მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1440 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ელინთა ტომების მამამთავრის ეოლოსის შვილმა კრეტეასმა თესალიაში დაარსა სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იოლკი მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ქალაქად ითვლებოდა.

მეფემ სამეფო ტახტი მოხუცებულობის დროს უანდერძა თავის უფროს შვილს ეზონს.

მაგრამ, კრეტეასის განკარგულების წინააღმდეგ, სამეფო ტახტს კრეტეასის შვილი პელეასი დაეუფლა.

კრეტეასის გარდაცვალების შემდეგ ეზონის შვილი, სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იაზონი, კენტავრ ხირონს მიაბარეს აღსაზრდელად.

ხირონი დიდის გულმოდგინებით წვრთნიდა ყმაწვილს, გულში უნერგავდა გმირულ ჩვევებს და ამრიგად ცდილობდა ნიჭიერი მოწაფე ნამდვილ გმირად აღეზარდა. მართლაც, დახელოვნებულმა კენტავრმა თავის წინასწარ დასახულ მიზანს სავსებით მიაღწია.

იაზონმა დავაჟკაცებისას მართლაც თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ელინთა გმირებს შორის, მისი საგმირო საქმეები ყველგან აღტაცებას იწვევდა.

მეფე პელეასს ძლიერ ეშინოდა უკანონოდ დაჭერილი ტახტი არ დავკარგოო, მით უფრო, რომ მეფეს ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს: ცალქალამნიან კაცს მოერიდე, თორემ სამეფო ტახტი დიდ განსაცდელში ჩავარდებაო.

იაზონი ოცი წლის შესრულდა, როცა თავისი აღმზრდელის სახლი ფარულად დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა იმ აზრით, რომ პელეასის მიერ უკანონოდ დაჭერილი ტახტი დაებრუნებინა.

გზაში იაზონი მდინარეზე უნდა გადსულიყო. წყლის პირას ყმაწვილმა დაინახა მოხუცი ქალი, რომელიც მეორე ნაპირას გადასვლას ეპირებოდა, მაგრამ შიშით წყალში შესვლას ვერ ბედავდა.

იაზონმა თავაზიანად გადაიყვანა მოხუცი ქალი მდინარის მეორე ნაპირას, მაგრამ წყალში გასვლის დროს ცალ ფეხზე ქალამანი გასძვრა და წყალმა წაიღო.

ცალქალამნიანი იაზონი იოლკისაკენ გაემგზავრა.

მეფე პელეასი სწორედ იმ დროს, როცა იაზონი იოლკში მივიდა, პოსეიდონ ღმერთს მსხვერპლს სწირავდა.

როგორც კი დაინახა პელეასმა ცალქალამნიანი ყმაწვილკაცი, მაშინვე მოაგონდა ღმერთების წინასწარმეტყველება, რამაც დიდად შეაშფოთა.

როგორც კი მორჩა მსხვერპლის შეწირვას, მეფემ მიიწვია ახლადმოსული ყმაწვილი და იოლკში მისვლის მიზანი გამოჰკითხა.

თავმომწონე იაზონმა მეფეს შეკითხვაზე მოახსენა: „მოწყალეო ხელმწიფეო, მე ვარ მეფე ეზონის კანონიერი მემკვიდრე! ბავშვობიდანვე კენტავრ ხირონის ხელმძღვანელობით ვიზრდებოდი. ამჟამად კი, როცა უკვე დავვაჟკაცდი, იოლკში იმ აზრით მოვედი, რომ განსვენებული მამაჩემის კარმიდამო მოვინახულო!“

ცბიერმა პელეასმა იაზონს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ყმაწვილის მოსვლა კიდევაც ესიამოვნა.

იაზონის პატივსაცემლად სასახლეში ხუთი დღის განმავლობაში დიდი ზეიმი იმართებოდა.

ყველანი მხიარულობდნენ და დიდ სიხარულს გამოთქვამდნენ მეფის ნათესავის მოსვლის გამო.

ცბიერი პელეასი ამ ზეიმების დროს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა იაზონს.

მეექვსე დღეს მეფე პელეასმა დაწვრილებით გამოჰკითხა თავის ბიძაშვილს იოლკში მოსვლის ნამდვილი მიზანი.

იაზონმა თავაზიანად მოახსენა მეფეს: „დიდებულო მეფეო, შენ უთუოდ კარგად მოგეხსენება, რომ მე აწ გარდაცვალებულის მეფე ეზონის პირდაპირი კანონიერი მემკვიდრე ვარ! სახელმწიფოს მთელი ქონება, როგორც ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს, მე მეკუთვნის, მაგრამ, მერწმუნე, დიდებულო მეფეო, მე ხელს არ ვახლებ შენს ძვირფას ავლადიდებას, ხელს არ ვახლებ საქონლის უთვალავ ჯოგებს, ბალახით აბიბინებულ საძოვრებს და უხვმოსავლიან ხოდაბუნებას! მთელი ეს ფასდაუდებელი სიმდიდრე შენთვის დამითმია! მე შენგან მხოლოდ ერთ რასმე მოვითხოვ: დიდებულო ხელმწიფეო, დამიბრუნე მამაჩემის ტახტი და სკიპტრა!“

ცბიერმა პელეასმა ტახტის კანონიერ მემკვიდრეს ლმობიერად უპასუხა: „ყველა შენს მოთხოვნას დიდის სიამოვნებით დავაკმაყოფილებ, თუ შენ ღირსეულად მომიგვარებ ერთ დიდ საქმეს, რომლის პირადად შესრულება მოხუცებულობის გამო არ შემიძლია. აგერ რამდენი ხანია, რაც კოლხიდაში დასაფლავებული ჩვენი ბიძაშვილის ფრიქსის აჩრდილი დაჟინებით მთხოვს ფრიქსის ნეშტი სამშობლოში გადმოვასვენო და ოქროს საწმისი, რომელიც კოლხიდის მეფემ დაისაკუთრა, სამშობლო მხარეს უკანვე დავუბრუნო. თუ ამ საქმეს ღირსეულად შემისრულებ, სამეფო ტახტსა და სკიპტრას დაუყოვნებლივ სიამტკბილობით გადმოგცემ!“

იაზონი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა სამძიმო საქმის შესრულებას ავალებდა ცბიერი პელეასი და ამიტომ სიამოვნებით განაცხადა თანხმობა მეფის წინადადებაზე.

ფრიქსი და ჰელა, მეფე კრეტეასის ძმის ადამასის შვილები, დიდ შეურაცხყოფასა და გაჭირვებას ითმენდნენ თავისი ბოროტი დედინაცვლის ინოსაგან.

საბრალო ფრიქსის დედამ, ღრუბლების ქალღმერთმა ნეფელამ, თავისი საყვარელი ქალ-ვაჟი სასახლიდან მოიტაცა.

ნეფელამ ფრიქსი და ჰელა ღმერთ ჰერმესის ნაჩუქარ ფრთებიან ოქროსმატყლოვან ვერძზე შესვა და შორეული ქვეყნებისაკენ გაისტუმრა.

საბრალო შვილები ცრემლების ღაპაღუპით გამოეთხოვნენ საყვარელ დედას.

ოქროსმატყლოვანი ვერძი ელვის სისწრაფით მიფრინავდა ცის თვალუწვდენელ სივრცეში.

პატარა მოგზაურები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მათ თვალწინ გადაშლილ უცხო ქვეყნებს, დედამიწის გულში მოჩუხჩუხე მდინარეების ნაკადებს და აბობოქრებული ტალღებით შეშფოთებულ ზღვის საუცხოო ნაპირებს.

საუბედუროდ, ჰელა ოქროსმატყლოვანი ვერძის ზურგიდან გადმოვარდა და სწორედ იმ დროს დაიღუპა, როცა პატარა მოგზაურები ეგეოსის ზღვასა და პროპონტიდის სრუტეს გადადიოდნენ.

იმ სრუტეს, საცა საბრალო ჰელა დაიღუპა, ამ იშვიათი მოგზაური ქალის სახსოვრად ჰელესპონტი (ჰელას ზღვა) დაერქვა. ეს სრუტე დღესაც ამ სახელს ატარებს.

ფრიქსი მშვიდობიანად მივიდა კოლხიდაში. ამ შორეულ საუცხოო ქვეყანაში იმ დროს მეფობდა მრისხანე მეფე აეტესი.

მეფემ მეგობრულად მიიღო ახლადმოსული უცხოელი. აეტესს ისე მოეწონა ფრიქსი, რომ, ნიშნად თავისი კეთილგანწყობილებისა, თავისი ასული სალკიონა მიათხოვა.

ფრიქსმა ოქროსმატყლოვანი ვერძი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს შესწირა, მხოლოდ ვერძის ოქროს საწმისი კი თავის სიმამრს, მეფე აეტესს მიუძღვნა.

მეფე აეტესმა სიძის ნაჩუქარი ოქროს საწმისი ღმერთ არესის სამღვთო ჭალაში ხეზე ჩამოკიდა და ფხიზელ დარაჯად მეტად საშინელი გველეშაპი მიუჩინა.

ხალხის გადმოცემით, სანამ ეს ოქროს საწმისი არესის სამღვთო ჭალაში ეკიდებოდა და არავინ მოიტაცებდა, მეფე აეტესის სიცოცხლეს ფათერაკი არ მოელოდა, მის სახელმწიფოს მტერი ხელს ვერ შეახებდა.

ოქროს საწმისი, როგორც ფასდაუდებელი ძვირფასი განძი, ყველა ქვეყნის ყურადღებას იპყრობდა.

ყველა ქვეყნის საუკეთესო გმირები ერთი-მეორეს ეჯიბრებოდნენ, რომ მეფე აეტესისათვის ეს ოქროს საწმისი მოეტაცათ, მაგრამ მათი ცდა ყოველთვის უნაყოფოდ რჩებოდა.

საშინელი გველეშაპი დღედაღამ ფხიზლად სდარაჯობდა ოქროს საწმისს და მის მახლობლად ფხიზელი დარაჯის შიშით ჩიტსაც კი არ შეეძლო გაფრენა.

მეფე პელეასმა ყოველივე ეს კარგად იცოდა და კიდევაც ამიტომ დაავალა თავის ბიძაშვილს იაზონს ასეთი სამძიმო საქმის შესრულება.

ცბიერი პელეასი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ სამეფო ტახტის მაძიებელი იაზონი ამ სამძიმო საქმეს ვერ შეასრულებდა და უეჭველად დაიღუპებოდა.

ძლევამოსილი იაზონი კოლხიდაში გამგზავრების სამზადისს შეუდგა.

მთელი საბერძნეთის რჩეულმა გმირებმა მიიღეს უახლოესი მონაწილეობა იაზონის მიერ განზრახულ მეტად სახიფათო ლაშქრობაში.

ათენა ქალღმერთის ხელმძღვანელობით, გემების დახელოვნებულმა მშენებელმა არგომ მდინარე ჰელიონის ნაპირებზე

ააგო ორმოცდაათხოფიანი საუცხოო გემი, რომელსაც მშენებლის სახელი „არგო“ დაარქვეს.

მოგზაურებმა, რომელთაც გემის სახელწოდების მიხედვით „არგონავტები“ ეწოდათ, დაუყოვნებლივ აირჩიეს გემის პასუხისმგებელი პირები.

ძლევამოსილ იაზონს წილად ხვდა ლაშქრობის წინამძღოლობა, ხოლო გმირ ტიფიასს კი გემის მესაჭეობა. წინდახედული და შორსმჭვრეტელი ლიკიასი გემის წინამძღოლად, ლოცმანად აირჩიეს.

ძლევამოსილ იაზონთან ერთად შორეულ კოლხიდაში გაემგზავრნენ მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული გმირები: ჰერკულესი, პელასი, აიანტის მამა ტელამონი, ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილები პოლუქსი და კასტორი, ტკბილად მოუბარი ნესტორის მამა ნელეასი, მეფე ადმეტი, სახელგანთქმული მომღერალი ორფევი, პატროკლის მამა მენოტი, პოსეიდონ ღმერთის შვილი ეფემი, თეზევი, რომელიც შემდგომ ათენაში მეფედ აირჩიეს, მისი მეგობარი პერითეი, ჰერკულესის მეგობარი გილასი და სხვა მრავალი წარჩინებული გმირი.

მოგზაურებმა, სანამ გემს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურებდნენ, ღმერთებს გამოსამშვიდობებელი მსხვერპლი შესწირეს და მხიარულად შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

საამური ნიავი ზღვის ზედაპირს ნაზად დაჰქროლავდა და მოგზაურებს კეთილად მგზავრობის იმედს უნერგავდა.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ უეცრივ ზღვაზე ძლიერმა ქარმა დაბერა, და არგონავტები იძულებულნი იყვნენ გემი ლემნოსის ნავსადგურში შეეცურებინათ.

სწორედ იმ ხანებში, როცა არგონავტები კუნძულ ლემნოსის ნაპირებზე გადმოვიდნენ, ლემნოსელ ქალებს ღალატისათვის ქმრები დაეხოცათ და სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმე ხელში ჩაეგდოთ.

კუნძულ ლემნოსის ქვრივი ქალები დიდი სიხარულით მიეგებნენ უცხო ქვეყნიდან მოსულ სტუმრებს და მათ პატივსაცემლად არა ერთი ბრწყინვალე ზეიმი გადაიხადეს.

ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდნენ კუნძულზე ლხინსა და ზეიმებში გართული მოგზაურები, რომ ნავსადგურში გემის მცველად დარჩენილ ჰერკულესს არ გაეფრთხილებინა ამხანაგები და არ მოეგონებინა ის დიდი მოვალეობა, რომელიც მათ ჰქონდა დაკისრებული.

იაზონმა, რასაკვირველია, ანგარიში გაუწია ჰერკულესის სამართლიან გაფრთხილებას, დაუყოვნებლივ გამოეთხოვა სტუმართმოყვარულ ლემნოსელ ქალთა დედოფალს მშვენიერ

ჰიპსიპელას და თავისი მხლებლებით დატოვა კუნძულ ლემნოსის საუცხოო ნაპირები.

არგონავტები მხიარულად მიცურავდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. უეცრივ ზღვაზე დაბერა ძლიერმა ქარმა. მოგზაურები იძულებული იყვნენ სწრაფმავალი გემი კუნძულ კიციკოსის ნავსადგურში შეეცურებინათ.

ამ კუნძულზე ცხოვრობდა მამაცი ტობების შთამომავალი ხალხი, დოლიონები, რომლებიც დიდის სიხარულით შეხვდნენ უცხოელ სტუმრებს.

დოლიონების მეზობლად ცხოვრობდნენ გოლიათის ტანის ველური ტომები, რომლებიც ხშირად დიდ უსიამოვნებას აყენებდნენ მუდამ შვიდობიანობის მოყვარულ დოლიონებს.

კუნძულ კიციკოსის ღმერთების მოშიშარი და მოყვარული მეფე კიზიკი მთელი თავისი ქვეშევრდომებით სიხარულით მიეგება უცხოელ სტუმრებს და ყველანი დიდის პატივისცემით მიიწვია სასახლეში.

არგონავტებმა დიდის სიამოვნებით მიიღეს მეფე კიზიკის გულწრფელი მიპატიჟება.

უცხოელი სტუმრები რამდენიმე დღე დარჩნენ კუნძულ კიციკოსზე და დიდის ცნობისმოყვერეობით ათვალიერებდნენ კუნძულის შესანიშნავ ადგილებს.

სტუმრების პატივსაცემლად გამართული ერთერთი ზეიმის დროს ძლევემოსილმა იაზონმა დაწვრილებით მოუთხრო მეფე კიზიკს არგონავტების ლაშქრობის თავიდათავი მიზანი.

მეფე კიზიკმა თავის მხრით დაწვრილებით უამბო იაზონს ყველაფერი, რაც კი იცოდა შორეული კოლხიდის შესახებ.

ერთ დილით, როცა მეფე კიზიკი და უცხოელი მოგზაურები მაღალი მთის მწვერვალიდან ათვალიერებდნენ კუნძულის მიდამოებს, უეცრივ ტყიდან გამოცვივდნენ მეზობლად მცხოვრები გოლიათი ველური მეომრები, რომლებმაც ნავსადგურს ვეებერთელა კლდეების ნახეთქები დაუშინეს. ველურები ამ საშუალებით ცდილობდნენ მოგზაურებისათვის ნავსადგურიდან გასასვლელი გზა მოეჭრათ.

ჰერკულესმა, რომელიც ამ დროს ნავსადგურში გემს სდარაჯობდა, თავისი შორსსატყორცნი ისრები დაუშინა რკალივით შემორტყმულ ველურ მეომრებს და მრავალი მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ძლევამოსილ ჰერკულესს მიეშველნენ ელინთა დანარჩენი გმირებიც და მძლავრად ნატყორცნი ისრებით დახოცეს სავავებივით მოსეული საშინელი მხედრობა.

დახოცილთა უზარმაზარი გვამები უთავბოლოდ ეყარნენ ნავსადგურის ნაპირას და ყვავ-ყორნები გაუმაძღარი თვალით ხარბად თავს დასჩხაოდნენ მათ.

ამ ბრწყინვალე გამარჯვებით გამხნევებულმა არგონავტებმა მხიარულად ააფრიალეს იალქნები და სულ მოკლე ხანში გემი ქალაქ კიოსკის ნაპირების ყურეში მოხდენილად შეაცურეს.

ადგილობრივი მკვიდრნი დიდის აღტაცებით მიეგებნენ მოგზაურებს, ყველანი ქალაქში მიიპატიჟეს და ბრწყინვალე ზეიმის გამართვის თადარიგს შეუდგნენ.

არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ეს გულწრფელი მიპატიჟება და ყველანი, ჰერკულესისა და მისი მეგობრის გილასის გარდა, ქალაქში საზეიმოდ გაემართნენ.

ზღვის პირად ნავსადგურში დარჩენილი ჰერკულესი მახლობელ ტყეში წავიდა ხოფის გამოსათლელი ხის მოსაჭრელად.

სანამ ჰერკულესი სახოფე ხეს აირჩევდა, დიდებული გმირის მეგობარი გილასი მახლობელი წყაროდან წყლის მოსატანად წავიდა.

წყლის მშვენიერი ნიმფები, როგორც კი თვალი მოჰკრეს ჭაბუკს, ერთიანად მოიხიბლნენ მისი შარავანდით მოსილი პირისახის სილამაზით, დაუყოვნებლივ სტაცეს ხელი ჰერკულესის გულითად მეგობარს და წყლის უფსკრულისაკენ გაიტაცეს.

გილის უკანასკნელი ამოძახილის ხმას ყური მოჰკრა გმირმა პოლითემ, რომელიც დაუყოვნებლივ გაეშურა გატაცებული ყმაწვილის მისაშველებლად. სამწუხაროდ, უკვე გვიანღა იყო. ნიმფებით გარშემორტყმული გილი სასწრაფოდ ეშვებოდა წყლის უფსკრულიში და თანდათან შორდებოდა ქვეყნის მანათობელი მზის ცხოველმყოფელ სხივებს.

ამ სამწუხარო ამბით შეშფოთებული ჰერკულესი შეშლილივით დარბოდა წყაროს მახლობლად მდებარე ადგილებში და გამოუთქმელი გულისტკივილით დაეძებდა ნიმფებისაგან ასე ანაზდეულად გატაცებულ გულითად მეგობარს.

მეორე დღეს, განთიადისას როცა ზღვაზე კეთილისმყოფელმა ქარმა საამურად დაქროლა, მესაჭე ტიფიასმა წინადადება მისცა ამხანაგებს გასამგზავრებლად, დაუყოვნებლივ თადარიგს შესდგომოდნენ.

ელინთა გმირებმა სიამოვნებით მიიღეს მესაჭე ტიფიასის წინადადება და დილაადრიან, სანამ მზე ცაზე ამოიწვერებოდა და თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას უხვად მოჰფენდა, ხოფები მოიმარჯვეს, იალქნები მოხდენილად ააფრიალეს და სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურეს.

როცა გაშლილ ზღვაში გავიდნენ, მოგზაურებს მხოლოდ მაშინ მოაგონდათ, რომ ჰერკულესი და მისი ორი ამხანაგი ზღვის ნაპირას, ნავსადგურში დარჩათ.

მოგზაურებმა ცხარე კამათი ატეხეს, განეგრძოთ ზღვით მოგზაურობა, თუ ისევ ნავსადგურში დაბრუნებულიყვნენ დარჩენილი ამხანაგების წამოსაყვანად.

ძლევამოსილი იაზონი უხმოდ იჯდა და კამათში მონაწილეობას არ იღებდა.

ტელამონი მეტად შეაშფოთა იაზონის დუმილმა და მოთმინებიდან გამოსულმა მრისხანედ შეჰყვირა ძლევამოსილ გმირს: „ჩვენო დიდებულო წინამძღოლო, განა შესაწყნარებელია ასე გულდამშვიდებული იჯდე სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი სასიქადულო გმირი ძლევამოსილი ჰერკულესი და ორი მისი თანამგზავრი ასე მოულოდნელად გამოაკლდნენ ჩვენს რიგებს!

განა მოსათმენია, რომ ჩვენი სასიქადულო გმირი ზღის ნაპირას ასე განუკითხველად, ასე უპატრონოდ დატოვეთ? შეიძლება შენ იმისი გეშინია, რომ ძლევამოსილი გმირი თავისი ვაჟკაცობით შენს სახელსა და დიდებას დაჩრდილავს! ძლევამოსილო იაზონ! კიდევაც რომ ძალიან გეწყინოს და ჩემი სრული უკმაყოფილო დარჩე, მე მაინც დავბრუნდები და პატრონობას გავუწევ ზღვაზე დარჩენილ ჩვენს საუკეთესო ამხანაგებს!“

ამ სიტყვებთან ერთად ტელამონი მედგრად მიიჭრა მესაჭე ტიფიასთან, რომ გემი ნავსადგურისაკენ მიებრუნებინა. მაგრამ ბორეას ვაჟიშვილებმა, კაპაისმა და ცეტესმა, შეაჩერეს აღშფოთებული ტელამონი.

ამ დროს ზღვის ზედაპირზე ამოცურდა ზრვის ღმერთი გლავკი, რომელმაც თავისი მძლავრი ხელებით შეაჩერა სწრაფმავალი გემი და ამ სიტყვებით დაამშვიდა აღელვებული მოგზაურები: „ელინთა დიდებულო გმირებო! სრულიად უსაფუძვლოდ შეშფოთებულხართ და ერთი–მეორეს შეურაცხყოფას აყენებთ! რატომ გინდათ, რომ ღმერთების მამა-მთავრის სურვილის წინააღმდეგ წაიყვანოთ ძლევამოსილი ჰერკულესი კოლხიდაში!

ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთების დადგენილებით, სახელგანთქმული ჰერკულესი სხვა საგმირო საქმეების შესასრულებლადაა მოწოდებული! გარდა ამისა, ელინთა ეს ღვაწლმოსილი გმირი თავის სურვილით კიდევ იმიტომ დარჩა ზღვის ნაპირას, რომ საშუალება მიეცეს თავისი გულითადი მეგობარი გილი მოძებნოს!“

გლავკი ამ სიტყვებთან ერთად სადღაც გაქრა.

ტელამონმა მხრებზე მოხვია იაზონს ხელი და ცოტათი დარცხვენილი კილოთი მიმართა ძლევამოსილ გმირს: „დიდებულო

გმირო, ნუ შემრისხავ! მეტის აღელვებისაგან გონება დავკარგე და დაუფიქრებელი სიტყვები გაკადრე! მაპატიე, ჩემო კეთილო მეგობარო! ნუ გავწყვეტთ ჩვენს ძველებურ მეგობრულ კავშირს!“

იაზონმა ნიშნად თანხმობისა მეგობრულად გაუწოდა ხელი ტელამონს.

ამ სასიხარულო ამბით დამშვიდებულმა არგონავტებმა მძლავრად აამუშავეს ხოფები და ელვის სისწრაფით შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, შორეული კოლხიდის მიმართულებით.

ზღვის ნაპირას დარჩენილი ძლევამოსილი ჰერკულესი კი გაემართა ღმერთების მიერ მისთვის დანიშნული საგმირო საქმეების შესასრულებლად.

მეორე დილით, როცა მზეს სხივები დედამიწის ზურგზე ჯერ კიდევ არ მოეფინა, არგონავტებმა თავისი სწრაფმავალი გემი ბობრიკების სახელმწიფოს ნავსადგურში შეაცურეს.

ბობრიკების ვერაგი მეფე ამიაკი, ვინც კი მის სახელმწიფოში ფეხს შეადგამდა, ყველას ხელჩართულ ბრძოლაში იწვევდა, რომ შეემოწმებინა მოწინააღმდეგე ფალავნის მკლავების ძლიერება.

ვინ მოთვლის, რამდენი მეზობელი, რამდენი უცხოელი მოუკლავს მეფე ამიაკს ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში.

როგორც კი თვალი მოჰკრა ნავსადგურში შემოსულ არგონავტების გემს, ამიაკი დაუყოვნებლივ მიიჭრა თავისი ამალით ზღვის ნაპირას და მრისხანედ შეჰყვირა უცხოელ სტუმრებს: „ავაზაკებო, ნუთუ არ გაგიგონიათ, რომ ჩემ სახელმწიფოში უცხოელი ფეხს ისე ვერ შემოდგამს, თუ ჩემთან ხელჩართულ ბრძოლაში არ გამოცადა ჩემი მკლავების ძლიერება!

დაუყოვნებლივ მოემზადეთ და აირჩიეთ თქვენს შორის საუკეთესო ფალავანი! თუ ჩემს ბრძანებას დაუყოვნებლივ არ შეასრულებთ, ყველას ამოგჟლეტთ, არცერთს ცოცხალს არ გაგიშვებთ ჩემს სახელმწიფოში!“

ოლიმპოს მბრძანებლის ზევსისა და ლედას შვილი პოლუქსი მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ფალავნად ითვლებოდა, უძლეველი ფალავნის სახელი ჰქონდა დამსახურებული.

პოლუქსმა ღიმილით უპასუხა თავხედ მეფეს: „მეფეო, რატომ გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას! რატომ ფიქრობ, რომ ჩვენს რიგებშიაც არ მოიძებნება ღირსეული ფალავანი! ელინთა ძლევამოსილი გმირების მხარ–მკლავები ისე არ დაუძლურებულან, რომ ერთი ღირსეული ფალავნის გამოძებნა ასე გაგვიჭირდეს!“

მეფე ამიაკი გააფთრებული ლომივით შესცქეროდა გაბედულად მოუბარ გმირს და მეტის სიბრაზით გაბოროტებული მზად იყო იქვე ყელში სწვდომოდა ესოდენ გაკადნიერებულ უცხოელს.

ძლევამოსილმა პოლუქსმა, ამხანაგების თანხმობით, გადაწყვიტა მეფე ამიაკს ხელჩართულ ბრძოლაში გაჰყოლოდა.

ელინთა თავმომწონე გმირი ამხანაგების თანხლებით, ზღვის ნაპირისაკენ გაემართა მეფე ამიაკთან შესაბრძოლებლად.

მეფის მსახურებმა ბრძოლის ველზე მოიტანეს ხარის მაგარი ტყავის ზოლ-ზოლად დაჭრილი თასმები და მოწინააღმდეგეთა შორის დაყარეს.

მეფე ამიაკმა და პოლუქსმა თასმები მაგრად შემოიკრეს გულმკერდსა და მხარ-ბეჭებზე.

ფალავნებმა ერთი-მეორე თვალით გაზომეს და გააფთრებული ლომებივით ერთი-მეორეს თავდავიწყებით ეკვეთნენ.

მეფე ამიაკი თავს ესხმოდა ელინთა ფალავანს და მძლავრი მკლავების დაკვრით გულმკერდსა და თავპირს ულეწავდა.

პოლუქსიც მედგრად უმკლავდებოდა ბობრიკების თავგასულ მეფეს და მძლავრი მუშტების დაკვრით უხვად უმასპინძლდებოდა თავის უხეშ მოწინაარმდეგეს.

ლომებივით გააფთრებული ფალავნები ერთი-მეორეს თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ და შეუბრალებლად სცემდნენ მუშტებს.

მოქანცული მოწინააღმდეგეები დროებით წყვეტდნენ გააფთრებულ ბრძოლას და მერე კვლავ ძველებური თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთი-მეორეს.

ფალავნების სისხლისმღვრელმა ბრძოლამ დიდხანს გასტანა.

მოწინააღმდეგეთა მომხრეები მოუთმენლად შეჰყურებდნენ ბრძოლის ველს და გულისძგერით ოფლში იწურებოდნენ.

დაბოლოს, ელინთა ძლევამოსილმა გმირმა იხელთა მოხერხებული დრო და ისეთი ძალით ჩაატარა მოწინააღმდეგე ფალავანის მუშტი თავპირში, რომ მეფე ამიაკმა მოხეთქილ კლდესავით მოიღო მიწაზე გრიალი.

ელინთა ფალავნის მომხრეებმა დაუსრულებელი განგაში ატეხეს.

როგორც კი მეფე ამიაკის დამარცხება დაინახეს, ბობრიკელები დაუყოვნებლივ უზარმაზარი კომბლებით შეიარაღდნენ და არგონავტების ძლევამოსილ გმირებს თავს დაესხნენ.

გაჩაღდა დაუნდობელი, სისხლის მღვრელი ბრძოლა.

ელინთა თავდადებულმა გმირებმა სძლიეს და უკუაქციეს ბობრიკელთა უთვალავი რაზმები.

გამარჯვებულმა არგონავტებმა მეფე ამიაკის უთვალავი ჯოგები ზღვის ნაპირას გარეკეს, სადაც მათ კოლხიდაში გასამგზავრებლად გამზადებული გემი ელოდებოდათ.

ელინთა გმირები დიდხანს ზეიმობდნენ თავის გამარჯვებას, დაფნის გვირგვინებით უმკობდნენ ერთი-მეორეს შუბლს და

მხურვალედ ადიდებდნენ ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის სახელოვან ვაჟიშვილს, რომელმაც ბობრიკების თავხედი მეფე ამიაკი ასე ბრწყინვალედ დაამარცხა.

მეორე დილით არგონავტებმა მხიარულად შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მიადგნენ თრაკიის ნაპირებს.

სწორედ იმ დროს ფრიგიაში ცხოვრობდა მეფე ფინევი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე აუტანელ მწუხარებაში გაატარა.

აპოლონ ღმერთმა მეფე ფინევი დააბრმავა, რადგანაც ღმერთების ნაბოძები წინასწარმეტყველების ნიჭი ფინევმა ბოროტად გამოიყენა.

ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა უსინათლოდ დარჩენილ მეფეს ეს უბედურებაც არ აკმარეს.

მეფის სასახლის მახლობლად ბუდობდნენ საშინელი ფრინველები, ჰარპიები, რომლებიც სადილობისას მუდამ თავს ესხმოდნენ საბრალო მეფეს და პირიდან სტაცებდნენ სასმელ-საჭმელს.

როცა სამეფო სუფრას მთლიანად გაანადგურებდნენ, ფრინველები საშინელი ხმაურობით მიფრინავდნენ თავისი ბუდეებისაკენ, ხოლო სასადილო დარბაზში ისეთ ცუდ სუნს აყენებდნენ, რომ ამ დარბაზის მახლობლად გაჩერებაც კი ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა.

მეფე ფინევი მუდამდღე ასე იტანჯებოდა, შიმშილით სული ჰხდებოდა და მის ამგვარ წამებას დასასრული არ ჰქონდა.

ღმერთებმა ფინევს უწინასწარმეტყველეს: შენს უბედურებას მხოლოდ მაშინ მოეღება ბოლო, როცა ბორეას სახელოვანი შვილები ელინთა სხვა გმირებთან ერთად გემით თრაკიის ნაპირებს მოადგებიანო.

როგორც კი შეიტყო არგონავტების მოსვლა, მეფე დაუყონებლივ ზღვის ნაპირისაკენ გაემართა ახლადმოსულ ელინთა გმირების შესახვედრად და ბორეას შვილების ამბის გასაგებად.

გამხდარი, ღონემიხდილი მეფე ფინევი თითქმის უგრძნობლად დაეშვა ზღვის ნაპირას და თავისი უსინათლო თვალებით საცოდავად შეჰყურებდა უცხოელ სტუმრებს.

როგორც კი ცოტათი გონს მოვიდა, მან მწუხარედ მიმართა უცხოელებს: „ თუ თქვენ მართლაც ის უცხოელები ხართ, რომელთა შესახებ ღმერთებმა მიწინასწარმეტყველეს ფრიგიაში გემით მოვლენო, გთხოვთ დახმარება აღმომიჩინოთ! ღმერთებმა ჩემზე შური იძიეს და დამაბრმავეს, თვალთახედვა მომისპეს! მაგრამ მარტო ეს სასჯელი როდი მაკმარეს! ყოველდღიურად საზრდოობის საშუალებაც კი მომისპეს! ყოველ სადილიბისას ჩემს სუფრაზე მოფრინავენ საზარელი ფრინველები, ჰარპიები, რომლებიც პირიდან მტაცებენ ლუკმას! არ იფიქროთ, რომ ვინმე უღირსი გთხოვდეთ შეწყალებას! მე აგენორ მეფის

შვილი ვარ, თქვენი თანამემამულე! სანამ ის დიდი უბედურება დამატყდებოდა, ფრიგიის ძლევამოსილ მეფეს მეძახდნენ! ბორეასის ვაჟიშვილები, რომლებიც, თურმე, თქვენთან მოგზაურობენ, ჩემი მეუღლის კლეოპატრას უმცროსი ძმებია!“

ბორეასის ვაჟიშვილები, ცეიტისი და კალაისი, მოხუც ფინევს სიხარულით გადაეხვივნენ და მტკიცე ფიცი დასდეს მეფის წინაშე, რომ ისინი ერთიანად ამოწყვეტდნენ საზიზღარ ფრინველებს და წამებულ მეფეს ამ დიდი უბედურებისაგან გამოიხსნიდნენ.

მოხუცი ფინევის პატივსაცემად არგონავტები სადილის მომზადების თადარიგს შეუდგნენ.

ელინთა გმირები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი,რომ საზიზღარი ჰარპიები უკანასკნელად ესტუმრებოდნენ ტანჯული მეფის სუფრას.

დიდებული სუფრა გაშალეს. მაგრამ როგორც კი აიღო მეფემ ლუკმა, უეცრივ ჟივილ-ხივილით მოფრინდნენ საზიზღარი ჰარპიები და მოურიდებლად, უშიშრად მიესივნენ გაშლილ სუფრაზე უხვად დალაგებულ ნუგბარ საჭმელებს.

ელინთა სახელოვანმა გმირებმა საშინელი განგაში ატეხეს, მაგრამ ჰარპიებს აინუნშიაც არ მოსდიოდათ და ბრწყინვალე სუფრას მოურიდებლად ანადგურებდნენ.

როცა თავისი მორიგი საზიზღარი დავალება პირნათლად შეასრულეს, ამ საშინელმა ფრინველებმა ირგვლივ აუტანელი სუნი დააყენეს და საშინელი ჟივილ-ხივილით თავისი ბუდეებისაკენ გაემართნენ ბაწარივით გაბმულნი.

ბორეასის ფრთებშესხმული ვაჟიშვილები, ცეიტისი და კალაისი, დაედევნენ საშინელ ფრინველებს.

ყოვლად შემძლებელმა ზევსმა ულევი ძალღონე და გაბედულება შთაუნერგა ახალგაზრდა მდევრებს.

ცეიტისი და კალაისი ისე მიუახლოვდნენ საშინელ ჰარპიებს, რომ სრულიად ადვილად შეეძლოთ ყველანი ერთიანად ამოეწყვიტათ.

მაგრამ ამ დროს ბორეასის ვაჟიშვილებს გამოეცხადა ზევსის მიერ გამოგზავნილი ქალღმერთი ირისი, რომელმაც შეაჩერა გაბედული ვაჟკაცები და ამ სიტყვებით მიმართა: „ბორეასის ძლევამოსილო ვაჟიშვილებო, შეჩერდით! ნუ დახოცავთ ჰარპიებს! ვფიცავ მდინარე სტიქსს, რომ ამიერიდან ზევსის ეს დაგეშილი ძაღლები აგენორის მრავალტანჯულ შვილს ახლოსაც არ წაეკარებიან, პირიდან ლუკმას არ გამოაცლიან! მრავალტანჯული ფინევის წამებას ბოლო მოეღება!“

ცეიტისი და კალაისი დაემორჩილდნენ ქალღმერთის ბრძანებას და დაუყონებლივ დაბრუნდნენ ნავსადგურში.

ელინთა გმირების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს საბრალო ფინევის წამებიდან განთავისუფლების ამბავი.

სულითა და გულით გახარებულმა არგონავტებმა შიმშილისაგან დასუსტებულ მეფე ფინევს ბრწყინვალე სუფრა გაუშალეს.

საბრალო მოხუცი ხარბად შეექცეოდა ნუგბარ საჭმელებს და საგანგებოდ მოტანილ ტკბილ სასმელებს, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად ვერ გარკვეულიყო, ცხადლივ თუ სიზმრად ხედავდა ამ დიდ ბედნიერებას.

როგორც კი საკმარისად დატკბა საჭმელითა და ტკბილი სასმელებით და ძალღონე მოიკრიბა, ფინევმა ელინთა გმირებს უწინასწარმეტყელა: მეფე პელეასის დავალებას ღირსეულად შეასრულებთო.

„ზღვაში მოგზაურობის დროს, - ასე უწინასწარმეტყველა არგონავტებს ფინევმა, - ერთ-ერთ ვიწრო სრუტეში შეხვდებით ორ უზარმაზარ კლდეს, ეგრეთწოდებულ სიმპლეგადებს, რომლებიც ისეთის სისწრაფით ეჯახებიან და შორდებიან ერთმანეთს, რომ ჩიტსაც კი გაუჭირდება უხიფათოდ მათ შორის გაფრენა. თუ გსურთ ამ საშინელ კლდეებს თავი უვნებლად დააღწიოთ, სწრაფად უნდა გადალახოთ ეს სახიფათო სრუტე.

ამ საშინელ კლდეებს რომ გასცდებით, დაინახავთ იმ ქვეყანას, საიდანაც საიქიოს სამეფოში ჩასასვლელი გზა მიდის.

შემდგომ ჩაუვლით წყლით დაფარულ კლდეებს, უდაბნო ქვეყნებს და ბოლოს მიაღწევთ კოლხიდის მშვენიერ ნაპირებს, საცა მუდამ შფოთიანი ფაზისი თავის აქაფებულ ტალღებს ზღვის მოდუდუნე ზვირთებს უერთებს.

კოლხიდაში თქვენ დაინახავთ მეფე აეტესის საუცხოო სასახლეს და სამღვთო ჭალაში მაღალი მუხის კენწეროზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს, რომელსაც დღისითა და ღამით განუწყვეტლივ სდარაჯობს საზარელი გველეშაპი.

მართალია, თქვენი ლაშქრობა შორეულ კოლხიდაში მეტად სამძიმო საქმეა, მაგრამ ყოვლად მოწყალე ქალღმერთი აფროდიტე თავის მფარველობას არ მოგაკლებთ. ამრიგად, სავსებით მიაღწევთ თქვენს საბოლოო მიზანს და მშვიდობიანადაც დაბრუნდებით საყვარელ სამშობლოში“.

ფინევი ამ სიტყვებთან ერთად თავაზიანად გამოეთხოვა ელინთა გმირებს და დიდი ტანჯვისაგან განთავისუფლებისათვის გულითადი მადლობა შესწირა.

არგონავტები თორმეტი დღის განმავლობაში დაუბრკოლებლივ მოგზაურობდნენ ზღვის თავალუწვდენელ სივრცეში.

უეცრივ მგზავრებს შემოესმათ რაღაც საშინელი ხმაური. შეშინებულმა არგონავტებმა შორიდან დაინახეს ის კლდეები, სიმპლეგადები, რომლებიც ერთი-მეორესთან დაჯახების დროს ასე საშინლად ხმაურობდნენ.

მესაჭე ტიფიასმა ხელები მაგრად ჩასჭიდა საჭეს. გმირი ევფემი, რომელსაც გასაფრენად ხელში მტრედი ეჭირა, გემის წინა ნაწილზე დადგა და საშინელ კლდეებს თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა.

ფინევის წინასწარმეტყველებით, თუ მტრედი უვნებლად გაფრინდებაო ზღვის სრუტეში, სანამ საშინელი კლდეები ერთი-მეორეს დაეჯახებოდნენ და პირს შეიკრავდნენ, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მგზავრები ამ სახიფათო სრუტეს უვნებლად დააღწევდნენ თავს.

ევფემმა, როცა კლდეები ერთი-მეორეს დაშორდნენ, მტრედი სასწრაფოდ გააფრინა კლდეებს შორის სრუტეში.

ყველანი სულგანაბულნი შეჰყურებდნენ საბედისწეროდ აფრენილ მტრედს და დაძაბული ყურადღებით თვალს არ აშორებდნენ.

მტრედი ელვის სისწრაფით მიფრინავდა ზღვის ზედაპირზე, რომ სახიფათო სრუტე უვნებლად გადაელახა. კლდეები საზარელი გუგუნით უახლოვდებოდნენ ერთი-მეორეს.

აი, ერთი წუთიც და საშინელი კლდეები საცაა პირს შეიკრავდნენ და მთელი თავისი ძალით ერთი-მეორეს დაეჯახებოდნენ.

მაგრამ, საბედნიეროდ, მტრედმა უვნებლად დააღწია თავი სახიფათო კლდეებს და გადარჩა დაღუპვას.

არგონავტების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა დაინახეს, რომ მტრედი სახიფათო სრუტეს უვნებლად გასცდა. ყველანი მოემზადნენ ამ სახიფათო კლდეებში გასასვლელეად.

საზღვაო საქმის ზედმიწევნით მცოდნე ტიფიასი მამაც მეხოფეებს ამხნევებდა.

სანამ მრისხანე კლდეები პირს შეიკრავდნენ, არგონავტებს გემი სრუტეში უვნებლად უნდა გაეტარებინათ და კლდეებს შორის არ მომწყვდეოდნენ.

ზღვის აბობოქრებული ტალღები ნაფოტივით აფრიალებდნენ არგონავტების მძიმედ დატვირთულ სწრაფამავალ გემს და ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ.

ცამდის აზიდული ტალღები ბურთივით ათამაშებდნენ გემს და საკმაოდ წინწაწეულს ისევ უკან აბრუნებდნენ.

მესაჭე ტიფიასი მძლავრად იმარჯვებდა ხელში საჭეს და დიდის დახელოვნებით ებრძოდა აზვირთებულ სტიქიონს, რომელიც გემს ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდა.

მამაცი მეხოფეები ელვის სისწრაფით მიაქროლებდნენ გემს პირშესაკრავად უკვე მოახლოვებულ კლდეებს შორის.

ერთი წუთიც - და მრისხანე კლდეები ერთმანეთს დაეჯახებოდნენ, გემს ნაფოტებად აქცევდნენ და ელინთა მამაც გმირებს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.

მაგრამ ამ საშინელი განსაცდელის წუთს არგონავტების მუდამ მფარველმა ქალღმერთმა ათენამ მოულოდნელად ხელი წაჰკრა გემს და სრულიად უვნებლად გაიყვანა ამ სახიფათო ადგილიდან.

მოგზაურების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ყველანი აღტაცებით შეჰყურებდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და ახლა კი სრულიად არ ჰკარგავდნენ იმედს, რომ უვნებლად მიაღწევდნენ შორეულ კოლხიდას.

მამაცი მეხოფეები მედგრად ამოძრავებდნენ ხოფებს ზღვის აბობოქრებულ ტალღებში და იმედიანად მიაცურებდნენ სწრაფმავალ გემს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

სამწუხაროდ, მოგზაურებს ახალი უბედურება დაატყდა თავს.

უეცრივ, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა დიდად დახელოვნებული და მამაცი მესაჭე ტიფიასი.

არგონავტებმა თავისი მოამაგე ამხანაგი განსაკუთრებული პატივისცემითა და გამოუთქმელი გულისტკივილით დაასაფლავეს უცხო ქვეყანაში.

ელინთა გმირებმა მესაჭედ აირჩიეს ზღვაოსნობის საქმეში დიდად დახელოვნებული ამხანაგი ანკენსი.

მართალია, ანკენსი დიდხანს არ სთანხმდებოდა მიეღო თავისთავზე ეს სამძიმო მოვალეობა, მაგრამ ჰერას შთაგონებით ახლად ქალღმერთის არჩეული მესაჭე დათანხმადა.

ანკენსი გულმოდგინედ შეუდგა მძიმე მოვალეობის ასრულებას და თავისი მოფიქრებული გამგებლობით სულ მოკლე ხანში სამართლიანად დაიმსახურა ამხანაგების პატივისცემა.

არგონავტები მრავალი დღისა და ღამის განმავლობაში უვნებლად მიაცურებდნენ გემს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად და ითვალისწინებდნენ იმ სანატრელ წუთს, როცა შორეული კოლხიდის საუცხოო მხარეს უვნებლად მიაღწევდნენ.

დაბოლოს, მოგზაურებმა შორი მანძილიდან შეამჩნიეს ზღვის ნაპირას მდებარე არტედიადას კუნძული.

როცა არგონავტებმა სწრაფმავალი გემი ამ კუნძულის ნავსადგურში შეაცურეს, კუნძულიდან უეცრივ ამოფრინდა უზარმაზარი ფრინველი, რომელმაც შურდულივით გადაიფრინა გემის თავზე და ფრთების

მძლავრი რხევის დროს გემზე ჩამოყარა ბასრი ფრთები, რომლებმაც მძიმედ დაჭრეს ელინთა რამდენიმე გმირი.

უეცრივ მეორე ფრინველიც გადმოფრინდა.

კლიტიასმა დაუმიზნა შორსსატყორცნი ისარი და სასიკვდილოდ დაჭრა საშინელი ფრინველი.

გამოცდილმა ფრთხილმა ამფიდამანტმა ამხანაგები გააფრთხილა: „ამხანაგებო, რაც შეიძლება, მოვერიდოთ ამ საშინელ ფრინველებს! ამ კუნძულზე, როგორც ჩანს, ისე ბლომად მოიპოვებიან ეს საშინელი ფრინველები, რომ ჩვენ ისრებიც არ გაგვწვდება მათ დასახოცად!

ვფიქრობ, უმჯობესი იქნება დაუყოვნებლივ შევიარაღდეთ და ერთბაშად ავტეხოთ ხმაურობა! როცა ეს სასიზღარი ფრინველები ჩვენს ჩაჩქნებს, ჩვენს ფარებსა და ისრებს დაინახავენ, უეჭველად შეეშინდებათ და თავს დაგვანებებენ!“

არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ამფიდამანტის საგულისხმიერო რჩევა, დაუყოვნებლივ შეიარაღდნენ და საშინელი ხმაურობით შეაცურეს გემი კუნძულის მახლობელ ყურეში.

კუნძულიდან ამოფრინდა ჰარპიების მთელი გუნდი და სასწრაფოდ თავს დაესხა ზღვის ნაპირას გემით მომდგარ არგონავტებს.

საშინელი ბრძოლა გაიმართა. ჰარპიები მძლავრად სტყორცნიდნენ ელინთა მამაც გმირებს თავის ბასრ ფრთებს, მაგრამ მძიმედ შეიარაღებული არგონავტები უვნებლად იგერიებდნენ საზიზღარი ფრინველების იერიშს.

მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ შიშით დამფრთხალი ჰარპიები ჟივილ-ხივილით ჩამოშორდნენ ელინთა გმირებს.

როცა კუნძულის მიდამოებს ათვალიერებდნენ, არგონავტებს შემოხვდათ ორი ყმაწვილი, რომლებსაც კონკები ეცვათ.

ერთერთი ყმაწვილი მიუახლოვდა უცხოელებს და შემდეგი თხოვნით მიმართა: „დიდად პატივცემულო უცხოელებო! მიხედეთ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს და გაგვიკითხეთ! ტანთა და ფეხთ ჩვენ არ გვაცვია, შიმშილით ლამისაა სული დავლიოთ!

უგზოუკვლოდ დავეხეტებით ამ უცხო ქვეყანაში და არავინ ჩვენი გამკითხავი არაა! გევედრებით, შეგვიბრალეთ და უნუგეშოდ ნუ დაგვტოვებთ! მცირედი დახმარებაც კი ჩვენთვის დიდი წყალობა იქნება! გთხოვთ ნუ დაიზარებთ ჩვენთვის ტანსაცმელსა და ერთ ლუკმა პურს! თუ სადმე თავშესაფარსაც გაგვიჩენთ, მაშინ ხომ მთლად გაგვაბედნიერებთ!“

ძლევამოსილმა იაზონმა ყმაწვილებს ვინაობა გამოჰკითხა და საჭირო დახმარებაც აღუთქვა.

„თქვენ უთუოდ გაგეგონებათ, რომ მეფე ატამასის შვილმა ფრიქსმა კოლხიდაში ოქროს საწმისი მოიტანა! - მწუხარედ მოუთხრობდა

კუნძილზე შეხვედრილი ყმაწვილი იაზონს: უთუოდ ისიც გეცოდინებათ, რომ კოლხიდის მეფემ აეტესმა ფრიქსი თავაზიანად მიიღო და ისე დაიახლოვა, რომ სიძედაც კი გაიხადა.

აი, ჩვენ ორივენი ფრიქსისა და მისი მეუღლის სალკინას შვილები ვართ! ჩემი სახელი არგოსია, ჩემი ძმისა კი ფრანტისი! მამა უეცრივ გარდაიცვალა. ჩვენ მივემგზავრებოდით საბერძნეთში, საიდანაც უნდა წამოგვეღო ჩვენი საგვარეულოს კუთვნილი ქონება!“

იაზონი სიხარულით მიესალმა თავის ახლადაღმოჩენილ ნათესავებს: იაზონის მამა ეზონი და ყმაწვილების პაპა ატამასი ღვიძლი ძმები იყვნენ.

ყმაწვილებმა დაწვრილებით უამბეს იაზონს და ელინთა დანარჩენ გმირებს, როგორ დაეღუპათ გემი აზვირთებულ ტალღებში და რა ტანჯვით მოაღწიეს ამ უდაბნო კუნძულის ნაპირებს.

იაზონმა ახლადაღმოჩენილ ნათესავებს გააცნო თავისი მოგზაურობის მიზანი და ორივეს სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ ამ ლაშქრობაში.

იაზონის ამ თხოვნამ მეტად შეაშინა არგოსი და ფრანტისი.

შეშინებულმა ყმაწვილებმა გულისტკივილით მოახსენეს ელინთა გმირებს: „ძვირფასო თანამემამულეებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეფე აეტესი ღმერთის ჰელიოსის შვილია! მეფის სისასტიკე მთელ სახელმწიფოში ცნობილია! მის თავშეუკავებელ მრისხანებას საზღვარი არა აქვს! სახელმწიფოს მკვიდრნი მისი შიშით ძრწიან, ყველანი მიცვალებულთა აჩრდილებს დამსგავსებიან და არ იციან, როგორ დააღწიონ თავი მეფის უსამართლო მრისხანებას!

ოქროს საწმისი, რომლის მოტაცებაც თქვენ გაგიზრახავთ, მეფეს სამღვთო ჭალაში მაღალი მუხის კენწეროზე უკიდია და დარაჯად მიჩენილი ჰყავს საშინელი გველეშაპი, რომელიც ოქროს საწმისს მოუშორებლივ სდარაჯობს და ახლოს არავის აკარებს!“

ამ სიტყვებმა არგონავტები მეტად შეაშფოთა.

ეაკის ძლევამოსილი შვილი პელეასი ადგილიდან წამოიჭრა და თავმომწონედ უპასუხა ყმაწვილებს: „წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ კოლხიდის მეფეს არასოდეს არ დავემორჩილებით! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენც ღმერთების შთამომავალნი ვართ! თუ კოლხიდის სასტიკი მეფე აეტესი ოქროს საწმისს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს, ძალას ვიხმართ და ოქროს საწმისს მოვიტაცებთ!“

პელეასის სიტყვებმა დიდად გაამხნევა ელინთა გმირები.

მოგზაურებმა ერთხმად გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ განეგრძოთ მოგზაურობა.

პელეასის სიტყვებმა არგოსი და ფრანტისიც გაამხნევა. ყმაწვილები უყოყმანოდ შეუერთდნენ ძლევამოსილ არგონავტებს და ყველანი იმედიანად გაემართნენ შორეული კოლხიდისაკენ.

ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში მოგზაურებს შემოესმათ საშინელი ხმაური, თითქოს ზღვაზე მძლავრი ქარიშხალი ამოვარდაო.

სწრაფმავალმა გემმა უთავბოლოდ იწყო ქანაობა. იალქნები ანძებზე გაშმაგებით ფრიალებდა. აბობოქრებული ტალღები გემს მედგრად ეხეთქებოდნენ და ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ. შეშფოთებული მოგზაურები ერთმანეთს აწყდებოდნენ და ვერ გამოერკვიათ სტიქიონის ასე ანაზდეულად განრისხება.

არგონავტებმა ცის სივრცეში უეცრივ მოჰკრეს თვალი უზარმაზარ არწივს, რომელიც თავისი მძლავრი ფრთებით ჰაერს აპობდა და კავკასიონის მთებისაკენ შურდულივით მიქროლავდა.

უზარმაზარი ფრთოსანი, რომელმაც ზღვა ერთიანად შეაშფოთა, სულ მალე მიეფარა ცის ტატნობს.

ჰაერის მძლავრი მოძრაობა შეწყდა, და ზღვაც დაწყნარდა.

არგონავრებმა მოიმარჯვეს ხოფები და სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურეს.

უეცრივ მოგზაურებს შემოესმათ გულის გამგმირავი გმინვა.

უზარმაზარი არწივი, რომელიც არგონავტებმა გემის ბაქნიდან დაინახეს, შეუბრალებლად უწიწკნიდა გულღვიძლს კავკასიონის მთებზე მიჯაჭვულ, კაცობრიობის კეთილდღეობისათვის თავდადებულ ელინთა დიდებულ გმირს პრომეთეს.

აი, ამ ტანჯული გმირის გულსაკლავი გმინვა სწვდებოდა არგონავტების ყურთასმენას ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

როცა ტიტანის გულსაკლავი გმინვა შეწყდა, მოგზაურებმა ცის ტატნობზე კვლავ დაინახეს საზიზღარი არწივი, რომელიც უკან ბრუნდებოდა, რაკი თავისი სისხლიანი დავალება პირნათლად შეასრულა.

საღამოს ჟამს არგონავტებმა მხიარულად შეაცურეს თავისი სწრაფმავალი გემი ნავსადგურში სწორედ იმ ადგილას, საცა შფოთიანი ფაზისი თავის მღელვარე ტალღებს პონტევქსინის მდორედ მოდუდუნე ტალღებს განუსაზღვრელი მღელვარებით უერთებდა.

არგონავტებს თვალწინ წარმოუდგათ საუცხოო სანახაობა.

მარჯვნივ ლამაზად გამოიყურებოდნენ კავკასიონის თვალწარმტაცი მიდამოები და კოლხიდის მეფის აეტესის სატახტო ქალაქი. მარცხნივ ფართოდ გადაშლილიყო აბიბინებული მინდორ-ველები და ღმერთ არესის სახელობაზე შეწირული სამღვთო ჭალა, საცა

საზარელი გველეშაპი დღედაღამ განუწყვეტლად სდარაჯობდა მაღალი მუხის კენწეროზე ჩამოკიდებულ საწმისს.

ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა არგონავტებმა გემზე გაშალეს საწოლები და ტკბილად დაიძინეს.

მეორე დილით, სანამ ჯერ კიდევ კოლხიდის ცხოველმყოფელი მზის სხივები დედამიწას უხვად მოეფინებოდა, ელინთა გმირები მხიარულად წამოიშალნენ, ბრწყინვალედ გამოეწყვნენ და გემზე თათბირი გამართეს.

ძლევამოსილმა იაზონმა შემდეგი სიტყვებით მიმართა თავის სახელოვან თანამგზავრებს: „ძვირფასო მეგობრებო! ყური დამიგდეთ! მე მინდა გაგითვალისწინოთ ამ უცხო ქვეყანაში ჩვენი მოქმედების გეგმა!

თქვენ ყველანი გემზე დარჩით, მე კი მეფე აეტესის სასახლეში წავალ ტელამონის, ავგეასისა და ფრიქსის შვილების არგოსისა და ფრანტისის თანხლებით. ვეცდები მეფემ ნებაყოფლობით დაგვითმოს ოქროს საწმისი. თუ შევატყვე, რომ მეფე აეტესი უარზეა, დაუყოვნებლივ უკანვე დავბრუნდები და ერთად შევიმუშაოთ ჩვენი მომავალი მოქმედების გეგმა.

თუკი მრისხანე მეფემ უცხო ქვეყნიდან მოსული ფრიქსი შეიგუა და კიდევაც შეისიძა, ვინ იცის, ეგების ჩვენაც ბედმა გაგვიღიმოს! შესაძლებელია ჩვენმა თხოვნამ გაჭრას და მრისხანე აეტესმა ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაგვიბრუნოს!“

ელინთა გმირებმა მოიწონეს იაზონის გონიერი წინადადება.

იაზონი, ტელემანი, ავგეასი, არგოსი და ფრანტისი მეფე აეტესის სასახლისაკენ გაემართნენ.

ქალღმერთმა ჰერამ, ქალაქში რომ უცხო სტუმრები არავის დაენახა, იაზონი და მისი მხლებლები სქელი ნისლით შებურა.

როცა კირენეას ველს მიაღწიეს, უცხოელებმა ხეებზე მიცვალებულთა ჩამოკიდებული გვამები დაინახეს. ამ სანახაობამ მეტად შეაშინა იაზონი და მისი მხლებლები.

კოლხიდელები მიცვალებული მამაკაცების გვამებს იმ დროს, თურმე, ხეებზე ჰკიდებდნენ მზის გულზე გასაშრობად, დედაკაცებს კი მიწაში ასაფლავებდნენ.

მეფე აეტესის სასახლეში მისვლისთანავე ჩამოაშორა ქალღმერთმა ჰერამ უცხოელებს ნისლი.

იაზონისა და მისი მხლებლების გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მეფე აეტესის ბრწყინვალე სასახლე დაინახეს.

ჩუქურთმებით და საუცხოო გრეხილებით მორთული სასახლე თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა.

მაღალი კლდეებით გარშემორტყმულ ეზოში ლამაზად ჩუხჩუხებდა ოთხი შადრევანი.

ცამდის აზიდული ხეები უხვად ჰფენდნენ ჩრდილებს ლამაზად მოჩუხჩუხე შადრევნებს.

ერთი შადრევნიდან მოჩუხჩუხებდა თოვლივით თეთრი სქელი რძე, მეორედან - სურნელოვანი ზეთი, მესამედან - შარბათივით ტკბილი ღვინო, მეოთხე შადრევნიდან კი - ანკარა ცივი წყალი.

სასახლის ფართოდ გაშლილ ეზოში თვალსაჩინო ადგილი დაეჭირა რკინის გუთანს და მის ნაკვალევს ამაყად თავს წამოსდგომოდნენ რკინის ხარები, რომელთაც ნესტოებიდან ცეცხლის ალი ამოსდიოდათ. ეს ხელოვნურად შეჭედილი რკინის ხარები და რკინის გუთანი ჰეფესტოსმა მიუძღვნა მეფე აეტესის მამას ღმერთ ჰელიოსს.

გიგანტებთან ბრძილის დროს ჰელიოსმა მჭედლობაში დიდად დახელოვნებული ჰეფესტოსი ეტლით მოიტაცა ბრძოლის ველიდან და ამრიგად გადაარჩინა სიკვდილს.

უცხოელები პირდაპირ სასახლის სასტუმრო დარბაზში შევიდნენ.

ამ დარბაზის გვერდით გამართულ ორ დიდ ოთახში ცხოვრობდნენ ერთში მეფე და დედოფალი, მეორეში კი მეფე აეტესის შვილი, ტახტის მემკვიდრე ახალგაზრდა აბსირტი.

ამ ოთახების გვერდით გამართული იყო ორი ოთახი, რომელთაგან ერთი ფრიქსის ქვრივს ხალკიონას ეჭირა, მეორე კი მეფის ასულს, ახალგაზრდა ქალწულს, მშვენიერ მედეას.

მთელ კოლხიდაში თავისი სილამაზით სახელგანთქმული მშვენიერი მედეა ყოველდღე დაიარებოდა ქალღმერთის ჰეკატას ტაძარში და ყოვლად შემძლებელი ქალღმერთის მოსამსახურეობას ეწეოდა.

სწორედ იმ დღეს, როცა მეფე აეტესს უცხოელები ესტუმრნენ, გრძნეული მედეა, ქალღმერთის ჰერას შთაგონებით, სასახლეში დარჩა და ქალღმერთის ჰეკატას მოსამსახურებლად არ წასულა.

დილაადრიან, როცა მედეა ხალკიონას ოთახში მიდიოდა, უეცრივ გზაში უცხოელებს შეეფეთა.

შეშინებულმა მედეამ ერთი საზარლად შეჰკივლა.

როგორც კი ყური მოჰკრა ხალკიონამ მედეას საშინელ კივილს, დაუყოვნებლივ შეშლილივით შემოიჭრა სასტუმრო დარბაზში და შიშით გონებამიხდილი მედეა გულში ჩაიკრა.

მაგრამ როცა უცხოელ გმირთა შორის ხალკიონამ თავისი შვილებიც დაინახა, დაუყოვნებლივ ჩამოშორდა ჯერ კიდევ გონებამიხდილ მედეას და ელვის სისწრაფით შემოეხვია საყვარელ შვილებს.

საბრალო დედა დიდხანს, დიდხანს ჰკოცნიდა საყვარელ შვილებს და თვალთაგან სიხარულის ცრემლები ნაკადულებრ სდიოდა.

სასახლეში ასე დილაადრიან ჩოჩქოლზე სასტუმრო დარბაზში დაუყოვნებლივ გამოვიდნენ მეფე აეტესი და დედოფალი იდია.

მთელი სასტუმრო დარბაზი სასახლის კარისკაცებით აივსო. ყველანი დიდის ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ შორეული ქვეყნიდან მოსულ სტუმრებს.

დარბაზში შეუმჩნევლად შემოიპარა სიყვარულის ღმერთის შვილი ეროსი, რომელიც იაზონს ზურგს უკან ამოეფარა და სიყვარულის ამგზნებს ისრებს მშვენიერ მედეას გულში მაგრად სტყორცნიდა.

მედეა უძრავად იდგა და რაღაც სიამოვნებას განიცდიდა. საბრალო ქალწულს ლოყებზე ალმური ასდიოდა და გული მეტის მღელვარებისაგან მძლავრად უცემდა.

გამოურკვეველი გრძნობებით მოჯადოებული მეფის ასული მოწყვეტილ ვარსკლავივით შეანათებდა ხოლმე იაზონს სახეში და გამოუთქმელი ნეტარებით იხიბლებოდა.

მედეა სანთელივით იწვოდა და იაზონის პირველივე დანახვით გამოწვეულ ტკბილ გრძნობებს გულში იმარხავდა.

მეფემ და დედოფალმა უცხოელი სტუმრები სადილად მიიპატიჟეს. სასახლის მსახურებმა ბრწყინვალე სუფრა გაშალეს.

სადილობის დროს არგოსი სტუმრებსა და მასპინძლებს მოუთხრობდა თავისი მოგზაურობის სამწუხარო ამბავს.

საბრალო ხალკიონა სიხარულის ცრემლებს აფრქვევდა და სიყვარულით შესცქეროდა თავის პირმშო შვილებს, რომელმაც ყოვლად შემძლებელი ღმერთების წყალობით სიკვდილს დააღწიეს თავი და დედის გულში შეუნელებელი ცეცხლი არ დაანთეს.

დაბოლოს არგოსმა მეფე აეტესს მოახსენა უცხოელი სტუმრების კოლხიდაში მოსვლის მიზანი.

„დიდებულო მეფეო! - მოუთხრობდა არგოსი მეფე აეტსს: „ჩვენი სახელოვანი სტუმრის იაზონის ბიძამ პელეასმა, რომელმაც თავისი ძმის სამეფო ტახტი უკანონოდ ჩაიგდო ხელში, გადაწყვიტა ტახტის კანონიერი მემკვიდრის, ძლევამოსილი იაზონის დაღუპვა, და სხვა წარჩინებულ ელინთა გმირებთან ერთად იგი გამოგზავნა კოლხიდაში იმ მიზნით, რომ შენ, მეფეო, ნებაყოფლობით დაუთმო ოქროს საწმისი.

ცბიერი მეფე პელეასი, როცა იაზონს ამ მძიმე საქმეს ავალებდა, ღრმად დარწმუნებული იყო, რომ იაზონი თავისი მხლებელებით გზაში უთუოდ დაიღუპებოდა და უკანონოდ ხელში ჩაგდებული სამეფო ტახტი პელეასს შერჩებოდა.

საბედნიეროდ, ვერაგ მეფეს მოლოდინი არ გაუმართლდა.

ქალღმერთი ათენას დახმარებით ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა გადალახეს ყველა დაბრკოლება და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, როგორც ხედავ, დიდებულო მეფეო, შენს სამფლობელოში მოაღწიეს.

ელინთა სახელოვანი გმირები, ათენა და ჰერა ქალღმერთების დახმარებით, ფიქრობენ, დიდებულო მეფეო, რომ შენ ნებაყოფლობით დაუთმობ ოქროს საწმისს შორეულ ელადაში წასაღებად

აი, დიდებული მეფეო, უცხოელების კოლხიდაში მოსვლის თავიდათავი მიზანი!“

მეფე აეტესის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი შვილიშვილისაგან შეიტყო უცხოელების კოლხიდაში მოსვლის მიზანი.

მეფე აეტესი დიდად დაეჭვიანდა, ჩემმა შვილიშვილებმა ხომ არ შეაგულიანეს ელინთა გმირები ოქროს საწმისის მოსატაცებლადო.

უსაზღვროდ აღშფოთებულმა მეფე აეტესმა მრისხანედ შეჰყვირა უცხოელ სტუმრებს: „ თქვენ მზაკვრული განზრახვებით მოსულხართ ჩემს სამფლობელოში! თქვენ უდაოდ ნამდვილი ავაზაკები ხართ! აბა, რა დასაჯერებელია, რომ ასე შორეული ქვეყნიდან მარტოდმარტო ოქროს საწმისის მოსატაცებლად მოხვედით ჩემს სახელმწიფოში! ეს ყოვლად შეუძლებელი საქმეა!

ცხადია, თქვენ უთუოდ გსურთ ტახტიდან ჩამომაგდოთ და ჩემს სახელმწიფოს დაეპატრონოთ! თქვენ რომ ამჟამად ჩემი სტუმრები არ იყოთ, დაუყოვნებლივ ენებს ამოგართმევდით, ხელებსა და ფეხებს შეუბრალებლად დაგაჭრიდით!“

მეფის სიტყვებით უზომოდ აღშფოთებული ტელამონი, ცეცხლივით ანთებული, ადგილიდან წამოიჭრა და მეფისათვის სამაგიერო პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ ფრთხილმა და ყოველთვის წინდახედულმა იაზონმა შეაჩერა და ლაპარაკის უფლება არ მისცა.

სამაგიეროდ ელინთა გმირების სახელოვანმა წინამძღოლმა, ძლევამოსილმა იაზონმა, მეფე აეტესს თავაზიანად მოახსენა: „დიდებულო მეფეო, გთხოვთ მაპატიოთ! გავკადნიერდები და გულახდილად მოგახსენებთ, რომ ჩვენი კოლხიდაში მოსვლის მიზანი სრულებით მარტივია, და არა ის, რაც თქვენა გგონიათ!

ბიძაჩემმა მეფე პელეასმა კოლხიდაში მხოლოდ იმიტომ გამოგვგზავნა, რომ ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაგვითმოთ! დიდებულო მეფეო, თუ კეთილ ინებებთ და ოქროს საწმისს მართლაც ნებაყოფლობით დაგვითმობთ, რასაც კი მოგვთხოვთ ყველაფერს უკლებლივ შეგისრულებთ!

თუ თქვენ მოისურვებთ რომელიმე მეზობელი ხალხის დაპყრობა-დამორჩილებას, გვიბრძანე, ძლევამოსილო მეფეო, და ჩვენც კოლხიდის სახელოვან მხედრობასთან ერთად გავალთ ბრძოლის ველზე და თქვენს გამარჯვებას უეჭველად უზრუნველვყოფთ!“

მეფე აეტესი დიდად ჩააფიქრა იაზონის მიერ გულწრფელად წარმოთქმულმა სიტყვებმა. მეფეს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, დაეხოცა უცხოელი სტუმრები, თუ მათი ძალღონე და ძლიერება საქმით შეემოწმებინა.

მეფემ მეორე საშუალება აირჩია და ამ სიტყვებით მიმართა არგონავტების სახელოვან წინამძღოლს იაზონს: „ზედმეტ ლაპარაკს სჯობს თავი დავანებოთ! თუ თქვენ მართლაც ღმერთების შთამომავალნი ხართ და ღმერთები გმფარველობენ, ოქროს საწმისს ნებაყოფლობით დაგიბრუნებთ!

ყოვლად შემძლებელი ღმერთების ძლიერებას ყოველთვის დიდად ვაფასებდი და ამჟამადაც ვაფასებ. გულწრფელი ადამიანების საფუძვლიან მოთხოვნას სიამოვნებით შევასრულებ! მაგრამ მე მსურს გამოგცადოთ, შეგიძლიათ თუ არა შემისრულოთ ერთი დავალება! იცოდე, რომ ის საქმე, რომელიც მსურს შემისრულო, იმდენად საძნელოა, რომ მის შესრულებას ჩემს გარდა ხორცშესხმული ადამიანი ვერ ახერხებს!

ღმერთის არესის მინდვრებზე საბალახოდ გაშვებულია ორი სპილენძისფეხებიანი ხარი, რომლებიც ნესტოებიდან განუწყვეტლივ ცეცხლს აფრქვევენ. მე უშიშრად ვაბამ გუთანში ამ საშინელ ხარებს, თვალუწვდენელ მინდვრებს ვხნავ და ხნულებში გველეშაპის კბილებს ვთესავ. გველეშაპის კბილებით ნათესი ხნულებიდან მცირე ხნის შემდეგ ამოდიან მძიმედ შეირაღებული დევგმირები, რომლებიც დაუნდობელ ბრძოლას მიცხადებენ, მაგრამ ჩემი შორსსატყოცნი ისრები შეუბრალებლად ანადგურებს იერიშით ჩემზე მოსულ დევგმირებს.

განთიადისას ხარებს გუთანში ვაბამ, და როცა დევგმირებთან ბრძოლას მოვრჩები, თავისუფლად ვისვენებ.

თუ ამ სახიფათო, საძნელო საქმეს შენ პირნათლად შეასრულებ, ოქროს საწმისს ნებაყოფლობით დაგითმობ და შეგიძლია შორეულ სამშობლო ქვეყანაში თავისუფლად წაიღო.“

ძლევამოსილმა იაზონმა მეფეს თავაზიანად მოახსენა: „დიდებულო მეფეო, ვიღებ თქვენს წინადადებას! მართალია, ის საქმე, რომლის შესრულებასაც მავალებთ, მეტად სამძიმო და საშიშია, მაგრამ მაინც ვკისრულობ, რადგან სხვა გზა არა მაქვს! დიახ, დიდებულო მეფეო, მე მზადა ვარ ვიკისრო თქვენი დავალების შესრულება! მართალია,ორ ცეცხლშუა ვიმყოფები, მაგრამ ჩემი სიმართლის აღსადგენად უკიდურესი მსხვერპლის გაღებასაც არ მოვერიდები!“

- „კეთილი! - უპასუხა იაზონს მეფე აეტესმა: მხოლოდ კარგად მოიფიქრე, აწონ-დაწონე! თუ ჩემი დავალების შესრულება შენს ძალღონეს აღემატება, სჯობს ახლავე უარი განაცხადო და შენის მხლებლებით ჩემი სახელმწიფოს საზღვრები დაუყოვნებლივ დატოვო!“

იაზონი და მისი მხლებლები სუფრიდან წამოიშალნენ და მეფესა და მთელ სახლობას თავაზიანად გამოემშვიდობნენ.

დიდებული შესახედაობა ჰქონდა იაზონს, როცა თავისი მხლებლებით დარბაზიდან გამოდიოდა.

ძლევამოსილი გმირის გაბრწყინვებული პირისახე მთვარესავით კაშკაშებდა და მხილველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

სიცოცხლით სავსე მშვენიერი მედეა ფარულად შესცქეროდა იაზონის მომხიბვლელ პირისახეს და განუსაზღვრელი ნეტარებით ტკბებოდა.

საბრალო ქალწული ფანჯარასთან იდგა და მთელი ახალგაზრდული გატაცებით არ აშორებდა თვალს სახელოვან გმირს.

მედეა მწუხარედ შემობრუნდა თავის ოთახში, საწოლზე დაემხო და დიდხანს მწარედ ქვითინებდა.

„ღმერთო ჩემო! ეს რა მემართება! რატომ ვწუხვარ ასე! რატომ ასე მეთანაღრება ეს საბრალო გული! რატომ ვგრძნობ ასე მწვავე ტკივილებს! ასე უზომოდ რატომ შემაშფოთა ამ უცხო ადამიანის დანახვამ! ღმერთებს ვფიცავ, ვერ გამომინახავს ის სათუთი ძაფები, რომლებიც ჩვენ ასე მჭიდროდ გვაკავშირებენ! მაგარამ მე საბრალომ ხომ კარგად ვიცი, რომ ეს ვარსკვლავივით მოწყვეტილი ვაჟკაცი საცაა უნდა დაიღუპოს!

დიახ, საბრალო ვაჟკაცი მამაჩემის სამძიმო დავალების შესრულებას ვერ შეძლებს და, უეჭველია დაიღუპება! ნეტავი შემეძლოს ეს სასიკვდილოდ განწირული ადამიანი როგორმე დავიხსნა! ყოვლად შემძლებელო ქალღმერთო ჰეკატა! მუხლმოდრეკილი გევედრები დახმარება აღმოუჩინო ამ უცხოელ ვაჟკაცს, რომ უვნებლად დაბრუნდეს შორეულ სამშობლოში!

მაგრამ თუ ეს უცხოელი გმირი ღმერთებისაგან საბოლოოდ განწირულია და აუცილებლად სიკვდილი მოელის, დე ამ საბრალო ვაჟკაცმა სიკვდილის ჟამს მაინც შეიტყოს, რომ მისთვის თავდადებული საბრალო მედეა სულიერად და ხორციელად იტანჯება, უცეცხლოდ იწვის“.

სანამ უცხოელები ნავსადგურში დაბრუნდებოდნენ, არგოსი ძლევამოსილ იაზონს ასე ესაუბრებოდა: „დიდებულო იაზონ! თუ არ შემრისხავ, ერთი რამ მსურს გირჩიო! მე ვიცნობ ღმერთების მსახურს ერთ ქალწულს, რომელიც თავისი გულთმისნობით პირდაპირ სასწაულებს ახდენს. თუ მოვახერხებთ ამ გულთამხილავი ქალწულის გადმობირებას, დარწმუნებული იყავი, ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ მტერზე“.

- თუ შენ ამ გრძნეული ქალწულის სასწაულმოქმედება მართლაც გწამს და დარწმუნებული ხარ, რომ დახმარებას აღმოგვიჩენს, თანახმა ვარ მოელაპარაკო და საჭირო რჩვეა-დარიგება სთხოვო!“

იაზონი და არგოსი ასე ბაასობდნენ და კიდევაც მიაღწიეს ზღვის ნაპირს, სადაც მათ მოუთმენლად მოელოდნენ ელინთა დანარჩენი გმირები.

იაზონმა დაწვრილებით უამბო ამხანაგებს მეფე აეტესის დავალება.

ელინთა გმირები დიდად ჩააფიქრა იაზონის ნაამბობმა.

ყველანი მდუმარედ შეჰყურებდნენ და მწარე საგონებელს ეძლეოდნენ.

- იაზონ, აი რა უნდა გითხრა, - პირველმა პელეასმა დაარღვია საერთო მდუმარება: თუ შენ ეჭვობ და იმედი არა გაქვს მეფე აეტესის მიერ დავალებული საქმე პირნათლად შეასრულო, უმჯობესია მეფეს ახლავე უარი განუცხადო. წინასწარ გაფრთხილებ, ჩვენი იმედი ნუ გექნება! ჩანს, ჩვენ ყველანი ბედისაგან განწირულნი ვართ! ვწუხვარ, რომ მეგობრებისა და მახლობლებისაგან დაუტირებელნი უნდა ჩავიდეთ საფლავში ამ უცხო ქვეყანაში!“

ტელამონსა და დანარჩენ გმირებს არ მოსწონდათ პელეასის მხდალი სიტყვა, მაგრამ გულში მაინც შიში ეპარებოდათ და თავისი სახელოვანი წინამძღოლის მომავალი დიდად აღონებდათ.

აღელვებული გმირები არგოსის გამამხნევებელმა სიტყვებმა დაამშვიდა: „ძლევამოსილო გმირებო, ნება მიბოძეთ დედაჩემს ვთხოვო მეფის ასული გრძნეული მედეა შეაგულიანოს, რომ ამ გაჭირვების დროს მოგვეშველოს და თავისი ჯადოსნობით დახმარება აღმოგვიჩინოს!

ჩემის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ გრძნეული მედეას დახმარებით შეგვიძლია მრისხანე მეფის სამძიმო დავალების შესრულება. თუ დედაჩემმა მოახერხა გრძნეული მედეას ჩვენს მხარეზე გადმოყვანა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი კოლხიდაში ლაშქრობა ბრწყინვალედ დაგვირგვინდება“.

არგოსს ეს სიტყვა ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა, რომ გემზე ფართხალით შემოფრინდა მტრედი, რომელსაც უზარმაზარი ქორი მოსდევდა.

მტრედი მხარზე დააჯდა ძლევამოსილ იაზონს, ქორი კი გემზე ამართულ ანძას მიაწყდა.

მტრედის ასე ანაზდეულად შემოფრენაზე ელინთა გმირებს მოაგონდათ მოხუცი გულთამხილავის ფინევის წინასწარმეტყველება: ქალღმერთი აფროდიტეს დახმარებით არგონავტები სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდებიანო.

ელინთა გმირებმა გადაწყვიტეს, ქალღმერთის აფროდიტეს საყვარელი ფრინველის გემზე ანაზდეულად შემოფრენა არგონავტების საერთო საქმის კეთილად დამთავრების მომასწავებელიაო.

ამ რწმენით გამხნევებული არგოსი სასწრაფოდ გაემგზავრა სასახლეში, ხოლო გემზე დარჩენილი გმირები ნაპირზე გადმოვიდნენ და არგოსის დაბრუნებას მოუთმენლად მოელოდნენ.

სწორედ იმ დროს, როცა არგოსი დედისკენ მიისწრაფოდა, მეფე აეტესს სასახლეში თათბირი მოეწყო და სახელმწიფოს წარჩინებულ მოხელეებს არგონავტების კოლხიდაში მოსვლის ნამდვილ ზრახვებს მოუთხრობდა.

მეფე აეტესი ღრმად დარწმუნებული იყო, ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი საშიშარ ხარებთან შებრძოლების დროს აუცილებლად დაიღუპებაო. მრისხანე მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა იაზონის დამარცხების შემდეგ არგონავტების გემისათვის ცეცხლი წაეკიდებინა და ელინთა სახელოვანი გმირები ყველანი ცეცხლის ალში გაეხვია, ხოლო თავისი შვილიშვილები, არგოსი და ფრანტისი, რომელთა რჩევით არგონავტები თითქო მზაკვრული განზრახვით მოვიდნენ კოლხიდაში, სასტიკად დაესაჯა.

როგორც კი მივიდა არგოსი სასახლეში, მან თავის საყვარელ დედას განუმარტა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიაც ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი იმყოფებოდა, და შეევედრა, რომ გრძნეულ მედეას ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი იაზონი ამ დიდი განსაცდელისაგან გამოეხსნა.

ხალკიონას შეეცოდა ძლევამოსილი იაზონი და მყისვე ზომები მიიღო, რომ გრძნეული მედეა დახმარებოდა ელინთა გმირების წინამძღოლს და ეს წარჩინებული ვაჟკაცი სიკვდილისაგან ეხსნა.

ხალკიონა ფეხაკრეფით შევიდა თავისი საყვარელი დის მედეას ოთახში.

მედეა ამ დროს ლოგინზე იწვა და ეძინა.

საბრალო ქალწული, ეტყობოდა, რაღაც უსიამოვნო სიზმარს ხედავდა: ვითომ ძლევამოსილი იაზონის მაგივრად თვითონ ის გავიდა ბრძოლის ველზე და სპილენძისფეხებიანი საშიშარი ხარები ბრწყინვალედ დაამარცხა. მედეას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

მაგრამ მრისხანე მეფემ გადაჭრით უარი გამოაცხადა ძლევამოსილი იაზონისათვის ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაებრუნებინა.

კოლხიდის მრისხანე მეფე თავის უარს იმით ასაბუთებდა, რომ სპილენძისფეხებიან ხარებს იაზონი უნდა შებრძოლებოდა, და არა მედეა.

ხანგრძლივი დავის შემდეგ საკამათო საკითხის გადაჭრა თვით მშვენიერ მედეას მიანდვეს.

სიყვარულით გატაცებულმა მედეამ საკითხი იაზონის სასარგებლოდ გადაჭრა.

მედეას განაჩენმა მეტად ააღელვა აეტესი, განრისხებულმა მეფემ ისე საზარლად შეჰყვირა, რომ საბრალო მედეას გამოეღვიძა.

საბრალო ქალწული შეშფოთებული წამოიჭრა საწოლიდან და კარებისაკენ ფეხაკრეფით გაემართა. მაგრამ შიშით ოთახიდან გასვლა ვერ გაბედა, უკანვე დაბრუნდა და მწარე ქვითინით საწოლზე დაეშვა.

როგორც კი მედეას გულსაკლავ ქვითინს ყური მოჰკრა ხალკიონამ, დაუყოვნებლივ თავისი ძვირფასი დის ოთახში შეიჭრა შეშლილივით.

საბრალო ქალწულს თვალთაგან ცხარე ცრემლები ჩამოსჩქეფდა, საწოლზე დამხობილი საზარლად ქვითინებდა.

თავზარდაცემული ხალკიონა შეშფოთებული ეკითხებოდა შიშით გონებამიხდილ მედეას: „ჩემო ძვირფასო მედეა! ეს რა მოგსვლია? ავად ხომ არა ხარ? ხომ რაიმე უსიამოვნება არ შეგხვედრია? ნუ დამიმალავ შენს გულისტკივილს!“

საბრალო ქალწულს ლოყები თანდათან უფრო უწითლდებოდა და მეტის აღელვებით ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

დაბოლოს, მწუხარებაშიაც მშვენიერმა მედეამ მოიკრიბა უკანასკნელი ძალღონე და ცრემლების ღაპაღუპით ასე შესჩივლა თავის საყვარელ ხალკიონას: „ჩემო ძვირფასო ხალკიონა! აი ესაა საშინელი სიზმარი ვნახე! შენი შვილები და უცხოეთიდან ჩამოსული ელინთა გმირები მამაჩემმა თითქოს ვერაგულად გამოასალმა სიცოცხლეს. ვფიცავ, რაიცა წმინდათა წმინდად მიმაჩნია, რომ თავს არ დავზოგავდი, სიცოცხლეს დიდი სიამოვნებით შევწირავდი, ოღონდ კი ყოვლად შემძლებელი ღმერთები არ ინებებდნენ ამ საშინელი სიზმრის ასრულებას!“

შეშინებული ხალკიონა მედეას ყელზე ჩამოეკიდა და ცრემლების ფრქვევით თავის საყვარელ დას მხურვალედ ემუდარებოდა ძლევამოსილი იაზონისათვის დახმარება აღმოეჩინა და ამრიგად მისი საბრალო შვილებიც სიკვდილისაგან ეხსნა.

საბრალო დები ერთმანეთს ეხვეოდნენ და დიდხანს უნუგეშოდ ქვითინებდნენ.

ბოლოს, როცა უსაზღვრო მწუხარებით გონებადაკარგული დები ცოტათი გონს მოვიდნენ, საბრალო ხალკიონამ შემდეგი თხოვნით მიმართა თავის საყვარელ მედეას: „ჩემო ძვირფასო და გონებიდან განუყრელო დაო! გთხოვ, თვალცრემლიანი გევედრები ელინთა ძლევამოსილ წინამძღოლს იაზონს დაუთმო შენი სასწაულმოქმედი ჯადო, რომლის საშუალებით სახელოვანი გმირი სულ ადვილად სძლევს არესის სახელობის მინდვრებზე საბალახოდ გაშვებულ სპილენძისფეხებიან ველურ ხარებს!

აი, ესაა სასახლეში მოვიდა ჩემი პირმშო ვაჟი არგოსი, რომელმაც მაცნობა, რომ ელინთა გმირების წინამძღოლი ძლევამოსილი იაზონი პირადად შენ გთხოვს დახმარებას! ჩემო მშვენიერო მედეა, ამ ყოვლად წარჩინებული ვაჟკაცის თხოვნას ჩემს გულწრფელ თხოვნასაც ვუერთებ და თვალცრემლიანი გევედრები საყვარელი შვილები სიკვდილს გადამირჩინო!“

მედეას სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მისი სათყვანო გმირი, მისი ძვირფასი იაზონი დახმარებას სთხოვდა.

სიხარულით აღფრთოვანებულმა მედეამ სრულიად გულახდილად უპასუხა შვილების დარდით უზომოდ შეწუხებულ ხალკიონას: „ჩემო საყვარელო დაო! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს, რომ შენს პირმშო შვილებს აუცილებლად გადავარჩენ! ხვალ დილით, გათენებისას, სანამ მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას მოჰფენდეს, ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოში წავალ.

შეუთვალე ელინთა გმირების წინამძღოლს, ძლევამოსილ იაზონს, რომ სამლოცველოში მოვიდეს და პირადად ჩემგან მიიღოს სასწაულმოქმედი ჯადო, რომელიც სახელოვან გმირს ძალღონეს ერთიორად შეჰმატებს და ბრწყინვალე გამარჯვებასაც მიანიჭებს!“

გახარებულმა ხალკიონამ მხურვალედ ჩაიკრა გულში მშვენიერი მედეა და ეს სასიხარულო ამბავი თავის პირმშო შვილს არგოსს შეატყობინა.

ათასგვარ ფიქრში გართული მედეა მთელი ღამის განმავლობაში მოუსვენრად იწვა ლოგინში და საყვარელი გმირის ვარსკვლავისებური პირისახე სულ თვალწინ უდგა.

საბრალო ქალწულს რაღაც უხილავი ხმა თითქო გარკვევით ჩასჩურჩულებდა: „მედეა, როგორ ფიქრობ, განა არ გადააჭარბე? უცხოელ გმირს განა ზედმეტი დაპირება არ მიეცი?“

ამ უხილავი ხმით შეშფოთებული მედეა თავს ასე ინუგეშებდა: „განა დანაშაულად უნდა ჩამეთვალოს, რო მე ასე კეთილშობილურად მოვიქეცი? განა დასაძრახია, რომ უბედურებაში მყოფ ადამიანს თანაგრძნობით მოვეპყრო და დასახმარებლად ხელი გავუწოდო!

ვფიქრობ, რომ მე სავსებით მართებულად, სავსებით კეთილშობილურად მოვიქეცი, როცა ელინთა სახელოვან გმირს დახმარება აღვუთქვი! ხოლო როგორც კი ძლევამოსილი გმირი მტერზე გაიმარჯვებს, იმავე წუთს სიცოცხლეს მოვისპობ ჩემის ხელით! მაგრამ განა ეს თვითმკვლელობა რასმე მიშველის! ვინ იცის, ვინ არ ჩამწიხლავს, მიწასთან ვინ არ გამასწორებს!

ვფიქრობ და კიდევაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი გამკიცხავენ, ყველანი დამგმობენ! მთელ კოლხიდაში დამივარდება ცუდი ხმა! მაგრამ, დე, ვისაც როგორ ჰსურდეს, ისე იმსჯელოს! მე ხომ სიცოცხლე ვაჩუქე ჩემს სათაყვანო გმირს! დე, ჩემი სახელი და სიცოცხლეც მასვე შეეწიროს! ეს ჩემი შეურყეველი რწმენა საიქიოს

სიმშვიდესა და მყუდროებასაც დამიმკვიდრებს! მე ანგარიშს ვუწევ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გულისთქმას, ჩემს რწმენას, ჩემს შეხედულებას! მაგრამ ადვილად შესაძლებელია კიდევაც ვცდებოდე! შეიძლება გადაჭარბებულმა გრძნობამ გამიტაცა და ღირსიც ვიყო საქვეყნოდ გამკიცხონ, მიწასთან გამასწორონ! ყველაფერს ავიტან, ყველაფერს მოვითმენ, ოღონთ კი ჩემმა სათაყვანებელმა, გონებიდან განუყრელმა ძვირფასმა იაზონმა სიკვდილს თავი დააღწიოს!“

ამ მწარე ფიქრებში გართული მშვენიერი მედეა უცეცხლოდ იწვოდა, იტანჯებოდა და მის აუტანელ მწუხარებას საზრვარი არ ედებოდა.

მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა მშვენიერ მედეას ტკბილი ძილი მოუვლინეს.

არგოსმა ელინთა გმირებს ნავსადგურში სასიხარულო ამბავი მიუტანა. არგონავტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მშვენიერი მედეას გადაწყვეტილება გაიგეს.

ელინთა გმირებს ახლა კი იმედი მიეცათ, რომ გრძნეული მედეას მიერ დაპირებული სასწაულმოქმედი ჯადო სახელოვან იაზონს ბრწყინვალე გამარჯვებას მოუპოვბდა და ძლევამოსილი არგონავტები სამშობლოში დასახულ მიზანს ღირსეულად შეასრულებდნენ.

მეორე დილით, განთიადისას, მედეა საწოლიდან წამოდგა, სურნელოვანი ზეთით დაიზილა მთელი სხეული და ბრწყინვალე ტანსაცმელში გამოეწყო.

მთვარესავით გაბრწყინვებულმა ქალწულმა სკივრიდან სასწრაფოდ ამოიღო ეგრეთწოდებული „პრომეთეს მალამო“ და მოსამსახურე ქალების თანხლებით ეტლით გაემართა ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოსაკენ.

„პრომეთეს მალამოს“ მეტად სასწაულებრივი თვისება ჰქონდა: ვინც ამ მალამოს წაიცხებდა, მთელი სხეული ფოლადივით უმაგრდებოდა, ძალღონე და გაბედულება ემატებოდა და უძლეველი მტრის წინააღმდეგ გალაშქრებას სულ ადვილად ახერხებდა.

ამ სასწაულმოქმედ მალამოს ამზადებდნენ იმ სამკურნალო ბალახებიდან, რომლებზედაც კავკასიონის მთებზე მიჯაჭვულმა ელინთა სახელგანთქმულმა გმირმა პრომეთემ მოწამლული სისხლი დააქცია.

მედეამ, როგორც კი ქალღმერთი ჰეკატას სამლოცველოში შევიდა, მხლებელ ქალებს უბრძანა დაუყოვნებლივ სასახლეში დაბრუნებულიყვნენ.

მეფის გრძნეულმა ასულმა მხლებლებს საიდუმლოდ გაანდო, ამ დილით სამლოცველოში უნდა მოვიდეს ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი, რომელსაც უნდა გადავცე სასიკვდილო მალამოო.

მოსამსახურე ქალებმა მოიწონეს მედეას საიდუმლო განზრახვა და სასახლეში კმაყოფილნი დაბრუნდნენ.

სამლოცველოში დარჩენილი მშვენიერი მედეა მოუთმენლად მოელოდა თავის სათაყვანებელ გმირს.

მართლაც, ქალღმერთის ჰეკატას გრძნეულ მსახურს დიდხანს არ მოუხდა ლოდინი.

ძლიერ მალე სამლოცველოში მოკრძალებით შემოვიდნენ ძლევამოსილი იაზონი და მასთან ერთად არგოსი და მისანი მოპსი.

ქალღმერთმა ჰერამ ისეთი სილამაზითა და ძლევამოსილებით გააბრწყინა იაზონის პირისახე, რომ თვით ამხანაგებიც კი იხიბლებოდნენ გმირის ასეთი სიდიადით და გული სიხარულით ევსებოდათ.

ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი გაბრწყინვებული პირისახით წარსდგა მშვენიერი მედეას წინაშე და მოკრძალებით მიესალმა.

როგორც კი მოჰკრა თვალი იაზონის მთვარესავით მოკაშკაშე პირისახეს, მედეა ცეცხლივით აენთო და მეტის მღელვარებისაგან გულმა მძლავრად დაუწყო ცემა.

მედეა და იაზონი ერთმანეთს დიდხანს მდუმარედ შეჰყურებდნენ და უსაზრვრო ნეტარებით აღგზნებულნი ხმის ამოღებას ვერ ახერხებდნენ. ორივენი ხმაამოუღებლივ ცახცახებდნენ ვერხვის ფოთოლივით და უდიდეს სიტკბოებას განიცდიდნენ.

ბოლოს იაზონმა დაარღვია ეს სანეტარო დუმილი და სიყვარულის კილოთი შეეხმატკბილა ვარდის კოკორივით გაფურჩქვნილ მშვენიერ მედეას: „მშვენიერო ქალწულო, ესოდენ რად შეშფოთებულხარ! გაფიცებ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს და მათ შორის ყოვლად მოწყალე ქალღმერთის ჰეკატას სახელს, მამცნე შენი შეშფოთების მიზეზი, ნუ დამიმალავ, გულახდილად მითხარი შენი გულის ნადები!

გახსოვდეს, მშვენიერო ქალწულო, რომ ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ყოვლად შემძლებელი ღმერთების წმინდა ადგილას და თვითოეული არასწორად, არამართებულად ნათქვამი სიტყვა დანაშაულად ჩაგეთვლება! ამიტომ ჩვენ შორის უპირველეს ყოვლისა გულწრფელობა და გულახდილობაა საჭირო!

პირადად მე გავკადნიერდები და ამ წმინდა ადგილას შენგან დახმარებას მოვითხოვ! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ შენ დღესვე გადმომცემ აღთქმულ სასწაულმოქმედ მალამოს“.

მედეამ ალერსიანი ღიმილით ჯიბიდან ამოიღო სასწაულმოქმედი მალამო და თავის სათაყვანო გმირს გადასცა.

იაზონმა მოკრძალებით ჩამოართვა სასწაულმოქმედი მალამო და უდიდესი მადლობა შესწირა მშვენიერ არსებას, რომელიც თავის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა.

შორეული ელადის სახელოვანი გმირი იაზონი და კეკლუცი კოლხიდის მშვენიერი ასული გრძნეული მედეა დიდხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს მდუმარედ და უსაზრვრო ნეტარებით ტკბებოდნენ.

გამოსალმებისას მშვენიერმა მედეამ ასეთი რჩევა მისცა კმაყოფილებით აღსავსე ელინთა სახელოვან გმირს: დიდად პატივცემულო ძლევამოსილო გმირო! გამოსალმებისას მინდა მეგობრული რჩევა მოგცე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენო სასწაულმოქმედი მალამო. როგორც კი მიიღებ მამაჩემისაგან დასათესად გველეშაპის კბილებს, დაუყოვნებლივ შავ ტანსაცმელში გამოეწყვე და ტანის დასაბანად მდინარეზე წადი.

როცა ბანაობას მორჩე, მდინარის ნაპირას ამოთხარე დიდი ორმო, დაკალი ბატკანი, სისხლი ორმოში ჩაასხი, ხოლო ხორცი კი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს შესწირე.

თუ გინდა, რომ ღმერთებმა თქვენ მიერ დაკლული ბატკანი მსხვერპლად შეიწირონ, ქალღმერთის ჰეკატას მოკრძალებით ზედაშე დაუქციე და ნავსადგურში დაბრუნებისას, თუ ვინიცობაა გზაში ძაღლებმა შემოგიყეფონ, უკან არ მოიხედო.

დილით, როცა ბრძოლის ველზე წასვლას დააპირებ, მთელი სხეული ამ სასწაულმოქმედი მალამოთი დაიზილე და შენს სხეულს ისეთი ძლიერება მიენიჭება, რომ თუნდაც ყოვლად შემძლებელ ღმერთებს გაუმკლავდები.

როცა ხნულებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან ამოვლენ შეიარაღებული დევგმირები და შენს წინააღმდეგ გამოილაშქრებენ, დაუყოვნებლივ აიღე უზარმაზარი ქვა და საბრძოლველად გამზადებულ დევგმირთა რიგებში გადაისროლე.

დევგმირები იმ ქვას შემოერტყმიან და მათ შორის საშინელი ბრძოლა გაიმართება.

გახსოვდეს, ერთი წუთიც არ დაახანო, ისარგებლე ამ მოხერხებული შემთხვევით და ჩემ მიერ გადმოცემული მალამოთი მოწამლული ისრები დაუშინე დევგმირების რიგებს. შეუბრალებლად ამოწყვიტე ყველანი, ვინც კი ერთმანეთთან ხელჩართული ბრძოლის დროს სიკვდილს თავი დააღწია.

ამრიგად პირნათლად შეასრულებ მამაჩემისაგან დავალებულ სამძიმო საქმეს და მიიღებ ოქროს საწმისს, რომელიც შეგიძლია თავისუფლად წაიღო შორეულ ელადაში“.

საბრალო მედეას ამ სიტყვებზე ცხარე ცრემლები წასკდა.

სათუთი ბუნების ქალწული ვერ შეჰრიგებოდა იმ აზრს, რომ მისი სათაყვანო გმირი, მისი ასე ანაზდეულად მომხიბვლელი იაზონი შორეულ ელადაში გაემგზავრებოდა და მედეა ამიერიდან მის ვარსკვლავივით მოელვარე პირისახეს ერთხელაც ვეღარ იხილავდა.

გამოსალმებისას მედეამ ოდნავ გასაგონის ხმით მწუხარედ წასჩურჩულა ძლევამოსილ გმირს: „დიდებულო გმირო, როცა სამშობლოში დაბრუნდები, საბრალო მედეას ნუ დაივიწყებ! შენ მიერ მოხიბლული მედეა სულ შენს ფიქრში იქნება, შენს ხსოვნას მედეა გულში მაგრად ჩაიმარხავს და შარავანდის სხივებით შემოსავს!“

საბრალო მედეას ამ გულგამგმირავმა სიტყვებმა დიდებულ გმირს ელექტრობის ნაკადივით დაურბინა მთელ სხეულში.

მხურვალე სიყვერულით აღგზნებულმა გმირმა ასე უპასუხა მეფის მშვენიერ ასულს: „მშვენიერო მედეა! დაარწმუნე შენი მგრძნობიარე გული, სანამ პირში სული მიდგია და ცოცხალი ვარ, შენი შარავანდით მოსილი სახელის ხსოვნას მარადის გულში ვატარებ! დედამიწაზე უმშვენიერეს შენს ბრწყინვალე სახეს გულში აღვიბეჭდავ! რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შენ ჩემ სამშობლო იოლკში გიხილავდე!

დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდის აღტაცებით შეეგებებოდნენ იმ მშვენიერსა და კეთილშობილ ქალწულს, რომლის დახმარებით ჩვენ სიკვდილს თავი დავაღწიეთ და მშვიდობიანად დავბრუნდით სამშობლოში!

დაარწმუნე შენი გული, მეფის მშვენიერო ასულო, შენ რომ ოდესმე ჩემ სამშობლოში გიხილავდე, უბედნიერეს კაცად ჩავთვლიდი ჩემ თავს! ჩვენ შორის დაიდებოდა ის მეგობრული კავშირი, რომელიც მიუვალ ციხე-სიმაგრეებზე უფრო მტკიცე და მძლავრია!“

როცა მა სიტყვებს ისმენდა მედეა, თავისთავს უბედნიერეს ქალად თვლიდა დედამიწის ზურგზე და, სიხარულით აღსავსე, ნეტარების ცრემლებს აფრქვევდა.

მშობლების მოშორება მედეას თუმცა ემძიმებოდა და შეუძლებლადაც მიაჩნდა, იაზონისაგან დატყვევებული გული მაინც შორეული ელადისაკენ ეწეოდა.

ქალღმერთი ჰერა ძლიერ მოწადინებული იყო მშვენიერი მედეა ძლევამოსილ იაზონს გაჰყოლოდა შორეულ ელადაში.

ყოვლად შემძლებელი ქალღმერთი ჰერა ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მედეა, როგორც კი იაზონის ოჯახში კანონიერი მეუღლის სახით შევიდოდა, იაზონის ცბიერ ბიძას პელეასს სასტიკად დასჯიდა.

მზე უკვე დასავლეთისაკენ გადაიხარა, როცა მედეა და იაზონი ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოში ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

იაზონი ნავსადგურში დაბრუნდა ამხანაგებთან. მედეა ჩაჯდა სწრაფმავალ ეტლში და მხიარულად გაემართა სასახლისაკენ.

იაზონმა ამხანაგებს აჩვენა სასწაულმოქმედი მალამო და დაწვრილებით უამბო ამ მალამოს გამოყენების ხერხები, მშვენიერი მედეას რჩევა-დარიგების მიხედვით.

ამ სასიხარულო ამბით გამხნევებული არგონავტები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ძლევამოსილი იაზონის ბრძოლის ველზე წასასვლელად მომზადების თადარიგს.

მეფე აეტესი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ელინთა გმირების წინამძღოლი ვერ შეასრულებდა იმ სამძიმო საქმეს, რომელიც მან დაავალა, და ამიტომ დაუბრკოლებლივ გადასცა გამოგზავნილებს გველეშაპის კბილები არესის ველზე დასათესად.

ძლევამოსილმა იაზონმა იმავე ღამეს უკლებლივ შეასრულა მშვენიერი მედეას რჩევა-დარიგებანი.

ქალღმერთმა ჰეკატამ სიამოვნებით მიიღო იაზონისაგან შეწირული მსხვერპლი. მთელი თავისი საშინელი ამალით დაიძრა ქალღმერთი კლდეში ღრმად გამოქვაბული საცხოვრებელი ბინიდან.

ქალღმერთს ირგვლივ მოუძღოდნენ საზარელი გველეშაპები და უზარმაზარი ძაღლები, რომელთა საშინელი ყეფა მთელ არემარეს აყრუებდა.

დედამიწა ზანზარებდა ამ საშინელი ცხოველების ფეხთა მოძრაობით.

მდინარეების ფერიები ძრწოდნენ და საცოდავად გმინავდნენ.

იაზონი შიშით თრთოდა, მაგრამ ძაღლების საშინელ ყეფაზე უკან მოხედვას ვერ ბედავდა და სწრაფი ნაბიჯით მიისწრაფოდა ნავსადგურისაკენ, სადაც ძლევამოსილი ელინთა გმირები მას მოუთმენლად მოელოდნენ.

მეორე დილით, როცა კოლხიდის ცხოველმყოფელი მზის სხივები კავკასიონის მთების მაღალ მწვერვალებს უხვად მოეფინა, მეფე აეტესი მეფურ ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოეწყო და თავისი ამალის თანხლებით ეტლით გაემართა არესის ველისაკენ, რომ პირადად დასწრებოდა ელინთა გმირების წინამძღოლის შებრძოლებას სპილენძისფეხებიან ველურ ხარებთან.

ძლევამოსილმა იაზონმა დილაადრიან მთელი სხეული სასწაულმოქმედი მალამოთი მაგრად დაიზილა და თავისი საუცხოო ფარი, ბასრი ხმალი და შორსსატყორცნელი ისარი იმავე სასწაულმოქმედი მალამოთი მზის სხივებზე საკვირველად ააპრიალა.

სასწაულმოქმედმა მალამომ ელინთა გმირების სახელოვან წინამძღოლს ერთბაშად მიანიჭა არაჩვეულებრივი ძალღონე და ძლირება.

როგორც ბრძოლის ველზე წასასვლელად გამზადებული მხედრის მერანი ჭიხვინით ტორებს მიწას სცემდა და მოუთმენლად მოელის თავისი ერთგული მხედრის მათრახის ჰაერში შეტრიალებას, ასეთივე მოუთმენლობითა და გაბედულობით მიისწარაფოდა ელინთა სახელოვან გმირთა წინამძღოლი იაზონი ბრძოლის ველისაკენ საშინელ მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შესაბრძოლებლად.

არგონავტებმა გემით მიაცილეს თავისი სახელოვანი წინამძღოლი არესის ველამდის, სადაც მეფე აეტესი კარგახანია თავისი ამალით მისულიყო.

ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი თავმომწონედ გადმოვიდა გემიდან. დიდებული გმირის შეხედულება და ძლევამოსილება ღმერთის არესის ძლიერებასა და ქალღმერთის აფროდიტეს სიმშვენიერეს მოგაგონებდათ.

მძიმედ შეიარაღებული იაზონი თავმომწონედ გამოვიდა ბრძოლის მოედანზე, სადაც წინასწარ დაეწყოთ უზარმაზარი რკინის გუთანი, სახნის-საკვეთი და გუთნის საწევი უღელი.

იაზონმა ფარი გაიკეთა და საბრძოლველ მოედანზე მტრის გამოჩენას მოუთმენლად მოელოდა.

უეცრივ მიწის გულში გამართულ ბოსლებიდან მოედანზე შემოიჭრნენ სპილენძისფეხებიანი ველური ხარები, რომლებიც ნესტოებიდან ნაკვერცხლებს ისროდნენ და ტანზე ცეცხლის ბუღი ასდიოდათ.

იაზონის მხლებელი ელინთა გმირები შიშის ზარმა აიტანა, როცა ეს საშინელი ცხოველები დაინახეს.

იაზონი კლდესავით უძრავად იდგა და ფარჩამოფარებული მოუთმენლად მოელოდა საშინელი ცხოველების თავდასხმას.

ხარები საზარელი ღმუილით ეკვეთნენ ძლევამოსილ იაზონს, მაგრამ გმირის მკვიდრად შეჭედილ ფარს ოდნავაც ვერა დააკლეს.

სიბრაზით გააფთრებული ხარები კვლავ თავდავიწყებით ეკვეთნენ გმირ მეომარს და ცდილობდნენ ცეცხლის ალში გაეხვიათ სახელოვანი მებრძოლი.

ამ დროს ძლევამოსილმა იაზონმა სიბრაზით გაცოფებულ ერთ ხარს რქებში მაგრად ჩასჭიდა ხელი და ფერდებში ფეხის მძლავრად ჩაკვრით მთლიანად გაბოროტებული ცხოველი ოთხივე ფეხზე წამოაჩოქა. მეორე ხარიც გმირმა ამრიგად დაიმორჩილა და დაუყოვნებლივ ორივენი გუთანში შეაბა.

ფარჩამოფარებული იაზონი კვალდაკვალ მისდევდა გუთანს, რომელშიც სპილენძისფეხებიანი ხარები შეაბა, და ღრმად აბრუნებდა ვეებერთელა ბელტებს.

მზე ჯერ კიდევ დასავლეთისაკენ არ გადახრილიყო, როცა ძლევამოსილმა გმირმა ღრმად მოხნულ კვლებში ჩათესა გველეშაპის უკანასკნელი კბილები.

სანამ ძლევამოსილი იაზონი ამხანაგებით გარშემორტყმული ისვენებდა, ღრმად მოხნულ კვლებში დათესილი გველეშაპის კბილებიდან წარმოიშვნენ მძიმედ შეიარაღებული დევგმირები, რომლებმაც მთლად აავსეს თვალუწვდენელი მინდორი.

ელინთა გმირების წინამძღოლმა სასწრაფოდ წამოავლო ხელი უზარმაზარ ქვას და, როგორც გრძნეულმა მედეამ დაარიგა, შეიარაღებულ დევგმირთა შემჭიდროებულ რიგებში გადაისროლა.

დევგმირები დაესივნენ იაზონის მიერ გადასროლილ საბედისწერო ქვას.

საშინელი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. დევგმირები თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთმანეთს და შეუბრალებლად სიცოცხლეს ასალმებდნენ. დაჭრილ-დახოცილთა გვამები ქარიშხლისაგან მოტეხილი ხეებივით ეფინებოდა მიწაზე.

ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლიც ჩაერია ამ საბედისწერო ბრძოლაში და თავისი ბასრი ხმლით უსპობდა სიცოცხლეს ერთმანეთთან ბრძოლაში გადარჩენილებს.

საბედისწერო ბრძოლის ველი სულ მოკლე ხანში მოიფინა დახოცილთა გვამებით.

ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სახელოვანმა იაზონმა ბრძოლის ველი დატოვა და თავმომწონედ გაემართა თავისი ამხანაგებისაკენ.

იაზონის მხლებლების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

სიბრაზისაგან შეშფოთებული მეფე აეტესი თავისი ამალით ბრუნდებოდა სასახლეში სწორედ იმ დროს, როცა არგონავტები გარს ერტყნენ თავის სახელოვან წინამძღოლს და სიხარულით აღტაცებულნი გულში მხურვალედ იკრავდნენ.

მფე აეტესი მთელი ღამის განმავლობში გეგმებს აწყობდა, თუ როგორ უნდა დაეღუპა არგონავტები და მათი წინამძღოლი იაზონი.

მეფე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ელინთა გმირების წინამძღოლმა ბრძოლის ველზე ბრწყინვალე გამარჯვება ხალკიონასა და მედეას დახმარებით მოიპოვა.

მრისხანე მეფემ გადაწყვიტა მოღალატენი სასტიკად დაესაჯა და ამრიგად სამაგიერო გადაეხადა.

მედეა სულითა და გულით იტანჯებოდა, იგი კარგად გრძნობდა, რომ აეტესმა უკვე ყველაფერი იცოდა, და ამიტომ გადაწყვიტა თავი მოეწამლა.

მეფის გრძნეულმა ასულმა საწამლავი მოამზადა და ის იყო უნდა დაელია, რომ უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ ახალგაზრდა ქალწულს გულში კეთილისმყოფელი აზრები ჩაუნერგა და საწამლავზე გადაჭრით ხელი ააღებინა.

მშვენიერმა მედეამ გადაწყვიტა თავის სათაყვანებელ, გონებიდან განუყრელ გმირს შორეულ ელადაში გაჰყოლოდა.

მეფე აეტესის მშვენიერმა ასულმა ეს გადაწყვეტილება მართლაც შეასრულა.

მედეა ფრთხილად გამოვიდა საწოლი ოთახიდან. სასახლის კარები სასწაულმოქმედი ჯადოს წყალობით თავისთავად გაიღო.

ქალწულმა ფრთხილად ჩაუარა გვერდი სასახლის ღამის მცველებს, რომელთაც მეფის ასული ვერ იცვნეს.

მედეა ვიწრო ბილიკებით მიისწრაფოდა ნავსადგურისაკენ, სადაც ამ დროს უცხოელ გმირებს ზღვის ნაპირას ცეცხლი აეგიზგიზებინათ და თავის საყვარელ წინამძღოლს, სახელოვან იაზონს ბრწყინვალე ზეიმს უხდიდნენ.

მშვენიერი ქალწული ფეხაკრეფით მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც უცხოელების გემი იდგა, და თავის დისწულს ფრანტისს, რომელიც ამ დროს ძლევამოსილ იაზონთან იჯდა ზღვის ნაპირას, ფრთხილად გამოეხმაურა.

იაზონმა და ფრანტისმა ხმაზე იცვნეს მშვენიერი მედეა და არგოსის თანხლებით დაუყოვნებლივ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საიდანაც ქალწულის ხმა შემოესმათ.

საბრალო მედეა თავის საყვარელ დისწულებს შემოეხვია და ცრემლების ფრქვევით მხურვალედ შეევედრა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო! თვალცრემლიანი გემუდარებით, იწამეთ ყოვლად შემძლებელი მაღალი ღმერთები და დამიხსენით მოსალოდნელი უბედურებისაგან!

გაფიცებთ ყველაფერს, რაც კი თქვენთვის წმინდათა წმინდაა, გადამარჩინეთ მამაჩემის აღვირახსნილ მრისხანებას! დაბეჯითებით გთხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოთ ეს საბედისწერო მხარე, სანამ მრისხანე მეფეს თავისი საშინელი განზრახვა განუხორციელებია! პირობას გაძლევთ, რომ სამღვთო ჭალაში მოდარაჯე გველეშაპს მოვაჯადოებ და ოქროს საწმისს დაუბრკოლებლივ ჩაგაბარებთ შორეულ ელადაში წასაღებად.

პირადად შენ, ჩემო ძვირფასო იაზონ, გთხოვ შემომფიცო, რომ უპატრონოდ დარჩენილ მედეას დაიხსნი საქვეყნო სირცხვილისა და გაბიაბრუებისაგან! გთხოვ, ჩემო გონებიდან განუყრელო სასიქადულო გმირო, ქვეყნის ყბად ნუ გამხდი! გთხოვ მეც წამიყვანო შენს შორეულ საყვარელ ელადაში! დაარწმუნე შენი გული, რომ მე ყველგან და მარადის გულითად მეგობრობას გაგიწევ, ჭირსა და

ლხინში მუდამ შენთან ვიქნები, ჩემს ცხოვრებას შენის ძლევამოსილების სადიდებლად მოვაწყობ! წინასწარ უნდა იცოდე, ჩემის გონებიდან განუყრელო იაზონ, რომ კოლხიდის ყოვლად შეუბრალებელი მეფე აეტესი შენს უსაზრვროდ მათაყვანებელ საბრალო მედეას ოდნავაც არ დაინდობს და სიცოცხლეს მოუსპობს!“

იაზონმა ფეხზე წამოაყენა მუხლმოყრილი მედეა და სრულიად გულწრფელად უპასუხა: „ჩემო საყვარელო მედეა! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ოლიმპოს მბრძანებელს ზევსს და მის მეუღლეს ქალღმერთს ჰერას, რომ ჩემს შორეულ სამშობლოში წაგიყვან! ჩემ სახლკარში შეგიყვან როგორც კანონიერ მეუღლეს და გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას არ მოგაკლებ!

დაარწმუნე, ჩემო მშვენიერო, შენი მგრძნობიარე და ყოვლად კეთილშობილი გული, რომ ყველგან და მარადის შენი ფხიზელი მცველი ვიქნები! განა ჩემ თავს ნებას მივცემ საწამებლად შენ კოლხიდაში დაგტოვო!

ეს ყოვლად შეუძლებელია! ჩვენს მჭიდრო კავშირს ამიერიდან ვერავინ გაწყვეტს! გარწმუნებ, ჩვენ ერთმანეთს ვერავინ დაგვაშორებს! პატიოსან სიტყვას გაძლევ, მარადის ჩემო სათაყვანებელო მედეა, რომ ძლევამოსილი იაზონი თავის აღთქმას პირნათლად შეასრულებს და შენ განსაცდელში არ ჩაგაგდებს!“

მედეამ სიხარულით მოისმინა იაზონის რწმუნება და საბოლოოდ გადაწყვიტა თავის სათაყვანო გმირთან ერთად შორეულ ელადაში გამგზავრებულიყო და მშობლიურ კერას სამუდამოდ მოსცილებოდა.

მეფე აეტესის მშვენიერმა ასულმა ელინთა გმირებს უბრძანა გემი სამღვთო ნაპირებისაკენ სასწრაფოდ შეეცურებინათ, რომ საღამოზე მისი დახმარებით ოქროს საწმისი მოეტაცათ და კოლხიდის სახიფათო საზღვრებს დაუყოვნებლივ გაშორებოდნენ.

არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები და გემი სამღვთო ჭალის ნაპირებთან მიაცურეს.

მედეა და იაზონი ფრთხილად გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც მაღალ ხეზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საშინელი გველეშაპი ფხიზლად სდარაჯობდა.

როცა იაზონსა და მედეას მოჰკრა თვალი გველეშაპმა, ისეთი საშინელი შხივილი მორთო, რომ მთელი ცოცხალი და მკვდარი ბუნება შიშის ზარმა აიტანა.

გრძნეულმა მედეამ ჯიბიდან ამოიღო სასწაულმოქმედი მალამო და საზარელი გველეშაპი ერთბაშად მოაჯადოვა.

ოქროს საწმისის ფხიზელი დარაჯი ქარიშხლისაგან მოტეხილ ხესავით მოსწყდა თავის სადარაჯოს და იქვე მუხის ძირას ღრმად ჩაეძინა.

იაზონმა სრულიად თავისუფლად ჩამოხსნა მაღალი მუხის კენწეროდან ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად ფეხაკრეფით დატოვა სამღვთო ჭალა.

მზესავით ბრწყინავი ოქროს საწმისის შუქი იაზონის პირისახესა და ლამაზად დახუჭუჭებულ თმას უხვად ეფინებოდა და გემისაკენ მიმავალ იაზონსა და მედეას ღამის წყვდიადში ჩირაღდანივით გზას უნათებდა.

ელინთა გმირების სიხარულს საზრვარი არ ჰქონდათ, როცა ოქროს საწმისი დაინახეს.

ყველანი გამოუთქმელი აღტაცებით შეჰყურებდნენ ამ დიდი ხნის სანატრელ საუნჯეს და ძლევამოსილ იაზონს და მშვენიერ მედეას მხურვალე მადლობას სწირავდნენ.

მცირე დახანების შემდეგ იაზონმა ძლევამოსილ ელინთა გმირებს მოუწოდა გემზე, თადარიგი დაეჭირათ შორეულ ელადაში სასწრაფოდ გასამგზავრებლად.

გემი ის იყო ნავსადგურიდან გასვლას ეპირებოდა, რომ ძლევამოსილმა იაზონმა მშვენიერ მედეას ხელი ხელში ჩასჭიდა და ამხანაგებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ძვირფასო ამხანეგებო! ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია დავბრუნდეთ ჩვენს საყვარელ სამშობლოში! აი, ამ მშვენიერი ქალწულის დახმარებით ჩვენ პირნათლად შევასრულეთ მეფე პელეასის სამძიმო დავალება ამ უცხო ქვეყანაში!

საბოლოოდ გადწყვეტილი მაქვს პირნათლად შევასრულო ის, რაც აღვუთქვი ამ ჩვენს დიდად მოამაგე ქალწულს! მე მსურს ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი კანონიერ მეუღლედ შევიყვანო ჩემს ოჯახში და მასთან სამარადისო კავშირი შევკრა!

ჩემო ერთგულო ამხანაგებო, გთხოვთ ყვალგან და მარადის მფარველობა გაუწიოთ ამ ჩვენს დიდად მოამაგე ქალს! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მეფე აეტესი ასე არ გვაპატიებს ოქროს საწმისის მოტაცებას! მრისხანე მეფე, უეჭველია, დაუყოვნებლივ გამოგვადევნებს თავის ძლევამოსილ მხედრობას, რომელიც თვალუწვდენელ ზღვის სივრცეში სადმე წამოგვეწევა და მთლიანად გაგვანადგურებს, ყველას შეუბრალებლად მოგვისპობს სიცოცხლეს!

ჩვენ მუდამჟამს უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების საქმე სავსებით ჩვენს ხელთაა! ერთ წუთსაც არ უნად დავივიწყოთ, რომ მთელი საბერძნეთის ყურადღება ჩვენკენაა მოპყრობილი! ვიმედოვნებ, ამ დიდ ყურადღებას ჩვენ სავსებით გავამართლებთ! კეთილი იყოს ჩვენი სამშობლოში გამგზავრება!“

ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა მძლავრად აამოძრავეს ხოფები, სასწრაფოდ მოსწყდნენ კოლხიდის თვალწარმტაც ნაპირებს და მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

მეფე აეტესის ფხიზელ თვალებს არ გამოეპარა არგონავტების კოლხიდიდან შორეულ ელედაში გაპარვა, იაზონთან მედეას ფარულად წასვლა და ოქროს საწმისის ასე ვერაგულად გატაცება.

მეფე აეტესმა დაუყოვნებლივ შეკრიბა კოლხიდის მთელი მოსახლეობა და სასტიკი ბრძანება გასცა საუკეთესო მეზღვაურები უცხოელებს დასდევნებოდნენ და მოღალატე მედეა, იაზონი და მათი მხლებლები დაებრუნებინათ, რომ ყველანი სასტიკად დაესაჯა ოქროს საწმისის ასე ვერაგულად გატაცებისათვის.

მეფე აეტესის ახალგაზრდა ვაჟიშვილი აბსირტი და კოლხიდის საუკეთესო მეზღვაურები დაუყოვნებლივ ჩასხდნენ სწრაფმავალ გემებში და ელვის სისწრაფით დაედევნენ არგონავტებს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

ქალღმერთის ჰერას დახმარებით არგონავტები მცირე ხნის მოგზაურობის შემდეგ მდინარე ჰაპისის შესართავთან გადმოვიდნენ ზღვის ნაპირას, რომ ქალღმერთ ჰეკატასათვის სამადლობელი მსხვერპლი შეეწირათ.

როცა მსხვერპლის შეწირვას მორჩნენ, არგონავტებმა არგოსის რჩევით, ააფრიალეს იალქნები და მდინარე ისტრის მიმართულებით მხიარულად შეაცურეს გემი.

მაგრამ კოლხიდელების სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა წინიდან შემოუარეს არგონავტების გემს, და როცა ელინთა გმირები ზღვის ყურეში შევიდნენ, კოლხიდელებმა სრულიად მოულოდნელად ზღვაში გასასვლელი გზა მოუჭრეს.

არგონავტები იძულებულნი შეიქნენ ზღვის ნაპირას გადმოსულიყვნენ და კოლხიდელებთან საზავო მოლაპარაკება გაემართათ.

ელინთა გმირები და კოლხიდელები ამ საზავო მოლაპარაკების დროს შემდეგნაირად შეთანხმდნენ.

ოქროს საწმისი ელინთა გმირებს უნდა დარჩენოდათ სრულ საკუთრებად. მეფე აეტესის ასული მშვენიერი მედეა ღმერთის არტემისის სამლოცველოში უნდა დაეპატიმრებინათ და მახლობელი სახელმწიფოს მეფეს უნდა გადაეწყვიტა გრძნეული მედეა კოლხიდაში დაბრუნებულიყი, თუ ძლევამოსილ იაზონს გაჰყოლოდა შორეულ ელადაში.

საზავო ხელშეკრულების პირობებმა მეტად შეაშფოთა მეფე აეტესის მშვენიერი ასული.

საბრალო ქალმა აღელვებულის კილოთი მიმართა ელინთა გმირების სახელოვან წინამძღოლს: „მარადის ჩემის გონებიდან განუყრელო იაზონ! განა დავიჯერო, შენ ასე მალე დაგავიწყდა ჩემს

წინაშე დადებული ფიცი? ნუთუ ასე მალე დაივიწყე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემის დახმარებით შესძელი ოქროს საწმისის კოლხიდიდან მოტაცება! განა მე პირველმა არა გთხოვე შენს შორეულ სამშობლოში წაგეყვანე და შენც სიხარულით არ მიეგებე ამ ჩემ თხოვნას?!

ნუთუ დაგავიწყდა, ჩემო ძვირფასო იაზონ, რომ უსაზღვრო და გულწრფელ სიყვარულს მეფიცებოდი! განა ასეთი ბოლო მოელოდა იმ ჩვენს ახლადგაფურჩქვნილ გულწრფელ სიყვარულს!

გევედრები, ჩემო მარადის დაუვიწყარო მეგობარო, ნუ დამტოვებ ობლად, ყოვლად უმწეოდ ამ უცხო ქვეყანაში და ნუ ჩაუგდებ ჩემს საბრალო თავს უცხო ქვეყნის მეფეს! ვინ იცის, ეგების უცხო მეფემ სრულიადაც არ გამიკითხოს და ისევ კოლხიდაში დამაბრუნოს! ჩემო საყვარელო მეგობარო, იცოდე, რომ მრისხანე და ყოვლად შეუბრალებელი მეფე აეტესი არ დამინდობს, სამაგიეროს გადამიხდის, სიცოცხლეს მომისპობს!“

ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი მეტად შეაწუხა მედეას მწუხარებით აღსავსე სიტყვებმა.

„ჩემო ძვირფასო მედეა, - სიყვარულის კილოთი მიუალერსა იაზონმა უსაზღვრო მწუხარებაში მყოფ მედეას, - საზავო ხელშეკრულება განზრახ ასე შევკარით! ადგილობრივი მეფე აეტესის მხარეზეა და, უეჭველია, კოლხიდელების მხედრობასა და მის წინამძღოლ აბსტრიტს დახმარებას გაუწევს.

იცოდე, რომ ჩვენ ყველანი ამ საბედისწერო ქვეყანაში დავტოვებთ ჩვენს ძვლებს, თუ რაიმე საშუალებით შენი ძმა აბსტრიტი არ ჩამოვიშორეთ და, თუ საჭიროება მოითხოვს, სიცოცხლეც კი არ მოვუსპეთ! ცხადია, როცა კოლხიდელ მხედრობას მთავარსარდლის ხელმძღვანელობა მოაკლდება, კოლხიდელთა მხედრობის რიგებში, უეჭველია, უთანხმოება ჩამოვარდება და უხელმძღვანელოდ დარჩენილნი ჩვენ წინააღმდეგ გამოლაშქრებას ვერ გაბედავენ!

ამრიგად თავს დავაღწევთ დიდ უბედურებას და დაუბრკოლებლივ შეგვეძლება შევუდგეთ ჩვენს გზას. აი, ჩემო საყვარელო მედეა, რატომ დაგვჭირდა საზავო ხელშეკრულებაში შეგვეტანა ის მუხლები, რომელნიც შენ ასე გაშინებენ! იცოდე, ჩემო ძვირფასო მედეა, რომ საზავო ხელშეკრულებაში ასეთი პირობა მხოლოდ საჩვენებლად, მტრის თვალის ასახვევად შევიტანეთ!

მერწმუნე, შენი მარადის ერთგული და კეთილისმყოფელი იაზონი ცუდს არასდროს არ შეგამთხვევს! პირიქით, შენი მოსიყვარულე და მგრძნობიარე გულის მესაიდუმლე იაზონი მუდამჟამს შენზე ზრუნავს და მომავალშიაც იზრუნებს! მხოლოდ, ჩვენო ძვირფასო მოამაგევ, ამ მძიმე მდგომარეობაში შენის მხრითაც კიდევ დახმარებას არ მოგვაკლებ, ღრმად დარწმუნებული ვარ, მიზანს სავსებით მივაღწევთ და ყველანი ერთად მშვიდობიანად დავბრუნდებით შორეულ ელადაში“.

მცირედი ყოყმანის შემდეგ მედეამ ელინთა ძლევამოსილ გმირს უპასუხა: „ჩემო ძვირფასო და გონებიდან მარადის განუყრელო იაზონ! ამიერიდან ჩემი კოლხიდაში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია! იცი, რა უნდა გითხრა? კოლხიდელებთან შებრძოლებას დრომდის მოერიდე! ვფიქრობ ჩემი ძმა აბსტრიტი მოვიწვიო საიდუმლოდ ჩემთან მოსალაპარაკებლად. თუ ეს მოვახერხე და ამ მხრით შენც დამეხმარები, ყველაფერი კეთილად მოეწყობა. შენ შეგიძლია სადმე ახლოს ჩასაფრდე, ამ მოხერხებული შემთხვევით ისარგებლო და აბსტრიტს ისე გაუსწორდე, როგორც საჭიროდ დაინახავ!“

ელინთა გმირებმა იაზონის რჩევით აბსტრიტს ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნეს და თავისი ღრმა პატივისცემა დაუდასტურეს.

მედეამ სწორედ ამ დროს ძმასთან საიდუმლოდ გაგზავნა შიკრიკი და აბსტრიტს სთხოვა არტემიდეს კუნძულზე ფარულად მოსულიყო, რომ საიდუმლოდ მოელაპარაკათ და ოქროს საწმისის კოლხიდაში დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიებანი დაესახათ.

საღამოს ჟამს, როცა ზღვა ღამის წყვდიადმა მოიცვა, აბსტრიტი რამდენიმე მამაცი მეომრის თანხლებით არტემიდეს კუნძულის ნაპირებს გემით მიადგა და დასთან საიდუმლოდ მოსალაპარაკებლად ქალღმერთის არტემიდეს სამლოცველოსაკენ მარტოდმარტო გაემგზავრა.

სწორედ იმ დროს, როცა აბსტრიტი და გრძნეული მედეა საიდუმლოდ თათბირობდნენ, სამლოცველოში ხმალამოღებული შიჭრა ძლევამოსილი იაზონი და აბსტრიტს გულმკერდი სასიკვდილოდ გაუგმირა.

არგონავტები დაუყოვნებლივ შემოერტყნენ კოლხიდელებს, რომლებმაც აბსტრიტი კუნძულის ნაპირებამდის მიაცილეს, და ყველანი ერთიანად ამოწყვიტეს.

აბსტრიტის ვერეგულმა მკვლელობამ დიდად განარისხა შურისმაძიებელი ქალღმერთები.

პელეასის რჩევით არგონავტებმა დაუყოვნებლივ ჩამოხსნეს თოკები გემის ანძებს, ხელში მძლავრად მოიმარჯვეს ხოფები და სასწრაფოდ გაშორდნენ ქალღმერთის არტემიდეს საბედისწერო კუნძულის ნაპირებს.

როგორც კი გაიგეს კუნძულზე დატრიალებული უბედურების ამბავი, კოლხიდელები დაუყოვნებლივ დაედევნენ არგონავტების სწრაფმავალ გემს და, უეჭველია, კიდევაც გზას მოუჭრიდნენ, რომ ქალღმერთს ჰერას გამანადგურებელი ქუხილი არ მოევლინა და კოლხიდელების სწრაფმავალი გემები გზაში არ შეეჩერებინა.

ამრიგად, ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის მეუღლის ქალღმერთის ჰერას დახმარებით, უშიშრად განაგრძეს გზა შორეული ელადის ნაპირებისაკენ.

კოხიდელებმა მრისხანე მეფე აეტესის შიშით სამშობლოში დაბრუნება ვერ გაბედეს და არტემიდეს კუნძულზე დარჩნენ სამუდამოდ.

არგონავტების სწრაფმავალი გემი სხვადასხვა ქვეყნებსა და კუნძულებს ელვის სისწრაფით უქცევდა გვერდს და დღითიდღე უახლოვდებოდა ელადის საუცხოო ნაპირებს.

გემის ბაქანიდან უკვე გარკვევით გამოჩნდა მშვენიერი ელადის საუცხოოდ ამწვანებული მთის კალთები.

არგონავტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიხარულით ყველანი ერთმანეთს ეხვეოდნენ და სამშობლოში ასე ბედნიერად დაბრუნებას მხურვალედ ულოცავდნენ.

სამწუხაროდ, არგონავტების ამ სასიხარულო ზეიმმა დიდხანს არ გასტანა.

ქალრმერთმა ჰერამ, ყოვლად შემძლებელი თავისი მეუღლე ზევსი რომ არ გაენაწყენებინა, მოგზაურებს ერთბაშად მოუვლინა საშინელი ქარიშხალი და სამშობლოს დანახვით გამოწვეული გულწრფელი სიხარული განუსაზღვრელი მწუხარებით შეუცვალა.

ზღვა აბობოქრდა. ტალღები ტალღებს მრისხანედ ეხეთქებოდნენ. აბობოქრებული ზვირთები გემს ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ. ზღვა შფოთავდა და ღელავდა. გააფთრებულმა ტალღებმა არგონავტების სწრაფმავალი გემი ელეხირის უდაბნო კუნძულის ნაპირზე გარიყა.

დაღლილ-დაქანცულ მგზავრებს გემზე მეტად საგულისხმიერო ძახილი შემოესმათ: „ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი იმ დრომდის არ შესწყვეტს თავის მრისხანებას, სანამ მეფე აეტესი და გრძნეული ქალღმერთი კირკე აბსრიტის მუხანათურ მკვლელობას არ გაპატიებენ და ამ მძიმე დანაშაულისაგან სავსებით არ გაგწმენდენ.

ამ წინასწარმეტყველებამ არგონავტები დიდად შეაშინა. ყველანი დუმილით შესცქეროდნენ ართმანეთს და განუსაზღვრელ სასოწარკვეთილებას ეძლეოდნენ.

როცა მოგზაურები ცოტათი დამშვიდნენ და გულიდან კაეშანი გადაეყარათ, პოლუქსმა და კასტორმა მოკრძალებით აღაპყრეს ზეცას ხელები და ყოვლად შემძლებელ ღმერთებს დახმარება შესთხოვეს.

ნიშნად ოლიმპოს მბრძანებლის წყალობისა, ზღვის თვალუწვდენელ სივრცეზე კეთილისმყოფელმა ნიავმა საამურად დაბერა.

არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები, სწრაფმავალი გემი მხიარულად შეაცურეს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ელვის სისწრაფით გაეშურნენ შორეული ელადის თვალწარმტაცი ნაპირებისაკენ.

არგონავტების სწრაფმავალი გემი დიდხანს გამალებით უქცევდა გვერდს უცხო ტომებით დასახლებულ ქვეყნებს და დაბოლოს ერთბაშად შეჩერდა გრძნეული ქალღმერთის კირკეს საუცხოო კუნძულის ნავსადგურში.

იაზონმა ამხანაგები ზღვის ნაპირას დატოვა და თვითონ კი მშვენიერი მედეას თანხლებით გრძნეული ქალღმერთის კირკეს სასახლისაკენ გაემართა.

იაზონი და მედეა მოკრძალებით შევიდნენ სასახლეში და დარბაზის შუა ადგილას გამართული კერის მახლობლად გაჩერდნენ.

ელინთა გმირების წინამძღოლმა თავისი ბასრი ხმალი წვერით მიწაში ჩააგო და მუხლმოყრილი მიწას თვალმოუშორევბლივ მწუხარედ ჩასცქეროდა.

მედეამ გულზე ხელები ჯვარედინად ჩამოიწყო და შეწუხებული გამომეტყველებით თავდახრილი იცრემლებოდა.

გრძნეული კირკე, როგორც კი იაზონსა და მედეას თვალი მოჰკრა, მაშინვე მიხვდა, უცხოელებმა, უეჭველია, რაიმე დიდი დანაშაული ჩაიდინეს და პატიების სათხოვრად მოსულანო.

ღმერთების მამამთავარი ყოვლად შემძლებელი ზევსი ყოველთვის დიდ მფარველობას უწევდა მძიმე დანაშაულის ჩამდენთ, თუ თავის დანაშაულს აღიარებდნენ და გულწრფელად შეინანიებდნენ.

კირკემ ყველაფერი ეს კარგად იცოდა და რომ ყოვლად მოწყალე ოლიმპოს მბრძანებელი არ გაენაწყენებინა, გადაწყვიტა შეესრულებინა ასეთი შემთხვევისათვის ღმერთებისაგან დადგენილი სამღვთო წესები.

გრძნეულმა ქალღმერთმა დაუყოვნებლივ დაკლა ცოდვებისაგან გამწმენდელ ზევსისათვის შესაწირავად შავი ძაღლი და კერაში დანთებულ ცეცხლში დაწვა სამღვთო ხმიადი, რომ ამით დაემშვიდებინა განრისხებული ქალღმერთები ერინიები და ყოვლად მოწყალე ზევსს უცხოელებისათვის დანაშაული ეპატიებინა.

ამ სამღვთო წესების შესრულების შემდეგ გრძნეულმა კირკემ დაწვრილებით გამოჰკითხა უცხოელებს, როდის და რა პირობებში ჩაიდინეს ის მძიმე დანაშაული, რომლის პატიებას ამჟამად ითხოვდნენ.

იაზონმა და მედეამ ყველაფერი გულახდილად უამბეს გრძნეულ კირკეს.

ამ გულწრფელი განცხადებით კმაყოფილმა ქალღმერთმა მედეას მიმართა შემდეგი გამაფრთხილებელი სიტყვებით: „ჩემო მახლობელო ნათესავო მედეა! რადგან შენ პატიების სათხოვრად მოსულხარ, იცოდე, ამიერიდან ცუდს არას შეგამთხვევ! მაგრამ ისიც კარგად უნდა იცოდე, რომ დახმარებასაც არ გაგიწევ! ჩემო ნათესავო მედეა, გირჩევ

დაუყოვნებლივ გაჰყვე ამ უცხოელს, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს ეს, და შენი მომავალი ბედი ამ ადამიანის ბედს მჭიდროდ დაუკავშირო“.

გრძნეულ კირკეს ამ სიტყვებზე მედეამ პირისახეზე თეთრი მანდილი ჩამოიფარა და მეტის სიხარულისაგან მწარე ქვითინი მორთო.

იაზონი და მედეა დიდის მოკრძალებით გამოესალმნენ გრძნეულ ქალღმერთს კირკეს და სასახლიდან მორიდებით გამოვიდნენ.

ოლიმპოს მბრძანებლის მეუღლეს, ყოვლად მოწყალე ქალღმერთს ჰერას, შეებრალა უცხო მხარეს გადმოხვეწილი მედეა და იაზონი და თავისი მოამბის პირით სთხოვა ქალღმერთ ფეტიდას უცხოელებისათვის ხელი მოემართა შორეულ ელადაში დაბრუნების დროს.

ქალღმერთის ჰერას თხოვნამ თავისი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, სულ მოკლე ხანში ზღვაზე საამურმა ნიავმა დაბერა. ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა მოიმარჯვეს ხოფები, იალქნები მოხდენილად ააფრიალეს და შორეულ ნაპირას მდებარე სირინოზების კუნძულის მიმართულებით მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი თვალუწვდენელ სივრცეში.

სირინოზების საუცხოო სიმღერა მოგზაურებს ყურში ტკბილად ეწვეთებოდა და გულში ღრმად სწვდებოდა.

ამ საუცხოო სიმღერით დატყვევებული ელინთა გმირები ის იყო კუნძულის ნაპირზე უნდა გადმოსულიყვნენ, რომ დიდად დახელოვნებულ მომღერალს ორფევის თავისი ღვთაებრივი ჩანგი ტკბილად არ აეჟღერებინა და თავისი მომხიბლავი ხმით სირინოზების საუცხოო სიმღერა მთლად არ დაეხშო.

ამრიგად არგონავტებმა დიდის გაჭირვებით დააღწიეს თავი ამ საბედისწერო კუნძულს, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი საფრთხე მოელოდათ გზაში.

ელინთა სახელოვანმა მოგზაურებმა მცირე ხნის განმავლობაში მიაღწიეს იმ სრუტეს, სადაც საშინელი სცილა და ქარიბდა ზღვაში მოგზაურებს გულში იხვევდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ.

ელინთა გმირები აუცილებლად დაიღუპებოდნენ, რომ ყოვლად მოწყალე ქალღმერთის ჰერას ბრძანებით ზღვის ნიმფებს არგონავტების სწრაფმავალი გემი ამ საბედისწერო სრუტეში უვნებლად არ გაეტარებინათ.

სიხარულით აღვსილმა არგონავტებმა ყოვლად მოწყალე ქალღმერთს ჰერას მხურვალე მადლობა შესწირეს და თავისი სწრაფმავალი გემი სულ მოკლე ხანში ფეაკელების სახელმწიფოს ნაპირებს უშიშრად მიაყენეს.

ფეაკელების მეფე ალკინოესა და მის მეუღლეს დედოფალ არეტას თავისი გულკეთილობითა და კანონიერებით დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი მთელ სახელმწიფოში.

სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის გულკეთილ და სამართლიან მეფესა და დედოფალს.

სწორედ იმ დროს, როცა არგონავტები ნავსადგურიდან ზღვის ნაპირას ამოდიოდნენ, კოლხიდელებმა სრულიად მოულოდნელად შემოაცურეს იმავე ნავსადგურში თავისი სწრაფმავალი გემები.

კოლხიდელთა ძლევამოსილი მხედრობა დაჟინებით მოითხოვდა არგონავტებს ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაეთმოთ და მშვენიერი მედეა დაუყოვნებლივ კოლხიდაში დაებრუნებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ომს გამოუცხადებდნენ.

მედეას მწუხარება საზღვარი არა ჰქონდა, როცა ეს თავზარდამცემი ამბავი გაიგო. საბრალო დაუყოვნებლივ მეფე ალკიონეს სასახლეში მიიჭრა და გულკეთილ დედოფალს არეტას დახმარება სთხოვა ამ მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გულკეთილმა არეტამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო შექმნილი მდგომარეობიდან არგონავტების გამოსახსნელად და თავის მხრით მეფე ალკიონეს სთხოვა სტუმრად მოსული ელინთა გმირები და მეფე აეტესის ასული, მშვენიერი მედეა, მოსალოდნელი უბედურებისაგან გამოეხსნა.

მეფე ალკინოემ დედოფალს მოახსენა: „ჩემო ძვირფასო და მარადის გულკეთილო არეტა! დიდის სიამოვნებით შევასრულებდი შენს თხოვნას და კოლხიდელებს ჩემი სახელმწიფოდან განვდევნიდი, რომ ღმერთებისაგან დადგენილი სტუმართმოყვარეობის წესების დარღვევა არ მაფიქრებდეს.

ვშიშობ, ღმერთების მამამთავარი ზევსი არ გავანაწყენო, რომ უცხოელებს უმართებულოდ მოვექცე და ამრიგად დავარღვიო ოლიმპოს მბრძანებლის მიერ დადგენილი სტუმართმოყვარეობის კანონები. მეფე აეტესის ასული, მშვენიერი მედეა, და ელინთა სახელოვანი გმირი, რამდენადაც გამიგია, ჯერ კიდევ კანონიერად შეუღლებულნი არ არიან. ამიტომ, ჩემის შეხედულებით, მედეა თავის მშობელ მამას, მეფე აეტესს უნდა დაუბრუნდეს კოლხიდაში.

მაგრამ თუ მედეა იაზონს კანონიერად შეუუღლდება, იგი სამუდამოდ იაზონთან უნდა დარჩეს და მისი კოლხიდაში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია!“

გულკეთილმა არეტამ დაუყოვნებლივ აფრინა კარისკაცი და ელინთა წინამძღოლს იაზონს შეუთვალა მედეას კანონიერად შეუღლებოდა და ამრიგად როგორც მედეა, ისე ელინთა მთელი მხედრობა მოსალოდნელი უბედურებისაგან გადაერჩინა.

იაზონმა ეს ამბავი თავის ამხანაგებს შეატყობინა.

ელინთა საუკეთესო გმირებმა მოიწონეს დედოფალი არეტას ბრძნული რჩევა და იმავე დღეს გააჩაღეს ბრწყინვალე ქორწილი, რომელზედაც ორფევის ჩანგის სიმთა ჟღერა და მომღერლის საუცხოო ხმა მსმენელების ყურთასმენას ატკბობდა და ერთიანად ხიბლავდა.

არგონავტების მხიარულებას საზღვარი არა ჰქონდა. ყველანი აღტაცებით შეჰყურებდნენ ძლევამოსილი იაზონისა და მშვენიერი მედეას ბედნიერებას და გულმხურვალედ ულოცავდნენ ამ ღირშესანიშნავ ბრწყინვალე დღეს.

მეფე ალკინოემ, როცა გაიგო იაზინისა და მედეას შეუღლება, გადაწყვიტა მედეა იაზონისათვის არ დაეშორებინა.

კოლხიდელებს არ მოეწინათ მეფე ალკინოეს გადაწყვეტილება და ისევ დაჟინებით მოითხოვდნენ მეფის მშვენიერი მედეა კოლხიდაში დაებრუნებინა და არგონავტები სასტიკად დაესაჯა.

მეფე ალკინოე დიდად შეაშფოთა კოლხიდელების უმართებულო მოთხოვნამ. უსაზრვროდ განრისხებულმა მეფემ გადაჭრით უარყო კოლხიდელების კადნიერი მოთხოვნა.

კოხიდელების ასალაგმავად მეფე ალკინოემ სასტიკი ბრძანება გამოსცა: „უცხო სახელმწიფოში მოსულმა სტუმრებმა სრული მშვიდობიანობა და წესრიგი უნდა დაიცვან. თუ კოლხიდელებს არ ჰსურთ დაემორჩილონ საუკუნოებით განმტკიცებულ ამ საერთაშორისო ჩვეულებებს, ფეაკელების სახელმწიფოს საზღვრები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალდატანებით იქნებიან განდევნილი“.

მეფის ასეთმა სასტიკმა ბრძანებამ მეტად შეაშინა კოლხიდელები, მაგრამ რადგან მეფე აეტესის შიშით კოლხიდაში დაბრუნებას ვერ ჰბედავდნენ, ისევ ფეაკელების მიწაწყალზე დარჩენა ამჯობინეს და ამ მიზნით მეფე ალკინოესთან მოლაპარაკებაც კი გამართეს.

არგონავტებმა მეფე ალკინოესა და დედოფალ არეტას დახმარებისათვის დიდი მადლობა შესწირეს, გულთბილად გამოეთხოვნენ ფეაკელების ადგილობრივ მოსახლეობას და მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში.

ელინთა ძლევამოსილი გმირები ცხრა თვის განმავლობაში თავდადებულად ებრძოდნენ ზღვის აბობოქრებულ ტალღებს, ბოლოს დიდის გაჭირვებით მიაღწიეს აფრიკის სანაპიროებს და გემი გააჩერეს ერთერთ მივარდნილ ნავსადგურში.

არგონავტები დილაადრიან, სანამ მზის სხივები დედამიწას მოეფინებოდა, ზღვის ნაპირას გადმოვიდნენ.

მოგზაურების განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თვალუწვდენელ სივრცეზე გაშლილი უზარმაზარი უდაბნო დაინახეს.

სამწუხარო სანახაობას წარმოადგენდა ქვეყნიერების ეს მივარდნილი ადგილი.

მთელ უდაბნოს ალმური ასდიოდა. არსად სიცოცხლის ნიშნები არ ჩანდა. დედამიწის გული აუტანელ გოლვას დაეღარა, და გზის გაკვლევას ადამიანი ძლივსღა ახერხებდა.

საბრალო უცხოელები უგზოუკვლოდ დაძრწოდნენ ამ გადაბუგულ ადგილებში და ყოველ წუთს დაღუპვის მოლოდინში უზომოდ იტანჯებოდნენ.

ერთ დღეს იაზონი და მისი ამხანაგები ზღვის ნაპირას იწვნენ და მწუხარედ გასცქეროდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს.

უეცრივ ძლევამოსილ იაზონს მიუახლოვდნენ ამ ქვეყნის მფლობელი ქალღმერთები, ჩამოიხადეს პირბადე და ასეთი სიტყვებით მიმართეს ელინთა გმირების წინამძღოლს:

„დიდებულო იაზონ! მართალია, მრავალი უსიამოვნება და გაჭირვება გამოიარე ამ საბედისწერო მოგზაურობის დროს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, ნუ შეგეშინდება! როცა ზღვის ქალრმერთი პოსეიდონ ღმერთის ეტლიდან ცხენებს გამოხსნის, შენ და შენმა ამხანაგებმა მადლობა შესწირეთ დედას, რომელმაც ასე დიდხანს მუცლით გატარათ; თუ დედას ისე მოეპყრობით, როგორც ის თქვენ გეპყრობოდათ, სამშობლოში ყველანი უკლებლივ დაბრუნდებით“.

ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთები სადღაც გაქრნენ.

არგონავტებს ვერ გამოერკვიათ ქალღმერთების წინასწარმეტყველება და განცვიფრებულნი ერთმანეთს შესცქეროდნენ.

ამ დროს ზღვის აბობოქრებულ ტალღებიდან ამოცურდა ოქროსფაფრიანი ბედაური, რომელიც ჭიხვინითა და ტორების ცემით შემოიჭრა ზღვის ნაპირას და ჭენებით გაეკრა უდაბნოს ერთიანად გადაბუგულ ფართობზე.

პელეასმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ზღვის ნაპირას შემოჭრილ ოქროსფაფრიან ბედაურს, სიხარულით შეჰყვირა: „აი, ქალღმერთების წინასწარმეტყველება კიდევაც შესრულდა! შემიძლია დანამდვილებით გახაროთ, ეს ის ბედაურია, რომელიც ზღვის ქალრმერთმა პოსეიდონ ღმერთის ეტლიდან გამოხსნა! დედა, რომელმაც ჩვენ მუცლით გვატარა, ეს ჩვენი სწრაფმავალი გემია! ჩვენც იმრიგად უნდა მოვეპყრათ ამ გემს, როგორც თვით ეს გემი ჩვენ გვეპყრობოდა: ჩვენ უნდა გავყვეთ ბედაურის ნაკვალევს და ჩვენი საკუთარი ზურგით უნდა გადავზიდოთ დედის მსგავსად ნაამაგდარი გემის ნაწილები ზღვის უფრო დასამხარ ადგილას! ქალღმერთების წინასწარმეტყველების სხვანაირად გაგება შეუძლებელია!“

არგონავტებმა მოიწონეს პელეასის ახსნა-განმარტება და ყველანი დაუყოვნებლივ შეუდგნენ გემის ნაწილ-ნაწილად დაშლის თადარიგს.

თორმეტი დღის განმავლობაში ელინთა გმირები შეუსვენებლივ ეზიდებოდნენ უზარმაზარი გემის დაშლილ ნაწილებს თვალუწვდენელი უდაბნოს სიცხისაგან პირდაღადრულ ადგილებში და ყოვლად მოწყალე ქალღმერთი ჰერა რომ არ დაჰხმარებოდათ, თავის ძვლებს ყველანი აუცილებლად ამ საშინელ უდაბნოში დატოვებდნენ.

დაღლილ-დაქანცულმა გმირებმა დიდის გაჭირვებით გადალახეს სიცხით გადაბუგული უდაბნო ადგილები და ტრიტონიის ზღვის ყურეში ნაპირზე გამართული გემი წყალში ჩაუშვეს.

ელინთა თავდადებული გმირები, სანამ შორეული სამშობლოსაკენ იალქნებს ააფრიალებდნენ, აუტანელი სიცხისაგან დაოსებულთ რომ გული წყლით გაეგრილებინათ, ზღვის ნაპირა ადგილებში წყაროს საძებნელად გამოვიდნენ.

უდაბნოს დიდი ნაწილი საშინელი გაჭირვებით შემოიარეს, მაგრამ წყლის ნაკვალევიც ვერსად იპოვეს.

უეცრივ ელინთა გმირებს მიუახლოვდა ჰესპერიდების ბაღში მცხოვრები ქალი, სახელად ჰელე, რომელმაც მოგზაურებს ამ სიტყვებით მიმართა: „უცხოელო მოგზაურებო! კარგად ვხედავ, რომ თქვენ წყურვილის მოსაკლავად ამ სიცხით გადაბუგულ უდაბნოში წყაროს დაეძებთ! ყური დამიგდეთ, აი რა უნდა გითხრათ: ამ უდაბნო მხარეში ჩამოიარა ერთმა მამაცმა გმირმა, რომელმაც მოჰკლა ჩვენი ბაღის ფხიზელი მცველი ლადანი და ჩვენი ბაღიდან გაიტაცა ოქროს ვაშლები.

გმირის ცეცხლივით ანთებული თვალები, ფართოდ გაშლილ მხრებზე წამოფარებული ლომის საუცხოო ტყავი, ხელებში მძლავრად მომაგრებული უზარმაზარი ხის კომბალი და შორსსატყორცნი მშვილდ-ისარი ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა.

ეს დიდებული გმირიც ამ სიცხით გადამწვარ ქვეყანაში წყალს დაეძებდა, წყურვილი რომ მოეკლა, მაგრამ აბა სად იპოვნიდა!

დიდებულმა გმირმა დაჰკრა თავისი უზარმაზარი კომბალი კლდეს და გამოკვეთა საუცხოო წყარო, საიდანაც მარგალიტებრ გადმოჩუხჩუხებდა ანკარა ცივი წყალი.

თუ გამომყვებით, ახლავე გაჩვენებთ ამ საუცხოო წყაროს“.

ელინთა გმირები დიდის აღფრთოვანებით გაჰყვნენ ჰელეს იმ კლდისაკენ, რომელშიაც უცნობმა გმირმა ასე საუცხოო წყარო აღმოკვეთა.

უცხოელი მოგზაურები ხარბად დაეწფნენ ანკარა ცივ წყალს და დიდი ხნის მწვავე წყურვილი მოიკლეს.

„უეჭველია, ის სახელოვანი გმირი, რომელმაც ეს საუცხოო წყარო კლდეში გამოკვეთა, - შენიშნა ერთერთმა ელინთა გმირმა, - ძლევამოსილი ჰერკულესი იყო! ჭეშმარიტად, თუმცა დიდი ხანია, რაც ჰერკულესი ჩამოგვშორდა, მაინც არ გვივიწყებს და ჩვენგან შორს მყოფი ისევ ჩვენზე ზრუნავს და გაჭირვების დროს გვპატრონობს!“

არგონავტები მხიარულად დაბრუნდნენ ზღვის ნაპირას და გემი გაამზადეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ეს საბედისწერო ადგილი.

ელინთა დახელოვნებულმა მეხოფეებმა მძლავრად აამოძრავეს ხოფები, მაგრამ ტალღები ზღვის ვიწრო ყურეში ისე ბობოქრობდნენ, რომ სწრაფმავალი გემი ერთსა და იმავე ადგილას ჯარასავით ტრიალებდა და ზღვაში გასასვლელ გზას ვერ პოულობდა.

ორფევის რჩევით არგონავტები ისევ საბედისწერო უდაბნოს ნაპირზე გადმოვიდნენ და ამ ქვეყნის ღმერთებს შესაწყნარებელ მსხვერპლად რკინის საუცხოო სამფეხი შესწირეს.

ძლევამოსილმა გმირებმა მსხვერპლის შეწირვა ძლივს მოასწრეს, რომ ზღვის ნაპირას უეცრივ ამოვარდა ზღვის ღმერთი ტრიტონი და არგონავტებს შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა: „პოსეიდონ ღმერთმა მე ამ ქვეყნის მბრძანებლად დამნიშნა. გულწრფელ მადლობას გიძღვნით მსხვერპლის შეწირვისათვის. სამაგიეროდ დახმარებას აღმოგიჩენთ.

დაუყოვნებლივ შეაცურეთ გემი იმ ადგილისაკენ, სადაც ზღვის ტალღები ერთმანეთს შავად ეხლებიან. აი, სწორედ ამ ადგილას დაინახავთ ზღვის ყურედან უშიშარ გასავალ გზას, გაბედულად შეაცურეთ ზღვის გაშლილ სივრცეში თქვენი სწრაფმავალი გემი და დარწმუნებული იყავით, რომ მგზავრობის დროს არ მოგაკლებთ კეთილისმყოფელ ქარს!“

ამ სიტყვებთან ერთად ტრიტონი გულთბილად გამოესალმა ელინთა გმირებს და მშვიდობის მგზავრობა უსურვა.

არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები და, ზღვის ღმერთის ტრიტონის დარიგების თანახმად, გაბედულად შეაცურეს გემი იმ ადგილისაკენ, სადაც ტალღები შავად ბობოქრობდნენ.

სწრაფმავალი გემი უვნებლად გასცდა საბედისწერო გასავალს და გაშლილი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში ელვის სისწრაფით მიაქროლებდა ელინთა თავდადებულ გმირებს შორეული ელადისაკენ.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ არგონავტებმა თავისი სწრაფმავალი გემი კუნძულ კრეტას ნავსადგურში შეაცურეს.

კუნძულ კრეტას იმ ხანად განაგებდა ყოვლად შემძლებელი ზევსის მიერ დანიშნული გიგანტი ტალი, რომლის უზარმაზარი ტანი და სპილენძის ფეხები ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა.

გიგანტის ძლევამოსილება მთელს კუნძულზე განთქმული იყო. უბრალო მოკვდავი გიგანტის წინაშე თრთოდა და მის წინააღმდეგ წასვლას გულშიაც ვერ გაივლებდა.

გიგანტის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ვინმე მისწვდებოდა იმ ერთადერთ ცოცხალ უჯრედს, რომლითაც გიგანტს დაფარული ჰქონდა სხეულში სისხლის გამტანი ძარღვები.

ტალმა, როგორც კი დაინახა ზღვაში მომავალი არგონავტები, საშინელის ძლიერებით დაუშინა გემს კლდის უზარმაზარი ლოდები და ჯოჯოხეთის გენია დაატრიალა ელინთა გმირებს შორის.

შეშინებული არგონავტები ის იყო ზღვის ნაპირას უკანვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ მედეას მეხოფეები არ შეეჩერებინა.

„ძლევამოსილო გმირებო! - მხნედ შეჰყვირა მედეამ: გემი ზღვის სივრცეში იმ სიშორეზე დაიჭირეთ, რომ მძლავრად ნატყორცნი ლოდები არ სწვდებოდეს! მე ახლავე მოვუღებ ბოლოს კუნძულის მბრძანებლის თავხედობას!“

მედეამ გრძნეული ქალღმერთების პარკების დახმარებით დაუყოვნებლივ აამუშავა თავისი გრძნეული ხელოვნება და კუნძულის ზარისდამცემი გიგანტი ერთბაშად მოაჯადოვა.

ტალი მთელი თავისი სიმძიმით მოსწყდა მაღალი მთის მწვერვალიდან და სხეულის ცოცხალი უჯრედი სადგისივით წვეტიან კლდის ქიმს მძლავრად დაჰკრა. დაჭრილი უჯრედის ქსოვილებიდან სისხლის შადრევანმა ამოხეთქა.

საშინელი ტკივილებისაგან გონებადაკარგულმა ტალმა თვალები გაახილა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ ბედმა უმტყუნა, გიგანტს ძველებური ძალა არ შესწევდა. სიმწარისიგან გააფთრებული ტალი ერთი მძლავრად შეტორტმანდა და ზღვის უფსკრულისაკენ გრიალით მოსწყდა მთის მაღალ მწვერვალზე მოხეთქილ კლდესავით.

არგონავტებმა ახლა კი უშიშრად შეაცურეს გემი ნავსადგურში და რამდენიმე დღე კუნძულზე დარჩნენ დასასვენებლად.

როცა ელინთა გმირებმა საკმარისად დაისვენეს და საჭირო ძალღონე მოიკრიბეს, გემი დაუყოვნებლივ ზღვის სივრცეში შეაცურეს მხიარულად და ელადის მიმართულებით ტალღებს ტალღებზე მიაგორებდნენ.

უეცრივ ზღვაზე კუნაპეტივით შავი ღამე ჩამოწვა. მთვარესა და ვარსკვლავებს შავი სუდარი ჩამოეფარა. ყველაფერი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა.

ზარდაცემული მოგზაურები ერთმანეთს აწყდებოდნენ და შიშისაგან ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდნენ.

ელინთა გმირების სახელოვანმა წინამძღოლმა ცისაკენ აღაპყრო ხელები და აპოლონ ღმერთს მხურვალედ შეევედრა არგონავტებისათვის დახმარება აღმოეჩინა.

აპოლონ ღმერთმა შეისმინა ელინთა გმირების წინამძღოლის მხურვალე ვედრება და დაუყოვნებლივ ჩამოეშვა ოლიმპოს მწვერვალიდან ელინთა გმირების მისაშველებლად.

ყოვლად მოწყალე აპოლონ ღმერთმა თავისი ოქროს ისრით გააშუქა ზღვის თვალუწვდენელი სივრცე და ამრიგად გაუკვლია არგონავტებს საიმედო გზა შორეული ელადისაკენ.

დილაადრიან, სანამ მზის სხივები დედამიწას მოეფინებოდა, სიხარულით აღტაცებულმა არგონავტებმა, კუნძულ ეგინის ნაპირებზე მცირედი დახანების შემდეგ, თავისი სწრაფმავალი გემი მხიარულად შეაცურეს იოლიის ნავსადგურში.

ელინთა გმირების აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი საყვარელი სამშობლოს საუცხოო მიწაწყალი დაინახეს. ყველანი ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულის ცრემლებს აფრქვევდნენ.

ძლევამოსილმა იაზონმა თავისი სწრაფმავალი გემი „არგო“, რომელმაც უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს ესოდენ სამსახური გაუწია, აპოლონ ღმერთს შესწირა, ხოლო ოქროს საწმისი კი თავის ბიძას მეფე პელეასს გადასცა.

უკვე ღრმად მოხუცებული ეზონი დიდის აღტაცებით შეხვდა თავის რძალს - მედეას.

ახლო ნათესავები და მეგობრები ულოცავდნენ ეზონს ძლევამოსილი იაზონის მშვიდობიანად დაბრუნებას და მედეაზე დაქორწინებას.

მშვენიერი მედეა დატრიალდა ოჯახში და მთელი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გულწრფელად ცდილობდა ქმრისა და მამამთილისათვის ლამაზი ცხოვრება შეექმნა.

მედეამ მთელი გულისყური მოხუც ეზონს მიაპყრო და მის გასაჯანმრთელებლად თავისი სასწაულმოქმედი ხელოვნება სავსებით გამოიყენა.

გრძნეულმა პატარძალმა სამკურნალო ბალახები მოხარშა სპილენძის დიდ ქვაბში და მოხუცი მამათილი ცხელი აბაზანების მისაღებად ქვაბში ჩააწვინა.

ქვაბში ჩაწოლილი ეზონი ერთიანად გამოიცვალა. მის დანაოჭებულ პირისახეს ახალგაზრდობის ელფერი დაედვა. პირის ღრუ თეთრი და მაგარი კბილებით მოეჭედა, ჭაღარა თმა და წვერულვაში წაბლისფრად შეეღება.

ეზონი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით აღსავსე ამოვიდა აბაზანიდან და მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჯაროდ აქებდა და ადიდებდა სასწაულმოქმედ მშვენიერ მედეას.

მეფე პელეასმაც მოისურვა ახალგაზრდობის დაბრუნება და ამ მიზნით მედეას დახმარება სთხოვა.

გრძნეულმა მედეამ, ვერაგი მეფე რომ ღირსეულად დაესაჯა, თვალთმაქცურად გაცხელებულ წყლით სავსე ქვაბში უბრალო ბალახები ჩაყარა და ვერაგ მეფეს სთხოვა ქვაბში საბანებლად ჩამჯდარიყო.

შურისძიებით გატაცებული მედეა გულმოდგინედ უკეთებდა ქვაბს ცეცხლს.

ვერაგი მეფის დასუსტებულმა გულმა ვერ აიტანა ადუღებული წყლის სიცხოველე და პელეასმა ზედმეტად გაცხელებულ აბაზანაში განუტევა ბოროტი სული.

მეფე პელეასის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტს კანონით ეზონი დაეუფლა.

ამრიგად, უშედეგოდ ჩაიარა ძლევამოსილი იაზონის ცდამ მეფე პელეასის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტს დაუფლებოდა.

ეზონის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი პელეასის ვაჟიშვილმა აკისტიმ ძალმომრეობით ჩაიგდო ხელში.

ძლევამოსილი იაზონი და მშვენიერი მედეა იძულებული იყვნენ სატახტო ქალაქი იოლკი დაეტოვებინათ და კორინთში გადასახლებულიყვნენ საცხოვრებლად.

კორინთში იაზონი და მედეა შედარებით კარგად მოეწყვნენ და ბედნიერადაც ცხოვრობდნენ. სამ შვილს, რომელნიც მათ კორინთში შეეძინათ, სიხარული შეჰქონდა მშობლების ოჯახში.

მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს დასასრული აქვს, და აი იაზონისა და მშვენიერი მედეას ბედნიერ ცხოვრებასაც დასასრული მიეცა.

დრო გადიოდა, და მედეას თანდათანობით აკლდებოდა სილამაზე. იგი დღითიდღე კარგავდა იაზონის მხრით იმ თბილ თანაგრძნობას, რომელიც ასე საჭიროა გულითადი მეგობრებისათვის.

ბოლოს იაზონმა სამუდამოდ აიცრუა გული ოდესღაც მშვენიერ მედეაზე და თავისი გულის საიდუმლო კუნჭულები მეფე კრეონის ასულს მშვენიერ გლავკას გადაუშალა.

ძლევამოსილმა იაზონმა გადაწყვიტა მედეას განშორებოდა და სიცოცხლით სავსე გლავკას შეუღლებოდა.

მედეას მრისხანებასა და მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა იაზონის გადაწყვეტილება შეიტყო. მან მოაგონა თავის ჯერ კიდევ სათაყვანო მეუღლეს ის სამსახური, რაც მან გაუწია არგონავტებს კოლხიდაში ლაშქრობის დროს, მოაგონა ისიც, რაც სიყვარულით აღგზნებულმა იაზონმა აღუთქვა. საბრალო მედეა თვალცრემლიანი ევედრებოდა თავის მეუღლეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა და უმწეოდ არ დაეტოვებინა ცოლშვილი.

მაგრამ მშვენიერი გლავკას სიყვარულით მოხიბლული იაზონი თავის ვერაგულ ზრახვებს გულში იმარხავდა, სბრალო მედეას კი არწმუნებდა: მართალია, მეფის ასულს კანონიერად უნად შევუუღლდე, მაგრამ ამ საშუალებით მსურს ჩემი საყვერელი შვილების მდგომარეობა გავაუმჯობესო და მომავალში, შესაძლებელია, სამეფო ტახტიც კი დავუმკვიდრო.

მედეას თვალცრემლიანმა ვედრებამ არ გაჭრა. ცბიერი, მოღალატე იაზონი კანონიერად შეუუღლდა მეფე კრეონის ასულს, ახალგაზრდა გლავკას.

მედეას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავზარდამცემი ამბავი შეიტყო.

სამი შვილის დედა, ქმრისაგან ვერაგულად მოტყუებული საბრალი მედეა ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა და ცხარე ცრემლებით მოთქვამდა: „ყოვლად შემძლებელო ღმერთებო, რატომ მომასწარით ამ სამარცხვინო დღეს! გთხოვთ შემიბრალოთ და ჩემს წამებას ბოლო მოუღოთ!

საბრალო მამაჩემო, რარიგ უსირცხვილოდ, ვერაგულად ჩაგწიხლე და საქვეყნოდ მოგჭერი თავი! ჩემო ძვირფასო ძმაო აბსტრიტ, განა შემიძლია ოდესმე ჩემ თავს ვაპატიო, რომ ასე ვერაგულად მოგისპე სიცოცხლე! უეჭველია, ყოვლად შემძლებელი ღმერთები სამაგიეროს მიხდიან!

დე, არსრულდეს ღმერთების ბრძანება! უსიტყვოდ, უხმოდ დავემორჩილები ყოვლად შემძლებელი ღმერთების უსასტიკეს განაჩენს! ყოველგვარ დამცირებას, ყოველგვარ შეურაცხყოფას მოთმინებით ავიტან, მაგრამ იმ შეურაცხყოფას, რომელიც იაზონმა მომაყენა, ვერასგზით ვერ შევურიგდები!

მატყუარა, სინდისზე ხელაღებული იაზონი სასტიკად უნდა დაისაჯოს! დიახ, ვერაგი იაზონი, რომელმაც თავისი ოჯახი შეუბრალებლად დაანგრია და შვილები ასე გაიმეტა, თავის ახლადდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად უნდა დაიღუპოს! გრძნეულ მედეას თავისი ფარხმალი ჯერ კიდევ არ დაუყრია! ჩემი სათუთი გრძნობების ასე უსირცხვილოდ შელახვისათვის ყოველგვარად შევეცდები ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება განვახორციელო და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დავმშვიდდები!“

ასე მოთქვამდა საბრალო მედეა და ერთ წუთსაც არ ივიწყებდა იმას, რასაც იგი მოღალატე იაზონს უმზადებდა.

მეფე კრეონმა, ახლადდაქორწინებულ სიძესა და ქალიშვილს რომ რაიმე ხიფათი არ შემთხვეოდათ, მედეა სასახლეში მიიწვია და გადაჭრით უბრძანა: „გრძნეულო ქალო! შენ და შენმა შვილებმა ჩემი სახელმწიფო დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ! ამას მოითხოვს სახელმწიფოებრივი მოსაზრება! შენი და შენი შვილების ჩემს სახელმწიფოში დარჩენა ყოვლად შეუძლებელია! იცოდე, ესაა ჩემი შეურყეველი გადაწყვეტილება და გიბრძანებ კიდევაც შეასრულო!“

მედეამ გულში უხმოდ ჩაიკლა უცეცხლოდ ანთებული მწუხარება და კრეონის თვალების ასახვევად მეფესა დამშვიდებულის კილოთი მოახსენა: „დიდებულო მეფეო! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს, რომ მე უკვე შევურიგდი ჩემს შავ ბედს! რაც მოხდა, მისი შეცვლა ყოვლად შეუძლებელია! დე, ბედნიერად და სრულის თანხმობით იცხოვრონ ახლადდაქორწინებულებმა!

მერწმუნეთ, დიდებულო მეფეო, რომ ჩემს მწუხარებას გულში ჩავიკლავ, ჩემ ბედს უსიტყვოდ დავემორჩილები და შენის სიძისა და ქალიშვილის წინააღმდეგ გულში ცუდს არასოდეს არ გავივლებ! ამიტომ, ყოვლად მოწყალეო მეფეო, გთხოვ ისევ კორინთში დამტოვო, რომ შვილებს ყური ვუგდო და ღირსეულად აღვზარდო! მაგრამ, დიდებულო მეფეო, თუ ამას შესაძლებლად ვერ დაინახავ რაიმე მოსაზრებით, გთხოვ ერთი დღით ქალაქში დარჩენის უფლება მომცე, რომ წასასვლელად თადარიგი დავიჭირო და საბრალო ჩემს შვილებს სადმე ბინა გავუჩინო!“

მეფე კრეონმა მცირედი ყოყმანის შემდეგ ნება დართო მედეას ერთი დღით კორინთში დარჩენილიყო და ქალაქიდან წასასვლელად დაუყოვნებლივ თადარიგს შესდგომოდა.

მედეამ გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა მოღალატე იაზონი.

შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ იმდენი მოახერხა, რომ იაზონი მოტყუებით სახლში მიიწვია.

მედეამ მიუალერსა მოღალატე ქმარს და თავი ისე მოაჩვენა, თითქო კიდევაც შეურიგდა თავის ბედს.

გრძნეულმა მედეამ დამშვიდებული კილოთი მიმართა იაზონს: „ჩემო მაინც კიდევ საყვარელო იაზონ! ყველაფერი, რაც შენ ჩაიდინე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების საკეთილდღეოდაა მოწყობილი! შენ ხომ კარგად იცი, ჩემო ძვირფასო იაზონ, რომ ამ ათი წლის წინათ სრულიად უმწეოებმა, ყოველგვარ ნივთიერ საშუალებას მოკლებულმა შემოვაფარეთ თავი ამ უცხო ქვეყანას!

ვინ მოთვლის, რამდენი მწარე დღე გამოგვივლია, რამდენი უკიდურესი გაჭირვება გამოგვიცდია ამ ხნის განმავლობაში! მაგრამ შვილების გულისთვის ყველაფერს დიდის მოთმინებით ვიტანდით! შენ თავს დასტრიალებდი ოჯახს და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ შვილებს!

მწამს, რომ მომავალშიაც არ მოაკლებ მზრუნველობას ჩვენს შვილებს! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მეფე კრეონთან შენი დამოყვრება ერთგვარი საშუალებაა ჩვენი შვილების მომავალში უზრუნველსაყოფად.

ის რწმენა, რომ ჩვენი საყვარელი შვილები შენთან ბედნიერი იქნებიან, დიდად მამხნევებს და ყველაფერს მავიწყებს, ამიტომ მეგობრულად გიწვდი ხელს და, ვფიქრობ,

ჩვენი შვილებიც ჩემს მაგალითს მიბაძავენ. აბა, ჩემო ძვირფასო შვილებო, მოეხვიეთ მამს ყელზე და მხურვალედ დაუკოცნეთ ტუჩები! გახსოვდეთ, რომ მამა ერთ წამსაც არ დაგტოვებთ უმწეოდ!“

ამ სიტყვებით აღფრთოვანებული იაზონი ნეტარების ცრემლებს ღვრიდა და შვილებს გულში მხურვალედ იკრავდა.

„ჩემო ძვირფასო იაზონ! - ალერსიანი კილოთი მიმართა მედეამ თავის ყოფილ მეუღლეს: იცი, რა უნდა გითხრა? შენ რომ ბავშვებს სასახლეში გადაიყვანდე, ვფიქრობ, შენის ახალი მეუღლის დახმარებით უფრო მეტად ყურადღებას დაიჭერ, უფრო მეტ მზრუნველობას გაუწევ შვილებს. მე კი სადმე შორს გადავიხვეწები იმ იმედით, რომ ჩემი საყვარელი შვილები სასახლეში ღირსეულად იზრდებიან. შენს მეუღლეს გლავკას, ნიშნად ჩემი კეთილგანწყობილებისა, მივუძღვნი ამ ოქრომკერდით ნაქსოვ ძვირფას კაბას, რომელსაც შენთან ერთად ჩემი მსახურის ხელით ვაახლებ!“

სანამ ამ ძვირფას საჩუქარს მსახურს გადასცემდა, შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ კაბის ქსოვილები საწამლავით ისე გაჟღენთა, რომ ვინც ამ კაბას ჩაიცვამდა, მყისვე მოიწამლებოდა და სიცოცხლეს გამოესალმებოდა.

იაზონი თავაზიანად გამოემშვიდობა მედეას და მსახურის თანხლებით სასახლისაკენ გაემართა, რომ მედეას სახელით თავისი საყვარელი მეუღლისათვის ეს ძვირფასი საჩუქარი მიეძღვნა.

მედეა თავისი შვილებით შინ დარჩა. საბრალო ქალი ვერხვის ფოთოლივით თრთოდა და მოუთმენლად მოელოდა მსახურის დაბრუნებას, რომ დანამდვილებით გაეგო, როგორ შეხვდა მეფე კრეონის ახლადდაქორწინებული ასული მის მიერ მიძღვნილ ძვირფას საჩუქარს.

შიშისაგან გაფითრებული მსახური მალე დაბრუნდა სასახლიდან და აღელვებული კილოთი მოახსენა მედეას: „პატივცემულო მედეა, გირჩევ დაუყოვნებლივ თავს უშველო! მეფე კრეონი და შენი ოჯახის დამნგრევი გლავკა აი ეს არის დაიღუპნენ! მეფის ასულს შენ მიერ მიძღვნილი კაბა ისე მოეწონა, რომ მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

უსაზღვროდ აღფრთოვანებულმა გლავკამ, როგორც კი იაზონი ოთახიდან გავიდა, დაუყოვნებლივ ჩაიცვა საბედისწერო კაბა და კოპწიად გამოწყობილი სარკის წინ ტრიალებდა და თავის მოხდენილ ტანადობას შესტრფოდა.

ძვირფას კაბაში ლამაზად გამოწყობილი მეფის ასული უეცრად შეტორტმანდა და მძლავრი ქარიშხალისაგან მოტეხილ ალვის ხესავით იატაკზე უგონოდ გაიშხლართა.

ერთი წუთის წინათ ჯანსაღი, სიცოცხლით აღსავსე მეფის ასული პირისახეზე ერთიანად შეიცვალა და სხეულის კრუნჩხვით საზარლად გმინავდა.

მეფე კრეონი, როგორც ეს საშინელი გმინვა შემოესმა, დაუყოვნებლივ შეშლილივით შეიჭრა თავისი საყვარელი ასულის ოთახში.

შეშფოთებული საბრალო მამის თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მეფის ასული ოდნავ გმინავდა და სიცოცხლის ნიშნები არც კი ემჩნეოდა.

მეფე კრეონმა მხურვალედ ჩაიკრა გულში უკვე ნახევრადგაცივებული თავისი საყვარელი ასული და საზარელი ქვითინი მორთო.

საბედისწერო შხამი მეფეს ელექტრობის დენივით გაუჯდა მთელ სხეულში და საბრალო მამაც თავის საყვარელი ასულის გვერდით საშინელი ტანჯვით გამოესალმა სიცოცხლეს“.

მედეას სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი დამღუპველი გლავკისა და ვერაგი მეფე კრეონის სიკვდილი შეიტყო.

შურისძიებით გატაცებული მედეა ახლა უფრო სხვა საშინელი გეგმის შესრულების თადარიგს შეუდგა.

გონებადაკარგული და მთლიანად გაბოროტებული მედეა შეშლილივით შეიჭრა შვილების ოთახში. საბრალო ბავშვებს ტკბილად ეძინათ და აბა ვინ მოიფიქრებდა, რომ ასე ტკბილსა და უდარდელ ძილს ასე სამწუხარო შედეგი მოჰყვებოდა.

„საბრალო მედეა, ერთი წუთით დაივიწყე, რომ შენ ამ უმანკო ჩვილი ყმაწვილების ღვიძლი დედა ხარ! - საზარლად შეჰყვირა გონებადაკარგულმა მედეამ: მე რომ ჩემის საკუთარი ხელით არ მოვუსპო სიცოცხლე ჩემს პირმშო შვილებს, სულ ერთია, მეფის შეუბრალებელი ჯალათები და თვით იაზონიც კი ჩემ შვილებს არ დაინდობენ, შეუბრალებლად ყელებს დასჭრიან, სიცოცხლეს გამოასალმებენ!

განა არა სჯობია თვით მშობელმა დედამ მოუსპოს სიცოცხლე თავის პირმშო შვილებს და უდიერი ჯალათების ხელში არ ჩააგდოს?! დიაღ, მე ვერ შევურიგდები იმ აზრს, რომ ჩემი ღვიძლი შვილები მეფის ჯალათებმა ან სინდისგარეცხილმა იაზონმა ტანჯონ და აწამონ!“

შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ სამართებლით სასწრაფოდ დასჭრა ყელები თავის პირმშო შვილებს და შეშლილივით გარეთ გამოიჭრა.

საყვარელი მეუღლის მკვლელობით აღშფოთებული იაზონი მხეცივით შეიჭრა მედეას ოთახში, რომ სასტიკად დაესაჯა მეფისა და მეფის მშვენიერი ასულის გლავკის მკვლელი.

საზარელი სურათი გადაიშალა იაზონის თვალწინ: ყელებდაჭრილი უმანკო ბავშვები სისხლის მორევში ცურავდნენ. იაზონმა ერთი საზარლად შეჰყვირა და შეშლილივით გაემართა ქუჩისაკენ.

სრულიად ფერმიხდილი, გონებადაკარგული იაზონი ამიერიდან ყოველდღე უმიზნოდ, უაზროდ დაძრწოდა ქალაქის ქუჩებში და ქუჩის ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს საცოდავად თავს აფარებდა.

ერთხელ, დაღლილსა და დაქანცულს, ნახევრად გონებამიხდილ იაზონს, როცა ქალაქის განაპირა ქუჩაში მწუხარედ იჯდა, ზეციდან რაღაც საშინელი ხმაური შემოესმა.

იაზონმა უნებლიედ თვალები ზეცას მიაპყრო და ცის მაღალ სივრცეში დაინახა გველეშაპშებმული ფრთებიანი ეტლი, რომელშიაც იჯდა საბრალო მედეა და სამუდამოდ ეთხოვებოდა საბედისწერო კორინთს და მის მთაგორიან მიდამოებს.

საბრალო იაზონი თვალმოუშორებლივ დიდხანს, დიდხანს მწუხარედ გასცქეროდა ცის სივრცეში სწრაფად მიმფრინავ ეტლს და უნებლიედ იგონებდა იმ ბედნიერ დროს, როცა იგი და მშვენიერი მედეა სიყვარულით აღგზნებულნი ერთმანეთს თავდავიწყებით შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ.

ამ საინტერესო ხანის მოგონებაზე იაზონს თვალთაგან ცხარე ცრემლები წასკდა და საბრალო დიდხანს, დიდხანს გულამოსკვნით ქვითინებდა.

ოდესღაც ძლევამოსილი გმირის ცხოვრება ამიერიდან კიდევ უფრო უარესი და აუტანელი შეიქნა. საბრალო სრულიად განმარტოვებით, უმიზნოდ და უაზროდ დაეხეტებოდა ხალხით ავსილ კორინთის ქუჩებში და გულში იკლავდა თავის დიდსა და აუტანელ მწუხარებას.

ასე მწუხარედ იტანჯებოდა ეს ოდესღაც სახელოვანი გმირი, და არავის ფიქრადაც არ მოსდიოდა ერთხელაც მაინც ჩაეხედა მდუღარებით აღვსილ მის გულში და ოდნავ მაინც შეენელებინა ის დიდი ტკივილები, რომლებიც საბარალოს მძიმე ლოდივით აწვა.

დაღლილი, დავრდომილი გმირი ზოგჯერ პოსეიდონ ღმერთის სამლოცველოში შევიდოდა და მთელი საათობით თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა მის მიერ შეწირულ გემს.

საბრალო გმირი ამ დროს სიამოვნებით იგონებდა იმ ბედნიერ წუთებს, როცა იგი, ძლევამოსილი ელინთა გმირებით გარშემორტყმული, შორეული კოლხიდიდან ბრუნდებოდა და მშვენიერი მედეას სიყვარულით აღგზნებული ნეტარების ფიალას ეწაფებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ცხოველმყოფელი მზე კორინთის ქუჩებში გამვლელ-გამომვლელს საამურად ჰკბენდა, იაზონი პოსეიდონ ღმერთის სამლოცველოში ჩვეულებრივ შევიდა და მის მიერ შეწირულ გემისაგან იატაკზე გაწოლილ ჩრდილში მოიკალათა და თვალს არ აშორებდა ამ ნაამაგდარ გემს.

უკვე მოძველებულმა გემმა უეცრივ საშინლად იგრიალა და სამუდამოდ დაასამარა ელადის ოდესღაც სახელოვანი გმირი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ