შედან ნანიკაშვილს
|
1
ქუთაისზე ჯარი მოდის ჭრელი ალმებით, უკან მოსდევს ბაზალეთურ ღრუბლის ნამლევი, ისე, როგორც საქართველოს იღბალს შეშვენის, წინ ქართველი მიუძღვება, უკან ჩეჩენი. დასასჯელი ერი ვართ და კიდეც ვისჯებით - ხვალ ერთმანეთს დახოცავენ ჩვენი ბიჭები. - შედანია, შე ჩაჩანო, თოფმა იქუხა, შედანია, დატრიალდი, მიდი ბიჭებთან. იანეთში ქვემეხების ყიამეთი დგას, ბაიათის ხმები მოდის იანეთიდან... და ქალაქიც ფეხზე დადგა ერთი გაგებით, ჯერ გამაგრდა რკინის გულით, მერე ნაღმებით. ღვთისმშობელო, შენ უშველე სტუმარ-მასპინძლებს, სიძულვილით ვინც მთვრალია - გამოაფხიზლე. აღმოსავლეთს ვერ მოვტეხავთ დასავლეთის ფრთას, ქუთაისი არ გახდება ბაზალეთის ტბა. საქართველო ნუღარ დათლის ჯვრებს და ყავარჯნებს, საქართველო ქუთაისთან უნდა გადარჩეს! ისე, როგორც ბაზალეთურ ღრუბლის ნამლევი დაიქსაქსა... დაიძენძა ჭრელი ალმები...
2
ისევ ლომობს ფალავნების საბრძანებელი ბიბლიური ქუთაია - ლომი ბებერი ერის ბურჯი, ერის სული, ერის ალამი, საქართველოს დიდგორიც და ერუსალიმიც. ეს სიმღერა ავთანდილის, მთელი ქართლოსის, აქ მირონად გადმოსული „ვეფხისტყაოსნით“.
3
- ახლა სად ხარ, შედანია სიკვდილნახულო, ბერად ხომ არ შემდგარხარ და ხომ არ მარხულობ? - ეჰ, კაცობა სუფრაზე და ომში მოწმდება, ხან ვქეიფობ პოეტებთან, ხან ძველ დოსტებთან... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















