მიდის შემოდგომა, მცივა და ეს უსიამო წვიმა ჩუმად მიგუბდება სულში, რომ არ დავემგვანო ცხედარს, მტკივან თვალებიდან შუშის წვრილი ნამსხვრევები მწვეთავს.
მოდის უსიამო წვიმა და ჩემს არსებაში ისვრის სიზმრად გაელვებულ წინწკლებს, წამით გაყინული სისხლი მდორე მიმოქცევას იწყებს.
მოდის უსიამო წვიმა. მიწის სიახლოვის განცდა ისე მეუფლება, თითქოს ჩემი წუთისოფლის ნაცვლად სხვაგან მოველოდე სითბოს.
მოდის უსიამო წვიმა. - ნუ ხარ სიმძიმილით სავსე! ყურში ჩამჩურჩულებს ვიღაც უღვთოდ მილურსმული ჯვარზე ოცი საუკუნის მიღმა.
მიწის წიაღიდან მესმის თბილი, აზრიანი, ფრთხილი სუნთქვა მოფუსფუსე ფესვის. მიდის შემოდგომა, მცივა, მოდის უსიამო წვიმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |