რიცხვითი სახელის რაობა
* * * * * * *
რიცხვითი სახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც გვაძლევს რიცხობრივ წარმოდგენას და განსაზღვრავს საგანს რაოდენობისა ან რიგის მიხედვით (ან კიდევ საგნის ნაწილს გამოხატავს მთელთან შეფარდებით).
შენიშვნა. ქართული თვლის სისტემა შერეული ტიპისაა: ნაწილობრივ ათობითია და ნაწილობრივ - ოცობითი.
ათობითი სისტემისაა ქართული თვლა თერთმეტიდან ცხრამეტამდე (ჩათვლით), ასი და ასს ზევით: ათი, (ა) თ-ერთ-მეტი, (10+1), (ა) თ-ექვს-მეტი, (ა) თ-ცხრა-მეტი, ასი (10X10), ათასი (10X100), ათი ათასი (10X1000) და სხვ...
ოცობითია ქართული თვლა ოციდან 99-ამდე: ოცდაერთი (20+1), ოცდაცხრა, ოცდაათი (20+10), ოცდათერთმეტი... ოცდაცხრამეტი, ორმოცი (2X20), სამოცი (3X20), ოთხმოცი (4X20), ოთხმოცდა ცხრამეტი (4X20+19).
ჯგუფები
* * * * * * *
ზემოთ მოცემული განსაზღვრის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის რიცხვითი სხელები:
• რაოდენობითი;
• რიგობითი;
• წილობითი;
რაოდენობითი სახელები - რაოდენობითია ისეთი სახელი, რომელიც საგნის რაოდენობას აღნიშნავს: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ათი, ოცი, ორმოცდაათი, ასი, ათასი, მილიონი.
გარკვეული რიცხვის აღმნიშვნელი სახელების გარდა, მოიპოვება აგრეთვე გაურკვეველი რიცხვის აღმნიშვნელი სახელები: რამდენიმე, ბევრი, მრავალი, ცოტა, ურიცხვი და სხვა... რომლებიც მიმართებითი სახის ოდენობათა გამომხატველია: რაც ერთ შემთხვევაში ბევრად შეიძლება ჩაითვალოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება ცოტა იყოს.
შედგენილობის მიხედვით რაოდენობითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
მ ა რ ტ ი ვ ი ა: ერთი, სამი, ათი, ოცი, ასი;
რ თ უ ლ ი ა: (ა) თ-ერთ-მეტი, (ა) თ-ორ-მეტი, ოც-და-ხუთი, სამ-ოც-და-ხუთი, ათ-ასი.
რიგობითი სახელები - რიგობითი ჰქვია ისეთ რიცხვით სახელს, რომელიც აღნიშნავს საგნის რიგს: პირველი, მეორე, მესამე, ოცდამეხუთე, მეასე, ას მეოთხე და სხვა...
რიგობითი სახელი ნაწარმოებია სათანადო რაოდენობითი სახელის ფუძისაგან თავში მე-ს და ბოლოში ე-ს დართვით (მე-ე): მე-ორ-ე, მე-სამ-ე, მე-ათ-ე, მე-თერთმეტ-ე, მე-ოც-ე, მე-ორმოც-ე, მე-ას-ე და სხვა...
წარმოების მხრივ განკერძოებით დგას პირველი, რომელიც „მეერთე“-ს ნაცვლად იხმარება, მაგრამ რთულ რიცხვით სახელებთან ითქმის მეერთე და არა პირველი: ოცდა-მეერთე (და არა - ოცდაპირველი), ორმოცდამეერთე (და არა - ორმოცდაპირველი), ას მეერთე (და არა - ას პირველი) და სხვა...
და-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისაგან რიგობითის ფორმები ერთეულებს, ათსა და ათზე ზემოთ რიცხვებს მოდის; ითქმის: მეოცე, მაგრამ: ოცდამეხუთე (და არა - მეოცდახუთე), ოცდამეათე (და არა - მეოცდაათე); ითქმის: მესამოცე, მაგრამ - სამოცდამეთექვსმეტე (და არა - მესამოცდათექვსმეტე) და სხვა;
ითქმის: მეასე, მეორასე, მეათასე, მაგრამ ამასთან: ას მეხუთე, ათას ცხრაას ორმოცდა მეთორმეტე და სხვა...
წილობითი სახელები - წილობითი ჰქვია ისეთ სახელს, რომელიც მთე ლის ნაწილს რიცხობრივი შეფარდებით გამოხატავს: მესამედი, მეოთხედი, მეთერთმეტედი, მეოცედი, ოცდამეერთედი და სხვა...
შენიშვნა. „მეორედის“ ნაცვლად ითქმის „ნახევარი“, რომელიც უკავშიროდაც დაერთვის სახელს: მეტრ-ნახევარი (= მეტრი და მეტრის ნახევარი), კილო-ნახევარი, ბოთლ-ნახევარი, თვე-ნახევარი, ლარ-ნახევარი და სხვა...
რიცხვითი სახელს დაესმის შემდეგი კითხვები:
• რამდენი?
• მერამდენე? (ან რიგით რომელი?)
• მერამდენედი?