გამოცანა არის მოკლედ, ხშირად ლექსად გამოთქმული ორაზროვანი აღწერა საგნისა (თუ მოვლენისა), რომელიც უნდა გამოვიცნოთ.
მაგალითად, გამოცანებია:
- გარეთ - ატლასი, შიგნით - ათასი. (ბროწეული).
- რკინის ხარს ბამბის კუდი აბიაო. (ნემსი და ძაფი).
ერთი პატარა მანანა, ხან გაიცინებს, ხან არა. (ციცინათელა).
ერთსა ალვისა ხეზე და თორმეტი ტოტი აბია, სცვივა და სცვივა ფოთლები, მაინც იმდენი ასხია. (წელიწადი და თორმეტი თვე).
სავარჯიშო. წაიკითხეთ გამოცანები და გამოიცანით, რომელი საგანი იგულისხმება.
- თეთრი ხნული, შავი თესლი, თესლი მთესველს ეუბნება.
- ოთხთა ძმათა, ტანით ტოლთა, თავზე ხურავთ ერთი ქუდი.
- თავშიშველი, ფეხშიშველი, სახელს გეტყვი, ვერ გიშველი.
- დავაბამ - დადის, ავუშვებ - დგას.
- ერთი რამე სულიერი მიწა-მიწა მძრომელია,
კარგი ვაჟიკაცისათვის თავსა წამომდგომელია,
სამჯერ გითხარ მის სახელი, აბა მითხარ: რომელია?
დ ა ვ ა ლ ე ბ ა:
1. დაასახელეთ თქვენთვის ნაცნობი სხვა გამოცანები.
2. შეკრიბეთ გამოცანები და ჩაიწერეთ რვეულში (ანბანის მიხედვით).
3. თქვენ თვითონ შეადგინეთ ერთი-ორი გამოცანა.
















