მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 366 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მეფე ოიდიპოსის ტახტიდან სამარცხვინოდ გადადგომის შემდეგ, სანამ უფლისწულები - პოლინიკე და ეტეოკლე სრულწლოვანი გახდებოდნენ, თებეს სახელმწიფოს დროებით გამგებლობას შეუდგა დედოფალ იოკასტას ღვიძლი ძმა კრეონტი.

მეფე ოიდიპოსი, მას შემდეგ, რაც მთელ სამეფო ოჯახს უმაგალითო უბედურება თავს დაატყდა, შიშით სასახლიდან არ გამოდიოდა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს სასახლის დარბაზებში უმწეოდ და უნუგეშოდ ატარებდა.

მეფეს მარტოდმარტო მოგონება ოჯახური უბედურების შესახებ თავზარს სცემდა და დღითი დღე სიცოცხლეს უმწარებდა.

მართალია, შვილები პირველ ხანებში დიდის პატივისცემითა და ყურადღებით ეპყრობოდნენ მწუხარებაში ჩავარდნილ მამას, მაგრამ ოიდიპოსი მაინც უბედურად,  უმწეოდ თვლიდა თავის თავს და დღითი დღე მოუსვენრობა, ხასიათის სიანჩხლე და გულფიცხობა იპყრობდა მთელ მის არსებას.

სულ უბრალო უყურადღებობა და უმართებულო სიტყვა შვილების მხრით ოიდიპოსს გულს უსერავდა და, ისედაც ღმერთებისა და ადამიანებისაგან მოძულებულს, სევდას სევდაზე უმატებდა.

პოლინიკე და ეტეოკლე, ანტიგონე და ისმენე სულ იმას ცდილობდნენ, საბრალო მოხუცი მამა ენუგეშებინათ, მისი უსაზღვრო და აუტანელი მწუხარება მცირედად მაინც შეემსუბუქებინათ, მაგრამ საცოდავი ოიდიპოსის მწუხარება იმდენად უსაზღვრო, იმდენად შეუნელებელი იყო, რომ სულ უბრალო უსიამოვნო სიტყვას მეფე მოთმინებიდან გამოჰყავდა, იგი წონასწორობას ჰკარგავდა და ამ დროს არავის ინდობდა.

ერთხელ პოლინიკემ და ეტეოკლემ საგანძეულო დარბაზიდან გამოიტანეს მეფე კადმოსის კუთვნილი ვერცხლის მაგიდა და ოქროს თასი და საბრალო მამას წინ დაუდგეს იმ სრულის რწმენით, რომ ოიდიპოსი ამ მამაპაპეული განძეულის ხელის შეხებით მცირედად მაინც გაიხარებდა და ნასიამოვნები დარჩებოდა.

მაგრამ ოიდიპოსმა, როგორც კი გაიგო, რომ შვილებმა ხელი ახლეს მამაპაპათაგან დატოვებულ ძვირფას განძეულობას, ვერ მოითმინა შვილების ასეთი კადნიერება და ორივენი საშინლად დაწყევლა: „დეე, ყოვლიშემძლე ღმერთებმა არ მოგასწროთ ის დრო, როცა მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის განაწილების

თადარიგს შეუდგებით! დეე, თქვენს შორის მუდამ შუღლი და ბრძოლა არსებობდეს მამაპაპეული მემკვიდრეობის განაწილებისათვის! დეე, ყოვლისშემძლე ღმერთებმა მამის უპატივცემულობისათვის ღირსეულად დაგსაჯოთ! ვფიქრობ, ჩემი წყევლა-კრულვა ყველგან და მარადის თანა გსდევთ და მოსვენებას არ მოგცემთ, სანამ იგი თავის საბედისწერო შედეგს არ გამოიღებს!“

მეფე ოიდიპოსი ამ სამწუხარო ამბის შემდეგ ყოველთვის განცალკავებით სადილობდა. შვილები მოხუც მამას, როგორც ჯერ კიდევ სახლის მეთაურს, ყოველ სადილზე საპატიო ულუფას უგზავნიდნენ.

სამწუხაროდ, ერთხელ შვილებმა სრულიად შემთხვევით მამას სადილად შეუგზავნეს შედარებით უფრო მდარე კერძი.

ოიდიპოსი ცეცხლივით აენთო და მეტის სიბრაზისაგან ერთბაშად გადისროლა მაგიდიდან შვილების მიერ შემოგზავნილი კერძი და მრისხანედ წამოიძახა: „ვაგლახ, მე საბრალოვ! განა მოსათმენი და შესაწყნარებელია, რომ მე ამ დამცირებამდე მივაღწიე! ჩემმა შვილებმა განზრახ შემომიგზავნეს ასეთი ცუდი კერძი, ჩემთვის რომ შეურაცხყოფა მოეყენებინათ, დავემცირებინეთ!“

შვილებისაგან შეურაცხყოფილმა ოიდიპოსმა ცისაკენ ხელები აღაპყრო და ყოვლისშემძლე ზევსს მხურვალედ შეევედრა: „ოლიმპოს დიდო მბრძანებელო!

გევედრები, გემუდარები ყოვლადმოწყალეო დიდო ღმრთო, სასტიკი სასჯელი მოუვლინო შვილებს, რომლებმაც დაივიწყეს მოხუცი მამის ღირსეული პატივისცემა.

გთხოვ, ყოვლადმოწყალეო ღმერთო, ჩემს უღირს შვილებს მოუვლინო სამუდამო ტანჯვა და განსაცდელი როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოს სამფლობელოში! დეე, ჩემმა უღირსმა შვილებმა იცოდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთები სასტიკად სჯიან ყველას, ვინც კი უსამართლობას ჩაიდენს ცხოვრებაში!“

ყოვლისშემძლე ზევსმა შეისმინა შეურაცხყოფილი მამის ვედრება და ოიდიპოსის შვილების წინააღმდეგ აამხედრა შურისმაძიებელი ქალღმერთები ერინიები, რომლებიც ამიერიდან ცდილობდნენ მამის უხეშად შეურაცხყოფისათვის შვილების სასტიკად დასჯას. 

პოლინიკე და ეტეოკლე, მამის წყევლა და კრულვა რომ თავიდან აეცილებინათ, შეთანხმდნენ რიგრიგობით დაეჭირათ სამეფო ტახტი თებეს სახელმწიფოში.

მაგრამ სულ მოკლე ხანში ძმებს შორის ტახტის დაუფლებისათვის უთანხმოება ჩამოვარდა. ეტეოკლემ ძმის წინააღმდეგ ააჯანყა სახელმწიფოს მკვიდრნი, წაართვა პოლინიკეს სამეფო ტახტი და სახელმწიფო საზღვრებიდანაც განდევნა თავისი მეტოქე ძმა.

უფლებაახდილი პოლინიკე არგოსში გადასახლდა იმ აზრით, რომ არგოსის მეფის ადრასტეს დახმარებით სამეფო ტახტი დაებრუნებინა.

შუაღამე იქნებოდა, როცა პოლინიკემ მიაღწია ადრასტეს სამეფო სახლის კარებამდე. სასახლეში შესვლა ასე უდროო დროს მოუხერხებელი იყო. მეფესა და მის

სახლობას უკვე ეძინათ. ამიტომ პოლინიკემ გადაწყვიტა დილამდე ღამე გაეთენებინა სასახლის შესავლის წინაკარში.

სწორედ იმავე საღამოს და იმავე დროს მეფე ადრასტეს სასახლის კარებს მოადგა კალიდონის მეფის ოინევსის შვილი ტიდევსი, რომელიც იძულებული იყო ბიძის მკვლელობისათვის სამშობლო დაეტოვებინა და არგოსში თავშესაფარი მოეძებნა.

პოლინიკე და ტიდევსი სასახლის შესავალ კარებთან შეხვდნენ ერთმანეთს. უცნობნი ერთიმეორეს არ უთმობდნენ სასახლის წინაკარს ღამის გასათევად. სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთმანეთს სხვადასხვა მხარედან მოსული ყრმები.

მებრძოლთა ატეხილმა ხმაურობამ გამოაღვიძა მეფე ადრასტე, რომელიც დაუყოვნებლივ გამოვიდა სასახლიდან ამბის შესატყობად.

მეფე ადრასტეს ერთხელ მისანმა უწინასწარმეტყველა, რომ იგი თავის საყვარელ ასულებს მიათხოვებს ერთს - ლომს და მეორეს კი - გარეულ ღორსაო.

მეფეს ეს წინასწარმეტყველება გონებიდან არ შორდებოდა. ადრასტეს ვერ აეხსნა, როგორ უნდა გაეგო მისნის ეს ბუნდოვანი წინასწარმეტყველება.

მეფე ადრასტე, როცა ახალგაზრდა მებრძოლების ხმაურობაზე სახლიდან გამოვიდა და ერთი მებრძოლის ფარზე ლომისა და მეორე მებრძოლის ფარზე ღორის გამოხატულება შენიშნა, ახლა კი მიხვდა, რას ნიშნავდა მისნის წინასწარმეტყველება.

ადრასტემ დაუყოვნებლივ გააშველა მებრძოლი ახალგაზრდები და თავაზიანად მიიპატიჟა სასახლეში.

პოლინიკემ და ტიდევსმა გულახდილად მოახსენეს მეფე ადრასტეს თავისი თავგადასავალი და დახმარების აღმოჩენა თხოვეს.

არგოსის ძლევამოსილმა მეფემ თავისი საყვარელი ასული არგეა პოლინიკეს მიათხოვა, ხოლო დეიპილე - ტიდევსს და სამეფო ტახტის დაბრუნებისათვის სიძეებს დახმარება აღუთქვა. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ