|
ღვთისმშობელო, გევედრები, ზეცა გამოადარო... ბეწვის ხიდზე საქართველო, დიდხანს უნდა ატარო?..
სამზეო, საიეთი... ბერთა, ბანა, ბეთანია, ბუგეული, ბიეთი.
არტანუჯი, ხახული, შატბერდი და თუხარისი, ტაო - ჯერ არნახული!
ალავერდის სიმაღლე, ბეშქენ, ბექა ოპიზრების ჩუქურთმების სილაღე.
ქვათახევი, ქსოვრისი, ოშკი, ოთხთა ეკლესია, ოპიზა და ოძისი.
პარხალი და ურბნისი, ხობი, ხირსა, ხორნაბუჯი, ხეითი და ხერთვისი.
საქართველო პატარა! სამთავისი, სამწევრისი, სამშვილდე და საფარა.
მაცხვარიში, მანგლისი, ნეკრესი და ყველაწმინდა, ლაშთხვერი და ლარგვისი.
შუამთა და ვარძია, ლიხნი, ზარზმა, ზედაზენი, ტბეთი, ტბისი, ტანძია.
ვაშნარი და ვაჰანი, ქურმუხი და ქოლაგირი, ხუნანი და ხიხანი.
ყინწვისი და ყორნისი, ჩაჟაში და ჩაილური, ბოდორნა და ბოლნისი.
ნიქოზი და ნუნისი, კლდისუბანი, ბერთუბანი, რკონი, რუხი, რუისი.
უფლის მადლი აწვიმდა! - ატენი და ანჩისხატი, მეტეხი და მთაწმინდა.
მრავალწყარო, ოფრეთი, ლაილაში, ლელიანი, ორბელი და ორბეთი.
გომარეთი, გავაზი, სარკინეთი, სეფიეთი და საყდარი ლამაზი.
ტაძრისი და ცხრაწყარო, უძლეველი ლორეს ციხე, სალხინო და სამთავრო.
ლექართი და მარტვილი, სხალთა, ხანძთა, ტვინი, ტვანა, ტაშისკარი, ტაშირი.
ჯაყის ციხე, ჯავისა... წებელდა და წამებული, წირქოლი და ძალისა.
უჯარმა და უდაბნო! ნარიყალა, ფერიყალა, მოწამეთა - უბადლო!
ხიხაძირი, ხვანჭკარა... ჯავახეთი, აფხაზეთი, გურია და აჭარა!
კოლხეთი და ლაზეთი! გრემი, გაგრა, განთიადი, კახი, კეხვი - კახეთი!
ღვთისგან ნათავაზები! ნაკიფარი, ნარაზენი, ნარი, ნადარბაზევი!
ჰერეთი და მესხეთი! ბეჩო, ბზიფი, ბეშთაშენი, ბოჭორმა და ბესლეთი.
იყალთო და ჟალეთი, ლიახვი და დარიალი, ვანთა, ვალე, - დვალეთი!
რაჭა, ქართლი, სვანეთი! მოხატული საქართველო - ფუნჯით და სავანეთი!
ახდენილი ზმანება... ანგელოზის ფრთებზე მდგარი საოცარი სამება.
პირიმზე და ლაშარი... მოირწევა ქართვლის გზებზე ვაზთა დიდი ლაშქარი!..
ვაზის მადლით აფერე, - ოქონა და ოქროულა, ოცხანური საფერე.
შავი განახარული, დიდშავა და მტევანდიდი, ქართლის დანახარული.
შავი არაბეული, დევისთვალა, ჩიტისთვალა, თეთრა, ნაფარეული.
ხარისთვალა კახური... გრძელმტევანა, დიდმტევანა, შავი გაბეხაური.
მტრედისფერა, მაისა... ვარდისფერად დააფერა აფხაზური - აისმა.
გორულა და განჯური, ჩხავერი და ოჩხამური, კრახუნა და კლარჯული.
ციცქა, ცოლიკოური, ალმურა და ანდრეული და ალექსანდროული.
თეთრი ჯავახეთურა... შავშურა და შავჩხავერა, ხიხვი და ხოტეურა.
და რაბათის წითელი... საკმიელა, საირმულა, რცხილი და რქაწითელი.
მზესთან გადახლართული!.. საადრეო ქართული და, ქართულა და ქართლული.
თეთრი ათინაური, ცანაფითა, ცივჩხავერა და ცრუ ცოლიკოური.
ვაზთა დასავანეთი!.. მუკუზანი, წინანდალი, ხვანჭკარა და ჰერეთი!
ჩაკმაშურა, ჩეჩქიში... ჩხაბერძულა, ჩხინკოური, ჩერგვალი და ჩიჩკიში.
მზის სარკმელში მბზინავი... ადრეულა მცვივანი და იმერული მცვივანი.
და სიმონასეული, მეჯვრისხევის საფერავი და თვალდამწვრისეული.
შავ-წითელა ვაზები... თეთრა ღვინით ავსებული ქვევრები და თასები.
კაპისტონი - მეგრული... ღრუბელა და ღვინის თეთრა, და მანავი - მეფური!
ვაზით მიმოხატული! ალავერდი, ახაშენი, ტვიში, ალადასტური!
თეთრი ვაზისუბანი, კარდანახის წარაფი და ღვინო - ვარდისუბანის...
ვაიო და ვერნახი, მსხვილთვალა და ყორნისთვალა და მამუკას ვენახი.
ზვრებად გადაჭიმული... ფართალა და ფეროვანი და არაგვისპირული.
თეთრი მეგრელაური... ქველოური, ქაქუთერა, - დიდი ქინძმარაული!
ხოფათური, ხითერი, ნათელა და ნაშენება, წითელი და ყვითელი...
ჯანი, მირზაანული, ფითრა, ქისი, ფერუანი, მარჯენი და მაური.
ქარვისფერი ჭალები, ვაზის ცრემლით შევსებული დოქები და ჯამები.
ჭურები და მარნები, ოქროსფერი ვენახები, - ხელით საგოგმანები.
ნამიანი მარცვლები, მინდვრები და წარაფები, ოდები და ფაცხები.
ჩემი ურჩი ვაზები: ლეჩხუმური აფხაზურა, ჯვარი და გავაზები!
ღვინო დამათრობელი, იწურება საღვთო ქვევრში ვაზთა საგალობელი!..
ვაზით შემოჯარული! - ჩაკრულო და ზამთარია, მოხევური ჯვარული.
დავლური და მხედრული, საქორწილო კახური და საქორწილო მესხური.
ვარდნი და ლოტოსები, საოცარი სამაია, - ფრესკის ანგელოზები.
საცეკვაო, სუფრული, საფანდურო, საფერხულო, მაყრული და ურმული.
არალე და არალო, წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა, ალილო, არალალო.
ტკბილი ძილისპირული, იავნანა, იავნანო, ზარი, კალოსპირული.
კალოური, კევრული, შავლეგო და სისა ტურა, ხანჯლური და ფერხული...
დალა, ოქროს დიელო, დიდება და დიამბეგო, ლაზარე და ლილეო...
ჩონგურო და ცანგალა, გონაშვილის ბროლის ყელი, მთის ჩანჩქერზე ანკარა.
ბგერა, როგორც ალმასი... ნანა, რიხი, ხეურო და ჭონა, შაშვი ლამაზი.
ცირა და კრიმანჭული... ნენევ, ნენევ, - აჭარული! გუდასტვირი - რაჭული!
კახის - შემოძახილი! გრძელი მრავალჟამიერი, ჭერი - ცამდე ახდილი!
საზეპურო ქვეყანა... შაშვი კაკაბს ექიშპება, წყაროს - დედას ლევანა.
ნაომარ-ნამეხარი! ალაზნის პირს გაყოლილი ჩემი შავი მერცხალი.
მომაკვდავი გედია?! ნუთუ აღარ მფარველობენ ბეთლემი და ბედია?..
უფლის მადლი მცირედი? შემოუწყრა ცეცხლის ჯვარი, ცუცხვათი და ცხირეთი?
სვეტიცხოვლის სხეული... და ბარბაცებს საქართველო - დაჭრილი და სნეული!
ალესილი ბებუთი... და ზანზარებს გუდარეხი, გერგეტი და გეგუთი!
კორცხელი და იკორთა, და ჭიხვინებს თეთრი ცხენი იფრართან და ილორთან!..
მთები ათასფერადი! და ინგრევა, და ირყევა, - ბაგრატი და გელათი!
არა, ჩემო მამულო! ჩემო იმერ-ამიერო, ცრემლით თვალდანამულო!
ანგელოზის სადარო, მიწავ, სისხლით გაპოხილო, ქრისტეს კვართზე ნაბარო!
შენი გადაშენება, შენ ხარ უფლის აკვანი და დედამიწის მშვენება!
საქართველოს ცისკრებო... ამობრწყინდი ზღვის ქაფიდან, ხატო - განსაცვიფრებო!
ზეცა გამოადარო!.. ბეწვის ხიდზე იბერია, დიდხანს უნდა ატარო?.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















