სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშნები ერთვის, ფუძე ჰქვია.
მაგალითად: ამხანაგ-ი, ამხანაგ-მა, ამხანაგ-ს, ამხანაგ-ის, ამხანაგ-ით. ამ სიტყვის ფუძეა ამხანაგ, რადგანაც ყველა ბრუნვის ნიშანი მასზეა დართული.
სახელის ფუძესთან დაკავშირებულია მისი საგნობრივი მნიშვნელობა.
სახელის ფუძე შეიძლება იყოს ს რ უ ლ ი ან უ ს რ უ ლ ი.
სრულია ფუძე, თუ მას ხმოვანი არ აკლია. მაგალითად: ატამ (ატამ-ი, ატამ-მა, ატამ-ს) და მიწა (მიწა-მ, მიწა-ს) სრული ფუძეებია.
უსრულია ფუძე, თუ მას აკლია ხმოვანი. მაგალითად: ატმ (ატმ-ის, ატმ-ით, ატმ-ად) და მიწ (მიწ-ის, მიწ-ით) უსრული ფუძეებია: პირველს აკლია ფუძის შიგნითა ა, მეორეს კი ფუძის ბოლოკიდური.
ფუძიდან ხმოვნის ამოღებას კ უ მ შ ვ ა ეწოდება, ხოლო ფუძის ბოლოკიდური ხმოვნის დაკარგვას - კ ვ ე ც ა. ამის მიხედვით ატმ - შეკუმშული ფუძეა, მიწ - შეკვეცილი.
ფუძე შეიძლება შეიკუმშოს სამ ბრუნვაში (ნათესაობით-ში; მოქმედებით-ში და ვითარებით-ში: ატმ-ის, ატმ-ით, ატმ-ად), და შეიკვეცოს ორ ბრუნვაში (ნათესაობით-ში და მოქმედებით-ში: მიწ-ის, მიწ-ით).
სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით არსებითი სახელები და აღნიშნეთ: რომელ ბრუნვაშია; რა არის ფუძე და რა - ბრუნვის ნიშანი; როგორია ფუძე - სრული თუ უსრული; თუ ფუძე უსრულია, შეკუმშულია თუ შეკვეცილი.
1. მივარდა იგი ურემს მედგარადა (ჭავ.).
2. გლეხს ურმით თივა მიჰქონდა (გოგ.).
3. ყმაწვილმა ამოიღო ირმის ბალანი და ახსენა ირემი (ხალხ.).
4. ცა თანდათან ისარკებოდა (დად.).
5. მზე ცის დასავალს ეფარებოდა (ჯაფ.).
6. მშვენიერი ნათელი ღამე იყო (არაგ.).
7. ღამის სიბნელემ კიდეც მოატანა (ნინ.).
ფუძის მონახვის ხერხი
ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა დავსვათ მოთხრობითში (სადაც კუმშვადი და კვეცადი ფუძეც სრული სახით არის წარმოდგენილი), ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.
მაგალითები:
სტუმარი - მისი ფუძეა სტუმარ, რადგანაც მოთხრობითში ითქმის სტუმარ-მა;
მიწა - ფუძეა მთლიანად, რადგანაც მოთხრობითში იქნება მიწა-მ.
ოქრო - ფუძეა მთლიანად, რადგანაც მოთხრობითში იქნება ოქრო-მ.
გიორგი - ფუძეა აგრეთვე მთლიანად, რადგანაც მოთხრობითში იქნება გიორგი-მ.
სახელის ფუძე ბოლოვდება თანხმოვანზე ან ხმოვანზე. თანხმოვანზე დაბოლოებულ სახელს თანხმოვანფუძიანი სახელი ჰქვია, ხმოვანზე დაბოლოებულს - ხმოვანფუძიანი. მაშასადამე, სტუმარი თანხმოვანფუძიანი სახელია, ხოლო მიწა (აგრეთვე: ოქრო, გიორგი) ხმოვანფუძიანი.
სავარჯიშო. გადაიწერეთ ნაწყვეტი. თანხმოვანფუძიან არსებით სახელს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, ხმოვანფუძიანს - ორი. ბრუნვის ნიშანი გამოყავით დეფისით. აღნიშნეთ, როგორია სახელის ფუძე - სრული თუ უსრული.
ზამთარი ძლივს დაილია თბილმა სიომ დაუბერა და ლილო გამოაჩინა, თოვლი გაალბო აკრიფა და შეჭამა. კვირტიც გასკდა და გაიბერა.
ოფოფი, მერცხალი და გუგული მოფრინდნენ. ტყე აიშალა და ნელ-ნელა აყვავდა ჯერ შინდი გაყვითლდა, მერმე პანტა, მაჟალო, კუნელი და ტყემალი აიპენტნენ, ათეთრდნენ და შევარდი'ფეოდნენ შემდეგ იფნი, ნეკერჩხალი, წიფელა, თელა, რცხილა, მუხა და ცაცხვიც ამწვანდნენ და შეკუნწულდნენ. ბოლოს ერთ დღეს დაიქუხა და გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმაც წამოვიდა (ჯავ.).