მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2502 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ტირინსის მეფის ალკეას შვილმა და საბერძნეთის გამოჩენილი გმირის პერსევის შვილიშვილმა ამფიტრიონმა შემთხვევით მოკლა თავისი საკუთარი ბიძა ელექტრიონი.

სახელმწიფოს მკვიდრნი მეტად ააღელვა საყვარელი მეფის მოულოდნელმა მკვლელობამ და ამფიტრიონსა და მის სახლობას ამოჟლეტას ემუქრებოდნენ.

ამფიტრიონი და მისი მეუღლე, მოკლული მეფის ელექტრიონის მშვენიერი ალკმენა, იძულებულნი შეიქნენ ქალაქ თებეს

გადასახლებულიყვნენ და ამ უცხო ადგილას მოეწყოთ თავისი მომავალი ცხოვრება.

ალკმენას სიმშვენიერეს თვით ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც კი აღტაცებაში მოჰყავდა.

ოლიმპოს მბრძანებელი ზევსიც კი გულგრილად ვერ უცქეროდა ალკმენას კალმით აუწერელ სილამაზეს და ცდილობდა ამ მშვენიერ არსებას დაახლოვებოდა.

ღმერთების მამამთავარმა თავის მიზანს მიაღწია.

მშვენიერ ალკმენას ზევსისაგან შეეძინა ვაჟიშვილი ჰერკულესი, რომელმაც თავისი გმირობითა და ვაჟკაცობით ძველ საბერძნეთში უპირველესი ადგილი დაიჭირა.

სწორედ იმ დღეს, როცა თებეს მეფის ამფიტრიონის ცოლი ალკმენა მოსალოგინებლად დაწვა, შვილის ნამდვილმა მამამ, ყოვლად შემძლებელმა ზევსმა, ღმერთების თათბირზე კვეხნით გამოცხადა: ადამიანთა შორის დაიბადება ღმერთების შთამომავალი ბავშვი, რომელიც ყველა თავისი მეზობელი სახელმწიფოს ბატონი შეიქნებაო.

ზევსს, ამ განცხადების დროს, სახეში ჰყავდა პერსეოსის შვილიშვილი ჰერკულესი. მაგრამ ეჭვებით შეპყრობილმა ქალღმერთმა ჰერამ, რომელსაც წინასწარ სძულდა ალკმენის შვილი, თავისი მეუღლის, ზევსის გასანაწყენებლად, რადგანაც იგი შეუუღლდა მოკვდავ ალკმენას, ცბიერებას მიმართა - არ უნდოდა, რომ ალკმენას შვილს რგებოდა ბატონობა პერსეონის მთელ შთამომავლობაზე.

ჰერამ თავისი განზრახვა გულში დამალა და ცბიერად მიმართა ზევსს: - ოლიმპოს დიდებულო მბრძანებელო! შენ ვერასოდეს ვერ შეასრულებ შენ სიტყვას. მომეცი მტკიცე ფიცი, რომ ვინც პირველი დაიბადება დღეს პერსეოსის შთამომავლობაში, ის იქნება ყველას ბატონი.

ზევსი მოტყუვდა, ვერ მიხვდა ჰერას ცბიერებას, მისი გონება დროებით შეიპყრო სიცრუის ქალღმერთმა ატამ და ჰერას მტკიცე ფიცი მისცა. ჰერა მსწრაფლ მოშორდა ოლიმპოს მწვერვალს და ეტლით გაეშურა არგოსზე. იქ მან დააჩქარა პერსეოსის ვაჟიშვილის სთენელოსის მეუღლის მშობიარობა.

სანამ ჰერკულესი დაიბადებოდა, სთენელოსს მიეცა ვაჟი, რომელსაც ევრისთენე დაარქვეს.

ამგვარად, ზევსის წინასწარმეტყველება მისდაუნებურად უნდა ასრულებულიყო ევრისთენეზე, და არა ჰერკულესზე.

დამწუხრდა დიდებული ზევსი, მხოლოდ ახლა მიხვდა ჰერას ცბიერებას, განრისხდა სიცრუის ქალღმერთ ატაზე, ოლიმპოს მწვერვალიდან ძირს გადმოაგდო და მასაქეთ სიცრუის ქალღმერთი ატა დედამიწაზე ცხოვრობს. ზევსმა, რომ შეემსუბუქებინა თავისი ვაჟის

ჰერკულესის ბედი, თავის საყვარელ ქალს ათენა პალადას უბრძანა დახმარება გაეწია ალკმენის ვაჟისათვის.

ქალღმერთი ჰერა ჰერკულესს დაბადების დღიდანვე სდევნიდა და საბედისწერო მომავალს უმზადებდა.

ჰერკულესს ჯერ კიდევ აკვნიდან ფეხი არ გადმოედგა, როცა ჩვილი ყრმის დასაძინებელ ოთახში შურისძიებით აღვსილმა ქალღმერთმა ჰერამ ორი უზარმაზარი გველი შეგზავნა ახლადდაბადებული ჰერკულესის დასაღუპავად.

სანამ ალკმენასა და ბავშვის გამდელებს ეძინათ, ზარდამცემი გველები ჩვილ ყმაწვილს ყელზე მაგრად შემოეხვივნენ და ის იყო უნდა დაეხჩოთ.

ბავშმა ტირილით გამოიღიძა, პატარა ხელები გველებს მძლავრად ჩაჰკიდა და ორივე იქვე წაახრჩო.

ბავშვის საოცარი ტირილით შეშინებული ალკმენა ელვის სისწრაფით გაჩნდა შვილის საწოლ ოთახში. ამფიტრიონიც ხმალამოღებული შეიჭრა ბავშვის ოთახში და შეშფოთებული, გონებადაკარგული განცვიფრებით დასცქეროდა ყმაწვილის აკვანს.

ამფიტრიონმა დაუყონებლივ მოიწვია მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული, შესანიშნავი გულთამხილავი ტირესიასი, რომელსაც უამბო თავისი ჩვილი ყრმის წინაღამინდელი საგმირო საქმის ამბავი.

ყოვლად გაბრძნობილმა გულთამხილავმა მოხუცმა ამფიტრიონს ასე უწინასწარმეტყველა: „შენი შვილი მთელ დედამიწას შემოივლის, მრავალ გაჭირვებას და განსაცდელს გამოივლის, ხალხის ყველა მტერსა და დამჩაგვრელს მედგრად შეებრძოლება, ყოველგვარ დაბრკოლებას სძლევს და ყველგან ძლევამოსილ გამარჯვებას მოიპოვებს. ყმაწვილი თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით უკვდავების სახელს დაიმსახურებს. მადლიერი ერი თავის საყვარელ და სასიქადულო გმირს ყოვლად შემძლებელი ღმერთების დარად მოიხსენიებს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით შემოსავს“.

ამ წინასწარმეტყველებამ დიდად გაახარა ამფიტრიონი და მან გადაწყიტა შვილისათვის ღირსეული სწავლა-აღზრდა მიეცა.

ახალგაზრდა ჰერკულესს გარს შემოერტყნენ სახელმწიფოს წარჩინებული მასწავლებელ-აღმზრდელები, რომლებიც თავის შრომასა და ენერგიას არა ზოგავდნენ, რომ ახალგაზრდა ყმაწვილს ზედმიწევნით შეეთვისებინა თანამედროვე სწავლა-განათლების მიღწევანი და შეძენილი ცოდნა მომავალი ცხოვრების სარბიელზე წარმატებით გამოეყენებინა.

სპეციალურად მომზადებული და დახელოვნებული ხელმძღვანელები ბეჯით ახალგაზრდას უხსნიდნენ და ასწავლიდნენ

ცხოვრებაში გამოსადეგ დისციპლინებს: თვითონ ამფიტრიონი - ეტლებისა და მიმოსვლის სხვა საშუალებათა ხელოვნებას, ევრიტი - მშვილდ-ისრის სროლას და გამოყენებას, ჰარპალაკი - ბრძოლის ხერხებს, კენტავრი ხირონი - სამკურნალო ბალახების კრეფასა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით ადამიანის მომავალი ბედის გამოცნობას, კასტორი - მძიმე იარაღის გამოყენებასა და ხმარებას, ლინი კი - მეცნიერების სხვადსხვა დარგს და ციტრაზე დაკვრას.

შრომის დიდად მოყვარულმა ჰერკულესმა საუცხოო ნიჭი გამოიჩინა, რასაც კი ბეჯით ყმაწვილს მასწავლებლები ასწავლიდნენ, სწრაფად და შეგნებით ითვისებდა. ბუნებით წყნარი და კეთილი ხასიათის ჰერკულესი ყოველგვარ უსამართლობას, დაუმსახურებელ სისასტიკეს სდევნიდა და ყოველთვის აშკარად, მოურიდებლად წინააღმდეგობას უწევდა.

ერთხელ, როცა მუდამ დაღვრემილი მოხუცი ლინი ყმაწვილს უმართებულოდ შეეხო ხელით, ჰერკულესი კოცონივით აენთო და ციტრა თავის მასწავლებელს ისეთის ძლიერებით სთხლიშა პირისახეში, რომ საბრალო მოხუცი სიცოცხლეს გამოასალმა.

ჰერკულესი თავისი მასწავლებლის მკვლელობისათვის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მოსამართლეებმა მრავალი „საპატიო“ მიზეზი მიიღეს მხედველობაში, და ჭაბუკი, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრების სარბიელზე არ იყო გამოსული, სასჯელისაგან სრულიად გაათავისუფლეს.

ჰერკულესს რომ კიდევ უფრო სამძიმო დანაშაული არ ჩაედინა, ამფიტრიონმა ჭაბუკი მთებში მწყემსებთან გაგზავნა თავისი უთვალავი ჯოგების ყურის საგდებლად.

მთებში ჰერკულესი დავაჟკაცდა, გაიზარდა და ძალითა და ახოვანებით მეტოქეობას ვერცერთი მოკვდავი ვერ უწევდა. საშინელი ძალის გამომხატველი პირისახე, განიერი და მაგარი მკერდი, ხელებისა და თეძოების საშინელი სიდიდე, სქელი წვერულვაში, ცეცხლივით ანთებული დიდრონი თვალები ნათლად მოწმობდნენ ჰერკულესის ღვთაებრივ ჩამომავლობას და ბრწყინვალე შუქით მოსავდნენ მის გმირულ შეხედულებას, მისი სახის გამომეტყველებას.

ერთხელ ჰერკულესი, როცა ნახირს აძოვებდა მთებში, მწყემსებს ჩამოშორდა და ფიქრებში გართული თავისი მომავალი ცხოვრების გზებს ითვალისწინებდა.

ამ ფიქრებში გართულს უეცრივ თვალწინ წარმოუდგა გზაჯვარედინზე ორი ქალი.

ერთი მათგანი, ხორციელობის გამომხატველი, მომჯადოებელი თვალებისა და გულისწარმტაცი ღიმილის პატრონი, მიუახლოვდა ჰერკულესს და სრულიად მოურიდებლად და გაბედულად მიმართა შემდეგი სიტყვებით:

„დიდებულო გმირო. კეთილი იყოს ჩვენი პირველი შეხვედრა! ძლევამოსილო და ყოვლად გაბრძნობილო ჰერკულეს, მე როგორც ვამჩნევ, ჯერ კიდევ არ აგირჩევია შენი ნამდვილი გზა და მომავალი სამოღვაწეო ასპარეზი! თუ შენი სურვილიც იქნება, მე გთხოვ გამხადო შენი ცხოვრების თანაზიარი და მეგობრული კავშირით დაახლოვებული თანამავალი. იცოდე, დიდებულო გმირო, რომ ცხოვრებაში ყოველგვარ სიკეთესა და სიხარულს მოგანიჭებ! გახსოვდეს, რომ ცხოვრების ყოველდღიურ სიძნელეთა გადასლახავად ზრუნვა არასოდეს არ დაგჭირდება! ყველაფერი მზამზარეულად მოგეცემა! ნუ შეგეშინდება, არაფრით არ შეგაწუხებ! შენ შეგიძლია განცხრომით, სრულიად უდარდელად იცხოვრო სხვისი შრომის ნაყოფითა და ნაოფლარით“.

ჰერკულესი ამ მომხიბვლელი სიტყვების მოსმენის შემდეგ თავაზიანად შეეკითხა უცნობ ქალს: „ქალო, ვინა ხარ, რა გქვია, ამდენ სახარბიელო დაპირებებს რომ მაძლევ?“

- ჩემი მეგობრები, - უპასუხა უცნობმა ქალმა, - მე ნეტარებას, ფუფუნებას, განცხრომას მეძახიან!“

მეორე უცნობი ქალის კეთილშობილური უმანკო პირისახე, მოხდენილი ტანადობა, თოვლივით თეთრი ტანსაცმელი, გონიერი თვალები, თავმდაბალი შეხედულება და კეთილშობილური მიხვრა-მოხვრა უნებლიედ ყურადღებას იქცევდა და დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა.

ეს მეორე უცნობი ქალიც მიუახლოვდა ჰერკულესს და დიდის მოკრძალებითა და თავაზიანობით მოახსენა: „აი, დიდებულო ჰერკულესს, მეც შენთან მოვედი! ჩემი მეგობრები ზნეობას, სათნოებას მეძახიან. დიდებულო გმირო, მე შენც კარგად გიცნობ და შენს მშობლებსაც. თუ ჩემ რჩევას დაიჯერებ და ცხოვრების სარბიელზე ჩემგან ნაჩვენებ გზას აირჩევ, იცოდე, კეთილ ცხოვრებას მიაღწევ და მუდამ ბედნიერი იქნები. ყოველივე იმის მოპოვება, რაც კი ამ ქვეყნად კარგი და სასარგებლოა, მხოლოდ შრომითა და ოფლით შეუძლია ადამიანს.

თუ კეთილი და პატიოსანი ცხოვრება გსურს, ყოვლად შემძლებელ ღმერთებს პატივი უნდა სცე, და დარწმუნებული იყავი, რომ ისინი მოწყალებას არ მოგაკლებენ. ეცადე სარგებლობა მოუტანო შენს მეგობარს, ამხანაგს, თუ გსურს მათი მხრით სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურო.

აუცილებლად საჭიროა ხალხში და ხალხისათვის თავდადებული შრომა, თუ გსურს ხალხის გულში სამარადისო ძეგლი დაიდგა. კარგად უნდა გახსოვდეს, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. თუ გსურს მტერს შეებრძოლო, ბრძოლის წესები უნდა შეისწავლო და მოხერხებულ დროს სავსებით გამოიყენო.

ჯანითა და ღონით თუ გსურს ძლიერება მოიპოვო, განუწყვეტლივ უნდა იშრომო და იშრომო. შრომა პატიოსანი, შრომა თავდადებული, - აი ის მძლავრი იარაღი, რომელიც მთელი ქვეყნიერების მამოძრავებელი ძალაა, რომლის შემწეობით მთელი კაცობრიობა, განურჩევლად წოდებისა, ლამაზსა და ბედნიერ ცხოვრებას მოიპოვებს“.

ამ სიტყვების შემდეგ ორივე უცნობი ქალი სადღაც გაქრა.

ჰერკულესმა თავისი მომავალი ცხოვრების სარბიელზე ის გზა აირჩია, რომელიც სათნოებამ საუკეთესო გზად დაუსახა, და სახელოვან გმირს მოღვაწეობის დროს ამ გზიდან ერთხელაც არ გადაუხვევია.

სწორედ იმ ხანებში მთელი საბერძნეთი გაუვალი ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. ლომები, ვეფხვები, გარეული ღორები და სხვა ცხოველები ირეოდნენ ამ ჭაობიან ადგილებში. უღრან ტყეებს თავს აფარებდნენ ავაზაკები, რომლებიც მშვიდობიან ხალხს არბევდნენ და ანადგურებდნენ.

საბერძნეთის ხალხისათვის თავდადებული გმირები ცდილობდნენ დაეხსნათ სამშობლო მხარე ამ საშინელი უბედურებისაგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებდნენ და ყოველივე მათი ცდა მუდამ უნაყოფოდ რჩებოდა.

ჰერკულესს, როცა იგი მთებიდან შინ ბრუნდებოდა, გზაში შემოხვდნენ ორხომენის მეფის ერგინის მიერ გამოგზავნილი დესპანები, რომელთაც ქალაქ თებეს მკვიდრთა შორის უმართებულოდ დადებული ხარკი უნდა მოეკრიფათ.

ჰერკულესი მამაცურად გამოესარჩლა უკანონოდ და უმართებულოდ დასჯილ ხალხს.

ძლევამოსილმა ერთის შეტევით შეაჩერა გზაში დესპანები, ხელ-ფეხი მაგრად შეუთოკა და ორხომენშივე დააბრუნა.

მეფე ერგინმა დიდ შეურაცხყოფად მიიჩნია დესპანების ორხომენში ასე სამარცხვინოდ დაბრუნება და დაუყოვნებლივ მოსთხოვა თებეს მეფე კრეონს ჰერკულესის ორხომენში გაგზავნა სასტიკი სასჯელის მოსახდელად.

თუ მეფე კრეონი ამ მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ შეასრულებდა, განრისხებული ერგინი კორინთელებს ომის გამოცხადებას ემუქრებოდა.

შეშინებული კრეონი იძულებული იყო თანხმობა გამოეცხადებინა მეფე ერგინის მოთხოვნაზე.

მეფე ერგინის მუქარამ სრულიადაც არ შეაშინა ელინთა უკვე სახელგანთქმული გმირი.

ძლევამოსილმა ჭაბუკმა გარს შემოიკრიბა საბერძნეთის საუკეთესო სარდლები და მეომრები და საერთო სამხედრო თათბირზე ერთხმად გადაწყვიტეს მეფე ერგინის წინააღმდეგ გალაშქრება.

სამწუხაროდ, ელინთა ძლევამოსილმა მხედრობამ მთელ სახელმწიფოში ვერ მოაგროვა საკმაო რაოდენობის საბრძოლო იარაღი, რადგან ორხომენის ცბიერ მეომრებს სახელმწიფოს იარაღის საწყობებიდან ფარულად გაეტაცათ ყველა საბრძოლველი იარაღი.

ამიტომ ძლევამოსილმა საბერძნეთის მეომრებმა, სახელოვანი წინამძღოლის ჰერკულესის ბრძანებით, ქალღმერთის ათენას ტაძრიდან გამოიტანეს ის იარაღი, რომელსაც ხალხი ღმერთებს სწირავდა მრავალი წლის განმავლობაში.

ჰერკულესმა მძიმედ შეიარაღებული ელინთა მხედრობა მეფე ერგინის შესახვედრად ჩაასაფრა ვიწრო გზის ორსავე მხარეს იმ იმედით, რომ მტრის ურიცხვი ჯარი ვერ მოახერხებდა რაზმების ფართოდ გაშლას და საბერძნეთის მცირერიცხოვან მხედრობას სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

მართლაც ასე მოხდა. ორი მოწინააღმდეგე მხედრობა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთა ერთი-მეორეს. ელინთა ძლევამოსილი მეომრები ვეფხვის სისწრაფით თავს ესხმოდნენ ვიწრო გასასვლელში მომწყვდეულ მტრის უთვალავ ჯარს და დაუნდობლად, შეუბრალებლად ასალმებდნენ სიცოცხლეს თითოეულ მეომარს.

დახოცილთა გვამები სისხლის მორევში ცურავდა. დაჭრილთა კვნესა და გმინვა ირგვლივ ყველაფერს აყრუებდა.

ძლევამოსილი ჰერკულესის მხედრობას იერიში იერიშზე მიჰქონდა და გმირულად ეკვეთებოდა მტრის უკვე შეშფოთებულ და გამარჯვების იმედის დამკარგველ რაზმებს.

ერგინი და მისი უთვალავი მხედრობა სამარცხვინოდ დამარცხდნენ, დაიღუპნენ ამ სასტიკი ბრძოლის დროს.

ელინთა მხედრობის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ძლევამოსილი ჰერკულესი ასეთი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ თავისი ძლევამოსილი მხედრობით დაუყოვნებლივ შეიჭრა ორხომენში, მეფე ერგინის სასახლე მთლიანად დაანგრია და თვით სატახტო ქალაქი ორხომენი მიწასთან გაასწორა.

სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდ აღტაცებას გამოთქვამდნენ და საბერძნეთის სახელოვან გმირს მეფე ერგინზე ბრწყინვალე გამარჯვებას დიდის სიხარულითა და ერთსულოვნებით ულოცავდნენ.

ამ ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, მადლიერმა მეფე კრეონმა სახელოვან ძლევამოსილ გმირს ჰერკულესს მიათხოვა თავისი

ერთადერთი ქალიშვილი მელაგრა, რომლისაგანაც მთელი საბერძნეთის ამ უდიდეს გმირს სამი შვილი მიეცა.

მეფე კრეონის მიერ გამართულ ბრწყინვალე ქორწილზე დაესწრნენ ოლიმპოს მბრძანებლი ღმერთები, რომლებმაც უხვად დააჯილდოვეს საბერძნეთის უდიდესი გმირთა-გმირი. ჰერმესმა აჩუქა ახლადდაქორწინებულ ჰერკულესს თავისი შესანიშნავი ხმალი, აპოლონ ღმერთმა - მშვილ-ისარი, ჰეფესტმა - მის მიერ გაჭედილი საუცხოო ჯავშანი და ქალღმერთმა ათენამ - სამხედო იარაღი.

ჰერკულესი, როგორც შემდგომ დაბადებული, უნდა დამორჩილებოდა ევრისთენეს. მეფე სთენელოსის გარდაცვალების შემდეგ, ევრისთენემ ხელში ჩაიგდო მიკენის სამეფო ტახტი და ამრიგად მთელი არგოლიდის მბრძანებლად გამოაცხადა თავისი თავი.

საბერძნეთის უკვე სახელოვანი გმირი ჰერკულესი უხმოდ იკლავდა გულში მწუხარებას და უგულოდ, უხალისოდ ასრულებდა მიკენის მეფის დავალებებს.

ჰერკულესის სახელი და დიდება მოსვენებას არ აძლევდა ევრისთენეს. მეფე იჭვიანობდა, რომ ჰერკულესი დღეს თუ ხვალ სამეფო ტახტის დაუფლებისათვის ბრძოლას გამოუცხადებდა და ამიტომ ჰერკულესს მრავალი სიმძიმო საქმის ასრულებას ავალებდა სრულის იმედით, რომ ელინთა გმირი ამ სამძიმო საქმეების შესრულებას ვერ შესძლებდა და აუცილებლად დაიღუპებაო.

ჰერკულესი ევრისთენეს მიერ დავალებულ საქმეებს უგულოდ, უხალისოდ ასრულებდა, თავმომწონე გმირს თავისი თავი შეურაცხყოფილად, დამცირებულად მიაჩნდა.

მაგრამ, ყოვლად შემძლებელი ზევსის ბრძანებით, ელინთა გმირი თავის მწუხარებასა და გულისტკივილს უხმოდ იკლავდა გულში და დიდის მოთმინებით იტანდა თავის დამცირებასა და ასეთ დამოკიდებულ მდგომარეობას.

დელფის მისანმა უწინასწარმეტყველა ჰერკულესს: შენ მხოლოდ მაშინ დააღწევ თავს აწინდელ შეურაცხყოფასა და დამცირებას, როცა ევრისთენეს დავალებით თორმეტ საგმირო საქმეს შეასრულებო.

ამ დავალებათა შესრულების შემდეგ უკვდავებას დაიმსახურებ, მთელი საბერძნეთის მკვიდრი და მისი მომავალი თაობა ღირსეულად დააფასებს თავისი საყვარელი გმირის უდიდეს ღვაწლს და შენს სახელსა და ხსოვნას მადლიერი ხალხი გულში სამარადისოდ აღიბეჭდავსო.

ჰერკულესის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გულთმისნის ეს წინასწარმეტყველება მოისმინა. შურისმაძიებელმა ქალღმერთმა ჰერამ სასიქადულო გმირს მწუხარება გაუორკეცა, ძლევამოსილი ჰერკულესი ჭკუაზე შეცდა, საბრალომ გონება დაკარგა.

გონებადაკარგულმა ჰერკულესმა უმაღლეს წერტილამდე განვითარებული შეშლილობის დროს თავისი მძლავრი ხელებით სიცოცხლეს გამოასალმა საყვარელი შვილები.

დიდმა დრომ განვლო, სანამ მრავლად ტანჯული გმირი ამ საშინელი ავადმყოფობისაგან განიკურნებოდა.

როცა ჰერკულესს მწუხარება შეუნელდა და საღი გონება დაუბრუნდა, მან გადაწყვიტა ევრისთენეს დამორჩილებოდა და მისი დავალებანი სავსებით შეესრულებინა.

აი, ის თორმეტი საგმირო საქმე, რომელნიც ევრისთენეს დავალებით ჰერკულესმა სახელოვნად შეასრულა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ