აი, ქვეყანა, სად უნაყოფოდ უბრალო ხეც კი არ დარხეულა, მთა ჩახვეულად მთას ეფარება, შიგ ელვასავით გზა დახვეულა. რომ სიხარული იგრძნოს სხეულმა, მიდამო პურის ნამქერებს მიაქვს, მზის შადრევნებით ცა გარღვეულა. ტყის ფარჩეულით შემოსილები, ისევ ფრიალო დაღმართებია, ირგვლივ ჟღერაა სხივთა სიმების, ამოქსოვილი ოქროს სირმებით, ტანად მაღალი და რქანაყარი ხეები დგანან, როგორც ირმები. დაშორებულან უბნებს უბნები, ხშირად, ფოთლების ლაჟვარდებიდან, ბრწყინავს ატმები და ალუბლები. წაშლილან ცის და მიწის ზღურბლები, მარცხნივ გახედავ: მთის ფერდობები დაფარულია ცხვრების ღრუბლებით. გზებით, ნარებით, წალამურებით, აყვავებულან ბაღში დროშებიც ფერწითლები და საამურები. გაყვითლებულა ცა ალმურებით, ძლევამოსილი შრომის დიდებას მღერიან ქარხნის სალამურები. ხვავად ქცეულა სოფლის ამაგი, ვეღარ ეტევა ქვევრში, ბეღლებში ხორბლეულის და ღვინის მარაგი. დაუშრობელი შრომის ბარაქით, ღვივის სოფელი: გლეხის ეზოში დგას სურნელება რძის და კარაქის. ცა დაგადგება მწვანე ტევრების, ზოგან ქლიავით დაბინდულია, ზოგან - ნარინჯთა სხივთ შადრევნებით. რომ მოგაწოდონ მწიფე მტევნები, დაგავიწყდება შენი ასაკი, ვაზებს ბავშვივით აედევნები. შავი ზღვის პირად აღმართულია თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას, მისგან ღრუბლებიც დაფანტულია. ხან ვენახებით დახლართულია, მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი, ცა - ფიროსმანის დახატულია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |