შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია, სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა, შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია, ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.
მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი, ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები, კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული, ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა, ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება, მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები, და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები, მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი, გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს, ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან, დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ, ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას, ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი, ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული, და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას, წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი, ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს. |