ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა დაეჭირა და ცოცხლად მიეყვანა მეფისათვის ერიმანტის მოთარეშე გარეული ტახი, რომელიც ულმობელად ანადგურებდა არკადიის მკვიდრთა მთელ ქონებას.
სანამ ჰერკულესი ერიმანტის მთებს მიაღწევდა, სახელოვანი გმირი ღამის გასათევად მთებში მცხოვრებ კენტავრ ფოლს ესტუმრა.
ჰერკულესის სტუმრობამ დიდად გაახარა კენტავრი ფოლი.
სტუმართმოყვარე მასპინძელმა უხვი სუფრა გაუშალა ჰერკულესს და ნუგბარი საჭმელებითა და საუცხოო სასმელით უმასპინძლდებოდა საბერძნეთის სახელოვან გმირს.
ფოლთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა კიდევ ოთხი სხვა კენტავრი, რომლებიც ჰერკულესის სტუმრობის დროს შინ არ იმყოფებოდნენ.
დიონისე ღმერთმა ერთხელ კენტავრებს ერთი კასრი საუცხოო სურნელოვანი ღვინო აჩუქა და ეს ღვინო ხელუხლებლად ინახებოდა ფოლთან გამოქვაბულში.
ჰერკულესმა კარგად იცოდა ნაჩუქარი ღვინის მაღალხარისხოვნება და ამიტომ სტუმართმოყვარე ფოლს სთხოვა ეს შარბათივით ტკბილი ღვინოც მოეტანა სუფრაზე.
„დიონისე ღმერთის მიერ ნაჩუქარი კასრი ღვინო კენტავრების საერთო კუთვნილებაა, - ლმობიერად უპასუხა ჰერკულესს ფოლმა. - ამიტომ, თუ დანარჩენი კენტავრებიც ნებას არ დამრთავენ, ვშიშობ დაბეჭდილი კასრის თავის მოხსნას.
ჰერკულესმა დამამშვიდებელი კილოთი უპასუხა ფოლს: „ნუ გეშინია, სტუმართმოყვარე მასპინძელო! თუ რაიმე უსიამოვნებას მოგაყენებენ შენი თანამდგმურები, პასუხს მე ვაგებ, საჭირო დახმარებას გაგიწევ! ამიტომ განმეორებით გთხოვ გახსნა დიონისე ღმერთის ნაჩუქარი ღვინით სავსე კასრი და შარბათივით ტკბილი ნექტარი დამალევინო!“
სტუმართმოყვარე ფოლი წინ ვერ აღუდგა ჰერკულესის სურვილს და ღვინით სავსე კასრსს საცობი მოხადა.
სურნელოვანი ღვინის სუნმა მოიცვა მთელი გამოქვაბული და მახლობლად მდებარე ადგილები.
უზარმაზარი კომბლებით შეიარაღებული კენტავრები, როგორც კი ეცათ ღვინის დამათრობელი სუნი, დაუყოვნებლივ გამოქვაბულში შეიჭრნენ და სტუმარმასპინძელს თავს მედგრად დაესხნენ.
ძლევამოსილი ჰერკულესი ელვის სისწრაფით წამოიჭრა სუფრიდან და თავისი მოშხამული ისრების მძლავრი ტყორცნით თავხედი კენტავრები სიცოცხლეს გამოასალმა.
ფოლი გაკვირვებით შესცქეროდა ამ საბედისწერო შებრძოლებას და ვერ წარმოედგინა, როგორ მოახერხა ძლევამოსილმა ჰერკულესმა თავისი პატარა ისრებით უზარმაზარი კენტავრების ასე სასწრაფოდ ამოჟლეტა.
ცნობისმოყვერეობით გატაცებულმა ფოლმა ერთი ისარი კენტავრის გაცივებული გვამიდან ამოიღო და დაკვირვებით ათვალიერებდა.
უეცრივ ფოლს ისარი ხელიდან გაუსხლტა და ფეხში სადგისივით ჩაესო.
მოშხამულმა ისარმა საბრალო ფოლი მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა.
ჰერკულესი დიდად შეაწუხა ფოლის შემთხვევითმა სიკვდილმა. ძლევამოსილმა გმირმა დიდის გულისტკივილით დაასაფლავა თავისი სტუმართმოყვარე მასპინძელი და ისევ თავის გზას გაუდგა გარეული ტახის საძებნელად.
ჰერკულესმა თოვლით ღრმად დაფარულ ერიმანტის ხრიოკ ფერდობებზე მოჰკრა თვალი გარეულ ტახს და მყისვე ელვის სისწრაფით დაედევნა.
ძლევამოსილმა გმირმა გარეული ტახი მთის ერთერთ გაუვალ ნაპრალში მიიმწყვდია და დიდი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ ცოცხლად დაიჭირა.
ამ ბრწყინვალე გამარჯვებით გამხნევებულმა ჰერკულესმა მხრებზე წამოიკიდა თოკებით მაგრად შებოჭილი გარეული ტახი და თავმომწონედ გაემართა მიკენისაკენ.