როგორც ვიცით, სუბიექტური ნიშანი სუბიექტურ პირს გამოხატავს, ობიექტური ნიშანი კი - ობიექტურს.
მაგრამ ეს წესი ზოგჯერ ირღვევა და პირის ნიშნის დანიშნულება შებრუნებულია: სუბიექტური ნიშანი ობიექტურ პირს გამოხატავს, ობიექტური ნიშანი კი - სუბიექტურს.
მაგალითად, ვაქებ, ვაქე, მიქია ფორმებში პირველი პირი სუბიექტურია, რომელიც პირველ ორ ფორმაში სუბიექტური ნიშნით (ვ-თი) არის გამოხატული, მესამეში კი - ობიექტური ნიშნით (მ-თი). მაშასადამე, მ ი ქ ი ა ფორმაში პირის ნიშნის დანიშნულება შებრუნებულია.
პირის ნიშნის დანიშნულების შეცვლას (შებრუნებას) ი ნ ვ ე რ ს ი ა ეწოდება, თვით ფორმას - ი ნ ვ ე რ ს ი უ ლ ი.
მაშასადამე, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში მ ი ქ ი ა ზმნის ინვერსიული ფორმაა.
ანუ ინვერსიაა, როცა სუბიექტური პირის ნიშნით ობიექტი აღინიშნება, ხოლო ობიექტური პირის ნიშნით - სუბიექტი.
სავარჯიშო:
წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელია ინვერსიული ფორმა და რომელი - არაინვერსიული. თუ ფორმა ინვერსიულია, აღნიშნეთ, რომელი პირის როგორ ნიშანს აქვს დანიშნულება შებრუნებული.
1. ვზრდი, გავზარდე, გამიზრდია.
2. ვშლი, წავშალე, წამიშლია.
3. ვთლით, გავთალეთ, გაგვითლია.
4. ვწერთ, დავწერეთ, დაგვიწერია.
5. მხატავს, დამხატა, უნდა დავეხატე.
ინვერსიული ზმნების უღლება
ინვერსიული ზმნები თავისებურად იუღლებიან;
მაგალითად:
| მხოლობითი რიცხვი | ||||||
| I პირი | მ-იყვარ-ს | მ-აქვ-ს | მ-ში-ა | |||
| II პირი | გ-იყვარ-ს | გ-აქვ-ს | გ-ში-ა | |||
| III პირი | უყვარ-ს | აქვ-ს | ში-ა | |||
| მრავლობითი რიცხვი | ||||||
| I პირი | გვ-იყვარ-ს | გვ-აქვ-ს | გვ-ში-ა | |||
| II პირი | გ-იყვარ-თ | გ-აქვ-თ | გ-ში-ა-თ | |||
| III პირი | უყვარ-თ | აქვ-თ | ში-ა-თ | |||
















