მწკრივის რაობა
ქართულ ზმნებს მოეპოვებათ მრავალპირიანი ფორმა. ეს ფორმები ჯგუფებად იყოფა. მაგალითად, ერთი ჯგუფის ფორმებია: ვიზრდები, იზრდები, იზრდება, ვიზრდებით, იზრდებით, იზრდებიან. მეორე ჯგუფისაა: ვიზრდებოდი, იზრდებოდი, იზრდებოდა, ვიზრდებოდით, იზრდებოდით, იზრდებოდნენ და ა. შ.
ერთ ჯგუფში გაერთიანებული ფორმები ერთმანეთისაგან მხოლოდ პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავდება, სხვა მხრივ მათ შორის არ არის რაიმე განსხვავება.
ზმნის ფორმათა ისეთ ჯგუფს, რომელიც ერთმანეთისაგან მხოლოდ პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავებულ ფორმებს აერთიანებს, მწკრივი ჰქვია. მაშასადამე, ვიზრდები, იზრდები, იზრდება, ვიზრდებით, იზრდებით და იზრდებიან ერთი მწკრივის ფორმებია.
ზმნის ფორმა-ცვალებას მწკრივებისა და მწკრივების შიგნით პირისა და რიცხვის მიხედვით უღლება ჰქვია. მაშასადამე, პირიანი ზმნა იუღლება, ის უ ღ ლ ე ბ ა დ ი სიტყვაა.
სავარჯიშო. ქვემოთ მოყვანილია ხუთი სხვადასხვა მწკრივის პირველი პირის ფორმები მხოლობით რიცხვში. დაასახელეთ თვითეული მწკრივის ყველა ფორმა ორსავე რიცხვში და აღნიშნეთ, რით განსხვავდება ერთ მწკრივში შემავალი ფორმები ერთმანეთისაგან.
1. ვთბები, 2. ვთბებოდი. 3. ვთბებოდე. 4. გავთბები. 5. გავთბი.
პირთა დაჯგუფებანი მწკრივში
ერთპირიან ზმნას ერთ მწკრივში ექვსი ფორმა მოეპოვება; სამი მხოლობითში და სამი მრავლობითში.
მხოლობითი რიცხვი:
1. ვიმალები
2. იმალები
3. იმალება
მრავლობითი რიცხვი:
1. ვიმალებით.
2. იმალებით.
3. იმალებიან.
ორპირიან ზმნაში, როგორც ვიცით, ერთი პირი სუბიექტურია, მეორე - ობიექტური. ზმნა იცვლება ორივე პირის მიხედვით, ე. ი ორპირიანი ზმნის ფორმათა წარმოება მწკრივში ს უ ბ ი ე ქ ტ უ რ-ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი ა.
ერთ მწკრივში სუბიექტურ და ობიექტურ პირთა დაჯგუფება ორსავე რიცხვში გვაძლევს 18 ფორმას.
მ ა გ ა ლ ი თ ი:
მე - გაქებ (შენ); გაქებთ (თქვენ); ვაქებ (მას, მათ).
შენ - მაქებ (მე); გვაქებ (ჩვენ); აქებ (მას, მათ).
ის - მაქებს (მე); გვაქებს ჩვენ; გაქებს (შენ); გაქებთ (თქვენ).
ჩვენ - გაქებთ (შენ, თქვენ); ვაქებთ (მას, მათ).
თქვენ - მაქებთ (მე); გვაქებთ (ჩვენ); აქებ (მას, მათ).
ისინი - მაქებენ (მე); გვაქებენ (ჩვენ); გაქებენ (შენ, თქვენ); აქებენ (მას, მათ).
აქ სულ 20 ფორმაა, მაგრამ შავად დაბეჭდილი ფორმები ერთნაირია, ასე რომ მწკრივში ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმა სულ 18-ია. ამდენივე ფორმა აქვს მწკრივში სამპირიან ზმნასაც.
ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები, მწკრივის ფუძე ჰქვია. ასეთ ნაწილს ვ ა ქ ე ბ ზმნის მწკრივის ყველა ფორმისათვის წარმოადგენს - ა ქ ე ბ. მაშასადამე, ა ქ ე ბ მწკრივის ფუძეა.
ზოგიერთ ორპირიან ზმნას მწკრივში მხოლოდ 6 ფორმა აქვს. ასეთია ის ორპირიანი ზმნები, რომლებიც იცვლება მხოლოდ სუბიექტური ან ობიექტური ნიშნების მიხედვით.
მაგალითად, მხოლოდ სუბიექტური ფორმები აქვს ი ც ი ს ზმნას: ვიცი, იცი, იცის, ვიცით, იცით, იციან.
უფრო ხშირია, რომ ზმნა მარტო ობიექტური ნიშნების მიხედვით იცვლებოდეს. მაგალითად: მტკივა, გტკივა, სტკივა, გვტკივა, გტკივათ, სტკივათ.
ასეთივე ზმნებია: მესმის, მაცვია, მაქვს, მწყურია, მწამს, მჯერა...
სავარჯიშო 1. ა) უცვალეთ სუბიექტური პირები შემდეგ ზმნებს: ვასწავლი, ვათამაშებ. ბ) უცვალეთ ობიექტური პირები შემდეგ ზმნებს: მასწავლის, მათამაშებს.
სავარჯიშო 2. გამოარკვიეთ, რამდენ-რამდენი ფორმა შეიძლება ჰქონდეს მწკრივში ამ ზმნებს: ვიზრდები, ვზრდი.
სავარჯიშო 3. გამოარკვიეთ, ქვემოთ დასახელებულ ფორმათათვის რა არის მწკრივის ფუძე.
1. ვიცინი, იცინი, იცინის, ვიცინით, იცინით, იცინიან. 2. ვხედავ, ხედავ, ხედავს, ვხედავთ, ხედავთ, ხედავენ, მხედავ, მხედავს, გვხედავს, გხედავთ.
სავარჯიშო 4. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები და გამოარკვიეთ, რომელია ბრუნებადი სიტყვა და რომელი უღლებადი; გამოარკვიეთ აგრეთვე, რომელი რომლისაგან არის ნაწარმოები.
1. ნიავი - ვანიავებ. 2. წესი - ვაწესებ. 3. თეთრი - ვათეთრებ. 4. წითელი - ვაწითლებ. 5. დიდი - ვადიდებ. 6. ერთი - ვაერთებ. 7. ჩემი - ვიჩემებ. 8. თავისი - ვითვისებ.
სავარჯიშო 5. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები და გამოყავით მწკრივის ფუძე.
1. ვწერ, სწერ, წერს, ვწერთ, სწერთ, წერენ. 2. ვწერდე, სწერდე, წერდეს, ვწერდეთ, სწერდეთ, წერდნენ. 3. ვწერო, სწერო, წეროს, ვწეროთ, სწეროთ, წერონ 4. ვმუშაობ, მუშაობ, მუშაობს, ვმუშაობთ, მუშაობთ, მუშაობენ. 5. ვიმუშავებ, იმუშავებ, იმუშავებს, ვიმუშავებთ, იმუშავებთ, იმუშავებენ.
















