არკადიას და ახაიას შორის მდებარე კერინეას მთის კალთებზე გაშლილ უღღან ტყეებში ლაღად ძოვდა სურნელოვან ბალახს ოქროსრქიანი და გვერდებაფერადებული სპილენძისჩლიქებიანი ფურირემი, რომელიც ხშირად ბარად ჩამოდიოდა და მიწის მუშაკთ ღვთის რისხვად ევლინებოდა.
ქალღმერთს არტემიდეს იმ ხუთ ფურირემს შორის, რომელნიც მან ერთხელ ტყეში დაიჭირა, ეს ოქროსრქიანი მშვენიერი ფურირემი შეებრალა და თავისუფლება მიანიჭა.
ძლევამოსილ ჰერკულესს, ევრისთენეს დავალებით, ეს ფურირემი უნდა დაეჭირა და მეფისათვის ცოცხლად მიეგვარა.
ჰერკულესი რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხდაფეხ სდევდა ფურირემს დასაჭერად, მაგრამ ფრთხილი და ფეხმალი ცხოველი ყოველთვის უვნებლად აფარებდა თავს უღრან ტყეებს, და სახელოვანი გმირი მის დაჭერას ვერ ახერხებდა.
დიდი ხნის დევნის შემდეგ ჰერკულესმა ქალღმერთის არტემიდეს საძოვარ მთებში მოიმწყვდია ფურირემი გაუვალ ადგილას და ქალღმერთის საყვარელი, თავისუფლად გაშვებული ცხოველი ფეხის გულში დაჭრა თავისი შორსსატყორცნი ისრით.
ჰერკულესმა მხრებზე შეისვა ცოცხალი ფურირემი და თავმომწონედ გაემართა მიკენისაკენ.
გზაში ჰერკულესს შემოხვდა ქალღმერთი არტემიდე, რომელმაც დიდი უკმაყოფილება და გულისწყრომა გამოუცხადა გმირს ფურირემის დაჭერისათვის.
ჰერკულესმა თავაზიანად მოახსენა განრისხებულ ქალღმერთს: „დიდად პატივცემულო ქალღმერთო, განა მე იმდენად გავკადნიერდებოდი, რომ შენი ღვთაებრივი რისხვა დამემსახურა! განა მე არ ვიცოდი, რომ კირინეას ფურირემის დაჭრა შენში დიდ აღშფოთებას და სამართლიან გულისტკივილს გამოიწვევდა! დარწმუნებული იყავ, დიდად პატივცემულო ქალღმერთო, რომ მე ეს დანაშაული იძულებით ჩავიდინე! ამიტომ გულწრფელად გთხოვ მაპატიო ეს ჩემდა უნებურად ჩადენილი დანაშაული!“
ქალღმერთმა არტემიდემ შეიწყნარა ჰერკულესის გულწრფელი თხოვნა და თავისი გულისწყრომა მოწყალებად შეცვალა.
გახარებული ჰერკულესი სასწრაფოდ გაემართა მიკენისაკენ და მცირე ხნის მოგზაურობის შემდეგ, დავალების თანახმად, მეფე ევრისთენეს მიჰგვარა კირინეას ცოცხალი ფურირემი.
















