კითხვა
კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ, ლამაზად მორთულ და მოკაზმული; მაგრამ რამდენადც მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული.
გისმენ და სმენით ყური ვერ ჰძღება; მაგრამ რამდენადც საყვარელი ხარ, იმდენად უფრო გული მიკვდება.
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული? მაგრამ რამდენადც მადლით სავსე ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული.
შენი სიმდიდრე, შენი უხვება; მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ, იმდენად უფრო გული მიკვდება.
სად სიცოცხლეა გახარებული, და რამდენადც შენ ცხოველ-მყოფელ ხარ - იმდენად უფრო რად კვდება გული?
პასუხი
- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!.. ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!.. იქ თვით სამოთხე ჯოჯოხეთია, სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, - და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია; და ან იქ რა ჰქმნას თვით წმინდათ-წმინდამ, სად ცოდვას მადლი დაუძლევია?
ლუკმა-ნატრულნი ერთმანეთსა სჭამთ, მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..
უდაბნო-ღაა ურგებ-ურწყული, სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა სული მართალი და წრფელი გული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |