მარწყვმა სთქვა: მოვალ პირველად, მე ვერა მისწრობს ხილია, ფერად მსგავსი ვარ ლალისა, მერე საჭმელად ტკბილია, წინედ მომისწრობს ტყემალი, მჟავე არის და გრილია, მისგან სჩივიან ყველანი, ვჭამეთ, მოგვკვეთა კბილია.
უარესი ხარ ყოველთა, არა ხილთა რა დარია; თავსა მოგჭამენ ჭიანი, ძირი გაქვს მეტად მწარეა, უჩემოდ ლხინი არ ვარგა, არც-ღა რა სანუკარია.
ხესა თეთრად ავიყვავებ, დავიშვენებ ჩემსა ძირსა, ბროლისავით გადვიქცევი, ლალის ფერად შიგნით ჭვივსა, შაქრის მსგავსად მე დავდნები, რა ჩამიდებს კაცი პირსა.
მოჰყევით ტყუილ-ტყუილსა, მე ამან გამაგულისა; სალხინო შესაქცევარი მე ვარ ყოვლისა სჯულისა, ვარ მატკივნელი კბილისა, მერმე დამწველი გულისა.
ცოტა ხანისა სიცოცხლე რა თქვენი საკვეხარია; ყველა უგვარო შეყრილხართ, ცუდი გაქვთ საუბარია, უფრო ვუყვარვარ ყოველთა, ვარ დიდი სანუკარია.
უარესი ვარ ყოველთა, არვისგან მოწონებული; ხედან მასხია ეკალი, მისთვის ვარ დაწუნებული, პირველ გლახა ვარ ყირმიზი, მერმე პირ-გაშავებული.
ტკბილი და მჟავე არა ვარ, კაცი რად მემოყვრებისა; გრილი ვარ, კაცსა გავბერავ, თავი მე ა მექებისა, ვინცა ჩემითა გაძღება, ციება შეეყრებისა.
რა გავიზრდები, საჭმელად ყველანი მინატრიანო; მოვლენ, მძებნიან, მპოვებენ, ხორცსა დანითა სჭრიანო, ციებას, მერე ცხელებას, ჭირს ჩემგან შეიყრიანო.
თავსა ნუ იქებთ ჩემთანა, ყოველსა შეგარცხვინებთო; შეწუხებულსა სიცხითა მე გულსა მოუგრილებო, ვარ ჯანაოზი ექიმი, სნეულსაც მოვალხინებო.
უკეთესი ვარ ყოველთა, ხე ჩემი ტურფად ჰყვავისა, შეყრა უხარის ყოველსა ტურფისა სანახავისა; მე და ნესვი ვართ ამშლელი ყოვლის სენის თავისა.
ვაშლმა უთხრა: შვენებითა თქვენ ვერა ხართ ჩემი დარი, ვარ ყოველთა საყვარელი, საამური, საქებარი, სალხინო და სანადიმო, სუფრაზედაც მადებარი, გულის ჭირის უკუ-მყრელი, არად უნდა საუბარი.
ჩემს უტურფესი ნაყოფი არვის უნახავს თვალითა, მე ჩემსა ხესა მოვკაზმავ, ტურფად შევამკობ ხილითა, დარბაზს სუფრასა ავავსებ იაგუნდითა, ლალითა.
მომტეხენ, ტყავსა გამხდიან, პირს ჩამიდებენ ხელითა, გულითა მასპინძელი ვარ, ნიადაგ მხიარულითა, კაცსა საჭმელსა შევუმკობ, კიდეც ვალხინებ გულითა.
ჩემი ხე თეთრად აჰყვავდეს, მსმელნი სხედს ჩემსა ძირსაო; როდესაც თვალი შემერთვის, მოინდომებენ ჭირსაო, კაცი მჭამს ჭირსა შეიყრის, მერე მაგინებს ფირსაო.
სანატრელი ვარ მეფეთა, საჭმლისა შემამკობელი; უტურფესი ვარ ყოველთა, აქიმთა სახმარებელი, მკურნალი ყოვლის სენისა, ღვიძლისა მაგრილებელი.
რა დამინახვენ ქალები, მოვეწონები თვალშია, ტანისამოსის კალთასა მეტად ჩავაგდებ ძალშია, მომწყვეტენ, უკუ მიგდებენ, უკუ მიყრიან გულშია.
ჩემებრივ ქვეყანაზედა ხილი ვერავინ ჰშვენისა, უტურფესი ვარ ყოველთა, ნაქები ბრძენთა ბრძენისა, საყვარელი ვარ საჭმელად, მერმე მკურნალი სენისა.
თქვენ არა გმართებთ ყოველთა ცუდისა საუბარისა, მე როგორ დამედარებით, სუნი მაქვს მუშკამბარისა, ჩემი შვენება თქვენად ღირს, ესე მეცა მეკმარისა.
წვრილად გიამბო მართალი ამბავი სამოთხისაო; ენკენისთვესა მოგართო ხილი ყოვლისა დღისაო, ძღვენი ვყოფილვარ ნიადაგ მეფეთა დარბაზისაო.
სახლი მაქვს შიგან საჯდომი, სხვა არა მინდა სხვისაო; ტანსა მაცვია მრავალი, შიგნით არ ცივა, მთბისაო, ნახვა სწადიანთ ყოველთა ტურფის და ლამაზისაო. |