შენი სული დაჭაობდა, შენ მაგ ჭაობს ვერასოდეს გაიგებ, ვითომ ჩემმა აჭარლობამ საქართველოს შეუგინა რაიმე?!
ყველა ტკივილს დრო მოჰკლავს და წაიღებს, ნუთუ ჩემმა აჭარლობამ, საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
თავად ჰკითხე შენ ხელდასმულ კაი ყმებს, აჭარლობამ, ამ ბედკრულმა აჭარლობამ, საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
სისხლიანი მუხის კუნძი, ვაიმე! იმ სისხლმა და იმ მდუღარე ლეკერტებმა საქართველოს წაუბილწა რაიმე?!
გაჭენდება გმინვა ყველა ეზოდან, ჩემი კაი და ძირძველი აჭარლობა მავანს გულზე ეკლად რატომ ესობა?!
რა ჯოჯოხეთ-ჯურღმულებში მზირველი? ტბელობა და სელიმობა გან არ იყო ქართველობის საწინდარი პირველი?!
უნებურად ხელს ხანჯალზე გაივლებ, ნუთუ ჩემმა სევდიანმა აჭარლობამ საქართველოს წაუხდინა რაიმე?!
შავ გულგვამში გამომწყვდეულ მამათა, რომ ნაღდი და ჭეშმარიტი ქართველი ვარ, იქნებ სულაც ეს არ მოსწონთ მავანთა?!
იქნებ სულაც ვერ იავთანდილა, ჩვენი იუსუფ კობალაძის ყაბალახმა, ჩვენი ნანა გვარიშვილის მანდილმა?!
ყოველივე აქ ხომ სისხლით შენივთდა, იქნებ რამე აქვს სადავო საქართველოს ყაბალახში თავმოკვეთილ სელიმთან?!
წარმართული ქვა-ქუსლებით მილეწეს, ღვთაებრივი ქრისტეს ჯვარი, საქართველოს მე - პირველმა მივეცი!!! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |