|
(ვუძღვნი მამას)
ჩაფლულა სახლი ღიმღამა ნისლში. აქა-იქ მამლის ყივილი ისმის. ამოდის კვამლი ღუღუნა ბუხარს და სველი ძაღლი გამვლელებს უღრენს. ქოთქოთებს კრუხი, მორჭმით ზის კატა. იწვიმა წუხელ, იწვიმებს ახლაც. კნუტი ხეს კაწრავს შემომხმარ მერქანს. ნივრების ნაწნავს იწონებს ძელქვა. ოთახი თითქოს გავიდა კარში, - ბევრს არას ვითხოვ, ცოტა ხანს დარჩით... - გვეტყვის მამა და ჩვენს წასვლას დარდობს. შერჩება ზამთარს პირისპირ, მარტო. ბუდეში კრუხი, ჭიშკართან ძაღლი, უჩივის მუხლებს ჭრიალა სახლი. ზამთარიც გავა ლოდინის ბარდნით. თავს იქცევს მამა თამაშით ნარდის. ორნახად ჭაჭას ჯაჭვი აქვს სუფთა, გზად კაცი არ ჩანს, მოიწყენს სუფრაც. ჩაქინდრა თავი ხის ოდა სახლმა, არც ძროხა ბღავის, ხეხილიც გახმა. ჩამქრალა კვამლი ღუღუნა ბუხრის და სველი ძაღლი გამვლელებს უღრენს... |
















