სახელზმნის რაობა
ზმნა, როგორც ვიცით, ორგვარია: პირიანი და უპირო. მაგალითად, ღ ე ლ ა ვ ს პირიანი ფორმაა, ღ ე ლ ვ ა და ა ღ ე ლ ვ ე ბ უ ლ ი კი მისგან ნაწარმოები უპირო ზმნებია.
უპირო ზმნა იბრუნვის ისე, როგორც სახელი: ღელვა, ღელვამ, ღელვას... აღელვებული, აღელვებულმა, აღელვებულს და სხვა...
წინადადებაში გამოყენების თვალსაზრისითაც უპირო ზმნა სახელის როლს ასრულებს. შეიძლება იყოს ქვემდებარე (ღ ე ლ ვ ა მ იმატა), დამატება (ზღვამ ღ ე ლ ვ ა დაიწყო), განსაზღერება (ა ღ ე ლ ვ ე ბ უ ლ ი ზღვა) და სხვა...
წარმოებისა და მნიშვნელობის მიხედვით სახელზმნა დაკავშირებულია ზმნასთან. პირიანი ზმნის ნიშანთაგან მას შეიძლება ჰქონდეს: ასპექტი (კეთება - გაკეთება), კონტაქტი (გაკეთება - გაკეთებინება) დრო (გაკეთებული - გასაკეთებელი) და სხვა...
მაშასადამე, უპირო ზმნას სახელის ნიშნებიც აქვს და ზმნისაც.
ისეთ სიტყვას, რომელსაც სახელის ნიშნებიც აქვს და ზმნისაც, სახელზმნა ჰქვია.
სახელზმნა ორგვარია: ს ა წ ყ ი ს ი და მ ი მ ღ ე ო ბ ა.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. პირიან ზმნას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, სახელზმნას ორი.
1. ბეღურამ საჭმელს ძებნა დაუწყო (ევდ.).
2 კურდღელი ხარბად წიწკნიდა დანამულ ჯეჯილს (რაზ.).
3. დაეწყოთ სიმინდის ტეხა, ყურძნის კრეფა, ჭურების რეცხვა და ჩალის ზიდვა (ლომ.).
4. დამსეული კუდამელა ვენახში მიიპარება (წერ.).
5. ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო (ანდ.).
საწყისი
საწყისის რაობა და მისი წარმოება
საწყისი ჰქვია სახელზმნას, რომელიც წინადადებაში ისევეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი: შეიძლება იყოს ქვემდებარე, დამატება ან სხვა წევრი. მაგალითად, „მიწის ბ ა რ ვ ა მ დამღალა“ („ბარვამ“ ქვემდებარეა), „მიწის ბ ა რ ვ ა ს შეუდგა“ („ბარვას“ დამატებაა). ამ ნიშნის გამო მას მოქმედების სახელიც ჰქვია.
საწყისის ნიშანია სუფიქსი ა, რომელიც დაერთვის აწმყოს ან მყოფადის ფუძეს: ვ-წერ - წერა, ვგრეხ - გრეხა, ვ-ა-ნგრევ - ნგრევა, გა-ვ-აკეთებ - გაკეთება, გა-ვ-ათბობ - გათბობა და სხვა...
რამდენიმე ზმნას საწყისის ნიშნის წინ უჩნდება: ნ. ოლ, ომ: ვსთხოვ - თხოვ-ნ-ა, ძოვს - ძოვ-ნ-ა, ვიპოვი - პოვ-ნ-ა, წევს - წ-ოლ-ა, ი-სვრის - სრ-ოლ-ა, ხტის - ხტ-ომ-ა, კრთის - კრთ-ომ-ა...
გვაქვს სხვაგვარად ნაწარმოები საწყისებიც: დუღს - დეღ-ილ-ი, ქუხს - ქუხ-ილ-ი, კივის - კივ-ილ-ი, სი-რბ-ილ-ი, სი-რცხვ-ილ-ი, სი- ხარ-ულ-ი, სი-არ-ულ-ი...
ზმნის ნიშანთაგან საწყისს შეიძლება ჰქონდეს ა ს პ ე ქ ტ ი და კ ო ნ ტ ა ქ ტ ი.
კ ე თ ე ბ ა უსრული ასპექტის ფორმაა, გა-კეთება, შე-კეთება, გა-და-კეთება - სრული ასპექტისაა.
გ ა კ ე თ ე ბ ა უშუალო კონტაქტის ფორმაა, გ ა კ ე თ ე ბ ი ნ ე ბ ა კი შუალობითის. შუალობით კონტაქტს აქაც ინ ან რთული ევინ აწარმოებს: გაკეთებ-ინ-ება, წაშლ-ევინ-ება.
ა-თი ნაწარმოები საწყისი ფუძეკვეცადია: ხატვა, ხატვა-მ, ხატვა-ს, ხატვ-ის, ხატვ-ით, ხატვა-დ.
საწყისს მრავლობითი რიცხვი ზოგადად არა აქვს. მაგრამ თუ ზმნასთან გაწყვიტა კავშირი და არსებით სახელად იქცა, მაშინ მას მრავლობითიც ეწარმოება. მაგალითად, შემთხვევა - შემთხვევები, სხდომა - სხდომები, კითხვა - კითხვები და სხვა...
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. საწყისებს გაუსვით ქვეშ ხაზი, საწყისის ნიშანი გამოყავით დეფისით.
1 ბალახებმა და ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა (ვაჟა.).
2. გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო (წერ.).
3. ჭრა, კერვა, ქსოვა, ქარგვა, რეცხვა, აბრეშუმის მოყვანა და სხვა ამგვარი რამ ხელსაქნარი მათი პირდაპირი მოვალეობა იყო (წერ.).
4. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: - ხვნა, თესვა, თოხნა, მკა, სხვლა (წერ.).
5. გულმა კვლავ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა (ჭავ.).
6. პურის ჭამა დაიწყეს (ყაზ.).
7. პეპიამ სიარული ვეღარ შეძლო (ჭავ.).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ზმნის რა ნიშნებით განსხვავდებიან ქვემოთ მოყვანილი პარალელური ფორმები.
ა) 1. თხრა - მოთხრა; 2. კვლა - მოკვლა; 3. ხატვა - დახატვა; 4. კერვა - შეკერვა; 5. ხტომა - შეხტომა; 6. ხვნა - მოხვნა; 7. რეცხვა - გარეცხვა; 8. ღებვა - შეღებვა
ბ) 1. შეკერვა - შეკერვინება; 2. შეღებვა - შეღებვინება; 3. დარხევა - დარხევინება; 4. დახვნა - დახვნევინება; 5. დახატვა - დახატვინება; 6. შეჭრა - შეჭრევინება; 7. გათბობა - გათბობინება. 8. გარეცხვა - გარეცხვინება;
სავარჯიშო 3. გადაწერეთ მაგალითები. პირიან ფორმებს მიუწერეთ სათანადო საწყისები, საწყისებს კი - სათანადო პირიანი ფორმები.
პ ი რ ი ა ნ ი ფ ო რ მ ე ბ ი
1. ღებავს - .....
2. დაგრეხს - .....
3. აკეთებს - .....
ს ა წ ყ ი ს ე ბ ი
1. ..... - დასხმა
2. ..... - რხევა
3. ..... - ქსოვა
სავარჯიშო 4. რა განსხვავებაა გარეგნულად მსგავს ფორმებს შორის?
1. ა) ბეღურამ საჭმელს ძ ე ბ ნ ა დაუწყო (ევდ.);
ბ) ბეღურამ საჭმელი დიდხანს ძ ე ბ ნ ა.
2. ა) პურის ჭ ა მ ა დაიწყეს (ყაზ.).
ბ) ბავშვმა პური ჭ ა მ ა.
3. ა) ფეიქარმა გაათავა თავისი ქსელის ქ ს ო ვ ა (რაზ.);
ბ) ფეიქარმა თავისი ქსელი დიდხანს ქ ს ო ვ ა.
4. ა) დედამ სადილისთვის პური დ ა ჭ რ ა;
ბ) პატარა ნინოს პურის დ ა ჭ რ ა დედამ ასწავლა.
5. ა) გივიმ ლამაზი წ ე რ ა იცის;
ბ) გივიმ გუშინ დიდხანს წ ე რ ა.
მიმღეობა
მიმღეობის რაობა
მიმღეობა ჰქვია სახელზმნას, რომელიც წინადადებაში ისევეა გამოყენებული, როგორც ზედსართავი სახელი.
მიმღეობა შეიძლება იყოს განსაზღვრება. მაგალითად: გ ა კ ე თ ე ბ უ ლ ი საქმე, გ ა ს ა კ ე თ ე ბ ე ლ ი საქმე, გ ა უ კ ე თ ე ბ ე ლ ი საქმე. მიუგებს ზედსართავისავე კითხვებზე: როგორი? რომელი?
ხშირია შემთხვევა, როცა მიმღეობა არსებითი სახელის მნიშვნელობით იხმარება ე.ი. გ ა ა რ ს ე ბ ი თ ე ბ უ ლ ი ა, მაგალითად: მ დ ი ნ ა რ ე, მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი, მ წ ე რ ა ლ ი, მ ხ ა ტ ვ ა რ ი, მ კ ე რ ა ვ ი და სხვ. გაარსებითებული მიმღეობა ისე იბრუნვის, როგორც სათანადო ფუძის არსებითი სახელი.
ზმნის ნიშანთაგან მიმღეობას შეიძლება ჰქონდეს: ასპექტი, დრო, კონტაქტი და გვარი.
მ კ ე თ ე ბ ე ლ ი უსრული ასპექტის მიმღეობაა, გ ა მ კ ე თ ე ბ ე ლ ი კი - სრულის.
გ ა მ კ ე თ ე ბ ე ლ ი უშუალო კონტაქტის მიმღეობაა, გ ა მ კ ე თ ე ბ ი ნ ე ბ ე ლ ი კი - შუალობითის.
გ ა კ ე თ ე ბ უ ლ ი წარსული დროის მიმღეობაა, გ ა ს ა კ ე თ ე ბ ე ლ ი კი მომავალი დროისა.
შ ე მ წ უ ხ ე ბ ე ლ ი მოქმედებითი გვარის მიმღეობაა, შ ე წ უ ხ ე ბ უ ლ ი - ვნებითის.
მ წ უ ხ ა რ ე კი საშუალი გვარის მიმღეობაა.
ზმნისწინმა, გარდა სრული ასპექტისა, შეიძლება გამოხატოს მიმართულებაც: შე-სული, ჩა-სული, ა-სული, გამო-სული, მო-სული, წა-სული.
მიმღეობას აწარმოებს ან მარტო თავსართი (და-მ-გრეხი), ან მარტო ბოლოსართი (დაგრეხ-ილ-ი), ან ორივე ერთად (მ-ჭრ-ელ-ი).
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები მიმღეობას გაუსვით ქვეშ ხაზი და გამოარკვიეთ რა როლს ასრულებს წინადადებაში და რა კითხვაზე მიუგებს იგი.
1. შიმშილით შეწუხებული მგლები ღმუოდნენ (რაზ.).
2. დაბურულ ტყეში დიდი მუხა იდგა (გოგ.).
3 მოზღვავებულმა ხალხმა ცეცხლი მალე ჩააქრო (ვაჟა.).
4. გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული აქაფებული თერგი (ჭავ.).
5. დედა ნიბლია მწუხარე გულს შვილებთან ართობდა (რაზ.).
მოქმედებითი გვარის მიმღეობა
მოქმედებითი გვარის მიმღეობას დრო არა აქვს. იგი იწარმოება პირველი სერიის თემისაგან მ თავსართის ან მ-ელ და მა-ელ თავსართ-ბოლოსართის საშუალებით.
თუ მიმღეობას ზმნისწინი აქვს, მაწარმოებელი თავსართი მის შემდეგ დაერთვის.
1. მ: მ-კერავი, მ-ღებავი, მ-ლესავი, და-მ-წერი, მო-მ-ტანი, და-მ-გრეხი, და-მ-წყები.
2. მ-ელ: მ-კეთებ-ელ-ი, მ-ხვნ-ელ-ი, და-მ-კვრ-ელ-ი, მო-მ-კვლ-ელ-ი.
ელ ბოლოსართის დართვა აუცილებელია, თუ ზმნას თემის ნიშნად ი მოუდის: ვთლი - მ-თლ-ელ-ი, ვჭრი - მ-ჭრ-ელ-ი, წავშლი - წა-მ-შლ-ელ-ი და სხვა...
3. მ თავსართის ნაცვლად ზოგჯერ მა გვხვდება ხმოვნით ან მ თანხმოვნით დაწყებულ ზმნებში: და-მა-არსებ-ელ-ი, და-მა-ახლოებ-ელ-ი, შე-მა-ერთებ-ელ-ი, ა-მა-ოხრებ-ელ-ი, გა-მა-უქმებ-ელ-ი, და-მა-მტკი-ცებ-ელ-ი, გა-მა-მხნევებ-ელ-ი და სხვ.
მა გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ სხვა ზმნაში: აღ-მა-სრულებ-ელ-ი, მა-შენებ-ელ-ი, მა-ჩვენებ-ელ-ი და სხვა...
მოქმედებითი გვარის მიმღეობა იშვიათად ნაწარმოებია მ-არ (დისიმილაციით: მ-ალ) თავსართ-ბოლოსართით: მ-ხატვ-არ-ი, მ-წერ-ალ-ი და სხვ.
თუ ზმნა მ-თი იწყება და მიმღეობის მაწარმოებლად მე თავსართი დაერთვის, ორი მ მოიყრის ერთად თავს: მ-მართვ-ელ-ი, და-მ-მორჩილებ-ელ-ი და სხვა...
სავარჯიშო 1. გადაწერეთ მაგალითები, მოქმედებითი გვარის მიმღეობის ნიშნები გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით.
1. ტახტზე იჯდა თამარ მეფე, მომხიბლავი, ეშხიანი (წერ.).
2. თანაც გააბეს მსჯელობა, გველის მჭამელის ცოდნაზე, ხის მჭრელის, ბალახთ მთიბველის, - მათს ჩანადინარს ცოდვაზე (ვაჟა).
3. იქ არის მისი გულის მომკვლელი, მისი ბედნიერების დამამხობელი (ვაჟა).
4. მაქებარი ვარ ერთგულის, დამგმობი - ქვეყნის მტერისა, მათი პასუხის მიმცემი საკადრის-შესაფერისა (წერ.).
სავარჯიშო 2. ქვემოთ მოყვანილი ზმნებისაგან აწარმოეთ მოქმედებითი გვარის მიმღეობები. მაგალითები გადაიწერეთ და მაწარმოებელი ნიშნები გამოყავით დეფისით.
1. გრეხს. 2. აშენებს. 3. ღებავს. 4. სვამს. 5. აშრობს, 6. გაართობს. 7. აუთოებს. 8. აორებს. 9. დაამშვიდებს. 10. გაანადგურებს. 11. შემუსრავს. 12. შლის.
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები. მოქმედებითი გვარის მიმღეობები ამოიწერეთ. მიმღეობის ნიშნები გამოყავით დეფისით და განმარტეთ, რა შემთხვევაში იყრის ერთად თავს ორი მ.
1. სოფელ ანანურს ადგილობრივი მმართველი ცხოვრობდა (ყაზ.).
2. იცის მტრის დასამარცხები და შემმუსვრელი ფანდია (ვაჟა.).
3. იმ კაცის სახე რაღაც ძლევამოსილს, ხალხის დამმორჩილებელ სურათს წარმოადგენდა (ყაზ.).
4. მე მივუცუცქდებოდი გვერდით შაქრის მმტვრეველს და აქეთ-იქეთ შორს გაბნეულ ფხვნილს ქორივით მივჩერებოდი (წერ.).
5. შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხავი ხარ მკვდრისაო (ხალხ.).
ვნებითი გვარის მიმღეობა
დროის გაგება მხოლოდ ვნებითი გვარის მიმღეობას ახლავს, ოღონდ, პირიან ფორმათა დროისაგან განსხვავებით, აქ გვაქვს ორი დრო: წარსული და მომავალი.
მაგალითად: ა შ ე ნ ე ბ უ ლ ი ითქმის იმაზე, რაც ააშენეს ან რაც აშენდა, ა ს ა შ ე ნ ე ბ ე ლ ი კი იმაზე, რაც უნდა აშენდეს ან ააშენონ მომავალში. მაშასადამე, ა შ ე ნ ე ბ უ ლ ი წარსული დროის მიმღეობაა, ა ს ა შ ე ნ ე ბ ე ლ ი კი - მომავალი დროისა.
ვნებითი გვარის მიმღეობა მოქმედებას წარმოგვიდგენს დადებითად ან უარყოფითად.
ამის მიხედვით იგი ორგვარია: წ ა რ თ ქ მ ი თ ი და უ კ უ თ ქ მ ი თ ი. მაგალითად, დ ა წ ე რ ი ლ ი და ა შ ე ნ ე ბ უ ლ ი წართქმითი ფორმებია, დ ა უ წ ე რ ე ლ ი და ა უ შ ე ნ ე ბ ე ლ ი კი - უკუთქმითი.
ვნებითი გვარის მიმღეობათა ფორმები მრავალფეროვანია. მათ საწარმოებლად გვხვდება მარტო თავსართი ან მარტო ბოლოსართი, ან კიდევ ორივე სართი (თავსართი და ბოლოსართი) ერთად.
1. ილ. ეს ბოლოსართი დაერთვის ისეთ ზმნებს, რომელთაც თემის ნიშნად არაფერი აქვთ: და-წერ-ილ-ი, და-გრეხ-ილ-ი, მო-ტან- ილ-ი და სხვა... თემის ნიშნიან ზმნათაგან იგივე ილ აქვთ ინიან ზმნებს, (ვ-თხრ-ი: გა-თხრ-ილ-ი, ვ-შლ-ი: და-შლ-ილ-ი), რამდენიმე ავ-იან ზმნას (შე-ღებ-ილ-ი, გა-ხერხ-ილ-ი, გა-ბერ-ილ-ი) და ისეთ ობ-იან ზმნებს, რომელთაც ვნებითი გვარის პირიანი ფორმები თავსართით (ი-თი ან ე-თი) ეწარმოებათ: ვ-ა-პობ, ი-პობა - გა-პობ-ილ-ი, დავამ- ხობ, და-ე-მხობა - და-მხობ-ილ-ი და სხვა...
2. ულ. ეს სუფიქსი აქვს ავ, ამ, ევ და ებ-იან ზმნებს, ოღონდ ავ-იან და ევ-იან ზმნებში ვ იკარგება უნის წინ:
ავ: და-მალ-ულ-ი (მოსალოდნელი იყო: დამალვ-ულ-ი), და-ხატ-ულ-ი, მო-ხნ-ულ-ი, და-ფარ-ულ-ი, და-ბარ-ულ-ი და სხვა...
ამ: დაბმ-ულ-ი, ჩა-ცმ-ულ-ი, და-დგმ-ულ-ი, და-რტყმ-ულ-ი
ევ: წა-ქცე-ულ-ი (მოსალოდნელი იყო: წაქცევ-ულ-ი), და-ნგრე-ულ-ი და სხვ.
ებ: გა-შავებ-ულ-ი, გა-კეთებ-ულ-ი, წა-ღებ-ულ-ი, ა-შენებ-ულ-ი და სხვ.
3. მ-არ (დისიმილაციით: მ-ალ): აქვს უნიშნო ვნებითს: გა-მ-ხმ-არ-ი, და-მ-ჭკნ-არ-ი, და-მ-დნ-არ-ი, გა-მ-შრ-ალ-ი და სხვა...
ილ, ულ და მ-არ (მ-ალ)-ით ნაწარმოები მიმღეობანი წარსული დროის ფორმებია და მონაწილეობას იღებენ III სერიის მწკრივთა წარმოებაში: ჩაწერილა, გაქცეულა, დამდნარა და სხვა...
4. ნა: ნა-ხნავი, მო-ნა-ტანი, ნა-შენები, ნა-კეთები, ნა-ყიდი და სხვ. ამ ფორმებს წარსული დროის მნიშვნელობა აქვს.
5. სა (ან სა-ელ): აწარმოებს ვნებითი გვარის მომავალი დროის მიმღეობას: მო-სა-ტან-ი, გა-სა-ტეხ-ი, გა-სა-შრობ-ი, გა-სა-კეთებ-ელ-ი, გა-სა-შლ-ელ-ი და სხვ.
6. უ (ან უ-ელ): აწარმოებს ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას - უარყოფითი (უკუთქმითი) მნიშვნელობით: და-უ-ხა-ტავ-ი, და-უ-წერ-ელ-ი, ჩა-უ-ცმ-ელ-ი და სხვ.
სავარჯიშო 1. ამოიწერეთ ყველა მიმღეობის ფორმა და დაალაგეთ მაწარმოებელი ნიშნების მიხედვით. მიმღეობის ნიშნები გამოყავით დეფისით.
1. არწივი ვნახე დაჭრილი (ვაჟა).
2. ახლად გაღვიძებული ბავშვივით იღიმებოდა (ლომ.).
3. ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო (ანდ.).
4. შიმშილით შეწუხებული მგლები ღმუოდნენ (რაზ)
5. თურმე იქვე ძუის მახე იყო გაბმული (გოგ.).
6. მას ყველაფერი ბევრი ჰქონდა საჭმელიც, სასმელიც ჩასაცმელიც (ყაზ.).
7. ნაკეთებს კი ვერც მე მოგიწონებ (ჭავ.).
8 ძიძია ნახატი მშვენიერება იყო (ყაზ.).
9 დასაკლავ ხარს რაიღა ყურება უნდა? (ყაზ.).
10. ამ ადგილს ახლო-მახლო არა აქვს სათალი ქვა (ყაზ.).
11. გაუსვი სახნის-საკვეთი, ნალესი ალმასივითა (ერ.).
12. სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი (წერ.).
13. ქვაზე ოდნავ დამჭკნარი ყვავილი ეყარა (ბარნ.).
14. მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა, მშობელ ქვეყანას ზედ მოჰფენოდა (ჭავ.)
15. აანთებს გამხმარ ჯოყრებსა (ვაჟა.).
16. დავითა გაუთლელ მორზე გულაღმა დაეცა (ბელ.).
17. ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია (წერ.).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ საწყისები და თვითეულისაგან აწარმოეთ მოქმედებითი და ვნებითი გვარის მიმღეობები.
1. კეთება. 2. შეღებვა, 3. გაღვიძება. 4 მოკვლა. 5. შეშინება. 6. შეპყრობა.
საშუალი გვარის მიმღეობა
საშუალი გვარის ზმნებში მიმღეობის მაწარმოებლებია: მ თავსართი, მ-არ, მ-არე (დისიმილაციით: მ-ალ, მ-ალე) და მო-ე თავსართ-ბოლოსართები.
1. მ: მ-ცურავი, მ-ხოხავი, მ-გმინავი, მ-ბჟუტავი და სხვ.
2. მ-არ (მ-ალ), მ-არე (მ-ალე): მ-ძინ-არ-ი, მ-სტვენ-არ-ი, მ-ტირ-ალ-ი, მ-ყრ-ალ-ი; მ-ჯდომ-არე, მ-დუღ-არე, მ-ქუხ-არე, მ-ჭმუნვ-არე, მ-ხურვ-ალე და სხვ.
3. მო-ე: მო-თამაშ-ე, მო-დარაჯ-ე, მო-რაკრაკ-ე, მო-ჭიკჭიკ-ე, მო-ბიბინ-ე და სხვ.
ზოგიერთ საშუალ ზმნას თავისი მიმღეობა არ ეწარმოება. ასეთებია, მაგალითად, მყავს, მძაგს, მწყინს, მიჭირს, ვანჩხლობ და სხვ.
საშუალი გვარის მიმღეობას საზოგადოდ დრო არა აქვს, მაგრამ ს ვ ლ ა ზმნას, გამონაკლისის სახით, სამივე დროის მიმღეობა აქვს: მ ო მ ა ვ ა ლ ი (რომელიც მოდის), მ ო ს ა ვ ა ლ ი ან მ ო ს ა ს ვ ლ ელ ი (რომელიც უნდა მოვიდეს), მ ო ს უ ლ ი (რომელიც მოვიდა).
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. მიმღეობის მაწარმოებელი ნიშნები გამოყავით დეფისით და გაუსვით ქვეშ ხაზი.
1. უცნობი ახლოს მივიდა, შორი-ახლოსა მდგომარე (ვაჟა).
2. ვერხვის მთრთოლარე ფოთლები ცრემლს აფრქვევდნენ (ვაჟა.).
3. დედა ნიბლია მწუხარე გულს შვილებთან ართობდა (რაზ.).
4. მბრწყინავი ვარსკვლავები გზას გვინათებდნენ (რაზ.).
5. მე პატარა მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე (მღვ.).
6. ტკბილად მსტვენარი ბულბული ჩვენს ბაღებს შემოეჩვია (მღვ,).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. მოქმედებითი გვარის მიმღეობას ერთი ხაზი გაუსვით, ვნებითისას - ორი, საშუალი გვარის მიმღეობას კი - კლაკნილი. მიმღეობის ნიშნები გამოყავით დეფისით.
1. დამბრუნებელი - დაბრუნებული - დასაბრუნებელი - მბრუნავი.
2. აგორებული - ასაგორებელი - ამგორებელი - მგორავი.
3. მდუღარე - ადუღებული - ასადუღებელი - ამდუღებელი.
4. გატეხილი - გასატეხი - გაუტეხელი - გამტეხი.
5. ამაღელვებელი - აღელვებული - ასაღელვებელი - აუღელვებელი - მღელვარე.