განკერძოების რაობა და სახეები
წინადადების წევრი ზოგჯერ შეიძლება პაუზით გამოეყოს მეზობელ სიტყვებს და განცალკევებით დადგეს, ამ მოვლენას განკერძოება ჰქვია, ხოლო თვით წევრს - განკერძოებული.
გარდა განკერძოებული წევრებისა, მოიპოვება ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც განცალკევებით დგანან, მაგრამ წინადადების წევრის განკერძოებას არ წარმოადგენენ.
ყველას ერთად განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ქვია.
განკერძოებული სიტყვები და გამოთქმებია:
• განკერძოებული განსაზღვრება;
• განკერძოებული გარემოება;
• დანართი წევრები;
• მიმართვა;
• ჩართული;
• მიგებითი ნაწილაკები;
• შორისდებული;
განკერძოებული განსაზღვრება
განკერძოებულია განსაზღვრება, რომელიც (თავისი მიმყოლი სიტყვებითურთ) პაუზით გამოეყოფა საზღვრულს, დაწერისას კი სასვენი ნიშნით. მაგალითები:
1. დიდი მთებია იქ, თ ო ვ ლ ი ა ნ ი (ნ. ნაკ.).
2. შემოდგომის საღამო იყო, თ ბ ი ლ ი და ს ა ს ი ა მ ო ვ ნ ო (გ. შატბ.).
3. სიო, ს ა რ კ მ ლ ი თ მ ო ნ ა ქ რ ო ლ ი, ველთა ზღაპარს მეუბნება (ტაბ.).
განკერძოებული განსაზღვრება პირველსა და მეორე წინადადებაში ზედსართავი სახელით არის გადმოცემული, მესამეში - მიმღეობით, რომელსაც ახლავს მიმყოლი სიტყვა (ადგილის გარემოება).
მეორე მაგალითში საზღვრულს ორი განკერძოებული განსაზღვრება ახლავს, პირველსა და მესამეში - თითო-თითო. ამასთანავე, მესამე მაგალითში განკერძოებული განსაზღვრება უშუალოდ მოსდევს საზღვრულ წევრს, ხოლო პირველსა და მეორეში გათიშულია საზღვრული წევრისაგან.
თუ განკერძოებულ განსაზღვრებას ადგილს შევუცვლით (საზღვრულის წინ გადავსვამთ), იგი ჩვეულებრივ განსაზღვრებად გადაიქცევა.
დიდი თ ო ვ ლ ი ა ნ ი მთებია იქ.
შემოდგომის თ ბ ი ლ ი და ს ა ს ი ა მ ო ვ ნ ო საღამო იყო.
სარკმლით მ ო ნ ა ქ რ ო ლ ი სიო ველთა ზღაპარს მეუბნება,
განკერძოებული განსაზღვრება შეიძლება ახლდეს პირის ნაცვალსახელსაც. ამ შემთხვევაში იგი ნაცვალსახელის წინ ან შემდეგ დგას!
რ ძ ი ს ფ ე რ ნ ი ს ლ შ ი გ ა ხ ვ ე უ ლ ი, ჩუმად მიტბორავს იგი (კ. ლორთქ.).
ი ს, ბ ე დ ი ს გ ა ნ მ ო ძ უ ლ ე ბ უ ლ ი, ამაოდ ებრძვის თავის ხვედრს (გ. აბაშ.).
პირის ნაცვალსახელი ზოგჯერ არ არის ნახმარი და განკერძოებული განსაზღვრება განმარტოებულია: ს ა ჩ ხ ე რ ე ს მ ი მ ა ვ ა ლ ი, გზაში ერთ მოხუცებულ ცხენოსანს წამოვეწიე (წერ.).
განკერძოებული განსაზღვრება ყოველთვის ეთანხმება საზღვრულს ბრუნვაში, ჩვეულებრივ რიცხვშიც:
ა რ ყ მ ა, კლდის თავზე მ დ გ ო მ ა რ ე მ, შეარხია ტოტები (ვაჟა).
იგი ნაომარ ა დ გ ი ლ ს ჰგავდა, სისხლით გადალესილს (ვაჟა).
წ ყ ა ლ ნ ი მ თ ი თ დ ა ქ ა ნ ე ბ უ ლ ნ ი, ალმასებრ უფსკრულს ცვივიან, (გ. ორბ.).
მ ო ნ ა დ ი რ ე ე ბ ს, დათვის მოკვლისაგან გ ა ხ ა რ ე ბ უ ლ ე ბ ს, დაჭრილთა მწუხარება დაავიწყდათ. (ვაჟა).
განკერძოებული განსაზღვრება თავის მიმყოლი სიტყვებითურთ გამოიყოფა მძიმით (როცა წინადადების თავშია ან ბოლოში) ან მძიმეებით (როცა წინადადების შიგნითაა).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით გამოარკვიეთ, რით არის გადმოცემული განკერძოებული განსაზღვრება გავრცობილია ის თუ გაუვ- რცობელი და რა ადგილი უჭირავს მას საზღვრელის მიმართ.
1. გამობრუნდა თუში, ნახელით გაოცებული (ჭავ.).
2. ცა ზღვის ფსკერს ჰგავს, ჭრელ კენჭებით მოქარგულს და მოგვირისტებულს (მრევლ.).
3. შუა ეზოში ალიზის სახლი იდგა, ძალიან დაბალი და უშნოდ წაგრძელებული (ლორთქ.).
4. ნაცარი, წვრილ ღადარში არეული, მაღლა სვეტად ავარდა (ყაზ.).
5. თბილი, ღრუბლიანი ღამე იყო, უმთვარო, (ოტ. იოს.).
6. ტატო თრთოდა. მის წინ ის იდგა, ცისიერი, ჰაეროვანი, პირმცინარი (მრევლ.).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. დასვით სასვენი ნიშნები. განკერძოებულ განსაზღვრებას მისი მიმყოლი სიტყვებითურთ ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, იმ სიტყვას, კი, რომელსაც ახლავს, - ორი. გამოარკვიეთ, როგორ არის შეწყობილი საზღვრულ წევრთან განკერძოებული განსაზღვრება ბრუნვასა და რიცხეში.
1. კესოს ყვავილების ბაღი გეგმაზე გაკეთებული მოირთო მოიკაზმა (ჭავ.).
2. ტანადი და ძარღვიანი იგი მძიმედ მიაბიჯებდა ხევისკენ (კ. ლორთქ.).
3. ტბას დაეცა ლურჯი ნისლი მსუბუქი და გამჭვირვალე (ტაბ.).
4. ასე გაჩუმებული სულგაკმენდილი ის დარჩა რამდენიმე ხანს (ყაზ.).
5. ყვავილის კოკრებს ახლად გამონასკულებს ოდნავ გადაეხადათ მწვანე პირბადე (ყაზ.).
6. იგი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ძველი სახლის ნანგრევებზე დადიოდა (არ. სულაკ.).
7. ფრინველნი ჯერ კიდევ ძილით მოცულნი დღის მოლოდინით კრთებოდნენ (ყაზ.).
სავარჯიშო 3. ჩვეულებრივი განსაზღვრება აქციეთ განკერძოებული განსაზღვრებად, განკერძოებული - ჩვეულებრივად და მაგალითები ისე გადაიწერეთ. დაუსვით სასვენი ნიშნები. ჩვეულებრივ განსაზღვრებას მიმყოლი სიტყვებითურთ სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, განკერძოებულს - კლაკნილი.
ა) 1. სიცივისაგან შეწუხებული მყეფრები ხმას ვეღარ იღებდნენ (რაზ.).
2. პატარაობიდანვე გარჯას შეჩვეული ვაჩე ტყუილად ყოფნას ვერ ურიგდებოდა (გ. აბაშ.)
3. საცეცხლურზე ეკიდა მჭვარტლისაგან გაშავებული ხის კავი (ნინ.).
ბ) 1. მონადირე, ბედით კმაყოფილი სიამოვნებით დასცქეროდა ნანადირევს.
2. ტყე, ფოთლითა და ნაყოფით შემოსილი, კმაყოფილად იცქირებოდა (ვაჟა).
3. საწნახელი აივსო ყურძნით, თეთრითა და შავით (გოგ.).
განკერძოებული გარემოება
გარემოება შეიძლება პაუზით გამოეყოს წინადადებაში სხვა სიტყვებს და განკერძოებით დადგეს:
1. მე პირველად წელს ვნახე მთები, ყ ა ზ ბ ე გ შ ი (გ. რჩ.).
2. ვაჩემ ხელი დაადო მოზაიკას, ფ რ თ ხ ი ლ ა დ და ს ა თ უ თ ა დ (გ. აბაშ.).
პირველ მაგალითში განკერძოებულია ადგილის გარემოება, მეორეში - ვითარების გარემოება.
განკერძოებულია სახელის ნათესაობითის ფორმა, რომელსაც დაერთვის მ ი უ ხ ე დ ა ვ ა დ ზმნიზედა:
იგი, ჭ ა ღ ა რ ი ს მ ი უ ხ ე დ ა ვ ა დ, საკმაოდ ჭაბუკურად გამოიყურებოდა (გ. ფანჯ.).
განკერძოებული გარემოება ისევე გამოიყოფა მძიმით (ან მძიმეებით), როგორც განკერძოებული განსაზღვრება.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სასვენი ნიშნები. განკერძოებულ გარემოებას გაუსვით ხაზი,
1. მეც თქვენსავით მთიელი ვარ. კავკასიიდან (გ. რჩ.).
2. ჩვენს ბოდბეს მოგაგონებთ კახეთში (ი. აბაშ.)
3. ისიც გააცნობდა თავის აღმოჩენებს წყნარად აუჩქარებლად (ლეონ.).
4. მიუხედავად დაღლისა არაგვს გაბრუნებაც მალე მიწევს (გოთ).
5. ჩამოიღო მაღლიდან ჩანგური და პირობისამებრ სიფრთხილით ჩამოჰკრა სიმებს (წერ.).
დანართი წევრები
დანართი ჰქვია ისეთ წევრს, რომელიც წინადადების რომელიმე წევრის შემავსებელ ცნობას შეიცავს ახსნა-განმარტების თუ დაზუსტების სახით.
დანართი წევრი ჩვეულებრივ ასახსნელ-განსამარტავი სიტყვის შემდეგაა, იშვიათად უსწრებს მას. შეერთება უკავშიროა ან კავშირიანი. კავშირის გასაბმელად იხმარება მაიგივებელი კავშირები: ანუ, ესე იგი (შემოკლებით: ე. ი.), აგრეთვე სიტყვები: სახელად, გვარად, წარმოშობით, ეროვნებით, ჩამომავლობით, მაგალითად, სახელდობრ და სხვ.
დანართი შეიძლება ახლდეს ყველა წევრს. იგი წინადადებაში გამოიყოფა პაუზით, წერის დროს - სასვენი ნიშნით (ჩვეულებრივ მძიმით).
მაგალითები:
1. ჩვენ, ი რ მ ე ბ ი, ენით არ ვლაპარაკობთ (ვაჟა).
2. ხალხი შეეხვეწა გიგოლას, გ ა მ ო ჩ ე ნ ი ლ მ ო ნ ა დ ი რ ე ს (ვაჟა).
3. იქ ც ი ს კ ი დ უ რ ზ ე, ათასამდე მერცხალი შეკრებილიყო (ევდ.).
4. ამჟამად, ნ ო ე მ ბ რ ი ს დ ა მ ლ ე ვ ს, იქ ისევ ზაფხულია (ჯავახ.).
პირველ მაგალითში დამაზუსტებელი დანართი წევრი ქვემდებარეს ახლავს, მეორეში - ირიბ დამატებას, მესამეში - ადგილის გარემოებას, მეოთხეში - დროის გარემოებას, შეერთება დასახელებულ მაგალითებში უკავშიროა.
კავშირიანი შეერთების მაგალითებია:
ქვებს შუა ეწყო თევზის პაწაწინა კვერცხები, ანუ ქ ვ ი რ ი თ ი (გოგ.).
აღნიშნულ დროს, ე. ი. რ ვ ი ს ნ ა ხ ე ვ ა რ ზ ე, მივედი თეატრში (არდ.).
ლაშას დარჩა ერთი მცირეწლოვანი ვაჟი, ს ა ხ ე ლ ა დ დ ა ვ ი თ (გოგ.).
დურმიშხანი, გ ვ ა რ ა დ წ ა მ ა ლ ა ძ ე, იმერელი იყო. (წერ.).
ერთ მათგანს, ს ა ხ ე ლ დ ო ბ რ თ ი ლ ი ს ძ ე ს, შეუგროვებია ჯარი (ვაჟა).
რ ო გ ო რ ც ფ რ თ ხ ი ლ ი კაცი, როსტომი შესდგომოდა თადარიგს. (ბარნ.).
დანართი წევრი, უკავშირო თუ კავშირიანი, მძიმით არის გამოყოფლი (როცა თავშია ან ბოლოში), ან ორივე მხრიდან - მძიმით (როცა წინადადების შიგნითაა მოქცეული), მაგრამ უკავშირო დანართი ზოგჯერ ტირეთიც გამოიყოფა, რომ ის და ასახსნელ-დასაზუსტებელი სიტყვა ერთგვარ წევრებად არ იქნეს გაგებული. მაგალითები:
ხეებს გუნდად დასწოლია ფიფქი თოვლი - ბ ა მ ბ ი ს ქ უ ლ ა (ტაბ.).
ბრწყინავს ქართლი - ვ ა რ დ ი ს ბ ა ღ ი (ლეონ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით გამოარკვიეთ, რომელ წევრს ახლავს დანართი; გავრცობილია ის თუ გაუვრცობელი; სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად,
1. ეს იყო ბესია, მანას ერთადერთი ძმა. (ნინ.).
2. ჩვენ, ბავშვებს, კრებაზე - არავინ გვეპატიჟებოდა (ნ. დუმბ).
3. ის საუცხოო რამ არის და ამიტომ დაურქმევიათ „სავანე“, ე. ი. მოსასვენებელი ადგილი (წერ.).
4. ამირანს მამა ჰყავდა, სახელად დავითი (ჯავახ.).
5. ხოსრომ, როგორც მასპინძელმა, თამადობა თვითონ იკისრა. (გვეტ.).
6. შორს, ხრიოკი კლდის ფერდობზე, პატარა სოფელი მოჩანდა (გ. შატბ.).
7. ო, ეს დიდი ამბავია, ე. ი. გრძელი და რთული. (დად.).
8. მელამ ერთი თავისებურად, ცბიერად, ცბიერის თვალებით გადმოხედა მონადირეებს! (ვაჟა).
9. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ძალიან სასიხარულო იყო იმათი ჩამოსვლა (ნ. ნაკ.).
10. ჰკითხეთ წინაპრებს - მამულის მხედრებს ლეონ.).
სავარჯიშო2. გადაიწერეთ მაგალითები დაუსვით სასვენი ნიშნები. დანართ წევრებს გაუსვით ქვეშ ხაზი.
1. ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ პოეტები საქართველოსი (ტაბ.).
2. ნაბდიანი კაცი გუგუა ფიჩიტაური იყო სასიძო (ყაზ.).
3. შაბაში ე. ი. მუშაობის შეწყვეტის დრო მოტანებული იყო (ევდ.).
4. მე როგორც ქვეყნის შვილს თერგის სახე უფრო მომწონს (ჭავ.).
5. გაღმა კლდის ძირში ღარის წყარო მოწანწკარებს (კ.ლორთქ.).
6. უზარმაზარი ნიგვზები ანუ კაკლის ხები საჩრდილებლად თავმომწონედ შლიდნენ შტოებს (წერ.).
7. თრთიან ფოთლები მწვანე ჩიტები (ა.მირცხ.).
8. მე თბილისზე შეყვარებულ პოეტს საიათნოვას სიმღერები ბავშვობიდანვე მიზიდავდა (გრიშ.).
9. ეზოში ალაზნის პირას კლდის თავზე ცეცხლი ენთო (ლ.მრელ.).
მიმართვა
წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს, რომელიც მეორე პირს ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს აღნიშნავს, მიმართვა ჰქვია.
მიმართვა გაუვრცობელია ან გავრცობილი არამთავარი წევრებით, ცალკე დგას ან წინადადებას ახლავს. ცალკე მდგომი მიმართვა ჩვეულებრივი დაძახებისას იხმარება, რომ მისამართი პირის ყურადღება იქნეს მიპყრობილი.
თუ მიმართვა ცალკე არ არის ნახმარი, იგი შეიძლება იყოს წინადადების თავში ან ბოლოში, ან კიდევ წინადადების შიგნით. მაგალითები:
ლ უ ა რ ს ა ბ! - დაუძახა ძმას დავითმა. (ჭავ.).
გ უ ლ ო, არ გატყდე, გამაგრდი! (ვაჟა).
შენი გულისწყრომა, დ ა რ ბ ა ი ს ე ლ ო მ უ ხ ა ვ, საფუძვლიანია. (ლომ.).
რა მშვენიერი რამა ხარ, დ ი ლ ი ს რ ი ჟ რ ა ჟ ო! (ჭავ.).
მხატვრულ ლიტერატურაში მიმართვად ხშირია არაადამიანთა სახელები. ეს არის განპიროვნების ერთ-ერთი სახე.
მიმართვასთან დაკავშირებით უნდა დავიცათ შემდეგი წესები:
1. ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის. თუ ასეთი მიმართვა მეორდება, ან ასეთად რამდენიმე სხვადასხვა სახელია, უკანასკნელის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, ხოლო ყოველი წინა მიმართჯის შემდეგ მძიმე ან ძახილის ნიშანი იწერება (იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოთქმას გულისხმობს). მაგალითები:
- დ ე დ ა! - რა გინდა, შვილო! (ქუჩ.).
ლ უ ა რ ს ა ბ! ლ უ ა რ ს ა ბ! - დაუძახა ქმარს დარეჯანმა (ჭავ.).
- ს ო ს ი კ ა, ზ ა ქ ა რ ა, ბ ე რ უ ა, თ ე დ უ ა! - ყვიროდა გაბრაზებული სარდიონი. (ვაჟა).
2. თუ მიმართვა წინადადების თავშია, ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოთქმას გულისხმობს, მის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, სხვა შემთხვევაში - მძიმე. მაგალითები:
ქ ა რ თ ვ ლ ი ს დ ე დ ა ო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა. ჭავ.).
მ ა რ ა ბ დ ე ლ ე ბ ო, ყური მიგდეთ და გაიგონეთ! (ჯავახ.).
3. თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, ის წინა სიტყვისაგან მძიმით გამოყოფა, ხოლო შემდეგ ის ნიმანი დაისმის, რომელიც წინადადებას შეეფერება. მაგალითები:
ეს კამეჩის მაწონი გახლავთ, დ ე ი დ ა კ ა ტ ო. (ქუჩ.).
სად ბრძანდებოდი, ჩ ე მ ო შ ე რ მ ა დ ი ნ? (ჭავ.).
რა მშვენიერი რამე ხარ, დ ი ლ ი ს ც ვ ა რ ი თ პ ი რ დ ა ბ ა ნ ი ლ ო ქ ვ ე ყ ა ნ ა ვ! (ჭავ.).
- ახლა არ გითხარი, კ ა ც ო? (რ. ინან.).
4. ადამიანის საკუთარი სახელი წოდებითში ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს. ამიტომ შეცდომაა, როცა ასეთ სახელს მიმართვად გამოყენებისას წოდებითი ბრუნვის ნიშანს დაურთავენ ან სახელობითი ბრუნვის ფორმით ხმარობენ. უნდა: გურამ! ვახტანგ! დავით! ვარლამ! ნოდარ! ელიზბარ! ასმათ! თამარ! დარეჯან! ელისაბედ! (და არა: გურამი! ვახტანგი! ნოდარი! ასმათი! ან: დარეჯანო! ელისაბედო! პეტრევ! ვაჟავ! გოჩავ! და სხვ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით მიმართვები და დაახასიათეთ წარმოთქმის, ადგილისა და შედგენილობის მიხედვით. აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია და რომელი წესის შესაბამისად.
1. ტყე ხშირია, კურდღელო და დაბურული (რაზ.).
2, ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა! (ვაჟა).
3. ჩვენო არაგვო რარიგ მიყვარხარ) (ჭავ.).
4. მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! (ჭავ.).
5. ქართვლის დედაო! იმედიანი შენ გასცქეროდი სამშობლოს ლაჟვარღს. (ა. აბაშ.).
4. მშვიდობით, ჩემო გაბრიელ (ჭავ.).
7. ძმებო, ამხანაგებო! - დაიძახა ბოლოს კუდამ. (ვაჟა).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ როგორი სახელით არის მიმართვა გადმოცემული და სად რა შეცდომაა დაშვებული. აღნიშნეთ, როგორ უნდა იყოს და რატომ.
1. ლუხუმო, მოდი ჩვენთან?!
2. რატომ შეწუხდით, დეიდა ელისაბედო?
3. გურამი, მათხოვე წიგნი.
4. რა გინდოდა, სარდიონო?
5. ეს შენ კარგად არ გახსოვს. ჩემო დარეჯანო.
6. ასე არ ვარგა, ჩემო ოტიავ!
სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები დასვით სასვენი ნიშნები. მიმართვას მიმყოლი სიტყვებითურთ გაუსვით ხაზი.
1. აი ძმაო ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე (ჭავ.).
2. მთაო მაღალო მიწაზე დგახარ თუ ჰაერში ხარ აყვავებული (ა. აბაშ.).
3. მე მესმის ჭკვიანო პეტრე შენი გულის ვითარება (ჭავ.).
4. ჩემი სამშობლოს არწივნო მოგესალმებით მთურადა (ვაჟა).
5. პეტრე აი პეტრე დაუძახა შორიდან თივის მდგმელს (ჭავ.).
6. იკურთხოს შენი ძუძუ ჩვენო დედავ ჩვენო გამზრდელო ჩვენო ძუძუს მაწოვებელო (ვაჟა).
7. მაგას ვინ ამბობს ჩემო ძმაო (ჭავ.).
8. თაგვებო თაგვებო თაგვებო ცოტა ხანს უკან მოგვესმა ყვირილი და ღრიალი ხვრელიდან (რაზ.)
ჩართული
ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვას თუ სიტყვათა ნაერთს, რომლითაც მთქმელი გამოხატავს, როგორ უცქერის ის წინადადებაში გამოთქმულ აზრს. ჩართულია ზოგჯერ მთელი წინადადებაც.
ჩართული ჩვეულებრივ წინადადების თავშია ან შუაში, იშვიათად ბოლოშიც გვხვდება. წარმოთქმისას პაუზით გამოიყოფა, დაწერისას - სასვენი ნიშნით: მძიმით, როცა წინადადების თავშია ან ბოლოში, და ორივე მხრიდან მძიმით, როცა წინადადების შიგნითაა. მაგალითად:
რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა, ეგ არ იქნება. (ჭავ.).
მე, რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა, ძალიან მომწონდა ეს ლექსები. (რაზ.).
ამ გმირებს ჯერ გამასპინძლება უნდოდა, რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა. (ვაჟა).
ჩართული მნიშვნელობით მრავალგვარია. იგი გამოხატავს:
1. ამა თუ იმ გრძნობას:
ს ა ბ ე დ ნ ი ე რ ო დ, შალვას ეჭვი არ გამართლდა (გ. აბაშ.).
დათოს, ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ, სიტყვები არ ესმოდა. (არ. სულაკ.).
2. დარწმუნებულობას:
მერცხალს, რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა, ეწყინა ეს არასასიამოვნო ამბავი (ვაჟა).
ავადმყოფს, უ ე ჭ ვ ე ლ ი ა, რაღაც აწუხებდა. (ყაზ.).
3. ვარაუდს:
წინ, რ ო გ ო რ ც ე ტ ყ ო ბ ა, ყვავილნარი ყოფილა გაშენებული (დ. შენგ.).
უზარმაზარი თევზი, რ ო გ ო რ ც ჩ ა ნ დ ა, მას მისდევდა. (გ. მატბ.).
4. წინადადებაში გამოთქმული აზრის წყაროს
ვაჟკაცს, ფ შ ა ვ ე ლ ი ს წ ა რ მ ო დ გ ე ნ ი თ, სიდარბაისლე უხდება (ვაჟა).
მ ი ს ი ფ იქ რ ი თ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო (დად.).
5. აზრთა თანამიმდევრობასა და ურთიერთმიმართებას:
ჯ ე რ ე რ თ ი, ძალზე უტეხი ხასიათისა ვარ, მ ე ო რ ე, მეგონა, წამალს თუ არ დავლევ, უკეთესად ვიქნები-მეთქი. (ოტ. იოს.).
ჯერ სიცხეები არ დამდგარიყო და, მ ა შ ა ს ა დ ა მ ე, ჩინებული ჰაერი ტრიალებდა (ყაზ.).
6. შენიშვნას, რომელიც აზრის გამოთქმის ფორმას ეხება:
ე რ თ ი ს ი ტ ყ ვ ი თ, მირიანის საქმე წაღმა შეტრიალებულა (არ. სულაკ.)
ის ხომ, თ უ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ა ს ე ი თ ქ ვ ა ს, სრულიად ხელუხლებელი ყამირია (დად.).
ჩართულია აგრეთვე საალერსო სიტყვები და გამოთქმები, ზოგიერთი ფიცილის (ფიცის) ფორმულა.
ყმაწვილის გული, შ ე ნ ი ჭ ი რ ი მ ე ადრეულა ყვავილსა ჰგავს (ჭავ.).
ეგ შიში, მ ა მ ა შ ვ ი ლ ო ბ ა მ, უსაფუძვლოა (კლდ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რა განსხვავებაა დაყოფით დაბეჭდილ ერთნაირი სიტყვებს შორის.
ა) 1. ყველა მთიელი მწყემსი სამთო ქოხს ა მ გ ვ ა რ ა დ აკეთებს. (ვაჟა). 2. ა მ გ ვ ა რ ა დ, ნათავადარმა იშოვა მუდმივი და იოლი საქმე. (გეეტ.).
ბ) 1. ე რ თ ი ს ი ტ ყ ვ ი თ, სხვენზე ახლა მტრედები აღარ ღუღუნებდნენ. (არ სულაკ.) 2. ე რ თ ი ს ი ტ ყ ვ ი თ მოგახსენებთ. (ვაჟა).
გ) 1. თვითონ შენ გჯერა? მე, მ ა გ ა ლ ი თ ა დ, არ მჯერა. (ოტ. იოს). 2 თუ ვისმე უნდოდა მ ა გ ა ლ ი თ ა დ მდიდარი ოჯახი მოეყვანა, იტყოდა: „აგერ მუცელანი“...
დ) 1. ხონთქარსაც, ჩ ა ნ ს, ეს უნდოდა. (გოთ.). 2. დღისით ცაზე ვარსკვლავები ა რ ჩ ა ნ ს.
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით, გამოარკვიეთ, რის გამოხატავს ჩართული, რა ადგილი უკავია წინადადებაში და როგორ არის სასვენი ნიშნით გამოყოფილი.
1. ვაჟკაცი, ხევსურის წარმოდგენით, უნდა იყოს გულადი და პურადი (ვაჟა).
2. ჩვენდა ბედად, მალე მეორე მატარებელმა ჩამოიარა (გვეტ.).
3. ბევრს, სამწუხაროდ, შინაარსიც არ ესმის ფშაური ლექსებისა (ვაჟა).
4. ამ სოფელს სახელი, ვგონებ, თვით თავის მდებარეობით დარქმევია (ლომ.).
5. ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს, პირიქით, მოგვინდება კიდეც (რ. ინან.).
6. მაგის ხელობა არის, შენი ჭირიმე. (ჭავ.).
7. მაგარი კაცი ყოფილხარ, ძმობას გეფიცები! (კლდა).
8. წარმოვიდგენ, მაგალითად, რას ეტყვის არწივი (ვაჟა).
9. იმათი წალმით და ხურული სახლი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ქოხი, გადიდებულიყო (ვაჟა).
10. ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს (ჭავა).
სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები. დაუსვით სასვენი ნიშნები. ჩართულს გაუსვით ხაზი.
1. ამის ნიშნებს ჩვენდა სასიხარულოდ ვხედავთ დღეს (ვაჟა).
2. სოფოც რ საკვირველია იქ იყო (ვაჟა).
3. მხედრები გარს უვლიდნენ პარტიზანების საფარს და როგორც ჩანდა გაღმა აპირებდნენ გასვლას (კ. ლორთქ.).
4. ნიკო წიკლაური როგორც ეტყობოდა არ იყო ცუდი ადამიანი (კ. ლორთქ.).
5. ჩემი ფიქრით ცუდი და კარგი ქვეყანაზე თავისთავად არ არსებობს (ჭავ.).
6. მე მაგალითად ტყეში მთელ ღამეს მიძებნია ხარები და არ შემშინებია (ოტ. იოს.).
7. ამ წუთისოფელში ყველაფერი ცვალებადია და მაშასადამე მოსალოდნელი (ჭავ.).
8. არა დეიდა არ მომიკვდეს მართალს გეუბნები (ლორთქ.).
9. წვიმა ისეთ დროს მოდიოდა როცა ხალხურად რომ ვთქვათ დანა და ყელი ერთად იყო (რ.ჯაფ).
მიგებითი ნაწილაკები
მიგებითი ნაწილაკები, როგორც ვიცით, ორგვარია: დადასტურებითი (ჰ ო, კ ი, დ ი ა ხ) და უარყოფითი (ა რ ა, ვ ე რ ა). ეს ნაწილაკები საუბარში მოკლედ გადმოგვცემენ პასუხს, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მიცემულ კითხვას და მნიშვნელობით მთელ წინადადებას უდრის.
დადასტურებით ნაწილაკთან დიახ თავაზიან საუბარში იხმარება, კი და ჰო - ახლობლებთან, თანატოლებთან.
მიგებით ნაწილაკებს ხშირად მოსდევს სიტყვები, რომლებიც პასუხს აზუსტებენ. მაგალითები:
1. - შენა ხარ დათო? - ჰ ო, მე ვარ. (არ სულაკ.).
2. - მართლა ასე იყო, კაცო? - ჰ ო (კ. ლორთქ.).
3. - მაშ, პარტიზანი ხარ? - ჰკითხა ნოდარმა და გაუყარა თვალი თვალში.
- დ ი ა ხ, სამი თვე იქნება, რაც აქაურობა მივატოვე. (გვეტ.).
4. - თუ იცანი? - ჰკითხა იალქანიძემ თუთაშხიას, სანამ სტუმრები კიბეს ჩაივლიდნენ.
- კ ი (ჭ. ამირ.).
5. - სახლში უცხო ხომ არავინ არის?
- ა რ ა! - უპასუხა დავითმა (გ. ფანჯ.).
6. - აქამდის ვერ წაართვა? - ვ ე რ ა (ჭავ.).
არა შეიძლება გაძლიერდეს სხვა სიტყვით:
- ახლა მაინც თუ შეგეპარათ თქვენს თავში ეჭვი?
- ს რ უ ლ ე ბ ი თ ა ც ა რ ა (გ. ფანჯ.).
მიგებითი ნაწილაკი (არა, დიახ,) ზოგჯერ წინა თქმულის გასაძლიერებლად იხმარება: ელგუჯა და გოჩა უკან დაედევნენ დიდედა დარეჯანს. წავიდნენ, დიახ, წავიდნენ. (გ. შატბ.).
როგორც მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, მიგებით ნაწილაკებთან იხმარება წერტილი, მძიმე, ტირე, ძახილის ნიშანი.
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. დასვით სასვენი ნიშნები. გაუსვით ხაზი მიგებით ნაწილაკებს.
1. გეტყობა ქართველი უნდა იყო
დიახ ქართველი ვარ (გვეტ.).
2. შენ კიდევ სტუდიაში მუშაობ
ჰო (გ. ფანჯ.).
3. წავიდა დედაშენი იკითხა გოგიას მამამ
ჰო წავიდა მიუგო გოგიამ
4. რაო ძმობილო ჩემთან საქმე ხომ არა გაქვს
არა შენი ჭირიმე გლახუკას მოვდევ
5. გაიგონეთ რაც გითხარით დაიხსომეთ
დიახ ბატონო დიახ (ჭავჭ.).
6. შენა გგონია რომ დღეს ჩემმა სილამაზემ გადამარჩინა არა მხოლოდ ამ ჯადომ გადამარჩინა (წერ.).
შორისდებული
შორისდებული უშუალოდ გამოხატავს ადამიანის ამა თუ იმ გრძნობასა თუ ნება-სურვილს. მეტყველებაში წინადადების მაგივრობას ეწევა. წინადადების წევრი არ არის.
შორისდებული ცალკე იხმარება ან სხვა სიტყვებთან თუ წინადადებასთან ერთად. ჩვეულებრივ წინადადების თავშია. იშვიათად წინადადების შიგნით ან ბოლოსაც გვხვდება. შორისდებულის შემდეგ მძიმე ან ძახილის ნიშანი იხმარება, სახელდობრ:
1. შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, თუ ის ცალკეა ნახმარი, ან წინადადების ბოლოსაა:
ვ ა! - უფრო გაკვირვებით შეჰყვირა ლუარსაბმა. (ჭავ.).
ე ჰ! - ჩაიქნია ხელი დარბაისელმა აზნაურმა. (გვეტ.).
რა ტყე გაფუჭდა, რა ტყე დაიღუპა! ა ფ ს უ ს! (ვაჟა).
ეგ ვერ მოვიფიქრე, ბ ი ჭ ო ს! (ჭავ.).
2. როცა შორისდებული წინადადების თავშია, დიდი გრძნობითა და პაუზით წარმოთქმას გულისხმობს, მის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, სხვა შემთხვევაში - მძიმე.
უ ჰ! ეგეც კარგია, სხვა? (გვეტ.).
ჩ უ! იძინოს, ძილი წამალია. (გვეტ.).
ა ხ, რა მშვენიერი ღამეა! (ლომთ.).
ვ ი შ, რა დილაა, რა დილა! - წამოიძახა მხატვარმა. (ლორთქ.).
3. თუ შორისდებული წინადადების შიგნითაა, ის ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა:
რატომ არ მოდის, ქ ა, ის ბიჭი? (ბარნ.).
ტოტიავ, ე. ი. არ გესმის? (ვაჟა).
სახელის მნიშვნელობით ნახმარი შორისდებული ბრუნვის ფორმას იღებს, წინადადების წევრია და სასვენი ნიშნით არ გამოიყოფა:
ვ ა შ ა ამ ახალ საქართველოს, ვ ა შ ა შენებას. (ტაბ.).
ვ ა ი და უ ი საქმეს ვერ უშველის (კ.ლორთქ).
ოთხი გამოქცეული ვ ა ი ს გაეყარა და უ ი ს შეეყარა. (ჯავახ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით. გამოარკვიეთ, რა გრძნობასა თუ ნება-სურვილს გამოხატავს შორისდებული დასახელებულ წინადადებებში. აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად.
1. ახ, რა კარგია ახლა სოფელში! (არაგვ.).
2. ეჰ, ნეტავი მეც იმას თან გავყოლოდი! (ჭავ.).
3. უჰ, რა ამაყი ყოფილა (დად.).
4. ვიშ, რა დილაა, რა დილა! (ლორთქ.).
5. ბიჭოს! - თქვა გულში პეტრემ. (ჭავ.).
6. დაგასწარი თუ არა? ჰი! (ჭავ.).
7. ვაშა! ვაშა! - იძახდნენ ლოდები. (ვაჟა).
8. სუ, იყუჩე (ჯავახ.).
9. გოგიტა, უუ! (ოტ. იოს.).
10. ავი კაცი კი არ იყოს, ქა? (ბარნ.).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილი ერთი და იგივე სიტყვა რა და რა მნიშვნელობით არის ნახმარი. აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად.
ა) 1. ვ ა შ ა! ვ ა შ ა! რა ყოფილა ეს ფუტკარი პაწაწინა (გ. ცეცხ.).
2. ვ ა შ ა სიცოცხლეს და პოეზიას! (ა. მირცხ.).
ბ) ვ ა ი შენს მოსეს! განა უნახავს სადმე? (ჭავ.).
2. ვ ა ი, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ! (ჭავ.).
გ) 1. უ ი, რა ბნელა! (ოტ. იოს.).
2. უ ი ამ დღის მნახველსა! (ჭავ.).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები დაუსვით სასვენი ნიშნები. შორისდებულს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, სახელის მნიშვნელობით გამოყენებულს - ორი.
1. უი საწყალი ტორუა ამბობდა გოგიას დედა (ვაჟა).
2. უჰ, როგორ დაიხუთა ჰაერი (არ. სულაკ).
3. ჩუ გაიმეორა ქალმა ჩუ (თ. ჭილ).
4. ვაშა შენს ხელსა ოსტატო (გოთ.).
5. ბიჭო გამახარე არიქა მამაშვილობას ცეცხლი მომიტანე (ვაჟა).
6. ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც (ტაბ.).
7. ქა რა ლამაზია (ვაჟა).
8. ადექი ქალო რამდენი გძინავს ქა (ვაჟა).
9. საღამომდე არ შეწყვეტილა ვაი და ვიში (ოტია იოს.).
10, ვაშას ძახილი ყრუდ მოისმოდა (დ. შენგ.).
11. ხალხს გაოცებით ახი აღმოხდა შეირხა აგუგუნდა (გ. შატბ.).