|
ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!.. ჩემთვის ისე ძნელი არის თავის აწევა, ტელეფონთან მისვლა, შენი ხმის გაგონება... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
ძველი ფურცლები... შეგონებები, დაწერილი ლამაზი ხელით, წარსულის მითი და ოდესღაც ნათქვამი ფიცი... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
თვისი სიმღერა?! მე ავადა ვარ, სისულელით, ჩემი ზნისაგან, რადგან, ყოველთვის, როგორც ოქრო, მეზოგებოდა ჩემი თავი - ჩემივ თავისთვის... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
დავეთხოვო ჩემს სისუსტეებს, რადგან სანაცვლოდ არავინ მომცემს უკეთესს, ვიცი, და სიზმარსაც არა ვცვლი ცხადში... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
მეც მშვიდად ვიხდი, ზრუნვა და წყენა კარის ზღურბლთან მელოდებიან და მეც ვაპურებ, მაგრამ განა მშვიდად ვარ მართლა?! ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.
როს ისეთი ოცნება მქონდა, ასრულება და ახდენა რომ არ სჭირდებოდა. განა ვუნდივარ კვლავ გუბის წყლებს და ხეკაკუნებს?.. ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
რომ პოეტი ვყოფილიყავი, ეს შენ დამბადე მე პოეტად და რომ იცოდე, როგორი ძნელი რამ ყოფილა რომ იქცე იმად, რისთვისაც გაჩნდი, რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე!..
როცა შენი გულის საამოდ ვუწერდი ლექსებს ჩვენი ფანჯრის მეწამულ მთვარეს, მაგრამ მე განა ის ლექსები გულს მიფონებდა?
რამე ისეთი, რომელიც ყველას ნუგეშსა და შვებას მოჰგვრიდა, შურს იძიებდა კაცი რითაც ამ ცხოვრებაზე, რითაც დაკარგულს შეივსებდა და ცრემლს დაცლიდა... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
გინახავს განა, რომ ეჭვი ახლდეს სარეცხ ფხვნილის სრულქმნილ რეკლამას? ჩემი საქმე კი ეჭვთან არის დაწყვილებული... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
და იმას ვნატრობ, რომ საერთოდ არ მქონდეს კანი, რომ უფრო მძაფრად ვიგრძნო ქვეყნის ყველა წვრილმანი, ყველა ნემსი, ყველა წამწამი... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
რა მკვლელი უნდა იმას, მითხარ, რა მოშურნალი, როს ლუკმა-ლუკმა მიაქვთ ლექსებს მისი გულ-ღვიძლი... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
და ვერ მპასუხობ, თუ ვინ მიმცა ოთხივ სტიქიას და ლექსის წერა დამაკისრა მკაცრი პირობით: რომ მწვანეზე არა ვთქვა - „მწვანე“... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ!..
ყველა სახლისთვის, ყველა გულისთვის, ყველა მყუდრო ბალიშისათვის, მე დავიკარგე და შორიდან ვხედავ ჩემს პერანგს, უპატრონოდ ქარში დარჩენილს...
ერთი დღე, ერთი წელიწადი, ერთი სიცოცხლე ცოტა არიან იმისათვის, რომ სხვაგან ვიყო, მე შენთანა ვარ, შენთან ვიყავ, შენთან ვიქნები... ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ! |
| ლექსები დედაზე • • • |
















