პირდაპირი და ირიბი ნათქვამის რაობა
ვისიმე (ვინმეს) ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს მეტ-ნაკლები სიზუსტით: სიტყვასიტყვით, ფორმის შეუცვლელად, ან ფორმის შეცვლით. მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი წინადადება:
ტარიელმა გიოს გადასძახა: „ხარები უღლიდან გ ა მ ო უ შ ვ ი და ცხენის შეკაზმაზე მ ო მ ე ხ მ ა რ ე!“
ტარიელმა გიოს გადასძახა, რომ ხარები უღლიდან გ ა მ ო ე შ ვ ა და ცხენის შეკაზმაზე მ ი ხ მ ა რ ე ბ ო დ ა (ქიაჩ.).
პირველ წინადადებაში ტარიელის ნათქვამი სიტყვასიტყვით არის გამეორებული, მეორეში კი შეცვლილია ზმნების ფორმები.
თუ ვისიმე ნათქვამი სიტყვასიტყვით არის გამეორებული, ამას პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.
პირდაპირ ნათქვამს ჩვეულებრივ ახლავს ავტორის სიტყვები, რითაც ვგებულობთ, ვის ეკუთვნის ის. ჩვენს მაგალითში პირდაპირი ნათქვამია: ხ ა რ ე ბ ი გ ა მ ო უ შ ვ ი დ ა ც ხ ე ნ ი ს შ ე კ ა ზ მ ა ზ ე მ ო მ ე ხ მ ა რ ე, ხოლო ტ ა რ ი ე ლ მ ა გ ა დ ა ს ძ ა ხ ა ავტორის სიტყვებია. შეერთება უკავშიროა.
თუ ვისიმე ნათქვამი გადმოცემულია შეცვლილი ფორმით, ამას ირიბი ნათქვამი ჰქვია.
მაშასადამე, ხ ა რ ე ბ ი უ ღ ლ ი დ ა ნ გ ა მ ო ე შ ვ ა დ ა ც ხე ნ ი ს შ ე კ ა ზ მ ა ზ ე მ ი ხ მ ა რ ე ბ ო დ ა ირიბი ნათქვამია, სადაც პირდაპირი ნათქვამის ზმნათა მეორე სუბიექტური პირი (გამოუშვი შ ე ნ, მომეხმარე შ ე ნ) შესამისად არის შეცვლილი (გამოეშვა მ ა ს, მიხმარებოდა ი ს).
ირიბნათქვამიანი წინადადება მთლიანად კავშირიანი რთული ქვეწყობილი წინადადებაა: ავტორის სიტყვები მთავარი წინადადებაა, ირიბი ნათქვამი - დამოკიდებული.
სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რა მსგავსება და განსხვავებაა პარალელურად მოყვანილ წინადადებებს შორის.
ა) 1. ბატონმა გვიბრძანა: „კამეჩები შერეკეთ საჩეხეში“ 2. ბატონმა გვიბრძანა, რომ კამეჩები შეგვერეკა საჩეხეში (წერ.).
ბ) 1. გიორგიმ უთხრა შვილს, რომ წასულიყო წყაროზე და ცივი წყალი მოეტანა. 2. გიორგიმ უთხრა შვილს: „წადი წყაროზე და ცივი წყალი მოიტანე!“
ნაწილაკებიანი პირდაპირი ნათქვამი
პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის სიტყვასიტყვითი ნაწილაკები: მეთქი, თქო და ო.
ო იხმარება მე-3 პირის ნათქვამის გადმოსაცემად: პატარა ნუცამ თქვა: ჩ ე მ ს დ ე დ ო ფ ლ ე ბ ს უ თ უ ო დ კ ი თ ხ ვ ა უ ნ დ ა ვ ა ს წ ა ვ ლ ო ო. (გოგ.).
სხვათა სიტყვის ო ჩვეულებრივია ანდაზებში, რადგანაც იგულისხმება: ნ ა თ ქ ვ ა მ ი ა, ა მ ბ ო ბ ე ნ, თ ქ მ უ ლ ა. ეს სიტყვები ზოგჯერ ითქმის კიდევაც: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. (ვაჟა).
მეტწილად კი ეს სიტყვები იგულისხმება:
კარგი ამხანაგი კარგი ძმობის დარიაო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
პირველი პირის ნათქვამის ან განაზრახი სიტყვების განმეორებით გადმოსაცემად იხმარება მეთქი ნაწილაკი, თუ ზმნის პირველი პირის ფორმა მხოლობითშია: ბებერია ეგ ტიალი მგელი, როგორ ბუხბუხებს, როგორ რ უ ხ რ უ ხ ე ბ ს-მეთქი - ვ ა მ ბ ო ბ დ ი მ ე.
თუ ზმნის პირველი პირის ფორმა მრავლობითშია, ო ნაწილაკი იხმარება: ბებერია ეგ ტიალი მგელი, როგორ ბუხბუხებს, როგორ რ უ ხ რ უ ხ ე ბ ს ო! - ვ ა მ ბ ო ბ დ ი თ ჩ ვ ე ნ. (ვაჟა).
თქო აღნიშნავს პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამეს უნდა გადასცეს:
- წადი, გოგიას მამას უთხარი, ამაღამ ჩვენსა გ ა დ მ ო დ ი-თქო (რ. ინან.).
- უთხარი, უეჭველად ამაღამ ჩ ა მ ო დ ი-თ ქ ვ ა (ნინ.).
თქო და თქვა პარალელურ ფორმათაგან, სალიტერატურო ქართულში თქო იხმარება, თქვა კი კუთხურად ითვლება.
კუთხური მეტყველების გავლენით ზოგჯერ მეთქი ნაწილაკის ნაცვლად თქო - არის ნახმარი, რაც შეცდომაა: - ვიფიქრე, შეიძლება დ ა მ ჭ ი რ დ ე ს-თქო. (გვეტ.). უნდა იყოს: - ვიფიქრე, შეიძლება დ ა მ ჭ ი რ დ ე ს-მ ე თ ქ ი.
ო ნაწილაკი სიტყვასთან შერწყმულად იწერება, მ ე თ ქ ი და თ ქ ო კი დეფისით გამოეყოფა.
ეს ნაწილაკები ჩვეულებრივ ბოლო სიტყვას დაერთვის წინადადებაში. ზმნა-შემასმენელს სიტყვასიტყვითი ნაწილაკი მაშინაც დაერთვის, როცა ის არ არის წინადადების ბოლოს: - აკი მოგახსენეთ, გ ა გ ი ა დ ვ ი ლ ე ბ თ-მ ე თ ქ ი სამეცნიერო სიტყვის გაგებას (ჭავ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელია პირდაპირი ნათქვამი და რომელი - ირიბი. აღნიშნეთ, სიტყვასიტყვითი ნაწილაკები რა მნიშვნელობას აძლევენ პირდაპირ ნათქვამს.
ა) 1. დედას ვთხოვე, ამ ძროხას ნუ დავკლავთ-მეთქი. (ლორთქ.).
2. - რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა: - რა გაყვირებს-მეთქი? (ჯავახ.).
3. წადი, დეიდა ქეთევანს მოახსენე, ფიქრიას სტუმარი მოჰყავს-თქო. (გ. შატბ.).
4. თამრომ დაიჟინა, ქალაქში უნდა დავბრუნდეო. (ჯავახ.).
ბ) 1. ...მერე უბრძანა, რომ გარეთ გავიდეს, (ჭავ.).
2. დედაჩემმა ურჩია მამაჩემს, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისათვის ეჩვენებინა ჩემი თავი. (წერ.).
3. დეიდა მართამ მითხრა წუხელ, რომ მე უღმერთო ვარ და იმიტომ ვიჭრები. (ნ. დუმბ.).
სავარჯიშო 2. პირდაპირი ნათქვამი გადააკეთეთ ირიბად, ირაბი - პირდაპირად და აღნიშნეთ, რა ცვლილება განიცადა ერთმა თუ მეორემ.
ა) 1. ბულბულმა თქვა: „მე არა ვარ მტაცებელი და სისხლისმსმელი ფრინველი“.
2. - როგორ მოგეწონა ის სურათი? - ჰკითხა ძმამ დას.
3. - იქ რა გინდა შენ? - ჰკითხა მან ბოლოს. (ჭავ.).
ბ) 1. ბატონმა ბრძანა, რომ ხელშეკრული გაეყვანათ წყალგაღმა და იქ გაეხსნათ მისთვის ხელები. (წერ).
2. „მეხრეებსა და სხეებსაც სთხოვეს, რომ დაკარგული გოგია დილიდანვე კარგად მოეძებნათ. (ჯავახ.).
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, სად რა შეცდომაა დაშვებული (ავტორებს არ ვასახელებთ). შეცდომები გაასწორეთ და დაასაბუთეთ, რომ თქვენი ვარაუდი სწორია.
1. გაჩერდი, არ გაინძრე-თქვა.
2. ვიფიქრე, იქნებ მეორე უნივერმაღში იყოს-თქო.
3. ადრეც წაიტეხა ფეხი-თქო, ვთქვით.
4. დიდი სიფრთხილე გმართებთ-მეთქი, ვამბობდით ჩვენ.
სავარჯიშო 4. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რატომ იყრის თავს ერთად ორი ო დაყოფით დაბეჭდილ სიტყვებში.
1. - არა, - უპასუხა არწივმა - გზაზე უნდა ვ ი ნ ა დ ი რ ო ო (ლორთქ.).
2. მოდი, ერთი ესეც ვ ნ ა ხ ო ო. (ჭავ.).
3. - წესიც ეგრეა, ბ ა ტ ო ნ ო ო! - უპა სუხა კარისკაცმა. (ჭავ).
4. ჩემ მაგიერ მოკითხვა არ შ ე უ თ ვ ა ლ ო ო (ჯავახ.).
5. თითქოს პატრონს შორიდან მ ი ა გ ნ ო ო (ჯავახ.).