ენავ, ქართულო, სიბრძნის სატეხით გამოკვართულო, ღვთიურო მუზავ, ქართველის სულში ამოქარგულო, ენავ ქართულო, ლაზარეს ენავ, იდუმალებით განკითხვის დღედ გადანახულო, კოლხთა, იბერთა ისტორიავ, ოქროს საწმისო, მხოლოდ ქართველთა საკუთრებავ - სხვა... არავისო! დიდ ფარნავაზის პერგამენტო, ბგერათმეჯლისო, რუსთველის ენავ, სიბრძნისა წყაროვ, სამარადისოვ, შენ იაკობის "დედა ენავ", ქართველთ აკვანო, ღვთით ნაბოძვარო საჩუქარო უფლის სამყაროვ, ძნელბედობის ჟამს ქართველთ ფარო, ქართველთ მახვილო, ილიას თერგო, ვაჟას არაგვო, ვერ დალეულო, ჩემო ხატებავ, ჩემო ერთავ, ჩემო ეულო... შენ, ცისარტყელის შვიდფერიდან ამორჩეულო, ვაზის ცრემლებად ჯიხვის რქაში გამომწყვდეულო, ჩემო ბერმუხავ, მუმლისაგან შეწუხებულო... ცის უკვდავებავ, დედამიწას შედუღებულო... ენავ, ქართულო, ჩვილს აკვანში ჩახუტებულო, ბევრჯერ მტერთაგან ნაოხარო, ვერგათელილო, ენავ, ქართულო, ჩემო ზვარო, ჩემო მამულო! ჩემო აწმყოვ და მომავალო, ჩემო წარსულო! |