მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5964 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

საავადმყოფოს ეზოში პატარა ფლიგელი დგას, რომელსაც ტყესავით შემორტყმია გარეული კანაფი, ბირკავა და ჭინჭარი. ფლიგელის სახურავი დაჟანგებულა, საწვიმარი მილი ნახევრად ჩამოვარდნილა, პარმაღის კიბის საფეხურები დამპალა და ზედ ბალახს გადაუვლია, კედლებს კი ბათქაში მხოლოდ აქა-იქღა შერჩენია.

წინა ფასადი ამ ფლიგელისა საავადმყოფოს გაჰყურებს. უკანა - მინდორს გადასცქერის, რომელიც საავადმყოფოსაგან ნაცრისფერი, ლურსმნებიანი მესერით იმიჯნება. ამ ლურსმნებს, რომელთაც წვეტები ზემოთ აქვთ აშვერილი, მესერს და თვითონ ფლიგელსაც კი ისეთი განსაკუთრებულად მწუხარე და წყეული შესახედაობა აქვთ, როგორიც მხოლოდ ჩვენებურ საავადმყოფოებსა და საპატიმროებს სჩვევიათ.

თქვენ თუ ჭინჭრის დასუსხვისა არ გეშინიათ, მაშ გავყვეთ ფლიგელისაკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს და ვნახოთ, თუ რა ხდება შიგნით. პირველ კარებს შევაღებთ თუ არა, შევალთ წინკარში. აქ კედლებისა და ღუმელის ახლო გორასავით მიყრილია საავადმყოფოს ხარახურა: ქვეშაგებები, ძველი დაგლეჯილი ხალათები, ქვედა საცვლები, ლურჯზოლიანი პერანგები, უვარგისი და გაცვეთილი ფეხსაცმელები. ყველა ეს გროვად დაყრილი ნაფლეთ-ნაგლეჯები მიჭმუჭნულ- მოჭმუჭნული, ერთმანეთში არეული იხრწნება და მძიმე სუნს აყენებს.

ხარახურაზე ნასალდათარი, მუდამ კბილებში ჩიბუხგაჩრილი დარაჯი ნიკიტა წევს, რომელსაც მხრებზე გახუნებული სამხრეები აკერია. ნიკიტას მოღუშული, ლოთის სახე აქვს, წითელი ცხვირი, ჩამოფაფხული წარბები, რაც მეცხვარე ძაღლის გამომეტყველებას აძლევს მის სახეს.

იგი შუატანისაა, ხმელ-ხმელი, ძარღვიანი, მრისხანე გარეგნობისა და მუშტმაგარი. ის ეკუთვნის იმ გულუბრყვილო, დადებით, მოვალეობის კარგად შემსრულებელ, გონებაჩლუნგ ადამიანებს, რომელთაც ქვეყნად ყველაზე მეტად წესრიგი უყვართ და სწამთ, რომ საჭიროა ცემა-ტყეპა, ამიტომაც ნიკიტა ავადმყოფებს ურტყამს თავ-პირში, ზურგში, გულში და ყველგან, სადაც მოხვდება, დარწმუნებული, რომ უამისოდ აქ წესრიგი არ იქნება.

აქედან თქვენ შედიხართ დიდ, ფართო ოთახში, რომელსაც მთელი ფლიგელი უკავია, თუ წინკარს არ ჩავთვლით. კედლები აქ ჭუჭყიან-მოცისფრო საღებავით არის შეთხუპნული, ჭერი გამჭვარტლულია, როგორც ლორის შესაბოლ ქოხში, ცხადია, რომ აქ ზამთარში ღუმელები ბოლავდნენ და ამიტომ მომთენთავი, სულის შემხუთავი ჰაერი დგას.

ფანჯრები შიგნიდან რკინის ცხაურებითაა დაუშნოებული. იატაკი უფერული და ხიწვიანია. ოთახში ამყრალებული მჟავე კომბოსტოს, პატრუქების ნამწვების, ბაღლინჯოების და ნიშადურის მარილის სუნი დგას და ეს სიმყრალე პირველ წამებში თქვენზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს სამხეცეში შედიხართო.

ოთახში იატაკზე მიმაგრებული საწოლები დგას. მათზე სხედან ან წვანან ლურჯზოლებიან ხალათებში და ძველებურ ჩაჩებში გამოწყობილი ადამიანები. ესენი სულით ავადმყოფნი არიან.

სულ ხუთი კაცია. მხოლოდ ერთია კეთილშობილი წოდებისა, დანარჩენები კი სულ მდაბიონი არიან. კარებიდან პირველი ავადმყოფი, მაღალი, გამხდარი, მდაბიო,ქერა, მბზინავ-წითურულვაშებიანი, ნამტირალევი თვალებით, ხელებზე თავდაყრდნობილი ზის და ერთ წერტილს მისჩერებია. დღედაღამ დარდობს, თავს იქნევს, ოხრავს და მწარედ იღიმება; ლაპარაკში იშვიათად იღებს მონაწილეობას და შეკითხვებზედაც ჩვეულებრივად პასუხს არ იძლევა. როცა საჭმელს მიუტანენ, ის სწრაფად ჭამს და სვამს. მისი სულშემხუთავი ხველა, წითლად დაკვერებული ლოყები და საშინელი სიგამხდრე ცხადყოფენ, რომ მას ჭლექი ეწყება.

მის გვერდით პატარა, ცოცხალი, ძალიან მოძრავი მოხუცი მოთავსებულა, რომელსაც წაწვეტილი წვერი და ზანგივით შავხუჭუჭა თმა აქვს. დღისით იგი პალატის ფანჯრიდან ფანჯრამდე ბოლთასა სცემს, ანდა თურქივით ფეხმოკეცილი, თავის საწოლზე ზის და მოუსვენრად, როგორც გულწითელა, სტვენს, დაბალი ხმით მღერის და ხითხითებს.

ბავშვურ სიმხიარულეს და მოუსვენარ ხასიათს იგი ღამეც ავლენს ხოლმე, როცა დგება იმისათვის, რომ თავის ღმერთს შეევედროს, ესე იგი გულში მუშტები იბრაგუნოს და ფრჩხილებით კარები ფხაჭნოს.. ეს მოისეიკა ურიაა, ჩერჩეტი, რომელსაც ამ ოცი წლის წინათ ქუდების სახელოსნო დასწვია და ჭკუაზე შეშლილა.

პალატა #6-ში მცხოვრებთაგან მხოლოდ მას აძლევენ ფლიგელიდან გასვლის ნებას და არამცთუ საავადმყოფოს ეზოში, არამედ ქუჩაშიაც კი. ასეთი უპირატესობით კარგა ხანია სარგებლობს იგი. უთუოდ როგორც საავადმყოფოს ძველი მკვიდრი და, როგორც მშვიდი. უვნებელი ტუტუცი, ქალაქის მასხარა, რომლის დანახვას დიდი ხანია მიეჩვივნენ მცხოვრებნი. იგი, ძაღლებითა და ბავშვებით გარშემორტყმული, საავადმყოფოს მოკლე ხალათში გახვეული, სასაცილო

ჩაჩით, ფლოსტებით, ზოგჯერ ფეხშიშველა, უქვედასაცვლოდაც კი  ქუჩებში დატანტალებს, ჩერდება ჭიშკართან, დუქნებთან და კაპიკს თხოულობს. ერთგან ბურახს მისცემენ, მეორე ადგილას პურს, ზოგან კაპიკიანს და ასე ჩვეულებრივ გამაძღარი და გამდიდრებული ფლიგელში ბრუნდება. ყველაფერს, რასაც კი მოიტანს, ნიკიტა თავისთვის ართმევს ხოლმე. ამას ჯარისკაცი აკეთებს უხეშად: ჯიბეებს უბრუნებს, თან ღმერთსაც ფიცულობს,

რომ არასდროს აღარ გაუშვებს ურიას ქუჩაში და რომ უწესრიგობა მას ყველაზე ცუდ საქმედ მიაჩნია.

მოისეიკას უყვარს მოემსახუროს ამხანაგებს. იგი მათ აწოდებს წყალს, საბანს ახურავს, როდესაც სძინავთ, თვითეულთაგანს ჰპირდება ქუჩიდან თითო კაპიკის მოტანას და ახალი ქუდის შეკერვას; იგი კოვზით აჭმევს მის მარცხნივ მწოლარე დამბლადაცემულ მეზობელს, მაგრამ ამას სიბრალულით ან რაიმე ჰუმანური მოსაზრებით კი არ სჩადის, არამედ თავისდაუნებურად ემორჩილება და ჰბაძავს მის მარჯვნივ მწოლარე მეზობელ გრომოვს.

ივან დიმიტრიჩ გრომოვი ოცდაცამეტი წლის ვაჟკაცია კეთილშობილი ოჯახიდან, სასამართლოს ყოფილი ბოქაული და გუბერნსკი სეკრეტარი; შეპყრობილია დევნითი მანიით, ის ან მოკუნტული წევს ლოგინზე, ანდა კუთხიდან კუთხეში მიდი–მოდის, ვითომდა მოციონს აკეთებს, ჯდომით კი იშვიათად ზის. მუდამ ღელავს, შფოთავს და დაძაბულია რაღაცა გაურკვეველი მოლოდინით.

საკმარისია ოდნავი ფაჩუნი მოესმას წინკარიდან, ან ყვირილი ეზოდან, ის მაშინვე თავს წამოწევს, ყურს მიუგდებს: მასთან ხომ არ მოდიან? მას ხომ არ ეძებენ? და იმ დროს მის სახეზე უკიდურესი წუხილი და ზიზღი აღიბეჭდება.

მე მომწონს მისი ფართოყვრიმალიანი, მუდამ ფერმიხდილი, ბედშავი სახე, რომელზედაც, როგორც სარკეში, აღბეჭდილია ხანგრძლივი შიშითა და ბრძოლით გაწამებული მისი სული. სახის მანჭვა ავადმყოფული და უცნაური აქვს, ხოლო მისი სახის დახვეწილი ნაკვთები, ღრმა და გულწრფელ ტანჯვას რომ გამოხატავენ, გონივრული და ინტელიგენტურია. თვალებში თბილი და საღი ელვარება უკრთის.

თვითონაც მომწონს, ზრდილობიანი, მასიამოვნებელი და არაჩვეულებრივ თავაზიანია განურჩევლად ყველასთან, გარდა ნიკიტასი. როდესაც ვინმეს ღილი ან კოვზი დაუვარდება, ის სწრაფად წამოხტება საწოლიდან, დასწვდება და აიღებს. ყოველ დილით ამხანაგებს დილამშვიდობით ესალმება,  დაწოლის დროს კი - ძილინებისას უსურვებს.

გარდა მუდმივი დაძაბულობისა და მანჭვისა, მისი სიგიჟე კიდევ სხვა რამეშიაც გამოიხატება. ხანდახან საღამოობით, თავის ხალათში გაეხვევა და, მთელი სხეულით აკანკალებულს კბილი-კბილს აცემინებს, გეგონებათ, მძაფრ ციებას შეუკვრიაო. მაშინ ის გაჩქარებული იწყებს სიარულს

კუთხიდან კუთხეში. საწოლებს შორის. უცებ შეჩერდება და ამხანაგებს თვალს ავლებს. აშკარად ჩანს, რომ მას რაღაც დიდი რამის თქმა უნდა, მაგრამ, ეტყობა, ფიქრობს, არ მომისმენენ ანდა ვერ გამიგებენო, მოუთმენლად აიქნევს თავს და ისევე განაგრძობს სიარულს.

მაგრამ მალე ლაპარაკის სურვილი ყოველივე მოსაზრებასა სჯაბნის, იმორჩილებს, იგი თავს ნებას აძლევს და ლაპარაკობს ცხარედ და გატაცებით, მისი ლაპარაკი უთავბოლოა, ისეთივე დაულაგებელი, როგორიც ციების დროს ბოდვა. ნაწყვეტ-ნაწყვეტი, აჩქარებული და ზოგჯერ გაუგებარიც, სამაგიეროდ მის სიტყვებში და ხმაში რაღაც არაჩვეულებრივად კარგი რამ ისმის.

როცა ის ლაპარაკობს, თქვენ ცნობთ მასში შეშლილსაც და ჩვეულებრივ ადამიანსაც. ძალიან ძნელია ქაღალდზე გადმოიტანო მისი გიჟური, არეული ლაპარაკი. ის ლაპარაკობს ადამიანთა სულმდაბლობაზე, სიმართლის დამთრგუნველ ძალადობაზე, მშვენიერ ცხოვრებაზე, რომელიც მომავალში დამყარდება ქვეყნად, რკინის ცხაურებიან ფანჯრებზე, რომლებიც ყოველ წამს აგონებენ მას მოძალადეების გონებრივ სიჩლუნგესა და სისასტიკეს.

ეს ლაპარაკი ემსგავსება უთავბოლო, შეუსაბამო პოპურის ძველ სიმღერებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოძველებულან.

 

II

 

 

ამ თორმეტი-თხუთმეტი წლის წინათ, ქალაქის მთავარ ქუჩაზე, საკუთარ სახლში ცხოვრობდა მოხელე გრომოვი, კაცი დარბაისელი და შეძლებული. მას ჰყავდა ორი შვილი: სერგეი და ივანე. უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი, სერგეი, ჩქარი ჭლექით გახდა ავად და გარდაიცვალა, და ეს სიკვდილი თითქოს დასაწყისი გახდა მთელი რიგი უბედურებისა, რომლებიც უცბად თავს დაატყდა გრომოვების ოჯახს.

სერგეის დასაფლავების ერთი კვირის შემდეგ მოხუცი მამა სამართალში იყო მიცემული გაფლანგვისა და ყალბი საბუთების შედგენის გამო და მალე ციხის საავადმყოფოში ტიფით გარდაიცვალა. სახლი და მთელი მოძრავი ქონება ვალებში საჯაროდ გაიყიდა და ივან დიმიტრიჩი და მისი დედა ყოველგვარი სახსრის გარეშე დარჩნენ.

წინათ, მამის სიცოცხლეში, ივან დიმიტრიჩი პეტერბურგში ცხოვრობდა, უნივერსიტეტში სწავლობდა, მამისაგან თვეში სამოც-სამოცდაათ მანეთს იღებდა და გაჭირვებულ ცხოვრებაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ახლა კი მკვეთრად მოუხდა თავისი ცხოვრების შეცვლა.

იგი იძულებული იყო დილიდან საღამომდის გროშიანი გაკვეთილები ეძლია, ქაღალდების გადაწერისათვის მიეყო ხელი და მაინც შიმშილობდა, რადგანაც მთელ აღებულ ფულს დედას უგზავნიდა სარჩენად. ასეთი ცხოვრება ვერ აიტანა

ივან დიმიტრიჩმა; სულით დაეცა, დაუძლურდა, უნივერსიტეტს თავი დაანება და შინ დაბრუნდა. აქ, პატარა ქალაქში, პროტექციით სამაზრო სასწავლებელში მასწავლებლის ადგილია იშოვა, მაგრამ ამხანაგებს ვერ შეეგუა, არც მოწაფეებს მოეწონათ და მალე ამ ადგილს თავი დაანება. დედა მოუკვდა. ნახევარი წელიწადი უადგილოდ იყო, მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, მერე სასამართლოს ბოქაულად შევიდა. ამ ადგილზე იქამდე იყო, სანამ ავადმყოფობის გამო არ დაითხოვეს.

არასოდეს, თავისი სტუდენტობის დროსაც კი, იგი ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილებას არ სტოვებდა. მუდამ ფერმკრთალი და გამხდარი იყო, ხშირად ცივდებოდა, ცოტასა ჭამდა და ცუდად ეძინა. ერთი პატარა ჭიქა ღვინო თავბრუს ასხამდა და ისტერიკა ემართებოდა.

მას მუდამ იზიდავდა ადამიანები, მაგრამ თავისი ფიცხი და ეჭვიანი ხასიათის გამო ვერავის უახლოვდებოდა და ამიტომ მეგობრები არა ჰყავდა. ქალაქის მცხოვრებთ მუდამ მძულვარებით იხსენიებდა, ამბობდა, რომ ეზიზღება მათი ბრიყვი, უხეში საქციელი, ზანტი პირუტყვული ცხოვრება.

იგი მაღალი ტენორით ლაპარაკობდა, მუდამ აღგზნებული, გულისწყრომით და აღშფოთებით, ან აღტაცებით და გაკვირვებით, მაგრა ყოველთვის გულწრფელად. რაზედაც უნდა გელაპარაკათ მასთან, სულ ერთი და იგივე დასკვნა გამოჰქონდა: ქალაქში მოწყენილი და სულის შემხუთავი ცხოვრებაა, საზოგადოებას მაღალი მისწრაფებანი არ გააჩნია, იგი უფერულ, უაზრო ცხოვრებას ატარებს, ამ ცხოვრებას ის უხეში ძალადობით, გარყვნილებით და პირფერობით ასხვადასხვაფერებს; ფლიდები და ბედასლები კარგად ჩაცმულები და მაძღარნი არიან, პატიოსნები კი ნასუფრალით იკვებებიან;

საჭიროა სკოლები, ადგილობრივი, პატიოსნური მიმართულების გაზეთები, თეატრი, სახალხო კითხვები, ინტელიგენტური ძალების შემჭიდროება, აგრეთვე საჭიროა, რომ თვითონ საზოგადოებამ შეიგნოს თავისი რაობა და მით თვითონვე შეძრწუნდეს. თავის მსჯელობაში ადამიანებს მუქ ფერებში ხატავდა, მხოლოდ შავითა და თეთრით, სხვა ფერი არ სწამდა; კაცობრიობა მისი შეხედულებით ორად იყოფოდა: პატიოსნებად და ფლიდებად. საშუალო მისთვის არ არსებობდა. ქალებზე და სიყვარულზე ვნებით და აღტაცებით ლაპარაკობდა, თუმცა არასდროს შეყვარებული არა ყოფილა.

მიუხედავად მისი სასტიკი მსჯელობისა და ნერვულობისა, ივან დიმიტრიჩი ქალაქში უყვარდათ და ზურგს უკან ალერსით ვანიას ეძახდნენ.

თანდაყოლილი ზრდილობა, თავაზიანობა, რიგიანობა, ზნეობრივი სიფაქიზე და მისი გაცვეთილი სერთუკი, ავადმყოფური გარეგნობა და ოჯახური უბედურება რაღაც კარგს, თბილსა და მწუხარე გრძნობას იწვევდნენ მათში. ამასთანავე, ის კარგად განათლებული და ნაკითხი იყო, ყველაფერი იცოდა, მცხოვრებთა აზრით. იგი ქალაქში რაღაც მოსიარულე ცნობარივით იყო.

იგი ძალიან ბევრს კითხულობდა. იჯდა ხოლმე კლუბში, ნერვულად იწიწკნიდა წვერს, ფურცლავდა ჟურნალებსა და წიგნებს, სახეზე ეტყობოდა, რომ ის წიგნებს კი არ კითხულობდა, არამედ თითქოს დაუღეჭავს ყლაპავდა.

უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი კითხვა მისი ერთ- ერთი ავადმყოფური ჩვევა იყო, რადგანაც ერთნაირი სიხარბით ეწაფებოდა ყველაფერს, რაც კი ხელში ჩაუვარდებოდა, თუგინდ წარსული წლის გაზეთი და კალენდარი ყოფილიყო. სახლში წიგნებს დაწოლილი კითხულობდა.

 

III

 

 

ერთხელ, შემოდგომის დილას, საყელოაწეული პალტოთი, ტალახში შლაპუნით, ქუჩის შესახვევებისა და ეზოების უკანა მხარეს გავლით მიდიოდა ივან დიმიტრიჩი ვიღაც მდაბიოსთან, რომელსაც აღმასრულებელი ფურცლით რაღაც ჰქონდა მისაღები. ის, როგორც ყოველთვის, დილაობით დაღვრემილი და უგუნებოდ იყო.

ერთ-ერთ შესახვევში შეხვდა ბორკილგაყრილი ორი პატიმარი, რომელთაც ბადრაგი მიჰყვებოდა თოფებით შეიარაღებული ოთხი მცველით. წინათაც ხშირად შეხვედრია პატიმრები ივან დიმიტრიჩს და ყოველთვის მათი დანახვა აღუძრავდა ხოლმე სიბრალულს და უხერხულობის გრძნობას, ახლა კი ამ შემთხვევამ რაღაც განსაკუთრებული და უცნაური შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. რატომღაც უცებ მოეჩვენა, რომ შეუძლიათ მასაც გაუყარონ ბორკილები, ამათსავით ტალახში ატარონ და ციხეში ჩააგდონ.

მდაბიოსგან გამობრუნებულს, ფოსტის ახლოს შეხვდა ნაცნობი პოლიციის ზედამხედველი, რომელიც მიესალმა და მასთან ერთად ქუჩაში რამდენიმე ნაბიჯი გაიარა. ესეც მას როგორღაც საეჭვოდ ეჩვენა. სახლშიც მთელი დღე თავიდან არ შორდებოდნენ ტყვეები, თოფიანი ჯარისკაცები.

რაღაც გაუგებარი სულიერი შეშფოთება თუ შიში ხელს უშლიდა ეკითხა და წაკითხულს ჩაჰკვირვებოდა. საღამოთი მან სინათლე არ აანთო, ღამე კი არ ეძინა და სულ იმაზე ფიქრობდა, რომ შეუძლიათ იგი დაატუსაღონ, ბორკილები დაადონ და ციხეშე ჩასვან.

გრძნობდა, რომ არაფერი დანაშაული არა ჰქონდა ჩადენილი და შეეძლო სიტყვა მიეცა, რომ მომავალშიც არასდროს არ მოჰკლავდა, ცეცხლს არ წაუკიდებდა და არ მოიპარავდა; მაგრამ განა ძნელია შენდაუნებურად, უცაბედად ჩაიდინო დანაშაული, და განა არ შეიძლება ცილი დაგწამონ, და, ბოლოს, სასამართლო შეცდეს? ტყუილად კი არ გვასწავლის ხალხის საუკუნეობრივი გამოცდილება: ნურვინ დაუდგება თავის თავს თავდებად, რომ ცხოვრებაში ციხეს ან მათხოვრობას უთუოდ ასცდებაო. სასამართლოს შეცდომები ახლანდელი საქმის გამოძიებისას ძალიანაც

შესაძლებელია და არც გასაკვირი. ადამიანებს, რომელთაც სამსახურებრივი, საქმიანი დამოკიდებულება აქვთ სხვისი ტანჯვისადმი, მაგალითად, პოლიციელებს, ექიმებს, დროთა განმავლობაში იმდენად უვითარდებათ ჩვევები და ისე „გამოიწრთობიან“ხოლმე, რომ სურთ კიდეც, მაგრამ ვეღარ ახერხებენ თუ არა ფორმალურად, სხვაგვარად მოექცნენ თავის კლიენტებს.

ამ მხრივ, ისინი არაფრით არ განსხვავდებიან იმ გლეხისაგან, რომელიც გომურის წინ კლავს ცხვრებს, ბოჩოლებს და სისხლს კი ვერ ამჩნევს. როდესაც მოსამართლე პიროვნებას ფორმალურად და უსულგულოდ ეკიდება მხოლოდ იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანს მოუსპოს ყოველივე ქონებრივი უფლება და მიუსაჯოს კატორღა, მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება: დრო, მხოლოდ ის დრო, რომელიც მოუნდება ზოგიერთი ფორმალური მხარეების დაცვას, რაშიც მას ჯამაგირს აძლევენ, და შემდეგ ყველაფერი გათავებულია, ეძიე მერე სამართალი და მოსარჩლე რკინიგზიდან ორასი ვერსით დაშორებულ ამ პატარა, ჭუჭყიან ქალაქში!

და განა სასაცილო არ არის სამართლიანობაზე ფიქრი, როდესაც ყოველ ძალმომრეობას თვითონ საზოგადოება უწყობს ხელს და ეგებება, როგორც გონივრულსა და მიზანშეწონილ საჭიროებას და ყოველი მოწყალების აქტს; მაგალითად, გამართლების განაჩენის გამოტანა მთელ აფეთქებას და დაუკმაყოფილებელ შურისძიების გრძნობას იწვევს მათში.

დილით ივან დიმიტრიჩი ლოგინიდან შეძრწუნებული ადგა, შუბლზე ცივ ოფლს ასხამდა, სრულებით დარწმუნებული იყო, რომ შეიძლება იგი ყოველ წამს დაატუსაღონ. რაკი გუშინდელი მძიმე აზრები ასე დიდხანს არა მშორდება, – ფიქრობდა იგი, – მაშასადამე, მათში სიმართლის ნაწილაკი არის. ხომ არ შეიძლებოდა მართლაც ყოველი მიზეზის გარეშე ჩამსახოდა თავში ეს აზრებიო.

პოლიციელმა მის ფანჯრებთან აუჩქარებლივ ჩაიარა. ეს ცუდუბრალოდ არაა. აგერ ორი კაცი შეჩერდა სახლის ახლოს და ჩუმად არიან. რად გაჩუმებულან?

აქედან დაიწყო ივან დიმიტრიჩისათვის მტანჯველი დღეები და ღამეები. ყველა ფანჯრის ახლო გამვლელ-გამომვლელი და ეზოში შემოსულები ჯაშუშებად და მზვერავებად ეჩვენებოდა. შუადღისას ჩვეულებრივად სამაზრო პოლიციის უფროსი ორცხენიანი ეტლით ქუჩაში გაივლიდა ხოლმე; ის ქალაქის გარეუბანის მამულიდან საპოლიციო სამმართველოში მოდიოდა.

ივან დიმიტრიჩს კი მუდამ ეჩვენებოდა, რომ პოლიციის უფროსი რაღაც განსაკუთრებული გამომეტყველებით მოასწრაფვის. უეჭველია, ეშურება გამოაცხადოს, რომ ქალაქში დიდად საყურადღებო დამნაშავე გამოჩნდა, ივან დიმიტრიჩი კრთოდა ზარის ყოველ დაწკარუნებაზე და ჭიშკრის ბრახუნზე. გული ელეოდა, როცა დიასახლისთან პირველად მოსულ კაცს დანახავდა. პოლიციელებისა და

ჟანდარმების შეხვედრის დროს იღიმებოდა. უსტვენდა, რომ გულგრილად სჩვენებოდა მათ. მთელი ღამეები არ ეძინა, დატუსაღების მოლოდინში იყო, მაგრამ ხმამაღლა ხვრინავდა და ოხრავდა, როგორც მძინარე, რომ დიასახლისს მძინარე ჰგონებოდა. თუ არ სძინავს, მაშასადამე მას სინდისის ქენჯნა აწუხებს - რა მამხილებელი საბუთია!

ფაქტები და საღი ლოგიკური მსჯელობა კი არწმუნებდა მას, რომ მთელი ეს შიში სისულელე და ფსიქოპათიაა. საქმეს თუ ღრმად ჩაუკვირდებით, დატუსაღება და ციხე, არსებითად, არაფერი საშიში არ არის, - ოღონდ სინდისი დამშვიდებული გქონდეს. მაგრამ რამდენადაც გონივრულად და ლოგიკურად მსჯელობდა, მით უფრო ძლიერდებოდა მისი ტანჯვა და სულიერი შფოთვა.

ეს იმას ჰგავდა, ერთ მეუდაბნოეს რომ უნდოდა უტეხ ტყეში თავისთვის ადგილი გაეკაფა და რაც უფრო ბეჯითად მუშაობდა ცულით, მით უფრო ტყე ხშირი და გაუვალი იზრდებოდა. ივან დიმიტრიჩი ბოლოს მიხვდა, რომ მისი საქციელი უნაყოფოა, მსჯელობას სრულებით თავი მიანება და მთელი თავისი არსებით სასოწარკვეთილებასა და შიშს მიეცა.

ის განმარტოვდა, ხალხს გაურბოდა. სამსახური უწინაც ეჯავრებოდა და ახლა კი სულ აუტანელი გახდა. ეშინოდა, რომ ვინმე როგორმე შეაცდენდა, შეუმჩნევლად ჯიბეში ქრთამს ჩაუდებდა და მერე ამხილებდა, ანდა თვითონ უნებურად საქმიან ქაღალდებში სიყალბის მსგავს შეცდომას გააკეთებდა, ანდა სხვის ფულებს დაჰკარგავდა.

უცნაური კიდევ ის იყო, რომ წინათ არასდროს მისი აზრი ასეთი მოქნილი და მარჯვე არ ყოფილა, როგორც ახლა. ის ყოველდღე იგონებდა ათასნაირ სხვადასხვა მიზეზს, რათა სერიოზულად შინებოდა თავისი თავისუფლების დაკარგვისა და პატიოსნების შებღალვისა. სამაგიეროდ მასში შესამჩნევად მისუსტდა გარეშე სამყაროსადმი ინტერესი, კერძოდ, წიგნებისადმი, და მეხსიერებაც ჰღალატობდა.

გაზაფხულზე, როცა თოვლი გადნა, სასაფლაოს ახლო ხევში ორი, ნახევრად გახრწნილი გვამი იპოვნეს – მოხუცი დედაკაცისა და ბიჭის. მათ ძალადობით სიკვდილის ნიშნები აღმოაჩნდათ. ქალაქში მხოლოდ ამ გახრწნილ გვამებზე და მათ უცნობ მკვლელებზე ლაპარაკობდნენ.

ივან დიმიტრიჩი, რომ არ ეფიქრათ, ესენი ამან დახოცაო, ქუჩაში დადიოდა და იღიმებოდა, ნაცნობების შეხვედრის დროს წითლდებოდა, ყვითლდებოდა, არწმუნებდა, რომ ამაზე საზიზღარი დანაშაული არა არის რა, როგორც სუსტების და უმწეოთა დახოცვაო. მაგრამ ამ ტყუილმა მალე მოქანცა იგი და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ისა სჯობია დიასახლისის სარდაფში დაიმალოს.

სარდაფში ის იჯდა მთელი დღე, მერე ღამე და მეორე დღე, საშინლად გაიყინა, დაელოდა სიბნელეს, უჩუმრად ამოვიდა,როგორც ქურდი, და თავის ოთახში შევიდა. გათენებამდე იგი გაუნძრევლად იდგა შუა ოთახში და დაძაბული უგდებდა ყურს. დილაადრიან მზის ამოსვლამდე

დიასახლისთან ღუმელების გამკეთებლები მოვიდნენ. ივან დიმიტრიჩმა კარგად იცოდა, რომ ისინი იმიტომ მოვიდნენ, რომ სამზარეულოში ღუმელი გადაეკეთებინათ, მაგრამ შიშმა უკარნახა, ეს ღუმელის გამკეთებლები გადაცმული პოლიციელები არიანო, ის უჩუმრად გამოვიდა ბინიდან, შიშისაგან აკანკალებული, უქუდოდ და უსერთუკოდ, ქუჩაში გაიქცა.

მას ძაღლები ყეფით მისდევდნენ, უკან სადღაც გლეხი ყვიროდა, ყურებში ჰაერს ზუილი გაჰქონდა და ივან დიმიტრიჩს ეჩვენებოდა, რო მთელი ქვეყნის ძალადობას და უსამართლობას თავი მოუყრიათ მის ზურგს უკან და მისდევენ მას.

იგი დაიჭირეს, შინ მიიყვანეს და დიასახლისი ექიმთან გაგზავნეს. ექიმმა ანდრეი ეფიმიჩმა, რომელზედაც შემდეგში გვექნება საუბარი, თავზე ცივი ტილოების დადება და წყავის წვეთები გამოუწერა, მწუხარებით გაიქნია თავი და წავიდა, დიასახლისს კი უთხრა, რომ ის მეტად აღარ მოვა იმიტომ, რომ საჭირო არ არის ადამიანებს გაგიჟებაში ხელი შევუშალოთ.

რადგანაც სახლში ცხოვრების და წამლობის საშუალება არა ჰქონდა ივან დიმიტრიჩს, მალე იგი საავადმყოფოში გაგზავნეს, სადაც დააწვინეს ვენერულ ავადმყოფთა პალატაში. მას ღამღამობით არ ეძინა, ანჩხლობდა და ავადმყოფებს აწუხებდა, და მალე, ანდრეი ეფიმიჩის განკარგულებით, გადაყვანილ იქნა პალატა #6-ში.

ერთი წლის შემდეგ ქალაქში სრულებით გადაავიწყდათ ივან დიმიტრიჩი, და დიასახლისის მიერ ფარდულქვეშ მარხილში ჩაყრილი მისი წიგნები ბიჭბუჭებმა გაიტაცეს.

 

IV

 

 

ივან დიმიტრიჩის ბეზობელი მარცხნივ, როგორც უკვე ვთქვით, ებრაელი მოისეიკა იყო, მარჯვნივ კი – ქონში მოთამთამე, სიმსუქნისაგან მთლად დამრგვალებული, გონებაჩლუნგი, სრულიად უაზრო გამომეტყველების სახის კაცი. ამ უმოძრაო, ღორმუცელა და უსუფთაო ცხოველს, უკვე დიდი ხანია დაეკარგა აზროვნებისა და გრძნობიერების უნარი. მას მუდამ მძაფრი და სულშემხუთავი მყრალი სუნი ასდიოდა.

ნიკიტა, რომელიც მას ასუფთავებს, საშინლად სცემს, რაც ძალა და ღონე აქვს ურტყამს მუშტებს, ისე რომ თავის თავსაც არ ზოგავს; და შემზარავი აქ ის კი არ არის, რომ მასბსცემენ, – ცემას შეიძლება შეეჩვიო,

– არამედ ის, რომ ეს გონებადახშული პირუტყვი ცემა-ტყეპაზე კრინტს არ ძრავს, პასუხს არ აძლევს არც მოძრაობით, არც თვალების გამომეტყველებით, მხოლოდ, როგორც მძიმე კასრი, ოდნავ ირყევა.

მეხუთე და უკანასკნელი ბინადარი პალატა #-6-ისა მდაბიოა, რომელსაც ოდესღაც ფოსტაში უმსახურია დამხარისხებლად, - პატარა ტანის, გამხდარი, ქერა, კეთილი, მაგრამ რამდენადმე ცბიერი სახის. მისი ჭკვიანური, მშვიდი, მხიარული თვალები ნათლად მეტყველებენ, რომ ის თავის ჭკუაზეა და ფარულად ინახავს მეტად მნიშვნელოვან და სასიამოვნო საიდუმლოს.

მას ბალიშისა და ნაალის ქვეშ ისეთი რამ აქვს, რასაც არავის არ აჩვენებს, შიშის გამო კი არა, რომ წაართმევენ ან მოჰპარავენ, არა, მორცხვობის გამო. ხანდახან ის ფანჯარასთან მიდის და, ამხანაგებისაკენ ზურგშექცეული, რაღაცას ჩამოიკიდებს ხოლმე გულზე და თავჩაღუნული უცქერის; ამ დროს რომ მიხვიდე მასთან, შერცხვება და რაღაცას ჩამოიგლეჯს გულიდან, მაგრამ ამ საიდუმლოს გაგება ძნელი არ არის.

- მომილოცეთ,- ეუბნება ხშირად ის ივან დიმიტრიჩს, - მე წარდგენილი ვარ მეორე ხარისხის ვარსკვლავიან სტანისლავზე. მეორე ხარისხს ვარსკვლავიანს მხოლოდ უცხოელებს აძლევენ, მაგრამ ჩემთვის რაღაც გამონაკლისი უნდათ გააკეთონ, - იგი იღიმება და გაუგებრად მხრებს იჩეჩავს. - სწორედ გითხრათ, სულ არ ველოდი!

- მე მაგისი არაფერი მესმის, - აცხადებს დაღვრემილი ივან დიმიტრიჩი.

-მაგრამ, იცით, ადრე თუ გვიან რას მივაღწევ? - განაგრძობს ყოფილი ფოსტის დამხარისხებელი, თვალების ეშმაკური ჭუტვით, - მე უეჭველად მივიღებ შვედურ „პოლარულ ვარსკვლავს“. ეს ისეთი ორდენია, რომ ღირს მისთვის ეცადოს კაცი. თეთრი ჯვარი და შავი ლენტი, მეტად ლამაზია.

ალბათ, ცხოვრება არსად ისეთი ერთფეროვანი არაა, როგორიც ფლიგელში. დილით ავადმყოფები, გარდა დამბლადაცემულისა და სქელი გლეხისა, წინკარში იბანენ პირს რკინის გოვზაკიდან ამოღებული წყლით და სახეს ხალათის კალთებით იწმენდენ.

ამის შემდეგ თუნუქის ტოლჩებით სვამენ ჩაის, რომლებიც ნიკიტას გამოაქვს მთავარი კორპუსიდან. თითოს ეძლევა თითო ტოლჩა ჩაი. შუადღისას მჟავე კომბოსტოს შჩის და ქაშსა ჭამენ, საღამოთი ქაშით ვახშმობენ. დანარჩენ დროს ავადმყოფები წვანან, სძინავთ, ფანჯრებში იყურებიან და კუთხიდან კუთხეში მიდი-მოდიან. და ასე ყოველდღე. თვით ყოფილი დამხარისხებელიც სულ ერთთავად იმ ორდენებზე ლაპარაკობს.

უცხო ხალხს იშვიათად ხედავენ პალატა # 6- ში, ახალ შეშლილებს ექიმი დიდი ხანია აღარ იღებს, საგიჟეთის ნახვის მოყვარული კი ძალიან მცირეა ამ ქვეყნად. თვეში ერთხელ ან ორჯერ ფლიგელში დალაქი სემიონ ლაზარიჩი მოდის ხოლმე. თუ როგორ კრეჭს გიჟებს დალაქი და როგორ ეშველება ნიკიტა ამ საქმეში, რა ჩოჩქოლში არიან ყოველთვის ავადმყოფები, როგორც კი გამოჩნდება მთვრალი, მოღიმარი დალაქი, -

ამაზე ჩვენ არაფერს ვიტყვით.

გარდა დალაქისა, ფლიგელში არავინ შეიხედავს ხოლმე. ავადმყოფებს თითქოს მისჯილი აქვთ დღითიდღე მხოლოდვერთადერთი ნიკიტა დაინახონ.

თუმცა, დიდი ხანი არ არის საავადმყოფოს კორპუსში ცოტა არ იყოს უცნაური ხმა გავარდა.

ხმა გაავრცელეს, რომ პალატა #6-ში ექიმმა დაიწყო სიარულიო.

 

V

 

უცნაური ამბავია!

ექიმი ანდრეი ეფიმიჩ რაგინი თავისებურად შესანიშნავი ადამიანი, ამბობენ, ახალგაზრდობაში მეტად ღვთისმოსავი იყო და სასულიერო წოდებისათვის ემზადებოდაო. 1863 წელს, გიმნაზია რომ გაუთავებია, განზრახვა ჰქონია სასულიერო აკადემიაში შესულიყო, მაგრამ, ვითომდა მისმა მამამ, მედიცინის დოქტორმა და დოსტაქარმა, მწარედ დასცინა და კატეგორიულად გამოუცხადა, რომ თავის შვილად აღარ ჩათვლიდა, თუ ის ხუცესობას ისურვებდა..

რამდენად მართალია ეს - არ ვიცით, მაგრამ თვითონ ანდრეი ეფიმიჩს არა ერთხელ უღიარებია, რომ მედიცინა მას არასდროს არ იზიდავდა და საზოგადოდ არც სპეციალური მეცნიერებებისადმი ჰქონდა მიდრეკილება.

ასე იყო თუ ისე, სამედიცინო ფაკულტეტი რომ გაათავა, მღვდლად არ ეკურთხა. ღვთისმოსაობა მას არასდროს არ გამოუმჟღავნებია და როცა შეუდგა საექიმო მუშაობას, სასულიერო პირს ისევე ნაკლებად ჰგავდა, როგორც ახლა.

გარეგნობა მძიმე, უხეში ჰქონდა, გლეხური იერი დაჰკრავდა. სახით, წვერით, ჯაგარივით გაფშეკილი თმებით, ტანის მაგარი მოუხეშავი აღნაგობით შარაგზის სასტიკ, გათხლეშილ, გასივებულ და თავშეუკავებელ მიკიტანს მოგაგონებდათ.

სახე მკაცრი ჰქონდა, ლურჯ ძარღვებით მოფენილი, წვრილი თვალები და წითელი ცხვირი. მაღალ ტანთან და განიერ ბეჭებთან შეფარდებით მას უშველებელი ხელები და ფეხები ჰქონდა. გეგონებოდათ, ერთი მუშტის დარტყმით სულს გააფრთხობინებს კაცსო. მაგრამ სიარული ნელი, ფრთხილი, მიმპარავი იცოდა; ვიწრო ტალანში მომავალი, პირველად თვითონ შედგებოდა, გზას დაგითმობდა, ბოხი ხმით კი არა, როგორც მოელოდით, ტენორით იტყოდა:

„ბოდიში!“ კისერზე რაღაცა პატარა სიმსივნე ჰქონდა, რომელიც მაგრად გახამებული საყელოების გაკეთებას უშლიდა. ამიტომაც ის მუდამ ჩითის

ან რბილი ტილოს პერანგით დადიოდა. საზოგადოდ ის ისე არ იცვამდა, როგორც ექიმს შეეფერებოდა. ერთსა და იმავე ხელ ტანისამოსს ათ წელიწადს ათრევდა და ახალ ტანისამოსსაც, რომელსაც ჩვეულებრივად ურიის დუქანში ყიდულობდა, მის ტანზე ისეთივე დაჭმუჭვნილი, და ნაცვამის შეხედულება ჰქონდა, როგორც ძველს; ერთი და იმავე სერთუკით იგი ავადმყოფებსაც იღებდა, სადილობდა კიდეც და სტუმრადაც დადიოდა. მაგრამ ეს სიძუნწით კი არ მოსდიოდა, არამედ იმით, რომ თავის გარეგნობას სრულიად ყურადღებას არ აქცევდა.

როდესაც ანდრეი ეფიმიჩი ქალაქში ჩამოვიდა თანამდებობის მისაღებად, „ღვთის სამადლო დაწესებულება“ საშინელ მდგომარეობაში იყო. პალატებში, ტალანებსა და საავადმყოფოს ეზოში სიმყრალისაგან ადამიანს სუნთქვა ეკეროდა. იქ მომუშავე გლეხებს, მომვლელ ქალებსა და მათ შვილებს პალატაში ავადმყოფებთან ერთად ეძინათ.

ყველა ჩიოდა, რომ მოსვენება არა აქვთ აბანოს ჭიების, ბაღლინჯოებისა და თაგვებისაგან. ქირურგიულ განყოფილებაში წითელ ქარს დაებუდა. მთელ საავადმყოფოში მხოლოდ ორი სკალპელი იყო და არც ერთი თერმომეტრი, სააბაზანო ოთახებში კარტოფილს ინახავდნენ.

ზედამხედველი, თეთრეულის მიმღები და ფერშალი ავადმყოფებს ქურდავდნენ. ძველ ექიმზე, ანდრეი ეფიმიჩის წინ რომ იყო, ჰყვებოდნენ, ვითომ ფარულად საავადმყოფოს სპირტით ვაჭრობდაო, მომვლელ დედაკაცებთან და ავადმყოფ ქალებთან ჰარამხანა ჰქონდა გამართულიო.

ქალაქში კარგად იცოდნენ ეს უწესობა, თვითონვე ჭორაობდნენ ამაზე, მაგრამ გულგრილად კი უყურებდნენ; ზოგნი ამას იმით ამართლებდნენ, რომ საავადმყოფოში მდაბიონი და გლეხები წვანანო, რომლებიც ვერ იქნებიან უკმაყოფილონი, რადგანაც თავიანთ სახლში უარესად ცხოვრობენ, ვიდრე საავადმყოფოშიო, მეტი რა უნდათ, ტყის ქათმებს ხომ არ მიართმევენო!

სხვები კი ამ უწესრიგობის გასამართლებლად იმას ამბობდნენ, რომ მარტო ქალაქს ერობის დაუხმარებლად იმდენი  შეძლება არა აქვს, კარგი საავადმყოფო შეინახოსო; მადლობა ღმერთს, რომ ცუდი საავადმყოფო მაინცა გვაქვსო. ახლად დაარსებული ერობა კი სამკურნალოს არა ხსნიდა არც ქალაქში, არც ახლომახლო, იმიზეზებდა, რომ ქალაქსა უკვე აქვს საავადმყოფოო.

ანდრეი ეფიმიჩმა საავადმყოფო რომ გასინჯა, ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ ეს დაწესებულება უზნეო და დიდად მავნებელია ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობისათვის, მისი აზრით, ყველაზე გონივრული იქნებოდა - ავადმყოფები გაეთავისუფლებინათ, საავადმყოფო კი დაეკეტათ. მაგრამ მანვე განსაჯა, რომ ამ საქმისათვის მარტო მისი სურვილი არ იყო საკმარისი და რომ ეს უსარგებლოც იქნებოდა; უკეთუ ფიზიკურ და ზნეობრივ უწმინდურებას იქ ერთი ადგილიდან ადგილიდან განდევნი, მაშინ ის მეორე ადგილას

მოიკალათებს; უნდა ველოდოთ, თავისთავად როდის მოისპობა. ამასთანავე, თუ ხალხს გაუხსნია საავადმყოფო და ურიგდება მას, მაშასადამე, ეს მისთვის საჭიროა; ცრურწმენანი და ცხოვრების ყველა ეს სისაძაგლე და საზიზღრობაც საჭიროა, რადგანაც დროთა ვითარებაში ყველა ეს გადამუშავდება და რისთვისმე გამოსადეგი გახდება, ისევე როგორც ნაკელი შავ მიწად იქცევა ხოლმე. დედამიწაზე ისეთ კარგს ვერაფერს ნახავთ, რომ თავის ჩანასახში რამე სისაძაგლე არ ჰქონდეს.

ჩაიბარა რა თანამდებობა, ანდრეი ეფიმიჩი ყოველივე უწესობას, როგორც ეტყობა, საკმარისი გულგრილობით მოეპყრო. მან მხოლოდ საავადმყოფოში მომუშავე გლეხებსა და მომვლელ დედაკაცებს სთხოვა პალატებში აღარ დაეძინათ და იარაღებისათვის ორი კარადა დადგა. ზედამხედველი, საცვლების მიმღები და ფერშალი კი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ. ქირურგიულ განყოფილებაში კვლავ მძვინვარებდა წითელი ქარი.

ანდრეი ეფიმიჩს მეტისმეტად უყვარს ნიჭი და პატიოსნება, მაგრამ უნარი არა აქვს მოაწყოს თავის გარშემო გონივრული და პატიოსნური ცხოვრება, ამისათვის ხასიათის სიმტკიცე არ შესწევს, არც რწმენა და იმედი აქვს თავისი თავის. ბრძანება, აკრძალვა ან დაჟინებითი მოთხოვნა სრულებით არ იცის. ეს იმას ჰგავს, თითქოს აღთქმა დაუდვია, არასდროს არ აიმაღლოს ხმა და არ დაიხმაროს ბრძანებითი კილო. „მომეცი!“ ან

„მომიტანე!“ - ამის თქმა მისთვის ძნელია; როცა ჭამა უნდა, გაუბედავად ჩაახველებს და ეტყვის მზარეულ დედაკაცს: „როგორმე იქნებ ჩაი...“ ან

„როგორმე იქნებ ვისადილო“. ვერ ახერხებს უთხრას ზედამხედველს ხელი აიღოს ქურდობაზე, ან დაითხოვოს ის, ან სრულიად გააუქმოს ეს პარაზიტული თანამდებობა, ამის ძალა მას არ შესწევს. როცა ატყუებენ ანდრეი ეფიმიჩს, ან პირმოთნეობენ მის წინაშე, ან წინდაწინვე საგანგებოდ ყალბად შედგენილ ანგარიშზე ხელს აწერინებენ, მაშინ იგი კიბოსავით წითლდება, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ ანგარიშს მაინც ხელს აწერს; როცა ავადმყოფები შესჩივიან შიმშილზე, მომვლელი ქალების უხეშ მოპყრობაზე, მას რცხვენია და დამნაშავესავით ბუტბუტებს:

- კარგით, კარგით, მე მერე გამოვარკვევ მაგას... ალბათ აქ რაიმე გაუგებრობაა...

პირველ ხანებში ანდრეი ეფიმიჩი ძალიან გულმოდგინედ მუშაობდა. ის ყოველდღე, დილიდან სადილობამდე, ავადმყოფებს იღებდა, ოპერაციებს აკეთებდა, მშობიარე ქალებსაც ალოგინებდა. მანდილოსნები ამბობდნენ: მეტად ყურადღებით ეპყრობა ავადმყოფებსო და შესანიშნავად იგებს ავადმყოფობას, განსაკუთრებით ბავშვებისას და ქალურს. მაგრამ ხანმა განვლო, ერთფეროვანი და აშკარად უსარგებლო საქმე მოსწყინდა. დღეს

ოცდაათ ავადმყოფს მიიღებ, ხვალ, ხედავ, ოცდათხუთმეტი მოგაწყდება, ზეგ ორმოცი და ასე დღენიადაგ, წლიდან წლამდე. ქალაქში კი სიკვდილიანობა არ კლებულობს და ავადმყოფებიც შეუწყვეტლივ მოდიან. სათანადო ყურადღებით რომ მიიღო ორმოცი ავადმყოფი და

გულისყურით გასინჯო, დილიდან შუადღემდე ფიზიკურად შეუძლებელია. მაშასადამე, უნებურად გამოდის მხოლოდ მოტყუება. საანგარიშო წელში მიღებულია 12000 ავადმყოფი, მაშასადამე, უბრალოდ რომ ვთქვათ, მოტყუებულია 12000 ადამიანი. სერიოზულად დაავადებული ავადმყოფი რომ დააწვინო პალატაში, უმკურნალო და მოუარო მეცნიერული წესით, ესეც შეუძლებელია, იმიტომ რომ წესები არსებობს, მეცნიერება კი არა. თუ ფილოსოფიას მივატოვებთ და პედანტურად მივყვებით წესებს, როგორც სხვა ექიმები, მაშინ ამისათვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სისუფთავე და ვენტილაცია და არა ჭუჭყი, საღი საჭმელი და არა აყროლებული მჟავე კომბოსტოს შეჭამანდი, კარგი თანაშემწეები და არა ქურდები.

ანდა რატომ უშლიან ხელს ხალხს, რომ დაიხოცონ, თუკი სიკვდილი ნორმალური და კანონიერი ბოლოა ყველასათვის? და მერე რა მოხდება, თუ რომელიმე მეწვრილმანე ან მოხელე ზედმეტად ხუთ ან ათ წელს იცოცხლებს?

თუ მედიცინის მიზნად იმას მივიჩნევთ, რომ წამალი ავადმყოფს უმსუბუქებს ტანჯვას, მაშინ უნებურად წამოიჭრება კითხვა: რად შევუმსუბუქოთ? ჯერ ერთი, ამბობენ, რომ ტანჯვას ადამიანი სრულყოფამდე მიჰყავსო, და, მეორეც, თუ კაცობრიობა სინამდვილეში შეისწავლის და შეამსუბუქებს თავის ტანჯვას აბებით და წვეთებით, მაშინ იგი სრულიად მიატოვებს რელიგიას და ფილოსოფიას, რომლებშიც აქამდე ჰპოვებდა არამცთუ დაცვას ყოველი უბედურებისაგან, არამედ თვით ბედნიერებასაც კი.

პუშკინი სიკვდილის წინ საშინელ ტანჯვას განიცდიდა, საბრალო ჰაინე რამდენიმე წელიწადი დამბლად იყო ჩავარდნილი; რატომ არ უნდა იავადმყოფოს ვიღაცა ანდრეი ეფიმიჩმა ან მატრონა სავიშნამ, რომელთა ცხოვრება იქნებოდა სრულიად უშინაარსო, ფუჭი და ემსგავსებოდა ამების ცხოვრებას, უკეთუ ამ ტანჯვას არ განიცდიდნენ.

ასეთმა დამთრგუნველმა მსჯელობამ ანდრეი ეფიმიჩს ხალისი დაუკარგა და საავადმყოფოში ყოველდღე აღარ დადიოდა.

 

VI

 

 

მისი ცხოვრება ასე მიედინება. ჩვულებრივად ის დილით რვა საათზე დგება, იცვამს და ჩაის სვამს. მერე თავის კაბინეტში ჯდება, კითხულობს,

ან საავადმყოფოში მიდის. აქ, საავადმყოფოს ვიწრო და ბნელ ტალანში სხედან ამბულატორიაში მისაღები ავადმყოფები და ექიმს ელიან. მათ წინ, აგურის იატაკზე წაღების ბრახაბრუხით გარბი-გამორბიან საავადმყოფოს მოსამსახურე გლეხები, მომვლელი დედაკაცები, მიდი- მოდიან ხალათებში გახვეული გამხდარი ავადმყოფები, იქვე მიაქვთ მიცვალებულები და უსუფთაობით გავსებული ჭურჭელი, ტირიან ბავშვები, ორპირი ქარი უბერავს.

ანდრეი ეფიმიჩმა იცის, რომ ციებ- ცხელებიანებისათვის, ჭლექიანებისა და საზოგადოდ შთაბეჭდილებიანი ავადმყოფებისათვის ასეთი პირობები მტანჯველია, მაგრამ რას იზამს? მისაღებ ოთახში მას ხვდება ფერშალი სერგეი სერგეიჩი, პატარა ტანის სქელი, პირგაპარსული, ძალიან სუფთად დაბანილი ბუტკუცუნა სახის კაცი, მოხდენილი მანერებით და ახალ ფართო კოსტუმში გამოწყობილი; ის სენატორს უფრო ჰგავს, ვიდრე ფერშალს.

ქალაქში მას დიდი პრაქტიკა აქვს, თეთრ ჰალსტუხს ატარებს და თავის თავს უფრო მცოდნედ თვლის, ვიდრე ექიმს, რომელსაც პრაქტიკა სულ არა აქვს. მისაღებ ოთახის კუთხეში მძიმე კანდელიანი სახატე დგას, რომელზეც დიდი ხატი ასვენია, გვერდზე - ამბიონი თეთრი გადასაფარებლით; კედლებზე მღვდელ- მთავართა სურათები ჰკიდია, სვეტაგორსკის მონასტრის ხედი და გამხმარი გვირილების გვირგვინები.

სერგეი სერგეიჩი მორწმუნეა და ხატების კუთხის ლამაზად მორთვა უყვარს. ეს ხატი მისი ხარჯით არის დადგმული; კვირადღეობით მისაღებ ოთახში მისი ბრძანებით რომელიმე ავადმყოფი ხატის წინ დაუჯდომელსა კითხულობს, ამის შემდეგ თვითონ სერგეი სერგეიჩი ყველა პალატებს უვლის და საცეცხლურით საკმეველს აკმევს.

ავადმყოფები ბევრნი არიან, დრო კი ცოტაა და ამიტომ საქმე იზღუდება მხოლოდ მოკლე შეკითხვით და რომელიმე წამლის გაცემით, როგორიცაა ქარების საწინააღმდეგო მალამო ან სასაქმებელი. ანდრეი ეფიმიჩი დაფიქრებული ზის, ლოყა ხელზე დაუყრდნია და ავადმყოფებს ანგარიშმიუცემლად აძლევს შეკითხვებს. სერგეი სერგეიჩიც იქვე ზის, ხელებს ისრესს და იშვიათად ერევა ლაპარაკში.

- ვავადმყოფობთ და გაჭირვებას განვიცდით იმიტომ, - ეუბნება ის, -

რომ მოწყალე ღმერთს გულით არ ვევედრებით. დიახ, ასეა!

ავადმყოფების მიღების დროს ანდრეი ეფიმიჩი ოპერაციებს არ აკეთებს; ის დიდი ხანია ამ საქმიანობას გადაეჩვია და სისხლის დანახვა მას უსიამოდ აღელვებს. როცა მას უხდება ავადმყოფი ბავშვისათვის პირის გაღებინება, რომ ყელში ჩახედოს, და ბავშვი კი ყვირის და პატარა ხელებს იფარებს, მაშინ ექიმს ყურებში ხმაურისაგან თავბრუ ეხვევა და თვალებზე ცრემლები ადგება. ის სწრაფად წერს წამალს და დედაკაცს ხელებს უქნევს, რომ ბავშვი ჩქარა წაიყვანოს.

მიღების დროს ავადმყოფების შეუგნებელი უთავბოლო მორიდება, დიდად მშვენიერი სერგეი სერგეიჩის სიახლოვე, კედელზე ჩამოკიდებული სურათები და თავისი ერთი და იგივე შეკითხვები, რომლებსაც უცვლელად იმეორებს ამ ოცზე მეტი წლის განმავლობაში, ანდრეი ეფიმიჩისათვის მოსაბეზრებელი ხდება და, მიიღებს თუ არა ხუთ- ექვს ავადმყოფს, სახლში მიდის. დანარჩენ ავადმყოფებს ფერშალი სინჯავს.

სასიამოვნო ფიქრით ბრუნდება შინ ექიმი, მადლობა ღმერთს, კერძო პრაქტიკა უკვე დიდი ხანია აღარა აქვს და ხელს არავინ შეუშლის. ანდრეი ეფიმიჩი მოვა თუ არა სახლში, აუჩქარებლივ კაბინეტში მაგიდას მიუჯდება და წიგნების კითხვას იწყებს. ძალიან ბევრსა კითხულობს და დიდი სიამოვნებითაც. ნახევარი ჯამაგირი წიგნების ყიდვაში ეხარჯება  და მის ექვსოთახიან ბინაში სამი ოთახი წიგნებით და ძველი ჟურნალებით არის გავსებული. ყველაზე ძლიერ ისტორიული და ფილოსოფიური შინაარსის თხზულებანი უყვარს; მედიცინიდან მხოლოდ

„ვრაჩს“ იწერს, რომლის კითხვასაც უსათუოდ ბოლოდან იწყებს ხოლმე. კითხვა შეუსვენებლივ რამდენიმე საათი გრძელდება, მაგრამ ეს მას სულ არ ღლის. კითხულობს ექიმი, მაგრამ ისე სწრაფად კი არა, როგორც ოდესღაც ივან დიმიტრიჩი კითხულობდა ხოლმე, არა, ის წყნარად, შეგნებით კითხულობს, ხშირად ადგილ-ადგილ შეჩერდება, თუ რამე მოსაწონი ან გაუგებარი შეხვდება, ჩაფიქრდება.

წიგნების მახლობლად ყოველთვის გრაფინით არაყი უდგას და კიტრის წნილი ან გათუთქული ვაშლები უთეფშოდ პირდაპირ მაუდზე უწყვია. ყოველ ნახევარ საათში, წიგნის თვალის მოუშორებლად, ჭიქაში არაყს ისხამს და სვამს, მერე ხელის ფათურით ეძებს კიტრს და კბეჩს.

სამ საათზე ფრთხილად მიდის სამზარეულოს კარებთან, ჩაახველებს და ეუბნება:

- დარიუშკა, იქნებ როგორმე ვისადილო...

საკმაოდ ცუდი და უსუფთაოდ გაკეთებული სადილის შემდეგ, ანდრეი ეფიმიჩი ოთახებში გულხელდაკრეფილი დადის და ფიქრობს. საათი ოთხს რეკავს, მერე ხუთს, ის კი სულ დადის და ფიქრობს. ხანდახან სამზარეულოს კარები დაიჭრაჭუნებს და იქიდან გამოჩნდება დარიუშკას გაწითლებული, ნამძინარევი სახე.

- ანდრეი ეფიმიჩ, ლუდის დალევის დრო არ არის? - მზრუნველობით ეკითხება იგი.

- არა, ჯერ დრო არ არის... - უპასუხებს ის. - ჯერ მოვიცდი... მოვიცდი...

საღამოობით ჩვეულებისამებრ მასთან მოდის ფოსტის უფროსი მიხაილ ავერიანიჩი, ეს ერთადერთი კაცია მთელ ქალაქში, რომელთან ყოფნაც

ანდრეი ეფიმიჩს არ უმძიმს. მიხაილ ავერიანიჩი ოდესღაც ძალიან მდიდარი მემამულე იყო და კავალერიაში მსახურობდა, მაგრამ გაღარიბდა, გაჭირვების გამო, სიბერის დროს საფოსტო უწყებაში შევიდა. მას მხნე, საღი შეხედულება, საუცხოო ჭაღარაშერეული ქილვაშები, კეთილშობილური ქცევა და მაღალი სასიამოვნო ხმა აქვს.

ის კეთილი, მგრძნობიარე, მაგრამ ფიცხია. როდესაც ფოსტაში მოსული ვინმე პროტესტს აცხადებს, არ ეთანხმება ან უთავბოლოდ დაიწყებს მსჯელობას, მაშინ მიხაილ ავერიანიჩი სიბრაზისაგან წითლდება, მთელი სხეულით ცახცახებს, მქუხარე ხმით ყვირის: „გაჩუმდით!“ ასე რომ, ფოსტის განყოფილებაზე დიდი ხანია ხმა გავარდა, რომ იქ მისვლა საშიშიაო.

მიხაილ ავერიანიჩს უყვარს და პატივსა სცემს ანდრეი ეფიმიჩს, როგორც განათლებულ და კეთილშობილ ადამიანს, დანარჩენ ობივატელებთან კი თავი მაღლა უჭირავს,როგორც თავის ხელქვეითებთან.

- და აი, მეც მოვედი! - ამბობს ის ანდრეი ეფიმიჩთან შესვლისთანავე.

- გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო! მგონი თავი მოგაბეზრეთ, ჰა!

- პირიქით, ძალიან მოხარული ვარ!- უპასუხებს ექიმი.- მე ყოველთვის მახარებს თქვენი მოსვლა.

მეგობრები დივანზე სხდებიან კაბინეტში და რამდენიმე ხანს გაჩუმებულები ეწევიან.

- დარიუშკა, იქნებ როგორმე ლუდი მოგვიტანო! - ეუბნება ანდრეი ეფიმიჩი.

პირველ ბოთლს ისევ უსიტყვოდ სვამენ: ექიმი ჩაფიქრებულია, მიხაილ ავერიანიჩი კი მხიარულად და ცოცხლად გამოიყურება, როგორც კაცი, რომელსაც რაღაცა ძალიან საინტერესო რამე აქვს სათქმელი. ლაპარაკს ყოველთვის ექიმი იწყებს.

- როგორა მწყინს, - ლაპარაკობს იგი წყნარი, დაბალი ხმით, თავს აქნევს და თანამოსაუბრეს თვალებში არ უცქერის (არავის არსდროს თვალებში არ უცქერის ხოლმე). - რა დიდად სამწუხაროა, პატივცემულო მიხაილ ავერიანიჩ, რომ ჩვენს ქალაქში სრულებით არ არის ისეთი ხალხი, რომელსაც შეუძლია და უყვარს გონივრული და საინტერესო საუბარი.

ეს ჩვენი უდიდესი ნაკლია. თვით ინტელიგენციაც ამ საერთო უგვანობაზე ვერ ამაღლებულა. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ მათი განვითარების დონე არაფრით აღემატება დაბალი წოდების განვითარებას.

- სრული სიმართლეა, გეთანხმებით.

- თქვენ თვითონ მოგეხსენებათ, - განაგრძობს ექიმი წყნარად და მძიმედ, - რომ ამქვეყნად ყოველივე უმნიშვნელო და ინტერესს მოკლებულია, გარდა ადამიანის გონების მაღალი სულიერი

გამოვლინებისა. გონება მკვეთრ მიჯნას ავლებს პირუტყვთა და ადამიანთა შორის, უთითებს უკანასკნელთა ღვთაებრიობაზე და რამდენადმე სცვლის მის უკვდავებას, რომელიც არ არსებობს. და აი, აქედან გამომდინარეობს, რომ სიტკბოების ერთადერთი შესაძლებელი წყარო არის გონება.

ჩვენ კი არც გვესმის და არც ვხედავთ ჩვენს მახლობლად გონებაა - მაშასადამე, ჩვენ სიტკბოებამოკლებულნი ვართ. მართალია, ჩვენ წიგნები გვაქვს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ის, რასაც გადმოგვცემს ცოცხალი საუბარი და ურთიერთობა. თუ ნებას მომცემთ, გავაკეთებ არცთუ მაინც და მაინც მარჯვე შედარებას, წიგნები - ეს ნოტებია, საუბარი - სიმღერა.

- სრული სიმართლეა.

სიჩუმე სუფევს. სამზარეულოდან გამოჩერჩეტებული დარიუშკა გამოდის, გონებაჩლუნგი, მწუხარე გამომეტყველებით, სახე ხელებზე დაუყრდნია, კარებში ჩერდება და მიაყურებს.

- ეჰ, - ოხრავს მიხაილ ავერიანიჩი, - თანამედროვეებისაგან ჭკუა- გონებასა თხოულობთ!

და იგი მოუთხრობს, თუ როგორ ჩინებულად ცხოვრობდნენ უწინ, რა მხიარულად და საინტერესოდ; რა ჭკვიანი ინტელიგენცია ჰყავდა რუსეთს და რა მაღლა აყენებდა პატიოსნებას და მეგობრობას. უთამასუქოდ ფულს ასესხებდნენ და სირცხვილად მიაჩნდათ - არ დახმარებოდნენ გაჭირვებულ ამხანაგს.

ახლა როგორი ლაშქრობა იყო; როგორი შემთხვევებ, შეტაკებები, რა მეგობრები, რა ქალები! ახლა კავკასია რა გასაოცარი მხარეა! თუნდ ერთი, ბატალიონის კომანდირის ცოლი, მეტად უცნაური ქალი, რომელიც ოფიცრის ტანისამოსს იცვამდა და საღამოობით მთებში მარტო მიდიოდა ხოლმე, გამყოლი არ მიჰყავდა, ამბობდნენ, მთიულების სოფელში ვიღაც მცირე თავადი ჰყავდა შეყვარებულიო.

- ზეციერო დედოფალო... დედაო... - ოხრავს დარიუშკა.

- ახლა როგორა ვსვამდით! როგორა ვჭამდით! ახლა როგორი თავზე ხელაღებული ლიბერალები იყვნენ!

ანდრეი ეფიმიჩი ყურს უგდებს, მაგრამ არ ესმის: იგი რაღაცაზე ფიქრობს და თან ლუდსა ხუხავს.

- მე ხშირად მესიზმრება ნიჭიერი ხალხი და მათთან საუბარი, - ამბობს ის მოულოდნელად და სიტყვას აწყვეტინებს მიხაილ ავერიანიჩს. - მამაჩემმა მშვენიერი განათლება მომცა, მაგრამ სამოციანი წლების იდეების ზეგავლენამ მაიძულა ექიმი გამოვსულიყავი. ასე მგონია, მე რომ მაშინ მისი რჩევა არ შემესრულებინა, ახლა ჩაბმული ვიქნებოდი გონებრივი მოძრაობის ცენტრში. ალბათ, რომელიმე ფაკულტეტის წევრი

ვიქნებოდი. რასაკვირველია, გონება მარადიული არ არის, ისიც წარმავალია, მაგრამ თქვენ უკვე იცით, რადა მაქვს მე მისდამი ასეთი მიდრეკილება. ცხოვრება სავალალო მახეა. როდესაც მოაზროვნე ადამიანი დავაჟკაცდება, მომწიფდება და შეგნებაში შევა, მაშინ ის უნებლიეთ თავს მახეში გრძნობს, საიდანაც გამოსავალი არა ჩანს.

მართლაც, ის, მისდა უნებურად, როგორღაც შემთხვევით, არის გამოძახილი არარაობიდან ცხოვრებაში... რად? მას უნდა გაიგოს აზრი და მიზანი თავისი არსებობისა, მაგრამ არ ეუბნებიან, ანდა ეუბნებიან შეუსაბამო რამეს; ის აკაკუნებს - არ უღებენ; მასთან სიკვდილი მოდის - ესეც მისი ნება-სურვილის გარეშე.

და აი, როგორც ციხეში, ერთ ბედქვეშ მყოფი ადამიანები ერთად შეკრებილნი, თავს მსუბუქად გრძნობენ. ასევე ცხოვრებაში - ვერ ამჩნევ ცხოვრების მიერ დაგებულ მახეს, როდესაც ანალიზისა და განზოგადებისადმი მიდრეკილი ადამიანები ერთად იყრიან თავს და ატარებენ დროს ამაყი და თავისუფალი იდეების გაცვლა- გამოცვლაში. აი, ამ აზრით, ჭკუა-გონება შეუნაცვლებელი სიტკბოებაა.

- სრული სიმართლეა.

მოსაუბრეს თვალებში არ უცქერის ანდრეი ეფიმიჩი,წყნარად და სვენებ- სვენებით ლაპარაკს განაგრძობს გონიერ ხალხზე და მათთან საუბარზე, მიხაილ ავერიანიჩი კი ყურადღებით უსმენს და ეთანხმება:

- სრული სიმართლეა.

- თქვენ არა გწამთ სულის უკვდავება? - უცებ ეკითხება ფოსტის უფროსი.

- არა, პატივცემულო მიხაილ ავერიანიჩ, არა მწამს და არც საბუთი მაქვს, რომ ვიწამო.

- გულახდილად გამოგიტყდებით, მეც ეჭვი მეპარება ამაში, თუმცა, სხვათა შორის, მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს არასდროს არ მოვკვდები. ოჰ, ხანდახან ჩემ თავს ვეუბნები: ბებერო, ჩაჩანაკო, სიკვდილის დროა-მეთქი! მაგრამ აქ, სულში რაღაც ხმა ჩამომძახებს ხოლმე: არ დაიჯერო, არ მოკვდები!..

მეათე საათია. მიხაილ ავერიანიჩი მიდის. ტალანში ქურქის ჩაცმის დროს ოხვრით ამბობს:

- მაინც რა მიყრუებულ ადგილს გადმოგვაგდო ბედმა! ყველაზე საწყენი ის არის, რომ სიკვდილიც აქ მოგველის. ეჰ..

 

VII

 

 

ანდრეი ეფიმიჩმა მეგობარი გააცილა, მაგიდას მიუჯდა და ისევ წიგნის კითხვა განაგრძო. საღამოსა და შემდეგ ღამის მყუდროებას არავითარი ხმაური არ არღვევს. წიგნზე დახრილ ექიმთან ერთად თითქოს დროც ჩერდება, ილულება და გეჩვენებათ, რომ აღარაფერი არ არსებობს, გარდა ამ წიგნისა და მწვანე შუქფარისა. კაცობრიობის გონების მოძრაობის წინაშე ექიმს ტლანქი, გლეხური სახე ნელ-ნელა ლმობიერებისა და სიხარულის ღიმილით უბრწყინდება.

„ოჰ, განა ადამიანი უკვდავი არ არის? - ფიქრობს იგი. - რისთვის არის ტვინის ცენტრი და ხვეულები, რისთვის არის მხედველობა, მეტყველება, თვით შეგრძნება, გენიოსობა, თუ ყველა ეს უნდა შეუერთდეს ნიადაგს და ბოლოს, დედამიწის ქერქთან ერთად გაცივდეს, შემდეგ მილიონი წლები უმიზნოდ და უაზროდ მიწასთან ერთად იტრიალოს მზის გარშემო? მხოლოდ იმისათვის, რომ გაცივდეს და შემდეგ კვლავ იტრიალოს, სრულიად არ არის საჭირო მაღალი, თითქმის ღვთიური გონებით დაჯილდოებული ადამიანის არყოფნიდან გამოყვანა და შემდეგ, თითქოს სასაცილოდ, მისი თიხად ქცევა.

ნივთიერების გაცვლა-გამოცვლა! მაგრამ რა სიმხდალეა ინუგეშო თავი ამ უკვდავების სუროგატით! ბუნებაში წარმოშობილი უნებლიე პროცესები ადამაინის სისულელეზე უფრო უმდაბლესია, რადგანაც სისულელეში მაინც არის შეგნება და ნებისყოფა, ამ პროცესებში კი სრულებით არაფერია.

მხოლოდ მხდალს, რომელიც შიშს უფრო განიცდის სიკვდილის წინაშე, ვიდრე ღირსებას, შეუძლია ინუგეშოს თავი იმით, რომ მისი სხეული თავის დროზე იცხოვრებს ტალახში, ქვაში, გომბეშოში... დაინახო შენი უკვდავება ნივთიერებათა ცვლაში - ეს ისეთევე უცნაური რამ არის, როგორც ფუტლიარს უწინასწარმეტყველო ბრწყინვალე მომავალი მას შემდეგ, როცა ძვირფასი სკრიპკა დაიმტვრა და გამოუსადეგარი გახდა“.

როცა საათი რეკავს, ანდრეი ეფიმიჩი სავარძლის ზურგს ეყრდნობა, თვალებს ხუჭავს, რომ ცოტა რამ მოიფიქროს. და მოულოდნელად, წიგნიდან ამოკითხული კარგი აზრების ზეგავლენით, ის თვალს ავლებს თავისი ცხოვრების წარსულს და აწმყოს.

წარსული ზიზღს იწვევს მასში. უკეთესია არ გაიხსენოს, ხოლო აწმყოც იგივეა, რაც წარსული. მან იცის, რომ იმ დროს, როცა მისი აზრები გაცივებულ დედამიწასთან ერთად მზის გარშემო ტრიალებენ, ექიმის ბინის გვერდით, იქ, დიდ კორპუსში ხალხი იტანჯება ავადმყოფობით და ფიზიკური უსუფთაობით;

შეიძლება რომელიმე მათგანს ახლა არა სძინავს. ზოგი მკბენარებს ებრძვის, ზოგი წითელი ქარით ავადმყოფობს, ზოგი საბრალოდ კვნესის ან მჭიდროდ დადებული ნახვევი აწუხებს; შეიძლება ავადმყოფები მომვლელებს ბანქოს ეთამაშებიან და თან არაყსა ხუხავენ. საანგარიშო წელს მოტყუებული იყო თორმეტი ათასი ადამიანი; საავადმყოფოს ყოველივე

საქმიანობა, ისევე როგორც ამ ოცი წლის წინათ, აგებულია ქურდობაზე, აყალმაყალზე, ჭორებზე, ნათლიმამობაზე, ტლანქ თაღლითობაზე და დღესაც საავადმყოფო ისევ იმ ძველებურ უზნეო და მცხოვრებლების ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნებელ დაწესებულებას წარმოადგენს. მან იცის, რომ ცხაურებიან პალატა #6-ში მსხდომ ავადმყოფებს ნიკიტა სცემს. მოისეიკა ყოველ დღე ქალაქში დაწანწალებს და მოწყალებასა თხოულობს.

მეორე მხრივ კი მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში მედიცინაში ზღაპრული ცვლილებანი მოხდა. როცა ის უნივერსიტეტში სწავლობდა, მას ეგონა, რომ მედიცინას მალე ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორიც ალქიმიას და მეტაფიზიკას, ახლა კი, როცა ის ღამ- ღამობით კითხულობს, მედიცინას აღტაცებაში მოჰყავს და მასში გაკვირვებას და სიხარულსაც კი იწვევს.

მართლაცდა, რა მოულოდნელი ბრწყინვალე წარმატებაა, როგორი რევოლუცია მოხდა მედიცინაში! ანტისეპტიკის წყალობით კეთდება ისეთი ოპერაციები, რომელთაც თვითონ დიდი პიროგოვიც კი შეუძლებლად სთვლიდა ინ სპე! ჩვეულებრივი ერობის ექიმები ბედავენ მუხლის სახსრის რეზექცია ჩაატარონ;

ასი მუცლის ღრუს განკვეთაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო სიკვდილიანობის; ორგანოების ქვით დაავადება ახლა ისეთ უბრალო სატკივრად ითვლება, რომ ამაზე სულ არაფერს წერენ. რადიკალურად არჩენენ ათაშანგს, ახლა მემკვიდრეობის თეორია, ჰიპნოზი, კოხისა და პასტერის აღმოჩენები, ჰიგიენა თავისი სტატისტიკით, ახლა  ჩვენი ერობის რუსული მედიცინა?

ფსიქიატრია ავადმყოფობათა თავისი ახლანდელი კლასიფიკაციით, მათი გამოცნობის და მკურნალობის მეთოდებით, - მასთან შედარებით, რაც უწინ იყო, მთელი იალბუზია. ახლა გიჟებს თავზე ცივ წყალს აღარ ასხამენ  და  აღარც  ცხელ პერანგებს აცმევენ; მათ ახლა ადამიანურად ეპყრობიან და როგორც გაზეთებში წერენ, მათთვის წარმოდგენებსა და ბალებსაც კი მართავენ.

ანდრეი ეფიმიჩმა იცის, რომ დღევანდელი აზროვნების და შეხედულების დროს ისეთი საზიზღრობა, რაც ხდება პალატა #6-ში, შესაძლებელია მხოლოდ ამ პატარა ქალაქში, რომელიც ორასი ვერსით არის დაშორებული რკინიგზას, იქ, სადაც ქალაქის თავი და ყველა ხმოსნები მცირე ცოდნის მდაბიონი არიან, რომელთაც ექიმი ქურუმი ჰგონიათ და რომელსაც  კრიტიკის გარეშე უნდა ადუჯერონ ყოველივე, თუნდაც ავადმყოფს გამდნარი კალა ჩაასხას პირში; სხვა ადგილას რომ იყოს ასეთი დაწესებულება, ხალხი და გაზეთები ვერ მოითმენდნენ და ნაკუწ-ნაკუწ აქცევდნენ ამ პატარა ბასტილიას.

„მერე რა? - ეკითხება თავის თავს ანდრეი ეფიმიჩი და თვალებს ახელს,-მერე რა მოხდა? ანტისეპტიკა, კოხი, პასტერი. არსებითად კი საქმის მსვლელობა სრულიადაც არბშეცვლილა. ავადმყოფობა და

სიკვდილიანობა ისევეა, გიჟებისათვის ბალებსა და წარმოდგენებს მართავენ,მაგრამ ნებას არ აძლევენ თავისუფლად იაროს, მაშასადამე, ყოველივე ეს სისულელის ჩმახვა და ამაოებაა და ვენის საუკეთესო კლინიკასა და ჩვენს საავადმყოფოს შორის არსებითად არაფერი განსხვავება არ არის“.

მაგრამ სევდა და შურის მსგავსი რამ გრძნობა ხელს უშლის მას გულგრილი იყოს. ეს, უთუოდ დაღლილობისაგან მოსდის. დამძიმებული თავი ისევ წიგნისაკენ იხრება. სახეს მოხერხებულად და რბილად ხელებზე იყრდნობს და ფიქრობს:

„მე მავნე საქმეს ვემსახურები და ჯამაგირს ვიღებ იმ ხალხისაგან, რომელსაც ვატყუებ; მე უპატიოსნო ვარ, მაგრამ მე ჩემთავად ხომ არარაობა ვარ, მე მხოლოდ ნაწილაკი ვარ აუცილებელი სოციალური ბოროტებისა. ყველა მაზრის მოხელეები მავნებლები არიან და მუქთად იღებენ ჯამაგირს... მაშასადამე, ჩემს უპატიოსნებაში მე კი არა, არამედ დროა დამნაშავე. მე რომ ორასი წლის შემდეგ გავჩენილიყავი, სულ სხვა ვიქნებოდი“.

როცა საათი სამს რეკავს, ის ლამპას აქრობს და საწოლ ოთახში შედის. არ ეძინება.

 

VIII

 

 

ამ ორი წლის წინათ ერობამ გულუხვობა გამოიჩინა და დაადგინა ყოველწლიურად დახმარების სახით მიეცეს სამასი მანეთი ქალაქის საავადმყოფოს ექიმთა შემადგენლობის ძალთა გასაძლიერებლად.

სანამ ერობის საავადმყოფო გაიხსნებოდა, ანდრეი ეფიმიჩის დასახმარებლად ქალაქმა მოიწვია მაზრის ექიმი ევგენი ფედორიჩ ხობოტოვი. ის ჯერ ძალზე ახალგაზრდა კაცია, ოცდაათი წლისაც არ არის, - მაღალი, მავგვრემანი, მაღალ ღაწვისთავებიანი და წვრილთვალებიანი. უთუოდ მისი წინაპრები უცხო ტომისანი იყვნენ.

იგი ახალგაზრდა ულამაზო ქალთან ერთად ქალაქში ჩამოვიდა, ხელში მომცრო ჩემოდნით და უგროშკაპიკოდ. ქალს მზარეულად იხსენიებდა. ამ დედაკაცს ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავს. ევგენი ფედორიჩს ჩიხაქუდი ახურავს, მაღალყელიანი წაღები აცვია, ზამთარში კი მოკლე ქურქს ატარებს. ის ფერშალ სერგეი სერგეიჩს და ხაზინადარს დაუახლოვდა. დანარჩენ მოხელეებს რატომღაც არისტოკრატებს ეძახის და ერიდება მათ. მთელ ბინაში მას ერთადერთი წიგნი აქვს - „უახლესი რეცეპტები ვენის კლინიკისა, 1881 წლისა“. ავადმყოფთან ეს წიგნიც ყოველთვის თან დააქვს. საღამოობით კლუბში ბილიარდს თამაშობს. ბანქოს თამაში არ უყვარს.

დიდი მოტრფიალეა ლაპარაკის დროს იხმაროს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: გაჭიანურება, მანტიფოლია ძმრით, თავგზის აბნევა და სხვ..

სავადმყოფოში კვირაში ორჯერ დადის, პალატებს ჩამოივლის და ავადმყოფებს იღებს. ანტისეპტიკის და კოტოშების სრული უარყოფა მას აშფოთებს, მაგრამ ახალი წესები არ შემოუღია, შიშობს ამით თავის კოლეგა ანდრეი ეფიმიჩს არ აწყენინოს. ანდრეი ეფიმიჩს ძველ გაიძვერადა თვლის, ეჭვი აქვს, რომ ის დიდი სიმდიდრის პატრონია და ეს მას ფარულად შურს. ის დიდი ხალისით დაიკავებდა მის ადგილს.

 

VIII

 

 

გაზაფხულის ერთ საღამოს, მარტის ბოლოს, როცა დედამიწაზე თოვლი აღარ იდო, ხოლო საავადმყოფოს ბაღში შოშიები უსტვენდნენ, ექიმმა ჭიშკრამდე მიაცილა თავისი მეგობარი ფოსტის უფროსი. სწორედ ამ დროს ეზოში შემოდიოდა ურია მოისეიკა თავისი ნადავლით. იგი უქუდოდ იყო, შიშველს ფეხები პატარა დაფხრეწილ კალოშებში წაეყო და ხელში პატარა პარკით შეგროვილი მოწყალება ეჭირა.

- მომეცით ერთი კაპიკი! - სიცივისაგან აკანკალებულმა და მოღიმარემ მიმართა ექიმს.

ანდრეი ეფიმიჩმა, რომელიც არასდროს უარს არავის ეტყოდა, ორშაურიანი მისცა.

„რა ცუდია, -  გაიფიქრა მან, და დააცქერდა მის შიშველ ფეხებს, გაწითლებულ, გალეულ კოჭებს, - ხომ სისველეა.“

ამ სანახაობით ექიმს სიბრალულის და ზიზღის მსგავსი გრძნობა აღეძრა გულში, იგი ფეხდაფეხ შეჰყვა ურიას ფლიგელში, თან ხან მის მელოტ თავს და ხან გალეულ კოჭებს აცქერდებოდა. შესავალში ძონძების გროვიდან წამოხტა ნიკიტა და ექიმს წინ გამოეჭიმა.

- გამარჯობა, ნიკიტა, - რბილადთ უთხრა ანდრეი ეფიმიჩმა. - როგორმე ამ ურიას ეგებ წაღები მივცეთ, თორემ გაცივდება...

- მესმის, თქვენო აღმატებულებავ, ზედამხედველს მოვახსენებ.

- გეთაყვა, ჩემი სახელით სთხოვე, უთხარი, რომ მე ვთხოვ.  წინკარიდან პალატაში შემავალი კარები ღია იყო. საწოლზე მწოლარე

ივან დიმიტრიჩი წამოიწია, ნიდაყვს დაეყრდნო და შეშფოთებული ყურს უგდებდა უცხო ხმას.უცებ ექიმი იცნო, განრისხებული, მთელი სხეულით აკანკალდა, გადმოკარკლული თვალებით, გაბოროტებული, აჭარხლებული, წამოხტა და პალატის შუა ადგილას გამოვარდა.

- ექიმი მოვიდა! - შეჰყვირა მან და გადაიხარხარა. - ძლივს! ბატონებო, გილოცავთ, ექიმმა თავისი დარბაზობის ღირსი გაგვხადა! წყეული, გველაძუა! - შეჰყვირა ივან დიმიტრიჩმა და ფეხი დაჰკრა, ის ასეთი საშიშარი სახისა ჯერ პალატაში არ ენახათ. - მოვკლათ ეგ გველაძუა. არა, სიკვდილი ცოტაა მაგისთვის! სიბინძურის ორმოში ჩავახრჩოთ!

ანდრეი ეფიმიჩმა ამის გაგონებაზე წინკარიდან პალატაში შეიხედა და მოფერებით ჰკითხა:

- რისთვის?

- რისთვის? - შეჰყვირა ივან დიმიტრიჩმა, მანჭვა-გრეხით ხალათში გაეხვია, მუქარით მიუახლოვდა. - რაზე? ქურდო! - ზიზღით წარმოთქვა მან და ტუჩები ისე მომართა, თითქოს უნდა მიაფურთხოსო, - თაღლითო! ჯალათო!

- დამშვიდდით, - უთხრა დამნაშავესავით მოღიმარმა ანდრეი ეფიმიჩმა,

- გარწმუნებთ მე არასდროს არაფერი მომიპარავს, დანარჩენში კი თქვენ მეტად აჭარბებთ. მე ვხედავ, რომ თქვენ ჩემზე გაჯავრებული ხართ. გთხოვთ დამშვიდდეთ, თუ შეგიძლიათ, გულგრილად მითხარით, რაზე ჯავრობთ?

- მითხარით, რისთვის მაკავებთ მე აქ?

- იმიტომ, რომ თქვენ ავადა ხართ.

- დიახ, ავადა ვარ. მაგრამ ათეული, ასეული გიჟები ხომ თავისუფლად სეირნობენ იმიტომ, რომ თქვენი უვიცობით ვერ გამოგირჩევიათ ისინი ჯანსაღებისაგან. რატომ მე და ყველა ეს უბედურები აქ უნდა ვისხდეთ, ყველას მაგივრად, სხვისი ცოდვების მოსანანიებლად? თქვენ, ფერშალი, ზედამხედველი და საავადმყოფოს ყველა არამზადა, ზნეობრიობის მხრივ ყველა ჩვენგანზე უზომოდ დაბლა დგახართ. მაშ, რატომ ჩვენ ვსხედვართ აქ და არა თქვენ! სად არის აქ ლოგიკა?

- ზნეობრივი მხარე და ლოგიკა აქ რა შუაშია. ყველაფერი შემთხვევის ბრალია. ვინც ჩასვეს, ისა ზის. ვინც არ ჩასვეს, ის დასეირნობს, მორჩა და გათავდა. რომ მე ექიმი ვარ, თქვენ კი სულით ავადმყოფი, ამაში არ არის არც ზნეობრიობა, არც ლოგიკა, ეს მხოლოდ უბრალო შემთხვევაა.

- ეგ სისულელე მე არ მესმის... - ყრუდ წაილაპარაკა ივან დიმიტრიჩმა და თავის საწოლზე დაჯდა.

მოსეიკამ, რომლის გაჩხრეკასაც მოერიდა ნიკიტა ექიმის აქ ყოფნის გამო, თავის საწოლზე დააწყო პურის ნატეხები, ქაღალდები, კურკები და, ჯერ ისევ სიცივისაგან აკანკალებულმა, სწრაფი და მოღიღინე ხმით რაღაცა წაილუღლუღა ებრაულ ენაზე. ალბათ, მან წარმოიდგინა, რომ დუქანი გახსნა.

- გამათავისუფლეთ, - შესთხოვა ივან დიმიტრიჩმა და ხმა აუკანკალდა.

- არ შემიძლია.

- მაინც რატომ? რატომ?

- იმიტომ, რომ მე ამის უფლება არა მაქვს. აბა განსაჯეთ, რა სარგებლობა გექნებათ მე რომ გაგიშვათ? წადით, თქვენ დაგაკავებენ მოქალაქენი ან პოლიცია და უკანვე დაგაბრუნებენ.

- დიახ, დიახ, ეგ მართალია. - წარმოთქვა ივან დიმიტრიჩმა და შუბლი მოისრისა. - ეს საშინელებაა! მაშ აბა რა ვქნა? რა?

ივან დიმიტრიჩის ხმა და მისი ახალგაზრდული ჭკვიანური, მანჭია სახე მოეწონა ანდრეი ეფიმიჩს. მას მოესურვა მოფერებოდა ახალგაზრდა კაცს, დაემშვიდებინა. გვერდით მოუჯდა საწოლზე, დაფიქრდა და თქვა:

- და თქვენ მეკითხებით, რა უნდა ვქნაო? თქვენისთანა მდგომარეობაში მყოფთათვის ყველაზე უკეთესი იქნება აქედან გაქცევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უაზრობაა, თქვენ დაგიჭერენ. როდესაც საზოგადოება თავს იცავს დამნაშავეებისაგან, ფსიქიური ავადმყოფებისაგან და საზოგადოდ მათთვის გამოუსადეგარ  ადამიანებისაგან, მაშინ ის უძლეველია. თქვენ ერთიღა გრჩებათ: დამშვიდდეთ და შეურიგდეთ იმ აზრს, რომ თქვენი აქ ყოფნა საჭიროა.

- ეს არავისთვის არ არის საჭირო.

- რაკი არსებობს ციხეები და სულით ავადმყოფთა სახლი, იქ ვინმე ხომ უნდა იჯდეს! თქვენ არა, მაშ მე. მე არა, მაშ ვინმე სხვა - მესამე. მოითმინეთ, ოდესმე, შორეულ მომავალში, მოისპობა ციხეები და სულით ავადმყოფთა სახლები, აღარც ფანჯრებზე აღარ იქნება ცხაურები და არც ხალათები, რასაკვირველია, ასეთი დრო ადრე თუ გვიან დადგება.

ივან დიმიტრიჩმა დაცინვით გაიღიმა.

- თქვენ ხუმრობთ, - თქვა და თვალები მოჭუტა. - იმისთანა ბატონებს, როგორიც თქვენა და თქვენი თანაშემწე ნიკიტა ხართ, საერთო არაფერი აქვთ მომავალთან, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, უკეთესი დრო დადგება. დაე, მე უგვანოდ გამოვხატო ჩემი აზრი, დამცინეთ, მაგრამ ახალი ცხოვრების განთიადი ამობრწყინდება, სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ქუჩაზეც იქნება დღესასწაული! მე ვერ მოვესწრები, ჩავიხრჩობი, სამაგიეროდ ვისიმე შვილიშვილები მოესწრებიან. სულით და გულით ვესალმები მათ და მახარებს, მახარებს მათი სიკეთე! წინ! ღმერთი იყოს თქვენი შემწე, მეგობრებო!

ივან დემეტრიჩი გაბრწყინებული თვალებით წამოდგა, ფანჯრისკენ ხელები გაიშვირა და მღელვარე ხმით განაგრძობდა:

- ამ ცხაურებიდან გლოცავთ თქვენ! გაუმარჯოს სიმართლეს! ვიშ,

როგორა ვხარობ!

- მე ვერ ვხედავ სიხარულის განსაკუთრებულ მიზეზს, - თქვა ანდრეი ეფიმიჩმა, რომელსაც ივან დიმიტრიჩის მოძრაობა თეატრალურად ეჩვენა და იმავე დროს მეტად მოეწონა, - ციხეები და სულით ავადმყოფთა სახლები აღარ იქნება და სიმართლე, როგორც თქვენ კეთილ ინებეთ და სთქვით, გაიმარჯვებს, მაგრამ არსებითად საგნები არ შეიცვლებიან, ბუნების კანონები ისევ დარჩებიან. ხალხი იავადმყოფებს, დაბერდება და დაიხოცება ისევე, როგორც ახლა. როგორმა ბრწყინვალე განთიადმაც არ უნდა გააშუქოს ჩვენი ცხოვრება, მაინც ბოლო და ბოლო ესაა: კუბოში ჩაგვჭედენ და ორმოში ჩაგვაგდებენ.

- მერე, უკვდავება?

- ეჰ, კმარა!

- თქვენ არა გწამთ, მე კი მწამს. დოსტოევსკის თუ ვოლტერის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: ღმერთი რომ არ ყოფილიყო, მაშინ მას თვით ხალხი გამოიგონებდაო. მე კი ღრმად მწამს, თუ არ არსებობს უკვდავება, მაშინ მას ადრე თუ გვიან კაცობრიობის დიდი გონება გამოიგონებს.

- კარგად არის ნათქვამი, - წაილაპარაკა სიამოვნებისგან მოღიმარმა ანდრეი ეფიმიჩმა. ეს კარგია, რომ მორწმუნე ხართ. ასეთი რწმენით კედელში ცოცხლად ამოქოლილსაც კი არხეინად შეგიძლიათ იცხოვროთ. განათლება მიიღეთ სადმე?

- დიახ, მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ არ  დამიმთავრებია.

- თქვენ აზრიანი და დაკვირვებული კაცი ხართ. ყოველგვარ გარემოცვაში თქვენი სიმშვიდე თქვენშივე შეგიძლიათ ჰპოვოთ. თავისუფალი და ღრმა აზროვნება, რომელიც ისწრაფვის ჩასწვდეს და გაიგოს ცხოვრება და მთელი ზიზღი ქვეყნის უაზრო ამაოებისადმი - აი, ორი სიკეთე, რომლის უმაღლესი რამ არასოდეს არ იცოდა ადამიანმა და თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ მას, თუნდა სამმაგი ცხაურის იქით ცხოვრობდეთ. დიოგენი კასრში ცხოვრობდა, მაგრამ ყველა მიწიერ მეფეზე ბედნიერი იყო.

- თქვენი დიოგენი რეგვენი იყო.- დაღვრემით თქვა ივან დიმიტრიჩმა.-რად მელაპარაკებით დიოგენზე და რაღაცა ცხოვრების გაგებაზე?-  უცებ გაჯავრდა იგი და წამოხტა. - მე სიცოცხლე მიყვარს, გაშმაგებით მიყვარს! მე დევნითი მანიით ვარ შეპყრობილი; მუდმივი მტანჯველი შიშით, მაგრამ მაქვს ისეთი წუთებიც, როდესაც სიცოცხლის უდიდესი წყურვილი მიპყრობს, და მაშინ მეშინია ჭკუიდან არ შევიშალო! საშინლად მწყურია სიცოცხლე, საშინლად!

აღელვებულმა პალატაში გაიარ-გამოირა და ხმადაბლა დაუმატა:

- როდესაც ვოცნებობ, მეზმანებიან მოჩვენებები, ჩემთან დადიან ვიღაც ადამიანები, მესმის ხმები, მუსიკა და მეჩვენება, რომ რომელიღაც ტყეებში, ხევის პირზე ვსეირნობ. და მაშინ გატაცებით მსურს ხოლმე მოუსვენარი ფაციფუცი, ზრუნვა... აბა, მითხარით, იქ რაღა არის ახალი? - შეეკითხა ივან დიმიტრიჩი. - რა ხდება იქ?

- ჩვენი ქალაქის შესახებ მეკითხებით თუ საზოგადოდ?

- აბა, ჯერ ქალაქზე მიამბეთ რაიმე, მერე - საზოგადოდ.

- რა გითხრათ? ქალაქში გულისგამწვრილებელი მოწყენილობაა... არ არის კაცი, რომ სიტყვა უთხრა, არავინ არის ისეთი, რომ მოუსმინო; ახალი ადამიანები არ არიან. თუმცა, ახლახან ჩამოვიდა ახალგაზრდა ექიმი ხობოტოვი.

- ეს ჯერ კიდევ ჩემ დროს ჩამოვიდა. ხეპრეა, არა?..

- დიახ, უკულტურო ადამიანია. უცნაურია, იცით რა... თითქოს ჩვენ დედაქალაქში გონებრივი ჩამორჩენილობა არ უნდა იყოს. პირიქით, ყველანი განვითარებისაკენ ისწრაფვიან. მაშასადამე, სწორედ იქ უნდა იყვნენ ნამდვილი ადამიანები, მაგრამ რატომღაც იქიდან ჩვენთან მუდამ ისეთ ხალხს გზავნიან, რომელთა შეხედვაც კი შეგზარავს. უბადრუკი ქალაქია!

- დიახ. უბადრუკი ქალაქი! - ამოიოხრა ივან დიმიტრიჩმა და გაიცინა.

-საერთოდ რაღა ხდება ქვეყნად? რასა წერენ ჟურნალ-გაზეთებში?

პალატაში ჩამობნელდა. ექიმი წამოდგა და ფეხზე მდგომმა უამბო, თუ რასა წერენ საზღვარგარეთ ან რუსეთში და როგორი მიმართულება ემჩნევა ამჟამად აზრს. ივან დიმიტრიჩი ყურადღებით უსმენდა, შეკითხვებს აძლევდა, მაგრამ უეცრად, თითქოს რაღაცა საშინელება მოაგონდაო, თავში ხელი იტაცა და საწოლზე წამოწვა, ექიმისკენ ზურგშექცეული.

- რა დაგემართათ? - შეეკითხა ანდრეი ეფიმიჩი.

- თქვენ ჩემგან ვერც ერთ სიტყვას ვეღარ გაიგონებთ! - უხეშად წაილაპარაკა ივან დიმიტრიჩმა. - თავი დამანებეთ!

- რატომ?

- გეუბნებით, თავი დამანებეთ-მეთქი! რა ეშმაკს გადავეკიდე? ანდრეი ეფიმიჩმა მხრები აიჩეჩა, ამოიოხრა და გავიდა. წინკარში

გავლის დროს წაილაპარაკა:

- აქაურობა იქნებ როგორმე მოასუფთაო, ნაკიტა... საშინელი მძიმე სუნია!

- მესმის. თქვენო მაღალკეთილშობილებავ!

„რა სასიამოვნო ახალგაზრდა ყმაწვილია! - ფიქრობდა თავის ბინისკენ მიმავალი ანდრეი ეფიმიჩი, -- ამ ხნის განმავლობაში, რაც მე აქა ვცხოვრობ, მგონი ეს პირველია, რომელთანაც შეიძლება ისაუბრო, მას მსჯელობა ეხერხება და აინტერესებს სწორედ ის, რაც საჭიროა“.

კითხვის დროს და მაშინაც, როცა დასაძინებლად წვებოდა, ანდრეი ეფიმიჩი სულ ივან დიმიტრიჩზე ფიქრობდა. მეორე დღეს დილით რომ გამოიღვიძა, გაახსენდა გუშინ გაცნობილი

ონიერი და საინტერესო ადამიანი და გადაწყვიტა ერთხელ კიდევ შეევლო მასთან, როგორც კი საშუალება ექნებოდა,

 

X

 

 

ივან დიმიტრიჩი იმავე მდგომარეობაში იწვა, როგორშიც გუშინ დატოვა

- ხელები თავზე შემოეხვია, ფეხები მოეკუნტა, პირისახე სრულიად არ უჩანდა.

- გამარჯობათ, ჩემო მეგობარო! - მიესალმა ანდრეი ეფიმიჩი. - ხომ არა გძინავთ?

- ჯერ ერთი, მე თქვენი მეგობარი არა ვარ. -  წაილუღლუღა ბალიშში სახეჩაფლულმა ივან დიმიტრიჩმა. - და მეორეც, თქვენ ტყუილად ცდილობთ: ჩემგან ვერც ერთ სიტყვას ვერ ეღირსებით.

- უცნაურია... - წაიბურტყუნა შემკრთალმა ანდრეი ეფიმიჩმა. - გუშინ ჩვენ ერთად ისე მშვიდად ვმსჯელობდით, მაგრამ თქვენ ერთბაშად რაღაც გეწყინათ და უცებ შეწყვიტეთ... შესაძლებელია, მე უხერხულად ვთქვი რამე, ან შეიძლება ისეთი აზრი გამოვთქვი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თქვენს რწმენას...

- დიახ, უცებ არ დაგიჯეროთ! - უთხრა ივან დიმიტრიჩმა. - წამოიწია და შეშფოთებული, ჩაწითლებული თვალები ექიმს მიაშტერა. - შეგიძლიათ სხვაგან წაბრძანდეთ, იჯაშუშოთ და აწამოთ ხალხი, აქ კი თქვენ საქმე არა გაქვთ. მე გუშინვე მიგიხვდით, რისთვისაც მობრძანდით აქ.

- უცნაური ფანტაზიაა! - გაიცინა ექიმმა. - მაშასადამე, თქვენ ფიქრობთ, რომ მე ჯაშუში ვარ?

- დიახ, ვფიქრობ... ჯაშუში ან ექიმი, რომელთანაც დამაწვინეს საწამებლად, - ეს სულერთია.

- მართლაც, როგორი ყოფილხართ... მაპატიეთ, მაგრამ... უცნაური!

ექიმი მის საწოლთან ახლო მდგომ ტაბურეტზე ჩამოჯდა და საყვედურით თავი გაიქნია.

- მაგრამ ვთქვათ, რომ თქვენ მართალი ხართ, - დაიწყო მან, - დავუშვათ, რომ მე გამცემივით ლაპარაკის დროს სიტყვებით გიჭერთ და მინდა, რომ პოლიციის ხელში ჩაგაგდოთ. თქვენ დაგატუსაღებენ და მერე გაგასამართლებენ, მაგრამ განა სასამართლოში ან ციხეში თქვენ ამაზე უარეს პირობებში იქნებით, ვიდრე აქ? ხოლო, თუ გადაგასახლებენ და კატორღაშიც კი გაგაგზავნიან, განა ის კი უარესი იქნება ამ ფლიგელში ყოფნაზე? ვგონებ ამაზე უარესი არ იქნება.. რიღასი გეშინიათ?

ეტყობა ამ სიტყვებმა იმოქმედეს ივან დიმიტრიჩზე. ის წყნარად წამოჯდა.

საღამოს მეხუთე საათი იყო, სწორედ ის დრო, როდესაც ანდრეი ეფიმიჩი ჩვეულებრივად თავის ოთახში დადის ხოლმე და დარიუშკა ეკითხება, ლუდის დალევის დრო ხომ არ არისო. გარეთ მშვიდი, ნათელი დარი იდგა.

- აი, მე სადილის შემდეგ გასასეირნებლად გამოვედი, როგორც ხედავთ, თქვენთანაც შემოვიარე. - თქვა ექიმმა. - ნამდვილი გაზაფხულია.

- ახლა რომელი თვეა? მარტი? - შეეკითხა ივან დიმიტრიჩი.

- დიახ, მარტის დამლევი..

- ტალახია გარეთ?

- არა, არც ისე. ბაღის ბილიკები უკვე მშრალია.

- ახლა კარგია ეტლით გაისეირნო სადმე ქალაქგარეთ, -თქვა ივან დიმიტრიჩმა და, თითქოს ნამძინარევიაო, დაწითლებული თვალები მოისრისა, - მერე სახლში დაბრუნდე თბილ, მყუდრო კაბინეტში და... რიგიან ექიმთან თავის ტკივილის მკურნალობა... დიდი ხანია მე ადამიანურად აღარ მიცხოვრია. აქ კი საზიზღრობაა! აუტანელი საზიზღრობა!

გუშინდელი ღელვისგან მოქანცული და მოშლილი, უხალისოდ ლაპარაკობდა. ხელის თითები უკანკალებდა და სახეზეც ეტყობოდა, რომ თავი ძალიან სტკიოდა.

- თბილ, მყუდრო კაბინეტსა და ამ პალატას შორის არაფერი განსხვავება არაა,- უპასუხა ანდრეი ეფიმიჩმა. - მოსვენება და კმაყოფილება ადამიანის გარეშე კი არ არის, არამედ თვით ადამიანშია.

-ესე იგი, როგორ?

- ჩვეულებრივად ადამიანი ცუდს ან კარგს გარედან ელის, ესე იგი,

ეტლიდან და კაბინეტიდან, მოაზროვნე კი - თავისი თავისაგან.

- წადით, ეგ ფილოსოფია საბერძნეთში იქადაგეთ, სადაც სითბოა და პომერანცის სუნი ტრიალებს. აქ კი ეს ამ ჰავას არ შეეფერება, ვის ველაპარაკებოდი დიოგენზე? მგონი თქვენ.

- დიახ, გუშინ ჩემთან ლაპარაკობდით.

- დიოგენს კაბინეტი არ სჭირდებოდა და არც თბილი სადგომი; იქ უამისოდაც ცხელა. აწექი კასრში და ჭამე ფორთოხლები და ზეთისხილი.მაგრამ თუ მოუხდებოდა მას რუსეთში ცხოვრება, მაშინ ის დაკემბერში კი არა , მაისშიაც კი მოითხოვდა ოთახში ყოფნას. ნუ გეშინია, სიცივე კარგად მოკრუნჩხავდა მას!

- არაფერია - სიცივე და საზოგადოდ ყოველგვარი ტკივილი შეიძლება არც კი იგრძნო. მარკ ავრელიუსმა თქვა: „ტკივილი არის მკვეთრი წარმოდგენა ტკივილზე;  ძალა დაატანე თავს, ნებისყოფა გამოიჩინე, რომ შესცვალო ეს წარმოდგენა, მოიშორე იგი, ნუღარ ჩივი, და ტკივილი გაქრება“.. ეს მართალია. ბრძენი ან ჩვეულიბრივი მოაზროვნე, დაფიქრებული ადამიანი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ტანჯვა სძულს, ის მუდამ კმაყოფილია და არაფერი არ აკვირვებს.

- მაშასადამე, მე რეგვენი ვარ, ვინაიდან მე ვიტანჯები, უკმაყოფილო ვარ და მაკვირვებს ადამიანის ფლიდობა.

- ეს თქვენ სულ ტყუილ-უბრალოდ გგონიათ, თქვენ თუ ხშირად უფრო ღრმად ჩაუკვირდებით ცხოვრებას, მაშინ მიხვდებით, რამდენად არარაობაა ყოველივე ის გარეგანი, რაც გვაღელვებს. ჩვენ უნდა ვისწრაფოთ გავიგოთ და ჩავწვდეთ ცხოვრებას. ამაშია ჭეშმარიტი სიკეთე.

- ცხოვრების გაგება და ჩაწვდომა, - მოიღუშა ივან დიმიტრიჩი.- გარეგანი, შინაგანი.. ბოდიში, მე ეს არ მესმის. მე ვიცი მხოლოდ, - თქვა მან, ფეხზე წამოდგა და გაჯავრებით დააცქერდა ექიმს, - მე ვიცი, რომ ღმერთმა გამაჩინა თბილი სისხლისა და ნერვებისაგან.

დიახ! ორგანული ქსოვილი კი, თუ მას სიცოცხლის უნარი შესწევს, უნდა უპასუხებდეს ყოველგვარ გაღიზიანებას, და მეც ვეწინააღმდეგები! ტკივილებს ყვირილით და ცრემლებით ვუპასუხებ, ფლიდობას - გულისწყრომით და საძაგლობას - ზიზღით.

ჩემის აზრით, სწორედ აი ამას ჰქვია ცხოვრება. რამდენადაც ორგანიზმი დაბალია განვათარებით, იმდენად ნაკლებ მგრძნობიარეა და ამდენად ის სუსტად უპასუხებს გაღიზიანებას, და, რამდენადაც განვითარებულია, იმდენად უფრო ამთვისებელი, და სინამდვილეს ენერგიულად ეპასუხება.

ეს როგორ არ უნდა იცოდეთ? ექიმია და ასეთი უბრალო რამე არ იცის! რომ გძულდეს ტანჯვა, იყო ყოველთვის კმაყოფილი და არაფერი არ გაკვირვებდეს, უნდა მიაღწიო აი, ასეთ მდგომარეობამდე,- და ივან დიმიტრიჩმა მიუთითა დამრგვალებულ,

ქონში მოთამთამე გლეხზე. - ანდა შენი თავი ტანჯვაში უნდა გამოაწრთო იმ ზომამდე, როძ დაკარგო ყოველგვარი გრძნობიერება მისდამი, ესე იგი, სხვანაირად რომ ვთქვათ, შესწყვიტო სიცოცხლე. ბოდიში, მე არც ბრძენი ვარ და არც ფილოსოფოსი, - განაგრძობდა აღშფოთებით ივან დიმიტრიჩი, - და ამისი არა გამეგება რა. მე მსჯელობის უნარი აღარ შემწევს.

- პირიქით, თქვენ მშვენივრად მსჯელობთ.

- სტოელები, რომელთაც თქვენ ამასხარავებთ, შესანიშნავი  ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათი მოძღვრება ჯერ კიდევ ამ ორი ათასი წლის წინათ გაიყინა და ერთი ბეწოთიც არ წაწეულა წინ და არც წაიწევს, ვინაიდან იგი არაპრაქტიკული და ცხოვრებისთვის უვარგისია.

ამ მოძღვრებას წარმატება მხოლოდ უმცირესობაში ჰქონდა, რომელნიც მთელ თავის სიცოცხლეს ყველანაირი მეცნიერების გულმოდგინე და ზედმიწევნით შესწავლას ანდომებდნენ. უმრავლესობას კი მისი არა გაეგებოდა რა. მოძღვრება, რომელიც ქადაგებდა - ადამიანი გულგრილად შეხვედროდა სიმდიდრეს, წესიერად მოწყობილ ცხოვრებას, ზიზღს ტანჯვისა და სიკვდილისადმი, ყოვლად გაუგებარი იყო დიდი უმრავლესობისათვის, რადგანაც ამ უმრავლესობამ არასდროს არ იცოდა რა იყო სიმდიდრე ან წესიერი ცხოვრება; და, ტანჯვის სიძულვილი, მათი აზრით, იმას ნიშნავდა, რომ მას თვით სიცოცხლეზე უარი ეთქვა, ვინაიდან ადამიანი მთელი თავისი არსებით შეიგრძნობს შიმშილს, დანაკლისს, სიცივეს, წყენას, შეურაცხყოფას და სიკვდილის წინაშე ჰამლეტისებურ შიშს.

და სწორედ ამ შეგრძნებისაგან შედგება მთელი ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ შეიძლება გვიმძიმდეს ეს ცხოვრება, გვძულდეს კიდეც იგი, მაგრამ არ უნდა გვეზიზღებოდეს. დიახ, ასეა. ვიმეორებ, სტოელების მოძღვრებას არასოდეს არ ექნება მომავალი; როგორც ხედავთ, საუკუნეების დასაწყისიდან დღევანდლამდე ვითარდება: ბრძოლა, ტკივილებისადმი მგრძნობელობა და გაღიზიანებაზე პასუხის გაცემა.

ივან დიმიტრიჩს უცებ აზრის ძაფი გაუწყდა. იგი შეჩერდა და გულდაწყვეტილმა შუბლიღა მოისრისა.

- რაღაცა საყურადღებო მინდოდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი, - თქვა მან.

- რაზე ვლაპარაკობდი? დიახ. მე იმას ვამბობდი: რომელიღაც სტოელმა თავისი თავი მონად გაჰყიდა იმიტომ, რომ თავისი მოყვასი გამოესყიდა. აა… ხედავთ, სტოოელზედაც იმოქმედა გაღიზიანებამ, რადგანაც ისეთი დიდსულოვანი აქტის ჩადენისათვის, როგორიც არის თავისი თავის დამცირება მოყვასისათვის, საჭიროა აღშფოთებული და

სიბრალულით გამსჭვალული სული. აქ, ციხეში, მე ყველაფერი დამავიწყდა, რაც კი ვისწავლე, თორემ კიდევ რამეს მოვიგონებდი. ავიღოთ თუნდაც ქრისტე. ქრისტემ სინამდვილეს უპასუხა იმით, რომ

ტიროდა, იღიმებოდა, წუხდა, წყრებოდა და კაეშნითაც კი იყო მოცული; იგი ღიმილით კი არ შეეგება წამებას, ზიზღით კი არ უმზერდა სიკვდილს, არამედ ღაღადებდა გეთსიმანიის ბაღში: „უკეთუ შესაძლებელ არს თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე“.

ივან დიმიტრიჩმა გაიცინა და დაჯდა.

- ვთქვათ, მოსვენება და კმაყოფილება ადამიანის გარემოცვაში კი არ არის, არამედ თვითონ ადამიანშივეა. - წარმოთქვა მან. - დავუშვათ, რომ უნდა გვძულდეს ტანჯვა- ვაება და არაფერი არ გვიკვირდეს. მაგრამ თქვენ თვითონ რა საფუძველზე ქადაგებთ ამას? თქვენ ბრძენი ხართ? ფილოსოფოსი?

- არა, მე ფილოსოფოსი არა ვარ, მაგრამ ეს უნდა იქადაგოს ყველამ, იმიტომ, რომ ეს გონივრულია.

- არა, მე მინდა ვიცოდე, რატომ სთვლით თქვენ თავს ამ ცხოვრების გაგების, შეგრძნების, ტანჯვის, სიძულვილის და სხვა ასეთების დიდ მცოდნედ? განა თქვენ ოდესმე გამოგიცდიათ ტანჯვა? გაქვთ კი თქვენ წარმოდგენა ტანჯვა-ვაებაზე? ნება მიბოძეთ, გავიგო: თქვენ პატარაობისას გცემდნენ?

- არა, ჩემს მშობლებს ასეთი დასჯა სძულდათ.

- მე კი პაპაჩემი სასტიკად მროზგავდა. მამაჩემი მკაცრი, ბუასილიანი მოხელე იყო, გრძელცხვირა და ყვითელკისერა. მაგრამ ჯერ თქვენზე ვილაპარაკოთ. მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში, თქვენთვის თითიც არავის დაუკარებია, არავის არ შეუშინებიხართ, არ დაუჩაგრიხართ; თქვენ, ხარივით ჯანსაღი ხართ, მამის კალთის ქვეშ გაზრდილი, მის ხარჯზე სწავლობდით და იზრდებოდით, შემდეგში კი უცებ ხელში ჩაიგდეთ სინეკურა. ოც წელზე მეტ ხანს თქვენ უფასო ბინაში ცხოვრობდით, გათბობით, განათებით და მოსამსახურით, ამასთანავე

უფლება გქონდათ, როგორც გსურდათ და რამდენიც გინდოდათ გემუშავნათ; თუ არა გსურდათ, არაფერს გააკეთებდით. ბუნებით თქვენ ზარმაცი კაცი ხართ, მიშვებული, და ამიტომაც ცდილობდით ისე მოგეწყოთ თქვენი ცხოვრება, რომ თქვენ არაფერს შეეწუხებინეთ და

ადგილიდან არ დაეძარით. საავადმყოფოს საქმეები ფერშალს და სხვა

არამზადებს ჩააბარეთ, თქვენ კი თბილად და რბილად ბრძანდებოდით, ფულებს აგროვებდით, წიგნებს კითხულობდით, სტკბებოდით მიუწვდომელ აბდაუბდაზე ფიქრით და (ივან დიმიტრიჩმა ექიმის წითელ ცხვირს გადახედა) სასმელს ხუხავდით.

ერთი სიტყვით, თქვენ ცხოვრება სულ არ გინახავთ, სრულებით არ იცნობთ მას. ცხოვრებას სინამდვილეში მხოლოდ თეორიულად იცნობთ, არც ტანჯვა და არაფერი არ გაკვირვებთ სრულიად უბრალო მიზეზის გამო: ამაოება-ამაოებათა, შინაგანი და გარეგანი ათვალწუნება ცხოვრების, ტანჯვისა და სიკვდილისა, ცხოვრების გაგება და ჭეშმარიტი სიკეთე - ასეთი ფილოსოფია ზედ გამოჭრილია რუსეთის ზანტი კაცისათვის. მაგალითად, თქვენ ხედავთ,

გლეხკაცი როგორა სცემს თავის ცოლს. რად მივეშველო? დაე, ცემოს, სულერთია, ადრე თუ გვიან ორივენი დაისჯებიან; და სხვას რომ მუშტებით სცემს, ამით ის ამცირებს თავის თავს და არა იმას. ლოთობა სისულელეა, უწესობაა, მაგრამ დალევ - მოკვდები, არ დალევ - მოკვდები.

მოდის ბებერი დედაკაცი, კბილები სტკივა... მერე რა? ტკივილი არის წარმოდგენა ტკივილზე და ამასთანავე უსატკივროდ ვერ იცხოვრებ ამ ქვეყანაზე. ყველანი დავიხოცებით, ამიტომ გამშორდი, ბებერო, ნუ მიშლი აზროვნებას და არყის სმას. ახალგაზრდა კაცი რჩევას გთხოვთ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რომ ვიცხოვროო.

სხვა რომ ყოფილიყო, ვიდრე პასუხს მისცემდა, ჩაუფიქრდებოდა, თქვენ კი დამზადებული პასუხი მიახალეთ: ისწრაფე ცხოვრების გაგების, ანდა ჭეშმარიტი სიკეთისკენო. მაგრამ რა არის ეს ფანტანსტიკური, „ჭეშმარიტი სიკითე“? პასუხს, რასაკვირველია, ვერ მიიღებ, ჩვენ აქ ცხაურების იქით ვართ დამწყვდეულები, ვიხრწნებით, გვაწამებენ, მაგრამ, თქვენი აზრით, ეს მშვენიერი და გონივრული რამ არის, იმიტომ, რომ ამ პალატასა და თბილ, მყუდრო კაბინეტს შორის თურმე განსხვავება არ არის.

მოხერხებული ფილოსოფიაა: რა ენაღვლება. მეტი რა საქმე აქვს, სინდისი სუფთა აქვს და თავსაც ბრძენადა თვლის... არა, მოწყალეო ხელმწიფევ, ეს არც ფილოსოფიაა, არც აზროვნება, არც ღრმა შეხედულება, არამედ - სიზარმაცე, ფაკირობა და მათრობელი ბანგით გაბრუება... დიახ! - კვლავ აღშფოთდა ივან დიმიტრიჩი. - ტანჯვა სძულს. აბა ერთი თითი მოაყოლონ კარებში, ვნახოთ ხმამაღლა დაიღრიალებენ თუ არა!..

- დიახ, შეიძლება არც ვიღრიალო. - წარმოთქვა წყნარად მოღიმარმა ანდრეი ეფიმიჩმა.

- დიახ,როგორ არა! აბა ერთი დამბლა დაგეცეს, ან, ვთქვათ, რომელიმე სულელი, თავხედი, რომელიც თავისია მდგომარეობით და ჩინებით თავგამოდებული ყოყოჩობს, ცდილობს საქვეყნოდ შეგარცხვინოთ და თქვენ იცოდეთ, რომ ეს საქციელი მას დაუსჯელად ჩაუვლის, - აი, სწორედ მაშინ მიხვდებით, თუ როგორ უნდა გაისტუმრო სხვები ცხოვრების გაგებისა და ჭეშმარიტი სიკეთისაკენ.

- ეს ორიგინალურია. - თქვა სიამოვნებით მოცინარმა ანდრეი ეფიმიჩმა და ხელები მოიფშვნიტა. - მესიამოვნა და მაოცებს თქვენი მიდრეკილება განზოგადებისადმი, ჩემი დახასიათება კი, რომელიც ახლა ინებეთ და მოგვახსენეთ, სწორედ ბრწყინვალეა. გამოგიტყდებით, თქვენთან საუბარი უღრმეს სიამოვნებას მგვრის. მაშ ასე, მე თქვენ მოგისმინეთ, ახლა კეთილ ინებეთ და მეც მომისმინეთ.

 

XI

 

 

ამ საუბარმა თითქმის ერთ საათამდე კიდევ გასტანა და, როგორც ჩანს, ანდრეი ეფიმიჩზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მან ყოველდღე დაიწყო ფლიგელში სიარული. იგი დილაობით და სადილის შემდეგ

მიდიოდა და ხშირად კიდეც დაუღამდებოდა ხოლმე ივან დიმიტრეჩთან საუბარში. პირველ ხანს ივან დიმიტრიჩი ერიდებოდა, იგი ეჭვობდა ბოროტი განზრახვა ხომ არ აქვსო და თავის მტრულ განწყობილებას გულახდილად ავლენდა, შემდეგში კი მიეჩვია და მისდამი უკმეხი ქცევა დამთმობ ირონიული კილოთი შეცვალა.

მალე საავადმყოფოში ხმა გავარდა, რომ ექიმი ანდრეი ეფიმიჩი ხშირად დადის პალატა #6-შიო, ვერავინ ვერც ფერშალი, ვერც ნიკიტა, ვერც მომვლელები ვერ მიმხვდარიყო, თუ რად დადიოდა იქ, რად იჯდა მთელი საათობით, რაზე ლაპარაკობდა ან რატომ რეცეპტებს აღარ უწერდა. ექიმის საქციელი ყველას ეუცნაურებოდა. მიხაილ ავერიანიჩს ექიმი ხშირად სახლში არა ხვდებოდა, წინათ ეს არასდროს არ მომხდარა და დარიუშკაც ძალიან შეწუხებული იყო იმით, რომ ექიმი დანიშნულ დროს ლუდს აღარ სვამდა და ხან სადილზედაც კი იგვიანებდა…

ერთხელ, ივნისის დამლევს, ექიმი  ხობოტოვი რაღაცა საქმისთვის ანდრეი ეფიმიჩთან მივიდა; სახლში რომ არ დახვდა, ეზოსკენ წავიდა საძებნელად; აქ მას უთხრეს ძველი ექიმი სულით ავადმყოფების განყოფილებისაკენ წავიდაო. შევიდა თუ არა ფლიგელში, წინკარში შეჩერდა, ხობოტოვს ასეთი საუბარი მოესმა:

- ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით და ვერც თქვენს რწმენაზე გადამიბირებთ, მაგას ვერ ეღირსებით. - ეუბნებოდა აღშფოთებული ივან დიმიტრიჩი. - სინამდვილეს თქვენ სრულებით არ იცნობთ და არასდროს არ დატანჯულხართ, მხოლოდ როგორც ლოთი, სხვების ტანჯვით იკვებებოდით, მე კი მუდამ ტანჯვაში ვატარებდი ჩემ ცხოვრებას დაბადებიდან დღევანდლამდე. ამიტომ გულახდილად გეუბნებით: მე ჩემ თავს თქვენზე მაღლა ვაყენებ და ყოველმხრივ უფრო ღირსეულადა ვთვლი ჩემ თავს. ჭკუას თქვენ ვერ მასწავლით.

- მე სრულებით არა მაქვს იმის პრეტენზია, ჩემს რწმენაზე გადმოგიყვანოთ, - წარმოთქვა ანდრეი ეფიმიჩმა დაბალი ხმით და სინანულით, რომ არა სურთ მისი გაგება, - და საქმე მაგაში არ არის, ჩემო მეგობარო, და არც იმაში, რომ თქვენ იტანჯეთ და მე კი არა.

ტანჯვა და სიხარული წარმავალია: მაგას თავი დავანებოთ. საქმე იმაშია, რომ მე და თქვეს ვაზროვნებთ, ერთიმეორეში ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც აზროვნების და სჯა-ბაასის უნარი აქვთ, და აი სწორედ ეს არის თავდები ჩვენი დაახლოებისა, როგორი სხვადასხვანაირიც არ უნდა იყოს ჩვენი შეხედულებანი.

თქვენ რომ იცოდეთ, ჩემო მეგობარო, როგორ მომბეზრდა ხალხის საერთო უგუნურება, გონებაჩლუნგობა და უნიჭობა, თქვენთან კი მუდამ სიხარულით ვმსჯელობ! თქვენ ნიჭიერი კაცი ხართ და მე თქვენით ვტკბები.

ხობოტოვმა კარი ოდნავ გამოაღო და პალატაში შეიხედა; ივან დიმიტრიჩი და ანდრეი ეფიმიჩი ლოგინზე ისხდნენ. შეშლილი იმანჭებოდა, აჟრჟოლებდა და კრუნჩხვით ხალათში ეხვეოდა, ექიმი კი უმოძრაოდ, თავჩაქინდრული იჯდა, სახე წამოსწითლებოდა და ზედ უმწეო და მწუხარე გამომეტყველება ჰქონდა. ხობოტოვმა მხრები შეიშმუშნა.

მეორე დღეს ხობოტოვი ფერშალთან ერთად ფლიგელში შევიდა -

ორივენი წინკარში დადგნენ და ყური მიუგდეს.

- ეს ჩვენი პაპა მგონი სულ მთლად აირია! - თქვა ხობოტოვმა ფლიგელიდან გამოსვლისას.

- უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი! - ამოიოხრა მშვენიერმა სერგეი სერგეიჩმა, თან ფრთხილად აუარა გვერდი ჩამდგარ გუბეებს, რომ გაპრიალებული წაღები არ გაეთხუპნა, - გამოგიტყდებით, პატივცემულო ევგენი ფედორიჩ, ამას მე დიდი ხანია მოველოდი!

 

XII

 

 

ამის შემდეგ ანდრეი ეფიმიჩი თავის გარშემო რაღაცა ფარულ საიდუმლო დაზვერვას ამჩნევდა. გლეხები, მომვლელი ქალები და ავადმყოფები მასთან შეხვედრის დროს რაღაცა გაკვირვებით შესცქეროდნენ, მერე კი ჩურჩულებდნენ. ზედამხედველის გოგონა მაშა, რომლის შეხვედრაც ასე უყვარდა ექიმს საავადმყოფოს ბაღში, ახლა, როდესაც გი ღიმილით უახლოვდებოდა ბავშვს, რომ თავზე ხელი გადაესვა, რატომღაც გაურბოდა მას.

ფოსტის უფროსი მიხაილ ავერიანიჩი ლაპარაკს უსმენდა, მაგრამ აღარ ეუბნებოდა, „სრული სიმართლეა“, ახლა რაღაც უცნაურად შემკრთალი ბურტყუნებდა: „დიახ, დიახ, დიახ...“ და ჩაფიქრებული და მოწყენილი შესცქეროდა; ურჩევდა თავის მეგობარს მიეტოვებინა არაყისა და ლუდის სმა, ამასთანავე, როგორც ზრდილობიანი ადამიანი, პირდაპირ კი არ ელაპარაკებოდა, არამედ გადაკვრით უამბობდა ხან ერთი ბატალიონის მეთაურის შესახებ, ჩინებულ ადამიანზე, ხან პოლკის მღვდელზე, კარგ ახალგაზრდაზე, რომლებიც სვამდნენ და ავად გახდნენ, მაგრამ, მიატოვეს თუ არა სმა, მთლად გამოჯანსაღდნენ.

ორჯერ-სამჯერ ანდრეი ეფიმიჩთან კოლეგა ხობოტოვმა შემოიარა; ისიც ურჩევდა მიეტოვებინა სპირტიანი სასმელები და, სრულიად გამოურკვეველი მიზეზის გამო, ურჩია მიეღო ბრომიანი კალიუმი.

აგვისტოში ანდრეი ეფიმიჩმა ქალაქის თავისაგან წერილი მიიღო. სთხოვდა ფრიად საჭირო საქმის გამო მასთან მისულიყო. იგი დანიშნულ დროს მივიდა ქალაქის სამმართველოში. ანდრეი ეფიმიჩს იქ დახვდნენ: სამხედრო მმართველობის უფროსი, სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველი, თვითმმართველობის წევრი, ხობოტოვი და კიდევ ვიღაცა ქერათმიანი ჩასუქებული კაცი, რომელიც გააცნეს მას, როგორც ექიმი.

ამ ექიმს მეტად ძნელად გამოსათქმელი პოლონური გვარი ჰქონდა, იგი ცხოვრობდა ცხენთსაშენის მახლობლად, ქალაქიდან ოცდაათი ვერსის დაშორებით და ახლა ქალაქში გამოევლო.

- აქ განცხადებაა, თქვენს დაწესებულებას ეხება, - მიმართა ანდრეი ეფიმიჩს თვითმმართველობის წევრმა, როდესაც ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და მაგიდას შემოუსხდნენ. - აი, ევგენი ფედორიჩი ამბობს, რომ აფთიაქი მთავარ კორპუსში ვიწროდაა და საჭიროა ის ერთ-ერთ ფლიგელში გადავიტანოთ. ეგ, რასაკვირველია, არაფერია, გადატანა

შეიძლება, მაგრამ მთავარი ისაა - ფლიგელს შეკეთება დასჭირდება.

- დიახ, შეკეთება აუცილებელია. - დაფიქრების შემდეგ უთხრა ანდრეი ეფიმიჩმა, - მაგალითად, კუთხის ფლიგელში თუ მოვაწყობთ აფთიაქს, მაშინ ამას, ჩემის აზრით, დასჭირდება დაახლოებით ხუთასი მანეთი, ფუჭი ხარჯია.

ცოტა ხანს გაჩუმდნენ.

- ამის შესახებ მე ამ ათი წლის წინათ პატივი მქონდა მომეხსენებინა, - განაგრძობდა ანდრეი ეფიმიჩი წყნარი ხმით,- რომ ეს საავადმყოფო თავისი ახლანდელი სახით, ქალაქის თანხების სიმცირესთან შედარებით, ფუფუნებას წარმოადგენს.

იგი ორმოციან წლებში შენდებოდა, მაგრამ მაშინ ხომ ასეთი შესაძლებლობა არ იყო. ქალაქი მეტად ბევრს ხარჯავს არასაჭირო შენობებზე და ზედმეტ თანამდებობებზე. მე ვფიქრობ, ამ ფულით შეიძლებოდა ორი სანიმუშო საავადმყოფოს შენახვა, თუკი დანარჩენი წესიერად დაიხარჯებოდა.

- მაშ კარგი, მოდით და სხვა წესრიგი შემოვიღოთ! - სწრაფად წარმოთქვა თვითმმართველობის წევრმა.

- მე უკვე მოგახსენებდით: გადაეცით სამედიცინო ნაწილი ერობას.

- დიახ, ერობას გადაეცით ფულები, რომ მოიპაროს, - გაიცინა ქერათმიანმა ექიმმა.

- ეგრეც მოხდება, -  კვერი დაუკრა თვითმმართველობის წევრმა და იმანაც გაიცინა.

ანდრეი ეფიმიჩმა ზანტად და უსიცოცხლოდ გადახედა ქერათმიან ექიმს და თქვა:

- სამართლიანი უნდა ვიყოთ.

ისევ გაჩუმდნენ. ჩაი შემოიტანეს. რაღაცით ძალზე შემკრთალმა სამხედრო სამმართველოს უფროსმა მაგიდიდან ხელი გადააწვდინა, ანდრეი ეფიმიჩის ხელს შეეხო და უთხრა:

- ექიმო, თქვენ სრულიად დაგვივიწყეთ. თუმცა, თქვენ ბერი ხართ! ბანქოს არა თამაშობთ, ქალები არ გიყვართ. ჩვენნაირი ხალხი თქვენთვის მოსაწყენია.

ყველანი ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რა მოსაბეზრებელი და მოსაწყენია ამ ქალაქმი ცხოვრება წესიერი ადამიანისათვის: არც თეატრი, არც მუსიკა. ამ უკანასკნელად გამართულ საცეკვაო საღამოზე კლუბში ოცამდე ქალი იყო და მხოლოდ ორი კავალერი.

ახალგაზრდობა არა ცეკვავს, ერთთავად ბუფეტთან ტრიალებს ან ბანქოს თამაშობს. ანდრეი ეფიმიჩმა აუჩქარებლივ, დაბალი ხმით, ისე რომ სახეზე არავისთვის შეუხედავს, ლაპარაკი დაიწყო იმაზე, თუ რა სამწუხაროა, როგორი საბრალონი არიან მოქალაქეები, რომ ასე ფუქსავატად ფლანგავენ თავის სასიცოცხლო ენერგიას, გულს და გონებას ბანქოს თამაშსა და ჭორებს აყოლებენ. არ იციან და არც უნდათ დრო გაატარონ საინტერესო საუბრებში, სჯა-ბაასში და კითხვაში, არ უნდათ ისარგებლონ და დატკბნენ იმ სიამოვნებით, რასაც იძლევა გონება.

ერთადერთი გონებაა შესანიშნავი, დანარჩენი ყოველივე წვრილმანი და მიწიერია. ხობოტოვი ყურადღებით უსმენდა თავის კოლეგას და უცბად შეეკითხა:

- ანდრეი ეფიმიჩ, დღეს რა ოიცხვია?

ხობოტოვმა პასუხი მოისმინა და ქერათმიან ექიმთან ერთად გამომცდელის კილოთი, რომელნიც გრძნობენ თავის მოუხერხებლობას, ანდრეი ეფიმიჩს დაუწყეს გამოკითხვა: დღეს რა დღეა, წელიწადში რამდენი დღეა და მართალია ის, რომ პალატა #6-ში ცხოვრობს შესანიშნავი წინასწარმეტყველი?

უკანასკნელ შეკითხვაზე ანდრეი ეფიმიჩი გაწითლდა და უთხრა:

- დიახ, ის ავადმყოფია, მაგრამ მეტად საინტერესო ყმაწვილი კაცია. ამაზე მეტი შეკითხვა არ მიუციათ.

როდესაც იგი ტალანში პალტოს იცვამდა, სამხედრო მაგიდის უფროსმა მხარზე ხელი დაადო და ამოოხვრით უთხრა:

- ჩვენ, მოხუცებულებმა, დროა დავისვენოთ!

თვითმმართველობის შენობიდან რომ გამოვიდა, ანდრეი ეფიმიჩი მიხვდა, რომ ეს კომისია მისი გონების და აზროვნების შესამოწმებლად იყო დანიშნული. მას გაახსენდა ის შეკითხვები, რომლებიც დასმული იყო მათ მიერ, გაწითლდა და რატომღაც მთელ თავის სიცოცხლეში მხოლოდ ახლა პირველად მწვავედ შეებრალა მედიცინა.

„ღმერთო ჩემო, - გაიფიქრა, როდესაც მოაგონდა, თუ ახლახან როგორ შეამოწმეს ექიმებმა, - ისინი ხომ სულ ახლახან ისმენდნენ ფსიქიატრიას, ჩააბარეს გამოცდა, - საიდანაა მათში ასეთი სრული უვიცობა? მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ ფსიქიატრიაზე!“

და თავის ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავისი თავი შეურაცხყოფილად და გაჯავრებულად.

იმავე დღეს საღამოთი მასთან მოვიდა მიხაილ ავერიანიჩი. ფოსტის უფროსი მიუსალმებლად მივიდა მასთან, ორივე ხელი დაუჭირა და აღელვებული ხმით უთხრა:

- ჩემო ძვირფასო, ჩემო მეგობარო, დამიმტკიცეთ, რომ გწამთ თქვენდამი ჩემი გულწრფელი განწყობილება და მე ნამდვილად თქვენ მეგობრად მთვლით... ჩემო მეგობარო! - მღელვარებით განაგრძობდა და ხელს უშლიდა ანდრეი ეფიმიჩს ეთქვა რაიმე: - მე თქვენ მიყვარხართ, რადგან კეთილშობილი და განათლებული ადამიანი ხართ.

მომისმინეთ, ჩემო ძვირფასო, მეცნიერების წესები ექიმებს ავალებს, რომ სიმართლე დაგიმალონ, მაგრამ მე, როგორც სამხედრო კაცი, გულახდილად გეუბნებით: თქვენ ავადა ხართ! მაპატიეთ, ჩემო ძვირფასო, მაგრამ ეს სიმართლეა, ამას დიდი ხანია ამჩნევენ თქვენი თანამოსამსახურეები. ახლა ექიმი ევგენი ფედორიჩი მეუბნებოდა, რომ თქვენი ჯანმრთელობის აღსადგენად საჭიროა დაისვენოთ და გაერთოთ. სრული სიმართლეა! ჩინებულია! ამ დღეებში მე შვებულებას ვიღებ და სამოგზაუროდ

მივდივარ, რომ ახლა სხვა ჰაერით ვისუნთქო. დამიმტკიცეთ, რომ თქვენ ჩემი მეგობარი ხართ, ერთად წავიდეთ! წავიდეთ, ძველი დრო მოვიგონოთ...

- მე სრულიად ჯანსაღად ვგრძნობ თავს! - ჩაფიქრებით თქვა ანდრეი ეფიმიჩმა. - წამოსვლა კი არ შემიძლია. ნება მიბოძეთ როგორმე სხვანაირად დაგიმტკიცოთ ჩემი მეგობრობა.

წახვიდე სადღაც, არც იცი რად, უწიგნებოდ, უდარიუშკოდ, ულუდოდ, სასტიკად დაარღვიო ოცი წლის განმავლობაში ერთ დონეზე დაყენებული ცხოვრების წესრიგი - ასეთი იდეა მას პირველ ხანში უცნაურად და ფანტასტიკურად ეჩვენა, მაგრამ მას გაახსენდა თვითმმართველობაში ნალაპარაკევი, ის მძიმე და აუტანელი სულიერი მოგომარეობა, რომელიც განიცადა თვითმმართველობიდან სახლში დაბრუნებისას, და მოეწონა აზრი ცოტა ხანს მოშორებოდა ქალაქს, სადაც ტუტუცი ხალხი მას შეშლილად თვლიდა.

- მაგრამ თქვენ მაინც საით აპირებთ გამგზავრებას?-შეეკითხა მეგობარს.

- მოსკოვში, პეტერბურგსა და ვარშავაში…ვარშავაში მე გავატარე ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხუთი წელი. რა განსაცვიფრებელი ქალაქია! წავიდეთ, ჩემო ძვირფასო!

 

XIII

 

 

ერთი კვირის შემდეგ ანდრეი ეფიმიჩს წინადადება მისცეს დაესვენა, ესე იგი სამსახურიდან გადაყენების ქაღალდი შეეტანა. ანდრეი ეფიმიჩი ამასაც გულცივად შეხვდა. ერთი კვირის შემდეგ ის და მიხაილ ავერიანიჩი უკვე ფოსტის ტარანტასში ისხდნენ და მახლობელი რკინიგზის სადგურისაკენ მიემგზავრებოდნენ.

გრილი და ნათელი დღეები იდგა; შორს მოჩანდა ლაჟვარდი ცა და გამჭვირვალე სივრცე. სადგურამდე ორასი ვერსი ორ დღე   ღამეში გაიარეს, გზაში ორჯერ გაათიეს ღამე. საფოსტო სადგურებში, თუ უსუფთაო ჭიქებით მოჰქონდათ ჩაი, ან დიდხანს ალოდინებდნენ ცხენების შებმას, მიხაილ ავერიანიჩი სიბრაზისაგან აჭარხლდებოდა ხოლმე, მთელი სხეულით ცახცახებდა და ყვიროდა: „ხმა გაიკმინდეთ, ულაპარაკოდ!“

ტარანტასში როდესაც ისხდნენ, ერთ წამს არ ჩერდებოდა, ერთთავად უამბობდა თავისი მოგზაურობის ამბებს კავკასიაში და პოლონეთის სამეფოში. რამდენი თავგადასავალი ჰქონდა, როგორი შეხვედრები! იგი ხმამაღლა ლაპარა კობდა და ამასთანავე ისეთი გაკვირვებული თვალებით გამოიყურებოდა, რომ შეიძლებოდა გეფიქრა ტყუისო. ამასთანავე ლაპარაკის დროს პირი ანდრეი ეფიმიჩისკენ ჰქონდა მიბრუნებული, პირდაპირ სახეში ასუნთქავდა და ყურში ჩაჰხითხითებდა. მისი ამნაირი ქცევა ექიმს აწუხებდა და ხელს უშლიდა ეფიქრა და აზრებისათვის თავი მოეყარა.

ეკონომიის გამო მატარებელში მესამე კლასით იმგზავრეს, იმ ვაგონით, რომელშიც თუთუნის მწეველნი არ იყვნენ. თითქმის ნახევარი მგზავრები სუფთად იყვნენ ჩაცმულნი. მიხაილ ავერიანიჩმა ყველანი გაიცნო, ერთი მერხიდან მეორეზე გადადიოდა და ხმამაღლა გაიძახოდა, ამ აღმაშფოთებელი გზით მოგზაურობა არა ღირსო.

ყველგან თაღლითობა, მატყუარობაა, ცხენით მოგზაურობას რა სჯობს. დღეში ას ვერსს გაივლი და ამის შემდეგ მაინც ჯანსაღად და ხალისიანად გრძნობ თავსო. ჩვენში მოუსავლობა იმიტომაა, რომ პინსკის ჭაობები ამოაშრეს. საზოგადოდ კი საშინელი უწესრიგობაა. ფიცხობდა იგი, ხმამაღლა ლაპარაკობდა და სხვებს ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. ამ გაუთავებელ ყბედობასთან ერთად მისმა ხმამაღალმა ხითხითმა და ხელების ქნევამ მეტად მოქანცა ანდრეი ეფიმიჩი.

„ნეტავ ჩვენ ორში რომელია გიჟი? - ფიქრობდა წყენით ანდრეი ეფიმიჩი, - მე, რომელიც ვცდილობ არაფრით შევაწუხო მგზავრები, თუ ეს ეგოისტი, რომელიც ფიქრობს, რომ აქ ყველაზე ჭკვიანი და საყურადღებო ეს არის, და ამიტომ არავის მოსვენებას არ აძლევს?“

მოსკოვში მიხაილ ავერიანიჩმა უსამხრეებო სამხედრო სერთუკი და წითელკანტებიანი შარვალი ჩაიცვა, ქუჩაში იგი სამხედრო ქუდით და შინელით დადიოდა, ჯარისკაცები მხედრულ სალამს აძლევდნენ.

ანდრეი ეფიმიჩს ახლა ეჩვენებოდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც დიდკაცობიდან ყველა კარგი თვისება მოინარიკლა და მხოლოდ ცუდი მხარეები შეინარჩუნა.

მას უყვარდა, რომ ყველა მომსახურებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს საჭირო არ იყო. ასანთი მის წინ იდო მაგიდაზე, ის კარგად ხედავდა მას, მაგრამ მსახურს ეძახდა, რომ ასანთი მიეწოდებინა; მოსამსახურე ქალის წინაშე არ ერიდებოდა საცვლების ამარა სიარულს. ლაქიებს ყველას განურჩევლად, თვით მოხუცებულებსაც კი, შენობით ელაპარაკებოდა, როცა ჯავრობდა - ბრიყვს და ჩერჩეტს უწოდებდა. როგორც ანდრეი ეფიმიჩს ეჩვენებოდა, მისი ასეთი საქციელი დიდკაცური იყო, მაგრამ საზიზღარი.

უპირველეს ყოვლისა, მიხაილ ავერიანიჩმა თავისი მეგობარი ივერიის სამლოცველოში წაიყვანა. აქ ის, მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი, გულმხურვალედ ლოცულობდა. როდესაც ლოცვა გაათავა, ღრმად ამოიოხრა და თქვა:

- თუმცა არ გწამს, მაინც როცა ლოცულობ, რაღაც სიმშვიდესა გრძნობ. ხატს ემთხვიეთ, ჩემო მტრედო.

ანდრეი ეფიმიჩს შერცხვა და ხატს ემთხვია. მიხაილ ავერიანიჩს კი ტუჩები გაეშვირა, თავის ქნევით, ჩურჩულით ლოცულობდა და თვალები ეცრემლებოდა. მერე კრემლში წავიდნენ და დაათვალიერეს მეფე- ზარბაზანი და მეფე-ზარი, თითითაც კი შეეხნენ, ზამოსკოვორეჩიეს სანახაობით დატკბნენ, იყვნენ მაცხოვრის ტაძარში და რუმიანცევის სახელობის მუზეუმში.

ტესტოვის სასადილოში ისადილეს. მიხაილ ავერიანიჩი დიდხანს ათვალიერებდა კერძების სიას. თან ქილვაშებზე ხელს ისვამდა; როგორც პირის პატივის მოყვარულმა, რომელიც რესტორნებში ისე გრძნობდა თავს, როგორც სახლში, ლაქიას უთხრა:

- ვნახოთ, ჩემო ანგელოზო, დღეს რით გაგვიმასპინძლდებით!

 

XIV

 

 

ექიმი დადიოდა, ათვალიერებდა, ჭამდა, სვამდა, მაგრამ ერთი გრძნობით იყო გამსჭვალული: სწყინდა მიხაილ ავერიანიჩის საქციელი. მას მეგობრისაგან დასვენება სურდა, უნდოდა მას მოშორებოდა, დამალულიყო, მეგობარი კი თავის მოვალეობად თვლიდა არც ერთი ნაბიჯით არ მოშორებოდა მას.

ცდილობდა რაც შეიძლება ბევრი გასართობი ეჩვენებინა მისთვის. როდესაც სანახავი აღარა იყო რა, ის ლაპარაკით ართობდა. ორი დღე ითმინა ანდრეი ეფიმიჩმა, მესამე დღეს მეგობარს გამოუცხადა, რომ ის შეუძლოდ არის და სურს მთელი დღე მარტო დარჩეს სახლში. მეგობარმა უთხრა, მეც შენთან დავრჩებიო. მართლაცდა, უნდა დავისვენოთ, თორემ ფეხები დაგვაწყდებაო.

ანდრეი ეფიმიჩი დივანზე წამოწვა, პირი დივნის ზურგისაკენ მიიბრუნა და კრიჭაშეკრული უსმენდა თავის მეგობარს, რომელიც გაცხარებული არწმუნებდა მას, რომ ადრე თუ გვიან საფრანგეთი უეჭველად დაამარცხებს გერმანიას, რომ მოსკოვში მეტად ბევრი გაქნილი მატყუარაა და რომ ცხენის გარეგნული შესახედაობით არ შეიძლება ვიმსჯელოთ მის ღირსებაზე.

ექიმს გული აუჩქროლდა და ყურებმა შუილი დაუწყო, მაგრამ თავაზიანობის გამო ვერ ბედავდა მეგობრისათვის ეთხოვა გასულიყო ან გაჩუმებულიყო. ბედად, მიხაილ ავერიანიჩს მოსწყინდა ოთახში ჯდომა და სადილის შემდეგ გასასეირნებლად წავიდა.

მარტოდ დარჩენილი ანდრეი ეფიმიჩი სრულ დასვენებას მიეცა. რა სასიამოვნოა უმოძრაოდ დივანზე წოლა და გრძნობა იმისა, რომ ოთახში მარტო ხარ! ჭეშმარიტი ბედნიერება შეუძლებელია მარტოობის გარეშე. ცდუნებაში შესულმა ანგელოზმა ღმერთს ალბათ იმით შესცოდა, რომ მარტოობა მოისურვა, რაც არ იციან დანარჩენმა ანგელოზებმა. ანდრეი ეფიმიჩს უნდოდა ეფიქრა იმაზე, რაც ნახა და გაიგონა ამ უკანასკნელ დღეებში, მაგრამ მიხაილ ავერიანიჩი ფიქრიდან არა შორდებოდა.

„მან ხომ ჩემი გულისათვის აიღო შვებულება და ჩემთან ერთად წამოვიდა მეგობრობისა და დედსულოვნებისათვის, - ფიქრობდა გულნაკლული ექიმი. ამაზე ცუდი არაფერია, როცა თავს მოგახვევენ მეგობრულ მეურვეობას. გეჩვენება, თითქოს კეთილიც არის, დიდსულოვანიც და მხიარულიც, მაგრამ მოსაწყენია, აუტანლად მოსაწყენი. აი, ასევე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდამ ჭკვიანურ და კარგ სიტყვებს ლაპარაკობენ, მაგრამ გრძნობ, რომ ისინი გონებაჩლუნგები არიან“.

შემდეგ დღეებშიც ანდრეი ეფიმიჩმა თავი მოიავადმყოფა და ნომრიდან აღარ გამოდიოდა. იგი დივანზე იწვა ზურგმობრუნებული და გული უწვრილდებოდა, როცა მეგობარი ლაპარაკით ცდილობდა მის გართობას, ისვენებდა მხოლოდ მაშინ, როცა მეგობარი იქ არ იყო. მას ჯავრი მოსდიოდა თავის თავზე, რომ წამოვიდა, და მეგობარზედაც, რომელიც დღით-დღე უფრო თამამი და ყბედი გახდა; ვერაფრით ვერ ახერხებდა თავისი აზრები სერიოზულ და ამაღელვებელ ყაიდაზე დაელაგებინა, ეფიქრა.

„ეს მე სინამდვილე მსჯის, რომლის შესახებაც ივან დიმიტრიჩი მეუბნებოდა ხოლმე, - ფიქრობდა იგი. და თან გრძნობდა თავის დაწვრილმანებას, - თუმცა სისულელეა სახლში დავბრუნდები და ყოველივე ძველებურად იქნება “

პეტერბურგშიც ასევე იყო; იგი მთელი დღეები ნომრიდან არ გამოდიოდა, იწვა დივანზე და დგებოდა მხოლოდ იმისათვის, რომ ლუდი დაელია.

მიხაილ ავერიანიჩი ვარშავაში წასვლას აჩქარებდა.

- ჩემო ძვირფასო, მე რიღასთვის წამოვიდე იქ? - ეუბნებოდა ანდრეი ეფიმიჩი ვედრებით: - თქვენ წადით მარტო, მე კი ნება მიბოძეთ სახლში დავბრუნდე! ძალიან გთხოვთ!

- არაფრის გულისთვის! - ეწინააღმდეგებოდა მიხაილ ავერიანიჩი, - ის განსაცვიფრებელი ქალაქია, იქ მე ჩემი ცხოვრების ხუთი უბედნიერესი წელიწადი გავატარე.

ანდრეი ეფიმიჩს ხასიათის სიმტკიცე არა ჰყოფნიდა, რომ თავისი გაეტანა და გულის ცახცახით ვარშავაში გაჰყვა. აქაც ის ნომრიდან არ გამოდიოდა, იწვა დივანზე და თავის თავზე, მეგობარზე ან ლაქიებზე ბრაზობდა, რომლებიც დაჟინებით უარობდნენ რუსულ ენაზე ლაპარაკს, მიხაილ ავერიანიჩი კი ჩვეულებრივად, ჯანსაღი, მხნე და მხიარული, დილიდან საღამომდე ქალაქში დასეირნობდა და თავის ძველ ნაცნობებს დაეძებდა.

რამდენჯერმე ღამე სხვაგან გაათია, ერთი ღამის შემდეგ, რომელიც სადღაც გაატარა, იგი, ძალზე აღელვებული, აჭარხლებული და თმადაუვარცხნელი, დილით ადრე დაბრუნდა სახლში, დიდხანს დადიოდა ოთახის კუთხიდან კუთხემდე, თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, მერე გაჩერდა და თქვა:

- პატიოსნება უპირველეს ყოვლისა!

პატარა ხანს გაიარ-გამოიარა, მან თავში ხელები იტაცა და ტრაგიკულად წარმოთქვა:

- დიახ, უპირველეს ყოვლისა - პატიოსნება! წყეულ იყოს ის წუთი, როცა პირველად თავში გამიელვა ამ ბაბილონში წამოსვლამ! ჩემო ძვირფასო,- მიმართა ექიმს, - შემიძულეთ: ფული წავაგე! მომეცით ხუთასი მანეთი!

ანდრეი ეფიმიჩმა გადათვალა ხუთასი მანეთი და უსიტყვოდ მისცა თავის მეგობარს. მან, ჯერაც სირცხვილისაგან გაწითლებულმა და განრისხებულმა, გაურკვევლად წარმოთქვა არავისთვის საჭირო ფიცი, ქუდი დაიხურა და გავიდა. ერთი - ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, სავარძელში ჩაეგდო, ხმამაღლა ამოიოხრა და თქვა:

- პატიოსნება აღდგენილია! წავიდეთ, ჩემო მეგობარო! არც ერთი წამი არა მსურს გავჩერდე ამ წყეულ ქალაქში, ამ გაქნილებთან! ავსტრიელ ჯაშუშებთან!

როდესაც მეგობრები თავიანთ ქალაქში დაბრუნდნენ, უკვე ნოემბერი იდგა, ქუჩებში დიდი თოვლი იდო. ანდრეი ეფიმიჩის ადგილი ექიმ ხობოტოვს დაეკავებინა; იგი ჯერ ისევ თავის ძველ ბინაზე ცხოვრობდა და ანდრეი ეფიმიჩის ჩამოსვლას ელოდებოდა, რომ დაეცალა საავადმყოფოს ბინა. ულამაზო დედაკაცი, რომელსაც იგი მზარეულ ქალად ასახელებდა, - უკვე ერთ-ერთ ფლიგელში ცხოვრობდა.

ქალაქში საავადმყოფოზე ახალი ჭორები დადიოდა, რომ ულამაზო დედაკაცს და საავადმყოფოს ზედამხედველს ჩხუბი მოსვლიათ და თითქოს ზედამხედველი დედაკაცის წინ მუხლებზე დაფორთხავდა, ბოდიშს იხდიდაო.

ანდრეი ეფიმიჩს ჩამოსვლის პირველ დღესვე ბინის ძებნა მოუხდა.

- ჩემო მეგობარო! - მორიდებით ჰკითხა ფოსტის უფროსმა, - ბოდიშს ვიხდი ამ კადნიერი კითხვისათვის: რა თანხა გაქვთ?

ანდრეი ეფიმიჩმა ჩუმად გადათვალა თავისი ფულები და უთხრა:

- ოთხმოცდაექვსი მანეთი.

- მე მაგას კი არ გეკითხებით, - დარცხვენით წაილაპარაკა მიხაილ ავერიანიჩმა, რომელიც ვერ მიუხვდა ექიმს, - მე გეკითხებით, საზოგადოდ რა თანხის პატრონი ხართ- მეთქი?

- ხომ გეუბნებით, სულ ოთხმოცდაექვსი მანეთი მაქვს. ამის მეტი მე არაფერი გამაჩნია.

მიხაილ ავერიანიჩი ექიმს პატიოსან და კეთილსინდისიან კაცად თვლიდა, მაგრამ მაინც ეჭვი ეპარებოდა და ეგონა, რომ მას მთელი კაპიტალი, სულ რომ არა იყოს რა, ოცი ათასი მანეთი მაინც ექნებაო. ახლა კი გაიგო, რომ მისი   კეთილი მეგობარი“ ანდრეი ეფიმიჩი მათხოვარია. რომ მას ცხოვრების საშუალება არა აქვს, და რატომღაც უცებ ატირდა და თავის მეგობარს მოეხვია.

 

XV

 

 

ანდრეი ეფიმიჩი საცხოვრებლად დაბინავდა ერთ მდაბიო ბელოვას სამფანჯრიან პატარა სახლში. ამ სახლში სამზარეულოს ჩაუთვლელად მხოლოდ სამი ოთახი იყო. ორი მათგანი, რომელსაც ფანჯრები ქუჩისკენ ჰქონდა მიქცეული, ექიმს ეკავა, მესამე ოთახსა და სამზარეულოში კი ცხოვრობდნენ დარიუშკა და მდაბიო სამი შვილით. ხანდახან ღამის გასათევად დიასახლისთან საყვარელი მოდიოდა. მთვრალი გლეხკაცი აურზაურს სტეხდა და თავზარს სცემდა ბავშვებსა და დარიუშკას. როცა ის მოდიოდა და, სამზარეულოში მოკალათებული არაყსა თხოულობდა,

ყველანი შიშს და სივიწროვეს გრძნობდნენ. ექიმი ატირებულ ბავშვებს სიბრალულით თავის ოთახში შეიყვანდა და იატაკზე აწვენდა. ეს დიდ სიამოვნებასა ჰგვრიდა მას.

ექიმი ჩვეულებრივად დილის რვა საათზე დგებოდა და ჩაის შემდეგ თავის ძველ წიგნებს და ჟურნალებს ჩაუჯდებოდა. ახლების საყიდლად ფული აღარა ჰქონდა. იმიტომ, რომ წიგნები ძველები იყო, ან შეიძლება იმიტომ, რომ მდგომარეობა გამოეცვალა, წიგნის კითხვა ისე აღარ იტაცებდა და ღლიდა კიდეც. რომ დრო უქმად არ გაეტარებინა, თავისი წიგნების დაწვრილებითი კატალოგის შედგენას შეუდგა, ყდის ყუებზე აკრავდა პატარა ბილეთებს და ეს მექანიკური,  საჯახირო საქმე უფრო

საინტერესოდ ეჩვენებოდა, ვიდრე კითხვა. ეს ერთგვარი საჩხირკედელაო საქმიანობა თითქოს მის აზრებს თავისებურ ნანას ეუბნებოდა, ამშვიდებდა, იგი სხვა აღარაფერზე ფიქრობდა და ამასობაში დრო ჩქარა გადიოდა. გარდა ამისა, მას სამზარეულოში ჯდომა და დარიუშკასთან ერთად კარტოფილის ფცქვნა ან ფაფისთვის უგრეხელის გარჩევა უფრო ართობდა, - ყველა ეს საინტერესოდ ეჩვენებოდა ექიმს. შაბათ- კვირაობით ის საყდარში დაიარებოდა. კედელთან

თვალდახუჭული იდგა, გალობას ისმენდა და ფიქრობდა დედაზე, მამაზე, უნივერსიტეტზე, რელიგიაზე; მაშინ ის ნაღვლიანი და მშვიდი იყო და როდესაც საყდრიდან გამოდიოდა, ნანობდა, რომ ღვთისმსახურება ასე მალე გათავდა.

ის ორჯერ იყო საავადმყოფოში ივან დიმიტრიჩთან სალაპარაკოდ. მაგრამ ორჯერვე ივან დიმიტრიჩი არაჩვეულებრივი არეული და გაბოროტებული დაუხვდა: მოითხოვდა თავი დაენებებინათ მისთვის, რომ მას დიდი ხანია მობეზრდა ცარიელი ყბედობა და ამბობდა, რომ ამ დაწყევლილ, საზიზღარ ადამიანებს, ყველა ამ ტანჯვა ვაებისათვის მხოლოდ ერთად- ერთ ჯილდოსა სთხოვდა განმარტოებით დაემწყვდიათ და ნუთუ ამაზედაც უარს ეუბნებიან? ორჯერვე, როდესაც ანდრეი ეფიმიჩი ეთხოვებოდა და   ღამე მშვიდობისას“ უსურვებდა, ის მკვახედ ეუბნებოდა:

- ეშმაკმა წაგიღოს!

ანდრეი ეფიმიჩმა არ იცოდა მესამედ წასულიყო მის სანახავად თუ არა. წასვლა კი უნდოდა.

წინათ სადილის შემდეგ ანდრეი ეფიმიჩი ოთახებში მიმოდიოდა და ფიქრობდა, ახლა კი სადილიდან საღამოს ჩაიმდე დივანზე იწვა დივნის ზურგისკენ პირმიბრუნებული და წვრილმანი ფიქრებისთვის თავი ვეღარ

დაეღწია. მას სწყინდა, რომ ოც წელზე მეტი იმსახურა და ამ შრომაში არც პენსია და არც ერთდროული დახმარება არ მისცეს. მართალია, იგი პატიოსნად არ მსახურობდა, მაგრამ პენსიას ხომ ყველანი იღებენ, განურჩევლად იმისა, პატიოსნები იყვნენ ისინი თუ არა? თანამედროვე სამართლიანობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩინებით, ორდენებით და პენსიებით არა ზნეობრივი თვისებების და ნიჭის გამო აჯილდოებენ, არამედ საზოგადოდ სამსახურისთვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

რატომ მარტო ის უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს? ფული მას სრულებით აღარა ჰქონდა. მას დუქნის წის გავლისა და დიასახლისის სახეზე შეხედვისაც კი რცხვენოდა. ლუდის ვალი უკვე 32 მანეთი ჰქონდა. მდაბიო ბელოვასიც ემართა. დარიუშკა ჩუმად ჰყიდდა ექიმის ძველ ტანისამოსს, წიგნებს და დიასახლისს ატყუებდა, მალე ექიმი ძალიან ბევრ ფულს მიიღებსო.

ექიმს თავის თავზე ჯავრი მოსდიოდა, რომ მოგზაურობაზე ათასი მანეთი დახარჯა, რომელიც მოგროვილი ჰქონდა. როგორ გამოადგებოდა ახლა ის ათასი მანეთი! სწყინდა ისიც, რომ ხალხი არ ასვენებდა,

ხობოტოვი თავის მოვალეობად თვლიდა, იშვიათად მაინც დაეხედა ავადმყოფ კოლეგასათვის. ანდრეი ეფიმიჩს იგი ყოველმხრივ ეზიზღებოდა: სძაგდა მისი მაძღარი, ჩასუქებული სახე და უმსგავსი მოწყალე კილოთი ლაპარაკი, სიტყვა   კოლეგაც“, მისი მაღალყელიანი წაღებიც. ყველაზე მეტად კი ის აბოროტებდა, რომ თავის მოვალეობად თვლიდა ეწამლა ანდრეი ეფიმიჩისთვის და სწამდა, რომ მართლა სწამლობდა; ამიტომ ყოველ მოსვლაზე მოჰქონდა შუშით ბრომიანი კალიუმი და რევანდის აბები.

მიხაილ ავერიანიჩიც თავის თავს მოვალედ თვლიდა ენახა მეგობარი და გაერთო იგი. ის ყოველთვის თამამად შედიოდა ანდრეი ეფიმიჩთან მოურიდებლად, არაბუნებრივი, ნაძალადევი ხმით ხარხარებდა და არწმუნებდა მეგობარს, დღეს მშვენივრად გამოიყურები და, მადლობა ღმერთს, თანდათან უკეთესად ხდებიო. და აქედან კი ის დასკვნა შეიძლება გამოგეტანათ, რომ მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

უიმედოდ მიაჩნდა. მას ჯერაც არ გადაუხდია თავისი ვარშავის ვალი და სირცხვილი ტანჯავდა. მძიმე ლოდივით აწვა და, დაძაბული, ხმამაღლა იცინოდა და ცდილობდა სასაცილო ამბებით გაერთო. მისი ანეგდოტები და ამბები ახლა უფრო დაუსრულებლად ეჩვენებოდა, ტანჯავდა ანდრეი ეფიმიჩს და თვითონ მიხაილ ავერიანიჩსაც.

მისი იქ ყოფნის დროს ანდრეი ეფიმიჩი ჩვეულებრივად დივანზე წვებოდა კედლისკენ პირმიბრუნებული და ბოღმისგან კრიჭაშეკრული უსმენდა მეგობარს. ბოღმა და ვარამი ნადუღ ქაფივით გულზე აწვებოდა, და გრძნობდა, რომ მეგობრის ყოველ მოსვლაზე ბოღმა იზრდებოდა და ყელში ებჯინებოდა.

რომ ჩაეხშო ეს წვრილმანი გრძნობები, ის ჩქარობდა ეფიქრა იმაზე, რომ თვითონ ისიც, ხობოტოვიც და მიხაილ ავერიანიჩიც ადრე თუ გვიან უნდა დაიღუპონ, ისე რომ ბუნებაში მათი ნიშანწყალიც აღარ დარჩება. თუ წარმოვიდგენთ, რომ მილიონი წლის შემდეგ დედამიწას ახლო სივრცეში გაიქროლებს რომელიმე სული, მაშინ ის დაინახავს მხოლოდ თიხას და ფრიალო კლდეებს. ყველაფერი კულტურაც და ზნეობრივი კანონიც

-დაიღუპება და ძირხვენა მცენარეც კი აღარ აღმოცენდება. მაშ რა მნიშვნელობა აქვს მედუქნის წინაშე სირცხვილს, უმნიშვნელო ხობოტოვს, მომაბეზრებელ და აუტანელ მეგობარ მიხაილ ავერიანიჩს? ყოველივე ეს სისულელე და უმნიშვნელო რამ არის.

მაგრამ ასეთი მსჯელობა აღარ შველოდა. როგორც კი წარმოიდგენდა დედამიწას რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ფრიალო კლდის მიღმა ხედავდა ხობოტოვს თავისი მაღალყელიანი წაღებით, ან ნაძალადევად მოხითხითე მიხაილ ავერიანიჩს და თითქოს მისი დარცხვენილი ჩურჩულიც კი შეესმოდა: „ვარშავის ვალს, ჩემო მტრედო, ამ დღეებში უეჭველად დაგიბრუნებ.“

 

XVI

 

 

ერთხელ მიხაილ ავერიანიჩი ნასადილევს ეწვია. ანდრეი ეფიმიჩი დივანზე იწვა. ისე მოხდა, რომ იმავე დროს გამოცხადდა ხობოტოვიც თავისი ბრომიანი კალიუმით. ანდრეი ეფიმიჩმა მძიმედ წამოიწია, დაჯდა და დივანს ხელებით დაეყრდნო.

- აი, დღეს, ჩემო ძვირფასო, - დაიწყო მიხაილ ავერიანიჩმა, - თქვენ დღეს გაცილებით უკეთეს ფერზე ხართ, ვიდრე გუშინ. უფრო ყოჩაღადა ხართ! ღმერთმანი, ყოჩაღად!

- დროა, დროა კარგად გახდეთ, კოლეგა. - თქვა ხობოტოვმა მთქნარებით. - ალბათ, თქვენც თვითონ მოგწყინდათ ეს გაჭიანურებული ავადმყოფობა.

- დიახ, კარგადაც გავხდებით! - მხიარულად თქვა მიხაილ ავერიანიჩმა,

- კიდევ ას წელიწადს ვიცოცხლებთ! მა-აშ!

- ასი არა, მაგრამ ოცი წელი კი გაძლებთ. - ანუგეშებდა ხობოტოვი. -

არაფერია, არაფერი, კოლეგა. გულს ნუ გაიტეხთ.

- ჩვენ კიდევ გამოვიჩენთ თაევს! - გადაიხარხარა მიხაილ ავერიანიჩმა და მეგობარს მუხლზე ხელი დაარტყა. - ჩვენ კიდევ გიჩვენებთ ჩვენს უნარს, მომავალ ზაფხულს, ღმერთია მოწყალე, კავკასიისკენ მოვუსვამთ. ცხენებით შემოვივლით მთელ კავკასიას, ფლოქვების თქარათქურით!

კავკასიიდან რომ დავბრუნდებით, ვინ იცის, ვნახოთ, იქნება ქორწილშიც

ვიქეიფოთ, - მიხაილ ავერიანიჩმა ცბიერად თვალი ჩაუკრა. - დაგაქორწილებთ, საყვარელ მეგობარო.. დაგაქორწილებთ...

ანდრეი ეფიმიჩმა უცებ იგრძნო, რომ ბოღმა ყელში მოაწვა; გულმა საშინლად დაუწყო ცემა.

- ეს უგვანობაა, საზიზღრობაა! - წარმოთქვა მან, სწრაფად წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა - ნუთუ თქვენ თვითონ არ გესმით, რომ უგვანობას ლაპარაკობთ?

მას უნდოდა წყნარად და თავაზიანად განეგრძო ლაპარაკი, მაგრამ თავისდა უნებურად უცებ მუშტები მაგრად მოკუმშა და მაღლა აწია.

- თავი დამანებეთ! - შეჰყვირა არაბუნებრივი ხმით.აღელდა და მთელი სხეულით აცახცახდა, - ორივენი გაეთრიეთ აქედან!

მიხაილ ავერიანიჩი და ხობოტოვი წამოდგნენ და ექიმს გაოცებულები და შეშინებულები შეაცქერდნენ.

- ორივენი გაეთრიეთ! - განაგრძობდა ყვირილს ანდრეი ეფიმიჩი, - გონებაჩლუნგნო! ტუტუცო ადამიანებო! არ მჭირდება არც მეგობრობა და არც შენი წამლები, ყეყეჩო! რა უგვანობაა, რა საზიზღრობა!

ხობოტოვმა და მიხაილ ავერიანიჩმა დაბნეულად გადახედეს ერთმანეთს, კარებისკენ დაიხიეს და წინკარში გავიდნენ. ანდრეი ეფიმიჩმა ხელი დაავლო ბრომიანი კალიუმის შუშას და ესროლა, შუშა წკრიალით სწორედ კარების ზღურბლზე დაიმსხვრა.

- ეშმაკსაც წაუღიხართ! - შეჰყვირა მან ატირებული ხმით და წინკარში გამოვარდა. - ეშმაკსაც წაუღიხართ!

სტუმრების წასვლის შემდეგ ანდრეი ეფიმიჩი, ციებიანივით აკანკალებული, დივანზე დაწვა და დიდხანს კიდევ იმეორებდა:

- გონებაჩლუნგები! ტუტუცები!

როცა იგი დამშვიდდა, მაშინ უწინარეს ყოვლისა თავში იმ აზრმა გაუელვა, რომ ალბათ ახლა საწყალ მიხაილ ავერიანიჩს ძალიან რცხვენია და სული უმძიმს. ის, რაც მოხდა, საშინელებაა. არასდროს ასეთი რამ არ მოსვლია, სად გაქრა ჭკუა ან თავდაჭერილობა? სად გაქრა მოვლენების გონებით ჩაწვდომისა და გაგების უნარი, ან ფილოსოფიური გულგრილობა?

რცხვენოდა და ჯავრი მოსდიოდა ექიმს, მთელი ღამე სირცხვილისა და ჯავრისაგან არ ეძინა, აწუხებდა თავისი საქციელი. დილის ათ საათზე კი საფოსტო კანტორაში წავიდა და ფოსტის უფროსთან ბოდიში მოიხადა.

- ნუ მოვიგონებთ იმას, რაც მოხდა. - ამოოხვრით უთხრა გულაჩვილებულმა მიხაილ ავერიანიჩმა და მაგრად ჩამოართვა ხელი. - ვინც წარსულს მოიგონებს, იმას თვალი დაუდგებაო ნათქვამია. ლიუბავკინ! - უცებ ისე ხმამაღლა დაიყვირა, ყველანი წერილების დამტარებლები თუ საქმისთვის მოსული ხალხი შიშისაგან შეხტნენ.

სკამი მოართვი. შენ კი მომითმინე! - დაუყვირა დედაბერს, რომელიც რკინის ცხაურიდან დაზღვეულ წერილს აწოდებდა. - ვერა ხედავ, რომ არა მცალია? ძველს ნუ გავიხსენებთ. - განაგრძობდა ის და ნაზად თავს ევლებოდა ანდრეი ეფიმიჩს. - უმორჩილესად გთხოვთ, დაბრძანდეთ, ჩემო ძვირფასო.

ერთ წამს გაჩუმებული, შუბლზე ხელებს ისვამდა, მერე უთხრა:

- მე აზრადაც არ მომსვლია თქვენი წყენა.ავადმყოფობამ მაგისთანები იცის, ავადმყოფობა ძმა კი არ არის, მე მესმის. თქვენ რომ ისტერიული გვემულება მოგივიდათ, მე და ექიმი ძალიან შევშინდით, ჩვენ იმის გამო ბევრი ვილაპარაკეთ თქვენზე. ჩემო ძვირფასო, რატომ არ გინდათ სერიოზულად იწამლოთ? განა აგრე შეიძლება? მაპატიეთ მეგობრული გულახდილობა - წაიჩურჩულა მიხაილ ავერიანიჩმა, - თქვენ ყოვლად მოუწყობელ და უსიამოვნო გარემოებაში ცხოვრობთ; სივიწროვე, უსუფთაობა, არც მოვლა გაქვთ და არც წამლობის საშუალება…ჩემო ძვირფასო მეგობარო! გულით გთხოვთ, გემუდარებით მე და ექიმი მიიღეთ ჩვენი რჩევა - დაწექით საავადმყოფოში! იქ საჭმელიც საღია, მოვლაც და წამლობაც.

ევგენი ფედორიჩი თუმცა, ჩვენს შორის რომ ვთქვათ, ცოტა უნიროა, მაგრამ მცოდნეა. შეიძლებაა სავსებით ვენდოთ მას. მან სიტყვა მომცა, ყურადღებით ვუწამლებო.

ანდრეი ეფიმიჩი ააღელვა მისმა გულწრფელმა თანაგრძნობამ, მეტადრე ცრემლებმა, რომლებიც მოულოდნელად ღაწვზე აუბრწყინდა ფოსტის მოხელეს.

- პატივცემულო, ნუ გჯერათ! - გულზე ხელი დაიწყო. - ნუ გჯერათ მაგათი! ეს მოტყუებაა! ჩემი ავადმყოფობის მიზეზი ის არის,რომ ამ ოცი წლის განმავლობაში მე მთელ ქალაქში ვიპოვე მხოლოდ ერთი გონიერი ადამიანი და ისიც შეშლილი. არავითარი ავადმყოფობა არა მაქვს მე. უბრალოდ მოჯადოვებულ წრეში მოვყევი, საიდანაც თავი ვერ დამიღწევია. ჩემთვის სულერთია, მე ყველაფრისთვის მზადა ვარ.

- საავადმყოფოში დაწექით, ჩემო ძვირფასო!

- ჩემთვის სულერთია. გინდ ორმოში ჩამაგდეთ.

- სიტყვა მომეცით, ჩემო მტრედო, რომ ყველაფერს გაუგონებთ ევგენი ფედორიჩს.

- ინებეთ, სიტყვას გაძლევთ. მაგრამ, ვიმეორებ, პატივცემულო, მოქცეული ვარ მოჯადოებულ წრეში. ახლა ყოველივე, თვით,გულწრფელი მეგობრების მონაწილეობაც, ერთისკენ იხრება - ჩემი დაღუპვისაკენ. ვიღუპები და შემწევს იმდენი ვაჟკაცობა, რომ ეს შევიგნო.

- ჩემო მტრედო, თქვენ გამოჯანსაღდებით.

- რა საჭიროა მაგის თქმა? - უთხრა გაჯავრებით ანდრეი ეფიმიჩმა.

- იშვიათად ადამიანი თავის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში არ განიცდის იმას, რასაც ახლა მე. როდესაც თქვენ გეტყვიან, რომ თქვენ თითქოს თირკმლები არ გივარგათ და გული გადიდებული გაქვთ, თქვენ დაიწყებთ წამლობას, ან გეტყვიან, რომ თქვენ შეშლილი ხართ, ან დამნაშავე, ესე იგი, ერთი სიტყვით, როდესაც ხალხი მოულოდნელად მთელ თავის ყურადღებას მხოლოდ თქვენ მოგაქცევთ, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ მოჯადოებულ წრეში ხართ მომწყვდეული, რომლიდანაც ვეღარ გამოხვალთ. ეცდებით გამოსვლას, მაგრამ უფრო მეტად აგერევათ გზა. ემორჩილებით მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ვეღარავითარი ადამიანური ძალა ვეღარ გიხსნით თქვენ. მე ასე მგონია.

ამ დროს ცხაურთან აუარებელი ხალხი მოგროვილიყო. ანდრეი ეფიმიჩი, მუშაობისთვის ხელი რომ არ შეეშალა, წამოდგა და გამოეთხოვა. მიხაილ ავერიანიჩმა ერთხელ კიდევ ჩამოართვა პატიოსანი სიტყვა და გარეთა კარებამდე გააცილა.

იმავე დღეს, საღამო ჟამს, ანდრეი ეფიმიჩთან მოულოდნელად მოკლე ქურქში და მაღალყელიან წაღებში გამოწყობილი ხობოტოვი

გამოცხადდა და ისეთი კილოთი გამოელაპარაკა, თითქოს გუშინ არაფერი არ მომხდარიყოს.

- კოლეგა, მე თქვენთან საქმისთვის გიახელით. მოვედი გთხოვოთ, ჩემთან კონსილიუმზე ხომ არ ინებებთ მობრძანებას, ა?

ანდრეი ეფიმიჩმა იფიქრა, რომ ხობოტოვს სურს სეირნობით გაართოს იგი, ან ნამდვილად რამე შემოსავლიან სამუშაოს სთავაზობს, ამიტომ ჩაიცვა და ექიმთან ერთად ქუჩაში გავიდა. ის მოხარული იყო ამ შემთხვევის გამო. ფიქრობდა, გუშინდელი დანაშაული ამით გამოესწორებინა, შერიგებოდა და ხობოტოვს გულში მადლობასაც უხდიდა იმისთვის, რომ კრინტიც არ დასძრა გუშინდელ შემთხვევაზე და ეტყობოდა ერიდებოდა კიდეც მის გახსენებას. ასეთი უკულტურო ადამიანისაგან ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ზრდილობა.

- სად არის თქვენი ავადმყოფი? - შეეკითბა ანდრეი ეფიმიჩი ექიმს.

- ჩემთან არის საავადმყოფოში. მე უკვე დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. მეტად საინტერესო შემთხვევაა.

საავადმყოფოს ეზოში შევიდნენ, შემოუარეს მთავარ კორპუსს და ფლიგელისკენ გასწიეს, სადაც სულით ავადმყოფები იმყოფებოდნენ. და ყოველივე ეს როგორღაც უსიტყვოდ ხდებოდა. როდესაც ფლიგელში შევიდნენ, ნიკიტა ჩვეულებრივად წამოხტა, გამოეჭიმა და  სალამი მისცა.

- აქ ერთ ავადმყოფს ფილტვების რაღაცა გართულება აქვს, - უთხრა დაბალი ხმით ხობოტოვმა ანდრეი ეფიმიჩს პალატაში შესვლის დროს, - თქვენ აქ მომიცადეთ, მე ახლავე წავალ სტეტოსკოპის მოსატანად.

და გავიდა.

 

XVII

 

 

უკვე ბინდდებოდა. ივან დიმიტრიჩს თავის საწოლზე იწვა, თავი ბალიშში ჩაეყო; დამბლა უმოძრაოდ იჯდა, ჩუმად ტიროდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. სქელ გლეხს და ყოფილ დამხარისხებელს ეძინათ. სიწყნარე იყო.

ანდრეი ეფიმიჩი ივან დიმიტრიჩის საწოლზე იჯდა და ელოდა. მაგრამ გავიდა ნახევარი საათი და ხობოტოვის მაგივრად პალატაში ნიკიტა შემოვიდა. მას იღლიაში ხალათი, ვიღაცის საცვლები და ტუფლები ამოეჩარა.

- მობრძანდით, ჩაიცვით, თქვენო მაღალკეთელშობილებავ, - უთხრა

მან დაბალი ხმით, - აი თქვენი საწოლი, აქეთ მობრძანდით, - დაუმატა მან და ცარიელ საწოლზე მიუთითა, რომელიც, ეტყობოდა ახლახან შემოეტანათ. - რა უშავს, ღმერთია მოწყალე, მორჩებით.

ანდრეი ეფიმიჩი ყველაფერს მიხვდა. ის უსიტყვოდ მიუახლოვდა საწოლს, რომელზეც ნიკიტამ უჩვენა, და ჩამოჯდა. მაგრამ როდესაც შეამჩნია, რომ ნიკიტა დგას და ელოდება, ტანთ გაიხადა, გატიტვლდა და როგორღაც შერცხვა. შემდეგ სავადმყოფოს ტანისამოსი ჩაიცვა; პერანგის ამხანაგი ძალიან მოკლე იყო, პერანგი გრძელი, ხალათს კი დამარილებული თევზის სუნი ასდიოდა.

- გამოჯანსაღდებით, ღმერთია მოწყალე, - გაიმეორა ნიკიტამ.

მან ანდრეი ეფიმიჩის ტანისამოსი იღლიაში ამოიჩარა, გავიდა და კარი გაიხურა.

„სულერთია... ფიქრობდა ანდრეი ეფიმიჩი, მორცხვად ხალათში ეხვეოდა და გრძნობდა, რომ თავის ახალ ტანისამოსში იგი ტუსაღსა ჰგავდა. - სულერთია... სულერთია, გინდა ფრაკი, გინდა მუნდირი, გინდა ეს ხალათი...

მაგრამ სად არის საათი? უბის წიგნაკი, რომელიც გვერდის ჯიბეში მედო? პაპიროსები? სად წაიღო ნიკიტამ ჩემი ტანისამოსი? ახლა ალბათ სიკვდილამდის აღარ მეღირსება ჩემი შარვლის, ჟილეტის და წაღების ჩაცმა“, ყოველივე ეს პირველ ხანს მისთვის როგორღაც უცნაური და ამავე დროს თითქმის გაუგებარიც იყო. თუმცა ანდრეი ეფიმიჩი ახლაც დარწმუნებული იყო, რომ მდაბიო ქალ ბელოვას სახლსა და პალატა # 6-ს შორის არაფერი განსხვავებაა, რომ ყველაფერი ამქვეყნად სისულელე

და ამაოთა-ამაოებაა, ამასთანავე მას ხელები უკანკალებდა, ფეხები უცივდებოდა და აშინებდა აზრი,რომ მალე ივან დიმიტრიჩი ადგება და მას ხალათში დაინახავს. იგი წამოდგა, გაიარა და ისევ დაჯდა.

აი, ის უკვე ნახევარი საათი იჯდა, საათი, მოსწყინდა, დასევდიანდა; ნუთუ აქ შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა დღე, კვირა და წლობითაც კი,  როგორც ეს ხალხი ცხოვრობს? აი, ის იჯდა, მერე გაიარა და ისევ დაჯდა; შეიძლება გაიარო და ფანჯარაში გაიხედო, და კვლავ გაიარო კუთხიდან კუთხემდე. მერე ერთთავად, როგორც კერპი, ასე იჯდე და მეტი არაფერი? არა, ეს მგონი შეუძლებელია.

ანდრეი ეფიმიჩი დაწვა, მაგრამ ის მაშინვე წამოდგა. სახელოებით შუბლზე მოსული ცივი ოფლი მოიწმინდა და იგრძნო, რომ მთელ სახეზე დამარილებული თევზის სუნი აუვიდა. მან ისევ გაიარა.

- ეს რაღაც გაუგებრობაა... - წაილაპარაკა მან, საგონებელში ჩავარდნილმა, ხელები გაშალა. - უნდა ამიხსნან, აქ გაუგებრობაა...

სწორედ იმ დროს ივან დიმიტრიჩმა გაიღვიძა. ის წამოჯდა, ლოყები მუშტებზე დააყრდნო, გადააფურთხა, მერე ზარმაცად გადმოხედა ექიმს და, ეტყობოდა, პირველ წუთს ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მალე მისმა ნამძინარევმა სახემ ბოროტი და დამცინავი გამომეტყველება მიიღო.

- აჰა, თქვენც ჩაგსვეს, გვრიტო! ხრინწიანი ხმით წაილაპარაკა ნამძინარევმა, ცალი თვალი ჩაუკრა. - დიდად მოხარული ვარ. აქამდე თქვენ სვამდით ხალხის სისხლს, ახლა თქვენ გამოგწოვენ. ჩინებულია!

- ეს რაღაც გაუგებრობაა... - წარმოთქვა ანდრეი ეფიმიჩმა, ივან დიმიტრიჩის სიტყვებით შეშინებულმა, მხრები აიჩეჩა და გაიმეორა: - რაღაც გაუგებრობაა...

ივან დიმიტრიჩმა კიდევ გადააფურთხა და დაწვა.

- დაწყევლილი სიცოცხლე. - წაიბურტყუნა მან. - სამწუხარო და საწყენი ის არის, რომ ეს ტანჯული ცხოვრება ჯილდოთი არ დამთავრდება, არც აპოთეოზით, როგორც ოპერაში, არამედ სიკვდილით; მოვლენ გლეხები, მკვდარს ხელ-ფეხში წაგავლებენ და სარდაფში ჩაგათრევენ. ბრრ!.. ეგ არაფერი... სამაგიეროდ იმ ქვეყანაში დადგება ჩვენი დღესასწაულიც... იმ ქვეყნიდან მოჩვენებასავით მოვევლინები ხოლმე ამ ქვემძრომთ და თავზარს დავცემ. გავაჭაღარავებ...

მოისეიკა დაბრუნდა და, დაინახა რა ექიმი, ხელი გაუშვირა.

- მომეცით ერთი კაპიკი! - სთხოვა მან.

 

XVIII

 

 

ანდრეი ეფიმიჩი ფანჯარას მოშორდა და მინდვრისკენ გაიხედა. უკვე ბინდდებოდა და მარჯვნივ ჰორიზონტზე ცივი მეწამული მთვარე ამოდიოდა. საავადმყოფოს გალავნის შორიახლო, ასი საჟენის მანძილზე, თეთრი მაღალი სახლი იდგა, ქვიტკირის გალავნით შემოზღუდული. ეს საპყრობილე იყო.

- აი, ეს სინამდვილეა! - გაიფიქრა ანდრეი ეფიმიჩმა და შეეშინდა.

შესაზარი იყო მთვარეც და საპყრობილეც, მესერზე ამოშვერილი ლურსმნებიც და შორს ძვლების საწვავი ქარხნიდან ამონადენი ცეცხლის ალიც. მის უკან ვიღაცამ ამოიოხრა. ანდრეი ეფიმიჩმა მიიხედა და დაინახა კაცი გულზე ბრჭყვიალა ვარსკვლავებით და ორდენებით, რომელიც უღიმოდა და მაცდურად თვალს უკრავდა. ესეც საშინლად ეჩვენა.

ანდრეი ეფიმიჩი თავის თავს არწმუნებდა, რომ მთვარესა და საპყრობილეში განსაკუთრებული არაფერია, რომ ფსიქიურად ჯანსაღი ხალხიც ორდენებს ატარებენ და რომ ყოველივე ეს თავის დროზე დალპება და თიხად იქცევა, მაგრამ უცებ სასოწარკვეთილებამ მოიცვა ის, ორივე ხელით რკინის ცხაურს დაებღაუჭა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეანძრია.

მაგარი ცხაური არ დაემორჩილა.

მერე, შიშს რომ უფრო არ დაეძლია, ის ივან დიმიტრიჩის ლოგინთან მივიდა და დაჯდა.

- სულით დავეცი, ჩემო ძვირფასო, - წაიბუტბუტა მან, კანკალებდა და თან ცივ ოფლს იწმენდდა. - სულით დავეცი.

- აბა ახლაც იფილოსოფოსეთ, - დაცინვით უთხრა ივან დიმიტრიჩმა.

- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... დიახ, დიახ... თქვენ ერთხელ როგორღაც ინებეთ თქმა, რომ რუსეთში ფილოსოფია არ არისო, მაგრამ ყველანი ფილოსოფოსობენო, წვრილფეხობაც კიო. მაგრამ ამ ადამიანების ფილოსოფოსობისაგან ზიანი ხომ არავის მოსდის, - ეს ისეთი კილოთი თქვა ანდრეი ეფიმიჩმა, თოთქოს უნდოდა ეტირა და ამით თავი შეებრალებინა.

- რა საჭიროა ჩემო ძვირფასო, ასეთი ღვარძლიანი დაცინვა? და რატომ არ უნდა იფილოსოფონ იმ ადამიანებმა, თუ ისინი ცხოვრებით კმაყოფილნი არ არიან? როცა ჭკვიანს, განათლებულს, ამპარტავანს, თავისუფლების მოყვარულ და სრულიად ღვთის მსგავს ადამიანს, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ მკურნალად წავიდეს ჭუჭყიან, სულელურ ქალაქში და მთელი თავისი სიცოცხლე ავადმყოფებს უკეთოს კოტოშები, წურბლები, მდოგვი! ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს თაღლითობაა, უგვანობაა!

- თქვენ სისულელესა როშავთ. თუკი მკურნალობა საძაგლობა იყო, მაშინ მინისტრად წაბრძანდებოდით.

- არსად, არსად არ შეიძლება. სუსტნი ვართ, ჩემო ძვირფასო... მე გულგრილი ვიყავი, მხნედ და საღად ვმსჯელობდი და ტლანქად შემეხო თუ არა ცხოვრება, სულით დავეცი... დავძაბუნდი... სუსტნი ვართ ჩვენ, საძაგლები, ცუდები... და თვითონ თქვენც, ჩემო ძვირფასო! თქვენ გონიერი, კეთილშობილი, დედის რძესთან ერთად ითვისებდით კეთილშობილურ მისწრაფებას, მაგრამ ჩაებით თუ არა ცხოვრებაში, როგორ უმალ მოიქანცეთ და ავად გახდით!. სუსტნი ვართ, სუსტნი!

შიშისა და შეურაცხყოფის გრძნობის გარდა, ანდრეი ეფიმიჩს შემოღამებიდანვე რაღაცა აეკვიატა, ღლიდა და აწუხებდა. ბოლოს მიხვდა, რომ მას ლუდი და თუთუნის მოწევა სწყუროდა.

- მე გავალ აქედან, ჩემო ძვირფასო, - თქვა მან. - ვეტყვი, რომ სინათლე მოგვცენ.. ასე არ შემიძლიან... ასეთ მდგომარეობას ვერ ავიტან.

ანდრეი ეფიმიჩმა კარებისაკენ გასწია და გააღო, მაგრამ იმ წამსვე ნიკიტა წამოხტა და გზა გადაუღობა.

- თქვენ საით? არ შეიძლება, არ შეიძლება! - უთხრა მან. - ძილის დროა!

- მე მხოლოდ ერთ წამს, მხოლოდ ეზოში გავივლი! - გაოგნებული ანდრეი ეფიმიჩი ეზოსკენ ისწრაფოდა.

- არ შეიძლება, არ შეიძლება, ნაბრძანები არა მაქვს. თქვენ თვითონ მოგეხსენებათ.

ნიკიტამ კარები გაიჯახუნა და ზურგით მოაწვა.

- და თუ მე აქედან გავალ, ამით ვის რა დაუშავდება? - შეეკითხა ანდრეი ეფიმიჩი მხრების აჩეჩვით. - არ მესმის! ნიკიტა, უნდა გავიდე! -  თქვა მან ათრთოლებული ხმით,- ჩემთვის საჭიროა!

- უწესრიგობას ნუ ახდენთ, არ ვარგა! - უთხრა დარიგებით ნიკიტამ.

- ეშმაკმა იცის რა არის ეს! - შეჰყვირა უცებ ივან დიმიტრიჩმა და წამოხტა. - რა უფლება აქვს მაგას არ გამიშვას? როგორ ბედავენ და გვაკავებენ აქ? მგონი, კანონში გარკვევით არის ნათქვამი, რომ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია! ეს ძალადობაა! თვითნებობა!

- რასაკვირველია თვითნებობაა! - თქვა ივან დიმიტრიჩის ყვირილით წაქეზებულმა ანდრეი ეფიმიჩმა, -- მე მესაჭიროება, მე უნდა გავიდე! მაგას უფლება არა აქვს! გამიშვი, შენ გეუბნებიან!

- გესმის, მტერო, პირუტყვო? - შეჰყვირა ივან დიმიტრიჩმა და კარებს მუშტებით დაუწყო ბრახუნი. - გააღე, თორემ კარებს შემოვამტვრევ! მძარცველო!

- გააღე! - შეჰყვირა ანდრეი ეფიმიჩმა და მთელი ტანით აცახცახდა. -

მე ამას მოვითხოვ!

- რამდენიც გინდა ილაპარაკე! - უპასუხა კარების უკნიდან ნიკიტამ. -

ილაპარაკე!

- წადი, ევგენი ფედორიჩს მაინც დაუძახე! აქ მოვიდეს! უთხარი, რომ მე ვთხოვ ერთი წამით!.. აქ მობრძანდეს...

- ისინი ხვალ თვითონ მოვლენ.

- ჩვენ არასდროს არ გაგვიშვებენ! - იმეორებდა ივან დიმიტრიჩი, -

ჩვენ აქ ჩაგვალპობენ! ოჰ, უფალო, ნუთუ მართლა იმ ქვეყნად ჯოჯოხეთი

არ არის და ამ არამზადებს ყველა ეს საქციელი ეპატიებათ? სად არის სამართალი? გააღე, შე არამზადავ, ვიხრჩობი! - დაიყვირა მან ხრინწიანი ხმით და კარებს ეცა.- მე თავს გავიჭეჭყავ, მკვლელებო!

ნიკიტამ სწრაფად გააღო კარები, ტლანქად, ორივე ხელი და მუხლები ჰკრა და გადააგდო ანდრეი ეფიმიჩი, მერე მუშტი მოუქნია და ცხვირ- პირში ჩაარტყა. ანდრეი ეფიმიჩს მოეჩვენა, რომ იგი თავიდან ფეხებამდე უშველებელმა მლაშე ტალღამ დაფარა და საწოლისკენ გაიტაცა; მართლაც, პირი გაუმლაშდა; ალბათ, დარტყმის დროს კბილებიდან სისხლი წასკდა. მას თითქოს უნდოდა ამ ტალღიდან გამოცურებულიყო, ხელები გაიქნია და ვიღაცის საწოლს ჩაავლო ხელი და, აი, სწორედ ამ დროს კვლავ იგრძნო, რომ ნიკიტამ ორჯერ კიდევ მაგრად ჩაარტყა ზურგში.

ხმამაღლა შეჰყვირა ივან დიმიტრიჩმა. ეტყობოდა, იმასაც სცემდნენ.

მერე ყოველივე მიყუჩდა, რკინის ცხაურიდან იღვრებოდა მთვარის მკრთალი ნათელი და იატაკზე ბადის მსგავს ჩრდილს აფენდა. ანდრეი ეფიმიჩი შიშმა აიტანა. იგი დაწვა, სულგანაბული, შიშით  თავზარდაცემული, ელოდა, რომ მას კიდევ დაარტყამენ. თითქოს ვიღაცამ ნამგალი აიღო, ჩაურჭო მას და რამდენჯერმე გულ-მუცელში და ნაწლავებში დაუტრიალა.

ტკივილების სიმწვავისაგან ბალიშს უკბინა და კბილები გააღრჭიალა და უცებ ამ საშინელი ქაოსის დროს ცხადად გაურბინა თავში საშინელმა, აუტანელმა აზრმა, რომ სწორედ ამის მსგავს საშინელ ტკივილებს უნდა განიცდიდნენ ესენი აქ წლობით და დღითი დღე ამას იტანდნენ, ეს საცოდავი ხალხი, რომლებიც ახლა ამ მთვარის მუქზე შავ ჩრდილებად მოჩანან.

როგორ მოხდა, რომ ოცზე მეტი წლის განმავლობაში მან არ იცოდა და არც უნდოდა გაეგო, თუ რა ხდებოდა? არ იცოდა და წარმოდგენაც კი არა ჰქონდა ამ ტკივილზე, მაშასადამე, იგი დამნაშავე არ არის, მაგრამ სინდისმა, ისევე მოურიგებელმა და ტლანქმა, როგორიც ნიკიტაა, კეფიდან ფეხის ქუსლამდე ცივად დაურბინა.

იგი წამოხტა, უნდოდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, დაეყვირა და გაქცეულიყო, ჯერ ნიკიტა მოეკლა, მერე ხობოტოვი, ზედამხედველი და ფერშალი, მერე თავისი თავი, მაგრამ მას გულიდან არც ერთი ბგერა არ აღმოხდა და ფეხებიც არ დაემორჩილნენ; სულშეხუთულმა, ხალათი და პერანგი ჩაიხია, გულიდან მოიშორა და საწოლზე უგრძნობლად დაეცა.

 

XIX

 

 

მეორე დღეს დილით მას თავი სტკიოდა, ყურებს ბუბუნი გაჰქონდა და მთელ სხეულში მოთენთილობას გრძნობდა. გუშინდელი თავისი

უნებისყოფობის მოგონებისა არა რცხვენოდა. გუშინ იგი მეტად სულმოკლე იყო, მთვარისაც კი ეშინოდა, ახლა კი გულწრფელად აღიარებდა თავის გრძნობებსა და აზრებს, რომლებშიც წინათ ეჭვი ეპარებოდა, მაგალითად: აზრებს მოფილოსოფოსო პაწაწა ადამიანების დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მაგრამ ახლა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო.

ის არა სჭამდა, არა სვამდა, გაჩუმებული გაუნძრევლად იწვა.

„ჩემთვის სულერთია, - ფიქრობდა იგი, როცა მას შეკითხვებს აძლევდნენ. - პასუხს არ მოგცემთ... ჩემთვის სულერთია“.

სადილის შემდეგ მიხაილ ავერიანიჩი მოვიდა და გირვანქის მეოთხედი ჩაი და ერთი გირვანქა მარმელადი მოუტანა. დარიუშკაც მოვიდა და გონებაჩლუნგი სევდიანი გამომეტყველებით მთელი საათი საწოლთან იდგა. ექიმმა ხობოტოვმაც ინახულა. მან შუშით ბრომიანი კალიუმი მოუტანა და ნიკიტას უბრძანა, პალატაში როგორმე ჰაერი გაეწმინდა.

საღამო ჟამს ანდრეი ეფიმიჩს დამბლა დაეცა და გარდაიცვალა. მან ჯერ შემაძრწუნებელი თრთოლვა და გულისრევა იგრძნო; ეჩვენებოდა, თითქოს რაღაცა საზიზღარი რამ უვლიდა მთელ ტანში და თითებამდეც კი აღწევდა.

კუჭიდან წამოვიდა, თავში ეცა, თვალთ დაუბნელდა და ყურები დაეცო. თვალებში მწვანედ ეჩვენებოდა. მიხვდა ანდრეი ეფიმიჩი, რომ დადგა მისი აღსასრულის დღე და მოაგონდა, რომ ივან დიმიტრიჩს, მიხაილ ავერიანიჩს და მილიონ ხალხს სწამთ სულის უკვდავება. მართალი რომ იყოს? მაგრამ მას უკვდავება არ უნდოდა, ეს მხოლოდ წუთით გაახსენდა.

მოხდენილმა და არაჩვეულებრივად ლამაზმა ირმის ჯოგმა გაირბინა გვერდით, რომელთა შესახებ გუშინ კითხულობდა, მერე დედაბერმა დაზღვეული წერილი გაუწოდა და მისცა ხელში... მიხაილ ავერიანიჩმა რაღაც უთხრა. მერე ყოველივე გაქრა და ანდრეი ეფიმიჩი საუკუნოდ დადუმდა.

მოვიდნენ გლეხები, ხელ-ფეხში ხელი ჩაავლეს, ასწიეს და სამლოცველოში შეასვენეს. იქ მაგიდაზე თვალღია ესვენა  და  მთელი ღამე მთვარე დანათოდა. დილით მოვიდა ღვთისმოსავი სერგეი სერგეიჩი, ილოცა გარდამოხსნის ხატის წინ და თავის ყოფილ უფროსს თვალები დაუხუჭა.

ერთი დღის შემდეგ დამარხეს ანდრეი ეფიმიჩი. დასაფლავებაზე მხოლოდ მიხაილ ავერიანიჩი და დარიუშკა იყვნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ