ელიდის მეფე სალმონევსი, ეოლოსისა და ენარეტას შვილი, მთელ სახელმწიფოში ცნობილი იყო თავისი უაღრესი უსამართლობითა და პატივმოყვარეობით.
თესალიიდან ელიდაში გადმოსახლებისთანავე, სალმონესმა მდინარე ენიპეას ნაპირზე, ჰერაკლეას მახლობლად, გააშენა მშვენიერი ქალაქი, რომელსაც სალმონი უწოდა.
საუცხოოდ აგებული სახლები, სახელმწიფოს დაწესებულებათა შესანიშნავი შენობები, მიუვალი ციხე–სიმაგრეები, კოშკები, მდინარეზე გადასასვლელი მკვიდრად აგებული მაღალთაღიანი ხიდები, მწყობრად დაგეგმილი ქუჩები, არხები და ანკარა წყლით სავსე შადრევნები ამშვენებდა სალმონს.
ელიდის მკვიდრნი შესტრფოდნენ ქალაქის სიმშვენიერეს.
მეფე სალმონევსი და ახალგაზრდა დედოფალი ალკიდე, სრულიად კმაყოფილი თავისი ბედნიერი ცხოვრებით, ფუფუნებაში ატარებდნენ დროს და სახელმწიფოს მკვიდრთა კეთილდღეობას გაუმჯობესობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.
ხალხი კარგად გრძნობდა მეფე სალმონევსის აღვირწახსნილ უსამართლობას, მის უხეშ პატივმოყვარეობას, მაგრამ თავგასული მეფის შიშით კრინტს ვერ ძრავდა და თავის გულისტკივილს გულში უხმოდ იკლავდა.
ხალხის უმწეო მდგომარეობა თვითნება მეფეს ოდნავაც არ აწუხებდა. პატივმოყვარე სალმონევსი მხოლოდ და მხოლოდ თავისა და დედოფლის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არავის ანგარიშს არ უწევდა.
მეფე სალმონევსი ბოლოსა და ბოლოს იმდენად გაკადნიერდა, რომ ყოვლად შემძლებელი ღმერთების მამამთავრის ზევსის თანასწორობაც კი მოინდომა და ელიდის მკვიდრთ ღმერთების შესაფერისი პატივისცემაც კი მოსთხოვა.
კადნიერი მეფე სახელმწიფოში ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის ეტლის მსგავსი ეტლით დასეირნობდა და ხალხს შიშის ზარს ჰგვრიდა.
მოგზაურობის დროს მეფე ეტლიდან ყრიდა ანთებულ ჩირაღდნებს, რომელთაც ზევსის მიერ მოვლენილი ელვის მაგიერობა უნდა გაეწიათ, ეტლში შებმული ცხენების ფეხთა ხმაურს კი ქუხილის მაგიერობა.
ამაყი მეფის ბრძანებით, სახელმწიფოში გზად გამვლელ უცხოელებს სიცოცხლეს ასალმებდნენ, თვითნება მეფე კი საქვეყნოდ აცხადებდა, უცხოელები ჩემ მიერ მოვლენილი ქუხილით დაიხოცნენო.
ოლიმპოს მბრძანებელმა ყოვლად შემძლებელმა ზევსმა ვერ აიტანა მეფე სალმონევსის ზვიადობა და სწორედ იმ დროს გამოასალმა სიციცხლეს საშინელი ქუხილით, როცა სალმონევსი ქალაქის ქუჩებში ამაყად დასეირნობდა ეტლით.
ზევსის მიერ მოვლენილმა საშინელმა ქუხილმა მთლიანად დაანგრია სალმონევსის სატახტო ქალაქი სალმონი და ერთიანად ცეცხლის ალში გახვია.
უდანაშაულო მკვიდრნი მაღალი მთის მწვერვალებს აფარებდნენ თავს და შიშისაგან აცახცახებულნი წყევლა–კრულვით იხსენიებდნენ ზვიად მეფე სალმონევსს.
ცეცხლის ალში ჩაიბუგა მეფე სალმონევსის სასახლეც.
მეფის პატივმოყვარეობამ შეიწირა სახელმწიფოს წარჩინებული კარისკაცებიც, რომელნიც საშინელი ქუხილის დროს სასახლეში იმყოფებოდნენ.
სიკვდილს გადარჩა მხოლოდ მეფე სალმონევსის სათნო ასული ტირი. იგი შემდგომ მისთხოვდა მეფე კრეტეას და შეეძინა ვაჟი ეზონი, მამა იმ დიდებილი გმირისა, რომელმაც თავი ისახელა არგონავტების კოლხიდაში ლაშქრობის დროს.