ესქილე - „შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ“
ევრიპიდე - „ფინიკიელი ქალები"
უშიშარი და გაბედული მეფე ეტეოკლეს ბრძანებით ყველა მოქალაქე, მათ შორის მოხუცებულები და მცირეწლოვანებიც კი, იარაღით ხელში ბრძოლის ველზე უნდა გამოსულიყვნენ საერთო მტრის მოსაგერიებლად.
თებეს მთელი მხედრობა სასახლის ფართო მოედანზე შეიკრიბა და მეფის ბრძანებას ელოდა, რომ მტერს მედგრად შებრძოლებოდა, და ამრიგად სამშობლო ქალაქი განსაცდელს გადაერჩინა.
ჯარის გასაცილებლად მოედანზე შეიკრიბნენ მეომრების დედები, ცოლები და შვილები და საცოდავი ტირილითა და გოდებით მთელ არემარეს აყრუებდნენ.
საომრად გამზადებული ჯარისკაცების საბრალო განწყობილება ტირილითა და ვაებით რომ არ შეშფოთებულიყო, წინდახედულმა მეფემ მეომრების დედები და ცოლები საყვედურით თავთავის სახლში გაისტუმრა.
როცა მხედრობა უკვე მზად იყო ომისათვის, მეფე ეტეოკლემ ღმერთებს მსხვერპლი შესწირა და ამავე დროს ყოვლად მოწყალე ღმერთებს აღუთქვა, რომ თუ ომი საკეთილოდ დამთავრდებოდა, იგი სამღვთო ჰეკატომბას (ასი ხარის მსხვერპლად შეწირვა) შეწირავს მსხვერპლად.
თებეს ძლევამოსილმა მხედრობამ ის იყო მსხვერპლის შეწირვა დაასრულა და ბრძოლა უნდა გაეჩაღებინა, მაგრამ მეფე ეტეოკლემ საჭიროდ დაინახა ხელმეორედ გაეგზავნა მოწინააღმდეგეთა ბანაკში მზვერევი, რომ დანამდვილებით გაეგო მტრის ჯარის სულიერი განწყობილება და ომისათვის მზადყოფნა.
როცა მზვერავი დაბრუნდა მტრის ბანაკიდან, შემდეგი მოახსენა მეფე ეტეოკლეს და მის ძლევამოსილ მხედრობას.
„დიდებულო მეფეო და ძლევამოსილო მხედრობავ!“ - ასე დაიწყო თავისი მოხსენება მტრის ბანაკიდან დაბრუნებულმა მზვერავმა: „ყველაფერი, რაც მე ამჟამად უნდა მოგახსენოთ, ჩემი საკუთარი თვალითა და ყურთასმენითაა დანამდვილებით შემოწმებული.
მტრის მეომერთა სულიერი განწყობილება მეტად თვალსაჩინო და საგულისხმოა. ყველანი მოუთმენლად მოელიან იმ წუთს, როცა ომის ქარცეცხლს დაატრიალებენ და თებეს მიუვალ კედლებზე იერიშს იერიშზე მოიტანენ.
სარდლები მუდამ წუთს ჯარის რაზმებთა შორის ტრიალებენ და ჯარისკაცებს საბრძოლველად ამხედრებენ, ახალისებენ.
პრეტის კარიბჭეს მახლობლად დაბანაკებულია მამაცი და შეუბრალებელი ტიდევსის ლაშქარი და ჩვენ დედაქალაქს ამ მხრით დიდ საფრთხეს უმზადებს.
ძლევამოსილი ტიდევსი უკვე მზად იყო გადმოელახა მდინარე ისმენი, მაგრამ მამაცი გმირის განზრახვას წინ აღუდგა ყოვლად გულთამხილავი ამფიარაე და ნება მისცა მდინარე გადმოელახა.
ტიდევსი მეტად აღაშფოთა ბრძენი გულთამხილავის გაფრთხილებამ და გაჯავრებისას მხდალობაც კი დასწამა გმირ გულთამხილავს.
ტიდევსმა სიბრაზისაგან სამჯერ შეარხია თავისი ხშირბალნიანი მუზარადი და ჟღარუნა ფარი.
ძლევამოსილი გმირის ფარზე გამოხატულია ღამის პირქუში ცის თაღი, რომელზეც კაშკაშებენ სრული მთვარე და მოციმციმე ვარსკვლავები. ფიცხი ცხენივით დგას გმირი მდინარის ნაპირას და მტერზე გალაშქრებას დაჟინებით მოითხოვს“.
ეტეოკლემ თებეს ჯარისკაცთა გასაგონად მზვერავს ასე უპასუხა: „ტიდევსის მძიმედ შეიარაღება სრულიად არ მაშინებს! ჩვენთვის საშიში არ არის გმირის მუზარადის ჯიღი და ფარის ჟღარუნა ზანზალაკები.
ღამე, რომელიც ტიდევსის ფარზეა გამოხატული, შესაძლებელია, თვით ფარის პატრონს უქადის სამუდამო ღამეს.
დეე, ამაყი ტიდევსის მოწინააღმდეგეთ გაიგზავნოს ასტაკის დიდებული შვილი მელანიპე, რომელიც სამხედრო საქმეებში მეტად დახელოვნებულია და მტრის ამაყ სიტყვებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.
სპარტის დიდებულო შთამომავალო, გაილაშქრე თავხედი და ამაყი ტიდევსის წინააღმდეგ და დაიცავი შენი სამშობლო ქალაქი მტრის შემოსევისაგან!“
ასე დაამთავრა სიტყვა ძლევამოსილმა ეტეოკლემ და მხედრობამ ერთხმად მოიწონა მეფის წინადადება.
„ელექტრას კარიბჭეზე იერიშის მოტანა, - განაგრძო მზვერავმა, - წილად ხვდა გონიერ გმირს კაპანევსს. „ ღმერთები მომიწონებენ თუ არა, ეს ჩემთვის სულ ერთია“, ამაყად დაიკვეხნა კაპანევსმა: „მე მიწასთან გავასწორებ მთელ სატახტო ქალაქს! ყოვლისშემძლე ზევსის მრისხანებას ყურადღებასაც არ მივაქცევ! მე სრულიადაც არ მეშინია ოლიმპოს მბრძანებლის მეხისა და ჭექა-ქუხილისა!“
კაპანევსის ფარზე გამოხატულია ტანშიშველი მეომარი, ჩირაღდნით ხელში. მეომრის ქვემოთ ასეთი წარწერაა: „ქალაქს ამოვბუგავ“.
მეფე ეტეოკლემ დამშვიდებული კილოთი უპასუხა მზვერავს: „ვინც ასე ამაყობს, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთებს ასე გმობს, ასე უპატივცემულოდ ეპყრობა, ოლიმპოს მბრძანებელი სასტიკად დასჯის. ღრმად დარწმუნებული ვარ, ღმერთების მამამთავარი დიდი ზევსი მეხსა და ქარიშხალს მოუვლენს ამაყ გმირს და სამუდამოდ სიცოცხელს მოუსპობს ღმერთების ასე უხეშად გმობისა და შეურაცხყოფისათვის. ამაყი კაპანევსის მოწინააღმდეგედ ვნიშნავ ძლევამოსილ გმირს პოლიფონტს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირსეული გმირი სასახელოდ დაიცავს სამშობლო ქალაქს ყოვლისშემძლე ღმერთების დახმარებით“.
ძლევამოსილი პოლიფონტი ენაშემოუბრუნებლად დაემორჩილა მეფის ბრძანებას და თავისი ლაშქრით გაემართა ქალაქის ელექტრას კარიბჭისაკენ.
„ნეიტის კარიბჭესთან, - განაგრძო მზვერავმა, - დაბანაკებულია თავისი ლაშქრით ძლევამოსილი ეტეოკლე - შვილი იფისისა. ამ დიდებული გმირის ცხენები თავშეუკავებლივ ჩვენსკენ მოისწრაფვიან. ეტეოკლეს ფარზე გამოხატულია მეომარი, რომელიც სასწრაფოდ ადის მტრის კოშკზე. ამ მეომრის ქვემოთ წარწერაა: „კოშკიდან თვით ღმერთი არესიც კი ვერ ჩამომაგდებსო“.
ამ გმირის მოწინააღმდეგედ მეფე ეტეოკლემ კრეონტის ვაჟიშვილი მეგარევსი დანიშნა.
„ონკეას პალასის კარიბჭეზე იერიშის მოსატანად, - განაგრძობს მზვერავი, - არგოსელთა მხედრობამ დანიშნა გოლიათი ტანის გმირი ჰიპომედონტი. ამ გმირის ფარზე გამოხატულია ტიფონი, რომლის ცეცხლისმფრქვეველ პირიდან ამოხეთქავს შავი კვამლი. ფარის კუთხეებს გარს ევლებიან საშინელი გველები. საბრძოლველი ყიჟინით მოუძღვის ლაშქარს ჰიპომედონტი და ბრძოლის დაწყების სურვილით გატაცებული შიშის ზარს სცემს მთელ არემარეს“.
მეფე ეტეოკლემ უპასუხა მზვერავს: „იმედი მაქვს თებეს მცველი ქალღმერთი ათენა შემწეობას აღმოგვიჩენს. ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქის ყოვლადმოწყალე დამცველი ქალრმერთი დახმარებას არ მოგვაკლებს ჩვენი საყვარელი ქალაქის განსაცდელისაგან გადასარჩენად. ამაყი ჰიპომედონტის წინააღმდეგ ლაშქრის სარდლად ვნიშნავ ენოპსის დიდებულ შვილს ჰიპერბის, რომელიც ჰიპომედონტს მამაცობით არ ჩამოუვარდება. დარწმუნებული ვარ, ძლევამოსილი ჰიპერბი ბასრი ხმლით შეუბრალებლად განგმირავს ამაყ ჰიპომედონტს და ამრიგად გამარჯვებას ქალაქის ამ კარიბჭესთან უდაოდ ჩვენ გვარგუნებს“.
ჰიპერბი ენაშემოუბრუნებლად თავისი ლაშქრით გაემართა ონკეას პალასის კარიბჭესაკენ მტრის საწინააღმდეგოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის გასაჩაღებლად.
„ბორეათა კარიბჭეს მახლობლად, - განაგრძო მზვერავმა, - თავისი მძლავრი ლაშქრით დაბანაკებულია პართენოპე არკადიელი, რომელიც წლოვანებით თუმცა ახალგაზრდაა, მაგრამ გაბედულობით და იშვიათი სიმამაცით მთელ სახელმწიფოში, კიდითი კიდემდე, სახელგანთქმულია.
ახალგაზრდა გმირი უშიშრად მოიწევს თებეს სიმაგრეებისაკენ და ფიცსა სდებს, რომ ყოველ ეჭვს გარეშე მიწასთან გაასწორებს, ერთიანად გაანადგურებს თებეს სახელმწიფოს სატახტო ქალაქს. „ყოვლისშემძლე ზევსმა კიდევაც რომ მოისურვოს, ამ ჩემს შეურყეველ გადწყვეტილებას ვერასგზით ვერ შემაცვლევინებსო“, - ამბობს იგი. პართენოპეს ფარზე გამოხატულია სფინქსი, რომელიც თებელ ვაჟკაცს სიცოცხლეს ასალმებს“.
ამაყი ჭაბუკის წინააღმდეგ მეფე ეტეოკლემ დანიშნა ჰიპერბის ძმა ძლევამოსილი არკტევსი, რომელიც მთელ სახელმწიფოში განთქმული იყო თავისი იშვიათი სიმამაცითა და შეუდარებელი გულადობით.
„მეექვსე ჰომოლოას კარიბჭესთან დაბანაკებულია, - განაგრძო მზვერავმა, - არგოსელების მხედრობის უკეთილშობილესი, დიდად გაბედული და მამაცი სარდალი ამფიარაე, რომელიც მეტად უკმაყოფილოა თავისი თანამემამულეების ასე უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ თებეს წინააღმდეგ გალაშქრებით.
უკეთილშობილესი გმირი სარდალი სრულებითაც არ ჰფარავს თავის გულისტკივილს და ხმამაღლა, სრულიად მოურიდებლად კიცხავს ტიდევსს, რომელსაც საჯაროდ კაცისმკვლელს უწოდებს, ერინიების ყურმოჭრილ მსახურს, არგოსის გამანადგურებელსა და დამღუპველს.
„მეფე ადრასტე ამ საბედისწერო ომს სრულიადაც არ დაიწყებდა, რომ შენ არ წაგექეზებინა და ერთგვარად არ დაგეიმედებინაო,“ - საჯაროდ უსაყვედურებდა უკეთილშობილესი გმირი ამფიარაე უსირცხვილო და თავხედ ტიდევსს.
შემდეგ ამფიარაე მიუბრუნდა პოლინიკეს და მწუხარედ მოახსენა: „აბა, პოლინიკე, კარგად ჩაუფიქრდი, რასა სჩადიხარ! ნუთუ გგონია, რომ თებეს მომავალი თაობა შენ სახელს ოდესმე კეთილად მოიხსენიებს! აბა, ვინ მოგიწონებს, რომ შენ უცხოელი ჯარით თავს ესხმი სამშობლო მხარეს, სულითა და გულით მოწადინებული ხარ სამშობლო ქალაქი მიწასთან გაასწორო, ღმერთების პატივსაცემად აგებული ტაძრები გაანადგურო, შენი ღვიძლი თანამემამულეები ამოჟლიტო და ამრიგად მთელი სახელმწიფო დააობლო, დაღუპვის კარს მიიყვანო!
შენ მოწადინებული ხარ განადგურებული სამშობლოს მიწა-წყალი მეომართა საბრალო დედების, საბრალო ცოლებისა და ობლების ცხარე ცრემლებით მორწყო!
ნუთუ ფიქრობ, შენ ოდესმე განიწმენდ სისხლში ამოსვრილ ხელებს, იმ სისხლში, რომლითაც შენ გსურს მორწყა ძლევამოსილი თებეს მიდამოები და ყველგან, სადაც კი ხელი მიგიწვდება, ამ სისხლის ღვარები დააყენო!
როგორ გგონია, ნუთუ შენ მიერ განადგურებული სამშობლო გულწრფელად მიგიღებს და თავის ღირსეულ შვილად ჩაგვთლის?
ამ კითხვაზე ორგვარი პქსუხის მოცემა ყოვლად შეუძლებელია. შენ ღირსეულად დაიმსახურებ ხალხის გულის სიღრმიდან ამონახეთქ უსაზღვრო ზიზღსა და სიძულვილს!
სამშობლოს ღალატს ხალხი არავის აპატიებს და, ადრე თუ გვიან, სამაგიერო სასჯელს მთელი თავისი სისასტიკით სამართლიანად მიუზღავს. ჩემი მომავალი ბედისწერა წინასწარ გათვალისწინებული მაქვს. ჩემ ძვლებს ამ საბედისწერო ომში დავტოვებ! მიუხედავად ასეთი წინაგრძნობისა, მე გაბედულად ვიბრძოლებ და როცა ჩემი ბედისწერა სიცოცხლეს გამომასალმებს, სხვებსავით დამძიმებული სინდისით მაინც არ ჩავალ სამარეში“.
ასე იწინასწარმეტყველა უკეთილშობილესმა ამფიარაემ და რამდენჯერმე თავისი საბრძოლველი სპილენძის ფარი მწუხარედ შეარხია. მსგავსად სხვა სარდლებისა უკეთილშობილეს გმირის ამფიარაეს ფარს არ ამშვენებს არც თვალსაჩინო ნიშანი და არც მყვირალა წარწერა. გმირი ცდილობს თავი მამაცად კი არ მოაჩვენოს, არამედ საქმით დაამტკიცოს თავისი მამაცობა და კეთილშობილება“.
მეფე ეტეოკლემ, როცა მზვერავის ეს სიტყვები მოისმინა, მწუხარედ წამოიძახა: „ოჰ, ბედისწერავ! ბედისწერავ! რად შეაერთე ამ ალალ-მართალი კეთილშობილი ადამიანის ბედი სხვა მოკვდავ ბოროტი ადამიანების ბედისწერასთან!
ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული გმირი ჩვენი ქალაქის კედლებს არ შემუსრავს, არა იმიტომ, რომ სიმამაცე და გამბედაობა აკლდეს, არა იმიტომ რომ შიშსა გრძნობდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს საბედისწერო ომი უსამართლოდ, უსაფუძვლოდაა არგოსელების მიერ დაწყებული. ამ კეთილშობილი გმირის წინააღმდეგ ვნიშნავ მამაც ლასთენს, აღჭურვილს ჭაბუკის ძალ-ღონითა და მოხუცის ჭკუა-გონებით“.
სარდალი დაუყოვნებლივ დანიშნულ ადგილისაკენ გაემართა.
„მეშვიდე კარიბჭესთან, - განაგრძო მზვერავმა, - დაბანაკებულია პოლინიკე თავისი ლაშქრით. როგორი უშვერი, უწმაწური სიტყვებით იხსენიებს იგი თავის სამშობლო ქალაქს! ამაყი სარდალი მოწადინებულია ავიდეს ქალაქის სიმაგრეების თავზე და თავისი თავი თებეს კანონიერ მეფედ გამოაცხადოს! თავხედი სარდალი ლამობს პირისპირ შეგხვდეს, გამოცადოს თავისი ძალ-ღონე, სიცოცხლეს გამოგასალმოს, ანდა შენთან ერთად სამუდამოდ სიცოცხლეს გამოესალმოს. თუ ცოცხალი გადარჩებით, სამაგიერო გადაგიხადოს და სამარცხვინოდ გაგაძევოს სახელმწიფოს საზღვრებიდან.
პოლინიკე გულმხურვალედ თხოვს ყოვლისშემძლე ღმერთებს შეისმინონ ვედრება და სამართლიანი მსჯავრი დასდონ.
პოლინიკეს ფარზე გამოხატულია ქალრმერთი დიკე, რომელსაც მიყავს შეიარაღებული ჯარისკაცი. ჯარისკაცის ქვემოთ წარწერაა: „მე დავაბრუნებ ამ ჯარისკაცს სამშობლოში. იგი დაეუფლება სამშობლო სახლსა და სამშობლო ქალაქს“.
მეფე ეტეოკლემ, როგორც კი მოისმინა მზვერავის მიერ მოტანილი ამბავი პოლინიკეს სულისკვეთების შესახებ, საბოლოოდ გადაწყვიტა, მოღალატე ძმას ბრძოლის ველზე პირადად თვითონ შებრძოლებოდა და სამაგიერო გადაეხადა.
„დეე! - მრისხანედ წამოიძახა მეფე ეტეოკლემ: - დროა აღსრულდეს ჩემს თავზე მამაჩემის, მეფე ოიდიპოსის, კრულვა-შეჩვენება! დაუყოვნებლივ მომიტანეთ ჩემი საიმედო მშვილდ-ისარი და მომგვარეთ ფეხმალი ცხენებით შებმული ჩემი სამხედრო ეტლი! დეე, ღვიძლი ძმა შეებრძოლოს ღვიძლ ძმას, ისე, როგორც მოსისხლე მტერი მოსისხლე მტერს! თუ კი ყოვლისშემძლე ღმერთები ინებებენ, დეე მეფე ლაოსის მთელი გვარეულობა ჩავიდეს საიქიოს სამეფოში თავის წინაპართა ცოდვების მოსანანიებლად!
თვალწინ უკვე მიდგას შურისმაძიებელი ბოროტი ქალღმერთი ერინი, რომელიც გარკვევით ყურებში ჩამძახის: „მართალია გამარჯვებით კი დასტკბები, მაგრამ შემდეგ სიცოცხლეს მაინც გამოესალმები“.
ყოვლისშემძლე ღმერთებმა დიდი ხანია, რაც დამივიწყეს და ვგონებ სრულიადაც არ ვაგონდები! ვფიქრობ, ბრძოლის ველზე ჩემი სიკვდილი ოლიმპოს მბრძანებელს სასურველ მსხვერპლად შეეწირება.
„ბედისწერას დიდი ხანია ჩემთვის დაწესებული აქვს სიკვდილი და ჩემის მხრით დიდი სულმოკლეობა იქნებოდა პატიებისათვის ცისაკენ ხელები აღმეპყრო!“
ამ სიტყვების შემდეგ მეფე ეტეოკლე, მძიმედ შეიარაღებული, ჩაჯდა საბრძოლო ეტლში და თავისი ძლევამოსილი ლაშქრით სასწრაფოდ გაემართა მეშვიდე კარიბჭესაკენ იმ სრულის რწმენით, რომ თავხედ, მოღალატე ძმას სიცოცხლეს მოუსპობდა და, თუ ყოვლისშემძლე ღმერთები მოისურვებდნენ, თვითონაც თავის თავს მსხვერპლად შეწირავდა ქალაქის კეთილდღეობისათვის.
თებელი დედები და ცოლები, როგორც კი საყვარელი მეფე ეტეოკლე ძლევამოსილი ლაშქარით კარიბჭესაკენ მიმავალი დაინახეს, ტირილითა და ვაებით თმებს იშლიდნენ და პირისახეს იკაწრავდნენ.
სბრალო ქალების გულამოსკვნითი ქვითინი და ვაება მთელ ქალაქს, კიდითი კიდემდე, აყრუებდა და ყველას ცხარე ცრემლებს გვრიდა.
„ვაგლახ ჩვენ! - გულამოსკვნით მოსთქვამდნენ საბრალო ქალები, - ჭეშმარიტად რაღაც საშინელება უნდა დატრიალდეს ჩვენ თავზე! ვხედავთ, როგორ თანდათან გვიახლოვდება ყველგან ყველაფრის გამანადგურებელი შურისმაძიებელი ქალღმერთი ერინი! შიშის ზარს გვგვრის მისი მოახლოება, ვცახცახებთ მისი შიშით, როცა ამ ბოროტი ქალღმერთის ბოროტი ხმა გარკვევით ყურში გვეწვეთება!
დიახ, მოისწრაფვის ეს საზარელი ქალღმერთი, რომ თავისი სისხლიანი საქმე სისრულეში მოიყვანოს, ღვიძლი ძმები, თუმცა ამჟამად ერთმანეთის მოწინააღმდეგენი, დაღუპოს, სიცოცხლეს გამოასალმოს და ჩვენი საყვარელი დედაქალაქი, ჩვენი სამშობლო თებე დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს!“
დიახ, თავის დასაღუპავად მიისწრაფვიან ბრძოლის ველზე ოიდიპოსის უკვე დავაჟკაცებული შვილები! ამ საბედისწერო ბრძოლას ოიდიპოსის მემკვიდრეების მახვილი ჯავარდენი გადაწყვეტს!
მამაპაპისეულ სამკვიდრებელს პოლინიკესა და ეტეოკლეს შორის იგივე ჯავარდენი გაანაწილებს და თითოეულს მიუზომავს მტკაველ მიწას სამარის გასათხრელად და დასასაფლავებლად.
აი, როცა ღვიძლი ძმები ერთმანეთს პირისპირ შეებრძოლებიან, როცა ღვიძლი ძმა ღვიძლი ძმის სისხლს დაღვრის, როცა ღვიძლი ძმების უსულო გვამები შავი სისხლით შეიღებება, ვინღა განბანს საცოდავებს? ჭეშმარიტად, საბრალო და საცოდავი გვარეულობისაგან მომდინარეობენ ეს ჯერ კიდევ გაუხარებელი, ჯერ კიდევ ცხოვრების სიტკბოებას მოუსწრებელი ახალგაზრდები!
ამ ჭაბუკთა გვარეულობის წარსულ უბედურებას განა ეს ახალი უბედურება თან უნდა დართოდა?!
მეფე ეტეოკლესა და პოლინიკეს წინაპრებმა დიდი ხანია, რაც ღირსეული სასჯელი მიიღეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, მაგრამ რა შუაშია მეფე ლაოსის შვილიშვილები!
მართალია, მეფე ოიდიპოსმა თავის ორივე ღვიძლ შვილს, ეტეოკლეს და პოლინიკეს, წყევლა-კრულვა მოუვლინა, მაგრამ საბრალო მეფემ ეს ხომ მეტად აღელვებისა და გაჯავრების დროს ჩაიდინა!
განა სიფიცხისა და სიბრაზის დროს წარმოთქმულ წყევლა-კრულვას ანგარიში უნდა გაეწიოს?!.
მაგრამ, ჩანს ასეთი ყოფილა საბრალო ძმების მწარე ბედი!