დამრიგებლობითი შინაარსის მოკლე გონებამახვილურ დასრულებულ გამონათქვას ანდაზა პქვია.
მაგალითად, ანდაზაა ა ქ ლ ე მ ი ს ქ უ რ დ ი დ ა ნ ე მ ს ი ს ქ უ რ დ ი ო რ ი ვ ე ქ უ რ დ ი ა ო.
ამ ანდაზის აზრი ნათელია: მთავარია ადამიანმა არ მოიპაროს, არ იქურდოს, თორემ თუ ხელი წასცდება, უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, რას მოიპარავს - დიდსა თუ მცირეს: მას ორივე შემთხვევაში ქურდი დაერქმევაო.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ ანდაზები და, აღნიშნეთ, რა შემთხვევაში ითქმის თითოეული მათგანი.
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკაო.
ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო.
კარგი ამხანაგი კარგი ძმობის დარიაო.
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა.
ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მას უკან გამოჩნდებაო.
კვიცი რომ დედის წინ ხტომას დაიწყებს, მგელი შეჭამსო.
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.
კვიცი გვარზე ხტისო.
სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.
ჭინჭრის ძირში ჭინჭარი ამოვაო.
სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო.
ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო.
სავარჯიშო 2. პირველ სავარჯიშოში დასახელებული ანდაზები დაალაგეთ ანბანის რიგზე და ისე ჩაიწერეთ რვეულში (ანბანის რიგზე გაწყობისას იხელმძღვანელეთ პირველი სიტყვის მიხედვით, მაგრამ თუ, პირველი სიტყვა საერთო აღმოჩნდეს, მეორე სიტყვას მიაქციეთ ყურადღება).
დავალება: 1. დაასახელეთ თქვენთვის ნაცნობი სხვა ანდაზები.
2. შეკრიბეთ უფროსებისაგან ანდაზები, შემდეგ დაალაგეთ ანბანის რიგზე და ისე ჩაიწერეთ რვეულში.