შევაჭრიალე მარნის კარი, პატრონნაქები, აქ ყველაფერი იყო წმინდა, ალალ-გლეხურად, და უფროს, უმცროს ქვევრებს თავზე მძიმე სარქვლები, როგორც ქუდები ნამუსისა, ისე ეხურათ. და მამაჩემის ლექსის პწკარი ისევ ღვიოდა, მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა. და ყურძნის ჭყლეტით გახელებულ ვაჟკაცთა ლხენა, ცარიელ ქვერვში ჩამღერებულ ბადაგის ბანი და ამოვსებულ ყანყრატოდან პირველის მღერა. და გამდიდრებულ პაპაჩემის საამო მღერა, სახლის დედაბოძს ჩასობილი მსხვლი ლურსმნები და ზედ ტყუპ-ტყუპად აჯაგნული მტევნების წყება. შიგ ჩაკიდული ძაბრი, როგორც გამშრალი ცური, უდედო ღვინის მოლოდინში თეთრი ბოცები და ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი. და აქეთ-იქით დაჭყეტილი საცრის თვალები, ზედაშეს ქვევრი, ქალებისგან ხელუხლებელი და თეთრ ნაწნავად ჩამოშლილი ნივრის გალები... ურმის კოფოზე ჩამომჯდარი დაღლილი ღამე სავსე ქვევრები წარა-მარა ამომთქნარებით, და საწნახელის ვალმოხდილი მთვლემარე სახე. აქ არც კერია ძველებურად აღარა ლხინობს, საწნახელს, ბეღელს დასტყობიათ ნაღველის ფერი და ზედაშეში მხოლოდ დოქით ჩაუდგამთ ღვინო. ცრემლიან თვალზე რწმენის სხივი მაინც კიაფობს, ფუძის სიყვარულს მოაკითხავს მალევე ვინმე რომ საწნახელი ძველებურად აახმიანოს. |