მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2828 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ილიადა გადვიკითხე

ქართველების ჰომერისა,

სხვა მწერლებიც მივაყოლე

სულ სხვა და სხვა ნომერისა.


ჭკუა-გრძნობის ლამპარ-შუქი

შარავანდად მომეფინა,

თვალი ვეღარ გავუმართე,

დავხუჭე და დამეძინა...


გულის-ძილში მომეჩვენა

უცნაური ბებრუცანა!..

მე ჩემ დღეში არ მინახავს

სულიერი იმისთანა:


თავ-შიშველა, ფეხ-შიშველა,

საზიზღარი ყოველი მხრით...

თავზე მადგა დატვირთული

ზურგზე გუდით, ხელში დავთრით.


შემეზიზღა!.. დავეკითხე:

ვინ ხარ და რა სულიერი,

საამქვეყნო რომ არ გაძევს

არც ხორცი და აღარც ფერი?!


მიპასუხა: "მე ისა ვარ,

შარშან ამდროს რომ მელოდი;

დღეს კი გინდა გამისტუმრო,

მომაყარო ქვა და ლოდი?! “


„შარშან მთხოვდი: „მოდი, მოდი!“

დღეს იძახი: „წადი, წადი!“

მაშინ ვიყავ მე „ახალი“,

ახლა - „ძველი წელიწადი“.


„მე მივდივარ, სხვა მოგიდით

სანატრი და სასურველი,

მაგრამ ისიც შეგძულდებათ,

რომ გაივლის ერთი წელი“.


„ქვეყნის სურვილს, ქვეყნის იმედს

ვერც „ახალი“ გაამართლებს!..

თქვენს ცოდვებს და თქვენს შეცდომას

რად აბრალებთ მიმავალ-წლებს?!“


„თავ-მოყვარე ადამიანს

მოსწონს თვისი ჭკუა-გრძნობა

და მიტომაც ეძნელება

თავის თავის გამოცნობა.“


„უსამართლო ქვეყანაში

დიდს, პატარას, კაცებს, ქალებს...

ვისაც-კი რამ წაუხდება,

მიზეზს ყველა მე მაბრალებს!..“


„იძახიან: „რაც გადაგვხდა,

მხოლოდ მოსავალიაო, -

ბედისა და მარცხიანი

წელიწადის ბრალიაო!


"ანდაზა-კი ავიწყდებათ:

„რაც მოგივა, დავითაო,

სხვას ნურავის დააბრალებ,

ყველა შენი თავითაო“.


„თქვენი ცოდვა-მადლით მადევს

ზურგზე გუდა გატენილი

და რაც ვნახე ამ წელიწადს,

დავთარში მაქვს ჩაწერილი“.


„ცოდვის გუდას მე წავიღებ,

შენ-კი გქონდეს ეს დავთარი;

გადიკითხე, შენებურად

გაჰკარი და გამოჰკარი!“


ეს მითხრა და უცბად გაჰქრა,

თვალიც ვეღარ მოვასწარი!..

ხელში შემრჩა მხოლოთ მისი

უცნაური რამ დავთარი.


გადავშალე, გადვიკითხე,

გამაკვირვა... გამაშტერა!..

იმ გუდიანს, იმ კუდიანს

რაები არ ჩაეწერა?!..


ყველა რომ ვთქვა, არ იქნება,

არ მომცემენ ამის ნებას!..

და თუ არ ვთქვი, გავსკდი გულზე...

ამფერ ამ ჩემს მოთმინებას!..


მოდი, ისევ ჯობს მივმართოთ

ანდაზებს და უმანკო ზმებს,

გზა და კვალი გავუკვლიოთ

უჟურულო აფორიზმებს.


„მე რომ შემხვდა წელიწადი,

თქვენს მტერს კიდევ იმისთანა!

ასე იწყებს ბებრის დავთრის

ზღაპრები და გამოცანა.


„ვენახები გახმა ყველგან,

გაწყვა ღვინის მოსავალი,

„მიზერ-მიზეზ დოს მარილი

აკლიაო“ - დამდეს ბრალი!“


„ღმერთმა მტერსაც ააშოროს

ჩემისთანა ბედის წერა!..

„სად ერეკლე და სად თეკლე?“

ის რომ გახმეს, მერე მე რა?!“


„დამნაშავეს ვხედავ, ვიცი,

ვინც ქვეყანა დამამტერა:

„სადაც შევა მეფილოქსრე,

იქ გაჩნდება ფილოქსერა!“


„მაგრამ რა ვქნა, ეს სიმართლე

რომ არავინ დამიჯერა?!.

გზა არ მქონდა, ამ დავთარში

მაინც უნდა ჩამეწერა“.


„კაცის კვლა და ძარცვა-გლეჯა

გაისმოდა ყოველ მხარეს,

ბევრი ცოდვა ჩაიდინეს

ყაჩაღებმა, სისხლი ღვარეს!..“


„შეეშინდათ სოფლელებს და

უფროსებიც გაიმწყრალეს,

მაგრამ, დახეთ უგნურებას!

ეს ცოდვაც მე დამაბრალეს!..“


"ახა, ღმერთო! აბა ბრძანონ:

ვინ ქურდობს და ვინ იტაცებს?

ვინ გამოდის შარა-გზაზე,

ვინა ჰგლეჯს და ვინ ჰკლავს კაცებს?


თუ არ ის, ვინც კატორღიდან

გაქცევიათ? შეუტყვიათ,

მაგრამ, როცა უჯიბიათ,

თვითვე ხელი შეუწყვიათ!“


"თუ კარგია, რად გზავნიან,

თუ არა - რად გვიბრუნებენ,

რას გვერჩიან ან ხალხს, ან მე,

რომ საეროდ გვიწუნებენ?!“


„ეჰ, ხომ ვიცით დამნაშავე,

მაგრამ ხმაც ვერ გაგვიცია:

ავაზაკებს იქ რა უნდათ,

სადაც არის პოლიცია?!


"ჭირი გაჩნდა საქონლისა,

მუსრი გაჰკრა იმისთანა,

რომ საბრალო პატრონებმა

ვერ მიასწრეს ვეღარც დანა!"


"აღრიალდენ სოფლელები

დამწყევლეს და დამდვეს ბრალი...

მე რა მექნა?! "ჭირი იქ სჭრის,

სადაც მივა ბეითალი.“


„სიცივემ და სიღარიბემ

გაახურვა "მალარია“,

წარა-მარა "ქინაქინამ“

კიდევ უფრო გადარია!"


ზოგი მოკვდა უპატრონოდ,

ზოგსა ჰკლავდა მხოლოთ შიში

და რომ ვთვლიდი ჭირისუფლებს,

აღარ იყო ანგარიში!.."


"მამტყუნებენ ამაშიაც,

მაგრამ, ღმერთო, ხომ ჭორია?

და სიკვდილის თანაშემწე

ბევრჯერ თვითონ დოქტორია!!!


ვერ დაუდგა კარგი ალო

ზოგიერთ დიდ მოადგილეს:

მათი საქმე, მათი ღვაწლი

როცა კარგად განიხილეს,


"მოახსენეს: ბრძანებულხართ

სწორეთ კარგი მოღვაწეო,

მაგრამ ცოტა დაღალულხართ

და მიბრძანდით, აწ „აცეო!“


"გადამდგრები მე გამიწყრენ:

წელიწადის ბრალიაო!

ნათქვამია: მუსტაფას რა,

რომ ყაჩაღობს ასლიაო?!


"ზოგ-ზოგ მდიდარ მემკვიდრეებს

გამოუხტა უცბათ მტერი,

რომ წაართვას მამა-პაპის

სამკვიდროდან ყოლიფერი!.."


"მემკვიდრები დროს ჰყვედრიან:

"შამფურსა სწვავს, არა მწვადსო,

ფუი, ამისთანა წესრიგს,

ამისთანა წელიწადსო!!"


"წელიწადმა აბა რა ჰქნას,

სადაც ყველა მშიშარია?!

ვინც მოკვდება - პლუშჩევსკისთვის

ზეტცერი და რიშარია!..“


"მემკვიდრობა იმას რჩება,

მემკვიდრეებს - მარტო დავა!..

ნათქვამია: ,,სადაც გავა,

ყოლიფერი გავათ გავა“.


„მხოლოდ ახლა შეუშალეს

ნახტომი და ჭკუა-გრძნობა,

როცა თვითონ მოინდომა

დიდი მუხრან-ბატონობა!.."


"ისიც თურმე მე მიწყრება,

მე მემდურის, მე მდებს ბრალსო!..

არ იცოდა, რომ „ყოველთვის...

ვერ მიიტანს კოკა წყალსო.“


„ყველა კარგად დროს ატარებს,

საუცხოვოდ გართულია,

მხოლოდ მაშინ დაამთქნარებს,

თუ კი რამე ქართულია!..“


„ოპერებს და ხალხურ-დრამებს

იძახიან - ვუყუროთო!

რას დავსდევთ ჩვენს აქტიორებს,

დეე, დარჩენ უპუროდო!“


გული მოსდით ჩვენ არტისტებს:

ეს რა სამართალიაო?

მაგრამ რა ვქნათ? ყოლიფერი

წელიწადის ბრალიაო!“


"აღარ ახსოვთ კი ანდაზა -

თითქო საღაც ჭორიაო:

"შინაური მრუდე არის,

გარეული სწორიაო.“


„პატარძალი მეოჯახე

ქორს წიწილას არ გაატანს,

ველიჩკომაც "ჰაუ, ჰაუ!"

მიაძახა ჰაიასტანს“.


„მიაძახა, მაგრამ რაღაც

იქით-აქეთ ილაციცა

და ორივე მოიმდურა:

ქორიცა და წიწილიცა!“


„ბრალს მე მადებს, მაგრამ ხალხში

ნათქვამია და მეც ვიცი:

„უსათუოდ მგელი შეჭამს,

დედის წინ რომ წავა კვიცი“.


„ივერიას“, "ცნობის ფურცელს“,

დასის "კვალს'' და "მოამბესა“

გარეშემ და შინაურმა

ყველამ თოკი მოაბესა!.."


„გასწიეს და გამოსწიეს

ზოგმა აღმა, ზოგმა დაღმა!..

ამისთანა მწერლობას-კი

მიაყეფოს შავმა ძაღლმა!“


"და რომ ჰკითხოთ რედაქტორებს:

„ვერ ვთქვით, რაცა გვწადიაო!

ჩვენ არა ვართ დამნაშავე, -

ცუდი წელიწადიაო!“


„წელიწადმა აბა რა ჰქნას,

რომ ცბიერობს ეს ქვეყანა

და სუყველა მწერალია,

ვინც კი იცის ანა-ბანა?!


„აკაკიც-კი გამობრძანდა,

საგულეზე ჰქონდა გული,

რომ სებისკვრად გამოეცხო

ყოველ თვეში მას „კრებული“


„გამოვიდა და მერე რა? -

გარეთ დახვდა უგულობა

და შინ კიდევ უარესი

ცხვირში ეცა უფულობა!..“


„გაიცინა, თქვა: „ეს ჭირი

არ ახალი, - ძველიაო!..

დეე, ფურმა სულ იწველოს,

სანამ მოსაწველიაო“.


„მადლობა ღმერთს... იმან მხოლოდ

არაფერი დამაბრალა,

რადგან ისიც ბებერია,

ჩემისთანა მაჩანჩალა!.."

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ