მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 581 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეფე ევრისთენემ, ჰერკულესი რომ უეჭველად დაეღუპა, დაავალა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა სამთავიანი ძაღლი კერბერი, რომელიც საიქიოს ალაყაფის კარებს სდარაჯობდა.

კერბერის უმგვანო თავები, შხამითა და დორბლით სავსე ლაშები, გველეშაპივით ჩამოკიდებული კუდები და ბალნის მაგივრად ზურგზე

დაყრილი გველები, რომლებიც მუდამჟამს საზარლად სისინებდნენ, საშინელ სანახაობას წარმოადგენდა.

ყველანი, ვინც კი ამ საზარელ ცხოველს დაინახავდა, შიშით ძრწოდნენ და ახლოდ მიკარებას ვერ ბედავდნენ.

ჰერკულესი არ შეუშინდა ამ საზარელ ცხოველს და გადაწყვიტა მეფე ევრისთენეს დავალების შესრულება.

სანამ გმირი საიქიოს სამეფოში გაემგზავრებოდა, იგი თავდაპირველად მივიდა ქალაქ ელევსინში, საცა გმირს ქურუმმა გაანდო ეგრეთწოდებული „ელევსინის საიდუმლოებანი“, რომელთა საშუალებით ჰერკულესს სრული უშიშროება ენიჭებოდა.

როცა ჰერკულესმა ყველა საჭირო ცნობა ადგილობრივ შეკრიბა, იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ქალაქ ტანარისში, საიდანაც პირდაპირი გზა ჩადიოდა საიქიოს სამეფოში.

ჯოჯოხეთის ჩასასვლელ კარებთან ძლევამოსილ გმირს შემოხვდა ჰერმესი, რომლის შემწეობით ჰერკულესი მშვიდობიანად ჩავიდა ჰადესისა და პერსეფონეს საიქიოს საბრძანებელში.

მიცვალებულთა აჩრდილები, რომლებიც გმირს გზაში ხვდებოდნენ, ჰერკულესს თვალს არიდებდნენ და შიშით შორს გაურბოდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ მხოლოდ მელეაგრისა და მორგონას აჩრდილები.

ჰერკულესმა იძრო თავისი ბასრი ხმალი და ის იყო მორგონა უნდა გაეგმირა, მაგრამ იგი უეცრივ შეაჩერა ჰერმესმა და დაარწმუნა, შენს წინაშე დგას მხოლოდ მორგონას აჩრდილი, რომელიც ამიერიდან არავისთვის საშიში არააო.

ჰერკულესმა ამის შემდეგ გადაწყვიტა ღმერთებისათვის მსხვერპლი შეეწირა და სამსხვერპლო ხარის სისხლი მიცვალებულთა აჩრდილებისათვის დაელევინებინა.

მართლაც, ძლევამოსილმა გმირმა ჰადესის საბალახოებზე აირჩია მსხვერპლად შესაწირი საუკეთესო ხარი, მაგრამ ხარების მწყემსმა გელოტიოსმა ჰერკულესს გადაჭრით უარი გამოუცხადა ხარის დათმობაზე.

ჰერკულესმა თავის მძლავარ მკლავებში მოიმწყვდია თავხედი მწყემსი, მაგრად ჩაულეწა გვერდები და, უეჭველია, სიცოცხლეს გამოასალმებდა, რომ დედოფალი პერსეფონე არ მიშველებოდა.

ჰადესი წინააღმდეგი იყო ჰერკულესს ჯოჯოხეთის ფხიზელი დარაჯი კერბერი წაეყვანა.

საბერძნეთის სახელოვანმა გმირმა იწყინა ჰადესის წინააღმდეგობა და ისეთი ძალით სტყორცნა ისარი, რომ ჯოჯოხეთის მბრძანებელი მხარში დაჭრა.

ჰადესი ახლა კი იძულებული შეიქნა დათმობის გზას დასდგომოდა.

ჯოჯოხეთის მბრძანებელი ბოლოს და ბოლოს დასთანხმდა ჰერკულესს კერბერის წაყვანაზე, მხოლოდ იმ პირობით, თუ უიარაღოდ დაიჭერდა.

ჰერკულესმა მხრებზე წამოისხა თავისი ლომის ტყავი და კერბერის ძებნას შეუდგა.

მდინარე ასერონის ნაპირას ჰერკულესმა თვალი მოჰკრა კერბერს, ელვის სისწრაფით თავს დაესხა და ისე მაგრად ჩასჭიდა ზურგში ხელები, რომ საზარელი ცხოველი თითქმის უგრძნობლად დაეშვა გმირის ფეხთით მთელი თავისი სიმძიმით.

ძლევამოსილმა გმირმა თოკებით მაგრა შეკრა ჯოჯოხეთის ეს ფხიზელი დარაჯი, მძლავრ მხრებზე წამოიკიდა და ჯოჯოხეთის მეორე კარებიდან სააქაოს გამოიყვანა.

კერბერი, როგორც კი სინათლის შუქი თვალებში მოხვდა, გზადაგზა პირიდან შხამიან დორბლებს ანთხევდა და ირგვლივ ყველაფერს წამლავდა.

როცა მეფე ევრისთენემ დაინახა საიქიოს სამეფოს ფხიზელი დარაჯის საშინელი პირისახე, იგი იმდენად შეშფოთდა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა ძლევამოსილი გმირი გაეთავისუფლებინა თავისი მორჩილებისა და შემდგომი დავალებებისაგან.

ჰერკულესმა კერბერი ისევ საიქიოს სამეფოში დააბრუნა და თვითონ კი დაბრუნდა ქალაქ თებეში, სადაც მოსახლეობა დიდის აღტაცებით შეხვდა სახელოვან გმირს.

როცა ჰერკულესმა მეფე ევრისთენესაგან დამოკიდულებას თავი დააღწია და უკვე სრულიად თავისუფლად იგრძნო თავი, გადაწყვიტა მეორედ ცოლის შერთვა.

პირველი მეუღლე მელეაგრა, მისივე სურვილის თანახმად, ცოლად გაჰყვა ჰერკულესის ძმისწულ იოლაის.

ჰერკულესს ძლიერ მოსწონდა თავისი ყოფილი მასწავლებლის ევრიტის ქალიშვილი, მშვენიერი ილა.

ევრიტმა ჰერკულესს გამოუცხადა: ქალიშვილს მივათხოვებ მხოლოდ ისეთ სასიძოს, რომელიც მეცა და ჩემ შვილებსაც მშვილდ-ისრის სროლაში დაგვძლევსო.

თუმცა ძლევამოსილმა გმირმა მშვილდ-ისრის შეჯიბრებაში დასძლია ევრეტი და მისი შვილები, მაგრამ ფრთხილმა მშობელმა საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა თავისი საყვარელი ქალიშვილის ჰერკულესისათვის მითხოვება.

ევრიტი შიშობდა მის საყვარელ ქალიშვილსაც მელეაგრას ბედი არ სწეოდა, ჰერკულესს სთხოვა ცოტათი დაეხანებინა და ამ დიდი საკითხის საბოლოოდ გადასჭრელად დრო მიეცა.

ჰერკულესმა ევრიტის ასეთი გაურკვეველი და ბუნდოვანი პასუხი დიდ შეურაცხყოფად მიიჩნია.

შეურაცხყოფილმა გმირმა ამის შემდეგ დატოვა სამშობლო ქალაქი და თავის მეგობარ ადმესტთან თესალიაში გადასხლდა.

ადმესტის მთელი სახლობა ჰერკულესს დიდ მწუხარებაში დახვდა.

მეფე ადმესტი, სანამ ჰერკულესი თესალიაში გადასხლდებოდა, ისე დაავადმყოფდა, რომ მისი მორჩენის იმედი სახელმწიფოში არავის არ ჰქონდა.

მეუღლის განუსაზღვრელად მოსიყვარულე დედოფალმა, ადმესტი რომ სიკვდილისაგან დაეხსნა, ღმერთებს მხურვალედ სთხოვა მეუღლის მაგივრად სიკვდილი მისთვის მოევლინათ.

ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა დედოფლის გულწრფელი ვედრება შეიწყნარეს.

დედოფალი ალკესტა გარდაიცვალა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადასახლდა.

საბრალო მეფე, როცა მან დედოფლის გარდაცვალების მიზეზი შეიტყო, დიდად წუხდა და ყოველგვარ ზომებს იღებდა, რომ მისთვის თავდადებული საყვარელი ალკესტა მკვდრეთით აღედგინა.

როცა ჰერკულესმა შეიტყო ეს სამწუხარო ამბავი თავისი მეგობრისაგან, დაუყოვნებლივ გაემგზავრა საიქიოს სამეფოში და დიდის მოკრძალებით სთხოვა საიქიოს მბრძანებელს ალკესტას ამ ქვეყნად დაბრუნება.

საიქიოს მბრძანებელმა შეიწყნარა ძლევამოსილი გმირის თავაზიანი თხოვნა და ალკესტას სული დაუბრუნა დედოფლის ამქვეყნიურ სხეულს, რომელიც დაუყოვნებლივ გათბა და სიცოცხლის ძალა მოიპოვა.

მეფე ადმესტი და დედოფალი ალკესტა კიდევ დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ და მუდამ განუსაზღვრელი მადლობით იხსენიებდნენ თავის კეთილისმყოფელ მეგობარს ჰერკულესს.

სწორედ ამ ხანებში ევრიტის შვილმა იფიტმა სთხოვა ჰერკულესს დახმარება აღმოეჩინა მთელ საბერძნეთში ცნობილი ქურდის ავტოკლიტის მიერ მოპარული ევრიტის ხარების მოსაძებნად.

ავტოკლიტი დიდად დახელოვნებული იყო ქურდობის საქმეში. ეს თვალთმაქცი ქურდი მოპარულს ისე შეუცვლიდა გარეგან სახეს, რომ პატრონი მის ცნობას ვერ ახერხებდა.

ამრიგად ეს ვერაგი ქურდი განუწყვეტლივ ცარცვავდა და ანადგურებდა მშრომელ მოსახლეობას.

ჰერკულესს კარგად ახსოვდა ის დიდი შეურაცხყოფა, რომელიც ევრიტმა მას მიაყენა და ამიტომ, სამაგიერო რომ გადაეხადა, ხარების ძებნის დროს შეურჩია დრო და იფიტი ისე მძლავრად დაახეთქა თავით უზარმაზარ კლდეს, რომ სიცოცხლეს გამოასალმა.

ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა სასტიკად დასაჯა ჰერკულესი სრულიად უდანაშაულო იფიტის ასე შეუბრალებლად სიცოცხლის გამოსალმებისათვის.

ღმერთების მამამთავარმა თავის ღვთაებრივ საყვარელ შვილს დროებითი სიგიჟე მოუვლინა.

ამ საშინელმა სენმა ჰერკულესს გონება სრულიად დაუკარგა.

საბრალო გმირი ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა და შველას კი ვერ პოულობდა.

ბოლოს ჰერკულესმა გადაწყვიტა აპოლონ ღმერთს შეჰკითხებოდა, რომ გაეგო, რა იყო მისი ასე მოულოდნელად დაავადების მიზეზი.

მაგრამ აპოლონ ღმერთის ქურუმმა გამოუცხადა სახელოვან გმირს: ადამიანის მკვლელი ღირსი არაა ღმერთების ყურადღებისა და ამიტომ შეკითხვაზე პასუხს ვერ მიიღებო.

ქურუმის ასეთი პასუხით გაჯავრებულმა ჰერკულესმა ძალადობით მოიტაცა ტაძრიდან სამფეხი და ცის ქვეშ მინდორში გამართა საკუთარი სამისნო.

აპოლონ ღმერთმა იწყინა ჰერკულესის ამგვარი კადნიერება და სახელოვანი გმირი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიწვია.

ჰერკულესი და აპოლონ ღმერთი ერთი-მეორეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ.

მაგრამ ღმერთების მამამთავარმა ზევსმა მებრძოლთ მოუვლინა მძლავრი ქარიშხალი და თავგანწირული მებრძოლნი ერთი-მეორეს ჩამოაშორა.

ბოლოს ღმერთებმა მაინც უწინასწარმეტყველეს სახელოვან გმირს, რომ დანაშაულის გამოსასყიდლად საჭიროა სამი წლის განმავლობაში მონის სახით მოსამსახურეობა გაუწიოს ვისმე და აღებული ხელფასით დააკმაყოფილოს უდანაშაულოდ მოკლული იფიტის მშობლები.

მეგობრებმა ჰერკულესი მიჰყიდეს ლიდიის ქვრივ დედოფალს ომფალას და არებული ხელფასი გადსცეს მეფე ევრიტის დაობლებულ ოჯახს.

ჰერკულესის ჯანმრთელობას, როგორც კი იგი თავის მოვალეობის ასრულებას შეუდგა სასახლეში, დიდი გაუმჯობესება დაეტყო, იგი თითქმის სრულიად განიკურნა.

ძლევამოსილი გმირი ძველებურად ჩაება გონივრულ საქმიანობაში.

ჰერკულესმა სულ მოკლე ხანში სასტიკად დასაჯა ავაზაკები, რომლებიც შეუბრალებლად ანადგურებდნენ ლიდიის მკვიდრთა ქონებას.

ძლევამოსილმა გმირმა დაიჭირა კიკლოპები, რომლებიც ყოველდღე არბევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, და მაგრად ხელფეხშეკრულნი დედოფალ ომფალას მოჰგვარა.

ჰერკულესმა მოჰკლა მეფე სილეი, რომელიც აუტანელ პაპანაქებაში ადგილობრივ მოსახლეობას ზვრებში იძულებით ამუშავებდა და ამრიგად ყოვლად შეუძლებლად ხდიდა მუშახელის ნორმალურ პირობებში ყოველდღიურ საქმიანობას.

ომფალას უკვირდა თავისი მსახურის ასეთი გმირობა. დედოფალი დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ მისი მსახური უბრალო მონა კი არა, ვინმე დიდი გმირია.

ბოლოს, როცა დედოფალმა გაიგო, რომ მის მიერ შესყიდული მონა ჰერკულესია, იმდენად დაიახლოვა ძლევამოსილი გმირი, რომ ცოლადაც კი გაჰყვა.

სამწუხაროდ, ჰერკულესმა სასახლეში ცხოვრების დროს დაივიწყა ის სწორი გზა, რომლითაც მას უნდა ევლო, და ფუქსავატი ცხოვრების ფერხულში ჩაება. გმირს უკვე არ აგონდებოდა ხალხის გაჭირვება და შევიწროება, იგი ისე გაიტაცა ცხოვრების აბობოქრებულმა ტალღებმა, რომ გონივრული ცხოვრების მაგივრად მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებასა და ფუფუნებში ატარებდა მთელ დროს.

ძლევამოსილი გმირი ისე დაეცა, ისე დაწვრილმანდა, რომ თვით დედოფალი ომფალი და მთელი სასახლის კარისკაცები და ქალებიც კი სასაცილოდ იგდებდნენ და ტიკინასავით ათამაშებდნენ.

ცხადია, ასეთი უაზრო ცხოვრების გამო გმირმა დაკარგა ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც წინათ მან ხალხში სამართლიანად დაიმსახურა.

სამმა წელმა, რომლის განმავლობაშიც ჰერკულესს დედოფალ ომფალასთან უნდა ემსახურა მონის სახით, უკვე განვლო.

გმირმა მხოლოდ ახლა შეიგნო თავის დამღუპველი დროებითი გატაცება და ისევ ძველებურ სწორ გზას დაადგა.

ჰერკულესმა სულ მოკლე ხანში აღიდგინა ის სახელი და დიდება, რომელიც მან წინათ სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ხალხისა და თავისი ღვთაებრივი მამის ზევსის მხრით.

პირველ ყოვლისა, ძლევამოსილმა გმირმა გადაწყვიტა დაესაჯა ტროადის მეფე ლაომედონი, რომელმაც უარი უთხრა გმირს მშვენიერი ჰესიონას განთავისუფლებისათვის დაპირებული ცხენების მიცემაზე.

ჰერკულესმა მოიწვია ელინთა საუკეთესო მეომრები და გაბედულად შეაცურა ნავები ტროადის ნაპირების მიმართულებით.

ელინთა სახელოვანმა გმირმა ვერ შეძლო ილიონის მაგრად ნაშენი კედლების დანგრევა, ამიტომ ქალაქის კედლებზე მიადგა მაღალი კიბეები და ამრიგად ჩაეშვა თავისი მხედრობით ქალაქში.

ელინთა თავდადებული მეომრები და ტროადის მამაცი ჯარისკაცები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთი-მეორეს. ხელჩართულ ბრძოლაში ჰერკულესმა სასიკვდილოდ დაჭრა მეფე ლაომედონი, ხოლო მეფის მშვენიერი ასული ჰესიონა თავის მეგობარს ტელამონს მიათხოვა.

ტროადა კი ჰერკულესმა ჰესიონას ძმას გადსცა, რომელიც შემდგომ პრიამოსის სახელწოდებით ღრმა მოხუცებულობამდის მეფობდა მთელ ტროადაში.

ქალღმერთი ჰერა ყოველთვის შურის თვალით უცქეროდა ჰერკულესის ძლევამოსილებას და ამიტომ იგი ყოველმხრივ ცდილობდა გმირისათვის ხელი შეეშალა, რაიმე ფათერაკი მიეყენებინა, მაგრამ ღმერთების მამამთავარი ზევსი თავის მეუღლეს ამის უფლებას არ აძლევდა, და ამიტომ სახელოვანი გმირი მუდამ უვნებლად აღწევდა თავს ყოველგვარ საფრთხეს.

ჰერკულესმა სიცოცხლეს გამოასალმა მეფე ავგეასი, რომელმაც უარი უთხრა გმირს უზარმაზარი ბოსლების გაწმენდისათვის დაპირებული სასყიდელის მიცემაზე.

ეტოლიის მეფის ოინეას ქალიშვილის დეინარას სიმშვენიერეს მთელ საბერძნეთში კიდით-კიდემდის ყველანი შესტრფოდნენ.

სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი სიყვარულით იხსენიებდნენ მეფის მშვენიერ ასულს.

ერთხელ დეინარა დაინახა მდინარის ღმერთმა აქელოიმ, რომელსაც ისე მოეწონა მეფის მშვენიერი ასული, რომ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა.

ეს გადწყვეტილება რომ განეხორციელებინა, აქელოი სამჯერ ესტუმრა მეფე ოინეის და განუცხადა თავისი სურვილი დეინარას ცოლად შერთვის შესახებ.

პირველ სტუმრობისას აქელოი მეფე ოინეის ხარის სახით მოევლინა, მეორედ გველეშაპისა და მესამედ კი ადამიანისა, რომელსაც ჩვეულებრივი თავის მაგივრად ხარის თავი ება და ცხვრის ნესტოებიდან მდინარის აბობოქრებული ტალღები უზარმაზარ მახინჯ ნიკაპზე ეხეთქებოდნენ.

მეფე ოინეის, მდინარის ღმერთი რომ არ გაენაწყენებინა, შესაძლებელია კიდევაც მიეღო აქელოის წინადადება, მაგრამ სწორედ ამ დროს დეინარას მეორე საქმრო გამოუჩნდა.

ეს საქმრო იყო საბერძნეთის გამოჩენილი გმირი ჰერკულესი, რომელსაც საიქიოს ყოფნის დროს მელეაგრმა სთხოვა მისი და დეინარა აეყვანა თავისი მზრუნველობის ქვეშ და, თუ მოეწონებოდა, ცოლადაც შეერთო.

ჰერკულესი თავმომწონედ გამოცხადდა მეფე ოინეის სასახლეში და მეფეს მშვენიერი დეინარას ცოლად შერთვის სურვილი განუცხადა.

ელინთა გმირის დიდებულ შესახედაობას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. ყვალანი გაკვირვებით შესცქეროდნენ სახელოვანი გმირის მძლავრ მხარ-ბეჭებს და მკლავებს, მის შორსსატყორცნელ მშვილდ-ისარს და ვეებერთელა კომბალს, რომელსაც გმირი ჰაერში მრისხანედ ატრიალებდა.

მეფე ოინეიმ ორივე სასიძოს წინადადება მისცა ერთი-მეორეს შებრძოლებოდნენ, და ვინც ამ ბრძოლაში სძლევდა, მშვენიერი დეინარაც მას ცოლად გაჰყვებოდა.

ორ სასიძოს შორის გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა.

ჰერკულესი შეუბრალებლად სცემდა მოწინააღმდეგეს თავის უზარმაზარ კომბალს, მაგრამ წყლის ღმერთის კლდესავით მაგარ თავს ოდნავაც ზიანს ვერ აყენებდა. აქელოიც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავდავიწყებით ეკვეთებოდა ჰერკულესს და იერიში იერიშზე მიჰქონდა.

ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმული ჰერკულესი და აქელოი სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ერთი-მეორე დაემარცხებინათ, მაგრამ ყოველი ცდა უნაყოფო იყო.

აქელოი ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს სულ სხვადსხვა სახეს იღებდა და ამრიგად ცდილობდა თავისი მოწინააღმდეგე დაეძლია.

მოთმინებიდან გამოსულმა ჰერკულესმა თავისი მძლავრი მკლავებით აქელოი წნელივით მოდრიკა წელში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიწას დაახეთქა.

მაგრამ თვალთმაქცმა აქელოიმ უეცრივ საზარელი გველეშაპის სახე მიიღო.

ძლევამოსილმა გმირმა ღიმილით შესძახა: გველეშაპის არასოდეს არ მშინებია და არც ახლა შემეშინდებაო, თავისი მძლავრი ხელები ჩასჭიდა საზარელ ცხოველს კისერში და ის იყო უნდა დაეხრჩო, მაგრამ აქელოიმ საშიშარი ხარის სახე მიიღო და უზარმაზარი რქებით თავდავიწყებით მიიტანა იერიში სახელოვან გმირზე.

ჰერკულესმა გაბედულად სტაცა ხელები ამ საშინელ ცხოველს რქებში და ისე გადაისროლა, რომ ორივე უზარმაზარი რქა გმირს ხელებში შერჩა.

წყლის ღმერთი ამის შემდეგ იძულებული იყო თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და პირველობა ჰერკულესისათვის დაეთმო.

საკითხი იმის შესახებ, თუ ვის უნდა გაჰყოლოდა ცოლად მშვენიერი დეინარა, აქელოისა და ჰერკულესის ამ შებრძოლებამ თავისთავად გადაწყვიტა.

მეფე ოინეიმ ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა.

სახელმწიფოს წარჩინებული კარისკაცები, რომლებიც ამ ქორწილზე იყვნენ მოპატიჟებულნი, დიდის სიხარულით შეეგებნენ ჰერკულესისა და დეინარას ბრწყინვალე ქორწილს და ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახლადდაქორწინებულებს ამ ბედნიერ დღეს.

დეინარასაგან ჰერკულესს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც გილი უწოდეს.

ერთხელ ჰერკულესი თავისი ცოლშვილით კალედონიაში მიემგზავრებოდა თავის კარგ მეგობარ კეკთან.

ძლევამოსილი გმირი გზაში ევონზე უნდა გადასულილყო.

ხიდის მაგივრობას ეწეოდა კენტავრი ნესესი, რომელსაც მხრებზე შემჯდარი გადაჰყავდა მგზავრები მდინარის მეორე ნაპირას.

ჰერკულესს თვითონ შეეძლო ფეხით გასულიყო მდინარის მეორე ნაპირას, ხოლო დეინარა და პატარა გილი კი კენტავრ ნესეს უნდა გადაეყვანა.

ნესესი ისე მოხიბლა დეინარას სილამაზემ, რომ კენტავრმა გადაწყვიტა სახელოვანი გმირის მშვენიერი მეუღლის გატაცება.

მართლაც, ნესესმა მხრებზე წამოიკიდა მშვენიერი დეინარა და ფეხაკრეფით მოკურცხლა მახლობლად მდებარე უღრანი ტყისაკენ.

ამ თავხედობით გაბრაზებულმა ჰერკულესმა მედგრად სტყორცნა კენტავრს თავისი მოშხამული ისარი და სასიკვდილოდ დაჭრა.

სასიკვდილოდ განწირულმა ნესესმა ამ სიტყვებით მიმართა მშვენიერ დეინარას: „მეფე ოინეას დიდებულო ასულო, შენ ისე მშვენიერი და მომხიბლავი ხარ, რომ სიკვდილის ჟამს არ შემიძლია ცხოვრებაში გამოსადეგი ერთი რამ რჩევა არ მოგცე. გირჩევ დაუყოვნებლივ შუშაში შეაგროვო სისხლი, რომელიც ჩემი ჭრილობიდან გადმოსჩქეფს და საიდუმლოდ შეინახო.

თუ ვინიცობაა შეამჩნიო, რომ შენმა მეუღლემ სხვა ქალის სიყვარული ჩაიგდო გულში, იცოდე, საიდუმლოდ შენახული სისხლით სავსე შუშა დიდ სამსახურს გაგიწევს. როცა შეამჩნიო, რომ შენმა ქმარმა გული სხვისაკენ იბრუნა,

დაუყოვნებლივ დაასველე შენი მეუღლის პერანგი საიდუმლოდ შენახული სისხლით. დარწმუნებული იყავი, რომ შენი მეუღლე, რომელმაც შენზე გული შეიცვალა, როგორც კი შენ მიერ სისხლით დასველებულ პერანგს ჩაიცვამს, არასოდეს სხვა ქალს არ შეიყვარებს და ისევ შენი ერთგული და სათუთად მოსიყვარულე ქმარი დარჩება.

აი ესაა ჩემი რჩევა და, თუ შენ მას მიიღებ, დარწმუნებული იყავ, რომ შენს მყუდრო ცხოვრებას ვერასოდეს ვერ დაარღვევს შენი ქმრის დროებითი გატაცება, შენ ნაზ გრძნობებს ნაზივე გრძნობებით პასუხს გასცემს შენი მეუღლის გული“.

ამ სიტყვებთან ერთად კენტავრმა ერთი მწარედ ამოიოხრა და სამუდამოდ დახუჭა თვალები.

დეინარამ შუშაში მოაგროვა კენტავრის სისხლი და საიდუმლოდ შეინახა.

ჰერკულესმა და დეინარამ ისევ განაგრძეს გზა და ხანგრძლივად დარჩნენ მეგობარ კეიკთან.

როცა ჰერკულესი ხანგრძლივი სტუმრობის შემდეგ შინ დაბრუნდა, სახელოვანმა გმირმა გაიხსენა მეფე ევრიტის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა და გადაწყვიტა მის წინააღმდეგ გალაშქრება.

ჰერკულესმა მოაგროვა მთელს ელადაში სახელგანთქმული მეომრები და მოულოდნელად თავს დაეცა მეფე ევრიტის.

ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სახელოვანმა გმირმა მეფე ევრიტი და მისი შვილები სიცოცხლეს გამოასალმა, სახელმწიფოს დედაქალაქი დაანგრია და ერთიანად მიწასთან გაასწორა. მეფის ასული მშვენიერი იოლა გმირმა ტყვედ წამოიყვანა.

დეინარას ბრძოლის ველიდან ქმრის შესახებ ცნობები არ მოსდიოდა და მეტად წუხდა, ვაი თუ რაიმე უბედურება თავს დაატყდაო.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დეინარას წინაშე წარდგა ჰერკულესის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი ლიხასი, რომელმაც რამდენიმე ტყვე მოიყვანა ბრძოლის ველიდან.

„სალამი და კარგად ყოფნა, დიდად პატივცემულო დეინარავ!“ - მოკრძალებით მიესალმა ლიხასი მშვენიერ დეინარას: „ ყოვლად შემძლებელი ღმერთები არასოდეს არ წყალობენ ბოროტსა და გაიძვერა ადამიანებს! ყოვლად მოწყალე ღმერთების დახმარებით დავამარცხეთ ვერაგი მეფე ევრიტი, გავანადგურეთ მთელი მისი სახელმწიფო და მრავალი ტყვე ვიგდეთ ხელთ!

ძლევამოსილი ჰერკულესი გთხოვს ამ საბრალო ტყვე ქალს განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით მოიპყრათ! აბა, ერთი შეხედეთ, რა მშვენიერი და კეთილი სახე აქვს ამ საბრალოს! ყოვლად მოწყალე ღმერთებს ვფიცავ, ეს საცოდავი ტყვე ქალი ღირსია შენი განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობისა! აი, კიდევაც ამიტომ გთხოვს ძლევამოსილი გმირი ეს საცოდავი ტყვე ქალი შეიბრალო და ჯეროვანად მოეპყრა“.

დეინარას მოეწონა იოლას მშვენიერი და კეთილი სახე და თანაგრძნობით შეეკითხა ახალგაზრდა ტყვე ქალს მისი ვინაობის შესახებ.

მაგრამ საბრალო იოლა ცხარე ცრემლებს ღვრიდა და პასუხის მიცემას ვერ ახერხებდა.

დეინარამ ახლადმოყვანილი ტყვე ქალი მსახურებს ჩააბარა და სასტკი ბრძანება გასცა განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობოდნენ.

ლიხასის შემდეგ სწრაფად მოირბინა მეორე შიკრიკმა, რომელმაც დეინარას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დიდად პატივცემულო დეინარავ, იცოდე, რომ ის ქალი, რომელიც ტყვე ქალის სახით ლიხასმა მოგგვარათ, მეფე ევრიტის ასულია და სახელად იოლას ეძახიან.

ძლევამოსილ ჰერკულესს, სანამ შენ გაგიცნობდა, ეს ქალი ძალიან მოსწონდა და, როგორც ყური მომიკრავს, ამბობდნენ კიდევაც უყვარდაო. იცოდე, რომ ეს მშვენიერი ტყვე ქალი შენს ოჯახში შენს მეტოქედ შემოდის! საჭიროა ახლავე მიიღო ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში სანანებლად დაგირჩება! აი, ჩემი გულწრფელი რჩევა, ახლა კი შენ იცი, რა გზას დაადგები!“

დეინარა მეტად ჩააფიქრა შიკრიკის ამ განცხადებამ. საბრალო ქალი დიდად დაეჭვიანდა.

დეინარა მწუხარედ ითვალისწინებდა თავის მომავალ უბედურებას და უსაზღვროდ იტანჯებოდა.

უეცრივ სასოწარკვეთილ დეინარას მოაგონდა კენტავრის სისხლით სავსე საიდუმლოდ შენახული შუშა, ელვის სისწრაფით მიიჭრა განჯინასთან, საცა ეს შუშა საიდუმლოდ ჰქონდა შენახული, და კენტავრის მოშხამული სისხლით დაასველა ახლადშეკერილი აბრეშუმით ნაქსოვი მშვენიერი პერანგი და ლიხასს გადასცა ჰერკულესისათვის მისაძღვნელად.

ლიხასი ამ ძვირფასი საჩუქრით გაემართა ევბას, საცა იმ დროს მტერზე მრწყინვალედ გამარჯვებული ჰერკულესი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა.

დეინარა ყოველ წუთს მოელოდა თავისი საყვერელი მეუღლის დაბრუნებას, მაგრამ ჰერკულესი არსად ჩანდა.

ამ მოლოდინით შეწუხებულმა დეინარამ ევბას გაგზავნა თავისი საყვარელი შვილი გილი, რომელსაც დაავალა საყვარელი ჰერკულესის შინ დაბრუნება დაეჩქარებინა.

გილი ევბეიდან სასწრაფოდ დაბრუნდა და თავის საყვარელ დედას მწუხარედ მოახსენა: „ჩემო საყვარელო დედავ, მამაჩემი შენმა

საბედისწერო საჩუქარმა დაღუპა. საბრალო მამაჩემმა, როცა შენი ძვირფასი საჩუქარი მიიღო, სულითა და გულით გაიხარა და დაუყოვნებლივ ჩაიცვა შენი გაგზავნილი აბრეშუმით ნაქსოვი პერანგი. ძლევამოსილი გმირი მსხვერპლის შეწირვის თადარიგს შეუდგა. უეცრივ, როცა ცეცხლი სამსხვერპლოზე გაჩაღდა, მამამ საშინელი ტკივილები იგრძნო, მთელ სხეულში რაღაც საშინელებამ ელვის სისწრაფით დაურბინა. აუტანელის ტკივილებისაგან გამწარებულმა გმირმა სასოწარკვეთილებით ერთი მძლავრად შეჰყვირა და გულსაკლავი გმინვით მიწაზე დაეშვა.

- „შვილო!“ - მწუხარედ მითხრა სულთმობრძავმა მამაჩემმა: „დედაშენის გამოგზავნილმა პერანგმა დამღუპა. თუ არ გსურს, რომ უცხო ქვეყანაში დავლიო სული, დაუყოვნებლივ შინ წამიყვანე! დეე, ჩემმა საკუთარმა ოჯახმა დამიტიროს, ჩემ გაცივებულ გვამს ცხარე ცრემლები დააფრქვიოს! დეე, ჩემ სამშობლო მხარეში დავიმარხო და სამუდამოდ განვისვენო!

ვფიქრობ, ხალხი, რომლის კეთილდღეობისათვის მე ასე თავდადებულად ვიბრძოდი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ჩემს ღვაწლს არ დაივიწყებს და ჩემ მყუდრო საფლავს გულგრილად გვერდს არ ჩაუვლის!“ დედა, შენი საკუთარი ხელით დაღუპე მთელი ერის სასიქადულო გმირი, თავისი ოჯახის განუსაზღვრელად მოსიყვარულე მამა და შენი ასე თავდავიწყებით ერთგული მეუღლე! აი, საცაა საბრალოს კიდევაც მოიყვანენ და შენი საკუთარი თვალით დაინახავ შენს საყვარელ მეუღლეს, მაგრამ, დანამდვილებით ვერ გეტყვი, ცოცხალს ნახავ თუ მკვდარს!“

დეინარა შიშისაგან ერთიანად გაფითრდა, პირისახე შეეცვალა, ენა მუცელში ჩაუვარდა და ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდა.

დედას რომ არაფერი მოსვლოდა, შეშინებული გილი მეორე ოთახში შეშლილივით გავარდა მოსამსახურე ქალების დასაძახებლად.

მაგრამ სანამ გილი უკანვე დაბრუნდებოდა, შიშით ზარდაცემულმა დეინარამ ბასრი ხმლით მკერდი ორად გაიგმირა. საბრალომ მყისვე განუტევა სული.

გილის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი საყვარელი დედის ირგვლივ სისხლის გუბეები დაინახა.

საბრალო გილი ცრემლების ფრქვევით დაემხო ძვირფასი დედის უკვე გაცივებულ გვამს და თავისთავს სასტიკად ჰკიცხავდა, რომ მისმა წინდაუხედავმა სიტყვებმა საყვარელი დედა სიცოცხლეს გამოასალმა.

სწორედ ამ დროს საკაცეთი სახლში შემოიყვანეს ცოცხალ-მკვდარი, სრულიად ფერმიხდილი ჰერკულესი.

მომაკვდავი გმირის საშინელი გმინვა მთელ სახლს აყრუებდა. ყველანი ზარდაცემულნი შეჰყურებდნენ გმირის უსაზღვრო ტანჯვას და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ.

- „განა უბედურება არაა, - საცოდავის ხმით შესჩიოდა სასიკვდილოდ განწირული გმირი თავის საყვარელ შვილს გილს, - განა დედამიწის ზურგზე ჩემზე უფრო ძლიერი გმირი კიდევ სადმე მოიპოვებოდა! ჩემს წინაღმდეგ გალაშქრებას განა ხორცშესხმული ადამიანი გაბედავდა!

ყველაფერი ჩემს წინაშე ძრწოდა და ცახცახებდა. ამჟამად კი სარეცელზე ძლივს სულს ვიბრუნებ და ჩემი საკუთარი ცოლის წყალობით სამუდამოდ ვიღუპები! ჩემო საყვარელო შვილო, გეხვეწები, მხურვალედ გევედრები შენის ხელით მომისპო სიცოცხლე და ამნაირად გადამარჩინო ამ აუტანელ ტანჯვა-წამებას.

ხოლო კარგად გახსოვდეს, რომ აუცილებლად საჭიროა სამაგიერო გადაუხადო დედაშენს, რომელმაც ასე დაუმსახურებლად მომისპო სიცოცხლე. განა ძლევამოსილი ჰერკულესი ღირსი იყო დედაშენის მხრით ასეთი სასჯელისა! დაბეჯითებით გთხოვ, შვილო, პატივი მეცი და ეს უკანასკნელი თხოვნა შემისრულე!“

მაგრამ როცა გილმა ცრემლების ფრქვევით მოუთხრო მამას, რომ საბრალო დეინარამ მეფის მწუხარებისაგან გულმკერდი ბასრი ხმლით სასიკვდილოდ განიგმირა, ჰერკულესი მცირედად დამშვიდდა და საშინელი გულისტკივილით მძიმედ ამოიოხრა.

სულთმობრძავმა გმირმა ტყვედ წამოყვანილი მშვენიერი იოლას შესახებ ზრუნვა და მისი მოვლა-პატრონობა გილს დაავალა, რის შემდეგ მსახურებს უბრძანა აეყვანათ ეტის მთის მწვერვალზე, საცა, ღმერთების გადაწყვეტილებით, სახელოვან გმირს საუკუნოდ უნდა განესვენა.

ჰერკულესის მეგობრებმა და საუკეთესო ამხანაგებმა ეტის მთის მწვერვალზე გამართეს კოცონი მუხისა და ნაძვის შეშისაგან და ზედ დააწვინეს მომაკვდავი გმირი.

მაგრამ კოცონის ცეცხლის შეკეთებას ვერავინ ბედავდა.

ბოლოს ეს სამწუხარო მოვალეობა ჰერკულესის თხოვნით შეასრულა სახელოვანი გმირის მეგობარმა ფილოქტეტესმა, რომელმაც საჩუქრად ამ სამსახურისათვის გმირის საუცხოო მშვილდ-ისარი მიიღო.

კოცონს ცეცხლი წაეკიდა. ალმა და სქელმა კვამლმა დაფარა მთელი კოცონი.

უეცრივ გაისმა საშინელი ჭექა-ქუხილი. კოცონზე ჩამოეშვა მსუბუქი ღრუბელი, რომელიც გარს შემოერტყა სახელოვანი გმირისათვის გამართულ ალითა და კვამლით შებურულ კოცონს.

მცირედი ხნის შემდეგ ღრუბელი ისევ ცისაკენ აიმართა და ოლიმპოს მწვერვალზე აიტანა მიწიერი ცოდვებისაგან განწმენდილი ჰერკულესი.

ოლიმპოზე ჰერკულესს შეხვდა ქალღმერთი ათინა, რომელმაც ძლევამოსილი გმირი დარბაზში მიიწვია, საცა იმ დროს ღმერთების თათბირი ჰქონდათ გამართული.

ქალღმერთი ჰერა ახლა კი შეურიგდა ჰერკულესს და, ნიშნად თავისი კეთილ განწყობისა, ელინთა სახელოვან გმირს ცოლად მიათხოვა თავისი ასული, მუდმივი ჭაბუკობის ქალღმერთი მშვენიერი ჰება.

ამრიგად დასრულდა მიწიერი ცხოვრება იმ დიდებული გმირისა, რომელიც მუდამ ხალხის კეთილდღეობისათვის იღვწოდა, მუდამ ჩაგრულთა და უბედურთ მფარველობდა და თავისი ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობით უდიდესი სამსახური გაუწია თავის სამშობლო მხარეს.

მთელი საბერძნეთის მოსახლეობა, განურჩევლად წოდებისა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდად აფასებდნენ ჰერკულესის ამ ფასდაუდებელ, უდიდეს ღვაწლს და კიდევაც ამიტომ თავისი სახელოვანი გმირის შარავანდით მოსილ სახელს ყოვლად შემძლებელი ღმერთების თანაბრად პატივს სცემდნენ და მუდამ სიყვარულით იგონებდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ