ა აელვარებს ალიონი ალაგ-ალაგ ღრუბლის ფენას, არწივებმა ადრიანად აღმა-აღმა იწყეს ფრენა. ბ ბაიები, ბარდი, ბალბა, - ბიბინებდა მდელო ბაღთან, ბუერებთან ნაკადულში ბატი ჭუჭულებსა ბანდა. გ გაგვიფრინდა გნოლის გუნდი, გადაევლო გაღმა გორებს. გვრიტი გედებს გასძახოდა, გუგულებმა გაიგონეს. დ დედულეთში დედაბოძთან დედამ დასვა დათო დიდხანს, დედაენა წინ დაუდო და ანბანი წაუკითხა. ე ეძებეს ეკამ და ელომ ენძელა ტყეში იმ დილით, ეშმაკს ამსგავსეს ხის კუძი, ეზოს მოადგნენ სირბილით. ვ ვაკეზე ვაზი ვახარეთ, ვრცელი ზვარი გავაშენეთ, ვენახს ვაზი, ვაზს მტევანი, ვაჟკაცს შრომა დაამშვენებს. ზ ზურმუხტოვანი ზაფხული, ზღვის სანაპირო მზიანი, ზედიზედ წყალში ხტებიან ზაზა, ზეზვა და ზვიადი. თ თხილებთან თეთრი თიკნები თითქოს თამაშით გართულან, თან თრთოლვით უთვალთვალებენ თამამად მყეფარ ბათურას. ი იფნების იქით იელი, ირემი მშვიდი იერით იჩქარის შორი ტყისაკენ, იქ ნორჩი ნუკრი მიელის. კ კორდზე კერკეტმა კაკალმა კარგად მოისხა ნაყოფი, კოდი ავავსეთ, დავტოვეთ კიდეც ციყვების სამყოფი. ლ ლაჟვარდი ლაღად ლივლივებს ლამაზადა ფრენს მიმინო, ლეღვის შტო ჩიტებს იფარავს, ლოდთან ყვავილობს ღიღილო. მ მთები მწვანედ მოირთვება, მოსცილდება მუხას მუმლი, მტერი ვეღარ მოგვერევა, მამულს კარგად თუ მოვუვლით. ნ ნიკო, ნონა და ნოდარი ნეტავი რას აკეთებენ ნაირნაირ ნერგებს რგავენ ნარ-ეკლიან ნაკვეთებზე. ო ოლეზე ორი ოფოფი ონავარ ბარტყებს ზრდიდა, ოთხმოცდაათ დღეს დასჭირდა ორივეს საზრდოს ზიდვა. პ პატარ პატარა პეპლები პირიმზეს თავს დაჰხარიან, პაპუნამ ამ ლამაზ ყვავილს პეშვით აპკურა წყალია. ჟ ჟამით ჟამამდე ჟინჟღლავდა, ჟუჟუნა წვიმაც დიოდა, ჟოლოზე ჟრუნი ჩიტუნა ჟივჟივებდა და ჩიოდა. რ რა რხევაა რტოთა რიგის, როგორი დგას რია-რია. რცხილიანში რემა მირბის, რაშთა რბოლა-გრიალია. ს საამო სიო სისინებს, სათიბი თრთის და ღელავს, სუყველას ლაღად აცეკვებს სამყურას, სვიას, ლემას. ტ ტაროებით ტენის ტომრებს ტოლს არ უდებს ტატო ტოლებს ტეხენ სიმინდს, ჭრიან ჩალას, ტყემლის ძირას ყრიან კონებს. უ უჩას უზანგ-უნაგირით ურჩი კვიცი შეუკაზმავს, უცებ ზურგზე მოქცევია, უკან შემოუსვამს ზაზა. ფ ფუტკრებს ფართი ფუღუროში ფიჭა უდევთ ფენა-ფენა ფერად ფერად ყვავილებზე ფუსფუსებენ მინდორ-ველად. ქ ქარში ქანოაბს ქორაფი, ქარაფთან ქრიან ქორები, ქედებზე თოვლი მოსულა, ქათქათებს თეთრად გორები. ღ ღვივის ღუნღულა ღრუბელი, ღებავს დაისი ცის კიდეს, ღობესთან მაღალ ტყემალზე ღაბუა ჩიტი ჭიკჭიკებს. ყ ყელყელაობს ყვავილნარი, ყანის პირას ყრია ძნა, ყიყლიყოო, მამალაყინწამ ყველა გამოაღვიძა. შ შავი შაშვების შვილებმა შვრია აკენკეს ყანაში, შინდის შტოებზე შეფრინდნენ შექმნეს სიმღერა-თამაში. ც ციცქნა ციყვებმა ცაცხვებში ცხრაკარა ბინა გამართეს, ცხრაგვარი ხილით ავსებენ ცარიელ გოდორ-კალათებს. ძ ძეწნების ძირას ძროხა ძოვს, ძაღლს მიულულავს თვალები, ძიძგილაობენ ლეკვები ძვლის გამო ძილგამკრთალები. წ წამდაუწუმ წვრილად წვიმდა, წიფლიანში მოცვი მწიფდა, წყნარად იდგნენ წიფლის ხენი, წვერი ცისთვის მიეწვდინათ ჭ ჭივჭავები ჭიკჭიკებენ, ჭვავს კენკავენ ჭალაში, ჭრიჭინებიც შეაშინეს ჭინჭრებსა და ჩალაში. ხ ხევგაღმა ხარობს ხეხილი ხურმა, ხურტკმელი, ქლიავი... ხან აწვიმს, ხან მზე დაჰნათის, ხან აშრიალებს ნიავი. ჯ ჯიშიანი ჯიხვების ჯგრო ჯიქურ ხტება კლდიდან კლდეზე, ჯახაჯუხი ისმის რქების ჯანღიანი მთების თხემზე. ჰ ჰერიოდა, ჰოოპუნა, ჰარალე და ოროველა - ჰანგებს ვმღერით ჰაეროვანს, ჰარმონიის ისმის ჟღერა. |