|
დაცვარული აშრიალდა ისლი, გადაწითლდა ფერდობები თრიმლის, ქოლგასავით გაიშალა ნისლი, დაეფარა გაღვიძებულ თბილისს.
ქოლგის ჩრდილში დაემალა წვიმას, მუხიანში აფრენილი გნოლი - გულისსწორთან გაეშურა წილკანს.
ფურირემმა მოიღერა ყელი, ცელქმა სიომ დაუვარცხნელ თმაზე ქორფა ჯეჯილს გადაუსვა ხელი.
ააფრინა შებუმბლული ხუნდი. ქლიავისფრად შეიღება ქედი, ცად აიჭრა ტოროლების გუნდი.
მიუშვირა მთაწმინდის გრილ სიოს, ანჩისხატმა მოიხარა ქედი, მოწიწებით მიესალმა სიონს.
სამებაზე აწკრიალდა ზარი, დედაღვთისამ გადმოხედა მაღლით - დედაქალაქს გადაწერა ჯვარი. |
















