როცა ლაჟვარდი ქარვის ათასებს დაკენკავს გველის მოხრილი კბილით, როცა მთაწმინდის გაშლილ კალთაზე მიეძინება დაქანცულ თბილისს. ღია თვალებით ვხვდები განთიადს, სტრიქონებიდან ჭიხვინებს რაში და სტრიქონებში ცეცხლი ანთია. ყველა სიტყვიდან წარსული დგება, ნარიყალასთან გუგუნებს ჯარი, ნარიყალასთან ვაჟკაცი კვდება. მოაქვთ წკრიალი ოქროს ნალისა და გრიგალივით შეარყევს ხოლმე მიწას ფარ-შუბი გორგასალისა. ყანის მაგიერ სისინებს ნამჯა და კრწანისიდან ამდგარი ჩონჩხი მკერდზე იხუტებს სისხლიან ხანჯალს. მეტეხს ბუზივით მტერი არტყია და სააკაძე დაჭრილი, იქვე ჩოხის ნაგლეჯით იფენს ნატყვიარს. ქრება თვალები ქრება სანთელი, გაედევნება სოფლის შარაზე გაქცეულ მხედრებს კორიანტელი. გადანამულა წამწამი ხშირი, ხელხანჯლიანი ბელტს ჩაეხვევა მთიდან მოსული ასპინძის გმირი. წითლად შეღებეს ანკარა მტკვარი, ტიალ მიწაზე ტიალად გდია ვაჟის ჯურხაის ნელეწი ფარი... მაგრამ ნუგეშად ვერაფერს ეტყვის, წითელ ლაქებად კრწანისზე რჩება ნატოტარები დაჭრილი ვეფხვის. შემოელეწა საძუე თითბრის და ნახტომებზე გაკრული შავად არაგვისაკენ მხედარი მიჰქრის. ნალს ბილიკებზე ცეცხლი ედება... დავხურავ წიგნს და ჯურხაის ფარი ისევ სტრიქონში ჩაიჭედება... მუზარადებზე ბეგთარის ცემა, ამ ლეგენდებში გაიდგა ფესვი შენი ცხოვრების გადასულ დღემა. ქართლოსიანთა ძველი სიგელი, - ყოველ ტყიდან და ყოველ ღელედან შავი ნანგრევი სტუმრად მიგელის. გმირთა აკვანი სადაც არწია, მოგიგონებენ ყოველ ცისმარე შენი არმაზი შენი ვარძია. მაძიებელი გარდასულ დღეთა. შენ მოგიტანა საჩუქრად თურმე თამარ დედოფლის ბეჭედი მცხეთამ. მოგიტანია სამშობლოს დროშით, ცაზე ცისკარი ანთია ისე, როგორც უზანგში თამარის ქოში. ახლა გაზაფხულს შეჰხარი - ვიცი, მზის მონათალი შენი სახელი სიამაყეა ქართული მიწის. შუბლზე არქივის მტვერი გდებია, დამიდასტურებ, ერეკლეს კართან თუშის აჩრდილიც მოგლანდებია. ვერ გიმასპინძლებ თამარისთანად, - აჰა, მიიღე მთიდან ნამღერი, არწივმა კლანჭით გადმოგიტანა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |