მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5699 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნაწილი 1

წვიმიან ღამეს

 

ხეების ჭრიალსა და ქარის ქროლას ქუხილი აყრუებდა. ცას პირი მოეხსნა და ღვარად მოდიოდა წვიმა. აქოთქოთებული ნიაღვრები თავქვე ეშვებოდნენ და იყალთოს პირქაფიან ხევს უერთდებოდნენ.

სულიერი არ ჭაჭანებდა გარეთ, ძაღლებიც კი აივნებქვეშ მობუნძღულიყვნენ და ცხვირები ფუმფულა კუდებში ჩაეყოთ.

მხოლოდ სოფლის განაპირას, ტყესთან ახლოს ალანდულ მიტოვებულსა და ძველ საბძელში ელვის თვალისმომჭრელ შუქზე ხანდახან ჩნდებოდა ორი ბავშვის სახე, რომელთაც აინუნშიაც არ მოსდიოდათ ხევის ბდღვინვა და ცის მრისახანება.

- ე, როგორი ღამე დადგა, წაილაპარაკა ერთმა და ნამჯაზე წამოჯდა.

- კარგ დროს კი შემოვასწარით, ერთი წინწკალიც არ დაგვცემია თავზე.

- ხა -ხა -ხა - ხა! ახლა ჩვენებს მე თქვენსა ვგონივარ და თქვენებს შენ ჩვენსა.

- ჩუმად, გოგი, ეგრე ნუ იცინი!

- არაფერია, სანდრო, მაინც ვერავინ გაიგებს ამ გუგუნ-გრიალში. კარგი პატრონი ძაღლს არ გააგდებს ახლა გარეთ, მაგრამ მაინც ჩუმად ყოფნა ჯობია.

- ეს ღამე მართლაც ზედგამოჭრილია, თორემ სხვა დროს გროზნას ძაღლს ჩიტიც ვერ მიეპარება იმ ვაშლზე. თუმცა ერთი კი მაკვირვებს: რაღა მაინცდამაინც მაგ კაცსა ვპარავთ, მელანასაც ხომ უდგას ასეთი ვაშლი? გოგიამ ბნელში მოათვალიერა მეგობრის სახე და მცირე ხნის შემდეგ დაუმატა: კარგა ხანი კია, რაც აღარაფერი მოგვიპარავს.

- მოგვიპარავსო? გაიკვირვა სანდრომ, განა კიდევ ბალღები ვართ, მოვიპაროთ! მეხუთე კლასში ვართ, შე წყეულო!

- მაგრამ მელანასაც ხომ ჯერ არ დაუკრეფია თურაშაული? სანდრო მხართეძოზე წამოწვა.

- მელანა მარტოხელა ქალია, ერთადერთი შვილიშვილი ომში დაეღუპა. იმას მოპარვა კი არა დახმარება უნდა... განა გროზნას კი ვპარავთ? არა, გოგი, ეს ვაშლი მაგ კაცის საყვარელი ვაშლია, ძალიან უფრთხილდება და სწორედ ამიტომ მინდა დავუკრიფოთ.

- თუ არა ვპარავთ, მაშინ ვინა გვცემს კეტს, გინდათ თუ არა, დაუკრიფეთო?

- შენ ხომ გახსოვს, მე და ჩვენი ბიჭები როგორ ვეხვეწებოდით, საყდრის ქვეშ რომ გვირაბია, იქ ჩავეშვით, მაგრამ იმან არამცთუ გასაღები მოგვცა, ჯოხით დაგვიფრინა იქიდან.

- მერე, ვაშლი რა შუაშია?

- როგორ თუ რა შუაშია? განა ჩვენ მაშინ გულდაწყვეტილები არ წამოვედით იქიდან?

- წამოვედით.

- ჰოდა, ახლა იმას დავუკრიფოთ ეგ ვაშლი, რომ გაიგოს გულისდაწყვეტა როგორია.

- მერე სად უნდა წავიღოთ ვაშლი?

- აქვე, ნამჯაში დავმალავთ.

- და ზამთარში შევჭამთ, არა?

- შენ სულ მუცლის ამოყორვაზე ნუ გიჭირავს თვალი! გაწყრა სანდრო, ცოტა ხანს არ გამოვუჩენთ, ცოტა ხანს ვაწრუწუნებთ და მერე ერთბაშად ვეტყვით: "დიმიტრი პაპავ, თუ გვირაბში ჩაგვიშვებ, დაკარგულ ვაშლს გიპოვით და სულ უკლებლივ ჩაგაბარებთ, მიხვდი?"

- მივხვდი, მაგრამ რატომ სხვა ბიჭებიც არ წამოვიყვანეთ? ხომ არც ისინი ჩაუშვა გროზნამ? მოგვეხმარებოდნენ.

- რა საჭიროა მთელი ხროვა? ვაშლის ხე პატარაა, მე და შენც კარგად აუვალთ.

- ლუკას ბიჭი მაინც წამოგვეყვანა.

- ლუკას ბიჭი ჩვენს რგოლში არ არის.

- მერე რა? თვითონ ბიჭი ყოჩაღია და რგოლი რა შუაშია? ერთ კლასში ხომ ვართ!

გოგია ჩაფიქრდა. - იცი რა, სანდრო, მოდი, ჩვენს რგოლში მივიღოთ.

- შენ ხომ არ გასულელდი, ეფრემას ბიჭო, იქ არ იყავი, რომ ნიკომ მაგის გულისთვის კინაღამ არ წამოგვარტყა? უფროსმა პიონერხელმძღვანელმაც ნება არ დაგვრთო რგოლში სულ ბიჭები ხომ არ იქნებით, ეგ ორი გოგო მაინც შეიფერეთო.

გოგია ჩაფიქრდა და მცირე ხნის შემდეგ ელვის შუქზე სანდრომ მისი დაკრეჭილი კბილები დაინახა.

- რაზე იცინი?

- იცი რა, სანდრო, მოდი, ნუ გავაგებინებთ ნურავის, ისე მივიღოთ ჩუმად.

- როგორ თუ ჩუმად?

- მარტო ჩვენმა რგოლმა და იმან იცოდეს.

სანდრო ერთხანს წყნარად იყო, მერე ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და მეგობარს მხარზე ხელი ალერსით დაჰკრა.

- ყოჩაღ, ბიჭო! მაშინ სხვებიც შეგვიძლია მივიღოთ.

- ვინ სხვები?

- ზოგიერთები, ვინც ყოჩაღია, ენუქიშვილები ხომ მივიღეთ.

- ეგრე ვუყოთ, სანდრო, მაშინ ყველაფერს უფრო ადვილად გავაკეთებთ და ფეხბურთის გუნდიც

საკუთარი გვეყოლება. გოგია სიხარულისაგან შეხტა, წარმოგიდგენია, სანდრო? ფეხბურთის გუნდი ერთი კლასიდან. არა, არა! ერთი კლასიდან კი არა, ერთი რგოლიდან! მთელ რგოლში ფეხბურთელები იქნებიან. ბუჩუკურთელის რგოლი! ფეხბურთელთა გუნდი! ხედავ, სანდრო, რა იქნება?

სანდრო ისევ წამოჯდა ნამკაზე და სიამოვნებისაგან შეიშმუშნა.

- ჭკუის კოლოფი ხარ, წყეულო, საიდან მოიგონე? კაპიტანი მე ვიქნები.

- მე კი შენი მოადგილე.

- მოადგილე არა, ტოროლა! კაპიტანს სადა ჰყავს მოადგილე შენ თუ გინდა, მეკარედ დაგნიშნავ.

- არა, სანდრო, მეკარედ ხახაბო დავაყენოთ, ერთ ბურთს არ გაუშვებს კკარში, ერთი ძელიდან რომ გადაწვეს, თავს მეორე ძელთან დადებს. არა, მე მეკარედ არ ვივარგებ. ისევ სჯობია, თავდასხმაში ვითამაშო, შუამარბი ვიქნები.

- არ შეიძლება, შუამარბი მე უნდა ვიყო.

- არა, ძმაო, მე მეკარედ არ ვივარგებ, თუ გინდა, ბერძენაანთ ვანო იყოს, ხახაბო კი ზედგამოჭრილია.

- არ ივარგებს, ვანო დამცველად გამოდგება, ღონიერია და ბურთს კარგად არტყამს. აი, თუჯიშვილიც რომ ჩვენს რგოლში იყოს, ისიც კარგი დამცველი იქნებოდა.

- იქნებოდა და, მივიღოთ.

- უნდა მივიღოთ, კარგი აზრია, ნუგზარი კი ფიცხია და გარემარბად კარგი იქნება.

- ლეოც ფიცხია, ზალიკო კი ცოტა ზანტია, მაგრამ ღონიერია. დამცველად კარგი იქნება.

- ზალიკო არ გამახსენო.

- რატომ? ეგ ხომ ჩვენს რგოლშია.

- იმიტომ, რომ მაბეზღარა და შურიანია.

- მაშ რა გამოდის? რგოლში ითვლება, თამაშით კი არ ითამაშებს?

- ზუსტადაც არ ითამაშებს. აი რას ვიზამ: გავრიცხავ და მაგის ხარჯზე სხვას მივიღებ ვეხვეწე და "ზღაპრების წიგნი" არ მათხოვა. შურიანია სხვას ჩემზე მეტი არა ჰქონდეს წაკითხულიო.

- მერე, დანარჩენი ბიჩები მხარს დაგიჭერენ? პიონერხელმძღვანელს ეტყვის.

- ეტყვის და ნახავ როგორ მივბეგვავ. ბიჭები კი როგორმე უნდა დავითანხმოთ.

- კარგი, ყველა სათითაოდ ვნახოთ და მოველაპარაკოთ. ცემით კი, მოეშვი, ღონიერია და...

- სანდრომ სიტყვა გააწყვეტინა, ფეხზე წამოვარდა და წაიღრინა, გაწყვიტე ხმა, თორემ იქნება შენც მიგაყოლო იმას.

გოგია დაუტკბა და უთხრა: კარგი, ჰო დაჯექი, ნამდვილი ყარამანი ხარ! ჰო, მართლა, აბა ყარამანს როგორი მუშტი ჰქონდა?

- მე რა ვიცი, როგორი მუშტი ჰქონდა?

- შენ არა სთქვი, დევს რომ დაარტყამდა, თავს მუცელში უძვრენდაო?

- მერე, რომ ვთქვი?

- ჰოდა,იმას რაღაც სხვანაიირი მუშტი ექნებოდა.

გოგია მცირეხან ჩაფიქრდა და მერე იკითხა: ნეტავ პაპიროსს თუ ეწეოდა ყარამანი?

- ჰო, პირში სულ ,,ყაზბეგი"" ჰქონდა გაჩრილი.

- იცი რა, სანდრო, ამ გახსენებაზე პაპიროსი მომინდა, და მოიტა რა, მოვწიოთ.

- ჩუმად იყავ, აქ მოწევა არ შეიძლება. აბა ნახე, რომელი საათია?

გოგიამ ჯიბიდან მაგიდის ვეებერთელა საათი ამოიღო

- ეგ რაღამ წამოგაღებინა?

- უმთვარო და უვარსკვლავო ღამეა, დრო როგორ უნდა გაგვეგო?

- ზედმეტი ბარგია, თქვენები გაიგებენ.

- რას გაიგებენ, მოვატყუე, გაჩერდა და ძია ლევანთან მიმაქვს გასაკეთებლად-მეთქი. ჩვენებმა იციან, რომ მამაშენმა საათების შეკეთება იცის.

- ზედმეტი ბარგია-მეთქი, უჰ! თორმეტს ათი წუთი აკლია, ჩააქრე ასანთი, არავინ დაინახოს შუქი, სწორედ დრო არის.

- კი მაგრამ საიდან გინდა გახვიდე რიყეში. საბჭოს წინ, ხიდთან, სინათლეები ანთია და სხვაგან მდინარე თავ-პირს იმტვრევს კლდეებზე, ახლა ყარამანიც ვერ გავა შიგნით.

- ნუ გეშინია, მაგისთვისაც ვიზრუნე, აი, შეხედე, მე თვითონ გავლესე.

- მერე ეგ ხერგი ჰაეროპლანი ხომ არ გგონია?

- წყაროს ბაღთან ჩვენი რიყე ყველაზე ვიწროა, სულ ოთხი-ხუთი ნაბიჯი იქნება. სწორედ იმ ადგილას დიდი ალვის ხე რომ დგას, ზედ კლდის პირას, ის უნდა წავაქციოთ.

- როგორ, შენ გინდა მოჭრა ის მშვენიერი ალვის ხე?

- მშვენიერი! შენც გესმის რამე სიმშვენიერისა. კაკალი ხომ არ არის, რომ დაგენანოს? გარდა ამისა, ნახევრად ქარისგან არის გადახლეწილი.

- კარგი, მაგრამ რად გინდა ის ალვის ხე?

- სულელო, ფერდობს, რომელზედაც შენი მშვენიერი ალვის ხე დგას, დაქანება ხევისკენ აქვს. ცოტა რომ მივაჭრათ, მერე თვითონვე წაიქცევა და წვერს მეორე ნაპირზე დადებს. ამაღამ მაგაზე უკეთეს ხიდს ვერ ვინატრებ.

ბიჭებმა ტანსაცმელი გაიხადეს. იქვე, საბძელში დამალეს და ტრუსების ამარა გამოვიდნენ გარეთ, კოკისპირულ წვიმასა და ქარში. სანდროს სადღაც ნაპოვნი ძველი და თავისივე ხელით დაჯღანული ხურჯინი გადაეკიდა მხარზე.

მალე ალვის ხე აჭრიალდა, დაიჭექა და ზღართანი მოადინა ხევის მეორეს ნაპირას. სანდრო გადააჯდა ხეს და ხოხვა-ხოხვით მივიდა ტოტებამდე, მერე ხელი ჩაავლო ტოტებს და ორიოდ წუთში მეორე ნაპირზე მოექცა.

გოგია შეზარა უცნაური ხიდის ქვეშ ახვივლებულმა წყალმა. წამით ჩაიხედა შიგ და ელვის შუქზე დაინახა, როგორ მოაგელვებდა ლაფიან ტალღებს ხევი. უკან დაიწია, მაგრამ ამ დროს გაისმა სანდროს შეძახილი და ბიჭს გამბედაობა მოემატა, ათიოდე წუთში უკვე ,,გროზნას"" ბაღში იყვნენ.

- წყალში ასეთ დროს არ უნდა ჩაიხედო. იქ გადმოსვლაზე შეშინდი, შენ როგორი ჯარისკაცი იქნები? სუვოროვს კი გულადები უყვარდა. აი, მე ერთ წიგნს მოგცემ წაიკითხე, ასეთ ღამეში და წვიმაში გაგიჟებულ ცხენს დააჭენებდა, თივაში იძინებდა, ცივ წყალში ბანაობდა და რას არ აკეთებდა, შენ კი მაგოდენა ხეზე გავლისა შეგეშინდა.

- უკრავ შენებურად! ერთიც ვნახოთ, შიგ ჩავვარდე და დამახრჩოს! მერე რომელ მილიციელთან უნდა ვუჩივლო მაგ წყალს?

- შენ თუ დაიხრჩვე, ყვავები დაითალხებიან. სუვოროვი ალპებზე გადავიდა.რაო? ალპები რა არიო? აკი გეუბნები გეოგრაფია არ იცი-მეთქი.

- დაიცა, მგონი, მოვედით, ეს ვაშლი არ არის?

- ჩუმად, ძაღლი არ გეცეს, ეტყობა, გროზნას აუშვია. ღრენა არ გესმის? მეორე მხრიდან მოვუაროთ. ქარი აქედან უბერავს.

ბიჭებს სახეში სცემდა წვიმა, გრიალებდა ცა, ისევ უკანვე იკეცებოდა შავ-შავი ღრუბლებიდან გამოვარდნილი ელვა. ხოლო ძირს, მოცხარის ბუჩქში შემძვრალი და მოკრუნჩხული ძაღლი ყრუდ ღრინავდა. გრძნობდა, რაღაც არასასიკეთო ხდებოდა მის თავზე მაგრამ კერძოდ რა, ამას ვერ მიმხვდარიყო.

ბიჭებმა გაავსეს ხურჯინი და გამოსცდნენ გაკრეფილ ვაშლს.

- ფუი! შენი ძაღლობა რა ვთქვა! ესეც ძაღლია რა, მაშ ღირსი არ არის, სანდრო, ქვები დავაყაროთ? აკი ძალიან ანჩხლიაო?

- შენ მართლა ხომ არ გასულელდი? გამოადგი ჩქარა ფეხი, თორემ სადაცაა გათენდება. ძაღლი კიი.. აბა, ქარის მხრიდან მისულიყავუ ვაშლთან, მაშინვე სუნს იკრავსა და ბარკალს აგახლეჩდა. ახლა წავიდეთ მალე, თორემ ლამის ყინულის ლოლად გადავიქცე.

გოგიამ რაკი, გაიგო, რომ სანდროსაც სციოდა, ყბების მოჭერას თავი გაანება და მისმა კბილებმაც კაწკაწი გააბა.

გათენებას სამიოდე საათი თუ აკლდა, ნადავლი რომ ნამჯის ქვეშ დამალეს ბიჭებმა. გაწურეს სველი ტრუსები, ჩაიცვეს მშრალი ტანსაცმელი დამაშინვე რბილ ნამჯაში ჩაწვნენ დასაძინებლად, რათა დილით სკოლაში არ დაჰგვიანებოდათ.

ის იყო გოგიამ მალულა თვალები, რომ მეგობარმა ხელი წაჰკრა და უთხრა, თავისი მაღვიძარა საათის ზარი რვა საათზე დაეყენებინა, რომ სკოლაში ცხრის ნახევარზე მაინც ყოფილიყვნენ.

გოგია გაკვირდა:

- ხომ არ გაგიჟდი, მთელი ღამის ნაწვალები ვართ, ათ საათამდე მაინც არ დავიძინოთ? გავაცდინოთ პირველი გაკვეთილი, მერე რა მოხდა?

- შენ რასაც გეუბნებიან, ის გაიგონე, არავითარი გაკვეთილის გაცდენა! მომართე და ზარი რვა საათზე დააყენე.

გოგია ბურტყუნით წამოჯდა, გაიკრა ასანთს ხელი. მერე დახედა საათს, სიბნბელეში "ვიღაცას" თვალი ჩაუკრა, ეშმაკურად გაიღიმა და საათის ზარი ათის ნახევარზე დააყენა.

დილით გაღვიძებულმა სანდრომ გაიკვირვა, ზარის ხმა რომ ვერ გაიგონა და გაიფიქრა: ალბათ, მომართვა დაავიწყდაო.

ბიჭმა უდარდელად მხვრინავი მეგობარი შეაჯანჯღარა.

- ადე, ძილისგუდავ, ნახე, რომელი საათია?

გოგიამ გაიღვიძა, წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და მეგობარს ახედა.

- რა გეჩქარებოდა, ქორწილი მთას მიგირბის? ჯერ რვა საათია.

- ადე, ადე, სკოლაში დროით უნდა მივიდეთ.

გოგია წამოხტა, თვალები მოიფშვნიტა, საათი შარვლის უძირო ჯიბეში იკრა, ქაღალდში შეხვეული პური და ქათმის ხორცი იღლიაში ამოიჩარა და მეგობარს დაედევნა.

 

ნაწილი 2

სკოლაში

 

სკოლა რიყის პირას იდგა. ფართო ეზოს ცალ მხარეს სასკოლო ნაკვეთი ემიჯნებოდა, მეორე მხარეს პატარა ორღობე, უკან ლაცაბიძეების ბაღი, მარჯვენა მხარეს ხევი, ხევის პირას ვეება თელები გადამდგარიყვნენ და კანჭებდაკარწახებული მებადურებივით დაჰყურებდნენ წყალს.

მზე ამოწვერილიყო და ნაწვიმარ მიწას ოხშივარს ადენდა. ნაადრევად მოსული მოსწავლეები სკოლის უკან მოგროვილიყვნენ და ხარბი თვალით შეჰყურებდნენ ჯერ კიდევ დაუკრეფავ წითელ ლოყება თურაშაულს, ხეჭეჭურასა და "თამრო მსხალს". მეძებრებივით ყნოსავდნენ ბაღიდან მოვარდნილ სურნელს და რაკი ფარნაოზის ეშინოდათ, ქვის სროლას ვერა ბედავდნენ.

ზარმა აიძულა, დაეტოვებინათ ეს მშვენიერი სანახაობა. ის იყო კლასში შეგრიალდნენ, რომ წუხანდელი ღამის გმირებმაც შემოაბიჯეს. ცოტა ხანს კარებში შედგნენ, მერე ამხანაგებს მიესალმნენ და დასხდნენ.

ბიჭებთან ბერძენაშვილი ვანო მივიდა.

- წუხელ სად ეშმაკებში ეხირეთ, თქვენსა მოველ და მითხრეს ეფრემაანთ გოგიასთან წავიდა სამეცადინოთო, გოგიასთან მივედი და, უკაცრაული პასუხია, ეფრემამ კინაღამ წალდი წამომისო: შენ აქ საკაიკაცოდ არ დადიხარ, გამითახსირეთ ბიჭი, წიგნს ხელში აღარ იღებსო.

- რაო, მამაჩემმა ხომ არაფერი გაიგო?

- რა უნდა გაეგო? ბუჩუკურთელთან წავიდა სამეცადინოდო.

გოგიამ ჩაიცინა.

კლასი ისევ ხმაურობდა.

დახტოდნენ ბიჭები: გოგოებს ბაფთებს აძრობდნენ, თმებს აწიწკნიდნენ. ერთმანეთს ქუდებს ხდიდნენ და ისევ ერთმანეთს ესროდნენ.

სანდრო დაიხარა და ბერძენაშვილს ყურში რაღაცის ჩურჩული დაუწყო. ვანოს სახე დაუგრძელდა, თვალები დაჭყიტა და თავგატეხილივით დაიღრიალა:

- გაუმარჯოს!.. ვაშა! და რადგანაც ქუდი უკვე მოხდილი ჰქონდა, ტალახიანი ფეხსაცმელი გაიძრო და ჭერს დაუწყო სროლა. ყვიროდა ვანო, ღრიალებდა და ფეხსაცმელი ყოველ ასროლაზე ტალახიან კვალს ტოვებდა ჭერზე.

აღრიალებულ ვანოსთან მრელაშვილი ვახტანგი მივიდა. როცა საქმის ვითარება გაიგო, მარჯვენა ხელი ასწია და განკარგულება გასცა:

- ლილის ბაფთა ჩემთან!

ნუგზარ გარეჯელმა აწივლებულ ჯავახიშვილს ბაფთა წაჰგლიჯა და მრელაშვილს მიართვა. ვახტანგმა მოათვალიერა გოგოები და კიდევ აიშვირა ხელი.

- დალის ქინძისთავი ჩემთან!

თვალიაშვილმა ქინძისთავი მიურბენინა.

ვახტანგმა გაოცებული ბიჭების თვალწინ სანდროს მარცხენა მკერდზე ბაბთა მიაკრა.

- სკოლის და რგოლის ერთგული სამსახურისათვის გაჯილდოვებთ!

- რა იყო, რა გაღრიალებთ? ქვეყანა არ შეჰყაროთ, გაწყრა გოგია.

უცებ ვახტანგი ადგილიდან მოსწყდა და თავისი მერხისაკენ გაქანდა.

კარებში გეოგრაფიის მასწავლებელი შემოვიდა. ბავშვებმა თავიანთ მერხებს მიაშურეს. მხოლოდ ერთს შეაგვიანდა, იგი დაფაზე ხატვით იყო გართული.

გეოგრაფიის მასწავლებელი სარდიონ ალადაშვილი ამ სკოლას შეაბერდა. ბუნებით კეთილსა და ბავშვების მოყვარულს, ვერ დაეთმო სკოლა, თუმცა ძლიერ იყო მოხუცებული, რაიონშიც რამდენჯერმე ურჩიეს პენსიაში გასულიყო, მაგრამ მოხუცს გაგონებაც არ უნდოდა ამაზე. ის დღე დღედ არ მიაჩნდა, თუ ბავშვების ჟრიამული არ ესმოდა.

მასწავლებელი ნელი ნაბიჯით მივიდა მაგიდასთან, საკლასო ჟურნალი და რვეულები დააწყო და დაფისაკენ შებრუნდა. დაფაზე გრძელცხირა მელოტი კაცი იყო დახატული.

მასწავლებელმა არაფერი თქვა. უკან ხელებდაწყოფილმა დაფის წინ რამდენჯერმე გაიარგამოიარა, მერე მაგიდასთან მივიდა, ზედ მიებჯინა და კლასს გადახედა. კლასი გატრუნული იყო.

მასწავლებელმა მოათვალიერა ყველანი.

- ცოტა ხანს დავაგვიანე და აიშვით თქვენებურად? ვისი ნაოსტატარია ეს, ახლავე ადგეს ფეხზე!

კლასი დუმდა.

- ჯობია თვითონვე ადგეს, ხომ იცით, რომ მე არაფერი არ გამომეპარება. კლასი ისევ დუმს.

- ვერა ბედავს?

კლასი კვლავ დუმდა.

მასწავლებელი ისევ მაგიდასთან შეჩერდა და თვალი წაბლისფერთმიან ბიჭს მიაშტერა.

- აბა, ბაჩიაშვილი, გამობრძანდით დაფასთან, ტკბილი ხმით მიმართა მასწავლებელმა.

ბიჭი გამოვიდა.

- აბა, წაშალე ეს "მშვენიერი" სურათი.

ბიჭმა წაშალა.

- ახლა გადი გარეთ და თვალით არ დამენახო დღეს.

ბიჭი გავიდა.

კლასმა თავისუფლად ამოისუნთქა.

მასწავლებელი მაგიდასთან დაჯდა და სიის ამოკითხვას შეუდგა.

კლასს ოთხი ბავშვი აკლდა.

- ასე ნუ პასუხობთ, ყველა რომ ყვირის, მორიგე არა გყავთ?

- როგორ არა, მასწ.. აი, ლუკას ბიჭია დღეს მორიგე.

- გაგალუკასბიჭებ შენ, როგორ ვერ უნდა გაიგო, რომ მეტსახელით მიმართვა უპატივცემლობაა ამხანაგისა. ეს ვერ უნდა შეიგნო? ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა!

- მეტსახე;ი კი არ არის, მასწ... თვითონ არის ლუკას ბიჭი, უკაცრაული პასუხია, ლიკას როგორ წავართვათ? სხვისი როგორ დავუძახოთ?

- შენ, ბერძენაშვილო, სხვას ნუ უდგები ქომაგად, თვითონ ვერ მომცემს პასუხს? მრელაშვილი ვახტანგი.

- აქა ვარ, მასწ... ადგა ვახტანგი.

- შენ ხარ მორიგე?

- მე ვარ, მასწ...

- მასწ... კი არა, მასწავლებელო, გაუსწორა მასწავლებელმა.

- კარგი, ეგრე ვიტყვი, მასწ...

- კიდევ! მგლის თავზე სახარებას კითხელობდნენო...

- უჰ, რამდენჯერ გიხსენებიათ ეგ სიტყვა და არც კი ვიცით, რა არის სახარება, იქნება აგვიხსნათ, მასწ... შეევედრა ალექსი.

- რას ამბობ, თვალიაშვილო, რა დროს სახარებაა, გეოგრაფიის გაკვეთილი გვაქვს.

- გვითხარით, მასწ... ახლა აყლაყუდა დედაბრიშვილი წამოდგა.

- ჰო, გვითხარით, აი, ხახაბოც გეხვეწებათ, მასწ...

მასწავლებელი გაჯავრდა.

- თქვენ არ გითხარით, მეტსახელით ნუ მიმართავთ ერთმანეთს-მეთქი? აბა, წიგნი მომაწოდეთ.

დედაბრიშვილმა წიგნი მიაწოდა.

მასწავლებელმა რამდენჯერმე გადაფურცლა წიგნი და რაკი გაკვეთილს ვერ მიაგნო, დახურა და ყდას დახედა. ზედ "მეხუთე კლასის სახელმძღვანელო" ეწერა.

- დასწყევლოს ეშმაკმა, სად არის გაკვეთილი? თავისთვის წაილაპარაკა მოხუცმა. კიდევ

გადაფურცლა და ბოლოს ძლივს მიხვდა, რომ მეხუთე კლასის გეოგრაფიის წიგნის ყდაში მეექვსე კლასის სახელმძღვანელო იყო ჩადებული. გაბრაზდა მასწავლებელი და დედაბრიშვილი წამოაგდო ფეხზე.

გოგიამ შეშფოთებიღ გადახედა სანდროს.

- ეს რა არის, არა გრცხვენია, ბიჭო?

- რა არის, მასწ?..

მასწავლებელმა აჩვენა, რაც იყო.

გოგიამ დახედა წიგნს და იცნო მრელაშვილის ნაოსტატარი. ეშმაკი ბიჭი თავჩაქინდრული იდგა და ამჯერად ვერაფერი მოეფიქრებინა თავის დასაძვრენად.

ამხანაგს კი, სკოლიდანაც რომ გაერიცხათ, ვერ "გასცემდა" მასწავლებელმა კარგა ხანს უყურა შეშფოთებულ ბიჭს და ანიშნა, დაფასთან მისულიყო.

- დროს გათრევა გინდოდა, მეგობარო, და იმიტომ მოიგონე ასეთი ეშმაკობა? ხომ არა გგონია, შენც გარეთ გაგისტუმრებ? მასწავლებელს ხმა დაუტკბა, არა, გენაცვალე, არა, აბა, გამობრძანდი რუკასთან.

მოულოდნელი ამბით შემკრთალი ბიჭი დაფისკენ წავიდა.

"ამ ღმერთგამწყრალ სნაიპერს ადრევე მაინც ეთქვა" გაიფიქრა და ხელში მიჩეჩებული საჩვენებელი ჯოხი უნდილად დაიჭირა.

მასწავლებელმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა დაფასთან მდგომი და უცებ მისი მზერა ბიჭის შარვლის გამობერილმა ვეებერთელა ჯიბემ მიიზიდა. სათვალე გაიკეთა და დააკვირდა.

- აჰა, წამოდგა მასწავლებელი, წუხანდელი ნანადირევია თუ დილანდელი? აბა მოგვიყევი, ვის ბაღს აღირსე შენი ბრწყივალე ფეხი. დასწყევლოს ეშმაკმა, ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა, ქვეუანა მარჯვე ბიჭად გიცნობს და ჯიბეც კარგადა გაქვს გატენილი. ვაშლია თუ მსხალი? ვეღარ მოასწარი გზაში შეჭმა, მეგობარო? შენ ხომ არ დაგავიწყდა ჩვენი მცნება: ვინც არ მუშაობს, ის არცა ჭამს? აბა,

მაშ მოგვიყევი, რა შრომა მიგიძღვის მაგის მოყვანაში, ბარვაში შველოდი, თოხნაში, დარგვაში, თუ გასხვლაში?

ეფრემას ბიჭი გაშტერებულ-გაშეშებული იდგა. სახეზე ალმური ასდიოდა და არ იცოდა, თავისი ვეება ჯიბე სად წაეღო და სად დაემალა.

- არ ამბობ? შემპარავად შეეკითხა მასწავლებელი და დაბნეულ ბიჭს მიუახლოვდა. ოHო, კარგა

ბლომა ჯიბე გქონია!

და ის იყო წაეტანა კიდევაც, რომ ჯიბემ ისეთი ძგრიალ-წკრიალი ატეხა, მთელი ოთახი გააყრუა.

კლასი დაიძაბა, თვალებად იქცა და გაკვირვების შეძახილი აღმოხდა, როდესაც მასწავლებელმა გახევებული ბიჭის ჯიბიდან მაღვიძარა საათი ამოათრია.

მოსწავლეები ერთმანეთს აწყდებოდნენ, მუცლებით მერხებს აწვებოდნენ, ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ და ხითხითისაგან ახველებდნენ. ხოლო მასწავლებელი გაკვირვებული მისჩერებოდა დაფასთან მილურსმულ გამტკნარებულ ბიჭს.

- აი, დასწყევლოს ჩემმა გამჩენმა თუ ამისი გამეგებოდეს რამე. ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა. რა ეშმაკად გინდა, რომ დაათრევ ამოდენა საათს?

ბიჭს თავი არ აუწევია. წარბებს ქვევიდან გახედა და ისევ უპასუხა:

- გაფუჭდა და გასაკეთებლად წამოვიღე.

მასწავლებელი სახტად დარჩა.

- კი მაგრამ, მე რომელი მესაათე მნახე ან რა უჩანს ამ საათს გაფუჭებული? ბიჭმა თავი უფრო ჩაღუნა და ჭკუას ძალა დაატანა, რათა კარგი პასუხი მოეფიქრებინა.

სანდრო ახლა კი მიხვდა, დილას რატომ ვერ გაიგონა საათის ზარის ხმა. მაგრამ მაინც სცადა, მეგობარი გაჭირვებიდან დაეხსნა.

-მართალია, მასწ.. გოგიამ ვერ მოასწრო ჩემთვის გადმოეცა საათი, მამაჩემი აკეთებს ხოლმე საათის ნაწილებს.

მასწავლებელმა ალმაცერად გადახედა ფეხზე წამომდგარ სანდროს.

შენი დახმარებაღა უნდა, როცა თვითონ ისეთი ენა აქვს, რომ ეშმაკს შეაცდენს? აბა, რა ნაწილი აკლია, როცა საათის ზარიც კი შესანიშნავად რეკავს?

- ქვები აკლია, მასწ..

- რაო, ქვებიო? მაშ, როგორ მუშაობს, თუ ქვები აკლია?

- მუშაობს მაგრამ მაინც ორი ქვა აკლია?

- როგორ თუ ორი ქვა?

- ერთი ზემოდან და ერთო ქვემოდან.

კლასი ჯერ გაოცდა, მერე ერთბაშად მიხვდა ნართაულ ნათქვამს და სიცილი ატეხა.

- სანდრო მართალს ამბობს, მასწ... ნამდვილად ორი ქვა უნდა, წამოხტა მრელაშვილი ვახტანგი, დავუჭეჭყოთ და აღარ დასჭირდება შეკეთება.

მასწავლებელმა გადახედა შეშფოთებულ დედაბრიშვილს და საათი ისევ მას გადასცა.

- თუ სამაიმუნოდ არ მოგიტანია, დამიბრუნებია, ხოლო თუ მეორედ კიდევ გაბედე, როგორც კლასმა თქვა, შენს საათს ორი ქვა მიემატება და მრელაშვილის საკბილო გახდები.

გამხიარულებული კლასის ზუზუნში ვერც კი მოასწრო მასწავლებელმა გაკვეთილის გამოკითხვა და ახლის ახსნა, რომ ზარიც დაირეკა. მიხვდა რომ ახალი მასალის ახსნა აღარ დააცალეს ონავრებმა.

- დასჯის ღირსნი ხართ, თქვე ეშმაკებო, მაგრამ რა გიყოთ როცა თან მებრალებით? ვხედავ, ყოჩაღი ბიჭები ხართ, რომ მოიწადინოთ, ხუთოსნები იქნებით, მაგრამ ეშმაკობაში ამოგდით სული.

აი, დასწყევლოას ჩემმა გამჩენმა, ეს ხომ უბრალო ჭეშმარიტებაა... მაგრამ არა, არა, უნდა ვუთხრა თქვენი კლასის ხელმძღვანელს, თორემ ხელიდან წახვალთ და აფსუსია თქვენისთანების დაკარგვა. ვინ იცის, ვის რა მომავალი გელით, ვინ იცის! მასწავლებელმა რვეულებსა და ჟურნალს დაავლო ხელი, ხვალ არ გეცოდინებათ, ტყავს გაგაძრობთ, დღეს კი მიპატიებია.

მასწავლებლის გასვლისთანავე ბავშვებმა ისეთი ხმაური ატეხეს, სანდროს ყვირილი დასჭირდა, რომ გამტკნარებულ გოგიასთვის გაეგონებინა, დღეს რგოლის შეკრება იქნება ბიჭები გააფრთხილეო.

- ბაფთიანები არ გინდა, მაგარი საქმე მაქვს.

 

ნაწილი 3

რგოლის შეკრება

 

გაკვეთილების შემდეგ დაცარიელებულ საკლასო ოთახში ათიოდე ბიჭი შეიკრიბა.

- ამოიკითხე სია, უთხრა სანდრომ გოგიას და ეფრემას ბიჭმაც რვეული გაშალა.

- თვალიაშვილი ალექსი!

- აქა ვარ!

- ხარატიშვილი ლადო!

- აქ გახლავართ!

- ბუჩუკურთელი სანდრო!

- ვარ.

- ბერძენაშვილი ვანო!

- თქვენი მონა-მორჩილი.

- ენუქიშვილი სერგო!

- Я здесь.

სანდრომ ცალი თვალით გახედა.

- ქართული აღარ გეხერხება კნუწო?

- გარეჯელი ნუგზარი!

- ვარ.

- ბაჩიაშვილი ლუარსაბი!

- გახლავართ.

- ლაჩაშვილი ზალიკო!

- აქ ვარ.

- დედაბრიშვილი გოგია!

- ეს მე ვარ. თითი მკერდზე მიიდო და შემდეგ ისევ განარძო:

- დავითაშვილი ლენა!

- არ არის.

- ჯახუნაშვილი ლილი!

- არც ის გახლავთ.

- ძალიან კარგი. არცაა საჭირო, წამოდგა სანდრო და სთქვა უღირსი წევრები უნდა გავრიცხოთ რგოლიდან.

ბავშვებმა ყურები ცქვიტეს და ერთმანეთს გადახედეს.

- ეს როგორი რგოლის შეკრებაა, რომ არც პიონერხელმძღვანელი გვესწრება და არც მასწავლებელი? წამოხტა ზალიკო.

სანდრომ თვალები გადმოკარკლა:

- ყველა რგოლის შეკრებას ვერ დაესწრებიან მასწავლებელი და პიონერხელმძღვანელი, და, საერთოდ, შენ არავინ გკითხავს, ვინ დაესწრება და ვინ არა, მერე ბავშვებს მიუბრუნდა: ბიჭებო! მე ლაჩაშვილი ზალიკო რამდენჯერმე შევამჩნიე მაბეზღრობაში, დღესაც დააბეზღებდა ბერძენაანთ ვანოს, გვერდში რომ არა სჯდომოდა. სწორია თუ არა?

ბავშვებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ზალიკოს, რადგან რატომღაც არ მოსწომდათ ეს ბიჭი, შვიდივემ ერთბაშად დაასკვნა:

- სწორია!

-რგოლშიც რაც უნდა ჩუმად გავაკეთოთ რამე, მუდამ დაბეზღებული ვიქნებით, სანამ ეს კაცი აქ გვიზის.

- სწორია!

- მაშ საჭიროა თუ არა, თავიდან მოვიშოროთ?

- საჭიროა!

- ვინ არის მომხრე, გაირიცხოს სანდრო ბუჩუკურთელის რგოლიდან ზალიკო ლაჩაშვილი?

შვიდივემ მდუმარედ ასწია შვიდი ხელი.

- ასე. გადაუსვი, გოგი, ხაზი ლაჩაშვილს ის ჩვენი რგოლის წევრი უკვე არ არის.

ზალიკოს გაკვირვებისაგან პირი დაეღო და გონზე მაშინ მოვიდა, როცა სანდრომ უთხრა, კრება დატოვეთო.

სულშეგუბებული წამოხტა და ცრემლებმომდგარმა დაუყვირა:

- შენ ვინ მოგცა ჩემი გარიცხვის უფლება? შენ ისიც შეგჩეს, ენუქიშვილები რომ მიიღე რგოლში, მე ხომ არავისთვის არ მითქვამს? აბა, გამრიცხე, მაშ!

- მემუქრები კიდევაც? აბა, მოუსვი ახლა აქედან! ეს უკვე გათავებული საქმეა!

ზალიკო მუქარით გავარდა გარეთ.

- ენუქიშვილი, გაჰყე უკად და სამასწავლებლოსთან უდარაჯე, შიგ არ შევიდეს.

სოსო გავიდა.

- ახლა მეორე საკითხუ: ახალი წევრების მიღება, ავთო თუჯიშვილი!

თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ მხარბეჭიანი საშუალო სიმაღლის ბიჭი წამოდგა.

- ვინ იცნობს ამ კაცს კარგად? -იკითხა გოგიამ.

- მე ვიცნობ.

- აბა, ენუქიშვილო, რას გვეტყვი?

- აბა, კნუწო, მოგვახსენე!

- წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, ჩემი დეიდაშვილია.

- ეგ არა კმარა.

- გამბედავი ბიჭია და ვირის ჯანის პატრონი.

- აი, ეგ მესმის!

- სანდრო ჯეილი ჩანს, მივიღოთ!

- უკაცრაული პასუხია, კაი ბიჭი ჩანს!

- კარგი, ჩაწერე, გოგი, ახლა: ლუკას ბიჭიც ჩვენს რგოლში გადმოდის, უნდა მივიღოთ.

- ეშმაკის ნაგლეჯია!

- ქვის ნატეხია!

- სნაიპერია!

- მივიღოთ.

- მივიღოთ!

- კარგით. ახლა კაჭაანთ ვახტანგიღა დაგვრჩა.

- მივიღოთ. მაგ აყლაყუდას ყველა იცნობს.

- ძაღლი ყეფით ვერ შესწვდება.

- ალაზანში ისე გავა, ფეხს არ დაისველებს.

- ნამდვილი ხახაბოა.

- მივიღოთ!

- მივიღოთ!

- კარგით, ახლა მესამე და ყველაზე მთავარი საკითხი.

ბიჭებმა ყურადღება დაძაბეს.

- ეგ რაღა საკითხია?

- ახლავე გეტყვით: ჩვენ უნდა გავიგოთ, ღვთაების გალავანს შიგნით, ფერიცვალების საყდრის ქვეშ რომ გვირაბი იწყება, მართლა გადის თურდოს ხეობის გამოქვაბულამდე თუ არა.

- ეგ როგორ შეგვიძლია, როცა გვირაბს თავი დაახურეს და ზედ ფუთნახევრიანი კლიტე დაჰკიდეს?

ადგა ხარატიშვილი.

- მართალია, გასაღები გროზნას უდევს ჯიბეში, დაუმატა ზაზანაშვილმა.

- გარდა მაგისა, აიყაყვა დედაბრიშვილი ვახტანგი, კაცი ვერ ჩასულა შიგნით და ჩვენ რა ჭრელი პეპლები ვართ?

- მართალია ხახაბო. ამბობენ, შიგ სულ გველები და ჯოჯოები დადიან და აქეთ-იქით ორმოებშიც კაცის ძვლები და თავის ქალები ყრიაო.

- ჰო, ასე ამბობენ და არც არავინ ეკარება ახლოს.

სანდრომ დამცინავი თვალით გადახედა შეშფოთებულ ბიჭებს. მათში მხოლოდ გოგია და ცქვიტია ლუკას ბიჭი გამოიყურებოდნენ უზრუნველად: ერთს სჯეროდა სანდროსი და გინდ დედამიწის იქით გაჰყვებოდა, ხოლო მეორე საოცარი გულადობისა და გაუტეხლობის ნიმუში იყო, რომლის თვალზე ცრემლი არავის ახსოვს, თუმცა მელანა ბებოს ხშირად დაუჭერია, და სულ ჭიჭრით(ანუ ჯინჭარი) უცემია ტიტველა კანჭებზე ბაღჩაში გადასვლისა და ჯერ კიდევ ყვავილში გამონასვეულ კიტრების მოპარვისათვის.

- რა ღმერთი გაგიწყრათ, ბიჭებო? სირცხვილია, ჩვენო სოფლის საამაყო იყალთოს აკადემია არ ვიცოდეთ! იქ ხომ შოთა რუსთაველს უსწავლია.

- როგორ არ ვიცით, აყაყანდნენ ბიჭები, ყოველი განჯინა ასჯერ გვაქვს მოჩხრეკილი და თითოეული ქვევრის ნატეხი სადა გდია ვიცით.

- თქვენ როგორ გგონიათ, ის გვირაბი აკადემიის ეზოში არ არის? გალავანიც ერთი არტყია. გარდა ამისა, ბიჭებო, ჯერ კაცი არ ჩასულა და არავინ იცის, მართლა გადის თუ არა ის გვირაბი წმინდა შიოს კლდემდე და თურდოს გამოქვაბულამდე. როგორც ამბობენ, ძველად, შიშიანობის დროს, ღვინო ამ გვირაბით გაჰქონდათ შუამთის მონასტრისკენ. ეს ყველაფერი არავის უნახავს და კაცმა ვერ უნდა დაგვასწროს ამის გაგება. გარდა ამისა, თურმე, გროზნა რაღაცას ჩხირკედელაობს იქა.

ბიჭები მიხვდნენ: რაკი მონასტრის მომვლელ-დარაჯმა გაბედა გვირაბთან მიახლოება, მაშინ მათ არაფერი გაუძნელდებათ.

ბავშვები ერთბაშად აყვირდნენ:

- წავიდეთ, წავიდეთ! თუნდაც დღესვე წავიდეთ.

რგოლის ხელმძღვანელს გულზე სიხარული მოეფინა.

- ჰო, მაგრამ როგორ ვაპირებთ იმ გვირაბის დათვალიერებას, როცა სახურავის გასაღები გროზნას სად ეშმაკში აქვს დამალული, არავინ იცის?! -იკითხა ლუკას ბიჭმა.

- სნაიპერო მართალია, თუ გასაღები არ ჩავიგდეთ ხელთ, უკაცრაული პასუხია, ვერაფრით ვერ გავაღებთ, დაეთანხმა ბერძენაშვილი.

- მოვიპაროთ!

- კლიტე გავტეხოთ!

- მსგავსი გასაღები თუ ვინმეს გვაქვს, მოვიტანოთ!

- ლურსმნით გავაღოთ!

გოგიამ ძლივს დააწყნარა აყაყანებული ბიჭები.

- ერთ რამეს გეტყვით: სნაიპერს დავავალოთ გასაღების გაკეთება, მაგისი ბიძა მჭედელია.

ბიჭებს მოეწონათ ეს აზრი.

სნაიპერი წამოდგა:

- სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ მე არ მინახავს, როგორია ის გასაღები.

ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს.

- მე და ლუარსაბმა ვნახეთ ის გასაღები, როცა ნამყენების კეთებას ვუყურებდით ღვთაების მონასტრის ეზოში. ხომ გახსოვს, ლუკავ? მიუბრუნდა ლუარსაბს ეფრემას ბიჭი.

- როგორ არ მახსოვს, ადგა ლუარსაბი, თი გინდათ, დაგიხატავთ.

- ბიჭოს, ლუკამ ხომ ხატვა იცის, წამოხტნენ ბიჭები, დავახატვინოთ და ისე გავაკეთოთ.

-კარგით, ასე ვუყოთ, მაგრამ როდის გინდათ გვირაბში შესვლა? თუ მოგკვრა გროზნამ თვალი, სულ ცემა-ტყეპით დაგვიდრენს იქიდან.

- აი სოლომონ ბრძენი, ცერად გახედა სოსომ ხახაბოს, გროზნას ვინ გააგებინებს?

- მართალია, დათვალიერება ღამით უნდა მოვაწყოთ, მიხვდა ზაზანაშვილი.

- ღამე რა უნდა დაინახოთ, ხალხნო, მე არ მესმის. თუ რისამე ნახვა გინდათ, დღისით უნდა მიხვიდეთ, გაჯიქდა თუჯიშვილი.

- როგორ გეტყობა, რომ თავის მაგიერ ბადრიჯანი გაბია. განა იმ გვირაბში დღე კი დაინახავ რამეს?

თუჯიშვილი აიქოჩრა.

- შენ გირჩვნია, ენა დაიმოკლო, ლუკას ბიჭო!

ლუკას ბიჭმა, რომელსაც მამალი მგელიც ვერ შეაშინებდა უდარდელად ჩაიცინა.

- რას იღრინები, ბოლოჭრელო გუგულო?

ავთანდილი აილეწა და ხარატიშვილს მიაწყდა:

- გამატარე ერთი, ლადო.

- ჩუმად, ბიჭებო, წამოდგა ეფრემას ბიჭი, -ახლა მაგის დრო გვაქვს? ხალხი საჭირბოროტო საკითხს ვწყვეტთ და ამათ ხელები ექავებათ.

- მართალია, ჩხუბის დრო არ არის, მოიწონა ალექსიმ, დათვალიერება ღამე უნდა მოხდეს.

- კი მაგრამ, სინათლე ხომ დაგვჭირდება? -იკითხა სერგომ.

- როგორ არ დაგვჭირდება, აი სანდროს ჯიბის ფარანი აქვს, - კმაყოფილებით განაცხადა ნუგზარ გარეჯელმა.

"ჯიბის ფარანი არ გვეყოფა. ყველამ თითო სანთელი მოვიტანოთ," - ურჩია ალექსიმ.

- ძალიან კარგია, მოვიტანოთ სანთლები.

- ყველამ უნდა მოვიტანოთ?

- რა თქმა უნდა.

- უკაცრაული პასუხია, ხახაბომაც უნდა მოიტანოს სანთელი?

- რა თქმა უნდა, ვახტანგმაც.

- არა, ძმაო, ვახტანგმა კელაპტარი უნდა მოიტანოს.

ბიჭებმა სიცილი ატეხეს.

- მართალია, მართალი! თავის სიგრძე კელაპტარი უნდა იყოს.

დედაბრიშვილი ვახტანგი მოიღუშა.

- ვინ არის თქვენი მასხრად ასაგდები?

- სწორია, მასხრობის დრო არ არის. სანთლებს ყველანი მოვიტანთ, -დაასკვნა სნაიპერმა.

- კარგი მაგრამ, თუ იქ გველები და ჯოჯოებია, როგორ შევალთ? - კიდევ დაეჭვდა თუჯიშვილი.

- გველისა როგორ გეშინია, ბიჭო, გაუმაგრა გული დეიდაშვილმა, - აი, მრელაშვილი კუდით იჭერს.

სნაიპერმა თავი მოიწონა:

- წინ მე წაგიძღვებით.

- შენი დამბაჩა წავიღოთ, სანდრო.

- ეგრე იყოს.

- მე ერთი ძველი ხანჯალი ვიპოვე, ნამარნალს რომ ვთხრიდით მე და მრელაშვილი. იმას წამოვიღებ, წამოხტა ზაზანაშვილი.

- მე კი კომბალი მაქვს გათლილი, შვინდისაა. ერთხელ კატას ვთუთქე და ნახევარ საათს იგორავა

- მეცა მაქვს კომბალი.

- მე შამფურს წამოვიღებ.

ბერძენაშვილი სიცილით გაიგუდა.

- ზედადგარიც არ დაგავიწყდეს, თუჯიშვილი.

- კარგით, გეყოფათ, ვისაც რა მოგხვდებათ ხელში, ის წამოიღეთ.

- კი მაგრამ, გალავანი? რით გინდათ გადავაფრინდეთ იმ სიმაღლეზე? კარები დაკეტილია და იქიდან, გინდ ღიაც იყოს, ვერ შევალთ, -გროზნა გაგვიგებს.

- სწორი ხარ, თვალიაშვილო, ვერსაიდან ვერ შევალთ.

- რას ვერ შევალთ, მღვდლის ახოს მხრიდან გალავანი მონგრეულია და უბრალოდ, ქვებით არის ყორესავით ამოშენებული.

- ის ადგილი ჩვენც ვიცით, ლუკას ბიჭო, - ისევ დასვა წამომხტარი სნაიპერო ეფრემას ბიჭმა, მაგრამ დიდი ქვებია, თანაც ისე მჭიდროდ ალაგია, რომ უხმაუროდ არ აეცლება. თუ დავანგრევთ, ისევ ჩვენ დაგვაკლდება, იქ კი თითოეულ მჭვარტლიან ქვასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

- მაშ რა უნდა ვქნათ?

- გალავნიდან უნდა გადავიდეთ. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამის გეგმა.

"ჩვენ"-ში რგოლის ხელმძღვანელი თავის თავსა და გოგიას გულისხმობდა. ეფრემას ბიჭი მიხვდა და სიამაყისაგან გაიზარდა, გაიბერა, გაიჯგიმა და ქორივით გადახედა იქ მსხდომთ. ბიჭებმა პატივისცემით ახედეს რგოლის ხელმძღვანელის "მარჯვენა ხელს"

- აბა, რა გეგმაა, მოგვახსენეთ, სული დაელია ბაჩიაშვილის.

- კიბით უნდა გადავიდეთ.

- აი, მესმის გოგრა! საიდან გამოატყვრინეთ კიბე? არა, ძმაო, მე სოფლიდან იმ სიშორესე კიბეს ვერ ვათრევ.

- რა გული გაგისკდა, სნაიპერო, სოფლიდან კი არ უნდა ვატაროთ.

- არა, თვითონ გროზნა მოგვართმევს თავის კიბეს, ეფრემას ბიჭო.

- არც მოგვართმევს და არცა გვჭირდება.

- სწორია, არ დაგვჭირდება, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ.

- ერიჰაა! ახლა კიბეები მაკეთებინეთ, ისიც ტყეში.

- ნუ გეშინია, ვახტანგ, ადვილი საქმეა.

- აბა, როგორია, გვითხარი ბარემ.

- აი, როგორია: მე ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთი წიგნი. ყარამანიანის მოყოლას რომ დავამთავრებ, მერე იმას მოგიყვებით. ჰოდა, იქა წერია, როგორ გადაარჩინა ერთ ქვეყანაში აჯანყებული მონების მეთაურმა მტრისგან გარშემორტყმული თავისი ჯარი.

- გვიამბე, სანდრო.

- ჰო გვიამბე, სანდრო.

- შენი ჭირიმე სანდრო.

- შენი ყარამანის მუშტის ჭირიმე, შეევედრნენ სმენადაქცეული ბიჭები, რაკი საინტერესო ამბავს მოჰკრეს ყური.

- მაგის დრო არ არის, მერე მოგიყვებით, ისე კი გეტყვით, ამ მეთაურმა რა მოიგონა. ხელად კი მოიგონა. სამი მხრიდან მტერი იყო გარშემორტყმული, მეოთხე მხარეს დიდი კლდე იყო. ისეთი დიდი, რომ ძირამდე ყვავიც ცერ ჩაფრინდებოდა. ჰოდა, სპარტაკმაც ეს ხერხი მოიგონა, სპარტაკი ერქვა იმ მეთაუს ისტორიაშიც ვისწავლით, ძალიან ყოჩაღი იყო. ჰოდა, გადაწყვიტა, კიბე გაეკეთებინა და ისევ ჩაეყვანა ჯარი კლდეზე.

- ტყუილი იქნება! აბა იიმსიგრძე კიბეს სად იშოვიდა?

- როგორა გგონია, ხახაბო, შენ რომ გაგიჭირდეს, მაგაზე ნაკლებს მოიფიქრებ?

- ეჰ, სნაიპერო, კაი ზღაპრები იცით შენც და გოგიამაც.

- ეს ზღაპარი არ არის, ვახტანგ, ნამდვილი ამბავია, გააჩუმა ბიჭები სანდრომ, ნამდვილი ამბავი, ისტორიული. წკეპლებისაგან დაწნა კიბე, ჩაუშვა კლდეზე და ისე ჩაიყვანა ძირს მთელი ჯარი.

- უჰ, აი, გამოგონება თუ გინდა, ეგ არის! მაშ, დავწნათ კიბე?

- უნდა დავწნათ.

- ჰო, მაგრამ, გვირაბში როგორღა ჩავალთ? ღრმა არ არის?

- მართალია, თოკი უნდა ვიშოვოთ, ბიჭებო, წამოხტა ზაზანაშვილი.

- სად ვიშოვით, ლეო, იმსიგრძე თოკს? -იკითხა გარეჯელმა.

- ვისმე უნდა ვთხოვოთ, შეყოყმანდა ზაზანაშვილი.

- თანაც მსხვილი და მაგარი უნდა იყოს, რომ არ გაწყდეს, შიშნარევად დაუმატა აყლაყუდამ.

აქამდე ჩუმად მჯდარმა ხარატიშვილმა თვალები მოჭუტა და წამოდგა.

- თოკს მე მოვიტან, ბიჭებო.

- შენ სად იშოვი, რწყილავ? დაინტერესდნენ ბიჭები.

- რა თქვენი საქმეა, თოკს მე მოვიტან.

- დაჯე, ვინ გეხვეწება, ბიჭო, ხალათის კალთა ჩუმად ჩამოუწია თუჯიშვილმა.

- ხელი გამიშვი, რაკი ვთქვი, მოვიტან-მეთქი, უნდა მოვიტანო.

სანდროს გაუხარდა.

- კარგი, ლადო, მოიტანე, თქვენ უეჭველად გექნებათ, მამაშენი ვეტექიმია.

- ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მელანას ვენახი ახლოს არის ჩვენს სახლთან.

- ვენახიო? -გაოცდნენ ბიჭები, ხომ არ შეიშალე, ხარატიშვილო? ჩვენ გამარჯობას გეუბნებით და შენ ამბობ "აღზევანს მივალო" რწყილამ ჩაიცინა.

- მელანა თავის ძროხას აბამს ხოლმე ვენახის პირას თოკით, როცა ნახირში არ მიჰყავთ. თოკი მსხვილია და კაი სიგრძისაც არის.

- მერე, რომ დაგინახოს გაასწრებ?

- ვერ დამინახავს, ჩავალთ და მერე ისევ წავაბამთ ძროხას.

- კარგი, ეგრე ვუყოთ

- ეგრე ვუყოთ, მაგრამ როდისღა წავიდეთ?

- ერთი კარგი ბნელი ღამე და მეტი არც გვინდა, ადგა სანდრო, გოგია შეგატყობინებთ ყველას...

ახლა, ბიჭებო, ეს შეკრება დავამთავროთ და მოდი, შემდეგი შეკრებები სოფლის ნაპირას, ტყესთან ახლოს რომ საბძელია, იქ გადავიტანოთ, თორემ ზალიკო მოჰკრავს ჩვენს ნათქვამს ყურსა და ქვეყანას შეგვიყრის. თქვენ რას იტყვით, ბიჭებო?

ბიჭებმა მოიწონეს.

- კაცი არ მოვა იქა და გუშაგსაც დავაყენებთ. ახლა შინ წავიდეთ, თორემ მომშივდა.

რგოლი ახალმიღებულ წევრებიანად სკოლის ეზოში გამოიშალა.

 

ნაწილი 4

ორღობეში

 

მშვენიერი ბაღჩა-ბაღის გვერდით კოხტა სახლი მოჩანდა. წინ მწვანედ აბიბინებული ეზო ჰქონდა.

კაკლის ქვეშ სანდროს თათარით სავსე დიდი თეფში ედგა და თავდახრილი შეექცეოდა. იქვე პატარა, სკამზე, მამიდამისი ჩამომჯდარიყო.

- არა, შვილი, არ შეიძლება, რა გაქვთ გასაყოფი შენ და ზალიკოს? წეღან ჩემთან იყო და ყველაფერი მიამბო. რატომ გარიცხე შენი რგოლიდან, რა დაგიშავა?

ზალიკო მისი მაზლიშვილი იყო და მამიდას სწყინდა ბიჭების დამდურება. ძმისწული ძალიან უყვარდა, უნდოდა, ყველას თვალში კარგი ყოფილიყო სანდრო. ისე დღე არ გავიდოდა, მისთვის ტკბილეულით ყელი არ ჩაეტკბარუნებინა, შინ წასვლისას ორპირად გავლებულ ჩურჩხელას ჩაუდებდა ხელში და ეტყოდა:

- თუ კარგად ისწავლი, ორ მაგდენს მიიღებ.

ახლაც მამიდა არიგებდა და ეგონა, რომ თავჩაღუნული ძმისწული, რომელიც კოვზს მარჯვედ ატრიალებდა, გულმოდგინედ უსმენდა, მაგრამ სანდროს მთელი ყურადღება თეფშზე ჰქონდა გადატანილი.

"ქადაგება" დამთავრდა. სანდრომ თეფში გვერდზე გადადგა, მცირე ხნის შემდეგ დაემშვიდობა მამიდას და ორღობეში გაძვრა.

ნელა მიუყვებოდა ორღობეს სტვენა-სტვენით. ჯერ კარგად არც კი იყო მიახლოებული ჯახუნაანთ კარს, რომ ეზოში გააფთრებული ყეფა და შეშინებული კივილი გაისმა.

ბიჭმა თვალი მოჰკრა, როგორ გაიფრიალ შავმა წინსაფარმა და ღობეს აეკრა. სანდრო უმალვე მიხვდა ვითარებას და იქით გაექანა. გადასწვდა ღობეს, მარგილად ჩასმული ჭიგოს მოგლეჯა მოასწრო და ზედ მოვარდნილ ძაღლს ისეთი სწყვიტა, რომ კინაღამ იქვე ჩაიკეცა.

მაინც არ მოერიდა მყეფარი, ახლა ზედ შეებღოტა, მაგრამ სანდრომ იმარჯვა და ფეხისკვრით გულაღმა დასცა ქოფაკი. მალევე წამოვარდა ზეზე ძაღლი, მაგრამ განზე გამხტარმა ბიჭმა ჭიგო მთელი სიგრძით გააზმანა. მაშინ კი იკადრა უკან დახევა თავდასხმელმა და წკმუტუნით გაეცალა. 

ახლა თვითონ სანდრო გადავიდა შეტევაზე. მისცხო და მისცხო ჭიგო(დიდი სარი) და სულ წკნავილ-წკნავილით შეაგდო ეზოში.

მობრუნდა გამარჯვებულის იერით და ღობეში მიკუნჭული მშვენიერი გოგონა დაინახა. შეშინებული გოგო ღობეს აჰკვროდა. მომუშტული ხელები მკერდზე მიეკრა და თვალებში ვეება შიში ჩასდგომოდა.

სანდრომ იცნო გროზნას შვილიშვილი. არ ესიამოვნა მისი დანახვა, მაგრამ რაკი მოაგონდა, რომ მის პაპას მიუზღო, მიუახლოვდა:

გოგომ თანაგრძნობითა და მზრუნველობით შეათვალიერა ბიჭი.

- ხომ არ გიკბინა?

სანდრო მოიღუშა და ჩაიბურტყუნა:

- ზოგიერთი უფროსკლასელი უფრო მაგრად იკბინება, ვიდრე ეგ ძაღლი, მერე მივიდა და ეკლებში გაბმული კაბის გამოხსნაში მიეშველა.

გოგომ დიდი მადლობა გადაუხადა.

- შენც იქით მოდიხარ?

- ჰო, მოკლედ უპასუხა ბიჭმა.

სანდროს არ ეპრიანება "ბაფთიანებთან" სიარული, რა დალევს გზას მებაღის სახლამდე? ამ გოგომ წელს დაიწყო სწავლა მათ სკოლაში, ოთხი კლასი თბილისში დაამთავრა.

არა, მართალი უნდა ითქვას, ბიჭს ცუდი არაფერი გაუგია მისი, რაც აქ სწავლობს: ან ენა ჰქონდეს გრძელი, როგორც ყველა გაიგოს, ან დასცინოდეს ვინმეს, ან იპრანჭებოდეს, პირიქით, ჯახუნაშვილი ძალიან ემადლიერება ზოგჯერ არითმეტიკაში მამეცადინებსო, ყველას უყვარს ეს გოგო სანდრომ არ იცის, ნამდვილი პასუხი გასცეს კითხვებზე თუ თავისებური, უკუღმართი.

- ლილი შინ არ დამხვდა. არც იმათები იყვნენ და, ალბათ, ძაღლი იმიტომ აუშვეს. შენ რომ არ ყოფილიყავი, უეჭველად მიკბენდა.

სანდრო ჩუმად მიაბიჯებდა.

გოგო ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა თანამგზავრს.

- ჩვენს ეზოში თითქმის ყველა ბიჭი მოდის სათამაშოდ, შენ კი ერთხელაც არ დამინახავხარ.

"არც საჭიროაო"" უნდოდა ეთქვა ბიჭს, მაგრამ სხვა უთხრა:

- არა მცალია, არითმეტიკასა და რუსულში ცოტა მიჭირს და ვმეცადინეობ.

- არითმეტიკასა და რუსულში? გოგო დაფიქრდა, იცი რა, მე შემიძლია დაგეხმარო.

ბიჭს გაუხარდა.

- პაპაშენი იცნობს არითმეტიკის მასწავლებელს? შეუძლია, კარგი ნიშანი დააწერინოს? და უმალვე იუარა, რადგანაც ქარწვიმიანი ღამე გაახსენდა, არა, გმადლობთ, არც ისე საჭიროა.

- არა, სანდრო, შენ არ გეგონოს, თითქოს მე ნიშნის აწევაზე გავიფიქრე, არა, მე თვითონ შემიძლია, პაპა რად მინდა? აი, მოდი ჩვენსა გაკვეთილების შემდეგ დაა...

სანდრო შეცბუნდა.

- რა, თქვენსა მოვიდე? მერე, პაპაშენი? მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა: მერე რა, რომ ეჭვი აქვს?

იქნებ ამან სულ არაფერი არ იცის? და დაუმატა: არა, გმადლობთ, პაპაშენს ხელს შევუშლით და იქნებ ორივე გარეთ გვიპინტრიშოს.

გოგოს ეწყინა.

- აბა, რას ამბობ. პაპა ისეთი კეთილია, რომ... თუმცა, თუ გინდა, მე მოვალ თქვენსა.

ეს კი იუცხოვა ბიჭმა, ეგღა აკლია, გოგოები ატაროს!

- არა, არა, ჩვენსა ცოტა უხერხულია... ბებია მყავს ავად და...

- როგორც გინდოდეს, სანდრო. თუ როდესმე გსურდეს დახმარება, მითხარი.

ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ, მერე გოგომ ჰკითხა:

- რგოლის შეკრება გქონიათ, სანდრო, რატომ არ გამაგებინეთ, მე ხომ თქვენს რგოლში ვარ?

ბიჭი სახტად დარჩა და ანგარიშმიუცემლად წამოიძახა:

- ვინ გითხრა?

- ზალიკომ, აი, ლამაზი და მსხვილკბილებიანი ბიჭი რომ არის.

რგოლიდან გაგირიცხავს, როგორ შეიძლება ეს სანდრო?

ბიჭი შედგა, გოგოს ალმაცერად ახედა: "ოჰო"! დამცველი გამოუჩნდა! კიდევ დავუბეზღებივართ,,.

- ერთი სადმე ჩამივარდეს ხელში და მე გავალამაზებ იმას.

- როგორ, სანდრო, მართლა გარიცხე?

- მართლა. მე ტყუილად არავის ვრიცხავ.

- მერე, სად გაგიგია გარიცხვა? ეტყოდი პიონერხელმძღვანელს და, თუ არ გინდოდა, სხვა რგოლში გადაიყვანდა. გარიცხვა ვის გაუგია? დანარჩენმა წევრებმა რა თქვეს?

ბიჭს ეწყინა.

"რას ჩამაცივდა?,,

- დანარჩენმა წევრებმაც ისა თქვეს, რაც მე.

- რატომ მე არ დამასწარი შეკრებას? მე თბილისში პიონერთა სასახლეში დავდიოდი, შარშან რგოლის ხელმძღვანელიც ვიყავი. რატომ არ გამაგებინეთ, ასე ჩუმად როგორ შეიძლება?

სანდრო გაბრაზდა.

- თუ გინდოდა დასწრება, იქ იყავი და დაესწრებოდი.

- რატომ არ მითხარით?

- მაშ, ეგღა მაკლია, თქვენ დაგიწყოთ დევნა!

სანდრომ ქამარი მოიხსნა, ბალთა და ბოლო მარჯვენაში დაიჭირა, მონაკეცში ქვა ჩადო, თავის ირგვლივ დაატრიალა და გაისროლა. ქვა ბლის გამხმარ ტოტს მოხვდა, მერე ღობეზე მოადინა ჩხაკანი. ტოტიდან აფრენილი და შურდულს გადარჩენილი მიმინო რიყისკენ დაეშვა.

ბიჭმა ბრაზით გააფურთხა.

- კიდევ ავაცდინე! ამ ბოლო დროს თითქოს ხელი გამიფუჭდა.

გოგომ ქამარს დახედა, როცა პატრონი წელზე ირტყამდა, და სანდროს გვარისა და სახელის პირველი ასოები შეამჩნია გრძლად ამომწვარი. მცირეხანს უცქირა, მერე შერიგების კილოთი უთხრა:

- გაგიფუჭებია მშვენიერი ქამარი.

- შენ მაგაზე ნუ წუხხარ, ქამარი ძალიან კარგია და, თუ დამეკარგა, ადვილად ვიპოვი. გოგო უფრო მორბილდა.

- რატომ ბრაზობ, სანდრო? ხომ შეიძლება ჩვენც კარგი ამხანაგები ვიყოთ? აი, რაშიაც შენ გინდა, დაგეხმარები, შენ კი იყალთოს ამბები და ზღაპრები მიამბე. ამბობენ, ბევრს კითხულობს და კარგი მოყოლაც იცისო. მოდი ჩვენსა, პაპა უფრო აკადემიას უვლის, ვიდრე თავის ბაღს, შინ კი მე და დეიდა ვართ ხოლმე, წიგნებიც კარგი მაქვს.

სანდრომ თანამგზავრი ერთხელ შეათვალიერა.

არა, რას ამბობს ეს ქალაქელი? ესღა აკლია, გოგოებთან იამხანაგოს. სანდროს საკმარისი ამხანაგები ჰყავს მეტი არც ესაჭიროება. ისინი ჭირშიაც მასთან არიან და ლხინშიაც. გოგოები კი ენას ვერ აკავებენ პირში, შორს რად გვინდა წასვლა? აი, მაგალითად, თავისი და ემა... მაგრამ საინტერესო კია ეს გოგო, ამას ბევრი წიგნი ექნება... მაგრამ, არა, ძმაო, სანდროს ქარისა არც მოტანილი უნდა და არც გატანილი.

გოგო თავიანთი ეზოს შესასვლელთან შეჩერდა.

- დიდი მადლობელი ვარ, სანდრო, შენ რომ არა ყოფილიყავი, უეჭველად დამკბენდა ძაღლი... როცა გინდოდეს, მოდი... რგოლის შეკრება კი გამაგებინე ხოლმე.

"იგრე მემადლიერება ეს გოგო, თითქოს დიდი რამე გამეკეთებინოს ცუდი ლი არ უნდა ჩანდეს... მაგრამ არა, ეგღა მაკლია, ამ ზიზილპიპილებიანს ავყვე... ჩემმა მზემ, არა ღირს" დაასკვნა ბოლოს ბიჭმა და ღიღინით ჩავიდა რიყეში.

 

ნაწილი 5

თხილქვეშ

 

დილით ოფოფმა სამჯერ დაიძახა ბაღიდან. სანდრო სწრაფად წამოხტა, ჩაიცვა, მოძებნა რვეულ-ფანქარი და ბრაგაბრუგით გავარდა ოთახიდან.

თხილებთან დედაბრიშვილი გოგია ჩამომჯდარიყო, რეზინის შურდული იქვე დაედო და მოკლულ შაშვს დიდი სიამაყით აცლიდა ბუმბულს.

სანდრომ თვალები ჭყიტა. - ბიჭო! სად ინადირე?

გოგიას არც ადრიმდელი გამომეტყველება შეუცვლია და არც კითხვაზე უპასუხია. ფრთხილად აცლიდა ბუმბულს, თან ისე ეჭირა თავი, გეგონებოდათ, ირემს ატყავებს და ეშინია არ გაეჭრასო.

სანდრო ჩაცუცქდა და ხელი წაატანა.

- უჰ! შიგ გულში არ მოგირტყამს?! სად მოჰკალი?

გოგიას არც კი შეუხედავს, ისე უპასუხა:

- აქვე, თხილზე.

- მერე, როდის მოასწარი?

გოგია გაიჯგიმა და მოკლედ მოჭრა: - რა მოსწრება უნდა? ვესროლე და ჩამოვაგდე.

სანდრომ მეგობარს ბეჭებზე ხელი დაჰკრა, რადგან შაშვი იშვიათ ,,ნადირს'' წარმოადგენდა და მსუქანიც ჩანდა.

- მარჯვე ხელი გაქვს, შე ღმერთგამწყრალო. შევწვათ?

- როგორც გინდა.

ჩაცუცქული სანდრო წამოხტა და შინ გაქცევას აპირებდა, რომ გოგიამ ხელი სტაცა.

- მოიცა, სად მიხვალ, რა დროს შაშვია. საქმეზე მოვედი.

- რომელ საქმეზე?

გოგიამ მიიხედ-მოიხედა.

- ნიკო მოხსნეს ჩვენი რაზმის პიონერხელმძღვანელობიდან.

- ჰა, რაო! რა თქვი?! გაიმეორე, რა თქვი?!

- ნიკო მოუსნიათ ჩვენი რაზმის პიონერხელმძღვანელობიდან!

- არა, ხუმრობ?

- მართალს გეუბნები.

 -საიდან გაიგე?

- ახლახან შენთან რომ მოვდიოდი, ჯახუნაშვილი ლილი შემხვდა წყაროზე.

- გოგოებს სოტყვა დაეჯერებათ? მოგატყუებდა.

- არ მოვუტყუებივარ. უფროს პიონერხელმძღვანელს უთქვამს.

სანდრომ თხილის ძირში დამალული პაპიროსის კოლოფი ამოიღო, გახსნა, ერთი ცალი მეგობარს მიაწოდა, ერთი შიგვე ჩატოვა და ისევ თხრილის (მიწა ნათხარი) ძირში მიიმალა.

- მოსწიე და "სოროკი" დამიტოვე.

- აქ რაღაა დასატოვებელი? ის ერთი ცალი შენ მოსწიე, - გოგიამ მოქაჩა პაპიროსი და დაგრაგნილი ბოლი გაბურდულ ფოთლებში გაუშვა.

სანდრომ ტუჩები ააწკლაპუნა, ნერწყვი გადაყლაპა და ხელი წაიტანა.

- მოიტა, კარგი, სულ შენ ხომ არ მოსწევ.

გოგიამ თავი გვერდზე გადასწია და წაწვდილი ხელი მარცხენით აიცილა.

- ჯერ ორი ნაფაზიც არ დამირტყამს. მოდი, ის ერთი ცალი შენ მოსწიე, კიდევ ვიშოვით, თუ არადა, მამაჩემს იმდენი თამბაქოს ფოთოლი აქვს გამხმარი, რომ გაზაფხულამდე თამამად გვეყოფა.

- მაგარიაა?

- მაგარიაო? ისეთი მაგარია, რომ ერთი ნაჯახი გატეხა იმის დაჭრაზე.

ორივეს გაეცინა.

- თუ ეგ ამბავი მართალია, პირველი სადღეგრძელო იმისი უნდა დავლიოთ, ვინც ეგ გამოაპანღურა იქიდან. წავიდეთ, ნანადირევიც გვაქვს! - მაგრამ უცებ შეჩერდა და დაფიქრდა, - ჰო, მაგრამ, რაზმს უპატრონოდ ხომ არ დააგდებდნენ? ვერ გაიგე, მაგ მაიმუნის ადგილზე ვინ დაუნიშნავთ?

- და ვინ?

- ვარდუნაანთ გივი.

სანდრომ მცირე ხნის შემდეგ ხელი ჩაიქნია.

- ეგეც ფეხბურთელია... გინდა პანტა ყოფილა, გინდა მაჟალო... მაინც ვის დაუსახელებია?

- თვითონ მოუთხოვია ადრევე. ახლა კომკავშირიც დათანხმებია.

- თვითონ?

- თვითონ.

- მაშ, გაგვწურავს!

- სანდრომ შაშვი გვერძე გადადო და მონადირეს ჰკითხა:

- რა ჰქენი, სანთელი იშოვე?

- მაღაზიაშია, რამდენიც გინდა. ბიჭებმა ხუთ-ხუთი დაიტაცეს.

- იმ საქმისა რა ჰქენით?

- ჯერ არაფერი. ლუკას კარგად არ ახსენდება გასაღების მოყვანილობა. მე გადავწყვიტე, სანერგე პანტა - მაჟალო მოვუტანოთ ტყიდან. ჩემთან კარგად არის გროზნა, მყნობას მასწავლიდა.

- გაუხარდება და მაშინ, მე მგონია, გადახატვასა და გაზომვაც მოვასწრებთ.

- ეჰ, ზარმაცები ხართ, ზარმაცები, აქამდე ვერ გაიგეთ? - ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყავო. ძნელია ძმაო, სიზარმაცე რა შუაშია? პატარა გაუფრთხილებლობა და, მერე - მშვიდობით.

სანდრომ კარგად იცოდა, სიფრთხილე იყო საჭირო. ზარმაცობა რომ დასწამა მეგობარს, თვითონონაც არ მოეწონა და სიტყვა გადაუსხვაფერა.

- ზარმაცები ვართ, მაშ რა არის, ჩემზე ზარმაცი კაცი არ იქნება.

- რას ამბობ, კაცო, ჩვენ სადაური ზარმაცები ვართ, დღე და ღამე მოსვენება არ გვაქვს. აი, დღეს კვირაა და ლექსები კი უნდა ვწეროთ.

- მაშ, არა ვზარმაცობთ?

- საიდან?

- აბა მითხარ, გეოგრაფიაში რა მიიღე იმ დღეს?

- ორი.

- რუსულში?

- ორი.

- ჰოდა, მეტი რა გინდა, ძმაო? განა მე კი თავს ვიმართლებ, სამიანები მაქვს არითმეტიკასა და რუსულში, მაშასადამე, ზარმაცები ვართ. სუვოროვი კი სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, სულ დაუსვენარი იყო... თუმცა, ის რუსი იყო და რუსულის სწავლა არ დასჭირდებოდა.

- ეჰ, შენც იტყვი რაღა, რუსი იყოო. შენ რომ ქართველი ხარ, ქართულის სწავლა არ გინდა?

სანდრო გაყუჩდა. - ძველი საბძლისკენ ხომ არ გაგივლია?

- წუხელ საღამოს ვიყავი. გამახსენდა, ვაშლი ნაწვიმარზე რომ დავკრიფეთ, სველი იყო და ნამჯის გადაწევა დასჭირდებოდა გასაშრობად. მთელ ღამეს ჰაერზე იყო და გათენებისას ისევ წავაფარე ზედ.

სანდროს მოეწონა მეგობრის განჭრიახობა და ბეჭებზე მოუთათუნა ხელი. -ყოჩაღი ბიჭი ხარ, გოგი. -ვიყოჩაღეთ, მაგრამ თუ სკოლაში გაგვიგეს, რომ ეგ ვაშლი ჩვენ მოვიპარეთ, რგოლის ხელმძღვანელობასაც გამოემშვიდობე და მადლობაც ვუთხრათ, თუ სკოლიდანაც არ გაგვრიცხეს.

- გაგვიგონ? საიდან უნდა გაგვიგონ? არა მგონია, ახალმიღებულებმა გაგვცენ, და ძველ ბიჭებს სატეხით რომ მიადგნენ, ვერ გასტეხენ.

- გინდა ვერ გაგვიგონ, მე მგონია, რომ ჩვენ დაგვაბრალებენ და გარიცხვაც არ აგვცდება.

- არა მგონია, გაგვრიცხონ, გოგი, ჩვენ ხომ მისათვისებლად არ მოგვიპარავს? და თუ გაგვრიცხეს, - ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა სანდრო, და თუ გაგვრიცხეს, დავსხდეთ და ლექსები ვწეროთ.

- რას ამბობ, სანდრო, შეხტა ეფრემას ბიჭი ბიჭი, ჩვენებს რაღა პასუხი გავცე? უსწავლელი ვის რად უნდა, მამაჩემი ხომ სახლში არ გამაჩერებს?

სანდრო, დაიბნა, უცნაური თვალით ახედა მეგობარს. კარგა ხანს უცქირა მდუმარესა და თვალებდაჭყეტილს, მერე მრისხანედ შეპყარა წარბები და მტკიცედ განაცხადა: - თუ ამგვარი რამ მოხდა, გოგი, მე გინდა გამაჩერონ, სახლში მაინც არ დავდგები და შენ არ მიგატოვებ გასაჭირში.

ბიჭები კარგა ხანს ისხდნენ მდუმარედ, მერე ისევ ახალი ამბავი გაიხსენეს. -კი მაგრამ, რა მიზეზი დაუდეს ნიკოს მოხსნას? - რა ვიცი, რაც რაზმის ხელმძღვანელად დავაყენეთ, ყოყოჩობა დაიწყოო, არასწორად ესმის პიონერებთან მუშაობა.

სწავლას მოუკლო და უსაქმოდ ხეტიალს მოუხშირაო, პატარებს აბუჩად იგდებსო, რაზმის შეკრებას არ ატარებსო, კედლის გაზეთს ყურადღებას არ აქცევსო, ფეხბურთს გადაჰყვაო და რა ვიცი... შენ ყველაფერი ეს ცოტა რამე ხომ არ გგონია? კომკავშირელი კია! - ერთი ჩვენ ვიყოთ კომკავშირელები! არა, სანდრო?

- ეჰ, ზღაპარია, გოგი, ჩვენ ვინ მიგვიღებს კომკავშირში ჯერ?

- ზალიკოს? ის ხომ ხუთი თვით არის ჩვენზე დიდი?

- არც ზალიკოს. კომკავშირს მშიშრები და მაბეზღრები არ უყვარს. კომკავშირს უშიშარი და პირდაპირი ხალხი უნდა. აი, ჩვენ ზედგამოჭრილები ვიქნებოდით, მაგრამ ჯერ არ მიგვიღებენ.

- თუ ჩვენ არ მიგვიღებენ, ზალიკოს სულ არ მიიღებენ. მართლა, ხომ დამპირდი დღეისათვის, "ყარამანიანს,, მოგიყვებიო, მოყევი.

- დღეს ლექსები უნდა დავწეროთ, დავალებული მაქვს სკოლის კედლის გაზეთისათვის. შენ კი რაზმის კედლის გაზეთის რედკოლეგიის წევრი ხარ და არაფერს აკეთებ.

- მოდი რა, ჯერ "ყარამანიანი" მომიყევი და მერე დავწეროთ ლექსები. და სანდროს რაკი მეგობარიცა და წაკითხულის მოყოლაც ძლიერ უყვარდა, პირდაპირ დაიწყო.

- ყარამანის ამბავი ხომ მოვათავეთ, ნარიმანისაც იმისი შვილისა, ახლა ქუჩუკ-ყარამანის ამბებია მოსაყოლი.

- ქუჩუკ-ყარამანი ვინღა იყო?

- როგორ არ გახსოვს? ნარიმანის შვილი ქუჩუკი ყარამანის შვილიშვილი იყო, აი, ჰაზარექ-დასტი რომ მოკლა ათასერთხელიანი დევი.

- ჰო, მახსოვს, მახსოვს მერე?

- მერე ჰაზარექ დასტს ბნელეთის ქვეყანაში ერთი ნათესავი ჰყავდა, რომელსაც ზარბაქ დევი ერქვა. ძალიან ღონიერი დევი იყო. ახლა იმასთან წავიდა ქუჩუკი საომრად... და დაიწყო ამბები ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ-დევის ომისა.

გოგია ისე იყო გატვრენილი, ისე გაფაციცებით უგდებდა ყურს, რომ აზრადაც არ მოსვლია ჯიბიდან შურდულის ამოღება, როდესაც ზედ მის თავზე, თხილის ტოტზე, კიდევ ერთი შაშვი შემოსკუპტდა ჭახჭახით.

აშკარა ლუკმა გაუშვეს ხელიდან ბიჭებმა.

ბოლოს დამთავრდა მეათე კარი "ყარამანიანისა" ხოლო გოგია კიდევ დიდხანს იჯდა გარინდებული.

- დღეს ეგ გვეყოფა, დანარჩენი შემდეგისთვის იყოს.

გოგიამ თავი ზევით ასწია და კარგა ხანს უყურებდა თხილის ფოთლებში მოჭიატე ცის ლურჯ ნაჭერს.

- მაშ, ქუჩუკი უფრო ღონიერი ყოფილა, ვიდრე იმისა პაპა ყარამანი.

- ახლა მაგისი დრო არ არის, სულელო, მე ჯერ პური არც კი მიჭამია.

- არც მე, გამოტყდა გოგიაც.

- ჰოდა, დროით მოვათავოთ ლექსების წერა, რომ მადიანად მივაძღეთ საჭმელს, კაი მსუქანი შაშვიცა გვაქვს!

ბიჭები პირქვე დაემხვნენ. ხან სადღაც იყურებოდნენ, ფანქრის ბოლოს მოიგდებდნენ კბილებში და აწვალებდნენ, ხან რაღაცას ბუტბუტებდნენ თავიანთვის და სალექსო სტრიქონები ეწყობოდა რვეულის კრიალა ფურცლებზე.

დიდხანს აწვალეს ფანქრები, დიდხანს იცოდვილეს და ბოლოს წამოსხდნენ.

- აბა, წამიკითხე, როგორი ლექსი დაწერე?

- არა, ჯერ სენ წამიკითხე. რაო? აბა, მაჩვენე, ხა ხა ხა ხა! მე მეგონა, გაზეთისთვის დაწერე. ხა ხა ხა ხა! "ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ დევის ბრძოლა". წამიკითხე, თუ ძმა ხარ, ხა, ხა, ხა!...

გოგია მოიღუშა, ცერად გადახედა მეგობარს, მაგრამ მაინც გატაცებით წაიკითხა:

- ქუჩუკ-ყარამანისა და ზარბაქ-დევის ბრძოლა.

"ქუჩუკი ღონიერია,

ფეხს გადააწვდენს ველებსა,

ისე დასცემდა ზარბაქ-დევს,

ვეღარ ანძრევდა ხელებსა.

- ბიჭოს! კარგია, განაგრძე.

ქუჩუკმა და ზარბაქ-დევმა,

ერთად დაუკრეს ტაშია,

ქუჩუკმა გადაითხოვა,

გინდა, გამოდი ხმალშია.

- კარგია, მერე?

"ქუჩუკმა და ზარბაქ-დევმა,

ომი დაიწყეს ძლიერი,

ვერ გააშველებს ვერავინ,

გინდ იყოს მილიციელი!"

- ეე! შენ და შენი მილიციელი! ან იქ რა უნდოდა მილიციელს და ან რა იმათი გამშველებელია? ეგ რაღაც ვერ გამოგსვლია კარგად, მაგრამ არა უშავს რა, მერე გაასწორე. ახლა კი წავიდეთ, თორემ ძალიან მომშივდა.

- ეგრე იყოს. მაგრამ, იცი რა, სანდრო? მოდი, ოფოფივით ნუღარ დავიძახებ, თორემ მიგვიხვდებიან, რაღადროს ახლა ოფოფებიაო? მელასავით დავიჩხავლებ.

- ჰოო, ეგღა აკლია მამაჩემს. თოფი გატენილი აქვს და მაშინვე ფეხებს გაგაჭიმვინებს თხილებში. ხომ იცი, როგორ მარჯვედ ისვრის? ბუზს, რომელ თვალშიაც ეტყვი, იმაში გაარტყამს.

- მაშ, რა ვუყოთ?

- შაშვივით აჭახჭახდი.

- კარგი. შაშვივით ავჭახჭახდები.

- ეგრე.

- მაშ, გავწიოთ ახლა ქეიფი?

- დავცხოთ!

ბიჭებმა ხტუნვითა და ღრიანცელით წაიღეს შაშვი გამოსანაწლავებლად (შესაწვავად)

 

 

ნაწილი 6

კინკლაობა

 

 

დიდ დასვენებაზე თავისი რგოლის რამდენიმე წევრით განცალკევებულ სანდროს

რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახლოს გაუარა და გაჩერდა. მოჩურჩულე ბიჭებიგაჩუმდნენ და ავი თვალი მიაპყრეს გამოპრანჭულ ნიკოს.

- აბა, ერთი აქ მობრძანდი, ბუნტისთავო!

ბიჭები არ შეტოკებულან.

- შენ გეუბნებიან, გამხმარო!

- მე? - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი იტაკა მკერდში აყლაყუდა ვახტანგმა.

- ბუჩუკურთელი მოვიდეს ჩემთან.

სანდრომ მისკენ გადმოვარდნილ ბურთს ფეხი მიარტყა, მოთამაშეებსვე გადაუგდო და არც კი შეუხედავს, ისე უპასუხა გამომძახებელს:

- შენ არ გეკადრება ახლოს მოსვლა?

- უფროსი რომ გელაპარაკება, უნდა შეასრულო, - მოიღუშა ნიკო.

დარტყმული ბურთი პატარა ბექობს მოხვდა და კვლავ ბიჭებისკენ გადმოვარდა.

სანდრომ კიდევ დაარტყა და ისევ უკან დააბრუნა.

- რაო, უფროსიო? ბატონიშვილს ვახლავართ! დახე, კიდევ რომ არ იშლის

უფროსობას! ხომ ხედავ, შენ ახლა მოდაში აღარა ხარ? წადი, ძმაო, ახლა მაინც დაგვანებე თავი.

ნიკოს ცეცხლი მოეკიდა.
დიდი ხანია არ მოსწონს ეს თავისნათქვამა ბიჭი, რომელიც აქამდეც არაფერს უგონებდა, ახლა კი მთელი სკოლის წინაშე აპამპულებს მეათეკლასელსა და თავმომწონე ფეხბურთელს.

ბავშვებმა თამაში მიატოვეს და მოკამათეთ გარს მოეჯარნენ.

- იქნებ მე მიბრძანოს რამე თქვენმა კეთილშობილებამ, - წინ გამოვიდა გოგია.

- შენ, ეფრემას ბიჭო, გირჩევნია საკუთარ ტყავს გაუფრთხილდე და სხვის საქმეში არ ჩაეჩარო.

- ან იქნებ ჩემთან იკადროთ საუბარი, - მძიმედ დაუკრა თავი ბერძენიშვილმა.

- მე შევასრულებდი თქვენს ბრძანებას, - ქუდი მოაძრო სნაიპერმა.

ბავშვები იჭაჭებოდნენ სიცილისაგან.

ნიკომ რაკი დაატყო, შეთქმულებთან ჰქონდა საქმე, გაბრუნდა უკან, მაგრამ მაშინვე აილეწა და სახე მწიფე საზამთროს ნაჭერივით მოექცა, - ტანაყრილმა, შავწინსაფრიანმა მშვენიერმა გოგომ წინ გაუარა და სალამი მისცა. ნიკო მობრუნდა და ბუჩუკურთელი გაბურღა თვალებით.

- მოგივლი ჩემებურად, - უთხრა და გაბრუნდა.

იმ ადგილს თავმოყრილმა რგოლმა სიცილით გააცილა ბრძოლის ველიდან გაქცეული.

ეფრემას ბიჭმა ამაყად გადახედა იქ მყოფთ.

- ნახე, რა დაემართა, ექიმის ქალმა რომ შეასწრო თვალი იმ ყოფაში?

- გაგიჟდა.

- გადაირია.

- რაღაც სხვანაირად ეპრანჭება.

- ეს კი ძაღლადაც არ აგდებს. ჭკვიანი გოგო ჩანს.

- ან რა ჩასაგდებია? დადის ყინჩად, მამლაყინწობს. ახლა რაღა უნდა, რაზმის ხელმძღვანელი ხომ აღარ არის? - ღვარძლიანად თქვა შაშვიაშვილმა.

- ჩვენთან აქვს დიდი გული. რაღაც თვალში ვეცოტავებით. - სანდრო შებრუნდა კლასისაკენ და ბავშვებიც თან გაიყოლა.

 

* * * * * * *

 

სანდრო გაბრაზებულია და წერაქვს უშნოდ იქნევს: დღეს სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს აქა და ახლა უფროსკლასელებთან ერთად იმ გორაკს ასწორებს, რომელიც ფრენბურთის თამაშს ხელს უშლის. შინ კი საქმე ჰქონდა და ადრე უნდოდა წასვლა. უშნოდ იქნევს წერაქვს. უხალისოდ მუშაობენ ბიჭებიც. მიიზლაზნებიან საათებად ქცეული წუთები.

სანდრო გრძნობს, რომ ვიღაცა დასდგომია თავს და მის მუშაობას უთვალთვალებს. ითმენს ბიჭი, თავს არ იღებს, შემდეგ ბრაზდება და ბოლოს ალმაცერად ახედავს.

აჰ, ეს ხომ ნიკოა! ალბათ, რამე მიზეზი უნდა იპოვოს და იმიტომ მოსულა. ხელში თოხი უჭირავს. ჰმ! თვითონ არ მუშაობს და აქ სანდროს უწევს კონტროლს. სანდრო უკმეხად ახედავს და ზიზღით ეუბნება:

- შენ აქ რა სულთამხუთავივით დამდგომიხარ თავზე. შენი საქმე არ იცი?

ნიკო იბერება.

- დიახ, ვიცი და იმიტომაც მოვედი.

- მოხვედი, თორემ შენც სააკაძე ან გორგასალი მოხვედი. აქ რა გინდა? ორიოდე შამფური და ერთი ზედადგარი უნდა გქონდეს მხარზე გადებული და სოფელ-სოფელ დადიოდე გასაყიდად.

ნიკო ბრაზისაგან სტაფილოსფერი ხდება.

- შენ იმუშავე, როგორც წესია, თორემ გასწავლი ჭკუას! აბა, ეგ ქვა რად გინდა, განზე რომ არ აგდებ?

- პურს უნდა შევატანო.

ნიკო ენთება.

- მოიცა, ბუჩუკურთელო! სკოლაში რომ ვართ, იმიტომ მედიდგულები, არა? ცოტა დამაცადე და მე შენ გიჩვენებ სეირს!

ნიკოს ვიღაც ექაჩება. მოიხედავს - გოგიაა.

- შენ რაღა გინდა, ეფრემას ბიჭო? - ღვარძლიანად ეკითხება ნიკო.

- შენი ნაცვამი ბუცები.

- ფეხი არ ჩაგივა.

- ძალით ჩავტენი.

უფროსკლასელები ხარხარს ვერ იკავებენ.

ნიკო ირგვლივ იყურება: გოგიას უკან ფიცხი ხარატიშვილი, ბეჭგანიერი თუჯიშვილი და ცქვიტი ლუკას ბიჭი დგანან. მარცხნივ ზაზანაშვილი ლეო, ბერძენაშვილი ვანო და თვალიაშვილი იღიმებიან ცბიერად. მარჯვნივ ბაჩიაშვილი ლუარსაბი, აყლაყუდა ვახტანგი და ენუქიშვილები იღრუბლებიან, ხოლო წინ პირქუში სანდრო დგას და... ეს ვიღაა, ვინ მოსდგომია გვერდით წარბშეჭმუხვნილი? აა! ეს გარეჯელია, - შარიანი და ჩხუბისთავი.

ნიკო უკან იხევს, რადგან ამ ქაჯის ნაგლეჯებთან კინკლაობა ხეირს არ დააყრის. სანდროსთან დავას თავს ანებებს და ცნობისმოყვარეთა და რგოლის წრეს არღვევს.

- ადგილზე გაგისწორდები, ყარამანო.

ბიჭები ხითხითებენ და ეჯღანებიან.

- შენ ექიმის გოგოს მოუარე!

ნიკო გააფთრებული მობრუნდება.

სანდრო რჩევაზე გადადის.

- წადი, ძმაო, რას შემომტრიალებ, თვალში ხომ არ გეცოტავები? ხომ იცი, სადამდისაც ხელს მოგაწვდენ, ხეირს არ დაგაყრი?

ნიკოს მისი მეგობარი ბახსოლიანი და თანაკლასელები იჭერენ.

- გამიშვით.

სანდრო წერაქვს აგდებს და წინ გამოდის.

- გაუშვით, ბიჭებო, ერთი ქლიავივით გავულურჯო ეგ ცხვირი.

რგოლის ხელმძღვანელს დალესისლი წევრები მიჰყვებიან, მაგრამ დირექტორის გამოჩენა ყველას აწყნარებს.

სანდრო წერაქვს უბრუნდება. დირექტორი მშვიდად ჩაუვლის „მუშებს“ და მოღუშულ სანდროს გამხმარ ბეჭებზე ხელს უტყაპუნებს.

- ჰა, ყარამანო, როგორა ხარ?

 

ნაწილი 7

ღამეული ექსპედიცია

 

 

მთვარეს ღრუბლები წამოჰფარებოდა და აღარც ვარსკვლავები ჭიატობდნენ ცაზე.

პირღია ვეშაპს ჰგავდა შავ ღამეში ბუჩუკურთელების სახლის მაღალი სხვენი. იქ კურდღლის ძილით ეძინა სანდროს. წარამაწა წამოხტებოდა ლოგინიდან, თვალებს ფართოდ აჭყეტდა და ყურდაცქვეტილი მისჩერებოდა ჩაბნელებულ ბაღს, საიდანაც ბუს გულსაკლავი ხმა ისმოდა.

- მთელ საათს ვიჯდე ჭინჭარში ტიტველი, თუ ეფრემას ბიჭს ხვალ გვერდები არ დავუზილო! ვინ იცის, გაჭიმა ფეხები და აღარც გაიღვიძოს ხვალ შუადღემდე! ღამე ხელსაყრელია. რა ეშმაკი დაემართა, აკი გავაფრთხილე? - წაიბურტყუნებდა ძილგამკრთალი ბიჭი და ისევ მიწვებოდა.

ამ ვაი-ვაგლახში ძლივს ჩაეძინა, რომ უეცრად შაშვის ჭახჭახი ჩაესმა.

ბიჭი წამოვარდა ფეხზე და ტანსაცმელს სტაცა ხელი. სასწრაფოდ ჩაიცვა და ქამარში დამბაჩაგაყრილი გავიდა კრამიტებზე, კატასავით გაცოცდა ზედ გადმოშვერილ ჭერმის ტოტზე, ჩაჰყვა ხის ტანს და ძირს ჩახტა. აქ ერთი თვითონაც წაიჭახჭახა და ლეღვის ტოტებქვევიდან გამოსულ აჩრდილს მიუახლოვდა.

- სადა ხარ აქამდის? - გაწყრა დამბაჩიანი.

- ყველაფერი მზად არის, სანდრო, ბიჭები ძველ საბძელში იცდიან.

- თოკი იშოვე?

- თოკიც ვიშოვე.

- მაშ, წავედით.

რგოლის მეთაური თავისი „მარჯვენა ხელით“ მალე საბძელში დაბანაკებულთ შეუერთდა, სანდრომ ჯიბის ფარანი აანთო და ბიჭებს მორთულობა მოუწონა.

იარაღიც შესაფერისი ჰქონდათ: ლუკას ბიჭის ნაკეთები, საფანტით გატენილი თოფები, რომელთაც ლულის ბოლოს პატარა ნახვრეტთან ანთებული ასანთის მიტანაღა აკლდათ, რათა ერთბაშად დაექუხათ; „ხმლები“, რომელთაც ჭრის მეტი ყველაფერი შეეძლოთ, სადღაც ნაპოვნი, ჟანგისაგან შეჭმული სამღარიანი ხანჯალი;

დიდრონი კომბლები; ორიოდე შურდული და ერთიც გრძელი შამფური, რომელზედაც ჩუმად კარგა ხანს ქირქილებდნენ, სანამ მომტანი არ გაბრაზდა და არ აიმრიზა. მეთაურმა აღრენილი თუჯიშვილი დაამშვიდა და რგოლს უბრძანა, ღვთაების მონასტრისკენ დაძრულიყო.

ფეხაკრეფით მიდიოდა ღამეში თოფიარაღმომარჯვებული ათეული და დროდადრო ჩერდებოდა მზვერავების გამაფრთხილებელ ნიშანზე. მაშინ ჩუმად გასცემდა ბრძანებას ათისთავი და ათეულიც გაქრებოდა გზიდან, ხოლო გზის პირზე ამოსულ ბარდებში გაეჩრებოდა გზისკენ მოღერებული თოფის ან დამბაჩის ლულა.

გაიწკრიალებდა გაუფრთხილებლად ქვას წამოკრული შამფური და მკვდრული სიჩუმე ჩამოწვებოდა ირგვლივ.

ათეულმა გაიარა ხრამი და ჩიჩქანის ვიწრო, მაყვლით გაბარდულ ხევს შეუყვა. შორს, გორაზე, უკვე აილანდა რძის საყდარი, საიდანაც თავქვე ეშვებოდა გზა მონასტრისკენ. ლეგენდები ამბობდნენ ამ საყდარზე, რომ რძეში აზელილი კირით იყო ნაშენი სიმაგრისათვის. მაგრამ საუკუნეებს მისთვის ჩამოექცია დასავლეთის კედელი და თვალუწვდენელი კლდიდან იყალთოს ხევის ძირში გადაეჩეხა.

ბიჭებმა ის იყო აივაკეს, რომ გაისმა ჭოტის კივილი და მთელი ათეული მიწას გააფრთხო, დაზვერვიდან ფორთხვით უკან შემობრუნებული სნაიპერი მეთაურს მოუახლოვდა და მოახსენა, რომ საყდრის გვერდით რაღაც ლანდი დადიოდა უცნაური ფშვინვითა და ზმუილით. ამის გაგონებაზე უშიშარ ბიჭებს ტანში გასცრა.

- ნუგზარი იქ დავტოვე სათვალთვალოდ, მე კი წამოვედი რჩევისთვის: პირდაპირ მივიტანოთ იერიში თუ გვერდი ავუაროთ და კიკაბაურებზე გადავლით მივუახლოვდეთ ღვთაებას და აკადემიას?

სანდრო წამოჯდა, გარშემო გაწოლილი ბიჭები მოათვალიერა და მერე ისევ ვახტანგს მიაჩერდა.

- რა უნდა იყოს, შენი აზრით?

- არც ისე ახლოს მივსულვარ, რომ კარგად გამერჩია, ისე კი... ბნელა.

რაზმის მეთაური ჩაფიქრდა და მტკიცედ განაცხადა:

- პირდაპირ მივალთ იერიშზე. მომიახლოვდით!.. ეგრე!.. გაწექით!.. ენუქიშვილებს ლადო წაიყვანს და მარჯვენა მხრიდან მოუვლის რძის საყდარს. კლდეს უფრთხილდით, ხევი ღრმაა და სული არ ჩაგყვებათ. - ხელისგულივით ვიცნობ მაგ კლდეს, დღისით ჩავსულვარ კიდეც ძირამდის.

- თვალიაშვილსა და ლუარსაბს ბერძენაშვილი წაიყვანს. ჩიჩქანას აჰყვება მარცხნიდან და დეკანოზიანთ კაკლებს ისაფრებს.

- უკაცრაული პასუხია, საყდრამდე არ მივიდეთ?

- ჩემს ნიშანს დაელოდეთ.

- ეგრე.

- ზაზანაშვილს, თუჯიშვილსა და დედაბრიშვილს წაიყვანს სნაიპერი. გასცდება დეკანოზიანთ კაკლებს და ზურგიდან მოუვლის საყდარს.

- არავინაც არ მინდა, მარტო გოგია მომეცი, დანარჩენი შენთან დაიტოვე.

„მეთაური“ გაწყრა:

- როგორ ბედავ სიტყვის შემობრუნებას? წაიყვა, ვინც გითხარ!

ლუკას ბიჭი აიმრიზა.

- ხახაბოს მაინც ვერ წავიყვან, სად უნდა დაწვეს და იხოხოს ამ სიგრძემ?

„მეთაურს“ გაეღიმა და მოლბა.

- კარგი, ვახტანგი ჩემთან დარჩება, გოგიასა და ნუგზარს კი ვერავის გავატან. აბა, მიხედეთ თქვენ-თქვენ საქმეს! ფრთხილად, გაბედულად! ვაჟკაცები უყვარდა დავით აღმაშენებელს!

„მოიერიშე რაზმები“ ღამეს შეერივნენ და „მეთაურის“ თვალთაგან გაუჩინარდნენ, ხოლო თვითონ „მეთაურმა“ დანარჩენი მეომრები გაიყოლია და რბილ ბალახზე ფორთხვით გასწია იმ მხარეს, სადაც, მისი აზრითა და მრელაშვილის თქმით, ნუგზარ გარეჯელი უთვალთვალებდა ძველ, ნანგრევ საყდართან მორიალე ლანდს.

მზვერავი ნახნავის კვალში ისე შეხამებულიყო, რომ ვერასგზით ვერ იპოვა სანდრომ.

თვითონ წამოვიდა ფორთხვით ნუგზარი „რაზმისაკენ“ და მოსვლისთანავე ხელით ანიშნა ბნელში აზიდული ნანგრევი. მეთაურმა კარგა ხანს იცქირა ხელის მიმართულებით და შეამჩნია ლანდი, რომელიც ოდნავ იძვროდა ჩასაფრებულებისკენ და თან უცნაურ ბგერებს გადმოსცემდა.

- რა უნდა იყოს, ნუგზარ?

შემკრთალი ნუგზარი აჩურჩულდა:

- არ ვიცი, ძმაო, მგელია, დათვია თუ რა ნადირია.

- ვერც მე გამირჩევია. რა უნდა იყოს, გოგი?

- არ ვიცი. მოდი, მივიდეთ ახლოს. თუ მგელია, წავკივლოთ და გაიქცევა, თუ დათვია...

- ნუ სულელობ ერთი! რა უნდა ჩვენს ტყეში დათვს?

- მაგას რად ამბობ, სანდრო? - არ დაეთანხმა ხახაბო. - წინათ ისეთი გაუვალი მუხიანი ყოფილა აქ, რომ პაპაჩემს მოუკლავს ერთი დიდი დათვი, რომ მივუახლოვდი, არც კი შეშინდაო. შვინდზე ასულიყო, კრეფდა და უბეში იყრიდაო.

რაზმი კინაღამ სიცილისაგან გაიგუდა.

- პაპაშენი მარტო მონადირეობას კი არა, იმასაც იკვეხნიდა: ჩემისთანა სირბილი არავინ იცოდა იყალთოშიო, - ხითხითებდა გოგია. - სანდრო, გაიგე, სანდრო?!

ნიშანში დასმულ ქვას ვესროლე თოფი და მერე გასაგებად გავიქეცი, მოხვდა თუ არაო. მივედი და რასა ვხედავ! ზედ არაფერი ამჩნევია ნატყვიარის მსგავსიო. ჩემს სიცოცხლეში არაფრისთვის არ ამიცდენია და გამიკვირდაო. ის იყო თითით დავიწყე სინჯვა ქვაზე - სადმე აციცქნილი ხომ არ არისო, რომ რაღაცამ მოიღო უცებ ტყლაშანი ზედ და კინაღამ თითი წამაწყვიტაო. თურმე, რომ ვისროლე და გამოვიქეცი, გამომისწრია ტყვიისათვის და ტყვია კინაღამ შიგ თითში არ მეტაკაო.

ბიჭები ნახნავის კვალში გორაობდნენ შეკავებული ხითხით-ფრუტუნით და მოღუშულ აყლაყუდას გულზე ხეთქავდნენ. - დაიცათ, ბიჭებო, სიფრთხილე სულ დაგავიწყდათ. ვინ იცის, რა არის, უნდა გავიგოთ, თორემ აკადემიასთან ვერ მივალთ, თუ ზურგს უკან ეს რაღაც ნადირია თუ ეშმაკი დავტოვეთ.

- დიდი არაფერი შვილი უნდა იყოს, ტყე ახლოა და მგლებიც არიან შიგ. ალბათ, მგელია. გახსოვს, ლაცაბიძიანთ ფარნაოზმა რომ მოკლა აქ ერთი?

- ჰო, ის ამ ტყის პირას მოხდა. ლეში ეგდო მისატყუარად. ფარნაოზი კი ჩასაფრებული იყო. ეს კი ნადირი არა ჩანს... თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ბიჭები გულადები იყვნენ, მაგრამ მაინც შიშნარევად ჩაწვნენ ბალახებში და სცადეს, ხოხვით მიახლოებოდნენ.

ლანდმა მოძრაობა შეწყვიტა და მისკენ მხოხავ აჩრდილებს დააკვირდა. მერე უცებ თავი ზევით აიქნია, საშინლად დაიფშვინა, მკვეთრად შემოტრიალდა და ტყის პირისაკენ გაქანდა.

ბალახში გაწოლილი მეთაური წამოდგა და ჯაგებს იქიდან გამოსულ ლადოს ანიშნა, ახლოს მისულიყო. მერე იქვე ჩამოჯდა და ხითხითი ატეხა.

- ფუი, ძროხა ყოფილა! მეცა ვთქვი, რაღაც სავაჟკაცო რამეს გადავეყარეთ-მეთქი.

- ჩვენც ვიცანით, - გამოტყდა ხარატიშვილი, - მაგრამ შენს ნიშანს ველოდებოდით.

- რა ეშმაკი უნდოდა ამ შუაღამისას? - ახლოს მიუჯდა მეთაურს სერგო.

- ალბათ, ნახირს ჩამორჩა და მენახირემაც ვერ შეამჩნია. ადგა ეგეც და, რაკი მსუყე ბალახი დაიგულა, თავი აღარ გაანება.

- მერე, პატრონი რას ფიქრობს, არ ეშინია, რომ მგლებმა შეუჭამონ?

- არც ისე ძალიან ვიდარდებ! ჯობია ახლა სნაიპერსა და ვანოს ნიშანი მივცეთ და დროით ჩავიდეთ აკადემიასთან, თორემ ღამის ორი საათი იქნება, დრო კი არ იცდის. აფსუს! სად არის ახლა ჩემი საათი!

ბიჭებს გაახსენდათ გეოგრაფიის გაკვეთილი, საათით ჯიბეგაბერილი გოგია, და სიცილი ატეხეს.

გოგია მოიღუშა და სანდროს მიუბრუნდა.

- ამათ რა ყურს უგდებ? დაცალე დამბაჩა, ბიჭები მოვიდნენ.

სანდრომ ლულა ზევით უყო, ჩახმახი ფეხზე შეაყენა და დასხლიტა. დამბაჩის ჩახმახში გაჩხირული ტალი დაეცა ლულის ბოლოსთან ამართულ ფოლადის ნაჭერს, გაყარა ნაპერწკლები, მაგრამ არ გავარდა. სანდროს გაუკვირდა და, ცოტა არ იყოს, შერცხვენილმა ძირს დაუშვა იარაღი.

- რა ეშმაკი დაემართა ახლა ამ მიწის საჭმელს?! - ბიჭები გარშემო შემოისხა, ჯიბის ფარანი მიანათა და ჩუმად ჩაიხითხითა. - ხოხვა-ბღორტვაში საფალიე გახსნილა, წამალი დაბნეულა და რაღა ეშმაკი უნდა აფეთქებულიყო? თუმცა, კარგი კი ქნა, რომ არ გავარდა, თოფის ხმა გაგვცემდა. გადი, გოგი, სამჯერ დაიჩხავლე მელასავით, მოვიდნენ ვანო და სნაიპერი.

გოგია გავიდა ნანგრევს იქით. სანამ ბიჭები მოვიდოდნენ მანამ სანდრომ ისევ დააყარა ფალიას თოფისწამალი. პირველი ბერძენაშვილი მოვიდა თავისი რაზით.

- ხომ არაფერი დაგინახავს, ვანო?

- რაღაცამ გაგვიარა ფუნდრუკით, მგონი, ძროხა იყო. არა, ბიჭებო?

- ძროხა იყო, კაკლის ფესვს ვიყავ ამოფარებული, ახლოს გამირბინა.

- სნაიპერი ხომ არ დაგინახავს?

- არა, კაკლებთან დამცილდა და ტყის პირს გაუყვა.

ბიჭებს გაჯავრებული სნაიპერი მოუახლოვდა.
- რას აჩხავლებ ამ საცოდავს მელასავით? კინაღამ ფეხი არ გავაჭიმინე. კიდევ კარგი, მინდორზე იდგა და ვიცანი, რომ ადამიანი იყო.

- კარგი, დაჯექ, ვახტანგ, ხომ არაფერი შეგიმჩნევია?

- არაფერი. მარტო ძროხამ ამოიფუნდრუკა და ჩვენს იქით, ტყის პირას დაუწყო ბალახს წიწკნა.

- მაშ, ძროხა ყოფილა, - საბოლოოდ დაასკვნეს ბიჭებმა და თავქვე დაიძრნენ დიდი სიფრთხილით.

უზარმაზარ კაკლებს ვეება ტოტები გაეფართხათ და უფრო აბნელებდნენ აკადემიისა და მონასტრის გალავანთან მისასვლელს.

წინ მიმავალი სნაიპერი უცებ შეჩერდა, ბიჭებს ანიშნა, წყალს მივადექითო. მგზავრებმა ჩაბნელებული, მაყვლით ჩაბურდული ხევი გაიარეს და შამბნართან შეჩერდნენ.

აქედან იწყებოდა სასაფლაო. დიდი სიფრთხილით უნდა ევლოთ გალავნამდე. აქა-იქ ხვდებოდათ საფლავის ქვები და მიწაყრილები. შამბი და ჭინჭარი არეულიყო ერთმანეთში. დაბურულ კაკლებს კრიკინა და უსურვაზი შემოხვეოდა. ადგილ-ადგილ ზევით ატყორცნილი კვიპაროსები ცას ხევდნენ წვეროებით.

სასაფლაოს მდუმარების მიღმა, სადღაც შორს უკიოდნენ ბუები ერთმანეთს:

- თევდორე!..

- უუუ!

- იპოვე?!

- ვერა, ვერაა!

ბიჭები შეჩერდნენ. ყველას ჟრუანტელი უვლიდა ამ გაუტეხელ სიჩუმესა და ბუს შორეულ, გულსაკლავ კივილზე. თითქოს უფრო აცივდა, უფრო დაბნელდა და კვიპაროსების ლანდებიც უფრო წაგრძელდნენ.

სანდრო მიუბრუნდა გვერდით მდგომ სნაიპერს და ბიჭების გასაგონად მხიარული ჩურჩულით უთხრა:

- აყუდებულის მთაშიც ასე იძახოდნენ ბუები, როცა მამაჩემმა პირველად წამიყვანა. მე არ ვიცოდი, თუ ფრინველი ასე დაიძახებდა. მთიბავებმა მითხრეს: სანამ შენ ამოხვიდოდი, თავისმა მამამ სცემა ფარნაოზს, შინ გააგდო, მაგრამ, ეტყობა, არ წასულა, ჩვენს ბინასაც ვეღარ ნიშნულობს და გვეძახისო. მეც დამენანა ის ღმერთგამწყრალი და მოვრთე ყვირილი:

- ჰაი, ფარნაოზ! აქეთ წამოდი, ბიჭო, აქეთ!..

მთიბავები ხითხითებდნენ და თან მეუბნებოდნენ:

- ეგრე რომ ყვირი აქედან, ხომ ხედავ, ვერ აგონებ? გადი ცოტა იქით, გასძახე ვინა ხარ, სხვა არ ეგონო ვინმეო.

მეც ავდექი და ზედ ტყის პირამდე გავიარე სათიბი, იქიდან ავტეხე ყვირილი:

- აქეთ წამოდი, ფარნაოზ, აქეთ! სანდრო ვარ, სანდრო, გიგას ბიჭი-მეთქი. - აბა, ნახე სიცილი! მთელი სათიბი ირყეოდა იმათი ხარხარისაგან. ბოლოს ცონდარას ბიჭმა გიორგიმ მითხრა გატყუებენო, და მეც უკან გამოვბრუნდი შერცხვენილი და გაბრაზებული.

ბიჭები ნაამბობმა გაართო და გაამხიარულა. შეიშმუშნენ, სადღაც გაქრა ჟრჟოლა-სიცივე და ხალხში დარჩენილი თქმულებაც გაახსენდათ, თუ როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე. ორ-სამს წაკითხულიც კი ჰქონდა ეს ზღაპარი. გული უფრო დაუარხეინდათ და გზა განაგრძეს.

- მართლა, როგორ ამსგავსებდნენ ადამიანის ძახილს ეს საშურდულეები. აბა, ყური დაუგდე, სანდრო. - არა, არც იმდენად, მაგრამ თუ დაჰკვირვებიხარ ჩვენი სკოლის ზარს როდესაც რეკავენ, იმ რეკვაში „წადი, წადიც!“ ისმის და „მოდი, მოდიც!“ გააჩნია, როგორ

განწყობილებაზე ხარ: წასვლისა თუ მოსვლისა. ეგეც ასეა, რაკი ხალხშია დარჩენილი, რომ ბუები ეგრე იძახიანო, შენც ეგრე გესმის.

- დაიცათ ბიჭებო! ეს, მგონი, ვარდუაანთ გივის ბებიის საფლავია, აი, ეს ბალი არ არის?

ბიჭები შეჩერდნენ და მერე ფრთხილად მიუახლოვდნენ რკინის მოაჯირს, რომელიც გარშემო შემორტყომოდა საფლავსა და დიდრონ ბალს.

- აბა, გოგი, გაფრინდი შენი რაზმით და ჯაგებში დამალული კიბე მოიტანე.

გოგია გაფრინდა.

- რაზე დავჯღლარდეთ ეს კიბე, არა სჯობდა, ეს ბალი მოგვეჭრა, გადაგვეგდო გალავნის შიგნით და ისე ჩავყოლოდით? ქარ-წვიმაში გახვედით ალვის ხით და აქ გაგვიჭირდებოდა?

- შენ ხომ არ გადაირიე, სნაიპერო? ხალხი აქ ისე ჩუმად მოვსულვართ, ერთი საცოდავი ძროხის მეტს არავის დავუნახივართ და შენ გინდა, ამოდენა ნიშანი დავტოვოთ ჩვენი აქ ყოფნისა? გარდა მაგისა, ეს განგებ არის აქ დარგული, ალამაზებს სასაფლაოს და კაი ტკბილი ბალიც იცის. ცოდოა ამის მოჭრა.

- როგორ, ალვის ხე ცოდო არ იყო? რატომ მოსჭერი?

- ჰო, ეგ მართალია, - დაფიქრდა სანდრო, - არ უნდა მომეჭრა... მაგრამ საჭირო იყო და მოვჭერი. ახლა კი არც საჭიროა და მშვენიერი კიბეც გვაქვს. აი, აჰა, შეხედე!

მოიტა აქეთ, გოგი! ხედავ რამსიგრძეა?

ბიჭებმა რგოლის ხელმძღვანელის ფეხებთან გაჭიმეს შვინდის წნელისაგან დაწნული, ათიოდე მეტრის სიგრძის კიბე. როგორც გოგია ირწმუნებოდა, ერთ კაცს არხეინად გაუძლებდა, რა სიმძიმისაც უნდა ყოფილიყო.

- აბა, გოგი, შენ და სნაიპერი ადით ამ ბალზე და ტოტს გაჰყევით. ეგ ტოტი გალავანზე ეშვება. ეცადეთ გალავნის თავზე დააწვდინოთ ფეხი და ზედ გამაგრდით. ტოტი მაგარია, მოტეხისა ნუ შეგეშინდებათ.

- ვიცით!

- დაათვალიერეთ, გალავნის შიგნით ხომ არავინ დაეხეტება. მერე ვანო ამოიტანს კიბის ერთ თავს და თქვენ ის გალავნის შიგნით ჩაუშვით, ჩადით და გაამაგრეთ, რომ დანარჩენებიც ჩამოვიდეთ.

სნაიპერი და ეფრემას ბიჭი ხვლიკებივით გაცოცდნენ ბლის ტოტზე და მალე გალავნის თავიდან მოისმა ფრთხილი ხმა:

- გალავნის იქით სულიერი არ ჭაჭანებს.

დაბლა დარჩენილებმა ბლის ძირს საიმედოდ მიაბეს კიბის თავი. ხოლო ბოლო ბერძენაშვილმა გამოიბა ქამარზე, აცოცდა ბალზე, გაუყვა გაშვერილ ტოტს, ფრთხილად დაეშვა გალავნის თავზე და გოგიასთან ერთად გალავნის შიგნით ჩაუშვა კიბე.

სნაიპერმა სცადა, კბილებში დაეჭირა ხანჯალი, როგორც ეს კინოებში ენახა, მაგრამ გაახსენდა, რომ ჟანგიანი იყო. მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა ტარი, უყოყმანოდ ჩაჰყვა კიბეს და მშვიდობით მიაღწია მიწამდე.

- მშვენიერია! ნეტავ ისევ მაღლა ვიყო, სიამოვნებით ჩამოვიდოდი ხელმეორედ.

გოგიამ გაიცინა, ჩასძახა რაზმს: ამოდითო, მერე თვითონაც დაეშვა ძირს და მრელაშვილს მიეშველა კიბის დამაგრებაში.

ბიჭები დიდი სიამაყით, ვაჟკაცური სახით ადიოდნენ კიბეზე და გალავნის შიგნით გროვდებოდნენ. სულ ბოლოს რგოლის მეთაური ავიდა.

- ბიჭებო! - თავი მოუყარა რგოლის ხელმძღვანელმა, - ახლა იწყება ნამდვილი სავაჟკაცო საქმე: გვირაბში უნდა ჩავიდეთ. ვისაც გული ეთანაღრება, ის ზევით დარჩეს, - აქაც საჭიროა გუშაგები, ვინც ჩემთან ერთად გვირაბში კი არა, ავსტრალიაშიც არ დაიზარებს წამოსვლას, ის აქეთ დადგეს.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ნელ-ნელა იწყეს გადასვლა სანდროსაკენ, რომელსაც უკვე გვერდში ამოსდგომოდნენ დედაბრიშვილი და მრელაშვილი.

მეთაურს გუნებაში ეამა, რომ უშიშარი ბიჭები ეხვივნენ გარშემო, და განზე გადგა.

- ყველა ვერ ჩავალთ, ბიჭებო, გვირაბში. ავთანდილი და სოსო უკანვე ავლენ, გალავანზე დადგებიან კიბის გუშაგებად და გვირაბის თავთან დარჩენილს მისცემენ ნიშანს, თუ რამე მოხდა ან საშიში რამ შეამჩნიეს. დანარჩენები გვირაბში ჩავალთ ხარატიშვილი და თვალიაშვილი წინასწარვე დაზვერავენ გროზნას სადგომსა და გაიგებენ: სძინავს თუ ღვიძავს. აბა, ადგილებზე! ნუღარ დავიცდით.

ბალახმა გაიშრიალა და ორი აჩრდილი სიბნელეში დაიკარგა, ხოლო კიბის გუშაგთა თავები ბლის ტოტამდე აიმართა გალავანზე.

დაზვერვამ სასიამოვნო ცნობა მოიტანა:

- გროზნას, როგორც ეტყობა, კარგად უხუხნია, მკვდარივითა გდია და იმოდენას ხრიალებს, რომ ძლივს მივუახლოვდით, შეგვეშინდა, ხომ არავინ ახრჩობსო. წევს და გამოცლილი ხელადა გვერდით უდგას.

ბიჭებმა გაიხარეს და გეზი ფერიცვალების საყდრისკენ აიღეს. მოწიწებით გაუარეს გვერდზე ძველი საუკუნეების ძვირფას ძეგლს - იყალთოს აკადემიას, უზარმაზარი ცაცხვი მოიტოვეს უკან, გასცდნენ ბზების ხეივანს და უძველესი შენობის კარქვეშ გვირაბის დაკეტილ ჩასასვლელს მიადგნენ.

- აბა, სნაიპერო, ახლა გამოჩნდება შენი ოსტატობა. გაიძრე კბილი!

სნაიპერმა ძლივს ამოათრია ჯიბიდნ ვეება გასაღები და დაკეტილი სახურავის კლიტეში გაუყარა. გაუყარა, მაგრამ, აი, უბედურება, ვერაფრით ვერ გადაატრიალა.

რაზმი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

- მე რა ვქნა ძმაო. როგორიც ნახატი მოიტანეს, ისეთი გასაღები გავაკეთე. თუმცა, დაიცათ!..

მრელაშვილმა ჯიბე მოიქექა და ქლიბი ამოიღო.

- აბა, მომინათეთ.

სანთლები აანთეს.

ვახტანგმა კარგა ხანს ქლიბა ოღროჩოღროდ ნაჭედი გასაღებები და შემდეგ მოუთმენლად მაცქერალ ბიჭებს მიუბრუნდა:

- მზად არის უკვე.

ბიჭმა ხელმეორედ გაუყარა კლიტეს თავისი ნაოსტატარი, აწვალა, აბრუნა წაღმა-უკუღმა, მაგრამ საქმეში ხარ?! - გაჯიუტდა კლიტე და გასაღებიც გაიჭედა შიგ.

თითქმის ყველამ სათითაოდ სცადა გაღება, მაგრამ გაკერპდა კლიტე. მაშინ ნუგზარმა, როგორიც იყო, გამოაძრო ნაუცბადევად ნახელავი და „მჭედელს“ მიაწოდა.

- აჰა, ვახტანგ, წაიღე და მეორე ბოლოც გაუჩვრიტე, შეიძლება ლაგმად ივარგოს.

ის იყო ვახტანგს უგემური რაღაც მოუგორდა ენის წვერზე, რომ ბლის მხრიდან მოისმა აწრიალებული და შეშინებული ჭოტის კივილი.

ბიჭები შეკრთნენ, დაიბნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ. კიდევ დაიკივლა ჭოტმა. ახლა ორი ერთად კიოდა.

ბიჭები უცებ დაიძრნენ და გარეთ გამოცვივდნენ. მხოლოდ გალავანთან მოაგონდათ, რომ გზაში ჩაქრობას გადარჩენილი ზოგიერთი სანთელიც უნდა ჩაექროთ. გალავანზე მარტო სოსო იდგა, ავთანდილი გაწოლილიყო და ტყისკენ იცქირებოდა. გოგია მივარდა და კიბე დაიჭირა.

- ავიდეთ, ბიჭებო!

ბიჭები მისცვივდნენ და ალახმალახ გადავიდნენ გალავანზე.

სანდრომ კიბე ძირს ჩააგდო, ავთანდილს კავიანი შამფური გამოართვა, ბლის ტოტი მოიწოდა და მერე ფრთხილად გაჰყვა ზედ ჩამოკიდებული. მალე ბიჭებს შეუერთდა და სოსო მოძებნა.

- რა იყო, სოსო?

- რა იყო კი არა, ტყის პირიდან... შენც ხომ გაიგონე, ავთო?.. დაიცათ!.. აი!.. ყური უგდეთ, ბიჭებო!.. აი, ხომ გესმით!..

ყურებდაცქვეტილ ბიჭებს უცებ ბრაგაბრუგი და საცოდავი ბღავილი მოესმათ. მალე ხმაური და ბღავილი შეწყდა და ტირილისმაგვარი ყმუილი გაისმა.

- რა უნდა იყოს, ბიჭებო? - აწრიალდა სნაიპერი.

- ძროხის ხმასა ჰგავდა, ვახტანგ.

- ძროხის ბღავილი კი არა, მგლის ყმუილი იყო.

სანდრომ სიბნელეს თვალი მოსწყვიტა. ბიჭების ჩაღამებულ სახეებს დააშტერდა და დამბაჩა იძრო ქამრიდან.

- ერთის ხმაც იყო, ბიჭებო, და მეორისაც. გახსოვთ, ძროხა რომ შემოგვხვდა რძის საყდართან და ჩვენს დანახვაზე ტყის პირისაკენ გაფრთხა? ალბათ, მგლები დაეცნენ და რაკი ბღავილი აღარ ისმის, უკვე წააქციეს და ჭამენ. უნდა ვუშველოთ, ბიჭებო! ვინ იცის, ჯერ კიდევ ცოცხალია. მგელს სინათლისა ეშინია. თუ დაგვჭირდა, სანთლებს ავანთებთ. თანაც ფარანი მაქვს და თოფებიც დატენილია. მარჯვედ, ბიჭებო!

თორმეტი ვართ და ერთ-ორ მგელს კუდით ქვას ვასროლინებთ. მივალთ თუ არა, დავკივლოთ, დავახალოთ თოფები და მერე კი კომბლებით და ხანჯლებით დავერიოთ. მგელი რა არის? გარეული ძაღლია, სხვა არაფერი. მომყეთ, ბიჭებო!

ბიჭები ადგილიდან არ დაძრულან, ნელა იტკეპნებოდნენ, დუმდნენ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ.

უცებ სანდრომ გოგიას ხელი წაავლო და გაიტაცა.

- წავიდეთ, გოგი! დარჩნენ ეს ლაყეები.

წასულებს სნაიპერი და ბერძენაშვილი მიჰყვნენ, ხოლო მათ მალე დანარჩენებიც შეუერთდნენ და სირბილში თითქოს გულიც გაახალისეს.

ბიჭები გასცდნენ ჯაგნარს და, რაკი იქაურობას ხუთი თითივით იცნობდნენ, ტყის პირას გაუყვნენ. მაგრამ უმალვე გეზი იცვალეს, რადგან ყმუილი ახლა რძის საყდრის ფერდობიდან მოისმა.

მთვარეს ერთგან ყომრალი ღრუბლების კალთა გამოერღვია და ტყის პირი და მინდორი გაენათებინა.

ბიჭები მოტრიალდნენ. ფერდობზე მდგარ ერთადერთ უზარმაზარ მუხას, რომლისთვისაც მეხს მთელი ტანი შუაზე გაეჩეხა და გამოეწვა, კუდით მიჰყუდებოდა ძროხა და წინ წაწვდილი წამახული რქებით იგერიებდა გააფთრებულ მგელს. დროდადრო ხან ძროხა შეზმუვლებდა, როდესაც მგელი სადმე კბილს გაჰკრავდა, და ხან მგელი, როდესაც ძროხა რქებს ამოჰკრავდა და განზე ისროდა.

- დაწექით, ბიჭებო, დაწექით! ხედავთ, რას შვრება ძროხა?

ბიჭები მიწას გაერთხნენ.

- მოდი, დავაცადოთ, სანდრო, და თუ ძროხა წაიქცა, მაშინ მივეშველოთ. კაი

საყურებელია, ჩემმა მზემ. ჰაი, დედასა!

- უკაცრაული პასუხია, ორივე დაღლილი ჩანს. მგელი მაინც ძლივსღა დგას ფეხზე, ეტყობა, რქებით დაულეწეს გვერდები. ყოჩაღ, ძროხავ!
- კაი საყურებელია, ჩემმა მზემ. აი, სატრაბახო და დასაკვეხნი, კინოშიაც ვერ ვნახავდით ამგვარ რამეს.

- ბიჭებო! ცოდოა ძროხა. მგელი ძლივსღა დგას ფეხზე, მაგრამ მაინც მგელია და არ ეშვება. არ გააფუჭოს ძროხა, უნდა მივეშველოთ.

ბიჭებს გულიდან ყოველგვარი შიში გადაეყარათ და ახლა სილაღეც კი მოედოთ.

- გავაფრთხოთ?

- რის გავაფრთხოთ, თუჯიშვილო! მაგ მგელს ახლა კუდით დავიჭერ.

სანდროს ისევ დაუბრუნდა ადრინდელი რიხი.

- ფრთხილად, სნაიპერო! მაინც მგელია. დაჭერა კი არა, და, თუ ცოცხალი გადაგვირჩა, სირცხვილისაგან ვერსად გამოვყოფთ თავს... ძროხა ძლივსღა დგას ფეხზე, ბიჭებო, აბა, დრო არის! ოთხივე მხრიდან შევკრავთ გზებს. ყველა თავ-თავის რაზმთან! გოგია და ვანო აქეთ-იქიდან! სნაიპერი ისევ შემოუვლის, აბა, ჩუმად და სწრაფად!

„რაზმები“ გაიფანტნენ.

ჭკვიანი პირუტყვი უკვე გრძნობდა თავისი სიცოცხლის დასასრულს, მაგრამ არ უნდოდა, ადვილად ჩავარდნოდა მგელს ხელში, და უკანასკნელ ძალასაც ხარჯავდა. ნადირიც გრძნობდა ამას, თავისი მგლური სიფრთხილე დავიწყებოდა და ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა გემრიელი ლუკმა.

უცებ მგელმა იერიში შეწყვიტა და ანთებული თვალები ირგვლივ მოატარა. მას ნადირის ალღომ არ უმტყუნა, პირი ტყისკენ ქნა, მაგრამ ღელემდეც არ იყო მისული, რომ ჩასაფრებულმა სანდრომ, დამბაჩა დაახალა და უკანვე გააბრუნა. გამხნევებული ბიჭები ძლივს მოძუნძულე მგელს დაედევნენ.

- მგონი, მოხვდა, ბიჭებო! აბა, არ გაუშვათ, მიჰყეთ, არ გაუშვათ!

შიშნაჭამმა მგელმა რაკი ტყეში ვერ შერგო თავი, ჯაგებისკენ მოუსვა, მაგრამ იქიდან გოგია გამოტყვრა თავისი ბიჭებით, დაცალა თოფი და საქციელწამხდარ ნადირს დაედევნა.

- აბა, ბიჭებო! დაჰკათ, არ გაუშვათ! დაჰკათ!..

- ვუუ!..

- ეეე!..

- დასცხეე!..

- დაჰკაა!

- მიდიიი!..

გაოგნებული მგელი შებრუნდა და გეზი კიკაბაურებისკენ აიღო. მაგრამ აქაც წააწყდა ჩასაფრებულებს. თოფის ხმაზე და ყიჟინზე გატრიალდა და საყდრისკენ მოუსვა.

- დავიღუპეთ, ბიჭებო, - ყვიროდა მეთაური. - სნაიპერი ჯერ ასულიც არ იქნება, მიდით, დაეწიეთ, მიდით, დაეწიეთ!

მგელი ძლივს არბოდა აღმართზე. უკვე აღარ ეჭვობდა, რომ გადარჩა. ცოტაც და გაივაკებდა, დაეშვებოდა თავქვე და ჩიჩქანის ხევში მაყვლის ბარდებში შემძვრალს ვეღარ იპოვიდნენ. ის იყო მიაღწია ნანგრევს, რომ იქიდან აქოშინებული მრელაშვილი გამოხტა და ვეება კომბალი ისე ღონივრად სთხლიშა, ნადირის თავის ქალამ ჭახანი მოიღო.

მგელი გაგორდა, მაგრამ მალევე წამოდგა და ისევ თავქვე დაეშვა. აქ უკან ჩამორჩენილი თუჯიშვილი დახვდა და ბარკალში ატაკა თავისი შამფური. მგელმა შეჰღმუვლა, მისწვდა ავთანდილის შარვლის ტოტს, ბიჭს მიწაზე ზღართანი მოადენინა, თვითონ წელი აითრია და ისევ კიკაბაურებისკენ გაუტია.

აქ ბერძენაშვილი ამოძვრა მიწიდან.

- უკაცრაული პასუხია, სად მიხვალ?
მგელმა ერთი ამოიგმინა კომბლის დარტყმაზე და ერთხელ კიდევ გაგორდა მიწაზე. მერე გაფოფხდა, აიცდინა მეორედ მოქნეული, მაგრამ სანდრომ მოუსწრო და მენჯის ძვალზე ხანჯალს ჭახანი მოადენინა.

უცებ ზაზანაშვილი დაახტა ზედ და ყელში სტაცა ხელი. მას თვალიაშვილი მიეშველა. შემდეგ ენუქიშვილები მოცვივდნენ, შემდეგ ხარატიშვილი და ბოლოს ხახაბოს უზარმაზარი ლანდი დააწვათ თავზე. გაიმართა ზედახორა.

მალე მოცვივდნენ სხვებიც ყიჟინითა და ქოთქოთით. ყველას უნდოდა მგლის დახრჩობაში დაედო წილი, მაგრამ ბიჭების გროვის მეტი არა ჩანდა რა და მხიარული ჭყლოპინის მეტი არა ისმოდა რა. ბოლოს სნაიპერმა საცოდავი მსხვერპლის უკანა ფეხს მიაგნო და გოგიას ანიშნა. დაუწყეს ორივემ ქაჩვა თათს, მაგრამ სანდროს ყვირილზე თავი მიანებეს.

ნელ-ნელა აიკრიფნენ ბიჭები მიწიდან. ბუზღუნით წამოდგა სულ ბოლოს ლეო.

- ვირები ხართ, თქვენი რჯულიც არ იყოს! კინაღამ მეც მგელს არ მიმაყოლეთ. ძლივს არ წავახრჩვე?!

ყველა იჩემებდა პირველობას ნანადირევში, მაგრამ სნაიპერის ხმამ შეწყვიტა მათი ყაყანი.

- დაგვწყევლოს ეშმაკმა, როგორი მარჯვე ბიჭები ვყოფილვართ. აბა, აუწით კუდი და საყდრის ნანგრევებში ავიტანოთ. აქ თუ დავუწყეთ ტყავება, შუქი გამოჩნდება.

ვანო იღრიჭებოდა.

- უკაცრაული პასუხია, აბა, პატივი ეცით! - ქუდები მოიხადეთ და იგრე მიჰყეთ უკან. დანარჩენებმა კი ძროხა ვნახოთ, ხომ არ მოკვდა.

ძროხა იმავე საბრძოლო მდგომარეობაში დახვდათ ბიჭებს, - გაოგნებული და აკანკალებული. დაინახა თუ არა მისკენ მომავალნი, ეცადა გამაგრებულიყო ფეხებზე და რქები მოიმარჯვა, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივიდნენ და ადამიანები იცნო, ალერსიან ძახილზე თავი მაღლა აიღო, შვებით ამოისუნთქა და იქვე ჩაიკეცა.

- არიქა, დავკლათ, სანდრო! უსულადო არ მოკვდეს.

- დაანებე თავი, სოსო, ეტყობა, დაღლილია, არ მოკვდება.

ბიჭები ჩაცუცქდნენ. ზოგი მუხლის თავებზე დადგა და ალერსით დაუწყეს ჩურჩული და ხელის სმა.

- ერიჰაა! - წამოიყვირა რწყილამ, - ეს მელანა ბაბოს წაბლა არ არის?

- მართლა? აბა, მეცა ვნახო!

მოცვივდნენ დანარჩენნიც.

საბრალო პირუტყვმა ასწია ჩაქინდრული თავი, დიდრონი თვალები მოავლო თავის მხსნელებს და მადლობის ნიშნად ხელების ლოკვა დაუწყო ახლოს ჩაცუცქულ ხარატიშვილს.

 

თავი 8

ანგელოზები თუ ეშმაკები?

 

 

მელანამ თავის ძროხას უცადა, უცადა, მაგრამ სოფლის მთელმა ნახირმა ისე ჩაიარა მის კარზე, რომ არც ერთ ფურს ეზოსკენ პირი არ უქნია. ადგა და მენახირესთან წავიდა.

მენახირემ გაიკვირვა:

- როგორ თუ არ მოსულა? მეორე წელია, რაც მენახირედ ვარ, და ჯერ ძროხა არ დამკარგვია.

- მაშ, ახლა რაღა ეშმაკი და ჩემი გამჩენი გაგიწყრა, შე თხის თავო?

- არ ვიცი, ბებო, ალბათ, სადმე ვენახში შეუხვია, ანდა ვისიმე ბაღჩაში გადავიდა.
- რაღა ჩემმა ძროხამ შეუხვია ვენახში, შე მიწაგასახეთქო? ადე, აეხირე ახლავე და მოძებნე სადმე, თორემ ჩემს ჭუკას გეფიცები, წაგავლებ ხელსა, გაგხდი შარვალსა და სულ ჭინჭრით გაგიხურებ ყველაფერსა.

მენახირემ იცოდა, რომ მელანა ტყუილუბრალოდ არ დაიფიცებდა თავის გარდაცვლილ ქმარს, ამიტომ პურის ჭამას თავი მიანება და უწადინოდ წამოიზლაზნა.

- აბა, რა ვიცი, ბებო, სად იქნება ახლა ის სამგლე?

- ადე, ნუ ითრევ წელსა, თორემ მოგეცეს ლხენა, მე შენ ნათქვამი აგისრულო.

ბიჭმა გრძელი შოლტი აიღო და ორღობეში ვაჟკაცურად მიმავალ ბებერს უკან გაჰყვა.

დიდხანს ეძებდნენ დაკარგულ ძროხას, ერთად თუ ცალ-ცალკე. დიდხანს ეძახდნენ სასიყვარულო სახელებს, გაბრაზებული პატრონი დაკვლასაც კი შეჰპირდა, თუ არ გამოჩნდებოდა, მაგრამ წაბლა ან მართლა არ იყო სოფელში ჩამოსული, ანდა ბებრის მუქარას არაფრად აგდებდა.

ბოლოს მელანას დაღლილი ბიჭი დაენანა და შინ გაგზავნა. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ თვითონაც აიღო ხელი ძებნაზე და დასაძინებლად წავიდა.

დაწვა, მაგრამ კარგა ხანს ვერ დაიძინა. დაიძინა და სულ თავისი წაბლა ესიზმრებოდა. ხან ვითომ მგლები გლეჯდნენ და ის ვერ ეშველებოდა, ხან თვითონ წაბლა გლეჯდა მგლებს წვეტიანი რქებით, ხოლო ერთხელ კლდეზედაც გადაიჩეხა.

მელანამ სასოწარკვეთით შეჰკივლა, მაგრამ კლდის ძირში მაინც ვერაფრით ჩავიდა.

გათენებისას კი ვითომ ძროხამ, როგორც იყო, მოაგნო თავის ბინას, ეზოში შემოვიდა და დაიბღავლა.

ბებერმა გაიხარა და საწველელი ჩაარბენინა, მაგრამ, აი, უბედურება, რამდენჯერაც ცურზე ხელი შეავლო, წაბლამ იმდენი დაიბღავლა.

მელანამ კარგად დაათვალიერა და ნახა, რომ ცური რძით ჰქონდა სავსე. მიხვდა მელანა, რომ ძროხას ხელის შევლებისას ცური სტკიოდა, მაგრამ თანაც რძე აწუხებდა და იმიტომაც ბღაოდა.

შეწუხდა ბებერი, რა უნდა ქნას? - ვერც მოუწველია და ვერც თავი დაუნებებია, ძროხა კი ბღავის...

ბოლოს, როგორც იყო, გაიღვიძა და თვალი გაახილა. ფანჯარაში რუხი განთიადი იცქირებოდა. დასწყევლოს ღმერთმა, მელანას ასე არასოდეს დასთენებია. ბებერი ასადგომად აიწია და იქვე გაშეშდა: ეზოდან ძროხის შებღავლება მოისმა.

- ღმერთო ჩემო, ეს ხომ წაბლაა!

მელანა თითქმის წამოფრინდა საწოლიდან, გადაიცვა კაბა და გარეთ გავარდა.

ქლიავის ძირში ღობის მარგილზე გრძელი თოკით გამობმული წაბლა იწვა, საბრალოდ ზმუოდა და დროდადრო თავმობრუნებული უკანა ფეხს ილოკავდა. გახარებულმა პატრონმა თვალები და ყბები დაუკოცნა და შემდეგ ტანზე დაუწყო სინჯვა.

თავი და ფერდები დაფხაჭნილი და მთლად სისხლში მოსვრილი ჰქონდა, ხოლო უკანა მარჯვენა ფეხზე ნადირის ნაკბილარები ემჩნეოდა.

ვიშვიშებდა ბებერი და მუხლებზე იცემდა ორივე ხელს. მერე, როცა გული მოიჯერა ძროხის სინჯვით, სთხოვა, რომ ფეხზე ამდგარიყო. ძროხამ ვერ გაიგო.

- ადე, წაბლავ, ადე.

მაგრამ ძროხას ყურიც არ გაუბღერტია.

მაშინ მელანა გაბრაზდა და შეუძახა:

- ადე, შე მგლის საჭმელო! რას მენაზები? ახლა, ვითომ ეგრე ხარ დაგლეჯილი, რომ ფეხზე ვერ ადგე?

ძროხამ დაიზმუვლა.

მელანა კიდევ მოეფერა და წაიდუდუნა.

- მშიერი იქნება, ეს საცოდავი.

ბაღჩაში ნამგლით გავარდა, მესერის ძირში აყრილი ბალახი გათიბა და მოუტანა. ძროხამ ზოზინით დაუწყო ჭამა, მერე თავი დაანება და დაიზმუვლა.

- წყალი ენდომება ამ ჩემი ცოდვით სავსეს. და კასრით კამკამა წყალი დაუდგა.

ძროხამ მოსვა წყალი და ისევ დაიზმუვლა.

- ალბათ, მარილი უნდა და მე კი სულ გადავყრუვდი ბედდამწვარი. ახლავე მარილს მოვიტან, წაბლავ.

მოიტანა მარილი, მაგრამ საბრალო პირუტყვმა მხოლოდ ორიოდჯერ აუსვა ენა და კიდევ დაიზმუვლა. მელანამ კუდი აუწია და სცადა აეყენებინა. ძროხა თვითონაც ეცადა ადგომას, მაგრამ ვერ შესძლო და ისევ ჩაიკეცა.

ახლა კი შეშფოთდა ბებერი და შინ შევარდა. სასწრაფოდ წამოიცვა შიშველ ფეხებზე ჩუსტები და კოლმეურნეობის კანტორისკენ დაეშვა ვეტექიმის სანახავად.

კანტორის ეზო სავსე იყო კოლმეურნეებით, ზოგი მანქანას ელოდებოდა, რომ სიმინდის სამტვრევად წასულიყო, ზოგი რთველში მიდიოდა, ზოგი კანტორაში ადიოდ-ჩამოდიოდა, ხოლო ვეტექიმი არსად ჩანდა.

მელანა იმ ჯგუფს მიუახლოვდა, საიდანაც ჩოჩქოლ-სიცილი ისმოდა, და გაოცებულმა თვალები ჭყიტა. ჯგუფის შუაგულში გროზნა იდგა და თავის ერთადერთ შვილიშვილს ფიცულობდა, წუხელ აკადემიის ეზოში ეშმაკები ვნახეო.

- იქნება ანგელოზები იყვნენ, დიმიტრი პაპავ? - ეკითხებოდა ერთი და თან ქირქილებდა.

- ვინ იცის, ანგელოზებიც იყვნენ, შვილო.

გარშემო ხარხარმა იფეთქა.

- გამოტყდი, ძია დიმიტრი, წუხელ რამდენი დალიე, სანამ მაგ სიზმარს ნახავდი.

მოხუცმა იწყინა და ქუდი მიწაზე დაახეთქა.

- ეგრე დაემხოს ჩემი სახლ-კარი, თუ სიზმარი ყოფილიყოს, ეგრევე ცხადლივ ვხედავდი, როგორც შენა გხედავ.

ხალხში მორიდებულმა სიცილმა ჩაირბინა. მიხვდნენ, რომ ეწყინა გროზნას, რაკი ნათქვამს არ უჯერებდნენ.

მოხუცი ნასვამი ჩანდა ამ დილითაც.

- კუდები ჰქონდათ? - დაინტერესდა ზაზანაშვილის მამა.

- რა ვიცი, ბნელოდა და სანთლის შუქზე რა უნდა დამენახა? - ახლა კი გული მოიბრუნა მსმენელებზე გროზნამ.

- სანთელი რაღად გინდოდა, დიმიტრი პაპავ? ხომ დაგინახავდნენ ხელში სანთელს?

- კითხულობდა ახალგაზრდა მერგოლური.

- კაცო, სანთელი მე კი არ მეჭირა, სანთლები იმათ ეჭირათ.
- ოჰო! სანთლები იმათ ეჭირათ?

- მაშა, იმათ ეჭირათ.

- აბა, ანგელოზები იქნებოდნენ, - დაასკვნა მეღორეობის ფერმის მწყემსმა და თვალი ჩაუკრა მერგოლურს.

- ნამდვილად ანგელოზები იყვნენ, - გაიხარა მოხუცმა, - ერთ აყლაყუდას კელაპტარი ეჭირა ხელში.

- მთავარანგელოზი ის იქნებოდა.

- შეიძლება თვითონ მიქელ-გაბრიელიც იყო.

ჯგუფი კვლავ ახარხარდა.

მელანამ უფრო ახლოს მიიწია.

- რაო, ხომ არაფერი გითხრა მიქელ-გაბრიელმა, დიმიტრი პაპავ?

გროზნა შეშფოთდა:

- ჩემთვის რა უნდა ეთქვა?

- რა ვიცი, აბა. როდის გიპირებ წაყვანასო?

ახალგაზრდები ხარხარებდნენ.

ხნიერები შეუწყრნენ მერგოლურს.

- მე მგონია, დროზე მოუკითხებია, გროზნავ, შენთვის. - ჩამქრალი ჩიბუხი ხელისგულზე წამობერტყა ვარდუაანთ გივის პაპამ.

- შენა, ბებერო, შენც მაგას ამბობ? თუ წასვლაზე მიდგა საქმე, ჯერ შენ უნდა წახვიდე.

- დაიცა, დიმიტრი პაპავ, ბევრნი იყვნენ?

- არ დამითვლია, შვილო, მაგრამ ათი-თორმეტი მაინც იქნებოდა.

- საიდან შემოვიდნენ გალავანში?

- გალავანში კი არ შემოვიდნენ, ბიჭო, ფერისცვალების საყდრიდან გადმოცვივდნენ გიჟებივით და გალავანს იქით გაქრნენ.

- ოჰო! - გააგრძელა ზაზანაშვილის მამამ, - თუ გიჟებივით გამოცვივდნენ, მაშ, ეშმაკები იქნებოდნენ.

- მართალია, - იღრიჭებოდა კოლმეურნეობის თავმჯდომარის შოფერი, - ანგელოზები უფრო ჭკვიანი და დარბაისელი ხალხია.

გროზნა იღუშებოდა.

- მაშ, არა გჯერათ, ხალხნო?!

- გამოტყდი, დიმიტრი პაპავ, რამდენი გქონდა დალეული.

- ჩემს ლენას გეფიცებით, ხელადაზე მეტი არ დამილევია.

ხალხში ხითხითმა ჩაირბინა.

- ერთი ხელადა, ჩემო გროზნავ, კამეჩებსაც კი მზეთუნახავად მოგაჩვენებს. შენ სიზმარი გინახავს და ეგ არის, - ირწმუნებოდა ვარდუაშვილის პაპა.

- არა, ღმერთმანი, სიზმარი არ იყო, - ფიცულობდა გროზნა, - სწორედ ამ დროს კიკაბაურების მხრიდან ძროხის ბღავილი და მგლის ღმუილიც შემომესმა და იმ ანგელოზებისა თუ ეშმაკების ყვირილიც გავიგონე: „არიქა, მივეშველეო!“

ახლა უკვე მორიდებულებიც ვეღარ იჭერდნენ სიცილს, საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ რაკი ძროხის მისაშველებლად გამოცვივდნენ საყდრიდან, ანგელოზები უნდა ყოფილიყვნენ.

მელანამ ყური ცქვიტა, ჯგუფი გაარღვია და პირდაპირ გროზნას დაუდგა წინ.

- რაო, გროზნავ, ძროხა ბღაოდა და მგელი ღმუოდაო? იქ მყოფებმა მიიწ-მოიწიეს და ახმაურდნენ.

- აი, მელანა ძალო, ფერიცვალების საყდარში ანგელოზები ბუდებულან თურმე.

- იქნება წმინდა შიოს კლდის გამოქვაბულებიდან მოვიდნენ ეშმაკები? - არა, პირდაპირ კლდიდან არა, გვირაბში გამოვიდნენ.

- მერე, საყდარში როგორ ამოვიდნენ, დიმიტრიმ სახურავი გაუკეთა და ზედ კლიტე დაადო.

- ეშმაკი რის ეშმაკია, ყველგან შეძვრება და გაძვრება.

- დაიცათ, კაცო, ბოლოს ხომ ნახეთ, რომ ანგელოზები გამოდგნენ? ჰო, რაო, დიმიტრი პაპავ, მერე იმ ძროხას უშველეს?

- ეე, რეები ხართ ეს ახალგაზრდები! რომ აღარ მაცლით? აი, მელან, ჩემი თვალით დავინახე, აეგრევე, როგორც ახლა შენა გხედავ.

- რაო, ღვინის წურბელავ, რა დაინახე? - ახლა მელანაც დაინტერესდა.

- ისა, რომა გალავნიდან კიკაბაურებისაკენ გაცვივდნენ ერთი ყვირილითა და ძახილით. მერე თოფების სროლაც მოისმა. ეგეთი ბათქაბუთქი აუყენეს, რომა, ყურო, ნუ გაიგონებ.

ახლა კი იქაურობა აზანზარდა ხარხარისაგან. ზოგმა ფერდებზე იტაცა ხელები, ზოგმა გულზე, ზოგი ორად მოკაკულიყო და მუცელი ხელით ეჭირა.

- ხა-ხა-ხა-ხა! ხალხო, გაიგეთ? - იჭაჭებოდა მერგოლური, - ანგელოზებს თოფები ჰქონიათ.

- ვე-ჰე-ჰე-ჰე! - ბანს აძლევდა მეღორეობის ფერმის მწყემსი, - წინათ ხმლები და შუბები ეჭირათ.

- რას იზამ, - ხითხითებდა ზაზანაშვილის მამა, - ტექნიკა წინ მიდის და ანგელოზები რად ჩამორჩებოდნენ?

- არ შეგიმჩნევია, დიმიტრი პაპავ, რომელიმეს წელზე ატომური ბომბი ეკიდა თუ არა?

- არიქათ წყალი, თორემ მოვკვდი! - კანტორის ეზოს მესერს ჩასჭიდებოდა სიცილისაგან მისუსტებული ლაცაბიძიანთ ფარნაოზი.

გაცეცებული იდგა ნასვამი გროზნა.

შემცბარი მელანა ხან მოამბეებს უცქეროდა და ხან მსმენელებს. ბოლოს ისევ გროზნას ჰკითხა:

- ძროხის ბღავილიც გაიგონე და მგლის ღმუილიც?

- გავიგონე, მაშა.

- ხალხო, წუხელ ძროხა დამეკარგა და ვერ ვიპოვე. დილას კი, გარეთ რომ

გამოვედი, თოკით ეზოს ღობის მარგილზე გამობმული დამხვდა. სულ დაკაწრული და დაკბენილია.

იქ მყოფებმა უცებ მოსხიპეს სიცილი.

- რაო, რაო, მელანა ძალო?

- ძროხა დაგლეჯილი მოგივიდა, ბებო?

- უკანა ფეხი აქვს დაკბენილი და ახლა ვეტექიმის წასაყვანად მოვედი. ძალიან უგუნებოდ არი.

გროზნა სიხარულით გაიბადრა.

- ანდე, ხომ გეუბნებოდით? - ნიშნის მოგებით გადახედა იქ მყოფთ. - ძროხა იყო-მეთქი, გითხარით და არ დაიჯერეთ, ამისი იქნებოდა.

- ალბათ, ჩემი ძროხა იყო, - დაეთანხმა მელანა, - ნახირს ჩამორჩენია და მგელს დაუგლეჯია. აქ არ არის ვეტექიმი?

- ალაზნის პირას წავიდა ფერმაში. ბებო, საღამომდის არ ამოვა. - თქვა თავმჯდომარის შოფერმა, „პობედის“ კარი გააღო, საჭესთან დაჯდა და ბებერიც თავისთან მიიწვია. - ჩაჯექ, ბებო, ახლა ჩვენც იქ მივდივართ და შენც წაგიყვანთ.
მაგრამ მელანას ისევ თავისი „ავადმყოფი“ ძროხა გაახსენდა, საჩქაროდ გაიარა კანტორის ეზო და სახლისკენ წაცუხცუხდა. ეზოში კი ნასვამი, გახარებული გროზნა და გაოცებული კოლმეურნენი დატოვა.

საღამოთი პირდაპირ შინ მიუხტა ბებერი ხარატიანთ სიმონს და შეუტია:

- სად ეშმაკებში ეხირე აქამდის, ბიჭო, რა გინდოდა ალაზანზე?

- ოო, ძალუაჩემს გაუმარჯოს! მობრძანდი, მელანა ძალო, რა გაგჭირვებია, რაზე გარჯილხარ?

- დამჭირდი და მოვედი. - კიბის საფეხურზე ჩამოჯდა მელანა. - სად იყავი აქამდის?

- ფერმას დავხედე, ძალო, და ცოტაც წავითევზავე.

ბებერმა მოიხედა და აივანზე პატარა ლასტზე დახვავებული თევზი რომ დაინახა, გაოცდა:

- სად იყო ამდენი თევზი, ბიჭო?

- ალაზანში, ძალო.

- მერე, როგორ დაიჭირე ამდენი?

- კოღოთოს ბოლოზე ბალახზე გამოსულიყვნენ საძოვრად. გზა შევუკარით ბიჭებმა და წყლისაკენ აღარ გავუშვით.

საქმიანად წამოდგა მელანა და ვეტექიმს შეუწყრა:

- როდემდის უნდა იყო, ბიჭო, კვიმატი? ახლავე დაანებე მაგ თევზების გამონაწლავებას თავი და წამომყე, ჩემი ძროხა დაუგლეჯნია ნადირსა და მარჯვენა ფეხს ვეღარ ადგამს.

ვეტექიმს კინაღამ დანა და თევზი ერთად გაუვარდა ხელიდან. მცირეხანს გაოცებით უცქირა ბებერს, მერე გაიღიმა და უთხრა:

- ნუ გეშინია, მელანა ძალო, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. - მობრუნდა და ოთახში გასძახა: - მოიტა, ბიჭო, სკამი გამოუტანე ბებიაშენს! დაჯექი, ძალო, თევზი ვჭამოთ და მერე ისეთ წამალს დავადებ შენს ძროხას, ორ-სამ დღეში ხბოსავით აკუნტრუშდეს. როდის დაუგლეჯნია მგელს?

- წუხელ, უკანა ფეხზე აქვს ნაკბენი და თავ-ტანი - სულ დაკაწრულ-დაღადრული.

მასპინძელი კიდევ შეცბუნდა და დაეჭვებით დაუწყო მზერა სტუმარს.

- თუ სხვის ვენახში ან ბაღჩაში გადაიპარა და ძაღლი დაუქსიეს, მოუხდება. გაგიხარია,

წეღან ქამრით ავუჭრელე კანჭები ჩემს ბიჭს. წუხელ იმასაც სადღაც უტანტალია. დილით კი თავის დედას გაუღვიძნია და რას ხედავს: დაკაწრულ-დაღადრულ ბიჭს მკვდარივით სძინავს, საწოლთან კი, იატაკზე, დახეული ხალათი და ნახევრად ლანჩაავარდნილი ცალი ფეხსაცმელი გდია.

გულგახეთქილი ქალი აღვიძებს და ეკითხება:

- ეს რა გიქნია, ბიჭო, როდის დაიკაწრე ეგრე?

ის კიდევ პასუხობს:

- წუხელ, დედი.

- სადა, შვილო, სადა?

- სადა და... სიზმარში.

- მერედა, რამ დაგკაწრა ეგრე, შვილო?

- რამ დამკაწრა და... მელანა ბებოს ძროხა მგელს უნდა შეეჭამა და მე დავახრჩე ხელითო...

უეცრად მელანა ფეხზე წამოვარდა.

- რა ვქნა, პირი ხომ არ შეჰკარით მთელმა სოფელმა დღესა?

- რა იყო, ძალო? - გაიღიმა ექიმმა. - რა იყო და, დღეს დილას კანტორაში მებაღიანთ გროზნა ხალხს აჯერებდა: წუხელ

ფერიცვალების საყდრიდან ანგელოზები თუ ეშმაკები გამოცვივდნენ ანთებული სანთლებით და კიკაბაურებისკენ გაიქცნენ ძროხის მისაშველებლად, რომელსაც მგელი სჭამდაო.

ექიმი გაშტერდა:

- ალბათ, ჩემმა ბიჭმა რაღაცა იცის მაგ ამბავზე, ლადო! ბიჭოო, ლადო!

სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

ექიმმა დანა დააგდო, შინ შევიდა და მალე ისევ გამოჩნდა. გაოცების ნიშნად ხელები განზე გაშალა, წარბები ზევით აზიდა.

- ვერა გამიგია, რა, ძალო, ქაჯია, ეშმაკია თუ რა ჯანდაბაა. დასასჯელად მეორე ოთახში ჩავკეტე, მაგრამ ფანჯარა გაუღია, ძირს გადამხტარა და წასულა. სად წავიდოდა ახლა ის გარეწარი?

- ჯანდაბას იმისი თავი და შენიცა, - გაწყრა ბებერი, - ძროხა მიკვდება და შენ აქ ზღაპრებს მიყვები?

ექიმი დაფაცურდა. ლასტი მაღლა ბოძის თავზე შედგა, რომ კატა არ მისწვდენოდა, ხელები გადაიბანა და ოთახის კარი გამოხურა.

- აბა, წავიდეთ, ძალო!

- წამლები მოგაქვს, ბიჭო?

- ნუ გეშინია, მომაქვს.

სტუმარ-მასპინძელმა ხარატიანთ უბანი გაიარეს და მრელაანთ უბნისკენ გაუყვნენ ორღობეს.

- მაშ, მელანას ძროხა მე გადავარჩინეო? - დაიწყო ბებერმა.

- ეშმაკმა იცის იმისი თავ-ტანი, რას არ მოიგონებს. - გაბრაზდა ვეტექიმი. - იმ დღეს ცხენი წაუყვანია მინდორში ბალახზე და საღამომდის არ მოვიდა. მოვედი შინ და ველოდები. არ მოდის. ავდექი და ხევისკენ გავედი. ცოტა ხანი ვუცადე და ბოლოს ფლოქვების ცემაც მომესმა რიყეზე. გავიხედე, მობლაკუნობს ცხენი და ზედ თავჩაქინდრული ბიჭი ზის. ისე გამიარა გვერდზე, ხმა არ გამცა.

გავყევი მხარდამხარ და ვეკითხები: სად იყავ, ბიჭო, აქამდე?! - აბა! საქმეში ხარ? - ხმას არ მცემს. ბოლოს, რომ არ მოვეშვი, აიღო თავი და შემომიტია: დამანებე თავი, ხომ ხედავ, მძინავსო.

რამ დაგაძინა ცხენზე ამ საღამოს, მთელი ღამე ჭოტივითა ხარ-მეთქი. ის კი ის ქაჯი, მეუბნება: გიორგი სააკაძემ და მეფე ერეკლემ ეგრე იცოდნენ, - ცხენზე ეძინათ ხოლმეო... გაგიხარიან, მე ის ჩამოვსვი და წკეპლა გავახურე...

მალე მელანას ეზოც გამოჩნდა და ღობის მარგილზე გამობმული ძროხაც.

ექიმმა გარშემო შემოუარა „პაციენტს“, ნაკბენ-დაკაწრული ადგილები გაუსინჯა და პატრონს მიუბრუნდა:

- არაფერია, ძალო, ერთ კვირაში ფეხზე დადგება.

- ჰო, უკეთესობა ეტყობა, შვილო: მთელი ბღუჯა ბალახი შეჭამა და წყალიც კარგად სვა.

ეს თოკი რაღას წაგიბია ყელზე, გაქცევის ხომ არ გეშინოდა? მოხსენი, ცოდოა საწყალი.

ბებერმა მუხლებზე დაირტყა ხელი.

- მე თავმკვდარს სულ დამავიწყდა დღეს თოკის მოხსნა.

ექიმმა თან წამოღებული ჩანთა გახსნა და იქიდან წამლები, ბამბა და ბინტი ამოალაგა. ამოალაგა და ის იყო დაკბენილი ფეხის ხსნარით მობანვა დაიწყო, რომ ბამბა ნაკბენზევე შეაჩერა: გაშტერებული ბებერი ხელში დასაკეცად გამზადებულ თოკს შემცბარი დასცქეროდა.

- რა იყო, ძალო? - შეეკითხა ექიმი.

- რა იყო კი არა, ეს ხომ ის თოკია, ამ ერთი კვირის წინ რომ დავკარგე ვენახში? დასწყევლოს ღმერთმა, საიდან გაჩნდა ძროხის კისერზე?

ექიმმა მცირე ხანს უცქირა თოკსა და ბებერს და მერე მხრები აიჩეჩა.

 

ნაწილი 9

ბაღში

 

მას შემდეგ, რაც რგოლიდან გარიცხეს, ზალიკოს ბიჭებთან აღარ მიესვლება.

სანდრო ხომ სულ უკან დასდევს, მაგრამ ფრთხილია ზალიკო: თვალსა და ხელს შუა უძვრება. ტყუილია, ვერსად მოიგდებს საცემრად ხელში... კარგა ხანია მეზობლების ბაღი არ უნახავს, რადგან აუკრძალეს ბიჭებმა. ახლა კი რგოლიდან გარიცხეს და მაშ რაღა უკრავს ხელ-ფეხს? მხოლოდ შორს არ უნდა წავიდეს, თორემ თავის მტერს გადააწყდება სადმე. ისევ გროზნა და მისი ბაღი იყოს კარგად, - ხილს რა გამოლევს?

ერთი მსხალი მაინც ისე აღიზიანებს, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია. ვერც მებაღე მიხვდება, რომ მისი ნამოქმედარია... მათი ბაღჩა და გროზნას ბაღი ერთიმეორეს მეზობლადაა. თავიანთ მხრიდან ღობეც შეათვალიერა. გასაძრომია ერთ ადგილას და ეძებოს მერე აკადემიის დარაჯმა! რას მიხვდება?

და ზალიკომ ბაღისაკენ გასწია. ქვეშ გაუარა ხეჭეჭურა მსხალს, დაკრეფილ თურაშაულს, თითა ყურძნის ხეივანს და ღობეში გასაძრომს მიადგა.

კატასავით გაძვრა ღობეში, გვერდი აუქცია ლეღვებსა და ოქროშვინდას, გაიარა ვაშლების ხეივანი და ვეება მსხალს კენწეროზე მოექცა. აღარ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ გროზნამ ზედმეტად ჩათვალა ბაღში ძაღლის ყოფნა მას შემდეგ, რაც ერთი მისი საყვარელი ვაშლი ჩამოუკრიფეს.

რამდენიმე მსხალი მან ზედვე შეთქვლიფა, უბეც გაივსო და შემდეგ ქვევით დაეშვა. მიწას რომ დაუახლოვდა, ფეხი დაუსხლტა, კინაღამ ძირს ჩამოვარდა, მაგრამ ვიღაცამ დაუჭირა ეს ფეხი და გული გაუმაგრა.

- ჩამო, ნუ გეშინია.

ზალიკომ ჩამოიხედა და გული გაუსკდა. მსხლის ძირში სანდრო იდგა. მაღლა ასვლა შეუძლებელი იყო, ქვევით ჩასვლა ხომ - საშინელი.

ღონიერი იყო ზალიკო. უცებ ისკუპა ხიდან და პირდაპირ ზედ დაახტა ქვეშ მდგომს, მაგრამ რგოლის ხელმძღვანელმა თეძო მიუგდო და ჰაერში გაფრენილი რგოლის ყოფილი წევრი ბალახში გაიჭიმა. სანდრო ზედ გადააჯდა წაქცეულს და უთხრა:

- ახლა კი შენი სიცოცხლის ფრინველი უნდა გავაფრინო.

ზალიკომ კარგად იცოდა, რომ ამ სიტყვებს ყარამანი მოწინააღმდეგეს მაშინ ეუბნებოდა, როცა ძირს დაცემულს მკერდზე შეახტებოდა თავის მოსაჭრელად. ეტყობა, ეს ყარამანის სახელის მოტრფიალეც რაღაც ამის მსგავსს უპირებდა.

- ვაიმე, მიშველეთ! - ერთი დაიყვირა და ზემოდან მოქცეულს მუშტები დაუშინა.

უცებ სანდროს უკანიდან ვიღაცამ ლაზათიანად წაუთაქა, მერე ხელიც დასტაცა და წაქცეულს მოაშორა.

ზალიკო წამოხტა და სიხარულისაგან შეჰყვირა. მათი რაზმის ყოფილ პიონერხელმძღვანელს მაგრად ჩაებღუჯა რგოლის ხელმძღვანელი და ნაკლული ტიკივით აჭანჭყარებდა.

ბიჭმა უცებ ქვა იპოვა, ზურგში „მიადო“ სანდროს და მოკურცხლა, სირბილში ხალათის კალთები ამოეშალა და მსხლები აქეთ-იქით ხელყუმბარებივით სცვიოდა.

თითო გადახტომაზე თითო ვარდებოდა და როდესაც ღობეში გასაძრომს მიუახლოვდა, უბეში ერთი მსხალიც აღარ ჰქონდა. ნიკო სიხარულით აღარ იყო, რადგან ასეთ უადგილო ადგილას მოიგდო თავისი „დაუძინებელი მტერი“, თანაც გასამართლებელი საბუთი ჰქონდა: კაცს ახრჩობდა და ხელიდან გააგდებინა. მან ერთი სილა კიდევ გასცხო და გაიცინა.

- ჰა, როგორა ვართ ანგარიშში, ყარამანო?

სანდრომ გაიწია, ხელიდან გაუსხლტა, გახტა განზე, ინდაურთან მოჩხუბარი მამალივით შემობრუნდა და ერთი თვითონაც მოუქნია.

- აი, ახლა გაჩვენებ სეირს, - იყვირა ნიკომ და ზედ მოვარდნილი ფეხის კვრით ბალახებში გააგორა.

ბიჭი მალევე წამოხტა, კიდევ გაექანა, მაგრამ ახლა უფრო მაგარი წიხლი მოხვდა და ისევ მიწაზე აღმოჩნდა.

ნიკო თავზე წაადგა წაქცეულს და დასძინა:

- მაინც, როგორა ვართ ანგარიშში, ყარამანო?

- ჯერ დამაცა ავდგე და მერე მკითხე, - უთხრა გაბრუებულმა ბიჭმა და ისევ აიწია ასადგომად, მაგრამ კარგად არც კი იყო გამართული, რომ კიდეც მოსცხეს და ერთი ნიკო ათად მოეჩვენა. მხოლოდ ისინი თითქოს თხილებს იქიდან გამოცვივდნენ.

უცებ ნიკომ იგრძნო, რომ რაღაც შემოეხვია ფეხებზე. უკან მიაწყდა შემკრთალი, მაგრამ იქ კუნძი დახვდა და (დასწყევლოს ეშმაკმა, რატომ წეღან ვერ შეამჩნია თუ აქ კუნძი იყო?!) რაღაცამ გადასწია უკან. წინიდანაც თითქოს ფეხზე წამომდგარმა სამმა თუ ოთხმა სანდრომ უბიძგა და მიწაზე ზღართანი მოადენინა.

წაქცეულის უკან მუხლებზე დაცემული წაკუზული ეფრემას ბიჭი წამოადგა და ბიჭებს უთხრა:

- მაგრად დაიჭით, არ გაუშვათ!

ნიკომ დახუჭა თვალები, მერე ისევ გაახილა. მაგრამ მოჩვენებები არ გაქრნენ და საღამოს ბინდბუნდში კარგად გაარჩია აჯაგრული სახეები: თავზე სამი ბიჭი ადგა, ხოლო ორ-ორი ოთხივე კიდურს უჭერდა.

საქმე ასე იყო: სანდროს საძებნელად წამოსულიყვნენ ბიჭები. და, რადგანაც იცოდნენ, რომ რგოლის ხელმძღვანელი ზალიკოს უთვალთვალებდა მისატყეპად, მათი ეზოსკენ დაძრულიყო „ბატალიონი“. რაკი იქ ვერ ნახეს, გოგიას ეეჭვა: ბაღში ხომ არ შევიდაო, და ორღობეში გამოევლოთ. აქედან ყველაფერი დაენახათ, გადამტვრეული ღობიდან შემოსულიყვნენ და, აი, უკვე ძირს გაჭიმული წევს ვეება ნიკო, იწევს, ხელი ან ფეხი გაითავისუფლოს, მაგრამ თითო კიდური ორ ქაჯს უჭირავს და არ გინდა, გატოკდე? რამ მისცა ამდენი ღონე ამ თითისტოლებს!

მოლაღურივით გაყვითლებული სახე ბოლოკისფრად ექცევა ნიკოს და ცრემლები ახრჩობს. ვერ დაუყვირია, რადგან შეიძლება ხმა გროზნას სახლამდე მივიდეს და მერე? ხომ დაიღუპა, ხომ სამუდამოდ შერცხვა ვაჟკაცი! არადა, რა სულთამხუთავებივით დასდგომიან თავზე?

- ოჰ, თქვე ლაწირაკებო, გამიშვით! - იღრინება ნიკო და იწევს მთელი ძალით, ლამის ძარღვები დააწყდეს, მაგრამ ვერც კი ატოკებს ხელ-ფეხს. მერე, ეს წყეული ლუკას ბიჭი ზედ მუხლებზე გადასჯდომია და სახეში დაცინვით უცქერის.

- გამიშვით, თორემ... - იგუდება ნიკო და ყელზე ძარღვები ებერება.

მიტყეპილი სანდრო ამ გაწამაწიაში მიუახლოვდება. საშინელი შესახედავია და თვალები გარეულ კატასავით უელავს.

- ახლა როგორღა ვართ ანგარიშში! აბა, ახლა როგორღა ვართ? პატარებთან ვაჟკაცობ, არა? აბა, ახლა ივაჟკაცე და ადექი!

გაბრაზებულ სანდროს დაავიწყდა თავისი მცნება - ერთ კაცს ორი-სამი არ უნდა დაეხვიოსო, და ბიჭებისათვის არ დაუშლია, როდესაც მათ, სნაიპერის რჩევით,ქამრები შეიხსნეს, შეკრეს ნიკო, ძირს დააგდეს, ხოლო თვითონ უკან ხელებდაწყობილნი შემოუმწკრივდნენ გარშემო.

- გამიშვით, თქვენი!..

ეფრემას ბიჭი უფრო ახლოს მივიდა და დააკვირდა.

- ჰა, რაო? გამიშვითო? პირი არ გიჩანს და საიდან ლაპარაკობ?

ახლა სნაიპერი დაიხარა ეშმაკურად.

- ეჰ, გოგლაჯან! ბინდისას შენ რაღაცა ვეღარა ხედავ ამ სიბერის დროს. აბა, კარგად დააკვირდი, რამოდენა პირი აქვს, შარვლის ჯიბესავით მოჩანს გახეული.

- უკაცრაული პასუხია, აბა, მეც დამანახვეთ. მართალი ხარ, ვახტანგ, თითქოს მაკრატლით გაუჭრიათო.

- გაჭრილი არ არი, გახეულია. ალბათ, სადმე ლურსმანს გამოჰკრა.

ბიჭებმა ყური არ უგდეს ნიკოს მუქარას, უკან გაუკრეს ხელები და ქამრები მსხლის ტანს ისე შემოახვიეს, რომ ზედ მიკრული აღმოჩნდა ცოტა ხნის წინ თავმომწონე ბიჭი.

- იყავი, აქ, სანამ მამალი არ იყივლებს.

- თუ არ დაგვეხსნები, უარესი მოგელის.

- ჩვენ ბატონები არა გვჭირდება.

- შენ ჩვენს საქმეში ნუღარ ერევი.

- უკაცრაული პასუხია, ნიკოლოზი ჩამოვაგდეთ და შენ რა გახდი?

წუთიც და, თორმეტი ქაჯი ბაღიდან გაქრა.

 

ნაწილი 10

ძველი საბძელი

 

 

ამ საღამოსაც ძველ საბძელში შეიკრიბნენ ბიჭები და მიტყეპილი რგოლის ხელმძღვანელი შუაში ჩაისვეს მომავალი სამოქმედო გეგმების შესადგენად. ჯერ კიდევ არ განელებოდათ აღგზნება, გროზნას ბაღიდან რომ გამოჰყვათ.

- არა, ასფურცელასავით არ მივაკარით ხეზე? - ჩაიხითხითა გოგიამ.

- არ მოგლიჯოს და შინ არ მიიტანოს ზურგზე მოკიდებული!

- უკაცრაული პასუხია, რა უნდოდა ბაღში?

- ალბათ, მსხალი უნდოდა მოეპარა.

- შენ რას იტყოდი, სანდრო?

სანდრო დუმდა. შეურაცხყოფა ჯერაც ვერ მოენელებინა. თუმცა დაუსჯელი რომ არ დატოვეს ის „პრანჭია მაიმუნი“, თავისმა მეგობრებმა დროზე რომ მოუსწრეს და მისი ჯავრი არ აჭამეს, აამაყებდა.

- ღამე იქ გვყავდეს? - ცბიერი კილოთი იკითხა ლუკას ბიჭმა.

- რატომ უნდა ავუშვათ? ნახოს ერთი გროზნამ, ბაღში ყველაფერი მაგის მოპარული ეგონება.

- ეგონება, თორემ არც კი იკისრებს! მაშ, რა უნდოდა ბაღში ბინდისას?

- რა თქმა უნდა, მსხლის მოპარვა სურდა, მაგრამ ვერ მივართვით! ისე კოხტად მივაბი, რომ პირის ჩატკბარუნება აღარ დასცალდა.

- მივაბით, მაგრამ ქამარი შენ ისევ შეგრჩა შარვალზე, ჩვენ კი ლამის ჩაგვძვრეს, გოგი, უნდა ავუშვათ, თორემ თუ მებაღემ ნახა ის ქამრები, დავიღუპებით: ზედ ჩვენი გვარ-სახელებია ამომწვარი.

- მართლა, ბიჭებო! გროზნამ თუ ჩაიგდო ხელში, მშვიდობით, სკოლავ, ერთიანად დავიღუპებით, - მოისაზრა რგოლის ხელმძღვანელმა. - გარდა მაგისა, ნიკოა, მაგრამ მაინც დასანანია, არც ვაჟკაცობაა, რომ მთელი ხროვა ერთ კაცს მოვერიეთ. ცოტა არ

იყოს, აღრენილი ვიყავ, თორემ არ მიგაბმევინებდით. მოდით, ბიჭებო, ავუშვათ. იმასის სირცხვილიც ეყოფა. გარდა მაგისა, სკოლაში რომ გაიგონ, ვერაფერი ვეღარ გვიშველის. ადრე ხომ იყო ჩვენი რაზმის ხელმძღვანელი?

- რა ხელმძღვანელი, სადაური ხელმძღვანელი? თუ რამეს დაგვავალებდა და არ გავუგონებდით, „წამოკვრა“ ზედ გვეკრა!

- ერთხელ ტკბილ სიტყვას არ იტყოდა. გაიჯგიმებოდა და ბრძანებდა.

- კინოში მაგას არ წავუყვანივართ და ექსკურსიაზე. აბა, რანაირი ხელმძღვანელი იყო?

- სნაიპერი მართალია, სანდრო. უკაცრაული პასუხია, ამ წინაზე ბიჭები ლახტაობას ვთამაშობდით. სწორედ იმ დროს, როცა უკვე გახურებული გვაქვს ლახტი, ეგ მოვიდა

თავისი ძმაბიჭებით და გამოგვრეკა იქიდან: ჩვენ პატარა წრე არ გვეყოფა, დიდი უნდა მოვხაზოთ და თქვენ ხელს გვიშლითო. არა, რაღა იქ მოუნდა მოხაზვა, სხვაგან ადგილი არ იყო? მაგრამ პატარები რომ ვართ, გვიბრიყვებს.

- თანაც მაგის რაზმში რომ ვიყავით, ეგონა, რაც მინდა, იმას გავაკეთებინებ ამათაო.

- ვერ მივართვი! იყურყუტოს ახლა იმ მსხალქვეშ.

- იყურყუტოს, მაგრამ ქამრები არ ნახოს, ძმაო, გროზნამ, თორემ გათავდა. იმასაც მიხვდება, ვინ მიაბა, და იმასაც, ის ვაშლი ვინ დაუკრიფა. მერე, შენ გგონია, დამალავს? თუ ერთი გადაჰკრა, ყველაფერს დაფქვავს.

- მართალია, მართალი! უნდა ავხსნათ, ცოდოა... გავალთ თუ არა აქედან, ჩავიაროთ ბაღისკენ... მაგრამ გვიან იქნება. მოდი, სამნი წადით, ის ქამრები ახსენით და აქ მოიტანეთ. ნიკომ თუ მოიწადინა თქვენი ცემა, გაექეცით, და თუ მაინც ვინმეს წამოარტყა, მაშინ აღარც ჩვენ დავინანოთ შემდეგისათვის.

აღარავის გაუწევია წინააღმდეგობა, რადგან საფუძვლიანი ეჩვენათ ეს სიფრთხილე.

გოგიას ნიშანზე იმწამსვე ფეხზე წამოდგა სამი ბიჭი, ფრთხილად გააღო საბძლის კარი და სიბნელეს შეერია.

- ეს ყველა კარგი, მაგრამ ამ ვაშლს რა ვუყოთ, სანდრო, ასე დავალპოთ ნამჯის ქვეშ? - იკითხა შეწუხებულმა სნაიპერმა.

- შენ ეგ რად გაწუხებს, ლუკას ბიჭო? შენ მაგაში შრომა არ მიგიძღვის და სადარდოც არაფერი გაქვს.

ვახტანგი მოიღუშა.

- რატომ არ მიმიძღვის, ეფრემას ბიჭო, ერთი ღამით რომ დამასწარით?

ბიჭებიც უკმაყოფილოდ ახმაურდნენ.

სანდრომ იაზრა, რომ საჭირო იყო მისი ჩარევა, თორემ შეიძლებოდა კამათს საშიში ხასიათი მიეღო.

- ჰა, ნიკო მოიშორეთ და ახლა ერთმანეთს დაუწყეთ ღრენა? იმისათვის მთელი ხროვა არ იყო საჭირო. ჩვენ ეს კი არ მოვიპარეთ, ერთი საქმისათვის დავკრიფეთ.

- უკაცრაული პასუხია, გინდა მომფლითე, გინდა მომგლიჯე, სულ ერთია, დაკრიფე თუ მოიპარე, იმ კაცის ბაღიდან ხომ გამოიტანეთ!

- მერე, რომ გამოვიტანეთ? შესაჭმელად კი არ გამოვიტანეთ!

- არა მაშ, უღელში შესაბმელად გინდა, - ჩაიქირქილა თვალიაშვილმა.

გოგიამ ბუჩუკურთელს მიხედა.

- ვუთხრა, სანდრო?

სნაიპერი დაიღრიჯა.

- „ვუთხრა, სანდრო?“ რას მაიმუნობთ? თუ სათქმელი გაქვთ რამე, სთქვი... გადაგიბამთ კუდები ერთმანეთზე და ცალკე დაძვრებით.

გოგია გაბრაზდა.

- რას მიედ-მოედები, ლუკას ბიჭო, რა სულ თქვლეფაზე გიჭირავს თვალი! ჩვენ ეს, აი, რისთვის გავაკეთეთ:
...და როდესაც „მარჯვენა ხელის“ ნათქვამი მოისმინეს, ერთბაშად გაიკვირვეს:

- ბიჭოს! შენ აღარ ხუმრობ, ეფრემას ბიჭო!

- არა, საიდან მოგდის ასეთი ბრძნული აზრები?

- გოგრაა, გოგრა, ცარიელი.

ბიჭები ახარხარდნენ.

- ჩუმად! - შეუტია სანდრომ, - რა გაღრიალებთ? არავინ გაიგოს.

- ეჰ, შენც ერთი! ვინ უნდა გაიგოს? ამაღამ ნუგზარი გვყარაულობს და ღობემძვრალას გაფაჩუნება არ გამოეპარება.

- მაინც ჩუმად ყოფნა სჯობია.

უცებ მხარ-თეძოზე წამოწოლილი სნაიპერი წამოჯდა. ნამჯაზე თავისებურად გააპურჭყა და იკითხა:

- კვირას კოლმეურნეობაში ჩალის საჭრელად წავიდეთ თუ ავად გავხდეთ?

იქ მყოფნი ისევ ახარხარდნენ.

- უეჭველად ავად უნდა გავხდეთ, თორემ მთელი დღე ჩალის ჭრა? არა, ძმაო! ხელს არ მომცემს, - გულაღმა გაიშხლართა ლეო.

- მთელი დღე არ გვაჭრევინებენ, მაგრამ მაინც კეტით ვერ გამაგდებენ ალაზნის პირას, - კვერი დაჰკრა ბაჩიაშვილმაც.

- არც მე წამოვალ, კვირა იმის კვირაა, რომ კაცმა დაისვენოს.

- დაისვენო, თორემ შენც ქედს იცხელებ! თუ წახვედი, სახსრებშიაც გაიშლები.

- გავიშლები, თორემ შენ რომ საჟენ-ნახევარზე ხარ გაშლილი, რაში ხარ გამოსაყენებელი, ხახაბო?

- გამოგვადგება, შენ არხეინად იყავ.

- მაინც რაში უნდა გამოგვადგეს, ლადო?

- რაში და, ჩავალთ თუ არა, სიმინდში გავიპაროთ. ალაზანი მაგას დავაფონინოთ, იმ ფონით გავიდეთ გაღმა და შინ ისე ამოვალთ იქიდან, რომ კაცი თვალს ვერ მოგვკრავს.

- ეგ ვერ არის კარგი აზრი, ბიჭებო, - არ დაეთანხმა გოგია, - რა ფონი გვინდა? ცურვა ყველამ ვიცით. გარდა მაგისა, ჩვენ შეგვიძლია ერთიც გავაკეთოთ და მეორეც; ჩავიდეთ ალაზანზე, მთელ დღეს წყალში ვიბანაოთ და ვითევზაოთ. საღამოთი, შინ წასვლისას კი ისევ შევერიოთ მოწაფეებში, თითქოს ჩალას ვჭრიდით.

გარეთ მგელი აყმუვლდა და სანდრო ფეხზე წამოაგდო. საბძელში მყოფებმა ხმა გაკმინდეს და კისრები დაძაბეს.

უცებ ნიავმა მტრედის ღუღუნი მოიტანა და რგოლის ხელმძღვანელიც მოწყვეტით დაეშვა ნამჯაზე.

- არაფერია, ალბათ, მოეჩვენა რამე გარეჯელს.

- არა, - არ დაეთანხმა სნაიპერი, - ნამდვილად ბიჭები დაბრუნდნენ. ფეხის ხმა არ გესმით?

საბძლის კარმა გაიჭრიალა და სამი ლანდი თავჩაქინდრული დადგა რგოლის წინაშე.

- რა ამბავია, ბიჭებო?

ბიჭები დუმდნენ.

- თქვით, რა ამბავია, კრიჭა შეგეკრათ?

ენუქიშვილმა თავი აიღო.

- დავაგვიანეთ, სანდრო.

- მერე რა, ჩვენ არ გიწყრებით, კაცი ხომ აშვებულია?

სერგომ საცოდავად წაიკნავლა:

- საქმეც ეგ არის, რომ აშვებულია.

- რატომ, კნუწო, რა მოხდა, განა ასაშვებად არ წახვედით?

- წავედით, ვახტანგ, მაგრამ ვერ ავუშვით.

ბიჭებს მოთმინება დაელიათ.

რგოლის ხელმძღვანელი გაბრაზდა:

- მაშ, რისთვის გაგგზავნეთ? მე თქვენი ვერა გამიგია რა: ხან ამბობთ - „აშვებულია“, ხან ამბობთ - „ვერ ავუშვითო“. თქვით, ბარემ, რა ამბავია.

- ის ამბავია, რომ აღარც კაცი დაგვხვდა ადგილზე და აღარც ქამრები, - როგორც იყო ამოღერღა სოსომ.

- რაო?! - ბიჭებს სიფრთხილე დაავიწყდათ და ერთბაშად წამოიშალნენ.

- ვეღარც კაცი ვნახეთ და ვეღარც ქამრები.

სანდრო ნამჯაში ჩაჯდა მოწყვეტით.

- დავღუპულვართ, ბიჭებო, და ეგ არის! - აწუწუნდა ავთო.

- ნამდვილად დავღუპულვართ, - კვერი დაუკრა ალექსიმ.

- ცუდი ამბავია, ჩემმა მზემ! - დაასკვნა სნაიპერმა.

- როგორ გაიხსნა ხელები, კაცო? - გაუკვირდა ხარატიშვილს.

- იქნებ გაწყვიტა? - დაეჭვდა ლუარსაბი.

- ჩემი ქამრის ამბავი ვიცი, ვერ გაწყვეტდა.

- ალბათ, გაიხსნა, სნაიპერო.

- ნუთუ ისე უხეიროდ შევკარ? - გაკვირდა გოგია.

- რა ვქნათ, ბიჭებო?

- რა ვუყოთ, სანდრო?

რგოლის ხელმძღვანელი ნამჯას ჩაჰყურებდა.

- ვერაფერი კარგი ამბავია, ბიჭებო. ნიკოს ვაჟკაცობა არ გამიგია. ნამდვილად გაგვცემს და... სანდრო გაჩუმდა. ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს.

სნაიპერი ფეხზე წამოხტა.

- ამაღამვე მოვპაროთ ნიკოს ქამრები, ბიჭებო.

- შენ მოპარავ, სნაიპერო?

- მე მოვპარავ.

- დამხმარე ხომ არ გინდა?

- რა საჭიროა? ქამრები მძიმე არ არის.

- შენ იცი, სნაიპერო.

- აბა, შენ იცი!

ბიჭებმა რაკი საჭირბოროტო საკითხები მოიშორეს თავიდან და სნაიპერისაც ცოტა იმედი მიეცათ, უხმაუროდ დაცალეს საბძელი.

 

ნაწილი 11

მსხლის ქურდი

 

 

ბალღობიდანვე უყვარდა ხეხილი დიმიტრის. მარტო იყალთოში კი არა, ახლომახლო სოფლებშიც მებაღე „გროზნას“ სახელით იცნობდნენ. კახეთს ვინ ჩივის, საუკეთესო ჯიშის ხეხილის ძებნაში დარიალი გაიარა, ქალაქ გროზნომდე უწია და იქ რომელიღაც სანერგე მეურნეობაში მთელ წელიწადს მუშაობდა.

შინ მობრუნებული ისე ამაყობდა იქამდე გასვლით, რომ გროზნოს წარამარა ხსენებით სოფელმა „გროზნა“ შეარქვა. ეს მეტსახელი ისე შეეთვისა დიმიტრის, ლამის დაივიწყეს მისი ნათლობის სახელი.

მას შემდეგ, რაც თავისი საყვარელი უმცროსი ქალიშვილი დაკარგა, დიმიტრი ღვინოს მიეძალა. სასმელმა თავისი დამართა და სულ გამოაჩერჩეტა ბერიკაცი. თავის ხელობას მაინც არ უღალატა: თუმცა ძველი იყალთოს აკადემიის მცველად დანიშნეს, მაინც სასხლავი მუდამ ქამარზე ეკიდა და მონასტრის ეზოშიც კი გაიჩინა ნერგები.

ერთხანს მარტოკა ცხოვრობდა ვეება სახლში, მაგრამ ვერ გაუძლო ეულად ყოფნას და სიძეს მოსთხოვა, შვილიშვილი გამოეგზავნა მასთან. მეორე ქალიშვილს შეებრალა მარტოხელა მამა და, რადგან ლენასაც მოვლა-პატრონობა უნდოდა, სოფელში გადმოვიდა სამუშაოდ.

პაპა ძალიან უყვარდა ლენას და სოფელიც მოსწონდა. მამამ მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო და, თუმცა ეძნელებოდა ბავშვის მოშორება, მაინც წასვლის ნება დართო. ლენაც შეჰპირდა, რომ ყოველ ორ დღეში წერილს გაუგზავნიდა...

იმ საღამოსაც აივანზე იჯდა ლენა და კოხტა ასოებით ქარგავდა მამასთან გასაგზავნ წერილს.

ჩაფიქრებული იყო. იქვე მიწოლილ ძაღლს, ალმასას უკვირდა, რომ გოგო მის აქ ყოფნას ვერ ამჩნევდა.

ლენას მეგობარი გოგო კიდეებმოწნულ სკამზე დამჯდარიყო და მოთმინებით უცდიდა წერილის დასრულებას.

- აი, უკვე დავამთავრე, ლილი, - ლენამ წერილს თვალი გადაავლო, მერე გაკეცა და კონვერტში ჩადო.

- ძლივს არ იქნა? რა გაწერინებს ამდენ წერილს, გოგო.

ლენამ ნაზად გაიღიმა.

- იცი, როგორი კარგი მამიკო მყავს? როგორი ჩხვლეტია ულვაშები აქვს? როცა მკოცნის, ლოყებს მსუსხავს ხოლმე.

მასპინძელი უცებ შეჩერდა და ყური მიუგდო. მერე სტუმარს ხელი სტაცა და სკამიდან წამოაგდო.

- აბა, ყური დაუგდე, არ გესმის?

- რა არის? - შეკრთა ლილი.

- ბაღში რაღაც ხმაურია.

- იცინიან კიდევაც.

- თითქოს ტირიც ვიღაც.

- არა, კვნესის.

- ნეტავ ვინ იქნება?

- არ ვიცი, ნეტავ ვინ იქნება?

- ვინმე ბიჭი შემოიპარებოდა და შეიძლება პაპაშენმა მოასწრო.

- გინდა, წავიდეთ, ვნახოთ?

- მეშინია, ლენა, უკვე ბნელა.

- არა, არა ბნელა, მხოლოდ ბინდია.

- მეშინია.

- ნუ გეშინია...

- მე ვერ წამოვალ, მეშინია.

- ნუ გეშინია, ალმასაც წავიყვანოთ. საყელურზე იქიდან წაავლე ხელი, მე აქედან წავავლებ.

ძაღლი ხალისით დათანხმდა საღამოს სეირნობაზე.

გაუარეს დაკრეფილ თურაშაულს და ლეღვების მხარეს წავიდნენ, მაგრამ ძაღლმა დაიღრინა და დიდი მსხლის მხარეს გაიწია.
უცებ ოხვრა-კვნესის მსგავსი ხმა მოესმათ და შიშნაჭამები იქით მიტრიალდნენ.

ვეება მსხალს რომ მიუახლოვდნენ, აშკარად გაიგონეს კბილების კრაჭუნი და გინება.

ძაღლმა დაიყეფა და მსხლისკენ გაიწია.

ბავშვები თრთოდნენ და ბინდბუნდში იცქირებოდნენ. არავინ ჩანდა, მაგრამ უცნაური ხმა აშკარად ისმოდა.

ხეს ახედეს - ფოთოლიც არ ტოკავდა.

კიდევ მიუგდეს ყური.

ძაღლი ყეფდა და მსხლისკენ იწევდა.

ხეს დააკვირდნენ და ვერაფერი შეამჩნიეს.

მაშინ მეორე მხრიდან შემოუარეს და შიშისაგან ისეთი შეჰკივლეს, კინაღამ ძაღლი ხელიდან გაეშვათ.

მსხალზე კაცი იყო მიბმული.

გულგახეთქილმა ბავშვებმა უკან-უკან დაიხიეს და აყეფებული ძაღლიც თან გაიყოლეს.

ხეზე მიკრულმა მისულნი შეათვალიერა.

გოგოები მილურსმულებივით იდგნენ შორიახლო. ვერც წასვლა მოეხერხებინათ და ვერც მისვლა გაებედათ.

ბოლოს ლენამ დაიძახა ხმის კანკალით:

- ვინა ხარ?

მსხალზე მიბმულმა მოჩვენებამ ხმა ამოიღო და დაყვავებით, ძლივს გასაგონად წაილაპარაკა:

- ამხსენით, გოგოებო.

ბავშვებს ხმა ეცნაურათ და ცოტა გულს მოეფონათ.

- დაბმული ხარ? რატომ? ვინა ხარ?

- ოჰ, ბალღებო! თქვენი პრაკაპრუკიღა მაკლია?.. ვაიიი!.. ნიკო მოკვდეს, თუ სამაგიერო არ გადაუხადოს. ოჰ, მაგათი!

ნიკოო? - ახლა კი იცნეს ბავშვებმა „მიჯაჭვული ამირანი“ და გაშტერდნენ.

- ჩქარა, ბალღებო! რა პირი დაგიღიათ?

- ოო! ნიკო, ნიკო! რატომა ხარ დაბმული? ვინ დაგაბა?

- ახლა მაგის დროა, ჭინჭრაქებო? ჩქარა ამხსენით!

ბავშვები მოცოცხლდნენ, აყეფებულ ძაღლს შეუწყრნენ და მერე ხეზე მიკრულს მიუახლოვდნენ.

- ოი, როგორ შეუკრავთ... როგორ უნდა გავხსნათ, ნიკო?

და ნიკომაც ასწავლა.

კბილებით ჩააფრინდნენ პატარები ქამრებს და დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იყო ეწივნენ საწადელს.

გაიხსნა თუ არა „ბორკილი“, ბიჭი წაბარბაცდა და ბალახებში ჩაიჩოქა. მერე წამოდგა ფეხზე და სწრაფად გასწია ღობისაკენ.

ბავშვებმა თვალი გააყოლეს, შემდეგ ხელში შერჩენილ ქამრებს დააცქერდნენ.

მოისმა ღობის ლაწანი და მიწაზე დაცემის თუ დახტომის ხმა.

ლენა კიდევ კარგა ხანს იდგა ბურანში წასულივით. ბოლოს გამოერკვა, მაგრად ჩასჭიდა ხელი აღავღავებულ ძაღლს, ლილის ანიშნა გაჰყოლოდა, და სახლისაკენ გამოსწია. უცებ გაახსენდა, რომ ხეზე მიკრულს მკერდზე რაღაც ჰქონდა მიწებებული. მაშინვე გამობრუნდა უკან, რადგან საბრალოს ის რაღაც მოხსნის დროს მოსძვრა და მსხლის ძირში დარჩა.

ლენამ აიღო ბალახებში ჩავარდნილი რვეულის ფურცლის ნახევი, შინ დაბრუნდა, აანთო სინათლე და დააკვირდა. ქაღალდზე საჩქაროდ გაკრული ხელით ეწერა: „დაისაჯა მსხლის ქურდობისათვის“ „გ“. „დ“.

ლენამ განცვიფრებით გადახედა მეგობარს და როცა მის თვალებშიც გაოცება დაინახა, სთხოვა დაეფიცა, რომ რაც ნახა, არსად იტყოდა.

 

ნაწილი 12

ეშმაკი

 

 

საბძლიდან გამოსულმა სნაიპერმა დაღელაანთ ვანუას სახლისკენ გასწია. მიდიოდა ბიჭი და თან ფიქრობდა: როგორ მოეხერხებინა ქამრების წამოღება, თუ ნიკო შინ დახვდებოდა.

- რანაირად გაიხსნა ხელები, პირდაპირ საკვირველია, ეფრემას ბიჭის შეკრული მაინც არ ყოფილიყო... ძალიან ძნელი საქმე ვიკისრე, ძმაო, თუ ამაღამ ქამრები არ მოვიგდე ხელში, ბიჭებთან შევრცხვები.

ის იყო ნიკოს სახლს მიუახლოვდა, რომ წინ კატამ გადაურბინა. მაინც ეჯავრებოდა ეს ცხოველი და ახლა ლანძღვით დაედევნა, ხელმარცხიანმა ქვით უკანა ფეხი აათრევინა.

- ეს ძაღლის საჭმელი, რაღა ახლა გამოჩნდა? ერთი ხომ გავუბაწრე ამათ და ამ ახალბედასაც მივუხრჩობ როდისმე.

არცა ტყუოდა ვახტანგი. მოდი და ნუ შეეჯავრებოდა კატა, რომელმაც ვეება კასრში ცოცხალი თევზები ამოუჭამა.

მას შემდეგ ემტერება ნიკოს ბებია. განა იცის რამე? მაგრამ ეჭვი აქვს: მისი კატის მკვლელი, თუ იქნებოდა, ისევ ეს „ამოსაგდები“ და „არდასაცალებელი“ ლუკას ბიჭი, სხვა რომელი მეზობელი გააკეთებდა ამ „ღვთის საწყენ საქმეს?“

როცა კი თვალს შეასწრებდა ბებერი, მოიმარჯვებდა ჯოხს და ღმერთითა და საიქიოში ცხრა საყდრის აშენებით ემუქრებოდა, მაგრამ საწყენი ის იყო, რომ ამ წყეულს არც ღმერთისა ეშინოდა და არც საყდრების აშენებისა.

სნაიპერი მივიდა ეზოსთან და შეჩერდა.

- თუ ნიკო შინ არის, მიუტყეპავს არ გამიშვებს, მაგრამ დამეწევა კი? ეჰ, მოდი, იმის დას დავუძახებ: - ციალ, ციალ!

მეორე სართულის აივანზე პატარა გოგონა გამოვიდა და სიბნელეს გასძახა:

- ვინ იძახის?!

- მე ვარ, ციალ, ვახტანგი ვარ!

- რა გინდა, ვახტანგ?!

- მოდი, აქ, ციალ, საქმე მაქვს შენთან.

გოგონამ აივანი ჩამოირბინა და სიბნელეში ხმის მიმართულებით წამოვიდა. ბანჯგვლიანი მურა ფეხდაფეხ აედევნა, როცა სტუმრამდე მიაღწია, ასუნ-დასუნა და ბომბორა კუდის ქნევით მიესალმა.

- ციალ, ნიკო არ მოსულა?

- არა. დალისთან ვიყავ და ახლა მოვედი. ოი, რომ იცოდე, როგორი დიდი დედოფალა უყიდა დედამ დალის, როგორი ჭრელი კაბა აცვია. თვალებსაც ხუჭავს, კისერსაც ატრიალებს, ნაწნავები...

სანამ გოგონა ტიტინებდა, ბიჭმა მოიფიქრა, როგორ უნდა მოქცეულიყო. შეიძლება ნიკო მოვიდა კიდევაც და ვინმესთან გაიარა დარდის გასაქარვებლად? ამას არაფერი ეცოდინება. - ციალ, ნიკომ დამაბარა: მე რომ ქამრები მოვიტანე, ციალას მოაძებნინე და გამოგატანსო.

- რომელი ქამრები?

- რა ვიცი, რაკი დამაბარა, ალბათ, მოიტანა. გაიქეცი და ყველგან მოძებნე. მალევე უნდა წავიდე.

გოგონა გაიქცა. ბიჭი კარგა ხანს ელოდა. ბოლოს ციალაც მოვიდა.

- ყველგან ვეძებე და ვერსად მივაგენი. მამაჩემს თავისი ქამარი მუდამ თან მიაქვს და არც ნიკო აჩერებს თავისას შინ. დალის დედოფალასაც აქვს ქამარი, მაგრამ იმისი კაბის ნაჭრისაა. ვაი, როგორი თვალები აქვს, ვახტანგ, სულ ხუჭავს, კისერს ატრიალებს, ხელებს შლის, ნაწნავები...

- დედაშენი ან ბებიაშენი სად არიან, ციალ?

- დედაჩემი და მამაჩემი კრებაზე წავიდნენ კლუბში, ბებიაჩემი კი ქვედა სართულშია, გაუმართავი ოთახი რომ არის. მოჭრილი სიმინდია იქ და ტაროებს ამტვრევს. თუ გინდა, მიდი. მე კი ეს ნაჭერი უნდა წავიღო დალისთვის. ქუდს შევუკერავთ დედოფალას. რა სასაცილოა, ვახტანგ, რომ იცოდე: დააწვენ - თვალებს ხუჭავს, კისერსაც ატრიალებს, ხელებსაც შლის, ნაწნავები...

ბიჭმა ყური აღარ უგდო ციალას რაკა-რუკს, მურას თავზე ხელი გადაუსვა და, რაკი ნიკო შინ არ ეგულებოდა, პირდაპირ გასწია მათი სახლისაკენ. შეაღო კარები და შევიდა.

ფუჩეჩის გროვაში ჩამჯდარიყო ნიკოს ბებია. თითო-თითოობით იღებდა ფუჩეჩს და ატეხდა ტაროს, თუ ტარო კარგი იყო, იმას ძველ საწნახელში ისროდა, თუ ღინკლა შეხვდებოდა, იმას იქვე - კალანჩხაში, ხოლო ტარომომტვრეულ ღეროებს გვერდზე, ცაკლე აწყობდა.

ბებერმა კარების ჭრიალზე ზევით აიხედა და თვალებს არ დაუჯერა. ბოლოს დააკვირდა და იცნო შავად გახუხული ბიჭი.

- აი, შე მიწადასაყრელო, შენა! აქაც შემოჰყე? ახლა ეს გინდა, მოინადირო?

ვახტანგმა ახლაღა შეამჩნია იქვე ჩაცუცქული ციცა, რომელიც ნატკენ ფეხს ილოკავდა. ამას გავუცივარო, - გაიფიქრა ბიჭმა, ყურადღება არ მიაქცია ბებიას ჯავრობას და უთხრა:

- ნიკომ გამომგზავნა, ბებო, ქამრები რომ მოვიტანე წეღან შინ, ბებიაჩემი გამოგატანს და წამოიღეო.

- ქამრებიო? ქამრები კი არა, სახრითა ხარ ასაჭრელებელი. აბა, მანდ დამიცადე!

ვახტანგმა არ დაუცადა.

ყოჩაღი გამოდგა ბებერი. ჯოხი მოიქნია და კარებში გავარდნილს შიგ კანჭებში მოარტყა.

ეტკინა „მიწადასაყრელს“ ფეხი. სურდა, არ შეემჩნია, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და აყვირდა.

- აი, შე, ბებრიკანჭავ! აი, შე საფრთხობელავ! აი, შე კატების მამიდავ! დამაცადე, თუ ცოცხალი გავუშვა ეგეც. კატის გულისთვისა მცემ, შე ბებერო, შენა? დამაცადე!

მაგრამ ბებერმა არ დააცადა. უკან მიჰყვა და სანამ სიბნელეში არ დაეკარგა, მანამ არ მოეშვა.

- ეგრე ვუზამ შენისთანებს! აბა, რა გეგონა, შეგარჩენდი იმის მოკვლას? კიდევ რომ მოდის და უსირცხვილო პირით მელაპარაკება... ქამრებიო! მეხი კი დაგეცეს მაგ თავზე, რაც მე შენ ქამარი არ ჩაგიგდო ხელში!

ახლა იმით გინდა ჩამომიკიდო ეს კატაც? ქვედა სართულიდან გარეთ გავარდნილი ვახტანგი შორს არსად წასულა. იქვე ბაღჩაში შევიდა და მოფიქრება დაიწყო, როგორ ეგდო ქამრები ხელში. ახლა უკვე საეჭვო არ იყო: ნიკომ ქამრები თავის ბებიას ჩააბარა და უთხრა, არავისთვის არ მიეცა, ვინც უნდა მოსულიყო.

ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს დაასკვნა, რაკი კარებიდან ვერ შევიდა, ფანჯრიდან უნდა გადაპარულიყო. მოუარა სახლს უკანიდან და ფანჯარას აჰხედა, მინაჩაუსმელი ჩარჩოებიდან სინათლე სცემდა. მაგრამ როგორ უნდა ავიდეს, სანამ ბებერი თავისი ჯოხით შიგა ზის? იცი რა, ჯობია გაიხადოს ფეხთ, მერე სულ ადვილად აცოცდება კედელზე, ჩარჩოსთან ჩამოჯდება და დაუცდის, სანამ ბებერი გარეთ არ გამოვა.

ეს გეგმა ძალიან მოეწონა სნაიპერს და მაშინვე ფეხთ გაიხადა.

დიდხანს იჯდა ვახტანგი ჩარჩოსთან, მაგრამ „ბერიკანჭა“, ალბათ, მთელ ღამეს აპირებდა სიმინდის რჩევას.

ბიჭს გული გადაელია. ძირს ჩამოსვლაც კი დააპირა, რომ უცებ ბებერმა აიწია, კაბის კალთა გადაიბღერტა და გარეთ გავიდა. ვახტანგსაც ეს უნდოდა. ხოჭოსავით გაძვრა ფანჯრის ჩარჩოში, ჩახტა ოთახში, განცვიფრებულ კატას ერთი კარგი წიხლი უჭირა, იქვე ნაგდები ტარმოტეხილი ორთითი აიღო და ქამრების ძებნას შეუდგა. სად არ აფათურა ხელი, სად არ ჩაყო ცხვირი, მაგრამ ქამრები „მიწამ ჩაყლაპა“.

ალბათ, კიდევ კარგა ხანს ისუნსულებდა ვახტანგი კუთხეებში, გარედან ხმაური რომ არ შემოსმოდა. გაიხედა ბიჭმა და კიდევ კარგი, რომ გაიხედა: უკან შემობრუნებული ბებერი მარნის კარებისაკენ მოდიოდა. ახლა უნდოდა სნაიპერს რამის მოფიქრება, თორემ გაება და ეგ იყო. კარებში ვერ გავარდებოდა, - ბებერი წინ შეეჩეხებოდა, ფანჯრიდან კი ვერ მოასწრებდა, რადგან წამოეწეოდნენ და ზურგს გაუხურებდნენ.

ბიჭი უცებ შემობრუნდა და ორთითიანად დარჩეულ ფუჩეჩებში შეძვრა. ბებერი ქაქანით შემოვიდა მარანში და კარები მჭიდროდ მიხურა.

- სად ეშმაკებში დაიკარგა ის ბიჭი, რომ ჯერ არ მოსულა შინ? დასწყევლოს ღმერთმა, რას დაეხეტება ამ შუაღამისას? ახლა ყვავმაც კი იცის თავის ბუდე.

მამამაგისია და, ბრიგადირია, დედამაგისია და, მერგოლური. ეგ ვისღა ემსგავსება, ქაა? წინათ არა უშავდა რა, კარგად სწავლობდა. ახლა მასწავლებლები ემდურებიან.

არა, უნდა ვუთხრა მაგის მამას, თორემ მთლად ხელიდან წავა. გაგონილა, ქა, მე მგონია, რომ შინ წიგნს უზის, ის კი სადღაც ეშმაკებშია დაკარგული. ტახტზე მარტო გოგოსღა სძინავს და ისიც გაუხდელი მიწოლილა.

ბებერი ისევ მონდომებით შეუდგა სიმინდის რჩევას და აზრად არ მოსვლია, რომ იქვე მისი კატის ჯალათი იჯდა და ზევიდან ყოველი გარჩეული ღეროს დადებაზე უსიამოვნოდ იშმუშნებოდა.

დიდხანს იყო გატრუნული ბიჭი. ბებერი კი არც აპირებდა დაძვრას ადგილიდან. მოსწყინდა სნაიპერს, თანაც საშიში იყო: ვინ იცის, იქნებ ნიკოც მოვიდეს და მოიწადინოს ამ ფუჩეჩის კუთხეში დაყრა. მაშინ რაღას აპირებს მრელაშვილი? ხომ თვითონვე ჩაუვარდება მტერს ხელში!

არა, არა, ახლავე უნდა გავიდეს გარეთ, თორემ ცუდ დღეს დააწევენ, თუ აქ მოატანეს. მაგრამ როგორ გავიდეს, როდესაც კარები ისე მჭიდროდ არის მიხურული, რომ სანამ იქამდე მივა, მანამ გონზე მოსული ბებია ჯოხს გაახურებს? ფანჯრიდან კი უფრო სახიფათოა - ვერ გადაასწრებს. ისევ ეშმაკობა ჯობია.

უეცრად ბებერმა დაინახა რომ დარჩეული ფუჩეჩი შრიალით და ჩუჩუნით აიწია, აიწია ზევით, ასცილდა ბებრის სიმაღლეს. მერე ისევ დაიწია, დაიწია და თავის დონეზე დაჯდა.

ბებერმა სიმინდის რჩევას თავი მიანება და თვალებად იქცა.

- ე რაღა ემართება ამ ფუჩეჩს, ქა? კარგა ხანს აცალა, როდესაც აღარ განმეორდა, მომეჩვენაო, დაასკვნა და ისევ სიმინდს დაუწყო რჩევა. მაგრამ დაადო თუ არა ზემოდან გარჩეული ღერო, ფუჩეჩის გროვამ ისევ დაიწყო აწევა, კვლავ ასცდა ბებრის თავს და მერე ისევ ძირს დაიწყო შარიშურით დაშვება.

ბებერი გაშტერდა, დაიბნა, შიშმა დაუპრანჭა სახე. როდესაც ფუჩეჩი ისევ აიწია და იქიდან ორი რქაც ამოეჩარა, გულგახეთქილი წამოვარდა ფეხზე: „მიშველეთ, ეშმაკიო!“ - იკივლა, მისი ასაკისათვის მოულოდნელი სიმკვირცხლით ეტაკა კარებს, როგორც იყო გააღო და გარეთ გავარდა.

სნაიპერი სწრაფად გამოძვრა ფუჩეჩიდან, გადააგდო ორთითის ნატეხი, აცოცდა კედელზე და გადაძვრა ფანჯრის ჩარჩოში. ბაღში ჩამხტარმა მოძებნა თავისი ფეხსაცმელი, წამოიცვა ფეხზე, გავარდა გზაზე და პირდაპირ ბუჩუკურთელის სახლისკენ მოუსვა...

 

ნაწილი 13

ვენახში

 

 

გულდადუღებული მიუყვებოდა ნიკო ორღობეს.

ეს რა უქნეს, იმ ციდა-მტკაველა თაღლითებმა განთქმულ ფეხბურთელსა და თავმომწონე ბიჭს? როგორ დაქანჩეს, გაქსუებული კამეჩივით დაიჭირეს და დააბეს!

საოცარია, თვითონ ის სანდროს გასატყეპად შევიდა ბაღში, სანდრო, როგორც ეტყობა, ზალიკოს „ჭკუის სასწავლებლად“, მაგრამ ის დანარჩენი არგასაზრდელები საიდანღა გაჩნდნენ ეგრე მოულოდნელად? ეშმაკები არიან, ქაჯები თუ ჭინკები?

პირიც რომ შეკრული აქვთ!

არა, ნიკო ამ შერცხვენას არ შეარჩენს იმ ლაწირაკებს, ჩაიგდებს ხელში და ცხვირიდან სულ ძმარს ადენს.

ბიჭმა ორღობე გაიარა, აუყვა ლაცაბიძიანთ აკაციების კედელს, გადაჭრა ბურდულაურისაკენ მიმავალი საურმე და თავიანთ ვენახში შევიდა. მიწის სიგრილეს ყურადღება არ მიაქცია, ბლის ძირას წამოწვა.

ღამე უკვე დაშვებულიყო, ცა ღრუბლების ხშირ ნაფლეთებს დაეფარა, ღრუბელთა შუა მეტიჩარა ვარსკვლავები იჭყიტებოდნენ.

ისმოდა ძაღლების შორეული ყეფა, ღვინის ქარხანაში ყურძნის მზიდავი მანქანების გუგუნი და მეურმეთა კანტიკუნტი შეძახილები.

ნიკო კარგა ხანს იყო გარინდებული და ვერც კი გრძნობდა ყნოსვის გამაღიზიანებელ და დამათრობელ სურნელს. მისდევდა თავის საფიქრალს და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ვენახის სიჩუმეში ფრთხილი ფეხის ხმა გაისმა.

ნიკომ ყური ცქვიტა, გაილურსა, ვინ არის ან რა უნდა ღამით ვენახში?

ბიჭი ბალს აეკრა.

სულ ახლოს გაისმა სვლეპა და ტუჩების წკლაპუნი.

ახლა მიხვდა ნიკო, რომ ვენახში ძაღლი შემოპარულიყო და ყურძენს ჭამდა.

გუმანით მოძებნა ღობის ძირას მიყრილი ქვები, სამი თუ ოთხი მოზრდილი აარჩია, ფრთხილად აიღო, მუცლით გაცურდა უხმაუროდ და მწკრივებშუა გაიხედა.

გამჭრიახმა თვალმა ვაზებში თეთრად რაღაც დალანდა.

უცებ ფეხზე წამოხტა, მაგრად დასჭყივლა და ზედ ქვები მიაყოლა.

ალბათ, რომელიმე „ბომბმა“ მიზანს უწია, რომ ძაღლმა შეჰყეფა და ვენახის ბოლოსაკენ გაენთო.

- ქვევით წავიდა, ბახსოლიანებისა იქნება, ეგენი დგანან ქვემოთა მხარეს.

ბიჭმა მწკრივები ჩაათავა და ბახსოლიანის ეზოს მიადგა.

- გიორგი, ჰაი, გიორგი!

ყური წაუგდო.

არავინ გამოხმაურებია.

კიდევ დაიძახა.

მცირე ხნის შემდეგ კარმა გაიჭრიალა, აივანს სინათლის ზოლი დაეცა და მოაჯირს ლანდი გადმოეყუდა.

- ვინ იძახის?

ბიჭმა იცნო ხმაზე მეგობარი და გასძახა:

- მე ვარ, გიორგი, ნიკო ვარ.

- რა გინდა, ნიკო?

- რა მინდა კი არა, ეგ ძაღლი დააბი, თორემ ფეხებს გავაფშეკინებ!

- რას ამბობ, რის ძაღლი, რა ძაღლი?

- რა ძაღლი და, ანდე ეგ თქვენი წუკლაკი.

- რას ერჩი ჩვენს ძაღლს, რა გინდა, ბიჭო?

- ის მინდა, რომ დააბა და აღარ შემოვიდეს. რა არის, მართლა და მართლა, გაატიალა მთელი ვენახი. რამდენჯერ უნდა გითხრა? მომბეზრდა, ძმაო, ავიღებ თოფსა და ვხეთქავ შიგ თავში, ჰოდა, მერე ნუღარ დამემდურები.

- აბა, აბა, აბა! ნუ გააფრინე. დიდი რამე, თუ ორიოდე მტევანი გასვლიპა. ეკუთვნის კიდევაც. დაკრეფის შემდეგ ხომ გიხარიან ხოლმე შიგ შესულ ცხენ-ძროხასა და ღორებს რომ აფრთხობს.

- შენ ნუ გამიბი სარეცხის თოკივით. აი, დავკრეფთ და მერე რამდენიც უნდა იაროს, არ ვუშლი.

- მაშინ რაღა ეშმაკი უნდა? - გაიკვირვა ბახსოლიანმა, - ძაღლს ახლა აქვს პირის გასველების დრო.

- პირის გასველება უნდა და, აი, ნახავ, თუ წელს არ მოვწყვეტ! - გაჯავრდა ნიკო.

- ჰო, ჰო, კარგი. ნუ ფაფხურობ ნამეტანს.

გიორგი ძირს დაეშვა.

დერეფანში ჯაჭვი აჩხარუნდა.

- ქედან, ქედან, ქედან! ტუგრი, ტუგრი, ტუგრი!

ეტყობოდა, პატრონის ძახილზე ძაღლი მივიდა, რომ გიორგი გაუწყრა.

- როგორ იძრობ საყელოს კისრიდან, შე სამგლევ, შენს თავს დააბრალე ახლა, რომ ეგრე გიჭირებ, აბა, კიდევ წაიძრე. ახლა ეგდე აქა და ფეხი არ მოიცვალო, თორემ, გაიგე, ძია ნიკო რას გიპირებს?

- გაგაძიანიკოვებ მე შენ, მოდი ახლა აქ.

ბახსოლიანი მოჩვენებით გაჯავრდა:

- რა გინდა, შვილო, ჯერ კინაღამ ძაღლი მომიკალ და ახლა მე მემუქრები?

- ოი, შენი შვილის მამას რა ვუთხრა, აჰა. გადმოდგი ფეხი, საქმე მაქვს, მე არ მეხუმრება.

ბახსოლიანი პირდაპირ ვენახის ღობეს მიადგა.

- რა გინდა, გადაყენებულო სარდალო?

ნიკოს ცეცხლი მოედო.

- შენღა გაკლდა და შენც აჰყევი სხვების ფეხის ხმას?

- ჰო, კარგი ერთი, გული ყელთან ნუ გაბია. რა გინდა?

- ვენახში გადმოდი.

- მანდედან მითხარი, განა ყურთ მაკლია.

- ვენახში გადმოდი, საქმე მაქვს.

ნიკომ ღობის ხვრელს ჯარჯი გამოაძრო.

გიორგი შეძვრა შიგ და მეგობრები ბლის ძირას დასხდნენ.

- შენი ხმალი და ჩემი კისერი, აბა, მითხარი, რა გინდა?

- ხუმრობის გუნებაზე არა ვარ, გიორგი, გულში ცეცხლი მიკიდია.

ბახსოლიანი გაოცდა:

- რატომ წეღანვე არა სთქვი? გადმოხვიდოდი ეზოში, გეჯა წყლითა გვაქვს სავსე.

ნიკო აიქოჩრა.

- მე ლამის ჯავრით გულზე გავსკდე და შენ მემასხრები?

- ჰო, კარგი, დაფქვი, რა მოხდა.

ნიკომ „დაფქვა“.

კარგა ხანს ისხდნენ ამის შემდეგ ორივენი ხმაამოუღებლად.

ბოლოს ბახსოლიანმა გატეხა დუმილის ყინული.

- ბევრნი იყვნენ?

- მთელი რგოლი, თავიანთი დამქაშებით.

- ჰოდა, შენ რაღას გადაეკიდე?

ნიკომ იფეთქა:

- რას მიედ-მოედები! მე გადავეკიდე თუ ისინი გადამეკიდნენ?

ბახსოლიანმა დაამთქნარა.

- ეს სულ ერთია, შენ გადაეკიდე თუ ისინი. ხელის გასვრად არა ღირან, დაეხსენ.

- დაეხსენო? - იდაყვზე წამოწოლილი ნიკო წამოჯდა, - ნეტავი ერთი ჩემ მაგიერ შენა ყოფილიყავ მსხალზე მიბმული, მაშინ ვნახავდი, როგორი ბიჭი იქნებოდი და რას იტყოდი.

ბახსოლიანი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

- აბა, სხვა რა უნდა გირჩიო? - ხელები განზე გაშალა ბახსოლიანმა, - მართლა მოეშვი, თორემ ეგენი შენ კარგ რამეს არ შეგყრიან. იმ დღესაც რომ ნახე, მაგათი რგოლის უფროსმა კინაღამ მარტო ენით წაგახდინა.

- ახ, გიორგი! რად დამიჭირე მაშინ და ერთი იმისი სეირი არ გაყურებინე! მე რომ იმ დღისით კარგად „მექეიფებინა“, ეგეთ რამეს ვეღარ გაბედავდა.

- ეგ უკვე ძველია, ახლა თქვი, რას აპირებ?

ნიკო ჩაფიქრდა.

- ეგ რაზმი როგორმე უნდა დავიბრუნო და მერე მე ვიცი.

ბახსოლიანი ფეხზე წამოვარდა.

- რაო? რაზმი უნდა დაიბრუნო მას შემდეგ, რაც სკოლაში გაგჯორეს და ვარდუაშვილი დანიშნეს შენ მაგიერ პიონერხელმძღვანელად?

ნიკო მწუხარებისა და გააფთრებისაგან დაიღრიჯა.

- მაშ რა ვქნა, გიორგი? ბოღმა ყელში მაწვება და ლამის დამახრჩოს. მე ეგრე გაფუჭებული ბალღი არ მინახავს. ვერ იქნა და ვერაფრით მოვდრიკე. ადამიანის რიდი და შიში არა აქვს. ჯერ მაშინ შემიკლა ხელში, როცა მაგათი პიონერხელმძღვანელი ვიყავი და ახლა სულ დამაჯდა თავზე. დამაჯდა კი არა, რა მიყო მაგ ლაწირაკმა, კაცო, რა მიყო. ვაიმე! ერთი ახლა მომცა ხელში აქა და შუაზე გავგლეჯავ.

- რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო. რაც მართალია, მართალია, არა ტყუოდნენ, როცა ეგ რაზმი წაგართვეს.

ნიკოს ცეცხლი მოედო.

- რატომ არა ტყუოდნენ, ქარიყლაპიავ, განა მთელი წელი მე არა ვცდილობდი, რომ კაცებად მექცია? განა სულ ჭკუას არ ვარიგებდი?

- მუშტითა და სილით ჭკუის დარიგება მე არ გამიგია, ძმაო.

- მაშ, რა უნდა მექნა, როცა სიტყვით ვერა შევაგნებინე რა?

- ცემით ვირსა სცემენ.
- როცა არაფერი ესმით, მაშ, ვირები არ არიან?

- ვირები ისინი კი არა, ვირი შენა ხარ, რომ დაგაბეს და თივაც არ დაგიყარეს. ეგრეა, ძმაო, ნუ უთხრი სხვას ორმოს, თორემ თვითონვე ჩავარდებიო. რა გინდოდა, რაზე შეეხირე იმ ბაღში?

- როგორ თუ რაზე? - უარესად მოიკიდა ცეცხლი ნიკომ. - მაშ, შემერჩინა მაშინდელი მასხარად აგდება? ჯერ დედამიწას არ ასცილებია და ჩხუბში მიწვევს: ნუ იჭერთ, გამოუშვითო. მოსაკლავი ხარ, რომ მაშინ არ გამიშვი.

გიორგიმ გაიცინა.

- ბიჭო, მადლობის მაგიერია? რომ გამეშვი, ხომ გაგწიწკნიდნენ ის რჯულზე ხელაღებულები? ჩვენს ბიჭებს მაგის მეტი სეირი კი არ უნდოდათ. ვერა ნახე, როგორ იდგნენ და იღრიჭებოდნენ.

ბახსოლიანი გაცურდა, ხელის ცეცებით შეარჩია მახლობელ ვაზზე მტევნები, მოწყვიტა და ერთი ნიკოს გაუწოდა.

- ჭამე, ბრაზი გაგინელდება.

ნიკომ აარიდა.

- არ მინდა, დამანებე თავი.

- კი მაგრამ, ამ ყურძენს რაზე აჭკნობთ ზედა, რატომ არა კრეფთ?

- ახლა მაგაზე მადარდე კიდევ.

- რატომ არ უნდა იდარდო, ძმაო? მაშინ ჩვენ რაღას გვერჩი? დაკრიფე და მოაშორე. ძაღლი არის, შიშით ვერ ამიშვია, ქათმებია და მთელ დღეს დამწყვდეულები გვყავს. დედაჩემი ამბობს, კვერცხს აღარა სდებენო. ქათამმა რა კვერცხი უნდა დადოს, თუ სუფთა ჰაერზე არ გაიარ-გამოიარა, ნაგავი არ გაქექა და ფრთა-მხარი არ გაიშალა?

- როგორ, შენმა ქათამმა უეჭველად ჩემს ვენახში უნდა გაშალოს ფრთა-მხარი?

გავიდნენ რიყის მხარეს.

- რიყისაკენ არ მიდიან, ბიჭო, რადგან აქ ყურძენი ეგულებათ. მაინც, რატომ არა კრეფთ, ხომ ფუჭდება ყურძენი?

- რა ვიცი, აბა, შინაური საქმე სულ ჩემზე და ბებიაჩემზეა მიგდებული.

- ჰოდა, შე დალოცვილო, შენც ადექი და დაკრიფე. ხალხი არა ვართ? ვუთხრათ ჩვენს ბიჭებს და მოგეშველებით. არც გოგოები იტყვიან უარს. კვირას მივესიოთ და ერთ დღეს სულ ბდღვირს გავადენთ.

- მაგაში კი დარწმუნებული ვარ, მართლა ბდღვირს გაადენენ. ვეღარც გადავურჩები მამაჩემს.

- აბა, მაშ, როდემდის უნდა იყოს დასაკრეფი.

- შენ მაგაზე ნუ კი წუხხარ, შენ ის მითხარი, როგორ უნდა მოვუარო ამ საქმეს. სანამ მე იმ ცინგლიანებს არ გავასილაქებ, მანამ ვერ მოვისვენებ. ისევ ეგ რაზმი უნდა ჩავიგდო ხელში, თორემ ისე არაფერი გამომივა. მივალ და ვეტყვი გივის, რომ თვითონვე აიღოს ხელი. გუნდიდან გავაგდებ, თუ უარი თქვა.

- ვერ გააგდებ, გუნდი შენი კი არა, სკოლისაა. შენ მხოლოდ კაპიტანი ხარ. ეგეც არ იყოს, გინდა გააგდო, მაგისთანა გარემარბს ვერც იშოვი.

- არც მინდა, უმაგისოდაც იოლას წავალთ.

ბახოლიანი ჩაფიქრდა.

- თვითონ უარს არ იტყვის, ვერც ძალით ააღებინებ ხელს. ჩხუბს კი არ გირჩევ. ეჰ, შე ჩერჩეტ-ნიკო, თუ ფლავი გინდოდა, ქვაბს უნდა გაფრთხილებოდი. ახლა წადი და ირიკავე. განა რამდენი ხანია, რაც პიონერხელმძღვანელად დანიშნეს, და უკვე თელავში ჰყავდა მთელი რაზმი.

მუზეუმი დაათვალიერებინა, ერეკლეს ციხე აჩვენადა „ბატონისწყალზედაც“ კი ჩაიყვანა. ახლა მომავალ კვირისთვის ძველი შუამთის ჩვენებას აპირებს და იქიდან ბაში-აჩუკის გამოქვაბულშიც უნდა აიყვანოს.

- ზღაპარია, - ღვარძლიანად წაილაპარაკა ნიკომ. - მარტო ყბედობს. ეგ წმინდა შიოს კლდეზედაც აპირებდა თურდოს გამოქვაბულში ასვლას, მაგრამ ვერ ავიდა, ჯერ არც არავინ ასულა. ხალხს ეშინია და ნურც შენა გგონია ეგ შენი გივი ეგრე გულადი.

ნარუსლიანთ საბამ უთხრა, ეშმაკებით არის სავსეო, და მაგანაც დაიჯერა.

- ნუ სტყუი, ნიკო, აბა, რა სისულელეა ამოდენა კაცისაგან საბა პაპას ნათქვამის დაჯერება? სწორედ ის არწმუნებდა: პაპავ, იქ ეშმაკები კი არა, ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ შიშიანობის დროსო, - უცებ გიორგიმ გადაიხარხარა, - მართლა, გროზნი, თურმე, დღეს ჰყვებოდა კანტორის ეზოში: ფერისცვალების საყდრიდან ეშმაკები გამოვიდნენ და კელაპტრებით და სანთლებით მომესალმნენო.

ნიკომ არ დაიჯერა.

- აი, ჰკითხე დედაჩემს.

- მაგან თუ ერთი დალია, მერე მორჩა, ეშმაკები კი არა, იქნება ისიცა თქვას:

კიკაბაურებზე კოლუმბი მოდიოდა „ზიმითო“.

ვიღაცამ თუ რაღაცამ ვენახის ღობეს სირბილით ჩაუარა და რიყისკენ დაეშვა.

- რა იყო?

- ეშმაკმა იცის მაგისი თავი, ვიღაცამ გაირბინა.

- ჯანდაბას იქით წასულა. რა მესაქმება? მე იმას გეუბნები, რომ ის რაზმი ისევ მე უნდა ჩავიგდო ხელში.

- მეც იმას გეუბნები, რომ მაგაზე ფიქრს ქუდი მოუხადე. დალოცვილო, შენ ბურთს გადაჰყევი და სწავლაც დაივიწყე და რაზმიც. ვინ შეგარჩენდა?

- გიორგი, ერთი რამ მოვიფიქრე: როცა ეგ რაზმს წაიყვანს, ჩვენც უნდა წავიდეთ.

- ჩემი თავი შენ გენაცვალოს! მაინც ვაპირებდი და, თუ შენც წამოხვალ, მაგას რა სჯობია?

- არა, გიორგი, ვერ გამიგე, მე და შენ ცალკე უნდა წავიდეთ.

- რატომ ცალკე?

- ვარდისუბნის თავზე უნდა გადავიაროთ და მეორე მხრიდან უნდა ავასწროთ გივისა და მის რაზმს.

- რატომ უნდა ავასწროთ და ან იმ უგზოზე რად გვინდა ხეტიალი?

- ყური დამიგდე: უნდა ავასწროთ და, როცა ისინი ამოსვლას დაიწყებენ, ჩვენ ქვები უნდა დავაგოროთ.

გიორგი შეხტა.

- გაგიჟდი, ნიკო? რის ქვები, რა ქვები! ხომ დაეჯახა ვინმეს და მოკლა! არა, ძმაო, მე ვერ წამოვალ.

- დამაცა, მათქმევინე.

- არა-მეთქი, და არც შენ გირჩევ, სიგიჟეა, რას ფიქრობ, რომ მოხვდეს ვინმეს?

- სულელო, დამაცა, გითხრა. მართლა გიჟი ნუ გგონივარ. პატარა ქვებს დავაგორებთ, ისე, რომ დიდი არაფერი ავნოს ვინმეს. ერთ-ორ ბავშვს შეიძლება კოპიჭი დააჯდეს თავზე, ერთ-ორს შეიძლება ხელი ატკინოს.

- მერე, გივის რა, ბალღებს რომ რამე ატკინო?

- სულელო, გივის ისა, რომ გალანძღავენ და რაზმს წაართმევენ. ნუთუ აქამდის ვერ მიხვდი?

- არ ივარგებს, დაანებე თავი, რამე სხვა მოვიგონოთ, ასეთ ხუმრობაზე არც იფიქრო.

ახლა უკვე ძილის დროც არის. მე წავედი და მეორედ ასეთი რამ თავში არ გააჭაჭანო.

გულაღრენილი ნიკო კარგა ხანს უგდებდა ყურს ფეხის ხმას და როცა მიწყდა, გაბრაზებით წაიბურდღუნა:

- არ წამოხვალ და მე წავალ.

ადგა, ღობეში გასაძრომს ჯარჯი ისევ გაუკეთა და შინისაკენ გასწია.

აივანზე ავიდა და ძლიერ გაოცდა, ოთახის კარი ჩაკეტილი რომ დაუხვდა.

შიგნიდანაც ბაიბური არ ისმოდა.

მიაწვა, - არ გაიღო.

- წავიდნენ სადმე თუ გადაშენდნენ ერთიანად, რა დაემართათ?

კიდევ მიაწვა კარს და ააჭრიალა.

ახლა კი გარკვევით გაიგონა შიგნით ჩურჩული.

- ღმერთო მიშველე და შენ დამიფარე მავნე სულისაგან.

ნიკომ ხმაზე ბებია იცნო და გაბრაზდა.

- რას ჩაგიკეტავთ კარები, ვინ გივარდებათ სახლში?

შიგნით წაიკნავლეს:

- ნიკო, შენა ხარ?

- მე ვარ, მაშ, ვინ ჯანდაბაა, გააღე კარები.

კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა.

ნიკომ რომ დაატყო, არ აღებდნენ, აყვირდა და უფრო შეანჯღრია კარი.

- რა დაგემართა, ბებო, გააღე კარები.

მცირე ხნის შემდეგ ისევ მოისმა შიგნიდან:

- მართლა შენა ხარ, ბიჭო?

- მე ვარ, კაცო, მაშ, ვინა ვარ. რა დაგემართათ, გააღეთ კარი.

კიდევ გავიდა ორიოდე წუთი და მოისმა იატაკზე ფლოსტების ფლასუნი.

ვიღაც გაჩერდა კართან და კიდევ ჰკითხა:

- ნიკო ხარ, შვილო?

ნიკო გაგიჟდა.

- ეს ხალხი გადამრევს ამ საღამოს. მე ვარ, მაშ, ვინ დარდუბალაა! გააღე, კაცო, კარი!

და როცა დაატყო, არ აღებდნენ, ჯიბიდან დანა ამოიღო, ერთი პირი გახსნა, კარებში შეყო და რაზას ამოჰკრა.

კარი გაიღო და ნიკო ბნელ ოთახში შევიდა.

გაისმა ბებრის კივილი და ნიკომ ნათურის ღილიც გადაატრიალა. ოთახი სინათლემ გააჩირაღდნა და ნიკოს გაოცებისაგან კინაღამ თვალები წამოუცვივდა:

ბებიას მიძინებული ციალა აეხუტებინა მკერდზე, კარადასთან მიკუნჭულიყო და ბებრული სახე შიშისაგან უარესად დაპრანჭვოდა.

კარგა ხანს იყო ასე ბებერი. მერე, როცა დარწმუნდა, რომ შემოსული ნამდვილად მისი შვილიშვილი იყო, გამოღვიძებული ბავშვი როგორც იყო საწოლზე დააწვინა და თვითონაც იქვე ჩაიკეცა.

ნიკო მივარდა, ფეხზე წამოაყენა.

- რა იყო, ბებო, რა დაგემართა ან ჩვენები სად არიან?

- ისევ დაკეტე კარები, შვილო. მარანში ეშმაკია.

ნიკომ ახლა კი პირი დააღო.

- რაო, ბებო, რა სთქვი?

- მარანში ეშმაკია, შვილო, - ძლივს ამოღერღა ბებერმა.

ნიკომ კედლიდან ხანჯალი ჩამოიღო, ჯიბის ფარანი აიღო და მარანში ჩავიდა.

ვარცლი თავის ადგილზე იდგა.

ორომიც იქვე ეყუდა.

კედელთან ძველი საწნახელი იდო და შიგ სიმინდი მოჩანდა.

კალანჩხაში ეყარა ღინკლა ტაროები.

მეორე კედელთან ყოველგვარი ზომის ქილები ჩვეულებრივ მწკრივად ელაგა.

გაურჩეველი სიმინდის კონები წყობად ეწყო.

მხოლოდ დარჩეული ფუჩეჩი იყო არეული და იქვე ორთითის ნატეხი ეგდო.

ეშმაკი არსად ჩანდა.

ნიკომ ორთითის ნატეხი ხელში აიღო, მცირე ხანს ატრიალა, მერე კუთხისკენ ისროლა და გაოცებისაგან ხელები განზე გაშალა.

- დღეს ან ეს ხალხია გადარეული და ან მე აღარა ვარ ჩემს ჭკუაზე.

 

ნაწილი 14

ლენა

 

 

სანდროს ლენა იასამნების ქვეშ დაუხვდა.

გოგო გაკვეთილებს ამზადებდა.

ბიჭმა გაიკვირვა:

- გაკვეთილებს ხვალ ვერ დაამზადებ?

- როგორ, ხვალ შენ არ მიდიხარ სიმინდის სამტვრევად?

- მე კი მივდივარ, მაგრამ გოგოებს რაღა გინდათ იქ?

- შენ, სანდრო, რატომ უყურებ გოგოებს ასე ათვალწუნებით? შენ რატომ...

- კარგი, კარგი, ლენა, წამოდი, ისე... შენ, საერთოდ, ყოჩაღი გოგო ხარ... ჩემს რგოლშიც იმიტომ დაგტოვე.

- როგორ თუ დამტოვე? მეც გარიცხვას მიპირებდი?

- არა, გარიცხვას კი არა, ისე... უნდა მეთხოვა, დალის რგოლში გადასულიყავი.

ადგილს გაუცვლიდი სნაიპერს.

- ვინ სნაიპერს?

- ვახტანგ მრელაშვილს.

- შენ გინდა, რომ მე იმ რგოლში გადავიდე, სანდრო?

- არა, მე მინდოდა შენთვის მეთხოვა, ლენა.

ფეხზე წამომხტარი გოგო ძალიან ნაწყენი დაჯდა, იასამანს ერთი ტოტი წაატეხა და ფოთლებს გლეჯა დაუწყო. მერე წარბშეყრილმა შეხედა და თითქმის ჩურჩულით უთხრა:

- კარგი, წავალ შენი რგოლიდან.

- აი, ლენა, ხომ გითხარი, კარგი გოგო ხარ-მეთქი? ახლა კი ნამდვილი გუნდი მეყოლება, თუ ლილიც დავითანხმე.

გოგომ ყური ცქვიტა.

- რა გუნდი გეყოლება?

- ფეხბურთის გუნდი. მარტო ჩემი რგოლი იქნება... და სულ ერთია, გინდა ბუჩუკურთელის რგოლი დაუძახე, გინდა ბუჩუკურთელის გუნდი.

გოგომ წიგნი დაკეცა, იდაყვები დააყრდნო ზედ და მუშტები ლოყებზე შემოიწყო.

- მერე, გაკვეთილები?

- შენ არ შეგიმჩნევია, რომ ახლა უფრო ხშირად ვიცი ხოლმე გაკვეთილები?

- შევამჩნიე... მერე რა?

- მერე ისა, რომ არ მინდა ვინმემ თქვას, ნიკოსავით ბურთს გადაჰყვა და გაკვეთილებს აღარ ამზადებსო. ჩვენი ბიჭები ახლა უფრო კარგად მეცადინეობენ.

ერთმანეთს ვეხმარებით, არითმეტიკაში სოსოსთან ვმეცადინეობ, გეოგრაფიას კი ეფრემას ბიჭს მე თავად ვასწავლი... იცი, რა მოვიგონე ახლა, ლენა?

- რა მოიგონე?

- ის მოვიგონე, რომ სანამ მინდორში ბურთის თამაშს დავიწყებდეთ, მანამდე დავსხამ ბიჭებს და მეორე დღის გაკვეთილს ვაყოლებინებ... თუ არ იციან, სანამ სიტყვას არ მომცემენ, რომ ისწავლიან, თამაშს არ ვიწყებ.

- ოჰო! - გაიკვირვა გოგომ, - ხშირად თამაშობთ?

- ხშირად.

- მაშ, რატომ „ხშირად“ არ იციან გაკვეთილები შენი რგოლის წევრებმა?

- ჯერ არ მიჩვეულან, ლენა. აი, მიეჩვევიან და ნახავ, როგორი ბიჭები იქნებიან. ახლა უფრო უკეთ სწავლობენ, რადგან იმ კაცს ბურთს არ ვაკარებ, ვინც გამოკითხვისას არა მპასუხობს კარგად.

- შენ ყოველთვის იცი გაკვეთილი?

- არა. - სტუმარმა გვიან გასცა პასუხი.

- როცა გაკვეთილი არ იცი, მაშინ მაინც თამაშობ ბურთს?

- ვთამაშობ.

- რატომ თამაშობ ხოლმე შენ მაშინ, როცა სხვებმა თუ არ იციან, არ ათამაშებ?

- როგორ? - დაიბნა ბიჭი, - მე კაპიტანი ვარ და უნდა ვითამაშო.

გოგო ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და სანდროს თვალებში ჩახედა.

- აი რა, სანდრო... მე ხშირად გამიგონია ჩვენი გოგო-ბიჭებისა და უფროსებისაგან, რომ შენ ყოჩაღი და კარგი ბიჭი ხარ.

ბიჭს ეამა ქათინაური და კისერი მოიმამლაყინწა.

გოგომ განაგრძო:

- შენ გინდა, რომ შენი რგოლი სანიმუშო იყოს, ყველა კარგად სწავლობდეს, გამბედავები და კარგი ფეხბურთელები იყვნენ?

- მინდა, რა თქმა უნდა, მინდა.

- პატიოსნები და სამართლიანები იყვნენ.

- ჰო, აბა რა!

- მაშინ, სანდრო, პირველ რიგში შენ უნდა იყო პატიოსანი და სამართლიანი?!

- როგორ! - შეხტა ბიჭი და აიმრიზა. - მე არა ვარ სამართლიანი?!

- არა.

- რატომ?

- აი, რატომ, სანდრო: შენ როდესაც გაკვეთილი არ იცი, ბურთს მაინც თამაშობ, ხოლო სხვებმა თუ არ იციან, არ ათამაშებ.

- მერე რა, მე კაპიტანი ვარ.

- კაპიტანი რა შუაშია, სანდრო. თუ გინდა, რომ სხვებმა გაგიგონონ და დაგიჯერონ, შენს თავსაც ისე მოექეცი, როგორც სხვებს ექცევი, როცა გაკვეთილი არ იციან... აბა, რამდენიმეჯერ სცადე, სანდრო, და ნახე, როგორი კარგი იქნება.

ბიჭი გაოცებით მიაჩერდა მასპინძელს. კარგა ხანს ისე უცქირა, თითქოს ამ გოგოს პირველად ხედავსო. მერე იასამნებს იქით გაიხედა.

- შენ მართალი ხარ, ლენა... ვეცდები ისე გავაკეთო, როგორც შენ მირჩიე...

მხოლოდ... აი, ლილის უთხარი, ზიზის რგოლში გადავიდეს... სთხოვე, მე არ დამიჯერებს, აყვირდება, ქვეყანას შემიყრის. შენ კარგი გოგო ხარ... ან პაპაშენს უთხარი. ძალიან უყვარს ლილის პაპაშენი. იმას გაუგონებს. მართლა, სად არის პაპაშენი, რამდენი ხანია, თვალი არ მომიკრავს.

- აკადემიაშია, - ლენა უცებ გამოცოცხლდა და გადაიკისკისა. - იცი, სანდრო, პაპაჩემს ფერისცვალების საყდრიდან გამოცვივნილი ეშმაკები უნახავს. გაგიგია ასეთი რამე?

სტუმარი პასუხზე შეყოყმანდა. მან კარგად იცოდა, რომ სოფელში გროზნამ დაარხია ეს ხმა, მაგრამ მაინც იხტიბარი არ გაიტეხა.
- ტყუილია, ლენა. იქ არავითარი ეშმაკები არ ყოფილან.

სანდრომ სიფრთხილით აქეთ-იქით მიმოიხედა და მაგიდაზე მასპინძლისკენ ჩურჩულით გადაიხარა.

- ის ეშმაკები ჩვენ ვიყავით.

გოგომ გაოცებისაგან უკან დაიწია.

- როგორ თუ თქვენ?

- ღამე წავედით. გვირაბში გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ სახურავს კლიტე ადევს და ვერ გავაღეთ.

- იმ ბნელ გვირაბში გინდოდათ ჩასვლა?

- ჰო, გასანათებლად სანთლები წავიღეთ.

- აჰ! - წამოიძახა გოგომ, - პაპაჩემმაც ასე თქვა, სანთლები ეჭირათო. მერე რატომღა გამოცვივდით ისე სწრაფად გარეთ?

- მელანა ბებოს ძროხას მგელი ჭამდა.

- მგელი?

- ჰო, მგელი.

- ნამდვილი მგელი?

- ნამდვილი, აბა, მაღაზიაში ნაყიდი?..

- მერე, სანდრო? - გოგო წინ გადმოიხარა.

- გადავარჩინეთ.

- როგორ, თქვენ გადაარჩინეთ მელანა ბებოს ძროხა?

- ჩვენ ვიყავით.

გოგოს თვალები უბრწყინავდა.

- როგორ გადაარჩინეთ, მგლისა არ შეგეშინდათ?

ბიჭი ამაყად გაიმართა წელში.

- ჩვენ მშიშრები არ გახლავართ. სულ ვეფხვებივით ბიჭები ვიყავით, ერთი მგელი რას გვიზამდა? მოვკალით და გავატყავეთ კიდევაც.

გოგო აკისკისდა.

- მოჰკალით და გაატყავეთ კიდევაც?

- მოვკალით და გავატყავეთ კიდევაც.

- არა სტყუი, სანდრო?

ბიჭი წამოდგა და უკმეხად გადახედა მასპინძელს.

- გამოდის, რომ შენთან არც ღირს ლაპარაკი.

გოგო წამოხტა და ხვეწნით ისევ დასვა სკამზე.

- მოიცა, სანდრო, მე ხომ იცი... თითქოს არა მჯერა.

- არა გჯერა და ნუ გჯერა. არავინ გეხვეწება, დაიჯერეო... აი, თუ ჩემთან მოხვალ, გაჩვენებ ტყავს. სხვენში მაქვს. გავჭიმე და, რადგან ბევრი მარილი ვერ ვიშოვე, ნაცარი წავაყარე.

- მართლა მოვიდე, სანდრო?

ბიჭი ცოტა ხანს შეყოყმანდა. მერე გაახსენდა აქ მოსვლის მიზანიც, და დათანხმდა.

- მოდი, მხოლოდ არავის უთხრა.

- არ ვეტყვი.

- დაიფიცე.

- მამა მომიკვდეს.

- კარგი, როცა გინდა, მოდი და გაჩვენებ. - სტუმარი ერთხანს დაფიქრდა, მერე ლენას ტკბილი ხმით ჰკითხა:
- ის გვირაბი არ გინახავს, ლენა?

- არა.

- არც გინდა ნახო?

- როგორ არ მინდა, მინდა, მაგრამ პაპა არ მიშვებს, ეშინია.

- რისი ეშინია?

- არ ვიცი.

- იქნებ იქ ჩაბუდებული ეშმაკებისა? - გაიღიმა ბიჭმა.

- არ ვიცი, შეიძლება მაგისაც.

- შენ გჯერა, რომ ეშმაკები ნამდვილად არსებობენ?

ლენა დაფიქრდა.

- არა, სანდრო, ეშმაკები, საერთოდ, არ არსებობენ.

- არც მოგლანდებია როდისმე?

- როგორ თუ მომლანდებია?

- აი, ღამე სადმე არ გივლია?

- როგორ არა, თბილისშიც და აქაც.

- ვინმესთან არა. მარტო თუ გივლია.

- ლილისთან ვყოფილვარ ღამე და იქიდან შინ წამოვსულვარ.

- ჩვენს ხევში თუ ჩასულხარ ღამე?

- ჩავსულვარ.

- არაფერი მოგჩვენებია?

გოგო აიბუძგა.

- არ მომჩვენებია, სანდრო, რა ეჩვენებათ ხოლმე?

- რა ვიცი, ვინც მშიშარაა, ხშირად ეჩვენება.

- შენ მოგჩვენებია, სანდრო, როდისმე?

- ერთხელ მომეჩვენა, მთაში.

- ნამდვილად, სანდრო?

- ნამდვილად, მაგრამ მერე ადამიანი გამოდგა.

- ეგ როგორ, სანდრო, ადამიანად იქცა?

- არა, ადამიანად კი არა, თვითონ იყო ადამიანი, ჩემი შეშინება უნდოდა.

- მერე არ შეგეშინდა?

- ცოტა შევფიქრიანდი, - გამოტყდა ბიჭი, - მაგრამ პაპაჩემისეული დამბაჩა მქონდა გატენილი და შიგ ანთებულ თვალებში დავახალე.

- როგორ თუ ანთებულ თვალებში?

- აი, როგორ: აყუდებულის მთა არის ერთი, სადაც ჩვენი კოლექტივი ბალახს თიბავს ხოლმე. მამაჩემმა კარგი თიბვა იცის და როცა სათიბავად მიდიან, მეც მივყავარ ხოლმე... ეს შარშანდელი ამბავია... ჰოდა, იქ, დაბლა, ხევში, ერთი ცივი წყაროა, შამბიან-ბურახიანი. იქამდე ჩასასვლელი ბილიკი ხეებითაა ჩაბნელებული, წყალი იქიდან ამოაქვთ ხოლმე მთიბავებს. ერთ საღამოს ბაზერაანთ მიხა დანაძლევებია მამაჩემს: შენი ბიჭი ახლა წყაროდან წყალს ვერ ამოიტანს, შეეშინდებაო. მამაჩემმა იცის, რომ მე მშიშარა არა ვარ, კარგიო, - უთქვამს. გამგზავნეს წყალზე.

წავედი და ტყისპირა ბულულის ქვეშ დამალული ჩემი დამბაჩა გამოვიღე, ჯიბის ფარანიც გავიყოლე. მგლებს სინათლისა ეშინიათ... მიხას თურმე ჩუმად მოულაპარაკია ლაცაბიძიანთ ფარნაოზთან. ჰოდა, წყალზე წასული, ტყეში რომ შევედი, უცებ ისეთი ღრენა-ღმუილი გავიგონე, კინაღამ ხეზე არ ავვარდი. გავიხედე, მოშორებით ორი ანთებული თვალი მიყურებს.

- ვაიმე! - უცებ წამოიძახა გოგომ, - მე გული გამისკდებოდა.

- მერე?

- მერე არაფერი, ვიძრე დამბაჩა და დავახალე.

- მოკალი? - აღტაცებით დაიძახა გოგომ.

- ვერა.

- მაშ, როგორ გადარჩი? არ გიკბინა მაინც?

- მგელი არა ყოფილა.

- ეშმაკი? - კიდევ აიბუძგა გოგო.

- არა, ლაცაბიძიანთ ფარნაოზი იყო.

- როგორ გაიგე?

- თვითონ დაიძახა: არ მომკლა, შე ქვისნატეხო, ლაცაბიძიაანთ ფარნაოზი ვარო!

- მაშ, თვალები როგორ უელავდა?

- ორი ანთებული პაპიროსი მიეტანა თვალებთან.

- ვაიმე! რაზე მოკლავდი!

- მაშ, რაზე მოვკლავდი!.. წააგეს სანაძლეო.

- ესე იგი, ეშმაკი არ იყო.

სანდრომ გაიცინა.

- როგორც გინდა დაუძახე, ფარნაოზი ეშმაკზე ნაკლები არ არის.

გოგო კვლავ ჩაფიქრდა.

- მაშ, შენ კიდევ აპირებ წასვლას?

- ჰო, მარტო მე კი არა, მთელი რგოლი წავალთ.

- დღისით?

- არა, დღისით პაპაშენი დაგვიფრენს იქიდან. ღამე.

- ბევრი იქნებით?

- თერთმეტ-თორმეტი კაცი.

- უჰ! იცი, სანდრო... მე ვერ წამიყვანთ?

სანდრო წამოხტა, გოგოს ახედ-დახედა და ჩაიხითხითა.

- შენა? ღამე, აკადემიაში, გვირაბში!

- ჰო, სანდრო, წამოვალ.

- მერე, არ გეშინია?

- თქვენთან არ შემეშინდება, სანდრო, და, საერთოდ, არა ვარ მშიშარა.

- შეგეშინდება.

- არ შემეშინდება.

- ინანებ ლენა.

გოგო დაფიქრდა.

- არ ვინანებ.

ბიჭმა ყინჩად გაიარ-გამოიარა მაგიდის გასწვრივ, მერე გაჩერდა და ღირსებით, დიდსულოვნად დართო ნება.

- კარგი, წამოდი.

მასპინძელი სიხარულით შეხტა.

- რა კარგია, უეჭველად წამოვალ, სანდრო... როდის წახვალთ?

- აი, საქმეც ეგ არის, ლენა.

- რა არის, სანდრო?

- რა და ისა... რომ გვირაბის გასაღები არა გვაქვს და პაპაშენი ხელშიც არ გვიგდებს.

- მაშ, რა უნდა ვუყოთ? - დაღონდა გოგო.

ბიჭმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა.

- აი, რა ლენა, უნდა მოჰპარო პაპაშენს ის გასაღები.

ლენამ უკან დაიხია.

- არა, სანდრო, მე მაგას ვერ ვიზამ.

ბიჭმა ყურები ჩამოყარა.

„ერიჰაა! მაშ, ამდენ ხანს ტყუილად ვიქაქანე? ნუთუ გასაღებს ვერ ჩავიგდებთ ხელში!.. არა, გასაღები აუცილებელია“.

- როგორც გინდა, ლენა, მე შენთვის გეუბნები, უმაგისოდ ჩვენ იქ ვერ ჩავალთ... და არც დავკარგავთ იმ გასაღებს. ისევ მოვუტანთ.

- არ შემიძლია, სანდრო.

- რატომ? იმას რა დიდი რამე უნდა?

- მოპარვა? არა, სანდრო, ჩემს სიცოცხლეში არაფერი მომიპარავს.

ბიჭი დაღონდა.

- როგორმე სხვანაირად ჩავიდეთ, სანდრო.

- ის ერთი ჩასასვლელია, სხვა გზა არა აქვს.

- მაშ, რა ვუყოთ?

- უნდა მოვპაროთ.

- არ შემიძლია.

- იცი რა, ლენა, განა ეგ ქურდობა იქნება? არ იქნება, დამიჯერე. ქურდობა რომ იყოს, მე თვითონ არ გირჩევდი. გასაღებს ისევ დაგიბრუნებთ, არ დავკარგავთ.

- რომ დავკარგოთ?

- არ დავკარგავთ.

- კარგი, სანდრო, ოღონდ ნუ დავუკარგავთ. ძებნას დაუწყებს და იწვალებს, - როდის-როდის ამოღერღა გოგომ.

- უეჭველად წაგიყვანთ შენც, ლენა.

- კარგი, როდის წავალთ?

- გაგაგებინებთ.

- არ გამომიშვებენ, ჩუმად უნდა გამოვიპარო.

- კარგი, გამოიპარე.

- როგორ გამაგებინებთ?

- დღისით გეტყვით, ღამე კი გოგია ჭოტივით დაიკივლებს.

- როგორ კივიან ჭოტები?

- აი, ასე: ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ! - დააჯავრა ბიჭმა, - სამჯერ დაიძახებს და გამხმარ ნეკერჩხალთან დაგიცდის რიყის პირას.

- კარგი, გამოვალ.

- ახლა წავედი, ლენა, - აჩქარდა ბიჭი.

- კარგი, წადი, სანდრო. ხვალ ხომ მოხვალ სიმინდში?

- უეჭველად.

უცებ გოგოს რაღაც გაახსენდა და გაბრუნებულ ბიჭს გასძახა:

- სანდრო!

- რა გინდა, ლენა? - ბიჭი შეშფოთებული მოტრიალდა, გასაღების მოპარვა ხომ არ გადაიფიქრაო.

- იცი, რა, სანდრო, - მიუახლოვდა გოგო, - შენ და ნიკომ რაზე იჩხუბეთ?

ბიჭი შეხტა გაოცებისაგან.

- როდის, ვინ გითხრა?

- არავინ, ხმები დადის.

- როგორ თუ ხმები? რა ხმებია. ზალიკო გეტყოდა.

- ზალიკო არც მინახავს სალაპარაკოდ.

ბიჭი აფეთქდა.

- ჩვენი რგოლიდან თქვა ვინმემ?

- თქვენს ბიჭებს გაზით ვერ ამოაცლი ასეთ რამეზე სიტყვას.

- მაშ, ვინ მოჩმახა?

- არავინ, მე თვითონ ვიცი.

- საიდან იცი?

- ვიცი.

- სისულელეს ამბობ.

გოგომ იწყინა.

- აქ დამიცადე, ამ წუთში მოვალ.

შემცბარი ბიჭი უნებურად გაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ გოგო სახლიდან გამოვიდა და თან მთელი დასტა ქამრები გამოიტანა.

- წაიღე, სანდრო. ნიკო მე ავხსენი მსხლიდან... სამჯერ მოვიდა, მეხვეწა და არ გავატანე... წაიღე, ბალთაზე და ამომწვარ ასოებზე ვიცანი შენი ქამარი.

იდგა გახევებული ბიჭი და მზერა ხან ქამრებზე გადაჰქონდა და ხან მის მომტანზე. მერე გოგრის თესლივით ბრტყელი და თეთრი კბილები გამოყარა გარეთ.

- აი, თურმე რატომ ვერ მოიტანა სნაიპერმა იმ ღამეს.

კარგა ხანს არაფერი უთქვამს. მერე მადლობა გადაუხადა და გახარებულმა შინისაკენ გასწია.

გულდაწყვეტილი გამობრუნდა გოგო, მაგრამ ჯერ კიბემდე არც კი იყო მისული, რომ ისევ დაუძახეს.

ლენა გამოტრიალდა.

მობრუნებული სანდრო წინ გაუჩერდა და ერთხანს იტკეპნებოდა ადგილზე. მერე უცებ თავი ასწია, თვალებში შეხედა და ყოყმანით თქვა:

- იცი, რა ლენა, პიონერხელმძღვანელს ნუღარაფერს ეტყვი დალის რგოლში შენს გადასვლაზე...

 

ნაწილი 15

გვირაბი

 

 

ბროწეულების მხრიდან ჭოტმა სამჯერ დაიძახა.

ლენამ თავი ასწია და ოთახი მოათვალიერა. დეიდა კედლისაკენ გადაბრუნებულიყო და ისე ეძინა, ხოლო საბანქვეშ არხეინად გაშოტილი პაპა მადიანად ხვრინავდა.

გოგომ, როგორც გოგიამ ასწავლა, ტახტიდან მუთაქა აიღო, თავის საბანქვეშ ჩადო, ფრთხილად გადაიცვა კაბა და კარისკენ წავიდა.

ჭოტმა კვლავ სამჯერ დაიძახა.

ლენამ რაზა ასწია.

რაზამ ჩხაკუნი მოიღო.

გოგო კარებს აეკრა და გაშეშდა.

პაპას ჩუჩუნი არ გაუღია, დეიდამ საბანი მჭიდროდ ამოიჭუჭკნა და კვლავ მიყუჩდა.

გოგო ფრთხილად გამოვიდა გარეთ. ალმასა კუდის ქნევით მიესალმა და დაედევნა.

გოგომ ძაღლი უკანვე გააბრუნა. ეზო გადაჭრა და შედგა.

მთვარის ნალევი მკრთალად ანათებდა იქაურობას.

შესცივდა. პალტო შეიკრა და ხეთა ჩრდილებს დააკვირდა - შავად დაებნელებინათ ხევში ჩასასვლელი. შეშინდა: განა სიგიჟე არ არის ახლა ძველ აკადემიაში წასვლა?ვინ იცის, მთელი გზა და იქაურობა მგლებით არის სავსე? შინ კი თბილა და კარები ჩაკეტილია. ხომ არა სჯობია, უკან დაბრუნდეს?

ჭოტმა კიდევ სამჯერ დაიძახა.

გოგომ გამხმარი ხისკენ გაიხედა.

ხის ტანს უცებ ვიღაცა მოსწყდა და მთვარიანში გამოვიდა. გოგომ შიშისაგან უკან დაიხია და კინაღამ შეჰკივლა.

- შენა ხარ, გოგი?

- გოგია არა, სამოთხის ვარდი. თუ მოდიხარ, წამოდი, რა ფეხი გაიდგი და ადგილიდან აღარ იძვრები.

- შენა ხარ, ვახტანგ?

- მე ვარ, მაშ, ვინ ეშმაკი და ქაჯია. ხმამაღლა ნურაფერს ამბობ და ჩრდილში შემოდი.

ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და თითქმის ძალისძალად გაიყოლია ხევისკენ.

გოგო შიშით თრთოდა და ხელის ცეცებით მიჰყვებოდა ხეივანს.

გასცდნენ დაბურულ ხეებს, ძირს ჩავიდნენ. რიყე ნაცრისფრად ქათქათებდა მკრთალ შუქზე და გოგოსაც ცოტა გულზე მოეშვა.

- გოგია რა იქნა, ვახტანგ? აკი ის უნდა მოსულიყო?

- რაო, - იწყინა მეგზურმა, ის ჩემზე კარგად აჯავრებს ჭოტსა?

- მე არ ვიცი, ჭოტები როგორ კივიან. შენ სანდროს მსგავსად იძახი.

- სანდროს მსგავსად! სანდრომ ჩემგან ისწავლა ჭოტების დაჯავრება.

- მერე, სად არიან ისინი?

- ჯახუნაანთ კაკალქვეშ. თოკებსა და იარაღს ამოწმებენ. თვითონ არ ინებეს წამოსვლა და მე გამომგზავნეს. ჰა, რას იგრიხები, გადმოყარე ფეხები, თორემ დაგვიანდა.

- გზაზე ქვებია, ვახტანგ, ფეხებში მედება.

- ქვები კი არ გედება, შენ ედები ქვებს... არა, მაშ, გოგრა არ უნდა? რა ეშმაკად მოგათრევენ იქ, კაცმა რომ თქვას.

- რა ვიცი, შემპირდნენ, წაგიყვანთო, და მეც მოვდივარ.

გროზნას ბაღის თავზე გამავალ ორღობეში გავიდნენ.

- ნელა, ვახტანგ, აქ ძალიან ბნელა.

- ბნელა და, შე დალოცვილო, შინ სინათლეში ვეღარ დასჯექი?

- წინ იარე, თორემ არაფერი ჩანს.

- წინ ვიარო, შენც მზეთუნახავი მნახე, გზა გაგინათო არა, რომ აგიღია თავი და მოდიხარ, იცი, სად მივდივართ?

- როგორ არ ვიცი, ღვთაების გალავანში უნდა შევიდეთ.

- შევიდეთ! შენც ისე ამბობ, დალოცვილო, თითქოს შუადღისას მიდიოდე და წინ დაფა-ზურნა მიგიძღოდეს.

- ნუ მეჩხუბები, ვახტანგ, მე ხომ ჩემი ნებით არ მოვდივარ?

- არა, კაბის კალთები დაგახიეთ, ჩქარა წამოდიო!

- მითხრეს და მოვდივარ.

- ჰოდა, ვინც გითხრა, იმანვე გათრიოს.

გოგო შედგა გამწყრალი.

- მე არავის თრევა არა მჭირდება, თუ არ გინდოდა, რად წამოხვედი დასაძახებლად?

გარდა ამისა, ვინ მოგიტანათ გვირაბის გასაღები?

- ნუ ყვირი, ლენა.

- ჩემი ნებაა და ვიყვირებ.

- ნუ ყვირი, ლენა, თორემ ბებიაჩემსა ჰქონდეს ცხონება, მე შენ უკან გაგაბრუნო.

- მე ბებიაშენთან არაფერი მესაქმება და შენთან არც მოვდივარ. მითხარი ბიჭები სად არიან, მე თვითონ მივალ.

- ჰმ! მივა! შენმა მზემ, შენც კაკო ყაჩაღის გული გაქვს, რომ ჯახუნაანთ კაკლამდე მიხვიდე.

- აი, ნახავ, თუ არ მივალ.

- კარგი, აბა, წადი.

ვახტანგი უკან გამობრუნდა. კვრინჩხებს მოეფარა და თან ფეხის ხმას ისე ოსტატურად დაუწყო მინელება, რომ გოგომ დაიჯერა, კარგა მანძილზე გამშორდაო.

- ვახტანგ, ვახტანგ! დაბრუნდი, ვახტანგ!

ბიჭი კიდევ აწვალებდა, მაგრამ შეეშინდა, თანამგზავრი არ აყვირებულიყო. თანაც მალევე უნდა მისულიყო დანიშნულ ადგილას. გამობრუნდა და მაჯაში ხელი ჩაავლო.

- ანდე, ხომ გითხარი, შეგეშინდება-მეთქი? ჯერ სადა ხარ? აბა, ჩიჩქანას ავუყვეთ და სასაფლაოზე გავიდეთ, გული ისე გადაგიტრიალდება, როგორც პაპაშენის გასაღები - გვირაბის კლიტეში.

- ვახტანგ, ნუ მაშინებ.

- მე არ გაშინებ. აი, შენ თვითონ ნახავ. მთელი გზა და ჯაგები ალქაჯებითა და ეშმაკებით არის სავსე.

- მართლა, ვახტანგ?

- მართლაო? თითოს იმოდენა კლანჭები აქვს, უტარო ნამგალი გეგონება.

- მერე, ეშმაკები ხომ არ არსებობენ, ვახტანგ?

- ჰო, ყველგან არ არიან. სასაფლაოზე კი უნახავთ.

- არა სტყუი, ვახტანგ?

- ვტყუი კი არა, ზოგიერთებს კუდები აქვთ ისეთი, რომ მეცხვარის შოლტივით ატყლაშუნებენ.

- ვაიმეე! მართლა, ვახტანგ? მაშ, უკან გავბრუნდეთ?

- რაღა დროსია? უკან ახლა ორღობე, ალბათ, გაჭედილია ალქაჯებით.

უცებ ვეება კაკალის ჩრდილიდან ვიღაც გამოვიდა. გოგო აიბუზა, ბიჭს მიეკრა და კანკალით იკითხა:

- ეშმაკია?

- არც იმაზე წმინდაა. ვერ იცან ჩვენი „ბატონის“ „მარჯვენა ხელი?“

ლენამ გაიხარა.

- გოგია ყოფილა.

- სადა ხართ აქამდის? - გაუწყრა ეფრემას ბიჭი.

- შენღა მაკლდი, განა! ანდე, ვერა ხედავ, ძლივს მოვიყვანე? გზაში სულ ჭინკები და აქლემები ელანდებოდა.

- ჩქარა შემოდით ჩრდილში! ჩქარა, - მერე მიბრუნდა და ჩუმად გასძახა: - აბა, დავიძრათ, სანდრო.

და როდესაც ბიჭების მთელი გუნდი გამოიშალა, ლენას გულზე მოეშვა და შიშიც ერთბაშად გაუქრა.

- უი, ყველანი აქა ყოფილხართ, - გაუხარდა, - საით უნდა წავიდეთ?

- ხრამ-ხრამ წავალთ, ჯურულიანთ ბაღჩის გვერდზე ავალთ მაღლა, შაშვიანთ უბანში მიმავალ გზას გადავჭრით და ჩიჩქანის ხევს ავყვებით. შენ რატომ დაიგვიანე ასე?

- უფრო ადრე ვერ მოვახერხე გამოსვლა შინიდან. ვახტანგი კი მთელი გზა მაშინებდა: გვირაბამდის გზა სულ ეშმაკებით არის სავსე და სად მოეთრევიო. ხომ შემპირდი სანდრო წაყვანას, რატომ მაყვედრი?

ბიჭმა გაიცინა.

- მე არაფერი არავისთვის არ დამიყვედრებია. სნაიპერი კი გუშინწინ მაგრად გავჯორე სიმინდში წამოუსვლელობისათვის და იმაზეა აღრენილი.

- კიდეც იმიტომ გამიბრაზდა: სად მოეთრევი ამ შუაღამისას, შინ დაჯექიო, სასაფლაოზე ეშმაკი უნახავთო. ეშმაკი ხომ არ არსებობს, მაშ, როგორ ნახეს, სანდრო?

- ტყუის, უნდოდა შეეშინებინე და შინ დაებრუნებინე, დილას აქეთ მეჩხუბება, რას აიკვიატე ეგ გოგოო.

- სანდრო, შენც გინდა, რომ არ წამოვიდე?

- შენი ნებაა, ლენა, მე შენ შეგპირდი, რომ წაგიყვანდი, მაშასადამე, უნდა წაგიყვანო.

- ჰოდა, მე იმასთან ხომ არ მოვდივარ, რომ მიწყრება? შენთან მოვდივარ.

- კარგი, ლენა, ნუღარა გწყინს, ვახტანგი ცუდი ბიჭი არ არის, ცოტა თავისნათქვამა და ჯიუტია, თორემ ყოჩაღია, - სანდრო უცებ შეჩერდა და ჩუმად გასძახა: - მანდ ფრთხილად, ბიჭო, ჩახრამულია და არ გადაცვივდეთ.

- შენ მაგ ქალბატონს მოუარე, ჩვენზე ნუ დარდობ. უშენოდაც შეგვიძლია იოლად წასვლა.

სანდრომ ჩუმად ჩაიხითხითა.

- ხედავ, ძალიან გაჯავრებულია! შენ ნურაფერი გეწყინება, ლენა.

- რატომ არ უნდა მეწყინოს? მე არ მეშინია და ეგ კიდევ მაშინებს. აი, შენ ნახე, ბაში-აჩუკის გამოქვაბულში რომ წაგვიყვანს გივი, ვივლი თუ არა ყველაზე წინ. როდის მივდივართ, სანდრო?

სანდრო ყოყმანობდა. მერე ერთბაშად თითქოს რაღაცა დაასკვნაო, უთხრა:

- ლენა, შენ ჩვენს რგოლში ითვლები... ჰოდა, რასაც ჩვენ ვამობობთ ერთმანეთში და

არ ვმალავთ, შენც უნდა იცოდე. მხოლოდ თუ საჭირო არ არის, არავისთან არ უნდა წამოროშო, გესმის?

- მესმის, სანდრო.

- ხომ გვაძლევ სიტყვას?

- სიტყვას გაძლევთ, სანდრო.

- კარგი, მაშ, გეტყვი, რომ ბაში-აჩუკის გამოქვაბულში რომ წავსულიყავით, იქიდან თავგატეხილი ან ხელნაღრძობი მაინც დაბრუნდებოდი.

- რათა, სანდრო? - შეშინდა გოგო.

- იმიტომ, ლენა, რომ ნიკოს უნდოდა, იქ აესწრო და ქვები დაეგორებინა.

- მერე, რად უნდოდა ქვები?

- უნდოდა, რომ მერე გივისთვის ბრალი დაედო, რაზმს ვერ უვლიო...

- მერე?

- მერე ისა, რომ ისევ ნიკოს ნებავდა რაზმის ხელში ჩაგდება.

- რატომ, სანდრო? აკი ის ყურსაც არ იბერტყავდა მაგაზე?

- ახლა იბღერტავს. ჩვენი ხელში ჩაგდება უნდოდა და მაშინ სამაგიეროს გადაგვიხდიდა „კანონიერ“ ფარგლებში - მსხალზე მიბმისათვის. აი, რატომ.

- მერე, მაგიტომ აღარ მივდივართ გამოქვაბულში? ნიკოსი შეგეშინდათ?

- შეგვეშინდა? - ზიზღით დაიჯღანა ბიჭი, - გივის რა ვუთხრა, რომ გაზაფხულისთვის გადადო იქ წასვლა, თორემ ჩვენ კიდეც მოვიფიქრეთ, რა უნდა გვექნა მაგ დროს.

- რა უნდა გექნათ, სანდრო?

- რა და, ნიკოსთვის უნდა აგვესწრო, ბუჩქებში ჩავსაფრებოდით, დაგვეჭირა, დაგვეკრა წნელებით საკაცეზე და შუამთაში თქვენთან ჩამოგვეტანა.

ლენამ არ მოუწონა:

- არ ვარგა, სანდრო, რა არის, სულ შეკვრაზე და დაბმა-დაკვრაზე რომ გიჭირავთ თვალი? რაც უნდა იყოს, თქვენზე უფროსია.

- უფროსია და მოგვწყდეს თავიდან, ჩვენ რას გვეჯიბრება? მაგან მარტო ფეხბურთი იცის. აბა, ჩვენ რომ მაგისი ტოლები ვიქნებით, ნახე, როგორი ბურთის თამაში გვეცოდინება. გივი გვწვრთნის. ჰოდა, არც იმაზე ნაკლებად იცის. აი, ნახავ, ლენა, გაზაფხულზე აწყურის სკოლას უნდა შეგვაჯიბროს. ნურსად ნუ იტყვი, ლენა, - აწყურის სკოლას.

რვაწლიანი სკოლაა და ბიჭებიც ჩვენზე დიდები იქნებიან, მაგრამ აქ საქმე სიდიდეზე კი არ არის. საქმე წვრთნაზეა. იმათი ნაკრები იქნება, ჩვენი კი მთელი რგოლი, მარტო ჩვენი რგოლი, ლენა, მიხვდი? ბუჩუკურთელის რგოლი! ოღონდ ჩვენ უნდა კარგად ვიმეცადინოთ.

- მაინც მოეშვი ნიკოს.

- ჩვენ კი მოვეშვებით, მაგრამ ის არ გვეშვება. ჰოდა, ნახავ, თუ როდისმე არ მოგვიწევს საკაცეზე მაგისი დაკვრა.

- ნუ, სანდრო, არ გინდათ, ეგეც ტყუილი იქნება, რომ ქვების დაგორებას აპირებს.

- ტყუილიაო? სნაიპერმა თავისი ყურით გაიგონა.

- სად გაიგონა?

- სადა და, ნიკო თავიანთ ვენახში ელაპარაკებოდა ბახსოლიანთ გიორგის.

- გიორგის? მერედა გიორგიმ მოუწონა ეგა?

- არა, გიორგი კარგი ბიჭია, თურმე, გაუწყრა კიდევაც.

- მერე, ვახტანგმა როგორ გაიგონა?

სანდრომ უამბო ვახტანგის თავგადასავალი ნიკოს ბებიასთან.

გოგო სიცილით იგუდებოდა.

წინ მიმავალნი შედგნენ და იკითხეს:

- რა გაქვთ სახითხითო? დროზე გადმოადგით ფეხი.

- მოვდივართ, ჰო, მოვდივართ... მერე მაგათი ვენახის თავზე გადმოერბინა ლუკას ბიჭს, იქ ლაპარაკი გაეგონა, მობრუნებულიყო, ყური დაეგდო და ეცნო ხმაზე. იმ საღამოთივე მითხრა ყველაფერი. ჩვენ ჯერ ვითათბირეთ. როგორ უნდა მოგვევლო მაგისათვის, მერე გუშინწინ გადავწყვიტეთ, გივისთვის გვეთქვა. გუშინ უთხარით და ბევრი იცინა. აღარ მივდივართ ახლა, გაზაფხულისთვის გადავდეთ.

ხრამის პირას, საიდანაც კაკლის ხეები და სასაფლაო იწყებოდა, შეჩერდნენ და გოგიას გაგზავნილ მზვერავებს დაელოდნენ.

მზვერავები მალე დაბრუნდნენ. გზა თავისუფალი იყო, კიბე - ბლის ქვეშ მიტანილი.

ლენა უკვე თრთოდა და გოგიასთვის ჩაევლო ხელი.

- გცივა? - ეკითხება ბიჭი.

- არა.

- მაშ, რატომ კანკალებ?

- არა ვკანკალებ. ცოტა შემცივდასავით.

- აი, მალე გადავალთ გალავანში და იქ ნიავი აღარ იქნება. პაპაშენი მართლა შინ არის წასული?

- ჰო, შინ არის, სძინავს.

- აქედან მოვუვლით, მანდ სასაფლაოს ქვა და შამბიანია.

ბიჭებს კიბე ბლისთვის გამოებათ და გალავანში ჩასაშვებად ამზადებდნენ.

ხის ძირას შეიკრიბნენ ყველანი.
სანდრომ ჯიბეში გასაღები მოსინჯა და ხელი მაგრად მოუჭირა - როგორც იყო ეღირსა გვირაბის მოჩხრეკას.

კიბე ჩაუშვეს და დაიწყეს გალავანს შიგნით ჩასვლა.

- აქაც მე გამიხდი სათრევი - იღრინებოდა სნაიპერი და თან კიბეზე ჩამავალ ლენას ხან ერთ ფეხს უჭერდა, ხან მეორეს. გოგიას კი ხელში ხელი ჩაევლო და ამხნევებდა.

- ნუ გეშინია, ლენა, გინდაც საფეხურზე ფეხი დაგიცდეს, მაინც არ ჩავარდები.

მაღლიდან მე გიჭერ და დაბლიდან - ლუკას ბიჭი.

გოგო ძაგძაგებდა და ნელა ინაცვლებდა ფეხს.

ბოლოს ყველანი გალავანს შიგნით მოგროვდნენ.

- აბა, ბიჭებო, ახლა გუშაგი დავაყენოთ გალავანზე და ჩავიდეთ გვირაბში. ვინ

დადგება?

არავინ უპასუხა.

- მოდი, სანდრო, ისევ ისინი დადგნენ, ვინაც მაშინ იყვნენ.

- არ ივარგებს, მაშინ ავთო და სოსო იდგნენ. ახლა ცოტა უფრო მარჯვე უნდა იყოს.

- მაშინ კაჭაანთ ვახტანგი იყოს, სიმაღლე, გაგიხარია, კარგი აქვს და კაკლებს ზევიდანაც გადახედავს.

- შენ დადექი, სნაიპერო, თუ კარგია, მე გვირაბში უნდა ჩავიდე.

- შენ მერეც მოესწრები, ხახაბო, იქ ჩასვლას. ღმერთმა აცხონოს, ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე: „წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო“. თუმცა, ხიდად შენ უფრო ივარგებ.

- შენა, ლუკას ბიჭო, ფეხები რომ მატყლის სატყეპელას მიგიგავს, ჩემზე ნაკლები ხარ?

- ღმერთმა დამიფაროს, მე შენ მუხლებამდის ვერც კი მოგწვდები.

- აბა, ჯაჯღანს თავი დაანებეთ. არა უშავს, ვახტანგ, ჯერ შენ დადექი, მერე სნაიპერი ამოვა და შეგცვლის. შენ და ავთო იყავით. გვირაბის ჩასასვლელშიც უნდა დავაყენოთ გუშაგები. მერე იქიდან სხვები ამოვლენ, თქვენ შეგცვლიან და ჩამოხვალთ ჩვენთან.

როგორც იყო დაითანხმეს ბიჭები.

გვირაბის სახურავთან უფრო დიდი დავა გაიმართა, არავის უნდოდა მაღლა დარჩენა.

საყდრის კარი დახურეს და სანთლები აანთეს.

სანდრომ ვეღარ მოითმინა და ჯიბიდან გასაღები დააძრო!

გაიხსნა კლიტე და სახურავს მისცვივდნენ. ახადეს, მაგრამ უკანვე მიაწყდნენ, რადგან საშინელი ნესტის სუნი და დახშული ჰაერი ამოვარდა იქიდან.

- ცოტა ხანს გააღეთ კარები, ბიჭებო, ჰაერი გაიწმინდოს.

რამდენიმე წუთს იყო საყდრის კარი ღია, მერე დახურეს და გვირაბის პირს შემოუმწკრივდნენ.

თვალშეუდგამი სიბნელე შემოჰყურებდათ დაბლიდან.

ახლა უკვე ბევრმა მოიწადინა ზევით გუშაგად დარჩენა.

ლენა კუთხეში მიიკუნჭა და ცახცახი დაიწყო.

- მე ვერ ჩამოვალ, წავიდეთ შინ, ნურც თქვენ ჩახვალთ, წავიდეთ შინ.

სანდრომ წარბები შეჰყარა.

- გაჩუმდი, ლენა, შენი ჭუჭყუნიღა გვაკლია?

- მოაბი სვეტს თოკი, გოგი, და გვირაბში ჩაუშვი.

- შინ წავიდეთ სანდრო.

- ჯერ გვირაბში უნდა ჩავიდეთ, ლენა, და მერე შინ წავალთ.

- მაშ, მე წავალ თვითონ.

- წადი, არავინ დაგიჭერს.

- მარტო ვერ წავალ, სანდრო. ვაიმე, როგორი სიბნელეა ქვევით. წავიდეთ, სანდრო, გეხვეწები, წავიდეთ და მერე თქვენ წამოდით მარტო.

- ანდე, ხომ გითხარი, ნუ გვინდა მაგისი თრევა-მეთქი, - უსიამოვნოდ გააპურჭყა გვერდზე მრელაშვილმა, - ულოლიავე ახლა და შინაც მიაცილე, რომ სადმე ასანთის ღერს ფეხი არ წამოჰკრას.

- კარგი, ნუ სლუკუნებ, ლენა, - გაწყრა გოგია, - აქ რომ მოდიოდი, რატომ ადრე არ ფიქრობდი, რომ გვირაბში ელექტრონი ჯერ არ გაუყვანიათ იყალთოელებს.

- გამაცილეთ, ბიჭებო, სახლამდე გამაცილეთ, მგონი, ახლა დეიდაჩემი მეძებს, ვაიმე! პაპაჩემი გადაირევა, ვაიმეე!

- ახლა აქ, უკაცრაული პასუხია, რადიო ნუ გაგვიმართე.

სნაიპერს გაუხარდა:

- გამოეთიშე, ვანო.

- გარეთ გავიყვანო?

- ჰო, გარეთ გავიდეთ, გარეთ მინდა.

- მოეშვი, ვანო. კარგი, ლენა, შენ ზევით დარჩი, გუშაგებთან. აქ ენუქიშვილები იქნებიან. ნუ გეშინია, ჩვენ მალე ამოვალთ. აბა, ბიჭებო, ვინ გაგვიძღვება წინ?

- კარგი, სანდრო, ოღონდ მალე ამოდით და მე აქ ვიქნები. გარეთ, კარებთან დავდგები, იქ ისე არა ბნელა.

- როგორც გინდა, ლენა, ოღონდ ნუღარ ისლუკუნებ. აბა, ბიჭებო, ვინ მიდის წინ?

ვაჟკაცების რაზმი შეიშმუშნა და ფეხი არ მოიცვალა ძველი ფილაქნიდან.

ისინი შეჰზარა სიბნელემ და შენობის უკაცურობამ.

რგოლის ხელმძღვანელმა თვალი მოავლო ალიცლიცებული სანთლის შუქზე შემკრთალ სახეებს და გაიღიმა.

- კიდევ კარგი, ლენა გარეთ გავიდა და არ გიყურებთ.

სნაიპერი გაწყრა.

- ახლა ქადაგად დაეცი ერთი. რას ეხვეწები? მე მივდივარ.

- მოიცა, ვახტანგ, შენ ბოლოს ჩამოდი. აბა, ვინ მიდის წინ? - ბიჭები დაიწვნენ სირცხვილით.

გოგია გამოეყო ჯგუფს, ალექსის ხელიდან გამოჰგლიჯა მისივე ნახელავი თოფი და ჩასასვლელს მიუახლოვდა. ბერძენაშვილმა მიხედა სვეტზე მიყუდებულ სანდროს და მიჰყვა გოგიას. სხვებიც დაიძრნენ უკვე, მაგრამ ყველა შეაჩერა ხელმძღვანელმა.

- მეთაური მუდამ წინ უნდა იყოს. პირველი მე მივდივარ. სნაიპერი, როგორც ვთქვი, ბოლოში იქნება. დანარჩენები მე მომყეთ, - სანდრომ იძრო ქამრიდან დამბაჩა, შეაყენა ფეხზე, ჯიბის ფარანი აანთო, ხალათის ღილზე ჩამოიკიდა. მარცხენა ხელი თოკს ჩაავლო და ნესტიან კიბეს ჩაჰყვა.

ბიჭები ანთებული სანთლებით ნელ-ნელა მიჰყვებოდნენ უკან და ჩასასვლელში ინთქმებოდნენ.

ბოლოს ჩასასვლელთან სნაიპერი დარჩა. მან სანთელი ასწია მაღლა და საყდარი დაათვალიერა. კედლებიდან და სახატეებიდან იმზირებოდნენ ლამაზფრთიანი ანგელოზები, რომელთაც ხელში გრძელტარიანი შუბები და ცეცხლის ხმლები ეჭირათ. მრელაშვილმა ღიმილით მოათვალიერა ისინი, მათგან ყველაზე ლამაზს თვალი ჩაუკრა და შემდეგ ისიც გვირაბში გაუჩინარდა.

კიბე ნესტისაგან გალიპულიყო, დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რომ ვინმეს ფეხი არ დასცდენოდა და სადღაც უფსკრულში არ დაქანებულიყო.
- ფრთხილად! - ხშირად ისმოდა წინამძღოლის ხმა და მიმყოლებს ამხნევებდა.

მეგზურმა მიაღწია კიბის დასასრულს, ხელი შეუშვა თოკს და ფარანი ააშუქა ზევით:

ბიჭები საჩურჩხლე ძაფზე მეჩხერად ასხმული ნიგვზებივით ეკიდნენ გრძელ თოკზე და დიდი სიფრთხილით ეშვებოდნენ ძირს.

მალე რაზმი მეთაურს შეუერთდა და მოლოდინის თვალი მოავლო ირგვლივ.

მეწინავემ თავისი ფარანი სიბნელეში მიატარ-მოატარა.

საკმაოდ ფართო ტალანი სიგანით ათიოდე მეტრი იქნებოდა, ხოლო სიგრძეს კარგად ვერ გაარჩევდით, რადგან სინათლის ალი და ფარნის შუქი ბოლომდე ვერა სწვდებოდა. კიბის დასასრულიდან იწყებოდა ქვიტკირის კედელი, შუა ტალანს მიუყვებოდა და შორს, სიბნელეში იკარგებოდა. იგი ზოგან მეტრი და ზოგან მეტრნახევრის სიმაღლეზე აზიდულიყო იატაკიდან, ხოლო აქეთ-იქით კარგა სიღრმის ორმოები მისდევდა ორივე მხარეს.

ბიჭები ნერწყვის ყლაპვით უგდებდნენ ყურს სიბნელეს, მაგრამ ერთმანეთის სუნთქვის მეტი არა ესმოდათ რა.

წარბშეყრილი გასცქეროდა მეთაური შუაზე მიმავალ ქვიტკირის დასასრულს. ბოლოს გაისმა მისი ხმა, ეს ხმა უცნაური ექოთი გაიმეორა მთელმა ტალანმა და ტანზე ბუსუსები დააყარა უშიშარ ბიჭებს.

- ეტყობა, ეს კედელი ბილიკივით გასდევს ამ გამოქვაბულს და შემდეგ იწყება გვირაბი. გოგი, შენ ჩემთან მოდი. თოფი მოამზადე!.. ფრთხილად ივლით!..

შარაგზასავით განიერია ეს კედელი, მაგრამ სიბნელეში საშიშია მაინც ფეხის დაცდენა.

რაზმი ფეხათრევით მიჰყვებოდა წინ მიმავალსა და მის „მარჯვენა ხელს“.

ერთადერთი სნაიპერი იყო, წინ გაშვებას რომ იხვეწებოდა, მაგრამ „საქმის დროს“ მკაცრმა მეთაურმა უბრძანა, კიბის ძირს გუშაგი დაეყენებინა და თვითონ რაზმის ზურგი დაეცვა რამე მოსალოდნელი შემთხვევისაგან.

რაზმი ნელა მიიწევდა წინ. ბილიკის აქეთ-იქით ორმოები უფრო ღრმავდებოდა, უფრო ბნელდებოდა და უფრო და უფრო პირქუში ხდებოდა. განსაკუთრებული არაფერი მოჩანდა. ღამურებსაც კი მიეტოვებინათ ეს სიბნელით, საფრთხითა და სიჩუმით სავსე უზარმაზარი ტალანი.

სნაიპერს რაღაც ცივი, ხაოიანი გაუსრიალდა ფეხებში. მან ზიზღით გადააფურთხა და მკვახედ შეიგინა. დაანათა ძირს სანთელი, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია. ინანა, ფეხთ რატომ გავიხადეო, და მეთაურის კითხვაზე უპასუხა: არაფერია, რაღაც მომეჩვენაო. ზევით აწეული სანთლებით, თვალებდაჭყეტილი მიაბიჯებდა მთელი რგოლი და მზად იყო ყოველგვარი მოსალოდნელი ხიფათისათვის.

უცებ სიბნელე გათავდა და ფარნის გრძლად გაწვდილი შუქი ქვიტკირის რუხ კედელს მიებჯინა. გაკვირდნენ მეწინავენი: რა უნდა იყოსო. უფრო დიდი სიფრთხილით დაიწყეს მიახლოება. კედელი უფრო და უფრო ნათლად ჩნდებოდა და ბილიკის ბოლოს კეტავდა.

ბიჭებმა მიაღწიეს კედლის ძირამდე და შეჩერდნენ.

კედელს სინესტისაგან აქა-იქ ბათქაში ასცვივნოდა. აქედან ორმოები მოშორებით იყო და თავისუფლად შეიძლებოდა კედლის გასწვრივ სიარული ტალანის კუთხეებამდე.

განცვიფრებული შეჰყურებდა რაზმი კედელს და მეთაურზე არანაკლებ უკვირდა, რომ გვირაბის არსებობა ზღაპარი გამოდგა. სანდრო უკვე ნანობდა, რომ ბიჭებიც მოაცდინა და თვითონაც ძილი დაიფრთხო.

გოგია მელასავით დასუნსულებდა კედლის გასწვრივ და ჰაერს ყნოსავდა.

მრელაშვილი დაკვირვებული კაცივით სინჯავდა „ამ დასანგრევს“, რომელიც მოულოდნელად გადაეღობა წინ „ექსპედიციას“.
მეთაური დაფიქრებული ჩამოჯდა ბილიკზე და რაზმს მიუბრუნდა:

- ტყუილად გვიწვალია, ბიჭებო! ეტყობა, ეს გამოქვაბულია თუ რაღაც ეშმაკი, ამ კედლით დამთავრდა, ხოლო გვირაბი, ალბათ, აქ ჩასასვლელია... ბილიკი აქ წყდება და ისღა დაგვრჩენია, რაც არის, ის მაინც კარგად დავათვალიეროთ.

ათიოდე წუთი და, გოგია უკვე ამრეზილი იყო.

- რა მძიმე ჰაერია! აქ აირწინაღი უნდა ატაროს კაცმა, თანაც ცივა თითქოს. მაშ, აქ თავდება ეს გვირაბია თუ რაღაც ჯანდაბა? დასწყევლოს ეშმაკმა, ეს რანაირი ყოფილა!

- გოგი, გოგი! აბა, მოდი აქ, გოგი!

გოგიამ მიირბინა ვახტანგთან.

- რა იყო, ლუკას ბიჭო?

- აბა, აქ უყურე, ეს რა უნდა იყოს?

- რა უნდა იყოს? კედელია და შიგ ქვებია გამოჩრილი.

- ალბათ, ამ ადგილს ცუდი კალატოზი აშენებდა.

- ვითომ კალატოზის ბრალი უნდა იყოს? თითქოს წყალიც ჟონავსო. ალბათ, სინესტემ ჩამოყარა კირი მაგ ქვებიდან.

რაზმის მეთაურმა რომ შეამჩნია, „თავისი თანაშემწე“ და „ქაჯის ნატეხი“ მრელაშვილი რაღაცას ჩაჰკირკიტებდნენ, დაინტერესდა და მათკენ გასწია.

- ხომ არაფერს მიაგენით, ბიჭებო?

- არაფერია. ალბათ, აქ თხელი კედელია და მიწიდან წყალი ჟონავს. ჰოდა, გოგიას ვეუბნები, გამოჩრილ ქვებზე სანთლები დავამაგროთ და ხელში ჭერა აღარ დაგვჭირდება-მეთქი.

- აბა, გაიწი იქით. ოჰო! ხედავთ, რა წვრილი ქვით არის ნაშენი?

- წვრილი რად არის? აბა, დააკვირდი, მაღლა და დაბლა რამოდენა ლოდები უდევს.

- მართლაც საკვირველია, რაღა ამ ლოდებშუა არის ეს წვრილი ქვები. თანაც როგორ ჩაშავებულია წყლისაგან. - სანდრო მუხლებზე დაეცა და ახლოდან დააკვირდა კედელს. - ეტყობა, დიდი ხანი არ არის, რაც კირი აგლეჯია ამ ადგილს, თორემ ეს ორმო წყლით უნდა იყოს სავსე. ორმოში კი გუბეც არა დგას.

- ვინ იცის, იქნებ ჟონავს ძირში?

- ვინ იცის? ეგეც არ არის საკვირველი. აქ კი რაღაც დაკუთხულივით ჩანს კედელი.

აბა, სნაიპერო, შენი ფხაასხმული ხანჯალი მათხოვე. რა მაღალი კედელი სცოდნიათ წინათ, წყალიც კი ატანს შიგ.

მუხლებზე დამდგარმა ბიჭმა იმდენი უღირღიტა ხანჯლის წვერი, რომ კინაღამ ზედ არ მიაფშვნიტა. ბოლოს, როგორც იყო, ერთი ქვა მოაძრო და ორმოში ისროლა.

- ბიჭოს! რა ადვილად გამოსძვრა! აფსუს, სად არის ავთოს შამფური! იქნებ გამოგვენგრია ეს ადგილი. საინტერესოა, რამსისქე იქნება.

- მაგაზე ადვილი რა არის? ახლავე აქ გავაჩენ შამფურს, შენ ოღონდ ეგ ფარანი მათხოვე.

სანდრომ ახედა ლუკას ბიჭს და გაკვირდა.

- რა ეშმაკად დაგიხდია ფეხთ, სნაიპერო?

- რა ვიცი, იქნებ საჭირო იყოს-მეთქი. ფეხშიშველა კი, გინდა ამ კედლის თავამდის ავალ, თუკი სადმე ფრჩხილი მოვკიდე.

- ნამდვილი კატა ხარ, შე ღმერთგამწყრალო. აჰა, ფარანი და გაიქეცი.

სანამ მრელაშვილი შამფურს მოიტანდა, სანდრომ ერთი ქვა გამოაძრო, ხოლო როდესაც შამფური მოიტანეს, საქმე უფრო სწრაფად წავიდა წინ.

დიდხანს ჩხირკედელაობდნენ ბიჭები, დიდხანს რიგრიგობით უღირღიტებდნენ ხანჯალს, შამფურს თუ „ხმალს“ და, როგორც იყო, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აქ განჯინა ან თახჩა უნდა იყოსო. ამ აზრს ისიც ამტკიცებდა, რომ გამონანგრევს ზემოდან და გვერდებიდან ბრტყელი, მთლიანი ქვები ჩნდებოდა. დაუღალავად მიეძალნენ შამფურსა და ხანჯალს და იქამდე უჩხიკინეს, ერთ ადგილას უკანასკნელი ქვა გამოაძრეს.

და, აი, საკვირველება - კედლის ხვრელიდან მიწის მაგიერ სიბნელემ შემოანათა სახეში, რომელსაც ფარნის შუქიც ვერ გასწვდა.

გაოგნებული ბიჭები უკან მიაწყდნენ. რაღაცამ ცივად დასუსხა ხელებზე და სახეზე.

სიბნელიდანაც ისეთი საშინელი ბუტბუტი და შიშინ-სისინი მოესმათ, რომ თავზე ბალანი აებურძგნათ.

- ბიჭებო, უკან დაიწით! მოდი, სნაიპერო! მარჯვედ იყავით, ბიჭებო! მოდი, სნაიპერო!

ამ დროს შორს, ტალანის კიბის ძირას დარჩენილი გუშაგის სტვენაც გაისმა. სტვენის ხმა შეუერთდა კედლიდან გამოსულ ხმიანობას, მიაწყდა ტალანის კედლებს, უკან დაბრუნებული საშინლად აზუზუნდა ყურებში და უგულადესნიც კი დააბნია და არია.

- უკან, ბიჭებო!.. ფრთხილად, ბიჭებო!.. მარჯვედ, ბიჭებო!.. არ შეშინდეთ, ბიჭებო, არაფერია, ახლავე გავალთ!.. - და კიბისკენ პირშექცეულ ბიჭებს სამი კაცი „ვაჟკაცურად“ იცავდა, თუმცა მათ სახეებზედაც ასახულიყო შიში და გაუგებრობა.

ბიჭები ტორტმანით გარბოდნენ ბილიკზე.

სამი ბიჭი ცახცახით, მაგრამ მაინც ნელა იხევდა უკან: სხეულდაძაბული, თვალებგადმოკარკლული, „იარაღმომარჯვებული“ ფარნის შუქს არ აშორებდა პატარა ნახვრეტს, სადაც მხოლოდ მუშტი შეეტეოდა. ბოლოს ესეც დაიკარგა სიბნელეში, მაგრამ თავზარდამცემი სისინ-შიშინი და ვიღაცის გაჯავრებული ბუზღუნი მაინც თან სდევდათ.

როგორც იყო ყველანი კიბესთან მიცვივდნენ, ხარატიშვილს ეცნენ.

- რა იყო, რწყილავ, რატომ დაუსტვინე?!

- არ ვიცი, ყვირილი გავიგონე და... იმიტომ დავუსტვინე.

კიბესთან ჩოჩქოლი ატყდა.

- არაფერია, ბიჭებო!.. აბა, ზევით! ფრთხილად ადით! არაფერია აქ საშიში, ბიჭებო!..

ფრთხილად, სნაიპერო!..

გარეთ გამოცვივნილი ბიჭები კიბისკენ გარბოდნენ.

საყდრის კარებიდან გუშაგები „მოიხსნენ“ და გაქცეულებს გაჰყვნენ.

ლენა უკვე ტიროდა და შველას ითხოვდა.

უკანასკნელად სანდრო და სნაიპერი ამოვიდნენ, ამოათრიეს თოკი, სასწრაფოდ დახურეს სახურავი და ზედ დაასხდნენ.

ვახტანგმა კლიტე მოძებნა, სანდრომ გასაღები გაუყარა და დაკეტა.

- თოკი არ დაგავიწყდეს, სანდრო.

- არა, მოვხსენი უკვე.

- გავიქცეთ, სანდრო.

- გავიქცეთ.

და გაიქცნენ.

გალავანზე ყველა გადასულიყო, გოგიასა და ლენას გარდა.

ლენა ღრიალებდა.

გოგია ბურდღუნებდა და კიბეზე ასვლას შველოდა.

გოგო ვერ ადიოდა.

სნაიპერი და სანდრო მიეშველნენ.
როგორც იყო, გადავიდნენ.

კიბის მოხსნა არც გახსენებიათ.

- ხომ გითხარი, ჩემი სათრევი იქნება-მეთქი? - და სნაიპერი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიარბენინებდა ლენას.

მეორე მხრიდან გოგიას ჩაევლო ხელი.

სანდრო უკან მისდევდათ.

რძის საყდრიდან გადაიხედეს სოფლისაკენ.

შორს, სადღაც, გაქცეული ბიჭების ლანდები მოჩანდა.

თვითონაც დაეშვნენ თავქვე.

ჯურულიანთ ბაღჩასთან შეჩერდნენ ოთხნი გულამოვარდნილნი.

ბიჭები წყრებოდნენ.

გოგომ ტირილი შეანელა.

აქედან იწყებოდა სოფელი.

 

ნაწილი 16

თათბირი

 

 

იმ „წყეული“ ღამის შემდეგ რაღაც დაღვრემილნი დადიოდნენ სკოლაში ბიჭები.

ერთმანეთს დამდურებულებივით ერიდებოდნენ და კლასშიაც ისე წყნარად ისხდნენ, მასწავლებლები გაოცებულნი იყვნენ. ლენაც დაბღვერილი იცქირებოდა და გოგოებთან ხანგრძლივ ურთიერთობასა და ყოფნას გაურბოდა. მხოლოდ რგოლის ხელმძღვანელი, „მისი მარჯვენა ხელი“ და მრელაშვილი თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს ორიოდე სიტყვას, თორემ დანარჩენნი განცალკევებას ცდილობდნენ.

ლენამ იცოდა, რომ არავისთან არ უნდა დაეძრა კრინტი, და ჩაციებულ ლილისა და დალის უნდილი ხუმრობით იცილებდა თავიდან.

გივი შემცბარი იყო და პარასკევისათვის რაზმის შეკრება დანიშნა.

ბუჩუკურთელის რგოლი შეჩოჩქოლდა: გადაწყვიტა, რაზმის შეკრებისათვის დაესწრო ერთი-ორი დღით და რგოლის შეკრება მოიწვია.

გოგოებიდან მხოლოდ ლენა დაესწრო.

შეკრება სკოლაშივე ჩატარდა, გაკვეთილების შემდეგ.

გოგიამ, ჩვეულებრივ, სია ამოიკითხა და დაჯდა. შემდეგ რგოლის ხელმძღვანელი ადგა.

- გვირაბზე გვექნება საუბარი, ბიჭებო.

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე ლენა შეათვალიერეს.

- ბაფთა მოიძრე, უკაცრაული პასუხია, ხომ ხედავ, რომ ამის შემდეგ შენც ბიჭი ხარ?

სნაიპერის გარდა ყველამ გაიცინა.

- თქვენ ახლა იღრიჯებით და ჩიჩქანის ფერდაზე რომ მსუბუქად გამორბოდით, ის აღარაფერი იყო? იმ წყეულ გვირაბში თქვენ წამოიყვანეთ და სათრევი მე გამიხადეთ!

ბიჭებმა უმალ მოსხიპეს სიცილი.

ლენა აიბუზა.

- კარგი ახლა, ვახტანგ, რაც იყო, იყო. კაცს რომ სიკეთეს უზამ, კი არ უნდა დააყვედრო.

- მე არც ვაყვედრი, გოგი. მე იმას ვამბობ, თავქუდმოგლეჯილები რომ გამორბოდნენ, რას ფიქრობდნენ? იქნებ უკან დარჩენილებს როგორ გვიჭირდა, იქნებ რა გვემართებოდა, ერთხელ მაინც არ უნდა მოეხედათ უკან?

ალექსიმ რაღაც წაილუღლუღა, ხარატიშვილმა ქვეშ-ქვეშ გამოიხედა, ხოლო ვახტანგ დედაბრიშვილი საკლასო ოთახის ჭერით დაინტერესდა.

სხვებმაც თვალები აარიდეს.

ხოლოდ ბერძენაშვილმა იწყინა.

- ჩვენ წინ ვიყავით და წინ იმიტომ გამოვრბოდით, შენ უკან იყავი და იმიტომ ჩამოგვრჩი, თორემ სირბილში ვინ გაგასწრებს.

ბიჭები გამოცოცხლდნენ.

სნაიპერი ისე დაიჯღანა, რომ, ეტყობოდა, რაღაც უგემური რამის თქმას აპირებდა, მაგრამ სანდრომ დაასწრო და წამოდგა.

- ნუ იჩხუბებთ, ბიჭებო, იმ ღამეს ყველანი გამოვიქეცით. მერე რა, რომ ზოგი წინ გარბოდა და ზოგი უკან? ვინც როგორ შესძლო, ისე გამოიქცა.

ბიჭები წელში გაიმართნენ.

- მაგრამ, - განაგრძო რგოლის ხელმძღვანელმა, - ხომ ვიცოდით, რომ ამხანაგი სწორედ ამ დროს არ უნდა მივატოვოთ გასაჭირში?

ბიჭები წელში მოიკაკვნენ.

- თქვენ თვითონ დამეთანხმეთ ლენას წამოყვანაზე, მერე კი გოგო უკან დატოვეთ და თქვენ წინ გამოიქეცით!

ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს.

- შეეშვი, სანდრო, ნუღარ ელაპარაკები. რაც უთხარი, ეგეც საკმარისია ამათთვის.

ლენა კი ჩვენს რგოლში დავტოვოთ ნამდვილად, რადგან ეგ ამათზე უკან გამორბოდა და გზაშიც დუდუკით არ მოგვაწყინა, - ლუკას ბიჭმა გოგის გადახედა.

ლენა ჩუმად იჯდა, ნაწნავის ბოლო ხელში დაეჭირა და კბილებით წიწკნიდა.

- კარგით, ბიჭებო, რაც იყო, იყო, - გაიცინა სანდრომ, - მოდი, ახლა გამოვტყდეთ, იყალთოში წინ რომელი ჩავიდა.

ბიჭებმა უნდილად გაიღიმეს, ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს ყველას თვალი აყლაყუდას მიებჯინა.

ვახტანგი აიფხორა.

- ახლა, რა ყველა მე მიყურებთ, ჩემზე წინ თუჯიშვილი გარბოდა.

- მე გავრბოდი შენზე წინ? - გაიკვირვა ავთომ, - მე და თვალიაშვილი ერთად გავიქეცით დარეჯანაანთ ნაყანობისკენ.

- მე შენთან არცა ვყოფილვარ, - იწყინა ალექსიმ, - მე და ზაზანაშვილი ჯურულიანთ კარზე გავცვივდით.

ხარატიშვილმა გაიცინა.

- ისე როგორ შეგეშინდა, ავთო, რომ ვეღარ მიცანი? ალექსი კი არა, მე ვიყავი.

- შენ, ვანო, ხომ არ ჩამორჩი ამათ?

ბიჭები ნელ-ნელა ხუმრობის გუნებაზე მოვიდნენ.

- ჯერ წინ გავრბოდი, მეგონა, ვერც ვინმე გამასწრებს-მეთქი, მაგრამ ბოლოს, უკაცრაული პასუხია, ხახაბო არ წამომეწია?! წამომეწია კი არა, პა-პა-პა, ბიჭებო! რო გადაყარა კანჭები, მე მეგონა, ეგ არის, აქედან პირდაპირ გიგილაანთ აბრიას სახლს გადაახტება-მეთქი.

ბიჭები ახითხითდნენ.

ლენამაც გამოიდარა.

- ჩვენ რომ გამოვიქეცით, გამოსაქცევი გვქონდა, მაგრამ ვინც დარაჯად იდგა საყდართან და გალავანთან, ისინი რაღაზე გარბოდნენ?

სერგომ წარბებქვევიდან გადახედა თავის ძმას და ავთოს.

- რა ვიცი, როგორც კი გვირაბიდან ამოცვივდნენ ლეო და ლუარსაბი, გულგახეთქილებმა დაგვჭყივლეს: გაიქეცითო! - და თვითონაც გაიქცნენ. ჩვენცა ვთქვით: რაკი ესენი გარბიან, ალბათ, საჭიროა გაქცევაო, და გავიქეცით.

- ლენა რატომღა მიატოვეთ?
- როდის მივატოვეთ? - უხერხულად შეიშმუშნა სერგო, - ჩვენ გვეგონა, უკან მოგვდევდა.

- ჩვენ რას გვაბრალებთ? - იწყინა ავთომ, - პირველად თქვენ გამოიქეცით. გულები ჩვენ კი არა, ჯერ თქვენ დაგისკდათ და მერე ჩვენ გაგვიხეთქეთ.

- ახლა, რა იყო იმ ცარიელ გვირაბში, ეგრე რომ გამოგაჭენათ? - გამოცოცხლდა ვახტანგი.

- ერთი იქა ყოფილიყავ, ხახაბო, და ვნახავდით, თუ ნახევარ წუთს მაინც გაჩერდებოდი.

- კარგი ცარიელი ყოფილა, ჩემმა მზემ, ის ხმაური დღესაც ყურებში მიდგას.

სნაიპერმა ახედა სანდროს და იკითხა:

- რა უნდა ყოფილიყო, ბუჩუკურთელო, რომ ბუტბუტებდა და სისინებდა იმ კედელს იქით? ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი.

- არ ვიცი, ვახტანგ, მთელ დღესა და მეორე ღამესაც ვფიქრობდი და ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო. ახლაც: დავდივარ, გაკვეთილზე ვზივარ თუ ლოგინში ვწევარ, სულ ის მაგონდება და ვერაფერი გამიგია. ერთი რამ კი ცხადია: იმ კედელს იქით არის რაღაც, გვირაბის ან იმ მიწისქვეშა ოთახის მსგავსი, ჩვენ რომ ვიყავით.

- რას ამბობ, სანდრო, იმ კედელს იქით კიდევ არის რამე?

- მე მგონია, არის, ლეო, და ვფიქრობ, ქვა რომ გამოვაძრეთ, იქიდან არის შესასვლელი.

- ნუთუ მართლა არის რამე იმ კედლის იქით?

- როგორ არ იქნება, ალექს, პაპაჩემი ამბობდა: თურდოს გამოქვაბულამდის გადის გვირაბიო.

- ისევ პაპაშენი! ხახაბო, ალბათ, ვერც კი ხვდებოდი, რომ პაპაშენი გატყუებდა, თორემ სად გაგიგია, დათვი შვინდსა კრეფდეს და უბეში იყრიდეს? ჩხავანა იქნებოდი პატარაობისას, აი იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ორი მეტრის სიგრძე იყავ, და მაგ ზღაპრებით გაჩუმებდა. ახლა ორი საჟენი ხარ და აღარ უნდა გჯეროდეს პაპაშენისა.

- ახლა, რა იყო, ლუკას ბიჭო, რომ დაგიხსომებია? წამომცდა, გვირაბზე კი პაპაჩემი კი არა, მთელი სოფელი ლაპარაკობს, რომ თურდოს გამოქვაბულამდე მიდისო.

- თუ მიდის, კედელი რატომღაა?

- შეიძლება კედელი მერე ამოაშენეს.

- ბიჭებო, როდის ამოაშენეს, როდის არა, მე ეგ არ მაფიქრებს, საინტერესო ის არის, რა იყო იქ, რომ გულები დაგვიხეთქა?

- შენ, მართლაც, გული ვეღარა გაქვს საგულეს, თვალიაშვილო. რა უნდა ყოფილიყო? ალბათ, გველი იყო. ნესტიან ადგილებში უყვარს დაბუდება.

- მართალი ხარ, სნაიპერო. ხომ გესმოდათ, როგორი სისინ-შიშინი გაჰქონდა და თან გაბრაზებული ბუტბუტებდა.

- თუ მართლა გველი იყო, კარგა დიდი უნდა ყოფილიყო, ძმაო.

- დიდი გველები იცის ნესტიან ადგილებში, ჭიან-ტბაში ამბობენ დიდ გველს. კაცებს უნახავთ: ურმის ღერძის სიმსხო ყოფილა.

- მეც გამიგია, ბიჭებო.

- მოჰყევით ზღაპრებს, რაა! რამდენჯერ ვყოფილვარ იქ და ბუერები მომიჭრია.

რატომ მე არ შემხვდა? მარტო მაჯის სიმსხო გველი მოკლა მამაჩემმა. ღონიერი კი ყოფილა ეგ სატიალე: თხილის ბუჩქს შემოეხვია და სულ ლაწუნი აუყენა. მერე მამაჩემმა დაადო შიგ წელში შვინდის ჯოხი და წელი მოსწყვიტა.

- არ შეგეშინდა, გოგი?

- რისა უნდა შემშინებოდა? ხელში წალდი მეჭირა და მამაჩემიც იქ იყო.

ლენა შეშინდა.

- მაშ, გვირაბში გველი იქნებოდა, ბიჭებო?

- გველი უნდა ყოფილიყო, იმან იცის სისინი.

- უიმე, რაზე მეც ჩამოვიდოდი!

- იქ ჩამოსულიყავი და კაი დროს გაატარებდი, - ცერად გადახედა სნაიპერმა. - აჰყევი ფეხის ხმას და წამოჩერჩეტდი.

ლენა გაიტრუნა.

- ლენა ყოჩაღი გოგოა, ვახტანგ, ტყუილად უწყრები. სხვა მაგის ადგილას იქვე გათავდებოდა შიშით. მაგან კი ცოტა წაუტირა და, სოფელში რომ შემოვედით, სულ გაჩუმდა.

გოგომ მადლიერი თვალით გადახედა რგოლის ხელმძღვანელს.

- გარდა მაგისა, ლილიც კარგი გოგო ყოფილა და ჩვენ არ ვიცოდით.

- ეგ საიდანღა დაასკვენი, ჭკუის კოლოფო!

- ნიკო ლენამა და ლილიმ ახსნეს მსხლიდან, ქამრებიც მაგათ წამოიღეს და ლილის კრინტი არავისთან დაუძრავს ამაზე, ხომ მართალია, ლენა?

- მართალია, სანდრო, მე დავაფიცე და იმანაც სიტყვა არ გატეხა.

- აი, ხედავთ, ბიჭებო? - მიუბრუნდა იქ მსხდომთ ორატორი, - ლილი ჩვენს რგოლში უნდა დავტოვოთ.

- ჰო! - აყვირდნენ უცებ ბიჭები. - მაშ, ზალიკოც უნდა დავაბრუნოთ, რადგან ძალიან ხელმარჯვედ გრეხდა ულოს და არც ჩალის ჭრაში ჩამოგვრჩა.

გოგიამ და ვანომ ერთმანეთს გადახედეს.

სნაიპერმა თვალი მოწკურა და მოლოდინით მიაჩერდა ბუჩუკურთელს.

სანდრო მცირე ხანს ჩაფიქრდა.

- მაგაზე ჯერ ნურაფერს ვიტყვით, ბიჭებო, ჯერ კიდევ დავიცადოთ.

- რაღას უნდა ვუცადოთ, სანდრო? დააბრუნე და ეგ იქნება.

- არა, ლენა, ჯერ ვნახოთ. მას შემდეგ აღარაფერი ცუდი არ წამოსცდენია ჩვენზე, მაგრამ ჯერ ვაცალოთ ცოტა კიდევ.

- გვირაბში აღარ ჩავიდეთ?

ბიჭების უმრავლესობამ შიშნაკრავად გადახედა ლუკას ბიჭს.

სანდრომ გაიღიმა.

- რაო, ვახტანგ, გინდა, ზუსტად დაადგინო, რამდენ წუთში ჩამოხვალ სირბილით იქიდან სოფლის თავამდე?

სხვებმაც ჩუმად ჩაიქირქილეს.

- მაგასა ჰგონია, რომ კიდევ გამოასწრებს.

სნაიპერი აიქოჩრა.

- ჰაი, თქვე ქეციანებო, თქვენა. აქ გულადად ყაყანებთ და იქ ქორდაცემული ქათმებივით გაიფანტენით.

- დაიცა, ვახტანგ, გინდათ, ბიჭებო, კიდევ წავიდეთ გვირაბში?

უმრავლესობამ თვალი აარიდა რგოლის ხელმძღვანელს.

- მაშ, კარგით, ჯერ ნუ წავალთ. სხვა საქმეებიც ბევრია. გივის ვუთხრათ თუ არა რამე ამ ამბავზე?

- არა, არ გვინდა.

- ნურაფერს ვეტყვით.

- ჯერ ნუ გავაგებინებთ.

- კარგით, ბიჭებო, ჯერ ნუ გავაგებინებთ. რაზმის შეკრებაზეც ნურავინ დავძრავთ ხმას ამ ამბავზე. შენა, ლენა, ლილისთვის ხომ არაფერი გითქვამს ან პაპაშენს ხომ არაფერი გაუგია?

- არა, სანდრო, არც პაპაჩემს გაუგია, არც ლილისთვის მითქვამს და, თუ საჭიროა, არც ვეტყვი.

- ჰო, ნუ ეტყვი. მაშ, ხმას არ ვიღებთ, ბიჭებო!

- ვდუმვართ, როგორც ქათმები.

გოგია გაიღრიჭა.

- ჰო, გიგილაანთ ქათმებივით თუ გავჩუმდით, კარგია.

მთელი რგოლი ახარხარდა, რადგან გიგილაანთ ეზო სკოლასთან ახლოს იყო და ბავშვებს ყურები წაღებული ჰქონდათ მამლების ყივილითა და ქათმების გნიას-კაკანით.

- არა, გიგილაანთ ქათმებივით არა, ლენას პაპის ქათმებივით.

- ახლა ჩვენს ქათმებს გადასწვდით! - გაწყრა ლენა.

- ნუ გწყინს, ლენა, ისინი შენსავით ჭკვიანები არიან და იმიტომ ვახსენებთ, - მოუქათინაურა სნაიპერმა.

- კარგით, ბიჭებო, ახლა წავიდეთ და ხმას ნურსად დავძრავთ.

- ეგრე იყოს, წავიდეთ.

სანდროსთან გოგია მივიდა და ყურში ისე უჩურჩულა, ლენას არ გაეგო.

- ხვალ საღამოს ძველ საბძელში ლენაც იქნება?

- ძველი საბძელი სალენაო არ არის. ზოგიერთ რამეს უჩემოდაც უნდა მიხვდე ხოლმე.

 

ნაწილი 17

ვალდებულება

 

 

ტყის პირას მდგარ საბძელში მიმავალ მრელაშვილს დააგვიანდა, რადგან რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს გადაეყარა.

ნიკომ დაინახა თუ არა მისკენ მიმავალი ბიჭი, გზა გადაუღობა და, ვიდრე სნაიპერი რამეს მოიფიქრებდა, უკვე ჩაბღუჯული ჰყავდა.

- ხომ მოგიგდე ხელში, ლუკას ბიჭო! შენც იმ საღამოს იერიშის მონაწილე ხარ, თუ არა ვცდები.

სნაიპერმა დაუბღვირა.

- შენ ტუტუცი ხომ არ გადაჰყლაპე? რომელი საღამო, რის საღამო.

ნიკო დაეჭვდა - „იქნებ მართლა ბინდში მომეჩვენა და კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ესეც იმათ „ამქარს“ ეკუთვნისო“ - და ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა.

გაბრაზდა ვახტანგი და გაიწია.

- გამიშვი, ერთი შენი! რა ყაჩაღივით მიხვდები გზაში?

ნიკომ წამოარტყა.

- ნუ იგინები!

- შენ ვინა გკითხავს ჩემს შეგინებას?

- ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავ.

- შენ რომელი ჩემი მომკლავი ხარ, შე...

- ნუ იგინები, გალეულო, თორემ...

- შენ რომ დაგინახავ, მაშინვე გინების ხასიათზე ვდგები.

- ხმას ნუ იღებ-მეთქი!

- რაკი ეგრე გინდა, ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ გუნებაში მაინც შეგაგინებ.

ნიკომ ერთი კიდევ უთაქა და გაუშვა ეს „გაუსწორებელი ელემენტი“.

სნაიპერმა რომ დაატყო, სანამ ნიკო დამეწევა, საბძლამდე მივასწრებო, ერთი ისეთი შეაგინა, თვითონვე დარჩა აღტაცებული. თანაც ცაცია ხელით გასროლილი ქვა შიგ ფეხში მოარტყა და აკოჭლებული ნიკო შორს ჩამოიტოვა.

სნაიპერის დაგვიანებამ ბიჭების რისხვა გამოიწვია.
- სად იყავი აქამდის?

ვახტანგმა ნიკოს მისამართით გაგზავნა გინება.

- არსენასავით გადამიდგა გზაში.

სანდრომ დაიყვირა:

- დაჯექი და აღარ გავიგონო შენი გინება.

გაკვირდა ლუკას ბიჭი.

- ბიჭოს, შენ ეს რამდენი ხანია, რაღაც სხვანაირად უკრავ! გინება ხომ შენი მოგონილია?

- ჰოდა, ჩემს მოგონილს მევე ვკრძალავ. დაჯექი და მომისმინე! აბა, ბიჭებო, გარშემო შემომეხვიეთ, რომ შუქი არ გავიდეს გარეთ. წაიკითხე, გოგი!

გოგია გაწვა ნამჯაზე, ქაღალდის ფურცელი წინ დაიდო და ჯიბის ფარნის შუქზე კითხვა დაიწყო.

ვალდებულება

„სანდრო ბუჩუკურთელის მთელი რგოლი და ვისაც ამ რგოლთან ამხანაგობა და მეგობრობა უნდა, ვალდებულებას ვკისრულობთ რომ:

1. ნებადაურთველად არ შევიდეთ სხვის ბაღ-ბოსტანში.

2. მშობლებს და უფროსებს გავუგონოთ და მასწავლებლები აღარ გავაჯავროთ.

3. ვიყოთ ერთ-ერთი საგნობრივი წრის წევრი და ცუდი ნიშნები აღარ მივიღოთ.

4. პატარებს არა ვცემოთ და თუ დავინახეთ, ვინმე სცემს, მივეშველოთ“.

სნაიპერმა ასანთი გაჰკრა და პაპიროსის მოკიდებას აპირებდა, რომ სანდრომ ჩაუქრო ასანთი, პირიდან წაჰგლიჯა პაპიროსი, მოსრისა, გადააგდო და გოგიას უთხრა, კითხვა განეგრძო.

გოგიამ განაგრძო:

5. არ ვიცრუოთ, პაპიროსი არ მოვწიოთ.

ვინც ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, გარიცხულ იქნეს რგოლიდან“.

- აკი თვითნებურად გარიცხვა არ შეიძლებაო? - შეაწყვეტინა ლუკას ბიჭმა - ან ეს რაღა ჯანდაბაა, ხომ გვაქვს „მოსწავლეთა წესები?“

სანდრო დაფიქრდა.

- ეგ ადგილი უნდა შევასწოროთ, გოგი. სნაიპერი მართალია, ხოლო რაც შეეხება „მოსწავლეთა წესებს“, ვიცით, მაგრამ ესეც უნდა დაემატოს.

- კარგი, შევასწოროთ.

მერე ისევ განაგრძო:

- „ვინც ამ ვალდებულებას დაარღვევს, ჩვენი რგოლის წევრმა არ გაიკაროს ის მოწაფე ახლოს. რომ კვდებოდეს, არ იამხანაგოს იმასთან. ზედაც არ შეხედოს“.

გოგიამ დაამთავრა კითხვა და ფურცელი სანდროს გადააწოდა.

სანდრომ თავისი გვარი მოაწერა და შემდეგ ისევ გოგიას გადასცა. გოგიამაც მოაწერა ხელი და თვალიაშვილს გადააწოდა. ასე იმოგზაურა ამ ფურცელმა სნაიპერამდე, ხოლო სნაიპერმა დახედა ჯიბის ფარნის შუქზე რვეულის ფურცელს და სერგოს უკანვე დაუბრუნა:

- უჩემოდაც კარგია ეს ფურცელი, მე ხელს ვერ მოვაწერ.

ბიჭებმა გაიკვირვეს.

- ჩვენ ეს ფურცელი შენს მოსვლამდე შევადგინეთ, შევთანხმდით და შევადგინეთ.

ვისი ბრალია, შენ რომ დაიგვიანე?

მრელაშვილი ზიზღით დაიღრიჯა.

- ხახაბოო! ნამდვილი ხახაბო ხარ! მაგიტომ კი არ ვამბობ უარს, რომ მე არ ვესწრებოდი მაგის შედგენას.

- აბა, მაშ, რატომ არ აწერ?

- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ მაინც შევიგინები.

- რატომ უნდა შეიგინო, როცა აქა წერია, რომ არ შევიგინებიო?

- ჰოოდა, მაგიტომ ვერ მოვაწერ.

- არ მოაწერ? - გაბრაზდა სანდრო.

- ვერა!

- მაშ, კარგი! შენ არც ჩემი რგოლის წევრი ყოფილხარ და არც ჩემი რგოლის წევრებთან გქონია საქმე. რა მაქვს შესახვეწი? ეს ბიჭები ყველაფერს შეასრულებენ, რაც იკისრეს. აი, ავთო, ვახტანგი, სერგო და სოსოც ჩვენთან იქნებიან და ბრალი შენი, რომ მარტო უნდა იყო. წადი, სადაც გინდა. გინდა შაშიაშვილ კაკოსთან წადი, მაგრამ ვერც იმასთან მიხვალ, რადგან ვერა ხართ ერთმანეთთან კარგად. ზალიკოც ახლოს არ გაგიკარებს - მოინანია თავისი დანაშაული და მალე ისიც ჩვენთან იქნება.

ბიჭებო! დღეიდან მრელაშვილ ვახტანგს, ლუკას ბიჭს, ეკრძალება ამ საბძელში შემოსვლა და ჩვენთან ახლოს ყოფნა, ვერც ჩვენ საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ვერც ჩვენი რგოლის შეკრებას დაესწრება. მთელი რგოლისა და ჩვენთან ერთად მყოფი სხვა წევრების მოთხოვნით, ახლავე დატოვოს სნაიპერმა საბძელი!

ბიჭებს დაენანათ ცქვიტი სნაიპერის მოშორება, მაგრამ რგოლის ავტორიტეტის შელახვას ბედთან შერიგება ამჯობინეს და ერთხმად მოსთხოვეს საბძლის დატოვება.

თავზარი დაეცა ლუკას ბიჭს, როდესაც გაიგო, რომ ეს დავიდარაბა მასხრობა არ ყოფილა. და, აჰა, სინამდვილემ შეაჭყიტა თვალებში. უშიშარმა ბიჭმა უცბად წარმოიდგინა თავი მარტო: ამხანაგებისაგან (და მერე როგორი ამხანაგებისაგან!)

მიტოვებული, გოგოების ანაბარად დარჩენილი... გული შეეკუმშა და ძლივს წამოიკნავლა:

- კარგი, არ მოვწევ პაპიროსს.

გოგია აიმრიზა.

- პაპიროსს რომ არ მოსწევ, ეს ნაღდია, მაგრამ გინებას რას უშვრები?

- რა ვუყო, განა მე მინდა!

- არ შეიძლება! - შეუბრალებლად დაასკვნა სანდრომ. - არ შეიძლება. მარტო ეგ კი არა, ამ გაზაფხულის პირას ექიმს რომ მამალი მოუკალი, სულ ჩვენს ღობესთან ყიოდაო, სამაგიერო უნდა მიუყვანო და ბოდიშიც მოუხადო.

აღარ იცოდა მრელაშვილმა, რა გზას დასდგომოდა. ბიჭების მოშორება წარმოუდგენელი რამ იყო. არადა, ხელი რომ მოაწეროს და მერე გინება წამოსცდეს სადმე? აფსუს, რა ბიჭები არიან! არა, არა, ისევ უნდა დათმოს. ან რა არის გინებაში კარგი? პატრონი მოუკვდეს ყველანაირ გინებას. ამათთან სიკვდილი ურჩევნია.

და ძლივს ამოღერღა ხორხიდან:

- მოიტათ, მომეცით ეგ სატიალე...

ვახტანგმა კარგა ხანს უცქირა ბნელში და, როდესაც ქაღალდს ჯიბის ფარნის საიდუმლო შუქი დაეცა, ხელი მოაწერა.

- ახლა, ბიჭებო! - დაიწყო სანდრომ, რაკი ხათაბალას მორჩა, - დღეს უნდა მოვათავოთ ყველა საქმე, რაც კი საბძელთან არის დაკავშირებული. რადგან დღეის იქით აქ აღარ შევიკრიბებით.

ბიჭებში დრტვინვა გაისმა.

- რატომ?

- ჩუმად, მოისმინეთ! - გაწყრა გოგია.

- დღეის იქით ჩვენ საჩუმათო და დასამალი არაფერი გვექნება. მთელი ჩვენი ავლადიდება, რაც ამ ნამჯაში გვაქვს, უნდა დავუბრუნოთ პატრონს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვეკუთვნის, ის გროზნასია, ჩვენ არ გვინდა სხვისი ნაცოდვილარი და ნაშრომი, ჩვენს სკოლას აქვს ნაკვეთი და იქ შეგვიძლია საკუთარი ბაღის გაშენებაც. შარშან და წელს კარტოფილი და სიმინდი ედგა ჩვენს სკოლას.

წელს ავდგეთ და ნამყენი ჩავყაროთ! როგორი იქნება, სნაიპერო, შენს დარგულ ხეზე რომ ახვალ და იქიდან გადმოიხედავ?

სნაიპერი დაეჭვებით შეიშმუშნა და იკითხა:

- იმოდენა კი გაიზრდება?

- რას არ გაიზრდება! მოვრწყავთ, ძირებს ჩვენვე გამოვუბარავთ, ჩვენვე გავსხლავთ, ჩვენვე დავკრეფთ.

ბიჭებმა უფრო ახლოს მიიწიეს და ნაზირ-ვეზირებივით შემოუსხდნენ შუაში შაჰინშაჰივით ჩამჯდარ რგოლის ხელმძღვანელს.

- ახლა კი ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ.

- აბა, აბა! - წააქეზეს ბიჭებმა.

- აი, რა: ლენას ვუთხარი, რომ მათი ვაშლი ჩვენ დავკრიფეთ და იმანაც გვაპატია ეს საშინელი დანაშაული... მაგრამ როგორც ვთქვით, ვაშლი უკანვე უნდა დავუბრუნოთ.

- ეგ რაღა სასიხარულოა! - ვეღარ მოითმინა სნაიპერმა.

- ლენამ გვაპატია, მაგრამ გროზნამ რომ გაიგოს, დაგვხოცავს.

- მართალია, რომ არ დავუბრუნოთ, ვერსად მივიტანთ, - მაშინვე დაეთანხმა მრელაშვილი.

- გროზნას ჩვენ ისეთი რამე უნდა გავუკეთოთ, რომ ეგეც გვაპატიოს და გვირაბშიც დღისით ჩაგვიშვას.

- ეგ კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ ისეთი რა უნდა გავუკეთოთ?

- ჰო, აბა, რა უნდა გავუკეთოთ?

- გროზნას პური არ აკლია და წყალი!

- სასმელი და საჭმელი!

- ჩასაცმელი და დასახური.

- ისეთი რა უნდა გავუკეთოთ?

- აი რა: ლენას პაპის ქათმები ღამით ხმელ ხეზე სხედან...

- ნედლ ხეზე დავაჩვიოთ? - ჩაიხითხითა მრელაშვილმა.

- რას სულელობ, სნაიპერო? საქათმე უნდა დავუდგათ.

- რაო, საქათმეო? ჩვენ რომელი დურგლები და კალატოზები ვართ?

- რა კალატოზობა უნდა? ბოძები ჩავსვათ და მსხვილი წკეპლით შემოვწნათ. ჩვენი საქათმეები როგორც არის, - მიხვდა ლუარსაბი.

- მართლა, როგორც ჩვენი საქათმეებია. ზევიდან შალაფა დავაფაროთ.

- აი, საქმე! კარგადაც გავერთობით.

- მართალია, გვეყო, რაც ხუხულებს ვაშენებდით! ახლა ნამდვილი სახლი ავაშენოთ.

- სახლი არა, დარბაზი! ქათმებს საქათმეც ეყოფათ.

- დავუდგათ, კარგი გოგოა, არც დაგვაბეზღა მაშინ და ქამრებიც დაგვიბრუნა.

- დავუდგათ, მაგისი რჯულიც არ იყოს.

- მაგრამ ჩვენს დადგმულ საქათმეში მებაღის ქათმები იკადრებენ შესვლას?

- როგორ არ იკადრებენ: ქათმებმა რა იციან, რომ გროზნასები არიან?

- ნუ ვეტყვით.

- სანამ შიგ არ შევრეკავთ, არ გავაგებინოთ.

- კარგით, სულ ყველაფერზე ხომ არ ვიმასხრებთ?

- ჰოოდა, დავდგათ.

- სწორი გითხრათ, კარგი სახალისოა.

- კი მაგრამ, ამ არამკითხეებს გროზნა კინწისკვრით არ გამოგვრეკავს?

- მართლა, - დაღონდნენ ბიჭები, - ეგ კი დაგვავიწყდა.

- რაზე გამოგვრეკავს? კი არ გაუხარდება?

- გაუხარდება, მაგრამ ითაკილებს და არ იკისრებს.

სანდრომ ისევ გააჩუმა ბიჭები.

- მის ვაშლს როცა ვიპარავდით, გავაგებინეთ რამე?

- მაშ, არ გავაგებინოთ?

- ეე, რა ჩვენი გაგება უნდა, თვითონ ვერ დაინახავს?

- მაშ, რა უნდა ვუყოთ?

- აი რა, ამ ერთ კვირაში ლენა, მისი დეიდა და პაპა თბილისში მიდიან. ლენას ხომ

იცით, დედა ჰყავს მკვდარი. ჰოდა, ძეგლი უნდა დაუდგან.

- რომელი პოეტი ის იყო, ძეგლი დაუდგან?

სანდროს ეწყინა.

- ასეთ დროს ხუმრობა სად გაგიგონია, სნაიპერო!

- თბილისში წავლენ, მაშა?

- ჰო, ერთ სამ დღეს მაინც დარჩებიან, ჩვენ კიდევ მგლებივით ბიჭები ვართ, ხელად ვეტაკებით და ერთ საქათმეს რა დიდი საქმე უნდა? როგორ ვერ დავდგამთ?

ბიჭებს შექება მოეწონათ, ისევ აყაყანდნენ.

- დავდგამთ, მაშ!

- სამ დღეში რას ვერ დავდგამთ!

- სამ დღეში თუნდაც შვიდსართულიან საქათმეს დავდგამთ.

- ლიფტი არ დავაყოლოთ?

- შვიდსართულიანი რად უნდათ? ბელეტაჟი იყოს.

- მოდით, ბიჭებო, სინათლეც გავიყვანოთ. რაკი ვაკეთებთ, გავაკეთოთ. აი, ლუკას ბიჭმა იცის მაგის ჩხირკედელაობა.

- სინათლე რად უნდათ? უკაცრაული პასუხია, რომანების კითხვას ხომ არ დაიწყებენ ქათმები?

- რომანები! ვითომ შენც გესმის რამე რომანებისა! გაუგია სადღაც. აი, თვითონ სანდრო და გოგია მივუჩინოთ, ლექსების წერას ასწავლიან.

ბიჭები ახარხარდნენ.

გოგია გაბრაზდა.

- შენ ყველაფერს სამასხროდ ნუ ხდი, ლუკას ბიჭო, თორემ ერთხელაც იქნება კარგად მიგიმუშტავ მაგ ცხვირს.

- ნელა, ეფრემას ბიჭო, ხელი არ გეტკინოს.

ბიჭები გაიტრუნნენ.

- კარგით, კარგით. აბა, ჰა, დაესიეთ ერთმანეთს... მაშ, ასე: დღეის შემდეგ ჩვენ კლასშივე შევიკრიბებით ხოლმე.

- ახლა დავიშალოთ?

- ახლა დავიშალოთ.

რგოლის უკანასკნელი შეკრება სოფლის განაპირას, ძველ საბძელში, დაშლილად იქნა გამოცხადებული... და როგორც კი მიჩუმდა წასული ბიჭების ფეხის ხმა, საბძელს ერთი ლანდი კიდევ მოსწყდა და ღამეს შეერია.

 

ნაწილი 18

მოსწრებული სიტყვის ძალა

 

 

რგოლის ხელმძღვანელმა ბინდისას მოიხმო სნაიპერი და უთხრა:

- შენ წადი და, აქედან მოყოლებული - ტურის უბნამდე, შეატყობინე ჩვენს ბიჭებს, რომ ამ საღამოთი ლენა, დეიდამისი და გროზნა თბილისში წავიდნენ. ხვალ კვირაა, მაგრამ ადრე დასჭირდებათ ადგომა. წყაროს ბაღის თავში დილის შვიდ საათზე უნდა იყვნენ გადაჭრილ ალვის ხესთან, მე გოგიას გავუვლი, რომ დანარჩენ ბიჭებსაც შევატყობინოთ. აბა, ჩქარა, თორემ დაგვიანდება.

ლუკას ბიჭი წავიდა და თან გაიფიქრა: „ქაჩალი თავს არ მოიქექს, მაგრამ თუ მოიქექა, სისხლს დაიდენსო“. ახლა აღარც დაისვენებს, რაკი დაიწყო. მაგრამ ის აზრი, რომ ხვალისთვის ტყეში მოუხდებათ გასეირნება, ფრთებს ასხამდა.

თითქმის მთელ ღამეს ემზადებოდნენ ბიჭები, ხოლო მეორე დღე ბოძების, ქანდარების, კავისა და ამოსაწნავი წკეპლის მოჭრას მოანდომებს. წკეპლას გოგიას ურმით ჩამოიტანდნენ, მაგრამ ბოძებსა და დანარჩენ სხვა მასალას ერთი-ორი ურემი დასჭირდებოდა. სანდრომ მამას ურემი სთხოვა და იმანაც არ დაუჭირა.

ბიჭმა ლენასგან იცოდა, სად აპირებდა პაპა საქათმის დადგმას...

სანდრო ყველაზე ადრე ჩამოვიდა ტყიდან და თითა ყურძნის ხეივანთან წამოწოლილ ლადოს მიუბრუნდა:

- ბიჭები არ ჩამოსულან?

- გოგია და ვახტანგი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთი გზობა კიდევ დაგვრჩა ჩამოსატანიო, და უკან გაბრუნდნენ... ქამრით მაინც დააბი ეგ ძაღლი, შენ შეჩვეული გყავს, არ მიკბინოს.

- ნუ გეშინია, არ გიკბენს. თუმცა, ახლა ბიჭები მოვლენ და არავინ დაგლიჯოს. მოდი, ალმას, ჩემთან! წამო, წამო - სანდრომ კვიპაროსზე გამოაბა კუდბანჯგვლიანი.

ლადო წამოდგა და სანდროსთან ერთად დაიწყო მოტანილი წკეპლების უფრო კარგად გასხეპა. სამი ბიჭი დაგეგმილ და დანიშნულ ადგილებს თხრიდა საბოძე ორმოებისთვის. სანდრომ თავი მიანება სხეპვას და ორმოები დაათვალიერა.

- ეყოფა სიღრმე?

- როგორ არ ეყოფა, წეღანვე თითქმის ზომაზე იყო და ახლა ხომ უფრო ღრმად წავიდოდა.

- შენ უფრო კარგად იცი, კიდევ ნახე მაინც და, თუ აკლია, უთხარი, კიდევ მოთხარონ.

მე ერთი, ხევში ჩავალ, იმ ბიჭებმა რად დაიგვიანეს, გავიგებ. წკეპლა ერთი გზობა მოუტანიათ, მაგრამ საბოძეებზე წასული ურემი ჯერაც არ ჩამოსულა.

სანდრო ჩავიდა რიყეში, მაგრამ ტყიდან მომავალი ვერავინ დაინახა. უფრო შეწუხდა ბიჭი, რადგან აქამდის უნდა მოსულიყვნენ. გაჰყვა რიყეს. გასცდა სკოლას და ლაცაბიძიაანთ სახლს ზემოთ თავქვე მოჩახჩახე თავისი ცარიელი ურემი დაინახა. ზედ წამომსხდარიყვნენ ალექსი თვალიაშვილი, ნუგზარ გარეჯელი და ლუარსაბ ბაჩიაშვილი. ბიჭებს ცხვირები ურმის კოფომდე ჩამოეშვათ. გაკვირდა სანდრო, დაიბნა, მაგრამ ურემს მაინც წინ შეეგება.

- რა ამბავია, რად დაიგვიანეთ. ან მასალა რა უყავით?

დარცხვენილმა ბიჭებმა ზევით ვერ აიხედეს.

ბოლოს ისევ ლუარსაბმა გაბედა:

- ტყისმცველს მიუგნია მასალისათვის და დაუტუსაღებია. შეშა ჰგონებია.

სანდროს გულს შემოეყარა.

- როგორ თუ დაუტუსაღებია?
- ისე. ერთი საბოძე იყო ჩათლილი ცალ გვერდზე და ზედ ეწერა: ეს შეშა დატუსაღებულიაო.

სანდრო კარგა ხანს იდგა ჩაფიქრებული, მერე თავი აიღო და ჩაილაპარაკა: - კიდევ კარგი, რომ შეშა ჰგონებია. არ ვარგიხართ, არა. მაგხელა გოგრები გაბიათ და ვერაფერი მოიგონეთ. აფსუს, სად იყვნენ ეფრემას ბიჭი და სნაიპერი? ჩამოდით ახლავე ურმიდან! თუმცა, ყველანი ნუ ჩამოხვალთ. მასალის დატვირთვაში დამჭირდებით! ლუკა წავიდეს და ნასიმინდარში შალაფის კონების შეკვრაში უშველოს დალისა და ლილის. მოჭრას კაჭაანთ ვახტანგი და ენუქაშვილებიც აუვლენ.

იმ გოგოებს უხარიათ, რომ საქმე დავავალე, მაგრამ იმათი შეკრული კონა რა უნდა იყოს? შენ დაუარე და ყველა კონა შეამოწმე, არ გაიხსნას. მე მასალასაც ჩამოვიტან და იქნება კონების მოზიდვაც მოვასწრო. წადი, მე მალე ჩამოვალ.

სანდრომ ცხენს შოლტი გაუტყლაშუნა და ტყისკენვე შეაბრუნა.

გზაში ბიჭებმა თავი იმართლეს:

- ტყის მოსაჭრელი ბილეთი არა გვქონდა და იმისი შეგვეშინდა. ხომ იცი, უბილეთოდ მოვჭერით?

სანდრო ამ ამბავმა ძლიერ დააფიქრა. ახლაღა მიხვდა, რომ ეს უკვე ქურდობა გამოდიოდა - ტყის ქურდობა.

ბიჭი საგონებელში ჩავარდა. თვითონვე არღვევდა იმ ვალდებულებას, რომელიც თავის „მარჯვენა ხელთან“ ერთად შეადგინა. მაგრამ მალე მოიფიქრა გამოსავალი და გამხიარულდა.

- ბილეთი უნდა ვიყიდოთ და ტყისმცველს ჩავაბაროთ.

- ბილეთი? - გაიკვირვა ალექსიმ.

- ჰო, რას გაიკვირვე?

- მერე, ჩვენ საიდან ვიყიდოთ, მილიონერები ვართ?

- ბილეთს რა მილიონერობა უნდა?

- ფული ხომ უნდა?

- ვიშოვით.

- საიდან ვიშოვით?

- ძველ საბძელში რომ ვაშლი გვაქვს, ის უნდა მივცეთ.

- ვაშლი? აკი უნდა პატრონისათვის დაგვებრუნებინა?

- რას ვიზამთ, ეს საქათმე ხომ იმის პატრონისათვის გვინდა?

- კარგი, რაკი ეგრეა, ეგრე გავაკეთოთ, - დაეთანხმნენ ბოლოს ბიჭები.

- ამას გარდა, ქაჩალ გორაზე და კიკაბაურების ფერდაზე ტყის დღეს ბლომა ხეები უნდა დავრგათ. ეს იმის სამაგიერო იქნება, რაც ჩვენ ტყეს ზარალი მივაყენეთ. მე კი, პირადად, ოცი ალვის ხე უნდა შემოვუმწკრივო, აი ამ ადგილს - გაიშვირა წყაროს ბაღისკენ ხელი სანდრომ, გადაჭრილი ალვის ხის ქვეშ რომ გავიდნენ. - აი, ამ ალვის ხის სამაგიერო იქნება.

ბოლოს მიაღწიეს მოჭრილ მასალას და ურმიდან ჩამოხტნენ.

სანდრომ მოძებნა ის ბოძი, რომელზედაც, ლუკას სიტყვით წარწერა იყო, გადააბრუნა და თვითონაც წაიკითხა გათლილ გვერდზე ქიმიური ფანქრით გაჩხაპნილი: ეს შეშა დატუსაღებულია. ტყისმცველი: მიშა დემურხანაშვილი.

სანდრომ თვალიაშვილს უთხრა, ერთი ბოძი კიდევ მოეჭრა, ის წარწერიანი ბოძი კი იქვე, თვალსაჩინო ადგილზე დაატოვებინა და დანარჩენს ურემზე დადება დაუწყო.

როცა დადებას მორჩნენ, გადაუჭირეს წნელები, დაუჭირეს ქანჩები და არხეინი ღიღინ-ღიღინით დაეშვნენ თავქვე. მაგრამ ბოლომდე არ გაგრძელებულა მათი ღიღინი, რადგან მხიარული ბიჭები ზედ წყაროს ბაღთან გადაეყარნენ ტყისმცველს.

თვალიაშვილსა და გარეჯელს ფერი წაუვიდათ, ხოლო სანდრომ ცხენი ჩვეულებრივი ნაბიჯით წაიყვანა და ტყისმცველს დაასწრო სალამი.

- გამარჯობათ, ძია მიშავ.

ტყისმცველმა სალამი დაუბრუნა.

- გაგიმარჯოს, მაგრამ აბა, დაიცათ, - ახლოს მივიდა და სინჯვა დაუწყო, - ეს რა ამბავია, მე ეგ შეშა დავატუსაღე და შენ კიდევ მიგაქვს?

სანდრომ თავი მოიქექა და ცუღლუტურად გადახედა.

- ძია მიშავ! თქვენ რომელი შეშაც დაატუსაღეთ, ის იქვე დავტოვე და დანარჩენთან რა ხელი გაქვთ? აი, გაჩხრიკეთ და, თუ აქ დატუსაღებულ შეშას მიაგნოთ, დამაჯარიმეთ.

ტყისმცველმა შეხედა ეშმაკ ბიჭებს და გადაიხარხარა.

- კარგით, კარგით, რაკი ასე ყოჩაღი ბიჭები ყოფილხართ, დამითმია. მხოლოდ შემდეგისათვის უჩემოდ არაფერი გააკეთოთ. შემატყობინეთ და იქნებ მე თვითონ შეგირჩიოთ შეშაც და სამასალეც!

ბიჭებმა მადლობა გადაუხადეს გულკეთილ ტყისმცველს და ისევ თავქვე დაეშვნენ ურმით.

ტყისმცველმა კარგა ხანს გააყოლა ღიმილნარევი თვალი და გუნებაში გაიფიქრა: აქებდნენ და კიდევაც ყოფილან საქები ეს უნდილებიო!

 

ნაწილი 19

დანაშაულზე წასწრება

 

 

სნაიპერმა სანდროს რჩევა დაიჯერა და მებაღის სახლისკენ გასწია.

შორიდან დაიძახა.

არავინ გამოხმაურებია.

კიდევ დაიძახა.

უეცრად საიდანღაც გამომტყვრალი ძაღლი ღრენით გამოექანა ხევში ჩასასვლელისაკენ.

ვახტანგმა ჯერ უკანვე გამობრუნება დააპირა, რიყეში, რათა იქ ქვები აეკრიფა და თავდამსხმელს ღირსეულად დახვედროდა, მაგრამ რაკი ვერ ჩაასწრებდა, ნეკერჩხალზე ასვლა გადაწყვიტა.

დროულიც იყო: მოვარდნილი ალმასა ხეს შეეტოტა და ფეხსაცმლამდე მისწვდა.

ბიჭი ნაჩვევი იყო ძაღლებთან ჩხუბს და მაინცდამაინც არ შეშინებია. ხეს მაგრად შემოხვეულმა რამდენჯერმე გაიქნია ფეხი და ძლივს გამოჰგლიჯა პირიდან. მერე აცოცდა ზევით და ერთ ტოტზე მოხერხებულად ჩამოჯდა.

ძაღლიც დაცუცქდა იქვე, ზევით ცხვირაწეული შეჰყურებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იყეფებოდა.

ვახტანგმა კიდევ დაიძახა:

- ლენა! დაყრუვდი, გოგო?

ძაღლი ძლიერ აყეფდა.

ბიჭმა ძირს ჩამოიხედა და გამარჯვებულის უზრუნველი ღიმილით უთხრა:

- რა გინდა, ტურების საჭმელო? ვითომ შენც ძაღლი ხარ, რაღა. ფუი, შენს

ძაღლობას რა ვუთხრა! ისე მოგპარეს ვაშლი, რომ შენ ჩუჩუნიც არა ჰქენი. ფუი!

ძაღლი ვიყო და ეგრე გადავყრუვდე?! - ენა გამოუყო და დაეჯღანა.

ძაღლს ეწყინა, წამოხტა და ხეს ყეფით შეეტოტა, მაგრამ მიხვდა, რომ ვერ მისწვდებოდა, და იქვე დაყუნტდა.

- დიდხანს იჯდები მანდ? - შეეკითხა ვახტანგი.

ძაღლმა შეჰყეფა.

- კარგი. მეც არ ჩამოვალ, ვნახოთ, არ მოგწყინდება? - ტოტს გადაალაჯა, ხეს ზურგით არხეინად მიეყუდა და აღიღინდა:

"ქუჩუკი ღონიერია,

ფეხს გადააწვდენს ველებსა,

ისე მივბეგვავ ალმასას,

ვეღარ ანძრევდეს ყურებსა!

ჰეეე!.."

უცებ გაჩუმდა და ძაღლს ჩამოჰხედა.

- უუ, შე საცოდავო, ყურებიც რომ არა გაქვს! ანდე, დაუჭრიათ.

ძაღლმა შეჰყმუვლა და უკანა ფეხებით მიწა მოფხოჭნა.

- გიცხონდა პატრონი, ერთი ძალიან გაფხუკიანდი. არა, გიხდება, რომ ამოდენა ბანჯგვლი გადევს ზედ? გროზნა რომ ფერმის გამგედ იყოს, მატყლის დამზადების გეგმას რა ადრე შეასრულებდა?

უეცრად ძაღლმა ყეფა შეწყვიტა, აწკმუტუნდა და კუდის ქნევ-გრეხით ხის მეორე მხარეს გადაინაცვლა.

ვახტანგი ზურგისაკენ მიბრუნდა და ძირს ჩაიხედა.

ნეკერჩხლის ქვეშ მებაღე იდგა და ხელმოჩრდილვით ზევით იყურებოდა.

- არიქა, დიმიტრი პაპავ, მიშველე, თორემ ლამის შემჭამოს თქვენმა ალმასამ. - მერე ენა მოიჩლიქა: - რა გინდა, ტუგრი, მე ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის. ლამაზი და კარგი მაინც არ იყო. რა კარგი ყურები და ბეწვი აქვს. ნუ, ტუგრი, ნუ ბრაზობ.

- რა, რაო, მაშ ფერმის გამგედ უნდა ვიყო? - გააგრძელა გროზნამ და მარცხენა მხარზე გადებული წერაქვი მუქარით ჩამოიღო ძირს, - აბა, დაბლა ჩამოდი, თუ მაგ თანამდებობას დავჯერდები.

ვახტანგი შეკრთა და, ძირს ჩამოსვლის ნაცვლად, ერთი ტოტით ზევით აიწია. თან გაიფიქრა: ახლაც ნასვამი ჩანს ეს ბებერი. ნეტავ სადა შოულობს ყოველდღე, ანდა რატომ არა სწყინდება?

- არ ჩამოდიხარ? - იკითხა მებაღემ.

- რაღაც ხალისი არა მაქვს, - უპასუხა ხეზე მჯდომმა.

- მაშ, მე გაგახალისებ. - მოხუცი მიბრუნდა და დაიძახა: - ლენავ, გოგო, ლენავ!

მოიტა ერთი, ცული გამომიტა... რამდენი ხანია მინდოდა ამ გამხმარი ნეკერჩხლის მოჭრა და ყოველთვის მავიწყდებოდა... გაგიხარიან მე შენ ჩამოგსვამ, მანდ ბერი ქედანივით რომ ზიხარ და ღუღუნებ.

ახლა კი შეშფოთდა ვახტანგი.

- რა გინდა, პაპავ?

- არაფერი, შვილო, ცული მინდა.

- რად გინდა, ცული, პაპავ?

- აი, გამომიტანოს და მანდედან დაინახავ, რისთვის მინდა.

- ლენა შინ არ არის.

- შენ რა იცი?

- ვიცი.

გროზნა შეყოყმანდა.

- მართლა არ არის?

- მართლა არ არის.

- ალმას, აქ იყავ და ეს მლივი არ ჩამოუშვა ძირს.

გროზნა გაბრუნდა სახლისკენ ცულის მოსატანად.

ლუკას ბიჭი ძაღლს დაეჭყანა:

- და-და-და-და, რასა ჰგავხარ, ძაღლო!

გროზნამ მოიხედა.

ვახტანგმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძაღლს.

- ნამდვილი მზეთუნახავი ხარ, მზეთუნახავი.

სახლში მცირე ხნის ფათურის შემდეგ მებაღე უკანვე გამობრუნდა.

- ახლა გამახსენდა, რომ ცული გუშინ წავიღე ბიძაშენთან დასაფოლადებლად.

- ჰო, მე ვუთხარი: კარგი ფოლადი გაუკეთე-მეთქი, ბიძაჩემო, ხომ იცი, დიმიტრი პაპასია-მეთქი!

- დამიცადე მანდ, ჯახუნაანთა გადავალ და იმათ გამოვართმევ.

მეტი რა გზა ჰქონდა ვახტანგს, უნდა მოეცადა.

- კარგი, დაგიცდი.

უცებ ვახტანგი ტოტზე შედგა და გასძახა:

- ნუ წახვალ, დიმიტრი პაპავ.

გროზნამ მოუხედა.

- ჩამოდიხარ?

- არა.

- არა და გაჩვენებ შენ სეირს...

- დიმიტრი პაპავ.

- რა იყო.

- ცული არ გინდა.

- ვითომ რატომაო!

- ხერხი მოიტანე.

- ხერხი? - გროზნა ჩაფიქრდა, - დამცინი, არა? ხერხითაც შეიძლება, - დაასკვნა ბოლოს და სახლისკენ გასწია.

გროზნამ ბირდაბირი გამოიტანა და ხის ძირს მიადგა.

- აი, შე მლივო, შენა, შენგან არი ბაღის ღობე დაჭეჭყილი და ის ვაშლი გაკრეფილი. ახლა ხომ ჩემს ხელში ხარ.

ხერხი ხტოდა და ნაჭდევიდან ვარდებოდა. ბევრი ეწვალა, ბევრი უარა გარშემო, მაგრამ პირი ვერ მოაკიდებინა.

ვახტანგმა იცოდა, რომ ჯერჯერობით საფრთხე არ მოელოდა. იჯდა არხეინად, ღიღინებდა:

"ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და ალმასასაც..."

გროზნა შედგა და სახელოთი ოფლიანი შუბლი მოიწმინდა.

- რაო, გიჭირს, დიმიტრი პაპავ?

- მიჭირს, - გამოტყდა გროზნა.

- ეგრეა, - ბრძნულად დაასკვნა ხეზე მჯდომმა, - ერთი კაცი პურის ჭამაშიაც არ ვარგაო.

- აბა, მაშ, რა ვქნა, შვილო, - დაეთანხმა ძირს მდგომი, - ჩემი დღენი სულ ეგრე მარტოხელა ვარ, ახლაც ის გოგო რო არ ჩამოსულიყო, რა ეყრებოდა ჩემს ყოფნაში.

- ლენა ძალიან ყოჩაღი გოგოა. სულ ხუთიანები ჰყავს.

- მასწავლებლებიც ემადლიერებიან.

- ჰო, ძალიან.

სიჩუმე ჩამოვარდა.
გროზნამ ხეზე მჯდომს ახედა.

ვახტანგმა მისი მზერა დაიჭირა, მერე გამოცდილი კაცივით ხეს შეავლო თვალი და ტანზე მოწონებით დაჰკრა ხელი.

- ჰე, რა შეშას დაჰყრის ეს ნეკერჩხალი! ტყეში წასვლა აღარ დაგჭირდება, დიმიტრი პაპავ.

- ჰო, ხმელი შეშა იქნება, - დაეთანხმა მებაღე.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

მხოლოდ ძაღლი იცქირებოდა ავი თვალით ხისკენ.

ვახტანგმა უცებ საგრძნობლად გადმოიწია. ძირს გადმოიხედა და როცა ხის ქვეშ მჯდომმაც ზევით აიხედა, წარბი შეკრა და განგებისად გაიკვირვა:

- აღარა სჭრი, დიმიტრი პაპავ?

გროზნამ ხელი ჩაიქნია.

- ხერხი ვერ მივუყენე.

- ეე, ეგრეა, აი, ისევ თუ მე არ მოგეშველე, მარტოკამ რა უნდა ჰქნა, შე ბეჩავო, შენა...

ვახტანგმა ძირს ჩამოიწია, ხის ტანს მოეხვია და ზედ დაცურდა.

წუთიც და, განცვიფრებული ძაღლისა და მისი პატრონის წინ იდგა.

ბიჭმა ხერხი აიღო და განახერხში ჩადო.

- აბა, შენ მანდედან გასწიე, დიმიტრი პაპავ.

გროზნა გაოცებით წამოდგა, ერთხანს ბიჭს უცქირა და მერე ხერხის სახელურს უნებურად წაავლო ხელი.

შემცბარი ძაღლი ახლოს დაცუცქდა და ხერხს აქეთ-იქით დაუწყო თვალის გაყოლება.

ნახევარზე რომ მიაჭრეს, შეისვენეს. მერე ისევ მიეძალნენ და ორმოციოდე წუთში ძირს დასცეს გამხმარი ნეკერჩხალი.

- ეგრეა, სად ერთი კაცი და სად ორი!

- შენ გაიხარე, შვილო, - გადანაჭერზე ჩამოჯდა გროზნა და სიმთვრალისაგან დაბრეცილი თვალებით თამბაქოს ქისაში ჩაიხედა. ჩიბუხი გააწყო და მოუკიდა.

ვახტანგმა ტუჩები ააწკლაპუნა.

- მოიტა, მომაწევინე, დიმიტრი პაპავ.

მებაღემ ჯერ გაიკვირვა და მერე ქისა მიაწოდა.

- მოსწიე.

ვახტანგმა საიდანღაც გაზეთის ნახევი ამოაძვრინა, თამბაქო გაახვია და გააბოლა.

- კაი თამბაქო ყოფილა.

- ძალიან კარგია, - კვერი დაჰკრა პატრონმა.

- რა ღონე გქონია, დიმიტრი პაპავ. მე მეგონა, დაბერდა-მეთქი.

- რას შვრები, ვახტანგ? - დასძახა ვიღაცამ თავზე.

ზევით აიხედა და წარბშეყრილი ლენა დაინახა.

- რას შვრები, ვახტანგ? - გაიმეორა გოგომ, - გადააგდე ამ წუთში!

ბიჭს ლოყებზე ალმური ავარდა, პაპიროსის ნამწვი შორს გადაისროლა და საცოდავად დაიჭყანა.

- ბიჭებს ნუ ეტყვი, ლენა.

- ვინ ბიჭებს, ბიჭებთან მე რა მესაქმება?

- უჰ, ლენა, მე ყოველთვის ვამბობდი: ლენასთანა გოგო მთელ სოფელში და ქალაქშიც არ იქნება-მეთქი.

- ბიჭები საჭირო არ არიან. მე ამას რგოლის შეკრებაზე ვიტყვი.
სნაიპერს ელდა ეცა.

- რას ამბობ, ლენა, რგოლიდან გამრიცხავენ.

- შენ იმ რგოლში არცა ხარ და ვერც გაგრიცხავენ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ „ვალდებულებაზე“ ხელი გაქვს მოწერილი და სიტყვა კი არ უნდა გაგეტეხა.

უშიშარი ბიჭი მოიბუზა.

- ჩემი ბრალი არ არის, პაპაშენმა შემაცდინა, ლენა.

გროზნამ ყური ცქვიტა.

- რაო, მე შეგაცდინე? აი, შე მლივო, შენა! - მებაღემ ტოტი შეატეხა ხეს, - მე შეგაცდინე თუ შენ შემაცდინე?

ბიჭი ფხიზლად წამოხტა და ხევში ჩავარდა.

ძაღლი გამოეკიდა, მაგრამ ქვის ყუმბარებმა უკანვე გამოაბრუნეს.

- სად მირბიხარ, ვახტანგ?

- ეზოში არ მაყენებთ და მა რა ვქნა?

- წამოდი ახლა, დავიწყოთ მეცადინეობა და თავის მართლებას ხვალაც მოასწრებ შეკრებაზე.

- მაშ, უეჭველად იტყვი?

- უეჭველად ვიტყვი.

- მართლა ამბობ?

- მართლა.

- მაშ, არც შენთან მეცადინეობა მინდა და არც შენი დახმარება, შენ დიდი ვერაგი ვინმე ყოფილხარ. ჯერ სახლში დაიმალე და მერე თავზე წამადექი, არა?

- ლილისთან ვიყავი და ახლა იქიდან მოვედი.

- ძალიან კარგად ვიცი, რაცა ბრძანდებით შენ და შენი პაპა. ვაი, მაშინ რად გამოგაცილე და, ერთი მგლებმა თუ ქაჯებმა არ შეგჭამეს!

- შენი პაპაო? კიდევ მე გადმომწვდა? აბა, მანდ დამიცადე!

ვახტანგს რა დააცდევინებდა? გაჭენდა რიყეზე და ეზოში გაოცებული ლენა დატოვა.

 

ნაწილი 20

საპატიო დავალება

 

 

მრელაშვილს სამასწავლებლოში გამოუძახეს. გაკვირვებულმა და შეშფოთებულმა ვახტანგმა მეგობრების ჯგუფი გაარღვია და მეორე სართულზე ასასვლელი კიბისაკენ გაემართა.

ბიჭები სახტად დარჩნენ.

- ნეტავ რატომ დაუძახეს სნაიპერს?

- ალბათ, რაღაცა გააკეთა, რაც ჯერ ჩვენ არ ვიცით.

- მაშ, რატომ არ გვითხრა?

- ყველაფერს ხომ არ იტყვის?

- იქნებ ცუდი არაფერია, ბიჭებო, წინასწარ გულს რაზე იხეთქავთ.

კიბეზე მიმავალი სნაიპერი კი აქეთ-იქით იქცირებოდა და ცდილობდა, ლენასათვის მოეკრა თვალი.

ალბათ, მან დააბეზღა მასწავლებელთან პაპიროსის მოწევისათვის. ვაი, ერთი სადმე ჩაიგდოს ხელში და ნახავს, იმ ლამაზ ნაწნავებში როგორ ქორივით ჩააფრინდება და ნაბურჯღალს ქარს გაატანს. ბრიყვი, სულელი, ჩერჩეტი, ფუ! გაწყდა გოგოების სინსილა! სულ სხვების ბეზღებაში არიან. მაგრამ ზალიკომაც ხომ დააბეზღა, როცა ექიმის მამალი მოკლა ორღობეში?

ის ხომ ბიჭია? ეჰ, როცა ღამით გვირაბში ჩასასვლელად მიდიოდნენ, რატომ მაშინ არ აურია გზა და სულ ბარდებში არ აძვრინა, რომ ერთიანად დახეოდა ის კოკობზიკა კაბა და ლოყებიც დაკაწროდაგემრიელად! არა, არა, თუ დღეს გადარჩა, მერე ახლოს აღარ გაეკარება პაპიროსს...

კიდევ კარგი, რომ ბიჭებთან არაფერი უთქვამს.

ვახტანგმა სამასწავლებლოს კარები შეაღო და შეჩერდა.

ოთახში საქმის მწარმოებელი და არითმეტიკის მასწავლებელი დაინახა. საქმის მწარმოებელი რაღაცას იწერდა რვეულში, ხოლო კლასის ხელმძღვანელს საკლასო ჟურნალი გადაეშალა და საჩვენებელ თითს აყოლებდა ყოველი გვარის გასწვრივ.

მასწავლებელმა თავი ასწია და კარებში შეჩერებული ბიჭი რომ დაინახა, თავისთან მოიხმო.

- მოდი აქ, ვახტანგ.

ბიჭი მივიდა.

- რისთვის დაგიბარა დირექტორმა?

- დირექტორმა დამიბარა? - შეიცხადა ბიჭმა, - დირექტორმა თუ თქვენ?

- ერთმაც და მეორემაც. ძალიან გემდურებიან მასწავლებლები, ვახტანგ, ცუდად სწავლობსო.

ბიჭს გულზე მოეშვა.

მეტი არაფერი? მარტო ეს არის? უჰ! ეგონა კი, უარესი რამ იქნებოდა.

- ვერ ვასწრებ, მასწავლებელო.

- რატომ ვერ ასწრებ მერე?

- იმიტომ, რომ... იმიტომ რომ... ძნელია, პატივცემულო მასწავლებელო.

- მაშ, შენი აზრით, იმ ჩაქუჩის რახუნზე უფრო ძნელია, შენ რომ სამჭედლოში იქნევ ხოლმე?

ბიჭმა თავი ჩაღუნა და მერე ქვეშ-ქვეშ გამოხედა მასწავლებელს.

- აი, რა, ვახტანგ, პირველ მეოთხედში ცუდი ნიშნები გქონდა და მეორეში მაინც უნდა ეცადო, რომ გამოასწორო, თორემ შეიძლება იმავე კლასში დაგტოვონ და ჩამორჩე ამხანაგებს. მართალია, კარგია, რომ სხვა საქმესაც აკეთებდე, მაგრამ პირველ რიგში გაკვეთილები უნდა დაამზადო. მერე დედასაც უნდა გაუგონო. აბა, გაიხსენე: შარშან შენ უკანასკნელი გაფრთხილება გქონდა და იმ პირობით გადაგიყვანეს მეხუთე კლასში, რომ ისწავლიდი.

მერე, სად არის შენი დაპირება? იმეცადინე და მეცადინეობის შემდეგ რაც მოგესურვება, ის გააკეთე. განა მჭედლობა ცუდია? მაგრამ ჯერ უნდა ისწავლო. აი, დაამთავრე საშუალო სასწავლებელი და, თუ მაინცდამაინც მჭედელი გინდა იყო, მერეც მოასწრებ. წადი ახლა, ჩაუჯექი საგნებს და დღეიდან არც ერთმა მასწავლებელმა არ მითხრას, რომ შენ გაკვეთილზე ვერ უპასუხე.

ბიჭოს! სულ ეს არის? - შეხტა სიხარულით ლუკას ბიჭი, - მე კი მეგონა, შავ დღეს დამაყრიდნენ. ალბათ, ლენას არაფერი უთქვამს პაპიროსზე. არა, ძმაო, რაც მართალია, მართალია, მაგისთანა კარგი გოგო ჩვენს სკოლაში არ არის. ღამეც რა გულადად მოდიოდა აკადემიის გალავანში გადასასვლელად! ყოჩაღ, ლენა!

ის იყო კარები გამოაღო გარეთ გასასვლელად რომ, მასწავლებელმა კვლავ დაუძახა.

- დაიცა, ვახტანგ, სულ დამავიწყდა, რომ დირექტორი გეძახდა. შედი, კაბინეტში გელოდება.

ვახტანგს ფერი წაუვიდა.

ახლა კი გავები! ეს სულ ლენას ოინებია, ნამდვილად უთხრა ყველაფერი და დირექტორმაც იმიტომ დამიბარა: ფუჰ! გაწყდა მაგათი სინსილა! მაინც ამ ლენაზე უხეირო და ლაყაფა, ალბათ, მთელი სკოლის გოგოებშიც არ იქნება. მშიშარა!

აკადემიის გალავნიდან ისე გამორბოდა, რომ კინაღამ მეც გამასწრო. დაიცა, ჩაგიგდო სადმე ხელში!

ვახტანგმა მოკრძალებით შეაღო დირექტორის კაბინეტის კარი.

- ოო! მრელაშვილს ვახლავართ! - წამოდგა დირექტორი და ბიჭი თავისთან მიიწვია,

- მოდი სალამი, კაცო, - და უნდილად გაწვდილი ხელი მაგრად ჩამოართვა.

სნაიპერი დაიბნა.

ეს რა ამბავია? მოეჩვენა, თუ მართლა ხელი ჩამოართვეს?.. აკი დირექტორი ბრაზიანიაო!.. არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, ცოტა სიფრთხილე უნდა.

მორჩილად გაჩერდა მაგიდასთან.

დირექტორმა სკამი გამოსწია.

- დაჯექი, კაცო, რა ფეხზე დგახარ.

- არა უშავს. ვიდგები, პატივცემულო დირექტორო.

- დაჯექი, დაჯექი, აი, ხედავ? ჩვენებს კიდევ წაუგიათ, - გაშლილი გაზეთი გადაუდო დირექტორმა. - არ წაგიკითხავს გუშინდელ ფეხბურთზე?

ბიჭმა თავი გაიქნია.

- ოჰო! - გაიკვირვა, - აკი მითხრეს, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს და თვითონაც კარგად თამაშობ. ამბობენ, ბუჩუკურთელმა ჩამოაყალიბა თავისი რგოლის წევრებიდან გუნდიო. მართალია?

- მართალია, - ძლივს ამოღერღა.

- და შენც თამაშობ იმ გუნდში.

- დიახ!

- ყოჩაღ! ყოჩაღ! საკვირველია, როგორ ასწრებ გაკვეთილების მომზადებას და ფეხბურთის თამაშსაც?

ბიჭი შეაშფოთა ამ კითხვამ.

კიდევ გაკვეთილები? რას გადაეკიდნენ დღეს? ჯერ გაკვეთილებს მოვყვებით ხოლმე თამაშის წინ და მერე ვთამაშობთ.

- ყოჩაღ, ყოჩაღ, - იმეორებდა კვლავ დირექტორი. - ბუჩუკურთელიც ამზადებს ხოლმე შენსავით გაკვეთილებს?

- მაშა, ისიც ამზადებს. ჩვენ ყველანი ვამზადებთ, მთელი ბიჭები.

- აბა, გაიქეცი და სანდროსაც დამიძახე.

- სანდრო არ მოსულა დღეს სკოლაში.

- რატომ?

- ბებიასთვის წამლები უნდა მოიტანოს თელავიდან.

- მერე აფთიაქი აქაც ხომ გვაქვს, სოფელში?

- ის წამალი აქ არ ყოფილა.

- მერე, დაეთხოვა მასწავლებელს?

- არ ვიცი, პატივცემულო დირექტორო.

დირექტორმა წყენის ნიშნად თავი გაიქნია.

- ეს კი ცუდია, თუ არ დაეთხოვა და ისე წავიდა. ახლა, აი, მე შენ რას გეტყვი, ვახტანგ. დღეს ბაზერაანთ მიხა იყო აქა და...

დირექტორი მცირე ხანს შეჩერდა და ბიჭს მზერა შეაპარა.

მრელაშვილი ამ სახელის ხსენებაზე გაფითრდა.

მოსაუბრემ თითქოს ვერაფერი შეამჩნიაო, ისე განაგრძო:

- ბაზერაანთ მიხა იყო დღეს აქა და მითხრა: ჩემი ვენახის თავზე დადიან თქვენი მოწაფეები და ყოველ გავლაზე ვენახში თითო ვაზს მიჭრიანო.

ბიჭს მხრებში ჩაუძვრა კისერი და ნიკაპი მკერდზე ჩამოუვარდა. ახლა კი გათავდა ყველაფერი. დიდი ეშმაკი კი ყოფილა ეს დირექტორი! ფეხბურთით დაიწყო და ბაზერაანთ მიხათი გაათავა. მაინც რას გადაეკიდა ეს მიხა? ცხენს ძუა შემიჭრაო?

ძალიან კარგადაც! გაატიალა მთელი ბაღჩა და ბოსტანი, რამდენჯერ უთხრადედამისმა, შენი საქონელი შენს ეზოში გყავდეს, აქეთ ნუ უშვებო, მაგრამ აბაა! განა გაიგო? როცა მამამისი ბრუნდება ცხვრის ფერმიდან, მაშინ ვერა ბედავს მიხა ცხენის გაშვებას, ხოლო როცა შინ კაცი აღარ ეგულება, თავს მიანებებს ხოლმე და მარტო ცხენს რა პატრონზე მეტი ჭკუა უნდა მოჰკითხო?

ჰოდა, ვახტანგმაც დაიჭირა და ძუა შეაჭრა. მოუხდა კიდევაც: ახლა იმის შიშით, ფაფარიც არ შემიკრიჭონო, აღარსად უშვებს. ბიჭს კი გადაეკიდა და ერთხელ ლაზათიანადაც მიტყიპა. მას შემდეგ ძაღლის ნაკბენივით დაიხსომა ვახტანგმა ეს ცემა და მისი მოქიშპის ვენახის თავში ყოველ გავლაზე თითო ვაზს ჭრის. აი, გუშინაც...

- რაზე ჩაფიქრდი, ვახტანგ?

- ჰა? - ბიჭი შეკრთა და გამოერკვა.

- მეც ბევრი ვიფიქრე, - განაგრძო დირექტორმა, - მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი, ვინ უნდა იყოს... ვერც მიხამ დაასახელა. ალბათ, თვალი ვერ მოჰკრა.

- რაო? - ყური ცქვიტა სნაიპერმა, - ვერც მიხამ მოჰკრა თვალიო? როგორ, განა მიხა არ იყო, გუშინ საავადმყოფოს ეზომდე რომ სდია ჭიგოთი? განა ის არ მიჰკიოდა:

დამაცა, ლუკას ბიჭო, ფინთად აგინთებ გვერდებს, თუ დაგეწიეო?! კიდევ კარგი, ვერ დაეწია, რა ეშველებოდა, ასეთი სირბილი რომ არ იცოდეს? მაინც რაღა ვაზის ჭრის დროს მოატანა? ჰმ, იქვე ყოფილიყო, თივის ბულულს ამოფარებული...

- ჰოდა, აი, მარტო შენ კი არა, მეც მთელი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, ვინ არის ისეთი მოწაფე ჩვენს სკოლაში, რომელსაც ვერ შეუგნია, თუ რა დიდ ზარალს აყენებს ჩვენს სოფელს, სახელმწიფოსა და სკოლასაც სახელს უტეხს. განა შეიძლება გაშენებული ვაზის მოჭრა? რამდენი შრომაა დახარჯული თითო ვაზზე და მის მოვლაზე. იმას კი, ვიღაცაა, უნდა, რომ ჩვენს სოფელში შეცოტავდეს ვაზი და ვენახებითაც ნაკლები ვიყოთ სხვაზე. ხოლო ჩვენს მოწაფეებზე უნდა იფიქრონ, რომ ბრიყვები და სულელები არიან.

დირექტორი კვლავ გაჩერდა, შემცბარს და დაბნეულ ბიჭს შეხედა. ერთხანს უცქირა, როდესაც წარბებქვევიდან გამოპარებული მისი მზერა დაიჭირა, უთხრა:

- ახლა იცი, რა მინდა გითხრა, ვახტანგ?

- რა უნდა მითხრათ, პატივცემულო დირექტორო? - ბიჭი ლარივით გაიჭიმა.

- შენ უნდა წახვიდე და გამიგო, ვინ არის ის მოსწავლე, რომელიც ასე უდიერად ექცევა ვაზს და ჩვენი სკოლის სახელს ტალახში სვრის.

სნაიპერს ფერფური წაუვიდა, მაგრამ იყოჩაღა და არა შეიმჩნია რა.

- ახლა წადი და არავის უთხრა, თუ ჩემთან იყავი, თორემ, თუ გაიგეს, მიხვდებიან და დაგიმალავენ, არავინ გეტყვის თავის სიავკაცეს.

ბიჭმა უღიმღამოდ იკითხა: „მაშ, წავიდეო?“ და როცა პასუხი მიიღო, გამობრუნდა და კაბინეტიდან გავიდა.

უგერგილოდ მიიხურა სამასწავლებლოს კარები.

ვახტანგი კიბის თავთან შეჩერდა და ჩაფიქრდა.

როგორ? მიხა აქ იყო და დირექტორს არ უთხრა, რომ ის იყო მისი ვენახის მკაფავი? მიხა ხომ იმდენჯერ შეჰპირდა, თქვენს დირექტორს ვეტყვიო, რამდენჯერაც ბებიამისი (ღმერთმა აცხონოს) ბურნუთის შემდეგ ცხვირს აცემინებდა. არა, აქ რაღაცა ამბავია.

ნამდვილად მიხა მიხვდა, რომ თუ სკოლაში იტყოდა, გარიცხვა არ ასცდებოდა ბიჭს...

ჰოდა, აი, დაინდო და არა თქვა. დაენანა, ნამდვილად დაენანა... თვითონ კი, ჰოი, ღმერთმა დასწყევლოს მისი გაჩენა (როგორც ხანდახან ნიკოს ბებია ეტყვის ხოლმე)! თვითონ კი მიადგა და მის ვაზებს დაუწყო ჩეხა! არა, შენგან კაცი არ გამოვა, ლუკას ბიჭო, არა! მეორე-მესამე კლასელივით ბრიყვულად ირჯები.

ვახტანგმა კიბე ჩამოათავა და უკანასკნელ საფეხურზე შედგა.
ჰო, მაგრამ, თუ მიხამ არაფერი თქვა ჩემზე, მაშ, დამნაშავის მოსაძებნად რაღა მე ამომირჩიეს?.. ჰაა! ფრთხილად, მრელაშვილო, აქ რაღაცა ამბავია!.. მაგრამ რა ამბავი უნდა იყოს? ეტყობა, დირექტორის ყურამდე არ მისულა ჩემი „კაიკაცობის“ ამბავი, ჰოოო! ეს უკვე სხვა საქმეა, ეს კი სხვა საქმეა.

სნაიპერი კლასისაკენ გაემართა, მაგრამ კარებთან ისევ შეჩერდა.

უთხრას თუ არა მეგობრებს რამე?

ფუჰ! სანდროს რაღა დღეს მოუნდა თელავში წასვლა?

მაშ, არა თქვას?

არა, არ უნდა თქვას. ჯერ უნდა მოიფიქროს... ეშმაკმა დასწყევლოს, ეს რა დაავალეს?.. ახლა დაეხვევიან ბიჭები და მაინც გამოსტყუებენ სათქმელს. საჭიროა სიმტკიცე და დუმილი. ჯერ კარგად უნდა მოიფიქროს, როგორ მოიქცეს...

მოიმიზეზებს რამეს, სკოლაში დარჩება, მერე, ბიჭები რომ წავლენ, თვითონ ძველი საბძლისაკენ გასწევს, იქ ნამჯაზე წამოწვება და - იფიქრე, რამდენიც გნებავს...

მართალია, სანდრომ აკრძალა საბძელში შესვლა, მაგრამ ვინ გაიგებს?

ბურდელაურზე გადაივლის და ისე შევა შიგ, ძეხორციელი ვერ დაინახავს.

მაშასადამე, მხოლოდ მას დაავალეს.

მაშასადამე, იმდენი მოწაფიდან მხოლოდ ის გამოარჩიეს.

მაშასადამე, მას ენდობიან.

ყოჩაღ, მრელაშვილო!..

და ამაყად კისერმოღერილმა არხეინად შეაღო კლასის კარი.

 

ნაწილი 21

თავზარდამცემი ამბავი

 

 

სანდრო მთელ ღამეს „საიდუმლო კუნძულს“ კითხულობდა და გვიან დაეძინა.

დაეძინა და ახლა სიზმრებმა არ მოასვენეს: ხან უზარმაზარ გამოქვაბულში დადიოდა, ხან აღელვებულ ზღვაზე დაცურავდა, ხან ლიანებით დახლართულ გაუვალ ტყეში დაეხეტებოდა და, ბოლოს, უცნაურ მინდორზე მოხვდა.

ათასფრად ყვაოდა მინდორი უცნობი ყვავილებით. აქა-იქ ჩვენებური იები და ენძელებიც ერივნენ, ოღონდ ასჯერ უფრო ვეებერთელები. ზოგან მარწყვს ამოეყო თავი და თურაშაულის ოდენა ნაყოფით წელში მოხრილიყო, ზოგან მოცხარის ბუჩქს დაჰკიდებოდა მწიფე მტევნები, წითელ-ყვითლად აყვავებულ მუხაზე კი ვიღაც ბიჭი ასულიყო და საზამთროს კრეფდა.

სანდრომ ნერწყვი გადაყლაპა და სთხოვა ერთი ცალი მისთვისაც ჩამოეგდო.

ბიჭმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არც გაეგოს.

სანდრომ თხოვნა ისე გაუმეორა, მომნუსხველი საზამთროსთვის თვალი არ მოუწყვეტია.

ბიჭს კვლავ ყურიც არ გაუპარტყუნებია.

მაშინ სანდრომ ამ წუწურაქ ლაწირაკს ერთი კარგისა „შეუკურთხა“.

ბიჭმა გინება დიდად იწყინა, მოწყვიტა ერთი საზამთრო და ძირს მდგომს პირდაპირ თავზე დასცა.

სანდრომ მიწაზე მოადინა ბრაგვანი.

ბიჭმა ხიდან ისკუპა და წაქცეულს დაახტა.

- აი, შე მუქთახორავ, შენ თითონ ვერ ახვალ ზედ? - ბიჭმა უშვერი სიტყვებით ლანძღა და გვერდებშიაც რიგიანად უთაქა. - შე ძილის გუდავ, ახლავე ადექი და გამოდი გარეთ! - და, რაკი ვერაფერი შეასმინა, უზარმაზარ დათვად გადაიქცა, მოჰხვია სანდროს ტორები, კიდევ უფრო უარესად უწყო ჭანჭყარი და თანაც იმ უცნაური მუხისკენ მიათრევდა.

ახლა კი იძრო ხანჯალი სანდრომ, დაუწყო დათვს ჩეხვა, მაგრამ ის წყეული დათვი არც მოკვდა და არც თავი დაანება.
მაშინ კი ინანა, რომ თან სნაიპერი და გოგია არ ჰყავდა. აფსუს, სად არის გოგია მაინც! ის რომ იყოს, დათვს ეგრე რა გაათამამებდა!

უცებ, თითქოს ამ ნატვრაზე გოგიაც გაჩნდა, დათვი წიხლის კვრით მოაშორა და წაქცეულს წამოყენება დაუწყო:

- ადე, რამ მოგკლა, კაცო.

სანდრომ მის დანახვაზე სიხარულით შეჰყვირა:

- უჰ, შენ გენაცვალე, გოგი! აბა, კარგად დამენახვე, მართლა გოგია ხარ?

- ადე, ჰო, ადე, გოგია ვარ, მაშ, ვინ ეშმაკები ვარ? ადე, თორემ სნაიპერი მოკვდება სიცივისაგან, რამდენი ხანია გარეთ იცდის.

გაოცებულმა სანდრომ თვალები მოიფშვნიტა და ოთახი მოათვალიერა: რის დათვი, რის ფლავი: თავზე გაბრაზებული გოგია ედგა და ეჯაჯგურებოდა.

- ძლივს არ ჩაგაგდე გონებაში! რამდენი გაჭანჭყარე და შენ კი მუშტები დამიშინე.

ადე, ჩქარა, რა ეშმაკმა დაგაძინა ასე მაგრად, აკი კურდღელივით ძილი ვიციო?

სანდრომ დაკვირვებით შეათვალიერა ბიჭი, მერე ირგვლივ მიმოიხედა და დარცხვენით წაიბუტბუტა:

- სიზმარი ყოფილა! საშინელი კი იყო.

- ადე, გარეთ გამოდი და საშინელს იქ გაიგებ - ისეთ საშინელებას, რომ შენი სიზმარი იმასთან მონაგონი მოგეჩვენება.

- რა საშინელებაა?

- ადე და იქ გაიგებ.

- რა არის, ბარემ თქვი!

- ადე, სკოლაშიც არ დაგიგვიანდეს. გარეთ სნაიპერი იცდის.

შეშფოთებული სანდრო წამოხტა, ხელად გადაიცვა ტანსაცმელი, პირი დაიბანა და ჩანთაში ნახევარ პურსა და ყველს უკრა თავი.

მეგობარმა მის ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია, არც ბებიას გამოლაპარაკებია, არც დაინტერესებულ ემას უპასუხა კითხვაზე, ჰკრა ხელი და ძალით გააგდო გარეთ ისედაც აჩქარებული.

კაკალქვეშ გახევებული მრელაშვილი იდგა, თითქოს დილის სუსხს მიწაზე მიუყინავსო.

შეშფოთებული ბიჭი ქანდაკებას მიეჭრა.

- რა ამბავია, ვახტანგ?

სნაიპერმა სახეზე ახედა მოსულს და მძიმედ წაილაპარაკა:

- საბძელში ვაშლი აღარ არის.

აკაკის ხეს რომ იმწუთს ჩურჩხელები დაესხა, შეიძლება ისე არ გაჰკვირვებოდა ახალმოსულს, როგორც ამ ნათქვამმა გააკვირვა.

ვახტანგს ხელი სტაცა, შეანჯღრია და გარინდებიდან გამოიყვანა.

- ხომ არ ხუმრობ, ბიჭო?

- ვხუმრობ კი არა, ახლა ორი ქვა უნდა გეჭიროს და თავში აქეთ-იქით იცემდე, რა არის სახუმარო?

- მაშ, აღარ არის?

- აღარ არის.

- შენ თვითონ ნახე?

- მე თვითონ ვნახე და გათენებისას გოგიაც წავიყვანე.

შეცბუნებულმა სანდრომ გოგიას გადახედა.

- ერთი ცალიც ვერ ვიპოვე ნამჯაში წამლად.

- როდის გაიგე, ვახტანგ?

- გუშინ გავიგე.

- მაშ, რატომ აქამდე არ მითხარი?

- როდის უნდა მეთქვა? - გაჯავრდა ვახტანგი, - გუშინ მთელ დღეს იმ წყეულ ბებერს უსხედით შინ.

- უნდა მოსულიყავ.

- აკი მოვედი, მაგრამ ვერ ამოვეპარე, შორიდან ხომ ვერ ავყვირდებოდი? როგორი მწარე ხელი აქვს, დღესაცა მტკივა კოჭის თავი. რამდენი გიქნიეთ ხელი გზიდან, მაგრამ თქვენ ძაღლადაც არ ჩამაგდეთ. წუხელ მთელ ღამეს არ მიძინია, ბოლოს ვერ მოვითმინე, დილას მივედი გოგიასთან, საბძელში წავიყვანე და მერე აქ მოვედით...

მთელ დღეს უგულისყუროდ ისხდნენ ბიჭები გაკვეთილებზე და როცა დაუმთავრდათ, მესამე რგოლი და ოთხი-ხუთი მისი ახალი წევრი ძველი საბძლისაკენ გაემართნენ.

მისვლისთანავე კარებთან შეჩერდნენ და მიმოიხედეს. არსად რამე კვალის ნიშანიც არ აჩნდა.

შეხსნეს კარები, შიგ შევიდნენ და თავპირჩამომტირალები შემოუმწკრივდნენ ნამჯას.

ცოტა ხანს იდგნენ ასე, მერე ნელ-ნელა ასწიეს თავი, ერთმანეთი შეათვალიერეს და მორიდებული მზერა რგოლის ხელმძღვანელზე გადაიტანეს.

სანდრომ დაკვირვებით დაათვალიერა ამხანაგების ჩაბინდული სახეები და მოწყვეტით დაეშვა ნამჯაზე.

იქ მყოფებიც დასხდნენ.

- თქვენი აზრით, ვითომ ვის უნდა ჩაედინა ესა?

ბიჭებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს.

- შენ რას იტყვი, გოგი?

- აბა, რა ვთქვა, ჩვენ ვერ მოვიხმარეთ და ვიღაც შნოიანმა გამოიყენა.

- თუ ვინმე შემოვიდა აქ, მაშ, რატომ კვალი არ ატყვია?

- განა უეჭველად კვალი უნდა დასტყობოდა, რწყილავ? - ამოიოხრა გულდაწყვეტილმა მრელაშვილმა.

- რა იცი, რომ ვინმე იყო, ვახტანგ, იქნებ ღორებმა შეჭამეს?

- ღორებმა შეჭამეს! ღორებმა არა, აფთრებმა, უკაცრაული პასუხია, ნაჭამი მაინც დაეტყობოდა. ღორებმა შეჭამეს!

- პაპაჩემი ამბობდა...

- პაპაშენი არა, ძალუაშენი. რა დროს პაპაშენია, აყლაყუდავ, როცა ხალხს გული გვემღვრევა?

- ახლა, იქნება რას ვამბობ, აღარ დამაცდით?

- მაგის დრო არა გვაქვს, დედაბრიშვილო, ჭკვიან ხალხს დაგვიგდე ყური, - დაამშვიდა ლუარსაბმა ვახტანგი.

- არ დააცადოთ, დაჭამეთ ერთმანეთი. ეგრეა, ძმაო: ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს და არც სხვას შეაჭმევს. ბებიაჩემმა იცოდა (ღმერთმა აცხონოს!!) ანდაზა: „ქურდის ქურდი ცხონდაო“. წადით და ირიკავეთ ახლა! - მხარ-თეძოზე წამოწვა სნაიპერი.

სანდრო აიმღვრა.

- შენ ნუ იღრინები, ვახტანგ. ამ საბძელში მოტანილი ვაშლისთვის მე პირი არ დამიდვია. ყველამ იცოდა, რისთვისაც გვინდოდა. რა ვიცოდით, თუ მოიპარავდნენ?

- ჰოდა, ანდე, რომ აგვიკრძალე: საბძელში ფეხი აღარ დაადგათო, მაშ, რა გეგონა!

- ნუ მაბრაზებ, ვახტანგ!

- რა ვქნა, გაბრაზდი. ქვეყანას უვლიდი და სადაც ვაშლს მიაგენი, სულ შენი იყო. აი, ახლა იწვნიე, მოპარვა როგორი ყოფილა.
სანდროს ცეცხლი მოეკიდა.

- მე ის საჭმელად არ მომიპარავს!

გოგია ნამჯიდან წამოვარდა.

- რას მიედ-მოედები, ღობემძვრალავ! ახლა ეგღა გინდა? შენ საქმეზე ილაპარაკე.

- საქმეზე ვლაპარაკობ, მაშ არადა შენს ახატულ-ჩამოხატულ ქოჩორზე ვილაპარაკებ.

- ნუ იკბინები-მეთქი, - და გოგიამ გოჭის კუდივით გადაგრეხილი ქოჩორი გაისწორა.

სნაიპერმა გამომწვევად გადაიხარხარა.

რგოლის ხელმძღვანელი უცებ მოეშვა, თავი მუხლებში ჩარგო და ძლივს წაილაპარაკა:

- მოეშვი, გოგი, ილაპარაკოს. საბუთი აქვს და ლაპარაკობს. ჩემი ბრალია. ვერ მოვუარე, დროზე ვერ ჩავაბარე პატრონს და ახლა უკვე გვიანია, დაეხსენ, გოგი.

ეფრემას ბიჭმა ანთებული თვალი მოაშორა მოქიშპეს და ნამჯაზე მიწვა.

- მაშ, რა ვქნათ, სანდრო? - ვერ აიტანა სიჩუმე ზაზანაშვილმა.

გოგიამ თვალით ანიშნა, თავი დაანებეო, მაგრამ ახლა ალექსიმ წამოაყრანტალა:

- ზალიკო ხომ არ წაიღებდა, ბიჭებო?

უცებ ყველა გამოფხიზლდა და იქვე ჩამჯდარ ლაჩაშვილს თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა.

- აბა, რას ამბობთ? მე... მე... ხომ დღეს გავიგე, რომ თქვენ აქ ვაშლი გქონიათ?

- თავს ნუ იკატუნებ, ალბათ, ადრეც იცოდი! - შეუტია სოსომ და უფრო ახლოს მიჩოჩდა.

- ჰო, ვინ იცის, მართლაც ასე იყო? უკაცრაული პასუხია, ყველგან მელასავით დაძვრებოდა.

- ალბათ, ეს იყო, ბიჭებო.

- ეს იქნებოდა.

- შენ იყავ?

- თქვი, შენ იყავ თუ არა!

- ახლავე გამოტყდი!

- ჩქარა, თორემ მოვიდა!

ზალიკოს შიშისაგან გააცია. დამფრთხალმა შეხედა ირგვლივ შემოხვეულებს და ბოლოს მუდარის თვალი რგოლის ხელმძღვანელს მიაპყრო.

სანდრომ თავი ასწია და უშნოდ წაიღრინა:

- გაანებეთ თავი, მაგას თვალითაც არ უნახავს ჩვენი ვაშლი.

ზალიკომ ცოტა თავისუფლად ამოისუნთქა.

- დედას გეფიცებით, ბიჭებო... აბა, რას ამბობთ. მე... აი... თქვენთან აღარ გამიკაროთ, თუ ვტყუოდე. დედას გეფიცებით, მე თქვენი ვაშლი თვალითაც არ მინახავს.

- მაშ, ვინ ეშმაკმა წაიღო. საკვირველია, სად მიაგნო ამ ნამჯაში. ფუი! ნეტავ ერთი გულთმისნად მაქცია, ვინ ოხერი მოეხეტა.

ბიჭებმა თანაგრძნობით შეხედეს სნაიპერს, რადგან ყველაზე ძალიან მას აწუხებდა იმ ვაშლის დაკარგვა.

- აფსუს, კაცო, მეც მაგაზე მწყდება გული, ეგრე კარგი მაინც არ ყოფილიყო, - წაიწუწუნა სერგომაც.

- ერთი, გემო მაინც გამესინჯა, მერე ჯანდაბას! - შეუერთდა მათ აყლაყუდა.

- მართლა, რა იქნებოდა, ბიჭო! - ნეტარებით მინაბა თვალი თუჯიშვილმა.

- მაშ, მაშ, თუ შამფურზედაც იქნებოდა აგებული, - კვერი დაუკრა ბერძენაშვილმა.
ბიჭებს უეცრად სიცილი წასკდათ.

გოგია აიმრიზა.

- ახლა, მთლად ღორებად ნუკი გადაიქცევით მართლა. ხომ იცით, ჩვენ ის რისთვის გვინდოდა?

ახითხითებულნი დაწყნარდნენ.

- როგორ არ ვიცით?

- ჰოდა, თუ იცით, რაღა გაქვთ საღრეჭი?

მიყუჩებულმა ბუჩუკურთელმა ბიჭები ერთხელაც მოათვალიერა და წამოდგა.

- ბიჭებო, ქურდი უნდა ვიპოვოთ და საკადრისად დავსაჯოთ. იმან ჩვენ პირში ჩალა გამოგვავლო და გაგვაწბილა ლენასთან და ტყისმცველთან. მოვძებნოთ, ბიჭებო?

ბიჭები ისე აყვირდნენ, რომ ისედაც მოფამფალებული საბძელი შეაზანზარეს.

- უნდა მოვძებნოთ!

მხოლოდ სნაიპერმა აიჩეჩა მხრები.

- ხან „დალაგებული“ მეჩვენება ეს ბიჭი, ხან კი... ეეჰ! - მძიმედ ჩაიქნია ხელი და საბძლიდან გამავალ ბიჭებს უკან გაჰყვა.

 

ნაწილი 22

მშობელი

 

 

ეს ერთი ხანია, რაც მრელაშვილი სინდისის ქენჯნას განიცდის მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, მაგრამ რამდენიც სცადა გამოესწორებინა, პირიქით გამოუვიდა და უარესად მოარტყეს.

ჯანდაბას, ის რაც იყო, მაგრამ ექიმს რაღა პასუხი გასცეს, რომელსაც მშვენიერი მამალი მოუკლა. როგორ მოუხადოს ბოდიში? მისი ბებია იტყოდა ხოლმე, ღმერთმა აცხო... (ფუჰ, კინაღამ კიდევ წამოსცდა!) „ცარიელა თითმა პირი გამომიქლირტაო“, ცარიელა ბოდიში რას უშველის? საეჭვოა, რომ შეარიგოს და ვერც მამალს გააცოცხლებს. არა, არა! ისევ მოკლულის მაგიერი უნდა მიიყვანოს, თორემ უიმისოდ ექიმს ვერ დაენახვება.

და ერთ სისხამ დილას ბიჭმა დაიჭირა ოქროსბიბილოვანი, ვერცხლისდეზებიანი მამლაყინწა და ფეხებშეკრული სკოლაში ჩაიყვანა, რათა გაკვეთილების შემდეგ ექიმს წარდგომოდა ბოდიშითა და უკანდაბრუნებული დანაკარგით.

ორ გაკვეთილს პატრონზე უფრო მეტი გულისყურით მოუსმინა ქათამმა, მაგრამ მესამე გაკვეთილზე აბორგდა. ვახტანგმა იფიქრა, უთუოდ მოშივდაო, და ჩანთას მიადგა. წვრილად დაუფშვნა პური და მერხშივე დაუყარა. პატიმარმა რაკი „სუნი იკრა“ საჭმლისა, კენკვა დაუწყო და ისეთი კაკუნი აუტეხა ფიცარს, გულადი ბიჭი შიშისაგან გათავდა. სტაცა უცბად ხელი ნისკარტზე და ისე მოუჭირა, საცოდავმა მამალმა კინაღამ სული განუტევა. პატრონმა რაკი დაატყო, მიჩუმდაო, ხელი შეუშვა.

მაგრამ იმ ტურის საჭმელმა მოიბრუნა სული თუ არა, ისევ ნამცეცებს მიადგა და ტყვიამფრქვევივით არაკუნდა.

ახლა კი გაბრაზდა მისი პატივისმცემელი: ერთი-ორი უთაქა თავში და ნისკარტი დაუჭირა. სტუმარმა სასჯელის განმეორება იწყინა: აფხაკუნდა, აფხაკუნდა, ხელიდან დაუსხლტა თავის მტარვალს, გამოვარდა მერხიდან, შეხტა ზედ, გახარებულმა ერთი ყიყლიყო დასძახა, მერე გადაუფრინა კლასს და ფანჯარას ეტაკა გასასვლელად.

აბა, ეს იყო, რაც იყო! მიუხედავად მასწავლებლის გაფრთხილებისა, მთელი კლასი წამოვარდა ზეზე და ცდილობდა წესრიგის დამრღვევის დაჭერას. ატყდა რახარუხი და ბრაგუნი, აწივლდნენ გოგოები, აყვირდნენ ბიჭები, აფართხუნდა მამალი და ეს ალიაქოთი მანამდე გაგრძელდა, სანამ დამნაშავე ფრინველი კუთხიდან კუთხეში გადაფრენის დროს დედაბრიშვილის ჰაერში გაპარჭყულ ხელებს არ წააწყდა.

აყლაყუდამ, გეგონებათ, საზღვრის დამრღვევი შეუპყრიათ, ისე გაიარა მერხები და აურზაურის ამტეხი მასწავლებელს გადასცა.
დეზებიანი ვაჟკაცი მაინც არ გატყდა და დარდიმანდულად გვერდზე ბიბილოგადაგდებული ყვითელგუგებიან თვალებს უბრიალებდა იქ მყოფთ. ხოლო პატრონი გაფითრებული და გამშრალი იდგა მერხთან და თავი ზევით ვეღარ აეღო.

- მაშ, ისევ შენებური მოიგონე, მრელაშვილო? კარგი რაკი ასეა, ასე იყოს: წაიყვანე ახლა ეს ქათამი და წადი. ხვალ თუ მშობელს არ მოიყვან, ისე არ დაგიშვებ ჩემს გაკვეთილზე.

სნაიპერს მამლისთვის არც კი შეუხედავს, ისე აიღო თავისი ჩანთა, ფეხების თრევით გაიარა კლასი და გარეთ გავიდა.

მეორე დღეს გეოგრაფიის ახალმა მასწავლებელმა დაპირება შეუსრულა და გაუმეორა: სანამ მშობელს არ მოიყვან, არ დაგიშვებ გაკვეთილზეო. ეს ისე გარკვევით და ნათლად იყო ნათქვამი, რომ სნაიპერმა უკან მოუხედავად გაიარა სკოლის ეზოში ამ გაზაფხულზე მათ მიერ დარგული ცაცხვების ხეივანი, გასცდა ჭიშკართან უზარმაზარ კაკალს, გადაახტა რუს და რიყეს გაუყვა.

კარგა ხანს მიდიოდა თავჩაღუნული და ბოლოს კლდის პირზე გადმომდგარი მუხის ქვეშ შედგა, მიიხედ-მოიხედა, მცირე ხანს უცქირა გაბურდულ ტოტებს, მერე საოცარი სიმარჯვით აცოცდა კლდეზე, იქ მუხის ქვეშ მწვანეზე ჩამოჯდა, ფეხები კლდეზე ჩამოჰკიდა და ჩაფიქრდა.

რა უნდა ქნას ახლა? როგორ დაენახვოს მშობლებს? როგორ უთხრას, რომ სკოლაში იბარებენ, ან ბიჭებს როგორ აუხსნას, რომ მას ეს განგებ, წინასწარ არ მოუფიქრებია? გაკვეთილი კი გუშინ ხუთიანზე თუ არა, ოთხიანზე მაინც იცოდა.

დასწყევლოს ეშმაკმა, რაც უნდა წაღმართი მოიფიქროს, მაინც უკუღმართი გამოსდის!

ჯერ იყო და, მელანას ბაღჩაში გადაიპარა გროზნასაგან ნაჩუქარი ქლიავის საუკეთესო ჯიშის ნამყენებით. ფიქრობდა, საქანლის ტოტებად მოჭრილი ქლიავების სანაცვლოდ დავრგავო, მაგრამ ჯერ ერთიც არა ჰქონდა ჩაფლული, რომ მელანა დაადგა თავზე (დასწყველოს ეშმაკმა, რა ყოჩაღი დედაკაცია), დაავლო ერთ ნერგს ხელი და ისე გაუხურა წელს ქვევით ტანი, რომ ძლივს გადაასწრო ღობეზე.

ეგ არაფერია - მაინც ვერავინ დაინახა, მაგრამ ამ ერთი კვირის წინ კი მაგარი სირცხვილი ჭამა: სკოლის სიმღერის გუნდში დიდი სიამოვნებით მიიღეს და დაავალეს თავისი სალამური მოეტანა (ნეტავ რა ეშმაკად უთხრა უფროს პიონერხელმძღვანელს, რომ დაკვრა იცოდა), ბიჭმაც მოიტანა, სიფრთხილით დადო ჩანთის გვერდზე და თვითონ სალახტაოდ გამოვიდა გარეთ. ხოლო ისტორიის გაკვეთილზე უცებ ნახა, რომ სალამური მარცხნივ კი არა, მარჯვნივ ედო ჩანთას.

გაცეცხლდა ვახტანგი. აშკარა იყო, რომ ვიღაცა არამკითხეს აეღო და ვინ იცის, გააფუჭა კიდევაც. მაშინ ხომ დაიღუპა ბიჭი - დღეს სიმღერის გუნდში უიმისოდ როგორ გამოჩნდება? სულ გადაავიწყდა იქ მყოფები, სასწრაფოდ გამოიღო მერხიდან სალამური, ჩაჰბერა და ზედ თითებიც აათამაშა.

მიყუჩებულ კლასში საამური ხმა გაისმა.

ბიჭი უცებ გონზე მოვიდა და დაფეთდა. შიშნარევი თვალები ირგვლივ მიმოავლო, მაგრამ გვიანღა იყო, მთელი კლასი ხარხარებდა. ისტორიის მასწავლებელი წარბშეჭმუხვნით უცქეროდა. ეშმაკობით ცნობილმა ბიჭმა ვერაფერი მოახერხა და იმით დასაჯეს, რომ ერთ კვირას გუნდს არ მიაკარეს...

ახლა კი, ახლა რაღა ქნას და რა იღონოს? მშობლებს ვერასგზით ვერ ეტყვის, არადა გაკვეთილზე აღარ უშვებენ. ბიჭებს კი სიტყვა მისცა, რომ ამ საგანს ოთხიანზე მაინც ისწავლიდა. მაგრამ თუ გაკვეთილს არ დაესწრება, როგორღა უნდა ისწავლოს? აფსუს! რაღა ახლა გახდა ავად სარდიონ მასწავლებელი! ეს ერთი თვეა, ლოგინად არის ჩავარდნილი და, მგონი, აღარც კი ფიქრობს ადგომას და სკოლაში მოსვლას.

უცებ თვალი მოჰკრა ვიღაც კაცს, რომელმაც საექიმო პუნქტს გვერდი აუქცია და გეზი მათი სკოლისკენ აიღო. იგი თანდათან ახლოვდებოდა. როდესაც დათუნაანთ კარს გამოსცდა, ბიჭმა დაასკვნა, რომ ეს კაცი ამის მეტად იყალთოში არ ენახა, როცა უცნობი მუხას გაუთანასწორდა, ვახტანგს თავში ბედნიერმა აზრმა გაუელვა.

ფაცაფუცით ჩამოღოღდა კლდიდან და მგზავრს სალამი დაასწრო.

- გამარჯობა, ძიავ!

მგზავრი შედგა, გაუღიმა, სალამზე სალმით უპასუხა და თავზე ხელი გადაუსვა.

- შენთვის ძია კი არა, პაპა ვარ. გეტყობა, სკოლიდან მოდიხარ, გაკვეთილები უკვე დამთავრდა?

- არა, ჯერ არ დამთავრებულა.

- მაშ, რატომა ხარ გარეთ?

ბიჭი გულწრფელად მოუყვა თავის თავგადასავალს.

- ახლა მეუბნება, სანამ მშობელს არ მოიყვან, არ დაგიშვებო. მე მშობლებისათვის სირცხვილით ვერაფერი მითქვამს და თქვენ უნდა მიმყვეთ მათ მაგიერ. ნუ გეშინიათ, მასწავლებელი აქაური არ არის და იყალთოელებს ჯერ ვერავის იცნობს რიგიანად, - შეაგულიანა ბიჭმა, - ჰოდა, ისიც დაგიჯერებთ, რომ თქვენ მშობელი ხართ.

- მაშ, მაშ, როგორ არ დამიჯერებს, მშობელი ვარ, მაშ როგორ! - ღიმილით თქვა უცნობმაც.

- უჰ, შენ გენაცვალე, ძიავ! მაშ, წამოდით ახლავე და პირდაპირ იმის გაკვეთილზე მიგიყვანთ.

- წავიდეთ, თუ ეგრე საჩქაროა.

ბიჭი სიხარულისაგან გადაირია, აი, კაციც ამას ჰქვია და მოგონებაც!

ვახტანგი მკვირცხლად მისდევდა გვერდით. წარამარა ახედავდა მის კოსტიუმს და ჭაღარა საფეთქლებს, რაც დარბაისელობის უტყუარი ნიშანი იყო.

მორჩა, ყველაფერი წესრიგზეა! რომელი ბიჭი გაჩარხავდა ასე საქმეს? რას გაიგებს გეოგრაფიის მასწავლებელი, რომ ეს კაცი მისი მამა არ არის! საიდან გაიგებს, როცა იყალთოელებს ჯერ რიგიანად არავის იცნობს?

ბიჭის თანამგზავრს სულ დაავიწყდა თავისი საქმე და ახლა მთელი გულისყური იქითკენ ჰქონდა, რომ მისი მასწავლებელი ენახა.

როგორც კი ეზოში შევიდნენ, გაკვეთილის გამოსვლის ზარი დაირეკა. მასწავლებელი გამოვიდა მათი კლასიდან და ის იყო სამასწავლებლოსკენ გასწია, რომ მრელაშვილმა თამამად მიირბინა მასთან.

- მასწავლებელო, მშობელი მოგიყვანეთ.

- მშობელი? აბა, სად არის?

- აი, აქვე დგას.

გეოგრაფიის მასწავლებელი მობრუნდა და ახედა ჩვენს ნაცნობ უცნობს. მერე გაშალა ხელები და გადაეხვია.

- მამი, მამილო. როდის მოხვედი, როგორ მომაგენ?

უცნობი თავის შვილს ეხვეოდა, თან მის ჯანმრთელობას კითხულობდა.

- როდის დაბრუნდი ექსპედიციიდან ან როგორ მომაგენ?

- იყალთოს ქვეყანა იცნობს, - მეგზურად კი ეს კაი ბიჭი მყავდა. - იგი მცირე ხანს ჩაფიქრდა და მერე ღიმილით უთხრა შვილს: - აპატიე დანაშაული, უნებურად მოსვლია, როგორც თვითონ მიამბო.

მასწავლებელმა მამას ხელი გამოსდო და სამასწავლებლოსაკენ წაიყვანა.

სნაიპერს განცვიფრებისაგან პირი დაეღო და გაოგნებული შეჰყურებდა გარსმოჯარულ მოხითხითე ბავშვებს.

 

ნაწილი 23

მარანი მიწისქვეშ

 

 

აკადემიის გალავნის ჭიშკარზე დააკაკუნეს.

გროზნამ კარი გააღო.

კარებთან ოთხი კაცი იდგა.

მებაღე სტუმრებს შიგნით შეუძღვა.

სტუმრები ნაცნობები გახლდნენ: ორ მათგანს - გივისა და ბახსოლიანს - ორლულიანი თოფები გადაეკიდათ, ხოლო ორნი - ჩვენი განუყრელი მეგობრები - სანდრო და გოგია იყვნენ. ბიჭებს მხარზე ძალაყინები გაედოთ.

თუ გინდოდათ ძველი მებაღისათვის გესიამოვნებინათ, მისი საცდელი ნაკვეთი უნდა დაგეთვალიერებინათ, რომელიც იქვე, გალავნის შიგნით მდებარეობდა. ჩვენმა ექსპედიციამ ეს იცოდა და ამიტომ პირდაპირ იქით გასწია.

ნაკვეთი პატარ-პატარა კვლებად იყო დაყოფილი და მავთულით შემოღობილი.

ნასიამოვნები გროზნა შიგ შეუძღვა.

- ესენი ახალი ჯიშის თუთის ხეებია, ბრტყელი ფოთოლი აქვთ და კარგი ზრდა, ესენი წლევანდელი ნამყენებია - პანტა-მაჟალოს საძირეებზე დამყნობილი. აქეთ ანტონოვკებია, იქით - ალექსანდროვკა პირველი და მეორე, ეს შაფრანები და ეს გოგრაბლები. გალავნის ძირას კი მაისისა და გვიანური ბლებია.

ბიჭებმა ყველაფერი მოუწონეს და მერე სთხოვეს: გვირაბში შეგვიშვიო.

გვირაბს სახურავი ახადეს და ფერიცვალების საყდრის ერთ სვეტს თოკი გამოაბეს.

- ფრთხილად ჩადით, შვილო, კიბე ნესტიანია. ან ეს ბალღები რაღას აგიტორღიალებიათ? არსად ჩაცვივდნენ. - უცებ გროზნა შედგა და გაკვირდა, - ეს რაღაა, ძალაყინები რაღად გინდოდათ?

ბახსოლიანმა პატარებზე ანიშნა.

- მაგათ გვირაბში კედელი გამოუთხრიათ და ამბობენ, კედელს იქითაც გვირაბიაო.

აკადემიის მომვლელი სახტად დარჩა.

- ვის გამოუთხრია, სად გამოუთხრია, ბიჭო!

- ანდე მაგათ, ანდე! შიგ ჩასულან და გამოუთხრიათ.

- სად ჩასულან, როგორ ჩასულან?

- როგორ და, როგორც ჩვენ ჩავალთ.

- როდის ჩავიდნენ, რატომ მე ვერ დავინახე?

- მაშ, სწორედ შენ დაგენახვებოდნენ! ღამე ყოფილან.

- ღამე? რას ამბობ, ბიჭო, მე დღისით ვერ ჩავსულვარ და ესენი ღამე იყვნენ? აქ რაღაც ავი სულები უნდა ბუდობდნენ.

- როდის იყავით, ბიჭო?

- ამ ორიოდე კვირის წინ, აი, მაშინ... შენ რომ სანთლებიანი ეშმაკები გეგონა, დიმიტრი პაპავ.

- რას ამბობთ, ბიჭო ისინი თქვენ იყავით?

- ჩვენ ვიყავით.

- ძროხა რომ მგლისგან შეჭმას გადაარჩინეს?

- ჰო, ისინი.

გაკვირვებულმა მებაღემ გაღიმებული სტუმრები მოათვალიერა და მერე ისევ გვირაბში შეპარულებს დააკვირდა, ცოტა ხანს უცქირა და ხელი ჩაიქნია.

- კიდეც არ გამიკვირდა, ვინ აწვალა ეგრე კლიტე-მეთქი? აი, თქვე ყაჩაღებო! ვერ მითხარით? გასაღებს მევე მოგცემდით.

- გვეგონა, გაგვიწყრებოდი, დიმიტრი პაპავ, - თავი იმართლეს „ყაჩაღებმა“. - ერთხელ ხომ გამოგვრეკე?

- არაფერს არ გაგიწყრებით, მითხარით და მევე გაგიღებთ. ეს გვირაბი იმისთვის არის, რომ ხალხმა დაათვალიეროს. მაშინ კი გამაჯავრეს და გუნებაზე არ ვიყავი.

ერთი-ორჯერ მეც გავაღე, მინდოდა ჩასასვლელი გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი და თავი დავანებე. მას შემდეგ შიგ არავინ ჩასულა და დახე, ამათ მეორეც გამოუთხრიათ! არა მგონია, იქ იყოს რამე, შეიძლება ბნელში მოეჩვენათ. ან როგორ ჩავიდნენ შიგ, რომ არსად არ გადაცვივდნენ? მეორედ აღარ ჩამეპაროთ, თორემ თუ გაგიგეთ...

ბიჭებს დაინტერესებული მებაღეც ჩაჰყვა გვირაბში და მთელი შემადგენლობა დიდი სიფრთხილით მიიყვანა ტალანის ბოლოს, ქვიტკირის კედელთან. განცვიფრებული უფროსები სიფრთხილით ათვალიერებდნენ იქაურობას და ჯიბის ფარნების შუქს ორმოებში და კუთხეებში დაატარებდნენ.

ტალანის დასასრულს იქ მყოფნი პირველად შეაკრთო კედლის იქიდან გამომდინარე უცნაურმა ბუტბუტ-სისინმა. თოფმომარჯვებულნი მიუახლოვდნენ ხვრელს.

- წყლის ხმა უნდა იყოს, ჩემი აზრით. ჰა, რას იტყვი, დიმიტრი პაპავ, აი, ხვრელშიაც გამოდის უკვე.

მებაღე გამონგრეულ კედელს ათვალიერებდა და თან ყურს უგდებდა ხმაურს.

- მეც ეგრე მგონია, შვილო, წყალი უნდა იყოს. მიწიდან ამოდის, ალბათ, და იმიტომ ბუყბუყებს. დასწყევლოთ ეშმაკმა, რამ აფიქრებინათ აქ გამონგრევა? - თან ჩაიჩოქა და კედელს დაუწყო სინჯვა.

- დახე, დახე, გიორგი! შენ როგორ გგონია, ეს ადგილი ამ კედელზე გვიან არ უნდა იყოს აშენებული?

- მეც ეგრე ვფიქრობ, კედელში ხვრელი ყოფილა დატანებული, ალბათ, აქედან შედიოდნენ შიგნით და მერე რაღაც მიზეზით ამოუქოლავთ.

- მოანგრიე, გიორგი და შევიდეთ შიგნით.

მთელ საათს უბაგუნებდნენ ძალაყინებს და ისე კარგად გაწმინდეს ამოშენებული ხვრელი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა შიგ შეძრომა.

ხმაურმა იმატა.

კედლის იქით გივი და ბახსოლიანი გავიდნენ თოფებითა და ხალათის ღილზე ჩამოკიდებული ფარნებით. მცირე ხნის შემდეგ დანარჩენებიც შეიწვიეს.

საოცარი ძალით ასხამდა წყალი მიწიდან და ბიჭებს სახეში სცემდა წინწკლებს.

საიდუმლოებით მოცულ „დარბაზში“ მოხვედრილი ბიჭები ყურს უგდებდნენ შორეულ კუთხეებში გაურკვეველ ჩუჩუნს და წყლის ხმაურს.

ეს დარბაზი უზარმაზარი ჩანდა: სამხრეთით, ქვიტკირის კედელთან, რაღაც აუზისმაგვარი ჰქონდა. ამან მიიზიდა ექსპედიციის ყურადღება. ახლოს მივიდნენ და დააკვირდნენ.

- როგორც ეტყობა, აქ წყალი ყოფილა გამოყვანილი. აი, ხედავ, გივი, აუზია თუ რაღაც მისი მსგავსი.

- ნამდვილად აუზი ჩანს, მხოლოდ მიწით არის ამოვსებული.

ბახსოლიანმა დანა ამოიღო და ჩიჩქნა დაუწყო.

განცვიფრებული ათვალიერებდა იქაურობას დიმიტრი. რამდენი ხანია ამ ადგილს იცნობდა. თითქმის ოცდაათი წელი გადიოდა, რაც აქ დაესახლა, და აზრად არ მოსვლია, თუ ამ კედელს აქეთ უფრო უცნაურს წააწყდებოდა. განსაკუთრებით აკვირვებდა კედლის ძირას ამოხეთქილი წყალი, რომელიც, როგორც ჩანდა, მიწის სიღრმიდან ამოდიოდა.

- აქ, ძირზე, მილია წყლისა, - შესძახა გიორგიმ და იქვე ძალაყინით მდგარი გივიც დააჩოქა. კიდევ კარგა ხანს ჩიჩქნეს და საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ აუზის სიგრძეს წყლის მილები ჭრიდა და შიგ გამავალი წყალი სადღაც ქვევითმიექანებოდა. - ნამდვილად აქედან გამოდის უკვდავების წყარო, პირდაპირ იქით მიდის ეს მილები, - დანარჩენთ იქით გაუძღვა, სადაც წყალი მაღლა სცემდა ბუტბუტითა და შიშინ-სისინით. - აი, უყურეთ, დიმიტრი პაპა ამბობს, მიწიდან ამოდისო, მაგრამ ნახე, თუ იმ მილებში გამავალი წყალი არ იყოს, - და წყლის გარშემო დაიწყო ჩიჩქნა.

უცებ მებაღე აყვირდა:

- ნელა, ბიჭო, ხედავ, მილი გამოჩნდა!

ბახსოლიანმა კიდევ ჩაიმუხლა და ფრთხილად გადაწმინდა მილზე მიწა.

- აი, ხომ გითხარით, - გაიჯგიმა აღმომჩენი, - ეს იქიდან მოდის, მილი გატეხილა და ეს წყალიც, ეტყობა, ნაწილი მაღლა ამოდის, ხოლო ნაწილი ქვევით მიდის უკვდავების წყაროსკენ.

- გივი, გივი! აბა, მოდი აქ, გივი. აი, რა ვიპოვე, ხედავ, ჯამებია და ესეც სურა. ორივე გატეხილია. ფუჰ! ჭიაყელა მიჰკრობია ზედ. აი, ნახე.

ბიჭებს პატარა თახჩისათვის მიეგნოთ და შიგ ფათურობდნენ.

პიონერხელმძღვანელმა ყურადღებით დაუწყო სინჯვა ძველი საუკუნეების ნაშთებს.

- ეს უბრალო ნატეხები არ არის, გოგი, ხედავ, მოლურჯო ცისფერი ზოლები გასდევს.

ასეთი ჭურჭლის კეთება დღესაც იციან იყალთოში.

ბიჭები ისე გულდასმით უსმენდნენ პიონერხელმძღვანელს, ვერც კი შეამჩნიეს, ძველი მებაღე თავგადახდილ ქვევრში როგორ ჩავარდა და კინაღამ ფეხი მოიტეხა.

ბახსოლიანს თან ზევით ამოჰყავდა გროზნა, თან საყვედურობდა:

- მოიცა, დიმიტრი პაპავ, ერთად ვიაროთ, შენ ფარანი არა გაქვს და შეიძლება კიდევ სადმე სხვაგან ჩაეშვა.

მებაღე ბურტყუნით ირწმუნებოდა: ფეხი ღვინოში ჩავყავიო. ფარნიანებმა ბევრი იკირკიტეს, ბევრი უტრიალეს და შიგ ცოტაოდენი წყლის მეტი ვერაფერი აღმოაჩინეს.

ბიჭებმა რაკი გაიგეს, დარბაზში ქვევრი აღმოჩნდაო, სურა და მისი ნატეხები თახჩაში მიყარეს და იქით გაქანდნენ.

- თუ აქ გიჟი ცხოვრობდა, მარტო ამ ქვევრს ჩააგდებდა, ხოლო თუ ჭკვიანები იყვნენ, სხვებიც იქნება, - განაცხადა ბახსოლიანმა და ერთ ადგილას ძალაყინი დაჰკრა.

დაკვრის ადგილმა გუგუნისმაგვარი ხმა გამოსცა.

- ქვევრია აქაც! - აყვირდა გიორგი.

მართლაც, მოზრდილი ქვევრი იყო და ზედ დიდი სიპი ეფარა. ქვევრი ცარიელი აღმოჩნდა. მოხუც მებაღეს სულ დაეკარგა იმედი, რომ რაღაცას „გაჰკრავდა აქ კბილსა“, - როგორც თვითონ ამბობდა.

- ტარხუნაზე ასულს ტოტი მომიტყდეს თუ აქ მთელი მარანი არ იყოს! აბა, მიდი, გივი, შენც დასცხე! - და გაფიცხებული გიორგი ნესტიან მიწას ჩხვლეტდა ქაქანით:

- კიდევ ქვევრია! აი, აჰა, გეუბნებით, ქვევრია-მეთქი!

მართლაც, ახალმა ქვევრმა დააღო პირი სარქველის ახდისას.

არც აქ აღმოჩნდა ღვინო.

ამაოდ იფურთხებოდა გროზნა, ამაოდ სწყევლიდა იქიდან „ნუნუას“ ამომხაპავს და მის გაუმაძღრობას, - ქვევრები იყო, მაგრამ ღვინო არ ჩანდა.

- ამ აკადემიის გარშემო ფერდობები, გორაკები და ახოები მაშინ ვენახებით ყოფილა დაფარული და ღვინო ბლომად იქნებოდა. მართალია, აქ დაწურული ღვინო გვირაბით წმინდა შიოს გამოქვაბულებში გაჰქონდათ, მაგრამ იგრე როგორ ამოცალეს, რომ შიგ წვეთი აღარ დატოვეს?

- ეგ კი არ არი საკვირველი, დიმიტრი პაპავ, საკვირველი ისაა, თუ გვირაბი არ იყო, მაშინ საიდან გაიტანდნენ წმინდა შიოს კლდემდის?

- რა ვიცი, შვილო, მამა-პაპას ეგრე გადმოუცია ჩვენთვის. თუმცა, მეც არა მჯეროდა, თუ იმ კედელს აქეთ რამე იქნებოდა, მაგრამ ხომ ნახე, აღმოჩნდა. ვინ იცის, იქნებ ამას იქით იწყება გვირაბი?

- ძალიან შორსაა აქედან წმინდა შიოს კლდის გამოქვაბულები. ახლაც კი გაძნელდება იქამდე გვირაბის გაყვანა და შიგ გავლა. აქ რომ გვირაბი იყოს, ეს კედელი აღარ იქნებოდა. ჰა, გიორგი, შენ რას იტყოდი?

- მეც ეგრე მგონია, გივი. აქ, ალბათ, მარანია და ამ ხვრელით შემოდიოდნენ შიგ, მერე კი რატომღაც ამოუქოლავთ. რას იტყვი, იმ დახშულ ადგილას საიდან უნდა იყოს ამდენი ჰაერი?

- არ ვიცი, ძმაო. ერთი რამ კი ცხადია: საიდანღაც შემოდის ჰაერი. მე ვფიქრობ, წყლის ნაწილმა, რომელიც გატეხილი მილიდან ამოდის, სადმე მიწაში გაიკვლია გზა და იმ ხევში ჩადის, რომელიც რძის საყდრის დაღმართის გასწვრივ ეშვება.

- ასე რომ იყოს, განა აქამდე ვერავინ შეამჩნევდა?

- არა მგონია, რადგან მთელი ხევი გაუვალი მაყვლის ბარდებით არის დაფარული ზამთარ-ზაფხულ.

- წყალი რად უნდოდათ აქ?

გროზნამ გაიკვირვა.

- წყალი, შვილო, ყველგან საჭიროა. ამოდენა ქვევრებს დარეცხვა არ უნდოდა? ან იქნებ, შიშიანობის დროს გალავნის გარეთ რომ ვერ გადიოდნენ, ამ წყალს იყენებდნენ ჩვენი პაპები სასმელად?

- მაშ, რატომ მიდის მილებით სადღაც, ხომ ხედავ, აუზში მილებია.

მოხუცი მებაღე დაფიქრდა.

- მე მგონი, ეგ ის წყალია, ჩვენ რომ უკვდავების წყალს ვეძახით.

- მეც ეგრე მგონია. აბა, ერთი კიდევ კარგად დავხედო.

ნათხარზე გადავლისას ბახსოლიანს ფეხი გაუსხლტა და მობუყბუყე წყალში ჩაჯდა.

ბიჭებმა ხელი სტაცეს და წამოაყენეს.

ბახსოლიანი თან შარვალს იწურავდა, თან უგემურად იფურთხებოდა.

უეცრად გივიმ ხარხარი შეწყვიტა და მერე თავისი ჯიბის ფარანი და დაჭყეტილი თვალები წყალს დაანათა.

ყინულივით ცივი და კამკამა წყალი სცემდა მიწის ქვეშიდან და ოდითგანვე გაჭრილ კალაპოტში ლაღად მოლიკლიკებდა.

- ბიჭებო! - დაიძახა ვარდუაშვილმა. - ეს რა აღმოვაჩინეთ, ბიჭებო!

იქ მყოფებმა განცვიფრებული თვალები მოავლეს ირგვლივ და უფრო მეტად გაოცდნენ, როცა ვერაფერს შეხედეს საყურადღებოს.

- რა მოხდა? - იკითხა ბახსოლიანმა.

- წყალი, გიორგი! ნამდვილი წყალი!

- რა წყალი, რომელი წყალი, ხომ არ შეიშალე? - უკანასკნელად გაიწურა შარვალი გიორგიმ.

- სუფთა წყალი, კამკამა წყალი, ცივი წყალი! - მიაყოლა ზედიზედ ვარდუაშვილმა.

- ჭიქა ორი შაური, ჭიქა ორი შაური. ვის გინდათ!

- თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! ეს რა ვეფხვები მყავს, კაცო! - წამოხტა რაზმის ხელმძღვანელი, გაშტერებული ეფრემას ბიჭი დაიჭირა და ჩაკოცნა. - ვაშაა! ახლა იყალთოს თავზე საღვრელად ექნება სასმელი წყალი!

 

ნაწილი 24

რაზმის შეკრება

 

 

ბუჩუკურთელის რგოლი მეტად გაოცებული დარჩა, როდესაც კლასში დიდ დასვენებაზე რაზმის პიონერხელმძღვანელი, კედლის გაზეთის რედაქტორი, რაზმის საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ ორი სხვა მოწაფე შეიკრიბა.

ნუგზარ გარეჯელმა თვალებთან აქეთ-იქით ხელები შემოიწყო და ფანჯარაში შეიჭყიტა.

- რაზმის საბჭოს სხდომა აქვთ, - აცნობა დანარჩენებს.

ბიჭების გაკვირვება საზღვარს გასცდა, როდესაც რაზმის პიონერხელმძღვანელმა გაკვეთილების შემდეგ რაზმის შეკრება გამოაცხადა.

- ოჰო! - წამოიძახა ბუჩუკურთელმა, - ეს, რაღაც, გეგმაში არა გვქონია და ეგრე ნაუცბადევად რა ამბავია!

- ალბათ, რამე ისეთი საქმეა.

- მერე, რა საქმე უნდა იყოს?

- რა ვიცი, გვეტყვიან, ალბათ.

- ბიჭოს! - უცებ შეხტა გოგია, - იქნებ მადლობა უნდა გამოგვიცხადონ სასმელი წყლის აღმოჩენისათვის?

- მართლა! ეგ როგორ ვერ გავიხსენეთ? ალბათ, ამისათვის მოიწვიეს.

- მეც ეგრე მგონია. აბა, ვნახოთ, რას იტყვიან. ალბათ, დაგვაჯილდოებენ. - გაუხარდა სანდროს.

- თუ დაჯილდოებაა, ყველა უნდა დაგვაჯილდოონ, ძმაო, - მოიღუშა ბერძენაშვილი, - უკაცრაული პასუხია, მარტო ორნი რომ გაიპარენით და არაფერი გაგვაგებინეთ, ვითომ რაო, ჩვენ კი არ გამოვღრუტნეთ ის ადგილი?

- მართალია, მართალი! - აყვირდნენ დანარჩენებიც. - ჯილდო ყველას გვეკუთვნის!

სანდრომ დაარწმუნა, ჯილდო ყველასი იქნებაო, და პიონერული ხაზის მოუწყობლად შევიდნენ კლასში.

შევიდნენ, მაგრამ ერთბაშად დააღეს პირი, როდესაც უფროსი პიონერხელმძღვანელისა და კლასის ხელმძღვანელის გარდა, მაგიდასთან თავიანთი რაზმის ყოფილი პიონერხელმძღვანელი ნიკო და ბახსოლიანი გიორგი დაინახეს.

მათი იქ ყოფნა დანარჩენებმაც იუცხოვეს.

- ამათ რაღა უნდათ აქ?..

ყველაზე მეტად კი მაგიდაზე დადგმულმა ლურჯნაჭერგადაფარებულმა მოგრძო კალათამ გააოცათ.

ის იყო მერხებზე დასხდნენ, რომ გივიმ მეხუთე რაზმის შეკრება გახსნილად გამოაცხადა და სიტყვა რაზმის საბჭოს თავმჯდომარეს მისცა.

რაზმის საბჭოს თავმჯდომარე თანაკლასელებს კარგა ხანს არწმუნებდა, რომ სხვისი ხილის მოპარვა საზიზღრობაა და პიონერისათვის სახელის გამტეხიაო.

რაზმი გაოცებული უსმენდა, ვერ მიმხვდარიყო, რატომ დასჭირდა ასეთი გრძელი ქადაგება ამგვარ საჩოთირო საგანზე.

მესამე რგოლის წევრებმა ერთმანეთს ისეთი თვალით გადახედეს და მხრებიც ისე აიჩეჩეს, აშკარად იგრძნობოდა, რომ მათაც არაფერი გაეგებოდათ.

წინა მერხზე მჯდარმა ხახაბომ გრძელი ხელი გადაყო, კალათაზე გადაფენილი ლურჯი ნაჭერი ოდნავ ასწია და მერხზე გადაიხარა.

ერთ წუთს ყველას ეგონა, რომ ვახტანგს გაწვდილი კისერი გაუშეშდა.

უეცრად ლურჯ ნაჭერს ხელი ისე უშვა, თითქოს გახურებული შამფურისთვის წაევლოს და მეგობრებს მოხედა შემცბარ-გაოცებულმა.

ბიჭებმა მის გადმოკარკლულ თვალებში შიში და დაბნეულობა ამოიკითხეს.

- ვაშლი, ბიჭებო, ვაშლი! - ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ვახტანგმა და უმალვე კლასს მოედო ეს ჩურჩული.

მათი თვალი და ყური ახლა სულ იმ მოგრძო კალათაზე იყო მიჯაჭვული.

გივიმ თვალები დაუბრიალა აყლაყუდას და ისიც ისე დაპატარავდა, კინაღამ მერხში ჩაძვრა.

ხოლო სადღაც შორს ყრუდ გაისმოდა საშინელი და მამხილებელი სიტყვები.

რაო? ეს მგონი, მისი სახელი ახსენა ორატორმა. - სანდრომ ყური ცქვიტა და ფერმკრთალ ბიჭს გაოგნებულმა შეხედა.

რაზმის საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვა ახლა მათი რაზმის ყოფილ პიონერხელმძღვანელს მისცა და დაჯდა.

ნიკო წამოდგა...

უმალ ყველაფერს ნათელი მოეფინა.

აი, თურმე ვის წაუღია მათი საბძლიდან ვაშლი.

აი, თურმე როგორ დაკარგულა.

მაგრამ როგორ მიაგნო?.. საოცარია! დაიცათ, ბიჭებო, სჯობია, ყური დავუგდოთ...

ნიკო კი განაგრძობდა:

- თქვენ ყველამ იცით, რომ კომკავშირმა მე თქვენი რაზმის პიონერხელმძღვანელად დამნიშნა და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. - კლასში ვიღაცამ გამქირდავად ჩაიფხუკუნა, მაგრამ ნიკოს ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია. ისე განაგრძო: - მაგრამ ორ რგოლში თუ ვახერხებდი რამის გაკეთებას, მესამე რგოლს ვერა მოვუხერხე რა. და ეს რგოლი გახლავთ სანდრო ბუჩუკურთელის რგოლი, სადაც თავშეყრილია ყველა უწესო და ჩამორჩენილი მოსწავლე.

ბუჩუკურთელის უდისციპლინობა იქამდის მივიდა, რომ თავისი რგოლიდან გარიცხა ყველაზე წესიერი მოსწავლე ზალიკო ლაჩაშვილი.

რაზმმა თითქოს ახლა მოჰკრა ამ ამბავს ყურიო, აჩუჩუნდა და უშნოდ შეიშმუშნა.

- მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო! - გაისმა სადღაც ბოლოდან.

ნიკომ თვალებით მოძებნა მთქმელი და ზიზღით დაიღრიჯა.

- გარიცხა ლაჩაშვილი და მის მაგიერ თავის რგოლში ჩუმად ჩარიცხა ორივე ენუქაშვილი, დედაბრიშვილი ვახტანგი, ყველაზე გამოუსწორებელი თავხედი მთელ სკოლაში - მრელაშვილი ვახტანგი და თუჯიშვილი ავთანდილი, რომელიც თავიდან ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ახლა კი...

- შენ თუჯიშვილს თავი დაანებე, - იწყინა ავთომ, - თუ რამე გაქვს სათქმელი, ცალკე მითხარი...

კლასის დამრიგებელმა წესრიგისაკენ მოუწოდა ბავშვებს, ხოლო ნიკოს უთხრა:

- უფრო კონკრეტულად, დაღელაშვილო.

- კონკრეტული არ არის, მაშ, რა არის, როცა თავიანთი რგოლის წევრ გოგოებს არ ასწრებენ რგოლის შეკრებაზე და სხვა რგოლის წევრებს ანებივრებენ? ან კიდევ რგოლის შეკრებას რა უნდა სადღაც მიყრუებულ საბძელში?

- შენ გულს რაცა გაქვს, ისა თქვი, თორემ ჩემი რგოლისას შენ ახლა არავინ გაკითხებს. შეკრებას, თუ მინდა კოღოთოში მოვაწყობ.

გივი აიმრიზა და წარბშეკრულმა გახედა ბუჩუკურთელს.

- აი, აჰა, ახლაც არ მაცლის ლაპარაკს.

- დაგაცადოთ, თორემ, უკაცრაული პასუხია, შენც ოქრო ამოგდის პირიდან.

- წყნარად, პიონერებო! - წამოდგა თავმჯდომარე.

- აი, სულ ასეთი ყოვლად უმაქნისი და უვარგისი ხალხი ჰყავს შეყრილი თავის რგოლში.

- სტყუი!

- ცილისწამებაა!

- სტყუი!

- ვტყუი? - გაგულისდა ნიკო, - ვტყუი? აბა, ჰკითხეთ თქვენი რგოლის ხელმძღვანელს, რუსულსა და არითმეტიკაში როგორი ნიშნები აქვს! აბა, ჰკითხეთ, ვინ არის, რომ არაფრად აგდებს უფროსებსა და ხელმძღვანელ ამხანაგებს, აბა, ჰკითხეთ, ვინ დაეხეტება ღამღამობით სხვის ბაღში!

- არც შენა ხარ ხამად სხვის ბაღში ხეტიალს, მაგრამ, მგონია, გადაეჩვევი იმ საღამოს შემდეგ.

გოგია წამოძახილებისათვის გააფრთხილეს.

ნიკო გააცოფა ამ გახსენებამ. მან მრისხანე თვალი დაარჭო დედაბრიშვილს და ზედიზედ მიაყარა:

- აი, თქვენ მეუბნებოდით, რომ უფრო კონკრეტულად მელაპარაკა. მაშ, ვილაპარაკებ: აი, ამ გარეწარმა ბუჩუკურთელმა და მისმა „მარჯვენა ხელმა“ - ეფრემას ბიჭმა გოგიამ, ბერძენიშვილმა, თვალიაშვილმა, ბაჩიაშვილმა, ხარატიშვილმა და ყველამ, ვინც სანდროს რგოლშია, ერთ ღამეს მოჭრეს წყაროს ბაღის ნაპირას მდგარი ალვის ხე და ადიდებულ ხევხევას გაღმა გავიდნენ. გავიდნენ, შევიდნენ დიმიტრი პაპას ბაღში და დაკრიფეს მისი თურაშაული. წაიღეს, საბძელში დამალეს და ზამთარში უნდოდათ ეჭამათ. აი, ეს ვაშლი.

ნიკომ ლურჯი ნაჭერი გადაჰგლიჯა კალათას და იქიდან წითლად გამოანათა თურაშაულმა.

ვახტანგმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ნერწყვი გადაყლაპა, მსხვილი ტუჩები გააწკაპუნა და ბრიალა თვალები მოარიდა მაცდურად მოცინარე ვაშლს.

კლასში გუგუნმა ჩაიარა.

ნიკოს დამცინავად აეგრიხა ტუჩის კუთხე.

უფროსი პიონერხელმძღვანელი მდუმარედ იჯდა.

გივი საჩვენებელ ჯოხს ატრიალებდა ხელში და თან ქვეშ-ქვეშ უცქეროდა აჩუჩუნებულ რაზმს.

მხოლოდ არითმეტიკის მასწავლებელმა ვერ შეიკავა თავი და გაოცებულმა იკითხა:

- ნუთუ მართალია, რაც აქ ითქვა?

- სრული სიმართლე გახლავთ, პატივცემულო მასწავლებელო, - დაადასტურა ნიკომ.

- აი, მე და ბახსოლიანმა წამოვიღეთ საბძლიდან ეს ვაშლი, - შემდეგ თავის მეგობარს მიუბრუნდა, - სწორია, თუ არა, გიორგი?

- სწორია, - უგემურად დაუდასტურა ბახსოლიანმა.

- მერე, თქვენ როგორ გაიგეთ, რომ საბძელში ვაშლი იყო?

ნიკო მცირე ხანს შეყოყმანდა.

მესამე რგოლის წევრებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით გადახედეს, მერე მზერა ნელ-ნელა ლენაზე გადაიტანეს და მრისხანედ ჩააცივდნენ.

ლენა ჩუმად იჯდა ერთხანს, მერე, რაკი მიბჯენილი მზერა შეამჩნია, ერთბაშად შეშფოთდა და დამფრთხალმა მიმოიხედა ირგვლივ.

ათიოდე წყვილი თვალი მას ზიზღითა და მუქარით უცქეროდა.

როგორ? ნუთუ ჰგონიათ, რომ მე გავეცი? - ფიქრობდა გოგო.

ნიკომ ყოყმანი დაძლია და განაგრძო:

- ერთ საღამოს მრელაშვილი შემხვდა ორღობეში მიმავალი, შემაგინა და ქვაც მომარტყა ფეხში.

- თვალებიც მოუთხრია შენთვის! - გაისმა საიდანღაც.

- ვენაცვალე იმ ცაცია ხელში, - დაუმატეს ბოლოში.

- წყნარად, ბავშვებო, - დუმილი დაარღვია უფროსმა პიონერხელმძღვანელმა.

- მომარტყა ფეხში ქვა და გაიქცა, - განაგრძო ნიკომ. - გამოვედევნე. ბნელოდა, მაგრამ მაინც თვალი არ მოვაშორე. ვდიე, ვდიე და დავინახე, რომ სოფლის გარეთ გავიდა, ტრისტანაანთ მოღობილთან ვიღაცას შეხვდა, იქ იჩურჩულეს ცოტა ხანს და მერე ძველი საბძლისკენ წავიდა. მე გვერდი ავუქციე „გუშაგს“, ძველ საბძელს უკანიდან მოვუარე, კედელზე ყური მივადე და ყველაფერი გავიგონე, რაც იქ ითქვა.

მაშინ გავიგე ამ ვაშლის მოპარვის ამბავი. წავედი, ბახსოლიანს უთხარი და იქიდან წამოვიღეთ.

სანდრო თანდათან გონზე მოდიოდა.

- მერე, ვინ გეხვეწებოდა, წამოიღეო?

- ჰო და ჰო, რა ძალა გადგა, ვინა გცემდა კეტს თავში!

- ვინ გითხრა, გინდა თუ არა, წაიღეო?

- ვინ მითხრა და, ჩემმა სინდისმა, - ამაყად გასცა პასუხი ბრალმდებელმა.

სანდრო ფეხზე წამოვარდა.

- მაშ, დაამტკიცე, რომ შენ სინდისი გაქვს, და მე დავამტკიცებ, რომ ჩუმათხევი აღმა მიდის.

- აქ არაფერს არ უნდა დამტკიცება, ბუჩუკურთელო, ყველაფერი დამტკიცებულია.

რაზმი უკვე გუგუნებდა.

რაზმის საბჭოს თავმჯდომარემ კვლავ წესრიგისაკენ მოუწოდა პიონერებს.

- დაამთავრე? - შეეკითხა გივი ნიკოს.

- არ დამიმთავრებია.

- მაშ, განაგრძე.

- დიახაც, რომ, განვაგრძობ. აი, ამხანაგებო, ასეთია ამ ვაშლის მოპარვის ამბავი და თქვენ რა გგონიათ: ამ ზაფხულს მელანა ბებოს რომ კიტრები დაუკრიფეს ბოსტანში, ვინ იქნებოდა? ნამყენი ქლიავები რომ მოუჭრეს, ვინ იქნებოდა? შაშვიოაანთ ზაქარას რომ ვენახის ღობე გამოუმტვრია, ვინ იქნებოდა? ბაზერაანთ მიხას ცხენს რომ ძუა შეაჭრა, ვინ იქნებოდა?

ნიკომ ცოტა ხანს შეაჩერა ბრალდების სეტყვა.

„მარჯვენა ხელმა“ ამით ისარგებლა და მის მაგიერ განაგრძო.

- მელანა ბებოს რომ მგლებმა ძროხა დაუგლიჯეს, ვინ იქნებოდა? ყურაანთ ილოს რომ „მოსკვიჩი“ გადაუბრუნდა და ფეხი იღრძო, ვინ იქნებოდა? შათირიანთ ოთარას რომ ცხვირზე მეჭეჭი ამოუვიდა, ვინ იქნებოდა? ბაზარაანთ დათას რომ...

გივიმ რის ვაი-ვაგლახით გააჩერა ეშხში შესული ეფრემას ბიჭი.

ნიკო დაიბნა.

- აბა, მაშ რა ყველაფერს ჩვენ გვაბრალებს? - არ ცხრებოდა გოგია.

- ჰო და ჰო, - ახლა უკვე სხვებიც აყაყანდნენ, - ჩვენს მეტი ვერავინ ნახა?

- გვიპოვა რაღა, ქვეყნის ამომგდებნი!

- ახლა ყველაფერს ჩვენ ნუ კი წამოგვკიდებთ!

- დაისვენე, ნიკო, ქარი ამოიღე, ამდენი ქაქანით მუხლი მოგეჭრებოდა.

- შენ ჩვენ თავი დაგვანებე, თორემ განა მოჭრეს გროზნას ბაღში ის მსხალი!

ნიკოს ლოყებზე სიბრაზის ალი აუვარდა.

ბიჭები ხითხითებდნენ.

გივი გაწყრა და წამოხტა.

- თქვენ აქ რა ბაზარი გამართეთ? დააცადეთ ერთმანეთს და რიგრიგობით ილაპარაკეთ. აბა, შენ რა გინდა, ბერძენიშვილო?

- მე? - წამოდგა ვანო, - რა უნდა მინდოდეს, ნიკოს დაჭკვიანების გარდა?

გივიმ წამომდგარი ბიჭი დასვა.

- შენ, ბერძენაშვილო, ღობე-ყორეს ნუ ედები. თუ სათქმელი გაქვს რამე, თქვი, თუ არადა ხელს ნუ გვიშლი, თორემ გარეთ მიგაბრძანებთ, - შემდეგ კვლავ საქციელწამხდარ თანაკლასელს მიუბრუნდა და უთხრა: - განაგრძე, ნიკო.

- აბა, რაღა უნდა განვაგრძო? - ძლივს ამოღერღა, - აქაც კი პირში მებმებიან და გარეთ რაღას იზამენ? აბა, რა უნდა მექნა ამათთვის, როცა მაგათი პიონერხელმძღვანელი ვიყავი? ამ ერთ რგოლთან ვერაფერი გავაწყვე. მე მომხრე ვარ, რომ სანდრო მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან და გაირიცხოს სკოლიდან.

- შენ ჩემს გარიცხვას არავინ არა გკითხავს.

- შენა, - გამობერა ტუჩები ვახტანგმა, - კაიკაცი რომ ყოფილიყავი, არავინ არ მოგხსნიდა ჩვენი რაზმის ხელმძღვანელობიდან. პაპაჩემი ამბობდა...

გივიმ ჩააჩუმა დედაბრიშვილი, მოგუგუნე კლასს მრისხანედ გადახედა და ნიკოს მიუბრუნდა.

- მოათავე?

- მოვათავე, - დაფასთან ახლოს მოძებნა სკამი და დაჯდა.

- აბა, ვის უნდა სიტყვის თქმა, - წამოდგა რაზმის საბჭოს თავმჯდომარე.

რაზმი მცირე ხნით გაიტრუნა.

მესამე რგოლის წევრებმა საკლასო ოთახი მოათვალიერეს.

- მე მინდა.

- გამოდი.

მაგიდასთან პირველი რგოლის ხელმძღვანელი დალი ფოცხიშვილი გამოვიდა. მან აჩქარებით გადაიყარა უკან მოკლელუდა ნაწნავები და დაიწყო.

- რაც აქ ილაპარაკეს სანდროს შესახებ, მე სრულ სიმართლედ მიმაჩნია...

გოგო შედგა და რაზმს თვალი მოავლო.

დედაბრიშვილ ვახტანგს წარბი შეეკრა, ტუჩები უფრო აებურცა და იბღვირებოდა.

ლუარსაბს ორი მტკაველი ერთმანეთისათვის მიედო, ცერი ცხვირზე მიებჯინა და შორიდან უჩვენებდა.

თვალიაშვილსა და ხარატიშვილს თავი თავზე მიეტყუპებინათ და სინანულის ნიშნად მწყობრად აქანავებდნენ.

შაშვიაშვილ კაკოს იდაყვი მერხზე დაედო, ცალი ყბა პეშვში მოექცია და შუბლზე ქოჩორჩამოყრილი გასუსულიყო.

მხოლოდ ბერძენაშვილს შეეკრა ორი მუშტი და ერთმანეთზე ურახუნებდა, ვითომ, გარეთ რომ გახვალ, ეგრე დაგნაყავო.

დალიმ შეამჩნია ეს და მოიღუშა.

- დამემუქრე, დამემუქრე, არ მეშინია! ნიკომ აქ სულ მართალი ილაპარაკა. სანდრომ წამართვა მე და თავის რგოლში წაიყვანა ენუქაშვილი სერგო, სოსო, დედაბრიშვილი ვახტანგი. წაიყვანა თავის რგოლში და ახლა მაგას თხუთმეტი ბავშვი ჰყავს რგოლში, მე კიდევ შვიდი. სად გაგონილა, რომ ერთ რგოლში შვიდი იყოს და მეორე რგოლში - თხუთმეტი?

დალიმ მცირე ხანს შეისვენა, უფროს პიონერხელმძღვანელს გადახედა და მერე ისევ განაგრძო:

- ამიტომ მე მოვითხოვ, რომ ჩემი რგოლის წევრები დამიბრუნოს, თვითონ კი საკადრისად დაისაჯოს.

დალი დასაჯდომად გაემართა.

ნაპირზე მჯდომმა ხარატიშვილმა მერხიდან ფეხი ოდნავ გამოყო და მიმავალს დაუდო.

გოგო წამოედო და წაბარბაცდა.

ხარატიშვილმა სწრაფად შესწია ფეხი.

გივიმ თვალი შეასწრო, აიმრიზა და რაღაც ჩაიწერა ბლოკნოტში.

- კიდევ ვისა სურს ლაპარაკი?

დალის ადგილი არსენაშვილმა ზიზიმ დაიკავა.

- აქ სულ სანდროზე იყო ლაპარაკი, რომელიც წინათ მართლაც ცელქი იყო. ახლა აღარ ცელქობს, მაგრამ მოიგონებს ხოლმე რაღაცას და აკეთებს. ზოგჯერ კარგი გამოსდის, ზოგჯერ ცუდი. აბა, მაშ, რა მოსაგონია, რომ ფეხბურთელთა გუნდი ერთი რგოლიდან იყოს? რად უნდა, ერთ რგოლში რომ შეყარა თითქმის ყველა ბიჭი, განა რამდენი ხანი გავიდა, რაც რგოლის ხელმძღვანელად აირჩიეს? აირჩიეს და მაშინვე ჩემი რგოლიდან თავისკენ გადაიბირა მრელაშვილი და თუჯიშვილი.

ახლა შაშვიაშვილი კაკოს გარდა, სულ გოგოები მყავს რგოლში. ჩუმად რატომ მიჰყავს? აი, ბაჩიაშვილი ლუარსაბი წინათ ჩემს რგოლში იყო, მაგრამ ითხოვა და სანდროსთან გადაიყვანეს. ადრე ჭკვიანი ბიჭი იყო. ერთად ვმეცადინეობდით ხოლმე არითმეტიკაში, ახლა ახლოსაც აღარ მეკარება.

თუჯიშვილიც ჭკვიანი იყო, ახლა გაეშმაკდა და მეუბნება (გოგომ დააჯავრა ავთოს): „განა გოგო ვარ, შენს რგოლში ვიყო. ვინც კაი ბიჭია, სულ სანდროს რგოლშია“. სანდროც სარგებლობს მათი ნდობით და რაცა სურს, იმას აკეთებინებს ბავშვებს.

- აბა, ცუდს რას ვაკეთებინებ ბიჭებს, შე კაწაწავ, შენა! - გაბრაზდა სანდრო და წამოხტა.

გივი გაწყრა.

- დაჯექი, სანდრო. შენს ადგილზე მე გამოჩენისაც კი შემრცხვებოდა.

სანდრომ ტუჩები მოკუმა, მოიღუშა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა და მოწყვეტით დაჯდა.

- ჰოდა, დამიბრუნოს ჩემი რგოლის წევრები. ორივე დამიბრუნოს და თვითონაც საკადრისად დაისაჯოს ამისათვის და ვაშლის მოპარვისათვის. მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან.

უშიშარ ბიჭს გასცრა ამ ნათქვამზე და აწრიალებული თვალებით მიმოიხედა.

მეგობრების უმრავლესობა ცდილობდა, თვალებში არ შეეხედა მისთვის.

- გოგი! - წასჩურჩულა გვერდზე მჯდომს, - გოგი, შენ უნდა გახვიდე.

- ვერ გავალ, სანდრო, - ჩურჩულითვე უპასუხა ეფრემას ბიჭმა.

- გადი, ნუ გეშინია.

- ვერ გავალ, ბიჭო.

რაზმის საბჭოს თავმჯდომარემ მეორედ დაიძახა:

- კიდევ ვისა სურს სიტყვის თქმა?

- გადი-მეთქი, გეუბნები!

გოგია უწადინოდ წამოიზლაზნა. მაგიდასთან უხერხულად დადგა და თავჩაღუნულმა დაიწყო:

- აქ ნიკომ სულ ტყუილი ილაპარაკა. ჩვენ არც ვაშლი მოგვიპარავს და არც საბძელში დაგვიმალავს. ეს, ალბათ, თვითონ ნიკომ დაკრიფა და მერე ჩვენთვის დასაბრალებლად აქ მოიტანა.

ამ მოულოდნელმა განცხადებამ რაზმი ააფორიაქა და ზოგიერთი გულუბრყვილო დააეჭვა კიდევაც.

აქა-იქ გაკვირვების ძახილი აღმოხდათ:

- ყოჩაღ, ეფრემას ბიჭო!

- გოგრაა, გოგრა, ცარიელი!

- მიდი, დასცხე!

- მიდი!

გოგია მეგობრების მხარდაჭერამ და შეძახილმა წააქეზა.

- თავიდანვე ჩემზე და სანდროზე იყო გადაკიდებული, არსად არ გვასვენებდა, მუდამ თავში გვიტყაპუნებდა, ეზოში ლახტაობასაც კი გვიშლიდა და ბურთს ხომ ახლოს არ გვაკარებდა. ახლა ვეღარაფერს გვაკლებს, რაკი ჩვენი რაზმის პიონერხელმძღვანელი აღარ არის, და ეს მოგვიშარა.

რაზმში ხმაური გაძლიერდა.

გივიმ ჩაიღიმა და დედაბრიშვილს უთხრა, დამჯდარიყო.

- კიდევ ვის უნდა სიტყვის თქმა? არავის? აბა, ბერძენაშვილო, მანდ რომ იფოფრები და არ ისვენებ, გამოდი და თქვი, რა გინდა?

- არაფერი, რა უნდა მინდოდეს?

- მაინც, მაინც, გამოდი და თქვი, მანდ რას ახურხურებ ბავშვებს?

ვანო გამოვიდა, გივის გაუღიმა, ნიკოს ცბიერად ახედა და მერე კლასის ხელმძღვანელს შეავლო თვალი.

- ჰო, აბა, თქვი, რა გინდოდა?

ვანო ჩუმად იდგა.

- ენა გადაყლაპე? - გაბრაზდა ნიკო, - იქიდან რომ მსხვილ-მსხვილებს ისროდი, აბა, თქვი, თუ ბიჭი ხარ.

ბიჭმა ცერად გადახედა შენიშვნის მომცემს და კვლავ გაჩუმდა.

- აბა, რის თქმა გინდოდა, ვანო? თქვი, ნუ გერიდება, - დაუყვავა უფროსმა

პიონერხელმძღვანელმა, - აღიარებ თუ არა დანაშაულს?

ვანომ გაიკვირვა:

- დანაშაულს? რომელ დანაშაულს? დანაშაული იმან აღიაროს, ვისაც დაუშავებია, თორემ მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ გასულ კვირას ჩვენმა კოლმეურნეობამ კომბაინი დაკარგა და ახლა, უკაცრაული პასუხია, ისიც ჩვენ არ დაგვაბრალონ-მეთქი.

რაზმი ერთხანს გატრუნული იყო, მერე ერთბაშად ახარხარდა და პიონერხელმძღვანელი და არითმეტიკის მასწავლებელიც გააცინა.

ბახსოლიანი მეგობრის წყენას მოერიდა, მაგრამ მასაც აუგრიხა ღიმილმა პირი.

გივი აიმრიზა.

- წადი, ახლა, ვანო, და ჭკვიანად დაჯექი, თუ არ გინდა, რომ რაზმის შეკრებას ფანჯრიდან უყურო. კომბაინი არსადაც არ დაკარგულა, ლეწვა დაამთავრა და სარემონტოდ წაიღეს. აბა, ჯახუნაშვილო, რას იტყვი?

- არაფერს, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო.

- როგორ თუ არაფერს? აი, თქვენი ყოფილი პიონერხელმძღვანელი ამბობს, რომ ბუჩუკურთელი რგოლის შეკრებაზე არ გასწრებდათ შენ და ლენას, მართალია?

- გამოდი, ლილი, გამოდი. გამოდი და თქვი, - მართალია თუ არა, რაც აქ ითქვა თქვენზე, - ჩაერია უფროსი პიონერხელმძღვანელი.

გოგო გამოვიდა და დადგა მაგიდასთან.

- აბა, რას იტყვი, ლილი?

- მე, მე რა უნდა ვთქვა?.. სანდრო, მართალია, წინათ არ მასწრებდა ხოლმე რგოლის შეკრებაზე, მაგრამ ახლა უკვე დავესწარი გასულ შეკრებას და დამავალა კიდეც, რომ ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“ წავიკითხო და მომავალ შეკრებაზე მოვუყვე ჩვენი რგოლის პიონერებს... ცელქი კი... ცელქი არის, იმიტომ, რომდასვენებაზე სულ ლახტაობას თამაშობს და სახლშიაც ყოველთვის რაღაცას ჩხირკედელაობს.

- მიედ-მოედება რაღაცეებს! - წამოხტა ნიკო და გივის მკვახედ შეხედა. - შენ სულ ისეთები გამოგყავს, რომლებიც არაფერს ამბობენ დანაშაულზე ანდა მისი დამქაშები არიან. აბა, ლაჩაშვილს გამოუძახე, რატომ ზალიკოს არ ჰკითხავ რამეს.

გივის ეწყინა თანაკლასელის შეპაექრება, და მოიღრუბლა.

- ყველა ერთად ხომ არ ილაპარაკებს? ლაჩაშვილსაც ვკითხავ. აბა, ზალიკო, შენ რას გვეტყვი? - მერე ნიკოს ყურთან დაიხარა, - ხომ ნახე, რომ მაგ გოგომ მაინც არ დამალა, რომ რგოლის შეკრებაზე არ ასწრებდა? გამოდი, ზალიკო, მაგიდასთან გამოდი.

- აქედან ვიტყვი, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო.

- მაგიდასთან გამოდი და რაზმს უთხარი, რაც სათქმელი გაქვს.

ბუჩუკურთელის რგოლი დაიბღვირა.

სანდროს იმედი გადაუწყდა. ეტყობა, ზალიკო ახლა კი „დაიქოქება“ და ყველაფერს „გადმოალაგებს“. მისი მეგობრები კი რატომღაც დუმან, ანდა მაიმუნობით მოწაფეებს აცინებენ. აფსუს! სად არის ახლა სნაიპერი! ეშმაკის ნაგლეჯი, რაღაცას მოიფიქრებდა.

ფუ! რაღა ახლა მოუნდა კლასში მამლის გაშვება და... კარგი, ეს ყველაფერი ჯანდაბას, მაგრამ გუშინწინ რაღამ ჩაამტვრევინა ქვით კლუბის ფანჯარა? ან რა ხუშტურმა წამოუარა, რომ კლუბის გამგეს აგინა? მერე რა, რომ კინოს სანახავად არ შეუშვეს: ბილეთი არა ჰქონდა და არ შეუშვეს, მერე რა მოხდა? ის თუ ყოველ კინოს არ დაესწრო, ის დღე გლოვის დღედ აქვს გამოცხადებული... ახლა რაღა უნდა ქნას?

აფსუს, რა ბიჭია! ცოდო არ არის, ეგ გარეთ დახეტიალობდეს და ზალიკო აქ ნებივრობდეს, ჩემს რგოლში?.. ჰმ! ჩემს რგოლში! ვინ იცის, შემარჩენენ კი რგოლსა?

თუ მარტო ეს მაკმარეს, კიდევ რა უშავს?.. აი, მაგალითად... მაგრამ დაიცა, ზალიკო რაღაცას ლაპარაკობს.

- დიახ, ცუდად ვიყავით თავიდანვე ერთმანეთთან, - ამბობდა ლაჩაშვილი, - ერთმანეთს სულ ჯიბრში ვედექით.

- რა დიდი ქუჩუკ-ყარამანი შენა მყავხარ, რომ ჯიბრში ედექი?

- დაიცა, გოგი, ილაპარაკოს, - წაუმუჯლუგუნა სანდრომ.

- ანდე, ქვეყნის ამომგდები თვითონ მანდ არის, თქვენ გვერდით, და მოხსენებას კითხულობს, - წამოხტა ხარატიშვილი.

- ეგ არის, ეგა, მაგან „გააცია“ გროზნას მსხლის სახსენებელი, - მიეშველა სერგო.

- ეს ვაშლიც მაგისი მოპარული იქნება, - მხარი აუბა ზაზანაშვილმა.

- მაგისი და ნიკოსი, - დაუბეჭდა სოსომ.

- დაიცათ, ბიჭებო! - წამოვარდა სანდრო, - დააცადეთ, კაცმა ილაპარაკოს.

- ჰოდა, ადგა და მაგანაც გამრიცხა რგოლიდან.

ნიკოს პირზე ვარდი მოეფინა.

- მიდი, ზალიკო, ნუ გეშინია.

- რატომ გამრიცხა მერე? იმიტომ, რომ მრელაშვილი ვახტანგი დავაბეზღე, როდესაც ორღობეში ექიმის მამალი მოკლა.

ნიკოს ბრაზისაგან ქვედა ტუჩები ჩამოუვარდა.

რაზმი აგუგუნდა.

ზალიკო შეჩერდა და მაგიდაზე თითით რაღაცის ხაზვა დაიწყო, მაგრამ რაკი, თავის ჭკუით, კარგად ვერ დახაზა, ისევ განაგრძო:

- მართალია, სანდროს უფლება არა ჰქონდა, რომ გავერიცხე, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, სწორად მოიქცა, რადგან მე დამაფიქრა ამ ამბავმა და რგოლის დანარჩენ წევრებთან დამოკიდებულებამ... უკანასკნელ ხანებში კარგად მექცევა. ალაზნის პირას ჩალაც ერთად მოვჭერით და შევკარით კიდეც. რგოლის შეკრებაზე დამასწრო კიდეც და ახლა უკვე კარგად ვართ ერთმანეთთან.

- ტყუილად გვებულბულები, ეგ ნანა ვერ დაგაძინებს, გენაცვალე!

სანდრო მიტრიალდა და ნუგზარი გაგმირა თვალებით.

გარეჯელი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, რაღაც წაიბუტბუტა და მიყუჩდა.

- ჩვენ უკვე შევრიგდით საბოლოოდ... მას შემდეგ არც ვინმე დამიბეზღებია და არც დავაბეზღებ... დედას გეფიცებით, არ დავაბეზღებ...

ბიჭს კინაღამ ცრემლი მოერია, მაგრამ მალევე დასძლია თავი, გამობრუნდა და თავის ადგილზე დაჯდა უჩუმრად.

გოგოებმა თანაგრძნობით გადახედეს მერხზე თავდამხობილს.

გივი კმაყოფილი იღიმებოდა.

ნიკო გაოგნებულიყო: „რა ღმერთი გაუწყრა ამ ლაჩაშვილს. მთელ იმედს მაგაზე ვამყარებდი და ეს რა გამოატყვრინა უცებ?“

კიდევ ერთი ხელი აიწია და მასაც ნება დართეს, ელაპარაკნა.

კაკო შაშვიაშვილმა მაგიდასთან ადგილი დაიკავა და სეტყვასავით დააყარა:

- ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, კიდევაც. რას ელოლიავებით? სხვისი ვაშლი დაკრიფა? - მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან. ასეთი პიონერი რგოლის ხელმძღვანელად ვის გაუგონია? ან ლაჩაშვილი რაღა წმინდანად მიგაჩნიათ? ეგ სულ გასარიცხია სკოლიდან. თავიდან ეგეც მაგათი ძმაკაცი იყო, მერე რაღაცაზე წაიჩხუბნენ. ახლა, ეტყობა, ისევ ერთად კურკურებენ.

მარტო სანდრო კი არა, მაგისი რგოლის ყველა წევრი გასარიცხია. ამ წინაზე, ექიმის სახლთან რომ ორღობეა, იქ კინაღამ მარგილზე არ ჩამომაგეს. კიდევ კარგი, ვერ შესწვდნენ, თორემ ახლა ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა.

- აბა, როდის, შე ქაჩალ-მებატევ, შენა, როდის იყო?

- როდისა და, გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა და შინ მივდიოდით.

- შუადღისას ყოველთვის გაკვეთილები გვიმთავრდება და შინ მივდივართ.

- სად იყო, სადა, ზურიას ბიჭო?

- სადა და, სნაიპერამ რომ ექიმის მამალი მოკლა, იქა. რაც არის, სულ მრელაშვილია, იმან მოიგონა მარგილზე ჩამოგება. მეცნენ ოთხნი, ამწიეს და იმ წვეტიან მარგილზე უნდოდათ ჩემოვეგე. კიდევ კარგი, ვერ ასწვდნენ. თვითონ კი იდგა განზე და იღრიჭებოდა.

- უნდა შეგვეშინებინე, შე მშიშარავ, შენა! მარგილზე არა, უკაცრაული პასუხია, ტელეფონის ბოძზე უნდა ჩამოგვეგე.

- ვიცით, რის მუცლის ტკივილიცა გაქვს.

- ვიცით, ვიცით, ჩვენს რგოლში არ მიგიღეთ და იმიტომ.

კლასის ხელმძღვანელმა ვითომდა გაიოცა:

- მერედა, რატომ ეგ კი არ მიიღეთ თქვენს რგოლში?

- იმიტომ, რომ მშიშარაა, პატივცემულო მასწავლებელო, - წამოხტა თვალიაშვილი.

- მართალია, მშიშარაა, - კვერი დაუკრა ხარატიშვილმა.

- რას ჰქვია, მშიშარაა? თქვენ ხომ ყველა ბიჭი გინდოდათ თქვენს რგოლში ყოფილიყო?

- ყველა რად გვინდოდა? - განცვიფრდა ბაჩიაშვილი, - ჩვენ ისეთებს ვიღებდით, ვინც ყოჩაღი იყო და არც რამისა ეშინოდა. ეგ კი ერთი გუდურა ფიჩხით დანთებულ ჭიაკოკონაზე ვერ გადახტა, ცეცხლი დიდიაო. განა ჩვენთვის არ იყო დიდი ცეცხლი?

ქოჩორი სულ შეგვიტრუსა, მაგრამ მაინც ვხტებოდით.

- კარგი, კარგი, გეყოფა, ლუარსაბ, დაჯექი. - მერე უფროს პიონერხელმძღვანელს მიუბრუნდა არითმეტიკის მასწავლებელი და ჰკითხა: - თვითონ სანდროს არაფერს ათქმევინებთ?

- როგორ არა, პატივცემულო გიორგი. უთხარი, გივი, გამოვიდეს.

გივი წამოდგა.

- აბა, სანდრო, შენ რას გვეტყვი? აი, ამბობენ, რომ ვაშლი მოიპარე შენი რგოლის წევრებთან ერთად ლენას პაპის ბაღში და ძველ საბძელში დამალე, რომ ზამთარში გეჭამათ.

- მე არ მითქვამს, რომ სანდრომა და მისმა რგოლმა მოიპარა ვაშლი, - წამოდგა ბახსოლიანი.

- როგორ? - შეხტა ნიკო სკამზე, - იქ არ იყავ, რომ წამოვიღეთ საბძლიდან?

- წამოვიღეთ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს სანდრომა და მისმა რგოლმა მოიპარა.

ნიკომ გაოცების ნიშნად რაზმს მოხედა და ხელები გაშალა.

მესამე რგოლს ცოტათი გულზე მოეშვა.

მერხიდან სანდრო გამოდიოდა.

გოგიამ შემკრთალი თვალები შეავლო და გზა დაუთმო.

ბიჭს სახე მწიფე პამიდორისფრად ჰქონდა მოქცეული.

სანდრო ერთხანს უხერხულად იდგა მაგიდასთან და სიტყვა ისე დაიწყო, რომ თავი მაღლა არ აუღია. მერე თანდათან დაიბრუნა გამბედაობა და რაზმმაც გარკვევით გაიგონა მისი ადრინდელი მტკიცე ხმა.

- ჩემზე აქ საკმაოდ ბლომად ილაპარაკეს... ამ ნალაპარაკევიდან უმეტესობა მართალი იყო: ჩვენ დავუკრიფეთ ლენას პაპას ბაღში თურაშაული.

მესამე რგოლი შეჩოჩქოლდა და დაიბნა: ხომ არ გადაირია ჩვენი ყარამანი?

სანდრომ განაგრძო:

- ჩვენ დავკრიფეთ, მაგრამ თვითონ ნიკომაც კარგად იცის, რომ იმ ბაღში მთელი რგოლი ვაშლის კრეფის დროს არ ყოფილა. ჩვენ ორნი ვიყავით, მე და დედაბრიშვილი გოგია.

- მაშ, მთელი რგოლი როდისღა შეხვედით ვაშლისათვის? - იკითხა უფროსმა პიონერხელმძღვანელმა.

სანდრომ ერთი კი შეავლო თვალი შეკითხვის მომცემს და გაყუჩდა.

- როდის იყავით? აბა, სთქვი, სანდრო, როდის იყავით.

- მხოლოდ ერთხელ იყო მთელი რგოლი იმ ბაღში და მაშინაც ვაშლისათვის არ შესულა.

- აბა, მაშ, რა გააკეთეთ იქ?

- ეს ნიკოზე კარგად არავინ იცის, რაც გააკეთეს, მხოლოდ ვაშლი კი არ მოუპარავთ.

- რაო, რას აკეთებდნენ, ნიკო?

ყოფილი პიონერხელმძღვანელი სიბრაზისაგან შუშა კიტრივით გამწვანდა.

- მელანა ბებოს ძროხა შესულიყო შიგ და იმის გამოსაგდებად შევიდნენ, - იცრუა ნიკომ.

ბახსოლიანმა ღიმილი ვერ შეიკავა.

- მართალია, დედაბრიშვილო?

- დიახ, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო. ჩვენ ის დავიჭირეთ და მსხალზე

მივაბით, რომ ბაღში არაფერი გაეფუჭებინა.

ბიჭები ჩუმად ხითხითებდნენ.

ნიკოს სურდა, იატაკი გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყო.

- კი მაგრამ, მთელი რგოლი რად უნდოდა ერთ ძროხას?

- ოჰ, ჩვენ იმ ძროხას კარგად ვიცნობთ. ის ისეთია, მთელი რგოლი რომ არ ყოფილიყო, სათითაოდ ყველას რქებზე წამოგვაგებდა.

- წიხლიც იცის.

- კუდიც გრძელი აქვს.

- ყურებიც.

- ყურები რა - ვირი ხომ არ იყო.

- ვირი არა, მაგრამ კაი მუტრუკი კი გახლდათ. თუმცა რა განსხვავებაა, - უკაცრაული პასუხია, მუტრუკი ხომ ბოლოს მაინც ვირი უნდა გახდეს.

- საქმეზე ილაპარაკე ბერძენაშვილო, რა დროს ძროხაა? - შენიშნა მასწავლებელმა, - განაგრძე, სანდრო. ესე იგი, მარტო შენ და გოგიამ მოიპარეთ ვაშლი.

სანდრო ჩუმად იყო.

- თქვი, სანდრო, რას დუმხარ?

- ჩვენ ის დავკრიფეთ, არ მოგვიპარავს!

- ეს როგორ უნდა გავიგოთ? - გაოცდა მასწავლებელი.

- ჩვენ ის ვაშლი იმიტომ კი არ დავკრიფეთ, რომ, როგორც აქ ნიკომ ბრძანა, ზამთარში გვეჭამა...

- აბა, მაშ, რა ეშმაკად მოიპარეთ! - წამოხტა ნიკო, - საძოვარზე გასაყვანად ხომ არ გინდოდათ?

- იმიტომ დავკრიფეთ, რომ მერე ისევ პატრონისათვის დაგვებრუნებინა.

გივის გაეცინა:

- ბიჭო, თუ ისევ დაბრუნება გინდოდათ, რაღასა ჰკრეფდით, იქვე ყოფილიყო.

- ამასაც თავისი მიზანი ჰქონდა, გივი.

- ხედავთ, - წამოხტა ისევ ნიკო, - მოპარვასაც თავისი მიზანი გამოუძებნა.

- აბა, რა მიზანი ჰქონდა? - დაინდო პიონერხელმძღვანელმა.

- არ, რა: იმ გვირაბში, სადაც ახლა წყალი აღმოვაჩინეთ, წინათ არ გვიშვებდა დიმიტრი პაპა... ჩასვლა კი აუცილებლად გვინდოდა. შიგ კი ვერ ჩავდიოდით, რადგან გვირაბის სახურავს კლიტე ედო და გასაღები მებაღეს ჰქონდა შენახული.

ჰოდა, მე და გოგიამ გადავწყვიტეთ, მისი ახალი ჯიშის თურაშაული დაგვეკრიფა და მერე გვეთქვა, რომ დაკარგულ ვაშლს ვუპოვიდით და უკლებლივ ჩავაბარებდით, თუ გასაღებს მოგვცემდა და გვირაბში ჩაგვიშვებდა... მერე ჩვენ გვირაბში ჩავედით და ვაშლის დაბრუნება შეგვაგვიანდა... რომ აუცილებლად უნდა დაგვებრუნებინა უკლებლივ, ეს ლენამაც კარგად იცის, რადგან გამოვუტყდით ჩვენს დანაშაულში...

- აღიარებ, რომ მოპარვა იყო თუ დაკრეფა, ეს მაინც დანაშაულია?

- ვაღიარებ, ვაღიარებ და დიმიტრი პაპასთანაც მივალ პატიების სათხოვნელად.

გივიმ გაიღიმა და მოწონების ნიშნად თავი დაუქნია.

- მრელაშვილი იქ არა ყოფილა მაშინ? - შეეკითხა მასწავლებელი.

- უწიწილოდ კრუხი იქნება? - დაასწრო სანდროს ნიკომ, - ისიც იქ იქნებოდა.

- არა, მრელაშვილი დაკრეფის დროს იქ არ ყოფილა.

გივი გადაიხარა და კლასის ხელმძღვანელს ჰკითხა ჩურჩულით:

- მრელაშვილის საკითხსაც დღეს განვიხილავთ?

- არა, - თავი გაიქნია არითმეტიკის მასწავლებელმა, - აქ არ ესწრება და გარდა მაგისა, გადაწყვეტილია, შაბათ საღამოს პედსაბჭოს სხდომაზე იქნეს განხილული მისი საკითხი.

რაზმის პიონერხელმძღვანელი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მობრუნდა.

- შეკითხვები ხომ არა გაქვთ ვინმეს? - ადგა რაზმის საბჭოს თავმჯდომარე.

- ყველაფერი ნათელია, რაღას აჭიანურებ? - ახედა ნიკომ.

- კარგი, დაჯექი, სანდრო. აბა, თვითონ ლენა გამოვიდეს, რას იტყვის.

ლენა შეკრთა. ერთხანს ათვალიერა მაგიდასთან მსხდარნი, მერე წამოდგა, წინსაფარი გაისწორა და მერხიდან გამოვიდა.

- აი, სანდრო ამბობს, რომ იცოდა, რომ ვაშლი ჩვენ დავკრიფეთ და დაბრუნებაც გვინდოდაო. მართალია? - ჰკითხა რაზმის საბჭოს თავმჯდომარემ.

- მართალია, - დაუდასტურა გოგომ.

გივიმ და უფროსმა პიონერხელმძღვანელმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე მასწავლებელს მიუბრუნდნენ:

- თქვენ რას იტყვით, პატივცემულო რეზო?

- მე? - გაიკვირვა მასწავლებელმა, - მე არაფერს, თვითონ ილაპარაკონ.

- ჰო, მაგრამ, რატომ არ მოხვედი და ჩვენ არ გვითხარი?

- რა საჭირო იყო თქვენთან მოსვლა? - ცერად გახედა გოგომ რაზმის საბჭოს თავმჯდომარეს. - მე ვიცოდი, რომ ჩვენი ვაშლი სანდროსთან ინახებოდა და მას ხელს ვერავინ დააკარებდა. გარდა მაგისა, პაპაჩემმა ეგ ვაშლი ეს ერთი ხანია სანდროსა და მის რგოლს აჩუქა.

- სტყუის! - ავარდა და დავარდა ნიკო, - სტყუის! ეშინია, სანდრომ არ მცემოსო, და სტყუის.

ბუჩუკურთელმა ზიზღი ვერ დამალა და წამოხტა.

- ლენა კი არა, შენ თვითონ სტყუი, რომელმა გოგომ შემოგჩივლა ჩემზე?

- მე არც სანდროსი მეშინია და არც თქვენი, ნიკო, - გაწყრა ლენა, - მე მხოლოდ მართალს ვამბობ: პაპაჩემმა ეს ვაშლი აჩუქა მთელ რგოლს. მას შემდეგ, რაც მაგათ ჩვენი ბაღის კუთხეში საქათმე დაგვიდგეს.

კლასი ახმაურდა:

- საქათმეო? რა საქათმე?

- მაშ, ეგ მართალია? - იცინოდა კლასის ხელმძღვანელი, - მეც სადღაც მოვკარი ყური. ამათ რა საქათმე უნდა დაედგათ?

- სხვათა შორის, ჩვენს საქათმესაც არ ჩამოუვარდება ამათი ნაოსტატარი, - არწმუნებდა გივი.

- ყოჩაღ, ბავშვებო! - წამოსცდა მასწავლებელს.

- მთელი მრელაანთ უბანი მაგაზე ლაპარაკობდა, სანამ წყალს აღმოაჩენდნენ.

- ყოჩაღ, ყოჩაღ, ბავშვებო! - იმეორებდა აღტაცებული მასწავლებელი, - რატომ რაზმის შეკრებაზე არ განიხილეთ?

- უნდა განგვეხილა, მაგრამ, - გივიმ ღიმილით დაადო ხელი კალათას, - აი, ამან დაგვასწრო.

- არა უშავს, არც შემდეგისათვის იქნება დაგვიანებული. ახლა კი ლენას მოვუსმინოთ.

აბა, რას ამბობდი, ლენა?

- მე იმას ვამბობდი, პატივცემულო მასწავლებელო, რომ ეგ ვაშლი პაპაჩემმა სანდროსა და მის რგოლს აჩუქა და ნიკოს უფლება არა ჰქონდა, საბძლიდან წაეღო სხვისი კუთვნილი ხილი. ჩუმად წაიღო, მაშასადამე მოიპარა. თუ თვითონ მოიპარა, ამოდენა ბიჭმა, მაშ, სანდროსი და მისი ამხანაგებისა რად უკვირს?

იქ მყოფნი გაოცებულნი უსმენდნენ გოგოს.

- ანდე, რომ გეუბნებოდი, - უჩურჩულა ბახსოლიანმა მეგობარს, - ანდე, რომ გეუბნებოდი, თავი დაანებე-მეთქი, ხედავ, როგორ შეატრიალეს? უყარე ახლა კაკალი.

ნიკო შეშფოთებისა და მოუთმენლობისაგან უსიამოვნოდ დაიპრანჭა.

- მე მოვითხოვ, რომ თავიანთი კუთვნილი ვაშლი დაუბრუნდეს ბუჩუკურთელსა და მის რგოლს... სულ ერთია, თუნდაც პაპაჩემს ჩაუტანოთ, ის მაინც ამათ გადასცემს. - დაამთავრა ლენამ.

ლენას გამოსვლის შემდეგ რაზმში ერთხანს სიჩუმე იყო, მერე რაზმის საბჭოს თავმჯდომარე წამოდგა.

- ხომ არავისა აქვს კიდევ სათქმელი?

მოსწავლეთაგან სათქმელი აღარავის ჰქონდა.

უფროსმა პიონერხელმძღვანელმა რაზმის ხელმძღვანელს უთხრა:

- მაშ, დაიწყე, გივი.

ვარდუაშვილიც წამოდგა და დაიწყო...

 

* * * * * * *

 

...ყველანი წავიდნენ.

წავიდნენ ყველანი.

დატოვეს მარტო და წავიდნენ.

ნუგზარიც წავიდა, ვანოც, ალექსიც, ლადოც, ავთოც - ყველა, ყველა.

მხოლოდ გოგია დარჩა ცოტა ხანს, ეხვეწა, შენც წამოდიო, მაგრამ ბიჭს მერხიდან თავი არ აუწევია, იდაყვის კვრით მოიშორა.

და, აჰა, ახლა მარტოდმარტოა ამ უზარმაზარ საკლასო ოთახში.

როგორ დაიწყო და როგორ დამთავრდა ყველაფერი!

კიდევ კარგი, რგოლის ხელმძღვანელობიდან არ მოხსნეს, თორემ ბიჭებს ვინ ჩივის?.. მაინც რა ბიჭები წაართვეს, რა ბიჭები! - მარტო სნაიპერი სამ კაცად ღირს, ხოლო ხახაბო, აყლაყუდა ხახაბო... ეჰ, ახლა ყველა თავ-თავის რგოლს დაუბრუნეს:

ლუარსაბი ზიზის რგოლში გადავაო. ჩიჯავაძე ნელი შენთან გადმოვაო, თვალიაშვილი - დალისთანაო...

- ჰეი, ბუჩუკურთელო, დაუდგა შენს რგოლს აღსასრული!

ვინღა დარჩა მასთან? ძალიან ცოტანი. თუმცა, ზალიკო დაიბრუნა, კარგად ილაპარაკა მასზე. ყოჩაღ, ლაჩაშვილო! არ ეგონა, თუ ასეთი ფხა ჰქონდა. ზალიკოს გარდა, სხვამაც ბევრმა ილაპარაკა. ილაპარაკა და სწორედ ეს უკლავს გულს.

მაინც ეს ზიზი ასე რამ გააწიწმატა. რა კარგად იყვნენ ერთმანეთთან. კარგი წიგნები მოჰქონდა ხოლმე მისგან, თუმცა, თვითონაც ბევრჯერ უთხოვებია. ერთხელ ტირიფის წკეპლისაგან კალათაც დაუწნა... უფროსი პიონერხელმძღვანელიც კარგად უცქეროდა, ახლა კი... ან გივი რაღამ გააცეცხლა ასე.

ფუი, რა ეშმაკად წაეხეტა იმ ღამეს ბაღში. რა უნდოდა, თავისთვის გდებულიყო... ღმერთო, ეს რგოლები ვინღა ეშმაკმა მოიგონა. - კაცს ვისთანაც უნდა, იმასთან უნდა იყოს და ითამაშოს, ვისი რა საქმეა... გოგიასაც მისი გულისთვის მოსცხეს... არა, მაინც რამ მოაგონა გროზნას თურაშაულის დაკრეფა? განა როგორც ფიქრობდა, ისე რომ მოქცეულიყო, მებაღე დაუჯერებდა, რომ მისი დაკრეფილი არ იყო? განა არ ჰკითხავდა, როგორ მიაგენიო?

ფუჰ! ასეთი სისულელე ჯერ არ ჩაუდენია სანდროს.

გაგონილა, კაცს წაართვა რამე და მერე მისი დაბრუნებით სხვა რამ აიღო მისგან?

არა, რატომ დღემდე ვერ მიხვდა, რომ ეს პატიოსანი საქციელი არ იყო? მერე რომ საქათმე დაუდგა? ეს მაინც ვერ ამართლებს, - თუ კაცს სიკეთეს უშვრები, არც უნდა დააყვედრო. რა სისულელე ჩაიდინა, რა სისულელე! განა მაშინვე რომ მოეფიქრებინა და გასაღებზე ადრევე მოლაპარაკებოდნენ ლენას, ასეთი რამ დაემართებოდა? თუმცა, ისიც მაგრად შეახურეს გასაღების მოპარვისათვის.

ეჰ, სულ აირია ყველაფერი, ყველაფერი გაფუჭდა! როგორც ერთი წვეთი მღვრიე წყალი ერთ ჭიქა წმინდა წყალს გააფუჭებს, ისე ამ ოხერმა ვაშლის ამბავმა წაახდინაიმოდენა სასმელი წყლის აღმოჩენა. ახლა, ალბათ „ნერგებში“ გასაგზავნ წერილს შეცვლიან და ქვეყნის სამასხარაო და სასირცხვილო გახდება მისი გვარი...

ან იმ ერთიანად დასალპობს აქამდე რაღას ინახავდნენ? ხომ დაასკვნეს, რომ მეტყევისათვის უნდა მიეცათ ხე-ტყის ბილეთში? ახლა ან იმას რაღა პირით უნდა შეხედოს? არ ემეტება ნავაჟკაცარი, მაგრამ მეტი გზა არ არის, ისევ მგლის ტყავი უნდა მიუტანოს.

აი, აჰა, კაცი ერთს ფიქრობს და მეორე გამოდის...

კარგა ხანია, ცდილობდა, ისეთი რამ გაეკეთებინა, რომლითაც მისი გვარი გაზეთში მოხვდებოდა... და, აჰა, აუსრულდა ნატვრა: ქვეყანა წაიკითხავს და ქვეყნის სამასხარაოც გახდება.

ჰე-ჰეი, ბუჩუკურთელო, ნეტავ როდის ისწავლი ჭკუას!

წადი ახლა და იარე მთელი რაზმის წინაშე გაკიცხულმა, შერცხვენილმა და თავლაფდასხმულმა!..

ბიჭმა მწარედ ამოიგმინა და თავი ნელ-ნელა ასწია. ასწია და გაოცებისაგან თვალი გაუშტერდა.

მის წინ გოგო იჯდა.

სანდროსთვის რომ კეტი გერტყათ, თვალიდან ერთ ცრემლს ვერ გადმოაგდებინებდით სხვების დასანახავად, არამცთუ მისი კვნესა მოესმინათ. შუბლი შეიკრა და მკვახე რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გოგოს შუქიან თვალებში იმდენი სიბრალული და თანაგრძნობა დაინახა, რომ გადაიფიქრა.

მოეშვა და უნდილად იკითხა:

- დიდი ხანია, რაც აქა ხარ, ლენა?

- თავიდანვე დავრჩი, სანდრო. გარეთ გიცადე და, რომ არ გამოხვედი, მეც კლასში შემოვედი.

- მერე, რატომ დარჩი?

- შენ გიცდიდი.

- მე რა დაცდა მინდოდა, სახლის გზა ამერევა?

- არა, სანდრო, მაგრამ შენი ამ გუნებით შინ მისვლა არ შეიძლება. უნდა დამშვიდდე და შინ ისე წახვიდე. გინდა, ჩემთან წამოდი. დიდი, სურათებიანი ალბომი მაქვს, კარგი სურათებია ძალიან, დავათვალიეროთ.

- მომეშვი, ლენა, შენი თავი არა მაქვს.

- ნუ, სანდრო, ნუ გაჯავრდები, ახლა დამშვიდებაა საჭირო. რა ვუყოთ, რომ გაგკიცხეს? მართალია, სტყუოდი, მაგრამ არც ისე, როგორც იქ დახატეს.

ბიჭმა ხელი ჩაიქნია.

- ეჰ, ლენა, რა საჭიროა ასეთი გულის გაკეთება? მე ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო...

შენც ხომ იცი, ლენა, რომ ის ვაშლი ცუდი განზრახვით არ დამიკრეფია... მაგრამ მაინც ცუდი გამოვიდა. თუ კარგად დავუფიქრდებით, მართლაც ცუდი გამოდის... ეჰ, ახლა გინდა უჩუქნია პაპაშენს ის ვაშლი, გინდა არა... მაინც როდის გითხრა, რომ ის ვაშლი იმათთვის მიჩუქებიაო?

გოგო მცირე ხანს დუმდა, მერე ძლივს წაიჩურჩულა:

- არასოდეს, სანდრო, არასოდეს არ უთქვამს პაპაჩემს... ახლაც არ იცის, ვინ დაკრიფა და ვინ არა.

- ჰა?! - წამოხტა გაოცებული ბიჭი, - როგორ, შენ არ იყავი, რომ გამოხვედი და მთელი რაზმის წინ გვითხარი?

- ჰო, მე ვიყავი, სანდრო, - ძლივს ამოიკნავლა გოგომ. - მე ვიყავი და ტყუილადა ვთქვი.

ბიჭი ერთხანს გაშტერებული უცქეროდა გოგოს, მერე ერთბაშად მოეშვა, მოცელილივით დაეშვა მერხზე და ზედ დასხმულ მელნის ლაქას ჩააცივდა.

მაშ ტყუილი თქვა? მაშ ვაშლი არ უჩუქებიათ? მაშ, ამ გოგომ, ამ თითისხელამ ასეთი ტყუილი თქვა? გოგომ, რომელსაც არასოდეს არ უთქვამს ტყუილი... და ახლა თქვა, მხოლოდ მისი გულისთვის თქვა, რომ როგორმე განსაცდელი შეემსუბუქებინა მისთვის... აი, თურმე როგორი ყოფილა ეს გოგო და დღემდე კი არ იცოდა.

ბიჭმა ნაზად შეხედა და რბილად უთხრა:

- კარგი, ლენა, ნუ სტირი. ტყუილი კარგი არ არის. და თუ გინდა, რომ ჩვენ კარგ მეგობრებადვე დავრჩეთ, არასოდეს აღარ თქვა ტყუილი.

გოგომ წამწამებზე დაკიდებული ცრემლი მოიწმინდა.

- მე არა ვტირი, სანდრო, მე მხოლოდ შენ დამენანე და იმიტომა ვთქვი ტყუილი.

ახლაც იმიტომ დავრჩი, რომ ყველამ მიგატოვა. ყველა წავიდა. შენ როცა რამეს მოიგონებ ან აკეთებ, მაშინ უნდიხარ იმათ, ასეთ დროს კი ყველა შემოგეფანტა.

ბიჭს კინაღამ ცრემლი მოერია, მაგრამ გული გაიმაგრა და ახლა თვითონ დაუწყო დამშვიდება:

- არაფერია, რაც იყო, იყო. ჩვენი ბიჭები მე არასოდეს არ მიმატოვებენ. ახლა იმიტომ დამტოვეს, რომ მდგომარეობას მარტო უფრო კარგად ჩავუფიქრდები. ისინი კარგები და ჭკვიანები არიან, ლენა. ასე ადვილად ნუ გადავყრით, ხომ გახსოვს, რგოლის ხელმძღვანელობიდან ჩემი გამოცვლა რომ ახსენეს, რა დღეში იყვნენ? არა, ლენა, ისინი მე არ მიმატოვებენ... ოღონდ შენ, ლენა, უნდა შემპირდე, რომ თუნდაც ჩემს სასარგებლოდ, თუნდაც პაპაშენის სასარგებლოდ და, საერთოდ, ტყუილს აღარ იტყვი...

- კარგი, აღარ ვიტყვი, სანდრო. ოღონდ, შენც უნდა შემპირდე, რომ გივიზე არ გაბრაზდები, ნიკოსავით არ აითვალწუნებ და კვირასაც ტყეში წაჰყვები თქვენს ბიჭებს სასკოლო ნაკვეთის ღობის წკეპლის ჩამოსატანად.

- კარგი, კარგი, ლენა. მე გივის არ ავითვალწუნებ. გივი, საერთოდ, კარგი ბიჭია.

წკეპლაზე კი, როგორც შევპირდი, წავიყვან ბიჭებს, რადგან სიტყვის გატეხა არ მიყვარს. ნიკოს კი, თუ სადმე შევხვდი, ან ის იქნება და ან მე. ჩვენს ბიჭებთან ერთად შევხვდები და ისეთ დღეს დავაყრით, საკაცით წასაღები გახდეს.

- ოჰ, ოჰ, სანდრო! - წამოდგა გოგო. - შენ ყოველთვის ჩხუბზე ნუ გიჭირავს თვალი, გახსოვს, ერთხელაც თქვი, საკაცეზე უნდა დაგვეკრაო. ეს რაღა მოგონებაა? რა საჭიროა საკაცე?

- კარგი, ლენა, არ არის საჭირო და არც იქნება... აიღე ახლა ჩანთა და წავიდეთ თქვენსა, პაპაშენს უნდა პატიება ვთხოვო.

გახარებულმა გოგომ ჩანთა აიტაცა.

 

ნაწილი 25

მკაცრი განაჩენი

 

 

წყაროს ბაღის თავში გადაჭრილ ალვის ხესთან შეიკრიბნენ დილით ბიჭები. აქ ერთხანს იცადეს. როდესაც ხარატიშვილიც გამოჩნდა, რიყეში ჩავიდნენ და ხევს აუყვნენ.

მდუმარედ მიდიოდნენ ქამარში წალდგაჩრილები. ფეხქვეშ კენჭები და ქვიშა ხრაშუნობდა. ისუსხებოდა ხევ-ხევ მომავალი პირქარი. იშვიათად თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს თითო-ოროლა სიტყვას.

ასე იარეს „უკვდავების წყარომდე“. მხოლოდ აქ შეჩერდნენ და ამოიდგეს ენა.

აღმართზე რიყიდან ორი ურემი ადიოდა და თან ხრეში და ქვიშა მიჰქონდა.
სასაფლაოს მხრიდან მანქანა დაეშვა მუხრუჭების ღრჭიალით, მისაქციელთან ბოლო მოიქნია და ბიჭებს სახეში ცემენტის მტვერი და ბოლქვებად გამოვარდნილი კვამლი მიასუნთქა.

ძარაზე შემდგარმა ლაცაბიძიანთ ფარნაოზმა გაიცინა და ხელით რაღაცა ანიშნა, მაგრამ მანქანა მოსახვევს მოეფარა და ვერა გაიგეს რა ამ ნიშნისა.

პირველად ბერძენაშვილი შედგა და დანარჩენთ მოუბრუნდა:

- ცემენტსა და ქვა-ქვიშას ეზიდებიან ბიჭებო! ეტყობა, წყლის აუზს აკეთებს ჩვენი კოლმეურნეობა.

ყველამ კამეჩებს დაუწყო ცქერა.

იგრიხებოდნენ ლომა კამეჩები აღმართზე და ნელა მიაჭრიალებდნენ მძიმე ტვირთს.

- ხედავთ, ბიჭებო, იმ ღამით ჩვენს აქ წამოსვლასა და წანწალს უქმად არ ჩაუვლია? - გორმახზე შედგა ხარატიშვილი, ცალი ხელი ნუგზარს დააბჯინა მხარზე და ცალითაც დოინჯი შემოიდგა.

სხვებსაც მოედოთ უცებ სიამაყის გრძნობა და მეურმეს სალამზე ისე გაფუყულებმა გასცეს დაგვიანებული პასუხი, ქვიშაზე წამოსკუპებულ ვარდუაშვილის პაპას სიცილისაგან ხველება აუტყდა.

- რაო, ჩიტირეკიებო, რა მეფე ერეკლეს მოლაშქრეებივით გადმომდგარხართ მაგ კლდეზე. დიდი ამბავი, თუ თქვენი ჩიჩქნის დროს წყალმა ამოყო თავი.

ბიჭებს ეწყინათ მოხუცის დაცინვა. თვალიაშვილს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ გოგიამ წაავლო ხელი და შეუბღვირა.

ავთო და ენუქიშვილები ჩამოსხდნენ, წალდები ტარით დააყუდეს, ნიღრებზე ნიკაპები ჩამოდეს და უგულისყუროდ დაუწყეს ცქერა უკანა ურემს, რომლის ერთი თვალი ქვას წამოსდებოდა და ამაოდ აჭრიალებდნენ უღელს კამეჩები.

განზე გამდგარი სანდრო უცებ მოსწყდა ადგილს, დაეშვა ძირს და იქვე მყოფ ლაჩაშვილს მიაძახა:

- მოდი, მიშველე, ზალიკო!

ზალიკო დანარჩენ ბიჭებთან ერთად კარგა ხნის შემდეგ პირველად მიდიოდა ტყეში და ახლა, სანდროს ძახილზე კი არ ჩავიდა, ჩაფრინდა.

როგორც იყო გამოაცალეს ქვა.

- ეს პირველი გზობაა, ძიავ? - შეეკითხა მეურმეს.

- პირველი გზობაა.

- კიდევ ბევრი დაგჭირდებათ?

- რა ვიცი, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს მივიტანთ. რაკი სოფელს სასმელი წყალი გაუჩნდა, ქვა-ქვიშის სიბევრეს ვინ ჩივის.

- წყალს როდისღა გავიყვანთო?

- როცა აუზი გაკეთდება და მილი ჩაიყრება.

ბიჭებმა კვლავ ამაყად გადახედეს ერთმანეთს და მერე გვერდ-გვერდ აჰყვნენ ზევით მიმავალ ურემს. მონასტრის გალავანთან ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ. ურმებმა გვერდზე გაუხვიეს. ბიჭები მოეშვნენ მათ და მღვდლის ახოს აუყვნენ, გადაიარეს, მურყნიანის დაღმართი ჩაათავეს და ტყეს შეერივნენ.

პირველად ვეება პანტას დაუტრიალდნენ ირგვლივ, მაგრამ ერთი ცალიც ვერ იპოვეს კბილგასაკრავად.

- სათიხეებს ქვემოდან აქვს კოლმეურნეობას მეღორეობის ფერმა, სულ აქეთ დაუდით ღორი და რას გაუშვებდნენ შეუჭმელს, - ტუჩები გამობურცა აყლაყუდამ.

- ზევით წავიდეთ, ბიჭებო, იქ შეიძლება ზღმარტლსაც გადავეყაროთ, - წალდი ქამრიდან მხარზე გადაინაცვლა ნუგზარმა. - ზევითა სჯობია, უკაცრაული პასუხია, აქ წკეპლა ნაკაფი ჩანს და საღამომდისაც ვერ მოვჭრით, - ურჩია დანარჩენთ ბერძენაშვილმაც.

ბიჭებს რჩევა ჭკუაში დაუჯდათ და ხალისით შეჰყვნენ დიდი ნარუალისაკენ მიმავალ ფერდობს.

- ბიჭებო! - უეცრად შედგა ენუქიშვლი სერგო, - ბიჭებო! დილას, სანამ მე წამოვიდოდი წყაროს ბაღში, სადაც გუშინ შეკრება დავთქვით, ჩვენკენ ნიკომ ამოიარა დაუღლული კამეჩებითა და ქამარში ცული ჰქონდა გაყრილი. ალბათ, ტყეში მიდიოდა. შენც ხომ დაინახე, სოსო?

- ჰო, - დაუმოწმა ძმამ, - პირის დაბანის დროს გავიხედე და ისეთი შემომიბღვირა, იმ სისხამ დილაზე კინაღამ სიცხემ სამას გრადუსამდე ამიწია.

ბიჭებმა ყური ცქვიტეს.

ნიკო? მაშ, ნიკო ტყეშია? ოჰო! საით წავიდა?

- არ იცი, საით გაუხვია? - დაინტერესდა ხარატიშვილი.

- რა ვიცი, ჩვენს სახლს ზემოდან შუამთისკენა და წმინდა შიოს კლდისკენაც მიდის გზა, ხვინჭკიანისკენაცა და აქეთ - ნარუალისკენაც.

- ეეჰ, არ ვარგიხართ, არა, - გაჯავრდა თვალიაშვილი, - უნდა გეთვალთვალათ, საით წავიდოდა.

- მოდით, ბიჭებო, წკეპლა მეორე კვირას მოვჭრათ, - უცებ წინ წამოხტა ლუარსაბი, - მეორე კვირას მოვჭრათ წკეპლა და დღეს კი მთელი ტყე მოვიაროთ და სადმე გადავეყრებით.

ბიჭებს აღფრთოვანება მოედოთ.

ზალიკოს არ ეჭაშნიკა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

- დაანებეთ თავი, ბიჭებო, - ურჩია სანდრომ. - ამოდენა ტყეში ერთ კაცს ვერც ვიპოვნით და მთელ დღესაც გავაცდენთ. ხოლო, თუ აქ სადმე შეგვხვდა, ისე ვცემოთ, რომ ჩვენვე გაგვიხდეს აქედან ჩასატანი.

- რად უნდა დავანებოთ? - აღრინდა ხარატიშვილი, - დაგავიწყდა ბაღში მწვანეზე გორაობა? ერთი ჩვენ არ მოგვესწრო და ნახავდი, როგორ „გაქეიფებდა“. იმ ერთმა კრებამ როგორ წაგახდინა, ისევ ხომ შენ დაგტოვეთ რგოლის ხელმძღვანელად? აი, სნაიპერი რომ აგვერჩია, პირველი ის ეტაკებოდა ტყესა და ძებნას დაუწყებდა.

მაგრამ სად არის სნაიპერი? ეს მერამდენე დღეა, რაც აღარსად გამოჩენილა, სად დაიკარგა? აღარც სკოლაში ჩანს და აღარც სკოლის გარეთ. უკანასკნელად კი ავთოს უნახავს.

- თავისი ბიძის სამჭედლოში იყო და ცხელ რკინაზე ჩაქუჩს ურახუნებდა გუშინ საღამოს. მითხრა: ბორკილსა ვჭედავ თქვენი ბუჩუკურთელისათვის, რომ ღამღამობით სხვის ბაღში და საყდრის ქვეშ გვირაბში აღარ იაროსო. ქათმები ხართო და მეტი არაფერიო. გაიბატონეთ, დაისვით თავზე და ისიც დადის გამამლაყინწებულიო.

თქვენს გაკეთებულ საქმეს თვითონ ითვისებს და მადლობას იმას ეუბნებიანო. იმ წყეულ გვირაბში მე და გოგიამ გამოვთხარეთ ის ადგილი, წყალი მე გამოვაჩინე პირველად, თვითონ კი არც გამაგებინა იგრე წაიყვანა ვარდუაანთ გივი და თავისი თავი და ის აღმომჩენებად გამოაცხადაო.

მე ვუთხარი: მაშ, ჩვენთან აღარ მოხვალ-მეთქი? და ვურჩიე, სკოლას დაბრუნებოდა. იმან ხახაბოს თავისოდენა ურო მომიღერა და მითხრა: დამეკარგე აქედან, თორემ მაგ ხოკერს მუხა ნესვივით გაგიხეთქავო. მე შემეშინდა და გარეთ გამოვვარდი, ის კი კარებზე გადმოდგა და მომაყოლა: დიდი რამე მოხდა, თუ მამალი გამეშვა კლასში და კლუბის გამგეს მწკლარტე რამ ვაკადრეო, ღირსი იყო და მიტომაო. წადით და, სადაც გინდათ, მიჩივლეთ, არ მინდა თქვენი სკოლაო.

უცნაურად იმოქმედა ამ ნათქვამმა ბიჭებზე. მათ ხომ საკუთარ ძმასავით უყვარდათ ურჩი და თავისუფალი სნაიპერი? მასაც ხომ ასევე უყვარდა ისინი და მათი გულისთვის არაფერს მოერიდებოდა? ისინი ხომ ისე შეეჩვივნენ მასთან ერთ რგოლში ყოფნას, რომ უსნაიპეროდ ვერც წარმოედგინათ?

აი, გუშინწინ შეკრებაზე დაშალეს ეგრეთ წოდებული „ბუჩუკურთელის რგოლი“. მაგრამ ბიჭები მაინც ერთად იქნებიან. უსნაიპეროდ კი... ეჰ! აფსუს, სნაიპერო!.. მაგრამ არაფერია, მასწავლებლები ისევ დააბრუნებენ, დირექტორი ისევ დაუბრუნებს სკოლას, შარშანაც ასე იყო გაქცეული... ეჰ, თვითონ ბიჭების ბრალიც არის, სანდროს ბრალიც არის. ასე მკვახედ არ უნდა მოჰქცეოდნენ... სანდრო კი... ნუთუ მართლა ბატონობს მათზე? ეს როგორ? - დიდი ხანია, რაც ბატონობას პატრონი მოუკვდა! მაშ, რა ცხვრებივით ემორჩილებიან?

- ბიჭებო! - წალდი ქამარში გაიყარა ბერძენაშვილმა, - მართლა და მართლა, ერთი კაცი ხომ არა წყვეტს ყველაფერს? უკაცრაული პასუხია, ნიკოს მოძებნა უნდა თუ არა? თუ თვითონ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია. გაუშვი, დარჩეს. აბა, ვინ მოდის?

- წავიდეთ, წავიდეთ! - აყვირდნენ ბიჭები.

- წავიდეთ.

გოგიამ სანდროს თანაგრძნობით გადახედა და მორცხვად აიჩეჩა მხრები: ვითომ, რა ვქნა, მიყვარხარ, ძმას მირჩევნიხარ, მაგრამ ამათ უნდა გავყვეო.

მარტო ზალიკომ არ მოიცვალა ფეხი ადგილიდან.

სანდრო გაშტერებული იყო. ასე არასოდეს არ დაბნეულა, ასე არასოდეს არ მორღვეულა. ვაი, ბუჩუკურთელო, ეს რა ამბავია შენს თავს? ნახე, ბატონადაც კი გამოგაცხადეს?

და უცებ ბიჭი მიხვდა, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა.

- წავიდეთ, ზალიკო. ჰეი, ბიჭებო! დაიცადეთ, მოვდივართ!

ბიჭებს სიხარულით ჭყლოპინი აუტყდათ, სანდროს ხმა რომ გაიგონეს.

- ვაშაა! მივდივართ! ვაშაა! - და ეცნენ ტყეს.

საომარი განწყობილება პირველად მწიფე ზღმარტლმა გაუნელათ, ხოლო მეორედ - უნაყოფო ყიალმა და დაღლილობამ.

- სულელები ვართ. - ჩამოჯდა გოგია, - ვინ იცის, ნიკო ტყეს რომელ მხარეს მოექცა, რას იტყვიან, სოფელში რომ უწკეპლოდ ჩავიდეთ?

ბიჭები უცებ დააფიქრა ამ ამბავმა.

- დავბრუნდეთ, ბიჭებო, - დაიწყო ლაჩაშვილმა.

- მართლაც, სჯობია, დავბრუნდეთ. ჯერ წკეპლა მოვჭრათ და მერე, თუ დრო დარჩა, ნიკო მოვძებნოთ, - დაჰყაბულდა ბაჩიაშვილი.

- აქ სად უნდა მოსჭრა? აქ წკეპლას სად იპოვი? სულ დიდი ხეებია.

- მაშ, ქვემოთ წავიდეთ, ბიჭებო.

- არა, სჯობია დიდი ნარუალის თავზე გადავიაროთ.

- პატარა ნარუალს დავუყვეთ.

- პატარაზე სჯობია, ბიჭებო, იქ შეიძლება წკეპლაც შეგვხვდეს.

ხალისჩამქრალნი დაეშვნენ თავქვე.

საამოდ შრიალებდნენ რუხი ცაცხვები და აშოლტილი ქორაფები, გლუვქერქიანი წიფლები და მკვრივძარღვიანი რცხილები. მაგრამ ლამაზი ტყის მშვენიერი მუსიკა გულაღრენილი ბიჭების ყურამდე არ მიდიოდა.

- ოჰ, ერთი ახლა შემომახვედრა აქა ის ჭორფლიანი მაიმუნი და... დაიცათ, ბიჭებო! - შედგა ბერძენაშვილი და სახეგაბრწყინებული მოუბრუნდა დანარჩენთ: - გესმით?

ადგილზე გაშეშდნენ და კისრები დაძგიბეს. შორს, სადღაც, პატარა ნარუალის ფერდაზე, ცულის ხმა ისმოდა.
ზალიკომ მოიხედა და შეძრწუნებულმა დაინახა, როგორ გაებადრათ ბიჭებს სახეები.

- ნამდვილად ნიკოა, ბიჭებო! - აღტაცებით დაიძახა სანდრომ და ხელი მაღლა ასწია.

- ვაშაა! ისევ ჩვენი ხარ, ყარამანო! აბა, გაგვიძეხ!@- აღმოხდათ იქ მყოფთ და გაქცეულ რგოლის ხელმძღვანელს დაედევნენ.

ბიჭები გარბოდნენ, ბუჩქებს ზედ ახტებოდნენ, წვრილ-წვრილ წოწკებს მათ ფეხქვეშ ტკაცატკუცი გაუდიოდა.

- ახლა სულ ერთიანად ვაზღვევინებთ, რაც ჩვენთვის უვნია და დაუშავებია.

ხახაბოს შემდეგ სანდრო მირბოდა.

- მიდი, ვახტანგ! გადაყარე კანჭები, შენებურად! - აქეზებდნენ ბიჭები და აყლაყუდაც ისე გარბოდა, რომ პალტოს კალთები გაშლილი ფრთებივით უფრიალებდა განზე.

- ნელა ვირბინოთ, ფინიში შორს არ არის, ბიჭებო! სად წაგვივა?

- მიდი, ნუ გეზარება, ლადო, ეგრე, ჯიქურ უნდა მივიდეთ. და კვლავ გაიქცნენ.

უეცრად სადღაც ახლოს საშინლად დაიჭექა, რაღაცამ ძირს ისეთი ზღართანი მოადინა, გეგონებოდათ, მიწა იძრაო, და ზედ კაცის ყვირილიც გაისმა.

ბიჭები ერთბაშად დამუხრუჭდნენ.

კიდევ მოისმა შემაძრწუნებელი „მიშველეთ!“ და ჩვენი გმირებიც მოსწყდნენ ადგილს. შემოურბინეს პატარა ტბას, ჩაძვრნენ ჩაშავებულ ხრამში, აღოღდნენ ზევით და აქაქანებულნი თავზე წაადგნენ ყვირილის ამტეხს.

ვეება წიფელს მომჭრელი, დროზე ვერ გასცლოდა და ერთი ტოტი ფეხებზე დასცემოდა. წაქცეული ვეღარ იცილებდა დაცემულ ტოტსა და ისე ყვიროდა, ბიჭები შეჰზარა.

უფრო ახლოს მივიდნენ და ისე შეჩერდნენ, თითქოს მესერს წააწყდნენო.

- ნიკოა, ბიჭებო! - დაიძახა ხარატიშვილმა.

იდგნენ გაშტერებულნი და ხან ერთმანეთს ახედავდნენ და ხან კიდევ ხის ქვეშ მოყოლილს, რომელიც სიმწრისაგან ღმუოდა და იკლაკნებოდა.

ყველაზე ადრე ბერძენაშვილი მოვიდა გონს. უმალ გაიძრო წალდი ქამრიდან და ხეს სწორედ ის ტოტი მიაჭრა, რომელიც ფეხებზე დასცემოდა მათ „დაუძინებელ მტერს“.

მოსცილდა ტოტი თუ არა, სანდრო ეცა მხრებში წაქცეულს, მაგრამ ნიკოს დაძვრა ადგილიდან არც ისე ადვილი იყო. მაშინ მიეშველნენ დანარჩენებიც, გამოათრიეს გვერდზე და საჩქაროდ დაუწყეს წინდების გახდა.

გმინავდა და დედას უხმობდა საშველად ფეხებდაჩეჩქვილი, ხუჭავდა და ახელდა მიბნედილ თვალებს, ათვალიერებდა თავზე წამომდგართა სახეებს და, როდესაც იცნო ვინც იყვნენ, გმინვა შეწყვიტა, მაგრამ დიდხანს არ გაჰყვა ვაჟკაცობა საბრალოს და ისევ საცოდავად აკვნესდა.

მარცხენა ფეხზე ტყავი მთლად გადაჰყვლეფოდა, ხოლო მარჯვენაზე თითები დაწეწკვოდა. ეს კი ძალიან საზიანო ჩანდა მთელი სკოლის განთქმული ფეხბურთელისათვის.

ლადომ საგულდაგულოდ მოიქექა ჯიბეები, მერე გარედანაც დაირტყა ხელი შარვალზე და რადგან არ აღმოაჩნდა ის, რაც ამწუთას საჭირო იყო, იქ მყოფთ მიუბრუნდა.

- შესახვევი ხომ არაფერი გექნებათ, ბიჭებო?

ყველამ მოიჩხრიკა ჯიბე-უბე, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა.

ახლა ცხვირსახოცები მოიკითხეს.

მხოლოდ სამს აღმოაჩნდა ცხვირსახოცი.
შეუხვიეს, მაგრამ ვერ უშველა. სისხლი თქრიალით მოდიოდა და სახვევს გარეთაც გამოატანა.

დაწოლილი კვნესოდა და თრთოდა.

უმწეოდ უცქერდნენ ბიჭები ერთმანეთსა და სისხლში მოსვრილ ფეხებს.

მაშინ ბუჩუკურთელმა გვერდზე ისროლა პალტო, გაიხადა ხალათი და მეზღვაურის ლურჯზოლებიანი მაისური გაიძრო.

ბიჭები დაძაბული მოლოდინით უმზერდნენ სწორად გავლებულ წვრილ ზოლებს. ერთხანს დასცქეროდა პატრონი მაისურს, რომელიც მის სიამაყეს წარმოადგენდა. ამას წინათ მამამ ჩამოუტანა თბილისიდან და ტოლებშიც თავი მოჰქონდა. აფსუს! რა ლაზათიანია, რა ზოლები აქვს, რა... მაგრამ აქ ბიჭს დაჭრილის კვნესა შემოესმა და წუთიერი ჩაფიქრებისაგან გამოარკვია. უცებ გახედა მეგობრებს, რომელნიც დანანებით და მოლოდინის თვალით შესცქეროდნენ, და სწრაფად დაუსვა წალდი.

მთელი ნაჭრები, რაც მაისურიდან გამოვიდა, ზედ დააბორბლეს ფეხებზე და ძლივს შეუწყვიტეს სისხლი.

დაჭრილი ისევ კვნესოდა, თუმცა დაჟეჟილი თანდათან უბუჟდებოდა და ტკივილიც უყუჩდებოდა.

გარეჯელმა წაიდუდუნა: უნდა რამე ვიღონოთ და საავადმყოფოში როგორმე ჩავიყვანოთო.

ბერძენაშვილმა თუჯიშვილსა და გრძელკანჭას უთხრა: წკეპლები მოძებნეთო.

თვითონ ხარატიშვილი გაიყოლა და ლატნების მოსაჭრელად შევარდა წვრილიანში.

მალე დაბრუნდნენ ბიჭები. თხილისა და შვინდანწლის წკეპლები დაგრიხეს, წნელები რცხილის ლატნებს შუა დაბლანდეს, შიგ ხშირფოთლებიანი წვრილ-წვრილი ტოტები ჩააფინეს, რათა ავადმყოფს ზურგი არ სტკენოდა, და საკაცეც მზად იყო.

- შემოდგომა იწურება, ბიჭებო, და ამ წოწკებს სიარულში ეს ფოთლები გასცვივა.

სჯობია პალტოები ჩავაფინოთ, - და სანდრომ თავისი პალტო საკაცეზე დაფინა.

- პალტოები რომ გავიხადოთ, არ შეგვცივა? - იკითხა ვახტანგმა.

- რა შეგაციებს, ხახაბო, ამოდენა კაცის თრევაში ოფლი ისე გაგივა, როგორც თავმჯდომარის იორღა ცხენს, - მიახვედრა გოგიამ და თავისი პალტო მუთაქასავით დადო საკაცის თავთან დაკეცილი.

ბიჭები იხდიდნენ პალტოებსა და დაუნანებლად ჰყრიდნენ საკაცეზე.

- ყველანი ნუ გაიხდით, - ურჩია სანდრომ. - ამ ხეს ხომ უნდა ჩატანა სოფელში და კამეჩებსაც ჩარეკვა? ერთი სამი ბიჭი დავრჩეთ, გავსხიპოთ ხე, დავკრათ ჩანგალი და დაღელაანთ ეზოში ჩავიტანოთ.

ენუქაშვილებმა და ხარატიშვილმა ისევ გადაიცვეს პალტოები და ხესა და კამეჩებს მიუბრუნდნენ.

თვინიერი პირუტყვები, რომელთაც არა ესმოდათ რა მათ თვალწინ დატრიალებული უბედურებისა, იქვე მიწოლილიყვნენ, უდარდელად იცოხნებოდნენ, დროდადრო ფშვინავდნენ და მორჩილებით აბრიალებდნენ ვეებერთელა შავ თვალებს.

ბიჭებმა ფრთხილად დააწვინეს პალტოებზე ავადმყოფი. ოთხმა ფრთხილად ასწია საკაცე და დაეშვა თავქვე. დანარჩენნიც უკან გაჰყვნენ, რათა დაღლილებს შენაცვლებოდნენ.

წყაროს ბაღის თავამდე ისე ატარეს, ფეხი არ ჩაუკრეფიათ, აქ კი ცოტა ხანს შეისვენეს და ისევ გასწიეს.

საბრალო ნიკო თვალს არ ახელდა, მალ-მალ ისვამდა გამომშრალ ენას გახურებულ ტუჩებზე.

სოფელში შესვლისას წყაროზე მიმავალ ლენას გადაეყარნენ.
გულგახეთქილ გოგოს კინაღამ სურა გაუვარდა ხელიდან ამ უცნაური პროცესიის დანახვაზე.

- რა იყო, ვახტანგ, რა ამბავია, ხომ არავინ დაშავდა?

საკაცის წინა სახელურებში ცხენივით შებმული ხახაბო აიმრიზა და ტუჩები უარესად გადმოაბრუნა.

- გაიწი განზე და გამატარე! როდის იყო, რომ ჩვენ რამეს ვაშავებდით.

- რა იყო, ვანო, ვინ არის? - ახლა ვანოს ეცა გოგო ხელში.

ვანო შეჩერდა და ცუღლუტურად აიხედა მაღლა.

- რა ვქნა, მზე არ ჩასულა ჯერ და, უკაცრაული პასუხია, შენ უკვე ვეღარა ხედავ?

- ნიკო! - შესძახა უცებ ლენამ და გვერდ-გვერდ გაჰყვა საკაცეს, მერე უცებ შედგა და ორივე ხელი ლოყაზე იტკიცა, - მაშ, შეასრულე შენი დაპირება, სანდრო? მაშ, მაინც დააკარ საკაცეზე?

სანდრო ჯერ გაკვირვებული მობრუნდა, მერე მიხვდა ლენას მიუხვედრელობას და გაიღიმა:

- ხომ იცი, ლენა, რომ მე სიტყვის გატეხა არ მიყვარს?

- არ გიყვარს და, აი, ნახავ, თუ შენც ისე არ გაგრიცხავენ, როგორც მრელაშვილი გარიცხეს.

- რაო, მრელაშვილი გარიცხესო? - ბიჭებს კინაღამ საკაცე გაუვარდათ ხელიდან.

- როდის გარიცხეს, რას ამბობ, ლენა?

- როდის და, გუშინ. დილას ჩემი თვალითა ვნახე საკლასო ჟურნალი, როცა რაზმის კედლის გაზეთსა ვწერდით მე და დალი. ხაზი აქვს მის გვარს გადასმული. აი, ნახეთ, თუ თქვენც ეგ დღე არ მოგელით! - გოგომ სურას დაავლო ხელი და აჩქარებით მიატოვა თანაკლასელები.

ბიჭებმა საკაცე და ცხვირები ერთად დაუშვეს ძირს და შეშფოთებულთ ერთმანეთი შიშნაკრავად მოათვალიერეს.

- ეეჰ, ახლა კი ნამდვილად დაიშალა ბუჩუკურთელის რგოლი, - ამოიოხრა ბერძენაშვილმა და საკაცისაკენ დაიხარა.

 

ნაწილი 25 (დასასრული)

მოულოდნელი აღმოჩენა

 

 

ძალიანაც არ ეხალისებოდა სნაიპერს ფიჩხზე წასვლა, მაგრამ პალტოზე მაინც შემოირტყა ქამარი და შიგ წალდი გაიყარა. მოწყენილი მიუყვებოდა ორღობეს. საშველად ვისი გაყოლებაც შეეძლო, ყველა სკოლაში იყო წასული. ბიჭებიც რაღაც დამნაშავეებივით უქცევდნენ გზას.

გუშინწინ სანდრო შეხვდა ჯახუნაანთ კაკალთან. ბღვერით აუარეს ერთმანეთს გვერდი. მოსახვევთან მოუხედა და შეამჩნია, რომ რგოლის ხელმძღვანელიც უკან იყურებოდა. მეტი არაფერი. მხოლოდ ლენა მოვიდა წუხელ საღამოს და „აუბნა“ თავისი „ბულბულის ენა“, მაგრამ ვახტანგმა ხმელი ნეკერჩხლის მოჭრა შეახსენა და კუდამოძუებული გაუშვა შინ.

და ისევ მარტო დარჩა. დღეს კი ყველაზე მეტად შეიგრძნო მარტოობის სიმწარე...

სოფლის თავში უკანასკნელი სახლი შაშვიაშვილ კაკოსი იყო. ძაღლმა ყეფით ჯერ ღობე-ღობე სდია, მერე თათებით ჭიშკარი გამოაღო და გზაზე გამოუვარდა.

ვახტანგმა წალდი იძრო. დაედევნა და ნირწამხდარი უკანვე შეაგდო.

- რა პატრონივით ავგულა და მშიშარა ხარ, შე მგლის საჭმელო.

სოფლის თავში გზა სამად იყოფოდა. სნაიპერი შედგა და პაპიროსს მოუკიდა. ჩაფიქრებულ ბიჭს ვარდუაშვილის პაპა წამოადგა თავს.

- აქეთ წახვიდე - მალე დაბრუნდე, - ხელი აკადემიისკენ გაიშვირა. - იქით წახვიდე - გვიან დაბრუნდე, - ხვინჭიანისკენ ქნა პირი; ბოლოს თურდოსკენ მიტრიალდა და ჩიბუხი ამოიღო, - აქეთ წახვიდე და - ვეღარ დაბრუნდე.

ვახტანგმა მესამე გზის დასასრულს გახედა, სადაც კლდის თავზე რუისპირელების ძველი სასაფლაო მოჩანდა, და პაპას უგემურად აჰხედა.

პაპამ ჩიბუხი გააწყო, ცეცხლი მოაკიდებინა და გაიოცა:

- რა გამობენტერებული მიყურებ? უეჭველად ქვა უნდა იყოს ჩაფლული და ზედ ეწეროს? - მერე შემობრუნდა და თვითონ იქით გასწია, საიდანაც გვიან მობრუნდებოდა, მაგრამ მაინც მობრუნდებოდა.

ვახტანგმა მძულვარებით გააყოლა თვალი ბერიკაცის მხარზე გადებული ცულის ლაპლაპს და, რადგან ჩვეული იყო, ყოველთვის საწინააღმდეგო ექნა და ეთქვა, თავად თურდოს კლდისკენ წავიდა.

გზა აქაც ორად იყოფოდა: ერთი ძირს ჩადიოდა თურდოს წისქვილებთან, მეორე - გვერდს უქცევდა სასაფლაოს და მთაში ჭიანტბისკენ მიუყვებოდა კლდეს.

კლდე ძალიან მაღალი იყო, თითქმის თვალუწვდენელი, შიგ უამრავი გამოქვაბული გამოეკვეთათ. დაბადებიდან სიკვდილამდე ყოველი იყალთოელის ოცნება იყო, ცალი თვალით მაინც შეეხედა რომელიმე მათგანში, მაგრამ მიუდგომლობა და სიპირქუშე ყოველთვის კურნავდა ასეთი წადილისაგან.

ასახელებდნენ ორიოდე გულადს, რომლებმაც მაინც სცადეს ბედი. ერთი მათგანი მეორე დღეს იპოვეს კლდის ძირში დაფლეთილ-დალეწილი. ხოლო დანარჩენებისა არავინ არაფერი იცოდა, ცამ უყო პირი თუ მიწამ.

თვითონ წმინდა შიოს სახელობაზე აგებულ მონასტერსაც კი მას შემდეგ ნაძრახი ადგილივით უვლიდნენ გვერდს.

ამ ადგილს ტყე აიყარა. ყველა ჯიშის ხე და ბარდი გადაება ერთმანეთს. სანამ ეს მეექვსე-მეშვიდე საუკუნის დიდებული ძეგლი სახელმწიფოსაგან დაცულად არ გამოაცხადეს, მანამდე ახლო არავინ გაჰკარებია.

გადმოცემით, აქედან იწყებოდა იყალთოს აკადემიის ის დიდი გვირაბი, რომლის არსებობაც, ბუჩუკურთელის რგოლის აღმოჩენით, ლეგენდა გამოდგა.

გზა შორს უვლიდა მონასტერსა და ტყეს. მხოლოდ ერთადერთი წვრილი ბილიკი უხვევდა გზიდან და ტყეში შედიოდა.

მაცდური იყო სნაიპერისათვის ეს ბილიკი. მის დანახვაზე ყოველთვის ხელახლა იფიცავდა: როგორც კი გაიზრდებოდა, იმ გამოქვაბულის საიდუმლოს საქვეყნოდ გამოიტანდა.

გზის მოსახვევში ფიჩხით სავსე მარხილი იდგა. შიგ შებმულ ცხენს ფერდები მძიმედ უცემდა. ნესტოებიდან ოხშივარი ორტოტად გამოსდიოდა. ქურანა ცხენი კუდალა იყო. დაიცათ!.. კუდალა კი არა, ძუა ჰქონდა ძირში მოჭრილი!

ვახტანგს ეცნაურა და ირგვლივ შეშფოთებით მიმოიხედა.

ცხენმაც, თითქოს იცნო თავისი პარიკმახერი, კუდი მორცხვად გაიქნია და დაღლილი თვალები საყვედურით მიაპყრო.

სნაიპერს გაახსენდა დირექტორთან გატარებული ათიოდე წუთი და გული დაიარხეინა. როგორც კი მარხილს იქიდან ბაზერაანთ მიხამ ამოყო თავი, სნაიპერმა გაუღიმა.

- მარხილის ფეხი ხომ არ გაგიტყდა, ძია მიხავ, მოგეხმარები.

მიხა თვალებს არ უჯერებდა.

ვახტანგმა მიხას სახე დაკვირვებით შეათვალიერა და ღიმილი პირზე შეახმა.

- რა ნაცნობი ყონაღივით იღრიჭები, ლუკას ბიჭო? შენმა ფეხებმავე მოგიყვანა მიქელ-გაბრიელთან? - მიხამ მოზრდილი წკეპლა შეაჭრა ფიჩხს და, რაკი მარხილს ვერ გადმოახტა უკანიდან მოურბინა. - აბა, დამაცადე!

ვახტანგს რა დააცდევინებდა! მიიხედ-მოიხედა და თავქვე გაქცევა ამჯობინა. მოსახვევში წამოეწია მიხა, მაგრამ სნაიპერმა მოუკურდღლურა და ახლა ზევით გაიქცა. მთელ ათ წუთს ურბენდნენ მარხილს გარშემო. მერე მიხა ფიჩხზე აბობღდა, ვახტანგი ისევ თავქვე დაეშვა.

გზა კარგი იყო და მიხა სწრაფად დარბოდა. სნაიპერმა ვეღარა უსაშველა რა და, როცა ის იყო, მიხას ხელი უნდა ეტაცნა აფრიალებული პალტოს ბოლოსთვის, ერთიც მოუკურდღლურა და წმინდა შიოსკენ მიმავალ ბილიკზე გაენთო.

მიხა მიხვდა, რომ ბაკში შეიმწყვდია ჭედილა, და მუქარით დაედევნა.

- ახლა სადღა წამიხვალ, ძაღლის ლეკვო?

ვახტანგს გადანაჭერზე გამოედო შარვალი და ფრიალ-ფრიალით წაიღო ტოტის ნახევი. შიშველი, გადმოწვდილი ხის წვეროკინები სახესა და ხელებს უშხვეპავდა, მაგრამ ერთხელ აღებული სტარტის სიჩქარე არ შეუნელებია.

აღარც მიხამ დაზოგა თავი. მონასტრის ეზოში შეცვივდნენ. სამჯერ შემოურბინეს ირგვლივ მონასტერს. ბოლოს სნაიპერი იძულებული იყო, კარებში შევარდნილიყო.

მიხაც შიგ შევარდა აქოშინებული.

- ახლა სადღა წამიხვალ, სნაიპერო?

ერთ წუთს შედგა შიგნით მიხა და მიიხედ-მოიხედა. ნიშნის სიბნელიდან უცებ გამოხტა სნაიპერი და უკანვე გავარდა გარეთ. ელვის უმალ გამოჰყვა მიხაც. კიდევ ერთხელ შემოურბინეს მონასტერს. მიხამ ქვას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. წამოდგომისას თვალი მოჰკრა, როგორ გადაევლო სნაიპერი დახავსებული კედლის ნანგრევს და კვლავ მონასტერში გაუჩინარდა.

- ახლა სადღა წამიხვალ, სნაიპერო? - მივიდა მიხა და კარწინ ლოდზე ჩამოჯდა, - განა კიდევ შიგნით შემოვალ. აქ გავათენებ ყარაულობაში და შიმშილით სულს ამოგხდი. ახლა ვეღარ გამისხლტები. გირჩევნია, შენი ნებით გამოხვიდე.

ნახევარი საათი გავიდა და სნაიპერი არ გამოსულა.

- სანამ არ გამოხვალ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

გავიდა კიდევ ნახევარი საათი. უეცრად მონასტრის აღმოსავლეთით მიწაზე რაღაც ისე მძიმედ დაეცა, რომ ბრაგვანის ხმა გარკვევით მოისმა.

მიხა ჯერ გაოცდა, მერე რაღაც იაზრა, სასწრაფოდ წამოხტა და კედელს შემოურბინა.

კედელთან მოშორებით ოთხკუთხედი ქვა ეგდო. ქვის იქით, უზარმაზარი ბებერი რცხილის ქვეშ, მაყვლის ბარდებში, თხილის ნაყარი ყლორტები მსუბუქად ირხეოდა.

მიხამ მაღლა, ვიწრო სარკმელს ახედა. ქვა სარკმელს მოჰგლეჯოდა და ის ჩამოვარდნილიყო. მიხამ კვლავ ქვას დახედა და გაიკვირვა: თუ ეს აქ დაეცა, ეს თხილის ყლორტები რაღას ტოკავს ამ ბარდებში?

ისევ სნაიპერი გაიხსენა. სხვა მხრიდან შემოურბინა, არ გამეპაროსო, და ისევ კარს მიუდარაჯდა.

- გამო, ლუკას ბიჭო, შიგ ძირში უნდა დაგაჭრა ეგ მუტრუკის ყურები.

ლუკას ბიჭი არ გამოვიდა.

შეუადღე გადაიხარა.

- როდემდე იქნები მანდა? გამო, ერთი რიგიანად დაგიწითლო ლოყები.

ლუკას ბიჭი არც ახლა გამოვიდა.

სამხრობამ მოატანა.

- არ გამოდიხარ? გამო, ერთი ჯაგრცხილის სახრით აგინთო გვერდები.

ვერც ამ დაპირებამ მოხიბლა ლუკას ბიჭი.

მოსაღამოვდა და მიხასაც მოშივდა. მოშივდა და შამფურზე აგება დაუპირა სნაიპერს.

ვერც ამით გამოიტყუა თავისი ცხენის დალაქი.

ბინდისას უფრო ძალიან მოშივდა მიხას და ახლა ცოცხლად შეჭმა შეუთქვა, მაგრამ რაკი მაინც არ გამოვიდა, წამოდგა და მონასტერში შევიდა.

ახლა უკვე სრული სიბნელე გართხმულიყო შიგ. ფეხებქვეშ კენჭები და საქონლის გამხმარი სკორე ხრაშუნობდა. დროდადრო შედგებოდა და ყურს წაუგდებდა.

სულიერის ჭაჭანება არ იგრძნობოდა. მიხა ხელის ცეცებით სინჯავდა კედლებსა და ნიშებს. თანაც გასავლელ კარს თვალს არ აშორებდა. საიდანაც საღამოს ბინდი იჭრებოდა. სნაიპერი არ ჩანდა.

შეფიქრიანებული მიხა გარეთ გამოვიდა. მონასტერს ერთხელ კიდევ შემოუარა და როდესაც ბებერ რცხილასთან მივიდა, შემცბარი შედგა, თვალებად იქცა, გაშეშდა, მერე მუხლები მოუდუნდა და თმებმა ნაბდის ქუდი კინაღამ მტკაველზე ასწია:

მაყვლის ბარდები შეინძრა, აქეთ-იქით გადაიწია, იქიდან მარგილის წვერივით რაღაცამ ამოყო თავი და მერე თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი მოჩვენება ამოძვრა.

ცივად ელავდა მუზარადის წვერი ბინდბუნდში. მუქარით ჩხარუნობდა ჩაბალახის ტოტები და წვრილთვალა ჯაჭვის ჟანგიანი კალთები. მრგვალ, უზარმაზარ ფარზე ატოტებული ჯოჯო ვერცხლისფრად ბრჭყვინავდა და გახლეჩილი პირიდან გადმოგდებულ ვეება ენას ასავსავებდა. ავად ლაპლაპებდა შიშველი ხმლის გაუხუნებელი ფოლადი. მოჩვენებამ ერთი მიიხედ-მოიხედა, ფარი მარცხენა მხარზე მძიმედ შეისწორა, თავისთვის რაღაც ჩაიბურდღუნა და აკოჭლებული ტყეზე გამავალ ბილიკს ხმლის ბჯენით გაუყვა.

კედლის ნანგრევს აკრულ მიხას თვალი მანამდე არ მოუწყვეტია, სანამ მოჩვენება თვალს არ მიეფარა. ერთხანს გარინდებული უცებ მობრუნდა და რცხილის ძირში მაყვლის ბარდებს უნდობელი მზერა დაასო. დიდხანს უცქეროდა. მერე კვლავ ირგვლივ მიიხედ-მოიხედა და რაკი დარწმუნდა, საეჭვო აღარა იყო რა, თვითონაც იმ ერთადერთ ბილიკს აედევნა.

როდესაც გზაზე გავიდა, იქ აღარც ცხენი დახვდა და აღარც მარხილი. თავქვე მიმავალი აბოლებული მტვრის ღრუბელი იმას მოწმობდა, რომ მისი ცხენი რაღაცას დაეფრთხო და თავ-პირის მტვრევით გარბოდა.

მიხას დაფრთხობა არ გაჰკვირვებია, ოღონდ იფიქრა, მარხილი არ დაამტვრიოს და თვითონაც არსად გადაიჩეხოსო. წკეპლა გადააგდო, ქუდი მოიშვლიპა, მაზარის ბოლო აიკალთავა და თავის ცხენს უკან გამოენთო.

გადასახედთან რომ მივიდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. აქედან უკვე მოჩანდა გაშლილი სოფელი. სოფელში სინათლეები აენთოთ.
დიდხანს იწვა მიხა და დაღლილი მეძებარივით ქასქასებდა. გახურებულ სხეულსა და ქანცგამოლეულ კუნთებს ნეტარებას ჰგვრიდა წოლა და მიწის სიგრილე. ჯაგის ძირი, ხმელი ბალახი და სოფლიდან წამოსული უთვალავი მიწიერი ვარსკვლავის შუქი თვლემაში გადასული სიზარმაცით ავსებდა გაბუჟებულ ტანს.

დიდხანს იწვა მიხა და იგერიებდა ძილის ანგელოზს. მერე შეშინდა, მიწის სიგრილემ არ დამცადოსო, უნდობლად წამოდგა და ლასლასით დაუყვა დაღმართს სოფლისაკენ.

შინ მისვლისას მეტად გაოცებული დარჩა, ცხენი და მარხილი იქ რომ არ დაუხვდა.

შემცბარი ცოლი უყვებოდა როგორ შემოვარდა ეზოში ცხენი და მერმე მარხილზე წამომჯდარმა ვიღაცამ თუ რაღაცამ როგორ გააგდო უკანვე ჭენებით.

მიხას ცოლისათვის არაფერი უთქვამს, გაბრუნდა და სოფელზე მიმავალ ორღობეს დაადგა. აივნებიდან და ფანჯრებიდან გამოსული სინათლის შუქზე კარგად მოჩანდა მარხილიდან მარაოსავით გადმოშვერილი ფიჩხის ბოლოებით დაგვილი გზა.

მრელაანთ უბანში შესვლისას პირდაპირ ლუკას სახლისაკენ გასწია. ლუკას ცოლს თონე გაეხურებინა და მთელი ეზო ცეცხლს გაეჩახჩახებინა.

- სად არი შენი ბიჭი? - მისვლისთანავე იკითხა მიხამ და იქაურობას თვალი მოავლო.

სათონის მოშორებით, ღობის ძირას, ახალმოჭრილი ფიჩხი ეყარა. ნაწილი დაეკუწათ და ნაწილი ეტყობოდა, თონეს შთაენთქა.

ლუკას ცოლმა მიხას ერთი შეხედა და მერე თონეს ფიჩხი ჩაუმატა.

- შენთან წამოვიდა, გზაზე არ შეგხვდა?

- არსად არ შემხვედრია. ცხენი და მარხილი სადღაა?

ლუკას ცოლი აიმრიზა.

- რა ვქნა, გაბუტული ბალღივით მეკითხები? თუ სიკეთე ჰქენი და ცხენ-მარხილი ათხოვე ბიჭსა, რაღას აყვედრი?

- ცხენ-მარხილი ვათხოვე? - შეხტა მიხა, - ვინ გითხრა, რომ ვათხოვე?

- აბა, რომ არ აჩუქებდი, მე კი არა, მთელმა სოფელმა იცის, - მწარე ენა ჰქონდა ლუკას ცოლს.

- შენ არავინ გკითხავს, ვის ვაჩუქებ, ვის არა, ან თვითონ სად არი და ცხენსა და მარხილს რა უყო?

- ფიჩხი გადმოცალა და მერე შენთან წამოიღო მარხილი.

- ცხენი?

- ცხენიც. თვითონ ხომ არ შეებმებოდა მარხილში.

- შინ ვიყავი. იქ არც ცხენია, არც მარხილი.

- გზაში აგცდებოდათ. ბაყბაყდევი ხომ არ არი, ცხენიც გადაყლაპოს და მარხილიც.

მიხამ ერთიც მიიხედ-მოიხედა და აივნის სვეტზე ჩამოკიდებული ჯაჭვის პერანგი და მუზარადი შეამჩნია. იქვე, კედელზე ეყუდა შიშველი ხმალი. ლაღად თამაშობდა ზედ ცეცხლის არილი. ხმლის ნახევარზე მეტი ვეება ფარს დაემალა. დაზარნიშულ ფარზე ვერცხლისფერი ქერეჭით დაფარული საზიზღარი ჯოჯო გართხმულიყო. მიხას მზაკვრულად შემოჰყურებდა და გახლეჩილი პირიდან გადმოგდებულ უზარმაზარ ენას ასავსავებდა.

მიხა ერთხანს გაშტერებული უცქეროდა გარდასულ საუკუნეთა ამ უსულო მოწმეთ, მერე პურის მცხობელს დააკვირდა და მუქარით წაიღრინა:

- რაც დაგიჭრია, ეგ ჩააყარე, დანარჩენ ფიჩხს ხელი არ ახლო. ფიჩხი ჩემია, მოვალ და წავიღებ.

მიხა გაბრუნდა და თან სახტად დარჩენილი ლუკას ცოლის დაბნეული მზერა გაიყოლა.

 

* * * * * * *

 

შუადღისას სნაიპერს ჭიშკართან ძახილი შემოესმა. ტახტიდან წამოიწია, ჩოქზე დადგა და ფანჯარაში გაიხედა. მერე უცებ გამოაღო და თვითონაც გასძახა:

- მოდით, მოდით, აქა ვარ, შინ!

აივანზე ბრაგაბრუგი გაისმა და ოთახში განუყრელი სამეული შემოვიდა.

ვახტანგს თავქვეშ ხელები ამოეწყო, მუთაქაზე ნებივრად მისვენებულიყო და თვალებს მზეზე გაწოლილ კატასავით ნაბავდა.

როგორც ივარაუდა, ისედაც მოხდა: ჯერ სალამიც არ გაეთავებინათ, რომ სამივეს სიტყვა პირშივე გაუწყდათ, ფეხები ერთ ადგილზე მიეყინათ და თვალები ბუდიდან ამოუცვივდათ. დიდხანს იდგნენ ასე, თითქოს ეკლიან ღობეს წააწყდნენო. ბოლოს პირველად გოგიამ იპოვა ხმა და ამოიხროტინა:

- ეს... საიდან, სნაიპერო?

სნაიპერს არაფერი უთქვამს: იწვა გულაღმა, თითებს მკერდზე ათამაშებდა და ტკბებოდა მომხდარი შთაბეჭდილებით.

- სად გიშოვია, ვახტანგ, ესენი? - როგორც იყო ამოღერღა რგოლის ხელმძღვანელმაც.

- უკაცრაული პასუხია, ნამდვილია? - გაბედა ვანომ და ფარხმალზე დამხობილ მუზარადს ხელი გადაუსვა.

სნაიპერი მეშვიდე ცაში ფრინავდა.

- შენია?

- ჩემია.

- სად გიშოვია?

- ადგილი მეგულება.

- როგორ, კიდევ გეგულება ასეთები? - შეხტა ბუჩუკურთელი.

- რამდენიც გინდა. იმდენია, ფეხს ვერ აუქცევ.

- ხომ არ შეიშალე, სნაიპერო?

- ყველაზე უვარგისები წამოვიღე. პირველად ესენი მომხვდა ხელში და იმიტომ.

სამეულმა ერთმანეთს გადახედა, მერე გამშრალი ტუჩები მოილოკა და ისევ ჯაჭვ-მუზარადსა და მათ პატრონს მიაჩერდა.

სნაიპერი ზეიმობდა: პირველად ხედავდა რგოლის ხელმძღვანელს გასაცოდავებულს, დამცირებულსა და დამხობილს.

- არა სტყუი, სნაიპერო?

- ტყუილი თქვენსკენ მოიკითხეთ.

- სად არის? - ხარბად იკითხა ეფრემას ბიჭმა.

სნაიპერი გვერდზე კვნესით გადმობრუნდა და თვალები ბოროტად აენთო.

- ვინ გითხრათ, რომ სკოლიდან ჭკუანაღრძობობისათვის გამრიცხეს? ძალიან სცდებით, თუ მართლა სულელი გგონივართ.

- რას ამბობ, ვახტანგ? ვის ჰგონიხარ სულელი? - ენა მოიჩლიქა ეფრემას ბიჭმა.

- შენა და შენს ამფსონებს. რამ გაფიქრებინათ, რომ მეხსიერებამ მიღალატა? გინდათ, ერთხელ კიდევ ნახოთ თქვენი მონგრეული სიფათები გაზეთში? გამოვიდნენ აღმომჩენები! მოდი, გეტყვით, სადაც არი. ვარდუაშვილი გაიმძღვარეთ და წადით... ოღონდ, ლენას წაყვანაც არ დაგავიწყდეთ... იცით რა ფასად დამიჯდა აღმოჩენაცა და შოვნაც? აბა, შემომხედეთ! აი, ნახეთ ჩემი ფეხიც. ჩემი ზურგი და ჩემი გვერდები.

„სად არი, ვახტანგ?“ - გაჭიანურებით გაღეჭა გოგიას ნათქვამი. - შენ მე ვინ გგონივარ, ეფრემას ბიჭო? - იდაყვებზე წამოიწია. - ახლა რომ ენიდან თაფლი მოგწვეთავს, მაშინ სად იყავ, როცა მრიცხავდნენ? ან თქვენ სად იყავით? კაციშვილს არგავხსენებივარ და ახლა, როცა გაიგეთ... არა, მიხამ თუ იყბედა რამე, მარტო ამაზე იტყოდა. დანარჩენი, რაც ვნახე, ჩემ გარდა სულიერმა არ იცის. და მერე, იცით, რა ვნახე? მე რომ გითხრათ, თმა ყალყზე დაგიდგებათ. ოო, სამივე სამ შეშლილად იქცევით და იმგვარად, რომ არც ერთი საგიჟეთი არ მიგიღებთ დასაჭკვიანებლად... მეკითხებიან, სად არისო! ერთბაშად არ გადმოგილაგოთ!

მოჯადოებულივით იდგნენ ბიჭები, უსიტყვოდ უცქეროდნენ ხან სნაიპერის ჩამოღადრულ თავ-პირს, გადაქლეშილ ხელსა და შეხვეულ ფეხს, ხანაც ტახტთან მიდგმულ სკამზე დაწყობილ ბრწყინვალე იარაღს.

- მიხა... უკაცრაული პასუხია, მიხა რაღა შუაშია?

- მართალია, მიხა არაფერ შუაშია. შუაში მე ვიყავი. წინ და უკან კი მიხა და მისი ცხენ-მარხილი.

ბიჭებმა კვლავ გადახედეს ერთმანეთს.

როგორც იყო ბერძენაშვილმა ფეხი წინ წადგა და ვახტანგს შუბლზე ხელი დაადო.

სნაიპერმა დაიღრინა და ხელი ააღებინა.

- შენ ისევ მაგათთან მიდი და თქვენ მიადეთ ხელი ერთმანეთს. ოღონდ თითის მიკაკუნებაც არ დაგავიწყდეთ.

ვანომ ტუჩები გადმოაბრუნა და მხრები აიჩეჩა.

- სიცხისა არაფერი ეტყობა.

დანარჩენ ორს ხმა არ ამოუღია.

სანდრომ ძლივს მოსწყვიტა თვალი ფარზე გაპარჭყულ ჯოჯოს საშინელ ბრჭყალებიან ფეხებს და უკვე ხმაში სიმაგრე გაურია.

- ახლა რასაც გეტყვი, იმიტომ კი არ გეტყვი, რომ, გინდა თუ არა, თქვა შენი საიდუმლო. ჩვენ არც მიხა გვინახავს და არც შენი აღმოჩენისა ვიცოდით რამე. უბრალოდ, მოვედით, რომ შეგვეტყობინებინა: მთელმა ჩვენმა ბიჭებმა ვთხოვეთ გივის, კლასის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ეშუამდგომლა... მერე ჩვენც შევყევით და შენ მაგიერ დავიფიცეთ, რომ ცუდს აღარაფერს ჩაიდენდი... ისინიც ადგნენ და აღგადგინეს სკოლაში.

სნაიპერი ჯერ ისევ თავის ნამოქმედარითა და ნათქვამით ტკბებოდა. შემდეგ სახე თანდათან შეეცვალა, დამცინავი ღიმილი გაუქრა. ერთხანს გატრუნული იწვა, მერე უეცრად გადმობრუნდა და მანჭვით წამოჯდა.

- ვის ატყუებთ, ვისა! იპოვეთ რაღა ნეკზე მკბენი. ეგ ფარდაგი ზალიკოს დაუგეთ, თეძო არ ეტკინოს. მეც მნახეთ არიფი! თქვენთვის ფერიცვალების საყდრის ქვეშ ამოთხრილი ორმოც საკმარისია. ნამდვილი გვირაბი კი მე აღმოვაჩინე, მე! მე აღმოვაჩინე... მაგრამ არ გეტყვით. არაფერსაც არ გეტყვით, კიდევ რა აღმოვაჩინე.

არც იმას გეტყვით, როგორ წავაწყდი იმ... არა, არაფერსაც არ გეტყვით. მე შემიძლია, ის თქვენი ამოჩიჩქნილი წყარო ორი-სამი კილომეტრის იქიდან ისე დავწყვიტო, წვეთიც აღარ გამოვუშვა და სხვა სადინარი მივცე. მე შემიძლია, მთელი თქვენი ნაცოდვილარი წყალში ჩავყარო და ქარს გავატანო. მე შემიძლია, ისევ... მაგრამ თქვენთან ლაპარაკიც არა ღირს. თქვენ კაცს ისე გასწირავთ, უკან არ მოიხედავთ. მე თქვენ მომატყუებთ?! - ვახტანგი ისევ გადაწვა და ამაყი თვალი ჭერს მიაპყრო.

იდგა განადგურებული სამეული და ცნობისწადილით იწვოდა: სად რას გადაეყარა სნაიპერი ან რა იცოდა ისეთი, რომელიც გადატრიალებას მოახდენდა იმ ღამის ექსპედიციებში და აკადემიისქვეშა აღმოჩენებში.

- ჩვენ არ ვტყუით, ვახტანგ. ნამდვილად აღგადგინეს, - კვლავ ხმა გაებზარა სანდროს.

- საკლასო ჟურნალშიცა ხარ ისევ, ჩემი თვალით ვნახე, - თაფლად იღვრებოდა ეფრემას ბიჭი.

- უკაცრაული პასუხია, რატომ არა გჯერა?

დაეჭვებული სნაიპერი მხარ-თეძოზე წამოიწია.

- დღეს აღმადგინეს?

- დღეს. ახლა პირდაპირ იქიდან მოვრბივართ. აი, ჩანთები.

- სხვა ბიჭებმაც იციან?

- მთელმა სკოლამ იცის. გივიმ თქვა, შეუძლია ხვალ დილითვე მოვიდეს სკოლაში და პირდაპირ თავის მერხზე დაჯდესო.

- პირდაპირ დაჯდესო?

- პირდაპირ.

- ირიბად რომ დავჯდე?

გოგიას სასო წარეკვეთა.

- კიდევ არა სჯერა. თუ გინდა, ადექი, წამოდი და შენი თვალით ნახე საკლასო ჟურნალი.

- ძალიან კარგად იცით, რომ ვერ ავდგები და ვერ წამოგყვებით.

- აი, ურწმუნო თომა. - სანდროს უკვე წყენამ გადაჰკრა. - გეუბნებიან, აღგადგინესო, მაშასადამე, აღგადგინეს.

- აბა, ლენა დაიფიცე.

- რა შუაშია ლენა? - სანდროს უკვე ფერი ეცვალა. სნაიპერის გამქირდავი ღიმილი დაიჭირა და აიქოჩრა, - შენ, სნაიპერო, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ წევხარ და ფეხი გტკივა, თორემ ეგ ფარ-ხმალიც ვერ გიშველიდა, მომაკვდავი ხევსურივით რომ დაგიწყვია გვერდით. წავიდეთ, ბიჭებო, - გაბრუნდა და წავიდა.

ბიჭებს ფეხი არ მოუცვლიათ.

- სანდრო, გეხუმრე, სანდრო! მობრუნდი, ყველაფერს გეტყვი! გეხუმრე, ბიჭო!

გარეთ გაცვივნილი გოგია და ვანო ბიჭს კიბის თავზე წამოეწივნენ და მხრებში ჩააფრინდნენ.

- რა დამდუღრულივით აქოთქოთდი, რა იყო, კაცო, შენი გულისთვის კაცმა ვეღარ უნდა იხუმროს?

- თუ ხუმრობა უნდა, ბაზერაანთ მიხას ეხუმროს. გამიშვით ხელი.

- ახლა შენ გაჯიუტდი ბებერ თხასავით.

ბიჭებმა თითქმის ძალისძალად შეათრიეს სანდრო ოთახში.

- რა იყო, რა პატრუქმოდებული დინამიტივით ხარ ამ ბოლო დროს, ბუჩუკურთელო. კაცი გახარებული ვარ, სკოლაში აღვუდგენივარ და ორ წუთში ორი სიტყვა ვერ უნდა შემარჩინო? აბა, დასხედით. ოღონდ კვირას ფიჩხის მოჭრა უნდა მიშველოთ.

- შენ მიდი, სნაიპერო, თუ გინდა, მთელ ეზოს ფიჩხით აგივსებ, - გოგიამ სკამი მიითრია.

- დილით გვიან წავედი ტყეში. გავცდი თუ არა სოფელს, გივის პაპა არ გადამეყარა?! ვთქვი: უკვე დავითარსე-მეთქი. ხვინჭიანისკენ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საითაც ის წავიდა, იქით რა წამიყვანდა? წმინდა შიოსკენ წავედი. მაინც დამთარსა: გზის თავში, ტყის პირას გაჩერებულ მარხილთან, ბაზერაანთ მიხა ჩაცუცქულა და რაღაცას ჩალიჩობს. დამინახა თუ არა, ქორივით არ გამომენთო? დიდხანს მდია და ბოლოს წმინდა შიოსკენ გამავალ ბილიკზე გამიგდო. აბა, იქ მოვურბინეთ მონასტერს.

ბოლოს შიგ შევვარდი და ნიშში დავიმალე. ისიც შემომყვა და მეძებს. როგორც კი გამცდა გამოვხტი ნიშიდან და ისევ გარეთ გამოვვარდი. იმწამსვე გამომყვა. სად წავიდოდი? ჯერ მინდოდა ტყეში შევარდნა, მაგრამ ვიფიქრე: გაბმულია ერთმანეთში ყველაფერი, იმ ერთი მგელივით სადმე რომ გავიჭედო, მერე რაღა ვქნა-მეთქი! ისევ მონასტერს ვუვლით გარშემო. გავრბივართ და თან მიხას ვუყვირი: უკუღმა ვუვლით, არ შეგვეწევა, მოდი, შებრუნდი, შენ გაიქეცი და მე გამოგიდგები-მეთქი! ვინ დაგიჯერა? ბოლოს ვეღარა ვუსაშველე რა და ისევ შიგ შევვარდი.

მიხამ ჭკუა იხმარა და შიგ აღარ შემომყვა. დაჯდა შესასვლელთან და მყარაულობს. თან მპირდება, აქ უნდა გავათენოო. ვფიქრობ: აქ ეს შერეკილი მიხა შიმშილითა და წყურვილით სულს ამომხდის, კაცი ვერ გაიგებს, სადაური სად მოვკვდები, ისევ უნდა გავიპარო-მეთქი. კლდისკენ გამავალ სარკმელზე ავფოფხდი. ვხედავ: ერთი ქვა მოჰგლეჯია და დაბლა გადავარდნილა.

ვცადე და გავეტიე. მერე არც ვაციე და არც ვაცხელე, ერთი უზარმაზარი ბებერი რცხილის ქვეშ გაბმულ მაყვლის ბარდებში გადავხტი, რომ რბილად დავცემულიყავი. გადავხტი, ბიჭო, და, ქვესკნელში არ წავედი?! ვაი, ამისი რჯული დაიქცა, ეს ფეხი მაშინ გადავიქლიშე. აი, ნახეთ, სულ გადაყვლეფილი მაქვს.

- მოყევი, მოყევი, ფეხს მერე ვნახავთ, - გოგიამ ნერწყვი გადაყლაპა.

- წავედი ქვესკნელში და არც მახსოვს, მე ჩავანგრიე თუ თვითონ იყო ჩანგრეული, რაღაც მაინც რბილად დავეცი. ვიფიქრე, ნამდვილად მოვკვდები-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ, რომ გვერდები მიხურს, სახე მეწვის, ფეხი მტეხს და ცხვირიდანაც სისხლი მომდის. ვგდივარ გულაღმა და არა ვტოკდები. მინდა, სისხლი შემიწყდეს. აღარ მახსოვს, როდის შემიწყდა. როცა ავდექი, ვნახე, აღარ მომდიოდა. გავიკარ ჯიბეზე ხელი და პაპიროსი...

- პაპიროსს ისევ ეწევი?

- დამაცა, ბუჩუკურთელო, რა პირში მებდღვენი, კაცი ვკვდები და ეს პაპიროსს მიკრძალავს.

- ხომ არ დაგავიწყდა ვალდებულება?

- მე არ დამვიწყებია, მაგრამ, მგონი, შენ გავიწყდება, რომ მაშინ მე თქვენს მარაქაში აღარ ვითვლებოდი.

- მაინც ვერ გაიმართლებ თავს. კარგი, ჰო, მიდი.

- თუ ყოველთვის ეგრე მეტაკები პირში, ხმასაც აღარ ამოვიღებ.

- დააცა, სანდრო.

- რა დროს პაპიროსია. მერე, ვახტანგ?

- ვწევარ და ვფიქრობ: ახლა ზევიდან ერთი ლოდი და მიხას ტირილიღა მაკლია, თორემ ნამდვილად მკვდარი ვარ-მეთქი.

- არა, იქ გაჩერდი, პაპიროსი რომ ამოიღე.

- ჰო, ამოვიღე პაპიროსი და მოვუკიდე. ასანთის სინათლეზე ვხედავ ჩემი საფლავის აქეთ-იქით იგეთი ხვრელები გადის, კაცი თავისუფლად გაიმართება, ბიჭოს! ეს სადა ვარ? მაღლა ავიხედე - სიბნელეა; იქით გავიხედე - სიბნელეა; აქეთ გავიხედე - სიბნელეა. საით წავიდე? მოდი, საითაც უფრო სიმშრალეა, იქით წავალ-მეთქი.

მივდივარ, მივდივარ და რას ვხედავ...

- რა იყო? - ერთად შეხტა სამივე.

- არაფერი.

- როგორ თუ არაფერი?

- არაფერი, კაცის დაშლილი ჩონჩხი ეგდო და გვერდითაც ეს ფარ-ხმალი ეყარა.

- მერე, ეგ არაფერია?

- რაც მერე ვნახე, იმასთან შედარებით არაფერია.

- რა ნახე, ვახტანგ?

- რა იყო, ვახტანგ?

- თქვი, სული ნუ ამომხადე!

- მაცდით, რომ ვთქვა?

- აბა, მიდი. - აბა, მიდი.

- აბა, ჰე.

- მიხას დევნაში წალდი დავკარგე სადღაც. ხელში არაფერი მაქვს. ვიფიქრე, უნდა შევიარაღდე-მეთქი. ავიღე ეს ჯაჭვის პერანგი, იქიდან ძვლები სულ წამოვბერტყე და მე გადავიცვი. ეს მუზარადიც იქ ეგდო, მოშორებით. ფარი კი მძიმე გამოდგა. თან ფეხი მტკივა. ხმალი კი მაგრად ჩავბღუჯე. კარგად რომ დავიტვირთე საწყალი კაცის ვირივით, მერე მივხვდი, რომ ვეღარსად წავიდოდი. ხელები დაკავებული მქონდა და ასანთს როგორღა ავანთებდი?

ფარი ისევ დავაგდე და ეგრე გავყევი. კიდევ ერთი ჩონჩხი ეგდო, მაგრამ იმას არც რამე ეცვა და არც სადმე იარაღი ეყარა. ისევ წავედი.

- არ გეშინოდა?

- რისა უნდა მშინებოდა, იარაღში ვიჯექი.

- მერე?

- მერე გავიხედე და რას ვხედავ.

- რა იყო, ვახტანგ?

- რაღაც შუქივით კიაფობს სადღაც.

- რა იყო, ვახტანგ?

- რა იყო, ბიჭო!

- მივდივარ, მივდივარ და რას ვხედავ... ბიჭებო! - უცებ წამოჯდა სნაიპერი და აკვნესდა. - ბიჭებო, წმინდა შიოს მონასტრიდან აკადემიამდე ნამდვილად მიდის გვირაბი, ფერისცვალების საყდრის ქვეშ ამოხეთქილი წყალიც იქიდან მიდის, იმ გვირაბით. მე თვითონ ვნახე უზარმაზარი ქვის აუზი. თიხის მილებით მიჰყვება წყალი გვირაბს.

აუზი თურდოს კლდის გამოქვაბულშია. უამრავი გამოქვაბულია. ოთახები ერთმანეთს ხვრელებით უერთდება. ერთს კი ხის კარი აქვს, იქითა მხრიდან დაკეტილია. ყველა ვერ დავათვალიერე. იქიდან მთელი თურდოს ხეობა ხელისგულივით მოჩანს. შიგ უამრავი ოთახია, მთელი სოფელი დაეტევა, იარაღი და კაცის ჩონჩხები რიყის ქვასავით ყრია. კიდევ ბევრი რაღაცეებია თახჩებში.

დაღამებისა შემეშინდა, თორემ კიდევ დავათვალიერებდი. ოოჰ, ბიჭებო! წმინდა შიოს მონასტრიდან ნამდვილად არის გვირაბში ჩასასვლელი. მე ვერ მივაგენი, მაგრამ ნამდვილად არის ჩასასვლელი!

- მაშ, როგორ ამოხველ, სნაიპერო?

- უკანვე, ისევ იქ მივედი, საიდანაც ჩამოვვარდი. ნამზღვლევზე ავედი და კარგად დავათვალიერე იქაურობა. ქვევრის ნამტვრევები ეყარა. იქვე ჩამოდიოდა ხის დიდი ფესვი. ხმლით საფეხურები გამოვჭერ კლდეზე და ფესვამდე ამოვცოცდი ზევით.

- ესენი როგორღა ამოიტანე?

- ძალიან გამიჭირდა. ორჯერ ჩავვარდი ძირს, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა, რომ ზევით მიხა მიცდიდა. უამისოდ როგორ გავბედავდი მაღლა ამოსვლას.

- ვინ ამოთხარა ის ორმო, სნაიპერო?

- ორმო კი არა, მე მგონი, ქვევრია იქა, უზარმაზარი. ზედ გვირაბის თავზეა ჩაგდებული. შიგ იმ დიდი რცხილის ფესვია ჩაკიდული. მერე ან იმ ფესვმა და ან რაღაცამ ქვევრს ძირი გააგდებინა და გვირაბში ჩააგდო.

- რას მიჰქარავ, ლუკას ბიჭო, ფესვი ქვევრს რას უზამს?

- რას ამბობ, ვანო, ჩვენ ოცდაათჩაფიანი ქვევრი დაგვეღვარა ღვინით სავსე. მერე მამაჩემმა ნახა და თქვა, ფეს- ვს გაუხვრეტიაო, და მოჭრა ის დიდი ხართუთა, მარანთან რომ იდგა.

- დაიცათ, ბიჭებო. მერე, ვახტანგ? - მერე არაფერი. როგორც იყო ამოვედი და იმ ბარდებიდან გამოვძვერი. ჯაჭვი მაცვია, მუზარადი მახურავს და ფარ-ხმალი მომარჯვებული მაქვს. მიხა კი არა, ახლა მთელი ბაზერაანთ უბანი რომ დამეცეს, ფიქრი არ არი. გავიხედე, მიხა თავისი სიტყვის პატრონად დარჩენილა და კედელს აკრული მე მყარაულობს. დამინახა და იქვე გაშეშდა: ან რამე მოჩვენება ვეგონე, ან ავი სული.

ბილიკზე ისე გავედი, რომ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მივდივარ და ფეხი თანდათან მტკივა. ვფიქრობ, მიხა მალე მოვა გონს და ამ რკინეულით დატვირთულს დამეწევა, მოდი, გადავყრი-მეთქი. თანაც ფეხი მტკივა. არა, თუ დამეწია, ეს უფრო გამომადგება-მეთქი. გავიხედე და რას ვხედავ იმ ბინდბუნდში: ამ ჩვენი მიხას ცხენი თავისი მარხილით ისევ იქ არ არი?! ოღონდ ნათესში გადასულა საწყალი და დამშეული ახლად ამოწვერილ

ჯეჯილს წიწკნის. გამოვიყვანე გზაზე, დავჯექი მარხილზე და, რომ ვუცხუნე ხმლის ყუა, მაშინვე ფრთები გამოისხა. მოვქრივარ და ვფიქრობ: მიხამ ნიშადურიც რომ ამოიცხოს, მაინც ვერ დამეწევა-მეთქი. ჩამოვედი თუ არა შინ, დედაჩემმა პირი დააღო: ეგ ხარახურა სად იშოვე ან ცხენი და მარხილი ვინ მოგცაო?

- მიხამ მათხოვა-მეთქი, გადმოვცალე და უკანვე წავუყვანე. დედაჩემი კი მომძახის:

ჩემ მაგიერ დიდი მადლობა მოახსენეო... ის უნამუსო მიხა კი მოსულა და ფიჩხი უკანვე წაუღია. მარტო ის შემრჩა, რითაც პური გამოაცხო დედაჩემმა.

- ეგ არაფერია, ფიჩხს ჩვენ მოგიჭრით. ის მაყვლის ბარდები სად არი?

- აა! ვერ მოგართვით! სანამ ფეხი არ მომირჩება, არ გეტყვით.

- ამის თქმა რად გინდა, სანდრო? დიდი რცხილააო, მოვძებნოთ და ვიპოვით.

სნაიპერმა თვალები ნაკვერჩხლად აქცია.

- ეფრემას ბიჭო, შენ რომ იქ უჩემოდ ფეხი მისდგა, ბარემ წინასწარ ეზიარე.

- ვახტანგი მართალია, გოგი, დიდი უნამუსობა იქნება უამისოდ იქ წასვლა. ნუ გეშინია, ვახტანგ, მე ვაგებ პასუხს იმ რცხილაზე, სანამ ფეხი არ მოგირჩება.

- კარგი, სანდრო, შენი იმედი მაქვს.

- გივის არ ვუთხრათ?

- მომირჩეს და მერე ვისაც გინდათ, უთხარით.

- მოდი, რომ მალე მორჩეს, საავადმყოფოში გადავიყვანოთ.

- ე-ე-ე, ვანო, ხომ არ გავიწყდება, რომ მთელ საავადმყოფოს ერთადერთი ოთახი აქვს და იქაც ნიკო წევს?

- ახლა ხმასაც აღარ გაგცემს. შეიძლება იმღეროს კიდეც: „ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენო“.

- ნიკოს ძაღლი არ ენდობა, მე იქ რა მიმიყვანს?

- იმ ორმოს იქით აღარ წასულხარ გვირაბში?

- ცოტა თავქვეა, თანაც რატომღაც სველი. შემეშინდა, არსად გადავიჩეხო-მეთქი... იქით კი, იქით რა ამბავია! უუუ, ბიჭებო! მთელი გამოქვაბული სავსეა... არა, სანამ თქვენი თვალით არ ნახავთ, არ დაიჯერებთ.

- უკაცრაული პასუხია, მაინც როდის წავალთ, როდის?

- როგორც კი ფეხი მომირჩება.

 

დასასრული

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ