მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 59250 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არსებითი სახელის რაობა

* * * * * * *

 

საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.

არსებითი სახელს დაესმის კითხვები: ვინ? რა?

ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს - სულიერ და უსულო საგანთა სახელებს დაესმით კითხვა - რა?

თუ არსებითი სახელი ერთ საგანს აღნიშნავს, იგი მხოლობით რიცხვშია.

თუ არსებითი სახელი ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს, იგი მრავლობით რიცხვშია.

არსებითი სახელის ნიშანდობლივი მხარე და არსებითი ნიშანი არის საგნობრიობა. ამიტომ ვამბობთ, რომ არსებითი სახელი არის საგნის სახელი: კაცი, მხეცი, ქვა, ვარსკვლავი, სიზმარი, სიფხიზლე, სიუხვე, გულწრფელობა, ვაჟკაცობა, ჩვეულება, სინდისი და სხვა...

შენიშვნა 1. არსებითი სახელი მკვეთრად არის გამიჯნული ზმნისაგან. მას ზმნის არავითარი ნიშანი არა აქვს; მაგ: თოხი, ბარი. მაგრამ შეიძლება, რომ ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები სიტყვა, გარკვეული გრამატიკული ნიშნების მიხედვით არსებით სახელთან იყოს გათანაბრებული (მაგ: იბრუნვოდეს, როგორც არსებითი სახელი; წინადადებაში გამოყენებული იყოს, როგორც არსებითი სახელი), მაგრამ, ამასთანავე ზმნის ნიშნებსაც ატარებდეს. 

ასეთი სიტყვა იქნება არა არსებითი სახელი, არამედ სახელზმნის ის სახე, რომელსაც საწყისი ეწოდება, მაგ: თოხნა, ბარვა და ა.შ...

დღევანდელ ქართულში „შენობა“ და „სიმღერა“ არსებითი სახელებია, „შენება“ და „მღერა“ კი - საწყისები. ასეთია აგრეთვე ის სახელზმნა (უმეტესად მაინც), რომელიც მოქმ. გვარის მიმღეობას წარმოადგენს (მაგ., მასწავლებელი, მრეცხავი და სხვ...).

შენიშვნა 2. ტერმინი წარმომდგარია იქედან, რომ მრავალი არსებითი სახელი ისეთ რამეს აღნიშნავს, რაც რეალურად არსებობს.

 

ჯგუფები

* * * * * * *

 

არსებით სახელებში ლექსიკური შინაარსის მიხედვით გამოიყოფა:

• სულიერთა და უსულოთა სახელები;

• ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის (ადამიანის და არა-ადამიანის) სახელები;

• კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები;

• საკუთარი და საზოგადო სახელები;

• მოქმედების სახელები;

• კრებითი და ნივთიერებათა სახელები;

• კნინობით-ალერსობითი სახელები;

• უცხოაფიქსიანი სახელები

• სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები;

 

სულიერთა და უსულოთა სახელები

 

ნივთიერი სახის მქონე საგანი ორგვარია:  ს უ ლ ი ე რ ი  ან  უ ს უ ლ ო.

სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებათ, როგორიცაა:

ადამიანები (კაცი, ქალი, ბავშვი, მებაღე, მოსწავლე, მასწავლებელი, მეპურე და სხვ...;

ცხოველები (ძაღლი, ხარი, ცხენი, მგელი, ლომი, ირემი და სხვ...);

ფრინველები (ჩიტი, ქორი, იხვი და სხვ...);

თევზები (კალმახი, ორაგული, ლოქო და სხვ...),

მწერები (ბუზი, კოღო და სხვ...),

ქვეწარმავლები. (გველი, ხვლიკი და სხვ...);

უსულო კი ეწოდება ისეთ საგნებს, რომელთაც თავისი ძალით მოძრაობა არ შეუძლიათ: ხე, ქვა, ბალახი, ფიცარი, კალამი, სახლი, ბაღი, მინდორი და სხვ....

ვ ი ნ  ჯგუფის სახელები სულიერ საგნებს აღნიშნავენ,  რ ა  ჯგუფისა - სულიერსაც და უსულოსაც.


სავარჯიშო 1. მრავალწერტილის ადგილას ჩასვით გამოტოვებული სიტყვა და მაგალითები ისე წაიკითხეთ. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელია  ვ ი ნ  ჯგუფისა და რომელი -  რ ა  ჯგუფისა.

1. ქალი, შველი, დათვი, ბულბული, მერცხალი, კალმახი, ფუტკარი, კოღო, ხვლიკი ....... საგანთა სახელებია.

2. მტკვარი, მზე, მუხა, მდინარე, თვითშფრინავი, გემი, თბილისი, ღრუბელი, ავტობუსი, საათი ....... საგანთა სახელებია.


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ:

ა) დაყოფით დაბეჭდილი ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია სულიერი საგნის სახელი და რა შემთხვე - უსულოსი;

ბ) რომელია ამ მნიშვნელობათაგან ძირითადი (პირდაპირი) და რომელი - გადატანითი (არაპირდაპირი).

1. ნ ი ა ნ გ ი  დიდი ზომის ქვეწარმავალი ცხოველია ხვლიკისფერთა ოჯახისა.

2. ნ ი ა ნ გ ი་ კარგი იუმორისტული ჟურნალია,

1. ლ ა ლ ი  წითელი ფერის ძვირფასი ქვაა.

2. ლ ა ლ ი  მეგობარს სტუმრად ეწვია.

 

ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები

 

კითხვების მიხედვით არსებითი სახელები ორგვარია:  ვ ი ნ  ჯგუფის და  რ ა  ჯგუფის.

ქართულ ენაში  ვ ი ნ  დაესმის ადამიანთა სახელებს (კაცი, ქალი, ბავშვი, დედა, მამა, მასწავლებელი და სხვ...), ყველა დანარჩენებზე კი დაესმის კითხვა  რ ა.

ვინ მოვიდა? ამ კითხვის პასუხი შეიძლება იყოს: ბავშვი, მებაღე, მეგობარი და ა.შ.., მაშინ როდესაც ცხოველებზე, ფრინველებზე და სხვა საგნებზე ითქმის - რა - რა მოჰკალი? - ხოხობი, იხვი, ირემი, კურდღელი, დათვი და სხვ... რა მოიტანე? - კალამი, ფანქარი, წიგნი, რვეული, ვაშლი და სხვა...

ზოგიერთი არსებითი სახელი სხვადასხვა წინადადებაში შეიძლება სხვადასხვა ჯგუფს განეკუთვნოს. მაგალითად:

იმ დროს ქართველი  ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა  იზრდებოდა რუსეთის უნივერსიტეტებში (წერ). კითხვა:  ვ ი ნ  იზრდებოდა? პასუხი: ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა.

მან სიამოვნებით მოიგონა თავისი  ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა.  კითხვა:  რ ა  მოიგონა? პასუხი: ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა. მაშასადამე, ახალგაზრდობა პირველ მაგალითში  ვ ი ნ  ჯგუფის სახელია, მეორეში -  რ ა  ჯგუფისა.


სავარჯიშო 1. მრავალწერტილის ადგილას ჩასვით გამოტოვებული კითხვითი სიტყვა (ვინ ან რა) და მაგალითები ისე წაიკითხეთ.

1. დედა, ბავშვი, ძმა, ამხანაგი, ნანა, გიორგი, წერეთელი ....... ჯგუფის არსებითი სახელებია.

2. ცა, მთვარე, ტურა, სპილო, ჭიანჭველა, ორაგული, წიგნი, ფეხი, სიცოცხლე, მეგობრობა ....... ჯგუფის არსებითი სახელებია.


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილო ერთი და იგივე სიტყვა რომელ წინადადებაშია: ვინ ჯგუფისა და რომელში რა ჯგუფისა.

ა) 1. მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ო ბ ა  კეთილშობილური პროფესიაა.

2. ჩვენი  მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ო ბ ა  კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საპატიო მოვალეობას.

ბ). ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა  მუდამ გმირულად იცავდა თავის სამშობლოს.

2. მას  ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა  ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მძგალითები, დასვით სასვენი ნიშნები, ვინ ჯგუფის სახელებს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, რა ჯგუფისას - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), სად რა სასვენი ნიშანი დასვით და ჰუნქტუაციის რომელი წესის შესაბამისად.

1. აქა-იქ კომში მსხალი ჭერამი ვაშლი და ატამი ყვითელ „ქარვასავით ქათქათებს (ჯავახ.)

2. ქალი კაცი გოგო ბიჭი ეზიდება ზამთრის სარჩოს (ერ.).

3. კვერნა ციყვი თრითინა და დედოფალა მხიარულად დანავარდობდნენ (ჯავახ.).

4. არჩილი და კესო შებრუნდნენ ოთახში (ჭავ.).

5. ნამიანი ტყე და ტაფობი ათასფრად ბრწყინავდა (ჯავახ.).

 

კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები

 

არსებითი სახელი კონკრეტულია ან აბსტრაქტული (განყენებული).

კონკრეტული სახელი აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს: ბავშვი, ჰაერი, დათვი, წიგნი, დაფა, ქალაქი, სახლი, კიბე, წყალი და სხვა...

აბსტრაქტული სახელი აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია; მაგალითად: სიცოცხლე, გულწრფელობა, სიბრძნე, ჭეშმარიტება, სიმშვიდე, ბედნიერება და სხვა...

ბევრი აბსტრაქტული სახელი წარმოქმნილია. მთავარი მაწარმოებელი აფიქსებია ობა, ება სუფიქსები და სი-პრეფიქს-სუფიქსი.

ობა განყენებულ სახელებს მეტწილად არსებით სახელთაგან აწარმოებს, ება და სი- კი ზედსართავ სახელთაგან: კაც-ობა, გმირ-ობა, ძმ-ობა, მხეც-ობა... გონიერ-ება, ძლიერ-ება, ბედნიერ-ება... სი-წითლ-, სი-ძლიერ-, სი-ძნელ-...

ვ ი ნ  ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია,  რ ა  ჯგუფისა კი კონკრეტულიც შეიძლება იყოს და აბსტრაქტულიც.

ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში - აბსტრაქტული. მაგალითად,  მ ე ზ ო ბ ლ ო ბ ა  კონკრეტულია, როცა ვამბობთ: „მთელი  მ ე ზ ო ბ ლ ო ბ ა  ივანესთან იყო სტუმრად", მაგრამ აბსტრაქტულია ამ წინადადებაში „ივანესა და გიორგის კარგი  მ ე ზ ო ბ ლ ო ბ ა  ჰქონდათ”.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. კონკრეტულ სახეს ხაზი გაუსვით. აბსტრაქტული სახელის მაწარმოებელი აფიქსები გამოყავით დეფისით და ხაზი გაუსვით. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელ მეტყველების ნაწილს განეკუთვნება ძირეული სიტყვა.

ნ ი მ უ შ ი: მგელი მგლ-ობა-ს ვერ მოიშლისო. (ანდ.).

ა) 1. მშვიდობიანობა ძალიან გვიყვარს. (რაზ.). 2. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს. (გოგ.). 3. კოდალას სჯეროდა მისი გმირობა. (ვაჟა).

ბ) 1. ქართული ჩუქურთმაში მუდამ მხიბლავს ზომიერება (ს. კლდ.). 2. ძიძია ნახატი მშვენიერება იყო. (ყაზ.). 3. ჩემზე ვერ გასჭრის ეგ ცბიერება (წერ.)

გ) 1. ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი (გ. შატბ). 2. ცელქ ბიჭს რას უყურებ, შენ სიდინჯე მეტი გმართებს. (გ. კაჭახ.). 3. არ გაშინებს ნივთების სიმძიმე და სიდიდე. (გრიშ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ ნაწყვეტი. კონკრეტულ სახელს გაუსვით ხაზი. აბსტრაქტული სახელების მაწარმოებელი აფიქსები გამოყავით დეფისით და ხაზი გაუსვით. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი მეტყველების ნაწილია ძირეული სიტყვა.

მყინვარი ცივია, როგორც უკვდავება, და ჩუმია, როგორც განცხრომა... მისი სიცივე სუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება... ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადექ, თუ მყრალ გუბედ არ იქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზე არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი (ჭავ.).

 

საკუთარი და საზოგადო სახელები

 

სახელი შეიძლება იყოს: საკუთარი ან საზოგადო.

საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს, საზოგადო კი ერთნაირ საგანთა საერთო სახელია.

მაგალითად, მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელთაც თავ-თავისი სახელი ჰქვია: ერთი ქალაქის სახელია - თბილისი, მეორის - ქუთაისი, მესამის - ბათუმი და ა. შ.  ქ ა ლ ა ქ ი  ყველა ქალაქის საერთო სახელია,  თ ბ ი ლ ი ს ი  კი ერთი ქალაქის სახელი. მაშასადამე, თ ბ ი ლ ი ს ი  საკუთარი სახელია,  ქ ა ლ ა ქ ი - საზოგადო.

საკუთარი სახელებია: საქართველო, ატლანტა (ქალაქი ამერიკაში), ტაბახმელა (სოფელი თბილისის ახლოს), ბორბალა (მთაა ალაზნისა და არაგვის სათავეში), მტკვარი და სხვა...

საკუთარ სახელებად ითვლება აგრეთვე ადამიანთა სახელები (შოთა, იოსები, ნინო, ლევანი, რუსუდანი, ქეთევანი, გიორგი და სხვ.,,) და გვარებიც (ჭავჭავაძე, წერეთელი, ლომოური, შევჩენკო, პუშკინი, მაჩაბელი, შექსპირი და სხვა...); ფსევდონიმები (ვაჟა–ფშაველა, არაგვისპირელი); ცხოველთათვის შერქმეული სახელები (გიშერა, წიქარა, აფთარა); გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, უშბა); წიგნების, ჟურნალ- გაზეთების, ნაწარმოებთა, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების, გემების სახელწოდებები...

ჩვეულებრივ საუბარში „ლუარსაბი“ სახელია და „თათქარიძე“ - გვარი; გრამატიკაში კი ერთიც სახელია და მეორეც.

საზოგადოა სახელი, რომელიც აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: ხე, ქვა, თითი, კბილი, ბალახი, სოფელი, კოკა, ხარი, ცხენი, მგელი, ბუჩქი და სხვ.

საზოგადო სახელი შეიძლება იყოს კრებითი.

ბევრი გეოგრაფიული სახელი წარმოქმნილია ეთ ბოლოსართისა და სა-ეთ, სა- თავსართ-ბოლოსართების საშუალებით. მაგ.: სვან-ეთ-ი, კახ-ეთ-ი, ესტონ-ეთ-ი... სა-ბერძნ-ეთ-ი, სა-ფრანგ-ეთ-ი, სა-თათრ-ეთ-ი, სა-ქართველ-, სა-მეგრელ-, სა-გარეჯ-...

წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნაწარმოებთა, გემების, ქარხანა-ფაბირიკების საკუთარი სახელები ბრჭყალებში ჩაისმის. მაგალითად, გაზეთი „თბილისი", ჟურნალი „ცისკარი“, მოთხრობა „პალიასტომის ტბა“ და სხვ.


სავარჯიშო 1. მრავალწერტილის ადგილას ჩასვით გამოტოვებული სიტყვა (საკუთარი თუ საზოგადო) და მაგალითები ისე წაიკითხეთ..

1. გივი, ფოთი, თეთნულდი, გომართელი, სომხეთი, მარაბდა, ყურშა. „ვეფხისტყაოსანი“ ............ არსებითი სახელებია.

2. ტყე. სოფელი, მდინარე, მთა, შაშვი, მერცხალი, ზღვა, ფუტკარი ............ არსებითი სახელებია.


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ დაყოფით დაბეჭდილი ერთი და იგივე სიტყვა რომელ წინადადებაშია საკუთარი სახელი და რომელში საზოგადო.

ა) 1. ჭრელი  პ ე პ ე ლ ა  დაათრო და გააბრუა იამა. 2. პ ე პ ე ლ ა  ნიჭიერი გოგონაა. კარგადაც სწავლობს.

ბ) 1. დ ა თ უ ნ ა  ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეა. 2. დათვს ძუნძულით მიჰყვებოდა ორი ბელი, ორი  დ ა თ უ ნ ა.


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია ბრყალებში ჩასმული და რა შემთხვევაში - არა.

ა) 1. "ქ ა ჯ ა ნ ა"  ნიკო ლომოურის მოთხრობაა. 2. ქ ა ჯ ა ნ ა  ნიკო ლომოურის ერთ-ერთი მოთხრობის მოქმედი პირია.

ბ) 1. გემზე ამაყად ფრიალებდა ქართული  დ რ ო შ ა. 2. "დ რ ო შ ა"  ყოველთვიური ჟურნალია.

 

კრებითი სახელები

 

კრებითია სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა (ადამიანთა, ცხოველთა ან ფრინველთა) კრებულს, როგორიცაა, მაგ, ხალხი, ერი, სტუდენტობა, გუნდი, ჯოგი, ხროვა და სხვა...

კრებითის მნიშვნელობა აქვს ნარ სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. მაგ: ნაძვ-ნარ-ი, დაფ-ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ბუჩქ-ნარ-ი, ნიგვზ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი, თხილ-ნარ-ი, და სხვ.

ზოგიერთი სახელი (მაგ, ცხვარი, მწერი, ძროხა, ფოთოლი...) ერთ ცალ საგანსაც აღნიშნავს და ერთგვარ საგანთა კრებულსაც. მაგალითად,  ძ რ ო ხ ა  ერთ ცალ საგანს აღნიშნავს, როცა ვამბობთ: „ფერდელა  ძ რ ო ხ ა  მინდორში საძოვრად გასულა"(გოგ.)., მაგრამ კრებითია წინადადებაში: „გაშლილი  ძ რ ო ხ ა  მოგროვდებოდა და დავიწყებდით ყველანი თვლასა".(ჭავ.).

წინადადებაში: „მეცხვარეს ცხვარი მიუდის მთაზე“ ვგულისხმობთ არა ერთ ცხვარს, არამედ ბევრს (ფარას); „ტყემ მოისხა ფოთოლი“, - აქ ვგულისხმობთ არა ერთ ფოთოლს, არამედ მრავალს და ასე შემდეგ...


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილი ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია კონკრეტული და კრებითი, რა შემთხვევაში - აბსტრაქტული.

ა) თედომ მოიგონა თავისი ბავშვობა, თავისი  ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა. 2.  ჩვენი,  ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა  მოწინავეა სწავლასა და შრომაში

ბ) 1. მთელი  მ ო წ ა ფ ე ო ბ ა  სკოლის ეზოში იყო. 2. აკაკიმ თავისი ბავშვობა და  მ ო წ ა ფ ე ო ბ ა  მხატვრულად ასახა „ჩემს თავგადასავალში".


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, დაყოფით. დაბეჭდილი ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია კრებითი და რა შემთხვევაში აღნიშნავს ერთ საგანს.

ა) 1. ტყემ მოისხა  ფ ო თ ო ლ ი. (ჭავ.). 2. ნოდარმა მუხის  ფ ო თ ო ლ ი  მოწყვიტა და წყაროს თავზე აყალო მიწით დაამაგრა. (გვეტ).

ბ) 1. ჩამოცვენილი  რ კ ო  ზოგან მცირე ზვავებად ეყარა. (გვეტ.). 2. პატარა ბავშვმა  რ კ ო  პირში ჩაიდო: ვნახო, როგორი გემო აქვსო.

გ) 1. ქათამშა თქვა: ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს,  ც ხ ვ ა რ ი  დაკლეს, მე წამაკლესო. (ანდ.). 2. ც ხ ვ ა რ ი  მთის კალთებზე შეფენილიყო. (რაზ.).


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები. ძირეული სიტყვით გადმოცემული კრებით სახელს ერთი ხაზი გაუსვით, წარმოქმნილს - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად): როგორ ერთგვარ საგანთა კრებულს აღნიშნავს: ბ) რას აღნიშნავს ძირეულის ფუძე და რას - წარმოქმნილი; გ) რა არის წარმომქმნელი აფიქსი.

ა) 1. ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს მამული, თავის ერია. (ხალხ.). 2. მოვიდა ჯოგი ნადირთა. (რუსთ.). 3. ალაზანშია ვყრიდით ძროხასა. (ჭავ.). 4. ბალახმა ცხვარი ამოიტყუა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას (ჭავ.). 5. ფრინველთა გუნდი მოგროვდა (ვაჟა). 6. ბაყაყების მთელი ხროვა ხავსის ზედაპირზე მიმობნეულა (ქიაჩ.).

ბ) 1. ჩვენ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს. 2. მშვენიერი ფიჭვნარია, გორაკზე შეფენილი (ბარნ.). 3. ბაღში აქ-იქ ყვავილნარებია (გვეტ.). 4. სირაქლემები ბუდეს მრგვალს აკეთებენ თიხნარი მიწის ორმოში. (გოგ.). 5. ტირიფებსა და ვერხვნარებში ტანკენარი ჭადარი ცად ავარდნილა (დ. შენგ.).

 

ნივთიერებათა სახელები

 

ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა არ ხერხდება.

ასეთ საგანთა სახელებია: რკინა, ოქრო, ვერცხლი, ტყვია, სპილენძი, წყალი, შაქარი, ღვინო, ლობიო, მატყლი, ბამბა და სხვა...

ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს, საწყაოთი გაიზომოს, დათვლა კი შეუძლებელია. ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს წონისა თუ საწყაოს აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა: მისხალი, გრამი, კილოგრამი, ფუთი, ტონა, ჭიქა, ვედრო, ბოთლი და სხვ. აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა.

მაგალითად, ითქმის: მისხალი ოქრო, კილოგრამი შაქარი, ფუთი ფქვილი, ტონა ქვანახშირი, ჭიქა წყალი, ბოთლი რძე, ბევრი მატყლი და სხვ.

ნივთიერებათა სახელები ყველა კონკრეტულია და საზოგადო.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. ნივთიერებათა სახელს გაუსვით ხაზი.

1. ამ მიწებში ეთესა პური, ქერი, სიმინდი, ლობიო. დიკა, ასლი, მუხუდო, შვრია, ფეტვი და სხვ. (ლომ.).

2. ის აბარვინებს ბოსტანს და თესავს შიგ კიტრს, კომბოსტოს, სტაფილოს, ხახვს, კარტოფილს, ქინძს, წიწმატს, ნიახურს, ნიორსა და სხვა მწვანილეულობას (გოგ.).

3. შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა სუყველას სმა უნდა! (ხალხ.).

4. მინდვრიდან ფუტკარს თაფლი მიჰქონდა. (გოგ.).

5. ერთ კუთხეში მე უნდა დავდგეო, მეორეში ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში ყველსაო. (ხალხ.).

 

მოქმედების სახელები

 

ბევრი სიტყვა მოქმედებას აღნიშნავს,  რ ა  კითხვაზე მიუგებს და წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი. მაგალითად,  ა კ ე თ ე ბ ს  ზმნაა,  კ ე თ ე ბ ა  კი მისგან ნაწარმოები სიტყვაა და ასახელებს იმ მოქმედებას, რასაც ზმნა გამოხატავს. ასეთ სიტყვებს  მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს  ს ა ხ ე ლ ე ბ ი  ჰქვია.

სავარჯიშო. გადაიწერეთ ნაწყვეტი, დასვით სასვენი ნიშნები. მოქმედების სახელებს ხაზი გაუსვით.

ქალები საოჯახო საქმეზე ტრიალებენ მათს ხელშია საქონლის მოვლა ფრინველის პატრონობა სახლის დაგვა-დასუფთავება სადილ-ვახშმის მზადება და მრავალი სხვა წერილმანი რამე ხუთი-ექვსი წლისამ ძალიან კარგად ვიცოდი თუ როგორ უნდოდა შესწავლილი პირუტყვის ყურისგდება გაცრა-გამტკიცვა გამოცხობა და სხვანი მქონდა თუ როგორ უნდოდა ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი არ ვიცოდი მხოლოდ წინდა-პაჭიჭის ქსოვა და კერვა ვისწავლე მატყლის ჩეჩვა და ბამბის პენტვა (წერა).

 

კნინობით-ალერსობითი სახელები

 

კნინობითია წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. მაგალითად,  წ ი გ ნ ი  შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც, მაგრამ ამის შესახებ ეს სიტყვა არაფერს გვეუბნება.  წ ი გ ნ ა კ ი  კი, რომელიც წიგნისაგან არის ნაწარმოები, პატარა ზომის წიგნს აღნიშნავს. მაშასადამე,  წ ი გ ნ ა კ ი  კნინობითი სახელია.

კნინობითი ფორმა ხშირად ალერსობითის მნიშვნელობით იხმარება: დედიკო, ძამიკო, თამრიკო...

კნინობითის მაწარმოებელი სუფიქსებია: , აკ, ია, იკო, ილო. მაგ:

: კაც-ა (= პატარა კაცი), ცხენ-ა (= პატარა ცხენი), დედოფალ-ა (= პატარა დედოფალი სათამაშო). ,

აკ: წიგნ-აკ-ი, გორ-აკ-ი, ნაწილ-აკ-ი, მილ-აკ-ი, ღილ–აკ–ი.

ია: და-ია, ძამ-ია, ბიძ-ია, ეკა-ია, ვასო-ია.

იკო: დედ-იკო, მამ-იკო, ძამ-იკო, და-იკო, თამრ-იკო, ეთერ-იკო, ბიჭ-იკო.

ილო: დედ-ილო, მამ-ილო.

იკო და ილო გვხვდება ადამიანთა სახელებში, რომელთაც ალერსობითის მნიშვნელობა აქვთ.

კნინობით სახელს ზოგჯერ ორი თუ სამი სუფიქსი აწარმოებს: კაც-უნ-ა, წალდ-უნ-ა; ჩიტ-უნ-ია, ციც-უნ-ია, დათ-იკ-ელ-ა, ზურ-იკ-ელ-ა. ქართულისათვის უცხოა ასეთი წარმოება: ანიჩკა, ვერიჩკა, ელიჩკა დიმკა, ტოლიკა, სვეტა, სიომა და მისთ...


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. კნინობით-ალერსობითი სახელები. გამოყავით და აღნიშნეთ: ა) რომელია ძირეული სიტყვა; ბ) რომელი სუფიქსით არის ნაწარმოები კნინობით-ალერსობითი სახელი.

1. ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა. (წერ.).

2. ერთი იხუნა მიმჯდარიყო ტბის პირას ჩალიანში (ვაჟა).

3. რუსიკოს გამოუდგა სამი ბატი ყიყინით. (გრიშ.).

4. ჩემი განუშორებელი ამხანაგი ყურშია არის (ვაჟა).

5. ეხლა მოკითხვა ელენეს, ოთიკოს, ლეოს, ზურაბსა (მღვ.) .

6. მამილო, გეთაყვა, თან წამიყვანე! (გოგ.).

7. ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა (ხალხ.)

8. რად ხარ ეგრე დაღვრემილი, თვალმახაზო ჩიტუნია? (მღვ.).

9. დათიკო ყოველ დილით სკოლაში მიდიოდა. (ჭავ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ძირეულ სიტყვას ხაზი გაუსვით. მისგან წარმოქმნილ კნინობით-ალერსობითი სახელისაგან გამოყავით მაწარმოებელი სუფიქსი (სუფიქსები) და მათ გაუსვით ხაზი.

ნ ი მ უ შ ი : ნეტავი ჩიტი ვიყო, ჩიტ-უნ-ია პატარა (წერ.)

ა) 1. ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი ეზიდება ზამთრის, სარჩოს (ერ.). 2. რა გქვია, ბიჭიკო? (დად.). 3. აგერ მორბის შვიდი წლის ბიჭუნა. (გამს.). 4. ძალიან კარგი, ჩემო ცნობისმოყვარე ბიჭუნიავ! (გოგ.).

ბ) 1. დედის ან მამის ღვიძლ ძმას ბიძა ჰქვია. 2. კი, ბიძიკო, კი - იყავი ჩემთან! (დად.). 3. წავიდეთ, ბიძია, მზად გახლავარ! (წერ.)

გ) 1. წყეულმა მელამ ბუდეს მიაგნო. (ხალხ.). 2. ეგ სად რა გიშოვნია, მელიკო! - დაეკითხა კოდალა (ვაჟა).

დ) 1. ბახას დედა ქალაქში მიდის (რ. ინან.). 2. როდის მოვა, მამა, დედილო? (რაზ.). 3. თავს შემოგევლოს თამიკო, დედიკო, გენაცვალეო! (მღვ.).

 

უცხოაფიქსიანი სახელები

 

ქართულში მოიპოვება უცხო აფიქსებით ნაწარმოები სახელები. ხშირად იხმარება ბერძნული წარმოშობის იზმ და ისტ სუფიქსებით წარმოქმნილი სახელები..

მაგალითები: დარვინიზმი, უტოპიზმი, ტურიზმი, რეალიზმი. დარვინისტი, უტოპისტი, ტურისტი, ჟურნალისტი, რეალისტი.

იზმ ჩვეულებრივ მოძღვრებას აღნიშნავს, ისტ - მოძღვრების მიმდევარს.

ამ აფიქსებით ნაწარმოები სახელები ნასესხებია.


სავარჯოშო. დაასახელე იზმ და ისტ სუფიქსებით წარმოქმნილი რამდენიმე სახელი, რომლებიც შეგხვდრიათ ლიტერატურის, ისტორიის ან რომელიმე სხვა საგნის შესწავლის დროს/

 

სინონიმები, ომონიმები და ანტონიმები

 

ქართულ ენაში მოიპოვება ისეთი სიტყვები, რომელთაც ერთნაირი ან მსგავსი მნიშვნელობა აქვთ  ასეთ სიტყვებს  ს ი ნ ო ნ ი მ ე ბ ი  ჰქვია. მაგალითად, - ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა სახელია: კ ო მ შ ი  და  ბ ი ა,  წ ე რ ი ლ ი  და  ბ ა რ ა თ ი.

ერთმანეთის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს  ა ნ ტ ო ნ ი მ ე ბ ი ეწოდება. მაგალითად, საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია:  დ ღ ე  და  ღ ა მ ე,  ს ი კ ე თ ე  და  ბ ო რ ო ტ ე ბ ა. 

ბგერითი შედგენილობით ერთნაირ სიტყვებს, რომელნიც მნიშვნელობითა და წარმომავლობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ომონიმები ეწოდება - ბ ა რ ი (მთა და ბარი) და  ბ ა რ ი (თოხი და ბარი).

ს ი ნ ო ნ ი მ უ რ ი  არსებითი სახელებია: ვაჟი და ბიჭი, ალი- ონი და განთიადი, ჯავრი და დარდი, ვირი და სახედარი, თამბაქო და თუთუნი, თხმელა და მურყანი, კოპიტი და იფანი და სხვა...

ა ნ ტ ო ნ ი მ უ რ ი  არსებითი სახელებია: ცა და მიწა, დღე და ღამე, მთა და ბარი, მტერი და მოყვარე, სიცოცხლე და სიკვდილი, ზამთარი და ზაფხული, სიცხე და სიცივე, ბოროტება და სიკეთე და სხვა...

ო მ ო ნ ი მ უ რი  არსებითი საზელებია: ბანი (აბა, ბიჭო,  ბ ა ნ ი  მითხარ) და ბანი (ეს არის ანი, ეს არის  ბ ა ნ ი,  ისწავლეთ, გენაცვათო.). (გოგ.).


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები. დააწყვილეთ ჯერ სინონიმები, შემდეგ ანტონიმები და ჩაიწერეთ რვეულში.

სინონიმები

 

გოგრა, დიდედა, პაპა, სიო, სინდისი, სკოლა, ძალა, ბჟოლა, სიღარიბე, მუშტი, თუთუნი, ალამი, ბებია, თათარა, ნამუსი, კომში, ნიავი, სასწავლებელი, თამბაქო, ღონე, ბაბუა, კვახი, თუთა, დროშა, ბაღჩა, ფელამუში, ბოსტანი, მჯიღი, ვაჟკაცობა, აღფრთოვანება, სიმამაცე, აღტაცება, სიღატაკე.

ანტონიმები

ლხინი, ზაფხული, მტერი, დილა, სიკეთე, სიბნელე, გოგო, სიცივე, ზამთარი, მოყვარე, ჭირი, საღამო, ბოლო, ბოროტება, სინათლე, სიცხე, ბიჭი, სიხარული, დასაწყისი, თავი, აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასასრული, დასავლეთი, მწუხარება, ჩრდილოეთი.

 

არსებითი სახელის ბრუნება

* * * * * * *

 

არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას იცვლება დაბოლოებების მიხედვით. დაბოლოებების მიხედვით სახელის ცვლილებას ბრუნება ეწოდება.

ქართულში შვიდი ბრუნვაა.

ეს ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.

თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:

სახელობითი -

მოთხრობითი - მა

მიცემითი -

ნათესაობითი - ის

მოქმედებითი - ით

ვითარებითი - ად

წოდებითი -

სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. 

ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.

სახელის ფუძე ან თანხმოვანზე ბოლოვდება, ან - ხმოვანზე. ამის მიხედვით არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ