შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზის ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვსი საუკუნის წინად...
როს გათენდა, მზით ანთებულ ზემდეგ, სერზე აველ, მთაწმინდაზე შევდექ ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი - დიდის გზნებით ასე იყავ სავსე ოცდაექვსი საუკუნის წინად...
ჩემს ახლოს დგას კაცთ ახალი ტომი. ხელთ უპყრია ლექსთა ჩვენთა ტომი - ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
ხვეულები გრეხილების ორფის, გაშვენებდა ახლის წინამორბედს ოცდაექვსი საუკუნის წინად...
გულმხურვალე, როგორც ზრუნვა მშობლის. ხარ აღმდგენი ქალაქის თუ სოფლის ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
უდარებლად მცოდნე ლექსის ხერხის. ეს შრიალი იყო მრავალ ვერხვის ოცდაექვსი საუკუნის წინად...
შენ შეჰხარი თავისუფალ მხარეს, შრომას ერთგულს, თავდადებულს, ცხარეს, ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენ ჯერ უშლელს მაშინ ჰგავდი კოკორს. აწ სულ სხვა ხარ, არ იმგვარი, როგორც ოცდაექვსი საუკუნის წინად...
რა იყო და რაა ახალ ბრწყინვად - ოცდაექვსი საუკუნის წინად, ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ. |
ლექსები დედა ენაზე • • • ![]() |