანი იყო და რესტორნის დაღლილი თანამშრომლები ზლაზვნით ალაგებდნენ არეულ სუფრას.
სიძისა და პატარძლის მაგიდა განცალკევებით, შემაღლებულ ადგილას იდგა და ცარიელ დარბაზში მხოლოდ ორნი ისხდნენ - თინა და გეგა.
ისინი მარტო დარჩნენ ხმაურიანი ქორწილის შემდეგ და ამ სიჩუმეში, გეგა მაინც ჩურჩულით ელაპარაკებოდა თინას, რომელიც ძალიან, ძალიან ლამაზი იყო:
– დილით უკვე მივდივართ.
– ვიცი.
– რამდენიმე საათი გვრჩება.
– ვიცი.
– უნდა გადაწყვიტო. აქ აღარ დავბრუნდებით.
– უკვე გადაწყვეტილი მაქვს.
– სხვა რამეს გეუბნები.
– ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს.
– მაგრამ შენ ხომ არ გინდოდა.
– არც ახლა მინდა, მაგრამ მოვდივარ.
– რატომ?
– რატომ რა? რატომ არ მინდა თუ რატომ მოვდივარ?
– არ გინდა, მაგრამ მაინც მოდიხარ.
– არ მინდა, მაგრამ შენთან ერთად მოვდივარ.
– რატომ არ გინდა?
– იმიტომ, რომ რასაც აპირებთ, იმას გამართლება არა აქვს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყველაფერი გაუმართლებელია, რასაც შეიძლება რომელიმე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვეს...
– მსხვერპლი არ იქნება, იარაღი მხოლოდ მფრინავების შესაშინებლად მიგვაქვს...
– მსხვერპლი ყველგან არის, სადაც იარაღია და იმ ადამიანებს კი, ვინც შეიძლება მოკვდეს, არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის.
– პატარა თვითმფრინავით მივდივართ, ჩვენს გარდა მხოლოდ რამდენიმე მგზავრი იქნება...
– ერთიც რომ იყოს, ის მხოლოდ უდანაშაულო მგზავრია...
– თუ გეშინია, ჯობია ახლავე თქვა და ყველაფერი ჩაიშლება.
– არ მეშინია.
– მგონი ცოტათი მაინც გეშინია.
– არ მეშინია არაფრის, არც გაფრენის, არც სიკვდილის და არც იმის, რის თქმასაც აპირებ და ჯერ ვერც მეუბნები.
– რას გულისხმობ?
– იარაღი რომ მე უნდა შევიტანო თვითმფრინავში...
თინამ წამოზრდილ მუცელზე დაიდო ხელი და სიყვარულით, ძალიან ფრთხილად მოეფერა მომავალ შვილს. გეგა ძალიან დიდხანს იყო ჩუმად და ბოლოს მაინც ჰკითხა თინას:
– მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
– იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია...
დილით გეგა ძალიან მხიარული იყო და ქალბატონმა ნათელამ იფიქრა, რომ მას იმდენად საქორწინო მოგზაურობა არ ახარებდა, რამდენადაც საყვარელ ბათუმში წასვლა, სადაც გეგას ელოდებოდა გვიანი შემოდგომის ზღვა და სიმშვიდე ხმაურიანი თბილისისა და ქორწილის შემდეგ.
ერთადერთი, რამაც ქალბატონი ნათელა გააკვირვა, გეგას უცნაური დამშვიდობება იყო - გეგა სახლიდან გასვლისას ყოველთვის კოცნიდა დედას და მერე უკვე ქუჩაში მიმავალი უკანმოუხედავად სწევდა ხოლმე ფეხს დედამისის დასანახად, რომელიც ამ დროს ყოველთვის ფანჯარაში იდგა და თვალებით მიაცილებდა ერთადერთ შვილს.
იმ დილითაც ქალბატონი ნათელა ფანჯარასთან იდგა, მაგრამ გეგას ჩვეული ჟესტი არ გაუკეთებია - ფეხი არ აუწევია და არც მოუხედავს. წავიდა და წავიდა...
აეროპორტში ხალხმრავლობა იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ საერთო ხმაურში მაინც გამოირჩეოდა ლამაზი წყვილი, რომელსაც საქორწინო მოგზაურობაში მეგობრებიც მიჰყვებოდნენ, როგორც ეს მაშინდელ თბილისში ხშირად ხდებოდა ხოლმე და ეს არავის აკვირვებდა.
თუმცა თვითონ მექორწილეები ძალიან გააკვირვა რეისის გამოცხადებამ ბათუმის მიმართულებით, რადგან ნაცვლად პატარა თვითმფრინავისა, რომელიც როგორც წესი თბილისსა და ბათუმს შორის დაფრინავდა, ამ დილით ამ რეისს რატომღაც დიდი თვითმფრინავი შეასრულებდა ბათუმისკენ და მერე იქიდან ლენინგრადისკენ გააგრძელებდა გზას.
ამ ცვლილებამ რამდენიმე მომლოდინე ადამიანი, მგზავრებს შორის, ისე შეაშფოთა, რომ სახეებზეც კი შეეტყოთ ყოყმანი, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტეს, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო და რეგისტრაციაც დანარჩენებივით გაიარეს.
ერთადერთი, ვისაც ტიპური რეგისტრაცია არ გაუვლია, ფეხმძიმე თინა იყო, რომლისთვისაც უკვე სახიფათო იყო მაგნიტურ თაღქვეშ გავლა დასხივების გამო და გეგას ეს თხოვნა აეროპორტის თანამშრომლებმა არათუ სიამოვნებით შეასრულეს, გეგასა და თინას, ადმინისტრაციის სახელით, დაქორწინებაც მიულოცეს.
მერე ვიღაცამ შამპანურიც გახსნა და ყველაზე მეტი მონდომებით შამპანურს ნაბახუსევზე მყოფი ადამიანები დაეწაფნენ და ახალშეუღლებულები ისე მხურვალედ ადღეგრძელეს რამდენჯერმე, რომ კინაღამ თვითმფრინავზეც დააგვიანდათ.
მერე ყველამ თავისი ადგილი დაიკავა თვითმფრინავის სალონში და სტიუარდესამაც უსაფრთხოების წესები აუხსნა უყურადღებო ქართველ მგზავრებს, რომლებიც ამ დროს არასოდეს უსმენენ სტიუარდესებს.
მერე თვითმფრინავიც აფრინდა. თუმცა მანამდე, აფრენამდე, მართლა იყო ერთი დაუგეგმავი შეფერხება და რეისი იმიტომ გადაიდო, რომ ერთი მართლა ძალიან მთვრალი კაცი ისეთი უკონტროლო გახდა, რომ ეკიპაჟმა მილიცია გამოიძახა და მილიციამაც ორმოცდამეცხრამეტე მგზავრი გაკავებული ჩაიყვანა თვითმფრინავიდან.
იმ მთვრალმა ორმოცდამეცხრამეტემ არ იცოდა, რომ იმ დარჩენილ ორმოცდათვრამეტივე მგზავრს აფრენიდან ძალიან მალე, სწორედ მისი შეშურდებოდა, რადგან ის იყო ერთადერთი მგზავრი, რომელიც სალონში აღარ იჯდა, როცა თვითმფრინავი ღრუბლებს ასცდა...
* * * * * * * * *
უკვე შუადღე იყო, მაგრამ ქალბატონ ნათელას ეძინა, რადგან მთელი ღამე სახლს ალაგებდა, დილით კი შვილი და რძალი საქორწინო მოგზაურობაში გააცილა და თეფშების რეცხვაც დაიწყო, მაგრამ ძალიან ეძინებოდა, ფეხზეც ვეღარ იდგა დაღლილობისაგან და თეფშებს თავი დაანება.
უბრალოდ ცოტა ხნით ჩავთვლემო, - გადაწყვიტა და იქვე, შუშაბანდში, სავარძელში მოკალათდა.
ქართულად ამას თვალის მოტყუება უფრო ჰქვია და ქალბატონი ნათელა მერეც ვერ ამბობდა დარწმუნებით, ეძინა თუ მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული, როცა ფანჯარაზე ვიღაცამ მორიდებულად მიუკაკუნა.
ფანჯარა იქვე იყო და პირველი, რაც ქალბატონ ნათელას დაეუფლა - შიში იყო.
თავიდან უბრალოდ შეეშინდა, რადგან ფანჯრის ქვემოთ ბერულად შემოსილი, წვერმოშვებული ადამიანი იდგა მწვანე, ძალიან მეტყველი თვალებით.
– გამარჯობათ, - თქვა ბერმა და ბოდიში მოუხადა ქალბატონ ნათელას შეწუხებისთვის.
– გამარჯობათ, - უთხრა ქალბატონმა ნათელამაც და ვერაფრით მიხვდა, რა საქმე ჰქონდა მასთან ამ ბერსა თუ მღვდელს.
– გეგა ხომ აქ ცხოვრობს? - ჰკითხა უცხომ მასპინძელს და ქალი, შვილის სახელის ხსენებამ, ცოტა დაამშვიდა.
– დიახ.
– თუ სახლშია, ერთი წუთით თხოვეთ.
– გეგა არ არის, დღეს წავიდნენ.
– სად?
– საქორწინო მოგზაურობაში.
– თქვენ ალბათ გეგას დედა ბრძანდებით.
– დიახ.
– სად წავიდნენ?
– ბათუმში.
– რითი წავიდნენ?
– ბოდიში, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე გეგას მოძღვარი ვარ.
– არ ვიცოდი, თუ ჩემს შვილს მოძღვარი ჰყავდა.
– თვითონ გეგამაც არ იცოდა.
– ბოდიში, მაგრამ მგონი ვერ გავიგე.
– მე მისი მეგობრების მოძღვარი ვარ და გეგასაც ველოდებოდი.
– სად ელოდებოდით?
– ჩემთან, მონასტერში, ყოველდღე ველოდებოდი და რომ აღარ გამოჩნდა, მე თვითონ ჩამოვედი.
– ალბათ დარეკავს დღეს და რამე ხომ არ გადავცე?
– რითი წავიდნენ?
– თვითმფრინავით.
– უკვე გაფრინდნენ?
– უკვე ჰაერში იქნებიან, - ქალბატონმა ნათელამ ინსტინქტურად კედლის საათს გახედა, - ალბათ ერთი საათია.
– სხვებიც გაჰყვნენ?
– დიახ, ბიჭებიც გაჰყვნენ.
– მეც უნდა გავყოლოდი, დავაგვიანე.
– იცოდნენ, რომ თქვენც მიყვებოდით?
– არ იცოდნენ. არც მე ვიცოდი.
– ბოდიში, მაგრამ მგონი ვერ გაგიგეთ.
– მე მათი მოძღვარი ვარ და ახლა მათთან ერთად უნდა ვიყო იმ თვითმფრინავში.
– ვეღარ ჩამოუსწარით?
– არ ვიცოდი, თუ დღეს მიდიოდნენ.
– მაგრამ მათთან ერთად გინდოდათ წასვლა?
– საერთოდ არ მინდოდა წასვლა და არც ის მინდოდა, რომ ისინი წასულიყვნენ.
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მაგრამ ახლაც ვერ გაგიგეთ.
– მეც ვერ გავიგე, რატომ იჩქარეს...
ქალმა აღარაფერი უთხრა ბერს, თუმცა ახლაც ვერ გაიგო, რას გულისხმობდა ეს კაცი და მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ამდენ ხანს ფანჯრიდან ელაპარაკებოდა სტუმარს, გარეთ კი ციოდა.
– სახლში შემობრძანდით, – მხოლოდ ახლა შეიპატიჟა შინ ქალბატონმა ნათელამ სტუმარი და ბერს გაეღიმა:
– დიდი მადლობა, მაგრამ წავალ. უკვე გვიანია. ყველაფერი გვიანია...
– გეგას რა გადავცე, როცა დარეკავს?
– საიდან?
– ბათუმიდან, – თქვა ქალბატონმა ნათელამ და საკუთარ თავს უკვე გაბრაზებაც შეატყო.
– თუ დარეკავს, უთხარით, რომ ვლოცულობ მათთვის და ყოველთვის ვილოცებ... ბერი გატრიალდა. მერე ისევ მოიხედა, ქალს დაემშვიდობა და წავიდა.
ქალბატონი ნათელა მხოლოდ ახლა დაფიქრდა იმაზე, თუ რატომ დააკაკუნა ბერმა ფანჯარაზე და არა კარზე და ახსნა რომ ვერ მოძებნა, მისი სიტყვების გახსენება დაიწყო.
ფიქრი ხან საით გაექცა და ხან საით. ამიტომაც გეგას რამდენიმე მეგობართან სახლში გადარეკა იმის გასაგებად, რამე ხომ არ იცოდნენ.
დარეკა მათთან, ვინც დანამდვილებით ეგულებოდა გეგასა და თინასთან ერთად, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო – ბათუმიდან ჯერ არ რეკავდნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ თვითმფრინავი ჯერ ისევ ჰაერში იყო.
მერე კი ქალბატონმა ნათელამ მართლა დაიძინა, ძალიან დაღლილმა, ძალიან ღრმა ძილით და ეძინა საღამომდე. ეძინა მანამ, სანამ არ გააღვიძეს...
თვითმფრინავი
გატაცება დაარქვეს, თორემ სინამდვილეში სასოწარკვეთილი ადამიანების თვითმკვლელობას უფრო ჰგავდა.
გამტაცებლებს ეცვათ ჩვეულებრივად - ყველას ეცვა ისე, როგორც ჯინსების თაობას ეცვა ხოლმე მაშინ და მხოლოდ გია ტაბიძეს მოუჩანდა ჰალსტუხი კოსტუმის შიგნით, ხელში კი გლობუსი ეჭირა.
გიას ხელში ეკავა ბიბლიაც და მერე ის ბიბლია თვითმფრინავში გეგა კობახიძეს გადასცა.
რაც შეეხება გლობუსს, მერე ის გლობუსი გაქრა, მაგრამ გაჩნდა ვერსია, რომ იარაღი თვითმფრინავში სწორედ იმ გლობუსით შეიტანეს, თუმცა ეს არ იყო სწორი, რადგან სინამდვილეში იარაღი თინა ფეტვიაშვილის მეგობარმა გოგონამ შეიტანა ჩანთით, ისე რომ თვითონ არც იცოდა.
გია ტაბიძემ სამშობლოდან მხოლოდ ქართული ბიბლია და გლობუსი წაიღო, მეუღლეს კი დაუტოვა საოცარი წერილი შვილისთვის და იმ წერილში პატარა გიორგის იმ ვარსკვლავის ამოცნობაც ასწავლა, რომელიც მონატრებულ მამას გაახსენებდა.
რეისმა ჯერ უამინდობის გამო დაიგვიანა, მერე კი ვიღაც მგზავრი, გვარად გალოგრე, ისე დათვრა, რომ მილიცია გამოიძახეს.
გატაცების მცდელობა კი იმიტომ დაგვიანდა, რომ კახა ივერიელმა იარაღის ხმარება არ იცოდა.
როცა ბათუმამდე ცოტაღა რჩებოდა (ოფიციალური ვერსიით), მფრინავებმა მიიღეს ინფორმაცია ბათუმში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ და თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ეს მოეჩვენათ საეჭვოდ გამტაცებლებს და მათ მოქმედება
დაიწყეს. თუმცა იმავე ოფიციალური ვერსიით (შავი ყუთის თანახმად), მფრინავებს დისპეტჩერები კი არ კარნახობდნენ ინსტრუქციებს მიწიდან, არამედ ვიღაც ვოიაკები, რაც წინასწარ დაგეგმილ ვერსიაზე მეტყველებს.
თვითმფრინავში ორმოცდათვრამეტი მგზავრი იჯდა, მაგრამ მათ შორის იყო ერთი, რომელსაც ბათუმში არანაირი საქმე არ ჰქონდა, თუმცა დანარჩენებთან ერთად მაინც ბათუმისკენ მიფრინავდა.
მისი საქმე სწორედ რომ თვითმფრინავში ჯდომა იყო, როგორც იმ სხვა კაგებეს თანამშრომლებისა, რომლებიც სხვა რეისებს აცილებდნენ.
მთელს საბჭოთა ავიასივრცეში არ არსებობდა რეისი და თვითმფრინავი, რომელსაც თუნდაც ერთი კაგებეს თანამშრომელი არ აცილებდა, როგორც რიგითი მგზავრი და ეს იცოდა ნებისმიერმა საბჭოთა მოქალაქემ.
ეს იცოდნენ გეგას მეგობრებმაც, რომლებიც თინას და გეგას საქორწინო მოგზაურობაში მიჰყვებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანი ამ თვითმფრინავის გატაცება იყო და ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პირველ რიგში, სწორედ ის კაგებეშნიკი უნდა ამოეცნოთ, რომელიც მათ თვითმფრინავს აცილებდა.
ისინი ფიქრობდნენ, რომ კაგებეშნიკის მოშორება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გაცილებით იოლად ეიძულებინათ ეკიპაჟი, რომელსაც ბათუმთან საზღვარი უნდა გადაეკვეთა და თვითმფრინავი თურქეთში, ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უნდა დაესვა.
თუმცა მათ არ იცოდნენ დანამდვილებით, ამ ორმოცდათვრამეტ მგზავრს შორის რომელი იყო კაგებეს თანამშრომელი და მათი ვერსიები მხოლოდ ვარაუდები იყო. მათი გადაწყვეტილება კი ძალიან ჰგავდა ბავშვობისდროინდელ თამაშს, როცა პატარები შპიონებს ჩაცმულობის მიხედვით ეძებდნენ და არჩევდნენ.
სწორედ ასე, ნაცრისფერი პლაშის (თუ ლაბადის) გამო გადაწყვიტეს, რომ პირველ რიგში მჯდომი შუახნის მამაკაცი იყო სწორედ ის კაგებეშნიკი, რომელიც ამ რეისს უშიშროების სამსახურიდან მოჰყვებოდა.
მართალია, გეგამ მაინც იკითხა, - იქნებ ეგ ის არ არისო, მაგრამ შეთქმულების უმრავლესობას სხვა აზრი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და „ძალიან მყარი“ არგუმენტიც ჯერ რომელიღაცამ თქვა და მერე სხვებმაც გაიმეორეს:
– ნაღდად ეგ არი და თანაც სახეზე სუფთა კაგებეშნიკია!..
– კი ჰგავს, მაგრამ იქნებ ჩვეულებრივი მგზავრია? - მაინც გამოთქვა განსხვავებული აზრი გეგამ, მაგრამ უშედეგოდ:
– თუ ეგ არ არის, მაშინ სხვა მოძებნე, მერე მე მაჩვენე და მე მივხედავ, - ურჩია უფროსმა ძმამ გეგას, უმცროს ძმას კი გულწრფელად გაეცინა.
– მე სად მოვძებნო? – გულწრფელად გაუკვირდა გეგასაც.
– აქ, თვითმფრინავში, – თქვა გიამ, მაგრამ ღიმილის გარეშე და გეგასთვისაც გასაგები გახდა, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული იყო.
უმცროსმა ძმამ უფროსს დაასწრო და წამოდგა, სალონის წინა ნაწილისკენ შამპანურით ხელში დაიძრა და ბოთლში ჩარჩენილი სითხე გზაში გამოცალა. როცა სალონის პირველ რიგს მიუახლოვდა, ამორჩეული მგზავრისთვის სრულიად მოულოდნელად, შამპანურის ბოთლი თავში ჩაარტყა და თვითმფრინავის გატაცების მცდელობაც დაიწყო.
კარგა ხნის მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ გამტაცებლები შეცდნენ და ის შუახნის კაცი, რომელმაც ბოთლის თავში ჩარტყმისაგან მაშინვე გრძნობა დაკარგა, სინამდვილეში ჩვეულებრივი მგზავრი იყო და არა კაგებეს თანამშრომელი. პაატა ივერიელი, რომელიც შეცდა, მერე თვითონვე უხვევდა თავს დაზარალებულ სოლომონიას.
თუმცა ამას მაშინ, იმ ადამიანისათვის, არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან უკვე უგონოდ, თავგაპობილი იწვა სავარძელზე და მის გვერდით მჯდომი ქალი შიშისა და გაოგნებისაგან ხმამაღლა, მთელი თვითმფრინავის გასაგონად კიოდა.
უცნაური იყო, რომ კივილმა და ხმაურმა გამტაცებლებზე პანიკურად სულაც არ იმოქმედა. როგორც ჩანს, ამისთვის ყველაზე მეტად იყვნენ მზად და გეგმის განხორციელებასაც ენერგიულად შეუდგნენ.
როგორც კი უმცროსი ძმა შამპანურის ბოთლით სკამიდან წამოდგა, დანარჩენებმაც მაშინვე დაიკავეს თავიანთი ადგილები და პირველი, ვინც იარაღით ხელში მფრინავებთან აღმოჩნდა, გიორგი იყო, რომელსაც უფროსი ძმა კახაბერი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
მაგრამ გიორგიმ იმის თქმაც ვერ მოასწრო ეკიპაჟისთვის, რა მოთხოვნა ჰქონდათ გამტაცებლებს, რადგან ვიღაც შეიარაღებულმა ადამიანმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლა გიას და ადგილზევე მოკლა.
ის შეიარაღებული სამოქალაქოტანსაცმლიანი კაცი იჯდა სახით შემოსასვლელისკენ და ზურგით ცისკენ, იარაღი უკვე მომარჯვებული ჰქონდა კარის მიმართულებით და გამტაცებლებისთვის ამ ადამიანის არსებობაც კი ეკიპაჟის კაბინაში სრული მოულოდნელობა იყო.
მათ შესწავლილი ჰქონდათ იმ პატარა თვითმფრინავის გეგმა, რომლის გატაცებასაც სინამდვილეში აპირებდნენ, რომელიც შეცვალეს და მათ აღარ გადაიფიქრეს გაფრენა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს უფრო საეჭვო იქნებოდა კაგებესთვის, თუ ისინი ჩაშვებულები იყვნენ ან მათი განზრახვა რომელიმე სხვა გზით უკვე იცოდა საბჭოთა ხელისუფლებამ.
იმ პატარა თვითმფრინავის კაბინაში, მფრინავების გარდა, სხვა ვერც დაეტეოდა, მით უმეტეს, ვერ მოკალათდებოდა ისე, როგორც ის შეიარაღებული პირი იჯდა, რომელიც კაბინაში შესვლისას ვერც კი შეამჩნიეს გიორგიმ და კახაბერმა.
გიორგი უკვე მკვდარი იყო და გამტაცებლებს იმის დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, დაშვებულ შეცდომებზე ახლა ეფიქრათ, მით უმეტეს, ფიქრის დრო საერთოდ არ იყო, რადგან შეიარაღებული ადამიანი მფრინავების კაბინიდან უკვე პირდაპირ თვითმფრინავის სალონისკენ ისროდა.
სალონში ორმოცდაათზე მეტი მგზავრი იჯდა, სროლის ხმაზე თავდაღუნული. მათ შორის იყვნენ გამტაცებლებიც, მაგრამ ტყვიას როგორ უნდა გაერჩია ბრალიანი და უბრალო, როგორც ჩანს, ამაზე დასაფიქრებლად დრო არც იმ უცნაურ კაცს ჰქონდა.
იმ კაცმა კახაც დაჭრა და კიდევ ერთი მგზავრიც და ამიტომ სტიუარდესამ, შეიძლება ინსტინქტურად, მფრინავების კარის მიხურვა გადაწყვიტა, თუმცა ეს არც ისე იოლი იყო პირველი მსხვერპლის გამო, რომელიც შესასვლელში გაუნძრევლად იწვა და შესაძლოა სტიუარდესას კარის მიხურვით, გამტაცებლებისთვის ხელის შეშლა სურდა, რომ მათ მფრინავებამდე ვეღარ მიეღწიათ (გასოიანმა, რომელმაც მფრინავების სალონიდან გახსნა ცეცხლი, მერე იმ სტიუარდესას, რომელიც მას გია ტაბიძის გვამის გადაადგილებაში დაეხმარა, ცხვირწინ მიუხურა კარი).
მიუხედავად საყოველთაო პანიკისა თვითმფრინავში და მიუხედავად ასეთი წარუმატებელი და ტრაგიკული დასაწყისისა, გამტაცებლები მაინც შეეცადნენ ჩანაფიქრის განხორციელებას და ახლა მათ სხვა გზა, უბრალოდ აღარც ჰქონდათ.
სხვებს სასროლები ჰქონდათ, გეგა კი სკამებს შორის გასასვლელში იდგა ლიმონკით ხელში, რომელიც არ იყო ნამდვილი, მაგრამ ეს მხოლოდ გიორგიმ იცოდა, რომელიც უკვე მკვდარი იყო.
გეგა აფეთქებით ემუქრებოდა ეკიპაჟს, თუ ისინი თვითმფრინავს თურქეთის მიმართულებით არ წაიყვანდნენ, მაგრამ მფრინავებს მიწიდან უკვე ბრძანება ჰქონდათ მიღებული, არავითარ შემთხვევაში არ შეესრულებინათ გამტაცებლების მოთხოვნა.
პილოტებმა გამტაცებლების დეზორგანიზაციის მიზნით, თვითმფრინავის ხელოვნური ვარდნა დაიწყეს. თუმცა ეს სრულიად ზედმეტი იყო, რადგან გამტაცებლები უკვე ისედაც სრულიად ქაოტურად მოქმედებდნენ და ამ ხელოვნურმა ვარდნამ ყველაზე მეტად ისევ უდანაშაულო მგზავრები დააზიანა.
ვარდნა ისეთი ვერტიკალური და მოულოდნელი იყო, რომ მგზავრები თავიანთ ადგილებს მოსწყდნენ განწირული კივილით და რაც ყველაზე საშინელი იყო, ეს მანევრი მფრინავებმა რამდენჯერმე გაიმეორეს.
თუმცა, როცა ყველაფერი შედარებით დაწყნარდა, გამტაცებლებმაც გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნა და უფრო კატეგორიულად, რადგან ყველაფერმა ერთად უფრო მეტად იმოქმედა იმაზე, რომ ისინი თავგანწირულ შახიდებად ქცეულიყვნენ. მფრინავები იძულებული გახდნენ ტყუილი მოეგონებინათ დროის გასაყვანად და დროებით მაინც მათ დასაშოშმინებლად.
სოსოს უთხრეს, რომ საწვავი მხოლოდ ბათუმამდე იყო განსაზღვრული და თურქეთის რომელიმე აეროპორტამდე, უბრალოდ ვერც მიაღწევდნენ. სოსოსთვის ან ნებისმიერი სხვა გამტაცებლისთვის, ზემოთქმული, რასაკვირველია, საეჭვო იყო, მაგრამ ისინი იძულებულები იყვნენ, მფრინავებისთვის დაეჯერებინათ და საწვავის მარაგი სოხუმის აეროპორტში შეევსოთ.
სოხუმი ყველაზე ახლოს იყო ბათუმთან და ეს იყო უახლოესი გამოსავალი ამ სიტუაციაში, მაგრამ მფრინავებს ნაბრძანები ჰქონდათ თბილისში დაბრუნება, რადგან სწორედ თბილისის აეროპორტში გამტაცებლებს უკვე ელოდებოდათ რუსული შეიარაღებული სამხედრო ნაწილი, რომელსაც ბაზა იქვე, თბილისში ჰქონდა.
მფრინავებმა მაინც გააკეთეს ერთგვარი საჰაერო მანევრი გამტაცებლების მოსატყუებლად, თითქოს თვითმფრინავს კურსი მართლაც სოხუმისკენ ჰქონდა აღებული, მაგრამ ესეც ზედმეტი იყო, რადგან საჰაერო მარშრუტებში, რა თქმა უნდა, ვერავინ ერკვეოდა.
გამტაცებლებმა ბოლომდე ისიც ვერ გაარკვიეს, მართლა მოჰყვებოდა თუ არა მათ თვითმფრინავს ორი რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი აქეთ-იქიდან, მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, თუ ისინი თურქეთისაკენ გადაუხვევდნენ.
თუ ასეთი ესკორტი მართლაც გაჩნდა უკვე ბათუმის ცაზე, უპირველესად მფრინავებზე ზემოქმედების მიზნით, რათა მათ ზუსტად შეესრულებინათ თბილისიდან მიღებული ბრძანება, თუ არა და, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის საზღვართან მიახლოებისთანავე, თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ.
გამტაცებლები თვითმფრინავის ნამდვილ მარშრუტს მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როცა მიწა გამოჩნდა, კონტურებიც გამოიკვეთა და თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. სწორედ მაშინ დათომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დამთავრდა, თავის მართლებას არც აზრი ჰქონდა, არც დათოს სურდა ამის გაკეთება და თავი მოიკლა.
როგორც კი დარწმუნდა, რომ თვითმფრინავი ისევ თბილისის აეროპორტში დაჯდა, მან თავი მოიკლა. დათომ თავი მოიკლა და ამ გასროლის ხმამ სალონში დროებით დასადგურებული სიჩუმე დაარღვია და ახლოს მსხდომმა მგზავრებმა ინსტინქტურად შეჰკივლეს, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა იმ საშინელებას, რაც მათ ჯერ კიდევ წინ ელოდათ.
თვითმფრინავის გაჩერებისთანავე რამდენიმე ათეულმა ავტომატებით შეიარაღებულმა სამხედრო პირმა ალყა შემოარტყა თვითმფრინავს და ყოველგვარი გაფრთხილებისა და ულტიმატუმის გარეშე, ცეცხლი გაუხსნა თვითმფრინავს, სადაც ორმოცდაათზე მეტი მგზავრი იჯდა.
ახლაც გაურკვეველია, ვინ გასცა ბრძანება, რომელსაც ყველაზე მეტი სისხლი მოჰყვა და ეს მაშინ, როცა მგზავრების უმრავლესობას ეგონა, რომ უკვე თითქმის გადარჩენილები იყვნენ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რა მოჰყვებოდა თვითმფრინავის გარედან დაცხრილვას ავტომატური იარაღით რამდენიმე ათეული საბჭოთა ჯარისკაცის მიერ.
როცა ეს ჯოჯოხეთი, როგორც იქნა, შეწყდა, თვითმფრინავში მხოლოდ დაჭრილების კვნესის ხმა ისმოდა, ხოლო ცოცხლად გადარჩენილები შოკისა და გაოგნებისაგან, ხმას ვერ იღებდნენ და უბრალოდ დუმდნენ.
სოსო იმიტომ დუმდა, რომ ყელში იყო დაჭრილი და ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ მაინც კარგად დაინახა, როგორ გახსნეს სტიუარდესებმა თვითმფრინავის დაჯდომისთანავე სათადარიგო გასასვლელი და მათ თვალებით სთხოვეს ჩასვლის ნებართვა სოსოს, რომელმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
მათ ეგონათ, რომ ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა, მაგრამ ისინი მიწაზე ჩამოსვლისთანავე დაცხრილეს.
შემთხვევით ცოცხლად გადარჩენილი ირინა ხიმიჩი იმდენად პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ვერაფრით შეაცვლევინეს ჩვენება, რომელშიც მან თქვა ის, რაც დიანახა და ზუსტად იცოდა.
საბჭოთა ჯარისკაცები ესროდნენ არა მხოლოდ ნებისმიერ მგზავრსა თუ ეკიპაჟის წევრს, რომელიც თვითმფრინავიდან ხტებოდა, არამედ თვითმფრინავში მსხდომ მგზავრებსაც.
ამიტომაც უყვიროდნენ გამტაცებლები მგზავრებს, უიარაღო ხელები ილუმინატორებზე აეფარებინათ, რომ გარედან სროლა შეეწყვიტათ, მაგრამ ამის შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ (როგორც მერე გაირკვა) მგზავრების უმრავლესობას ავტომატის ტყვიები თითებში მოხვდა.
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ყველაზე მხნედ მაინც პაატა იყო, რომელიც სხვების გამხნევებასაც შეეცადა. შეიძლება პაატა იმანაც აამოძრავა, რომ დაჭრილი ძმა დახმარებას სთხოვდა და მესროლეო, - ეხვეწებოდა (სოსო წერეთელმაც პაატას სთხოვა, მაშინვე მოეკლა, როგორც კი სპეცნაზი თვითმფრინავის შტურმს დაიწყებდა).
პაატა თვითონაც დაჭრილი იყო, მაგრამ მხოლოდ ფეხში და ალბათ შედარებით მსუბუქად, რადგან ამდენი მოძრაობის უნარი და ძალა მაინც ჰქონდა (სხვათა შორის, ჩვენებების მიხედვით, პაატა ივერიელს თვითონ მგზავრებმა შეუხვიეს ფეხი და ერთმა შუახნის ქალბატონმა თავის კაბას ბოლოც კი შემოახია პაატასთვის ფეხზე გადასაჭერად).
ფაქტია, რომ პაატა თვითმფრინავში ყველაზე მეტს მოძრაობდა (თითქმის ბოლომდე) და ყველაზე მეტსაც ყვიროდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მგზავრებს გარედან ესროდნენ - ჩვენ კი ვიცით, რომ თავისუფლებისათვის გვხოცავენ, მაგრამ თქვენ რაღას გერჩიანო...
პაატა ივერიელი არამხოლოდ ყვიროდა, ხმამაღლა აგინებდა ყველას და თვითმფრინავში საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. ჩვენებებში მან ასეთი საქციელი ახსნა იმით, რომ მგზავრებს თუ არ შეეშინდებოდათ გამტაცებლების, ისინი სპეცნაზის გამოჩენამდე თვითონვე გაუსწორდებოდნენ პაატასა და მის მეგობრებს.
გარდა ამისა, პაატა ივერიელს, აგრესიულობა სჭირდებოდა ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვისაც - ისინი უნდა დაერწმუნებინა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები იყვნენ ნამდვილი ბანდიტები და არა რომანტიკოსი სტუდენტები (მოგვიანებით, ამიტომაც მხოლოდ ჩუმად ეკითხებოდა რჩევებს დარჩენილ მგზავრებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ჰქონდათ თუ არა ცოცხლად გადარჩენის შანსი, თუ ხელისუფლებას ჩაბარდებოდნენ).
შეიძლება, დანარჩენებისაგან განსხვავებით, პაატა მაინც ფიქრობდა, რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დამთავრებული და საწვავი უნდა მოეთხოვათ, დაღუპულებისა და დაჭრილებისაგან თვითმფრინავი უნდა გაეთავისუფლებინათ და თურქეთში გაფრენილიყვნენ. ასეც მოიქცნენ და როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლები დაცხრილულ თვითმფრინავს მიუახლოვდნენ და მოლაპარაკება დაიწყეს, გამტაცებლებმა თავიანთი ულტიმატუმი წაუყენეს მათ.
თუმცა, მოლაპარაკება მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა იყო ხელისუფლების მხრიდან და გამტაცებლების მოთხოვნების შესრულებაზე მათ, რასაკვირველია არც უფიქრიათ.
ხელისუფლებას დროის გაყვანა იმიტომ სჭირდებოდა, რომ რუსეთიდან სპეციალური დანაყოფი უნდა ჩამოფრენილიყო, რომელიც მსგავს ოპერაციებს ასრულებდა შეიარაღებული ტერორისტების წინააღმდეგ. მანამდე კი ხელისუფლებამ გამტაცებლების მშობლების გამოყენებაც სცადა მათთან მოლაპარაკების მიზნით.
გამტაცებლების მშობლები მიიყვანეს კიდეც აეროპორტში, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრეს და ჩათვალეს, რომ ეს გზასაცდენილი ახალგაზრდები ცეკას პირველ მდივანს უფრო დაუჯერებდნენ, ვიდრე საკუთარ მშობლებს და პირველმა მდივანმაც „მამაშვილურად“ მიმართა გამტაცებლებს, იარაღი დაეყარათ და ხელისუფლებას ჩაბარებოდნენ.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს მიმართვა გამოდგა საბედისწერო სოსოსთვის, რომელმაც თვითმფრინავის ღია კარში გადმომდგარმა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და საპასუხოდ დედა შეაგინა ცეკას პირველ მდივანს.
ამბობენ, რომ სწორედ ამ შეურაცხყოფის გამო, მერე, როცა უკვე ყველაფერი მორჩა, დაჭრილ სოსოსთან არცერთი ექიმი არ მიუშვეს და იგი სისხლისაგან დაიცალა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა კიდეც (სოსო წერეთელი ამბობდა, ამერიკაში ჩასვლისთანავე რეიგანთან თეთრი ჩოხით შევალ და ყველაფერს მოვუყვები, რაც აქ ხდება და რასაც ესენი კადრულობენო)...
მანამდე კი სისხლისაგან სხვებიც იცლებოდნენ თვითმფრინავში, მაგრამ დაჭრილები მაინც არ გაჰყავდათ სასწრაფოებს, მიუხედავად გამტაცებლების კატეგორიული მოთხოვნისა.
გამტაცებლებს ეგონათ, რომ ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან მათი ცივსისხლიანობის დემონსტრაციული გამოვლინება და გულწრფელად უკვირდათ, როგორ არ ეცოდებოდა ხელისუფლებას თავისი უდანაშაულო მოქალაქეები.
ხელისუფლების გათვლა კი იყო ზუსტი და სასტიკი, მაგრამ სხვა - ისინი ფიქრობდნენ, რომ რაც მეტი დაჭრილი იქნებოდა თვითმფრინავში, უკეთესი იყო მათთვის, რადგან დაჭრილების კვნესის ხმა, პანიკა და აგონია უფრო შეუშლიდა ხელს გამტაცებლებს ლოგიკურ აზროვნებაში.
თუმცა, სადღა იყო ლოგიკისა და აზროვნების დრო, მიუხედავად იმისა, რომ შტურმის ოპერაცია თვითმფრინავის დაჯდომიდან მხოლოდ თოთხმეტი საათის შემდეგ დაიწყო. მთელი ამ თოთხმეტი საათის განმავლობაში, ადვილი წარმოსადგენია, რა ხდებოდა თვითმფრინავში, მაგრამ ზოგიერთები მაინც ცდილობდნენ სხვების დამშვიდებას და რამდენიმე მათგანმა თვითმფრინავიდან გადმოხტომაც კი შეძლო, შესაძლოა, გამტაცებლების თანხმობით.
გამტაცებლებმა თვითმფრინავიდან ჩახტომის უფლება მისცეს თინას ორ მეგობარ გოგონას და ასევე თვითონ თინასა და გეგასაც შესთავაზეს თამაშიდან გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე აღარ იყო თამაში.
თუმცა, თამაშის ატრიბუტი თვითმფრინავში ნამდვილად არსებობდა - ის მოგვიანებით ხელისუფლებამ სასამართლოზე არ გამოაჩინა - ერთ-ერთი გამტაცებელი „ნუნჩაკოთი“ იყო შეიარაღებული და ქართველმა კომუნისტებმაც სამართლიანად იფიქრეს, რომ ეს დეტალი გამტაცებლების გულუბრყვილობაზე იმეტყველებდა.
საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას კი დაგეგმილი ჰქონდა საყოველთაო ზიზღისა და აგრესიის შექმნა თვითმფრინავის გამტაცებლების მიმართ, „ნუნჩა