კონტაქტის რაობა და სახეები
კონტაქტი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტი პირდაპირ ობიექტზე მოქმედებს.
მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი ფორმა: მ ო ი ტ ა ნ ა (მან წიგნი) და მ ო ა ტ ა ნ ი ნ ა (მან მას წიგნი). პირველი ფორმა (მოიტანა) გვიჩვენებს, რომ სუბიექტი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, მეორე ფორმა კი გამოხატავს, რომ სუბიექტი პირდაპირ ობიექტზე მოქმედებს სხვა პირის მეშვეობით.
ამის მიხედვით გვაქვს ორი კონტაქტი: უ შ უ ა ლ ო და შ უ ა ლ ო ბ ი თ ი.
უ შ უ ა ლ ო კონტაქტი აღნიშნავს, რომ სუბიექტი სხვა პირის დაუხმარებლად მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე: ვიჭერ (თევზს), ვაშენებ (სახლს), ვმალავ (ბურთს), ვწერ (დავალებას).
შ უ ა ლ ო ბ ი თ ი კონტაქტი აღნიშნავს, რომ სუბიექტი მოქმედებს სხვა პირის (ირიბი ობიექტის) საშუალებით: ვაჭერინებ (მას თევზს), ვაშენებინებ (მას სახლს), ვამალვინებ (მას ბურთს). ვაწერინებ (მას დავალებას) და მისთ.
გარდამავალი ზმნის შუალობითი კონტაქტის ფორმა სამპირიანია, უშუალოსი - ორპირიანი ან სამპირიანი (აშენებს ის მას, მისწერა მან მას ის).
კონტაქტის ფორმები იშვიათად ვნებითსაც ეწარმოება; ეთრევა - ეთრევინება, იკვლება - ეკვლევინება.
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. უშუალო კონტაქტის ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, შუალობითისას კი - ორი; აღნიშნეთ, როგორია ეს ფორმები გვარის, გარდამავლობისა და პირთა რაოდენობის მიხედვით.
1. მელამ გული მოიფხანა, მტრედების ჯავრი ამოიყარა (ვაჟა).
2. ქარი მაღლა აღმართულ ასი წლის ხეებს თავს ახრევინებდა (ყაზ.).
3. სიცივემ წიწილას დედა მოაძებნინა (რაზ.).
4. იამ ეს ამბავი კესანეს შეატყობინა (რაზ.).
5. ვიწრონი არბენინა, მინდორი უფრო ჩქარადა (ხალხ.).
6. მამალს შიშმა ცახცახი დააწყებინა (ვაჟა).
7. უხეიროდ მოგეკვლევინე (ჭავ.).
8. ვეთრევინები ზღვის ტალღებს( ვაჟა).
შუალობითი კონტაქტის წარმოება
შუალობითი კონტაქტის მაწარმოებელია მარტივი ინ ან რთული ევინ (ევ+ინ).
ინ: ვაწერ-ინ-ებ, ვაგრეხ-ინ-ებ, ვამალვ-ინ-ებ, ვაკეთებ-ინ-ებ, ვახატვ-ინ-ები და სხვ.
ევინ: ვაშლ-ევინ-ებ, ვაყრ-ევინ-ებ, ვაბმ-ევინ-ებ, გათლ-ევინ-ებ, აჭრ-ევინ-ებ, ვაკვლ-ევინ-ებ და სხვ.
შუალობითი კონტაქტის ფორმებში მაწარმოებელი ბოლოსართი არ უნდა შეიცვალოს, ანუ სრულად დაიწეროს და არ უნდა დაიკარგოს -ნ ან -ვ თანხმოვნები.
ითქმის და იწერება: გააკეთებინა, დააწერინა, გააშლევინა, დაალევინა, აშენებინებს, აშლევინებს, ახდევინებს, აზღვევინებს, აგლეჯინებს, და მისთ. (და არა: გააკეთებია, დააწერია, გააშლევია, დაალევია ან დაალეინა, აშენებიებს, აშლეინებს, ახდეინებს (ან ახდევიებს), აზღვევიებს, აგლეჯიებს ადა მისთ.).
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, შუალობითი კონტაქტის ნიშნები გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით. მარჯვნივ ფრჩხილებში მიუწერეთ უშუალო კონტაქტის ფორმა.
1. არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზე დააწვენინა (ჭავ.).
2. დედაბერი ერთ მათგანს ჯარაზე ართვევინებდა ძაფს, მეორეს თითისტარზე ახვევინებდა (გოგ.).
3. გულიდან ნუ ამომარეცხინებ შენს სიყვარულს, ნუ ამაყრევინებ შენზე გულს (ჭავ.).
4. ამ სიტყვებმა ბევრს გამოაცვლევინა აზრი (წერ.).
5. არწივი წინანდელებრ ვერ აჭრევინებდა ვეღარც თვალებს და ვეღარც კლანჭებს (ვაჟა).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები უშუალო კონტაქტის ფორმებს ქვემოთ მიუწერეთ შუალობითი კონტაქტის ფორმები, შუალობითისას კი - უშუალო კონტაქტისა. კონტაქტის მაწარმოებელი გამოყავით დეფისით და ქვეშ ხაზი გაუსვით.
უ შ უ ა ლ ო - 1 დაწერს 2. დაჭრის 3. დაკლავს 4 დააბამს 5. შეღებავს. 6. ააშენებს 7. მოიტანს 8. დახატავს.
შ უ ა ლ ო ბ ი თ ი - .....
შ უ ა ლ ო ბ ი თ ი - 1. ჩააქრობინა 2. დააგებინა 3. წააღებინებს 4. დააცხობინა 5. შეაღებვინოს 6. გააზრდევინა 7. გაათლევინა 8. გააჭრევინებდა.
უ შ უ ა ლ ო - .....
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი ძირისაგან ნაწარმოები ფორმათაგან რომელია უშუალო კონტაქტის და რომელი შუალობითის. განმარტეთ, უშუალო კონტაქტის ფორმებში როგორ არის მიღებული ინ.
1. წარადგინა - წარადგენინა.
2. დავადგინე - დავადგენინე.
3. შეარცხვინა - შეარცხვენინა.
4. გადააფინა - გადააფენინა.
5. დავაწვინე - დავაწვენინე.
6. გააფრინა - გააფრენინა.